არჩევნები
იერსახე
| არჩევნები ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ნათელი დღე, სავსე გზნებით,
მზე, ყველასთვის ასე მუქთი;
დროშებით და ყვავილებით
შემოსილა აგიტპუნქტი.
თოვლი გადნა. იღვიძებს ტყე. დილა ფართოდ აღებს კარებს, რომლისკენაც მზიანი დღე ამომრჩევლებს მიაჩქარებს.
ჩვენ ვამაყობთ ამ კარებით: ხან ისე სწევს და ხან ასე, იქ ცოლ-ქმარიც მიიჩქარის: რიფსიმე და ათანასე.
არჩევნების გზა წყნარია, თითქო ვარდისუბანია. ათანასეს უხარია - ცოლი რომ ჰყავს მსუქანია.
რიფსიმეს არ გაეკაროთ, თუ გაბრაზდა ათანასე, აფეთქდება და გახდება უარესი სატანაზე.
ეხლა კი ის, როგორც ბეცი შედგა - სადაც შარის სიგრძე წარწერაა: „აირჩიეთ ჯიბლაძე და ლეონიძე“.
სული სულს სცნობს, ღონეს ღონე. ასე არის ქვეყანაზე. ჯიბლაძეს - ხმას აძლევს რიფსო, ლეონიძეს - ათანასე.
და გათავდა.. მახლობლადაც კვლავ ვაშლების დუქანია... ათანასეს უხარია ცოლი რომ ჰყავს მსუქანია!