შინაარსზე გადასვლა

გეტისბურგის მიმართვა

გვერდიდან ვიკიწყარო
გეტისბურგის მიმართვა
Gettysburg Address

ავტორი: აბრაამ ლინკოლნი
გიგი ბრეგაძის თარგმანი


ოთხმეოცდაშჳდი წლის წინ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე ახალი, თავისუფალი ერის შექმნას ჩაუყარეს საფუძველი, ერთგულს ნორმისა, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი.

ჩვენ ახლა დიდ სამოქალაქო ომში ვართ ჩაბმული, რომელიც ცდის ჩვენს, ან ნებისმიერი სხვა თავისუფალი და თავდადებული ერის გაძლებას და მოთმინებას. ჩვენ შევიკრიბეთ ამ დიდი ომის ბრძოლის ველზე. ჩვენ მოვედით, რომ ვუძვღნვათ ეს ადგილი, როგორც სამარადისო განსასვენებელი, მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ამ ერის გადარჩენას. და ასე მოქცევა ჩვენ სამუდამოდ გვმართებს და გვეგების.

მაგრამ, უფრო ფართო გაგებით, ჩვენ ვერ ვუერთგულებთ-ვერ ვაკურთხებთ-ვერ ვაცხონებთ-ამ მიწას. იმ მამაცმა ხალხმა, ცოცხალმა თუ აღსრულებულმა, ვინც აქ იბრძოდა, უკვე აკურთხეს იგი, და აქ რამის დამატება ან მოკლება ჩვენს უმწეო ძალებს აღემატება. მსოფლიო დიდად ვერ შენიშნავს ან დაიხსომებს აქ წარმოთქმულ ჩვენ სიტყვებს, მაგრამ ის ვერასდროს დაივიწყებს მათ ბრძოლას და გმირობას. სწორედ ჩვენ, ცოცხლებმა უნდა ვუერთგულოთ მათ დაუმთავრებელ კეთილშობილურ წამოწყებას. სწორედ ჩვენ, ცოცხლებმა უნდა ვუძღვნათ თავი დიად საწადელს-რომ ამ ღირსეული მიცვალებულებისგან აღვივსოთ მეტი თავდადებით იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მათ თავი გადადეს-რომ მტკიცედ გვწამდეს, ვინც თავი შესწირა, არ დაღუპულა ამაოდ-რომ ამ ერმა, ღვთის წინაშე, უნდა შვას ახალი თავისუფლება-და რომ ხელისუფლება ხალხის, ხალხისმიერი, და ხალხისთვის, არ აღიგვება პირისაგან მიწისა.

გიგი ბრეგაძის თარგმანი