ეკონომიკური წარმატება და ეროვნება
ეკონომიკური წარმატება და ეროვნება ავტორი: ნოე ჟორდანია |
1894 წელი |
I
[რედაქტირება]ისტორია განვითარებული ადამიანისთვის ტრაგედიაა, განუვითარებლისთვის კი კომედიაო, – ამბობს ბრძენი. მართლაც თუ ღრმად დავუკვირდებით ისტორიულ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ სამწუხარო და კაცის დამამცირებელი მოვლენანი ბევრი და მრავალგვარია. ხშირად ერთი ბიჯი რომ წინ გადადგმულა კაცობრიობის საბედნიეროდ, ათი და ოცი უკან და გვერდზე გადახვეულა. ცხოვრება დაუდგრომელ დუღილშია, მუდამ ღელავს და ირყევა, ის წააგავს იმ გრძნობიერ სასწორს, რომელიც მცირე ნიავისგანაც კი მოძრაობაში მოდის და ხან ერთ მხარისაკენ გადაიხრება, ხან მეორესაკენ. ცხოვრებამ არ იცის არჩეული პირები: ვინც დღეს ფეხზე წამოყენებული და წელში გამაგრებულია, ვინც ცხოვრების ავან-ჩავანი იცის და მით ხეირიანად სარგებლობს, ის ხვალ, თავდაყირა გადატრიალებული, უცებ ვარდება უბედურების მორევში და ეს, ერთხელ სახელოვანი ამა სოფლისა, ცხოვრების უფსკრულში სამუდამოდ ინთქმება. ასევე ხდება მთელის ერის ცხოვრებაში: წინსვლა ერთის ერისა, ჩამორჩენა მეორისა, ერთ წერტილზედ შეჩერება მესამისა, სრულიად ამოჟლეტა და განადგურება მეოთხისა, გადაშენება მეხუთისა, რევოლუციები, კრიზისები და სხვ. და სხ. – აი რა შეადგენს საერთოდ ისტორიას, ამნაირად ცხოვრება ზოგს ანიჭებს სიხარულს და სიამოვნებას, ზოგს კი – ცრემლთა დენასა და დამწუხრებას, ... და აჯილდოვებს ერთს, სასტიკად სჯის და დევნის მეორეს.
რა ამოძრავებს ისტორიას? ვის უჭირავს ამ მოძრაობის ჩარხის ტარი? რაში მდგომარეობს დედა-ძარღვი? ერთის სიტყვით რა მოქმედებს ისტორიაში? აქ მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება: ადამიანი და მისი ინტერესები – აი სად არის მოგროვილი და გამონასკული ცხოვრების ძაფები, მისი ძალა თუ უძლურება, სიკეთე თუ ბოროტება, თუ რამე მოძრაობს ცხოვრებაში, ამ მოძრაობის ჩარხს უსათუოდ ადამიანი აბრუნებს; თუ ცხოვრება სადმე დუღს ან შიშინებს, ამ შიშინის ხმაურობა მხოლოდ ადამიანში იხატება. ერთის სიტყვით, ცხოვრების ბურჯი, ისტორიის შემოქმედი – ადამიანია. მაგრამ ამით კიდევ არ ირკვევა, ისტორიაში ადამიანები ცალკ-ცალკე იღებენ მონაწილეობას, თუ ჯგუფ-ჯგუფად. შეიძლება ცხოვრებაში მოხნენ იმისთანა მოვლენანი, რომელიც მხოლოდ ერთის ადამიანის ინტერესს ეხებოდნენ? არა, არ შეიძლება. საზოგადოებრივი ურთიერთობა იმდენად რთული და განვითარებულია, რომ ყოვლად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ პიროვნება სხვისაგან დამოუკიდებლად. ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველიაო, – ამბობენ მეცნიერნი. ამისათვის ის მუდამ საზოგადოებაში ცხოვრობს; ის, საზოგადოებასთან ერთად, ერთ ისტორიულ უღელში არის შებმული, ერთად იბრძვის, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინშია გამოტარებული. მაშასადამე, ისტორიის შემოქმედი არის არა პიროვნება, არამედ პიროვნებათა გუნდი.
ახლა ვიკითხოთ, რა აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანებს არსებობისთვის ბრძოლის დროს? უეჭველია, საერთო ინტერესები. ავიღოთ, მაგალითად, ოჯახი, ეს ელემენტარული ტიპი საზოგადოებისა. ოჯახის ყველა წევრი დღე-მუდამ იმის ფიქრსა და ზრუნვაშია, თუ როგორ წასწიოს წინ, როგორ დააყენოს ფეხზედ თავის ოჯახი. ის დაუღალავად იბრძვის, შრომობს, წელებზედ ფეხს იდგამს მხოლოდ იმისათვის, რომ ოჯახი განკარგოს, რიგიანად მოაწყოს და მით თვითონაც ისიამოვნოს, ამნაირად, აქ საერთო ინტერესები ამოქმედებენ ერთად ოჯახის წევრთ, ესენი ერთი და იმავე ოჯახის უღელს ეწევიან, – შესდგა ამხანაგობა რაიმე საქმის საწარმოებლად, რა ამოქმედებს ამ ამხანაგობის წევრთ? იგივე საერთო ინტერესები: სარგებლობა, რასაც თვითოეული მათგანი მოელის საქმის რიგიანად დაგვირგვინებისგან, ესენი ერთად ეწევიან ამხანაგობის უღელს, – ასტყდა ომი! ომი სისხლის ღვრა, უბედურებაა, დამნთქმელი კაცის სიცოცხლისა, მისი ღვაწლის და მონაგარისა, თუმცა ეს ასეა, მაგრამ რა რიგ მედიდურ სანახაობას წარმოადგენს ხოლმე ის სურათი, როცა თავგანწირული ერი აზღვავებულა, ამხედრებულა თავისი ვინაობის და ღირსების დასაცველად. რა ავიწყებს იმათ სიკვდილის მეხს და სიცოცხლის სიტკბოებას? რა აერთებთ ასე მჭიდროთ მხედართ? ცხადია ერში სუფევს რაიმე იდუმალი მიმზიდველობა, მიმალული კავშირი, რომლის გამოაშკარავებისთვის საჭიროა მცირე შემთხვევა, რათა დაძინებულმა ერთსულობამ იფეთქოს და თავისი ძლიერი ფრთა გაშალოს, ამ ნიადაგზედ არის აღმოცენებული და შეგნებული ის საერთო ინტერესები, რომლის ძალითაც ადამიანთა კრებული ერთად მოღვაწეობს, ერთად იბრძვის თვითმართველობისათვის.
რა ასაზრდოებს და აღონიერებს ამ ნიადაგს? რა ჰქმნის მას? სად იმა ლება ის სათავე, რომელიც დაქსაქსულ გუნდს ადამიანებისას აერთიანებს და გამოჰყავს იგი ისტორიულ ასპარეზზედ? ამბობენ ეს სათავე გვარ-ტომობააო, ერს, ერთის სისხლის მქონეს, ერთის წინაპრის ჩამომავალს, მიდრეკილება აქვს ყოველთვის ერთად იცხოვროსო, მაგრამ, თუ ისტორიას დავაკვირდებით, ცხადად დავინახავთ, რომ საგვარტომო, მიდრეკილება იმდენად მძლავრი არ არის, რომ თავისთავად აწარმოოს მძიმე ცვლილება ცხოვრებაში, მარტო საგვარტომო მიდრეკილების ძალით ორი რომელიმე ტომის ნაწილი არ შეერთებულა ერთად და ერთი სამეფო არ დარღვეულა ორად. მაგალითად, ჰოლანდიას და ავსტრიას არავითარი მიდრეკილება არ აქვთ შეუერთდნენ გერმანიას, არც შვეიცარიის ფრანგებს მისწევთ გული საფრანგეთისკენ და იტალიელებს – იტალიისკენ. სლავიანთა ერები ერთი გვარტომისანი არიან, მაგრამ ისტორიამ არ იცის მათი ერთად, ერთ წესწყობილების ქვეშ ცხოვრება; არც პორტუგალია შეერთებია ისპანიას, ზოგი ამბობს ენა არის დედაბოძი, რომელზედაც აშენებულა ერის ერთობაო, ერთსა და იმავე ენაზე მოლაპარაკე ერთმანეთს უახლოვდებიან საერთო ცხოვრებისათვის, მართალია ენას დიდი ალაგი უჭირავს ერის ცხოვრებაში, ენა არის უპირველესი ნიშანი ეროვნებისა, ამით შეგვიძლიან განვსაზღვროთ, რომელი ხალხი რომელ ერს ეკუთვნის, მაგრამ ენა მაინც ვერ წარმოადგენს ამ ძლიერ ძალას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთ ენაზედ მოლაპარაკე ორი ხალხი შეერთდეს და ერთად იცხოვროს, ენა არის მხოლოდ საშუალება სალიტერატურო და საზოგადოებრივი ერთობისა და არა თვითონ ერთობა, ის იარაღია ცხოვრებაში და არა თვითონ ცხოვრება. უმრავლესობას ყველგან ერთი და იგივე ჭირი აწუხებს, ყველგან ყველანი ცდილობენ გამოვიდნენ ამ მწუხარებისაგან. ამ ცდაში ენას და გვარ-ტომობას მცირე ალაგი უპყრია.. თუ ხალხი მშიერია, ლუკმა-პურს დაეძებს, იმისათვის შეიძლება ის შეუერთდეს თავისი ტომის ხალხს, მაგრამ, თუ კი ამ შეერთებით უარესი შიმშილი მოელის, არა მგონია ეს შეერთება მოინდომოს, ამის დასამტკიცებელი მაგალითები ურიცხვია დღევანდელ ცხოვრებაში. რამდენი ადამიანი სტოვებს სამუდამოდ თავის სამშობლოს და მიდის უცხო ქვეყანაში ლუკმა-პურის მოსაპოვებლად? 1820-1892 წ. წ. ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა 15,490,654 კაცი. განა ეს არ მოწმობს იმას, რომ ადამიანი შიმშილ-მწყურვალის საქმეს ყველაზე მაღლა აყენებს! ენა და გვარტომობა შეადგენენ მხოლოდ იმ საფუძველს, რომელზედაც შენდება კედელი ეროვნებისა, ეროვნული ცხოვრება ერის გარეშე შეუძლებელია. თვით ეროვნების დედა-აზრი მოითხოვს საერთო ენას. თუ კი ადამიანთ არა გაეგებათ რა ერთმანეთის, აქ, რასაკვირველია, ვერავითარი ეროვნება ვერ დამყარდება, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთ ენაზედ მოლაპარაკე უთუოდ ერთად ცხოვრობდეს, ეროვნულ უღელს ერთად ეწეოდეს, აქ უფრო რთული პირობები იმალებიან და ცხოვრების ამა თუ იმ კალაპოტში აყენებენ. განვიხილოთ ეს პირობები.
ომი, ბუნების ძალა და აღებ-მიცემობა ანუ ვაჭრობა, – აი ეს მოვლენანი მოქმედებენ საზოგადოებაში, როგორც ადამიანთა შემაერთებელნი და შემაკავშირებელნი, ამათი გავლენა ერის ცხოვრებაზედ თუმცა ძლიერია, მაგრამ თანასწორი კი არ არის, ერის განვითარებას ესენი სხვა-და-სხვა ნაირად უწყობენ ხელს, მეტნაკლებად უმაგრებენ ძირს. საერთო მტერმა, თათრებმა, შეართეს XV-XVII საუკუნეში სხვადასხვა ერნი: უნგრელნი, ჩეხნი, გერმანელნი, სამხრეთის სლავები და სხ. და დაუმორჩილა ჰაბსბურგთა სამეფოს, მაგრამ როგორც კი მოსცილდა გარეშე მტერი გაქრა საერთო საფრთხე, ამ სახელმწიფომ მაშინვე დარღვევა დაიწყო. ომის წყალობით დაარსეს უდიდესი სამეფოები კიროსმა, ალექსანდრე მაკედონელმა, კარლოს დიდმა და სხ. მაგრამ ამ შეერთებული სამეფოების არსებობა ხანმოკლე იყო. რატომ? იმიტომ რომ იგი სამეფოები გარეგნობით, მექანიკურად იყვნენ გაერთიანებულნი, მათი სიდიადე ძალაზედ იყო დამყარებული და არა ერთა ისტორიულ განვითარებაზედ. საზოგადოება როგორც ჩვილი, ერთგვარი და განუვითარებელია, რაც უფრო დაბლა სდგას ისტორიის საფეხურზედ, მით უფრო ადვილად შეიძლება ომის და ძალმომრეობის წყალობით მისი გადაგვარება, გადაშენება და ნორმალური ცხოვრების არევ-დარევა, მაგრამ რაკი კაცობრიობამ თავი დააღწია ველურ მდგომარეობას, დაიყო ერებად და დაადგა წარმატების გზას, სამხედრო ძალასაც დაუკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ომის მეოხებით ერთდება ერთ და იმავე ენაზედ მოლაპარაკე ხალხი, უკავშირდებიან ერთმანეთს სხვა-და-სხვა ერნი, მაგრამ როგორც პირველი, ისე მეორე ჩქარა ირღვევა და ნაწილდება, თავისუფლება ერისა, განვითარება, თანახმად მისი განსაკუთრებული პირობებისა – აი რა დასკვნას მიადგა ისტორიული მიმდინარეობა, თუ კი დღეს დედა-პრინციპი ხშირად ილახება და ფეხ-ქვეშ ითელება, ეს მხოლოდ წარმავალია და დროებითია. კაცობრიობა ვერ ასცდება ერთა თავისუფლებას, ასე თუ ისე, ომი, სამხედრო ძლიერება ვერ ჩაითვლება თანამედროვე ცხოვრებაში ერთობის უმთავრეს მიზეზად. თუ გეოგრაფიული პირობები ქვეყნისა იმნაირია, რომ ადამიანს ცალკ-ცალკე არ სძალუძს საზრდოს მოპოვება, მაშინ, რასაკვირველია, ის უნდა შეუერთდეს თავის მოძმეს და საერთო ძალ-ღონით გამოსტაცოს ძუნწ ბუნებას რაიმე ნაყოფი, მაგ. , მდინარე ნილოსის ჭალები შეადგენდენ ერთადერთ საცხოვრებელ საუნჯეს ძველი ეგვიპტელებისას, ამისათვის ამ ჭალების დაცვა ნილოსის წალეკვისა და აოხრებისაგან შეიქმნა უმთავრესს საზრუნავად, ხალხი შეუერთდა და სისტემატიურის შრომით დაიწყო ნაპირების გამაგრება. ლ. მეჩნაკოვსკის აზრით, ამნაირივე მნიშვნელობა ჰქონდათ მდ. ევფრატს, ტიგროსს, გიანგას და გოანგეს, ორ უკანასკნელთა მიდამოებში (ჩინეთში), ჩვენ შევხდებით იმგვარ ბუნებას, რომელიც კაცის შრომას უხვად აჯილდოებს, მხოლოდ ამისათვის ის მოითხოვს მუშაკთა სრულ თანხმობას, სასტიკ და მუდმივ დისციპლინას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ბუნება ადამიანს უქადის აღგვას დედამიწის ზურგიდან, აქედან წარმოსდგა აღმოსავლეთის მეფეთა დესპოტიზმი, ვინაიდან მარტო ამ სახის მთავრობას შეეძლო დაემყარებინა ხალხში ერთობა და კავშირი. მაშასადამე, ამათ პოლიტიკურ წყობილების სარჩულად დაედგა ეკონომიური მოთხოვნილება, ამგვარად, ბუნების ძალა აიძულებს ადამიანთა გუნდს ერთმანეთს შეუერთდნენ, და არსდება ეგრედ წოდებული „მდინარეთა ცივილიზაცია“, აქ ერი ვითარდება, მაგრამ ეს განვითარება ძალდატანებითია, მას არა აქვს განდგმული ფესვები ხალხის სოციალურ პირობებში; იგი გამოიწვიეს მხოლოდ ბუნების განსაკუთრებულ თვისებათ. მოსპეთ ეს მიზეზი და მაშინვე დაირღვევა ზედ ამართული წყობილება, ხალხი ისევ ძველებურად დანაწილდება. აშკარაა, აქ თვით ცხოვრებაც ვიწრო რკალით არის შემოზღუდული და თავის წარმატებას უდებს საზღვარს. მეორეც, აქ ეროვნული ცივილიზაცია მოწყვეტილია დანარჩენ ქვეყნისაგან, ის განკერძოებული, კარჩაკეტილია, ასე რომ სხვა-და-სხვა ერთა შორის არავითარი კავშირი და მიმოსვლა არ არსებობს. კაცობრიობა დაადგა ერთობის გზას და მით გამოეთხარა ძირი განკერძოებულ ეროვნულ ცივილიზაციას, იგი დაირღვა; მის ნანგრევზედ აშენდა ახალი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად დაედო აღებ-მიცემობა, ვაჭრობა, მისვლა-მოსვლა.
ამ სახით საზოგადოება რაც უფრო განმარტოებული და კარ-ჩაკეტილია, რაც უფრო დაბლა დგას კულტურით და განათლებით, მით უფრო ძლიერი გავლენა აქვს მასზედ ბუნებას, მით უფრო ის ბუნების მონა-მორჩილია
რაკი საკაცობრიო განვითარებამ უარჰყო ძველი განკერძოებული ერთა ცხოვრება, ამით მოსალოდნელი იყო ეროვნების მოუძლურება. მაგრამ ცხოველ-მყოფელი ძალა ახალის ხანისა იმაში გამოიხატა, რომ ეს ორი წინად შეურიგებელი, ძალა – ერი და კაცობრიობა – ერთმანეთს დაუკავშირა, ნაწილი შეუერთა მთელს, ერი და კაცობრიობა ხელი-ხელ ჩაკიდებული გამოვიდნენ ისტორიულ ასპარეზზედ.
ამ ჟამად კაცობრიობა საშინელის სიჩქარით მიისწრაფება ერთობისაკენ. ის შემოზღუდულია ერთა გავლენით, რომლის საფუძველი ღრმად არის ჩაფლული და ფესვებ-გადგმული ნივთიერ ურთიერთობაში. კაცობრიობის ნაწილთა შორის იყოფა შრომა ეკონომიურად და მათ ნივთიერად ერთი-მეორისაგან დამოკიდებულნი ხდებიან. ევროპა იზიდავს თავისკენ სხვა-და-სხვა საქონელს აზიისას, ამერიკისას, ავსტრალიისას და აფრიკისას, სამაგიეროდ უგზავნის თავისას. მაგ. , 1860 წ. ასტყდა ომი შეერთებულ შტატებში. მაშინ ინგლისის მრეწველობაში ჩამოვარდა კრიზისი, დაიკეტა ქარხნები, გაკოტრდნენ ფულის პატრონნი, აუარებელი მუშა ხალხი დარჩა უსაქმოდ და გაღატაკდა, დაიმშა და სხვ., რაც ჩრდილოეთ ქვეყნებში ხეირობს, იმას სამხრეთის ბუნება არ უწყობს ხელს. ერთს ქვეყანაში წარმოების ერთი დარგი უფრო განვითარებულია, მეორეში მეორე და სხ. ამისათვის იგი ქვეყნები იძულებულნი არიან ერთმანეთს შორის მისვლა-მოსვლა იქონიონ, საქონელი გაცვალ-გამოცვალონ. რა მდგომარეობაშია ამ დროს ერის შინაური ცხოვრება? მისუსტდა ამით ეროვნება? სრულიადაც არა, ერი საკვირველის ძლიერებით ისხამს ფრთებს და ადგება განვითარების გზას, ის თანდათან იყოფა რამდენსამე ეკონომიურ ნაწილად. ერთი კუთხე მოკლებულია იმას, რაც მოდის და წარმოებს მეორეში, ამით ისინი ნივთიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. მაგ. , ლიონში და მის მიდამოებში აბრეშუმეულის წარმოებაა, რუანში-მატყლის, ბოსში-ხორბლის, ლუარაში და პადეკალეში – ნახშირის, ბორდოში ღვინის და სხ. მთელი საფრანგეთი ისე არის დანაწილებული ეკონომიურად, რომ ამ ნაწილებს ერთ დღესაც არ შეუძლიანთ უერთმანეთოდ ცხოვრება, ერი გაერთიანებული ნივთიერად – გაერთიანებულია იდეებითაც. ყველას ჰსურს განავითაროს ეროვნული შრომა, გააღონიეროს ერი, სუსტი ერის საქონელი ხშირად იჩაგრება მსოფლიო ბაზარში. რაც უფრო გაძლიერებულია ხალხში აღებ-მიცემობა, რაც უფრო მეტი საქონელი გააქვთ საზღვარ-გარედ, რაც უფრო სასარგებლოა საერთაშორისო სავაჭრო ხელ-შეკრულობა და სხ. , მით მეტი მოთხოვნილებაა დასამუშავებელ მასალისა და მუშათა ხელისა. ამ შემთხვევაში მეტად ფასობს როგორც გლეხის ნამუშევარი, ისე მუშის დღიური ფასი. ამნაირად, ერის სიდიადეში დაინტერესებულია, როგორც ბურჟუა-ვაჭარი, ისე გლეხი-მუშა, აქ ეროვნულ ცხოვრებას შეგნებულად ეწევა, როგორც უდიდესი საპოლიტიკო მოღვაწე ისე უბრალო სოფლელი.
ნივთიერმა საჭიროებამ ისე გადააჯაჭვა ერის ყველა წევრი ერთმანეთთან, რომ ამის დარღვევა აუცილებლივ თვით ერის სიკვდილს მოასწავებს. აქ ერთობა ნაყოფია ნივთიერი განვითარების და სრულიად დამყარებულია ცხოვრებაზედ. თანახმად ამისა შენდება და იცვლება ერის პოლიტიკური ფორმები და ისტორიას ეძლევა ეს თუ ის მიმართულება. ამის თვალსაჩინო მაგალითს გერმანიის ისტორია წარმოადგენს. მე-XV საუკ. აღმოაჩინეს ამერიკა და ოსტ-ინდოეთში მისავალი გზა აფრიკის გარშემო. ამისათვის ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვიდან გადავიდა ატლანტიის ოკეანის ნაპირებზედ. გერმანიის და იტალიის ადგილი აღებ-მიცემობაში დაიჭირეს პორტუგალიამ, ისპანიამ, ინგლისმა და ჩრდილო საფრანგეთმა. ეკონომიკური განვითარება გერმანიისა დაეცა, გათახსირდა. ამას მოჰყვა ეროვნული გრძნობის მისუსტება და ერის დაქუცმაცება. გერმანია (აგრედვე იტალია) დანაწილდა წვრილ-წვრილად, აღვირ-წახსნილ სამეფოებად. აქ გამეფდა პატრიარქალური წეს-წყობილება, ინგლისში კი განვითარდა კაპიტალი. ამ მდგომარეობაში დარჩა გერმანია ამ საუკუნის ნახევრამდინ. ამ საუკუნეში ხელახლა აიდგა ფეხი წარმოებამ და უმაღლეს წერტილამდე მივიდა 1860-1870 წ., ამ დროს აღორძინდა წარმოების ახალი დარგი და გერმანიამ დაიპყრო დიდი ბაზარი. ერი გაერთიანდა ნივთიერად და ამას ზედ მოჰყვა პოლიტიკური გაერთიანებაც, გერმანიამ კვლავ დაიჭირა საპატიო ადგილი ევროპაში.
ამნაირად, საკაცობრიო და საგვარ-ტომო გაერთიანება შესაძლებლად ხდება ნივთიერ ნიადაგზედ, როცა ეკონომიური განვითარება იქამდინ მიდის, რომ შრომა ნაწილდება, როგორც სხვა-და-სხვა ერთა, ისე ერთსა და იმავე ერის ნაწილთა შორის, თანახმად კულტურისა, ნიადაგისა და ჰავის თვისებათა. ამით მკვიდრდება ნივთიერი ერი საფუძველი ერთობისა და იბადება მტკიცე ეროვნული ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ პოლიტიკურ-ეკონომიური პირობანი არ აჩვევს ერთად ცხოვრებას, თუ ცხოვრება და კულტურა არ აერთიანებს და არ აკავშირებს ადამიანთა ჯგუფს ერთი-მეორესთან, ისე არავითარ გარემოებას არ ძალუძს ისტორიული მღელვარებით დაქსაქსული ერი ერთ უღელში შეაბას, ცხოვრების ჭაპანი ერთად გააწევინოს...
II
[რედაქტირება]აი, ეს აზრი წავამძღვაროთ წინ და ამ მხრივ დავაკვირდეთ ქართველ ტომის ხალხთა მდგომარეობას; ვნახოთ რა სურათს წარმოგვიდგენს ის დღეს ან რა იყო წარსულში. შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ქართველები ერთ ერს შეადგენენ, საერთო ეროვნულ ცხოვრებას შეგნებულად ეწევიან? თუ ეს მხოლოდ გაკრიალებული ფრაზები, ოცნების ნაყოფია, დაფუძნებული ზოგიერთი პირის სურვილზედ და არა თანამედროვე ნამდვილ ცხოვრებაზედ?
ყველა ხალხი თავის ისტორიულ განვითარებაში ექვემდებარება რაიმე წეს-რიგს, რაიმე კანონს. ამ კანონის უმთავრეს მუხლს შეადგენს ის ხანა, როცა ხალხი ჰგრძნობს თავის-თავს ერთ ერად, ჭირში და ლხინში განუყრელად, აქვს წარმოდგენა თავის ეროვნულ <მე>-ზე და ამას შეგნებულად იცავს, მაგ. , ფრანგები, არისტოკრატი იყოს თუ დემოკრატი, ლიბერალი თუ რადიკალი, ეროვნების საქმეში ყოველთვის სრულ ერთობას იჩენენ აზრებისას, მიმართულებისას და გულისთქმისას, თუმცა შინაურ ცხოვრებაში მუდამ და დაუღალავად ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ერთად დგანან, ერთ დროშის ქვეშ იკრიბებიან, ერთი მეორესთვის თავს სდებს, როცა მათ ეროვნულ თვით-არსებობას განსაცდელი რამ მოელის, როცა გარეშე მტერი მიჯნას გადმოსცილებია და ქვეყანას აღგვას უპირებს. ამ შემთხვევაში იღვიძებს დროებით მიძინებული ერთსულება და ერთი მეორის დაუცხრომელნი მტერნი საომარ ველზედ ხელი-ხელ გაყრილი გამოდიან. ეს არის ეროვნების არსებითი თვისება, ნაყოფი საერთო პოლიტიკო-ეკონომიური ცხოვრებისა, განმტკიცებული თანამედროვე წყობილობით და შეგნებული ადამიანურის ცხოვრებით. ახლა ვიკითხოთ: ქართველობამ ეს ხანა გაიარა, თუ ამ ხნის კარებთან არის გაჩერებული?
საქართველოს ნაწილებს შეადგენენ: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, მესხეთი, აჭარა-ქობულეთი, სამეგრელო, სვანეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და საინგილო. საქართველოს ყველა ქვეყანებში, რომელნიც ეხლა ჩამოვთვალეთ, ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც ერთი ტომის, ერთის შთამომავლობის, ერთი სისხლის და ხორცისანი არიან.... ყველა იმათ ჰქონდათ და აქვთ ერთი და იგივე ენა, ერთი და იგივე ზნე-ჩვეულება, ერთი და იგივე მწერლობა. ეს სახელწოდებათა უმრავლესობა გვიხატავს, არა მარტო ადგილთ-მდებარეობას, არამედ იმ ჯგუფთ ქართველის ტომისას, რომელნიც ბინადრობენ ამა თუ იმ მხარეში. როდესაც ჩვენ ვამბობთ: გურული, მეგრელი, კახელი და სხ. მაშინვე თვალ-წინ გვეხატება ის განსაკუთრებითი თვისებანი, რითაც ისინი განირჩევიან ერთიმეორისაგან. თვითეული ჯგუფი წარმოადგენს ერთ მთელს: ზნით, ხასიათით, ბუნებრივი ნიჭით, ტემპერამენტით, მოქმედებით და სხ., ასე რომ არც ერთი მხარე ცხოვრებისა ნათლად არ გვიჩვენებს ურთიერთს შორის ეროვნულ დამოკიდებულებას. მხოლოდ ენა და გვარტომობა გვეუბნება, სუყველა ქართველები ხართო. მაგრამ ამ დასკვნამდინ ჩვენი ერი ჯერ ვერ მისულა, ეს თავის თავად მარტივი ჭეშმარიტება ჯერ შეგნებული არ არის. განა ინგილოელს და მეგრელს შეუძლიანთ წარმოიდგინონ ურთიერთშორისი დამოკიდებულება და ერთობა? ან რა აქვთ საერთო, მაგ. სვანს და აჭარელს, სამურზაყანოელს და კახელს, ჭანელს და მთიულს, გურულს და ხევსურს? ესენი განა ჰგრძნობენ თავის თავს ერთ ერად? ამათ აერთებთ საერთო ინტერესები, საერთო ჭირი და ლხინი? საქართველოს ნაწილები ჰგრძნობენ უფრო განსხვავებას, ვიდრე ერთობას. ეტნოგრაფიული კრებული შეიძლება საუბრობდეს ერთ ენაზე, მაგრამ ეროვნებას არ შეადგენდეს – ამბობს პროფ. კარვევი. ეროვნებას შეგნება ჰქმნისო დასძენს იგივე. სწორედ ეს შეგნება აკლია ქართველ ხალხს. ამისათვის, სადაც ეროვნული შეგნება არ სუფევს, იქ არც ეროვნება არსებობს, იქ მხოლოდ ადამიანთა გუნდია, ეტნოგრაფიული კრებულია. ერს ვერ შეჰქმნის და ვერც დაარღვევს სურვილი დიდებულთა და მეცნიერთა, ის არის ნაყოფი ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრებისა. თუ ჩვენ დღეს დაქსაქსულნი და უძლურნი ვართ, თუ ჩვენ შორის განხეთქილება და უთანხმოება არის, ერთის სიტყვით, თუ ქართველობა არ წარმოადგენს ერთს ცნობიერად განვითარებულ ერს, ეს მხოლოდ შედეგია ისტორიულის წარსულისა და ამასთანავე უმთავრესი მიზეზია ერის მისუსტებისა. დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ლოღიკური დასკვნაა წარსულისა, ამისათვის თუ პირველის ახსნა გვსურს, ჯერ უკანასკნელი უნდა გავიგოთ.
III
[რედაქტირება]ჩვენ ზევით მოვიხსენიეთ, რომ ერის შეგნებულად გაერთიანებას წინ მიუძღვის ნივთიერი გაერთიანება, ესე იგი, იბადებიან ამისათვის საეკონომიო პირობები, რომელნიც ძალა-უნებურად აკავშირებენ ერის ნაწილებს და გამოჰყავთ ერთობის გზაზედ. ამგვარად მომზადებულ ნივთიერ საფუძველზედ შენდება შესაფერი პოლიტიკური, გონებრივი და ზნეობრივი მხარეები, თუ ამ თვალთა-ხედვის ისარს მოვიმარჯვებთ და ამ მხრივ გადავხედავთ წარსულს, მაშინ ნათლად გამოვარკვევთ ისტორიის იმ დედა-ძარღვს, რომელიც მთელ ამ ისტორიის არსებობას ამოძრავებს.
გეოგრაფიულის მხრივ საქართველო წარმოადგენს საკვირველ სხვა-და-სხვაობას. მას ლიხის მთა ჰყოფს ორ დიდ ნაწილად; ამერეთად და იმერეთად. ეს ორი მხარე მეტად გაირჩევა ერთმანეთისაგან, როგორც მდებარეობით, ისე ბუნების თვისებებით: ნიადაგით, ჰავით, მცენარეულობით და სხ. ამნაირად ერთი ერი ბუნებამ გაყო ორად და ცხოვრებას მიეცა ორი ბუნებრივი კალაპოტი. ამასთანავე როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო იმავე ბუნების წყალობით ნაწილდება რამოდენსამე კუთხედ. თვითოეული კუთხე ბუნების ძალით და ნაყოფიერებით სხვებს არ ემსგავსება. ამასთანავე ყოველი გეოგრაფიული კუთხე, თანახმად თავისი ბუნებისა, ეკონომიურად ერთ მთელს წარმოადგენდა: აქ მოდიოდა ყველაფერი, რაც კი მკვიდრის მოთხოვნილებას შეადგენდა. ამგვარად, ერთის მხრით საქართველო გეოგრაფიულად განიყო რამოდენსამე მხარეებად და ყოველი მხარე გარშემორტყმული იყო ურთი-ერთისგან განსხვავებული მთა-გორებით, მდინარეებით, მიუვალი ტყეებით და სხ. , მეორეს მხრით ამ თვითეულ ფარგლებში მყოფ მხარეს ბუნება ლმობიერად ეპყრობა, ადამიანს და მისს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში მოთხოვნილებაც მცირე და ადგილობრივი ნიადაგის შესაფერი უნდა ყოფილიყო. სადილი აზნაურისა, თავადისა და მთავრისა არაფრით განირჩეოდა ერთმანეთისაგან... ცხოვრება იმდენად სადა იყო, რომ მთავარი ხშირად ბინავდებოდა უიატაკო ქოხში ... მეფე, რომელიც ერთის ბრძანებით უსწრაფებდა სიცოცხლეს ქვეშევრდომს, ომის დროს ნაკლებად განირჩეოდა იმათგან: ყველასთვის სადილი, ქვეშსაგები ერთი და იგივე იყო, მხოლოდ გლეხი ემსახურებოდა აზნაურს, აზნაური თავადსა და თავადი – მეფეს ... მკვიდრნი სარგებლობდნენ ადგილობრივი ბუნების ნაყოფით, შორიდან საზრდოს გადმოტანისათვის არ ზრუნავდნენ, კმაყოფილდებოდნენ იმითაც, რაც ხელთ ჰქონდათ. ამგვარად ხალხს მეტად განსაზღვრული მოთხოვნილება აქვს; ის ცდილობს ბუნების დამორჩილებას და ცხოვრების გაფართოებას. პირიქით, თვითონ ეკედლება ბუნებას და ყმაწვილივით სწოვს იმის ნაყოფიერ ძუძუს, მაგ. , დადიანი თევზაობის დროს ცხოვრობდა რიონთან ახლოს, ჯიხვზე, ირემზე და ღორზე ნადირობის დროს ცხოვრობდა ოდიშში, სადაც გროვდებოდნენ გარეული ცხოველები; ზაფხულობით კი ლეჩხუმში იყო ხოლმე, სადაც მიირთმევდა პურს და არა ღომს.
მართალია, ზოგ ალაგას ბუნება ძლიერ ძუნწობს, მაგრამ ადამიანი იქაც ბუნების მორჩილებაშია და თავის ცხოვრებას ამის შესაფერისად აშენებს. რაკი ქვეყანა დანაწილებულია ამგვარ კუთხეებად, რომ თვითოეული მათგანი წარმოადგენს ეკონომიურად განსაკუთრებულს საზოგადოებას, რომლისთვის უნდა სუფევდეს ერთობა და კავშირი? ყველა ნაწილს აქვს, რაც საჭიროა ცხოვრებაში სასმელი, საჭმელი, ტანისამოსი და სხ. ამით ისპობა გაცვლა-გამოცვლის, ვაჭრობის ნიადაგი. ეხლაც ბევრი მაზრებია ჩვენში ამგვარს ნივთიერს პირობებში დარჩენილი. აი რას მოგვითხრობს თანამედროვე მოგზაური სვანების შესახებ: „სვანებს აქვთ ყველაფერი რაც სჭირდებათ ცხოვრებაში, ტანსაცმელს თვითონ ქსოვენ, იარაღს თვითონ აკეთებენ, თოფის წამალსაც, ვერცხლეულობასაც, ხანდახან ოქროთ მოჭედილსაც თვითონვე სჭედენ“. ერთის სიტყვით, სვანებს ყველაფერი საკუთარი აქვთ, ასე რომ სხვა მაზრებიდან აქ არაფერი მოდის. ამნაირ მდომარეობაში იყო 30-40 წლის წინად არა მარტო სვანეთი, არამედ მთელი საქართველო, თვითეული პროვინცია, თვითეული კუთხე, თვითეული სოფელი და ოჯახი თვითონ იმზადებდა თავისთვის ყველაფერს, რაც კი საჭირო იყო. პური სადაც მოდიოდა, იქვე იფქვებოდა და იხარჯებოდა; მატყლი და ბამბა ადგილობრივ იქსოვებოდა და იცვითებოდა.
ამნაირად, ხალხის შემაერთებელი ძალა მისუსტებული, მიმქრალებული იყო. ნივთიერი საჭიროება არავის ძალას არ ატანდა ვისმეს შეერთებოდა და მისვლა-მოსვლა გაემართა. ყველა კუთხე ეკონომიურად კარ-ჩაკეტილი დარჩა, ამისათვის აქ ვერ ვხედავთ რიგიან გზებს, ბოგირებს და სხ. საქართველოს ორი დიდი ნაწილი, იმერეთი და ამერეთი, ვერ იყო შეერთებული ადვილად მისავალ-მოსავალი გზით. მე-XVII საუკუნეში ქართლიდან იმერეთში გადასასვლელი გზები მეტად საშიშარნი იყვნენ, რადგანაც ტყე გაუტეხარი იყო, გზა გაუკეთებელი, მთები ვიწრო და გაუალ. ამ საუკუნის დამდეგს თ. ციციანოვს გაჰყავს გზა სურამსა და ქუთაისს შუა. იმ გზის საშუალებით შესაძლებელი გახდა თავისუფლად მისვლა იმერეთ-სამეგრელოსთან, წინადაც ყოფილა გზები, მაგრამ მთები, ხეობები, გაუტეხელი ტყე შესაძლებლად ხდიდნენ მოგზაურობას მხოლოდ ქვეითად და ცხენით მიმავალთათვის. ეს უგზო-უკვლობა იყო მიზეზი, რომ იმერეთს მტერი ხშირად არ შეესევოდა ხოლმე. ამნაირსავე სურათს წარმოგვიდგენს თვითეული პროვინცია ცალ-ცალკე, მაგ. , ხევსურეთში ზამთრობით მოგზაურობა სრულად მოუხერხებელი იყო. თუშეთში უგზოობის გამო მისვლა-მოსვლა საძნელოა, ზამთრობით კი სრულიად ისპობა. ასევე იყო გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში და სხ.
ამნაირ ნიადაგზედ, რასაკვირველია, ვაჭრობა ვერ აღორძინდებოდა. ამისათვის ის მისუსტებული, მიმქრალებული იყო. მართალია, ხანდახან თავს წამოჰყობდა, წელში გამართვას დააპირებდა, მაგრამ ამ ცხოვრების მეტ-ხორცს ჩქარა ეთხრებოდა ორმო და ჰქრებოდა. ჩვენს ისტორიაში ვხედავთ, რომ აღებ-მიცემობა უცხოელებთან მხოლოდ შავის ზღვის პირას იყო გამართული (ფაზისი, დიოსკურია) და ისიც დრო-გამოშვებით. მე-XIV საუკუნის შემდეგ იქაც სუსტდება. მეორეს მხრით თფილისი იღებდა ზოგ საქონელს თავრიზიდან, მაგ., ფარჩას, აბრეშუმს, მარილს, რკინას, ერბოს, მატყლს და სხ. ქართველებს ეს ხელობა (ვაჭრობა) ისე სამარცხვინოდ მიაჩნდათ, რომ თვითონ თაკილობდნენ და სხვა ტომის ხალხს, ურიებს და სომხებს, ახვევდნენ თავზედ, თუმცა მეფეები ვაჭრობას დიდ მფარველობას უწევდნენ, მაგრამ ფეხი მაინც ვერ მოიკიდა ტფილისში ვერც ერთს სამრეწველო ქარხანას ვერ ვხედავთ, თ. ციციანოვი სწუხს, რომ ტფილისში არავითარი ქარხნეულობა არ არის და სთხოვს მთავრობას ტყავის და მაუდის (სალდათების ჩასაცმელად) ქარხნის გამართვას. რაც შეეხება საქართველოს ნაწილთ შორის აღებ-მიცემობას ეს სრულად არ სჩანს, ქართველთ არ ჰქონდათ ერთი-ერთმანეთში გასაცვლელი. ამ საუკუნის დამდეგს ლეჩხუმში ყოფილა რამოდენიმე ვაჭარი, იმათ საქმე ისე ცუდად წასულა, რომ თავიანთ ოჯახსაც ვერ ინახავდნენ. ზოგიერთ კუთხეში ვაჭრობა სრულებით არ არის, ვაჭრობის მნიშვნელობა სვანებს ჯერაც ვერ შეუგნია, სვანები ფულზე კი არა ჰყიდიან, არამედ სცვლიან ერთმანეთში საჭირო საქონელს, ერთი სიტყვით ფული ვაჭრობაში არა ტრიალებს, მხოლოდ გაცვლა-გამოცვლა აქვთ საქონლისა. მთელ სვანეთში ერთი ვაჭარი არ არის, არც ერთი დუქანი, არც ერთი ბაზარი, ერთის სიტყვით, არაფერია ვაჭრობისა, როგორც რიგია და როგორც კავკასიის სხვა მაზრებში იციან, არ არის ამ ქვეყანაში. თუ კი საქართველოს ერთ ნაწილში ისე არის დღეს, დანარჩენ ნაწილში რაღა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო ისტორიულ წარსულში?
ჩვენ ვამბობდით, ყოველი კუთხე საქართველოსი წარმოადგენდა ეკონომიურად განკერძოებულ ადგილს, შრომის განაწილება, აღებ-მიცემობა, წარმოება თითქმის სრულებით არ არსებობდა და თუ ხანდახან აქა-იქ თავს იჩენდა, ისიც ისე ხანმოკლედ და სუსტად, რომ ცხოვრების მიმდინარეობაზედ არავითარი გავლენა არ ჰქონდა. ამ გარემოებამ დააყოვნა კარჩაკეტილი ცხოვრება ქალაქებისა, პროვინციებისა და სოფლებისა. აღორძინდნენ და განვითარდნენ იმგვარი ეროვნული თვისებანი, რომელნიც აშორებენ, აცალკევებენ სხვა-და-სხვა ჯგუფთ ქართველის ტომისას. პირველად ენა ითვისებს მრავალნაირ კილოს (გურული, რაჭული, მთიულური და სხ. ) და იცვლება თვითვე (მეგრული, ჭანური, სვანური და სხ.). მტკიცდება განსხვავებული ზნე-ჩვეულება, ხასიათი, შეხედულობა და სხ. ახლა ვიკითხოთ, რა გავლენა ჰქონდათ ამ საეკონომიო პირობათ პოლიტიკურ წეს-წყობილებაზედ? შეუძლიათ ნივთიერად გაცალკევებულ ნაწილებს პოლიტიკურად გაერთიანება?
IV
[რედაქტირება]ჩვენს ისტორიას თან დაჰყვა ერთი ძალა, რომელიც მატლივით ჩაჯდა ცხოვრების სათავეში და დაიწყო ღრღნა ქართველთ ერთობას. ეს იყო საქართველოს მიდრეკილება დანაწილებისადმი.
პოლიტიკური დანაწილება ანუ დაყოფა ერისა არის აშენებული და გამაგრებული ეკონომიურ განცალკევებაზედ და დამოუკიდებლობაზე. რაკი რომელიმე მხარე ნივთიერად კარ-ჩაკეტილია, ამით აშკარაა, იმას ერთმევა ერთი უძლიერესი დედა-ძარღვი დანარჩენ ქვეყანასთან მისვლა-მოსვლისა და ერთობისა. ამ შემთხვევაში ერში ბატონობს ფეოდალური წეს-წყობილობა. ამნაირ წყობილობას ბოლო აღარ ექნებოდა, რომ მის გვერდით არ დაბადებულიყო მეორე ძალა, სრულიად წინააღმდეგი პირველისა. მე-XIV-XV საუკუნეებში ევროპამ გაიცნო ახლად აღმოჩენილი ქვეყნები და გაიტაცა გამდიდრების, ოქრო-ვერცხლის შეძენის სურვილმა, აი ამ გზაზედ დაიძრა ევროპის ხალხი, გაიმართა მისვლა-მოსვლა ახალ ქვეყნებში, მოთხოვნილებაც თანდათან გაფართოვდა და გამრავლდა. ამან გამოიწვია შრომის დანაწილება და ვაჭრობა. ამგვარ მიდრეკილებამ პირველად ქალაქებში იჩინა თავი. აქ მოგროვდა სავაჭრო საქონელი, როგორც საზღვარ-გარედ გასატანი ისე შემოსატანი. ქალაქი ნელ-ნელა გახდა ეკონომიურ შუაგულ ადგილად. ახალ საქმეს დასჭირდა განსაკუთრებული მფარველობა, ხელის შეწყობა, და აი გაჩნდა ძლიერი პოლიტიკური ძალა, ქალაქში გამოიკვანძა ყველა ძაფები პოლიტიკური ცენტრისა. ამ სახით აქ ვხედავთ ჩვენ ორ ძალას, ორ დედა-აზრს: ერთი არის დამყარებული შრომის ერთ-გვარობაზედ და ნივთიერ განკერძოებაზედ (ფეოდალიზმი), მეორე კი შრომის ეკონომიურად დანაწილებაზედ და ნივთიერ გაერთიანებაზედ (ბურჟუაზია); პირველის ბუდე-სიმაგრე სოფელია და კოშკი, მეორისა ქალაქი და დუქანი; პირველი აღჭურვილია ხმალ-ხანჯლით, მეორე ოქრო-ვერცხლით ანუ ფულით. ასტყდა ხანგრძლივი ბრძოლა ამ ორ მოვლენათა შორის, ცხოვრება დაადგა ახალ-გზას და ორმო გამოეთხარა ფეოდალიზმს, ფეოდალი, მეფეთა მიერ დაუმორჩილებელი, დაიმორჩილა ვაჭარმა, ქედი მოიხარა ფულის წინაშე. დაიწყო ერთა გაერთიანება და ერთ-მთავრობის დამყარება. ასე მოხდა ევროპაში. ჩვენში კი სხვანაირად დატრიალდა ისტორიის ჩარხი. საქართველოს ამოხდა სული (პოლიტიკურად) შუა გზაზედ, თუ შეიძლება ასე ითქვას; ეს იგი გაიმარჯვა და დამკვიდრდა ფეოდალიზმი და ბოლო მოეღო ქართველთ ერთობას.
„ქართლის ცხოვრების“ თქმით, საქართველოს საერისთავოებად დაყოფა იწყება მეფე ფარნაოზის დროს (III საუკ. ქრისტეს წინ) და თავდება მე-XVII საუკუნით. ცხრამეტ საუკუნის განმავლობაში (გამოკლებულია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დრო) ქართველობა წარმოადგენდა არა ერთ მთელს ერს, არამედ რამდენსამე დანაწილებულ ჯგუფს, რომელნიც ცხოვრობენ სხვა-და-სხვა გეოგრაფიულ და ეკონომიკურ პირობათა შორის; გარშემო სხვა-და-სხვა ხალხი არტყიათ, მტერთან ცალკ-ცალკე იბრძვიან და შინაური მართვა-გამგეობა სხვა-და-სხვა გვარად აქვთ მოწყობილი. ამისათვის თვითეულ ნაწილს ჰქონდა და აქვს თავისი ისტორია, თავისი ცხოვრების საკუთარი წესრიგი. რაც დრო წინ მიდიოდა, მით უფრო სუსტდებოდა ერთობა, სამაგიეროდ შუღლი, ქიშპობა და განხეთქილება თან-და-თან მატულობდა და ფესვს იდგამდა ცხოვრებაში. მიდრეკილება დანაწილებისადმი ისეთი ძლიერი იყო, რომ თვით ეგრედ წოდებულ ოქროს საუკუნეებმაც, კი ვერ შეარყია და რამდენადმე მაინც ვერ შეასუსტა. მართალია, დავით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის დროს საქართველო ერთ პოლიტიკურ ერად სტკბებოდა, საერთო ისტორიულ უღელს სწევდა, მტერს ერთად მტრობას უწევდა და მოყვარეს მოყვრობას, მაგრამ ყველა ეს დროებითი, წარმავალი იყო, ეს არ იყო შედეგი და დასკვნა ერის ეკონომიური განვითარებისა, არ იყო ქვეყნის გულიდან წარმოშობილი. მხოლოდ იმისთანა მშრომელ, მხნე და გამრჯე მეფეთ, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი და თამარი, შეეძლოთ დროებით მაინც შეერთებინა მთელი ქართველობა, მოშორდნენ თუ არა ისინი ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, მაშინვე დაირღვა, ერთობა და გაქრენ საქმენი მათ მიერ დაწყებულნი. საქართველო დაიყო ერთი მეორის მოწინააღმდეგე ნაწილებად: ქართლი-კახეთ-სამცხე-იმერეთად და წვრილ სამთავროებად. ამ დროს გარეშე მტერს შორის მოხდა შესამჩნევი ცვლილება, სპარსთა მიიღეს განსხვავებული სჯული (შიიტობა) და მტრად გაეხდნენ ოსმალოებს (სუნიტებს). ამ ორ ბანაკთა შორის ასტყდა ხანგრძლივი ბრძოლა იმაზედ, თუ ვის უნდა რგებოდა საქართველო. იმერეთი იმყოფებოდა ოსმალეთის გავლენის ქვეშ, ქართლ-კახეთი – სპარსეთისა, ერთის მხრით ამ გარეშე მტერთა მეოხებით, მეორეს მხრით ბუნებრივის (ესე იგი გეოგრაფიული) და ეკონომიურის მიზეზებით საქართველოს ნაწილები სრულიად არ მიისწრაფოდნენ ერთი რომელიმე პოლიტიკური ცენტრისკენ, ერთ მეფობისკენ, მხოლოდ ამნაირი მიდრეკილება სუფევდა, მაგრამ არა ერში, არამედ თითო ოროლა შორსმჭვრეტელ პირებში, რომელთაც მოინდომეს ცხოვრების კალაპოტის გარდაქმნა და რასაკვირველია, უნდა დამარცხებულიყვნენ.
თანხმობა, ერთობა არ სუფევდა არა თუ სამეფოთა შორის არამედ თვით ერთსა და იმავე სამეფოშიც, ამის მკაცრ მაგალითს გვიჩვენებს იმერეთი XVIII საუკ. გასულ და XIX საუკ. პირველ მეოთხედში. სოლომონ მე-II-ის საშინაო პოლიტიკა იყო მიმართული ხელქვეით მთავრების ასალაგმავად და სამეფოს სრულიად გასაერთიანებლად. „იცნა რა მანუჩარმა (ოდიშის მთავარმა მეფის მიერ პირველად მტკიცებული და შემდეგ უარყოფილი) ვიდრე მეფეს არა სწადის არა რომელიმე ძედა დადიანისათა კეთილი, ამისათვის მივიდა გიორგისთან (მთავრად ნამყოფ დევნილ მეფის მიერ) ძმისა თავისასა და შეუერთდა მეფისა საბრძოლველადა“ – ამბობს თ. ნიკოლოზ დადიანი თავის „ქართლის ცხოვრებაში“. მეფემ მოინდომა პირველად ოდიშის მთავრის დამორჩილება და მისი მართვა-გამგეობის შეზღუდვა. ამის გამო მეფე და მთავარი შეეჯახნენ ერთმანეთს და ამ შეჯახებაში დამარცხებული დარჩა მეფე.
თვით სამთავროებში კი იყო ერთობა? ხშირად მთავრებს ებრძოდნენ ქვეშევრდომი მებატონეები და კიდეც სძლევდნენ, ამის მაგალითს ერთ- ორს მოვიყვანთ, „ბერი გელოვანი (ლეჩხუმის მოურავი) დაუტევა ერთ-გულება მეფისა, რათა ქმნას ერთგულება დადიანისა, ამისათვის მოუწოდა იგი ლეჩხუმს, წარვიდა დადიანი ნოლიდან და მოვიდა თამოკონს (სოფელი სამეგრელოში) და მისცა თამოკონი ჯოღორია დგებუაძემ“. აქედან ცხადია, რომ მთავრისთვის თავისი ხელ-ქვეით სოფელში გასავლელად მებატონის ნებართვა ყოფილა საჭირო. მე XVII საუკ. საჩხერეში გაძლიერდა ორი გვარი: აბაშიძე და წერეთელი, იმათ ააშენეს ციხე „მოდინახე“. მეფე ალექსანდრე მე-V-ს არ ეპიტნავა ეს ამბავი. იმან დაჰპატიჟა დავით აბაშიძე და პაპუნა წერეთელი, სიძე-სიმამრი, ორივე მუხთლობით მოჰკლა და უნდოდა ამით ადგილ-მამულის ხელში ჩაგდება, მაგრამ პაპუნა წერეთლის ცოლმა გამოიღო ხელი, გამაგრდა „მოდინახეს“ ციხეში და მეფემ ვერ უყო-რაა – ამბობს ბ. გიორგი წერეთელი. საზოგადოდ, ლიხის მთის იქით მხარეს დაუსრულებელი ომები იყო მეფეთა შორის, ათაბაგთა და მეფეთა შორის, მეფეთა და ერისთავთა შორის, ამას გვიმტკიცებს თითქმის ყოველი ფურცელი „ქართლის ცხოვრებისა“.
აქედან ნათლად სჩანს, რომ არევ-დარევა, შუღლი და მტრობა მუდამ არსებობდა პირველად სამეფოებს შუა, მეორედ, სამეფო და ხელქვეით სამთავროებს შორის, მებატონე, მთავარი და მეფე, სამი პოლიტიკური ინსტანცია, დაუცხრომელ ჭიდილში იყვნენ. სოფელი, სამთავრო, სამეფო, ეს სამი ასპარეზი ძალმომრეობისა, განუწყვეტლივ ბრძოლაში იყვნენ ერთმანეთთან, აი რა ნაირი საისტორიო განვითარების დუღილში იყო ქართველთა ცხოვრება? აი რითი დაასრულა საქართველომ პოლიტიკური თვით-არსებობა? სად არის აქ საერთო პოლიტიკური წყობილება? ისტორიამ ჩვენი ერი დაჰყო და არ შეკვრაო, განხეთქილება და ქიშპობა ჩამოაგდო და არა ძმობა და ერთობა, ამ ნაირად ცხოვრების ნივთიერ საფუძველზედ აგებული იქნა შესაფერი პოლიტიკური ყოფა-მდგომარეობა. მხარე ნივთიერად კარჩაკეტილი და განთვითოებული, პოლიტიკურად განკერძოებული შეიქმნა.
როგორ უნდა გასწორდეს ეს ისტორიის მიერ ნაანდერძევი მდგომარეობა? ჩვენ ვამბობთ – სიმძლავრე ერთობაშიაო, ისტორიამ კი ეს ერთობა ხელიდან გამოგვაცალაო, ჩვენ ვამბობთ – ხალხს უნდა შეიმუშაოს ერთი ეროვნული „მე“ ცნობიერებით გაშუქებული, ისტორიამ კი ჩვენი ეროვნული „მე“ დაახურდავა, დააწვრილმანა, რანაირად უნდა გაიხსნას ეს კვანძი? ნუ თუ ხსნა არსად არის? ნუ თუ საქართველოს შეგნებულად გაერთიანება შეუძლებელია? თუ კი მთელი ჩვენი ისტორიის მიმართულება იყო ქართველობის დაცალკევებისკენ, რა სასწაულით უნდა მოხდეს დღეს ეს სასურველი ერთობა? ნუ თუ ისტორიული მოძრაობა არავითარ კანონს განვითარების არ ექვემდებარება?
V
[რედაქტირება]ისტორიულმა განვითარებამ ერს ორი წინადადება დაუდევა, ორივე აუცილებელი და ასე თუ ისე გადასაჭრელია, ორივე ერთი-მეორეს წინააღმდეგი და შეუთანხმებელია; ან საკუთარის ძალ-ღონით უნდა დაერღვია ძველი დახავსებული წეს-წყობილება, შეემუშავებინა ერთი პოლიტიკური ცენტრი და მით გაეძლიერებია ეროვნული ცხოვრება, ან სხვა უფრო მძლავრი ერისათვის მიემართნა შემწეობისათვის და ეთხოვა მფარველობა, ამით თავის ბედ-იღბალი სხვის ხელში ჩაეგდო და ეროვნებაც განსაცდელს მისცემოდა. ამ ორ დედა-აზრს ერთი რამ აქვთ საერთო, ორივეს მსხვერპლად ფეოდალიზმი უნდა გამხდარიყო, ორივეს უნდა მოესპო ერის დანაწილება. მხოლოდ ეს ორი ძალა ამ მიზანს სხვა-და-სხვა ნაირად აღწევენ.
მე-XVI-XVIII საუკუნეები წარმოადგენენ იმ ხანას, როცა ევროპაში ერთი მხრივ ვითარდება შრომა, ძლიერდება აღებ-მიცემობა და ვაჭრობა, მეორეს მხრით ირღვევა და ილეწება ძველი მობერებული პოლიტიკური ფორმა (ფეოდალიზმი). აი ასე მიმდინარეობს ისტორიული მსვლელობა, როცა ის ბუნებრივ დუღილზედ და ზრდაზედ არის დამყარებული. ჩვენში კი ესევე გარემობა უკუღმა დატრიალდა. ავხსნათ.
ფეოდალურმა წყობილებამ ისე დასცა და დაარღვია ქართველობა, რომ მისი გამგეობა ბოლოს შეუძლებელი გახდა. მე-XVIII საუკუნის გასულსა და მე – XIX საუკ. დასაწყისში შემოვარდა ჩვენს ცხოვრებაში გარეშე საპოლიტიკო ძალა და საუცხოო სისწრაფით აასრულა თავისი დანიშნულება: ფეოდალები ალაგმა, ურჩი დაიმორჩილა, ერთი მთავრობა დაამყარა და სხვა ამისთანები, ისეთი სიადვილით და შეუშფოთველად, თითქო აქ არა მომხდარა-რაო. ისეთის საკვირველი სიწყნარით და სამარისებურის სიჩუმით გასძვრა ერს ეს პოლიტიკური ქერქი, თითქოს ერთი ხორც-მეტი მოიჭრა და გადაისროლაო. ცხადია, ერი ვერ მიხვდა-რას იძენდა და რას ჰკარგავდა. რატომ? იმიტომ რომ ზევით, პოლიტიკაში, მოხდა ისეთი ცვლილება, რომელსაც არავითარი ნივთიერი საფუძველი არ ჰქონდა მომზადებული ქვევით ცხოვრებაში. ხალხის გული ზღვაა, სადაც საშიშარი ღელვა ასტყდება, მხოლოდ მაშინ, როცა ქარიშხალი თვით ზღვას მისწვდება და ტალღებს გამოიწვევს. ფეოდალიზმი მოისპო, მაგრამ ქვეყანა ისევ ძველებურ საეკონომიო ვითარებაში დარჩა, ისევ ძველი განცალკევება, განთვითოება სოფლებისა, პროვინციებისა და ქალაქებისა სუფევდა. ის, რაც ქვევიდან უნდა დაწყებულიყო, დაიწყო ზევით პოლიტიკურ სფეროში. ახალი, უცხო ფორმა ვერ მიადგა ძველ შინაარსს და აი აქ ტყდება ჩვენი ცხოვრება, აქ ვაკეთებთ ისტორიულ ნახტომს და ბუნებრივი, თავისებური ზრდის მაგივრად ჩვენ ვვითარდებით უნიადაგოდ, უთავ-ბოლოდ, უწესრიგოდ. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან უნდა შერყეულიყო ერის ეკონომიური მდგომარეობა, მოქალაქეობამ დააპირა ფეხზედ დადგომა, მაგრამ ამისათვის საჭიროა განსაკუთრებითი მფარველობა, შემწეობა, ხელის შეწყობა, ერთის სიტყვით, საკუთარი პოლიტიკური ძალა. ჩვენი უსუსური ვაჭრობა, აშკარად ვერ გაუძლებდა ამ ნიადაგზედ მომწიფებულ ერთა ულმობელ კანონს კონკურენციისას. ისტორიამ ერთხელ კიდევ დაჰკრა თავში ჩვენს ხალხს: უკან ჩამოდექი, კუთხეში მიჯექი, ვერა ხედავ სხვა მოდისო. ამგვარად ერს აერია გზა კვალი, ვერ გაიგნო, რა ექმნა, საითკენ წასულიყო, დაუძლურდა და მედგრად წინ-სვლის მაგიერ დაბარბაცდა და წაბორძიკდა. ამ მდგომარეობაში დაჰყო მან ნახევარ საუკუნეზედ მეტი.
უკანასკნელი 20-25 წ. განმავლობაში ჩვენი ცხოვრება შესამჩნევად შეიცვალა. შემდეგ ბატონ-ყმობის მოსპობისა, ფოსტა-ტელეგრაფის და რკინის გზების გამართვისა ფეხი აიდგა მრეწველობამ და ვაჭრობამ, გაძლიერდა მიმოსვლა და აღებ-მიცემობა. ვაჭრობა შეიქმნა რევოლუციურ ძალად ჩვენის ქვეყნისა. ვაჭარი არ კმაყოფილდება ერთი რომელიმე განსაზღვრული ტერიტორიით, იმას ჰსურს ყველგან მისი საქონელი ბატონობდეს, მოცილეობას უწევდეს უცხო საქონელს და მეტ ბაზარს იპყრობდეს. ამისათვის გაჰყავს გზები მიუალ ალაგს, მიაქვს თავისი ნაწარმოები გასანაღდებლად და გამოაქვს სამაგიერო სხვაგან გასაყიდად. ამნაირად, ნივთიერად აკავშირებს უცხო ნაწილებს. სოფელი, ქალაქი, მაზრა გამოდიან ეკონომიურ განკერძოებულ ცხოვრებიდან, ერთ კუთხეში ეჩვევიან უფრო სიმინდის მოყვანას, მეორეში – პურისას, მესამეში – ღვინისას და სხ., (შრომის ამგვარი განაწილება მხოლოდ ახლად დაწყებულია, ისიც არა ყველგან); იმართება საეკონომიო ცენტრები, სადაც შეაქვთ და გამოაქვთ საჭირო საქონელი, ეს იზიდავს ხალხს: ვაჭარს, ხელოსანს, მუშას. იქვე იკრიბება სხვა-და-სხვა სამართველო და საზოგადო დაწესებულებანი, იხსნება სკოლები, თავს იყრიან განათლებული და ნასწავლი პირნი, ჩნდება გონებრივი აღებ-მიცემობა, ფეხს იდგამს მწერლობა და სხ. და სხ. ამასთანავე მრავლდება ქალაქები, იზრდება დაბა-სოფელი. მთელი საქართველო მიისწრაფვის უმთავრესი და წვრილი ქალაქებისაკენ. ამით სხვა-დასხვა კუთხე შეუმჩნევლად უახლოვდება და უკავშირდება ერთმანეთს. ეს კიდევ არაფერი. ჩვენი ვაჭარი თვალ-ყურს ადევნებს ევროპულ ვაჭრობას; ტყობილობს, სად რომელი საქონელია ძვირი, სად რა არის საჭირო; იბარებს დამუშავებულ საქონელს და ჰგზავნის დასამუშავებელ მასალას, ასე გასინჯეთ, სოფლის მეურნეც კი ჩაიყოლია ამ მიმდინარეობამ, ის მომცილეობას უწყებს მსოფლიო ბაზარში ევროპის მეურნეს, სიმინდით, პურით, ღვინით და სხ. ამისთვის იმას ძლიერ ეინტერესება უცხოეთის ამბები, მისი ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა. ერთის სიტყვით, ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პირობები და განახლდა თვით ცხოვრება. ამგვარად, ახალმა ცხოვრებამ დაჰბადა ახალი მოთხოვნილება, წინ წამოაყენა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა, გაართულა და გაამრავალფერა პირვანდელი სადა ურთიერთობა, შრომა ეკონომიურად დაიყო ერის ნაწილთა შორის, ჩააყენა ქვეყანა მსოფლიო აღებ-მიცემობის კალაპოტში. სუყველა ამას თან მოსდევს ხალხის ნივთიერად გაერთიანება და საზოგადო-კაცობრიობის ცხოვრებაში შესაფერი ადგილის დაჭერა. აი ამ საისტორიო გზას დაადგა ქართველობა; ჯერ მხოლოდ ერთი ბიჯი გადადგა ამ მხრით და მით ფეხი მოიმაგრა ახალ ნიადაგზედ. ამით მიეცა შეურყეველი საფუძველი ქართველ ეროვნულობას, ერი შეება საერთო უღელში, შეეჩვია ერთად ცხოვრებას, ერთად მოღვაწეობას; მომზადდა ნიადაგი გონებრივი ერთობისა; ქართველობა ერთი ჯაჭვით შემოჯაჭვული, ფხიზლდება, საღი გონებით და მახვილი თვალით იხედება.
VI
[რედაქტირება]თუ ჩვენი ერის აგებულებას დავაკვირდებით და მის წყობილებას გავსინჯავთ, ნათლად დავინახავთ ერთს მეტად რთულს და ამასთანავე დიდ საყურადღებო გარემოებას: ის წარმოადგენს, შაქრის თავივით, თავწვეტ სხეულს, რომელიც ძირისკენ თანდათან განიერდება და სქელდება. ეს სხეული მით არის შესანიშნავი, რომ შემდგარია არა ერთი და იმავე, არამედ სხვა და სხვა მასალისაგან. ამისათვის მთელ აგებულებას საშინელი სხვადასხვაობის ბეჭედი აზის. თუმცა ეს ასეა, მაგრამ ყველა ნაწილების დაწვრილებით ანუსხვა და რიგიანად გათვალისწინება საძნელო საქმეა. პირველად, ამისთვის რომ ზოგიერთი ჯერ ჩასახულია და არავითარი გარეგანი ნიშანი არ ეტყობა; ზოგს კი არ დაუმთავრებია სრული ზრდა და მომწიფება. მეორედ, აქვე შევხვდებით მოუძლურებულ და მობეზრებულ ნაწილსაც, რომელიც ჟამთა მსვლელობას მეტ-ხორცად გაუხდია და ადრე თუ გვიან მოწყდეს სხეულს. მხოლოდ ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ დაკარგვია სრულიად, და ცხოვრების მსვლელობას ხშირად აფერხებს და ერთ დონეზე აჩერებს. ამ მომაკვდავ ნაწილსაც დიდი ალაგი უჭირავს და თავისი უძრავი არსებით სხვა ნაწილებსაც სჩრდილავს. ამნაირად, იმ სხეულის აგებულება, რომელსაც ჩვენ ერს ვუწოდებთ, ძლიერ ძნელი დასანაწილებელი და გამოსარკვევია, მაგრა მაინც არ ვკარგავთ სრულს იმედს და ვეცდებით, სრულად თუ არა, დაახლოვებით მაინც დავასურათოთ ერის დღევანდელი ყოფა-მდგომარეობა. აქ არ კმარა ვიკითხოთ: რა არის დღეს? არამედ უნდა გამოვარკვიოთ – რანაირ ცვლილებაშია დღე-მუდამ და რად უნდა გახდეს ახლო მომავალში?
გარეგანი შეხედულობით ქართველი ერი წარმოადგენს სამს ნაკეცს: მაღლა დგას უფლება-უპირატესობით მოსილი აზნაურობა, დაბლა გლეხ- კაცობა, შუაში კი სასულიერო წოდება. თვითეულს მათგანს აქვს საკუთარი ზნე, ხასიათი, გონებრივი განვითარება, ზნეობრივი თვისებანი და სხ. ; მუდამ უჭირავს ერთხელ განსაზღვრული ადგილი ცხოვრებაში, ასე რომ ქვედა საფეხურებზედ მდგომი მაღლა ვერ აიწევს და ვერ შეანგრევს მიუდგომელ კედელს ზედა ფარგლისას. თვით ისტორიამ გაავლო ასეთი კედელი და დაჰბადა წოდებრივი მიუკარებლობა. ამაზედ აშენდა ურთიერთ შორის დამოკიდებულება: ერთი ბატონია, მეორე კი მორჩილი, ერთი ბრძანებელია, მეორე ყურმოჭრილი მონა-ამსრულებელი, ერთი ამპარტავნულად და მრისხანედ გადმოიცქირება მაღლიდან, მეორე კი მოკრძალებით იყურება ზევითკენ და უნებლიეთის შეცდომების მიტევებას თხოულობს. ერთი მუდამ ფუფუნებაში ატარებს წუთის-სოფელს, მეორე სულ მუდამ შრომა-გარჯაშია და მისი დასოკოვებული და ტყავამძვრალი ხელის-გული ცხადად ამტკიცებს მის მუდამ ტანჯვას და მწუხარებას. ერთის სიტყვით, აზნაურობა და გლეხ-კაცობა – ეს ორი შეურიგებელი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა. მათ შორის სრული და ნამდვილი წოდებრივი განწყობილება სუფევს. მაგრამ ასეა ახლა ეს? გარეგნობით კი ასე გვეჩვენება. აბა ჩავიხედოთ თვით ცხოვრების სიღრმეში და გავიგოთ ამ ცხოვრების სინამდვილე.
ერის წოდებრივად დანაწილება ისტორიულის ცხოვრების ნაყოფია. ის ერი, რომელიც ისტორიულ ასპარეზზედ არ გამოსულა და მისი სიმწარე-სიტკბოება არ უგემია, წოდებრივ განკერძოებასაც მოკლებულია. რა ისტორია უნდა ჰქონდეს ამერიკის ან აფრიკის ველურ ხალხს? ან რა წოდებრივი განსხვავება შეიძლება იმათში? მხოლოდ იქ, საცა კულტურა ფეხს იკიდებს, მყარდება ნიადაგი საისტორიო ცხოვრებისა. ამ ასპარეზზედ მხოლოდ ის ხალხი იმარჯვებს და სხვებზეც ბატონობს, რომელიც დაიყო ჯგუფებად, დანაწილდა მათ შორის შრომა: ერთს მიენიჭა გარეშე მტრისგან დაცვა, მეორეს მიწის შემუშავება, მესამეს მღვდელ-მოქმედება და სხ., ამნაირათ მოწყობილი ხალხი წელში გამაგრებული და გაღონიერებულია. იმას სხვა ვერ დასჩაგრავს, პირიქით, ის სხვებს ანადგურებს და სიცოცხლეს უსპობს. ამისათვის ბურთი და მოედანი იმას რჩება. დროთა ვითარებაც ამგვარ ხალხს მფარველობას და პირველობას ანიჭებს. ამნაირად ხალხის გუნდ-გუნდად დაყოფა ისტორიულად აუცილებელია, უამისოთ ეროვნული ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამასთანავე ისტორიულ მიმდინარეობამ ამ დანაწილებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმა მისცა. მაგ. , ისტორიამ გამოიწვია მონობა, მაგრამ მანვე უარჰყო მისი არსებობა; ისტორიამ შვა ბატონ-ყმობა, მაგრამ მანვე მოსპო და აღგავა დედამიწის ზურგიდან; ისტორიამ გააჩინა აზნაურობა, მაგრამ მანვე გარდაჰქმნა და გააქარწყლა დასავლეთ ევროპაში; ისტორიის ნაყოფია თანხის (კაპიტალ) ბატონობა (ევროპაში), მაგრამ ... ჯერ არ დასრულებულა ეს პროცესი. რისთვის მოხდა ყოველივე ეს? საქმე ის არის, რომ ერის განვითარებას რამდენიმე საფეხური აქვს. ის, რაც პირველ საფეხურზედ ცხოვრების წინ წამწევი და პროგრესულია, მეორეზედ და მესამეზედ შემაჩერებელი, უკან-დამწევი და რეგრესულია. ამ შემთხვევაში ისტორია ადამიანის მიმართ ულმობელობას იჩენს. როგორც კი დაიბადება საზოგადოებაში ახალი ნიადაგი და ზედ ახალი კითხვები აღმოცენდება, ისტორია მაშინვე გადაუდგება ძველს წყობას და ემხრობა ახალს. უეჭველია, ჩვენი ერი, როგორც ისტორიულ ასპარეზზედ გამოსული, ამავე კანონს უნდა ექვემდებარებოდეს.
VII
[რედაქტირება]საქართველოს მუდმივმა სამხედრო მდგომარეობამ გაამრავლა და გააძლიერა უპირატესობით აღჭურვილი აზნაურობა. ის ედგა სათავეში ჩვენს ქვეყანას და ნამდვილი პირველობაც მას ეკუთვნოდა. მას ეჭირა ხელში ჩარხის ტარი ჩვენი წაღმა-უკუღმა ტრიალისა, იყო ერის ხელმძღვანელი და მეთაური თვით-არსებობისთვის ბრძოლაში. აი, ამაში იხატება მისი ისტორიული ღვაწლი. დადგა მეცხრამეტე საუკუნე. საქართველო უერთდება რუსეთს. რუსეთი კისრულობს ქართველების დაცვას გარეშე მტრისგან და შინაურ არევ დარევისგან. აზნაურობაც ამით ჰკარგავს თავის ისტორიულ დანიშნულებას. იგი რჩება უსაქმოდ. წინ უძევს ორი გზა: ან თავის მამულ-დედულში დაბინავება და ტკბილად, უდარდელად ცხოვრება, ან სამხედრო-სამოქალაქო სამსახურში შესვლა და ეკლიანი გზის ამით გაკაფვა. ამ უკანასკნელს გაჰყვა მცირე ნაწილი აზნაურობისა; დანარჩენმა კი ლუარსაბ თათქარიძის მდგომარეობაში ამოჰყო თავი. მაგრამ ნეტარხსენებულ ლუარსაბსაც მალე გაუჭირდა საქმე. 19 თებერვლის რეფორმებით ყმები გამოეცალა ხელიდან, დარჩა მარტოხელა კაცი ადგილ-მამულებით. მამულს მოხმარება უნდა, ეს ძლიერ უჭირს და არ ეხერხება; მეორეს მხრით, ცხოვრება და მისი მოთხოვნილება გაფართოვდა. ფული საჭირო შეიქმნა. სად იშოვოს? აქ იწყება აზნაურობის კრიზისი. აქ იღებს სათავეს ის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. შრომას და გარჯას შეუჩვეველი წოდება აძლევს მშრომელ ხალხს – გლეხ-კაცობას – მიწა ადგილს შესამუშავებლად და ღალას ღებულობს. ბატონს არ უყვარს ყველაფერს თვითონ ადევნოს თვალი. ამისათვის მხოლოდ ფულია საჭირო. ის უსაქმოდ დარჩენილი ჩაითრია ცხოვრების მორევმა, გაეღვიძა და აღეძრა სხვადასხვა მოთხოვნილება, რაც მის წინაპრებს არც კი მოსიზმრებიათ. ახალმა სიომ მოჰბერა ახალი ვითარება, ცხოვრების ახალი პირობები. მამულის შემოსავალი მოთხოვნილებასთან შედარებით მცირე იყო. ან ცხოვრება ვიწრო ფარგლით უნდა შემოეხაზა და მამული უკლებად შეენახა, ან ცხოვრებას აჰყოლოდა და მამული ხელიდან გაეშვა. აზნაურობამ ვერ შეიგნო დროის შესაფერი მოქმედება და მეორე გზას დაადგა. აქ მან ჩქარა იშოვა ხელის მომმართველი: „პრიკაზი“, ბანკები, კერძო ფულის პატრონნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, აბა რომელი მათგანი უფრო მიიზიდავს თავის ქისისაკენ მეტს რიცხვს „ბრწყინვალე წოდებისასო“. ამნაირად ცხოვრების პირობებმა ჩვენი აზნაურობა გატენილ სკივრისკენ მირეკა. რაკი ერთხელ გაიგო ფულის გემო, მან ამ გზას აღარ გადაუხვია. ფული იხარჯებოდა, მამული კი ისევ გავერანებული რჩებოდა. მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. როცა ფული უფრო მეტი იფლანგება, ვიდრე მამული იძლევა, მაშინ, რასაკვირველია იწყება მიწა-ადგილის ხელიდან გაშვება, ნებით თუ უნებლიეთ ჩამორთმევა. ამ მიზეზით მოწინავე წოდება თანდათან ღატაკდება, მამა-პაპის ნაანდერძევი გამრჯელ და მწარმოებელის ხელში იკრიბება. ამ ჟამად ჩვენ ვხედავთ მრავალს აზნაურს უმიწა-წყლოდ, ღვთის ანაბარად დარჩენილს.
არც მოხელეთა გუნდი ასცდა გაჭირვებას. თუ ბატონ-ყმობის მოსპობამდე მარტო გვარიშვილობა იყო საჭირო სამსახურში შესვლისათვის (უფრო სამხედროში), შემდეგ კი გონების ცენზი შეიქმნა სავალდებულოდ. სწავლა-განათლება – ეს წინედ მეტ ბარგად მიჩნეული – ეხლა სატრფიალო საგნად გახდა აზნაურობისთვის, ის ცდილობს სკოლები გახსნას მთავრობის წყალობით. გიმნაზიები, სამხედრო სასწავლებლები, დედათა სკოლები, სააზნაურო სასწავლებლები ამ ხანად იმართება. აზნაურობას ბედმა გაუღიმა, ახლა მაინც დავაბინავებთ ჩვენს შვილებსო. მაგრამ ამათთან ერთად სასწავლებლის კარებს მიაწყდა სხვადასხვა ჯურის ხალხი, უკეთ მომზადებული და დახელოვნებული გამოსაცდელ საგნებში. აზნაურობა ვერ უძლებს იმათ მოცილეობას და თან-და-თან კლებულობს იმათი რიცხვი სასწავლებლებში. ან კი საიდან შეეძლო გაღარიბებულ წოდებას შვილების აღზრდა? ამ ნაირად, ასპარეზი ქართველ მოხელეთა შევიწროვდა, ისინი აქაც დამარცხდნენ. იმათ ალაგს სხვები ჩადგნენ ... მხოლოდ უმცროსმა ნაწილმა მაინც შეინარჩუნა ის ალაგი. ამ სახით, აზნაურობამ ორ საშუალებას მიმართა თავის ღირსების და მდგომარეობის დასაცავად: მიწა-ალაგის გაყიდვა-დაგირავებას და სამსახურს. მაგრამ, როგორც დავინახეთ ვერცერთმა ვერ გაამართლა მისი იმედები და გულ-დათუთქული დატოვა.
ამ ჟამად აზნაურობის სიღრმეში იბადება და იზრდება ერთი ძალა. ამ ძალას თვით-მოქმედებას უწოდებენ. თუ განათლებულ ევროპელს არ ეთაკილება ვაჭრობა, აღებ-მიცემობა, ჩვენ რაღა ვართო, გაიფიქრა ერთმა ნაწილმა აზნაურობისამ და კიდევაც დაადგა მრეწველობის გზას. ერთის მხრით, კავკასიის ბუნება უხვად იძლევა მიწის მოსავალს, მხოლოთ ამ საქმეს მოწყობა და გაუმჯობესება ეჭირვება; მეორეს მხრით, თვით დედამიწის გულში მრავალგვარი მადნის სიმდიდრეა ჩამარხული და შეზავებული. ვინ უნდა დაეპატრონოს ამაებს, თუ არა შეძლებული აზნაურობა? ხოლო იქ, საცა თვითეული პირი უღონო და ხელ-მოკლეა, რამდენიმე პირების კრებული ძლიერი და ხელღონიერია. აი ამ აზრმა იჩინა თავი ჩვენში. ამისათვის მოსალოდნელია აღებ-მიცემობა, მრეწველობა შეძლებულ აზნაურობას ჩაუვარდეს ხელში.
აქედან ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ბატონ-ყმობის მოსპობის შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა მოწინავე წოდებაში. უმრავლესობა ხელ-ცარიელი რჩება, ღარიბდება; უმცირესის უმცირესობა, როგორც იყო, ცხოვრებას ეკედლება, მოხელეობის ასპარეზზე გამოდის. ხოლო ერთი მუჭა შეძლებულ მემამულეთა ადგება ევროპის მიერ გაკვალულ გზას – თანხით წარმოებას და აღებ-მიცემობას. აშკარაა, რომ „ბრწყინვალე“ წოდება დანაწილდა, მისი აგებულება გადასხვაფერდა და დღე-მუდამ გარდაქმნისკენ არის მიდრეკილი. იმის სიღრმეში ნივთიერად საშინელი მეტ-ნაკლებობა აღმოჩნდა. რა არის საერთო, მაგალითად, იმ აზნაურთა შორის, სადაც ერთი ათი-ათასობით ფულს ატრიალებს ხელში, ხოლო მეორეს კი ლუკმა-პურიც ენატრება? ისინი ნივთიერად აღარ არიან დაკავშირებულნი, იმათ შორის დიდი ორმოა გათხრილი. მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ იმათ –ერთი თანასწორი უფლება უპირატესობა, ესე იგი ტრადიცია იურიდიულად განმტკიცებული. მაგრამ „საზოგადოების ეკონომიური ურთიერთობა არის ნამდვილი და უტყუარი საფუძველი, რომელზედაც მყარდება იურიდიული და პოლიტიკური წყობილებაო“ – ამბობს კარლ მარქსი. ამისათვის, თუ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნივთიერად დაქუცმაცებული წოდება ერთი ქერქით, ერთი გარეგანი კანით არის შემოხვეული, ეს ამის შეურყევლობას არ ამტკიცებს. ეს მხოლოდ გვიჩვენებს, რომ ცხოვრების დუღილი ჯერ ისევ ისეთი ძლიერი არ არის, რომ გარედ გამოხეთქოს და წალეკოს ყოველივე ის, რაც აფერხებს და ხელს უშლის მის ბუნებურ მიმდინარეობას. და რომ ეს ასე უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან – ცხადია.
ახლა ვიკითხოთ, შეუძლიან თუ არა მარტო ჩვენ შეძლებულ აზნაურობას შეებრძოლოს აღებ-მიცემობის საქმეში ევროპის თანხის პატრონებს? „ამ ჟამად გამოდიან მდაბიო ერის სიღრმიდან თითო-ოროლანი, რომელთაც კარგად აქვთ აღებული ალღო დღევანდელი ვითარებისა და მრავლად იგდებენ ხელში ქონებას და დოვლათს („ივერია“ №22, 1893)“. ცხადია რომ აზნაურნი მაწარმოებელნი გაჭირვების დროს ამათ ხელს გაუწვდიან და ძმურად ეტყვიან: მოდით, მოგვაშველეთ თქვენი ფულით გატენილი ქისები და ერთად დავიწყოთ „ქვეყნის აშენების“ საქმეო. ამ სახით, ეს ორი სხვადასხვა წოდების წარმომადგენელნი შეიძლება (ამას ეჭვი არ უნდა) ახალმა საქმემ და საერთო საშვალებამ, ე. ი. ფულმა და წარმოებამ, შეაერთოს, ხელი-ხელ გაყრილნი გამოიყვანოს ბრძოლის ასპარეზზედ. განვიხილოთ, საიდან ჩნდება ეს მეორე ძალა ჩვენს ცხოვრებაში.
VIII
[რედაქტირება]ყველასათვის ცხადია, რომ გლეხ-კაცობა ბატონ-ყმობის მოსპობამდე ყოვლად უნუგეშო მდგომარეობაში იყო. გლეხი ბატონის საკუთრება იყო, ის გაჰყიდდა, დააგირავებდა, გააჩუქებდა, გაასამართლებდა, დასჯიდა და სხ.. ის პიროვნება არ იყო. გლეხის შემოსავალი ნახევარზედ მეტი ბატონს მიჰქონდა; ის ხნავდა, სთესავდა და ინახავდა ბატონს. ოჯახში თუ ორი მამაკაცი იქნებოდა, ერთი ბატონთან უნდა ყოფილიყო მოსამსახურედ. ბატონის ნება-დაურთველად გათხოვება, ცოლის შერთვა, გაყრა შეუძლებელი იყო. რაკი გლეხი სრულად დამოკიდებული იყო თავის ბატონ-პატრონზედ, აშკარაა, რომ მისი შრომა არ იქნებოდა თავისუფალი. აქ შრომა ბორკილ-დადებული, შებოჭვილი იყო. ყმა თუ შრომობდა, შრომობდა ბატონისთვის, თუ რამეს თავისთავად შეიძენდა, მეორე დღეს ბატონი ისაკუთრებდა. ერთის სიტყვით, ყმას საკუთარი არა-გააჩნდა-რა, ყმაც ბატონისა იყო და მისი ქონებაც. „გოგოც ჩემია და მისი ჩით-მერდინიცაო“ – ამბობს ლუარსაბის მეუღლე დარეჯანი. დადგა დრო ბატონ-ყმობის გაუქმებისა. 19 თებერვლის რეფორმებით კაცი კაცად იქმნა აღიარებული. მოისპო ერთი სამარცხვინო მიზეზი ადამიანის უფლების გაქელვისა და შეურაცხყოფისა. „ერთს ჩამოერთვა ის, რაც სიმართლის შეურაცხყოფა იყო, მეორეს დაუბრუნდა ის, რაც უმართლოდ წართმეული ჰქონდა“( ილია, „ცხოვრება და კანონი“). ყმა გათავისუფლდა ბატონის დამოკიდებულებისგან. მაგრამ ეს გათავისუფლება სრული არ იყო, ბოლო მოკვეცილი დარჩა. გლეხი გამოუშვეს ცხოვრების სარბიელზედ უმიწა-წყლოდ, – წადი, როგორც გსურს, ისე იშრომე და იცხოვრეო. გლეხს, რასაკვირველია, ასე ღვთის ანაბარა დარჩენილს, ცხოვრება არ შეეძლო, მისთვის აუცილებლად საჭირო იყო სამოსახლო და სახნავ-სათესი მიწა. აი ამ „მოწყალებას“ აძლევენ ბატონის მამულიდან და გლეხიც იქ ბინავდება. სამაგიეროდ ის იხდის წელიწადში ყოველივე შემოსავლის მეოთხედს (ცოტა ფულსაც) ბატონის სასარგებლოდ. რაც უნდა იყოს, გლეხი გახდა სრულიად დამოუკიდებელი: ის შეიქმნა ერთად-ერთი პატრონი საკუთარის ძალ-ღონისა, საკუთარი შრომისა, მონაგარისა. მას ახლა თავისუფლად შეეძლო მოეხმარა თავისი შრომა, შეემუშავებინა მხოლოდ „საკუთარი“ მამული. ამაში გამოიხატა დედა-აზრი ახალის რეფორმებისა. აი აქ არის სათავე იმ ეკონომიურის ცვლილებისა, რომლის მოწამე ჩვენ ვართ დღეს. გათავისუფლება შრომისა – აი რა დაედვა სარჩულად ახალ ცხოვრებას, აი სად სცემს დედა-ძარღვი ახალი ურთიერთობისა და ვითარებისა. რაკი გლეხმა თავისუფლება ხელთ იგდო, ის გაექანგამოექანა, მიდგა-მოდგა ცხოვრებაში და მედგრად შეებრძოლა ცხოვრების აზვირთებულ ტალღებს. იმან აქ იგრძნო თავის თავი მარტო-ხელად, უმწეოდ, განცალკევებულად. მიიხედ-მოიხედა გარეშემო და დაინახა, რომ ყველა ცალკე შრომობს, ერთმანეთის დაუხმარებლად, თვითეულად იბრძვიან ლუკმა-პურისთვის. ამნაირად, ხალხის გულში ამოხეთქა ახალმა დედა-აზრმა: განცალკევებამ, განთვითებამ, ინდივიდუალიზმმა. ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთის მეორესთან, ერთისა ყველასთან, ყველასი ერთთან, ბრძოლა ლუკმა-პურისათვის, ბრძოლა – აი რას მოჰყავს მოძრაობაში დიდი თუ პატარა, მდიდარი თუ ღარიბი. ყველა თავის ინტერესებს ხედავს, თავის სარგებლობას ეძებს, თავისთვის იბრძვის. პირადობა, თვისი „მე“ საშინელი ძლევამოსილობით გამოდის მოედანზედ – და ძირიანად არღვევს ჩვენს ცხოვრებას; ის, ვინც მეტი გამრჯელი, ხეირიანი და უნარიანია, ბრძოლაშიაც, რასაკვირველია, იმარჯვებს და ცხოვრებასაც ასე თუ ისე ეკედლება. იმას „ცა ქუდად მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად. “
აქ იწყება გლეხ-კაცობის ქონებრივი განაწილება. თუკი ერთი თან-და-თან წელს იმაგრებს და ღონიერდება ნივთიერად, სამაგიეროდ მეორე უძლურდება და ღატაკდება. თუ კი ერთი ხელში იგროვებს ქონებას და დოვლათს, სამაგიეროდ მეორეს ხელიდან ეცლება და სამუდამოდ ჰკარგავს. ერთის სიმსუქნე მეორეს სიმჭლევეზედ არის აშენებული, ერთის ძლიერება მეორეს სისუსტეა, ერთის ბედნიერება მეორეს უბედურებაა. დიაღ, ამას მოითხოვს მტკიცე და შეუბრალებელი საეკონომიო კანონი და ამის ჭახრაკში უკვე გაჰყო თავი ჩვენმა ერმა საერთოდ და გლეხკაცობამ კერძოდ. ამ მიზეზით გლეხ-კაცობა იყოფა ორ მეტ-ნაკლებ ნაწილად: უმცირესს „კარგად აქვს აღებული ალღო დღევანდელის ვითარებისა და მრავლად იგდებს ხელში ქონებას და დოვლათს“, ხოლო უმრავლესობა, სიღარიბისაგან ილაჯ-გაწყვეტილი და არაქათ-გამოლეული, თან-და-თან წელში იხრება და სიღატაკის მორევში ეშვება. ნამდვილი არის ეს? აბა ჩავიხედოთ ლიტერატურაში.
IX
[რედაქტირება]როგორც კი ახალმა დედა-აზრმა – ინდივიდუალიზმმა – ცხოვრების კედელი შემოანგრია, მისს სიღრმეს მისწვდა და დაიწყო თავისუფალი ნავარდობა, ხალხმა ეს მაშინვე იგრძნო, მიხვდა, რომ რაღაც არა-ჩვეულებრივი შემოეპარა, და ყურები ცქვიტა. მიიხედ-მოიხედა და რა ნახა? ნახა, რომ ყველას რაღაც თავს წასწოლია მაჯლაჯუნასავით და სულს უხუთავს. მაგრამ რა არის ეს „რაღაცა“, რაში მდგომარეობს მისი არსებითი ძალა ან საიდან მომდინარეობს, ვერ გაეგო, აქ გონიერებამ უღალატა. ხალხი ხედავდა თითო-ოროლა პირს, რომელნიც მას უმოწყალოდ სძარცვიდნენ და მაშინვე ხმა-მაღლა მორთო ყვირილი: აი ესენი არიან ჩვენი უბედურების მიზეზნი, მოგვაცილეთ თავიდან და ბედნიერი შევიქნებითო. ამ ნაირად მთელ სისტემას ახალის ცხოვრებისას რამოდენსამე პირს თავზედ ახვევდნენ, ესენი არიან დამნაშავენიო. ან კი როგორ უნდა მოეაზრათ, რომ ახალი პრინციპი თავისი ძლევა-მოსილობით აღემატება ყოველივე ძალას ადამიანისას, რომ მისი შეკავება და გზის გადაღობვა ოცნებაა და არა ნამდვილი საშუალება. გაისმა ხალხში გლოვის ზარი, მოჰყვნენ ოხვრას და გოდებას. ეს მოძრაობა მწერლობაშიც გამოიხატა. 66 წლიდან იწყება ლიტერატურაში დაუსრულებელი მგლოვიარობა. რაც წინ მიდის დრო, მით უფრო გმინვა-გოდება ძლიერდება და თავისს უმაღლესს წერტილს აღწევს 76-89 წ. წ. აქედან კი, თითქო საზოგადოება შეეჩვია მოვლინებულ „ჭირსაო“, ეს ხმა სუსტდება და ბოლოს ქრება. ახლა ფეხს იდგამს ბელეტრისტიკა, რომელიც გვიხატავს ხალხის ცხოვრებას, მისს გაჭირვებულ მდგომარეობას და გვიწოდებს, მოდით ნახეთ, როგორ ირღვევა ჩვენი ცხოვრებაო (ეგ. ნინოშვილი, შ. არაგვისპირელი). ახლა გადავავლოთ თვალი ძველს და ახალს მწერლობას და გავიგოთ გლეხის გარემოება.
„... ჩაიხედეთ რომელსამე კახეთის სოფელში, თუნდა თვით თელავშიაც, მიიხედ-მოიხედეთ რა სხვა-და-სხვა და ერთი მეორის წინააღმდეგი სურათები წარმოგიდგებათ: ერთი მხრით ჰხედავთ, რომ მშვენიერი ორ-სართულიანი სახლი ევროპულად აშენებული დგას, მეორეს მხრით კი გვერდზედ წამოწოლილი ქოხი, რომელიც საქათმეს უფრო მიემსგავსება, ვიდრე სახლსა! ერთის მხრით ხედავთ აუარებელ სიმდიდრეს, ზოგჯერ ეგეთს, რომ პატრონს გაუნათლებლობის გამო ვერც კი მოუხმარებია, მეორეს მხრით საშინელ სიღარიბეს და სისაწყლეს! ერთის მხრიდან გესმით სიმღერა და ხარხარი, მეორეს მხრიდან მწუხარება და ტირილი („ივერია“ №13, 1878)“. “1890 წელს თითქმის სათითაოდ დავიარე ზემო-ქართლის სოფლები და ყველგან ერთი და იგივე მესმოდა: იმდენი არ მოგვივიდა ჭირნახული, რომ ღალა მოვიშოროთო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე აგრე სახარბიელო მოსავალი არც წინა წლებში მოსულიყო. ეს შვიდი წელიწადი იქნება, რაც ჩვენ მოსავალი არ მოგვსვლიაო, მიპასუხეს გლეხებმა („ივერია“ №71, 1893)“. „მომეტებული ნაწილი მცხოვრებთა ქანც-გაწყვეტილია ბალახეულობით კვებისაგან (კახეთში), ბევრგან სხვა-და-სხვა ავადმყოფობამ იჩინა თავი და მუსრს ავლებს ამ დასუსტებულ ხალხს („ივერია“ №79, 1893)“. „შორაპანი: უმეტესი ნაწილი ჩვენის საზოგადოების მცხოვრებთა ღარიბია. პურს იშვიათად სთესენ. ყველა სიმინდს ეტანება, მაგრამ კარგ ამინდშიაც წლის სარჩო თითქმის ვერავის მოჰყავს. ამ საზოგადოების ავლა-დიდება ღვინო იყო და ამანაც ბოლო წლებში ძალიან იკლო“. „გლეხის ოჯახი საზოგადოდ წარმოადგენს უბუხრო ფიცრულ სახლს, რომელშიაც შენიშნავთ რამდენიმე სამ-ფეხა სკამს და ან ხის გადანაჭერ მორგვებს „ჯორგოებს“, ცოლის ნამზითევ დამტვერიანებულ ფარდაგს, ჭილობს, რამდენსამე დაწვირიანებულ დაბამბულ საბანს და მიუცილებელ წვრილ-წვრილ ხაბაკებს. ამ ავლა-დიდების პატრონს ცოლ-შვილი სანახევროდ ტიტველა უყრია არა თუ სახლში – შენობაში, არამედ გარედაც კი. ასე წარმოიდგინეთ, თემობაშიაც კი შეხვდებით ფეხ-შიშველა ქალებს ... თვით სახლის უფროსი, მამა, ყოველ ცისმარე დღეს, დარში და ავდარში, თავ-ფეხ-ტიტველა, ეზიდება შავ-ქვას თავის ცხენებით იმ იმედით, რომ დღეს არა, ხვალე წელში გავიმართები და ოჯახს ვუპატრონებო („ივერია“ №31, 36, 65, 200, 222, 1893)“. ასეთი ამბებით ავსებენ ჩვენს გაზეთებს სოფლის მეთვალყურენი. ამნაირადვე ხატავს ბელეტრისტიკა გლეხის მდგომარეობას.
„ნაბატონარი გლეხი, გიგოლა ნალეკარიშვილი, როგორც ეხლანდელი გლეხკაცობის უმრავლესობა, ძალიან ხელ-მოკლედ და ღარიბად ცხოვრობდა თავის ცოლით და წვრილი შვილებით. მამეული „ნადელი“ ბევრს ნაწილად ოჯახის გაყრისა და მამულის გაყოფის გამო თითქმის არაფერი დარჩომოდა. ერთი კალოს ტოლა ვენახი, პატარა ბაღჩა, ჩალა-დაფარებული წნული სახლი, პაწია ეზოთი, ორი ხარი – აი მთელი ამისი უძრავი და მოძრავი სარჩო-საბადებელი, შინაური ავეჯის და ქათამ-წიწილის გარდა, რომელიც არა იყო-რა სათქმელი („ივერია“ №90, 1893)“. გოგია უიშვილი ცხოვრობს „მჭვარტლით გაშავებულს, ფიცრულა სახლში, იმ სახლში, რომლის ავეჯ-სამკაულს შეადგენდენ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები: ოღრო-ჩოღრო ფიცრის ტახტზე ეწყო ჭილობი, ძველი ჭუჭყიანი ლები, ასეთივე საბანი და ბალიში (მუთაქის მაგიერად კი ხის ძირკვი იდო); ქვედა კუთხეში ერთმანეთში არეულიყვენ ერთი დიდი და ერთი პატარა თუჯის ქვაბები, ქვის კეცი და ორი პირმოტეხილი დოქი; იქვე თაროზე ეწყო ათი-თუთხმეტიოდე ხის ჯამი, ხისვე ფილი და გობი; ზევით კუთხეში ერთ მხარეს ეგდო ცული და წალდი, მეორე მხარეს იდგა ერთი დიდი და ერთი პატარა გოდორი; საცეცხლურზე ეკიდა მჭვარტლისაგან გაშავებული ხის კავი. აი ამით თავდებოდა გოგია უიშვილის სახლის ავეჯეულობა ... (ე. ნინოშვილი, „რამდენიმე მოთხრობა“)“. „შეიძლება ზოგს ეგონოს ღარიბი ცოტას მუშაობს? მაგრამ არა, ჩემი მკითხველო, ღარიბი დილით საღამომდინ დაუსვენებლივ მუშაობს, მაგრამ მაინც ისევ ღარიბია... („ივერია“ №13, 1878)“. „მუშა გლეხს რაც უნდა დარი იყოს, მაინც არ შეუძლია მოისვენოს: გლეხმა კარგად იცის, რომ მოსვენება და სატანჯველის მოშორება უარესს სატანჯველს შეახვედრებს და ამიტომ არას დროს მოისვენებს ... “ – ამბობს ბ-ნი ნინოშვილი. „მოსვენება კარგია, შვილო, მარა ვინ მოგასვენებს! მებატონეს, მღვდელს, ხელმწიფეს, ოჯახს, მტერს, მოყვარეს, ყველას პასუხის გაცემა უნდა. ძნელია მუშის გული“ – ნაღვლიანად ეუბნება გლეხი ივანე თავის ვაჟს ნიკოს (ე. ნინოშვილი, „რამდენიმე მოთხრობა“)“.
აი რანაირ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს გლეხის მდგომარეობა. ის მუდამ ღარიბია. რა არის ამის მიზეზი? რასაკვირველია, პირველად უმამულობა. ის სხვის მიწაზედ ცხოვრებს, ჰხნავს, ჰსთესავს და სხ.. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აზნაურობას ჰქონდა მამული, მიუხედავად ამისა უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა და გაღარიბდა. რუსეთში ბევრ ალაგას მიწის საზოგადო მფლობელობაა, ე. ი. მიწა სოფელს ეკუთვნის და საკმარისად არის განაწილებული. მთელ რუსეთში თვითეულ გლეხ-კაცს საკომლო მიწა ხვდება 12, 3 დესიატინა, თვითეულ მამაკაცზედ მოდის 4, 1 დესიატინა. მაგრამ „მიწის ნაწარმოები გლეხის არსებით საჭიროებასაც ვერ აკმაყოფილებს“ – იწერება რუსეთის კორესპონდენტი, რის გამო საშინელი შიმშილობა დაატყდა თავს რუსეთს. სტავროპოლის გუბერნიაში „თითო სულს მიეცა ნადელად 19 დესიატინა, ანუ 38 დღიური და დღეს ათ პროცენტს გლეხობისას ერთი ნაჭერი მიწაც აღარა აქვს („ივერია“ №77, 1893)“. 1891 წლის რუსეთის „საგლეხო ბანკის ანგარიშიდანა სჩანს, რომ ამ წელს ბანკს დარჩენია 90, 606 დღიური მიწა; წარმოიდგინეთ, იმ წელს, როცა მთავრობამაც დიდი შეღავათი მისცა მოუსავლობისგან დამშეულ ხალხს ბანკის ვალის გადახდაში; 100 ათასი გლეხი სტოვებს თავის მიწა-წყალს და კუჭ-მშიერი გარბის სხვა-და-სხვა შორეულ მხარეს, სოფლად და დაბა-ქალაქებში ქუჩა-ქუჩა ლუკმა პურის საშოვნელად („ივერია“ №70, 1893)“. ერთობ, რუსეთის გლეხ-კაცობის გაღატაკება საშინელის ჩქარის ნაბიჯით მიდის წინ. ის მუდამ სტოვებს თავის მიწა-წყალს და სხვაგან ეძებს სარჩოს. ჩვენში კი, მაგ. ქუთაისის გუბერნიაში, ყოველგვარი მამული: ეზო, ვენახი, სახნავ-სათესი, ტყე, საბალახო და უვარგისი მიწები თვითეულ კომლს გლეხისას ხვდება 4, 23 დესიატინა, თითოეულ მამაკაცს 1, 28 დესიატინა. მთელ ქართლში გლეხთა საკუთრება იქნება 5% ვერც კი შეადგინოს. მიუხედავად ამისა ჩვენი გლეხ-კაცობა ჯერ კიდევ არ დაძრულა თავის ადგილიდან (რუსეთთან შედარებით) და კერას არ მოსცილებია. სად უნდა ვეძიოთ ამის მიზეზი? ჩვენის აზრით ის დამარღვეველი პროცესი, რომელიც რუსეთის ხალხს საფუძველს ურყევს და თავის მამულ-დედულიდან სდევნის, ჩვენში ახლად ფეხ-ადგმულია, სრულს ზრდას და განვითარებას მოკლებულია ჯერ-ჯერობით. ამისთვის მისი მკაცრი გავლენა სუსტი და ფერ-მკრთალია.
რაში იხატება ეს პროცესი
X
[რედაქტირება]„ქიზიყის სიღარიბის და ნივთიერად დაცემის მიზეზი, სხვათა შორის, ის იყო, რომ ყველა სოფელში იყვნენ და ახლაც არიან გამართულნი რამ- დენიმე დუქნები სხვა-და-სხვა საქონლითა. ქიზიყელი დედაკაცები იპარავდნენ სახლში სარჩოს და მიარბენინებდნენ დუქანში. ვაჭრები რაღას შვრებიან? ორის და სამი თუმნით იგირავებდნენ ვენახებს, რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდნენ მოსავლით და მერე კიდევაც ისაკუთრებდნენ და ახლა სიღნაღის მაზრაში მრავალი ვენახები უჭერიათ ამ ვაჭრებსა („ივერია“ №17, 1878)“. „ვაჭრების წყალობით მრავალი გლეხ-კაცი სრულიად გაგლახავდა ... ისინი იფანტებიან ზაქათალას ყველა სოფელში, სადაც მოშორებულნი არიან ყოველგვარ ზედამხედველობას და სძარცვავდნენ ხალხს („ივერია“ №30, 1878)“. „ხიდის-თაველების მშვენიერი შეკაზმული ვენახები და სახნავი მიწები სულ იმათ (სომეხთ) და ორიოდე ჩვენებურ ბობოლების ხელშია („ივერია“ №28, 1878)“. „სიღნაღს რის დარდი აქვს: მოვა მოსავალი სიხარულით აღარ არის, არ მოვა კიდევა და უფრო მხიარულობს. ერთსა და მეორე შემთხვევაშიაც ადვილად ახერხებს იოლად წასვლას, ქონების შეძენას. ამისი უნარი და შნო სიღნაღს დიდი აქვს. ერის გაჭირვებაცა და ლხენაც ამისთვის დღესასწაულია, ქორწილია, აღდგომაა. აი როცა მოუსავლობით ხალხს გაუჭირდება, სიღნაღს ყოველივე ბევრი აქვს და სისხლის ფასად აძლევს. ეს ქალაქი თავის მაცხოვრებელ მაზრას ლუკმა-პურს ართმევს და სწველის ოსტატურად, მოხერხებით ... ოთხ აბაზზე მეტ სარგებელს აძლევს (გლეხი) თუმანზედ თვეში და კიდევ უხარია, ემადლიერება ფულის პატრონს, რომ ასე იაფად იშოვა. ოთხი თვის შემდეგ, ე. ი. მკათათვეში, პური უნდა მისცეს ფულის პატრონს, კოდი მანათად. რომ არც წელი მოუვიდეს პური მაშინ? მაშინ ხომ ყმად გაუხდება ფულის პატრონს სამს თუმანში. ამაზე მეტს უკიდურეს მდგომარეობამდე კიდევ გინდათ მივიდეს ხალხი? („ივერია“ №77, 1893)“.
ბ. ე. ნინოშვილი საუცხოვო ხელოვნებით გვიხატავს სოფლის ბობოლათა ტიპს, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვი ჩვენს ცხოვრებაში. „ ... აა, შენ წაწყმენდილო ქვეყნის ყლაპიავ, რას მერჩი, რას!“ – ეუბნებოდა გლეხი სიმონა დავითს. „ხალხი მისცვივდა და მიაფარა ხელი პირზედ: – ბიჭო, ხომ არ გადაირიე, თავადიშვილი ვერ გაუბედავს ამას მაგისთანა სიტყვებს! შენი ტოლი ხომ არ გგონია! გაჩუმდი! გაჩუმდი!.. – შენ მებრალები, თვარა ამას (სიმონას) ასწავლიან ჭკვას, იმისთანა ადგილზედ ჩავაჯენ“ – ეტყოდა დავით სიმონას დედას, როდესაც ის ბოდიშს მოიხდიდა მის წინაშე:“ მაპატიე, ბატონო, ბაღანაია, უჭკუოა“-ო.
როდესაც სიმონა თავის სახლში ლანძღვას დაუწყებდა დავითს, დედა მივარდებოდა და მუდარის კილოთი ეტყოდა: – „შვილო, ნუ მეთქინ, ნუ იტყვი ამისთანას. შვილო ჩვენ ობოლი ვართ და იგი ნეფის ტოლი კაცია, რომ მოინდომოს ერთის სიტყვის თქმით დაგვღუპავს“.
ვინ არის ეს დავით, რომლის წინაშე ასე მოწიწებით მუხლს იდრეკს მთელი ხალხი? საიდან მოიპოვა ამ „ნეფის-ტოლ“ კაცმა იმდენი ძალა, რომ ერთის სიტყვითაც შეუძლია სიცოცხლე ჩაუმწაროს ადამიანს? შეიძლება მის წინაშე იმისთვის ძრწის ხალხი, რომ უმაღლესი მთავრობის წარმომადგენელი იყოს ან საზოგადო ღვაწლ-მოსილი და ხალხის სარგებლობისთვის თავ-დადებული? არც ერთი და არც მეორე. მაშინ ვინ არის?
აი რას მოგვითხრობს თვით ავტორი დავითის ვინაობის შესახებ:“ დავით დროიძე გლეხი იყო, ერთის აზნაურის „ნაკაცვარი“. ყმაწვილობისას დავით ვიღაც ნიგვზის ხეებით მოვაჭრე ბერძენთან იდგა, ჯერ მოჯამაგირედ და მერე „პრიკაშჩიკად“. შემდეგ, როცა ბერძენი თავის ქვეყანაში წავიდა, დავითმა თვითონ დაიწყო ნიგვზის ხის სყიდვა-გასყიდვა ... რამდენისამე ხნის შემდეგ, დავითმა დაანება თავი ხის ვაჭრობას და სიმინდის ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ ვაჭრობამაც კარგა ბლომად შეჰსძინა ფული დავითს ...უკანასკნელ, დავით მობრუნდა სოფელში, შეისყიდა თავის მებატონესაგან საკომლო მიწები, გაიკეთა კარგი „ოდა“ და გაიჩინა ცოლ-შვილი. თუ რამ „საფოდრათო“ გამოჩნდებოდა დავით თავის ხელიდან არ უშვებდა. თუ არა და ცხოვრობდა ფულების პროცენტით – ფულებს მეზობლებში ასესხებდა ... დავითმა გაიკეთა თავის სოფელში დუქანი“. ის აქედან იგდებს ფულს და მისმა უფროსმა ვაჟმა მახლობელ ქალაქში დაიწყო ვაჭრობა „მანუფაქტურით“. მიწა-ადგილს დავით თანდათან იძენდა, ასე რომ „ბოლო დროს კარგი მამულის პატრონი თავადისთის შეეძლო ხელის გაწვდენა“, რისთვისაც „აზნაურის ოჯახს“ უწოდებდნენ მის სახლობას. აი ვინ არის დავით. იმას კარგად „აუღია ალღო დღევანდელის ვითარებისა და მრავლად მოუკრებია ხელში ქონება და დოვლათი“. ამისათვის „ნეფის-ტოლ“ კაცად გამხდარა სოფელში. ეს ერთხელ ღარიბი გლეხი, ახლა მთელის სოფლის ბატონად შექმნილა, მას ყურ-მოჭრილ მონად გაუხდია ხალხი. დავითს და ხალხს შორის დიდი ორმოა ამოთხრილი. ერთს მხარეზედ დგას ბრძანებელი, მეორეზედ მონა-მორჩილი; ერთისაკენ მოგროვილა სიმდიდრე და ძლიერება, მეორისაკენ სიღარიბე და უძლურება. ერთის სიტყვით, დავითს და დანარჩენ გლეხებს შუა ხიდია ჩატეხილი. „დავით თავის სოფელში პატარა მეფეა“.
გადაიკითხეთ „ივერიაში“ სხვა-და-სხვა სოფლიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები, რომლებიც აგვიწერს ჩვენის სოფლების დღიურ ვარამს, მისის ცხოვრების ავ-კარგიანობას და თქვენ დარწმუნდებით, რომ დავით ჩვენი ცხოვრების ღვიძლი შვილია, ნამდვილ ნიადაგზედ არის შექმნილი და აღმოცენებული.
ამნაირად, ახალი ცხოვრება დამყარდა ახალ საფუძველზედ. მისი არსებითი თვისება ფული შეიქმნა. “არ იცით, რომ სიცოცხლე ბრძოლაა? – ეკითხება დავით დროიძის ვაჟი ტიტიკო ძმებს: – ბურთი და მეიდანი იმას რჩება ვინც მძლავრია. სიმძლავრე ანუ ძალა ეხლანდელ დროში ფულია“. ფულის შეძენის უფლება, ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ, ყველას მიეცა. რაკი ეს ასე მოხდა, ცხადია, რომ ყველა თანასწორად ვერ შეიძენდა. ამიტომ მიუვალი, კედლით შემოზღუდული წოდება შეირყა. მის გულ-ღვიძლში ჩაჯდა დანაწილების, დაქუცმაცების მატლი. გლეხ-კაცობაში ჩნდებიან ერთის მხრით დავით დროიძე, მეორეს მხრით სიმონა. რა აქვთ ამ პირთ საერთო? სრულიად არაფერი. რამდენად დავითი მაღლა დგას ქონებით, იმდენად სიმონა დაბლა არის. ფულმა დაიმონავა უფულობა, შეძლებამ სიღარიბე, მძლავრმა – სუსტი. აქ ამიერიდან წოდებაზედ აღარ არის ლაპარაკი, ის de facto აღარ არსებობს. მისი ალაგი ფულმა დაიჭირა. მდიდარი ხარ, მაღალ წოდებას ეკუთვნი, ღარიბი – დაბალს. დავითს „კარგი მამულის თავადისთვის შეეძლო ხელის გაწვდენა“. გლეხ-კაცობა (როგორც აზნაურობა) ირკვევა, ნაწილდება ორად: გლეხი მდიდარი და გლეხი ღარიბი. ესენი ნივთიერად დანაწევრებულნი არიან, საერთო მხოლოდ ძველი მოგონება დარჩენიათ, ის რომ ერთხელ ორივე თანასწორად ატარებდნენ ცხოვრების მძიმე უღელს. ამიერიდან გაჰქრა ის დრო, ისტორიას ჩაჰბარდა.
XI
[რედაქტირება]მეტყვიან: გლეხი ღარიბია, გლეხი მდიდარი, ორივე გლეხია, ორივე თანასწორ მოვალეობას ასრულებენ, ორივეს ერთი და იგივე უფლება აქვსო. განვიხილოთ, რამდენად ჭეშმარიტია ეს აზრი.რაკი გლეხ-კაცობა ეკონომიურად დანაწილდა, უფლება-მოვალეობითაც უნდა დანაწილებულიყო. ქვა-კუთხედს ადამიანის ცხოვრებისას ქონებრივი მდგომარეობა შეადგენს. ქონება და უფლება – ეს ორი მხარეა ერთი და იმავე მოვლენისა. ისინი ისე მჭიდროდ არიან შეკავშირებულნი, რომ ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. ვინც თავის ხელში სიმდიდრეს აგროვებს, ის ამით უფლებასაც იძენს. ქონება თავისკენ იზიდავს უფლებას, თუ შეიძლება ასე ითქვას. შინაარსს უფორმოდ არსებობა არ შეუძლიან. საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ (1789) დაამხო ძველი წოდებრივი განწყობილება და დაამყარა ახალი. ძმობა, ერთობა, თავისუფლება – აი რა ეწერა მის დროშაზედ. მაგრამ ჩქარა აღმოჩნდა, რომ უფლებით თანასწორობა ვერ გააბედნიერებს ქვეყანას და თვით ეს თანასწორობა ფიქციაა. ხალხი გათანასწორებული de jure, დარჩა გაუთანასწორებელი de facto. რისთვის? იმისთვის რომ ნამდვილი უფლება იმან მოიპოვა, ვინც ქონებით გაძლიერდა. ერის წეს-წყობილების სათავეში შეძლებულნი ჩადგნენ და კანონ-მდებელნიც თვითვე შეიქმნენ. ამ მწარე სინამდვილემ გამოააშკარავა და ყველასათვის თვალსაჩინო გახადა ერთი ჭეშმარიტება: ეკონომიკური ურთიერთობა არის საფუძველი უფლებრივის ურთიერთობისა. ამას ვერც ჩვენი ქვეყანა ასცდება.
ორი ერთი და იმავე წოდების წარმომადგენელი, ნივთიერად განსხვავებული, უფლება-მოვალეობითაც განსხვავებულია. აქ ცხოვრების სინამდვილე არ ეთანხმება იურიდიულ სინამდვილეს. შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ დავითს და სიმონას ერთნაირი უფლება, თანასწორი ხმა ჰქონდეთ საზოგადოებაში? ორივე გლეხია, ორივეს ერთი უღელი აწევს კისრად. მაგრამ დახე ბედის წერას! რაღაც მანქანებით დავით სრულიად თავისუფლდება ამ მოვალეობისგან. ის იძენს უაღრესს უფლებას. დავითი „სასულიერო წოდების კაცად ჩაეწერა, თუმცა არავის ახსოვს, რომ დავითის მამა-პაპათაგანი ვინმე სასულიერო წოდებისა ყოფილიყოს“. როგორ მოხდა ეს? ეს კანონის აშკარა დარღვევა არ არის? დავითმა „თავის დროზე დახარჯა ფული“-ო. ამ მოკლე სიტყვით მრავალი ითქვა. სუყველაფერი ფულის საქმე ყოფილა. აი სადა მარხია დედა-ძარღვი! აი სად იხსნება გორდიევის კვანძი! ქონებამ კანონს გადააბიჯა, ყურ-მოჭრილ მონად გაიხადა. კანონიერად კი არ შეეძლო დავითს სურვილის განხორციელება? „მექოთნე ქოთანს ყურს საიდანაც უნდა იქით მოაბამს“ – ამბობენ გურიაში; „ფული ღერძია, რომლითაც შეიძლება ქვეყნის გადაბრუნება“ – იმეორებენ ანგარიშის მოყვარე ინგლისელები. „ესეც რომ არ მოეხერხებინა დავითს, ის სავაჭრო მოწმობანი, რომელთაც დავითის შვილები იღებდნენ ყოველ-წლივ, სრულიად გაათავისუფლებდა გლეხ-კაცის მოვალეობისაგან“. მაშასადამე, ორი გზით შესძლებია დავითს უპირატესობის მოპოვება. ორივე შემთხვევაში ფულის წყალობით, ქონებით იძენს უფლებას.
მოდით და შეადარეთ ამას საწყალი სიმონა, გოგია უიშვილი, გაბრიელა ჩამწარდაძე, გიგოლა ნარეკელაშვილი და სხ. ! ამათ არა თუ აძლევენ, იმასაც ართმევენ, რაც აქვთ. გოგიას სცემენ, იჭერენ, შოლტავენ, სატუსაღოში ამწყვდევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბეგრის გადახდა ორი დღით დააგვიანა. მათი ადამიანური ღირსება ფეხ-ქვეშ ითელება, მათი მცირე უფლებაც ვიწროვდება და ბოლო ეკვეცება. დაბეჩავებული გლეხობა საკუთარ სასოფლო საქმეებშიაც მოკლებულია თავისუფლებას. მამასახლისის, მწერლის და სხვა მოხელეების არჩევა ხდება თითო-ოროლა პირის მიერ.
აი რანაირ გათახსირებულ მდგომარეობაშია გლეხკაცობის უმრავლესობა. ის თანდათან ღატაკდება როგორც ქონებით, ისე ფულებით, ისე უფლებით. ამით ხეირიანად სარგებლობს უმცირესობა და თავისუფლად სთლის შარაზედ დადებულ დუმას. დიაღ, ხალხი ცხვრის დუმაა, რომელსაც ყველა ამვლელ-ჩამვლელი თითო ნაჭერს აჭრის. ჰგრძნობს ამას ხალხი? შეგნებული აქვთ თავისი მდგომარეობა? ხმარობს რაიმე ღონეს თავის ადამიანურის უფლების დასაცველად? „ხალხი უმეტეს შემთხვევაში ქვევრი არის, რასაც ჩასძახებენ იმასვე ამოსძახებს“ – გვეუბნება ბ-ნი ნინოშვილი. თუ კი ხალხს თავის თავზე რიგიანი წარმოდგენა არ აქვს, არ გაეგება – რა შეადგენს მის ღირსებას, არ იცის, ვინ არის მისი მოყვარე და მტერი, მაშინ ის, რასაკვირველია, საუკეთესო სარბიელია, სადაც ადამიანის ქვენა-გრძნობები საზრდოს პოულობს და ყოველ გვარი უსამართლობა და ძალ-მომრეობა ფრთა-გაშლილი პარპაშობს. ამ შემთხვევაში ხალხი ცხვრის ფარაა, საითკენაც ჰსურთ, იქით გარეკავენ, როგორც ჰსურთ ისე გაჰკრეჭენ. ვინ არის წინააღმდეგი, ხმის ამომღები! „გავლენიანმა დავითმა ჩასძახა: სიმონა მავნებელიაო და ხალხიც იმეორებდა მავნებელიაო“. ცხადია, გლეხს სიღარიბე მოფიქრების ნებას არ აძლევს. ის მოკლებულია საკუთარ შეხედულობას, მისი ცხოვრება წყვდიადით არის გარემოცული, სადაც ცნობიერებას ვერ ჩაუღწევია. ხალხს ძარცვენ მოვახშენი, არბევენ მოხელენი. რისთვის? იმისთვის რომ „აღარა გვაქვს ერთობა, წაგვირთმევია ურთიერთთან კავშირი, აღარც ურთიერთისათვის გულშემატკივრობაა ჩვენში და აღარც ურთიერთის გამოსარჩლებაო“ – იწერება სოფლელი („ივერია“ №28, 1878). „საწყალ ხალხს ბრმა შური და მტრობა ერთმანეთისა ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი“ – ჩივის მეორე კორესპონდენტი („ივერია“ №31, 1893).
განთვითება, ინდივიდუალიზმი ისე გაძლიერებულია გლეხში, რომ თავის თანამოძმის ჭირი სრულებით დავიწყებული აქვს; მის შესახებ გულ- გრილია, სხვის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევს. ამისათვის ის ცალკე უღონოა, მისი ხმა მისუსტებულია, უმნიშვნელოა, მისი ძალა მიმქრალია, მიმალულია. ხოლო უძლური ცალ-ცალკე, ძლიერია ერთად. აქ მაგონდება გვარიანად ძველი, მაგრამ, ამისთანა შემთხვევაში, ნიადაგ ახალი არაკი: ერთი მოხუცებული რომ სიკვდილზედ მიიწურა, მოატანინა შვილებს ერთი კონა ისარი; მოსწია ერთად და ვერ დაამტვრია, თითო-თითო კი მაშინვე დალეწა. შვილებს მიუბრუნდა და უთხრა: თუ ერთად იქნებით მტერი ვერას დაგაკლებთ, თუ გაიყრებით, დაცალკევდებით, მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე თითო ღერო დავლეწეო. ერთი რუსის მწერალი ამბობს: „ხალხის მომზადება თავის ინტერესებისათვის საბრძოლველადო – აი რაში მდგომარეობს ხალხის სამსახურიო“. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც, როგორც ამბობს თ. ილ. ჭავჭავაძე, „ხალხს თავისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემის მეზობლის უფლების დარღვევა ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს“-ო. აი, ამ ნიადაგზედ უნდა იქმნას აგებული ღარიბი ხალხის შეერთება და თვით-ცნობიერება. ხალხი, ერთ ეკონომიურ და იურიდიულ უღელ ქვეშ მყოფი, ობიექტურად უკვე მზად არის ერთობისა და კავშირისათვის. ამას მხოლოდ შეგნება აკლია. მიეცით ამასთანავე ხალხს თვით-ცნობიერება და ის დღევანდელ ჯოჯოხეთს ხვალ სამოთხედ გადააქცევს ..
XII
[რედაქტირება]ყოველივე ზევით მოხსენებულიდან ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ბატონ-ყმობის მოსპობიდან ჩვენს ცხოვრებაში შემოვარდა მოვახშე, მოსარგებლე თანხა (კაპიტალი). ამის არსებითი თვისება იმაში იხატება, რომ ის პირდაპირ არ გადადის წარმოებაში; ამნაირი ფულის პატრონი მწარმოებელი არ არის. აქ ფული ფულს იგებს უშუამდგომლოდ. საქმეში დაუბანდებლად აქ არავითარი შრომის წესრიგი, კანონიერება არ არსებობს. ერთის კიბე იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ შიგ რამოდენიმე ხანს სხვისი ფული იდვა. ამ სახით, ფულმა შეანგრ-შემოანგრია ერი და დაყო ორ ჯგუფად: ფულის პატრონნი და უფულონი, მდიდარნი და ღარიბნი. ამით მომზადდა და მზადდება ნიადაგი, რომელზედაც უნდა აღორძინდეს და აყვავდეს წარმოება.
წარმოება ვერ გაჩნდება, შრომა თავისუფალი არ არის (ბატონ-ყმობაში), მეორედ, სანამ მუშას ცხოვრების ვითარება არ წაიყვანს მწარმოებლის კარებისკენ და არ ხდება მოქირავედ. პირველ პირობას ასრულებს კანონ-მდებლობა, ხოლო მეორეს – მოვახშე თანხა. ამ უკანასკნელის საშუალებით მდიდარი ღარიბდება, ღარიბი ღატაკდება. ორიოდე დღიური მიწა, რასაკვირველია, ვერ აკმაყოფილებს ახალ ცხოვრების მრავალფერ მოთხოვნილებას, კაცი შიმშილით უნდა მოკვდეს (მაგალითად რუსეთში). აქ ჩნდება წარმოება, იხსნება ქარხნები და ეს ოჯახის განწირული შვილი პოულობს ბინას, იჩენს საქმეს. იბადება უმიწა-წყლო, ბოგანო ხალხი (რასაკვირველია, ეს უცებ არ ხდება).
ამ გვარად წარმოებისათვის ორი რამ არის საჭირო: თანხა და მოქირავე მუშა. ეს ორი ძალა მუდამ ერთი-მეორის მოწინააღმდეგეა, ერთმანეთთან მებრძოლი და შეურიგებელი. რამდენადაც იზრდება პირველი, იმდენად ღატაკდება მეორე. ამისათვის ისინი დაუცხრომელ ჭიდილში და მტრობა-ქიშპობაში არიან. მიუხედავად ამისა, ორივე ყოველთვის ერთად არის, უერთი-მეოროდ არსებობა არ შეუძლიათ. საწარმოვო თანხა იზრდება მხოლოდ მუშის ძალ-ღონით, მუშა საზრდოს პოულობს მხოლოდ დღიური ქირით. პირველი ვერ იხეირებს უმუშოდ, მეორე ვერ დარჩება უსაქმოდ. ამით ეს ორი ძალა მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამათი დანაწილება და დაცალკევება შეუძლებელია
ჩვენში ჯერ კიდევ სჭარბობს მოვახშე თანხა. მაგრამ ამის სიღრმიდან იბადება საწარმოვებელი ფული და მკვიდრდება აღებ-მიცემობა. ამას ხელს უწყობს ერთის მხრით, როგორც ზევით მოვიხსენიეთ, ერის გაღარიბება, მეორეს მხრით, გარეშე ბუნებრივი პირობები: „რამდენადაც ეს გარეგანი ბუნება კავკასიისა მრავალ-გვარობით მდიდარია, იმდენად მისს მიწის გულშიაც მოიპოვება აუარებელი სიმდიდრე მადნეულობისა, რომელთაგან ზოგმა კიდეც იჩინა თავი მსოფლიო აღებ-მიცემობაში, როგორც, მაგალითად, ბაქოს ნავთის წყაროებმა, ქვა-გუნდამ (მარგანეცმა), ქვა-ნახშირმა.“
ამ სახით, ჩვენი ქვეყანა შეუმჩნევლად უკვე დაადგა წარმოების გზას, ერმა თავი გაყო კაპიტალიზმის ჭახრაკში.
ყოველი ისტორიული ხანა წამოაყენებს რაიმე მეტად დიდს და საყურადღებო კითხვას, რომელიც ასე თუ ისე ახსნილი უნდა იქმნას. ეს კითხვა
არ არის ზეციდან მოვლინებული, ან უქმი ჭკუის უქმი ნაყოფი. ის არის აშენებული უტყუარ ნიადაგზედ, ფესვები ღრმად აქვს გადგმული ცხოვრებაში და მისს სიღრმეში თანდათან იზრდება და მწიფდება. ამის გამოაშკარავება ისტორიული აუცილებლობაა. ამისათვის ადრე თუ გვიან ის თავისი მთელი არსებით წარსდგება საზოგადოების წინაშე: გინდა თუ არა ყურადღება უნდა მომაქციოვო. ვაი ამ საზოგადოებას, რომელიც ამას თავის დროზედ ვერ შეიგნებს და თუ შეიგნებს, ზურგს შეაბრუნებს! იგი საზოგადოება ყოველის მიზეზის გარეშე დამარცხებული დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმას აღგვა მოელის დედა-მიწის ზურგიდან. ორი ამგვარი კითხვა შექმნა ჩვენმა თანამედროვე ცხოვრებამ და თხოულობს საზოგადო მოღვაწის სრულს ყურადღებას. ორივე შეიცავს უმთავრეს ძარღვს ჩვენის არსებობისას და შეეხება როგორც მთელ ერს საერთოდ, ისე თვითეულ პირს კერძოდ.
როგორც მოვიხსენეთ პირველს წერილში, საქართველო უკვე დაადგა ნივთიერად გაერთიანების გზას. ამით მზადდება საფუძველი ეროვნული გაერთიანებისა. აქედან, ეროვნულ გრძნობათა გაღვიძება და ერთი მიზნისკენ მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ საეკონომიო ნიადაგზედ. ხალხი ცხოვრობს უფრო აწმყოთი. იმისთვის საინტერესოა თანამედროვე ნივთიერი მდგომარეობა. თუ კი ხალხი ეკონომიურად იჩაგრება სხვისაგან, მაშინ ის, რასაკვირველია, ამნაირი დაჩაგვრის მოსპობას ცდილობს. მაგალითად, რამდენიმე საუკუნეა, რაც ინგლისი ჰფლობს ირლანდიას. ყველა ღონისძიება იყო მიღებული ირლანდიის გაინგლისელებისათვის. მართლაც, დაარსდა იქ ინგლისური მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერება და სხ. მიუხედავად ამისა, ბრძოლა ამ ერთა შორის არ შეწყვეტილა. რატომ? იმიტომ რომ ინგლისმა დაუწყო სისხლის წოვა უფრო მგძნობიარე ადგილს ირლანდიისას; მან მოინდომა ირლანდიის დამორჩილება ეკონომიურად ადგილობრივი წარმოების შესუსტებით და დაქვეითებით. ამისათვის ირლანდიის მექარხნეობა დაეცა, სასოფლო მეურნეობა დაირღვა, ვაჭრობა და აღებ-მიცემობა მისუსტდა და სხ. ამ რიგად თვით ეკონომიურ საჭიროებამ მოითხოვა ირლანდიის თავისუფლება ანუ თვით-მმართველობა. აქ შესანიშნავია ის გარემოება, რომ ირლანდიის თავისუფლების წინააღმდეგი გახდნენ ის მამულისშვილნი, რომელნიც ნივთიერად კეთილ-დღეობაში არიან; სახელდობრ, ირლანდიის ლორდები.
– თ. ბისმარკის საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო დამორჩილებულ ერთა გაგერმანელებაზე. ამისათვის მან დააარსა განსაკუთრებითი ბანკი, რის საშუალებითაც პოლონეთის მიწა-ადგილი (სილეზიაში) უნდა შეესყიდა და გერმანელები დაესახლებინა. ამან გააღვიძა პოლონელები და მათში გამოიწვია მღელვარება. პოლონელებმაც დააარსეს თავისი ბანაკი და შეისყიდეს მამულები იმ პირთაგან, რომლებიდანაც ბისმარკს ჰსურდა შეძენა. სადაც კი ბისმარკის ბანკი დაიწყებდა მოქმედებას, იქ უთუოდ პოლონელთა ბანაკიც შეეცილებოდა ხოლმე და კიდევაც იმარჯვებდა. საიდან მოიპოვეს ამდენი ფული ასე უცებ პოლონელებმა? საინტერესოა ამ ბანაკის დაარსების ამბავი. ბისმარკის პლანმა ისე შეანძრია მთელი სილეზია, რომ არ დარჩენილა არც ერთი პოლონელი, რომ თავის წვლილი ამ ბანაკში არ შეეტანოს. ორი გროშის პატრონსაც კი ერთი გროში შეჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ მთავრობა შეეხო უმთავრეს მხარეს ხალხისას. მისს ადგილ-მამულს, სახლ-კარს, ერთი სიტყვით, ყველაფერს იმას, რითაც თავს ირჩენდა გლეხი.
– მესამე მაგალითი. რა იქნა ჩეხიაში ეგრედ წოდებული ძველ-ჩეხთა დასი? გაქრა, აღარ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ მისს დროშაზედ ეწერა ერთის მხრით ეროვნება, მეორეს მხრით არისტოკრატია, მდიდართა უფლებების დაცვა. ერმა უარჰყო ესა. მის მაგიერ ჩადგა ახალ-ჩეხთა დასი, რომელმაც თავის პროგრამა უმრავლესობის ეკონომიურ მდგომარეობას შეუთანხმა. ძველი პროგრამიდან არისტოკრატია ამოშალეს და დემოკრატია ჩასწერეს. ერთი სიტყვით, როცა ერი შეიგნებს, რომ მას ისე ეპყრობიან, როგორც მეტ-ხორცს, რომ მისი ადგილ-მამული დაუსჯელად იფლანგება და სხვებს ურიგდება, მაშინ იგი მოდის მოძრაობაში თავის თავის დასაცავად და ნივთიერი მდგომარეობის განსაკარგებლად.
მეორეს მხრით, ერის გაერთიანებას ზოგჯერ თან მოსდევს, როგორც ზემოთ გავარკვიეთ, უმრავლესობის ნივთიერად და სულიერად გაღარიბება. ამით მზადდება საზოგადოებრივი ნიადაგი, რომელიც აერთებს ადამიანთა გუნდთ საერთო მოღვაწეობისათვის. აქედან იწყება გაღარიბებული ნაწილის დაკავშირება და თვით-ცნობიერების შექმნა პოლიტიკო-ეკონომიურ ნიადაგზედ. აქ ჩვენ ვადგებით იმ გზას, რომელსაც ადამიანი პირდაპირ მიჰყავს ნივთიერ კეთილ-დღეობისაკენ. თანამედროვე ევროპაში ვხედავთ, რომ მღელვარება ქონებრივი მეტ-ნაკლებობის წინააღმდეგ უკვე დაიწყო უმრავლესობის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში შრომის წარმომადგენელნი – მუშა-გლეხნი – შეადგენენ ერთს მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – ქონების პატრონნი ანუ კაპიტალისტები (კაპიტალისტი ეწოდება როგორც მექარხნეს ისე მემამულეს). ამ სახით ერი იყოფა ორ დიდ წოდებად: მდიდარი და ღარიბი. ესენი ერთად იბრძვიან გარეშე მტერთა წინააღმდეგ, ერთმანეთს ებრძვიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შინაურ ცხოვრებაში. ბრძოლა ღარიბთა და მდიდართა შორის, განწყვეტლივ არსებითი მოთხოვნილებაა ეხლანდელი საზოგადოებისა. ამას ვერც ერთი ერი ვერ აუქცევს გზას. მხოლოდ ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის ხდება ხან-და-ხან, ერთ დროებით და წყდება მაშინვე, როგორც კი აღწევენ თავიანთ სურვილს. რა აქვს საერთო ამ ორ მოვლენას? რატომ ასე თავგანწირულად ებრძვის ერთი ერი მეორეს თავისუფლების მოპოვებისათვის? ღარიბი და მდიდარი რად არის მუდამ არსებობისათვის ჭიდილში? ერის თავისუფლება რისთვის არის საჭირო? უკეთესი ცხოვრებისთვის. პიროვნების თავისუფლება რად გვინდა? უკეთესი ცხოვრებისათვის. აშკარაა, ორივე სათავეს ცხოვრებიდან იღებს. ხოლო ცხოვრების დედაძარღვი, როგორც მოვიხსენიეთ, დამარხულია საეკონომიო ვითარებაში. ნივთიერი კეთილ-დღეობა – აი რა არის ბურჯი ცხოვრებისა. ამ გვარად საეკონომიო ურთიერთობა შეადგენს იმ საერთო ნიადაგს, რომელზედაც იზრდებიან ფესვები ბრძოლისა, როგორც მთელი ერისა, ისე თვითეულის ადამიანისა. ორივე შემთხვევაში პროგრესიულ მოღვაწეს დაჩაგრულთა მხარე უჭირავს. ირლანდიის ის ლორდები, რომელნიც წინააღმდეგნი არიან სამშობლოს თავისუფლებისა, ცხადია, მოღალატენი არიან თავის ერისა. ის მოღვაწენი, რომელნიც იცავენ უმცირესობების უფლებას, წინააღმდეგ უმრავლესობისა, ცხადია, მტერნი არიან თავის ერისა, ვინაიდან ერს შეადგენს უმრავლესობა და არა უმცირესობა.
ამ სახით ჩვენ მივადეგით შემდეგ დასკვნას: 1. ნივთიერი კეთილ-დღეობა, როგორც დედა-ბოძი ადამიანის ცხოვრებისა; 2. თავისუფლება მთელის ერისა და თვითეული პიროვნებისა, როგორც ხელ-შემწყობი პირობა უმთავრესი სურვილის მისაღწევად და როგორც უახლოვესი საგანი მოწინავე დასის მოქმედებისა; აქედან, 3. ეროვნული გრძნობა მთელის ხალხისა და ადამიანური უფლებანი, კაცური ღირსებანი თვითეული პირისა აღზრდილი და აღორძინებული უნდა იქმნას საეკონომიო ნიადაგზედ ...
ესევე აზრი შეიძლება გამოიხატოს კიდევ ამ ნაირად:
I – ეკონომიური კეთილ-დღეობა – როგორც უმთავრესი პირობა ადამიანთა ბედნიერებისა; II – ვაჭრობა და წარმოება – როგორც ძველი კარ-ჩაკეტილი ცხოვრების დამარღვეველი და ერის და კაცობრიობის გამაერთიანებელი ძალა (პროგრესული მოვლენა). ა) ერის და თვითეული პირის თავისუფლება – როგორც საუკეთესო საშუალება მეორე მუხლში მოხსენიებულ სურვილის განსახორციელებლად; აქედან, III – გაძლიერება ბურჟუაზიულ წეს-წყობილებისა და უმრავლესობის ნივთიერად გაღარიბება, ადგილ-მამულის ხელიდან გაცლით და უმცირესობის ბატონობით (რეგრესიული მოვლენა); IV – გაღარიბებული ნაწილის შეკავშირება და პირველ მუხლში მოხსენიებულ სურვილისკენ მიმართვა – როგორც პირ-და-პირი იარაღი კეთილ-დღეობის მოპოვებისა (პროგრესიული მოვლენა).
ყველა ეს მოვლენანი ასე რიგ-რიგად არ ხდებიან ცხოვრებაში. ისინი ერთმანეთში არიან არეულნი და ხშირად ერთად მოქმედებენ.