როს მშრომელ გლეხთა ვაებით
საბრალოდ აცრემლებული,
ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,
ერისთვის თავდადებული;
როს ერის კეთილდღეობით
საამოდ აღტაცებული,
სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ,
ვით ზეცით მოვლინებული;
როს დაჰგალობდი სამშობლოს,
ის იყო შენი ტრფიალი,
მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა
გულის წარმტაცი წკრიალი…
მაშინ, მგოსანო, ქართველი
თურმე ციურ ძეგლს გიგებდა
და წარსულ შრომას, ვაებას
აწყმოთი აგვირგვინებდა.
შენმა სიტყვებმა მის გულში
უკვე გაიდგა ფესვია,
მოიმკე, წმინდა მხცოვანო,
რაც სიყრმით დაგითესია;
ნამგლად იხმარე ერისგან
გრძნობით ჰაერში ძახილი:
„ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს
მამულში შენებრი შვილი!“