შინაარსზე გადასვლა

როსტომ მეფის ქორწინება მარიამ დადიანთან

გვერდიდან ვიკიწყარო

გამოკვლევა

[რედაქტირება]

ნარატიულ წყაროებში როსტომ მეფისა და მარიამ დადიანის ქორწინების თარიღი არასწორადაა მითითებული: ვახუშტი 1638 წელს უთითებს, ფარსადან გორგიჯანიძე კი ქორწინების ამბავს 1635 წლის ამბების შემდეგ გვიამბობს. ქართულ საბუთებში მარიამი ქართლის დედოფლად უკვე 1634 წელსაა დასახელებული (მართალია არსებობს ერთი 1633 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სიგელი, სადაც როსტომთან ერთად მარიამიცაა დასახელებული, მაგრამ ამ სიგელის დათარიღება ეჭვს იწვევს).

წყაროები

[რედაქტირება]

ბერი ეგნატაშვილი - ახალი ქართლის ცხოვრება

[რედაქტირება]

ამა ჟამსა შინა ინება როსტომ მეფემან და დადიანმან ერთმანერთის მოყურობა. მაშინ დადიანი ლევან და იმერეთის მპყრობელი ერთმანერთს უჴდებოდენ და იყო შური დიდი ერთმანერთშია. და ამისთჳს მოინდომა დადიანმან როსტომ მეფის მოყურობა და როსტომ მეფემანც ამისთჳს მოინდომა დადიანის მოყურობა, რომე ბატონი, თეიმურაზ ამისი მტერი იყო და იმერეთში მაგრობდა და დადიანს იმისთჳს ემტერებინა.

მაშინ არა ჰყვანდათ რა, რომ ერთმანერთისათჳს მიეცათ. დადიანს ჰყვანდა დაჲ, სახელით მარიამ, ესე ესუა ცოლად სჳმონს გურიელს. ესე მარიამ იყო ნაშობი ათაბაგის ქალისა. მაშინ სჳმონ გურიელმან გმო ღმერთი, შურითა ეშმაკისათა აღბორგებულმან, მოკლა მამა თჳსი მამია გურიელი: სარეცელსა ზედა მწოლარეს უღალატა. და ვითარცა სცნა ლევან დადიანმან, მიზეზ-ყო საქმე ესე, შეუთუალა სჳმონ გურიელსა: "ვინათგან ჰყავ საქმე ეგე ბოროტი, მე ჩემს დას შენ აღარ მოგცემო". შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუჴდა ლანჩხუტს. შეიყარა იქიდამ სჳმონ გურიელმან ჯარი. ესე სჳმონ გურიელი იყო კაცი მჴნე და გულოვანი და მივიდა ესეც ლანჩხუტს, შეიბნენ, და გაემარჯუა ლევან დადიანსა, შეიპყრა სჳმონ გურიელი და დასწვა თუალები და გამოართუა დაჲ თჳსი მარიამ. და დასუა გურიელად ქაი[420]ხოსრო, გურიელის სახლისკაცი. და ესე ქაიხოსრო გურიელი იყო მარიამ დედოფლის დედით ძმა.

და წარმოუგზავნა როსტომ მეფეს კაცი და აღუთქუეს ქალის მიცემა. იამა როსტომ მეფესა და აემზადა წარმოსაყვანელად ქალისა. შემოიყარნა ქართველნი და წარმოემართა. მაშინ იყო დადიანი ლევან დიდად მდიდარი საქონლითა და სპითა. აქედამ როსტომ მეფე წარვიდა სპითა მრავლითა და იქიდამ დადიანი წარმოვიდა შეყრილი და თანა წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, რამეთუ მაშინ ეშინოდათ იმერეთის მპყრობელისა გიორგისაგან და წარმოვიდა სამიქელაძეოზედა, გამოიარა ფოკე, გამოჴდა რიონს და ამოვლო საჩხეიძო და მოვიდა კაკას-ჴიდსა დადიანი. და წარმოვიდა როსტომ მეფეც სამცხეზედ და შეიყარნენ როსტომ მეფე და დადიანი კაკას-ჴიდსა დადადგნენ პირდაპირ სიახლოესა. მაშინ იმერეთის მპყრობელი გიორგი შეიყარა სპითა მისითა და წარვიდა იგიცა მათ ზედა, რამეთუ გაუბედა ჴრმალი და არა უტევებდა, მივიდა იგიცა სიახლოვესა მათსა და დადგა. არჩია გიორგიმ და განიზრახა თჳსგან, წარვალ სუბად და დავხედავ ჯარსა მათსა, და წარვიდა. ურჩიეს იმერელთ, მარტო ნუ წახვალო, და არა დაიშალა, და წარვიდა ათის კაცითა და დახედა მაღლიდამე ჯარსა მათსა. და შეუტყო საქმე ესე დადიანმან ლევან, წარმოგზავნა სპანი თჳსნი. და ნახეს გიორგი რომ სუბად იყო, შეუტივეს და შეიპყრეს და მ[ი]იყვანეს დადიანთანა. ამა ჟამს იყო ქრისტეს აქათ ჩ~ქლბ [1632]. ხოლო დადიანს იამა და გამხიარულდა დიდად და ტყუე-ყო, ხოლო მოსცა ქალი როსტომ მეფესა და წარმოვიდა როსტომ მეფე და წარმოიყვანა.

მაშინ გაბრუნდა დადიანი და წარიყვანა გიორგი თანა და დაატყუევა ციხეშია და ჰყვანდა ტყუეთა. ხოლო ძემან გიორგისმან ალექსანდრე დაიპყრა მამისა წილ თჳსისა.

და წარმოვიდა როსტომ მეფე მასვე გზაზე, რომელსაცა მისულიყო. მას ჟამსა თათრად იყო ათაბაგი და არღარა სახელსდებდენ ათაბაგად, არამედ ოსმალის ენითა ფაშად სახელსდებდენ. და მაშინ იჯდა ფაშად საფარ-ფაშის ძე უსუფ-ფაშა. ამან დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლსა და ქნა ქორწილი ჴელმწიფური და სახელოვანი.

ვახუშტი ბატონიშვილი - ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა

[რედაქტირება]

ხოლო ჟამთა ამათ მოუკუდა როსტომ მეფეს ცოლი პირველი და დაემზახლა ლევან დადიანსა, და ამან მოსცა დაჲ თჳსი მარიამ. ესე ჰყო როსტომ, რამეთუ ვინაჲთგან ბატონის თეიმურაზის მოყუარე იყო გიორგი მეფე იმერთა, და დადიანი და მეფე იმერთა მტერობდენ. ამისთჳს დადიანს დაემოყურა და ვინაჲთგან არა ჰქონდათ გზა, სთხოვა როსტომ მეფემან გზა უსუფს, ახალციხის ფაშასა. მან სიხარულით მოსცა და მივიდა როსტომ კაკას ჴიდსა ზედა ფერსათიდამ, და დადიანიცა მოსრულ იყო მუნ კაკას ჴიდსა; მოსცა დაჲ თჳსი და წარმოიყვანა როსტომ მარიამ და მოვიდა ტფილისს და ჰქმნა ქორწილი მუნ დიდ-დიდებული ქ~სა ჩქლჱ, ქარ. ტკვ. [1638 წ.] კუალად ამითი მოაკლო თეიმურაზს ძალი დადიანისაგან. ხოლო ამათი მოქმედი როსტომ მოვიდოდა გორს, ცხირეთს, ტფილისს, სომხითს და მარადის იშუებდა და იხარებდა.

ვახუშტი ბატონიშვილი - ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა

[რედაქტირება]

ხოლო ინება როსტომ ქართველთა მეფემან მზახლობა ლევან დადიანისა და მოითხოვა დაჲ მისი მარიამ ცოლად, ქურივი სჳმონ გურიელისა, მისცა დადიანმან. არამედ აქუნდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთჳს შეითქუნენ და მოვიდა როსტომ მეფე ფერსათსა ზედა და დადიანმან შემოიკრიბნა სპანი დიდნი, წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, გამოვლო სამიქელაო, ფოკე და განვიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ჴიდსა ზედა. მუნ დახუდა როსტომ მეფე, მისცა დაჲ თჳსი დიდებითა და წარვიდა როსტომ.

ვახუშტი ბატონიშვილი - ქორონიკონები

[რედაქტირება]

ქ~სა ჩქლჱ, ქარ. ტკვ. [1638 წ.] როსტომ მეფემ მოიყვანა ლევან დადიანის და მარიამ და ქმნა ქორწილი. და ლევან დადიანმან გიორგი მეფე დაიჭირა და ტყვედ წარიყვანა, და მისმან ძემ ალექსანდრემ დაიჴსნა.

1648 წ. შეწირულების განახლების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

[რედაქტირება]

ჩუენ და დადიანი ბატონი ლ ე ვ ა ნ დავმოვყვრდით და შევირთეთ და მისი. ეს ბატონი დედოფალი ხომ ყოველთა მნათობთა ზედა ქებული. მოვიწადინეთ იმავ წელიწადს ქორწილის ქნა, და გზა არ დაგუანება იმერელთ მეფემან გიორგიმ. შევიყარენით. აქათ ჩუენ და მივედით სამცხეს, ოცხეს დავდეგით. იქით წამოვიდა დადიანი შეყრით და ქალი წამოიყუანა. წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯუა დ ა დ ი ა ნ ს ა . და დარჩა ჴელთა მეფე გიორგი. ჩუენც ჩავედით კაკას ჴიდს, იმერეთშია და მობრძანდა ბატონი დადიანი. შევიყარენით და გავიხარენით ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსუÀნებითა. წაბძანდა იქით დ ა დ ი ა ნ ი და წამოვედით მხიარულნი, იმერეთი ჩამოვიარეთ და მოვედით ტფილისს, ქორწილი გარდავიჴადეთ და გულის ნებას ვეწიენით.

1636 წ. ლევან დადიანის წარწერა ხონის წმ. გიორგის ხატზე

[რედაქტირება]
ხონის წმინდა გიორგის ხატი

ქ. ეჰა, შვიდწილ უძლეველო, მოწამეთა მთავარო, წმიდაო გიორგი ხონისაო და ანჩის ხატო - პირო ღვთისაო, შემოგწირეთ და დავასვენეთ ტაძარსა თქუენსა ხატი ესე ჩუენ, ხელმწიფემან დადიანმან პატრონმა ლევან, მას ჟამსა, ოდეს შევებენით ბაღდადს მეფეს გიორგის და კახს ბატონსა თაიმურაზს და გაგვემარჯუა ძლიერებითა შენითა: თავად მეფე ხელთ დაგურჩა და სრულობით იმერელნი და კახნი დარბაისელნი ზოგნი ხელთ დაგურჩა და ზოგნი გარდაიხვეწნეს: კახი მეფე თაიმურაზ და მეფის შვილები: ალექსანდრე და მამუკა.

ამავე ჟამსა ავჰყარეთ ქალაქი ჩხარისა და ჩავასხით ზუგდიდს. აღვაშენეთ და გავაწყეთ ქალაქი რუხისა.

აწე შემოგვიწირავს და დაგვისვენებია ხატი ესე ტაძარსა თქუენსა. კიდევ შემოგვიწირავს ხონს ერთი კვამლი კაცი მამიკაცაი სანოძე ჩუენ და მეუღლისა ჩუენისა დედოფლისა ნესტანდარეჯანისა სადღეგრძელოდ და ძისა ჩუენისა პირმშოსა ალექსანდრეს და მანუჩარის აღსაზრდელად და მე, ცოდვათა ჩემთა შესანდობლად ძემა ხელმწიფისა პატრონისამან შემოგწირე.

მოიჭედა და სრულ იქმნა ხატისა ამის შემკობა ქორონიკონს სამას ოცდა ოთხსა (1636 წ)."

ხონის წმინდა გიორგის ხატი - ლევან II დადიანის მოჭედილი 1636 წელს

"პარიზის ქრონიკა"

[რედაქტირება]

ამავ წელიწადს [როსტომ მეფე] ლევან დადიანს დაემოყვრა: და ქართლის სადედოფლოთ სთხოვეს. და მანც მოსცა მარიამ დედოფალი. და ამავ წელიწადს ქორწილი მოინდომა როსტომ მეფემა, და გზა არ დაანება იმერელმა მეფემ გიორგიმ. შეიყარა აქათ მეფემ როსტომ და მივიდა სამცხის, ოცხეს დადგა. იქით წამოვიდენ დადიანი შეყრით, და წამოიყვანა, და წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯვა დადიანსა და დარჩა ჴელთ მეფე გიორგი. მეფე როსტომც ჩავიდა კაკას-ხიდს იმერეთშია; და მობძანდა ბატონი დადიანი. შეიყარნენ, გაიხარეს ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსვენებითა. წაბძანდა იქით დადიანი და წამოვიდა მეფე როსტომ მხიარული. იმერეთი ჩამოიარეს და მოვიდა ტფილისს, ქორწილი გარდიხადა.

ფარსადან გორგიჯანიძე - "საქართველოს ისტორია"

[რედაქტირება]

[როსტომის გამეფების შემდეგ ქართლის დიდებულებმა] შექნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ და მისი მარიამ, დედათა შიგან ნაქები. სათხოვნელად მოციქულები წავიდნეს და იმათაც იამა და მოსცეს.

აქა როსტომ მეფისაგან ლევან დადიანის დის მარიამის თხოვნა სადედოფლოთ

რა თბილელი მივიდა, ლევან დადიანსთან დის მარიამის ქართლის სადედოფლოთ სათხოვნელათ, ნამეტნავათ იამათ. ნება დართვეს და ნიშანი მიირთმიეს და მოციქულნი მადრიელნი დაბრუნდეს და ეს ანბავი მეფეს როსტომს მოუტანეს და მეფემ ყაენს ჩაფარი გაუგზავნა და დადიანის მოყვრობა ხემწიფეს გააშინჯვინა. მისგან ბრძანება და საქორწილო მოუვიდა, რომე კარგი გიქნიაო და შირვანის ბეგლარბეგი ფარუხან გორს მოვიდა, ყაენის ნაბოძები საქორწილო ლევან დადიანს გაუგზავნეს და დრო და პაემანი სთხოვეს, რომ ქორწილი როდის უნდა იქნას.

მარიამ დედოფალი

დადიანს პირობა მოეწერა - ამა და ამ დროსაო დიდის ლაშქრით იმერეთს მოვალო, თქვენც მანდიდამენ ლაშქრით წამობძანდითო, საჩხეიძოშიგან ერთგან შევიყარნეთო. რა ეს ანბავი როსტომ მეფეს მოუვიდა, ყოველი რამე გაირიგა და დიდის ლაშქრით წავიდა. იქიდამენ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა. და თავისი და მარიამ დედოფალი უწინვე მთას გარდმოიყვანეს.

მეფე სურამს იდგა. კაცი მოუვიდა - დადიანი დიდის ლაშქრით საჩხეიძოში მოვიდაო და მეფე გიორგი ჯორზედ მჯდომი ცოტას კაცით დადიანის ლაშქრის გასაშინჯავად მოვიდაო, რომ მაღლით დახედოსო. ყმათ უმუხანათესო, გამოსცესო და ლევანს დადიანს აცნესო და დადიანი ლაშქრით მზას დახვდაო, მეფე გიორგი დაიჭირაო და სხვანი წაუვიდნენო და ზოგნი მეფესთან დაირჩინესო. ეს ანბავი ბატონისშვილს ალექსანდრეს მოახსენესო და იმერელნი მასთან შეიყარნესო და მეფეთ აკურთხესო და მეფე გიორგი ორს წელიწადს დადიანს ჰყვანდა. სახსრათ მისცეს მურასა გვირგვინი, მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, თვალმარგალიტთ მურასა იარაღი და ნაპირის ალაგნი ჭილაძენი და მიქელაძენი და რაც ჩხარში ვაჭარნი ესახლნეს სომხები, რომ დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა, მეფე დაიხსნეს. ქუთათის მოვიდა.

ასრე სუბუქათ მეფის თამაშად წასვლამ ლეხტიმერითი მოსთხარა. რა ლევან დადიანი ცოცხალი იყო, იმერელნი ამ საქმით დაჩაგრულნი იყვნენ. ამისთვის უნდა დიდმან კაცმან მცირე და თავის უკადრისი საქმენი თავის ნებით არა ქნას.

იქივე როსტომ მეფის ქორწილის ანბავი დავიწყოთ სათქმელათ

აქეთგან ქართველნი წავიდნეს დიდის ლაშკრითა გამოჩვენებით და იქიდამ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა და მოკაზმულობით. იმერეთში ერთგან შეიყარნეს, ერთმანერთს მრავალი კარგი ლხინი აჩვენეს და მრავალი საჩუქარი მიართვეს და მოირთმიეს და ორმოცდაათი ათასი მარჩილი შაჰსეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის. ის მიართვეს და წელიწადში ათასი თუმანი ჯამაგირი გაეჩინა დადიანისათვის.

ამაებს უმრავლეს როსტომ მეფემ მიართვა და დადიანსა და ოდიშერთ ბერთა და მღრდელთა, თავადთა და აზნაურთა და კარის მოხელეთა და გამრიგეთა და მოსამსახურეთა, დიდთა და მცირეთა, ყველათ თავიანთ წესითა და შეფერებითა მიართვეს და იმათაც ასრე მოართვეს და კარგის წესითა და ხემწიფურის ზითვითა და მორჭმა სიმდიდრით კარგის თავადთა და აზნაურ შვილების მხლებლებით, მსახურით, გამდლებითა და მოახლებითა ყველანი დაკაზმულნი სახემწიფო გათავებულის იარაღითა და მოკაზმულობით მზე შავის ძღვით ამოსრული მარიამ დედოფალი ქართლისაკენ წამოაბრძანეს.

მაყრათ გამოატანეს ეფისკოპოსნი მათნის ქვეყნისანი, გურიელი მეფეთ თქმული მეყვისი თავისის თავადებითა და აზნაურ შვილებითა. უფროსნი და სახელდებულნი ოდიშერნი თავადნი თან იახლნენ. დადიანი ოდიშს წაბრძანდა, მეფე გორს მიბრძანდა. ექვსს თვეს ილხინეს და ნადირობას შეექცნენ. მიცემით გაახარეს და გორით ქალაქს ჩავიდნენ, იქიც ალხინეს და ანადირეს. ხან მეფესთან იყვნენ და ხან თავადნი დაჰპატიჯებდნენ. ყველანი ძღვენსა სძღვნიდეს და ფეშქაშს მიართმიდეს, აჩუქებდეს.

გურიელმან და ან სხვამ მაყრებმან მეფეს კაცი მიუგზავნეს და დაეთხოვეს. მეფემ უბრძანა ყველას თავისი შესაფერისი ცხენი, იარაღი, მოფენილობა და შესამოსელი, კარვები, ოქროსა და ვერცხლის სუფრის იარაღი, მურასა ხმალი და ხანჯლები, ჯიღები და ოქროს უნაგირები და ლაგმები, საღვინე თუნგები ვერცხლისა და თასები ოქროთ მოჭედილი, კულა, ძაბრი და ჰაზარფეშა, ნაქსოვები ფრანგული, ურუმული და ყიზილბაშური, დიბები და სარტყლები, ოქროქსოვილის დოლბანდები, ქამარი და დაშნა. გურიელს ოქროსი და სხვათ ვერცხლისა, თორმეტი ყათარი ჯორი, ოცდაშვიდი ბედაური ცხენი მიართვეს და მეფე თვითან ალამდისინ თან გაჰყვა და კოლბაურის გზით გაისტუმრეს. მეფე გორს შებრუნდა.

მოჰამედ იუსუფი - "ხულდ-ე ბარინ" ("სამოთხე")

[რედაქტირება]
ამბავი საქართველოს ქვეყნისა, რომელმაც იქაური ვალის - როსტომ-ხანის მოხსენებით მის უწმინდესობასთან მიაღწია

პირველად ის მოხდა, რომ დადიანის ვილაიეთის მეფე - ლევან-ხანი წინასწარ ერთგულებითა და გულწრფელობით როსტომ-ხანთან გამოცხადდა იმ განზრახვით, რომ თავისი და, დედოფალი მტკიცე კავშირით მასთან დაეკავშირებინა და ამ გზით თვითონ ქვეყნის მფარველის მონათა რიცხვში მოხვედრილიყო. ამ სწორი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბაში-აცუკის მბრძანებელი გზააბნეულ თეიმურაზს დაუკავშირდა და [ისინი] გზებს სინჯავდნენ, რათა დადიანის მოახლოებისას, შეეპყროთ იგი და ქორწინება ჩაეშალათ. როდესაც როსტომ-ხანმა ეს ამბავი გაიგო, ყარაბაღისა და შირვანის ამირებთან და ქართლელ ერთგულებთან ერთად მათი შეთქმულების ჩასაშლელად გაემართა. ბაშიაჩუკის გზის თავში, რომელიც ალთუნყალასთანაა, [ისინი] მეთოფეთა იმ რაზმს მიუახლოვდნენ, რომელიც არდაჰანის მბრძანებელმა საფარ-ფაშამ ბაშიაჩუკის მეფის დასახმარებლად გამოგზავნა. ბედნიერების ძლევამოსილი ხელის ძალითა და ქვეყნის მფარველის ძლიერების თანხლებით, [როსტომმა] პირველივე იერიშზე იმ რაზმის კავშირი გაფანტა და თავის მოლაშქრეთა ნაწილი გურიელის სამფლობელოს გზით დადიანის დასახმარებლად გაგზავნა. თითონაც ალთუნყალადან ერთი ფარსანგის დაშორებით, უმეცარი თეიმურაზისა და ბაშიაჩუკის მბრძანებლის ადგილსამყოფელთან ჩამოხდა. [როსტომ-ხანი] დადიანისა და მოწინააღმდეგეთა შორის შფოთისა და უბედურების ცეცხლის აგიზგიზების ამბის მოლოდინში იყო, როდესაც იმ დადიანის ახლობლები ძლევამოსილ მეომრებთან ერთად მოწინააღმდეგეთა პირისპირ მწყობრ რიგად გასწორდნენ. ბრძოლა გაჩაღდა და მაღალი მეფური ბედნიერების მარადისობის წყალობით მოწინააღმდეგეები სწრაფად დაამარცხეს. ბაშიაჩუკის მეფე რამდენიმე იქაურ თავკაცთან და კახელ აზნაურებთან ერთად შეპყრობილ იქნა გამარჯვებული ლაშქრისა და დადიანის ძლიერი ქამანდით. დაახლოებით ორ-სამ ათასზე მეტი მოწინააღმდეგე დაიღუპა. უმეცარმა თეიმურაზმა ბაშიაჩუკის ვალის მემკვიდრესთან და თავის გაქცეულ და შეშინებულ ლაშქრის ნაწილთან ერთად ქუთაისის ციხეს შეაფარა თავი. ამ აშკარა გამარჯვების შემდეგ დადიანმა თავისი და თავის ახლობლებთან და საპატიო მხლებლებთან ერთად საქართველოს ვალის, როსტომ-ხანის სამფლობელოში გაამგზავრა. როდესაც ამის შესახებ [როსტომს] მოახსენეს, ზემოხსენებულმა დადიანთან შეხვედრის ნებართვა ითხოვა. მონათა მფარველმა ხაყანმა ნება დართო და როსტომის წარგზავნილი კეთილსურნელოვანი წყალობის რაყამითა და ძვირფასი ხალათით, უზანგით და ოქროს ლაგამით ზემოხსენებულთან დაბრუნდა.

სამეფო ქალაქ თავრიზში ზემოხსენებული როსტომის მეორე მოხსენებიდან ნათელი გახდა, რომ მისი დადიანთან შეხვედრა მოხდა და მეგობრობისა და კავშირის საფუძვლის განმტკიცების შემდეგ იგი ქართლში დაბრუნდა.

ლიტერატურა

[რედაქტირება]