შინაარსზე გადასვლა

ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი

გვერდიდან ვიკიწყარო
ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი
ავტორი: ნოე ჟორდანია
1908 წელი


იშვიათია ისეთი ერი, სადაც ნაციონალურ მიმდინარეობას დიდი გასავალი არ ქონდეს. ნაციონალიზმის მაგარი ბუდე, განსაკუთრებით დამორჩილებული, სხვის უღელ ქვეშ მყოფი ერებია. საკმარისია გავიხსენოთ პოლონელები, რომელთაც თითქმის სავსებით დაპატრონებია შოვინისტური ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია, და ჩვენი მეზობლები სომხები, რომლებიც დაშნაკუცუტუნის ბატონობისგან ჯერაც ვერ გამოსულან.

სულ სხვაა ჩვენში. არც ერთ ხალხს ისე ნაკლებათ არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა, როგორათაც ქართველ ხალხს. არსად ისე სუსტი და გავლენას მოკლებული ნაციონალისტური პარტიები არ არიან, როგორც არიან ჩვენში. ჩვენმა ინტელიგენციამ დიდი შრომა გასწია, დიდი ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ რაიმე გზით მას მიეგნო ხალხის გულისათვის და შიგ ნაციონალიზმი დაესადგურებია. მესამოცე წლების მოღვაწეები ამ მიზნით ნაციონალურ კითხვას აერთებენ მაშინდელ სოციალურ კითხვასთან. მათ თავის დროშას დააწერეს: ბატონ-ყმობის მოსპობა და ნაციონალური თვით არსებობა. ხალხმა სიამოვნებით მიიღო პირველი, მაგრამ მეორეს სანახევროთ ფრთა შეაკვეცა. რამდენათაც ეს შეიცავდა საჭიროებას ქართული სკოლისას, ქართული მწიგნობრობისას, თეატრისას და სხვა ასეთი კულტურულ დაწესებულებისას – ამის წინააღმდეგი ხალხი არ ყოფილა, პირიქით, ყველა ეს მისი ცხოვრების მიუცილებელი მოთხოვნილება და იმავე დროს მისი განვითარების იარაღია. მაშასადამე თავის, ნაციონალურ ენაზე კულტურის შექმნა და ამ ნიადაგზე თავის მერმისის აგება – წინმსვლელობის აუცილებელი გზაა, მაგრამ რამდენათ ძველ მოღვაწეთა ნაციონალური დროშა ამ ფარგლიდან გამოდიოდა და მას ნაციონალისტურ პოლიტიკას უმატებდა, ე.ი. ინტერნაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიათ ხდებოდა, იმდენათ ის ნიადაგს ვერ პოულობდა და „ხმად მღაღადებლისათ“ რჩებოდა. ანტი-რუსული და ანტი-სომხური მიმდინარეობა ჩვენში ყოველთვის ინტელიგენციის გამოგონება იყო და ამიტომ არასოდეს, ინტელიგენციას არ გაშორებია. მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს შეურიგდა-ნაციონალური მოძრაობა არა ერთხელ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ეს იყო მოძრაობა ან თავად-აზნაურობის, ან ინტელიგენციის, არასოდეს ხალხის. კახეთის არეულობა გასული საუკუნის დასაწყისში, შეთქმულება მეოცდაათე წლებში (დოდაევი და ამხ. ) იყო საქმე თავად-აზნაურობის და მისი მაშინდელი განათლებული შვილების. შემდეგ მოწინავე წოდება შეურიგდა რუსეთის შემოსვლას, ვერ შეურიგდა მხოლოდ ინტელიგენცია, რომელიც მუდამ „საქართველოს განთავისუფლებაზე“ ოცნებობდა. ამ მიზნით მას არა ერთი და ორი პროგრამა შეუდგენია, არა ერთი და ორი პლანები გამოუმუშავებია, მაგრამ ყველა ეს უქმი კაცის უქმ ნაყოფს უფრო გავდა, ვინემ სინამდვილის რაიმე მიმდინარეობას. მეორე მხრივ, ყველას ახსოვს ის დაუსრულებელი გალაშქრება სომხების წინააღმდეგ, რომელიც ველიჩკოს მეთაურობით დაიწყეს ჩვენმა მოღვაწეებმა. არა ერთი და ორი ინტელიგენტი აუცრემლებია „ქვათა ღაღადს“ და სხვა ასეთ ნაყოფს ანტისომხური კომპანიისას და მიუხედავად ამოდენა მუშაობისა, აურ-ზაურისა ხალხის გული მას ოდნავათაც კი ვერ შეუნძრევია და ინტელიგენციის დროშისაკენ ვერ მიუბრუნებია. ქართველი ხალხის მოძრაობა პირველათ დაიწყო ამ საუკუნის დასაწყისში და დაიწყო სწორეთ წინააღმდეგ ჩვენი ინტელიგენციის იდეალებისა. ამითი ამდენი ხნის მუშაობამ მუქთათ ჩაიარა. მისი ნაციონალური დროშა ხალხმა ერთი დაკვრით უარყო და მის ალაგას ააფრიალა ინტერნაციონალური დროშა.

ამგვარათ, ქართველი ხალხის გაღვიძება ნაციონალიზმის დროშის ქვეშ ვერ მოხდა. საჭირო იყო ამ გარემოებისთვის ანგარიშის გაწევა, მისი ასე თუ ისე ცნობა და ნაციონალიზმის ახალ ქერქში გახვევა. ეს იტვირთა ამ 5-6 წლის წინათ ჩვენმა ახალმა ინტელიგენციამ. პირველად ის გამოვიდა დემოკრატათ, შემდეგ სოციალისტ-ავტონომისტათ და ბოლოს სოც-ფედერალისტათ. ამდენი მიხვევ-მოხვევა, მიმართულების ამდენი კვლევა ძიება გამოიწვია ერთმა მთავარმა კითხვამ: რა გზით არის შესაძლებელი ხალხის განაციონალისტება. როცა ხალხმა დემოკრატიული ნაციონალიზმი უარყო, მას წარუდგინეს სოციალისტური ნაციონალიზმი ეს მაინც მიირთვითო, და როდესაც არც ეს მიიღო – ეს უარყოფილი სოციალისტები გაკვირდნენ, ჩვენც ხომ სოცილისტები ვართ, სოციალდემოკრატიაზე თითქმის უკეთესი, (მიწას, და ამასაც ყველას, დღესავე ვაძლევთო) მაშ, ხომ არ გაგიჟებულა ხალხი, განსაკუთრებით გლეხობა, „გამაპროლეტარებელ“ პარტიას, რომ აყოლია და ჩვენ ზურგს გვაქცევსო. ამათ ეს ვერ გაიგეს და ჯავრი სოციალდემოკრატიაზე იყარეს – ყველაფერი მისი ბრალია, დაჰკარით მაგასო. მიზეზი კი აქაც იგივეა, რაც წინათ იყო: ჩვენი ხალხი ნაციონალიზმს დღესაც ისე უარყოფს, როგორც წინათ, და რა მშვენიერი ხონჩითაც უნდა მიაწოდო – ის მას ხონჩიანა შორს აგდებს. საქართველოს ავტონომიაში ხალხმა დაინახა იგივე ანტირუსული და ანტისომხური მიმდინარეობა, რომელიც წინათ იყო ჩვენში და რაც მან კაიხანია დაგმო. ნაციონალური შკოლა, ნაციონალური თეატრი და სხვა. მას დღესაც ისე უნდა, როგორც წინათ, ქართულ მწიგნობრობას და კულტურას დღეს უფრო ესწრაფვის. მაგრამ ნაციონალურ პოლიტიკას დღესაც ისე უარყოფს, როგორც წინათ. ის თავიდანვე ამ გზას ადგა და აქედან დღესაც არ უხვევს. ეს ქართველი ხალხის ისტორიული გზაა, რითაც ის განსხვავდება სხვა კულტურის ერებისგან. ამიტომ როცა ქართველი სოციალდემოკრატია თავისი ერისთვის თხოულობს კულტურულ ავტონომიას და არა პოლიტიკურს – ამით ის ხატავს ცხოვრების ღრმა მიმდინარეობას, ამით ის წვდება ხალხის გულის ნადებს და მას თავის პროგრამაში შეუმცდარათ აღბეჭდავს.

როგორც ხედავთ, საქართველოს პოლიტიკური ავტონომია, რაშიც იხატება ჩვენი ინტელიგენციის მთელი ნაციონალიზმი, არსებითათ იგივე მოთხოვნილებაა, რომელიც კახეთის აჯანყებულ თავად-აზნაურობამ 1802 წ. წამოაყენა. განსხვავება იმაშია, რომ მაშინ თხოულობდნენ მეფეს სრულიად რუსეთისას და შემდეგ მეფეს საქართველოსას; ახლა პარლამენტს რუსეთისას და პარლამენტს საქართველოსას; მხოლოდ პოლიტიკო-ნაციონალური შინაარსი კი ერთია. მაშასადამე, ეს დროშა სხვადასხვა ფორმით და სახელით უცვლელი რჩება მთელი საუკუნის გამავლობაში. ასეთივე უცვლელი რჩება ჩვენი ხალხის დამოკიდებულება ამ დროშასთან: ის მას, ყოველთვის სხვადასხვა ფორმით და სახელით უარყოფდა, ეს დროშა არასოდეს ყოფილა მისი დროშა.

შეიძლება ეს სასიამოვნო არ იყოს, შეიძლება ეს გაკიცხონ, ამან ააშფოთოს ბევრი, მაგრამ ეს ასეა, ეს ფაქტია, მაშასადამე მისი ცნობა და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ამას ვერ დაარღვევს ვერც გულზე ხელის ცემა, ვერც ლანძღვა-გინება, ვერც უიმედობა და სასოწარკვეთილება.

რა არის ამ საყურადღებო მოვლენის მიზეზი? აი დიდი კითხვა, ამის ახსნა ჩვენი ძირითადი მიმდინარეობის ახსნაა, მთელი ჩვენი აწმყოს და წარსულის სინათლეში გამოტანაა

როგორ ხსნიან ამას ფედერალისტები?ესენი ჩვეულებრივად მთელ ბრალს სოციალდემოკრატიას სდებენ. „ისარი“ სწერს: „ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა კი ( ს. დ. ) ისეთი იდეალები მოახვია კისერზე (ხალხს), რანაირიც ჩვენი ხალხის მდგომარეობისა და საჭიროებიდან ორგანიულად არ გამომდინარეობდა.“ „სოციალდემოკრატების დამახინჯებულ ფსიხიკას კიდევ ზედ დაერთო ბუნებრივი უნიჭობა ამ პირებისა, რომელითაც თავს იდვეს საზოგადოებრივი ცხოვრების მესვეურობა. მათ რომ ისტორიული ალღო ჰქონოდათ, მათ რომ ღრმათ შეესწავლათ ჩვენი ცხოვრება... “ და სხვა და სხვა ასეთი ფედერალისტური ჰანგები. (№10, წერილი არ. ჯ. -შვილისა) აი, პასუხი! ნუთუ ასეთი მოაზრე მწერალი არ გეჩვენებათ ქონდრის კაცად, როცა დიდი კითხვის გადაჭრას სხვისი ლანძღვით და თავის ქებით ცდილობს? მას რომ მართლა ჰქონდეს „ისტორიული ალღო“ და „შესწავლილი ჩვენი ცხოვრება“, ეცოდინებოდა, რომ ქართველი ხალხი არ ითვისებდა ნაციონალიზმს ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოც. დემოკრატიის ხსენებაც კი არ ყოფილა, რომ სწორედ ეს თვისებაა ქართველობის დამახასიათებელი და, მაშასადამე სოც. დემოკრატიას მისთვის თავზე არაფერი არ მოუხვევია. თუ კი ასე ადვილია ხალხისთვის უცხო აზრის „თავზე მოხვევა“, რატომ ასი წლის განმავლობაში მას ნაციონალიზმი ვერ „მოახვიეს თავზე“? ან სად ნახეთ ისეთი ხალხი, რომელიც სხვის ჭკუაზე დადის? ეგ მოხელეთა ფილოსოფიაა და არა პუბლიცისტების; განა ბიუროკრატები არ ამბობდნენ, რომ ხალხს არანაირი რევოლუცია არ სურს, მარა მას რევოლუციონერები ძალათ ახვევენ თავზეო? აი, რა „ბუნებრივი ნიჭით“ არიან აღჭურვილნი ის ადამიანები, რომელნიც საქართველოს ბედ-იღბალის გარდაწყვეტას ცდილობენ!

მაშ, კიდევ ვიკითხოთ: რითი აიხსნება ქართველი ხალხის მიერ ნაციონალიზმის ასე დაჟინებით უარის ყოფა?

რაკი ქართველი ხალხი თავის ნაციონალიზმს ასე დაჟინებით უარყოფს, ხან პასიურათ და ხან აქტიურათ, და ეს გრძელდება მთელი საუკუნის განმავლობაში – ცხადია, ამის მიზეზი უნდა მოინახოს მისი ცხოვრების განსაკუთრებით პირობებში. ისტორიული მოვლენის ახსნა უნდა ვეძიოთ ისტორიაშივე.

თანამედროვე ნაცია ღვიძლი შვილია კაპიტალისტური წარმოების და აღებ-მიცემობის. ფეოდალურ ხანაში თითოეული ერი დანაწილებულია რამოდენიმე ერთიმეორის მოქიშპე ნაწილებათ და, მაშასადამე აქ არც კი შეიძლება იყოს ერთი ერი, ერთი ჭირით და ლხინით გარემოცული. ამ ხანაში ნაცია, ნაციონალური იდეაც კი არ არსებობს. მას შემდეგ რაც ერი თავს აღწევს ასეთ ყოფას და დგება სამოქალაქო განვითარების გზაზე, ის თანდათან ძლიერდება, ნაციონალურ ერთობას და ერთ პოლიტიკურ ცხოვრებას ეჩვევა და ამ გზით ხდება თანამედროვე კულტურულ ნაციად და, აი როცა ასეთი ერი კარგავს დამოუკიდებლობას და, მას იმორჩილებს მასზე უფრო დაბალი კულტურის ერი – ეს მისთვის, ყველა მისი ნაწილებისათვის დიდათ საგრძნობელი და სატკივარია. ასე შესაძებელია ნაციონალურ დროშამ მთელი ერი შეაერთოს და გაბატონებულ უცხო ერს შეაბრძოლოს. ავიღოთ მაგალითად პოლშა. ჯერ კიდევ რუსეთთან შეერთებამდე მას ჰქონდა თავისი სამოქალაქო ცხოვრება, საკუთარი ვაჭრობა და აღებ-მიცემობა, ასე გასინჯეთ. მას ქონდა პოლიტიკური თავისუფლებაც კი ერთი სიტყვით, აქ უკვე განვითარდა ნაციონალური კულტურა მთელი შედეგებით და აი, ასეთი მაღალი ერი დაიმორჩილა ჩამორჩენილმა რუსებმა.

მოხდა ორი – მაღალი და დაბალი კულტურის შეჯახება და რაღა გასაკვირალია, პირველის მატარებელთათვის ეს მეტათ სამძიმო და აუტანელიც გამხდარიყო. აქედან დაიბადა პოლშის მუდმივი ლტოლვილება სამშობლოს თავისუფლებისაკენ. ამით აიხსნება მისი უკმაყოფილება იმ პოლიტიკური ავტონომიითაც კი, რომელიც მას ქონდა მინიჭებული გასული საუკუნის პირველ ნახევარში, და რაც თავისი ამბოხებებით დაჰკარგა. მართალია, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიც დიდად განვითარდა, მაგრამ ამავე დროს პოლშაც წინ მიდიოდა და ასე მუდამ რუსეთს წინ უსწრებდა, მიუხედავათ ამისა, რუსეთის განვითარებამ დიდი გავლენა მოახდინა პოლონელებზე; თუ ისინი წინეთ პოლიტიკურ ავტონომიასაც არ სჯერდებოდნენ, დღეს მხოლოდ ამას თხოულობენ და სრულ დამოუკიდებლობაზე ძველებურათ აღარ ოცნებობენ. წინეთ პოლშის სოც. პარტია იმ აზრის იყო, რომ „უკულტურო“ რუსეთის პოლიტიკური განახლება უფრო ძნელია, ვინემ პოლშის გათავისუფლება, ამიტომ მისი პროგრამის პირველი მუხლი თხოულობდა „დამოუკიდებელ პოლშის რესპუბლიკას“. მარა როგორც კი დაიწყო რუსეთის რევოლუცია, და პოლონელი სოციალისტები დარწმუნდნენ – რუსეთი არც ისე უკულტუროა, როგორც მათ ეგონათ, პარტიაში, მოხდა განხეთქილება, უმრავლესობამ თავი დაანება ნაციონალურ პროგრამას, დაუახლოვდა სოც. დემოკრატიას, ხოლო გამოყოფილი უმცირესობა თანდათან მიილტვის წმინდა ნაციონალისტებისაკენ.

ერთი სიტყვით, როცა ერი ჰკარგავს დამოუკიდებლობას, შემდეგ მისი კაპიტალისტურ ასპარეზზე გამოსვლისა, და სამოქალაქო ცხოვრების აღორძინებას – მასში უკვე მზათ არის ნიადაგი ნაციონალიზმის, ნაციონალური მოძრაობის განვითარებისა.

თითქმის იმ დროს, როცა პოლონეთმა დაჰკარგა დამოუკიდებლობა, დაჰკარგა დამოუკიდებლობა საქართველომაც.

წარმოადგენდა მაშინ ქართველობა ერთ ეროვნებას, ერთ სამოქალაქო სარბიელზე გამოსულ ნაციას? ჩვენ გადაჭრით ვამბობთ – არა, არ წარმოადგენდა.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქართველი ხალხი იმყოფებოდა ფეოდალურ ხანაში, ის დანაწილებული იყო რამდენიმე სამეფოთ და სამთავროებათ, რომელთა შორის გაუთავებელი შუღლი და ბრძოლა იყო. მრეწველობა სრულიად არ ყოფილა, ვაჭრობა, ისიც მცირე, სხვა ერთა ხელში იყო, ქალაქი ამ სახელის თანამედროვე მნიშვნელობით მხოლოთ თფილისი იყო. აი, რას სწერდა 1810 წ. საქართველოს მთავარმართებელი სამინისტროს:

„საქართველოში (ე. ი. ქართლ-კახეთში) არ არის ფაბრიკა, რომელსაც შეეძლოს მხარის და მეზობლისათვის თავისი ნაწარმოების შეძლევა, ამ ქვეყნის უმთავრესი ნაწარმოები – პური და ღვინო – სრულიად არ ესაჭიროება მეზობელ ხალხებს“ და სხ.

რაც შეეხება იმერეთს – აქ ხომ არა თუ მრეწველობა, ქალაქიც კი არ ყოფილა. ერთათ ერთი ქალაქი ქუთაისი უფრო სოფელს წააგავდა, ვინემ ქალაქს. ხოლო ზღვის პირის ქალაქები (ფოთი, ბათომი) თათრების ხელში იყო.

მეორე მხრით, ნაციონალური შეგნება ამ დროის გაბატონებული კლასებისათვის სრულიად მიუწდომელია. როცა კახეთი აუჯანყდა რუსებს – ქართლი გაჩუმებული იყო, ხოლო მისი თავად-აზნაურობა და თფილისის მოქალაქენი რუსეთთან ერთათ კახელთ ამშვიდებდა. 1806 წ. დადიანი სწერდა მთავარმართებელს: ახლა საუკეთესო დროა, რომ თქვენ იმერეთი დაიპყროთ; ასეთი სურვილი ჩვენ საიდუმლოთ გადმოგვცეს პეტერბურგში, რისთვისაც ჩვენ სამინისტროს საიდუმლოთ მივართვით ქაღალდი – თუ როგორ ადვილათ შეიძლება იმერეთის ტახტის იმპერიისთვის დაპყრობა. ამ პლანს თქვენც გწერთ“, და სხ. (სამაგიეროთ თხოულობს ორ სოფელს, რომელიც იმერეთს ეკუთვნოდა). სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი საიდუმლოთ სწერდა მთავარმართებელს: მომეცით ერთი პოლკი და მთელ იმერეთს დავიპყრობო. როცა იმერეთის მეფე სოლომონის დაჭერას შეუდგენ – რუსის ჯარს ეხმარებოდა ჯარი მეგრელების, გურულებისა და ლეჩხუმელების. მეფე დატოვა თავად-აზნაურებმაც და ის იძულებული გახდა დამორჩილებოდა.

ცხადია, ამ ხანაში თითოეული კუთხე, თითოეული მებატონე ფიქრობს მხოლოდ თავის კერძო ინტერესებზე, კერძო სარგებლობასა და გამოჩენაზე, არავის არ აწუხებს საერთო, საერო საქმე. ეს ქვეყნის სრული დემორალიზაცია და დაცემაა. რაკი ერთათ ერთი პატრონი ქვეყნისა თავად-აზნაურები მხოლოთ თავის თავზე ფიქრობდენ, როგორ რა გამოვრჩეთ რუსებსო – აშკარაა, აღარ დარჩა არც ერთი ბატონობისთვის მომწიფებული კლასი, რომელსაც საქართველოს პატრონობა შესძლებოდა, ასეთი პატრონი უნდა ყოფილიყო გარეშე ვინმე, და ეს გარეშე იყო რუსეთი. და აი, აქ შეიტაკა ორი კულტურა – ქართველის ფეოდალური და რუსის – ბიუროკრატიული. უკანასკნელი პირველზე უფრო მაღალი საფეხურია, ის აუცილებლათ უნდა განვლოს ყველა თანამედროვე ერმა. რაკი ჩვენ ჩვენი ძალღონით ვერ დავარღვიეთ ფეოდალური წყობილება, ცხადია, ის ვისმე სხვას უნდა დაერღვია და ასე წინმსვლელობისაკენ გზა გაეწალდა. მისი დამარღვეველი ძალა მოვიდა რუსეთიდან. რუსეთის თვითმპყრობელობამ დასცა ჩვენი ფეოდალიზმი. ეს რომ ასე ესმოდათ მაშინაც, სჩანს მთავარმმართებელ ციციანოვის სიტყვებიდან, მიწერილი ალექსანდრე პირველის მიმართ, როცა იმერეთი რუსეთს შეუერთდა: უზენაესმა ინება, რომ საქართველო, დანაწილებული საქართველოს მეფის ალექსანდრეს დროს, გაერთიანებულიყო რუსეთის მეფის ალექსანდრესვე მეოხებითო.

ამგვარათ, პოლშაში რუსეთის შესვლა – ეს იყო დაბალი პოლიტიკური წყობილების შესვლა მაღალისაში. ჩვენში რუსეთის შემოსვლა მოასწავებდა მაღალი პოლიტიკური წყობილების შემოსვლას დაბალისაში. ამიტომ აქ რუსეთი გახდა წესიერების დამცველი, ე. ი. ქვეყნის დაცვა გარეშე მტრებისაგან და თავაშვებული ფეოდალებისაგან – ის, რაც გამოაცხადა მან თავის დროშათ. ორივე ეს სასარგებლო იყო ქვეყნისათვის, ორივე წარმოადგენდა დიდ ნაბიჯს წინ გადადგმულს. ამიტომ თვით მეამბოხე კახეთის თავად-აზნაურობაც კი ვერ ბედავდა ეთქვა – რუსეთი სრულიად არ გვინდაო; ის თხოულობდა მხოლოდ ფეოდალურ წყობილების შენახვას, რუსეთის მფარველობის ქვეშ.

ერთი სიტყვით, საქართველოს, თავის დამოუკიდებლობის დროს, არ განუვითარებია სამოქალაქო ცხოვრება, არ შეუქმნია მრეწველობა-აღებ-მიცემობა, და რაღა გასაკვირვალია, მას ვერ შეემუშავებინა ის ნიადაგი, რომელზედაც ნაციონალური მოძრაობა იწყება. მას სული ეხუთებოდა ფეოდალთა კლანჭებში და მისი ამათგან ამოგლეჯისათვის ვის უნდა დაეღვარა ცრემლები? შეიძლება ფეოდალებს? მარა ხალხს არასოდეს!

ჩვენი ნაციონალისტები მუდამ იმას ქადაგებენ, რომ საქართველო წინეთ ყვაოდაო. აი, რას სწერს „ისარი“ (№14): „რაც ხანი რუსეთის პოლიტიკური ბატონობა დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, ქართული მწერლობა და პრესსა არასდროს ყოფილა მდიდარი.“ გამოდის, რომ წინეთ, რუსეთის შემოსვლამდის, უფრო მდიდარი მწიგნობრობა და პრესსა გვქონებია! „ისარს“ ისიც კი ავიწყდება, რომ ქართული პრესსა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აღორძინდა, პირველი ქართული გაზეთი მთავრობის ინიციატივით და ხარჯით გამოვიდა (1828 წ. ).

რასაკვირველია, თუ კი ასე შევაბრუნებთ ისტორიას – ყველაფერი გაუგებარი დაგვრჩება, როგორც ეს ფედერალისტთ ემართებათ. და მართლაც, თუ კი წინეთ ჩვენ პრესაც კი მდიდარი გვქონებია, ცხადია, სამოქალაქო ცხოვრებაც გაჩაღებული ყოფილა, მაშ, რატომ ჩვენი ხალხი არ იბრძოდა იმ კაი წყობილების აღდგენისათვის? ნუ თუ მას ცუდი ურჩევნია კარგს? რასაკვირველია, არა, ის წარსულში არ ეძებს იდეალებს და ეს იმიტომ, რომ ნაციონალისტების ისტორია ზღაპარია.

ან შეიძლება მეცხრამეტე საუკუნის ისტორიამ მოუმზადა ჩვენს ხალხს ნიადაგი ნაციონალური მოძრაობისთვის?

როგორც ზემოთ ვთქვით, ქართველი ხალხის ეროვნული მდგომარეობის დამახასიათებელია ის გარემოება, რომ მისი დამოუკიდებლობის დაცემა იყო ამავე დროს დაცემა ფეოდალური წყობილების. ეს არის ის სათავე, საიდანაც გამომდინარეობს უკანასკნელი ასი წლის მთელი ჩვენი ისტორია. აქ უნდა შეტაკებულიყო ორი ძალა – ძალა წარსულის, ფეოდალური წყობილების დამმაგრებელი და ძალა ახალი, სამოქალაქო ცხოვრებისკენ გზის გამკაფავი. პირველი არ ეთანხმება ხალხის ინტერესებს, და მაშასადამე, მისი მატარებელი კლასიც ვერ მოიპოვებდა ხალხის თანაგრძნობას. მეორე კი, პირიქით, ერთიანათ ხატავს ახალი მიმდინარეობის დედაძარღვს და მაშასადამე, მისი წარმომადგენელი არის იმავე დროს წარმომადგენელი მთელი ერის. როცა ორივე ამ ძალას იძლევა ერთი და იგივე ერის სხვა და სხვა ნაწილი, მაშინ ახალის და ძველის ბრძოლა წარმოებს ერთ და იმავე ერში და ხალხიც ეროვნულ ნიადაგზე ძალაუნებურად დგება, ვინაიდან სხვა ნიადაგი არ არის. და სწორედ ყველა კულტურულ ერში ეს პროცესი ასე სწარმოებდა. ძველს იცავდა თავად-აზნაურობა, ახალს „მესამე წოდება“ ანუ ბურჟუაზიული საზოგადოება, ამ სიტყვის ფართე მნიშვნელობით და ცხოვრების შინაგანი დუღილი ეროვნების კედელს არ შორდებოდა. აქ ნაციონალური მოძრაობის ნიადაგი მზათ არის.

სულ სხვანაირად მოხდა ჩვენში. რაკი ჩვენმა საკუთარმა განვითარებამ ვერ მოგვცა ახალი ცხოვრების მატარებელი კლასი, ჩვენ ვერ შევქმენით ბურჟუაზიული საზოგადოება და ამ გზით ვერ დავარღვიეთ ფეოდალიზმი, აშკარაა ბრძოლას ახალს და ძველს შორის ვერ ჩაიტევდა ჩვენი ეროვნული ჩარჩოები. ერთი უნდა ეტვირთა ქართველს, მეორე კი არა-ქართველს და რომლის ინტერესები ამ მხრით გამოხატავდა ქვეყნის ინტერესებს – ხალხის თანაგრძნობაც მისკენ იქნებოდა.

და მართლაც, რუსები ჩვენში შემოვიდა გაბატონებული კლასის – თავად-აზნაურობის მოწოდებით და თანხმობით. მათი მიზანი იყო მძლავრი მფარველის კალთის ქვეშ შეენახა თავისი შინაგანი წყობილება ხელშეუხებლივ. არა ერთხელ ვყოფილვართ სპარსეთის მფარველობის ქვეშ, მარა ფეოდალიზმი ამით არ დარღვეულა, თავად-აზნაურობას ამით ბატონობა არ დაუკარგავს. და აი, გამოცთილებით გამხნევებული ფეოდალები ყოველ მხრიდან ეხვეწებიან რუსეთს მოდით, გაგვასამართლეთ და დაგვიფარეთო. მარა რუსეთი სპარსეთივით ფეოდალური სახელმწიფო არ იყო, ის იყო თვითმპყრობელობის განხორციელება და, მაშასადამე, მისი ჩვენში შემოსვლა აუცილებლათ ნიშნავდა თვითმპყრობელობითი წყობილების შემოტანას. ის ძალა უნებურათ ჩვენი ძველი წყობილების წინააღმდეგ უნდა ამუშავებულიყო და მით თავად-აზნაურობის პოლიტიკური ბატონობა დაეცა.

ძირს ფეოდალი, გაუმარჯოს ბიუროკრატს – აი, რით შემოვიდა რუსეთი. და აი, როგორც კი ამაში დარწმუნდა ჩვენი მოწინავე წოდება – ის იწყებს მოძრაობას ძველი წყობილების დასაცავათ. იწყება მთელი რიგი აჯანყებათა, განსაკუთრებით კახეთში და იმერეთში. ეს იყო პირველი ეროვნული მოძრაობა მეცხრამეტე საუკუნეში. მართალია, ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს ერის სხვა და სხვა ნაწილი – თავად-აზნაურობა, გლეხობა და სამღვდელოება, მარა თითეული მათგანი სხვა და სხვა აზრით და მიზნით. და ეს ისე აშკარა იყო, რომ უბრალო გენერალი სისოევი, იმერთა დასამშვიდებლათ გაგზავნილი თფილისიდან 1819 წ. , ამას ამჩნევს და თავის მთავრობას ასე სწერს: მცხოვრებთა სხვა და სხვა წოდება არეულობით ფიქრობდა სხვა და სხვა მიზნის მიღწევას. ხალხს ეგონა საეკლესიო რეფორმებით შემოაქვთ ახალი გადასახადი, 5-25 მ. კომლზე სამღვდელოების სასარგებლოთო, თავადებს სურდათ თავის მეფის ამორჩევა, (კანდიდატი კიდევაც დანიშნეს) რუსების გაძევება და დამოუკიდებელი სამეფოს გამოცხადება. „ამით კიდევ არ თავდება ბოროტება, ვინაიდან ზოგი გლეხები ფიქრობდენ არეულობით ესარგებლათ ბატონებისგან გასათავისუფლებლათ, ხოლო ბატონებს უნდოდათ მათთვის ქონება წაერთმიათ“. ცხადია, აქ ნაციონალიზმის წარმომადგენელი ყოფილან მხოლოდ თავადები ე. ი. ფეოდალები, რომლებმაც უკვე იგემეს ნაყოფი ფეოდალიზმის დანგრევის და ამიტომ მოინდომეს ძველი წყობილება აღედგინათ, და რადგანაც ეს არ შეიძლებოდა ისე, თუ არა თავისი საკუთარი მეფის არჩევით და რუსების გარეკით – ისინიც ამ გზას უნდა დადგომოდენ. უნდა ითქვას, რომ მაშინ ფეოდალთა საერთო ნაციონალური აზრი იყო არა რუსების ერთიანათ გარეკა, არამედ მათ მფარველობის ქვეშ თავისი პოლიტიკური ავტონომიის შერჩენა. ამას თხოულობდენ კახელები და ხშირათ იმერლებიც.

ამ ნაირათ, საქართველოს ნაწილთა პირველი ეროვნული მოძრაობა იყო მოძრაობა თავად-აზნაურობის ძველი წყობილების შესარჩენათ. გლეხობა აქ იღებდა მონაწილეობას სწორეთ წინააღმდეგი მიზნით – ბატონ-ყმობის უღლის შესამსუბუქებლათ. ე. ი. აქ ფეოდალებს და რამდენიმეთ სამღვდელოებასაც. აი, ჩვენი ნაციონალიზმის ტრაგიზმი!

რატომ ასე უნდა მომხდარიყო? ცხადია, რატომ. თავად-აზნაურობის ნაციონალური დროშა იყო დროშა ფეოდალთა გაძლიერების, გლეხების დაჯაბნების, ახალი ცხოვრების უარყოფის, ძველი ურთიერთობების აღდგენის – ერთი სიტყვით, ეს დროშა არ იყო ხალხის დროშა; თავად-აზნაურობის ნაციონალური ინტერესი არ შეიცავდა ნაციის ინტერესებს. ნაციონალიზმი შეიქმნა რეაქციონურ საშვალებათ. პროგრესიული ნაციონალიზმი ქართველობამ მაშინ ვერ წამოაყენა, რადგანაც არ იყო ის პროგრესიული კლასი, რომლის ნაციონალური ინტერესი განსაზღვრულ ხანაში არის იმავე დროს ინტერესი მთელი ერის, არ იყო კლასი – ბურჟუაზია.

ეს პირველი ქართული თავად-აზნაურული ნაციონალიზმი ჩაქრა, დამარცხდა, მისი მოძრაობა ვერსად ვერ შეიქნა ხანგრძლივი ან ძლევა-მოსილი. მარა ეს მკვდარი იჭერს ცოცხალს, მოძრაობა დამარცხდა, ხოლო მისი აზრი გადაეცა სამკვიდროთ ჩვენს ინტელიგენციას და დაედვა საფუძვლათ პოეზიას, ისტორიულ გამოკვლევას, ბელეტრისტიკას, პუბლიცისტიკას, – მთელ ჩვენ ლიტერატურულ აღორძინებას მესამოცე წლებიდან თითქმის დღევანდლამდის. ის ქართული ნაციონალიზმი, რომელიც აშენებულია წარსულის ქებაზე და აწმყოს ძაგებაზე, მომდინარეობს დაცემული ფეოდალებისაგან, ეს ამათი იდეოლოგია იყო გასული საუკუნის პირველ მეოთხედში. ეს მაშინდელი მებრძოლი ნაციონალიზმი შემდეგ ჩამოქვეითდა ლიტერატურულ ნაციონალიზმამდის. პირველს ქონდა ნიადაგი, მას თხოულობდა მთელი, ჯერ კიდევ მძლავრი, წოდების ძირითადი ინტერესები, ამიტომ მისთვის სისხლს ღვრიდენ, ომობდენ და ეს პირები მართლაც ისტორიული გმირებია. მეორე ნაციონალიზმს – ლიტერატურულს – არავითარი ნიადაგი არ ქონდა. არც ერთი წოდების ინტერესი არ თხოულობდა და ამიტომ მისთვის არც ვინმე იბრძოდა და არც სისხლს ღვრიდა. ეს ინტელიგენციის ამარათ დარჩა და რაღა გასაკვირველია ის ცარიელ სიტყვებათ გადაქცეულიყო.

ამგვარათ ფეოდალიზმის დანგრევას და სამოქალაქო ცხოვრების დაწყებას წინ გადაეღობა თითოეული კუთხის თავად-აზნაურობა ცალ-ცალკე და მათ ნაციონალური დროშა ააფრიალეს. მეორე მხრით, ფეოდალიზმის დამნგრევი და სამოქალაქო ცხოვრებისთვის ნიადაგის მომზადებელი შეიქნა არა ისევ ქართველი კლასი, არა ქართველობის ნაწილი, არამედ სრულიად უცხო ვინმე, შორიდან შემოსული რუსეთი. ამან ააფრიალა რუსეთის დროშა. და აი შეეტაკა ორი დროშა, დროშა საკუთარი და უცხო, ნაციონალური და ანტი-ნაციონალური. ვისკენ უნდა ყოფილიყო ხალხის თანაგრძნობა? რასაკვირველია, უკანასკნელისაკენ, ვინაიდან ამ დროშის ინტერესი იყო იმავე დროს ინტერესი ხალხის, ინტერესი ქვეყნის აღორძინების, გაერთიანების, ახალი ცხოვრების დაწყების. ქართველი ხალხის ნაციონალიზმიდან დაშორება იწყება სწორეთ აქ. ის ცდილობს ახალი კულტურის შექმნას არა ნაციონალიზმით, არა რუსებთან ბრძოლით, არა ავტონომიით, არამედ რუსეთის დახმარებით, შინაგან ბატონებთან ბრძოლით და ასე თავისი ცხოვრების თანდათან განახლებით. მეცხრამეტე საუკუნის ისტორია არის ისტორია ჩვენი განვითარების, გაქალაქების, მუდმივი, შეუჩერებელი წინმსვლელობის და კულტურულათ ამაღლების. და ყველა ეს მოხდა არა ნაციონალური კლასის დროშის წინამძღოლობით, არამედ გარეშე ძალის, რუსეთის მეთაურობით. ამით აიხსნება ანტი-რუსული მიმართულების უნიადაგობა ჩვენში.

თანამედროვე ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს არა მარტო თანამედროვე კლასების აღორძინებას, არამედ იმასაც, რომ ამ კლასების თუ კლასის ინტერესები ეწინააღმდეგებოდეს გაბატონებული უცხო ძალის ინტერესებს. როცა პოლონეთის ბურჟუაზიული საზოგადოება ნაციონალურ მოთხოვნილებებს აყენებს – ამას სჩადის არა იმიტომ, რომ თავისი ნაცია, თავისი ენა და სამშობლო უყვარს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი გზას უკრავს მის განვითარებას, მას სული ეხუთება რუსეთის ჩარჩოებში, ერთი სიტყვით ამას ითხოვს პოლონეთის ძირითადი ინტერესები. მარტო სიყვარული თავისი ერის და სამშობლოს ვერავითარ მძლავრ მოძრაობას ვერ დაბადებს. ქართველს შეიძლება თავისი სამშობლო პოლონელებზე მეტადაც უყვარდეს, მარა ამით ის ნაციონალისტი ვერ გახდება, გრძნობაზე დამყარებული ნაციონალიზმი გაიტაცებს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს. მარა ხალხს, ერს ვერასოდეს. უკანასკნელის ასამოძრავებლათ, საჭიროა უფრო ღრმა მიზეზები, ვინემ გრძნობა.

არის ჩვენში ასეთი მიზეზები?

ბურჟუაზიული საზოგადოება ჩვენში, ისე, როგორც ყოველგან, ჩაისახა ჯერ კიდევ ბატონყმურ წყობილებაში. ის ყმები, რომელნიც ასე თუ ისე თავს აღწევენ ბატონების უღელს და ხელს ჰკიდებენ ხელოსნობას და აღებ-მიცემობას, წარმოადგენენ საფუძველს მოქალაქობრივი აღორძინებისას. ამ ელემენტების ქართველობაში გაჩენას და გამძლავრებას მუდამ ებრძოდა ქართველი გაბატონებული კლასი – თავად-აზნაურობა და ხელს უწყობდა არა ქართველი ძალა, რუსეთის ბატონობა. ეს ხდებოდა, რასაკვირველია, არა იმიტომ, რომ პირველს ქართველი გლეხობა სძულდა, ხოლო მეორეს უყვარდა, პირიქით, პირველს ის შეიძლება მეორეზე უფროც უყვარდა, მარა აქ მუშაობდა ინტერესი და ამას ემორჩილებოდა პოლიტიკაც. თ. -აზნაურობა, როგორც ძველი წყობილების წარმომადგენელი, ძალაუნებურათ უნდა შებრძოლებოდა ახალს, მისი ბატონობის დამცემ მიმდინარეობას, ხოლო ბიუროკრატიული სახელმწიფოს ინტერესი თხოულობდა ფულის მეურნეობის განვითარებას, აღებ-მიცემობის დაბადებას. ხოლო ყველა ეს არ შეიძლება ისე, თუ გლეხობის ერთ ნაწილს მაინც არ მიეცა საშუალება ბატონის მიწას მოშორდეს და თავისუფალი ხელობით იცხოვროს. და აი, საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის ისტორია არის ასეთი ელემენტების თანდათანი წარმოშობის და მათი არსებობისათვის ბრძოლის.

როცა თავად-აზნაურობა დარწმუნდა, რომ მას სამუდამოთ დაეკარგა პოლიტიკური ბატონობა, მაშინ შეუდგა თავის ინტერესების დაცვას რუსეთის მთავრობის საშუალებით. მეორე მხრივ, წყობილების შეცვლით სარგებლობა მოიწადინა გლეხობამაც და აი, იმართება ბრძოლა ამ ორ წოდებას შორის. გლეხი პირველ ყოვლისა ცდილობს ბატონს თავი დაახწიოს და სახაზინოთ გახდეს. ამ მიზნით იწყებს პროცესებს სასამართლოში. ამ კითხვამ „საქართველოს მთავრობა“ გაყო ორ ბანაკათ: ქართველი წევრები გლეხების ასეთ უფლებას უარყოფენ, ხოლო რუსები კი სცნობენ და მათთვის გადასახადების შეღავათსაც ითხოვენ. აი, რას ვკითხულობთ „მთავრობის“ ოქმში 1826 წ. ორბელიანი, თუმანოვი, თარხანოვი, დოლგორუკოვი, ჩოლოყაშვილი და აფხაზი – წევრნი მთავრობისა ადგენენ: „ასეთ გლეხს დაევალოს დაემორჩილოს მებატონეთ და უხადოს ყოველნაირი გადასახადი მას რუსის გლეხებივით“, ხოლო ვისაც ვენახი აქვს, იხადოს მეშვიდედი, ვინაიდან რუსის გლეხს ვენახი არა აქვს და სხვ. რუსები ადგენენ: გლეხნი, რომელნიც იძიებს ბატონისაგან თავისუფლებას და იხდიან კულუხს და ღალას, მებატონეთა სასარგებლოთ კვირაში ორ დღეს მუშაობენ. ხოლო ისინი, ვინც კულუხს და ღალას არ იხდიან, მუშაობენ სამ დღეს; გარდა ამისა, ისინი არ იხდიან არც ერთ იმ გადასახადს, რომელიც დღევანდლამდის არსებობდა.“ ამის შემდეგ ამავე წლის ნოემბერში თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშალი ხელმწიფის წინაშე ღძრავს, სხვათა შორის, შემდეგ შუამდგომლობას: „აეკრძალოს თავისუფლების ძებნა იმ საბატონო გლეხებს, რომელნიც რუსეთის მთავრობის შემოსვლის დროს და 1817 წ. კამერალური აღწერით საბატონოთ ირიცხებოდენ“. ამის პასუხათ მთავარმართებელი ერმოლოვი სწერს: თანახმათ ქართული ჩვეულებისა „ზოგი სახაზინო გლეხი სცხოვრობს საბატონო მიწაზე და მას უხდის ღალას. აგრეთვე ბევრი საბატონო გლეხები ცხოვრობენ საეკლესიო ან სახაზინო გლეხებში... არიან აგრეთვე ხიზნები... ამიტომ 1817 წ. აღწერა სრული არ არის, და სხვ. „თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ერთგულება, რომელიც თავად-აზნაურობამ ასე აშკარათ დაამტკიცა დღეს, ნებას აძლევს მას ეს შუამდგომლობა წარადგინოს ხელმწიფის წინაშე“. მეორე მხრით, განაგრძობს ერმოლოვი, გუბერნიის მარშალმა პირადათაც მითხრა, რომ იმ გლეხთ, რომელნიც რუსეთის შემოსვლამდის ბატონის მიწაზე იდგა და ყმათ იწოდებოდა, „აეკრძალოს სასამართლოში სიარული და ამტკიცოს თავისი უფლება თავისუფლებაზე. მარა რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, ძრიელ ბევრი, როგორც სახაზინო, ისე საეკლესიო გლეხები ცხოვრობდენ ბატონების მამულზე და პირობით მუშაობდენ, ამიტომ მას უპასუხე – „არ შეიძლება აუკრძალოთ დაბალი კლასის ადამიანს იძიოს თავისი უფლება, როცა მას სტაცებს მძლავრი ადამიანი“. მარა ამასთანავე ასეთმა გლეხმა ბატონს უნდა უხადოს ყოველივე წინანდურათ დავის გადაწყვეტამდის და სხვ.

ასე თავად-აზნაურობა სისტემატიურათ ებრძვის გლეხობას და არ ანებებს თავი დააღწიოს ყმობას. გლეხებს დარჩათ ერთათ ერთი იმედი – რუსის მთავრობის, რომელიც ტვირთულობდა მებატონეთა გადაჭარბებულ მადის ფრთის შეკვეცას, თავადები ებრძოდენ არა მარტო გლეხებს, არამედ თავის აზნაურებსაც. ისინი ამტკიცებდენ, რომ მათი აზნაურები იგივე მათი გლეხებია, შეუძლიათ მათი გაყიდვა, გაჩუქება, მამულის ჩამორთმევა და სხვ. ამიტომ მათი მამული და თავისუფლება უფლებით უნდა უდრიდეს გლეხის მამულს და თავისუფლებასო. მთავრობამ კი ეს უარჰყო და მას ისინი უფლებით გაუთანასწორა ტახტის აზნაურებს.

ერთი სიტყვით, ქართველი ხალხი თავის მდგომარეობის შესამსუბუქებლათ მიმართავდა არა ისევ ქართველს, არამედ არა-ქართველს, რუსის მთავრობას. ის თავისიანებისაგან, თავადებისაგან, დევნილი და შევიწროებული სამართალს ეძებდა ქართველი ერის გარეშე. და ეს გარეშეც ამ თავის მოსაშვალე როლს ასრულებდა. გასული საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა თ. -აზნაურობა ჯანყობდა და ახალ წყობილებას არ ურიგდებოდა, მთავრობა გლეხების მხარეზე იდგა, რომ ამით მებრძოლი წოდება განემარტოვებია. შემდეგ ოცდაათ-ორმოც წლებში მთავრობა ხან გლეხს იცავს, ხან ბატონს; შემდეგ განსაკუთრებით ვორონცოვის დროს, ის გადაჭრით მებატონეს ემხრობა, ამით აიხსნება ის რომ 1849 წ. მთავრობამ გააუქმა კანონი, რომლის ძალით გლეხს შეეძლო თავისუფლების ძიება დაეწყო, თუ მებატონეს მისი ყმობის წერილობითი საბუთი არ ექნებოდა. ახლა ეს მუხლი შესცვალეს ბატონის სასარგებლოთ – თვით გლეხს უნდა წარედგინა წერილობითი საბუთი იმის, რომ ის ან მისი მამა, ან პაპა თავისუფალი იყვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარს არ იღებდა. სამაგიეროთ, 15 წლის შემდეგ ბატონყმობა ერთიანათ გაუქმდა და სამოქალაქო ასპარეზზე მთელი ხალხი გამოვიდა. ამნაირათ, შევიწროებულ გლეხობას ერთათ ერთი საშვალება ქონდა თავისუფალი ელემენტები წარმოეშვა. ეს საშვალებაა რუსის მთავრობა, რომ მისი დამხმარე ძალა თვით ქართველობას წარმოედგინა და ეს რუსის მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებულიყო გლეხობის სასარგებლოთ – ცხადია, უკანასკნელი მას მიემხრობოდა და რუსეთს გადაუდგებოდა, ნაციონალური მოძრაობა გაჩაღდებოდა. მარა ვინაიდან ასეთი ძალა არ დარჩა ერის ჩარჩოში, გლეხობაც იძულებული გახდა ამ ჩარჩოს გასცილებოდა და ნაციონალიზმთან კავშირი გაეწყვიტა.

და აი, ასეთი გზით დაბადებული ბურჟუაზიული ელემენტები ვერასოდეს ვერ გახდებოდენ ნაციონალიზმის მატარებელი. პირიქით, ისინი, როგორც რუსეთის კალთას ქვეშ დაბადებულნი და აღზრდილნი, უნდა ყოფილიყვენ რუსეთის მომხრე და ეს ანტინაციონალური მიმდინარეობა უნდა გადაეტანათ ხალხშიაც.

ამგვარათ, ბურჟუაზია ყოველგან ნაციონალისტი – ჩვენში თავიდანვე ანტინაციონალისტათ გამოდის. მარა შეიძლება შემდეგი განვითარებით მასში მომზადდა ნაციონალიზმის ნიადაგი?

როგორც დავინახეთ, ქართველი ბურჟუაზიული ელემენტების დაბადება ვერ მოხდა ნაციონალური გზით. ხოლო მერმინდელი მათი განვითარება კიდევ უფრო გადმოდის ეროვნულ კალაპოტიდან და ღებულობს ინტერნაციონალურ სახეს.

და მართლაც, ყოველგან ნაციონალური ბურჟუაზია ააღორძინა ნაციონალურ კაპიტალმა, რომელიც ხანგრძლივათ იკრიბებოდა ვაჭართა ხელში, ჩვენ კი დრო და გარემოება არ გვანებებდა ასეთი კაპიტალის შექმნას. ფეოდალური წყობილება პირდაპირ აიძულებდა ქართველს ვაჭრობა, და ისიც მცირე, დაეთმო იმ ერთა წარმომადგენელთათვის, რომელთაც თავის შინ აღებ-მიცემობა ქართველობაზე უფრო განავითარეს და ასე სავაჭრო თანხა შეაგროვეს. ასეთი იყო განსაკუთრებით სომხობა საუკუნოების განმავლობაში ერთი მხრით დასავლეთი ევროპა და მეორე მხრით ამიერ-კავკასია სპარსეთთან, ოსმალეთთან და ინდოეთთან ვაჭრობდა მცირე აზიის გზით, რომელიც გადადიოდა სომხეთზე. შუშა, ნუხა, ერევანი კავკასიის სავაჭრო კარებია, საიდანაც გაქონდათ და შემოქონდათ საქონელი სპარსეთში და სპარსეთიდან. ხოლო ახალციხე, ერზერუმი და სხვ. კარს გვიღებდა ოსმალეთისაკენ და რადგანაც ეს სავაჭრო ცენტრები საქართველოს გარეშე იმყოფებოდა, ცხადია, ქართველობა მოწყვეტილი იყო სააღებ-მიცემო გზას და ის ფეოდალურ ქერქს თავისი ძალღონით ვერ გამოიცვლიდა.

მეორე მხრით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემას თან მოყვა ასეთივე დაცემა კავკაზიის ყველა დამოუკიდებელი სახანოების და სამთავროებისა. კავკასია გახდა ერთი ერთეული, სადაც ერთა დაახლოვება და ერთი მეორეში არევა მოხდა. გაზ. „ისარი“ ამ გარემოებას დასტირის, იწუნებს და ჰგონია, ყველა ეს ხელოვნურათ წარმოიშვა, ის სწერს: „უპირველეს ყოვლისა ბიუროკრატიამ საქართველო რუსეთის უბრალო გუბერნიათ გადააქცია, და რომ თვითონ სიტყვა „საქართველო“-ც ისტორიულ წარსულისათვის მიეცა, ჩვენი ქვეყანა ხელოვნურათ დაანაწილა, შექმნა სრულიად ახალი საადმინისტრაციო ტერმინოლოგია, წინ წამოაყენა საადმინისტრაციო ერთეულათ კავკასია და თვით კავკასიაშიც შემადგენელი ნაწილების ისეთი კომბინაცია მოახდინა, რომ კულტურულათ, ეთნოგრაფიულათ და გეოგრაფიულათ დაშორებული ნაწილები შეაერთა, ხოლო კულტურულათ შედუღებული ნაწილები კი ერთმანეთს დააშორა“ და სხვ. (№10 ფელეტონი). ბიუროკრატია ასეთი სასწაულმომქმედი რომ იყოს, აშკარაა, ამასვე ჩაიდენდა ის ფინლიანდიაში და პოლონეთში. და თუ ეს ასე იქ ვერ მოახერხა, ხოლო აქ კი – ამის მიზეზია არა ის თვითონ, არამედ ის ისტორიული და კულტურული პირობები, რომელშიაც ეს მხარეები იმყოფებოდა. საქართველოს პოლიტიკური წყობილება – ფეოდალიზმი, იყო იმავე დროს წყობილება მთელი ამიერ კავკასიის და რაღა გასაკვირველია მათი სავალი გზაც დაახლოვებით ერთნაირი ყოფილიყო. ამ დამოუკიდებელი სამფლობელოების რუსეთთან შეერთება სწარმოებს ერთგვარათ. ეს ერთი-მეორის კოპიოა, ასე, რომ ბიუროკრატიას აქაც კი ვერ გამოუჩენია ორიგინალობა. მან საქართველოც ისე „დაატყუა“, როგორც ყველა დანარჩენი მისი მეზობლები. ჩვენ აქ არ გამოუდგებით ამ პროცესის აღწერას, ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს კავკასიის სხვადასხვა ნაწილთა დაახლოვება და ერთათ შეუღლება ისტორიული ფაქტია, აუცილებელი მოვლენაა და ამას ვერავითარი გულში ხელის ცემა და გოდება ვერ შესცვლის. მაშასადამე, საჭიროა მისთვის ანგარიშის გაწევა და მისი შედეგების ცნობა.

და ეს შედეგები მრავალნაირია, პირველ ყოვლისა ამით კარები გაეხსნა არა-ქართველს საქართველოში თავისუფლათ მოქმედებისათვის და ქართველს – კავკასიის დანარჩენ ნაწილებისაკენ. ყველა ადგილობრივ ერთა ვაჭარი და მუშა ერთმანეთს დაუახლოვდენ, საერთო საქმეში შეებენ, ერთ ეკონომიურ ჩარჩოში მოიქცენ. საქართველოში შემოვიდა უცხო კაპიტალი, სომხის, რუსის, ევროპიელის და სხვ. ქართველი გავიდა საქართველოს გარეთ, კავკასიის სხვა კუთხეებში ბედის საძებნელათ. ამ გარემოებამ კიდევ უფრო დააჩქარა ჩვენი ბურჟუაზიული საზოგადოების განვითარება და ამას მისცა თავის რჩენის ახალ-ახალი საშუალება. საქართველოს წინ წაწევა მოხდა არა მარტო რუსეთის პოლიტიკური გავლენით, არამედ უცხო კაპიტალის შემწეობითაც. ამიტომ ქართველი ბურჟუაზიის ინტერესი სრულიად არ მოითხოვდა უცხო ბურჟუაზიის განდევნას ან შევიწროებას, პირიქით, ეს უკანასკნელი მისი განვითარების მიუცილებელი პირობაა... ჩვენი ქვეყნიდან რომ დღეს არაქართველი კაპიტალი და კაპიტალისტები გავიდენ – მთელი ქართველობა მას მუდარით გამოეკიდა, დარჩით, ნუ წახვალთო, ვინაიდან ეს გამოიწვევს დიდ არევ-დარევას ცხოვრების ყველა სფერაში.

მართალია, ამ რამოდენიმე წლის წინეთ ჩვენმა მოღვაწეებმა გაილაშქრეს სომხების წინააღმდეგ. მარა ეს სრულიად არ ხატავდა ქართველი ბურჟუაზიის ინტერესებს. და განა შეუძლია ქართველ ვაჭარს ივაჭროს სომხის ბანკის ან კაპიტალის დაუხმარებლივ? თუ კი, საზოგადოთ, წვრილი ბურჟუაზია დამოკიდებულია სხვილისაგან, განა იგევე არ ითქმის ქართველ წვრილ ვაჭრებზე, რომელთა ინტერესები პირდაპირ თხოულობს სხვილი ბურჟუაზია მადლიერი ყავდეს? ჩვენებური ანტისომხური მიმდინარეობა ხატავდა არა ბურჟუაზიის, არამედ გაკოტრებული, სომხის კაპიტალის ხელში ჩავარდნილი მემამულეების ინტერესებს. ე. ი. ეს მიმდინარეობა იყო რეაქციონური.

ერთი სიტყვით, ქართული კაპიტალის უქონლობამ, ისე, როგორც ერთი ქართული პოლიტიკური ძალის შეუმუშავებლობამ, ქართველობა აიძულა უცხო ეკონომიური და პოლიტიკური ძალისთვის მიემართა და ამათი დახმარებით თავისი მოქალაქობრივი მერმისი აეშენებია. ეს ეკონომიაშიაც, ისე, როგორც პოლიტიკაში, გამოვიდა ეროვნული ჩარჩოებიდან და მით მოშორდა ნაციონალისტურ ეკონომიას და ნაციონალურ პოლიტიკას.

და ასე, ქართველი გლეხობა, ბურჟუაზია და მუშა არ ვითარდება ნაციონალური გზით, ამიტომ მათი ნაციონალური თვითგამორკვევა არ შეიძლება იყოს მიმართული წინააღმდეგ უცხო პოლიტიკური და ეკონომიური ძალისა. პირიქით, ეს თვითგამორკვევა აუცილებლათ უნდა იყოს და კიდევაც არის ინტერნაციონალური, ე. ი. საერთო პოლიტიკა და საერთო ეკონომია – აი, ქართველობის ახლანდელი დროშა. ეს ერთობა, რასაკვირველია, სხვადასხვა კლასს სხვადასხვანაირათ ესმის. მუშა და გლეხი უერთდება სხვა ერის მუშას და გლეხს თავისი პოლიტიკური და ეკონომიური უღლის შესამსუბუქებლათ, ხოლო ბურჟუაზია მუშათა მოძრაობის დასათრგუნავათ იძულებულია შეუერთდეს სხვა ერის ბურჟუას; ამის ცოცხალი მაგალითია თფილისის წვრილ ვაჭართა ორგანიზაცია, სადაც ყველა ეროვნება იღებს მონაწილეობას. ასე, რომ ჩვენი ყველა თანამედროვე კლასი თავის ინტერესებისათვის საბრძოლველათ იძულებულია ააფრიალოს ინტერნაციონალური დროშა. ამ აუცილებლობას არ ემორჩილება მხოლოდ ჩვენი ინტელიგენცია და ამიტომ ის ჰაერში გამოკიდებულია, უჯარო სარდლებია, თუ საიმედო ჯარათ არ მივიღებთ უძლურ და დრო-გადასულ თავად-აზნაურობას და თითო-ოროლა პირებს სხვადასხვა კლასებიდან. მისი ჯარი დაიბადება მხოლოდ ქართველ შეძლებულ ბურჟუაზიის, ქართული სხვილი კაპიტალის გაჩენიდან. ერთათ ერთი შეძლებული ბურჟუაზიის ინტერესი იქნება სხვა ერთა ბურჟუა თავიდან მოიშოროს და ქართველი ხალხი წვრილი ბურჟუაზიითურთ თვითონ ყვლიფოს.

ინტელიგენცია, მაშასადამე, გამოდის არა არსებულ რეალურ პირობებისაგან, არა ხალხის ნამდვილი ინტერესებისგან, არამედ თავის საკუთარ სურვილების, თავისი „საუკეთესო“ პლანებისაგან. ის ხედავს ხალხის ინტერნაციონალურ მიმდინარეობას, ეს მას აქუხებს და ფიქრობს თავისი ქადაგებით ის ნაციონალურ გზაზე გადაიყვანოს. ეს იდეალისტური შეხედულება ისტორიაზე დამახასიათებელი თვისებაა და ამიტომ ჰგონია სოც. დემოკრატებმა „გადაარჯულეს“ ხალხი, ეროვნული იდეა დაუკარგესო. მან რომ ჩვენი ისტორია მართლა იცოდეს, ნამდვილ მდგომარეობის დანახვა რომ შეეძლოს, მაშინ იტყოდა არა იმას, რასაც ახლა ამბობს, არამედ ჩვენთან ერთათ დაასკვნიდა – ყოველი ერი მიდის თავისი საკუთარი გზით და საკუთარი ჭკუით, ქართველობის საკუთარი გზაა – გზა ინტერნაციონალური, რის შეცვლა შეუძლია არა ქადაგებას, არამედ მხოლოდ ისტორიულ პირობებს. ეს პირობები რამოდენიმეთ გაჩნდება სხვილი ბურჟუაზიის აღორძინებით, მაშინ ჩვენი ინტელიგენციის ნაციონალიზმი ამ ბურჟუაზიის იდეოლოგია იქნება, მარა ამ დროისთვის პროლეტარიატში ისე ძლიერი იქნება კლასიური შეგნება და ინტერნაციონალური სული, რომ ნაციონალიზმი მას და მის მიმყოლ გლეხობას ოდნავათ ვერ ჩაითრევს. ჩვენ, რასაკვირველია, კარგათ ვხედავთ, რომ კავკასიის სხვა ერებში ნაციონალიზმი დღეს გაძლიერებულია. და აი, სწორეთ ქართველი მუშა ხალხის ისტორიული მოწოდებაა შეებრძოლოს ამ სხვა ერთა ნაციონალიზმს, თანდათან მოიმხროს მათი პროლეტარიატი და გლეხები და ასე ინტერნაციონალიზმი ყველა ერში გააბატონოს. სწორეთ ამიტომ უარვყოფთ ჩვენ ქართულ ნაციონალურ სოციალ-დემოკრატიას, ვინაიდან ეს ხელს შეუშლიდა ჩვენ ხალხს თავის მისიის შესრულებაში. კავკასიაში, ამ მრავალ ეროვნებათა ქვეყანაში, უნდა იყოს ერთი საერთაშორისო მუშათა ორგანიზაცია, მეტი გზა არ არის და რადგანაც ამ მიმდინარეობის საუკეთესო გამომხატველია ქართველი ხალხი, რაღა გასაკვირველია ამ საქმის მეთაურობაც მას ეტვირთა.

გავათავეთ, ახლა ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენათ უსაფუძვლოა ფედერალისტთა აზრი – ვითომ ჩვენ „მოვახვიეთ“ ხალხს ჩვენი ნაციონალური პროგრამა. პირიქით, ეს პროგრამა ჩვენ თვით „მოგვახვია თავზე“ ხალხმა. ეს კითხვა ფართეთ იქნა ორგანიზაციაში დასმული და გარჩეული ამ ერთი წლის წინეთ და ვინც ამის მოწამე ყოფილა, იმას ალბათ ახსოვს, რომ არც ერთ კითხვას არ გამოუწვევია ისეთი ერთსულოვანი პასუხი, როგორც სწორეთ ამ კითხვამ გამოიწვია. ეს პასუხი კაი ხანია აღბეჭდილია ერთ დოკუმენტში, რომლის დასკვნა ასეთია.

„რუსეთის სახელმწიფოს ძირითადი კანონები დადგენილ იქნას სახელმწიფო წყობილების სრული დემოკრატიზაცია და ყველა ერის სრული პოლიტიკური და მოქალაქობრივი თანასწორობა, განურჩევლათ გვარტომობისა. სამშობლო ენის თავისუფლათ ხმარება ყველა ადგილობრივ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სასამართლო დაწესებულებაში და განათლების მიღების უფლება სამშობლო ენაზე, რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში ადგილობრივ კულტურულ ეკონომიურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლათ მთელი ამიერ-კავკასია უნდა შეადგენდეს საოლქო ერთეულს ცენტრალური ორგანოთი, რომელიც არჩეულ იქნება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭის ყრით. ნაციონალური ენა და კულტურა ამიერ-კავკასიის ყველა ერთა თანხმობით და ერთი მეორის დახმარებით – აი ჩვენი ხალხის დღევანდელი ნაციონალური თვითგამორკვევა. ჩვენ ამ საფუძველზე ვდგევართ, ხალხთან ერთათ მივდივართ...