შინაარსზე გადასვლა

ჩემი იღბალი გრიგალს დაჰქონდა

გვერდიდან ვიკიწყარო
ჩემი იღბალი გრიგალს დაჰქონდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ჩემი იღბალი გრიგალს დაჰქონდა
და ქარიშხალი მყავდა მხლებელი.
მზიანი დღეა, ახლა ბაქოდან
ნელა შემოდის მატარებელი.

ზარია, ლოცვა იწყება გვიან,
თითქოს ერთია ქარი და ნისლი.
აქ შემოდგომის ფიქრები ქრიან,
იქ ორთქლმავალის კივილი ისმის.

ცხრა საათია, გზები იღვიძებს
და უკვე შეწყდა ზარის გოდება.
მე მარადიულ ცისკენ მივიწევ, -
ქვეყანა ახალ მზეს ელოდება.

ჩემი იღბალი გრიგალს დაჰქონდა
და ქარიშხალი მყავდა მხლებელი.
მზიანი დღეა, ახლა ბაქოდან
შემოდის ჩქარი მატარებელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]