შინაარსზე გადასვლა

ხე შორეული ისევ იქ იცდის

გვერდიდან ვიკიწყარო
ხე შორეული ისევ იქ იცდის
ავტორი: ტერენტი გრანელი


ხე შორეული ისევ იქ იცდის
და ჩემს გარშემო სხვები არიან.
ეს დღე მაღვიძებს სიხარულისთვის,
დღეს ისევ მზეა და დღეს ქარია.

ასე გამეფდა შური და მტრობა,
სდუმს შორეული ქალის საფლავი.
რატომ არა მაქვს მე ნებისყოფა?
რატომ არა მაქვს თავშესაფარი?

და ეს ბავშვები ასე დარბიან,
ქუჩაში უფრო ნელა მიდიან.
და საქართველო ჩემთვის დარდია,
და საქართველო ჩემთვის დიდია.

ხე შორეული ისევ იქ იცდის
და ჩემს გარშემო სხვები არიან.
ეს დღე მაღვიძებს სიხარულისთვის,
დღეს ისევ მზეა და დღეს ქარია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]