შინაარსზე გადასვლა

(როგორც მრავალი ვარდების მფენი...)

გვერდიდან ვიკიწყარო
როგორც მრავალი ვარდების მფენი...
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


როგორც მრავალი ვარდების მფენი,
მას სული ჰქონდა უხვად ციური,
მასში მრავალი იყო შოპენი
და პაგანინი ფანტასტიური.

მას საქართველომ გადაუზნიქა
ვერხვები შორი ალაზანისა
და აი, ახლა მისი მუსიკა
ჩვენი ისლების რხევამ დანისლა.

მშვენიერია ეფექტი მისი
იქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,
ოდეს თავისი და არა სხვისი
ცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]