შინაარსზე გადასვლა

1592 წ. - სასისხლო სიგელი სვიმონ მეფისა მაღალაძეებისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი:


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 66


საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა სუიმეონისგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა, რანთა, სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლისა და ვიდრე დასავალამდე თუით-მტკიცედ ფლობით მქონებელისა.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენნი ერთგულნი და ძალისაებრ მათისა დიდად და თავდადებით ნამსახურნი, დიდისა და ცათა მობაძავისა კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, მაღალასძე ქადაგი გედეონ და ძე მათი რომანოზ.

გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა მოკითხული გუექმნა საქმე სახლისა მათისა და სანაცულოდ სამსახურისა მათისა სიგლითა ამით შეგუეწყალნეს. ვისმინეთ აჯი და მოხსენება მათი, ვქენით მოკითხული, და ძუელითგან ძუელთა მეფეთა ჩუენთა გუართაგან შეწყალებულნი იყუნეს, და ესევითარნი სიგელნი ჰქონებოდეს და ჟამთა სიგრძისაგან დაძუელებულიყუნეს.

და აწე, ჩუენცა შევიწყალეთ და განუახლეთ. და ვითარისა ხელისა მქონებელი იყო, ეგეთივე სიგელი მიუბოძეთ ძალად, პატივად და სიმაგრედ თავისა და სახლისა მათისა. ერთბაშად, კითხულობითა ეპისკოპოსთა, თავადთა, დარბაზის ერთა და ვაზირთა ჩუენთათა; სამართლად და ჯერჩინებითა საქმისათა, ვითარცა შეგუანდა, თუ ვითარ მოეხმარებოდა სახლსა ჩუენსა ცოცხალი, და ანუ ვითარ დააკლდებოდა მომკუდარი.

და განუჩინეთ სამართალი სისხლისა ; უკეთუ ვინმე იკადროს, მძლავრებითა ეშმაკისათა ხელყოს და მოკლას, სამასი ათასი კირმანაული თეთრი დაუურვოს. თუ მონაზონი იყოს, ანუ ხუცესი ამა გუარისა, ანუ დიდებულმან, ანუ აზნაურმან, ანუ სხუამან კაცმან მძლავრობით და უსამართლოდ ხელთა შეიპყრას, სრული სისხლი ეზღოს. თუ ერისგანი შეიპყრას, ნახევარი სისხლი დაეურვოს.

თუ ხუცესსა ცოლი მოუტყუოს, სრულსა სისხლსა ორმოცი ათასი სხუა ემატოს.

თუ ერისგანსა მოუტყუოს, ნახევარი სისხლისა უზღოს. თუ ღალატითა მოკლას, სამოცი ათასი სისხლსა უმატოს. თუ ცოლი წაუღოს, სამოცი ათასი დაეურვოს.

თუ ნაბრჭობი ვინმე დაუჭიროს, ოცი ათასი თეთრი სხუა ეზღოს და ნაბჭობიცა შეექცეს.

თუ აგინოს ვინმე პირდაპირ, ხუთი ათასი დაეჰურვოს. თუ დიაცი აგინოს, ათი ათასი დაეურვოს საუპატიოდ.

თუ უსამართლოს მუქარა სთხოოს, თორმეტი ათასი დაეურვოს. ნაკრავითა თუალისა წაყრა, ხეჯ-ფერხისა დაშავება, პირსა დაღი, წინასა კბილისა ჩაგდებინება - ნახევარისა სისხლისა არის.

თუ უჩინარსა ადგილსა დაღი დასუას, ორი გერში დაეურვოს. თუ გერში გამოართუას, ოთხი ათასი დაეურვოს, თუ ცხენი მოსტაცოს, ხუთი ათასი საუპატიო დაეურვოს.

თუ ჯოგი ჰყუეს და მოსტაცოს ვინმე, რაზომისაცა სულისა იყოს, თუის თუისად გაძარცული და ორკეცი საუპატიო დედათა დაეურვოს, და ერთი მამაცისა და ცხენებიცა უკლებლად შეექცეს.

თუ ზედა დაესხას და დაიფორაქოს და საქონელი წაუღოს, სრული სისხლი ეზღოს და დედათა და მამათა მათითა წესითა საუპატიო დაეურვოს და ალაფიცა უკლებად შეექცეს.

თუ ცეცხლი ვინმე შეუდვას ანუ საბზელსა, ანუ ეზოსა, ანუ სიახლოესა რამე დაუწუას, ნახევარი სისხლისა ეზღოს.

თუ სასახლესა შეუდვას, სრული სისხლი არის; და რაზომიცა სული დაეწყუდიოს, მისგან ყუალა დამწუარი იქნების და მართლითა სამართლითა გაუჩნდეს.

თუ ვინმე საღალატოდ წავიდეს და თავადვე დაშალოს ანუ სხუათა დააშლევინონ, არა ზედა-აც. თუ გაჰმართოს და სიკუდილსა ეცადოს და ესევითარი კაცი ღმერთმან მოარჩინოს, მისგან მკუდარი იქნების და ნახევარი სისხლი დაეურვოს სიკუდილისა ცდისათუის.

თუ პატრონს წინა უსამართლოდ შეასმინოს, ოცი ათასი თეთრი დაეურვოს. თუ გასცეს ვინმე, ნახევარი გამცემმან და ნახევარი წამღებმან გარდაიხადოს, რაცა შეჰხდეს. სასიკუდილოდ გამცემმან ნახევარი სისხლი უზღოს, და სამეკობროდ გამცემმან - ხუთი ათასი თეთრი დაუურვოს, ამად რომე, რაცა უარესი მოჰხდების, გამცემისაგან იქნების.

ბოსტანში თუ ჩაუხდეს, მოჰპაროს და აუოხროს, დედათა საუპატიო დაეურვოს. თუ კუდიანობა და მწამლელობა დასწამოს, სისხლისა ნახევარი არის. თუ მეკობრე დამსხმელი და გამწე მოკლას, მისი სისხლი არ ეთხოოს.

მტკიცე და უცვალებელი ბრძანება ესე და სიგელი გიბედნიეროს ღმერთმან დიდისა და ცათა მობაძავისა ეკლესიისა შვილთა, მაღალასძესა ქადაგსა გედეონს და ძესა შენსა რომანოზს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

როგორაცა ჩუენგან მოცემულსა მართებს, ეგრე ვერვინ შეგიცუალოს. არავინ გუიბძანებია მშლელი და მქცეველი მტკიცედ ბძანებულისა ამის ჩუენისა, თუინიერ სიმტკიცისა და თანადგომისაგან კიდე.

დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქორანიკონს სპ (1592), ხელითა მღდელ-მონაზონისა ბესარიონისითა.

სვიმეონ ვამტკიცებ.

გვიანდელი დამტკიცებები
recto-ზე განთავსებული სამი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით
verso-ზე განთავსებული დიდი მართკუთხა სპარსული ბეჭედი კათალიკოზის ლეგენდით:
  • ქ. რომელი განიჴსენით ქუეყანასა ზედან ჴსნილ იყოს ცათა შინა

სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[რედაქტირება]

ის არის ღმერთი, ქებული ყოველ საქმეში!

აბულ-მანსურ, სულტან მაჰმუდ-ხან მირზა საწყალი ჩემი სიტყვა

ამჟამად უსაზღვრო მოწყალების და უსასრულო კეთილგანწყობილების გამო მისი უწმინდესობის, სიდიადით მოსილი კათალიკოზის მორდალის გედეონისადმი, რომელიც ცნობილია ქადაგად, და ხსენებულის შვილის რომანოზის და დანარჩენი მისი შვილებისადმი, რომელნიც, როგორც ძველი სიგლიდან ჩანს, ძველი დროიდან და მამა-პაპათაგან ამ ჩვენი დიდებული გვარის ერთგულნი და კეთილისმსურველნი არიან და თვითეულის შესაფერისი მდგომარეობა, რომელიც სისხლის ფასში გამოიხატება, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ძველი სიგელის მიხედვით ხსენებული გედეონის და მისი წინაპრების სისხლის ფასი ასოთხმოცი ათასი კირმანაული ყოფილა. ახლაც აგრეთვე მათი მდგომარეობის, პატივისა და კეთილმოსურნეობის შესაბამისად, ხსენებულნი შეწყალებული იქნენ ჩვენს მიერ და გველის წელიწადის ექვსთვეობის დასაწყისიდან ხსენებულ გედეონს და მის შვილებს სისხლის ფასად სამასი ათასი კირმანაული გავუჩინეთ და დავუმტკიცეთ, რომ მათ შვილთა და შვილიშვილთაც, თუ სისხლის სამართლის საქმე მოხდა, ამ კანონისა და წესის მიხედვით მოითხოვონ ამ ახალი სიგლის საფუძველზე ხსენებული საურავის თანხა. ჯერარს, რომ ამ მაღალი ნიშნისა და ფირმანის საფუძველზე, ჩვენმა ძლევამოსილმა და ბედნიერმა შვილებმა და ძმებმა, მაღალადგილოვანმა და სახელოვანმა ამირებმა და სხვა აზნაურებმა და კეთილშობილმა რიშსეფიდებმა ხსენებული გედეონის და მისი შვილების მფარველობა საჭიროდ და სავალდებულოდ იცნონ და, თუ სისხლის სამართლის საქმე მოხდა, ვისგანაც არ უნდა მოხდეს ეს, არ მიიღონ მხედველობაში მეგობრობა და მფარველობა, აქ დაწერილის მიხედვით სისხლის ფასად სამასი ათასი კირმანაული აიღონ და ხსენებულ გედეონს მისცენ, და ისე მოიქცნენ, რომ ხსენებული გედეონი მუდამჟამს კმაყოფილი და მადლობელი იყოს და ყველგან და ყველასგან მისი ქება და დიდება ხვდებოდეს. ამის შესახებ გამ0ცემული ბრძანება იცოდნენ, ნაბრძანებს წინააღმდეგობა არ გაუწიონ და ყოველ წელს ამის შესახებ ახალ ბრძანებას ნუ მოითხოვენ. და როცა ნიშანი ესე შეიმკობა მაღალი ბეჭდით, ერწმუნონ.

დაიწერა რაბი II თვის დასასრულა, 1002 წელს (1594 წლის 12 იანვარი).

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სპ (1592 წელი), სპარსული ტექსტის თარიღია 1002 წლის რაბი II-ის ბოლო, რაც შეესაბამება 1594 წლის 12 იანვრის წინა პერიოდს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]

ლიტერატურა

[რედაქტირება]