შინაარსზე გადასვლა

1636 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა მდივანბეგ ყაფლან ბარათაშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი: ხეც Hd-14476.
პირი: სეა 1450-15/136



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდი ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და წესისებრივ თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა ყმათა, ბარათაშვილს, კარისა ჩუენისა დივანბეგს ყაფლანს და შვილთა თქუენთა: პაპუნასა, ორბელს და ასლამაზს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ქუემობოლნისს ბარათას ზურის წყალობას გუიაჯენით. მოკითხული ვქენით და ვითაც რომე ნასყიდობით ირჩოდით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ქუემობოლნისს ბარათას ნაქონი ზუარი სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, ყოვლის კაცისაგან უცილებრად, სამკუიდროდ და საბოლოოდ თქუენთუის და თქუენთა შუილთათვის გუიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, სომხითის ტარუღანო და მელიქნო, ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკდ, ჴელითა კარის ჩუენისა მდივან-მწიგნობრის თუმანისშუილის ბირთუელისათა.

ხვეული ხელრთვა: როსტომ

ქართულ ტექსტს სტრიქონებს შორის უზის ორი სპარსული სარეგისტრაციო ბეჭედი:

1. ოთხკუთხა, წარწერით: – ალის ფეხთა მტვერი, მანუჩარი
2. ოვალური, წარწერით: ჩემი საქმე ალლაჰისთვის მიმინდვია.


სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[რედაქტირება]

ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზე, რომ განსვენებულმა გოშტაშაბმა ... მოწყალებისა და დიდებულების ბურჯმა, ხსენებული საზოგადოების წარმომადგენელმა, დიდება ალლაჰს! სამარადისო რჯულისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ მიმავალ გზაზე ერთგულება და თავგანწირვა გამოიჩინა . . . მრავალი ტყვე შეიპყრო . . . ხსენებული გოშტაშაბი რაზმით მოვიდა და ერთგული სამსახური და თავდადება გამოამჟღავნა. . . (ის, რაც) ხსენებული განსვენებულის კუთვნილებაში იყო მოხსენიებულის შვილისათვის – პაპუნა-ბეგისათვის გვიწყალობებია და დაგვიმტკიცებია. განსვენებულის მფლობელობაში მყოფმა ქეთხოდებმა, მიწათმოქმედებმა და გლეხებმა პაპუნა-ბეგი და მოხსენებული გარდაცვლილის სხვა შვილები ქვემოთ (დასახელებული) ადგილის თიულის მფლობელად ცნონ . . . და მოვალეობად აღიარონ (ამ ბრძანების შესრულება), როცა ეს (ბრძანება) მაღალი ბეჭდის ნიშნით აღიჭურვება, ენდონ და ერწმუნონ (მას).

დაიწერა რაბი ალ სანის თვის 10-ში, 1046 წ.

სპარსული ტექსტის ბოლოს დასმულია როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი სპარსული წარწერით: – "ქვეყნის და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ, წყალობა მოიღო და მის მონას როსტომ ხოსრო მიწოდა"

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკდ (324) მარიამობისთუეს გ (3), რაც უდრის 1636 წლის 3 აგვისტოს. სპარსულ ტექსტშია 1046 წლის რაბი ას-სანის 10, რაც შეესაბამება 1636 წლის 10 სექტემბერს.

კომენტარი

[რედაქტირება]

ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილი პაპუნა - გოსტაშაბ ბარათაშვილის ვაჟი, ყლიჯყორჩი. საგულისხმოა, რომ საბუთში პაპუნა ბარათაშვილთან ერთად გოსტაშაბიშვილადაც მოიხსენიება. მისი და ყოფილა ზურაბ სააკაძის საცოლე, თუმცა, როცა ზურაბს როსტომის წინააღმდეგ შეთქმულებაში მიუღია მონაწილეობა, მეფეს მისთვის წაურთმევია საცოლე და თავის გაზრდილ ქუაბულ მაჩაბლისთვის მიუთხოვებია (Hd-14419). პაპუნას მამა, გოსტაშაბი სამცხეში ლაშქრობის დროს გარდაიცვალა. სამცხეში ლაშქრობა როსტომის ინიციატივით მოეწყო. ეს ლაშქრობა ჩატარდა ირან-ოსმალეთის 1623 წელს დაწყებული ომისა, რომელიც პერიოდული შესვენებებით 1639 წლამდე გაგრძელდა. 1635 წელს ოსმალეთმა განაახლა საომარი მოქმედებები. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ერევნისა და ახალციხის საკითხს. ოსმალეთის სულთანმა მურად IV-მ აიღო ერევნის ციხე და ამის შემდეგ მისმა ჯარმა ახალციხე დაიკავა ( იბრაჰიმ ფეჩევი, 1964: 91-92). ცხადია, ირანი ასე მარტივად არ შეურიგდებოდა ახალციხისა და ერევნის დაკარგვას. 1636 წელს შაჰ სეფიმ ამ მიმართულებით განაახლა ბრძოლა. 1636 წლის გაზაფხულზე შაჰმა ერევანი აიღო, როსტომ-ხანმა კი ახალციხეში გაილაშქრა, თუმცა უშედეგოდ. ეს იყო ახალციხის აღების უკანასკნელი ცდა ( ჩოჩიევი, 1959: 368). როსტომის ლაშქრობას სამცხეში აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე და ამ მოვლენებს ათარიღებს 1637 წლით: `ქკს ტკე აიღო ხონთქარმან ერევანი, მივიდა თავრიზს, დაარბივა ადრებეჯანი და ქურთისტანის გზით დაბრუნდა. მერვეს თვეს შასეფი ყაენი მიუხდა და მრავლის ლაშქრითა და ბრძოლით ისრევე ერევანი აიღო. და მრავალი კაცი ამოსწყდა. და ამისთანას დროს როსტომ მეფემ საქართველოს ლაშქარი გაუძახა და სამცხე და ჯავახეთი დაარბევინა. მრავალი ნაშოარი ქნეს. ეს ყაენს იამა და ორი ათასი თუმანი და ხალათი გაუგზავნა~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 245). ცხადია, ფარსადან გორგიჯანიძეს თარიღი ერთი წლით ეშლება და მოთხრობილი ამბები 1637 წლის ნაცვლად 1636 წლით თარიღდება, რასაც მოწმობს ზემომყვანილი ქართულ-სპარსული დოკუმენტის 1636 წლით თარიღდება (ქართველიშვილი, 2020).

პუბლიკაცია

[რედაქტირება]