ქ. სახელითა სახიერისა, არსება დაუსაბამოსა ღვთისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, წმიდისა ღვთის მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა ცხოველს მყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა უსხეულთა ზეცისა ძალთათა, წმიდისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთათა და ყოველთა წმიდათა ზეცისა და ქვეყანისათა ხორციელისა და უხორცოსათა, ამათის მინდობითა და შუამდგომელობითა
ესე ამიერითგან უკუნისამდე საბოლაოდ გასათავებელი წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ ამაღლებულმან და ღვთივ დამყარებულმან, ძლიერმან და არვისგან ძლეულმან დავითიანმან მეფეთ-მეფემან სოლომონ და თანა ერთ ხორც ქმნილმან ჩემმან, დედუფალთ-დედუფალმან, წულიკიძის ასულმან გულქან - თქვენ ჩვენს ერდგულს ყმას მგალობელს ცქიტიშვილს ოქროპირს და შენს ძმას სიმონს
ასე რომე, დაგვეაჯეთ, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ კითხიჯს ზალ მხეიძის სოული სასახლე. მისის შემავალი ალაგ-მამულით, დღეს რაცა ძეს ყოვლისფერიანათ. ზალ მხეიძე უშვილოთ გარდვიდა და უშვილ კაცის ალაგ მამული და ყოვლისფერი ხელმწიფის არის და ჩემი იყო, ახლა თქვენთვის მიბოძებია ის სასახლე და ორი მოსახლე მოჯალაბენი ხახუტა საითიძე, მისი შვილი დავითელა, ნასყიდა და კიკოლა. ესენი, მათის ცოლშვილით, სახლკარით, საძებრით და უძებრით, მათის ყოვლისფერიანად, საყდრით. წყლით, საფლავით, ტყით და ველით მოგვიცემია და ღმერთმან მოგახმაროს ჩვენს ერდგულებაში.
თუ შენ ჩვენი ერდგული და ბრძანების მორჩილი იქმნე, ეს ჩვენგან ბოძებული წყალობა არ მოგეშალოს აროდეს. ან რომელმანმე ძემან კაცისამან, მეფემან ან დედუფალმან, დიდმან ანუ მცირემან, ამ წყალობის შლად ხელ ყოს, მასამც რისხავს სამებით დიდებული ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი ზეცისა და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი. წყეული და შეჩვენებულიმც იყოს წმიდათა ათ ორთა მოციქულთაგან, შვიდთა მსოფლიოთა კრებათაგან, ოთხთა პატრიახთაგან და ყოველთა სამღვდელოთა დასთაგან. მასამც ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ზარ ტეხა დიოსკორესი.
არის ამისი მოწამე და გამრიგე დიდებული თავადი ჩვენი სარდალ-მოურავი წულიკიძე ბერი და მისი ძმა გიორგი, სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ, მაჩაბელი ზურაბ და სხვანი ჩვენი დარბაზის ერნი, სამღვდელნი და საერონი ყოველნი.
ქრისტეს აქეთ ჩ ღ პ გ მაისს კ გ. აღიწერა ხელითა უღირსის მღვდლის სიმონ ავალიანისათა.
დამტკიცებულია:
- 1. სოლომონ მეფის - რვაკუთხა, ზედა ნაწილში ამოზნექილი მურის ბეჭდით ორჯერ; წარწერა ბეჭედზე გარშემო: "დავითის ნორჩი, ჯვარით მტერს მოვრჩი" - მხედრულით; ცენტრში: "მეფე სოლომონ" - ასომთავრულით.
- 2. დედოფალი გულქანი - რვაკუთხა მცირე ზომის მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე გარშემო: "წულუკიძის ასული დედოფალი" - მხედრულით; ცენტრში: "გულქან" - ასომთავრულით.
- 3. ბატონიშვილი გიორგი - ხელრთვა: "ქ. ალექსანდრეს ძე გიორგი ვამტკიცებ წიგნსა ამას" - მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "ბატონიშვილი გიორგი" - მხედრულით.
მინაწერები r:
- 1. "ქ. ამ ბატონის წყალობა - დავთარში რაც სწერია, კაცის სულს გარდა, მოგვირთმევია და მოგახმაროს ღმერთმან ყოვლის კაცის უცილებლათ, ჩვენ ცქიტიშვილს ივანეს, იესეს და მერაბს" - ერთვის ხელრთვა, რომლის წაკითხვა გაძნელებულია, სავარაუდოდ ერთ-ერთი ძმის ივანეს ხელრთვა უნდა იყოს, იესეს და მერაბს ჯვრები აქვთ დასმული;
- 2. "ქ. მეფე სრულიად იმერთა სოლომონ ვამტკიცებ წიგნსა ამას ნებითა მღვითისათა" - დამტკიცებულია მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით;
- 3. "ქ. სრულიად იმერთა დედოფალი მარიამ ვამტკიცებ სიგელსა ამას ნებითა მღვითისათა" - დამტკიცებულია მცირე ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "დედოფალი მარიამ" - მხედრულით.
მინაწერები v:
- 1. "ქ. ჩვენ, ყოვლად სამღვდელო, ქუთათელ მიტროპოლიტი დოსითეოს ვამტკიცებ" - დამტკიცებულია რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "ყოვლად სამღვდელო ქუთათელ მიტროპოლიტი" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია - "დოსითეოს" - ასომთავრულით;
- 2. "ქ. ჩვენ, გაენათელ მიტროპოლიტი ეფთვიმი, ვამტკიცებ ნებითა ღვთისათა სიგელსა ამას და ვინც გასტეხოს სეჩვენებული იყოს" - დამტკიცებულია რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "გენათელი მიტროპოლიტი" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია - "ეფთვიმე" - ასომთავრულით.

