შინაარსზე გადასვლა

ადგილო კურუმ-კურუმო

ვიკიწყარო გვერდიდან
ადგილო კურუმ-კურუმო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1906 წელი


ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალიანაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალიანაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!

შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
უფალმა შეაჩვენაო!

მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
იორი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
იყო ჭკვიანად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნიავის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენიერეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.