ავადმყოფს
იერსახე
ავადმყოფს ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
შეხედე: ვარდნი მშვიდი თვალებით
სძლებენ ნარიდნი მსუბუქ ძალებით,
ვარდები უფრო კეთილშობილნი
კვდებიან სწრაფი გარდაცვალებით.
გაყვითლებულა მიდამო-არე
შემოძარცული მთებით მოარე.
ფავნმა სიცილით მოვლო მთა-ველი.
და არა ერთი მოჰკლა ყვავილი.
შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი
და ხელის გულთა ნაზი ქავილი.
ყვითელო, ჩემო ყვითელო ვარდო,
შთენილხარ მარტო, სრულიად მარტო.
რითმების გარდა არაფერი მაქვს...
რითი გაგართო? როგორ გაგართო?