შინაარსზე გადასვლა

არაგველები

ვიკიწყარო გვერდიდან
არაგველები
ავტორი: გოდერძი ჩოხელი


სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს
ქართლის ქედებმა;
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე
და გუმანით
საიქიოს კარებს შევძახე:
_ ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან,
გამოგვეშველეთ
დიდ ომებში ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ,
არაგველებოო!