შინაარსზე გადასვლა

არა აქვთ ზღვა

ვიკიწყარო გვერდიდან
არა აქვთ ზღვა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!


1947