შინაარსზე გადასვლა

აჩრდილი

ვიკიწყარო გვერდიდან
აჩრდილი
ავტორი: ილია ჭავჭავაძე


(ვუძღვნი ივ. პოლტარაცკის და ილია წინამძღვრიშვილს)


”რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

რუსთაველი.

I


აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და განანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით,
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმეთ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.


II


მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი
იყო იმ დღისა ლამაზი დილა,
რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი
იმ დილის მადლსა დაემორჩილა.
ქვეყანაც იყო დადუმებული,
თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, —
და ცაც უღრუბლო და მხიარული
გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა.
ხოლო კი ჩემი უნდო გონება
არ მოიხიბლა იმ დილითაცა...
“ნუ გჯერსო, — მითხრა, — ეს მყუდროება,
”სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!
”ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს
”ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
”მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
”მადლი ცისა არ მიჰკარებია.
”სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...
”ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი,—
”ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,—

”თვით მაგ დუმილში რა წყევლაც არი!..”


III


ბოლოს კი დილის სიტკბოებამა
მეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელი
და ყოვლად მხსნელმა სასოებამა
მომცა ნუგეში მაცხოვნებელი.
ვსთქვი თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,
ღამე ესეთის დილით თენდება,
სადც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს,
იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.
ამა ნუგეშით აღძრული სული
აღმევსო ნელის სიხარულითა,
ეჭვთაგან წინათ გვემული გული
განცხოვლდა წმინდის სიყვარულითა;
გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
აღმიფრთოვანა მან ოცნებები
და განმიწმინდა ხედვა და სმენა.
თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე
ხედვად უცნაურთ სახილველისა,
მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე
სმენად ბუნების მეტყველებისა.
მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი,
სავსენი ლხენით, ნეტარებითა,—
რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანი
საიდუმლობის მაცდურებითა.


IV


და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;
ვითა ქვეყანა — ისც იყო მშვიდი,
უძრავი, უხმო, დაფიქრებული.
მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,
ყურადღებითა შორს გაჰყურებდა,
მის გარეშემო შვენოდნენ მთანი
და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.
თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარე
ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა,
ვით შმაგი ლომი დაჭრილი, ცხარე,
ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა,
სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი
თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰყურებდნენ
და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი
ხეობაშია მგზავრს აშინებდნენ.
იქით, შორს, სჩანდნენ მინდორნი, ტყენი,
და იმათ შორის — არაგვიც ჩვენი...


V


ჩვენო არაგვო! რა რიგ მიყვარხარ!
ქართვლის ცხოვრების მოწამედ შენ ხარ...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი
შენს წმინდა თვალ-წინ აყვავებულა;
მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი
აქ — შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენ ზვირთებ შორის ჩემის ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია
და წმინდა სისხლი ქართველებისა
შენს კიდეებზედ გადასხმულია.
იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსა
შეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა,
იქ ერთხელ ქართვლის სიცოცხლე ჰდუღდა,
იქ მამულისთვის ქართვლის ხმა ჰქუხდა.
შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი
და საუკუნეთ — იგი ქართველნი!..
გულ-ხელთ დაკრეფით შენსა წმინდა წყალს
რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!..
რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,
შენ-წინ დაღუპულს ჩემს ძველსა მამულს, —
და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს
აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.


VI


მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,
არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა
არ მიიზიდა მოხუცის თვალი,
მთიდამ ამაყად გადმომზირალი, —
სრულ საქართველო მოჩანდა შორსა...
იგი მოხუცი მას დააცქერდა;
ქვეყნის მარგალიტს, მაგა ობოლსა,
სიყვარულითა იგი დამზერდა.
საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,
ჰოი, საკვირველო კაცო, მითხარი?
რათ დაგიგდია შენ შენი ბინა
და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?
და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმა
იმა მოხუცის დიდებული ხმა:


VII


“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.
წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნის მადლი — თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის,
ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.


VIII


”აქ არვის — დიდსა, თუ პატარასა, —
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთად მოუცია მარტო მამული;
დაჰვიწყებია, რომ დიდი არი
ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,
რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი
ქვეყანასავე შეეწირება.
წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა
მამულისათვის თავის დადება!..
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.
მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,
შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,
და არა ერთხელ ჭაბუკთა ყრმათა
ხმლის ტარზედ ძლიერს აუთრთოლებს ხელს;
იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,
სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,
გმირის სიკვდილი სახელოვანი
ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;
აკვანზედ დედა უმღერის შვილსა
ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,
და თუ ინატრებს რასმეს მისთვისა, —
ინატრებს გმირის მის დიდებასა;
და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,
გმირს მოიგონებს და გამხნევდება, —
ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული
გმირი იმ მღერით დაიბადება.


IX


”მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?
იგი აღარ გყავთ... მის მოედანი
ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,
გმირის დამბადი დიდი საგანი
თქვენში სპობილა და წაწყმედილა.
გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას,
დაგინგრევიათ დიდი მამული, —
რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?
რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?
თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას
შეუკრებნია ყოველიფერი,
რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას;
ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.
ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,
დიდის სამოთხის კუთხე პატარა,
ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი,
რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;
რომ დაგიგდიათ უმწედ, უნუგეშ,
თქვენის სიავით დაწყლულებულა,
თქვენგან გმობილი — უცხოს კალთის ქვეშ,
ვითა ობოლი, შეფარებულა.


X


”ხოლო აქაც კი, ვრდომილთ შორისა,
ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,
ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა
შეებრძვის და არ ემორჩილების;
მაგრამა ლალვა, შური და მტრობა
იმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა,
ამა ჭირთაგან მათი მხნეობა
აღძვრისა უმალ გაცუდებულა.
აგერ ორ-სამ კაცს რაღაც უგრძვნიათ,
ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,
ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ
და ერთმანეთს კი არ ენდობიან.
ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,
თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან;
თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.


XI


”აგერ უფალი და მისი მონა!
თრთოლით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსა
და, რა დასწორდა სასწორზედ წონა,
უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა
და მით მის ხარჯსა ერთსა — ორად ჰხდის...
მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა,
უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდის
და საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა.
მაგრამ ქვა არის ბატონის გული,
ვერ დაარბილებს მას შებრალება;
ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,
ვინც მონებას თვით ემორჩილება.
მონა ბედშავი, მონა საწყალი
სდგას, ევედრება მის თვალი შვებას,
და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი!
რით შევძლებ შვილთა ჩემთ გამოკვებას?
ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი,
ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი,
დღე-და-ღამ ჩემი უწყვეტი შრომა,
დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა,
ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა,
თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა
მარტო ბატონის თვალსა ახარებს
და თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს.
ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება,
რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?..
ვინა შრომობდა და ვინა ჰძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!.


XII


”შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,
დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,
ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...
უწმინდურისა ხელითა სთხრიან
დედისა გულში უკეთესს გრძნობას,
ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას.
თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება,—
მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა
სასიხარულოდ ეგე ექნება?
ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად
და წრფელსა გულში ღვარძლს ჩაასხმიან,
გახდიან ყვავილს ფეხ-ქვეშ სათრევლად.
უმანკო პირზე შენს ტურფას ქალსა
გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა...
მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,
ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..
პირს უკუ-იქცევ და შეძრწუნდები,
ცრემლს მოინდომებ, და არ გექნება,
წყევლით, ვაებით მას განშორდები
და ქალი შენი შენ შეგზარდება, —
და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი,
რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად
შენ, შვილო ჩემო არ გამხდომოდი.


XIII


”შრომისა შვილო, მძიმე უღელი
ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,
თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი
შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად;
თუმცა ქვეყანას მისი მოძღვრება
დღეს მარტო სიტყვით უქმით ჰრწმენია,
მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,
რომ მყოობადი მარტო შენია.
შრომა, აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი,
მძარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა,
ხოლო რღვეულა მისი ბორკილი
და დასამსხვრევლად გამზადებულა.
შრომისა ახსნა — ეგ არის ტვირთი
ძლევამოსილის ამ საუკუნის,
კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი
მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.
ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი
განახლებისა გრიგალის ქროლვას,
ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი
ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, —
და დაიმსხვრევა იგი ბორკილი
შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,
და ახალს ნერგზედ ახლად შობილი
ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.


XIV


” შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით
და განმტკიდება სოფელსა შინა
კაცთმოყვარების სახიერებით.
ყველასთვის იქმნეს იგი სუფევა
თანასწორადა ნიჭთა მფენელი;
მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა
და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი.
მაშინ უქმ სიტყვად არ იქნებიან
ძმობა, ერთობა, თავისუფლება,
ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან
კაცთმოყვარება და სათნოება.
ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა,
რომ დღე-და-დღე მის წყობა ირღვევა,
და ამ ზვიადმა საუკუნემა
უნდა შვას იგი შრომის სუფევა.
მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,
წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,
სხვას ძირს არ დასწევ, თვით აღმაღლდები,
არც ვის ემონვი და არც იმონებ.
მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის,
დაბლად ღუღუნი დაღონებული,
მღერა, ვით კვნესა, საწყალის მეხრის,
შორი ხმა მწყემსის დაობლებული, —
მხიარულ ხმებად გარდაგეცვლების
და შენს გუთანზედ გულით ლმობილი
იტყვი სიმღერას თავისუფლების.
ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა, ტკბილი!..
მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი
შენის ლხენითა განიხარებენ,
შენგან შემკულნი იგი ყოველნი
შენს ტკბილს სიმღერას ბანს გამოსცემენ.


XV


”აგერ დიდკაცი დარბაისელი
კმაყოფილების განცხრომაშია
მაშინ, როს მისი მოძმე საწყალი
სასოწარკვეთილ მონებაშია.
მოძმეთა ხსნისთვის თავისდადება
წმინდა ხვედრია მხოლოდა გმირთა,
და მას ვით შესძლებს თავმოყვარება,
რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა?
ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა,
როს მასა შველის მის ბედკრულება?
რად შეებრძვის ის სიბოროტესა,
როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება?
აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმით
მოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,
და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით,
უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა.
აგერა მღვდელნიც — ერთა მამანი —
რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათ
ამა ერისა სულის აღზრდანი,
რა-რიგ გულ-ხელი დაუკრებიათ!
სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი, მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი, ბიწის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?


XVI


”აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა — მახინჯსაც და მშვენიერსაც,
დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,
მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.
ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება
მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:
ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,
ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,
ჰხედავ ფაცა-ფუცს და ყველგან ჟღივილს,
უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, —
მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,
ჭმუნვას, სიხარულს და მოქმედობას,
ფრჩხილის ოდენიც არა აქვს აზრი
და ყველა იგი თვალთმაქცი არი.
ფუჭია იგი მისი ცხოვრება,
უფერულია და ცალიერი,
არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,
არცა საგანი გულწარმტაცველი!
იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა, გუშინ,
ერთნაირად და უფერულადა,
რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ —
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.
გრძნობას — ოქროსა ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზე — პატიოსნებას,
და დაჟინებულ ბორკილზე სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.


XVII


”აგერა მცხეთაც — სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,
სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა
ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების;
სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა
ქართვლის გულიდამ აღმოცენილი,
და წყარო იგი წყაროდ შვებისა
სჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი;
სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისა
ჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებად
და მის ქვეშ წყარო უკვდავებისა
სცემდა იაზმას ერის ცხოვნებად;
სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილი
საკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა;
სად იმა წყაროს წყლით გაბანილი
ქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა.
აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედა-ქალაქი ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა.
ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი
პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა.


XVIII


”ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,
რამდენს ვაებას შენსა თავზედ გარდაუვლია!..
ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,
ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?
სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი
გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს?
შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი,
რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.
შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა,
ორი-ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,
მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა
არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.
ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღვწოდა, —
ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, —
მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,
ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.


XIX


”თვალ-წინა მიდგა ის კირთების ბედშავი დღენი,
როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმა
და შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი
შენმა მოძულემ და მოლალემ უცხო მთავარმა.
სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა,
სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება...
ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა,
ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება.
ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველი
მთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებ ჰქელვიდა,
ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსვრელი
თვით ერის ენას — მაგ ერის განძს — იგი სდევნიდა.
სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,
რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი,
რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება,
რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.
მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა,
დევნულების და კირთების ქვეშ თავსა იხრიდა,
და მონებრივის თვალთმიმქცევის კრძალულებითა
ზღვევისა წადილს გულდაკეტით დღე-და-ღამ ჰზრდიდა.


XX


”მოვიდა ის დღეც შურის-გებისა,
მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა...
მართალი არის ხმალი ზღვევისა,
როს ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა.
მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,
გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა...
მან იდვა თავსა სახელოვანი
ის დიდი საქმე შურისგებისა.
ერის და ქვეყნის შეურაცხყოფას
ვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა,
ვეღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობას
იმა მამულის ამაყმა შვილმა.
გადგა და დასცა თავზარი მტერსა,
დაამხო პირქვე ყმობა, მონება,
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, —
და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეული
კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,
ქართვლის სახელი დამცირებული
კვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით.


XXI


”მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსა
არ ჩაუგია ქარქაშში ხმალი...
შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისა
გაუმაძღარი და ხარბი თვალი.
მას აქეთია ოთხ-კუთხივ მტერნი
შენს თავსა შენვე გეცილებოდნენ,
მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნი
გულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ.
იყო დრო, რომ შენს ძახილზედ, ხმაზედ
მამულის დროშა გაიშლებოდა
და ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედ
მტრის დასახვედრად მოგროვდებოდა.
იყო დრო, როცა შენის გულისთვის
თვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენ
და თავდადებას მამულისათვის
ერთმანეთს ომში ეცილებოდნენ.
ეხლა რაღაა!.. გაჰქრენ ის დღენი,
გაჰქრა იგიცა ძალ-გულოვნება,
და საკვირველნი მამათ საქმენი
ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.


XXII-XXIII

...............................

XXIV


”წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,
აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...
ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,
ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა...
ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ.
დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,
ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა,
ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა,
რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი შობილა.
მაშინ გათხრილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,
ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი
სხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან,
დაუნთქავთ შრომა წინაპართა სისხლითა რწყულნი.
როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა
თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა,
დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,
ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?
როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ-არსებისა,
ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?
როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?
თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება
როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდ ხნის ბორკილსა
და ქართველობა სიქადულად როდის ექნება
ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?”


XXV


ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვამა გაიპკრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;
ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტსავით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,
ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, —
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცეოდა,
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირეოდა.
მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...
დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,
მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს
ვერ გაატანა თვალმა უძლურმა...
”ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!,” —
შემომტირა მე მწუხარე გულმა.
მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გამოიღიმა ნათლად მთამაცა,
და მზისა სხივით გაბრწყინვებული
კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეპყრნა თრთოლითა ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი...
თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა
და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:


XXVI


”დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა,
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..
ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..”


XXVII


მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და გადეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა.
ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,
ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.

26 იანვარი, 1859 წ./პეტერბურგი.