ახალი ქართლის ცხოვრება (მეორე ტექსტი)
თარგი:Header დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა მას ჟამსა უკუე მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.
და ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ადარნასე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თჳსსა ვახტანგს. მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა მონათა. და თჳთ წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.
მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თჳსი, და თათარნი შირვანელნი, და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ჴევსა შალვას საერისთვოსა, და ჩამოასხნა დვალანი და ჴადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქუემონი. და დაწვეს და მოაოჴრეს ყოველი ცხრაძმის ჴევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს ქუენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. არამედ ასე ვერ აიხუნეს, და შვიდ წელ გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღუედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხჳთა სპითა.
მაშინ დავით დგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგჳ, და გარდავლეს ჯუართა ყელი, და ჩავიდეს დარიელს, და მოადგეს დავითს ციხესა გუელეთისასა.
ხოლო შალვა დადგა ჴადას, და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგჳსა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და გამოიყვანა გუელეთით. ხოლო შალვა მიმართა ჴევთა დვალეთისათა, და მოაოჴრნა ყუელანი. და მოუჴდეს ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხუდეს მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი.
მაშინ მიაწყუდივნეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვერღარა წარვიდა და მოსრეს სიმრავლე არა მცირედი დვალთა. მაშინ მოწვნეს და მოაოჴრნეს ყოველნი ჴევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღვივნეს ყოველნი ციხენი, თრუსოით აჩაბეთამდის. მაშინ წარვიდა ყოველი სპა სპარსთა და მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არაჴუეთი, ქანდო, ყანჩაეთი, აბაზას ძეთა მამული, ძაგნაკორანი, დიღუამი, გავაზი, აწერის ჴევი, ბექუშე, და ყოველთა დიდებულთა მისთა უმჯობეს ხედვიდა. მაშინ მოკუდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკუდა ვახტანგ მეფე.
დაჯდა მეფედ ძე დავითისი გიორგი და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო აბაზას ძე ნავროზ წარვიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს და ჰბრძოდა სასტიკად ოთხ დღე. და მეხუთესა დღესა აღიღო იგი. მაშინ მოიყვანნა ორნი იგი ხატნი ფრიად შუენიერნი.
მაშინ მეფემან გიორგი განილაშქრა მაღაროს და დიდად ევნო მათგან ვიწროთა მათ ჴევთა სიმრავლითა საგორავისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კუალად მეორედ წარვიდა დღეთა ყუელიერისათა და იყო სიცივე დიდი. და შიშისაგან საგორავისა წარმოვიდეს გზასა მთისასა, რომელი იყო განყინევულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ ინქრეოდა ცხენები, და კაცნი იგი მსგავსად მჴეცთა შესვარულნი სისხლისა მოსდევდეს. ხოლო შალვა მისა ამას ლაშქრობასა არა იყო მუნ, არამედ ძენი ხოლო მისნი იყვნეს. რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი.
მაშინ შალვა წარვიდა ლაშქრითა თჳსითა, მივიდა და დასხა უმჯობესი ლაშქარი მზირად ღამე, და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა. და მოწვა და მოაოჴრა ქუეყანა მათი, და არა-რა აიღო ლაშქარმან ალაფი თჳნიერ აბაჯრისა და წარმოვიდეს. მაშინ მოუდგეს უკანა ლაშქარნი იგი მის ქუეყანისა და წარჴდეს მზირთა. და აღდგა ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიწყუდინეს ადგილსა იწროსა. და მოკლეს ორმეოცდათხუთმეტი კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კუალად შთავიდეს და დადგეს, და მოაოჴრეს და დაწყეს ყოველი ქვეყანა მათი, და წარმოვიდეს გამარჯუებულნი ალაფითა დიდითა, ქორონიკონსა ი~ზ, ქრისტეს აქეთ ჩ~სპდ. ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქუა პიპა, გზასა ჴმელთასა მრავლითა ძღუნითა წინაშე ნისრელისა. და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცნა კლიტენი იერუსალიმისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვივა, ჟამი აწირვინა და ეზიარა, და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი შუენიერნი, და წარმოვიდა მასვე გზასა ჴმელით და მოვიდა წინაშე მეფისა, და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოველისა მისისა. ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა.
მაშინ მოადგა ოვსთა გორს მყოფთა და ბრძოდა სამ წელ. ხოლო ვირშელი და ლაშქარი მისი უმჯობეს ბრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდეს ქებითა დიდითა, რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგჳსათა და თქუეს: "უკეთუ ომსა გარეგანსა უმჯობეს არიან, არამედ მივიდეთ მთასა ლომისისასა და მუნ შემებნენ ჩუენ, და იხილოთ რომელნი უმჯობეს ვართ". მაშინ შექმნეს პაემანი და დაიმუქარნეს. და შემდგომად გორისა აღებისა აუწყეს ერთი-ერთსა, და შევიდეს ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგჳსა მთისნი დადგეს ღოჯის-თავს, და აწუევდეს ლომისასა, ხოლო იგინი ტყესა ციხესა ღოჯის-თავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა განეშორნეს.
მაშინ მივიდა დავით ძე გიორგისი და არა. ჩაუშვნა ომად, არამედ განყარნა ყოველნი თავის-თავ, და წარვიდეს ყოველნი აზნაურნი ქართველნი თჳნიერ სამთა მათ ჴევთა. მაშინ წარმოვიდა ვირშელი და შთამოვიდა ვაჩედ. ხოლო ლაშქარი წყაროთა, მუხათა და წისქვილთა თანა გუერდსა მას შთამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა არაგჳსათა, წარმოუდგეს უკანა მათსა და გამოვიდეს ლომისას. ხოლო დავით ძე მეფისა მუჴლთა დაუყრიდა, და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსუენებდეს და ევედრებოდეს, რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა მოსძახდეს და საგორავისა სიმრავლესა ჩამოჰყრიდეს. მაშინ ვირშელმან შეკრიბნა მცირედნი იგი ლაშქარნი სამისა ამის ქვეყნისანი და რქუა: "მათ აწ არღარა იქმნების ომი, რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩუენი, არამედ კულა შევყაროთ ლაშქარი ჩუენი და მაშინ ვებრძოლნეთ მათ". ხოლო არა ინებეს ესე მცირეთა მათ ლაშქართა, არამედ თქუეს: "მამანი ჩუენნი მცირედნი მძლავრობდიან მამათა მათთა დიდთა და მრავალთა, და უკეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩუენთანი, რასათჳს გუაქუს მამული მათი?".
მაშინ განიშიშულეს ფერჴები მათი და წარიძღუანეს დროშა და აღმართეს ორსა მას ქედსა მთასა ლომისისასა. და ჩამოეგებნეს ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი და ყოველნი მიმდგომნი მათნი. მაშინ ჩამოყარეს ეს საგორავი ურიცხჳ, და აღვიდეს კუალადცა, რამეთუ დაბურვილ იყვნეს ფარითა, ვითარცა სიპითა, და დაასხეს ქვა და შუბი მსგავსი წჳმისა. მაშინ შეიქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყუა ჴშირი. და ფუცვიდეს ღმერთსა, რომელ ქუემოთ ნასროლმან ისარმან ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარის და მიწასა ნახევრად დაესვის. აღმოიწუადეს ჴრმლები, და შეუჴდე, და აიხუნეს, და აემართნეს აღმა მთასა, და გორვიდეს ჩამოღმა. და იგი იყო უმჯობესი მათ შორის, რომელმან დაყარის აბჯარი და ტანისამოსი და შიშუელი მირბოდის.
მაშინ ვირშელმან ერისთავმან, იხილნა რა ესრეთ უღონო ქმნილნი მებრძოლნი მისნი, უბრძანა არა ჴოცად მათდა, არამედ პყრობად და დევნად. და მიუდგეს უკანა, და გაჰყვეს იქით არაგჳსა. და მოვიდა ერისთავი ლომისას და გაუშვნა ყოველნი, რომელნი ჴლთა დარჩომოდეს, და შეწირა ლომისას არა მცირედი. და ისტუმრა შინა დავით ძე მეფისა.
ამისა შემდგომად გარდაჴდა წელნი რაოდენნიმე. ვითარცა წესი არს ჩუეულება ეშმაკისა, აღძრა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თურქნი ქრისტიანეთა ზედა. შეკრბა ერი ურიცხჳ და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის მის ხოსიასითა. ეწყუნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გიორგი და მის თანა ქუენიფნეველი იოანე და ყოველნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი სრულიად დაჴოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყუენეს თთუესა. აგვისტოსა რვასა, ქ~კსა ჲ~ა.
და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და განაგებდა ყოველსა სამეფოსა ქართლისასა.
აღესრულა დავით და დაჯდა მის წილ ძე მისი გიორგი.
დაჯდა მეფედ ბაგრატ, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო მჯდომარე იყო წმიდასა კათოლიკე ეკლესიისა ხარისხსა ზედა ჟამსა მას და მწყსიდა კეთილად მწყემსი იგი კეთილი სანატრელი და ყოვლად წმიდა კათალიკოზ-პატრიარქი ელიოზ.
და ამას ჟამსა შინა გამოჩნდა მძლავრი ლანგ-თემურ, პირველად ქუეყანასა თურქეთისასა. რამეთუ ეწოდა სახელად თემური და მკელობელ იყო, და სპარსთა ენათა მიერ მკელობელსა ლანგ ეწოდების. ხოლო ესე ლანგ-თემურ გუარტომობით იყო ჩინყის სამარყანელი. ამისთჳს უწოდდენ ჩინყიზად.
რამეთუ პირველთა ჟამთა შინა იყო ვინმე ქუეყანასა თურქთასა ასული ერთი მდიდრისა რომლისამე, მუნ მკჳდრთაგანისა კაცისა. და იყო ქალი ესე მდიდარ ფრიად. საჭურჭლეთა და მონათა სიმრავლითა გარდარეულ. და უფლებდა რომელსამე ელსა და სპათა ზედა. ესრეთ განაგებდა ელსა და სპათა თჳსთა ქალი ესე, და არა ესუა ქმარი.
ხოლო იქმნა მის ზედა ჴელოვნება რამე ბელიარისა, და მიდგომილება ანტესებრივი, და ეგრეთვე ქალი იგი მიდგომილ იქმნა თჳნიერ ქმრისადა დაწინდებისა. ხოლო საცნაურ იქმნა მიდგომილება იგი მისი ყოველთა მიერ. და მცნობელთა საქმისა ამის სპათა მისთა მიერ, ფრიად შემძნობელ. განსაქიქებელ და საკიცხელ უჩნდათ რამეთუ დიდად წარჩინებულ იყო მკჳდრთა მის ადგილისათა. ხოლო ვერღარა თავს იდვეს სირცხვილი იგი მისი სპათა და მონათა მისთა. დღესა ერთსა შეკრბეს ვანად მისსა, მიუვლინეს და ეტყოდეს: "ვინათგან მთავარ და უფალ ქმნილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს ჰყავ საქმე ესე, და შეამთხვიე თავსა შენსა ესევითარი სირცხვილი". ხოლო მან უარ-ყო ფრიად და ეტყოდა მათ: "უკეთუ სარწმუნო ხარო სიტყუათა ჩემთა, ესე უწყოდეთ, რამეთუ მე კაცთაგან არა მიდგომილ ვარ. და უკეთუ არა სარწმუნო გიჩნსთ, დაადგინეთ სრასა ამას ჩემსა მსტოვარნი, და მათ ცნან, თუ ვინა მოვალს ჩემდა, და მით გულ-სავსე იქმნეთ". და მათ ჰყვეს ეგრეთ, განაწესნეს მცველნი და განმსტრობელთა საქმისა მის იხილეს მსგავსი ნათლისა მზაკუარება მთავრისა მის ბნელისა, რომელი ჴელოვნებათა თჳსთა მიერ რეცა ნათლად შეიცვალების, და უფროსღა ნებისმყოფელთა თჳსთა ზედა ესრეთ მოქმედებს. ხოლო მცველთა მათ იხილეს ნათლისა სახე იგი, რომელი მივიდა ქალისა მის თანა, და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა. და ეგრეთვე ღამე ყოველ მოქმედებდა. და აუწყეს მცველთა ცხადად ხილული იგი მათ მიერ. მაშინღა სარწმუნო იქმნნეს საქმესა მას.
ხოლო მიუდგა ქალი იგი და შვა ყრმა-წული, და აღიზარდა იგი, და უწოდეს მას ძედ ნათლისად, და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი. და ვითარცა აღიზარდა იგი, იქმნა მეფედ თურქთა ზედა, და მიერითგან მეფობდენ მუნ ტომნი მისნი.
და ესეცა ლანგ-თემურ იყო ტომობით თესლი ჩინყიზისა მის, და იყო თურქთა მეფისა ყმა საყუარელი და მჴედართ-მთავარი, და მიანიჭა ქალიცა თჳსი. ამისთჳსცა განძლიერდა ფრიად, და უძლებდა სპათა თჳსთა ზედა, და სხუანიცა მრავალნი მიიმძლავრნა,და დიდად სახელოვან და განთქმულ იქმნა მკჳდროანთა მის ადგილისათა. ხოლო ჴელოვნებითა თჳსითა მოიპოვა ჟამი რაჲმე ნებისა თჳსისა, და მოკლა მეფე თურქთა, და ძენიცა მისნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და თჳთ და. იპყრა სრულიად ქუეყანა თურქეთისა, და მერმე ინდოეთი და ერანი. და კუალად უმეტესად განძლიერდა, და ვერღარა-ვინ აღუჩნდეს წინააღმდგომად მისსა, რამეთუ ვრცელად ცხოვრება მისი წიგნთა შინა სპარსთასა განმარტებით წერილ არს, და სომეხთაცა სხუებრ რადმე აღუწერიათ.
ხოლო ამიერითგან უფროსად განძლიერდა ლანგ-თემურ,რამეთუ კნინღა სრულიად დაიპყრა პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ესრეთ წარემართებოდა საქმე მისი, ვითარცა ალექსანდრე მაკედონელისა. და ესე არა თუ კეთილ-მოქმედებისა მისისათჳს, არამედ ესრეთ არს სოფლისა მის ჩუეულება. და იგი მპყრობელი ყოვლისა ქუეყანისა აწ ესე-რა იგიცა ნაცარ და მტუერ ქმნილ არს, და სულითა ქუესკნელად შთასრულ არს.
ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
მაშინ დაიპყრა ლანგ-თემურ ყოველივე ქუეყანა აღმოსავლეთისა, და წარმოვიდა ძლიერებითა მრავლითა და სპითა ურიცხჳთა, რომელი ჰფარვიდა ყოველთა ველთა ქუეყანისათა, და ესრეთ მოიწია სომხითად, და მოიცვა სრულიად სომხითი. რამეთუ მოაწია მათ ზედა ჭირი, სრვა, ტყუენვა და სრულიად იავარ ჰყო სომხითი, ესრეთ ვითა ცხოვრებასა სომეხთასა განმარტებით წერილ არს.
ხოლო დაიპყრა სრულიად სომსხითი და მრავალი ტყუე ჰყო, და უმრავლესნი მათნი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და სხუანი ყოველნივე თჳსად მიიმძლავრნა, და ჰყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარვიდა მუნითგან, და დაიპყრა კარი, და აღიღო ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი მათნი, ხოლო წინააღმდგომნი და ურჩნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა. და დაიბანაკა მუნ ზამთარსა ერთსა. რამეთუ იყო ზამთარი ძლიერი და ფიცხელი.
ხოლო წარვიდა ათაბაგიცა და მორჩილ ექმნა მას, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი, და დიდად პატივ-სცა ათაბაგსა.
მაშინ წარვიდა შერდიას-შვილი ვირშელი, და წარმოუძღუა წინა ყოვლითა სპითა ჩაღნელ -- ქვეშნელ -- სიყალშელ -- ნალროელ -- ინდუსტანელითა, და ყოვლისა სპარსეთისა და აღმოსავალისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულისწყრომითა.
ხოლო შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსაცა ზდია. ვითარცა ღელვანი ზღჳსანი. განძჳნებულნი, რამეთუ წადიერ იყო დაპყრობა საქართველოსა, და ესრეთ იყო ნება სვინიდისისა მისისა. გარდამოვლო აბოცი, წარმომტყუენველმან და სრულიად იავარ-მყოფელმან ყოვლისა სანახებისამან. არა ჰყოვნა მუნ, არამედ წარმოვიდა, გარდმოვლო თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა, ქრონიკონსკ ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.
რამეთუ ვის ძალ-ედვა წინააღდგომად მისა? რამეთუ ჰყვა ბანაკი და სიმრავლე სპათა ურიცხჳ, რომელსა ვერ იტევდენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახებ[ნ]ი საქართველოსანი, და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო, და გარემონი, მკჳდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყუენნა, და შემუსრნა ყოველნივე სიმაგრენი, ციხენი და გოდოლნი. და არა დაშთა დაბანი, რომელნი სრულიად არა აღაოჴრნა.
რამეთუ არაოდეს მოწევნულ არს ჭირი ესევითარი საქართველოსა ზედა, რომელი მან მოაწია.
მაშინ სცნა რა საქმე ესე მეფემან ბაგრატ, მწუხარე იქმნა ფრიად, და ეძიებდა ღონესა რასამე საქმისასა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი. ხოლო შევიდა ციხესა ტფილისისასა.
მაშინ გიორგი მეფე წარვიდა და მივიდა სამწევრისს და ოდეს ესმა მოსლვა ტფილისს თემურისა, მაშინ აღიყარა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით.
მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა, და თანა ჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლითა საყდრის შვილითურთ, და ხიზნითა და ჯოგითა და ცხვრითა, და გამაგრდა მას შინა.
და ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, წინააღდგომა და სიმაგრე, ეგრეთ ჰმონებდა თჳთ მისლვასა და მორჩილებასა მეფისა ბაგრატისასა, ვითარცა მორჩილ ექმნა ათაბაგი და სხუანიცა მრავალნი. მაშინ ფრიად განრისხნა მძლავრი იგი ზუავი და ამპარტავანი. მივიდა და გარე მოადგა ციხესა ტფილისისასა, და უბრძანა სპასპეტთა და სპასალართა თჳსთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და განწირვა თავთა მათთა.
ხოლო რომელნიმე დიდებულნი თავადნი ქართლისანი არა იყვნენ ციხესა მას. შინა მეფისა ბაგრატის თანა, არამედ წარსულ იყვნეს თჳს-თჳად სახიზარსა და სიმაგრესა შინა, და რომელნიმე თანა ჰყვეს რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნი სამარადისოდ თანა ჰყვებოდეს მეფესა.
ხოლო მოისვა მძლავრმან ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და უბრძანა სიმრავლესა ბანაკთა თჳსთასა აღება ციხისა და შემუსრვა ზღუდეთა ციხისათა.
მაშინ მეფემან ბაგრატ, დიდად მინ[დო]ბილმან და მსასოებელმან მოწყალებათა ღმრთისათამან, განიგულა წინაგანწყობა მათი, მეტყველმან ესრეთ: "ფრიად უმჯობეს არს და სანატრელ სიკუდილი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, ვიდრეღა-რა მორჩილებასა და იძულებით შეპყრობასა მძლავრისა მის მიერ" და ესრეთ შეიჭურა ჯაჭუ-ჭური ქრისტეს სარწმუნოებისა, და გამოვიდა შემთხუევად და ბრძოლად ლანგ-თემურისა. და მიმტევნეს ბანაკსა მათსა მეფე ბაგრატ და სპანი ქართველთანი ესრეთ ვითარცა გავაზი გუნდსა წეროთასა და ვითარცა ლომი მროწეულსა ზროხათასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ, და მოისრა ორ-კერძოვე სიმრავლენი სპათანი, და უფროსღა უმრავლესნი მოსწყდეს სპანი ლანგ-თემურისანი. და ვერა უძლეს ოტებად მათდა სიმრავლისაგან ბანაკთასა; და დაშურეს ფრიად ქართველნი ფიცხელთა ბრძოლათა მიერ და სრვათა, და მოისრნეს ქართველნიცა მრავალნი. და ესრეთ უკუნ იქცეს. მუნვე ციხესა ტფილისისასა.
ამისა შემდგომად ფრიად განძჳნებულმან ლანგ-თემურ და ვერ მიმთხუეულმან ნებასა გულისთქმისასა მოიპოვა ღონე ესევითარი, და ქმნეს ჩელტები რკინითა შემზადებული. ესე აღიფარეს და მიეტევნეს ციხესა მას ტფილისისასა. და ესრეთ მძლავრობით შემუსრეს და აღიღესს ციხე იგი, და იავარ ჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხესა მას შინა: და რომელნიმე მოსრნეს, და რომელნიმე ტყუე ყვეს.
მაშინ შეიპყრეს თჳთ მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა, და მის თანა მყოფნი ქართველნი ყოველნივე. და განიხარა ლანგ-თემურ შეპყრობისა მისისათჳს, და პყრობილ ჰყო მეფე ბაგრატ, და სრულიად მის თანა მყოფნი ქართველნიცა. და თჳთ დაიპყრა ციხე, და შეაყენნა მას შინა სპანი თჳსნი. ხოლო აიძულა მეფესა ბაგრატს სჯული მაჰმადისა ლანგ-თემურ, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და პატივსა ძმებრივსა, და კუალადვე მინიჭებასა სამეფოსა თჳსისასა. ლიქნითა სიტყუათათა მოქენე იყო პყრობა სჯულისა მისისა, და არა მორჩილ ექმნა ყოვლადვე, რამეთუ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა თჳსსა ზედა მეფე ბაგრატ.
და დაყო მცირედ-რამე მუნ ლანგ-თემურ. და მერმე აუწყეს ნადირთა სიმრავლე და შექცევა ყარაიასა, და წარვიდა ყარაიასა შინა. მოინადირეს და შემოსეს კეთილად, მოსრეს სიმრავლე ნადირთა, და იშუებდეს უზრუნველად და განსცხრებოდეს. მაშინ განიზრახა წარსლვად ყარაბაღს, და აღიყარა და წარვიდა, და თანა წარიყვანა მეფე ბაგრატ პყრობილი. და შთასრულმან ყარაბაღს დაიბანაკა მუნ რაოდენთამე ჟამთა, და იგონებდა ბოროტსა, რამეთუ სავსე იყო შორითა და ჴდომითა, რომლისა თხლე არა წარმოიცალიერა, და გარდამოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა, რამეთუ სრულიად ეგულვა და მოქენე იყო იავარ-ყოფისათჳს საქართველოსა, ვინათგან მეფე ბაგრატ პატიმრად ჰყვა, და სხუა არავინ საეჭულ უჩნდა წინააღმდგომი მისი. ხოლო განაწესა სპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთა თჳსთაგანი და მისცნა სიმრავლენი სპათანი ურიცხუ[ნ]ი, წარმოგზავნა საქართველოსა ზედა, და ამცნო სრულიად მოოჴრება და დასრულება ქართლისა; და უმეტესად წმიდათა ეკლესიათათჳს, ციხეთა და შენობათათჳს ეტყოდა: "დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. ხოლო მჴცოვანთა მამათა და დედათა, და უფროსღა სამღდელოთაგან რომელნიცა შეიპყრან, მოსრან ყოველნივე პირითა მახჳლისათა, და სხუანი წარტყუენონ და ტყუე ჰყონ, და მოწვან ცეცხლითა წმიდანი ეკლესიანი, და ყოველნივე დაბანი და შენობანი ქართლისანი". და ესრეთ ამცნო და განამტკიცნა სარდალნი და ყოველნივე სპანი თჳსნი მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ. მაშინ წარმოვიდენ და მოიწივნეს მსწრაფლ მყისსა შინა არეთა ქართლისათა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.
და ვითარცა მოიწივნნეს, მაშინ მოიცვეს ტფილისი და სრულიად ყოველნივე სანახებნი ქართლისანი, და სრვიდეს უწყალოდ, ვითარცა პირველ მეგჳპტელთა ღმრთისა მიერ რისხვით მივლინებული იგი მომსრველი სენი. რამეთუ ესრეთ თქმულ არს: ორგზის ჟამიც აღარ მოექცევისო. ნანდვილვე ფრიად უბოროტეს ჟამისა გამოჩნდეს. იგინი, რამეთუ მომსრველი იგი ჟამი ზეგარდამოითა ბრძანებითა ყოვლად მოწყალისა ღმრთისათა მიივლინების კაცთა ზედა განმრავლებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, და სწურთნის ვითარცა საყუარელსა ძესა მამა იგი მოწყალე. რათა შეინანონ და მოიქცენ სინანულად, და განგებითა ღმრთისათა მის მიერ აღსრულებელნი გუამნი მკუდართანი ყოველნივე მღდელთა მიერ შეიმუსრვის და იმსახურების, და წმიდათა ეკლესიათა შინა განწესებულ არს სამარხო მათი პატივად და ლხინებელად აღსრულებულთა სულთათჳს. და მომსრველი იგივენი ვერ მიეხების ღდელთა რათურთით.და ესრეთ განთავისუფლებულ არიან მღდელნი მომსრველთა სენთა მიერსა, და წმიდათა ეკლესიათა მიერ ფრიად შიშნეულ არს, და მძრწოლარე ჭირი იგი მომსრველი, არამედ მაშინ ფრიად უბოროტეს გამოჩნდეს მომსრველისა მისგან ჟამისა სპანი იგი ლანგ-თემურისანი საქართველოსა შინა.
ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ვყოთ, არამედ წმიდანი ეკლესიანიცა და მას შინა მყოფნი სამღდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ.
მაშინ დაუტევეს ქუემო-კერძონი იგი სანახებნი ქართლისანი, და წარვიდეს ზემოთ კერძო შიდა ქართლად, რომელსა აწ ზემო ქართლად უწოდენ. რამეთუ პირველ მოსლვასა მათსა დაშთა შიდა ქართლი წარუტყუენველად. მაშინ მივიდეს უსჯულონი იგი წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და უმჯობეს სავსენი შურითა მისითა. ეჰა, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა, რომელი მოიწია ჩუენდა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა. აჰა წარმოდეგინ ჩუენდა გოდებისა მთხზველად ჴმა ჰრამათ მტირალი საღმრთო იერემია, მეტყუელი ესრეთ: "განიშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისათა ზღუდე ტაძართა მისთა, ჴმა ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა, და ეკუეთნეს ქუეყანასა ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი, და მთავარნი მისნი წარმართთა შორის. და არა არს სჯული, და წინასწარმეტყუელთაცა მისთა არა ჰპოვეს ხილვა უფლისა მიერ".
რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ საქართველოსა შინა, ვითარცა მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროსღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა მის სოლომონისა, თჳნიერ წარღებისა მრავალთასსა მას პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქმნა რომელ წარიღო, სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა. კმაყოფად, არამედ თჳთცა შეჰკადრა და ბილწითა ჴელითა წარმდებად ჴელ-ჰყო დარღვევად და მოოჴრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან, და გარეთ ზღუდენი და პალატნი. და ყოველნივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვეს სპათა ლანგ-თემურისთა.
ამისა შემდგომად აღიყარნეს და წარვიდეს და, სადაცა განვლეს, დაწვეს და მოაოჴრეს დაბანი და შენობანი ზემო-კერძოთა სანახებთანა. და ესევითარითა სიბოროტითა მიიწივნეს ქუაბთა ჴევს, და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყუენეს. და უყვეს მრავალი ბოროტი გარეშე წმიდისა ეკლესიისა, და ინებეს წმიდისა მის ეკლესიისა ცეცხლითა დაწვა და დარღუევა, რამეთუ შინაგან ტაძრისა მის შევტოლვილ იყვნეს ყოველნივე მუნ მყოფნი, წმიდანი მღდელნი, დიაკონნი და ფირჩოსანნი, მღდელ-მონაზონნი, გლახაკნი და უღთონი დავრდომილნი, და დედანი მონაზონნი, რომელნი მდგომ იყვნეს. აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი.
ხოლო ესე ყოველნივე მონაზონნი გამოიყვანნა და შეასხნა სამეჩანგო შესასხმელნი, და დაჰკიდნა ეჟუანნი და ზარნი და ფერჴისა დააბმევინა, ათამაშა და ამღერა. და ერთმან ვინმე მონაზონმან აღმოთქუა: "ვაჲ ჩუენს დედაბრობასა, ეს რა გუეძღარუნებიან". ამისა შემდგომად რომელნიცა ინებეს, წარიყვანეს, და რომელთა არა დაუტევეს სჯული ქრისტესი და ურჩ ექმნენ მათ და გლახაკნი და დავრდომილნი რომელნიცა იყვნეს, მათ ყოველთა შეუკრნეს ჴელნი და ფერჴი, და დააწყვეს საშუალ ეკლესიისა, რამეთუ იყო ჴმა მათი ვაებისა და ოჴრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა. ხოლო მათ ყოველთა, უკეთურებითა აღსავსეთა, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის აღატყინეს ცეცხლი მძლაფრი, და დაწვეს ტაძარი იგი ქუაბთაჴევისა ღმრთისმშობელისა, და მას შინა მყოფნიცა იგი წმიდანი და სამგზის სანატრელნი სამღდელოთა დასნი, რომელნი მას შინა ცეცხლითა აღესრულნეს და წამებისა ღუაწლითა და გჳრგჳნითა შემკულნი აწ იხარებენ წანაშე ღმრთისა და ჩუენთჳს ჰყოფენ ვედრებასა. ხოლო დამწვარნი იგი წმიდათა გუამთა მათთა აჩრდილნი ვიდრე დღეინდელად დღედმდე მსგავსად კაცთა სახედ იხილვების იატაკსა მას შინაგან წმიდისა ტაძრისასა. და ესენი სურვილითა წამებისათა და ტრფიალებითა ზესთა სასურველისათა შეთქმულ იქმნეს, რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთჳს სიკუდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ მოითმინნეს და მუნ საუკუნოდ იშუებენ, და იმოთხვენ ზეცათა შინა ყუავილთა მათ დაუჭნობელთა.
ხოლო უსჯულოთა მათ მოვლეს გარემონი მათ ადგილთანი, და წარტყუენნს ყოველნივე. და ამისა შემდგომად წარვიდეს და მიიწივნნეს რუისს და დაიბანაკეს მუნ. მოიცვეს სრულიად შიდა ქართლი, დაწვეს და აღაოჴრეს, და მოვლნეს ყოველნი არენი და სანახებნი შიდა ქართლისანი, და აღიღეს ციხენი, გოდოლნი და სიმაგრენი ყოველნივე თჳნიერ მთისა კავკასიისა. მაშინ ძირითურთ აღმოფხურეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელ არს საყდარი ღვთაებისა, ვიდრე საფუძველითურთ დაარღვივეს, და არა-სადა დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყუენველად.
და ესრეთ სრულ ჰყვეს ბრძანებული იგი ლანგ-თემურისა სპათა მისთა, ვითარცა პირველ ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან მეფესა ნაბუქოდონორისმან ჰყო იერუსალიმს შინა იუდიანთა ზედა, მოქმედმან ესევითარისა უკეთურებისამან, რომელმან განასახლნა იერუსალიმით ბაბილოვნად იუდიანნი, ძენი სიონისანი, სიტყჳსაებრ წინასწარმეტყუელისა იერემიასსა: "მოვიდაო ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი და წინაშემდგომი მეფისა ბაბილოვნისა იერუსალიმად, და დაწვა სახლი უფლისა, და სახლი მეფისა, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიადი მოცეცხლა ცეცხლითა". ესე ყოველივე ჩუენდა მომართ აღასრულა უწყალომან ლანგ-თემურ და სპათა მისთა, რამეთუ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მისი.
ამისა შემდგომად აღიძრნეს და წარვიდეს მუნითგან და ჩავლეს კახეთი. იგიცა წარმოსტყუენეს და იავარ ყვეს, და მრავალნი ტყუ ყვეს. და რომელნიმე მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და შენობანი ყოველნივე მოცეცხლეს და წარვიდეს ლანგ-თემურისა თანა, მიულოცეს გამარჯუება.
ხოლო ჟამსა მას მივიდა ლანგ-თემურ შაქის, და მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, მიიმძლავრნა და ვერვის ძალ-ედვა. წინააღდგომად მისა, და ყვნა ყოველნივე საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. მაშინ შემოიკრიბა და მიერთნეს ყოველნივე კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი, და თანა ჰყვა პყრობილად მეფე ბაგრატ, და ყოველნივე მის თანა მყოფნი ქართველნი, რამეთუ დიდად მოქენე იყო და ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად სჯულსა მისსა ზედა მეფისა ბაგრატისსა, და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და პატივსა დიდძალსა და კუალად მინიჭებასა საქართველოსასა, და უკეთუ არა სარწმუნო მექმნა და არა ისმინო ჩემი, ვბრძანო სიკუდილითა ბოროტითა სიკუდილი შენი და ყოველთავე ქართველთა, რომელნიცა პყრობილ არიან ჩემ მიერ".
ხოლო მეფემან ბაგრატ, არარას მზრუნველმან თავისა თჳსისამან და ვითარცა სურვიელმან მწარისა სატანჯველისა და სიკუდილისამან ქრისტეს სარწმუნოებისათჳს, არა ინება და არცა სათნო უჩნდა მორჩილება მათი და დატევება სჯულისა თჳსისა, არამედ გამოჴსნისათჳს ქართველთასა, რათა არა მიზეზითა მისითა იქმნას აღსასრული მათი მის უწყალოსა მძლავრისა მიერ. ამისთჳსცა მოიპოვა ღონე რაჲმე ჴელოვნებით ძჳნად მათდა აღმრჩეველმან, რეცა-თუ პირ-მორჩილ ქმნილმან ნებასა მათსამან, ხლო გულითა შორად განშორებულმან მცირედსა ჟამსა შინა უმჯობესისა საქმისა წარმართებისათჳს, რათამცა ჴსნილ და განტევებულ იქმნენ მათ მიერ, და ამისთჳსცა მიჰყვა ნებასა. ლანგ-თემურისსა. ხოლო ლანგ-თემურს რა ესმა მორჩილება მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხულითა დიდითა და მსწრაფლ წარავლინა კაცი, და თავისუფალ ჰყო პყრობილებისაგან, და მიიყვანა სახიდ თჳსად. და შეიტკბო და დიდად პატივ-სცა, და ეგრეთვე ქართველნიცა განათავისუფლნა კრულებათაგან. მაშინ მიანიჭა მეფესა ბაგრატს წყალობა, და უბოძა საბოძვარი მრავალი, და მოფენილობა სახლთა, და სარეცელნი და სხუანი მრავალნი საჴმარნი და სამკაულნი, ყოველივე შემსგავსებული სიმდიდრისებრ ჴელმწიფობისა მისისა, და მრავლითა ნიჭითა და საბოძვართა სიმრავლითა აღუსრულა გული, და უყოფდა ძმებრივსა პატივსა და სიყუარულსა ყზომოსა მიქცევისათჳს მისისა სჯულსა მაჰმადისსა. ხოლო მეფე ბაგრატ. დაღაცათუ პირითა აღიარებდა სჯულსა მათსა, არამედ მტკიცედ ეგო გულითა მჴურვალითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და საიდუმლოდ თჳსგან ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მდუღარითა, რათა განტევებულ იქმნეს მათ მიერ.
მაშინ ქართველთა ყოველთავე დაატყვებინეს იძულებით სჯული მათი და მიიქცეს სჯულსა მათსა, და უფროსღა მას ზედა მწუხარე იყო მეფე ბაგრატ მიდრეკისათჳს და დატევებისა ქართველთა სჯულსა ქრისტეანობისასა. და ჟამსა მას დიდად სათნო უჩნდა ლანგ-თემურს მეფე ბაგრატ, და უსმენდა და მორჩილებდა სიტყუასა მისსა, და არღარა უფარვიდა საიდუმლოსა სვინიდისისა თჳსისასა, და იყო თანა-განმზრახი ლანგ-თემურისა. გაგრძელება დასაწყისი ხოლო ჟამსა მას დაეპყრა ყოველივე აღმოსავლეთი ლანგ-თემურს, და არღარავინ საეჭუელ უჩნდა წინააღმდგომი, ვინათგან მეფე ბაგრატ თანა-ჰყვა და სრულიად საქართველო საბრძანებელსა მისსა ქუეშე იყვნეს, და ესრეთ მოქადულ იყო დაპყრობისათჳს საქართველოსა და მეფისა ბაგრატისა, რათამცა ჴელეწიფა პყრობად პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ამისთჳს დიდად პატივცემულ იყო მის მიერ.
ხოლო დღესა ერთსა, ოდეს იყვნეს მხოლოდ თჳსაგან თჳთმპყრობელი მძლავრი ლანგ-თემურ და მეფე ბაგრატ და ზრახვიდენ ურთიერთას, მაშინ რქუა მეფემან ბაგრატ ლანგ-თემურს სიტყჳთა ლიქნითა: "ვინათგან ესრეთ ვსცან სიმტკიცე სჯულისა თქუენისა, და აწ მეცა სარწმუნო მიჩნს და ესრეთ მნებავს, რათამცა სრულიად მორჩილ იყვნე სჯულისა თქუენ სამკჳდრნი საქართველოსანი. და უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი და მე წარვალ სამეფოსა ჩემსა საქართველოსა, და მე მოვხადო ყოველთავე მკჳდრთა ქართლისათა: დიდებულთა და მცირეთა, მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სუანთა და აფხაზთა -- ამათ ყოველთავე მე დავარწმუნო სჯული თქუენი, და იგინი ვყვნე მოხარკე და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა.
მაშინ ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, დიდად მხიარულ იქმნა, და სარწმუნო იქმნა განზრახვასა მისსა ზედა კუალად უმეტესად პატივ-სცა და მიანიჭა საბოძვარი დიდძალი, განძი და საჴელმწიფო საჭურჭლე. და აღამზადა სპანი, რჩეული კაცი თორმეტი ათასი და უჩინა მათ სარდალი და ათასისთავნი. და ამცნო მათ ლანგ-თემურ, რათა მორჩილებდენ მეფესა ბაგრატსა და არა ურჩ ექმნენ სიტყუასა მისსა.ხოლო წარმოვიდა მეფე ბაგრატ, და მის თანა მყოფნი ქართველნიცა, და სპანი ლანგ-თემურისნი თორმეტი ათასი. და ესრეთ იქმნა წინაუკმო აღრჩევა ესე მეფისა ბაგრატის, ვითარცა. პირველ აქიტოფელი აბესლომისათჳს და ესე არათუ თანა-განმზრახ იქმნა საქმედ სიბილწისა, არამედ შურის ძიებისათჳს პირველთა მათ სიბოროტეთა და უკეთურებათა ლანგ-თემურისათა, რომელი ჰყო საქართველოსა შინა. მაშინ წარმოემართა და მიიწია არეთა და მზღვართა საქართველოსათა და იმარჯუებდა ჟამსა, თუ ვითარძი საბრჴე უდგას სპათა ლანგ-თემურისთა. ხოლო ჟამსა მას დაეპყრა სრულიად საქართველო გიორგის, ძესა პირმშოსა ბაგრატისასა. მაშინ წინააღრჩევით იდუმალ წარავლინა მეფემან ბაგრატ კაცი ერთი მჴედართაგანი, სარწუნო გულისა თჳსისა, მალემსრბოლად წინაშე ძისა თჳსისა გიორგისა, და მიუწერა ესრეთ: "განვერი საბრჴისა მისგან ლანგ-თემურისა ძალითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა; და აწ მოვალ შურისგებად და ძიებად პირველთა სიბოროტეთა, რომელი ჰყო მან ჩუენ ზედა და საქართველოსა ზედა. აწ ესერა მომყავს სპანი ლანგ-თემურისნი, კაცი ვითარ თორმეტი ათასი, დიდად რჩეულნი და წარჩინებულნი მისნი, სავსენი განძითა და საჭურჭლითა მრავლითა. და ესე იყო წადილი და სურვილი სვინიდისისა ჩემისა ესრეთ".
და ვითარცა მიუმცნო ძესა თჳსსა გიორგის, მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით, და ესმა დვალთაგან ღალატი ქსანთ ერისთვისა. განრისხნა და განილაშქრა მათ ზედა, და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა, და იწყო ტყუენვა და აოჴრება მათი, და მოაოჴრა სრულიად დვალეთი.
მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და შემოკრიბნა ყოველნივე, და წარმოემართა და მოვიდა და დაიბნაკა ერთსა ვიწროთაგანსა გზასა სიმაგრისასა, სადაცაწინასწარ ბირებულ იყო მეფისა ბაგრატის მიერ. ხოლო ოდეს მოიწია მეფე ბაგრატ ადგილსა მასა სადა-იგი მზირად განწყობილ იყვნენ უქმნეს წინაუკანა სპათა ლანგ-თემურისთა. მაშინ მიეტევვეს ქართველნი ვითარცა ხანძარი აღტყინებული ქართა მიერ განძჳნებული მდელოთა ველისათა ანუ მაღნართა შინა. და ვითარცა ხე ცულითა, დაკოდნეს ბეჭნი მათნი და პირითა მახჳლისათა მოსრნეს იგინი.
და მოიწია მათ ზედა რისხვა ღმრთისა საშინელი, ვითარცა-იგი ილოცა ეზეკია მეფემან ღმრთისა მიმართ სენექერემისთჳს, და გამოვიდა ანგელოზი უფლისა და მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი კაცთაგან მთავართა. ესევითარი რისხვა ღმრთისა მოიწია სპათა ზედა ლანგ-თემურისთა, და მიუწყუეს მათცა საწყაული იგი, რომელიცა მოუწყეეს საქართველთსა, ვითარცა იტყჳს დავით: "ასულო ბაბილოვნისაო უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგის შენ მისაგებელი იგი,რომელ შენ მომაგე ჩუენ" და შემდგომი.
ხოლო მოსრეს ყოველნი სპანი ლან-თემურისნი ვითარ თორმეტი ათასი, და ერთიცა მათგანი არა განერა. და წარიღეს ქართველთა ნატყუენავი და იავარი მათი. და იყვნენ სიხარულით და შვებით განმარჯუებულნი და უფროსღა მოხარულ იყვნენ ხილვისათჳს მეფისა ბაგრატისა და მის თანა მყოფთა ქართველთასა, რამეთუ ესრეთ გამარჯუება მისცა ღმერთმან ქართველთა, რომელ თორმეტის ათასის რჩეულის ლანგ-თემურისა სპისა მომსრველთა თორმეტი კაცი არა დააკლდა მათ მიერ საქართველოსა ამა წყობათა შინა.
მაშინ ვითარცა მიესმა ლანგ-თემურს ამბავი ესრეთი, შეუძნდა ვითარმცა სრულიად მიღებულ ქმნილიყო მისთჳს ყოველივე სახელმწიფო და განსაგებელი თჳსი, იშთვებოდა სულითა და განიხერხებოდა შურითა, და იმძლავრებოდა ბოროტთა გულისსიტყუათაგან. მაშინ დაღაიდუმა საქმე იგი. და დაიზამთრა მუნვე შაქის ბანაკითურთ თჳსით, და იყო მუნ ჟამსა რაოდენსამე. და ვითარცა მოიწია თუე მარტისა, შემოკრიბნა სიმრავლენი სპათანი, უმრავლესნი ზღჳსა ქვიშისა და უმეტესნი პირველთასა.
მაშინ მოუწოდა შარვან-შაჰს ბანაკითურთ თჳსით, და მოვიდა იგიცა სპითა ურიცხჳთა, და წარმოვიდა ლანგ-თემურ ძალითა მრავლითა და საშინელებითა ზარის-საჴდელითა, საყვირითა და დაბ-დაბთა ცემითა და ბუკთა ტკრციალითა. და ესრეთ მოიწია ბარდავს, და მუნ დაუტევნა საჭურჭლენი და ბარგნი, სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა, და დაარჩინნა სპანი მეომარნი. და ესრეთ წარმოემართა და მოიწია მდინარესა მას ზედა მტკუარსა, და გასდვა ჴიდი ნავებითა, და განვლეს მას ზედა, რამეთუ მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი, და წჳმდა, და მოსთოვდა მთათა ჰაეროვნებისაგან, და არღარა ჰყოვნეს მუნ, არამედ მოისწრაფეს შენობათა შინა.
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი შემოიკრიბ[ნ]ა სპანი საქართველოსანი, რომელთა მინდობითა და სარწმუნოებისა ღმრთისათა არა ჰრიდეს სიკუდიდ განწირვად თავთა მათთა, დაღაცათუ უმრავლეს იყვნეს იგინი უმეტეს ასითა ათასითა ზომითა, არამედ არა შეშინდეს, არცა მომედგრდეს. ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი და ერთგულთა სპათა მისთა ქართველთა მყის მიისწრაფეს მათდა მიმართ.
აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მჴეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკჳდრნო საქართველისანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათჳს საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მჴეცთა სრვა და შექცევა ჯარაიასა შინა.
მაშინ მივიდეს ქართველნი სადა-იგი დაბანაკებულ იყვნეს პირველ შემოსლვადმდე მათსა შენობათა შინა ქართლისათა. ესენი მიეგებნეს წინა, და მიეტევნეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი ჯოგთა მიმართ კანჯართასა, და ვითარცა მგელი ჯარათა მიმართ თხათასა; და ეკვეთნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ.
აჰა, მიხედეს რჩეულებსა და ქებულსა ჭაბუკთა ქართველთასა დღე და ღამე სიხარულისა და განცხრომისა, და პირველსავე კუეთებასა ზედა მიდრიკნეს იგინი და შეანარცხეს ურთიერთას, ვითარცა შავარდენთა მიერ განქრეული გუნდი ჭილყუავთა, ეგრეთ საგონებელ იყვნეს ბანაკნი ლანგ-თემურისნი. არამედ სიმრავლისაგან მათისა ვერა აგრძნეს ბოლოდ კერძოთა მყოფთა ბანაკთა მისთა ესევითარი ძლიერი ბრძოლა თხემსა რაზმთა წყობისა მათისასა. რამეთუ მაშინ ფრიად სანატრელ საგონებელ იყო შორით მჭურეტელთა. კაცთა მიერ ახალმოასაკეთა მათ მოყმეთა ქართველთა ჭაბუკთა სიქველე და მკჳრცხლ-მორბედობა, რომელი კმა იყო ძუელთაგანცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მათ მიერ მივიდოდეს სიმწვავენი, და მკუეთებელნი ისართანი, მფეთებელნი ჴრმალთანი, და მხეთქებელნი ოროლთანი, და უშრომელობანი, და სიმაგრენი მკლავთანი. და ამას შინა განგრძელდა ომი.
ხოლო ლანგ-თემურისა მიერ პირველვე განწესებულ იყვნეს მცველნი რათა არავის უტევებდენ მლტოლვარეთაგანსა. და მაშინღა შეკრბეს ზოგად ერთ გუნდად, რამეთუ სიფიცხისაგან ომისა ფრიად შეძრწუნებულთა ეგულვებოდათ სივლტოლა და უკუნ ქცევა. ხოლო ლანგ-თემურ აღირჩია განწირვა თავისა თჳსისა და სიკუდილი და არა უკუნ ქცევა.
მაშინ იქადა მახჳლი და თჳთ განვიდა წინაგანწყობად, აღიზახა ჴმითა დიდითა სპათა მიმართ თჳსთა. და განმჴნდეს სპანიცა მისნი, და მიეტევნეს მიმყოვრებასა თანა ომისასა. რამეთუ სპანი ქართველთანი ფრიად დამაშურალ იყვნეს და დაელეწნეს აჯარნი საომარენი, არამედ კუალადცა ფიცხლად იბრძოდეს და სრვიდეს სიმრავლესა მათსა, და დასთხევდეს სისხლსა მათსა, რომელ ყოველნივე მეწამულად იხილვებოდეს სპანი ქართველთა, ცხენით კაცითურთ. და მოისრა ორკერძოვე ბანაკი ურიცხჳ, და უფროსღა ხუთი ზომა სპანი ლანგ-თემურისნი მოისრნეს, რამეთუ განგრძობასა თანა ომისასა ვერღარა ძალ-ედვათ ქართველთა წინაგანწყობა მათი დიდსა სიმაშურალისაგან, და არცაღა იარაღი შერჩომოდათ, არცაღა ცხენთა მათთა ძალედვა სრბა. რამეთუ მე ეგრეთ ვერ ძალ-მიძს აღწერად, და შესხმა ქებისა სიმჴნე-აჴოვნებათა მათ ჭაბუკთა ქართველთასა, ვითარ-იგი სპარსთა წიგნთა შინა წერილ არ; ქება სპათა ქართველთასა. მაშინ უკუნ იქცა მეფე ბაგრატ და ქართველნი და მიჰმართეს სიმაგრესა მთათასა, და დევნა უყო უკანა მათსა ლანგ-თემურ და სრულიად სპათა მისთა.
ხოლო წინათვე წარსულ იყვნეს ხიზანნი საქართველოსანი სიმაგრეთა შინა, რომელნიმე მთათა შინა კავკასიისათა, რომელნიმე სხუათა სიმაგრეთა მიმართ იმერთასა, და არღარავინ დაშთა საქართველოსა, არცა იპოვებოდა ხიზანი შენობათა შინა, ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს მთათა მიმართ.
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი მიისწრაფეს სიმაგრეთა შინა, და წარვიდეს ქართველნიცა თჳს-თჳსად. მაშინ შემოვიდა საქართველოსა შინა რისხვითა დაუპყრობელითა და, ვითარ იგი ჰგონებდა, ვერ მიემთხვივა ნებასა გულისთქმისა თჳსისასა, ვერ პოვნა ხიზანნი. და მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოჴრეს და დაწვეს. ყოველნივე შენობანი, და უფროსღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა. ესე მეორე ბოროტი მოაწია წმიდათა ეკლესიათა ზედა, და შემდგომად მცირედისა ჟამისა წარვიდა ლანგ-თემურ და მიიქცა მუნვე ყარაბაღს, და დაჰყო მუნ ჟამ რაოდენმე.
ხოლო მეფემან ბაგრატ კუალად იპყრა სამეფო თჳსი და განაგებდა კეთილად. და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა სარწმუნოებასა და სინანულსა შინა მეფე ბაგრატ, და დაჯდა მის წილად მეფედ გიორგი ძე მისი ქრისტეს აქეთ [...]
და ამასვე ჟამსა მიიცვალა ყოვლად სანატრელი კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილად კათალიკოზად გიორგი.
და ყო გლოვა დიდი მეფემან გიორგი, და აღასრულეს წესი დაფლვისა. და შემდგომად ამისა დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველივე საქართველოს იმერნი და ამერნი, და მეფობდა ერთობით სრულიად საქართველოსა ზედა. და ვითარცა ესეა საქმე ესე მძლავრსა მას ლანგ-თემურს სიკუდილი მეფისა ბაგრატისა და გამეფება ძისა მისისა გიორგისა, კუალად აღივსო შურითა და რისხვითა დაუპყრობელითა, რამეთუ ესეოდენი ბოროტი და უკეთურება არა მოეწყინა, და არცა დააცხრო გულისწყრომა თჳსი; მაშინ გამოაყენა მეწინავეთ სარდალი თჳსი სახელით ყარალათი, და შემდგომად თჳთცა წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა.
ხოლო განსცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა და დასცალნა სალარონი და საჭურჭლენი თჳსნი ყოველნივე, და ესრეთ დაიერთგულნა სპანი თჳსნი. და აღაზრზინნა იგინი, ვითარცა მჴეცნი, განრყუნად ქრისტეს სამწყოსთა, და იღრჭენდეს შეგინებულთა კბილთა მათთა ქრისტეს შემოსილსა მეფესა ზედა. მაშინღა წარმოემართა და მოიწია ყარაბაღს საშინელებითა და დიდძალითა ბანაკთა სიმრავლითა, რამეთუ ვერ იტევდა ვერცა ქალაქნი და ვერცა დაბანი სპათა მისთა, არამედ სიმრავლისაგან სპათასა არა იყო რიცხვი. და ესრეთ წარმოვიდა გულისწყრომით აღძრული, და მოიწია მზღვართა საქართველოსათა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო წარავლინა კაცი ერთი და მიუწერა მეფესა გიორგის ესრეთ, ვითარმედ:
"მამამან ძენმან მეფემან ბაგრატ, არა სარწმუნო ქმნილმან მორჩილებისა ჩემისამან, ქმნა ბოროტი და ზაკჳთ განხეთქა ზოგი მეფობისა ჩემისა, და ვითარცა ქურციკი საბრჴით განერა მახეთაგან ჩემთა, და მოსრა პირითა მახჳლისათა სპანი ჩემნი რჩეულნი, რიცხვით თორმეტი ათასი, რომელ არცაღათუ ერთი განერა. და უკეთუ შემდგომად ამისა სარწმუნო თუმცა ქმნილიყო მორჩილებად ჩემდა, არამცა მეძიებელ ვიყავ შურისა მის პირველისა, არამედ, ვინათგან აწ შენ დაგიპყრიან საქართველო თჳნიერ ბრძანებისა ჩერსა, რამეთუ ქუეყანა ესე ჴრმლითა ჩემითა დამიპყრიეს და ბრძანებელსა ქუეშე ჩემსა არს, აწვე მოვედ ჩემდა და იყავ მორჩილ ბრძანებისა, ეგრეთ, ვითარცა არს წესი მონათა თჳსთა უფალთა ზედა. და მეცა კეთილის-მოქმედ ვიყო შენდა მომართ, და იყოს მშჳდობა ურთიერთას შორის ჩუენსა. ხოლო უკეთუ არა ინებო მორჩილება ჩემი ვყო მრავლი ბოროტი შენ ზედა და თემთა შენთა ზედა უძჳრეს პირველისა, და ესრეთ სრულიად იავარ ვყო სამეფო შენი". მაშინ, ვითარცა ესმა ესე მეფესა გიორგის, განბასრა ამპარტავანება და ქედმაღლობა მისი, და შეითუალა მეტყუელმან ესრეთ: "დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროს სჯულითა, და არა უწყი წინასწარმეტყუელთა მიერ თქმული, თუ ვითარ იტყჳს: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს. არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განმგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა? რომლისათჳს ბრძანა ღმერთმან, ვითარმედ: "ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს, და მე არა ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთაო". და ესე დავით იგი არს, რომელმან ერთითა შურდულითა მოკლა გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა მისი. ამისთჳსცა განგებითა მრავალმოწყალისა ღმრთისათა მეფე დამკჳდრებულ ვართ სრულიად საქართველოსა ზედა, და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ, და სხუა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა. გარნა მეუფე იგი ზეცათა უფალი ჩუენი იესო ქრისტე.
ხოლო მეფობა შენი აქაცა მწრაფლ წარმავალ არს და უმკჳდრო, და მუნ საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათჳს და შენებრ მსახურთა ყოველთათჳსვე. და მზაკუარებითა მაგით და ჴელოვნებითა ბელზებელთათა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გვყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხუნი. და ესე სამგზის მოსრულ ხარ და იავარ გიყოფიეს სამკჳდრებელი ესე სამეფო ჩემი, და წილხდომილი ესე სამყსო წმიდასა დედოფლისა ჩუენისა ღმერთისმშობელისა, და ესე არათუ ძალისა შენისა მოქმედება არს, არამედ ცოდვათა ჩუენთა განმრავლებისათჳს სამართლად გუწუართნა ჩუენ ღმერთმან. რამეთუ ესეოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსძეღ სისხლთა ჩუენთაგან, და კუალად გნებავს შეჭმად ჴორცთა ჩუენთა ძუალთა თანა, და აწ, ვინათგან ეგევითარითა სილაღითა მოქადულ ხარ ჩუენდა მომართ მომავალი. მოვედ, თუმცა არა ხარ სეფექალი და დიაც, და თუ შენ არა მოხვალ, მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეუილითა სპითა-ჩემითა.
რამეთუ სამგზის შენცა გიხილავს, და სიმრავლეთა სპათა შენთათა უწყიან მჴეცქმნილობა და გამოცდილება ომსა შინა ჭაბუკთა ქართველთასა. დაღაცათუ სიმრავლითა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩუენდა მომართ, არამედ უვნებელად არცა ჩუენ მიერ წარსრულ ხარ. და ესრეთი წარგზავნა მოციქული ლანგ-თემურისა.
ხოლო მეფემან გიორგი მსწრაფლ შემოკრიბა სრულიად სამეფო თჳსი, სპანი რჩეულნი იმერნი და ამერნი, და მესხნი და კახნი, და ყოველივე საქართველო, და წარმოვიდა.
მაშინ მივიდა მოციქული იგი წინაშე ლანგ-თემურისა, და წარმოუთხრა ყოველივე თქმული მეფისა გიორგისა, და დიდად აქო სიმჴნე და სიქველე მეფისა გიორგისა და სპათა მისთა, და სიტყუათა მათ ზედა უფროსღა განძჳნდა, ვითარცა მჴეცი ბოროტი, და აღიყარა სიმრავლითა ძალისა თჳსისათა, და წარმოვიდა იგიცა.
და შეემთხვივნეს რა ურთიერთას, მაშინ ფიცხად მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა. ცეცხლი თივათა. და აჰა, შეიქმნა ომი ძლიერი იმიერ და ამიერ. და დიდად სახელოვნად გამოჩნდეს სპანი ქართველთანი, სრვიდეს და იპყრობდეს. და განგრძელდა ომი, და შეაძრწუნნეს სპანი ლანგ-თემურისნი, გარნა სიმრავლისაგან ბანაკთა მათთასა ძრვა ვერ ძალ-ედვათ. რამეთუ ესეოდენი სიმჴნე აჩუენეს სპათა საქართველოსათა, ვითარმედ, შეჰჴდიან კისკასად შუასა შინა რაზმთა მათთასა, და ეგრეთ მახჳლ-წვდილნი სრვიდეს, და განვიდიან თავითგან ვიდრე ბოლომდე, და კუალად მათგან უვნებელად უკმოქცეოდიან შორის ბანაკისა მის ისმაიტელთასა. და ესრეთ სახელოვნად გამარჯუებულნი მოვიდიან ღვთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა გიორგის წინაშე და მოულოცევდიან განმარჯუებასა.
მაშინ ფრიად შეწუხნა მძლავრი ლანგ-თემურ, ესრეთ რომე ამისთანა მარცხი და ზიანი მას არაოდეს შემთხუევია. და ესევითარითა სიმჴნითა ლომებრივითა გულითა შებმა უყვეს, და ურიცხუნი სპანი მოისრნეს პირითა მახჳლისათა ქართველთა მიერ, არამედ სიმრავლისაგან მათისა არა აკლდებოდათ. ხოლო ლანგ-თემურ გამოცდილ იყო, და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხლე და ადრე სიმაშურალე. ამისთჳსცა დაღაითმინა, ვიდრემდის დიდად დაშურეს ომისაგან ქართველნი.
ხოლო ოდეს მიმყოვრდა ომი და მზეცა მიდრკა შთასასვლელად, სცნა ლანგ-თემურ ფრიადი სიმაშურალე, და დაღალვა მკლავთა, და დალეწა აბჯართა საომართა სპათა ქართველთასა. მაშინღა განიწირა თავი თჳსი მოსიკუდიდ და აღუზახა ჴმითა დიდითა სპათა თჳსთა. და განმჴნდა იგინიცა, და ესრეთ მიეტევნეს სპათა ქართველთასა და, რაც ოდენ ძალ-ედვაო, კუალად შებმა უყვეს, არამედ ვერღარა ძალ-ედვაო წინადადგრომად ფრიადისა სიმაშურალისა და მოჭირვებისაგან. და მაშინღა სძლეს ბანაკმან ისმაიტელთამან, ლანგ-თემურ და აგარიანთა, და მიდრკეს ქართველნი, და ივლტოდეს მთათა მიმართ და სიმაგრეთა.
მაშინ ლანგ-თემურ წარმოვიდა პირველად და მოადგა ციხესა ტფილისისასა. მაშინ დიდად განმაგრებულ იყო ციხე იგი ტფილისისა, რამეთუ მდგომარე იყვნეს შინაგან ციხისა სპანი ქართველთანი; და ბრძოლა უყო ძლიერად, და აგრეთვე ძლიერად ებრძოდეს მეციხოვნენი. და მოიცვა ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და მაშინღა მძლავრებით ინებეს შემუსრვა ციხისა. და ეგრეთცა შემუსრნეს ზღუდენი, და ხანთა რაოდენთამე შინა აღიღეს ციხე იგი ტფილისისა და ეგრეთვე ყოველნივე სიმაგრენი ქართლისანი აღიღეს და დაიპყრა ქართლი, და შეაყენა ციხესა შინა ტფილისისანა სპანი ხორასნელნი, და თჳთ აღიყარა და წარმოვიდა და დადგა მუხრანს. და შემუსრნეს კუალად წმიდანი ეკლესიანი და მონასტრები, და შენობანი ყოველნი აღაოჴრეს და დაწვეს ვეცხლითა. და მაშინღა მოუვიდეს ზოგი რომელიმე ქართველთაგანიცა, რომელთა არა აქუნდათ ძალი სიმაგრესა.
ხოლო იყო ვინმე მთავარი და დიდად წარჩინებული ქართლსა შინა სახელით ჯანიბეგ. ამა ჯანიბეგისა მამულსა ჩაუდგა ლანგ-თემურ და აღაოჴრა, დაწვა და დააქცია. მაშინ მოუვიდა იგიცა და შეურიგდა, და იყო ხანსა რაოდენსამე შინა მუნ. და მოვლეს სრულიად ქართლი და მოაოჴრეს და დაწუეს, და დიდად ღონე ჰყოფდა და წადიერ იყო შეპყრობად მეფისა გიორგისა, და ვერ შეუძლო.
ხოლო რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა და წარვიდა, და მივიდა სადაცა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. ხოლო არცაღა მაშინ დასცხრა ბოროტისა მისგან შურისა და გულისწყრომისაგან მეფისა გიორგისთჳს, რამეთუ ჰგონებდა კუალად შთამოსვასა ქართლად და დაპყრობასა. ამისთჳსცა გამოაყენა ამირსპასალარად ხოჯა შიხალი და ამირჯანშა, ესენი წარმოავლინა საქართველოსა ზედა, და წარმოატანნა თანა სპანი რიცხუნი, და უბრძანა თჳთოეულსა თჳთოსა არესა მტკიცედ დგომა და სრულიად მოოჴრება, დაწვა და დაქცევა ყოველთავე, რათა არღარა დაემკჳდრნენ მკჳდრნი საქართველოსანი მუნ.
და წარმოვიდეს იგინი და მოვიდეს ქართლსა შინა, კუალად იწყეს უკეთურებად და ბოროტის-ყოფად, წვად და ქცევად ტყუენვად და სრვად, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა ზედა ყვეს მრავალი ბოროტი. მაშინ დიდად წადიერ იყვნეს ჴელგდებად და შეპყრობად მეფისა გიორგისა, არამედ ვერ შეუძლს და ესრეთ ყოველს დიდითა ოჴრებითა ქართლი. მაშინ შეიპყრეს რომელნიმე მეფისა გიორგისანი, და ეკითხვიდეს სადა ყოფასა მისსა, და მათ არა-რა, უწყოდეს, და ვერცაღა შემძლებელ იქმნნეს მათგან ცნობისა საქმისა.
ხოლო მაშინღა წარმოვიდენ, და მოვიდენ წინაშე ლანგ-თემურისა, და აუწყეს ვერ-შეპყრობა მეფისა გიორგისა. და მაშინ დაჭმუნდა და დიდად მწუხარე იქმნა. და შემდგომად მცირედისა აღიყარა და მივიდა ყარაბაღს, და დაიბანაკა მუნ.
ხოლო იყო ვინმე მუნ კერძოთა არეთასა სახელით სახელით თირ-სულთან, ქუეყანისა ჯალალისა, და ასე იყო სჯულითა მაჰმადიანი. მაშინ ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ყარაბაღს, ესე თირ-სულთან ფრიად წინააღუდგა ლანგ-თემურს, და მრავალი ბოროტი შეამთხვივა თჳთ ლანგ-თემურს და სპათა მისთა, და იყო განდგომილ მათგან, და არა ჰმორჩილებდა ლანგ-თემურს და, რაოდენ ძალ-ედვა, ჰბრძოდა მათ. ხოლო ვერღარა შეუძლო წინააღდგომად მისსა, და ესრეთ ლტოლვილი წარმოვიდა და მოვიდა მეფისა გიორგისა თანა.
ხოლო მეფემან დიდად პატივ-სცა და კეთილად ისტუმრა იგი, და იყო თანაგანმზრახ მისსა, და ისმენდა მისსა. და იყო მის თანა ჟამ რაოდენმე. და ამას შინა კუალად უფროსად განმძლავრდა ლანგ-თემურ. სცნა ესე მეფემან გიორგი, და დიდად მოურნეობდა საქმის წარმართებასა საქართვეოლოსასა, და მაშინღა უმჯობესისა წარმართებისათჳს ინება მორჩილებად ლანგ-თემურისა, და ჰკითხვიდა დიდებულთა თანაგანმზრახთა თჳსთა. და განიგულეს წარგზავნად კაცისა მშჳდობის ყოფისათჳს. მაშინ სცანა რა ესე სულთან-თირ, რაც ოდენ ძალ-ედვა, დიდად წადიერ იყო არა ქმნად და დაშლად საქმისა მის, რამეთუ არა ენება მორჩილებად ლანგ-თემურისა, არამედ არა უსმინა მეფემან და წარავლინა კაცი, და იჴმო პირველ მოსრული იგი მოციქული, რომელი წარმოევლინა ლანგ-თემურს მეფისა გიორგის თანა. ხოლო ესე იყო შემეცნებულ და ცნობილ მეფისა მიერ, ესე იყო სრულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, და თანაგანმზრახი ლანგ-თემურისა; ამას მოუწიდა და წარავლინა შერიგებისათჳს და მშჳდობის ყოფისა წინაშე ლანგ-თემურისა, და შეუთუალნა სიტყუანი მორჩილებისანი.
ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მართლ-უკუნ აქცია იგივე მოციქული, და ესრეთ მიუმცნო მეფესა გიორგის, ვითარმედ:"ფრიად კეთილი საქმე აღგირჩევიეს თავისა შენისათჳს და სამეფოსა შენთათჳსცა, და კმა არს დაცადება ესოდენისა სიბოროტისა. ამიერითგან ვყო მშჳდობა და, უკეთუ მოხვალ ჩემდა, არცაღა მე მოვიჴსენებ გარდასრულთა მათ ჭირთა, რომელნი გიქმნიან ჩუენ ზედა, არამედ ნაცვლად სიმდაბლისა და მორჩილებისა შენისა მეცა მრავალი კეთილი ვყო შენ ზედა, და მიიღო ჩემ მიერ მრავალი საბოძვარი და ძმებრივი პატივი".
და ვითარცა წარავლინა კაცი იგი. მაშინ განიზრახა თჳსაგან და თქუა, ვითარმედ: "ესე უწყი, რომელ საქმე ესე ჴელოვნებითრე განუზრახავს, და ჰნებავს ცნობა ჩემი, ვითარცა ჰყო პირველ მამამან მისმან მეფემან ბაგრატ, და მოსრნა პირითა მახჳლისათა რჩეულნი სპანი თორმეტი ათასი; ესე ვერ ეგების და არცა სარწმუნო მიჩნს საქმე ესე, არამედ ზაკჳთ ჰნებავს ცთუნება ჩემი".
მაშინ აემზადა, და წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა, ამისთჳს რომელ პირველსა ომსა შინა ახლდა სპითა რჩეულითა ათაბაგი ივანე მეფესა გიორგის და იყო მორჩილ მისა. ამა პირველსავე შურსა იგონებდა მძლავრი იგი, და წარმოემართა ძჳრის-ყოფად ივანე ათაბაგსა ზედა,და მიიწია და ჩაუდგა შიგან ზემო ქართლსა, რომელ არს საათაბაგო, და ვერღარა წინააღუდგა ათაბაგი და ივლტოდა სიმაგრეთა შინა.
მაშინ მრავალი ბოროტი მოაწია, და მოსრა პირითა მახჳლისათა სულნი მრავალნი, მრავალი ტყუე ჰყო, და დააქცინა წმიდანი ეკლესიანი, და დაწვნა ცეცხლითა ყოველნივე შენობანი, თემნი და დაბანი. და სრულიად იავარ ჰყვეს ზემო ქართლი. და წარმოტყუენა და წარიღო მრავალნი საჴმარნი წმიდათა ეკლესიათანი, ხატნი და ნაწილნი ყოველნივე შერიეს და უჴმარ ჰყვეს. და რაოდენნიცა შეიპყრნეს კაცნი ქრისტიანენი, რომელნიმე მოკლეს და, რომელთაცა დაუტევეს სჯული თჳსი, იგინი თანაწარმოიყვანნეს.
მაშინ წარმოვიდა მუნითგან, გარდმოვლო მთა კლარჯეთისა და მოიწია მანგლისს. და დაიბანაკა მუნ თუესა ორსა, ხოლო მოვიდეს კაცნი, რომელნიცა მსხემ იყვნეს. საზღვართა საქართველოსათა ისმაიტელნი, სჯულითა მაჰმადიანნი. ესენი მოვიდეს ლანგ-თემურისა თანა ძჳნად მეფისა გიორგისა და სპათა საქართველოსათა მეტყუელთა ესრეთ, ვითარმედ: "ამიერითგან ვერღარა ძალ-გჳძს მკჳდრ-ყოფად საზღვართა საქართველოსათა, არამედ განგუასახლეთ სხუათა ქუეყანისა კერძოთა და მუნითგან ვიქმნებით მოხარკე თქუენდა. რაოდენიცა ბოროტი თქუენ მიერ ქმნილ არს მათ ზედა, იგინი. უმრავლესისა ბოროტისა მყოფელ არიან ჩუენდა მომართ. და აწცა, რაჟამს წარხვალთ ამიერ, უეჭუელად იგინი ჩუენდა მომართ მჴდომ არიან და იღრჭენენ ჩუენ ზედა კბილთა თჳსთა".
ხოლო ვითარცა ესმა ესე, შეეწყალნა იგინი ლანგ-თემურს დიდად. მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა თჳსსა ამირშიხს ნურადინს და წარატანა თანა სპანი მრავალნი, და უბრძანა სრულიად მოოჴრება კერძოთა მათ საქართველოსათა, რომელნიცა იყვნეს მოსაზღვრენი ისმაიტელთანი, და წარავლინა ესენი მათ ზედა ბოროტის ყოფა. და ვითარცა მივიდა მუნ, ბრძოლა უყვეს ურთიერთას, და დიდად კარგად შემოებნეს ქართველნი, და მრავალი მოკლეს და ამოსწყჳდეს. კუალად წარავლინა სხუა ამირსპასალარი თჳსი ლანგ-თემურ, და გაატანა მრავალნი სპანი. და მივიდეს იგინიცა, და შეიბნეს და სძლეს სპათა ლანგ-თემურისთა სიმრავლითა, რამეთუ ძლიერად წინაგანეწყუნეს ქართველნი, და იბრძოლეს დღესა ხუთსა, და ვერღარა დაუდგეს, და აართუეს სიმაგრენი და ციხენი, რამეთუ არა იყვნეს მუნ სხუანი ქართველნი, არცა მეფე გიორგი, არამედ იგინი ბრძოდეს, რომელნი იყვნეს მოსაზღვრენი თათართანი, და იგინი უჴდებოდეს მათ. ხოლო რაჟამს წარვიდეს იგინი სიმაგრეთა შინა, ვერცაღა ჰპოვეს ხიზანი, და დაწვეს შენობანი ყოველნივე და მოვიდეს წინაშე ლანგ-თემურისა. და ამას შინა მოვიდა ლანგ-თემურისათანა ელჩი ფრანგისა, და მოართუეს ძრუენი საჴელმწიფო. და კუალად ამათვე ხანთა შინა სპათა მისთა ძლევა მოეღო ბერძენთა ზედა. და მაშინ შეეპყრათ ძე პირმშო კეისრისა, და მოართუეს ძე იგი კეისრის ლანგ-თემურს, და განიხარა დიდად, და უბოძა საბოძვარი მრავალი სპათა მისთა. და რაჟამს იხილა ძე იგი კეისრისა, იგიცა დიდად შეიყუარა და ითჳსა, და შეიწყალა სიჭაბუკე და შუენიერება მისი, და მასცა მიანიჭა საბოძვარი მრავალი და სამოსელი საჴელმწიფო. და ეგრეთვე წარგზავნა იგი სამყოფსა თჳსსა და მშჳდობით განუტევა.
ხოლო შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა იგიცა მანგლისით, წარვიდა და მივიდა იგი ჴევსა არაგჳსასა, და დაიპყრა იგი, და დაამტურია და აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და ყოველნივე ადგილნი იავარ-ჰყო, და მოაოჴრა, და ხიზანი ვერა იპყრა, რამეთუ ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა შინა მთათასა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნითგან. და ხანსა რაოდენსამე უკან განილაშქრა და დაიპყრა ქუეყანა სიასი, და სხუანიცა მრავალნი ქუეყანანი თჳსად მიიმძლავრნა, და ყოველნივე მოხარკე ყვნა. დასასრული წინა ნაწილი ამისა შემდგომად კუალად იპყრა მეფემან გიორგი საქართველო. და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, არავე დასცხრა შურისა და ბოროტისა გულისწყრომისაგან. კუალად აღამზადა სპანი ურიცხუნი და წარმოგზავნნა ძენი თჳსნი სულთან უსეინ, ფირ-მაჰმად ამირშის, აბუბექირ და სხუანი თავადთა მისთაგანნი, ჯანშა და თემურ-ხოჯა, აღბუღა, სეიდ-ხოჯა, შიხალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადთაგანნი, და სპანი ურიცხუნი. წარმოვიდენ და მოვიდენ ერინჯანგს, და შემოადგნენ ციხესა მას ერინჯანგისასა, რამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა, და ბრძოლა უყვეს ძლიერად მეციხოვანთა მათ და პირველად ვერა აართუეს ციხე, და იყვნენ მუნ ხანსა რაოდენსამე, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე აღიღეს, ამით რომე არავინ ჰყვა თანამწე, და დიდად შეწუხდენ, და თჳთვე დაანებეს, გამოვიდეს მეციხოვანნი და ციხისთავი, და მოაჯე ექმნეს. და მაშინ წარმოიყვანეს ციხისთავი და უფროსნი მეციხოვანნი და მიგუარეს. ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისნი წარმოემართნეს საქართველოსა ზედა, მივიდეს მანგლისს და დაიბანაკეს მუნ.
ხოლო სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, წარგზავნა მოციქული და შეუთუალა სიტყუა სააჯო სიმშჳდისა, ითხოვა მათგან მშჳდობა, და აღუთქუა მორჩილება და ურთიერთას დაგება. მაშინ უსმინეს ძეთა ლანგ-თემურისათა, და მათ მიუმცნეს და აუწყეს ლანგ-თემურს.
ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს მორჩილება მეფისა. გიორგისა, მანცა ინება მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და მიუმცნო ძეთა თჳსთა და იჴმო იგინი თჳს თანა, და წარვიდენ. მაშინ წარგზავნა ლანგ-თემურ ძენი თჳსნი ძალითა მრავლითა. ბაღდადსა ზედა და მივიდეს და აღიღეს ბაღდადი, და დაიპყრეს არაბისტანი, და მრავალნი თემნი ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარმოიღეს მრავალი ნატყუენავი.
მაშინ იდგა ლანგ-თემურ თავრიზს და წარმოვიდა, რათამცა იხილოს ციხე იგი, რომელი პირველ აღიღეს ძეთა მისთა, ციხე იგი რომელსა ეწოდა ალინჯა. წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა, და სიმრავლითა ბარგისათა, და კარვებითა მრავალფერითა. და მივიდა და ნახა ციხე იგი ალინჯა. და კუალად განამაგრა იგი, და წარვიდა და დადგა ტბასა მას გელაქუნსა.
სცნა რა ესე მეფემან გიორგი, მაშინ წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "პირველცა მოგჳჴსენებია და აწცა მასვე პირობასა მოგაჴსენებთ, ვითარცა გნებავსთ, ეგრეთ ვართ მორჩილნი ბრძანებისა თქუენისა, და სადაცა გნებავსთ, გილაშქრებთ, და ამიერითგან ვყოთ მშჳდობა და ურთიერთას. ერთობა, და ამიერითგან კმა არს დაცხრომა გულისწყრომისა და არღარა მოჴსენებად გარდასრულთა მათ საქმეთა". ხოლო ლანგ-თემურცა მორჩილ ექმნა, უსმინა და ესრეთ მიუმცნო: "ვინათგან სარწმუნო ქმნილ ხარ მორჩილებასა ჩუენსა, არცაღა მე მოვიჴსენებ შურსა პირველისა მის საქმისასა. და ამიერითგან ნუღარამცა კადრებულ არს. თქუენ მიერ, და სპათა შენთა წყინობად, და ჴდომად, და რბევად მათდა, რომელნიცა არიან საზღვართა საქართველოსათა სჯულითა მაჰმადიანნი, და ვიყვნეთ მშჳდობისმყოფელ ურთიერთას".
მაშინ აღიყარა და წარვიდა ბარდავს და იყო მუნ წელიწადსა ერთსა მაშინ გაანაგო ყველივე საქმე თჳსი ლაგნ-თემურ. და კუალად ინება წარსლვა ქართლსა ზედა და წარმოვიდა და მოვიდა მუნვე მანგლისს.
მაშინ იყო ადგილსა მას კერძოთა სომხითისათა თავადი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ადგილსა მას მარტინი, ხოლო თავადსა მას ესაია. ამას მიეცა პირობა ლანგ-თემურისთჳს მისლვად მის თანა, და ვერღარა მისრულიყო, და იგონებდა ბოროტსა მისთჳს. ხოლო ესმა რა თავადსა მას ესაიას, შეწუხდა ფრიად. მაშინ წარვიდა შიშითა შეპყრობილი, და მივიდა ძისა თანა ლანგ-თემურისსა, და ევედრებოდა. რათამცა თანაშემწე ექმნას მამისა მისისა თანა, და აღუთქუა ნიჭად ლარნი დიდფასისანი. მაშინ შეეწყალა ძესა მას ლანგ-თემურისასა შარუხს, და მივიდა რა მამასა თჳსსა თანა, დიდად შემწე ექმნა, და მიმადლა იგი მას. მაშინ უძღუნა შღუენი მრავალი და ლარნი საჴელმწიფონი ლანგ-თემურს, და მიიყვანა იგი შარუხ, ძემან ლანგ-თემურისმან, დაგებად მამისა თჳსისა.
იხილა რა იგი ლანგ-თემურ, მიუგო მრისხანებით: "ვითარ იკადრე წინააღდგომად და ურჩებად ჩემდა?" მაშინ ფრიად მოაჯე იგი წარდგა წინაშე მისსა, და სათნოებისათჳს ძისა მისისა მიუტევა და შეიწყალა, და უბოძა ხალათი. ხოლო ჰყვა თავადსა მას ესაიას ასული შუენიერი, და რა სცნა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ, ეტრფიალა იგი და სთხოვა ცოლად. და მისცა და იყვნენ მიერითგან წყალობის მიმნიჭებელ.
კუალად წარვიდა აღბუღას ძე ათაბაგი ივანე, და მივიდა იგიცა ძღუნითა მრავლითა ლანგ-თემურისა თანა, და შეიწყალა იგიცა, და სცა პატივი, და უბოძა საბოძვარი მრავალი. და მიუვიდნენ ყოველნივე თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა.
მაშინ სცნა ესე მეფემან გიორგი, წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე ძღუნითა მრავლითა. და იყო ფრიად მოაჯე მის წინაშე, და ისმინა მისი, შეიწყალა იგიცა. და აღიყარა მუნითგან, და წარვიდა ქუეყანასა მას ქურთისტანისასა. და დაიპყრა ქურთისტანი. და კუალად აჴსენებდა ძჳრსა და ბოროტსა საქართველოსათჳს, და წადიერ იყო გათათრებისათჳს მეფისა და სრულიად ქართლისა.
მაშინ წარმოგზავნა პატრონი შირვანისა, სახელით შიხ ბარაიმ საქართველოსა შინა, რათა მივიდეს და შეიტყოს ყოველივე ბეგარა და გამოსაღები ქართლისა. და შემდგომად მცირედისა თჳთცა წარმოემართა და მოვიდა კარსა.
და ცნა რა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ესაია, თავადი იგი სომხითისა. ესე წარავლინა წინაშე ლანგ-თემურისა, რათამცა არა შემოვიდეს იგი ქართლსა შინა; და რამეთუ იყო ჟამი მკისა და მოსავლის აღებისა, შეუთუალნა სიტყუანი სააჯონი ესრეთ: "ვინათგან გჳყოფიეს მშჳდობა და ერთობა, მიერითგან არა რაჲ ურჩება გჳქმნიან, და არცა ჯერ არს თჳთმპყრობელთა შარავანდედთაგან განტეხა პირობისა. აწ შეიწყალე ქუეყანა ესე, და ნუღარა განრყუნი. რომელსაცა გჳბრძანებთ, მზა ვართ აღსრულებად სამსახურისა და მორჩილებისა თქუენ[სა] წარავლინა და წარატანა თანა ძღუენი მრავალი და ფეშქაში საჴელმწიფო.
და რა მივიდა ესაია, თავადი იგი მეფისა გიორგისა, და მიართუა ძღუენი და ფეშქაში, მოაჴსენნა სიტყუანი მდაბალნი და სააჯონი. ხოლო ლანგ-თემურ არა უსმინა და არცა მიირთუა ძღუენი და ფეშქაში, რამეთუ ფრიად განრისხებულ იყო და კუალად სწყუროდა მოოჴრება საქართველოსა. მაშინ შეუთუალა მეფესა გიორგის: "უკეთუ გნებავს მშჳდობის ყოფა და არა იავარ-ყოფა საქართველოსი და სიცოცხლე თავისა შენისა, აწვე მოვედ ჩუენდა და იპყარ სჯული ჩუენი, და იყო ჩუენ მიერ დიდად პატივცემულ და საყუარელ, და არცა წავაჴდენ სამეფოსა შენსა, და არცაღა აღვიღებ ხარკსა და მიიღო ჩემ მიერ სხუაცა მრავალი ნიჭი, და საბოძვარი, და იყოს უკუნისამდე მშჳდობა შორის ჩემსა და შორის შენსა. და უკეთუ არა მორჩილ მექმნა, მოვაოჴრო და ვყო სრულიად უმკჳდრო ქუეყანა ეგე შენი.
"ხოლო უკეთუ რჯულისა ჩემისა რწმუნება არა გნებავს, მოვედ ჩემდა და დაიდევ ხარკი, რაც ოდენ ძალ-გედვას, და შემეცნებულ ვიქმნნეთ მშჳდობით და კეთილად და, ვითარცა გნებავს, ეგრეთ წარვედ სამეფოდვე შენდა ჩუენ მიერ მინიჭებითა სიმრავლითა ნიჭთა საბოძვართათა, და ვითარცა განუტევე ძე იგი კეისრისა, ეგრეთვე შენ წარვედ მშჳდობით". და ესრეთ წარავლინა მოციქული.
და ვითარცა წარვიდა იგი, მაშინცა არავე დაცხრა ზაკჳსა და შურისა მისგან ბოროტისა, არამედ იტყოდა: "უკეთუ აღიღონ და შეიკრიბონ მოსავალი და საზრდო თჳსი მკჳდრთა საქართველოსათა. მიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ვნებად მათდა, რამეთუ წარვლენ სიმაგრეთა შინა" და აღიყარა და წარვიდა, და დადგა მახლობელად საზღვართა.
მაშინ ყოველთავე ისწრაფეს, და აღიღეს მოსავალი თჳსი, და ივლტოდეს სიმაგრეთა შინა მთათა მაგართა. და მივიდა. მძლავრიცა ლანგ-თემურ სპითა მრავლითა და ურიცხჳთა, და შევლო ქუემო-ქართლი დიდითა ოჴრებითა, წვითა და ქცევითა. და წარვიდა მეფე გიორგი სიმაგრეთა შინა; და მივიდა ლანგ-თემურ შიდა ქართლს, და ჩადგა და მოაოჴრა ყოველნივე შენობანი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი. არამედ ვერ ეწიფა ბოროტსა მას გულისთქმასა თჳსსა, რამეთუ ენება შეპყრობა მეფისა გიორგისა და დატყუევება ტყუეთა, და ვერცა ერთსა შემძლებელ იქმნა პოვნად.
და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ. და აღიყარნენ და წარვიდენ და მიადგნენ ციხესა ბირთჳსისასა. და იყო იგი დიდად განმაგრებულ, და იყვნენ შიგან ციხესა მას შინა ბირთჳსისასა თავადნი წარჩინებულნი. საქართველოსათა რიცხვით ოცდაათნი. და იყო ციხისთავად სახელით ნაზალ და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსასურნი საქართ- ველოსანი.
ხოლო სპანი ლანგ-თემურისნი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭმუნვარე იყვნეს და უარ-ჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე, და საზრდელთა სიმრავლე, და უფროსღა ციხისათა მათ, მჴეცქმნილობა და ომსა შინა სიფიცხლე, რამეთუ მრავალნი სპანი მოესრათ და მათ მიერ მრავალნი ჭირნი შემთხუეოდათ ციხისა მისგან. ცნა რა ლანგ-თემურ ესევითარი სიმტკიცე, შეძრწუნდა ფრიად და ჰკითხვიდა თანაგანმზრახთა თჳსთა.
ხოლო დაასკუნეს მიდგომა მეტყუელთა ესრეთ: "არა სადა დაშთომილ არს სიმაგრენი და ციხენი, რომელი არა აგუეღოს, და იგიცა ადვილ არს თქუენ მიერ. მაშინ მიადგეს ციხესა მას სიმრავლენი სპათანი, და გამოვიდეს ციხოსანნიცა იგი ჭაბუკნი რჩეულნი, მიეტევნეს და განეცვნეს შიგან, ვითარცა მახჳლი ლესული, ორპირად მკუეთელი მძოვრისა რასამე, და მრავალნი სულნი მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და დასჩქაფნეს ხარბად სისხლნი, ვითარცა ღუარნი პერად აღძრულნი ფიცხელთა წჳმათა მიერ.
ცნეს რა ესევითარი მჴეცქმნილობა სპათა ლანგ-თემურისთა, და მყის იჴმიეს. სივლტოლა, და უკუნ იქცეს მუნით. რამეთუ ჰყვა ერთკერძო ბანაკი ფარულად ადგილსა ერთსა, და დევნა უყვეს უკანა მათსა ქართველთა, და შთანარცხეს იგინიცა ურთიერთას, და ივლტოდეს ორკერძოვე განწყობილნი სპანი ისმაიტელთანი, და ამოსწყჳდეს და ყვეს მრავალი ზიანი, და ესრეთ შემოიქცეს გამარჯუებულნი, და აღვსილნი საშოვრითა მრავლითა შევიდეს ციხესა შინა.
ხოლო ცნა რა ესე ლანგ-თემურ, წარმოვიდა თჳთცა ძალითა მრავლითა, განძჳნებული გულითა მრისხანითა, მივიდა და მოიცვა სრულიად გარემონი ციხისანი. და აღუშენა გარემოს ციხეები საფრად, და შეაყენნა სპანი მრავალნი. და თჳთ მიადგა წინა-კერძო. ბჭესა მის ციხისასა. და მუნცა აღაშენა ციხე, და განავლინა ბრძანება, რათა მტკიცედ ბრძოლა უყონ. და მოიცვნეს კუთხნი ორკერძოვე ციხისანი, და მტკიცედ ეგნეს შიგან მეციხოანნი უზრუნველად, და იბრძოდეს მსგავსად შეძლებისა მათისა, და გამოჴდა მსგეფსი ერთი, და ვერ შეუძლეს აღებად.
ხოლო იყო კლდე ერთი, და მუნითგან ჰპოვეს მცირე რაჲმე აღსავალი, და იყო ვინმე სპათა შორის ლანგ-თემურისთა კაცი, სახელით ბეგიჯანლ. ესე იყო მეგჳპტელი. ამან მოიჴელოვნა და შეიპარა ღამე შიგან ციხისა მის, და აღიყვანა თანა თხა ერთი და დაკლა შინაგან ციხისა, და დაუტევა იგი და თჳთ წარმოვიდა. ამისთჳს ჰყო საქმე იგი, რათა საცნაურ იქმნას ციხისა მყოფთა მიერ კადნიერება მათი. სცნეს რა ესე შინაგან მყოფთა ციხისათა, კუალად უფროსად განმტკიცდეს, და იყვნენ უშიშრად.
ხოლო აუწყეს ლანგ-თემურს აღსავალი იგი კლდისა მის. მაშინ განიხარა ფრიად და უბრძანა ყოველთავე შეწუნა კიბეთა ბანბისათა, და კუალად წარგზავნეს კაცი იგი მეგჳპტელთა აღსაძრომელსა მას კლდისასა, და მოაბა წუერი იგი დაწნულისა კიბისა თავსა კლდისა მის მტკიცედ, და მასვე ღამესა შეუვიდეს თჳთოეულად სპანი ლაგნ-თემურისანი მრავალნი, რომელი ვერა აგრძნეს მეციხოვნეთა. კუალად მიიწივნეს შინათგამო ციხისა კარსა და უგრძნობელად აღახუნეს კარნი ციხისა მის, და ესრეთ მიეტევნნეს შინაგანნიცა და გარე-მყოფნი თათარნი. და მაშინღა სცნეს ქართველთა და შეიბნეს ფიცხლად. და დაერივნეს ქართველნი გულითა სისხლთა მღურელითა, და განაპეს მრავალკეცი იგი რაზმი მათი. და მგავსად ქუხილთა იხილვებოდა მსმენელთაგან ცემანი და კუეთებანი აბჯართანი. და ძლიერად ბრძოლა უყვეს ქართველთა, და უმრავლესნი მოსრნეს და დააკუეთნეს. და ბოლოს ეგრეთვე დარჩა გამარჯუება და ძლევა ლანგ-თემურს სიმრავლისაგან სპათასა.
მაშინ აღიღო ციხე იგი ბირთჳსისა, და მოართუეს შეპყრობილნი მრავალნი დიდებულნი და აზნაურნი ჴელპყრობილნი, და თჳთ ციხისთავი იგი, სახელით ნაზალ, პყრობილად მიჰგუარეს, და ყოველთავე წარკუეთეს თავნი მათნი, და მისცა ცოლი ციხისთავისა ნაზალისა სულთანსა შარვანისასა. და სხუათაცა სხუა მიანიჭა წყალობა მრავალი სპათა მისთა, და უფროსღა მას, რომელმან იჴელოვნა აღება ციხისა მის.
და რომელნიცა იყვნეს ციხესა მას შინა, მრავალნი ამოსწყჳდნა და უმრავლესნი ტყუედ წარიყვანნა. მაშინ განაწესა ციხისთავად ერთი წარჩინებულთა თჳსთაგანი, რომელსა ეწოდა მაჰმად. და მისცა მას სპანი მრავალნი, და შეაყენნა იგინი ციხესა მას შინა ბირთჳსისასა. და უბრძანა მათ დაწვა და მოოჴრება მუნ მკჳდრთა, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა, და თჳთ წარვიდა შამს, ხოლო ტყუე და ალაფი ყოველი გაგზავნა სამარყანს, ქორონიკონსა ჟ~.
და მიერითგან ვერღარა შემძლებელ იქმნა კუალად მოსლვად საქართველოსა შინა, რომელი ნუმცაღა ქმნილ არს მოქცევა მისი ძალითა ღმრთისათა, ვითარ კეთილის-მოქმედ და მოწყალე და ჴელის-ამპყრობელ იყო წმიდათა ეკლესიათა და ქურივთა და ობოლთათჳს მკჳდრთა საქართველოსათა. რამეთუ შჳდგზის იავარ ჰყო საქართველო ბოროტმან და ღმრთისა მიერ რისხვეულმან, და ამიერითგან დააცადა.
ხოლო წარვიდა რა ლანგ-თემურ, მაშინ მეფემან გიორგი კუალად იპყრა საქართველო მოოჴრებული და იწყეს შენობად. და მას ჟამსა წარვიდა მძლავრი ლანგ-თემურ და დაიპყრა თურქისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზი, ადარბადაგანი, და შეიპყრა ბურსას მჯდომი ხვანთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა. და შემდგომად ექუსასისა წლისა მაჰმადის გამოჩინებისა, ამას ჟამსა შინა გამოჩნდა კაცი ერთი სახელით ოსმალ და ესე იყო სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობად, და შემოიკრიბნა მრავალნი სხუანი მეკობრენი და თანაშემწენი, და განმდიდრებულ იქმნა ფრიად სიმრათლით -- ნატაცებთათა, და დაიპყრა სრულიად არაბისტანი და ანატოლი, და ტახტად ეპყრა ბურსა, და მის ზედა განილაშქრა ლანგ-თემურ.
რამეთუ ამა ოსმანის ძეთა ეპყრა ბურსა, და ესე ბაიაზითცა თესლი იყო ოსმანისა. ხოლო ლანგ-თემურ ბრძოლა უყო და სძლო: რამეთუ შეიპყრა ბაიაზით ხვანთქარი და ჩასუა რკინის ყაფაზაში, და ეგრეთვე პატიმრად თანა-ჰყვა, და დაიპყრა ბურსა და სანახები მისი. ხოლო კეისარმანცა ჰყო მორჩილება მისი, მიართო ძღუენი მრავალი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს.
კუალად რუსეთიცა დაიპყრა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანს და მუნ სალმობიერ იქმნა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა. რამეთუ მაშინ განუყო ძეთა თჳსთა ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხვარასანი და რომელსამე ადარბადაგანი. და მიერითგან ვერღარა შესმინეს ძეთა მისთა მისლვად საქართველოსა შინა, რამეთუ იქმნა მათ შორის შური და ჴდომა. და მას ჟამსა განისუენა საქართველომან, და იწყეს შენობად.
და მეფობდა მეფე გიორგი და მიიცვალა.
და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი იმერეთისა. ამასვე წელსა გარდაჰჴდა დიდი მეფე ბაგრატ იმერეთისა, და დაჯდა მეფედ ძე ბაგრატისა კოსტანტინე, და იმეფა შჳდ წელ, და მოკლეს ჩალაღას. ხოლო ოდეს ლანგ-თემურ მოვიდა, მაშინ შეინახეს დიდოეთს ძე ბაგრატისა და ძმა გიორგისა დავით და, ოდეს აღესრულა მეფე გიორგი, მაშინ მოიყვანეს ქართველთა და კახთა დიდოეთიდამ და გააბატონეს ქართლსა და კახეთს.
და მას ჟამსა მწყსიდა კეთილად საქართველოს კათალიკოზი ბასილი. და იმეფა დავით კეთილად და მშჳდობით. და, შემდგომად, ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა და დაჯდა მის წილ მეფედ ძე მისი გიორგი. და ესუა ცოლად ამირეჯიბის. ქუცნას ასული ნათია. და შვა ძე სამი: ალექსანდრე, ბაგრატ და გიორგი.
და ამას ჟამსა შინა მჯდომარე იყო კათალიკოზი გიორგი. და გარდაიცვალა კათალიკოზი გიორგი, და დაჯდა კათალიკოზად ელიოზ.
და გარდაიცვალა კათალიკოზი ელიოზ, და დაჯდა მიქაელ.
და მოკუდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით.
დიდი ალექსანდრე
ხოლო მეფობდა მეფე გიორგი კეთილად და მშჳდობით. და ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა იგიცა, და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე2 ქორონიკონსა რ~სა.
და იყო ჟამსა მას კათალიკოზი დავით და მიიცვალა იგი, და დაჯდა ელიოზ.
და მიიცვალა ელიოზ, და დაჯდა კათალიკოზი თეოდორე.
და მოკუდა კათალიკოზი თეოდორე, და დაჯდა კათალიკოზი შიო.
და ამან მეფემან გარდამატა სხუათა მეფეთა საქართველოსათა. და იყო კაცი სახიერი და სწავლული ყოვლისავე საღმრთოსა და საეროსა ზნეობითა აღსავსე. და გული უთქმიდა კუალად-გებად პირველსავე საზომსა ზედა მოყვანებად წმიდათა ეკლესიათათჳს. და საქართველოსა. რამეთუ იყო მაშინ ყოველი ესე საქართველო უსჯულოსა თემურისაგან უნუგეშინისცემოდ განსრული, და სრულიად აოჴრებული დედა-ქალაქი მცხეთა და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, და ეგრეთვე ყოველნივე ეკლესიანი, საყდარნი და ციხენი ყოველნივე სრულიად საფუძველითურთ დაექცია და მოეოჴრებინა, და ყოველნი სულნი ქრისტეანენი დედაწულითურთ ტყუე ექმნა. ესე იავარ-ნაქმარ ქართლზე მეფე იქმნა.
ამის მეფობამდე მუდამი ტყუენვა, რბევა და მოოჴრება ჰქონდა ქუეყანასა ჩუენსა, რომელ ქართლი დიდად შემცირებულ იყო მრავლის ტყუენვისა და რბევისაგან, და არა სადათ აღუჩნდათ ნუგეშინისმცემელი, ვიდრემდის არა მეფე იქმნა დიდი ალექსანდრე. ამან იწყო ბრძოლა უსჯულოთა მათ, და მრავლისა ბრძოლითა და ზეგარდამო შემწეობითა განასხნა ყოველნი უსჯულონი საზღვართაგან საქართველოსათა.
ქორონიკონსა რ~ბ: მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს. თურქთა ახალციხე ამოსწყჳდეს. ამა მეფის ალექსანდრეს აღმზრდელმან მრავლის ჭირნახულობითა, ბებია მისმან ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე-ყოფილმან რუსა, ამან იწყო მრავლის. ღუაწლითა და გულსმოდგინებით, აღშენებად წმიდისა სუეტის-ცხოველისა. პირველად გამოკაზმა და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით.
და ვითარ ეგულებოდა მეფესა ალექსანდრეს, ეგრეთვე იგულა და იგულსმოდგინა: ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სუეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განაშუენა. და დაადგინა პატრიაქად მიქაელ. და მრავალნი წმიდანი და პატიოსანნი მონაზონნი, მღდელნი, მგალობელნი და მოწესენი შეკრიბნა, და რომელიცა ძუელთაგან გარიგებული შესავალი ჰქონდა, გინა გარიგებულნი აღაპნი და სხუანი საეკლესიო საჴმარნი, ანუ ქუეყანანი ჰქონდეს, მას ზედა მრავალი შეუმატა და უფროსად განავრცეს. და კუალად ქართლსა და კახეთსა და სადაცა ყოფილიყო მკჳდრი მისი მამულნი, რომელნიცა ძუელთა ჴელმწიფეთა, მამა-პაპათა და დედა-შვილთა გაერიგებინნეს და გაესაზღვრნეს და შეეწირნეს, ეგრეთვე ამანცა ჯერ-იჩინა და ყოველნივე შესწირნა. და ეგრეთვე, სადაცა მოოჴრებულნი აგარაკნი ჰქონდა, ყოველნივე აღუშენნა და ყოველნივე საქართველოს უდაბნონი, მონასტერნი და ეკლესიანი, სოფელნი, აგარაკნი, აზნაურნი და გლეხნი განუწესნა და შესწირნა. და კუალად აღაშენა მცირე ეგუტერი მთავარანგელოზისა მცხეთას სამარხოდ.
ქორონიკონსა რ~ით: მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო, და კუალად ინება აღშენება ყოველთა საქართველოს ციხეთა და საყდართა. აღაშენნა და განავრცნა. მას ჟამსა შემოსავალი არსაით იყო სახლისა მისისათჳს. და ამით საქართველოს კუამლსა ზედა ორმეოცი თეთრი მალად განაჩინა.
ასოცდარვა ქორონიკონზე საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი ყოველნივე სრულიად ახლად აღაშენნა და შეამკუნა, და კუალად მისგან დადებული მალი მანვე ამოჰკუეთა, და ყოველნი ქრისტიანენი ფრიადსა მშჳდობასა და მყუდროებასა შინა ამყოფნა. თათართაგან კაცთა მოასხმიდა და დაასახლებდა, და ქუეყანა ესე საქართველო ესრეთ განაგო.
ქორონიკონსა რ~ლ: დასუა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ, და შერთო ფანასკერტლის ქალი და დაჲ თაყას ფანაკერტელისა, დედოფალი სითიხათუნ. ხოლო თჳთ მეფემან ალექსანდრე სახე მინაზონებისა შეიმოსა, და უწოდეს სახელად ათანაზე. და აღაშენნა მისთჳს სენაკნი და სახლნი დიდნი ქვითკირისანი მცხეთას მისგან აღშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთანა, და მუნ დადგა, ვიდრემდის ცხოვრებდა, სასოებითა და მოღუაწებითა.
ხოლო ოდეს დასუა პირველი შვილი ვახტანგ ქართლსა და იმერეთს, მასთან დააყენა უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი, და დასუა კახეთს, ქორონიკონსა რ~ლგ, მეფედ უმრწემესი ძმა დიმიტრისი გიორგი, და შერთეს ნესტან-დარეჯან, იმერელ მეფის ქალი. მაშინ ოდეს დაიპყრა ალექსანდრე იმერეთი, განაძეს ძე კოსტანტინესი, მეფე იმერეთისა ბაგრატ.
ხოლო შემდგომად სიკუდილისა მძლავრისა ლანგ-თემურისა კუალად იპყრეს არაბისტანი, ანატოლი ძეთა მათ ბაიაზით ხვანთქრისათა. და კუალად იპყრეს ბურსა ტახტი და ყოველი სამკჳდრო მამულნი მათნი, და უმეტეს გაძლიერდენ. და იწყეს ბრძოლა ქრისტეანეთა ზედა, და მცირედ-მცირედ კადნიერ-ქმნილთა მათ ზედა ძლევისმოქმედებდენ ყოველთავე საბერძნეთსა ზედა.
ამისა შემდგომად განიგულეს ბრძოლა დიდისა ტახტისა და სამეუფოსა დედაქალაქისა კოსტანტინეპოლისა. და იყო ურთიერთას შორის დაუცადებელი ბრძოლა ძლიერი. და სძლეს ოსმალთა და ხვანთქარმან სულთან მაჰმად. და მიდრკეს ბერძენნი. შეაიწრეს ფრიად კეისარი მძჳნვარედ ზედა-დასხმითა, რომელნი გარე მოადგეს კოსტანტინეპოლის, ქალაქსა მას სამეუფოსა. სძლეს და აღიღეს კოსტანტინეპოლი ოსმალთა, ქორონიკონსა რ~ლბ, ქრისტეს აქეთ ჩ~უმე.
ხოლო იყო ჟამსა მას კეისარი, სახელით კოსტანტინე პოლეოლოღოს. და იყო პატრიაქი აღსრულებულ. მაშინ აღიხუნეს და დაიპყრეს სრულიად საბერძნეთი ოსმალთა: და ოდეს აღიღეს კოსტანტინეპოლი, მას ჟამსა დაბნელდა მზე, რომლისა ამბავნი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა ბერძენთასა. და იყო სამარადისოდ ბრძოლა ძლიერი. და კუალად იყო შური და ჴდომა ძეთა შორის ლანგ-თემურისთა, რამეთუ ფრიად მოშურნე იყვნეს იგინი ურთიერთას შორის. და ჟამსა ამას განთავისუფლებულ იყვნეს მკჳდრნი საქართველოსანი, და იყვნენ მშჳდობით განსუენებასა შინა.
ამასვე ქორონიკონსა ჯანშა ყაენი ახალციხეს მოუჴდა.
ამასვე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა.
ქორონიკონსა რ~ლგ: მეფემან ალექსანდრე დასუა კახეთს უმრწემესი ძმა დიმიტრისი, გიორგი, და მისცა ზემო-კერძონი მთის ალაგნი. მუნითგან არაგუს გამოღმართ ჴევ-ძმარამდის, კუალად ჴევ-ძმარიდამ გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი ლილოს სერსა წყალი გასდის და შეერთვის, მარტყოფის წყალსა გაყოლით ვიდრე ამართულამდე და ამართულას გაყოლით ვიდრე აჯიხუდმდე და აჯისუს გაყოლით ვიდრე მტკურის შესართავამდე და მას ქუემოთ მტკუარს გაღმართი და შაქისი ვიდრე შირვანის. საზღვრამდე. დაჰყო მცირე რამე ხანი და აღესრულა სავსე დღითა.
მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.
ოდეს აღესრულა მეფე ალექსანდრე, მაშინ მოვიდა მეფე ბაგრატ იმერეთს, ძე იმერელ მეფისა კოსტანტინესი. გამოაძო ვახტანგ, ძე ალექსანდრე მეფისა, და დაიპყრა იმერეთი.
ქორონიკონსა რ~ლე: აღბუღა და ყუარყუარე შეიბნეს. ამასვე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა, და არა ესუა ძელ და დაჯდა მის წილად უმრწემესი ძე, მისი დიმიტრი. და ჰყვა მეუღლედ დედოფალი გულანშარ. და მეფობდა კეთილითა და მშჳდობის-მყოფელობისა მეფობითა.
და მოკუდა კათალიკოზი შიო, და დაჯდა კათალიკოზად ძე მეფისა ალექსანდრესი დავით.
ქორონიკონსა რ~მა: მიიცვალა მეფე დიმიტრი, და დარჩა ძე მისი კოსტანტინე. ამისა შემდგომად იქმნა ბრძოლა კახთა უფლისა გიორგისა და ბაგრატს შუა მეფობისათჳს ქართლისა, რამეთუ იყო მეფის ალექსანდრეს ძმა ბაგრატ და შვილი, რომელი ზემო ვაჴსენეთ გიორგი, კახთა უფალი. სძლო გიორგი ბაგრატს და დაჯდა ქართლს მეფედ. და იყო მცირე რაჲმე ხანი და გააძეს გიორგი. და დასუეს ძმა ალექსანდრე მეფისა და მეფის გიორგისა ბაგრატ. ხოლო კახთა უწოდეს მეფედ. ამიერითგან უწოდენ კახნი კახთა უფალსა მეფედ.
ხოლო რაჟამს იპყრა მეფობა ქართლისა მეფემან ბაგრატ, მოიმორჩილნა ქართველნი და მესხნი შეიყარა ლაშქარი შთავიდა კახეთს დაიმორჩილნა კახნი განაძო ძმისწული თჳსი და დაიპყრა კახეთი.