შინაარსზე გადასვლა

ახალი ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი)

ვიკიწყარო გვერდიდან

თარგი:Header ჟამამდე, ღ(მრ)თივ გჳრგჳნოსნსა მეფისა გიორგისამდე ძისა თავდადებულისა მეფისა დიმიტრისამდე, ეწერათ ცხოვრებანი ქართველთანი. ხოლო ძისა მეფისა გიორგისა, მეფისა ბაგრატისა, არღარა წერებულ იყო, ვიდრე მეფისა გიორგისა ძისა ბაგრატისამდე. ხოლო ამის ბაგრატისა და ძისა მისისა კოსტანტინესი დაეწერათ და ვპოვეთ ძუელთა წიგნთა შინა და ქუემორე რიგსა მისსა ზედა დაგჳწერია. და ესე ამბავნი მის-ზემოთნი გუჯართა და სპარსთა და სომეხთა ცხოვრებისაგან გამოვიღეთ და აღვწერეთ, ხოლო მეფისა ალექსანდრესა და ძისა მისისა მეფისა კოსტანტინესი და შემდგომი ძუელთა კაცთა და სპარსთა ცხოვრებისა, და ქორანიკონთა და გუჯართაგან აღგჳწერია ვიდრე მეფისა როსტომისადმდე. ხოლო მეფისა როსტომის-აქათი თჳთ თუალითა მნახველთა და მისთა ომებთა შინა მყოფთა კაცთაგან აღგჳწერია. და, რაოდენი საეჭუელი იყო, უჴმარ ვყავით, ხოლო მართალი აღგჳწერია ცხოვრებისა ბაგრატ მეფისითგან.

ცხოვრება მეფე ბაგრატ ბაგრატოვანისა, ჲ~ჱ

ჟამსა მას ოდეს განაგებდა ღ(მრ)თივ-გჳრგჳნოსანი მეფეთ-მეფე ბაგრატ, ეპყრა ყოველი საქართველო საბრძანებელსა თჳსსა ქუეშე. მას. ჟამსა იჯდა კათალიკოზი ელიოზ, კაცი საფერი საქმისა.

და ჟამსა მას გამოჩნდა კაცი ერთი თურქეთის ქუეყანასა, სახელით თემურ, ხოლო ეწოდაცა ლანგი, და იყო ესე მკელობელი, და სპარსთა ენათაგან "ლანგ" მკელობელსა ეწოდების, ამად ეწოდა ლანგ-თემურ. და ესე ლანგ-თემურ იყო გუარად ჩინყიზი; და ამისთჳს ეწოდა ჩინყიზი, რომე თურქეთისა ქუეყანისა მკჳდროანთა იყოფებოდა ქალი ერთი, და იყო ქალი ესე მრავლისა ერისა და ულუსისა უფროსი, და იქმნა მის ზედა საქმე ესევითარი: დაორსულდა დედაკაცი იგი, და არა ესუა ქმარი. და შეუძნდა საქმე ესე ერსა და ულუსსა მისსა და შეკრბეს სრასა მის დედაკაცისასა და მიუვლინეს მოციქული და ესრეთ ეტყოდეს: "ვინათგან მთავარ და უფალ ქენილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს შეამთხჳე თავსა შენსა საქმე ესე საკიცხელი". ხოლო იგი უარჰყოფდა და ესრეთ ეტეოდა: "უკეთუ ირწმუნებთ სიტყუათა ჩემთა, უწყოდეთ, რამეთუ ჩემ თანა მამაკაცი არა ყოფილა და არცა მივდგომილვარ ჴორციელთა კაცთაგან, და, უკეთუ არა რწმუნო ხართ, დაადგინეთ ჩემ თანა მსტოვარნი კაცნი სარწმუნონი თქუენნი და მე ცხადად უჩვენო, ვინ მოვალს ჩემ თანა". და დაადგინეს ერმან და ულუსმან მისმან მცველნი და იხილეს მსგავსი ნათლისა და ჴელოვანება ელიარისა რომელი მივიდა ღამე დედაკაცისა მის თანა და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა. ვითარცა სცნეს საქმე ესე, ირწმუნეს ერმან და ულუსმან მისმან, ღამე ყოველ მოვიდოდეს დედაკაცისა მის თანა და იყოფებოდა, და იტყოდეს: საქმე ესე ჭეშმარიტ არს. და რაჟამს მიუდგა დედაკაცი იგი და იშვა მისგან ყრმა წული, აღიზარდა და უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად და გააჴელმწიფეს და ყვეს პატრონად თჳსად. და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი და სწამს მათ ვიდრე აქამომდე დიდ გუარად. მიერითგან მეფობენ ძენი მისნი.

და ესეც ლანგ-თემურ თესლისაგან მათისა იყო და პატრონობდა ულუსსა რომელსამე ზედა. და პოვა ჟამი რამე ნებისა თჳსისა და მოკლა მეფე თურქთა და მოსრნა ყოველნივე ძენი მისნი და თჳთ დაიპყრა სრულიად თურქეთი და პატრონობდა ყოველთავე ზედა.

და ამიერითგან გაძლიერდა ლანგ-თემურ და პოვა ჟამი წარმართებული საქმისა თჳსისა და დაიპყრა რომელიმე ქუეყანა და წარემართებოდა საქმე მისი კეთილად, ვითარცა არს ჩუეულება საწუთოსა ამის სოფლისა, და იყო რჯულითა სუნი.

წარმოემართა და მოიწია სომხითად. და მოაოჴრა სომხითი და ტყუე-ყო, და ჭირი დიდი მოწია მათ ზედაო, რამეთუ თჳსად მიიმძლავრნა იგინი და ყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

და წარვიდეს მუნითგან და მიიწივნეს კარსა, და იპყრნა და მოსრნა ყოველნივე, რამეთუ ვერვის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი სიმრავლისაგან სპათასა. და დაიბანაკა და დაიზამთრა მუნვე. და იყო ზამთარი ფიცხელი.

ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.

და შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოჴრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკჳდრნი მის ადილისანი და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი.

და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და, რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძჳნდა და დაუმძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისსა. და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ბრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროისად მოსწყდეს. სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისსა. და შემდგომად ამისა მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა, და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა, და თჳთ დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ. ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა პატიმრად.

მაშინ წარვიდა ლანგ-თემურ ყარაიაში ნადირობად: მოინადირეს, შეექცეს და დაჴოცეს მრავალი. და მიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა და მეფე ბაგრატცა თანა წარიყვანეს პატიმარი, და ვითარცა მიიწივა ბარდას, დაყო მუნ ჟამი რაოდენიმე.

მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა თჳსთაგანი რჩეული, და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თჳთ ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და ქალაქთა, მოსრვა პირითა მახჳლისათა ყოველთავე მუნ მკჳდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა. და ჟამსა მას იყო ქორანიკონი ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.

და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოჴრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და დაარღჳვეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს მუნით ქუაბთა-ჴევს, და შეიპყრეს მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა წმიდისა ქუაბთა-ჴევისა ღ(მრ)თის-მშობელისასა. და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს რომელიცა იყოფებოდეს ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების შინაგანიატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან.

და აღიყარნეს მუნითგან და წარვიდენ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და შენობა, მოსრეს და აღაოჴრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუის[ს]ა და მოიცვეს იგიცა, და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა ღ(მრ)თაებისა ძირითურთ აღმოფხურეს, და მოაოჴრეს. ყოველივე ქუეყანა.

და წარმოვიდეს მუნითგან, და ჩამოვლეს კახეთი და იგიცა აღაოჴრეს და დაწვეს და წარვიდეს.

და იყო მუნ ჟამ რაოდენმე, ხოლო წარვიდა მუნითგან და მივიდა შაქის. და მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, დიდებულნი და მცირენი, კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი.

და თანა ჰყვა მეფე ბაგრატ, ტყუედ პყრობილი. და კუალად ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად მეფისა ბაგრატისა რჯულსა ზედა მაჰმადისასა ლიქნითა და მრავალთა ნიჭთა ქადებითა. მაშინ გულისჴმა-ჰყო წინააღრჩევით მეფემან ბაგრატ, და მოიჴელოვნა განზრახვა ესევითარი, და მიჰყვა ნებასა მათსა არა გულითა ჭეშმარიტითა, არამედ საქმისა ამისთჳს, რომელი წინამდებარემან სიტყუამან გაუწყოს, და მორჩილ -ექმნა ლანგ-თემურს და მიიქცა რჯულსა ზედა მაჰმადისასა. მაშინ ლანგ-თემურ განიხარა სიხარულითა დიდითა, და შეიტკბო მეფე ბაგრატ და პატივ-სცა დიდად, და ძუძღუნა საბოძვარი და შესამოსელი საჴელმწიფო, საგებელ-სახურავი, მსგავსი სიდიდისა მათისა, დიდად ითჳსა და მრავალსა კეთილს-უყოფდა. მაშინ მრავალთა ქართველთა დაუტევეს რჯული თჳსი და მივიდეს რჯულსა ზედა მაჰმადისასა. ხოლო მაშინ დიდად მწუხარე იყო მეფე ბაგრატ და იტყოდა გულსა შინა თჳსსა: "არა ვსცე ძილი თუალთა, არცა განსუენება ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის არა ვიძიო მათ ზედა შური", და საქმე ღმერთსა მიანდო. და უმეტესადღა ზრუნვიდა დატევებისა რჯულისა თჳსისათჳს და მიდრეკისა ქართველთათჳს. მაშინ მოიპოვა ღონე ესევითარი: ვინათგან დიდად სარწმუნო უჩნდა ლანგ-თემურს და მორჩილობდა სიტყუასა მეფის ბაგრატისასა, და ჰრქუა ლანგ-თემურს: "ვინათგან ვსცან კეთილად სიმტკიცე რჯულისა შენისა, აწ მეცა მოქენე ვარ, რათამცა სრულიად მორჩილ ვყვნე რჯულისა თქუენისა მკჳდრნი საქართველოსანი სრულიად. უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი, და წარვალ თემთა და სამეფოთა ჩემთა, და მოვხადო კაცთა მყოფთა მთის ადგილისათა: მთიულთა, ოვსთა, დუალთა, სუანთა, აფხაზთა და ყოველთავე მუნ მყოფთა, და მე დავარწმუნებ სჯულსა თქუენსა".

და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს განზრახვა ესე მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მოსცა საბოძვარი ურიცხჳ, და სპანი, ვითარ თორმეტი ათასი, და სარდალი უჩინა, და წარმოააჩინა მეფე ბაგრატ საქართველოსა ზედა.

ვითარცა მოიწივნეს კერძოთა და არეთა საქართველოსათა, მაშინ გაგზავნა ჩინებული და სარწმუნო აზნაური რუს ეგნატაანთაგანი, და საიდუმლოდ მიუწერა მეფემან ბაგრატ ძესა თჳსსა გიორგის ესრეთ, ვითარმედ: "მე მოვალ სპითა ლანგ-თემურისათა და თქუენცა შეიყარეთ სპანი საქართველოსანი და მზირად წინა შეგუეეთხჳენით ერთსა სიმაგრესა და ვიწროთა გზათა ზედა, და მეცა მოვალ თქუენ თანა, და უქმნათ წინაუკანა, და მოვსრათ პირითა მახჳლისათა, და ვიძიოთ შური პირველი, რომელ ჰყვეს მათ ჩუენ ზედა".

და ყო ეგრე, ვითარცა მიუწერა მამამან ძისმან, და შემოიყარნა სპანი საქართველოსანი რჩეულნი, და დაუმზირდა გიორგი ერთსა ვიწროთა გზათა და სიმაგრეთა ზედა. რა მიიწივნეს მეფე ბაგრატ და სპანი ლანგ-თემურისანი, მაშინ მიივლტოდა მეფე ბაგრატ ძისა თჳსისა თანა. და განეწყუნეს წინა-უკმო, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ლომნი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მოსრეს და ამოსწყჳტეს სრულიად თათარნი. და მოკუდა კაცი თორმეტი ათასი თათართაგანი, და არარა ევნო სპათა საქართველოსათა. და იძიეს შური პირველი. და წარვიდა თჳსად მეფე ბაგრატ და ძე მისი გიორგი გამარჯუებული.

და ვითარცა მიიწია ამბავი ესე ლანგ-თემურისა, დიდად შეუძნდა და მწუხარე იყო საქმისა ამისთჳს, და დაიბანაკა მუნვე ზამთარსა მას. და ვითარცა მოიწივა თუე მარტისა, შემოიკრიბა სიმრავლე ლანგ-თემურ და წარმოემართა კუალად ქართლად, განძჳნებული ფრიად. და დაუტევა შაქისი და მოიწივა ბარდავს, და მუნ დაუტევა ბარგი სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა. და დაარჩივა მეომარი სპა, და თჳთ წარმოემართა სიმრავლითა ურიცხჳთა სპათათა, და მოიწია მდინარესა ზედა მტკუარსა. და მტკუარსა ზედა გასდვა ჴიდი ნავებითა და განვლეს მას ზედა. მოვიდა შირვანშა, და შემოეყარა ჯარითა ლანგ-თემურს, და წარმოემართა საქართველოსა ზედა.

მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი და ციოდა დიდად და მოსწჳმდა და სთოვდა.

და ვითარცა მოიწია ლანგ-თემურ საქართველოსა შიგან, დახუდეს მეფე ბაგრატ და ქართველნიცა შეყრილნი. და მიეტევნეს ერთმანერთსა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა იმიერ და ამიერ კაცი ურიცხჳ და უფროსად თათარნი ორი ზომა მოისრა ომსა მას შინა. და სპათა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნე; თათარნი, მიიქცეს. და ივლტოდეს ქართველნი სიმაგრეთა და ხიზანთა თჳსთა თანა, და რომელიმე შეიპყრეს, დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, და ყოველივე მოსრეს პირითა მახჳლისათა. ხოლო ქართველნი წინავე უწყოდეს მოსვლა ლანგ-თემურისა და ყოველივე შელტოლვილ იყვნეს მთასა კავკასიისასა. და მოჰყვნენ თათარნი თანა, შემოვიდეს საქართველოში, მოითარეშეს, მოაოჴრეს და დაწვეს წმიდანი ეკლესიანი და აღაოჴრე ქუეყნები, და ხიზანი ვერა დააჴელეს.

და შემდგომად ამისა შეიქცა ლანგ-თემური თჳსადვე. და ამისად შემდგომად წარვიდა კუალად ყარაბაღსავე, დაყო მუნ ხანი რაოდენიმე.

და ჟამსა ამასვე მიიცვალა მეფე ბაგრატ და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი

მეფედ. და იყო კათალიკოზი ელიოზ. და მიიცვალა კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის.

წილ კათალიკოზი გიორგი.

მეფე გიორგი, ჲ~თ

და დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველი საქართველო, და იმერნი და ამერნი.

და რა ესმა ლანგ-თემურს დაპყრობა საქართველოსი მეფისა გიორგისაგან, იწყინა დიდად ამისთჳს, რომე მეფემან ბაგრატ იძია მას ზედა შური, მომსრველმან სპათა მისთამან. ამისთჳს დიდად მტერ ექმნა, და წარმოგზავნა სარდალი თჳსი ყარალათი სპითა მრავლითა მოწინავედ, და თჳთცა უკანა გამოუდგა და წარმოემართნეს საქართველოსა ზედა სპითა ურიცხჳთა. და გასცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა, და დაიერთგულა. მოვიდა და დადგა ყარაბაღს და აღივსო ყარაბაღი სპითა. და მოიწია საზღვარსა ქართლისასა, და მიუწერა მეფესა გიორგის წიგნი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი, და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა".

და ვითარცა მიიწია მოციქული მეფისა გიორგისა წინაშე, და ესრეთ უპასუხა მეფემან გიორგი მოციქულსა მას, ვითარმედ: "მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ, და არცა ძალ-უც მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი".

წარვიდა მოციქული იგი ლანგ-თემურისა და მიართუა ამბავი ესე და მოაჴსენა ქება დიდი მეფისა გიორგისა, სიმჴნე და სიკეთე მისი და სპისა მისისა. და რა ესმა, სიტყუა ესე ლანგ-თემურს, განძჳნდა დიდად და აღიყარა და წარმოვიდა ლაშქრითა ურიცხჳთა.

და რა ესმა მეფესა გიორგის, მაშინ თანა ახლდენ იმერნი და ამერნი და მესხნი და ყოველივე საქართველო, -- აღიყარა იგიცა და წარმოვიდა; და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და იყო ქარი ძლიერი და აყრიდა მტუერსა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა, და განმჴნდეს ძლიერად ქართველნი და მიეტევნეს, ვითარცა ცეცხლი თივასა, და მოსრნეს და ამოსწყჳტეს სპანი მრავალნი ლანგ-თემურისანი ესრეთ, რომე ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხუევია სპათა ლანგ-თემურისათა. და შეაძრწუნეს დიდად ლანგ-თემურ და ლაშქარნი მისნი, არამედ სიმრავლისაგან ლაშქართასა ვერღარა დაიძრნეს, და იდგნენ მუნვე შეწუხდა ლანგ-თემურ და გამოიმეტა თავი, აღუძახა ლაშქართა თჳსთა. მაშინ განმჴნდენ სპანი ლანგ-თემურისანი, და განიწირნეს თავნი, და არღარა ძალ-ედვათ ქართველთა, დიდის ომისა და სიმაშურალისაგან განდრკეს ქართველნი და ივლტოდეს. და წარვიდეს მთათა და სიმაგრეთა.

ხოლო ლანგ-თემურ მიადგა ციხესა ტფილისისასა. და განამაგრეს ციხე, რამეთუ იდგნენ რაოდენ[ნ]იმე ქართველნი შინაგან ციხესა. და მოადგნენ გარე, აღიღო ციხე და გალავნები ციხისა და გარემო სიმაგრენი ყოველ[ნ]ივე ქართლისანი, და შეაყენა შიგან სპანი თჳსნი და თჳსად იპყრა. შეაყენნა შიგან კაცნი ხორასნელნი და თჳთ აღიყარა, და წარვიდა და დადგა მუხრანს. და რაოდენნიცა ნახეს სპათა მისთა ეკლესიანი, ანუ შენობანი, ყოველნივე მოაოჴრნეს.

მაშინ რომელნიმე ქართველთაგან[ნ]იცა მოუვიდეს. აღიყარა და მიადგა ადგილსა ჯანიბეგისასა, რომელი იყო მთავარი ქართლისა, ჩადგა და დაუწყო მოოჴრება, და ვერღარა დაუდგა ჯანიბეგ და მოუვიდა იგიცა. და დადგა ხანსა რაოდენსამე ლანგ-თემურ, და მოაოჴრა სრულიად საქართველო, და ენება ჴელთ-გდება მეფისა გიორგისა და ვერ შეუძლო შეპყრობა მისი.

და რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა მუნითგან და წარვიდა; და მივიდა, სადა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. მაშინცა არავე დასცხრა მოოჴრებისაგან საქართველოსა, წარგზავნა ხოჯა შიხალი და წარატანა თანა სპანი მრავალნი. და ერთსა მჴარესა, ჯანიბეგის მამულის კერძო, გაგზავნა ამირჯანშა და გაატანა სპა ურიცხჳ და თითო-თითოს მჴარესა გააყენნა სარდლები და სპანი ურიცხუნი და უბრძანა, რაოდენიცა ნახონ ურჩნი და განდგომილნი თჳსნი, ყოველივე მოსრან და მოაოჴრონ ადგილიცა მისი. და უბრძანა ესრეთ: "რომელნიცა შეიპყრობთ მეფესა გიორგისა და მოიყვანს ჩემ თანა, მივანიჭებ წყალობასა და საბოძვარსა ურიცხუსა".

და წარვიდენ სპასალარნი და სპანი მისნი და მოაოჴრეს ყოველი ქუეყანა და ვერ შეიპყრეს მეფე გიორგი. და რომელნიმე შეიპყრნეს ყმანი მეფის გიორგისანი და ჰკითხვიდენ, თუ სადა არს გიორგი მეფე. ხოლო მათ არარა იცოდენ, და ვერა გაიგეს რა მეფის გიორგისა, შემოიქცენ და მოვიდნენ ლანგ-თემურისა თანა და მოაჴსენეს ვერ-შეპყრობა მეფისა. დაჭმუნდა ლანგ-თემურ დაჭმუნვებითა დიდითა და აღიყარნეს და წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ყარაბაღად.

მაშინ იყო თ[ა]ირ სულტანი ქუეყანისა ჯალაისა, სჯულითა მაჰმადიანი. ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ქუეყანასა მისსა, აღუდგა წინა ესე თ[ა]ირ სულტანი და მრავალი ზიანი უყო სპათა ლანგ-თემურისათა; და მერმე ვერღარა დაუდგა, წარმოვიდა და მოვიდა მეფესა გიორგის თანა. ხოლო მეფემან გიორგი მიუპყრო პატივი დიდი და ჰკითხევდა და უსმენდა თქმულთა მისთა.

და რაჟამს იხილა მეფემან გიორგი მძლავრება ესევითარი ლანგ-თემურისა, განიგულა შერიგება და მორჩილება ლანგ-თემურისა. წარავლინა კაცი და მოუწოდა კაცსა მას, რომელი მოსრულ იყო რჯულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, ესე განაგო მოციქულად ლანგ-თემურისა თანა. ხოლო რაჟამს შეიგნა საქმე ესე სულტან[მან] თაირ, ფრიად დაუშალა მისვლა და შერიგება ლანგ-თემურისა თანა. ხოლომეფემან არა უსმინა და წარგზავნა კაცი იგი და შესთუალა სიტყუა მორჩილობისა ესრეთ, ვითარმედ: "მოვალ შენდა და დაგემონები და მორჩილ ვიქმნები შენი, ვყოთ მშჳდობა და მოგცემ ხარაჯასა".

და რა მივიდა მოციქული ლანგ-თემურისა თანა და ესმა სიტყუანი ესე, ფრიად განიხარა და სათნო უჩნდა. გააბრუნა მოციქული იგი და შეუთუალა ესრეთ: "უკეთუ მოხვიდე წინაშე ჩემსა და შემომრიგდე, მეცა მიპატივებია დანაშავები შენი".

მაშინ განიზრახა თჳსგან და თქუა ესრეთ, ვითარმედ: მატყუებს მეფე გიორგი და არა მოვალსო ჩემ თანაო. და მაშინ წარმოემართა ივანე ათაბაგსა ზედა ამისთჳს, რომ მორჩილობდა მეფესა გიორგის მორჩილებითა დიდითა; და რაჟამს ეწყო ლანგ-თემურს მეფე გიორგი, მაშინ ივანე ათაბაგი თან ახლდა, და ამისთჳს დიდად მტერ იყო მისთჳს. და წარემართა ზემო ქართლსა ზედა. ჩადგა და აღაოჴრა ქუეყანა და ამოსწყჳტა მრავალი სული. დაარღჳვნა წმიდანი ეკლესიანი, ხატნი და ჯუარნი და, რაოდენნიცა შეიპყრნა კაცნი ქრისტეანენი, დაჰპატიჟნა სჯული მაჰმადისა და, რომელიცა მორჩილ ექმნა, თანა წარიყვანა და, რომელიცა არა მორჩილ იქმნეს, მოსრნა პირითა მახვილისათა.

გარდმოვლო მუნით და ჩამოდგა მანგლისს და დადგა თუესა ორსა მუნ. და მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ესახლნეს საზღვართა ქართლისათა, რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგ-თემურისაგან, ჩაუდგიან თათართა, რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოჴრებდიან. მათ შემოსჩივლეს: ქართველთაგან" მრავალ[ნ]ი ჭირ[ნ]ი გამოგჳვლიან, რომელნა არიან მახლობელად ჩუენსა ქართველნი, მათგან შეგუემთხჳვა ჭირი დიდი და აოჴრება და აწ ამაზედ მოგუეჴმარენით". და შეეწყალა ლანგ-თემურს და მოიყვანა სარდალი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თჳსითა წარსვლა. და რაჟამს წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კუალად სხუასა სპასპეტსა წარსვლად და მიშუელებად მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი უჴმობდეს თათართა, და თემთა მათა, და იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს. სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს ადგილნი და ციხენი და სიმაგრენი, და ტყუე ვერა მოიჴელეს, და სხუანი შენობანი მის ადგილისანი მოაოჴრეს ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა.

და ამას ჟამსა შინა მოვიდა ელჩი ფრანგისა, რამეთუ შეეპყრათ შვილი კეისრისა და მოართუეს იგიცა ლანგ-თემურს. ეტრფიალა და შეეწყალა შუენიერება და სიჭაბუკე მისი და მისცა საბოძვარი და სამეუფო სამოსელი და განუტევა თჳსსა სამეფოსა.

და შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა ჴევსა არაგჳსასა, შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოჴრა და აღიღო სიმაგრენი ყოველივე არაგჳსა, და კაცი ვერა მოაჴელა, დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქუეაყანა სიასი და სხუანი ქუეყანანი მრავალნი. მაშინ არავე დააცხრო გულისწყრომა ქრისტიანეთა ზედა.

ხოლო მეფემან გიორგი კუალად დაიპყრა ქართლი. და რა ესმა კუალად ლანგ-თემურს, განიგულა წარმოვლინება ლაშქრისა თჳსისა. წარმოავლინა ძე თჳსი სულტან უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადნი და სპანი ურიცხუნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე, არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა. და დადგნენ ხანსა მრავალსა და ხანსა რაოდენსამე შეწუხდენ ციხესა შინა მყოფნი, გამოვიდეს და დაანებეს ციხე. მოვიდნენ მრავალნი იგი ციხისანი და შემოეხუეწნენ. და წარმოიყვანეს ციხისა თავი და უფროსი მეციხოვნე და მოჰგუარეს ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისანი წარმოემართნეს ქართლად და მივიდნენ მანგლისს.

და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა მოციქული, შემოუთუალა ხუეწნა და მშჳდობის ყოფნა და ითხოვა შერიგება და შუამავლობა მამისა მათისაგან. ხოლო ძეთა ლანგ-თემურისათა უსმინეს და შემოუთუალეს ლანგ-თემურს ხუეწნა ესე მეფისა გიორგისი, ხოლო ლანგ-თემურ უსმინა და ყო მშჳდობა და შემოუთუალა ძეთა მისთა და იჴმნა ძენი მისნი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ ლენგ-თემურისა თანა და ჩამოესხნენ ქართლსა.

და კუალად წარვიდნენ ძენი ლანგ-თემურისანი ბაღდადსა ზედა. მივიდეს და აღიღეს ბაღდადი და დაიპყრეს არაბისტანი მრავალი თემი და აღივსნეს საშოვრითა. და ინება ლანგ-თემურ თავრიზის მოდგომა და წარმოვიდა სანახავად ციხისა მის, რომელი პირველ აღიღეს ალინჯა. და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა და კარვებითა მრავალფერითა, მოვიდა და ნახა ციხე ალინჯა. დაწარვიდა და მივიდა ტბასა გელაქუნსა.

და სცნა რა მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "სადაცა გჳბრძანებთ, გილაშქრებთ და ვიქმნებით მორჩილნი თქუენნი. და ამიერითგან დააცხრვე გულისწყრომა შენი ჩუენ ზედა". და შეეწყალა ლანგ-თემურს, აღიღო ძღუენი მისი და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "მიპატივებია დანაშავები შენი და ამიერითგან, რომელ[ნ]იცა არიან მაჰმადიანნი საზღვარსა საქართველოსასა, ნუღარა იკადრებთ რბევად და წყინებად მათდა და იყოს მშჳდობა ჩუენსა და თქუენს შუა". და მუნითგან აღიყარნენ და მივიდნენ ბარდასა და დადგა მუნ.

და რა გამოჰჴდა წელიწადი ერთი, მოივარგა ყოველივე საქმე თჳსი ლანგ-თემურ და განიზრახა გულსა შინა თჳსსა და თქუა: "შარშან რომ მეფე გიორგი დამპირდა, ვნახოთ აღმისრულებს იმ პირობას თუ არაო. და თუ აღმისრულებს, ვსცნა ახლა". წარმოვიდა და დადგა მანგლისს. და იყო თავადი ადგილსა მას, რომელსა ეწოდება მარტიანა, და თავადსა მას ეწოდებოდა სახელად ესაია. და მას პირობა დაედვა ლანგ-თემურისათჳს მისვლად მის თანა და არღარა მისულიყო. და რა მივიდა ლანგ-თემურ, შეწუხდა თავადი იგი და არღარა ჰქონდა ღონე მისვლის მეტი. და მოიპოვა ღონე ესე და შეეხუეწა ძესა ლანგ-თემურისსა შარუხს და ჩამოუშვა შუამავლად. წარვიდა და წარუღო ძღუენად ლარნი მრავალნი და მივიდა ძესა თანა ლანგ-თემურისასა, ხოლო მან მიიყვანა თავადი იგი ლანგ-თემურისა თანა. და და ნახა ლანგ-თემურ, უთხრა სიტყუანი წყრომისანი, თუ ვითარ იკადრე შენ ჩემი ურჩობაო. მაშინ მოეჴმარა ძე მისი და იპატივა და შეაწყალა მამასა თჳსსა და უშოვა ხალათი. და ჰყვანდა თავადსა მას ასული ერთი და გამოართუა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ და შეირთო ცოლად. და იყვნენ მიერითგან მოყუარენი და მიენდო ლანგ-თემურცა.

მაშინ ათაბაგმან, აღბუღას შვილმან ივანე, აღიღო მანცა ძღუენი ტურფა და მივიდა ლანგ-თემურისა თანა. მაშინ შეიწყალა ლანგ-თემურ და მისცა ხალათი და უყო წყალობა. და მოუვიდეს გარემონი თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა[ნი].

და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ძმა თჳსი კოსტანტინე ძღუნითა მრავლითა და მიუმცნო სიტყუა მდაბალი მორჩილებისა. და იამა დიდად ლანგ-თემურს და შეიწყალა. და წარვიდა მუნითგან მჴარესა მას ქურთისტანისა სადა დაიპყრა ქურ- თისტანი.

და მაშინცა არავე დააცხრო ბოროტმან ამან გულისწყრომა თჳსი ქართლსა ზედა და სწადოდა ქუეყანა გასათათრებელად, და იგონებდა ძჳრსა და ბოროტსა ქართლისათჳს და უფროსად მეფის გიორგისათჳს, ჯავრისა მისთჳს, რომელი უყო მეფემან ბაგრატ. ხოლო წარმოგზავნა პირველად პატრონი შირვანისა სახელად შიხ ბარაიმ. ესე წარმოგზავნა, რათა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა და სარგო მეფისა გიორგისა. და თჳთცა წარმოვიდა და მოვიდა კარს.

და რა სცნა ესე გიორგი მეფემან, წარმოუგზავნა კაცი იგი, სახელად ესაია, რომელი იყო თავადი სომხითისა, და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "რომელიცა პირობა მოგჳცემია, ყველა აღგჳსრულებია და ურჩობა არა გჳქმნია რა, და რომელსაცა ამიერითგან გჳბრძანებთ, არა ურჩ გექმნებით. და აწ ისმინეთ აჯა ჩუენი და შეიწყალეთ ქუეყანა ესე ჩუენი, ნუ მოხვალ და ნუცა წაახდენთ ქუეყანასა ამას, რამეთუ მოსავლისა პირი არის რა, თუ ახლა თქვენ მოხვალთ, წაჴდება სულად ქუეყანა ესე". რამეთუ თავადი ესე ესაია იყო ყმა მეფისა გიორგისა, წარგზავნა ესე და თეშქაშიცა გაატანა მეფემან.

და რა მიართუა ფეშქაში, არა აღიღო ლანგ-თემურ, რამეთუ სწყრებოდა ფრიად, და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "უკეთუ გინდა წაუჴდენლობა ქუეყანისა ამის, მოდი ჩემ თანა და გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა და მოგცემ ჴელშეუალად ქუეყანასა მაგას და სხუასაცა მრავალსა საბოძვარსა. და უკეთუ არა გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი და მოდი ჩემ თანა და მოგცემ ქუეყანასა მაგას. და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშჳდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო. და უკეთუ არა მოხვალ, დავასრულებ ჯა[ვ]რსა ჩემსა შენ ზედა და ქუეყანასა შენსა ზედა, ანუ დავასრულო ცხოვრება შენი და ქუეყანაცა, და უკეთუ მოხვიდე, მიფიცავს თავსა მაჰმადისასა, რამეთუ უკეთესი პატივი მოგცე შენ კეისრისაგან და მშჳდობით განგიტევო, და უკეთუ არა, მიეცნენ ძენი და ასულნი შენნი ტყუეობად".

და რა წავიდა მოციქული, ლანგ-თემურ განიზრახა თჳსაგან: "ესე უწყი, აღიღებენ მოსავალსა, და განიგულვენ სიმაგრეთა. და არღარა მოვლენ ჩემ თანა". და ამისთჳს არა უსმინა ხუეწნა მათისა გიორგისი და წარემართა სპითა მრავლითა, რამეთუ სწადოდა მიზეზით შეპყრობა მეფისა გიორგისი.

და რა სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, დაიხიზნა ყოველივე ქართველი და მოიმკეს მოსავალი და წარიღეს თჳსთა თანა. წარვიდა ლანგ-თემურ და ჩადგა შიდა ქართლსა და იდგა ხანსა რაოდენსამე, და ვეღარა მოაჴელეს რა, მისჭირდა. და წარმოვიდა.

და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და იყო მაშინ ციხისთავად სახელით ნაზალ და ოცდაათნი თავადნი ჩინებულნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი. და მაშინ სპანი ლანგ-თემურისანი ზარობდეს ციხისა მისგან, რამეთუ მრავალგზის მრავალი ჭირი ენახათ ქართველთაგან და, ვითარცა კანჯარი ლომთაგან ეგრეთ თრთოდენ ქართველთაან რამეთუ ერთი ქართველი ათსა მათგანსა წარიქცევდა და იცოდნენ ციხისა მის სიმაგრე და საზრდელთა სიმრავლე.

მაშინ განმზრახთა თჳსთა თანა არჩივა ლანგ-თემურ, და ცდილობდნენ, თუ რამ ეყო ციხისა მისთჳს. ესრეთ ურჩივეს მათ, რამეთუ იციან სულად ყოველმან კაცმან, უკეთუ შემოადგება ლანგ-თემურ ციხესა რომელსამე, არა მოეშუების, რომე არა აღიღოს. და დაასკუნეს შემოდგომა ციხისა მის და აღება. მაშინ მიუდგნენ სპანი ლანგ-თემურისანი ციხესა მას და გამოვიდსნენ სპანიცა ციხოსანნი და შემოუტივეს სპათა ლანგ-თემურისათა.

ჰყვანდა ლანგ-თემურს უკან ჯარი დამალული და უკ-მოეცალნენ თათარნი. მაშინ მიეტევნეს ციხოვანნი და მოსწყჳტეს და ყვეს მრავალი ზიანი. მაშინ დიდად განძჳნდა ლანგ-თემურ და ბრძანა ორისავე კუთხის ციხის აგება. და თჳთ მიადგა კარსა ციხისასა და მუნცა ბრძანა აგება ციხისა. და რა გამოვიდა კჳრა ერთი, და შეიგნეს დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა ციხოვანთა. და იყო მუნ კლდე ერთი და მუნითგან პოვეს მცირე რამე აღსავალი.

მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი, და მან მოიჴელოვნა და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი და დაკლა მუნ ამისთჳს, რომე ესე შეეტყო ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს ქართველნი უშიშრად. მაშინ უჩუენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა ჴელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული და მან კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა, და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს და სპათა მისთა.

და რა სცნეს ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ბრძოდეს თავ-გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყჳტეს ჯარი ლანგ-თემურისანი მრავალნი, და ბოლოს დარჩა გამარჯუება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა და აღიღო ციხე იგი. და მოართუნეს მრავალნი დიდებულნი აზნაურნი დარჩენილნი ლანგ-თემურს და წარკუეთნეს ყოველთავე თავნი; და ციხისთავსა მას, რომელსა ერქუა ნაზალ, მასცა წარკუეთა თავი, და ცოლი მისი მისცა მპყრობელსა შირვანისასა. და ციხისა ამის ამღებსა მისცა წყალობა მრავალი, და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა, და დაუყენა ციხისა მის თავად სახელად მაამადი დაუყენა მცველნი მრავალნი. და უბრძანა გარეშემოთა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა და მოოჴრება და, რაოდენიცა პოვონ, მოსრვა და სრულიად ამოწყუეტა. და წარვიდა მიერითგან და არღარა შესძინა ლანგ-თემურ მოსვლად საქართველოსა შინა.

და მოვიდა კუალად მეფე გიორგი და დაიპყრა სამკჳდრო თჳსი ქართლი და იყო უშიშრად.

და დაასრულა ლანგ-თემურ მოოჴრება ქართლისა და წარვიდა სხვათა ქუეყნისა დაპერობად. და ქმნა მრავალნი საქმენი დიდძალნი ლანგ-თემურ, რომლისა ცხოვრება მისი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა შინა სპარსთასა, ხოლო ჩუენ აღვწერეთ ყოველივე მოსვლა მისი ქართლად და აოჴრება ქართლისა, რომელი არა სადა მოწევნილ არს ქართლსა ზედა ჭირი ესევითარი, რაოდენი ამან მოაწივა.

ხოლო, შემდგომად წარსვლისა ლანგ-თემურისა, კუალად დაიპყრა ქართლი მეფემან გიორგი. და ამან ლანგ-თემურ დაიპყრა ქურთისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზის ადრაბაგანი და დაიჭირა ბურსას მჯდომი ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი ერთი ოსმან სახელითა და სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობა, განიმრავლა მრავალი საქონელი მეკობრობითა და მით შემოიყარა მრავალი კაცი. და დაიპყრა არაბისტანი და ტახტად ჰქონდა ბურსა და დაჯდა მუნ და ვიდრე ბაიაზით ხონთქრადმდე ძეთა მისთა ეპყრათ ბურსა. და ესე ბაიაზით ხონთქარი დაიპყრა ლანგ-თემურ და ჩასუა რკინის ყაფაზაში და რკინის ყაფაზით ატარებდა, და თემი მისი ლანგ-თემურ დაიპყრა. და კეისარმანც მოართო ძღუენი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს. და დაიპყრა რუსეთი, წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანში და მუნ მოკუდა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა.

და მაშინ განუყო ძეთა თჳსთა თემნი და ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი. და მიერითგან ვერღარა შესძინეს ძეთა მისთა ქართლად მოსვლა, რამეთუ იყო ურთიერთას შინა შური და ჴდომა. და დაიწყო ქართლმან შენობა. და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა მეფე გიორგი.

მეფე დავით. ო~

და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~ტნე. მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი ბასილი. და იმეფა კეთილად ამან დავით მეფემან ხანსა რაოდენსამე შინა მშჳდობით და მოკუდა.

მეფე ალექსანდრე. ო~ა

და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე, ქრისტეს აქათ ჩ~ტნიბ. და ამავე ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი ბასილივე. და მოკუდა კათალიკოზი ბასილი და დაჯდა დორათეოზ. და იმეფა კეთილად ამან ალექსანდრე მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა.

მეფე გიორგი. ო~ბ

და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ამა ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი გიორგი. და მოკუდა კათალიკოზი გიორგი და დაჯდა კათალიკოზი ელიოზ. და მოკუდა კათალიკოსი ელიოზ და დაჯდა მიქაელ. და მოკუდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით. და იმეფა ამან გიორგი მეფემან კეთილად და მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა.

მეფე -- ალექსანდრე, ო~გ

და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უიბ.

და იყო მას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით და მოკუდა კათალიკოზი დავით და დაჯდა ელიოზ. მოკუდა ელიოზ კათალიკოზი და დაჯდა თეოდორე. და მოკუდა კათალიკოზი თეოდორე და დაჯდა შიო.

და ამა ალექსანდრე მეფემან მატა სხუათა მეფეთა ქართლისათა სიკეთითა, რამეთუ იყო კაცი მეცნიერი და მოშიში ღმრთისა, და ესმოდა გული მოოჴრებისათჳსწმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, და არა აქონდა ღონე აღშენებისა, ამისთჳს რომე ქუეყანა ლანგ-თემურისაგან მოოჴრებული იყო, საუნჯე არღარა ჰქონდა. მოიპოვა ღონე ესევითარი და დასდვა იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა, კომლზედ ექუსი შაური. ყოველსა წელიწადსა ამა მალს გამოართმევდა და ამით იწყო შენებად მცხეთისა და რუის ღმრთაებისა საყდრისა, და დაშურებოდა დიდად და ხანსა რაოდენსამე შინა აღასრულა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა. და შესწირნა სოფელნი და აგარაკნი იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა. და იმეთა კეთილად და მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე შინა გარდაიცვალა ამიერ სოფლით.

მეფე ვახტანგ, ო~დ

და დაჯდა მის წილად ძე მისი ვახტანგ ქრისტეს აქათ ჩ~უით. მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.

და მოკუდა ვახტანგ მშჳდობასა შინა და არა ესუა ძე.

გიორგი მეფე, ო~ე

და დაჯდა მის წილად ძმა მისი გიორგი ქრისტეს აქათ ჩ~უმე. და იჯდა ამას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით.

და ამას, ჟამსა შინა განრისხნა ღმერთი ქრისტეანეთა ზედა და დაიპყრა კოსტანტინიპოლ ოსმალთა ქრისტეს აქათ ჩ~უმე, ხოლო შემდგომად სიკუდილისა ლანგ-თემურისა კუალად დაიპყრეს ხვანთქრის ბაიაზითის ძეთა სამკჳდრო მამული თჳსი და მიერითგან გაძლიერდენ და იწყეს ბრძოლა კოსტანტინოპოლისა და დაიპყრეს კოსტანტინოპოლი. და ცხოვრება მათი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა მათსა. და ჟამსა ამას ოსმალნი ებრძოდეს კოსტანტინოპოლის.

და სპარსთა შინა იყო ურთიერთას შური და ჴდომა. და იყო საქართველო მშჳდობით და მოსუენებით.

და მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ბაგრატ.

მეფე ბაგრატ

და ამა მეფისა ბაგრატისა ჟამსა შინა წარმოავლინა ყაენმან უზუნ-ასან სპა თჳსი, რამეთუ ესე უზუნ-ასან ყაენი იყო თესლი თურქმანისა. და შემდგომად გარდავლენისა ლანგ-თემურისა ძეთასა, ამან დაიპყრა თავრიზი და მრავალნი სხუანი თემნი და მრავალი ოჴრება და ჭირი შეამთხჳა თემთა სომხითისათა, და ქართლსა ზედაცა მოაწიეს სპათა მისთა.

და, თუ რაცა იქმნა ჟამსა მას, ანუ რა ქმნა მეფემან ბაგრატ, ანუ რაცა იქმნა, ყოველივე ძუელის ქართლის ცხოვრებიდამე აღგჳწერია, ვიდრე მეფის ალექსანდრესამდე, ქუემორე დაგჳწერია. ცხოვრება მეფის ალექსანდრესი და მის ჟამისა ყოველივე ძუელთა გუჯართა და სპარსთა ცხოვრებიდამე გარდმოგჳწერია.

სახელითა ღვთისითა ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატის მეფობისა, ო~ვ

იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისასა კათალიკოზი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~უნე. და იყო ჟამსა ამას შინა დიდი მოსვენება ქრისტეანეთა ზედა. და ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასანბეგ მორჭმული, ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლ დიდისა თემურის უკანის, შენობა და გამოსუენება [იყო]. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა, არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამყოფნი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა. ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული სახელოვანი. ამასა ჰქონდა ქართლი, სომხითი, და ჰმონებდენ პატიახშნი ლორისა, კახეთისა, შირვანისა და სამცხისა, და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურიელნი, აფხაზნი, ჯიქნი, სუანნი, მთიულნი კავკასიანნი.

ამას შინა უკუდგნეს დადიანი, გურიელი და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი, შეიყარნეს ერთად და არღარა. მსახურებდეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა და მივიდა და დადგა ცხენისწყალზედა; იქით ისინი მოდგეს რაზმითა და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნენ დადიანი, ოდიშარნი, დაჴოცეს და დაატყუევეს და ამოსწყჳტნეს ქართველთა, მიჰყვნეს თანა, ჩაუდგნენ შინა, დაწვეს და დააქცივეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიყვანეს თანა ტყუე, მძევალი ამაზედ არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა.

შეიყარა ყაენი უზუნ ასან, მოვიდა სომხითს, და მეფე ლიხთ იქით იყო, ქართველნი თან იახლნენ. მოადგეს ბარათიანთა და ორბეთისა ძირსა. დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი. დამაგრდენ და ვერა უყვეს რა. მოვიდეს ტფილისსა და აღიღეს. და თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოაოჴრეს სრულიად ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მიინდვნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავალნი და აღავსნა პირთამდინ. ამას ზედან ღმერთმან იპრიანა, იწყინა ამოწყუეტა საქრისტიანოსა, შეედვა ყაენსა სენი სასიკუდენე, აიყარა და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი და უბოძნა მრავალნი მოსაცემელნი.

ამაზედა კოსტანტინე წარვიდა თათრებშიგან, და სხუამან ვერავინ გაბედნა ქართველმან დარბაისელმან წარსვლა თათრებშიგან და ბატონის ხლება, -- დიდად ერთგულად და კარგად იყვნენ ბარათას შვილნი. იგინივე წარყვნეს თანა და მსახურეს.

იპრიანა ღმერთმან და მოკუდა ყაენი. დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი ყაენისაგან შეწყალებულნი.

მას უკანის დაჯდა ყაენად ასანბეგის შვილი იაღუბეგ.

ამას შინა გამოჴდა ხანი და სოფელმან თჳსი ბეგარა არ დაიკლო და მიიცვალა მეფე ბაგრატ რაჭას, იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა. აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან.

გაგრძელება დასაწყისი მეფე კოსტანტინე. ო~ზ

ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა ბაგრატისა დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე, ქრისტეს აქათ ჩ~უჲა. ამას ჟამში იყო კათალიკოზი დავით. და მეფობდა მეფობითა კეთილითა და არღარა იყო წყენა თათართაგან. მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი, აფხაზნი, ესახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა. არა სადა იყო წყენა ქრისტიანეთა: იყო მოსუენება და დაწყნარება.

მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თათარნი ქრისტიანეთა ზედან. და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს. მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა. მოუმცნეს მეფესაქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხესა. და აახლო ყაენმანცა ერთი თავადი და მისი ლაშქარი. ჩაუდგეს სამცხეს და იავარ ყვეს ქუეყანა მათი. მოადგეს ციხესა ახალციხესა, ბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი.

და მერმე აიყარნეს და მოაიგნენ ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა. ეზრახნეს ციხოვანთა და უჴადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა, ამას ზედა გამოვიდნენ და მიენდვნენ.

ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუძახა და მისი უკეთესი ლაშქარი მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგებრად დმანისს და ქუეშის ჴევსა და წარმოიღეს ტყუე, ალაფი უამრავი, გავარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს. წინა ცოტას ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან და ასრე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და ცოტა რამე გარდმოეხუეწნეს ცხენ-კეთილნი. და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათასშვილი. ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არა იყო, და სხჳს დანაჴოცის ანგარიში არა იქმნებოდა, და რანიცა გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენთანა. ერთობ ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა. ამაზედ აიყარა ყაენი, წარვიდა და დაატყუევა აწყუერისა ღმრთისმშობელი, მოქალაქენი და, რანიცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წავიდა ყაენი თჳსსა საყაენოსა.

ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი, და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ და დაუწყო შენობა ქაოზიანსა და არჯაყალის ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არა დაანებეს: დაუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი, აშუელა ლაშქარი ხალიბეგის შეიყარნენ და მოადგნენ ტფილისს. ებრძოდეს მრავალ-დღე და ვერარა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს. და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.

მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შეწევნა. მეფემან გაგზავნა ციციშვილი ქაიხოსრო და ჯავახისშვილი ჯავახი ცოტათა აზნაურშვილითა და ლაშქრითა. წაუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცნეს ასრე, რომე თუ-არ მაცნე წავიდა სადამე, ვერცა ერთი წაუვიდათ. აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქსა მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წავიდეს ჩაღმა. გარდაუდგენ კუმისისა ბოლოსა, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაექცნეს და დაჴოცნეს ასე, რომე თათრებსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴიცა ღობესა და მარგილზედა ააცვემდეს. მერმე გარისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ ბუხუნი და შუა შეეყარნეს, და, რაც ბარათიანთა ქაიხოსრომ ქნა და ჯავახმა არც წინა გმირთა უქნიათ, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩნენ ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ამას ზედან თურქმანი ლაშქარი შერცხვენილი ორბეთისა ძირსა დადგნენ, და ეცადნეს თათარნი, და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

ამაზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაეის თავადები, მივიდეს და შეეხუეწნეს ყაენსა, რამეთუ გამოჴდა წელიწადი ერთი. აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითსა და ორბეთის-ძირზედა. მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე, დაუწყეს ომი და თოფის სროლა, აწყუდინეს შიგან სოლაღაშვილნი დიდხან. და იყო ომი დიდხან და შეაწუხნა მეტმან თოფის სროლამან, და ცოტა ციხეცა დააქცივეს, და ვეღარ-დაუდგნეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი არღარა ჰყვათ. ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდნენ ციხით, და ციხე დაუდგეს ცარიელი და თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა. ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათარ ციხე უკაცური შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს. მიჰყვეს ჴელი და დააქცივეს. ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხისა, დაუმძიმდა, რამეთუ შეყრილი ნიჩბისის წყალზედ იდგა.

ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისის ციხეს. და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა, და არა იყო ღონე წაღებისა ციხისა, რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა. ეუბნებოდა მეფე კახთა და არა უშუელეს იმერელნი უკუდგომილნი იყვნეს და არცარა მესხთ უშუელეს, ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან. ადგეს დიდს ხანსა ქალაქსა და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა; მერმე ჰკაზმნეს ლაშქარნი და გამოარჩივეს დარბევა ორბეთისა ძირსა. აარჩივეს ათას ხუთასი კაცი და სხუა წურილი კაცი ლაშქრისა მრავალი, და ცისკრისა ჟამსა შეუგ[ებ]რად ორბეთის-ძირსა დაესხნეს, და აიფორიაქეს და ამოსწყჳტეს მთის სოფლები, განძი, ტყუე, ალაფი ურიცხჳ.

ამას ზედან ესმა ბარათიანთა, და იგინი იყვნეს ენაგეთს, და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის-ძე და სხუანი მეფის ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მომართეს ასე, ვითა ვეფხთა. და წამოვიდა აქეთ სულხან ბარათაშვილი და მისნი ძმანი, და აქეთ სხუანი ბარათიანნი, მოეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს და მისჯარნეს ჴევსა ჴირჴალასა, ასე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა. ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა, დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა, სისხლისა რუ დიოდა. რაცა სიკუდილსა მორჩეს ჴელთა დაიპყრეს. ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედ მას ვერავინ სჯობდა და მეყჳსიც იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათანთა, რომელ ერთი ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო, ჯავახი და ქავთარ სოლაღაშვილი და სხუანი დარბაისელნი. მოუჴდეს უკანა მდევარნი დარჩეულნი ჩაღდაულად დიდნი და ლაშქარნი, აქათ არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცნი, სამასამდი სპასა თათარსა ჴმლითა წინა დაუდგა. იპრიანა ღმერთმან და მორჩეს. და ორჯელ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედვე შესხდეს. ჩუენი ქართვლთაგანი, ერთისა თურმანიძის მეტი, არა დაგვაკლდა: იგიცა ჯარმან ფეჴითა გაიტანა. დიდისა ულუსისა ჯარისაგან ცოტანი ჩაღთაულნი მაცნედ წარვიდეს, და სხუა ყველა ჴელთ დარჩა.

რა ესმა ესე ქალაქს მდგომთა, შეშინდეს და ადგეს და უკუეყარნეს ციხესა და თუმცა ბარათიანთა არ გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდენ და ქართლსაც შემოეჭრებოდნენ. ამას ზედან იპრიანა ღმერთმან, წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანით თათართა ძალი ვეღარა უკადრებია და არცა რბევა; გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

ესე მეფე კოსტანტინე იყო ძე ბაგრატისი და იმეფა ამანცა კეთილად, ვითარცა ცხოვრება მისი მოგჳთხრობს, და მოკუდა კონსტანტინე მეფე ქრისტეს აქათ ჩ~უდ.

მეფე ალექსანდრე, ო~ჱ

და დაჯდა ძმა მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უჲჱ. და მას ჟამსა იყო კათალიკოზი დავით და მოკუდა და დაჯდა ნიკოლოზ. და იმეფა კეთილად, რამეთუ მას ჟამსა თათართა ძალა არა აქუნდათ, და იმეფა მშჳდობით, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მოკუდა.

მეფე კოსტანტინე, ო~თ

და დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე ქრისტეს აქათ ათას ოთხას ოთხმოცდა თორმეტსა. ამას ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი აბრამ. ამანცა იმეფა კეთილად, რამეთუ მაშინ ათაბაგი ყუარყუარე იჯდა და არა ემრჩილებია მეფესა კოსტანტინეს.

ხოლო ამა ყუარყუარე ათაბაგისა ვაჭარი მივიდა ქუეყანასა არეშისასა სყიდვად აბრეშუმისა. და რომელიმე მუნებური ვაჭარი და ესე ყუარყუარეს ვაჭარი წაიკიდნენ, და სძლო არეშელმან ვაჭარმან და კიდეც გალაჴა და აბრეშუმიც წაართუა, და ესრეთ კადნიერებით ეტყოდა: "წარვედ პატრონისა შენისა და აუწყე ჭირი შენიო, და ესე არ მიყოს ბატონმა შენმაო, დუქანი არ დამიქციოსო და ჩემს დუქანზედ ყურით არ მიმაკრასო". და რა ესე უყვეს ვაჭარსა მას, წარმოვიდა მსწრაფლ და მოვიდა ათაბაგისად და აუწყა ყუარყუარეს ყოველივე საქმე მისი ვაჭარმან მან.

და რა ესმა ესე ყუარყუარეს, წარმოვიდა განრისხებული ხუთასითა რჩეულითა სპითა, გარდმოვლო ფარავახი და ჩამოვლო დმანისი. უმასპინძლეს ორბელიანთა და წარვიდა, ჩამოვლო ხუნანი, განვიდა მტკუარსა და მივიდა არეშს. მიიძღუანა ვაჭარი სახლსა მის არეშელისა ვაჭრისსა, შეუჴდუნნა კაცნი. გამოიყვანეს კაცი იგი და მიიყვანეს თავის დუქანზედა და ყურითა მიაჭედეს და წიხლიცა უკრა დუქანსა, და ეგრეთვე უყო ყოველივე, როგორც მას ეთქუა. და აბრეშუმიც გამოატანინა ვაჭარსა. მას და წარმოვიდა უშიშრად.

და შემოვლო კახეთი, და შემოიარა ყარაიაზეთა, შევლო მცხეთაზედა და მივიდა შიდა ქართლსა. ხოლო შიდა-ქართველთა არა ინებეს გზისა დანებება. და მეფემან კოსტანტინე არა უწყოდა საქმე ესე და არცა გამოვლა მისი, და ამისთჳს არა ინებეს შიდა-ქართველთა უდასტუროდ განტევება მისი. შეიყარნეს გაღმართელნი, და გამოღმართელნი ციციშვილები, და უფროსად ზაზა ციციშვილი თაობდა. მაშინ დახუდნენ ათაბაგსა და აუწყეს ქართველთა გაუშუებლობა.

მაშინ რა ესმა ესე ათაბაგსა, მოუგზავნა მოციქული და შემოუთუალა ესრეთ: "მე თქუენს მამულში არა წამიჴდენია რაო და თქუენი არა მიმაქუს რაო, ჩუენსა და თქუენსა მტერობა ხომ არა არის რაო, ძმობისა და მეზობლობის მეტი თქუენთან საქმე არა მაქუს რაო. ჩემს მტერს პასუხი უყავ და ჩემს გზაზედ მივალო, თქუენ რას სამართლით მიდგებით, წინაო". ხოლო ქართველთა არა უსმინეს და ეწყუნეს ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტეს აქათ ჩ~უპდ, თუესა აგჳსტოსა ი~ბ, არადეთს, რომელსა გორასა მას მიერ დღითგან ეწოდების სისხლის ჯუარი და ვიდრე დღეინდელად დღედმდე სისხლის ჯუარად სახელ-სდებენ. და იქენა ეგრეთი ომი, რომე ყოველივე საჭურველები და საომარი იარაღები დაამტვრივეს და დაშვრენ იმიერ და ამიერ ომითა და დაიჴოცნენ ორგნითვე მრავალნი კაცნი, და სძლო ათაბაგმან, ამისთჳს რომ არას ემართლებოდენ და სამართალი იმისი სჯობდა.

მაშინ შალიკაშვილი რომელიმე იჯდა ურასა კჳცსა ზედა. იგი შალიკაშვილი და მაჩაბელი მიხვდენ ერთმანერთსა. შემოსცა შუბი შალიკაშვილმან და გაუხეთქა კუბო ფარისა და განავლო მჴარსა შიგან და გარდმოაგდო ცხენიდამა; შეუძახა ესრეთ: "აწყუერისა ღმრთისმშობეის მადლმა, თუ ურას კჳცსა არა ვმჯდარიყავ, შიგ გაგაგდებინებდიო". მაშინ წარმოიჩოქა მაჩაბელმან, გაიკრა ჴრმალს ჴელი, შემოუკრა ცხენსა, ცხენს თავი გაუგდებინა და ტახტაზედ დაასო და შესძახა მაჩაბელმან: სპარსმა" წმიდა გიორგიმა! თუ გადმოგდებული არ ვყოფილიყავ, შუა გაგკუეთდიო".

მაშინ სძლია ათაბაგმა და შეიქცნენ ქართველნი და მრავალნი იქითაც ამოსწყდნენ.

მაშინ წარვიდნენ მესხნი და ჩამოჴდა ათაბაგი ერთსა ადგილსა, სიახლოვესა ნაომრისასა მოსასუენად. მაშინ მესხი ამილახორი მოწყენით იჯდა ათაბაგთანა. ჰკითხა ათაბაგმან: "რასათჳს მოიწყენიაო, ნუთუ ომში კაცი ვერ იშოვნეო". მოაჴსენა ამილახორმან: მე ერთსა კაცსა ჴრმალი შემოვკარ და სამკლავიანი ჴელი გავაგდებინეო, და თუ გინდა, წამოდით და გიჩვენებო". წარმოვიდნენ და ნახეს, სამკლავიანი ჴელი ძეძვში ეგდო. მაშინ დასჯერდა ათაბაგი და წარვიდა თჳსდა ადგილად.

და ვითარცა ესმა მეფესა კოსტანტინესა საქმე ესე, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვერღარა გააწყო რა, ხანსა რაოდენსამე შინა იმეფა კეთილად და მოკუდა.

მეფე დავით, პ~

და დაჯდა მის ნაცვლად ძე მისი დავით. აქა არღარა იცვალებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ჴევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკჳდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკჳდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნეს: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.

ხოლო ამა ალექსანდრესა და კოსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი. რამეთუ თჳთ ძუელად ნაწერი რომელიმე ვპოვეთ კოსტანტინეს ცხოვრება, მაშიგან დაგჳწერი, არღარა შეეწევნიან მოსლვასა სპარსთის ლაშქრისა.

ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქუეყანანი იგი.

ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: "ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თჳსნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიან. ამა ბაგრატისა შემდგომად რაოდენნი მამანი გარდაიცვალნენ არა უწყით ხოლო იმერეთისა მპყრობელისა ბაგრატის ამბავი ქუემორე დავსწერეთ.

ხოლო კახეთისა მებატონეთა მამა იყო დავით. და ამა დავითის მამა, არა უწყით თუ ვინ იყო. ესე დავით დიდოეთადამე ჩამოიყვანეს და კახთა გაიბატონეს.

მოკუდა დავით და დაჯდა ძე მისი ლევან და შემდგომად ლევანისა ძე მისი ალექსანდრე.

ამა კახთა ბატონთა მას ჟამსა ეპყრა: გარდმოღმართი ლეკის მთისა ეპყრა თუშეთი, ხოლო დიდონი არა მორჩილობდეს ნებისაებრ მისისა; ზემოთ ფშავი და თიანეთი, სადა შეერთჳს ფშავისწყალი არაგუსა; მიერითგან ვიდრე არაგუს გაღმართი ჴევ-ძმორამდის; ჴევ-ძმორიდამე გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი სერსა წყალი გასდის და გაერთჳს მარტყოფის წყალსა; გაყოლით ამართულამდე, გაყოლით ვიდრე აჯი-სუმდე, აჯი-სუს ვიდრე მტკურის შესართავამდე, მას ქუემოთი მტკუარს გაღმართი ვიდრე შაქისის საზღვრამდე.

ხოლო ძესა კოსტანტინესასა, მეფესა დავითს, ეპყრა: აჯი-სუს ზეით უდაბნონი, და სამგორს-ქუემოთი. ლილო და ლილოს ქუემოთი, და ჴევძმორას-ქუემოთი, და არაგუს-აქათი, და ფშავისწყალს-აქათი, გუდამაყარი, და ჴევხილაკას-აქათი, და კასრისჴევს აქათი; და წედისის მთის გადმოღმართი, და კუდარო, და ჭალის მთას გარდმოღმართი, ერწო, და მშვილდაურსა და პერანგას გარდმოღმართი, გორასძირს-აქათი, ლიჩი, ღოდორა, ქეფინისჴევი, და ჩხერის ციხე, და მას-ზემოთი ისრე გაყოლით მთის-აქათი; ჴეობა ვიდრე დვირამდის, კოდიანს გარდმოღმართი, ნინოსჴევი რომ ჩამოივლის, -- გაღმით სამგორისკენ, ცივწყაროს ჴევ-ჴევ გაჰყვება, გახშული- ბარშიამის მთა ჩამოივლის ჯანელის ციხე საღამოს თავსა, ბორცვს ზემოთი წაივლის სერ-სერ სათხე ქუნცელის თავსა, გარდავლითა ხენჭურის თავსა, პალაკაციოს მთამდე, რომელსა თურქნი იელდოღდის ეძახიან; პალაკაციოდამე სერ-სერი ჩამოვლის, კარის სოფლის აქათი ერევნის საზღვრამდის, ჩამოყოლით ბანბაკი და ლორე, ვიდრე ყაზახის საზღვრამდე, ეპყრა მეფესა ქართლისასა.

ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა: წყდისის მთის-აქათი, დიგორის მთის-აქათი. ლენტეხი და თაკუერი, რომელსა აწ რქჳან ლეჩხუმი, -- ცხენისწყალსა ჩაყოლით გამოღმართი, და საჯავახოს-აქათი, გაყოლით ფერხათის მთას-აქათი, ვიდრე ქართლის საზღვრამდის.

ხოლო დადიანს ეპყრა: ცხენისწყალს ჩაღმართი ლეჩხუმს ქუემოთი, სუანეთი მთის გარდმოღმართი. აფხაზეთის ზემოთი. და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა. კუალად ეპყრა დადიანს ზღუას შემოღმართი და რიონს გაღმართი.

ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინისპალოს აქათი.

ხოლო ათაბაგს ეპყრა: გურიელის საზღვარს ზეითა, ფერხათის მთის გარდაღმართი, დვირს ზეითი, აქათ, ქართლის საზღვრამდის, იქით კარის საზღვრამდის, აზრუმისაკენ გურჯი-ბოღაზს აქათი.

ხოლო ამას გარდა საქართველონი, რომელნიმე თავისუფალ შექმნილიყვნენ, რომელნიმე სპარსთა მიეტაცნეს, რომელსამე ხონთქარსა და რომელსამე ხაზართა.

ხოლო ამან ძემან ალექსანდრესმან კოსტანტინე შვა ხუთნი ძენი. სახელები მათ ხუთთა ესე არს: უხუცესსა დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთესა მონაზონი მელქისედეკ, რომელი იყო კათალიკოზი კათოლიკე მცხეთისა. დაქრისტეს აქათ ჩ~ფდ.

დავით მეფე

და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. ამ ჟამში წარმოგზავნა ხონთქარმან სპასპეტი თჳსი ლაშქრითა თჳსითა უამრავითა საქართველოსა ზედა ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ, და ააოჴრეს სამცხე; ჩამოვიდეს იმერეთს და დაწვეს ქუთაისი. და მივიდეს გელათსა და დაწვეს გელათი, და აღიღეს ალაფი მრავალი, და ვერღარა დაუდგა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა. და წარვიდენ და შეიქცენ თჳსდავე ადგილსა. და შემდგომად შექცევისა მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა და დაიპყრა კუალად იმერეთი.

ხოლო ეპყრა კახეთი ალექსანდრესა. და იყო კაცი კეთილი და ესუა ორი ძე. და ძემან მისმან უხუცესმან გიორგი უღალატა მამასა თჳსსა ალექსანდრეს ჭალასა შინა საფურცლისასა და მოკლა მამა თჳსი, და ძმასა თუალები დასწვა, და ამიერითგან უწოდეს ავ-გიორგი, და იქმნა პატრონი კახეთისა.

ხოლო იყო მეფე ქართლისა დავით, და ამის ჟამში იყო კათალიკოზი ბასილი. და მოკუდა ბასილი, და დაჯდა კათალიკოზი დორათეოს. და იყო ესე დავით კაცი ლმობიერი, მშჳდი და მოშიში ღმრთისა.

და აღდგა ავ-გიორგი დავითზედა და ვერღარა დაუდგა დავით: საზღვრამდის იმერეთისამდე მოარბევდის ქართლსა მრავალგზის. და თჳთ მეფე დავით შეამწყუდია ციხესა ატენისასა, მრავალდღე ბრძოდა, და ვერ წაუღო ციხე და მიიქცა თჳსდავე ადგილსა. მაშინ რქუეს ძმათა დავით მეფესა ესრეთ ვითარმედ: "მამათა ჩუენთა კახეთი მიუღეს და აწ ქართლისაცა ჰნებავს მიღება, აწ ჩუენცა აღვდგეთ მის ზედა და ვბრძოდეთ მათ ხოლო მეფემან დავით არა ინება. მაშინ თქუა ძმამან მისმან უმრწემესმან ბაგრატ: "მომეც მე მუხრანი საუფლისწულოდ ჩემდა და დროშა, დარაჯად ჩემდა იყოს ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა, და შევიწიო ძალი ქრისტესი და თემიცა მისი იავარ ვყო". უსმინა ძმამან მისმან დავით მეფემან და მისცა ყოველი თხოვილი მისი. მოვიდა ბაგრატ და აღაშენა ციხე მტუერისა, რომელ არს ციხისძირის თავსა, და დადგა მუნ.

ხოლო, რაჟამს სცნა პატრონმან კახეთისამან ავ-გიორგი, იჴმო სპა თჳსი, რაოდენ ძალ ედვა, ძალითა თჳკლითა წარმოემართა და მიადგა მტუერის ციხესა, ადგა ვიდრე სამ თუემდე. მერმე მიუვლინა კაცი ერთი ავ-გიორგი და გაუგზავნა ღჳნო ერთითა საღჳნითა და შეუთუალა, ვითარმედ: "ძე ხარ მეფისა, ნუ უკუე უღჳნობითა მიგჭირდეს, და სუი ესე". და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე, მას ჰქონდა ორაგული ახალი და ღჳნისა წილ თევზი გამოუგზავნა და შემოუთუალა: "ხანია, რომე დგახარ პირსა ქსნისასა, და ვერ გიშოვნია ორაგული, და აწ ესე იჴმიე და წარვედ ქუეყანასა შენსა". და რაჟამს მოართუეს ავ-გიორგის, მაშინ სცნა სიმრაველე საზრდელისა მათისა. და შესწუხებოდა ჯარი მრავალდღე დგომისაგან, მაშინ წარვიდა თემთა თჳსთა.

და ხანსა რაოდენსამე უკანა შეიყარა სპა თჳსი ავ-გიორგი და წარმოვიდა დარბევად ზემო ქართლისა, მივიდა, დაარბია ზემო ქართლი და დაბრუნდა გამარჯუებული და წარმოემართა. და რაჟამს. ესმა ბაგრატს, მპყრობელსა მუხრანისასა, შეიყარა სპა თჳსი და დაუმზირდა ჴევსა მას შინა, რომელ არს ძალის[ს]ა და ჭაპურს შუა. და ლაშქარნი ავ-გიორგისანი წინა წარმოვიდენ ნაშოვრისა მისთჳს, რომელი წარმოეღოთ.ხოლო ავ-გიორგი მცირითა კაცითა უკანა მოვიდოდა და მონადირობდა და არავისი ფიქრი ჰქონდა.

და რაჟამს დაუახლოვდა, სადა მდგომარე იყო ბაგრატ, მაშინ შეუტივა გულითა სრულითა და შეიპყრა ავ-გიორგი და სპანიცა, რომელნი მის თანა იყვნენ. პატიმარ-ყო ავ-გიორგი მტუერის ციხესა, რომელ არს მუხრანს, ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ.

მაშინ მიუმცნო ძმასა თჳსსა მეფესა დავითს საქმე ესე. და რა ესმა საქმე ესე,განიხარა ფრიად. და ხანსა მცირედსა მოკუდა ავ-გიორგი; და რომელნიმე იტყჳან დაარჩვესო, და რომელნიმე იტყჳან თავისის დღით მოკუდაო. აღაშენა მცხეთას მცირ ეკლესია მთავარ-ანგელოზისა ჩრდილოთ კერძო და მუნ დამარხეს. და მიერითგან იტყჳან კახი ბატონნი, რომე მცხეთა სამარხო არისო ჩვენიო.

ხოლო შემდგომად ავ-გიორგის დაჭერისა, დაიპყრო კახეთი მეფემან დავით. და დარჩა ძე გიორგისა, რომელსა ეწოდა ლევან, მცირედ. და წარმოიყვანა [...] ყრმა იგი დედითურთ და დამალა პატივითა სახლსა ჩოლაყაშვილისა გარსევანისასა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი, რამეთუ ეყოდა დედასა მისსა. და რა სცნა მეფემან დავით, წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნის და ამილახორი, რათა დასჩხრიკონ კახეთს მსახლობელნი დიდით ვიდრე მცირემდი, რათა იპოვონ ყრმა იგი. მაშინ წარვიდენ საძებნელად, დასდვეს შიში და ზარი ყოველთავე კაცთა ზედა და დააფიცეს, რათა არა უწყოდენ ყრმა იგი თუ სადა არს, და ყოველთავე შეჰფიცეს, რომე არა ვიცითრაო. შემდგომად მოვიდნენ სახლსა ჩოლაყაშვილის სახლთ-უხუცესისასა გარსევანისასა. და მოეპოვა გარსევანს საქმე ესე, რამეთუ მოიყვანა ყრმა იგი ლევან მონისა თჳსისა ძია მსგავსად, და მას დღესა მეღჳნედ იმსახურებდა ყრმასა მას, ვითარცა მონასა. და დღესა მეორესა შეფიცა ფიცითა საშინელითა ბაგრატს, ვითარმედ: "რაოდენიცა თქუენ ჩემსა სახლში არ იხილენით და არც თქუენმან თვალმან არა ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არა დიდის კაციშვილი და არც ცოტასი". შეიჯერა ფიცითა ამით.

და ესენი რა წამოვიდნენ, ბაგრატ და ერისთავი და ამილახორი მაშინ ჩოლაყაშვილმან გარსევან ვეღარა თავს იდვა სახლსა თჳსსა დაფარვა ლევანისა და წარმოიყვანა და შეიყვანა ციხესა მას ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. შემოეხვივნენ ზემოურნი და გარემონი კახნი და მიერთ[ნენ] ლევანს. წარმოემართა და ჩამოვიდა კახეთად.

და ესმა ესე დავით მეფესა, შეიყარა სპა თჳსი და წარემართა კახეთად. და გარდავლო გომბორი, და ჩავიდა კახეთად. და შემოყარნენ კაცნი ისრევე მეფესა დავითს, და ვეღარა აღდგა ლევან წინა, ივლტოდა და შევიდა ციხესა, რომელ არს თავსა მაღნარისასა. ხოლო მოიცვა მეფემან გარემონი ციხისა და დაუწყო ბრძოლა ძლიერად. მას ჟამსა მოვიდა ოსმალუ და მოეოჴრებინა სამცხე, და ვერავინ წინააღსდგომოდა სამცხესა და მოვიდენ შიდა ქართლსა; და ვერავინ წინააღუდგა ქართველი, ამისთჳს, რომე კახეთს იყვნენ ლაშქრად.

ხოლო მეფესა დავითს მოართუეს ამბავი ესე კახეთს. და რა ესმა ესე, მას ჟამად დაფარა, რამეთუ ციხესა მყოფნი ლევან და დედა მისი შეეჭირვებინა, საქმისა ამისთჳს მუნ დგომა აღარ ეძლო; და წარუვლინა დედასა მისსა მოციქული. ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და სთხოვა ციხე, და რა ესმა დედასა ლევანისასა და მეციხოვნეთა მოსვლა მოციქულისა, ღონე არღარა ჰქონდათ, და შეწუხებულ იყვნენ მიცემისაგან კიდე. მისვლასა მთავარეპისკოპოზისასა აღდგა დედა ლევანისა შემთხუევად მთავარეპისკოპოზისა, -- იდუმალ რქუა მთავარეპისკოპოზმან: "მაგრად იყავ, ამაღამე წავალთ". რა ესმა დედასა ლევანისასა, განიხარა და თჳსთა ყოველივე აუწყა, და ყოველთა თქუეს სიმაგრე და მიუცემლობა. და რა ესმნეს მოციქულთა ესე, წარმოვიდენ და მოაჴსენეს მეფესა დავითს და ესევითიარი ციხეს მაგრობა. და ვეღარა დადგა მეფე და წარმოვიდა.

და მოვიდა ზემო-ქართლად და შეება ოსმალუს ჯარსა. მისცა ძლევა ღმერთმან მეფესა დავითს და ამოსწყჳტა ოსმალუ და გაემარჯუა, და შეიქცა ოსმალუ თჳსდავე ადგილად. ხოლო მცირესა ჟამსა უკან გაილაშქრა კახეთად მეფემან დავით.

რაჟამს წამოსულიყო მეფე დავით, გამოსულ იყო ლევან და მისვლოდეს კახნი და ექმნა პატრონად მათდა. და იყო ლევან მაშინ წლისა შჳდისა. და რაჟამს მივიდა მეფე დავით საგარეჯოსა, შემოეყარნენ საგარეჯო[ელ]ნი და მას-აქეთნი კახნი და წარვიდა მეფე დავით ქისიყსა, და იყო ლევან მუნ და ახლდა მცირე ჯარი. რა მივიდა მეფე დავით, ეწყუნეს ურთიერთას ქისიყსა. დაუმარცხდა მეფესა დავითს და წარმოვიდა თჳსთა1 ხოლო ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ.

ამა თინათინისასა იტყჳან, სიყრმესა შინა ნახა ჩუენება ესე: "შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა" უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუაესრეთ: "და მუნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა". ხოლო რაჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაჴდინეს განსასუენებელად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთისა და დაადგინა მოძღუართ-მოძღუარი. და შვა ორ ძე: ალექსანდრე და ვახტანგ. და მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თჳსსა შენებულსა. ამისთჳს არა დაეფლა ქმრისა მისისა თანა, რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი. და შემდგომად ისუა ლევან სხუა ცოლი, ყარა მუსალის შამხლის ასული, მანცა უშვა ძე სამი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

ხოლო მეფე ქართლისა დავით იყო თჳსთა, ხანსა რაოდენსამე უკანა იქმნა მონოზან და ჰყვანდა სამნი ძენი: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ, მისცა მეფობა თჳსი ძმასა თჳსსა უმრწემესსა გიორგის. მეფე დავით ხანსა რაოდენსამე უკანა მიიცვალა ქალაქსა ტფილისისასა, ქრისტეს აქათ ჩ~ფკზ.

მეფე გიორგი, პ~ა

ხანსა რაოდენსამე მეფობდა გიორგი და მას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მისი.

ხოლო ამას ჟამს წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: "საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო".

ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიყარეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალემსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთუალა: "უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტერობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო". ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯუათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნეს ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი. და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმან ბაგრატ და ლევან, და წარმოვიდნენ თჳსსა ადგილსა და მოვიდნენ მშჳდობით გამარჯუებულნი და განიხარეს.

და შემდგომად ამისა ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა, და რა სცნა ესე მპყრობელმან იმერეთისამან ბაგრატ, შეიყარა სპა თჳსი იმერელნი და მიუვლინა კაცი კახაბერსა გურიელსა, და მოყვა იგიცა ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუჴდენ ყუარყუარე ათაბაგსა მუჯახეთს. და დახუდა ათაბაგიცა და შეიბნეს და ეწყუნეს ურთიერთას, და იოტნეს ბანაკნი ათაბაგისნი. და მერიქიფემან კახაბერის გურიელისამან, ისაკ ართუმელაძემან, ჩამოაგდო ათაბაგი ყუარყუარე, დაიჭირა და მიართუა გურიელსა და გურიელმან მოართუა ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა. და დაიპყრა ბაგრა საათაბაგო ქრისტეს აქათ ჩ~ფლდ -- და გარდაეხუეწა ოთარი შალიკაშვილი, და წარიყვანა შვილი ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო.

მას ჟამსა გამოჩნდა შაჰ-ისმაელი, ძე შიხისა. და რაჟამს გამოჩნდა ლანგ-თემურ და დაატყუევა შამი, მუნით მოვიდა არდაველს, მუნ იყო ერთი ვინმე შიხი, მოქმედი გრძნებისა, რომელსა მაჰმადიან[ნ]ი ესევდენ დიდად, უჩნდათ სასწაულად მოქმედად.

მაშინ თქუეს ქება მის შიხისა ლანგ-თემურთანა, და თჳთ მივიდა ხილვად მისდა. და ქმნა გრძნება რამე წინაშე ლანგ-თემურისა. ხოლო სათნო უჩნდა ლანგ-თემურს საქმე მისი: უბრძანა, რაცა გნებავს მოგცეო. მაშინ ჰყვანდა ლანგ-თემურს შამელნი დედაწულნი მრავალნი სულნი და სთხოვა შისმან სიმრავლენი მათნი სიტყჳთა ესევითარითა, ვითარმედ: შამელნი," რომელნი ტყუედ გიყოფიეს, ესენი არიან მუსურმანი; არა არს ბრძანებული მაჰმადისა, ვითარმედ მუსურმანი ტყუე ყოს მაჰმადიანმან. ესენი მომეც, რათა თავისუფალ ვყო". მაშინ ისმინა ვედრება შიხისა ლანგ-თემურ და მისცა ყოველი დედაწული და ტყუენი იგი, და უბოძა არდაველი ქალაქიდა გარემო სანახები არდაველისა ყოველივე მისი.

ხოლო შიხმან განათავისუფლნა ტყუენი შამისანი: რომელიმე დადგა თჳსთა თანა და რომელიმე წარვიდა ქუეყანასა შამისასა. ხოლო გარდაცვალებასა ლანგ-თემურისასა ქუეყანა ერანისა თჳთოეულად განიყვნენ, და დაიპყრეს მას ქუეყანისა მთავართა თჳთოეულად და რომელიმე ამბავი მათი ცხოვრებასა სპარსთასა ვრცელად წერილ არს.

ხოლო ესე შიხი იყო არდაველს და იყო ბრძოლა ყოველსა სპარსეთსა შინა.

ხოლო ამა შიხის შვილისშვილი მპყრობელმან შირვანისამან მოკლა. დარჩა ძე ერთი და მან იპერა არდაველი და იგიცა უკეთურებისათა თჳსითა მოიკლა, რომელი სპარსთა ცხოვრებასა შინა ვრცელად წერილ არს.

დარჩა ძე ყრმა თჳსი შჳდისა წლისა შაჰ-ისმაელ. და დაუწყეს დევნა სასიკუდინედ მეფემან თავრიზისამან. ხოლო შაჰ-მლუ რომელიმე იყვნენ და წარიყვანეს და დამალეს.

და, რაჟამს მოიწიფა, მოიყვანეს, და დაიპყრო სამეფო თჳსი არდაველი და მიერითგან დაუწყო ბრძოლა ყოველთავე და ყოველივე სპარსეთი დაიპყრო. გაგრძელება წინა ნაწილი მეფე ლუარსაბ

ჟამსა ამას მონაზონ იქმნა მეფე ქართლისა გიორგი, და არა დარჩა ძე თჳსი,და მისცა მეფობა ძმიწულსა თჳსსა ლუარსაბს, კაცსა ღმრთის-მოყუარესა, მტერთა ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფმბ.

და ჟამსა ამას მონაზონ იქმნა ბაგრატცა, მპყრობელი მუხრანისა, და დარჩაოთხი ძე: ვახტანგ, ერეკლე, არჩილ და აშოთან.

და დაიპყრა ქუეყანა ქართლისა ლუარსაბ. მას ჟამსა იყო კათალიკოზი გერმანე, ტფილელი დომე[ნ]ტი, მროველი გედევან რაჟამს დაიპყრა ქუეყანა სპარსისა შაჰ-ისმაელ, ეწადა მოსვლა ქუეყანასა ქართლისასა და მოვიდა აღჯაყალას.

რაჟამს სცნა მოსვლა შაჰ-ისმაელისა. შეიყარა სიმრავლე სპისა თჳსისა და დადგა ტფილისს, და გამაგრდა ტფილისი. და რაჟამს ესმა შაჰ-ისმაელსა წყობად მოსვლა მეფის ლუარსაბისა, წარმოავლინა სარდალი თჳსი ყარაფირი ლაშქრითა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა და მიაშუელა მისკარბაში ელიასბეგ ლაშქართა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა თჳსგან, ნუ უკუე დაუმარცხდეს ლაშქართა მისთა, თჳთცა აღიძრა და წარმოვიდა.

რა სცნა ესე მეფემან ლუარსაბ, გამოვიდა ტფილისით სპითა თჳსითა და მოვიდა ღელესა თელეთისასა და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი, ეწყუნენ. ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. ესევითარად ეწყუნენ ქართველნი, რომე სიმჴნე მათი სპარსთა ცხოვრებასა დიდად წერილ არს. მოისრა ყიზილბაში ჴელითა ქართველისათა ურიცხჳ, და სძლიეს ქართველთა და იოტნეს ყიზილბაშნი. და ოტებასა მათსა მოვიდა მისკარბაშიცა ელიასბეგ და ოტებულიცა სპა იგი დააბრუნა და თჳსითაცა სპითა შეუტივა ქართველთა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი უდიდეს პირველისა და მოსრეს კუალად ქართველთა ყიზილბაში ურიცხჳ.

და ოტებასა ყიზილბაშთასა აღმოვიდა შაჰ-ისმაილ მთასა თელეთისასა, რომელი არს კერძოთა ტაბაჴმელეთისათა, გარდმოხედა და იხილა სპა თჳსი. მოსრვილი და ოტებული, და განლაღებულნი ქართველნი მათ ზედა ვითარცა ლომნი შეწუხნა და უბრძანა სპათა თჳსთა ყარა ყოინლუსა, ჩამოვიდეს, და შემოუტივეს ყარა ყოინლუ[ს]ღა ქართველთა ზურგით კერძოთა. და ქართველნი დამაშურალ იყვნენ დიდად ომისაგან და იძლივნეს სპა ქართველთა და უკუნ იქცენ.

და წარვიდა მეფე ლუარსაბ ზემო-ქართლად და ენება კუალად შემოყრა ლაშქრისა და მოსვლა შაჰ-ისმაილზედა. ხოლო ვერღარა შეუძლო, რამეთუ დაფანტულნი იყვნენ ქართველნი და ჯარი ვეღარ იშოვნა.

მაშინ წარვიდა შაჰ-ისმაელი და შემოადგა ციხესა ტფილისისასა და აღუთქუა ნიჭი დიდი ციხისთავსა ტფილისისასა. და მოენდო ციხისთავი და მოსცა ციხე და შევიდა ციხესა შინა, და დაიპყრა ტფილისიცა შაჰ-ისმაელ. და მოაოჴრა და შემუსრნა ხატნი და ჯუარნი ჴელითა თჳსითა და აღაშენა ყურესა ჴიდისასა მეჩითი რჯულისა თჳსისა, შეიქცა და წარვიდა თჳსა და დაუტევა ციხესა მცველნი. ხოლო უკეთუ არა მიეცა ციხისთავსა ციხე და მცირესა ხანსა გამაგრებულიყო, მოვიდოდა მეფე ლუარსაბ შაჰ-ისმაელზედა და, უკეთუმცა ღმერთსა ენება, შეამთხუევდა ჭირსა დიდსა.

ხოლო შექცევასა შაჰ-ისმაელისასა მოვიდა მეფე ლუარსაბ და კუალად დაიპყრო ქართლი.

და ამა ჟამსა მოკუდა შაჰ-ისმაელ და დაჯდა მის წილად შაჰ-თამაზ. ხოლო შაჰ-ისმაელი იყო კაცი ჭკუიანი და სავსე ხონჯითა. ამან გამოაჩინა სჯული შიასი და დაუწყო სჯულთა ოსმანთასა გინება, და აღამაღლა სახელი ალიასი, და თჳთ თავი თჳსი ძედ ალისა თქუა. და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, არა ხოლო მეფობისათჳს, არამედ ძეობისა მისთჳს იმამისა სწამთ სალოცავად და პატივ-სცემენ მღთაებრ დღეინდელად დღედმდე.

ხოლო ძეთა მისთა, რაჟამს გამეფდა მის წილ ძე მისი შაჰ-თამაზ ესე გამდიდრდა ფრიად: უმეტეს დაიპყრა ქუეყანანი, რომელ[ნ]ი დაუშთა შაჰ-ისმაელს. და ამა ჟამში აეღო მეფესა ლუარსაბს ციხე ტფილისისა და გაამაგრა თჳსად. და სმენოდა ყარაბაღს მდგომსა შაჰ-თამაზსა საქმე ესე და შეეყარა იდუმალ სპა თჳსი რჩეული და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა.

ხოლო მას ჟამსა მოჰკუდომოდა მეფესა ლუარსაბს ძე ყრმა მცირე და წარეღო მცხეთას დასამარხავად, და სიყუარულისათჳს მეფე და დედოფალი გაჰყოლოდა. ხოლო მას ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისად და, უკეთუმცა არა დაეცვა განგებასა ღმრთისასა მეფე ლუარსაბ და არა. გაჰყოლოდა ძესა თჳსსა, ჴელთ დარჩებოდა თჳთ დედოფლითურთ.

ხოლო სცნა მეფემან მისვლა შაჰ-თამაზისა, წარვიდა სიმაგრესა, და ჯარი ვეღარა შემოიყარა, ამისთჳს შაჰ-თამაზ იყო ტფილისად, და ყოველნი ხიზნად განემზადნეს, ხოლო ქალაქი ტფილისისა. დაიპყრა შაჰ-თამაზ, მოსრნა ყოველნი დედაწულნი.

და რაჟამს იხილა ციხისთავმან ტფილისისამან გულბად, სცნა უგრძნობლად შესვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდა მეფისა ლუარსაბისგან ამისთჳს, რომე უგრძნობლად მოსვლისათჳს არა იავარ მყოს, გარდმოვიდა ზემო-ციხით და მოუვიდა შაჰ-თამაზს. რა სცნეს ციხის მცველთა საქმე და წარვიდა ციხისთავი, მათგანიცა რომელიმე წარვიდა თჳს-თჳსად, და რომელიმე მივიდეს შაჰ-თამაზთანა. და შაჰ-თამაზ მისცა ნიჭი დიდი და დაატევებინა სჯული ქრისტიანობისა და დაიპყრა ციხე ტფილისისა და გაამაგრა და თჳთ წარვიდა ყარაბაღად.

და რა სცნა მეფემან კახეთისამან ლევან, შეურიგდა იგიცა. და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩუანს სომხითისასა და ურჩნი სომხითისანი დაიმორჩილნა.

და მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ იყო მაშინ სამცხესა, მოვიდა მას თანა ამა მიზეზისათჳს, რომე ოთარი შალიკაშვილი და ძე ყუარყუარესი ქაიხოსრო რომ ხონთქართანა წასულიყვნენ და ამათგან ძალი და ზურგი მოეცათ, ესეცა ბაგრატ ამისთჳს მოვიდა შაჰ-თამაზთანა, რომე ამისგან ზურგი და ძალი მოეცა.

ხოლო თჳთ უცალო იყო შაჰ-თამაზ და ჯარი ვერ აშუელა, მისცა ნიჭი დიდი და გაისტუმრა და თჳთ წარჳდა ქუეით. და რა მივიდა ბაგრატ სამცხესა, ოთარ შალიკაშვილისა და ყუარყუარეს, შვილისა ქაიხოსროსათჳს ხუანთქარს მოეცა ლაშქარი დიდი, სპასპეტად გამოეგზავნა მუსტაფა ფაშა და გამოეტანებინა ზარბაზანი დიდროანი და მოვიდნენ ზემო ქართლსა.

და რა სცნა ბაგრატ, შემთუალა გურიელსა, და მოვიდა გურიელი და ეწყუნენ სპასა ხუანთქრისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და იოტნეს ბანაკნი ოსმალთანი და მოსრნეს და ივლტოდეს ოსმალნი. და მოკლეს მუსტათა ფაშა და დარჩათ საგანძური და თოფები მათი.

და შემდგომად ამისა წარვიდნენ ხონთქართანა ოთარი შალიკაშვილი და ქაიხოსრო ყუარყუარეს შვილი, და დიდად დაუმძიმდა ხუანთქარსა დამარცხება ჯარისა თჳსისა და გამოუსია აზრუმისა დადიარბექირის ფაშა და ჯარი ურიცხჳ.

და რა ესმა ბაგრატს მპყრობელსა იმერეთისასა დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა ლუარსაბს და დადიანსა და გურიელსა.

ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა ზედა, არამედ თჳთ რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძჳნებოდა საქართველოსათჳს, ვითარცა მამასა შვილთათჳს, და შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ბაგრატთანა.

მაშინ ბაგრატს არა შემოეყარა დადიანი, და მოსულიყო გურიელი ჯარითა თჳსითა და შემოეყარნენ იმერელნი და მესხნი. და ხუანთქრის ჯარიც მოსრულიყო ბასიანს და მივიდნენ ესენიცა.

მაშინ ქართველთ მოინდომეს მეწინავეთ მისვლა და მესხთა არა თავს-იდვეს საქმე ესე ამისთჳს, რომე პირველადცა ჩუენ ვყოფილვართ და რიგი გუაქუს მეწინავეობისაო, და აწცა მართებულია, რომ ჩუენ ვიყვნეთ.

ხოლო ქართველთა არა უსმინეს და მიეტევნეს, ქრისტეს აქათ ჩ~ფმე. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე, და მესხთა, წინა მისვლისათჳს ქართველთა, ადრიკეს ზურგი და არა მიჰყვნენ ქართველთა. და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო. და შემუსრეს ყოველი საჭურველი და საომარი ქართველთა, და არღარა ჰქონდათ საბრძოლველი და დამარცხდა ჯარი საქართველოსი, და ივლტოდენ და წარვიდენ ყოველნივე თჳს-თჳსად. და წარვიდა ბაგრატ იმერეთს და მეფე ლუარსაბ ქართლისა

. და მაშინ ჩამოდგნენ ურუმნი და, რომელიცა შეიპყრეს, სრვიდენ უწყალოდ. და წარვიდა გურიელი თჳსად სამყოფად და ყოველ[ნ]ივე თჳს-თჳსად წარვიდენ.

ხოლო ურუმნი დადგნენ სამცხეს და დაიპერეს ციხეები სამცხისა განზრახვითა ოთარ შალიკაშვილისათა. ესრეთ ეტყოდა ოთარი: "უკეთუ დაიპყრობთ სიმაგრეთა სამცხისათა, ესე ქუეყანა მკჳდრად თქუენდა იქმნებისო".

და ჟამსა ამას შიგან მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი. და დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა, და მოიყვანა ცოლად აშოთან მუხრანის ბატონისა ასული და ეწოდა სახელად დედისიმედი. და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი. და რაჟამს სცნეს საქმე ესე ათაბაგმან და ოთარ შალიკაშვილმან, რომე დაიპყრეს ოსმალთა სიმაგრენი და ციხეები სამცხისანი და ფრიად მძლავრობდენ და უსამართლობენ ქუეყანასა სამცხისასა, მაშინ განიზრახნეს ათაბაგმან და ოთარ საქმე რამე სარგებელი ქუეყანისა თჳსისა: წარავლინეს მოციქული შაჰ-თამაზთანა და ესრეთ მიუთხრეს, ვითარმედ: "ძუელითგან ქუეყანა ესე სამცხისა მკჳდრად სპარსთა მეფეთა ყოფილ არს, და აწ, თუცა გნებავსთ, გაქუს შეწევნა და უფლება საქმისა ამის, რათა თქუენდა იყოს. მოგუეც შეწევნა და ნურღარა აუფლებ ჩემ ზედა ოსმალთა და თქუენდავე იყოს ქუეყანა ჩუენი, და გმორჩილობდეთ შენ, ვითარცა პირველ".

ხოლო ესმა რა ესე შაჰ-თამაზს, განიხარა და წარმოვიდა სამცხედ სიმრავლითა ჯარისათა.

და რაჟამს ესმა ესე სულთანს სულეიმანს, წარმოვიდა იგიცა ლაშქრითა მრავლითა და ესრეთ განიზრახა: ვინათგან შემიორგულდა ოთარიცა და ათაბაგიცა და არღარა ნებავს უფლება ჩემი მათ ზედა, აწ მეცა მუნ წარვალ და შევმუსრავ და იავარ-ვყოფ ციხესა მათსა, რომელ არს ქაჯეთი; და არა მივსცე სპარსთა ქუეყანა იგი.

და ვითარცა სცნა შაჰ-თამაზ წარმოსვლა ხონთქრისა, ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა შაჰ-თამაზს სულთან სულეიმანისა, მოიპოვა ღონე ესევითარი და შემოუთუალა ოთარსა, ვითარმედ: "ესე უწყოდე, არას კეთილისათჳს და არას საქმითა არას ფერობით მე შენ მოუკლავს არ გაგიშუებო". და, რა ეს წიგნი ოთარს მოუვიდა, ოთარმა სულთანს გაუგზავნა და ესრეთ მიუწერა: "თქუენცა მიწყრებითო და უფროსად ყაენი მიწყრებაო: "რა ვქნა აწ მეო, მოსამართლე ღმერთი იყოს შუა თქუენსა და ჩუენშიაო". და იპრიანა ღმერთმან. და შეიბრალა სულთანმან და უკუნ-იქცა, და არღარა წარვიდა სამცხეს და შეიქცა თჳსად.

ხოლო მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ რაჟამს შეიქცა საბატონოსა თჳსსა, აწჳა დადიანი ლევან ჭალასა ხონისასა, უღალატა და შეიპყრა დადიანი ლევან ამის მიზეზისათჳს, რომ მაშინ ურუმზედ დადიანმან არ ულაშქრა. და ესე რა შეიპყრა, გაუგზავნა გურიელსა კაცი და ესრეთ შეუთუალა: დადიანი" დავიჭირე და ჴელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოსო და ნახევარი ჩემიო".

და რა ესმა ესე გურიელს, იფიქრა და თქუა ესრეთ: დადიანი" შეუპყრია და ოდიშს დაიპყრობს და მერმე ჩემს ქუეყანასაც წამართმევსო და სულ გაიერთებსო, -- და ეგრეთაცა სწადდა ბაგრატს და აღარ მიუდგა გურიელი.

და მეფემანც ასე გასინჯა; არამც გურიელი და ოდშარნი გაერთდენო და მერმე ჩემზედ ბოროტნი გაიზრახონო, დადიანის თუალების დაწვა სწადოდა, აღარ დასწვა და გელათს სამრეკლოში დაატყუევა.

სცნა რა ესე ათაბაგმან ქაიხოსრო დადიანის ტყუეობა, შემოუყვნა ჩხეიძე ხოფილანდრო, გააპარა იქითგან და მიიყვანა ათაბაგთანა. მოიმჴრო ათაბაგმან გურიელი და ჩაიყვანა ოდიშს და გააბატონა.

ამას ჟამსა გურიელი გაუწყრა ხონთქარი ამისთჳს, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყუეტდაო ბაგრატო. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა.

შეიყარა გურიელმან სპა თჳსი და წარვიდა ოსმალთა ზედა. მოუმართა ღმერთმან ჴელი და გაემარჯუა, ჴმელეთიდამ გააგდო და ზღუაში შევიდნენ ნავებითა, და აღუდგა ღელვა და ჭოროხს გაღმა გავიდნენ. მაშინ იყო წყალდიდობა და ჭოროხს ცხენით ვეღარ გავიდნენ და მივიდნენ გონიასა და ციხეს დაუწყეს შენება. დაიწყეს სიმაგრე ოსმალთა და ჭანეთი ამოსწყჳტეს, წაართუეს გურიელსა და თჳთ დაიჭირეს.

მაშინ ჰპატრონობდა ბაგრატ იმერეთს და ეპყრა იმერეთი. მიუვლინა კაცი გურიელმან დადიანს ლეონსა და როსტომს: უკეთუ ამათ მიერ წამაჴდინეს, მას უკან თქუენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება".

მაშინ დადიანმან შემოიკრიბნა სპანი თჳსნი და აფხაზნი, წარმოვიდა, რიონის ლიმონში დაისაიგურეს.

სცნა რა ესე ბაგრატ, ვინათგან დადიანმან გურიელს უშუელა, უფროსად გაერთებიანო, გაეგზავნა ძმა თჳსი ვახტანგ ხუთასის კაცითა შემწედ გურიელისა, ესრეთ დავედრა, ამას ეცადე, რომ დადიანი გურიელს [არ] მიეშუელოსო.

და წარვიდა ვახტანგ და მივიდა საჯავასოს და მაშინ შეუთუალა დადიანს, ვითარმედ: "მე ხომ შენი ფიცი ვარო, ესე უწყოდე, რომე ჩემს ძმას ბაგრატს და გურიელს ერთი პირობა აქუსთ, და რაჟამს მოხვალ გურიას, დაგესხმიან თავსა და მოგკვლენო". სცნეს რა ესე მეგრელთა, მოშიშართა არღარა წარმოვიდნენ რიონითგან, და მივიდა ვახტანგ გურიელთანა ბათომსა, როსტომ გურიელი და გურიელნი იქ დახუდენ. ვინათგან დადიანი ვეღარ მოეშუელა, კატარღა და ნავები ვეღარ იშოვნეს და ვერცაღა განვიდენ გაღმა. მაშინ ოსმალთა სცნეს რა ესე, აღაშენეს ციხენი და დაიპყრეს ჭანეთი.

და შემოიქცა ვახტანგ თჳსად სამყოფსა და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ბაგრატ. და დამარხეს გელათს. და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი.

და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა და დაეფლა შემოქმედს. და ესუა როსტომს ძე სამი, და უმრწმესსა ეწოდა გიორგი და დასუეს გურიელად. და ერთი დაჲ მისი დადიანის შვილს ჰყვანდა ცოლად, და, რა მოკუდა როსტომ გურიელი, მაშინ განუტევა ქალი მისი დადიანის შვილმან და წაართუა ბიძასა თჳსსა ცოლი და თჳთ შეირთო, და განრისხდა ღმერთი.

და გამოჴდა ხანი რამე, და კუალად გაერთდენ გიორგი გურიელი და დადიანი. შეირთო ასული დადიანისა გურიელმან, და მცირეთა ჟამთა შინა განუტევა გურიელმანცა ქალი დადიანისა ამისთჳს, რომე პირველ ამისი დაჲ იმისმან შვილმან განუტევა.

სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, ვინათგან მტერ ექმნეს ურთიერთას დადიანი და გურიელი, ამ გიორგის ჰყვა ერთი ქურივი რძალი და მისცა გურიელსა თჳსის ქალის მაგიერად და ესენიცა ...

მაშინ იწყეს შურობად და ლაშქრობად დადიანისა და ვერ ეძლო წინააღდგომა მათი დადიანსა, გარდაიხუეწა და წარვიდა სტამბოლს, მივიდა და შეეხუეწა სულთანსა. მაშინ შემწე ეყო სულთანი დადიანსა და მისსა ჯარი აზრუმისა და ტრაპიზონისა. წარმოვიდნენ და მოიწივნეს სატყეპელას.

ხოლო, სცნა რა საქმე ესე გურიელმან, ვინათგან შემწე ეყო სულთანი და გამოგზავნა დადიანი დიდის ჯარითა, მაშინ მოიპოვა. ღონე რამე და იწყო ხუეწნად დადიანისა, და წარავლინა მოციქული, და მისი სისხლად ფლური ათასი დადიანსა. დაშერიგდენ.

მაშინ გიორგი, მპყრობელი იმერეთისა, ვინათგან ახალი ბატონი იყო, სუსტად ეპყრა საბატონო თჳსი. მაშინ მოიჴმო გიორგი ჯავახ ჭილაძე. და უღალატა და მოკლა. სცნა ესე გურიელმან გიორგი, დიდად ეწყინა: შერიგდენ დადიანი და გურიელი და დაანებეს, და ნახევარი გურიელმან დაიჭირა და ნახევარი დადიანმან. ხოლო მას ჟამსა შინა დადიანი მოკუდა ესრეთ, რომე ნადირობაში ჯაიანმან ცხენი შეაძგერა და მოაკუდინა დადიანი. მაშინ დასუეს დადიანად უფროსი ძე მისი გიორგი.

სცნა რა ესე გურიელმან გარდმოიბირა უმცროსი ძმა მისი მამია, მიიყვანა გურიას. და შერთო დაჲ თჳსი ცოლად. მაშინ ულაშქრა გურიელმან და წარვიდა თჳთცა და მივიდეს ზუგდიდს. შეიბნეს და გაემარჯუა გურიელსა და გარდააგდეს. დადიანი გიორგი და დასუეს ძმა მისი მამია დადიანად, და თჳთ გურიელი წარვიდა თჳსადვე.

მაშინ დადიანმან გიორგი იშოვა ლაშქარი აფხაზისა, ჯიქისა და ჩერქეზისა. და ათხოვა კუალად გურიელმან ჯარი სიძეს. თჳსსა მამიას და შეიბნენ. კუალად გაემარჯუა მამიას და გაექცეს გიორგი დადიანი.

მაშინ დაუწმო ლაპარაკი გიორგის, მპყრობელს იმერეთისასა გიორგი დადიანმან და პატრონმან იმერეთისამან პირი მისცა შუელისა. და გიორგი დადიანმან ასე შემოუთუალა: "რათგან ჩერქეზის ქალი ერთი თქუენ გყავსო და ერთი გურიელსაო, მესამე დაჲ გაუთხოვარი, თქუენ რომ ზრდით, ეგ მე მომეცითო, თუარამ რით გენდოო". ბატონმან გიორგი გურიელს ჰკითხა: "მივსცე, თუ ნუო"? გურიელმან ესრეთ უთხრა: "მე იმას ქალი დაუგდე და სისხლი გამომართუაო, იმან მე დაჲ დამიგდო და სისხლი მომცესო". და ეს სიტყუა შეუთუალეს გიორგი დადიანსა. დადიანი დაჰყვა სისხლის მიცემასა, და თეთრი არა ჰქონდა -- გარდავარდნილი იყო -- და ხოფი, რაც გურიელს სისხლი მიეცა, იმთონის გირაოდ მისცა. და მისცეს მესამე ჩერქეზის ქალი გიორგი დადიანსა, და სამნივ ქჳსლნი შეიქმნენ და დამოყურდენ, და მამა დადიანმანც ნება დართო: რათგან უფროსი ძმა არის, მისი წესია დადიანობა და მანცა დაანება. მამია დადიანს ლომკაცი ჭილაძისეული და რევაზისეული დაანებეს და შეირიგეს, და იქმნა მიერითგან მშჳდობა სამსა საბატონოსა შუა.

სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანისამან, შეიყარა საჯავახოელნი და წარმოვიდა საღალატოდ გიორგი დადიანისა. აგრძნა საქმე დადიანმან და ვეღარ უღალატა და წარვიდა თჳსად საჯავახოდ დათულია. მაშინ დადიანმან გიორგი და ძმამან მისმან მამია და ბატონმან გიორგი შეუთუალეს გიორგი გურიელსა, მიუწერეს ესრეთ: "რადგან დათულიას ღალატი შეაჩნდაო, აწ შენ მაგას უღალატე და მოკალო და საჯავახო შენ დაიპყარო".

მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყუევეს ოზურგეთს, და საჯავახო თჳთონ დაიპყრა. კუალად შეუთუალეს გურიელსა, რომე მოკალო, და გურიელმან არა მოკლა. და მას უკან ამათ გაგზავნეს კაცი და მოაშთუეს დათულია.

ჟამსა ამასა შინა მიიცვალა გიორგი დადიანი, და დაიპყრა კუალად დადიანმან მამია ოდიშს და გადადიანდა. მაშინ დაშთა დადიანს ესეთი შვილი ვაჟი და ეწოდა ლევან. და განარისხა ღმერთი გურიელმან გიორგი, და წაართუა დედასა მისსა და წარმოიყვანა ყრმა იგი და შხეფის ციხეში დაატყუევა. და ვეღარ გასძლო ყრმამან მან ტყუეობა და გალავნიდან გარდმოვარდა და მოკუდა. და იყო იმერეთისა მპყრობელსა და დადიანსა და გურიელს შუა მშჳდობა და ერთობა.

და რაჟამს შეიქცა სულთანი სულეიმან, მაშინ შაჰ-თამაზ ქუეით იყო, უწყეს ქართველთ მეფემან კახმან ბატონმან და ათაბაგმან რბევა ადრაბაგანსა და ოჴრება.

მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შაქისა, ძე ასან-ბეგისა. სახელით დავრიშ მაჰმად. და რაჟამს გაბრუნდა სულთან სულეიმან, შემოიყარა ჯარი ყარაბაღს შაჰ-თამაზ. რამეთუ მორჩილებდა ასანბეგ შაჰ-თამაზსს. ხოლო ძემან მისმან დავრიშ მაჰმად არღარა მორჩილ ექმნა და უკუდგა. ამისთჳს შემოიმარა ჯარი შაჰ-თამაზ ყარაბაღს და მოუგზავნა კაცი კახ-ბატონს ლევანს და ითხოვა მისგან შეწევნა.

წარმოვიდა და მოვიდა ლევან, და დაემორჩილა შაჰ-თამაზს, რამეთუ ოდეს მორჩილობდა ასან-ბეგ დევრიშ მაჰმადის მამა შაჰ-ისმაილს, მაშინ ეს ლევან მიუჴდა ასან-ბეგს შაქის და მოკლა ასანბეგ, და მოარბია შაქი, შემდგომად ამისა მოიყვანეს შაქელთა ძე მისი დევრიშ მაჰმად და დასუეს ბატონად. და მიერ ჟამითგან მტერ იყვნენ ბატონი ლევან და დევრიშ მაჰმად. და რა შეიყარნენ ესენი, მაშინ წარავლინა შაჰ-თამაზ ლაშქარი თჳსი შირვანს.

რა სცნა დევრიშ მაჰმად, დაესსა თავსა და მოსრა ლაშქარი მრავალი. ხოლო, სცნა რა ესე შაჰ-თამაზ დევრიშ მაჰმადისაგან საქმე ესე, ქრისტეს აქათ ჩ~ფმვ, შეიყარა და წარვიდა შირვანს. რა სცნეს შაქელთა მისვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდეს ფრიად. მაშინ მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დევრიშ მაჰმადს, ვითარმედ: "მოდი ჩემ თანა და მიპატივებია დანაშაული შენი". და მან არა ისმინა, და გაამაგრნა ციხენი და სიმაგრენი თჳსნი და დადგა მტკიცედ.

და ესმა შაჰ-თამაზს საქმე მისი, წარავლინა ბატონი ლევან და სხუა ხანნი, ორი თჳსი სარდალი და სპა. და, რა მივიდნენ შაქის, მოაოჴრეს შენი და უშენი, და მოადგნენ ციხესა მას, რომელსა შინა იყო დევრიშ მაჰმად. ვერღარა ეძლო ხანსა რაოდენსამე გამაგრება ციხისა მის და განვიდა ღამე და ენება იდუმალ განრინება. და რაჟამს განვიდა დევრიშ მაჰმად, სცნა ბატონმან ლევან, წარვიდა და მიეწია, შეიბნენ და გაემარჯუა ბატონს ლევანს: და მოკლეს ლაშქართა ლევანისათა დევრიშ მაჰმადი. და მოართუა თავი მისი ლევან შაჰ-თამაზს და მისცა მრავალი წყალობა ბატონს ლევანს შაჰ-თამაზ და წარავლინა ბატონი ლევან თჳსსა ალაგსა და თჳთ წარვიდა ყარაბაღს.

და რაჟამს მივიდა ყარაბაღად, არა დაცხრა მტერობად მეფისა ლუარსაბისა და მოიქცა კუალად ტფილისად და ააოჴრა ტფილისი და გარემონი ტფილისისანი, და აღიღო ციხე ტფილისისა, და შეაყენნა მცველნი თჳსნი.

ხოლო ლუარსაბს ვერარა უყო, და ენება მტერობა ქართლისა ამისთჳს, რამეთუ მეფემან ლუარსაბ ჟამსა თჳსსა არცა ჰმონა ყაენსა და არცა ხონთქარსა ამისთჳს, რომე თუცა დამორჩილებოდა, სხუანი ყოველნი მონობდენ და, თუმცა ესეცა დამორჩილებოდა ქუეყანა გათათრდებოდა და სახარკოდ შეიქნებოდა; ამისთჳს მრავალჯერ ამოსწყჳტა ხუანთქრისა და ყაენის ჯარი მეფემან ლუარსაბ.

ხოლო ამას ჟამსა შინა მოიპოვა ღონე ესე შაჰ-თამაზ: ეზრახა ათაბაგს ქაიხოსროს და სთხოვა ცოლად ტომისაგან თჳსისა. ხოლო ათაბაგს თჳსი არა ჰყვანდა რა,და ენათესავებოდა ოთარი შალიკაშვილი ათაბაგსა, ამისთჳს ნებამყოფლობით გამოართუა ქალი და ნათესავად თჳსად გაუგზავნა ყაენს და ყაენმან შეირთო ცოლად.

და რაჟამს შეირთო, ესე იყო საყუარელ ყაენისა, შეიქმნა წყობა შაჰ-თამაზსა და ათაბაგს შუა. რა სცნა ლუარსაბ მეფემან ათაბაგის შაჰ-თამაზის დამორჩილება, ეზრახა ლუარსაბ იჯუსა და შერმაზენს, შეიყარა ესენი და მიუჴდა ათაბაგს ქაიხოსროს, და წაუღო თემი მრავალი და აუოჴრა. ხოლო ქაიხოსრომ მიუწერა შაჰ-თამაზს, ვითა: "მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოჴრა ქუეყანა ჩემი, და ისკანდარ ფაშა აზრუმისაც მომავალი არის".

რა სცნა ესე შაჰ-თამაზ, შაქისი რომ დაიპყრა, ჯარი ისევ ჰყვანდა მოუშლელად, წარმოემართა. და მოეგება ათაბაგი ქაიხოსრო წინა წარუძღუა და მიიყვანა სამცხედ. ხოლო შაჰ-თამაზ ძე მისი მირზა-ისმაილ გაგზავნა კარსა. და მივიდა მირზა-ისმაილ და დაიპყრნა სიმაგრენი და ამოსწყჳტა კარი და, რაოდენნი ოსმალნი იყვნენ, განსდევნა. და შევიდა სამცხეს შაჰ-თამაზ და დაიპყრა ციხენი და განასხნა ოსმალნი. და რომელნიმე განდგომილნი ათაბაგისნი ციხესა შინა იყვნენ, აღიღო ციხე და ტყუე ყვნა, და ეკლესია, რომელი იყო მას შინა, ააოჴრა, ხატნი და ჯუარნი დაამტვრივნა. და რაჟამს სცნეს ომან და შერმაზან, შეშინდენ და მივიდნენ შაჰ-თამაზისა თანა, ივჯუზაცა მივიდა. და შეაბეზღეს ივჯუშ და შერმაზან შაჰ-თამაზს, ვითარმედ ესენი არიან უარისმყოფელნი თქუენნი. მოაკულევინა შაჰ-თამაზ ივჯუზ და შერმაზ. ან და მამული მათი მისცა ათაბაგს ქაიხოსროს.

და რაჟამს განაგო ყოველი საქმე ზემო ქართლისა. წარმოემართა მეფესა ლუარსაბზედა, ჩამოვლო თრიალეთი და მოაოჴრა და წარმოვიდა საბარათაშვილოზედა და იგიცა ააოჴრა, მივიდა და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და დადგა ხანსა მცირესა და, რა სცნა სიმაგრე ციხისა, ეზრახა ციხეს მყოფთა ბარათიანთა და აღუთქუა ნიჭი და გამოინდო ისინი. ხოლო არღარა დაინდო: რომელნიმე ტყუე ყო და რომელნიმე დაადგინნა თჳსსა მამულსა ზედა.

ხოლო მეფისა ლუარსაბისა ჩუეულება ესრეთ იყვის: უკეთუ ჰყვანდის ჯარი, პირდაპირ არ დარიდის, რაგინდ რომ დიდი ჯარი იყვის, და, უკეთუ ჯარი არა ჰყვანდის, დააცალოს და უყურებდის და, სადაც რომ დააჴელის თარეში, ანუ მცირე რამე ჯარი, შემართის და ეწყჳს, და ბრძოდა ძლიერად და ამოსწყუეტდა მცირითა კაცითა ფრიადსა ჯარსა თათართასა.

მაშინ გარდავიდა შაჰ-თამაზ და ჩავიდა გორსა და აღიღო ციხე გორისა, და ციხე ვერისა და გარემონი ციხენი ყოველივე, და მიადგა ციხესა ატენისასა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა დედა ლუარსაბისა და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და თავადნი იყვნენ, და ამისთჳს იწყო ბრძოლა ძლიერად. და ხანსა რაოდენსამე შინა აღიღო და ტყვე-ყო დედა ლუარსაბისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფნვ, და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და მრავალნი სხუა ტყუენი ყოველნივე ტყუე ყვნა და წარვიდა.

ხოლო, რა სცნა მეფემან ლუარსაბ ტყუეობა დედისა მისისა და თავადთა მისთა, განუდგა კუალსა მისსა, დაეწია უკანა ჯარსა და მოსრნა მრავალნი ყიზილბაშნი და წარუღო მრავალნი ბარგნი, ხოლო დედა თჳსი ვერღარა იჴელთა.

და რა მივიდა ერევანს შაჰ-თამაზ, მასინ სცნა დედამან ლუარსაბისამან გაუპატიავება თავისა თჳსისა; და შესუა წამალი სასიკუდინე, და მოიკლა თავი თჳსი, და არა შეიმთხჳა უპატიობა თავსა თჳსსა.

მაშინ მოიქცა მეფე ლუარსაბ მწუხარედ დატყუეებისა დედისა თჳსისათჳს და ქუეყნის აოჴრებისათჳს.

ხოლო შაჰ-თამაზცა წარვიდა ადგილსა თჳსსა და ციხესა ტფილისისა ეპყრა შაჰ-თამაზს. და მაშინ დასუა ყაზახის ადგილსა და შამშადილუსა ხანი თჳსი, ხოლო პირველად ეწოდა რანი ქუეყანასა ამას. და დასუა სულთანი განძას, ბარგუშათს და შაქისს, და უთავა სულთანი განძისა. და ამცნო მათ: "უკეთუ ემტეროს ლუარსაბ ციხესა ტფილისისასა, რათა ესენი მწე ექმნებოდეს ტფილისის ციხესა შინა მყოფთა თათართა".

და შემდგომად ამისა ეძჳნდბოდა ლუარსაბს პყრობა ციხისა თათართა მიერ და გარემოს ქუეყნებისა, შეიყარა სპა და წარმოემართა მას ზედა, რაოდენიცა ეპყრათ თათართა კერძონი საბარათაშვილოსანი, ქუეყანა და ციხე, ყოველივე წაართუა და თჳთ დაიპყრა თჳნიერ ტფილისის ციხისა.

და რა ესმა ესე სულთანს შავერდის განძისასა, შეიყარა სპა ყარაბაღისა და, რომელიცა ჩინებულ იყო შაჰ-თამაზისა მიერ, ყოველგვე შემოიყარა და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა. და რა დაახლოვდენ პირისპირ, მეფემან ლუარსაბ პირისპირ მინდვრად ომი არა ინება და მივიდა გარის[ს].

ხოლო ესხნეს მეფესა ლუარასბს სამ ძე: სჳმონ დავით და ვახტანგ.

და გაუდგნენ ყიზილბაშნი კუალსა მისსა. მაშინ ლუარსაბ მოუძლურებულ იყო დღითა, და ძე თჳსი სჳმონ თან მოიყენა. მაშინ აახლნა სპანი თჳსნი სჳმეონს და თჳთ უკანა დადგა, და იახლნენ თან ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისგანნი. მოვიდნე ყიზილბაშნი და რა იხილა ბატონიშვილმან სჳმონ და ქართველთა, შემოუტივა ვითარცა ლომმან ჯოგთა კანჯრისათა. მიეტევნენ და ბრძოდენ ფიცხლად ქართველნი, და მოსრეს ყიზილბაში ურიცხჳ, და იოტეს ბანაკი მათი. და ივლტოდა სულთანი შავერდი და სხუანი სპანი ყიზილბაშისანი და დაიფანტნენ ტყეთა შინა. ხოლო მაჰმად სულთან დაიარებოდა შეშინებული ტყეთა შინა, მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა მდგომარე; და უღონო იქმნა სულთან მაჰმად, ხოლო არღარა ჰქონდა გზა წარსვლისა, შემოუტივა მეფესა ლუარსაბს. მაშინ განმჴნდენ ეპისკოპოზნი და მჴცოვანნი იგი ერის-კაცნი, რომელნიცა ახლდეს მეფესა, და ვითარცა იქმნენ წლისა ოცდაათისა, და მიეტევნენ ყიზილბაშთა, და შეიქმნა ომი ძლიერი. და იოტნეს ბანაკნი მაჰმად სულთნისა და მოსრნეს მრავალნი მათგანნი.

და იხილა მეფემან ლუარსაბ მაჰმად სულთანი. მაშინ შუბი გატეხილი ჰქონდა მეფესა ლუარსაბს. და ყოველი საბრძოლო იარაღი დაემტვრია, შეუტია ცხენითა და შეაძგერა ცხენი მაჰმად სულთნისა ცხენსა და ქუე დაახეთქა ცხენ-კაცითურთ. შემდგომად ამისა სხუასა შეუტივა და გზასა ზედა შეხუდა თხრილი რამე და ჩავარდა ცხენის ფეჴი დანახეთქსა მიწისასა და წაექცა ცხენი მეფესა ლუარსაბს. მოუჴდა ყიზილბაში ერთი, რომელსა ერქუა ზაქირ, და სცა მახჳლი და სწელა სასიკუდინოდ მეფე ლუარსაბ, და შეჯდა თჳთ მეფის ლუარსაბის ცხენსა და ივლტოდა. მაშინ დევნა დაუწყეს ქართველთა და მიეწივნენ; და მოკლეს იგიცა და სულთან მაჰმადცა და, რაოდენნიცა იხილეს ყიზილბაშნი, მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

მაშინ სჳმონ სდევდა ყიზილბაშთა და სრვიდა. და მიართუეს ამბავი ბატონიშვილი და მოვიდა მამისა თჳსისა თანა, ხოლო ყიზილბაშნი წარვიდნენ განძას.

ხოლო ლუარსაბ იცოცხლა დღენი რაოდენნიმე და მიიცვალა მეფე ლუარსაბ მოწამე, მსგავსი ვახტანგ გორგასალისა. უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არა ექმნა, ახალამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და, რაოდენნიცა დღეს. სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ჴრმლისა მისისაგან არიან: რამეთუ ესე ლუარსაბ იყო კაცი ბრძენი და გონიერი მოშიში ღმრთისა და მორწმუნე სჯულიერად, ღუაწლ-მრავალი და ბრძოლასა შინა მჴნე და ახოვანი და მბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი. და აღიღო პატიოსანი გუამი მისი და დაფლეს სამარხოსა მისსა მცხეთას ღვთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა დიდი და მწუხარება ქართველთა მიერ. მიიცვალა მეფე ლუარსაბ ქრისტეს აქათ ჩ~ფიზ. გაგრძელება წინა ნაწილი მეფე სვიმონ

და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილად მეფე სჳმონ და ეკურთხა მუნვე მცხეთას. და ამას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი ნიკოლოზ. და მოკუდა კათალიკოზი ნიკოლოზ და დაჯდა დომენტი.

და მაშინღა დაემძახლა მეფე სჳმონ კახს ბატონსა ლევანსა. და მოსცა ბატონმან ლევან ქალი თჳსი, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ყვეს ქორწილი სახელოვანი. და იყვნენ წელსა ხუთსა განსუენებით. და დაიპყრა საქართველო და პატრონობდა კეთილად.

ამისა შემდგომად იწყო ამანცა მტერობა. შემოიყარა სპა თჳსი და ჩამოვიდა ციხედიდს. და მიუმცნო ცოლის ძმასა თჳსსა კახ-ბატონიშვილს გიორგის, ითხოვა მისგან შეწევნა. და მოვიდა გიორგი, ცოლის ძმა მისი, და შემოეყარა ციხედიდს.

მაშინ სცნეს სპარსთა და წარმოვიდეს მსწრაფლ იდუმალ რამეთუ მაშინ ხუნანი, [ღვინჭრობი] და ვაშლოვანი, და თელეთები აოჴრებული იყო, მოვიდნენ და დადგნენ იაღლუჯას. მუნითგან წარმოვიდნენ იდუმალ. რამეთუ მაშინ ტფილისის ციხე თათართა ეპყრა და მათ არა განთქუეს, და ღამე წარმოვიდენ. და ვერა აგრძნა მეფემან სჳმონ ამისთჳს, რომე ფარეშად გერმანოზის-შვილი ყარაულად იდგა მუხათგუერდს, და ის ღამე აღდგომის ღამე იყო. და ასულიყო სოფელსა მუხათგუერდისასა ამისთჳს, რომ აღდგომის სასწაულსა და წირვას გარდიჴდიდა და მერმე წარმოვიდოდა და გზის მცველად დადგებოდა. ამაშიგან შემვლოთ ყიზილბაშთა, და ვერა ეგრძნა ფარეშადს, და დაესხნეს მეფესა სჳმონს.

მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტეს აქათ ჩ~ფო, რამეთუ იბრძოდეს ქართველნი მჴნედ და მეფე სჳმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სჳმონ და სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი შეიქცენ გამარჯუებულნი, და წარვიდენ თჳსად. და იქმნა გლოვა დიდი ძისათჳს ბატონის ლევანისა; და წარიღეს და დამარხეს სამარხოსა თჳსსა ალავერდს. და რა იხილა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით საქმე ესე (და ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის სიკუდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო) -- და ამან განცა ძმა და ქუეყანა თჳსი და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და მუნ დიდად პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თჳსად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი.

ეძჳნებოდა მეფესა სჳმონს და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე შეიყარა ჯარი მეფემან სჳმონ და წარვიდა დაუთხანზედა, ქრისტეს აქათ ჩ~ფჲჱ. და მოვიდა მეფე სჳმონ დიღვამს; და რა სცნა დაუთხან, მოიცა ძალი ყაენისაგან და, რაოდენი ჯარი ჰყვანდა ტფილისსა და გარეშემო საქართველოსნი, შემოიყარა და წარმოვიდა და მოეგება წინა მეფესა სჳმონს დიღვამს. და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა დაუთხანის სპისაგან მრავალი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სჳმონს, და ივლტოდა დაუთხან და შევიდა ციხესა ტფილისისასა, და მოადგა მეფე სჳმონ გარე, და დაიპყრა ყოველნივე გარემონი, და დადგა მრავალხან. და შეაწუხეს, და ადგნენ ხანსა რაოდენსამე.

და რა შეწუხდა დაუთხან, გაგზავნა კაცი სარდალს უსეინ ბეგთანა ყარამანლუსა, და აუწყა შეწუხება თჳსი და ითხოვა მისგან შეწევნა. და რაჟამს ესმა უსეინ ბეგს, მსწრაფლ წარვიდა. და ვერა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მისი, და შემოვიდა ციხესა ტფილისისასა, დაუდვა იმედი დაუთხანს, განიხარა.

და რა სცნა სჳმონი, უკუ-ეცალა, და ავიდა ტაბაჴმელასა. და რა სცნა დაუთხან საქმე ესე, განლაღდა და განვიდა ბრძოლად. და ეწყუნეს ურთიერთას ტაბაჴმელას. შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. და გალომდა მეფე სჳმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა დაუთხანისა ურიცხჳ და იოტეს ბანაკი მისი. და შემოადგა ციხესა მეფე სჳმონ და შეაწუხა დაუთხან, და უზრახა სჳმონ მეფესა, რომელნი მას თანა ჰყვნეს ქართველნი, ხოლო მათ არა ინებეს მოსვლა მის თანა. და სცნა მეფემან სჳმონ სიმაგრე ციხისა და უკუ-ეცალა.

და მიუმცნო დაუთხან შაჰ-თმაზს საქმე ესე. მაშინ მოუწერა შაჰ-თამაზ ჩერქეზსშამხალს სულთანსა შაქისასა, რათა წარვიდეს ლაშქრითა შაქელითა და ყარაბაღელისათა. და წარმოემართა შამხალ-სულთანი სპითა მრავლითა და მოვიდა ქართლად.

რა სცნა სჳმონ მეფემან, შეიყარა სპა თჳსი და მოვიდა აწუფისს, და ისინი მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერი ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და მიერითგან მოუძღოდა იგი და ეტიკობდა. და ეძჳნებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად, და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: "სისხლი თქუენი ჩემსა ქედსაო, უკეთუ გევნოსთო რამეო". და მან წარმოიყვანა.

და რა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მათი ფარცხისს, ჩავიდა და ეწყო მუნ. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდეს ორგნითვე მრავალი. შეუტივა მეფემან სჳმონ ყიზილბაშსა ერთსა და სცა ოროლი და მოკლა იგი. და შეუტივა სხუათა და განშორდა სპასა თჳსსა. მაშინ უთხრა კახაბერ ყორღანაშვილმან ყიზილბაშთა, ვითარმედ მეფე სჳმონ განშორდა სპასა თჳსსა, და აცნობა. და რა სცნეს ყიზილბაშთა, შემოეხჳვნეს მეფესა სჳმონს და შეიპყრეს მეფე სჳმონ და ივლტოდეს სპანი ქართველთანი.

და წარიყვანეს მეფე სჳმონ შაჰ-თამაზთანა და რა მივიდა შაჰ-თამაზ დიდად პატივ-სცა მეფესა სჳმონსა და მიანიჭა ნიჭი მრავალი და ხანსა მრავალსა აიძულა დატეობა სჯულისა. ხოლო მეფემან სჳმონ არა დაუტევა სჯული ქრისტესი და ეგო სიმტკიცესა ზედა, ამისთჳს შეიპყრა და ტყუე-ყო ციხესა ალამუთისასა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა ბატონი ლევან, მპყრობელი კახეთისა, წელსა ქრისტეს აქათ ჩ~ფოვ. და დაჯდა მის წილად კახეთს ძე მისი პირმშო ალექსანდრე. ხოლო ნაშობნი შამხლის ქალისანი, ელიმირზონ ძე ლევანისა და ხოსრო-მირზა, უწინ სჳმონ მეფის მოყურობით გათამამებულნი იყვნენ და განძლიერებულნი. არა უმდაბლეს ალექსანდრესა. და მიერთნენ რომელნიმე კახნი და -- რამეთუ ჩუეულებაცა არს კახთა, -- და მივიდეს თორღას ელიმირზონ და ხოსრო-მირზა.

და რა სცნა ბატონმან ალექსანდრე, შეიყარა მანცა სპა თჳსი და წარვიდა მათ ზედა. მივიდა და ეწყუნენ ურთიერთას. და ქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა ორნივე ძმანი.

და დაჯდა ბატონი ალექსანდრე. და ჰყვა ნაშობი დედისა თჳსისა გურიელის ქალთან ძმა ერთი, და მოკუდა სენითა თჳსითა იგიცა. და დარჩა ბატონი ალექსანდრე მარტოდ.

ხოლო დაიპყრა დაუთხან საბარათიანო და დაჯდა დმანის-ჴევსა ციხესა ქუეშე.

და ცოლი მეფისა სჳმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან, ასული კახის ბატონისა, იყო კავთისჴევს და ჰყვა ძე მისი მცირე გიორგი. და რა ნახეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან, ნესტან-დარეჯან დედოფლის ქმარი ალამუტის ციხეში დაატყუევეს, და ძმანი მისნი მოსრნა ალექსანდრე. და ალექსანდრეც არ იყო კარგი იმისთჳს, ამისთჳს რომე არ იყო ნაშობი დედისა თჳსისა, ამაზედ დრო იცეს ამილახორმან და ქსნის ერისთავმან, და შეესივნეს დედოფალს ნესტან-დარეჯანს და აიფორაქეს და წარიღეს საქონელი ყოველივე, რაცა ჰქონდა რამე. თუ დაუთხანსა არ ენაღულებოდა. და მიერითგან ითქუა: "ვაი ბატონის სჳმონის საქონელიო", რომელსა აწცა იტყჳან ქართველნი.

ხოლო საჩინო ბარათაშვილი იყო სპასპეტი, კაცი ყოვლის კეთილით შემკული და არა მორჩილი დაუთხანისა და არცა ყიზილბაშთა, სიყუარულისათჳს სჳმონისა. ხოლო დღესა ერთსა მოვიდოდა კოჯრისაკენ და, რა მოვიდა ჴევის თავსა გელიყარისასა, მუნ კახაბერი ყორღანაშვილი შემოეყარა წინა, რომელმან უწინამძღურა ყიზილბაშთა და დააჭერინა მეფე სჳმონ. და რა იცნა საჩინომ კახაბერი ყორღანაშვილი, შეიპყრა და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა. და რა მიგორევდა ჩაღმა, იტყოდა თჳთვე ლექსსა ამას:

ყორღან-ოღლი" ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა"

ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა. და ესხნეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე, როსტომ, ასული ერთი ნესტან-დარეჯან. ხოლო ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანსა მანუჩარს, ძესა მამიასასა, ზითჳთა დიდითა. ხოლო ძე მისი ერეკლე გაუარშივდა ალექსანდრეს და წარვიდა სტამბოლს.

და რა ესმა შაჰ-თამაზს წარსვლა მისი სტამბოლს, განრისხდა შაჰ-თამაზ და ჰგონებდა ბატონის ალექსანდრესაგან საქმესა ამას. და წარემართა შაჰ-თამაზ სპითა ურიცხჳთა ალექსანდრესა ზედა და მოვიდა შაჰ-თამაზ ყარაბაღს.

შეწუხდა ბატონი ალექსანდრე. ხოლო იყო სახლთ-უხუცესი ჩოლაყაშვილი და მან უთხრა კახთა და ბატონს ალექსანდრეს, რომე "რაც ამაზედ ცოდვა იქნას ყველასი იყოსო და მე მოვარჩენ კახეთსაო ამოწყვეტისაგანო". და მაშინ მისცეს ჴელით-წერილი ყოველთავე მკჳდრთა კახეთისათა, რაც მაშიგ ცოდვა იქმნას, ჩუენი იყოსო.

მაშინ განიზრახა ესრეთ: ქაისოსრო ათაბაგი მომკუდარიყო და ძე მისი მანუჩარ მცირე დარჩომილიყო, არა ეძლო პყრობა ზემო ქართლისა მანუჩარს და დედისიმედი პატრონობდა. ესე არჩია კახ ბატონის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომ დედისიმედი უღ(ვ)თო ქალი არისო და გლისპიო, და მიუმცნოთ ესრეთ:

ვარაზას" შაჰ-თამაზ ყაენი მანდ მოჰყავსო, ნებავს ამოწყუეტა სამცხისაო და ძისა შენისაო მანუჩარის სიკუდილიო, და მრავალგზის მოგაყივნა ქუეყანასა ზედაო და თჳთონ უნდა ეგ ქუეყანა დაიჭიროსო. და მანდ გაბატონდესო. და დაიჭირე ვარაზა, მოჰკალ და მერმე შაჰ-თამაზ ყაენი ვეღარ მოვა და გაბრუნდება და წავა და მორჩება ქუეყანაო".

და რა ესმა დედისიმედსა, დაიჯერა ამისთჳს, რომ იყო უჭკუო და უმეცარი, გლისპი და ღმრთის უშიშარი ქალი იყო, და შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზ ყაენისა.

და რა ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი მისი, განწერა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოჴრა და ამოსწყჳტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხჳა სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წარმოვიდა.

მაშინ გაუგზავნა კაცი სულტანსა ოსმალისასა და მიუწერა ესრეთ: "ვყოთ მშჳდობა ურთიერთას, რამეთუ სჯულითა ვართ მოსავნი მაჰმადისანი", რამეთუ მაშინ ბრძოლა იყო მათ შორის. უსმინა სულტანმან და შერიგდენ. მაშინ განყვეს ქუეყანანი და დარჩა სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა, და კარი საზღვრამდე აბოცისა და ერვნისა, სომხითი, რომელსა აწ ქურთისტანად სახელსდებენ, ვიდრე ბაღდადამდე. ხოლო შაჰ-თამაზს დაუგდო ქართლი კახეთი, ერევანი და ქურთისტანს აქათი. და მშჳდობა ჰყვეს ურთიერთას და მიერითგან იყო შაჰ-თამაზ მოსუენებით, აღარავინ უძლო მტერობად მისად, და იყო ხანსა რაოდენსამეგანსუენებით.

ხოლო ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კოსტანტინე და მრავალი ძღუენი და თავის-მართლება შეუთუალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა სტამბოლსო, და შეეხუეწა და წავიდა. ისმინა ვედრება ბატონის ალექსანდრესი, შესჯერდა და წარვიდა ადგილსა თჳსსა.

და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა შაჰ-თამაზ და დაჯდა მის წილ ძე მისიისმაილ-მირზა. ამან გამოიყვანა მეფე სჳმონ ალამუტის ციხიდამე და მოიყვანა მის თანა. და ესე ისმაილ-მირზა იყო კაცი მესისხლე და მრავალნი კაცნი დაჴოცნა. და შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამებოდენ, და ექუს თუეს იბატონეს და მოკლეს. და დასუეს მის წილად ძმა მისი შახუდაბანდა. და ესე იყო შახუდაბანდა კაცი უღონო და თუალითა ბრმა, და ვერა იპყრა მეფობა ყიზილბაშთა წესისაებრ.

ამას ჟამსა შინა გამოვიდა ხონთქარის ჯარი, და თავრეზი, ერევანი, განჯა და ყარაბაღი და ვიდრე სულთანიამდე დაიპყრეს ყოველივე ადგილი ადარბაგანისა. და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა ლალა ფაშა, რომელი იყო გამზრდელი ხონთქრისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ. მაშინ დახუდა მანუჩარ ათაბაგი, ძე ქაიხოსროსი და დედისიმედისა, -- და ამას ესუა ცოლად დაჲ სჳმონ მეფისა, -- და დახუდა ესე მანუჩარ ათაბაგი და დაესხა რომელსამე თარეშსა და ნაწყუედსა ჯარისასა, და მოსრა რაოდენიმე, და მერე ვეღარა დაუდგა და გარდმოვარდა ქართლს თავის სიდედრთანა.

ხოლო ლალა ფაშამ ამოსწყჳტა ყოველი სამცხე და დაიპყრა ციხე და სიმაგრენი.

ხოლო მიესმა შაჰ-ხუდაბანდას საქმე ესე და შაჰ-ხუიაბანდას დედამ მოიყვანა, ოთარ შალიკაშვილის ქალმან, მეფე სჳმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაქს მოიხუევენ, -- და იგიცა ქართველი იყო, -- მანცა ეგრეთვე ყო და წარმოუგზავნა ლეჩაქი თჳსი და მოუმცნო: "მეფე სჳმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს ჴრმალიო, ჩუენც მოგუეჴმარე და შენს საბატონოსაცა". და მისცა ნიჭი მრავალი და სამოსელი სამეფო და წარმოგზავნა თჳსსა ქართლად და წარმოვიდა.

რა სცნა დავით, უღონო იქმნა, რამეთუ ყიზილბაშთ იგი გაუშუეს და მეფეს სჳმონს მოეკიდნენ, და ქართველნიც არა ჰყუარობდნენ და თჳთ მეფესი სჳმონისა ერჩივნათ. და ვეღარც დადგებოდა ქართლსა და ვეღარც ენდობოდა ყიზილბაშთა. და მიუგზავნა კაცი ლალა ფაშას, და მისცა რაოდენი ციხენი იყვნენ ქართლსა შინა; და შეაყენნა მცველნი მათნი, და თჳთან წარვიდა სტამბოლს ხონთქარსა თანა.

ხოლო სჳმონ მოვიდა ქართლსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ, და აიღო ციხე გორისა და დაიჭირა ქართლი და სომხითი, საბარათაშვილო და ლორე და ყოველნი სიმაგრენი, თჳნიერ ციხეს გარდა.

და შეუშინდა ქსნის ერისთავი და ამილახორი დედოფლის ურიგოს კადრებისათჳს. ხოლო დაუწყეს ხუეწნა, და ქსნის ერისთავმან მიართუა საუპატიოდ მეჯუდისჴევი და ახალგორი, და ამილახორს გამოართუეს კარბი და კასპი. ხოლო ყორღანაშვილის კახაბერის ცოლი და შვილი და სახლეულნი დაიპყრნეს და გარდაყარეს კლდესა გელიყარისასა და იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა. ხოლო სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდნენ და წარვიდეს რომელნიმე ყიზილბაშად და რომელნიმე ზემო ქართლად.

ხოლო დარჩა დაუთხანს მეუღლესა მისსა თანა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.

შემდგომად ამისსა ჰქონდა შური კახს ბატონს ალექსანდრეს, ცოლის ძმები რომ დაუჴოცა სჳმონ მეფესა, -- და ალექსანდრე დავითის ცოლის ნათესავიც იყო, -- ამ ორის საქმისათჳს ემტერებოდა მეფეს სჳმონს. და რაჟამს იდგა მეფე სჳმონ დიღვამს დედოფლითა ხუბათა, მოუჴდა კახი ბატონი ალექსანდრე, დაესხა თავსა და თჳთ მეფე სჳმონ თავკაცად ძლივ გარდაესწრა; საქონელი და თუ რამე ჰქონდა ყოველივე აუფორაქა. და საფარველი ცოლისა, რომელ არს სამოსელი წჳსისა, შუბის წვერზედ მოახჳა და ესრეთ წარიღი.

და მეფე სჳმონ წარვიდა ლტოლვილი და შემოიყარა სპა ქართლისა. და ალექსანდრეს დაებანაკებინა მარტყოფს ზეით, ადგილსა ჭოტორსა. და რაჟამს შეყრილი წარმოვიდა მეფე სჳმონ, მიუგზავნა ალექსანდრეს მოციქული და ესრეთ შეუთუალა: "შენ რომ შეუტყობრად, ქურდულად მოხველ და თავს დამესხი, მე ხომ მაგას არა ვიქ და თუ კაცი ხარ, დამხუდი, ამა და ამ დღეს მოვალო.

და მივიდა იმავ თქმულსა სიტყუასა ზედა მეფე სჳმონ, ქრისტეს აქათ ჩ~ფპბ, შეიბნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და ივლტოდა ალექსანდრე და კახნი თავადნი სულ ერთპირად ჴელად დარჩა მეფესა სჳმონს. და წარმოვიდა გამარჯუებული მეფე სჳმონ და მოვიდა მცხეთას. და მუნ დააფიცნა კახნი დარბაისელნი ესრეთ, ვითარმედ: "ღმერთმან კახს კაცს მის დღეში ქართველს კაცზედ ნუ გაუმარჯოსო". და მისცა ხალათებს და გაისტუმრა.

შემდგომად ამისა გამოვიდა სარდალი ხვანთქრისა მაჰმად ფაშა, და ჩამოვლო ზემო ქართლი, და აიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი შინა; თჳთ წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს. დახუდა მუნ მეფე სჳმონ შეყრილი სპითა თჳსითა. ეწყუნენ ურთიერთას. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და ფაშა ლტოლვილი წარვიდა და შეეხუეწა ქალაქს ციხეში, ქრისტეს აქათ ჩ~ფპბ.

ჩამოვიდა მეფე სჳმონ დიღვამს და დადგა მუნ, შეჰყარნა თავადნი თჳსნი ჯალაბობრივ და წარვიდა თჳთ დედოფალით და დარბაისელნი და დარბაისლის ცოლნიც თან წარიყვანნა, წარვიდა, დადგა ტბასა ლილოსასა, თავსა, რომელი არს გორა მაღალი, და თან ახლდა ჯარი და სპა თჳსი. და რაჟამს გამოვიდა ქალაქის ციხიდამე მროწეული ურუმთა, გაუსია მეფემან სჳმონ მცირე ჯარი და დაატაცებინა მროწეულნი, და რა იხილნეს მემროწლეთა, ივლტოდენ და ამცნეს ციხესა მყოფთა ურუმთა, და გამოვიდა სიმრავლე ჯარი ურუმთა. და რა იხილა ესე მეფემან სჳმონ, თჳთცა შემოუტივა სპითა თჳსითა და ეწყუნენ ურთიერთას. და მაშინ უყურებდენ დედოფალი და დარბაისლის ცოლები, და ამოსწყჳტა მეფემან სჳმონ ურუმნი და დაჴოცნეს მრავალნი და ციხის კარამდი მიჰჴოცდენ, ამოსწყჳტეს, და ციხე ვერა აიღეს.

მაშინ გამობრძანდა მეფე სჳმონ გამარჯუებული და განისუენა და იხარებდა მცირეთა ჟამთა. და მაშინ კუალად შეჰყარა სპა თჳსი და წარემართა ლორესა ზედა. რა მივიდა, გამოვიდა ფაშა მუნებური და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და მოსწყდა ურუმი მრავალი, კაცი ოთხას სამეოცდაცამეტი, ქრისტეს აქათ ჩ~ფპვ. და აღიღო ქუაბები ლორისა, დაიპყრა ლორე, და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა.

და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისუენა და კუალად შეიყარა და წარმოვიდა და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აღიღო ციხე ლორისა აპრილსა ერთსა, და დაიპყრა ლორე და გამობრუნდა მუნითგან, დადგა სახლად თჳსად.

და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა და დადგა ტაბაჴმელასა. და რა სცნა ასან ფაშამან, რომელი იყო ქალაქის ციხეშიგან, შეიყარა და გამოვიდა, სწადდა თავს-დასხმა მეფისა სჳმოინისა. შეიბნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და შეუტივა ერთსა კაცსა მეფემან სჳმონ და გაიქცა კაცი იგი ძლიერად, გამოუდგა მეფე სჳმონ და იგი გაქცეული კაცი გარდავარდა ჴევსა მას ტაბაჴმელისასა. და ეგრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მოკუდა კაცი იგი ცხენ-კაციანად გარდავარდნილი. და მოისრა მუნ ურუმნი ვითარ ხუთასნი.

მაშინ წარმოვიდა მეფე სჳმონ და მოადგა ციხესა ტფილისისასა და აღიღო ციხე ტფილისისა და ქალაქი დაიპყრა თჳთან და მოსრა ყოველივე, რაოდენიცა იყვნეს ციხესა ტფილისისასა ურუმნი.

და რა ესმა ესე ხონთქარსა, წარმოგზვნა ლაშქარი და სარდალი ერთი. წარმოემართა და მოვიდა ლორეს და აღიღო ციხე ლორისა და დაიპყრა. მოვიდა და დადგა ხატის-სოფელის ბოლოს.

რა სცნა ესე მეფემან სჳმონ, შეიყარა სპა თჳსი, მივიდა და დადგა ხრამის გამოღმა. მაშინ მოიჴელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სჳმონ და მივიდა ფაშასთანა. სჳმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყუანი ესრეთ, ვითარმედ: სჳმონ" მეფემან მოგაჴსენათ: მეყოფა ამდენის ჴრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათჳსო; თუ გინდათ თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ ენდა ისი. აწ თქუენთჳსაც სჯობს და ჩუენთჳსა, შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისაგან".

მაშინ, რა ესეა ფაშას სიტყუანი ესე, განიხარა და შემოუთუალა ესრეთ, რომე კარგად შემოგითულია და სჯობს, რომ შევრიგდეთო. და წარმოგზავნა მეფე სჳმონ და მოვიდა თჳსსა ჯარში. მაშინ მეფემან სჳმონ გასჩხრიკა ყოველივე ძალი და დგომა და საქმე მათი, და მოუარა ხატის-სოფლის გორებიდამე ღამე; და დაესსა თავსა ურუმთა, ამოსწყჳტა და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და რომელიმე დაჴოცეს, რომელიმე შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს.

მოვიდა მეფე სჳმონ გამარჯუებული ტფილისს, და შეიყარა სპა თჳსი, და მიადგა დმანისს. რამეთუ მაშინ დმანისი ეპყრათ ურუმთა. და მოსრნა ყოველნივე დმანისს მყოფნი ურუმნი, და დაიპყრნა ყოველნივე გარემონი. და განასხნა ყოველნივე ურუმნი საქართველოსაგან და თჳთ დაიპყრა, თჳნიერ ერთი გორისა და ლორის მეტი.

და წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თჳსსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და საათაბაგო და ვეღარ შესძინეს ურუმთა მოსვლად.

რამეთუ მას ჟამსა ყიზილბაშთ შაჰ-ხუდაბანდა ყაენი გარდაეგდოთ თავის ჴელმწიფობიდამე თავის ყმათა,და მის წილად დაესუათ ძე მისი შააბაზ. და ამან შააბაზ დაიპყრა თავრიზი და, რაოდენი ადრაბაგანი იყო, ყოველივე დაიპყრა, თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა.

და ჟამსა ამას შინა გადიდდა მეფე სჳმონ და მოირჭმო ძლიერად. ყაენი აძლევდა მრავალსა, და სხუაცა მრავალი ეშოვნა ომითა, და თავისის ქუეყნებიდამ შესდიოდა მრავალი, და [მტერი] არღარა სადა ჰყვანდა, რამეთუ კახ-ბატონს მოესწრა ძე თჳსი და ამასაც მოესწრა შვილები. ამისი შვილები და კახის ბატონის შვილი თჳთ ეყოდენ ერთმანერთს და ნათესავნი იყვნენ ერთმანერთისა და, რათგან ორისავე ძენი ერთმანერთს არას ეცილებოდენ და იყვნენ სიყუარულითა, მამებმაც მშჳდობა ყვეს და იყვნეს მოსუენებით და თავის მამულის მჭირველნი მშჳდობით.

და ჟამსა ამას შინა მტერი აღარავინ ჰყვანდა მეფესა სჳმონს, განძლიერდა და იწადა დაპყრობა იმერეთისა, შეიყარა სპა და გაემართა იმერეთსა ზედა.

ამას ჟამსა მომკუდარიყო პატრონი იმერეთისა გიორგი და ძე მისი კოსტანტინე გაბატონებულ იყო. იგიცა მომკუდარიყო და ძმა მისი ლეონ გაბატონებულიყო. დადიანს მანუჩარსა და იმას შუა მტერობა იყო. და ამა მანუჩარს ჰყვანდა კახი-ბატონის ალექსანდრეს ქალი ნესტან-დარეჯან, რომელი მიათხოვა დიდის მზითჳთა და დიდებითა. ჰყვანდა მასთან ძე ერთი, რომელსა სახელად ეწოდა ლეონ. შემდგომად შობისა ყრმისა ამის მომკუდარიყო ქალი იგი და შეერთო ათაბაგის ქალი ქურივი, ცოლ-ყოფილი ვახტანგ გურიელისა, დედა ქაიხოსროსი, რომელი შემდგომად გურიელ იქმნა, და ოდიშს იგი ბატონობდა. და გურიას გიორგი გურიელი მკუდარიყო და ვახტანგ, ძე მისი დამჯდარიყო გურიელად.

ხოლო არცა ერთი, ემწენ მეფესა სჳმონზედა იმერეთის ბატონსა ლევანს. შეჰყარა რაოდენნი ჰყვანდა, და დადგა გოფანთოს. და მეფე სჳმონც[ა] წარვიდა მის ზედა, შემოიყარა ზემოური იმერლები და მივიდა გოფანთოს. შეიბნეს მუნ გოფანთოსა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გაემარჯუა მეფესა სჳმონს, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟბ, და გაიქცა ლევან, მპყრობელი იმერეთისა, და ივლტოდა ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი, რომელთამე. მძევალი გამოართუა. რომელიმე ვერა ჩაიგდო ჴელში. და ქართლისაც ფიქრი ჰქონდა, გორის ციხეში რომ ურუმნი იდგნენ მისგან, და წარმოვიდა მეფე სჳმონ ქართლსავე. გარდმოვლო მთა ლიხისა და ჯარიც შემოეცალა, დასტური მისცა.

და რა გარდმოვიდა მეფე სჳმონ ქართლად, კუალად ჩამოვიდა პატრონი იმერეთისა ლევან და დაიპყრა იმერეთი მაშინ ლევან და დადიანი მდურობდენ ამისთჳს, რომე. მეფე სჳმონ რომ შეება ლევანს, დადიანი არ მოჰჴმარებოდა, და უწინდელი სამდურავიც იყო. დაუწყო სამდურავი და მტერობა ჩამოვარდა ორთავეს შინა ესრეთ ვითარი, რომე აქეთ ეს შეიყარა და იქით ისი, და შეიბნენ. და გაემარჯუა დადიანსა, და ბატონი ლევან ჴელთ დარჩა, წარიყვანა და პატიმრობაში მოკუდა ამავე ქრონიკონსა ჩ~ფჟბ.

რა სცნა მეფემან სჳმონ, კუალად შეიყარა სპა თჳსი და გარდავლო იმერეთი, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟგ, ჩავიდა ქუთაისს, და ძმისწულსა იმერლის ბატონისასა, ბაგრატს, გაემაგრებინა ციხე. და მიადგა ციხესა და წაართუა ციხე და გამოიყვანა თჳთცა, დამძევლა იმერეთი და დაიპყრა თჳთ და წარმოვიდა.

ხოლო ლევან, იმერელი ბატონი, უძეო დარჩა და ძმისა მისისა ძე, კოსტანტინესი, როსტომ დარჩომილიყო და სხუა აღარავინ იყვნენ. და დაუწყო როსტომ მანუჩარ, დადიანს ლაპარაკი შეწევნისა და შერიგებისა. და უსმინა დადიანმან და მოვიდა, დააპყრობინა იმერეთი. და მოადგენ ციხესა ქუთაისისასა იმერელნი. შემდგომად ამისა აღიღეს იგიცა.

და რა ესმა მეფესა სჳმონს საქმე ესე, შეიყარა სპა, გარდავიდა და აიღო ციხე კუარისა, კაცხისა და სკანდა, და მოვიდა ქუთაისს და აღიღო ციხე. ხოლო როსტომ ვერა წინააღუდგა და ივლტოდა, და წარვიდა დადიან მანუჩართანა. და წარვიდა მეფე სჳმონ ოდიშზედა, ჩავიდა და დადგა ოფიშკჳტს დიდებითა დიდითა და ძალითა მრავლითა.

ხოლო მანუჩარ დადიანმან მოუგზავნა კაცი და შემოუთვალა "შეარიგე როსტომ და და მეც შენ ყმად ვიქმნები, ამას იმერეთი დაანება და დაგჳმონე და დაგრჩება ქუეყანა". რა მოუსმინა მოციქულობა მეფემან სჳმონ, გაჯავრდა და ასე შემოუთვალა: "მოვალ და დამხუდიო". და რა ესმა დარდიანს მანუჩარს საქმე ესე, შემოიყარა მანცა ჯარი თჳსი და, რომელნიმე იმერელნი გარდაჰყოლოდნენ როსტომს თანა, იგინიცა თანა წარმოიყვანა, მოვიდა, დაესხა თავსა გარიჟრაჟზედ მეფეს სჳმონსა. შეჯდა მეფე სჳმონ და სპა თჳსი.

ხოლო მეფესა სჳმონს ჰყვა ორი რჩული ცხენი: ერთსა ერქუა ფალავანი და მეორესა შურდანი. უკეთუ შეჯდის ფალავანსა, გაემარჯუებოდა: იცოდა და იყო ომში გამოცდილი, და მრავალი ომი ენახა და გარდახდოდა, და შეატყობდა და, თუ გაემარჯუებოდა, ფალავანზედ შეჯდებოდა. და, უკეთუ შეატყჳს ომსა და გამარჯუება მისკენ არ იყვის, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა და წამოვიდოდა.

ხოლო ესე ყოველივე ზნე და საქციელი. ძისი უწყოდა ერთმან ვინმე თურქისტანისშვილმან, რომელი იყო შეზრდილი მეფისა სჳმონისი, და ესე მან უწყოდა. და რაჟამს გაჭირდა ომი და შეატყო მეფემან, რომე გამარჯუება დადიანს დარჩებოდა, მაშინ მოითხოვა მარქაფა შურდანი მომგუარეთო.

მას ჟამსა მოაჴსენა თურქისტანიშვილმან: "მეფევ, წასვლის დრო თუ არ არისო, რასთჳს მოითხოვე შურდანიო". წარდგა თურქისტანისშვილი და თქუა: "აქედამ შუბმოუქნეველი არ წავალო. შეუტივა და ჩამოაგდო კაცი და იყო გულსრულად დამარცხებულს ომში თურქისტანიშვილი.

ხოლო მეფე სჳმონ წარმოვიდა მარტო. მაშინ მეფემან სჳმონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და მოაჴსენა მეფესა სჳმონს და შეეხუეწა, რომე ჩემი შვილი იახელითო. ხოლო მეფემან ასე უბრძანა: "დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარო. კაცი არ მეჭირებაო". და ოდეს დაუმარცხდა მეფესა სჳმონს და წარმოვიდა მარტო, რომ ერთი კაცი აღარ ახლდა, მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა. და განგებით მოჰჴდა, რომე მეფე სჳმონ იმავ დედაკაცსა შეეყარა. და იცნა დედაკაცმან და სცნა, რომ დამარცხებიაო. მაშინ მოაჴსენა: "მეფეო, ვეჭობ, მაშინ რომ კაცით მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო" და რა ესმა ესე მეფესა, მისცა მადლობა ღმერთსა და წარმოვიდა მსწრაფლ და გარდმოვლო. მთა და მიიწია ქართლად.

ხოლო შეიბა თურქისტანისშვილი და წარმოვიდა იგიცა. და მეფე მოვიდა კავთისჴევს და მიადგა ერთისა კაცისა სახლსა, რომელი იყო მდაბალი გლეხი, რამეთუ მეფე დამაშურალ იყო და ითხოვა მისგან განსუენება. და გამოვიდა ქალი ერთი და ვერა იცნა, შეუძღუა და დააყენა კარგად, რამეთუ ქმარი მის ქალისა ლაშქარში იყო. და რაჟამს მოუმზადა სერი და მოართუა და იჴმია მეფემან, შეატყო არღარა ნდომა საჭმლისა. მაშინ ჰკითხა ამბავი მეფისა და სპისა მისისა, თუ მეფე რა იქმნაო. ხოლო სჳმონ მეფემან ესრეთ თქუა: "არა უწყი მეფისა, თუ რა იქმნა". და რაჟამს ესმა დედაკაცსა მას სიტყუა ესე, დიდად იწყინა და იმწუხარა და იტირა. და შემდგომად ამისა ჰკითხა ქმრისა მისისა, ნიშნეულად ანიშნა, რომე ამგუარი და ამისთანა კაცი იყო, და ის რა იქმნაო. მეფემან მისიცა უთხრა, არა უწყიო. მაშინ დედაკაცმან უთხრა, რომე, თუ ღმერთმან იპრიანა და მეფე მორჩაო და ის მშჳდობით არისო, ჩემი ქმარიც იმისი ჭირის სანაცვლო იყოსო, და სხუანი, რომელნიცა მყვანანო, იგინიცაო. მაშინ დიდად იამა მეფესა სჳმონს სიტყუა ესე ერთგულობისა დედაკაცისა მისგან, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე დაუწყო წყალობა მეფემან სჳმონ დედაკაცსა მას და ქმარიცა მოუვიდა და განააზნაურიშვილა. და არიან ახლაც გაკეთებულნი კაცნი იგი, რომელნი არიან ქულივიძენი.

და რაჟამს სმენოდა ლორეს მყოფთა ურუმთა დამარცხება მეფისა, მას ჟამსა გამოსულიყვნენ ურუმნი ციხიდამე და მოერბიათ კერძონი რამე ქართლისანი და დამდგარიყვნენ ტაშირზედა და იხარებდენ. მაშინ მეფემან სჳმონ შემოიყარა ჯარი მცირე, სპა თჳსი, რომელიცა დარჩომილიყვნენ ქართლსა შიგან. წარვიდა მეფე და მიუჴდა ლორეს ურუმთა და გაემართა, და ამოსწყჳტა. და აღიღო ციხე იგი და გამარჯუებული წარმოვიდა. კუალად დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თჳსად სახლად.

ხანსა რაოდენსამე უკანა წარვიდა ზემო ქართლად და რა მიიწია გორისჯუარს,

-- და მას ჟამსა ეჭირა გორის ციხე ურუმთა, -- მაშინ დაჯდა სჳმონ მეფე გორიჯუარსა და დაუწყო ღჳნოს სმა, რამეთუ, რაჟამს დაეტყუევებინა ყაენსა სჳმონ მეფე ციხესა ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღჳნის სმასა და მიერითგან ეწეობოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯუარს რომ მივიდა, ჭამა თრიაქი და გამხიარულდა. გახედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწუანილი ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონისმჭამელთაგან მონთომება საჭმლისა რისამე.

მაში ქართველნიცა თანა ახლდენ და თქუა მეფემან: "ესე როგორ გეკადრებათ ქართველთა, რომე მე მწვანილი მინდა და თქუენ გორიდამ მწუანილს არ მომიტანთო". მაშინ გავიდნენ ქართველნი და ჩავიდენ გორის ბოსტნებში და დაგლიჯეს მწუანილი. და დაუშინეს ციხიდამ ურუმთა და ისროლეს მრავალი და ამოსწყჳტეს ქართველნი მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელი იყო პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სჳეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყჳტეს. და მაშინ დაგმეს მეფე სჳმონ უჭკუობაზედ, რომ მწუანილისათჳს ამდენი კარგი კაცი ამოსწყჳტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სჳმონს ეძახდენ, რომელი ითარგმანების ხელი სჳმონ ჴელმწიფე.

ხოლო რა ნახა სჳმონ მეფემან საქმე ესე ურუმთაგან, ეწყინა და შეიყარა სპა და მცირეცა ხანსა შემოადგა გორსა და აიღო ციხე და მოსრა ყოველი ოსმალი, რომელი იყო ციხესა გორისასა.

და ესმა რა საქმე ესე ხვანთქარს, იწყინა და წარმოავლინა სარდალი ჯაფარ ფაშა და სხუა სპა მრავალი. და მოვიდნენ და დადგნენ ნაჴიდურის მინდორშია და დაიბანაკეს. მუნ შეიყარა მეფემან სჳმონცა სპა თჳსი და მივიდა, დადგა თავსა საღირაშნისასა. და მცირეთა ხანთა შინა წარვიდა თჳთ მარტო დასახედავად ჯარისა ათი-ოდენის ცხენოსნითა და წარიყვანა თანა ერთი მექანარე. და მივიდა და გარდადგა თავსა ნაჴიდურისასა; რომელ არს მცირე ეკლესია, მუნითგამო უჭურეტდა და სჩხრეკდა ჯარსა ოსმალთასა, რომელსა იდგა ურუმნი, რათა დასხმოდა თავსა. და, რა დახედა, რქუა მექანარესა დაძახება ქანარისა, რათა შეეტყო მეფესა, თუ ვითარ, უშიშრად არიან. და რა ესმა ჴმა ქანარისა ურუმთა, უთუოდ მეფე სჳმონ მოვიდაო, დაიწყეს კაზმა და შესხდენ ცხენებსა.

ხოლო რაჟამს იხილა მეფემან სჳმონ, წარმოვიდა თჳსისა ჯარისაკენ. ოსმალნიცა მის ქანარის ჴმისაკენ გამოუდგნენ უკანა. და მოვიდა ფარცხისსა, და მომავალსა დახუდა ლია და დაეფლა ცხენი ლიაშიგან. და ვირემ ცხენსა შეჯდებიდა და ანუ გაარჩევდა საქმესა მისსა, ამაზედან ოსმალნიცა მიესწრნენ. და გაიცნეს რა მეფედ, შემოესვივნეს გარე. და მეფე, ვითა სიკეთესა მისსა ჰფერობდა, ეგრე იყო, მაგრამ მარტოობით ვეღარა გააწყო რა და შეიპყრეს მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქ. ხოლო ძე მეფისა სჳმონისა, გიორგი ლაშქართა შინა იყო და მიერითგან აღიყარნეს და წარვიდენ, და მეფეცა თანა წარიყვანეს და წარვიდეს მსწრაფლ, რამეთუ ეშინოდათ ქართველთაგან და ძისა მისისა გიორგისგან, რომე ამას არ გაგუატანებენო უსიკუდილოდო.

ხოლო სცნეს რა ესე ქართველთა და გიორგი, გამოუდგნენ უკანით და სდიეს მოჭირვებით და ვერღარა მიეწივნენ. ხოლო ურუმნი მივიდეს ლორეს და აღიღეს ციხე ლორისა და შეაყენეს შიგან ჯარი თჳსი, და წარვიდეს და წარიყვანეს მეფე სჳმონ და მიიყვანეს სტამბოლს.


მეფე გიორგი

ხოლო ძე მისი გიორგი პატრონობდა ქართლსა ზედან და წარგზავნა კაცი სტამბოლს და შეუკუეთა საჴსარი მამისა თჳსისა. და ესეცა თქმულ არს, რომე ხონთქარმან მრავალი წყალობა და დიდება აძლია მეფესა სჳმონს რომე ქართლს ბეგარა დასდეო და მეყმეო, მაგრამ არა ქმნა მეფემან. ქართლს ყაენის ბეგარა სჳმონ მეფემ დასდვა კუამლის თავს მარჩილი გლეხსა, და იმ თეთრითა იყიდდა შჳდს ტყუესა და გაუგზავნიდა ყაენსა, -- მიერითგან დადებულ არს ტყუე ქართველთა ზედა, -- და არა დასდვა ხვანთქრისა. და საჴსარი შეუკუეთა და გამოგზავნა ძესა თჳსსა თანა გიორგისსა კაცი და რაოდენი მათთჳს საჴსარი ეთქუა, იგი თეთრი სთხოვა. და მაშინ გაუგზავნა გიორგი საქონელი, რაოდენიცა ან მამისა დარჩომოდა, და ან თჳსი ჰქონდა გიორგის, და ან რაოდენიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ. ანუ საყდრისა და მონასტრისა იყო საქონელი, ყოველივე გაუგზავნეს. და სანამდის საქონელი ესე მივიდოდა, მანამდი მეფე სჳმონ მომკუდარიყო პატიმრობაში და საქონელიც იქ დარჩა.

ხოლო მეფე გიორგი მოადგა ციხესა ლორისასა და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე. v შემდგომად ამისა მოკუდა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქათ ჩ~ქიდ, და არა დარჩა ძე. ხოლო მჴევლისა ნაშობი ჰყვა ძე ერითი გიორგი და დასუეს მის წილად პატრონად იმერეთისა.

ხოლო მოკუდა დადიანიცა მანუჩარ და ჰყვა მას ძე ერთი სახელად ლევან, ნაშობი კახის ბატონის ქალის ნესტან-დარეჯანისაგან. და ესე ლევან წარმოეყვანა კახეთს კახს ბატონს ალექსანდრეს, პაპასა მისსა, და გაეზარდა. და რაჟამს მოკუდა მანუჩარ დადიანი, გამოგზავნეს ოდიშართა კაცი და სთხოვეს იგი და წარიყვანეს, მიიყვანეს და მუნ დადიანად დასუეს და გაძალიანდა.

ხოლო კახეთს იჯდა ალექსანდრე. მაშინ მოვიდა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა და იჴმო მან მეფე გიორგი და პატრონი კახეთისა ალექსანდრე შუელად და აღებად ერევნისა. და წარვიდენ ორნივე ესენი სპითა თჳსითა. და სამს კუთხეს თჳთან თავისის ჯარით ადგა და ერთს კუთხეს ესენი დააყენა. და, რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა ქართველთა მოიჭირვეს და გარდავიდენ გალავნებში და იომეს დიდად და, სანამდი ყიზილბაშნი შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩუენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა და აღიღეს ციხე.

მაშინ დაიპყრა ერევანი, და მერმე დაუწყო ყაენმან მეფეს გიორგის ლაპარაკი: "რადგან ხვანთქარი ჩემი მტერიც იყო და შენიცაო და ახლა რადგან მე გავრჯილვარ და აქ მოველო, ლორე ჩემი იყოსო". მაშინ მეფემან გიორგი ჯერეთ შორს დაიჭირა და, რადგან მოჭირვებით სთხოვა, სხუა ღონე აღარა ჰქონდა და დაანება. მაშინ დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა. შეიქცა და წარვიდა თჳსსა სამეფოსა. და ესე უყო შააბაზ მეფესა გიორგის მამისა მისისა სამსახურისა და თჳსისა სამსახურისა მაგიერად, რამეთუ ესე შააბაზ [იყო] კაცი მცბიერი და მოყუარე მზაკუარებისა, მცთუნებელი კაცთა და მატყუარი.

და ვითარცა მოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თჳსსა, მაშინ ინებეს ხილვა და სტუმრობა მეფის გიორგისა ბატონის ალექსანდრეს ძეთა, დავით და გიორგი, რამეთუ მეფის გიორგის ბიძაშვილნი იყვნენ დედით. და, რა მიიწივნენ, მიეგება მეფე ავლაბარში და შემოუძღუა და დააყენნა. დიდად იამათ შეყრა ერთმანერთისა და ილხინნეს დღესა როდენსამე. და მერმე კუალად უჴმო შიგან თჳსსა სერსა ზედა და წარვიდა დავით. ხოლო გიორგი მიზეზ ყო ღჳნის უსმელობა და წყენა ღჳნისაგან და არა წარვიდა, და წარვიდენ იგინი. მაშინ გიორგი მოუწოდა მის თანა მყოფთა კაცთა იდუმალ, რამეთუ წინათვე განეგულვა აღრჩევით საქმე ბოროტი, შურითა ბელზებულთათა სიკუდილი ძმისა თჳსისა უხუცესისა დავითისი. რამეთუ ესე დავით იყო კაცი მრისხანე და ამაყი, ხოლო გიორგი იყო კაცი შუენიერი ხილვითა და კეკლუცი, და ყმათათჳს კეთილი და უხჳ. და ამისთჳს უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა.

და ჰგონებდა გიორგი, ვითარმედ მთვრალ იქმნების ღჳნითა იგიცა და მისთანანი კახნიცა და მაშინ აღასრულებს ხენეშთა გულის-ნებასა თჳსსა. და აუწყა ყოველივე მუნ მყოფთა და შემოიფიცნა კახნი და იმარჯუებდა ჟამსა მარჯუესა და უთხრობდა ყმათა: "მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა".

და რა შეფიცნა ყმანი თჳსნი, მაშინ იყო ვინმე ჩოლაყაშვილი, კაცი ღმრთის მოშიში, სახელით ბარამ. ესე წარვიდა მსწრაფლ და აუწყა ყოველივე დავითს და მოაჴსენა საიდუმლოდ, რაცა განეგო მისთჳს გიორგის ძმასა მისსა. და, რა ესმა საქმე ესე დავითს, მყის წარმოდგა სერისაგან და წარმოვიდა და გამოჰყვნენ ყოველივე კახნი; და ვითარცა მოიწია ძმისა კარავსა შინა, მაშინ იხილა გიორგი, რამეთუ იჭურვოდა საჭურველით მაშინ რქუა: "ძმაო, რას საქმეზედ იჭურვებიო" და ვერარა სიტყუა უგო. მაშინ შეიპყრა ძმა თჳსი გიორგი და რაოდენიცა იყვნენ კახნი შეფიცულნი მის თანა. და ვეღარც მეფემან გიორგი უსაყუედურა საქმე ესე დავითს ამისთჳს, რომ უმართლე იყო. და წარმოიყვანა ძმა თჳსი და თორღას ციხეში პატიმარ ყო, და თორმეტნი ყმანი, მისნი შეფიცულნი, ჭოეთის ციხიდამე გარდმოყარნა და დაჴოცნა, სხუანი შეფიცულნი მისნი პატიმარ ყვნა. და თჳთ ბატონობა მისი მიუღო მამასა თჳსსა და თჳთ გაბატონდა. და თუესა ექუსსა იბატონა და მოევლინა რისხვა ღმრთისა მამისა უსამართლობითა და მოკუდა.

და კუალად დაიპყრა მეფობა მამამან მისმან ალექსანდრე და გამოიყვანა ძე მისი გიორგი ციხიდამე, რამეთუ არღარა ჰყვანდა ძე მის მეტი, და ამყოფა თჳსთა თანა.

ხოლო ამა დავითს ჰყვანდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთევან, და დედისიმედისა, რომელი შემდგომად მოწამე იქმნა, და. ესე ქეთევან იყო გონიერი; და მაშინ სცნა, ოდეს მოკუდა ქმარი მისი დავით, დარჩა კახეთი გიორგის. და ამას ქეთევანს ჰყვანდა ძე ერთი დავითთან, თეიმურაზ, და შეეშინა ქეთევანს ახსოვდა, ოდეს დაიჭირა დავით ძმა მისი გიორგი და დაატყუევა ციხესა შიგან, ეშინოდა ქეთევანს ძმისა მისა მისთჳს, და წარგზავნა ყრმა თჳსი ყაენთან შიშისათჳს გიორგისა. რამეთუ ეშინოდა გიორგისგან, მაზლისა თჳსისა, და მისთჳს გამოგზავნა ყაენთანა და თანაგამოატანა შერმაზან ჩოლაყაშვილი. და მივიდნენ შააბაზთან, და შააბაზ ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო.

ხოლო ამას შააბასს სწადოდა დაპყრობა საქართველოსა, და მრავალი ღონე და ჴერჴი იჴმარა და ცდილობდა, რათამცა დაეპყრა საქართველო, და ვერ შეუძლო. მოიპოვა ღონე ესევითარი: რომელი მიეცა კახ-ბატონს ალექსანდრეს ძე თჳსი კოსტანტინე ესე გაეზარდა შააბაზს და გაეწუართა სჯულსა ზედა მაჰმადისასა. და ამა კოსტანტინეს ჴელით გაუგზავნა ხალათი მამასა მისსა ალექსანდრეს, და გაატანა თანა ჯარი და შირვანელი, და ესრეთ დააბარა კოსტანტინეს: დავით" ხომ მომკუდარა და სხუა აღარავინ დარჩომილა მამის შენის მეტი, წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი, და კახეთიც შენ დაიჭირე".

და წარვიდა და წარიტანა ჯარიცა თანა და რა მიახლოვდა გაუგზავნა კაცი მამასა თჳსსა და ესრე შეუთუალა, ვითარმედ: "ყაენმან ხალათი გამოგზავნა და მეც დასტური მომცა და გამომგზავნა შენად სანახავად" და რა მოუვიდა მახარობელი, ესრეთ განიხარა დიდად, რამეთუ მაშინ იდგა გრემს, წარმოვიდა და მოეგება ბაზარს ძესა თჳსსა და შეიყარნენ მუნა. და მუნ ჩააცვა ალექსანდრე ხალათი და დიდად განიხარა შეყრა და ნახვა ძისა თჳსისთ. და დღესა რაოდენსამე იყვნენ ლხინითა და მოსუენებითა.

დღესა ერთსა აწჳა თჳსსა კარავსა მამაცა და ძმაცა თჳსი და უთხრა ესრეთ, ვითარმედ: "ყაენის საქმე მაქუს", და დაითხოვნა კაცნი და წარვიდენ კარვად თჳსად, და დარჩა მას თანა რუსთველი და ძმა მისი. და რაჟამს ესრეთ დააჴელა, მაშინ დაპირებული ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი და შემოცვივდენ კარავშია და უღალატა და დაჴოცეს. მაშინ მოკლა მამა და ძმაცა თჳსი და რუსთველი, ყორჩიბასიცა ძმა მისი, ქრისტეს აქათ ჩ~ქიე.

ხოლო რაჟამს აღასრულა ესევითარი უკეთურება და კუალად შესძინა უკეთურება უკეთურებასა ზედა: და მაშინ მიუგზავნა რძალსა თჳსსა ქეთევანს კაცი, რომელი იყო ცოლი დავითისა და დედა თეიმურაზისა, და შეუთუალა, ვითარმედ: "შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩუეულება სჯულად მაჰმადისა".

და რა ესმა საქმე ესე ქეთევანს, და შეწუხნა დიდად და მოუწოდა რაოდენთამე კახთა და უთხრა საქმე და შეეხუეწა მოდგომასა საქმესა ამას ზედა. მაშინ მისცეს კახთაცა პირობა და შეჰფიცეს, რომე შენს მეტი ბატონი ჩუენ არ გვინდაო. და შეიყარნენ და წარვიდენ და შეებნენ. და მისცა ღმერთმან ძლევა ქეთევანს და განემარჯუა კოსტანტინესა ზედა: და მოკლეს კოსტანტინე კახთა და გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშთა.

და რა გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშისა, მოართუეს ამბავი ესე შააბაზს. და რა ესმა საქმე ესე, მაშინ მოიჴმო შააბაზ თეიმურაზ, ძე კახის ბატონისა, რომელი წარეგზავნა დედასა მისსა ქეთევანს ყრმა მცირე, და აგინა დიდად კოსტანტინეს, დაგმო და უთხრა თეიმურაზს: კოსტანტინეს" დაუჴოცია მამა და ძმა თჳსი და აწ იგიცა მოუკლავთ, ახლა შენთჳს მომიცემია კახეთი და წადი ჩაფრად და დაიჭირე კახეთი". რამეთუ ამისთჳს ქმნა საქმე ესე შააბაზ, რომე დიდად ეშინოდა ქართველის მეფისაგან, ნუუკუე კახეთი მან დაიპყრასო, და ამისთჳს გამოგზავნა თეიმურაზ ჩაფრად.

მაშინ წარმოვიდა თეიმურაზ ჩაფრად და მოვიდა კახეთს. და მივიდა დედისა თჳსისა თანა. და იქმნა სიხარული დიდი და მხიარულ იქმნენ კახნი ფრიად. და გაბატონდა თეიმურაზ, და მაშინ იყო წლისა ცამეტისა.

გაგრძელება წინა ნაწილი მეფე ლუარსაბ

და მას ჟამსა მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ პატარა. და ამას ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და საჴმართაგან უღონო: ლაშქრობისა და ოჴრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად, სჳმონ მეფე რომ ურუმთ ტყუედ ჰყვეს, მაშინ გამოიღეს საჴსარი მრავალი და არღარა დაზოგეს რა ქართველთა თავისის ბატონის გამოჴსნისათჳს. და ამაში მეტად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.

ოდეს მოკუდა გიორგი მეფე, დარჩა ორი ასული შუენიერი და სატრფიალო: სახელი ერთსა ხორაშან და მეორესა თინათინ. და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ, მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაჲ თჳსი ცოლად. და მისცა დაჲ თჳსი თინათინ და ესუა ცოლად შააბაზს.

და მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და რა იქმა წლისა ათხუთმეტისა, მაშინ ითხოვა ქალი გურიელისა და ქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად გამოჩუენებით. და ხანსა რაოდენსამე უკანა მიეცა ძე ორი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე, მეორისა ლევან. და ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონის თეიმურაზისა, ასული გურიელისა. და ყო მწუხარება და გლოვა დიდი ბატონმან თეიმურაზ და სრულიად კახთა, და იყვნენ დიდსა ურვასა შინა.

მაშინ მიესმა საქმე ესე შააბაზს, გლოვა და მწუხარება კახის ბატონისა, წარმოგზავნა კაცი და შემოუთუალა, ვითარმედ: "მესმა შენი მაგ[გ]უარი მწუხარება და შეჭირვება, და წარმოვედ ჩემდა, და მნახე და განიხარე, და მოგცემ წყალობასა და საბოძვარსა მრავალსა"

. წარვიდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანა და დახუდა ყაენი დიდად კარგად და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ლხინობდენ და შეექცეოდენ. და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიჴმო ბატონი თეიმურაზ საიდუმლოდ და უთხრა ყაენმან ესრეთ, ვითარმედ: "მეფესა ლუარსაბს სთხოვე დაჲ მისი ხორაშან და შეირთე ცოლად, რამეთუ იქმნები ქუისლი ჩემი და მოყუარე ლუარსაბისა და არღარა იქმნება თქუენსა და იმას შუა მტერობა და შური". ხოლო მეფემან თეიმურაზ უთხრა უარი, რამეთუ ეყოდენ და ნათესავნი იყვნენ, პაპიდაშვილი იყო, და ამისთჳს უთხრა დიდი უარი. მაშინ არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა. და წარმოგზავნა თჳს[ს]ა ადგილსა და მოვიდა თეიმურაზ კახეთსა. ხოლო ყაენმანც მოსწერა ლუარსაბს მოყურობა თეიმურაზისა. და სთხოვა ქალი თეიმურაზ, და ყაენის სიტყუას ვერცა ლუარსაბ გარდავიდა და მისცა დაჲ თჳსი ხორაშან. და წარიყვანა ქალი და ქმნა ქორწილი პატიოსანი თეიმურაზ.

ხოლო ამა ჟამსა შინა ხონთქარი სულთან მურად ბაღდადს მიწევნულიყო და ყირიმის ჯარი თან ახლდენ. და რაჟამს ხვანთქარს სულთან მურადს ბაღდადის საქმე გაერიგებინათ, მაშინ ყირიმის ჯარისათჳს დასტური მიეცა. მაშინ ერთსა ვისმე თათარხანთათჳს ერჩია, რომე, რადგან წავალთ, ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩუენზედაც მარჯუე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვნოთ და წარვიდეთ უზიანოთ. და წარმოემართნენ ქართლზედ ვითარ სამოცი ათასი კაცი. და მას ჟამსა მეფე ლუარსაბ იდგა ქრცხინვალს. და ამ ჟამში გამდიდრებულ იყო ქართლს მოურავი სააკაძე გიორგი, რომელი იყო მოურავი ტფილისისა, და ესრეთ გამდიდრებულიყო, რომე შემდგომად მეფისა იგი იყო. და ამას უთხრეს ქუეყნის არევის მოყუარეთა და მეჩხუბართა კაცთა, ვითარმედ: "მეფე სიკუდილს გიპირებს, რამეთუ სძაგს სიმდიდრე და მორჭმა შენი". ხოლო მოურავს რა ესმა საქმე ესე, დაიწყო რჩევა და ლაპარაკი. მაშინ მიუგზავნა მეფემან კაცი და შეუთუალა, ვითარმედ: "რა გნებავს. ყოფად, რომე დღითი-დღე არა დასცხრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან". ხოლო მოურავმან მიუგზავნა მროველი ავალიშვილი დომეტი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "სიკუდილსა და ღალატს მიპირებო და რას მემართლები, დანაშაული რა მაქუსო, რომ მიწყრებიო და გნებავს სიკუდილი ჩემიო". ხოლო მეფემან უარყო და ფიცით შეიჯერა, ვითარმედ: "არა მწადს სიკუდილი შენიო".

და ამა ჟამსა შინა მოუვიდათ ამბავი, რომე თათარხანი თრიალეთზედ მოვიდაო. მაშინ გუნება ვერ დაასერეს მართლა და გაგზავნეს იარალი, რომე წადი და მართალი შეიტყევო, და გზები შეკარო, და ადრე გვაცნობეო ამბავი, თუ მოსულანო. რამეთუ მაშინ მეფე იყო სუბათ და არავინ ახლდენ დარბაისელნი ქართველნი, რამეთუ იყვნენ თავისა, და წარმოვიდა და დადგა მეფე ცხირეთს.

მაშინ წარვიდა იარალი და დახერგა გზები და ერთსა მოსავალსა ალაგსა დადგნენ თჳთან. და თჳთ უგრძნობლად თავს წამოადგენ თათარნი და მძინარენი ამოსწყჳტეს და დაჴოცეს, და ერთიცა მათგანი არავინ განერა.

და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და კუელთა. და მუნ კუელთას შეიპყრეს მღდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა და ერთგული მეფისა თჳსისა. და რა მოვიდენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს მღდელს თევდორეს ლახტითა ცემა და ეტყოდენ, ვითარმედ: "მიგვიძეღ მეფეზედა", და სწადდათ სიკუდილი მეფისა. და მღდელმან გულში ასე თქუა: "ჩემის ორის დღის სიცოცხლისათჳს ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღუე და მეფე მოვაკულევინო და ქართლიც გააოჴრონ, მე რაღა მეშუელებაო და ან ჩემს სულსაო". მაშინ მღდელი წამოუძღუა და ქუენადრისის გზაზედ ჩამოუძღუა, ერთაწმიდასა და ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩნენ; და მაშინ სცნეს ყირიმთა, რომ მეფეზედ შორს იყვნენ, და გააგდებინეს თავი მღდელს თევდორეს. და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.

და რა მოიცვეს ერთაწმიდა, ახალქალაქი, მაშინ წამოხედეს ცხირეთიდამ მეფემან და სპათა მისთა, რამეთუ ქრცხინვალიდამ წამოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო, და ნახეს ჯარისა სიმრავლე. მაშინ თანა-ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი ზაზა. მაშინ მოაჴსენა მოურავმან მეფესა ვითარმედ: "ნუ ასჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმან რა მოახდინოსო". რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკუიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი, და რომელიმე იყვნენ გარემონი ჯარნი, მოვიდა და შემოეყარა მეფესა, და სხუანიცა ბარათიანნი და რომელნიცა იყვენ მის-კერძონი ქართველნი; შეიყარა ჯარი თჳსი, რაოდენიცა ჰყვანდა, და ზაზაცა თანა-ახლდა. და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზედ და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის ჭალაზედა და მუნ დახუდენ ყირიმნი. მაშინ შეუტივეს მოურავმან და დაჴოცა ჯარი მრავალი და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი. ხოლო ზაზა ციციშვილმან მოკლა ერთი დიდი ფაშა და ჩამოჴდა, თავსა სჭრიდა. ამაზედან წამოადგნენ მრავალნი ყირიმნი და, რა სცნა, ზაზამან მოჭრილი თავი წუერით კბილში დაიჭირა და მოახტა ცხენსა და წარმოვიდა. და სხუანიცა მრავალნი სახელნი ქმნეს იმ დღესა. მოვიდენ და მოართუეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყუენავი.

შემდგომად ამისა აიყარნენ თათარხანნი და წავიდენ საციციანოსაკენ. ხოლო მისწერეს მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართლელთა ყოველთავე, რათა შეიყარონ ჯარი თჳსი და სურამის ბოლოს დახუდენ. ხოლო ყირიმნი წარვიდენ, მივიდენ დოეს[ს]. და, რა მივიდოდენ, მაშინ ერთი ტერტერა გორელი გორიდამ მოვიდოდა თავლსთჳს უგრძნობელად. და მიმოიხედვიდა იმიერ და ამიერ ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღვსებულნი ჯარითა. და მაშინ სცნა ტერტერამან, რომე არა იყვნენ ქართველთაგან[ნ]ი, და სცნა, რომე უსჯულოთაგანნი არიან ვინმე და მარბეველნი ქუეყნისანი. და მსწრაფლ უკუნიქცა ტერტერა იგი, და მიივლტოდა გორის-კერძო; განვლო ჴიდი მტკურისა, და გარდაყარა ფიცრები ჴიდისა სრულიად, და ჩაყარა წყალსა შიგან, და აშალა ჴიდი; და მივიდენ ყირიმნიცა ზედა-მიწევნით, და დახუდა ჴიდი აყრილი და შეუძნდათ ფრიად და ვეღარა გაიარეს ჴიდზედა.

მაშინ დაჭმუნებულნი მიიქცენ და წავიდენ გზასა საციციანოსასა და შევლეს საციციანოსა ზედა, დაწვეს და დადაგეს საციციანო. და წარვიდეს და მივიდეს ბრბონას და დაიბანაკეს მუნ. მაშინ დააქციეს სახლები, გადვეს ჴიდი და გავიდენ მტკუარსა, მივიდენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში.

ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდენ და მოვიდენ ახალდაბას. მაშინ იყო მტკუარი დიდი, რამეთუ თუე იყო ივნისი, და არა იყო ფონი. მას ღამესა ათივეს ღამე ვედრებითა და ლოცვითა მჴურვალითა, და მიანდვეს საქმე ღმერთსა და დაასკვნეს. შესვლა მტკუარშია ფონად, და ეგრეთ განვლად მიერ წიაღად. და ვითარცა გათენდა, შევიდეს წყალსა მას შინა. და იყო მაშინ მტკუარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში. და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა არა წამჴდარა რა, არცა კაცი და არც ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა, და ჩამოვლეს იდუმალ მათ, და უგრძნობელად მტკურის პირ-პირ ასე ჩამოვლეს, რომე მათ ყირიმთა ვერა უგრძნეს რა, გამოიარეს და მოვიდენ და შემოიყარეს ქართველნი, რომელნი იდგეს სურამის ბოლოს.

მაშინ არჩივა მოურავმან: "თხრილის პირს გარეშემო მეთოფე[ე]ბი შემოვახვიოთო და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო". და დაუჯერეს მოურავსა და მივიდენ ეგრეთ, როგორადაც არჩივა. მაშინ იქმნა ომი დიდი იქით და აქეთ, და დიდად მოჭირვებით და გულსრულად შეიბნენ, ძუელთა გმირთაგა ცა ძნელად შესაძლებელად საგონებელ იყო, რომე მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველნი იბრძოდენ. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამს და გედეონს. და აღსრულდა წინასწარმეტეუელისა მოსეს მიერ თქმული ლევიტელთათჳს ბრძანება უფლისა, ვითარმედ: "ხუთმან თქუენგანმანო წარიქციოს ასი და ასმან თქუენგანმან ბევრეულ", და მოციქულისა პავლეს მიერ თქმული: "ძმანო, ღმრთის-მოყარეთა ზოველივე განუმარჯვოს კეთილად". ეგრეთვე ამათ სასოებითა ღმრთისათა მიეცა ძლევა დიდი და ესრეთ განემარჯუა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სრულიად, ბანაკი მათი იავარ ყვეს: "რაცა ოდენ ქართლიდამ ეშოვნათ, ტყუე თუ საქონელი იგიცა ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართუეს. და რაც ოდენ შეიპყრეს ყირიმნი მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერნენ. იჴმიეს სივლტოლა და წარვიდნენ მოსაკიდელზედა შეშინებულნი და დანქრეულნი. შევიდენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდლისასა, არა აქუნდათ ღონე გზის განგებისა. და მაშინ ჰპოვებდენ დედანი მოსაკიდლის სოფლისანი ტყეთა შინა დამალულთა ყირიმთა კაცთა, შეიპყრობდენ, მოჰჴდიდნენ დოლბანდსა და, თუ რამე ჰქონდათ, წაართმევდენ და კაცთა შეიწყალებდენ და განუტევებდნენ. ესეთი გამარჯუება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და შემოიქცენ გამარჯუებულნი და აღსავსენი საქონლითა და ჰქონდათ ლხინება და სიხარული.

მაშინ არჩივეს, რაოდენცა კაცნი დაეჴოცათ ყირიმთაგანი, დასჭრეს თავები და წარმოუგზავნეს ყაენსა და მიულოცეს გამარჯუება. და გაუძღუანეს წინა გარასპი ფავლენისშვილი და, რა მივიდა და მიართუეს ყაენსა თავები, იამა დიდად და დაუმადლა მეფესა. გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მოულოცა მანცა გამარჯუება.

და ამას შინა უფროსად გამდიდრდა მოურავი: მოიპოვა ღონე ესე, რამეთუ ცოლი არა ესუა მეფესა ლუარსაბს, ყმაწვილიცა იყო, არჩივა მოურავმან, დაჰპატიჟა მეფესა და დახუდა კეთილად. და გამოჩუენებით. და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბ. მაშინ ჰყვანდა მოურავსა დაჲ ერთი მეტად შუენიერი და კეკლუცი და დააყენა მეღჳნედ თავს მეფესა. და მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა.

მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსა შინა, რამეთუ წინათ რომ მოურავმან ღალატი დასწამა მეფეს, ჰგონებდა არ დამინდობსო, ესრეთ განიზრახა, ვითარმედ მოეწონება დაჲ ჩემი მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასა ჩემსა და მივცემ ცოლად, და, უკეთუ არა ინდომებს ცოლად, მაშინ ვინცა-ვინ ჩემნი მოკიდებულნი კაცნი არიან, უფროსად ყოველნივე მე მომიდგებიან, და მეფეს შეუორგულდებიან და ამით წავაჴდენო, და თუ ცოლად შეირთავს, მტერნი ჩემნი გაუორგულდებიან და მეფეს ჩემის მეტი ღონე არ ექნება, და რა ჴელთ ჩამივარდება, რასაც მინდა ვიქო. დაასკუნა რჩევა ესე.

და იყვნენ ლხინზედა დიდად მხიარულნი და მოეწონა მეფესა ქალი იგი. დღესა მეორესა მიუგზავნა კაცი მეფემან. და სთხოვა ცოლად დაჲ თჳსი მოურავსა.

მაშინ მოურავმან მოაჴსენა ჴერჴით: "მეფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ყმა შენი, დაღაცათუ ჟამსა ამის წყალობითა და თქუენის მრავლი კეთილის ბოძებითა განმდიდრებულ ვარ და დიდად არს სახელი ჩემი, არამედ მტერნი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად არავინ მიიჩნევს და არცავინ განდომებს თავსა ჩემსა, დაგიწყებენ ბეზღობასა და გამიწყრომობენ თქუენს თავსა".

და ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინღა კუალად აცნობა მოურავმან დედასაცა მეფისასა, კუალად ჴერჴით, და შეეხუეწა, რომე თქუენი შვილი, მეფე ლუარსაბ, ჩემს დას მთხოვსო ცოლად, და მე ჩემის ნებით არ ვაძლეო და მაზედ მომეჴმარენით, რომე კაის საქმით მომარჩინოთო".

მაშინ სცნა რე ეს საქმე მეფემან, არა უსმინა და შეირთო დაჲ მოურავისა. v ხოლო დედა მეფისა იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელითა მარიამ. მაშინ, რა სცნა ქორწილი, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარა გააწყო რა. და მოიყვანა ქალი ტურფად შუენიერი და ჰყვანდა თუესა როდენსამე.

მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის მოყუარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი, ვითარმედ: "მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩუენზედ დიდადუმცირესი არისო და [უ]მრწმესი გუარითაო. ჩუენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი ყმად რად მივსცეთო, და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა.

დაღაცათუ არა ენება მეფესა მოურავის გამომეტება, არამედ დიდად იიძულეს სიტყჳთა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა ს[ჯ]ულიერისა მის წმიდასა ქორწინებისაგან, და დიდად უარის ყოფასა და არა რწმუნებასა წმიდისა სახარებისასა, ვითარმედ: "რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ", და ამისთჳს დიდად უბრალო იყო მეფე და სწადოდა განტევება ღმრთისაგან მოცემულისა მეუღლისა დიდად მიაჭირვეს სიტყჳთა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და ებრძანა განტევება.

და რა ამაზედ დაიყოლიეს მეფე, კუალად იკადრეს სრულიად ამოწყუეტა და გათავება მოურავისა. და შეატყუეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვაჴსენბთ, ვერ ურჩ გუექმნებაო. კუალად შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა და მოაჴსენეს: "ვინათგან დაუტეობ და დაუგდებ მოურავსა დასა, ესე უწყით, რომე ამას მოურავი არ დასთმობს, დიდად სახელოვანი კაცი არის, გაგიორგულდება და ბევრი ავი მოჰჴდებაო". მაშინ ურჩიეს ღალატი და სიკუდილი მოურავისა.

და იდგა მეფე ლუარსაბ მას ჟამსა წავკისის თავსა. და მაშინ იჴმეს მოურავი და აწჳეს, ვითარმედ ყარაიას ვინადირებთო, მოდით და შევექცეთო. მაშინღა მსწრაფლ მოვიდა მოურავი უზაროდ და არა უწყოდა საქმე გაგებული მას ზედა. და სწადდა მეფესა ხვალისა დღე სიკუდილი მოურავისა ღალატითა.

დაასკუნეს რა საქმე ესე. არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იჴსნა მეფე ლუარსაბ უბრალოს კაცის სიკუდილისაგან და სისხლისაგან; და მოვიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი, ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.

ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისაგან რომელ არაოდეს უყოფიეს კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თჳსისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და დააჭრეს ცხვირ-პირი. და, რაც ოდენ ამას ქუემოთ წერილ არს, მოთხარა სახლისა მეფისა და აოჴრება საქართველოსი, ყოველივე სიტყჳთა ბააკასითა იქმნა.

ხოლო სცნა რა მოურავმან საქმე ესე, გარდიხუეწა შიშუელა სახურავიანის ცხენითა და განვლო გზა გელიყარისა და მივიდა ნოსტევს, აჰყარა ცოლშვილი თჳსი და მივიდა დიდგორის მთასა. გაჰყვნენ ყმანი თჳსნი.

ხოლო გამოუსია მეფემან სპა და მოვიდენ ნოსტევს და მოიცვეს ნოსტევი და შეკრეს გზები ყოველგნით. მაშინ მოურავი შეჯდა და წარმოვიდა ცოლშვილიანად მთა-მთა, ჩამოვლო უგზოდ მთები, უგრძნობელად ყოველთა მდევართაგან, და ჩამოვიდა მცხეთას. და დახუდა საბაჟოს გზა შეკრული და ჴიდიცა. და მაშინღა განვლო უგრძნობელად მცველთა, და განვიდა არაგუს ზეით ღამით ადიდებულსა მტკუარსა ცხენის ცურვითა ცოლშვილიანად უზიანოდ, რომე არარა წაჴდენია წყლითა.

მაშინ განსრულმან თაყუანის-ცა მჴურვალად სუეტსა ცხოველსა ღ(ვ)თივ-აღმართებულსა და წარვიდა არაგჳს ერისთვის ნუგზარისასა.

ხოლო ესე ნუგზარ არაგჳს ერისთვის მამა-პაპათა ამოსწყჳტეს პატრონი ჴევისა თექთურმანისძე და დაიჭირეს ჴევი, და მიერითგან მისცა მეფემან რომელთამე ჴადა, რომელთამე მთიულეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური. და იქმნეს ჴევისა მის ერისთავად.

და ამა ნუგზარ ერისთვისა ქალი ედგა მოურავსა. და რა სცნა ნუზარ საქმე მოურავისა და მოსლვა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა, და წარუძღუა წინა და წარიყვანა სახლსა თჳსსა დუშეთს.

და ესე მოურავი იყო კაცი მცდელი და ილათიანი, და ურჩია ნუგზარს გაყოლა თჳსთა თანა მრავლითა რჩევითა, საქმისა ჩუენებითა. და დაუჯერა ნუგზარ ერისთავმანცა და დაასკუნეს წარსვლა ყაენთანა, და მუნ მეფისა გამაგრება არა შეეძლოთ, და გაჰყვა ნუგზარცა. და წარვიდენ მუნით და განვიდენ ლილოსა, და მუნით გაჰჴდეს ყურყუთას მტკუარს ფონად, და განვიდენ და მივიდენ აღჯაყალასა.

და რა ნახეს მისვლა მათი აღჯაყალას მყოფთა თათართა, განიხარეს და მიაპყრეს. პატივი დიდი. ხანსა რაოდენსამე მუნ იყვნენ და მოურავმან ცოლშვილი იქ დააგდო, და თჳთ წარვიდა შააბაზ ყაენთანა. და რა ნახა შააბაზ, განიხარა დიდად, მრავალი ნიჭი და საბოძვარი უბოძა.

მას ჟამსა წარვიდა შააბაზ აღებად ყანდაარისა. მუნ იახლენ, ბრძოლასა და ციხის აღებაში დიდად კარგად და სახელოვნად იყვნენ. და მუნით დაბრუნდა შააბაზ და წარვიდა ბაღდადს, მუნცა თანა ახლდენ, კარგად, მჴნედ და მამაცად იყვნენ და გულოვნად. და რა გაარიგა შააბაზ მუნებური საქმე, წარმოვიდა და მოვიდა ისპაანს.

მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა, და თჳთანც უნდოდა შააბაზს, და დართო ნება შააბაზ წამოსვლისა.

და ხანსა რაოდენსამე უკან მოვიდა განჯას, უგრძნობლად და უცნაურად მეფისა და კახის ბატონისა. და, რა მოვიდა განჯას, მოუგზავნა კაცი კას-ბატონს თეიმურაზს და შემოუთუალა, ვითარმედ: "შენი შვილი მომეცო". და რა სცნა საქმე ესე თეიმურაზ, იცოდა, რომ შააბაზ კაცი ხვანჯიანი და დაუნდობარი და ილათიანი იყო. და ესეცა უწყოდა, რომ არც მე დამინდობსო, იმასთან გაზრდილი კაცი ვარო, და არა უნდოდა გაგზავნა შვილისა, რამეთუ უწყოდა, რომ არც შვილს დაინდობდა, არცა მას. მაგრამ დაუჟინეს კახთა და არა დაეჴსნენ, რომ მეტად ძალა უყვეს, მაშინ გაუგზავნა ძე თჳსი ალექსანდრე, ნაშობი გურიელის ქალისაგან, და დედაცა თჳსი ქეთევან თან გაატანა ამისთჳს, რომე უფრო პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო, და შეეხუეწა გაუწყრომლობასა.

და რა მივიდა დედოფალი ქეთევან, სცნა პატივი დიდი. და რა ნახა შვილიშვილი მისი ალექსანდრე, უთხრა "ძიძა ხომ არა ვარო -- ყაენმან -- რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამოუგზავნიაო, რასთჳს უფროსი შვილი არ გამომიგზავნაო. თუ ჩემი შერიგება უნდაო, უფროსი შვილი გამომიგზავნოსო". და გამოუგზავნა კაცი და სთხოვა უფროსი შვილი.

არ უნდოდა კახ-ბატონს თეიმურაზს გაგზავნა უფროსისა შვილისა, და დედოფალსაც ქეთევანს შემოეთუალა, ნუ გამოუგზავნიო. და არა სწადდა გაგზავნა თეიმურაზს, მაგრამ არა დაესჴნეს კახნი და ეტყოდეს: "არც შენც იქ იყაო, რა დაგიმარცხდაო, ქუეყანასა რასთჳს წაახდენინებო?" რადგან არ დაეჴსნენ კახნი, მასინ გაუგზავნა უფროსიცა შვილი ლევან. და რა მიუვიდა ესეცა, მასინღა გაუგზავნა კიდევ კაცი შააბაზ თეიმურაზს: "რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარო, შენცა მოდი და მნახეო და მრავალს წყალობას გიზამო". და რა მოუვიდა ამბავი ესე, მაშინ ბატონმან თეიმურაზცა დააჯერა გული და კახთაც შეიტყუეს, რომ უნდოდა ამოსავარდნელად.

მაშინ ეზრახნენ მეფესა ქართლისასა ლუარსაბს, რომე "რადგან მოყუარენიცა ვართ და სჯობს ქუეყანისათჳს, ამ საქმეზედ გავერთდეთ, რამეთუ შენცა უწყი შააბაზ ყაენი საქართველოსათჳს ავი არის, და მოურავიც ხომ მტერი არს შენი, და იმას მოჰყავს ყაენი და უნდათ ქუეყანის წაჴდენა, გავერთდეთ". და მასინ გაერთდენ და მისცეს ფიცი მტკიცე ერთმანერთსა. და შემოიყარა თეიმურაზ კახნი და დადგა მაგრა.

და რა სცნა საქმე ესე შააბაზ, წარმოვიდა თჳთ და მოვიდა კახეთს. და შეიყარა თეიმურაზცა ჯარი და შააბაზ ყაენმანც წარგზავნა სპა თჳსი წინა და გარდაუყენა ჟალეთს, და თჳთ შააბაზ მივიდა ბატონს თეიმურაზზედა. და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარმოვიდა. და მოუჴდა წინა გარდაყენებულთა ჟალეთს მდგომთა ყიზილბაშთა შემოება მჴნედ.მისცა ღმერთმან ძლევა, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს: ამოსწყჳტა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველნივე. წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს და შემოეყარა მეფესა ლუარსაბს.

პირველ თურმე ერჩივა მოურავს შააბაზ ყაენისათჳს ესრეთ, ვითარმედ: ქართლში" ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და, რასც გინდა იქო, და თუმცა მთაში შევიდენო თოვლი და სიცივე ამოსწყუეტსო. და ესმინა შააბაზს სიტყუა მოურავისა და მოვიდა თუესა იანვარსა ხუთსა, ქრისტეს აქათ ჩ~ქკდ, და აღიღო ციხე თორღისა შააბაზ და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა. და შემუსრა ჴელითა თჳსითა წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა პატიოსანნი თუალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა, და ყო სამკაულად მათდა. და შეაგინნა წმიდანი ეკლესიანი კახეთისანი, და წარმოემართა ქართლსა ზედა.

მაშინ ინებს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყუეს რა და ვერცა დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართასა.

მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი თეიმურაზს იმერეთს. და მოეგება მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითჳსა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა.

ხოლო შააბაზ მოვიდა გორსა და დადგა მუნ. და წარუგზავნა მპყრობელსა იმერეთისასა კაცი შააბაზ და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "მომეც ეგევე ორნივე მეფენიდა აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა". ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა რა ესმა საქმე ესე, გაუგზავნა კათალიკოზი აფხაზეთისა მალაქია და აბაშიძე ლევან მოციქულად და გამოუგზავნა ფეშქაშიცა მრავალი და შემოუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "ამათი მოცემა ჩემგან არ იქნებისო და ჴელმწიფემან ამდენი წყალობა გჳყოს და დაგვდვას პატივი, რომე ესენი ისევ შეირიგოს და თჳთონ წაბ[რ]ძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული და საბატონო".

და რა მოვიდა კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან, -- და თანა ახლდათ ყაენის გაგზავნილი კაცი, -- და რა მივიდა, დიდად პატივ-სცა ყაენმან და დახუდა კარგად.

და რა სცნა მოუცემლობა მეფისა და თეიმურაზისა იმერეთის ბატონის გიორგისაგან, ვეღარა გააწყო რა შააბაზ, და მაშინღა მოიპოვა ჴელოვნება და ღონე ილათისა, რათამცა ჴერჴით მოაგუაროს. და მოიჴმო კათალიკოზი მალაქია და აბაშაძე ლევან და შეუთუალა ესრეთ მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის: "რადგან შუა ჩამოსულხარო, მე მეფე ლუარსაბთანა არცა რა საქმე მაქუსო და არცა რას ვემდურვიო და არცა მაგის წასაჴდენდ მოვსულვარო ბატონი თეიმურაზ ჩემი მტერი არისო მაგას არც შევირიგებ და არც მინდა. მეფეს ლუარსაბს კიდეც შევირიგებ და, თუ მოვა და შემომრიგდება, წყალობასაც უზამ".

და, რა მათ ესე სიტყუა დააბარა და გაისტუმრა, მოიჴმო შადიმან სუფრაჯი რომელი იყო გამზრდელი ლუარსაბისა, და დაიწყო ტირილი შააბაზ ყაენმან და თქუა: "მე მეფეს ლუარსაბს როგორ წავაჴდენო, მეფის სიმონის შვილისშვილსა და მეფის გიორგის შვილსა მე ავსა და ურიგოს როდის ვკადრებო, მაგრამ ეს თეიმურაზ მიცდინაო და მომიტყუაო. ესე იცოდე, თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომრიგდებაო, დიდს წყალობას უზამო და გავამდიდრებო. და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი,

და რა ნახა შადიმან ესევითარი ტირილი. და საფიცარი შააბასისა, მაშინ დააჯერა გული, რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო, ამაზედ დიდად დააჯერა გული.

ხოლო ამას ყოველსავე ჴერჴითა და ილათითა იქმოდა შააბაზ. მაშინ გაუგზავნა შადიმან სუფრაჯი და გაატანა ერთი გულის სანდო ერთგული ხოჯა ყაენმან და მისწერა წიგნი და საფიცარი და გაუგზავნა მურასა ჴრმალი.

მაშინღა ჰყვანდა შააბაზს ცოლად დაჲ მეფისა ლუარსაბისა და მასცა მიაწერინა წიგნი და იჴმო მეფე ლუარსაბ, რამეთუ დაატყუა დაცა მეფისა. და მისცა მრავალი საბოძვარი და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი.

რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგის იმერეთის მპყრობელი თანა, მოაჴსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმანც საფიცარი აჩუენა, და ხოჯამან ჴრმალი მიართუა, და მიართუეს. დისა მისისაგან მიწერილი წიგნი. მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და აემზადა წამოსასვლელად.

და პატრონმან იმერეთისამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გურიელს მამიას, რომელი იყო ესე გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა. მაშინ მოვიდენ ისინიცა და შეიყარნენ ერთად. ურჩდეს ბატონმან თეიმურაზცა და სრულიად იმერელთა, რომე ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო. ხოლო მან არა უსმინა და წარმოვიდა. გამოყვნენ გზასა რაოდენსამე თანა და გამოესალმნენ და დაბრუნდენ, ისინი იქით წავიდენ და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს.

და ყაენმან არც იჩემა წინამიგებება, არამედ სანადიროდ ცხენს შეჯდა და წინ შემოეყარა პატივი-სცა ლუარსაბს და მოიყვანა თჳსთა თანა და დიდად განიხარა ყაენმან შააბაზ და სცა დიდი პატივი. ხოლო ხანსა რაოდენსამე იყვნენ შექცევაშიგან. ხოლო შემდგომად ამისა თქუა გულსა შინა ყაენმან შააბაზ და ეშინოდა, ნუ უკუე ქართველთა არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინოს შფოთიო. ხანსა რაოდენსამე უკანა შააბაზ ინება წარსვლად ტფილისად, და უთხრა მეფესა ლუარსაბს: "წარვიდეთ ტფილის[ს]აო და ვილხინოთ მუნცაო და შევექცეთო, შენ მუნ დაგაგდებ და მე წავალო".

და რა ჩავიდენ ივლისს, მუნ რქუა: "წარვიდეთ ყარაიაზედ და ვინადიროთ შევიქცეთ ნადირობითა და ლხინითა, შენ დაგაბრუნებ და მე წავალო". რა მივიდენ ყარაიაში, შემოავლეს ჯელგა დიდი და არამიცა თანა ახლდენ. მაშინ არმისათჳს კარავი და შუაში შემოავლეს თეთრი, და თჳთ შააბაზ და ლუარსაბ დაკარდენ და მოემზადნენ სასროლად.

რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები.

მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი. და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა, დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად ემტერებოდა და არჩევდა ამისთჳს ბოროტსა.

მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავა: "ამას ასე გამოჩუენებით, სიკეთით და შუენიერებით ნუ ეჩუენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი ვერას გეტყჳსო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყაო". მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა: "აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩუენო და ჴელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარგამიშუებსო და, რადგან კი აღარ გამიშუებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩუენებიო, ისი სჯობსო".

და ჰქონდა შური დიდი მისთჳს იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: "რადგან ამისთანა მონადირე კაცი ხარო და უებრო მშჳლდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და ვილხინოთო. და წარიყვანა მუნცა.

და ხანსა რაოდენსამე უკანა კუალად უთხრა: გილან-მაზანდარა" და მისი გარემონი ქუეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევექცეთო.

და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯული. ხოლო მან არა უსმინა და არცა უარ-ყო სჯული თჳსი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის ლუარსაბისათჳს: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყჳთა ლიქნისათა ზაკჳთ ჰგონებდა ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა თჳსითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა გულისა თჳსისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყჳს დავით: "უმზირინ ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას", და შემდგომნი ამისნი.

მაშინ ესმნეს სიტყუანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე, და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. და არა იგონებდა წარმავალსა ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თჳსსა. ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკუდავისა და შემოსად უკუდავისა მის, რომელი მოსიეს წმიდასა მჴნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყჳსა მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქუამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა". განიცდიდა სიმჴნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა გჳრგჳნსა და მოსაგებელსა მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა მიერ თქმულსა მას: "უკეთუ მოვკუდე ქრისტესთჳს, მრწამს, რამეთუ რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თჳსითა გჳჴსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა, ჩუენცა თანა-გუაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთჳს და არა ვრიდოთ თავთა ჩუენთა მისთჳს. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან მიბრძანა ჴმითა მით საუფლოთა: "ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოწყუედად", და კუალად, "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". ვინათგან იგი ესრეთ აღმითქუამს გჳრგჳნსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუჴდა; და ესეცა უწყი, ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და განშორება ჴორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიჴოანთა ამათ თბეთა და დაჴსნად ნასხამთა ამათ და ანაქუსთა ჩემთა; ნამდვილ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკუდინო ასონი ქუეყანისანი და შეიმოსო უკუდავი, ვინათგან უჭუელად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის შუენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს. ჩემდა მოცემად ჴმლითა თჳსითა გჳრგჳნსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული და დღე სათნო უფლისა".

და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა მძლავრისა მის შააბაზისა, მაშინ ევედრებოდა გულითა მჴურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.

კუალად აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა ტყუეობა ციხესა მას, რომელსა ჰქჳან გულაბყალა. და მუნ განეგულა აღსასრული ძისი.

მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმუთხრა ყოველივე ანდერძი თჳსი და უბრძანა ესრეთ: "ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას სოფელსა და განგეშორები თქუენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღ(ვ)თისა წინაშე, რომლისათჳსცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყუა გეჴსენედ და აღზრდილნი და რომელნიმე ხართ გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა და სიყუარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქუენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა აღუტეოთ ზარი და ჴმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა, რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ჴმისა თქუენისა არამედ მეგულვების სმენა ჴმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა".

მაშინ აღუტევეს ქართველთა ჴმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა წესსა ზედა საქართველოსასა. და თჳთ მწოლარე იყო მეფე ლუარსაბ და მიუტირებდენ ქართველნი ჴმითა საზარელითა. და ტირილითა უნუგეშისცემოთა, და ეგრეთვე მეფე ლუარსაბ მიუგებდა და მეტყუელება სიტყუასა მწარესა განშორებისა მათისათჳს. და ესრეთ აღასრულეს წესი ცხედრისა, და იყო ჴმა ტირილისა და გლოვისა.

მაშინ მოუწოდა ეპისკოპოზსა, რომელი ჰყვეს თანა, მღდლითა და დიაკუანთა და უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ჴორცსა და სისხლსა ცხოველს-მყოფელსა. მაშინ აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და შემჭვალნა თუალნი გონებისა მისისანი მსგავსად მწყურნებითა ნეკტარობდა და მცნებლობდა თუალთაგან ნაკადულსა ცრემლთასა, და ნილოსისაებრ რწყჳდა ორნატთა ჯეჯილთა სულისა თჳსისათა და მეტყუელებდა ფსალმუნსა ამას: "შენთჳს მოვწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა ცხოვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა", და მაშინღა ეზიარა შიშითა და კრძალულებითა.

და ოდეს ეზიარა, მაშინ მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა. და ვერცა გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი, არამედ მანქანებითა და ჴელოვნებითა მძლავრისა ამის ბოროტისათა და ზაკჳთა ეშმაკისა, მოყუარეთა და მსახურთა მისთა, ბოროტთა კაცთათა, წარმოვედ და მოვედ მძლავრისა ამის. და უფროსად მწუხარე ვიყავ და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, შერევა წმიდათა ხატთა და ჯუართა და დარღუევა წმიდათა ეკლესიათა. და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ჴელთაგან მათთა, მაშინღა განრყუნილ იყო ჴელთაგან მათთა და მოოჴრებული, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ, ეგრეთვე სუროდა საქართველოსათჳსცა მძლავრსა მას და სწადოდა სრულიად იავარ-ყოფა, არამედ აღძრულმან და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: "მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათჳსო". და არა ვიქმენ სასყიდლით დადგინებულ, რათამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი, და მჴეცთა განსარყუნელად და შესაჭმელ იყო სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, არამედ მინდობილმან ბრძანებისა შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქუეყანისათჳს და განერა თემი ჩემი მოოჴრებისაგან. ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულის-სიტყუასა და გონებათა. არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა შუენიერობა, ჰაეროვნება და და ახოვნება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყუავილი სიორძილისა ჩემისა, არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქუელ-ყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა ბრძოლასა შინა მჴნეობა და სიმაგრე მკლავისა, და არცა თეატრონსა შინა მორბენადობა ცხენითა და მსწრაფლმალვობა და მარჯვედ სრვა მჴეცთა, დაუშრომლობა მკლავთა და ყოველთა მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, პატივი და სანოვაგენი მრავალფერი ტაბლანი და გამოჩუენებითი ლხინნი და მხიარულითა პირითა მეტყუელებანი, ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი და ტახტ-გჳრგჳნოსნებანი. ესე ყოველივე დამიტევებიან სიყუარულისა შენისათჳს, და აწ გევედრები მეუფეო, სული, გული და გონება ჩემი შენდა მომართ აღამაღლო, რამეთუ საშუებელნი და გემონი სოფლისანი არარად შემირაცხიეს, ქუესკნელად შტამჴდელნი და ამაონი, რამეთუ შენდა შუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ".

და ვითარცა დაასრულნა სიტყვანი ესე, მაშინ მიავლინა მტარვალნი თჳსნი მძლავრმან შაჰაბაზ და წარგზავნეს იგი ტყუედ ციხესა მას გულაბყალისასა და მუნ ტყუედ ყვეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა კუალად წარავლინა კაცი და მიუმცნო ხანსა მუნ მყოფსა, რომელსაცა ჰყვა პყრობილად მეფე ლუარსაბ, რათამცა მოაშთოს.

და ვითარცა ესმა ხანსა მას სიკუდილი მეფისა ლუარსაბისა, დიდად მწუხარე იქმნა, რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვანება მისი. და მაშინღა შევიდეს მტარვალნი და აუწყეს სიტყუანი მძლავრისა შააბაზიანისანი მეფესა ლუარსაბს. და რა ესმა, იტყოდა ფსალმუნსა ამას: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე", და ევედრებოდა მრავალ-მოწყალესა ღმერთსა. შემდგომად ამისა რქუა წმიდამან ლუარსაბ მტარვალთა მათ: "აღასრულეთ ბრძანებული თქუენი". და მოიღეს საბელი მშჳლდისა, მოაბეს ყელსა და მით მოაშთუეს. და ესრეთ სრულ ყო წამება თჳსი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა კრებულთა თანა, და აწ იხარებს სიხარულსა მას მოუკლებელსა და გამოუთქმელსა. და აწ სხენან წმიდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამის ლუარსაბისანი მუნ ციხესა გულაბყალისასა.

ხოლო დედა ბატონის თეიმურაზისა, ქეთევან, და ორნი ძენი თეიმურაზისანი ალექსანდრე და ლევან, გაგზავნა შირაზს და მუნ ტყუედ ყვეს.

ხოლო რაჟამს მოიქცა შააბაზ, ვერცავინ დასუა ქართლსა ბატონი და ვერცა კახეთსა, რამეთუ ამას ლუარსაბს არცა ჰყვანდა შვილი და არცა ძმა. და მიაბარა შააბაზ კახეთი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანის-შვილსა, და ქართლი იყო უბატონოდ, რამეთუ თავადნი თჳს-თჳსად მჴარესა მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი.

ხოლო ნოდარ და დავით ქნეს ერთგულობა და ჩამოიყვანეს ბატონი თეიმურაზ იმერეთიდამე და გააბატონეს კახეთშია. და თანა მოჰყვნენ ბატონს თეიმურაზს არაგჳს პირამდი გიორგი, იმერეთის მპყრობელი, დადიანი და გურიელი. და რა ჩავიდა ბატონი თეიმურაზ კახეთშია, ესენი გამობრუნდენ და წარვიდენ იმერეთს, თჳსსა სამყოფსა შინა. და დაჯდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და ბატონობდა.

და, რა ესმა შააბაზს მოსვლა თეიმურაზისა, განრისხდა, ვითარცა ვეშაპი განძჳნებული, და ალიყულიხან წარმოგზავნა მრავლითა ჯარითა და ესე დავედრა, რათა შეუკრას გზები ყოველგნით და არა წარუვიდეს. და თჳთცა წარმოემართა, რამეთუ სწადოდა თჳთ მისვლა იმაზედა. და წარვიდა ალიყულისან და გაჰკრა არაგუზედა გზები.

და რა ესმა ბატონს თეიმურაზს საქმე ესე, შეიყარა სპა, მივიდა და დაესხა თავსა წიწამურს ზეით, დაესხა ჟამსა შუადღისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს დიდად. და მისცა ღმერთმან ძლევა და შუადღითგან მოკიდებული ჴოცეს თათარნი ვიდრე ბინდამდე, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს და კახთა და გააქცივეს.

და ესმა ამბავი ესე შააბაზსს და უმეტეს განძჳნდა და წარმოემართა თჳთ. და მოვიდა შააბაზ, და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარვიდა იმერეთს. და რომელნიმე კახნი აიყარნენ და გაჰყვნენ ცოლშვილიანად თეიმურაზს. გაგრძელება წინა ნაწილი მეფე ბაგრატ

ხოლო შემოვლო კახეთი შააბაზ და მოვიდა ქართლად და დასუა მუნ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სჳმონისა ბაგრატ, მაშინ ქრისტეს აქათ ჩ~ქით, ნაშობი კახის ბატონის გუარის ქალისაგან.

მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: მნებავს წარმოტყუენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყუე[ვე]თო. და წარვიდა და ჩავლო კახეთი და ამოსწყჳტა. და წავიდა და მოაოჴრა, და სხუანი აჰყარნა და თანა წაასხნა. და რომელნიმე ლეკთა ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ჴევსურეთს, და სხუანი ააოჴრეს და ამოსწყჳტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღუებიან ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯუარნი და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი.

და დასუა მუნ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და თჳთ წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.

მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იჴმო ბატონის თეიმურაზის შვილი ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თჳსთა თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე, მოკუდა. ხოლო ქეთევანისთჳს გაგზავნა კაცი და შეუთუალა იმამყულიხანს, ვითარმედ: ქეთევან" დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო". ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოაჴსენა ესრეთ, ვითარმედ: "ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო, და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეჴსენითო, თქუენთჳს სირცხჳლი არისო ამისი სიკუდილი". ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო.

მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს. ხოლო გაუბეს ჴელ-ფეჴი და გააშიშულეს წმიდა ქეთევან დედოფალი და გა განჴურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გაჴურვებული საჯები ნაგლეჯს ჴორცზედან შემოაწყუეს და დაგლიჯეს. გააჴურვეს ლურსმები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს. დააწვინეს და შიშუელაზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გაჴურვებული. კუალად განჴურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განჴურვებული ქუაბი დაარქუეს თავსა ზედან. კუალად განჴურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასუეს და თავსაც დახურეს და შემოაწყუეს გაჴურვებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თჳსი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა. და მოვიდა სამხილებელად ყოველთა და დაადგა ნათელი ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თჳსთა თანა ნაწილად, ხოლო ჴელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს.

და ესრეთ სრულ-ყო წამება მისი და ღუაწლი წმიდამან ქეთევან, რომლისა ცხოვრება მისი არცელად წერილ არს მეტაფრასსა მისსა. და რომელსა მიწასა ზედან აწამეს, ადგილსა მას არღარა მოვა მწუანე და ჩანს ადგილი იგი ესრეთ, ვითარმედ უნახველნი სცნობენ აქა ქმნილა რამეო.

ხოლო დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელი გარდაქცეულიყო სჯულსა მაჰმადისასა, და არცა იყო ღირსი მეფობისა, და ზურგად განჯის ხანი და მისნი შემდგომნი ჰყვეს და მაშინ ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა და ვერცა ეუფლა ქალაქს ზეით ზემო ქართლსა და არცა ჰყუარობდენ ქართველნი და არცარად აჴსენებდენ თათრობისათჳს და ეძახდენ საბარათაშვილოს ბატონსა და იყოფებოდა ეგრეთ.

ხოლო რაჟამს იყო ბატონი თეიმურაზ იმერეთს მას ჟამსა შეიქმნა სიყმილი დიდი იმერეთს. და მაშინ გაუგზავნა ბატონმან თეიმურაზ ხონთქარსა კაცი, შეეხუეწა და სთხოვა სარჩო. ხოლო ხონთქარმან სხუა ვეღარა გააწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ. და სანამდისინ ხვანთქრის კაცი მოუვიდოდა ბატონს თეიმურაზს, ვეღარ გასძლო იმერეთს, წარვიდა და მივიდა მამია გურიელთან. მაშინ მოვიდა ხონთქრიდამ კაცი და წარვიდა, მივიდა ხონთქრიდამ მოცემულს მამულში.

მაშინ იჯდა ათაბაგად ძე მანუჩარ ათაბაგისა, სახელით მანუჩარ, რომელი იყო დისწული სჳმონ მეფისა. და დააყენა ოლთის[ს] ბატონმან თეიმურაზ ცოლშვილი მუნ და მოუყენა გუერდსა კახი სა[ხ]ლთუხცესი ნოდარ, და თჳთ წარვიდა ხონთქართანა შჳდასის კაცითა. და რა ესენი წარვიდენ. მაშინ შეეტყო ყაენს ბატონის თეიმურაზისა ხვანთქართან წასვლა და მისის ცოლისა და შვილის საათაბაგოს დაგდება. მაშინ შემოუთუალა ერევნის ხანს, ამირგუნა-ხანს, და მოსწერა წიგნი ესრეთ: "ბატონი თეიმურაზ ხონთქართან წასულა და მისი ცოლი და შვილი საათაბაგოში დაუგდია, შიყარე ჯარი, წადი, დაესხი თავსა, აიფორაქე მისი ცოლშვილი და საქონელი, და ცოლშვილი აქ გამომიგზავნე".

მაშინ წარვიდა ამირგუნა-ხან, -- ზამთარი იყო და დიდი თოვლი მთაზედ, -- გადასთხარა მთა და წარვიდა. ხოლო მას ღამესა სიზმარი ენახა ბატონის თეიმურაზის. ცოლს ხორაშანს, ვითამ სიზმარში ყიზილბაშნი თავს დასხმოდენ და აეფორაქათ მისი ხიზანი და საქონელი. და რა გამოღვიძებოდა ბატონს ხორაშანს, ღამესა მასვე აყრილიყო და შესულიყო ოლთისის ქალაქიდამ ციხეში, რაც რამ ჰყვანდა და ჰქონდა, იგიცა ყველა ციხეში შეხიზნა, რამეთუ უწინ ციხეს დაბლა იდგნენ. და წარვიდა ამირგუნა-ხან ღამესა მას, მივიდა, სადაც ბატონის თეიმურაზის ცოლი და შვილნი იდგნენ, იმ სოფელს თავს დაესხნენ. და მოარბია სოფელი იგი და იავარ-ყო და სხუა ვერა მოაჴელა-რა, გაბრუნდა და წარვიდა. მაშინ სცნა ნოდარ სახლუხუცესმან, შემოიყარა ცოტა რამ საათაბაგოს კაცნი და, რაც თჳთან ჰყვანდა, იგიცა, და გამოუდგა უკანა, მიეწია ამირგუნა-ხანს, მრავალი კაცი ამოუწყჳტა, თჳთ გამოაქცივა და იშოვნა მრავალი საშოვარი, გამობრუნდა და მოვიდა გამარჯუებულ ბატონის თეიმურაზის ცოლშვილთანა.

ხოლო რაჟამს მივიდა ბატონი თეიმურაზ სტამბოლს, მაშინ იჯდა ხონთქარი სულთან-იბრაჰიმ. და სცა დიდი პატივი ბატონს თეიმურაზს შეეხუეწა ბატონი თეიმურაზ. სთხოვა ჯარი. ხოლო მაშინ ყიზილბაშთა და ურუმთა შუა საფიცარი იყო და შერიგებულიყვნენ. როდეს გაეყოთ ქუეყნები, პირობა დაედვათ რომე არღარა იყოს ბრძოლა ერთმანერთშია, და ამისთჳს არ აჰყვა ხონთქარი და მოსცა სარჩოდ სანჯახები, და მრავალი წყალობა უყო და გამოისტუმრა და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ. მას ჟამსა იყვნენ ხონთქრის მამულში მრავალნი ჯალალნი. განდგომილნი ხონთქრისანი, დახუდენ ბატონს თეიმურაზს წინა. და ამას ახლდა შჳდასი კაცი, და იგინი იყვნენ ურიცხუნი, და მრავალნი შემოებნენ ბატონს თეიმურაზს. მისცა ღმერთმან გამარჯუება და ბატონს თეიმურაზს გაემარჯუა. და ამოსწყჳტა მრავალი ჯალალი.

ერთსა დღესა შჳდჯერ შეებნენ და შჳდჯერვე ამას გაემარჯუა: ასე მოუმართა ღმერთმან ჴელი, რომე შჳდასი კაცი ახლდა, არც ერთი არ დაჰკლებია, და მათი მრავალი ამოსწყჳტა. და მოვიდა გამარჯუებული ცოლსა და შვილშია. და მცირესა ხანსა უკანა წარვიდა გონიას და მუნ იყოფებოდა.

და ამა ჟამსა შინა მოკუდა ბატონი საბარათიანოსი ბაგრატ, ძე დავითისი, ქრისტეს აქეთ [....] და მიესმა შააბაზს სიკუდილი მისი, რამეთუ არა ჰქონდა იმედი ფეიქარხან, რომელი იჯდა კახეთს, რათამცა მას კეთილად გაერიგებინა საქმე კახეთისა და საქართველოსი.

მაშინ მოურავი დიდს ხანს ახლდა შააბაზს გუერდსა და მრავალი ემსახურებინა მოურავსა. და დაანდო გული და წყალობაც მრავალი ექნა, იცოდა, რომ მოურავმან ჩემს იქით არა იცის რაო. და უბრძანა მოურავს: "მნებავს წარსვლა შენი საქართველოში და თანა წარგატან ყარჩიხა-ხანს სპითა მრავლითა და ძესა ბაგრატისასა, პატარა სჳმონ-ხანს, წარვედ და მივედ პირველად და მოაოჴრე სრულიად კახეთი და იავარ-ყავთ და მოსარ პირითა მახჳლისათა ქართლი, აჰყარე და ჩამომისხი აქა". აღუთქუა ნიჭი დიდი და საბოძვარი მრავალი.

ამას შინა გამოჴდა ხანი მრავალი და იყო მოურავი მუნვე. მას ჟამსა იყო ვინმე ისპაანს, ხოსრო-მირზა სახელით, და ესე ხოსრო-მირზა იყო ხარჭისაგან ნაშობი დავით მეფისა, ძმისა დიდის სჳმონ მეფისა.

ოდეს წარსულ იყო ესე დავით შააბაზ ყაენთანა, მაშინ წარიყვანა წავკისიდამე ქალი ერთი და ეპყრა ხარჭად. და ვითარცა მიდგომილ იქმნა დედაკაცი იგი დავითის მიერ, შვა ძე და უწოდა სახელად ხოსრო-მირზა. ხოლო ოდეს წარმოგზავნა ყაენმან დაუთხან საქართველოში, მუნ დაშთა ყრმა იგი მცირე ხოსრო-მირზა და დედა მისი. და იყო ობლად ესე ხოსრო-მირზა და არავინ იყო მწედ მისა, თჳნიერ დედისა მისისა. და შექმნილიყვნენ ორნივე დედა-შვილნი სჯულითა მაჰმადიანნი და იყოფებოდენ დიდად გლახაკად და უღონოდ ყოვლისავე საქმარისაგან.

მაშინ მოვიდა ესე ხოსრო-მირზა მოურავთანა და მცირედი რამე მოართუა მოურავსა. ხოლო მოურავმან რა იხილა ხოსრო-მირზა, წარმოუდგა ფერჴზედ, დაუცალა ადგილი თჳსი, მიიყვანა და დასუა იგი და პატივ-სცა დიდად. ხოლო იყო მოურავი მაშინ ყაენისაგან დიდად პატივცემული და მორჩილებდენ სულად ყიზილბაშნი და გუერდს ახლდენ მრავალნი იხილეს რა ყიზილბაშთა ესევითარი პატივისცემა ხოსრო-მირზასი, ჰკითხეს მოურავსა: "ვინ არს კაცი ესე, რომელსა ესრე დიდად პატივ-ეცო". ხოლო მოურავმან აუწყა მათ, ვითარმედ: "ესე არსო ძე დაუთხანისა, პატრონისა ჩემისაო". მაშინ სცნეს ყიზილბაშთა ესე და უპყრობდენ დიდსა პატივსა ხოსრო-მირზას. მაშინ დიდად კეთილსა უყოფდა ყაენი ხოსრო-მირზას და მისცა მოურაობა ისპაანისა და ჰყვანდათ ესე მეტოქად ქართლის ბატონისა.


მეფე სვიმონ

და აემზადა მოურავი, წარმოვიდა და გამოატანეს მეფე სჳმონ პატარა თანა. და მოვიდენ ქართლსა ლაშქრითა მრავლითა და იღუწიდა მოურავი საქმესა მას რომელ ჰქონდა უწყებული ყაენისაგან. და ოდეს გამოგზავნა მეფე სჳმონ ყაენმან, მაშინ მისცა ყაენმან ასული ყორჩიბაშისა ცოლად და წარმოატანა თანა. და იყო ქალი ყორჩიბაშისა, შვილისშვილი ყაენისა, სახელით ჯანბანუმ. და ოდეს მოვიდეს საქართველოშია, და შემოეყარნენ ქართველნი, და რა ნახეს ქართველთა ჯარისა სიმრავლე, მაშინ იფიქრეს და თქუეს: "ესე საქმე მიზეზი რამე არის ამდენის ურიცხჳს ჯარისა გამოგზავნა". ხოლო მოურავმან დაუფარა და შეიჯერა ფიცითა დიდითა, ვითარმედ: "ამა ჯარისა სიმრავლე საქართველოსათჳს არ არის საზიანო, ნურცარა ფიქრი გაქუსთ, თქუენი საქმე მე დამადევითო. მაშინ დააჯერეს გული ქართველთა, წარვიდენ და დადგნენ მუხრანს.

ხოლო გაგზავნეს კაცნი და იჴმნეს კახნი. და შემოეყარნენ კახნი ღართისკარზედა. ქმნა მოურავმან ბოროტი დიდი: გამოავლო ყარჩიხან თეჯირი კარავსა თჳსსა და დაჰპატიჟა, ვითარმედ: "მოვიდენ კახნი და ხალათებს მივსცემო" და მიადგნენ კარსა კახნი, შეიყვანდენ კახთა და მოსჭრიდენ თავსა, ხოლო გარეთ-მდგომთა კახთა ეგონათ ხალათის ძლევა და მუნ დასხდომა მათი. მრავალთა მოსრვისა შემდგომად სცნეს კახთა საქმე ესე და გაიკრეს ჴრმალს ჴელი, და თათარნი კი დაერიდნენ. და გამოიქცენ კახნი და კნინღა და მცირედნი განერნენ.

ხოლო შემდგომად ამისსა იყვნენ ხანსა რასმე მუხრანსა და იყვნენ მზადებაშია, რამეთუ სწადდათ აყრა ქართლისა. ჰქონდა მოურავს ჩუეულება, წარვიდოდა და მოუტევდა ქორსა. დღესა ერთსა კუალად განვიდა ქორის მოსატევად ჴევსა ლოჭინისასა და ნახა, რომე ერთი შათირი მოვიდოდა, და იცნა ყაენის შათირობაზედ. უჴმო მოურავმან შათირსა მას მისვლად მის თანა, ხოლო შათირმან არ უსმინა, და, ვინათგან არამორჩილ ექმნა შათირი იგი, მიეწია ცხენითა და შეიპყრა იძულებით გაჩხრიკა და უნახა წიგნი. წაიკითხა და ესრეთ ეწერა ყარჩიხახანთანა ყაენისაგან, ვითარმედ: "რაჟამს მოსრათ კახნი, აჰყარეთ ქართლი და წამოასხით, ხოლო მოურავს უღალატე, მოსჭერ თავი და გამომიგზავნე". და რა წარიკითხა მურავმან ესე, მაშინ შათირი იგი მოკლა. აღუჴდა სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა. შეწუხდა დიდად და ეძიებდა ღონესა რასმე. მას ჟამსა იყო ნუგზარ ერისთავი მოყუარე და მოყუასი მოურავისა. და ეპყრა ძესა მისსა ზურაბს ერისთობა, და ცოლი ზურაბ ერისთავსა ისპაანს დარჩომოდა და შვილი პაატა მოურავსა მუნ ისპაანს დარჩომოდა. მაშინ მოურავმან უთხრა რჩევით ზურაბს, რომე "მოდი ქართლს ნუ ამოვსწყუეტთო, თორემ სულიც დაგუეკარგვისო და არც ჩუენ დაგჳნდობენო; მრავლის ლიქნითა და სიტყჳს რჩევითა და მრავლის ცდილობით დასთმო ზურაბ ცოლი თჳსი და მოურავმან შვილი თჳსი პაატა დასთმო.

მაშინ, ოდეს შეიჯერა ზურაბ მოურავმან, ურჩია მოურავმან ყარჩიხა-ხანს, ვითარმედ: "გავგზავნოთ ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და დავიბაროთ სრულიად ქართველნი, დავიპყრათ და გაუგზავნოთ ყაენსა". მაშინ დაჰყვა ყარჩიხა-ხან და გაგზავნეს ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და სხუანი ქართველნი და დაიბარეს ქართველნი და იქმნეს მუნ. ხოლო არავინ უწყოდა, თჳნიერ მოურავისა და ზურაბ ერისთავის მეტმან. და წარმოვიდა ზურაბ ერისთავი და ამილახორი ანდუყაფარ, დააყენა თჳსთა თანა მოურავმან პაატა ხერხეულის-ძე და ძე მისი ავთანდილ, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყის შვილი, ხოლო ზურაბ და ანდუყაფარ მოვიდნენ და დადგნენ პირსა არაგჳსასა. მაშინ გაგზავნეს კაცნი და იჴმნეს სრულიად ქართველნი მუნ, და ვითარცა მოვიდნენ ქართველნი, მაშინ ზურაბ ერისთავმან იდუმალ მოიჴმო ქართველნი და უთხრა რა ესრეთ, ვითარმედ: "ჩუენ შააბაზ ყაენისაგან ასრე გუაქუს დაბარებულობა, რომე კახნი ხომ დავჴოცეთ და ქართველნი ვინცავინ ხართ, აგყაროთ და ყაენს გაუგზავნოთ. და აწ ჩუენ ამას ვარჩევთ, რომ ქუეყნის გაოჴრება სწადიანთ ყიზილბაშთა და მოდი შევიფიცნეთ, მივიდეთ და ამოვსწუჳტოთ ყიზილბაშნი და ნუ წავაჴდენთ საქართველოსა". ხოლო ანდუყაფარს არ ენდობოდნენ, რამეთუ ცოლად ჰყვანდა დაჲ სჳმონ მეფის ცოლისა და ნათესავი ყაენისა, და თჳთცა მაჰმადიანის სჯულზედ მისულიყო და დიდად იჭირვოდა ყიზილბაშთათჳს და დიდად ერთგული იყო. და რა ესმა ქართველთა, განცჳფრდენ დიდად და შეწუხდენ და მისცეს ზურაბ ერისთავსა პირობა და შეჰფიცეს საშინელად, რომ "რასაც თქუენ გჳბრძანებთ, იმას ვიქთო". და რა შეიფიცნენ, რადგან არ ენდობოდნენ ამილახორს დაიჭირეს და ცოლშვილით არშის ციხეში გაგზავნეს და მუნ დაატყუევეს.

და მაშინ შეიყარნენ ქრთველნი და ზურაბ ერისთავი, აცნობეს დიდს მოურავსა და მივიდნენ გათენების ხანსა. დაესხნენ ყიზილბაშთა. ხოლო მოურავი დიდად სახელოვნად იყო მას ღამესა: მივიდა მოურავი და მოკლა თჳთ შუბითა ყორჩიხა-ხან, და შვილმან მისმან ავთანდილ მოკლა ყორჩიბაშის შვილი. და დაუშინეს, ამოსწყჳტეს ქართველთა სრულიად ყიზილბაშნი. ესრეთ მისცა ძლევა ღმერთმან ქართველთა და გაემარჯუათ: ამოსწყჳტეს, გააქცივეს და იქმნა გამარჯუება დიდი. და რა გაიქცნენ ისინი, მაშინ გამარჯუებულნი ქართველნი წარვიდენ ფეიქარხანზედ, რომელი იჯდა კახეთს, რამეთუ ამას ფეიქარ-ხანს ჰყვანდა ცოლად ბატონიშვილი ლელა. და უნდოდათ დასხმოდენ თავსა ფეიქარ-ხანს და ის მოეკლათ, და ბატონიშვილი ლელა გამოერთმიათ და ზურაბ ერისთავისათჳს მიეცათ. და რა წარვიდენ, მაშინ იგრძნა ფეიქარ-ხან და წარვიდა გაქცეული გამოუდგნენ და სდივეს ბარდამდი და ვერღარა მოეწივნენ. მაშინ მოარბივეს ქართველთა ბარდა და განძა, და იავარ-ყვეს და იშოვეს მრავალი, და წარმოვიდნენ და წარმოიღეს. და გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი გონიას და იჴმეს თეიმურაზ. მოიყვანეს და კახეთს გააბატონეს.

ხოლო მაშინ განმგედ ქართლისა დაადგინეს დავით მეფის ძის შვილისშვილი ქაიხოსრო, მუხრანის ბატონი, და არც განმგეობითა ემორჩილებოდენ მათ, არამედ თჳს-თჳსად უფლობდენ ქართლის თავადნი.

და იყო მაშინ თავი და უფროსი კაცი მოურავი და ყოველნივე ქართველნი მას მორჩილობდენ, რამეთუ თჳთ ზურაბ ერისთავი და ვინცავინ დიდი კაცნი იყვნენ ქართლისანი, დიდს მოურავს ქეშიკში უწვებოდნენ და ყმურად მონებდენ მას.

და ამის ჟამსა შინა დაემძახა ზურაბ ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და მისცა ასული თჳსი დარეჯან ზურაბ ერისთავსა ცოლად. რამეთუ ესე ზურაბ ერისთავი გაეზარდა მოურავსა პატარა ყმაწვილი და იყვნენ ერთმანერთისათჳს დიდად ერთგულნი და უწყოდენ, უკეთუ ესენი ერთმანეთს გაეყრებოდენ, მაშინ წაჴდებოდა საქმე ამათი და ამისთჳს მორჩილობდენ ერთმანერთსა.

და რა მიესმა საქმე ესე შააბაზს, დაჭერა ამილახორისა ანდუყაფარისა და ცოლისა მისისა და ციხეში შეგზავნა, განრისხდა ფრიად და წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში დიდითა მძლავრობითა წარმოვიდენ, მოვიდენ და დაიბანაკეს ალგეთზედა. მასინ შეიყარნენ ქართველნიცა და კახი ბატონი თეიმურაზ შეყრილი კახითა და მოვიდნენ და დადგენ კოჟორზედა და წარვიდენ ქართველნი.

და მას ჟამსა შინა ხვანთქარი გასწყრომოდა მანუჩარ ათაბაგსა და ვეღარ დაუდგა ურუმსა. მაშინ წარდმოვიდა ახალდაბას სამასის კაცითა. და რა სცნა საქმე ესე მანუჩარ ათაბაგმან, მაშინ წარმოვიდა სამასისა რჩეულისა კაცითა და შემოყარა. და განიხარეს ქართველთა და კახთა სიხარულითა დიდითა, წარვიდნენ და მივიდნენ, განთიადს დაესხნენ ყორჩიბაშსა. და შეეტყო მათცა და წინათ თოფხანა გამოეყენებინა და, რა მივიდნენ ქართველნი, დაუშინეს თოფი და ასეთი კუამლი დადგა, რომ იმათი ჯარი ვეღარ დაინახეს. რა გარდიყარა კუამლი, შეუტივეს ქართველთა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მოისრა ყიზილბაშნი თოთხმეტი ათასი, ქართველნი და კახნი ცხრა ათასი და მოუკუდა ზურაბ ერისთავს ცხრაასი. თავთაგან მოკუდა მაშინ აღათანგი ხერხეულიძე და მისი სახლისკაცნი შჳდნი და ბაადურ ციციშვილი, და კახი დავით ჩოლაყაშვილი შჳდი მოკუდა და ცხრა მაჩაბელი და სხუა აზნაურშვილი და მსახური და გლეხი მრავალი ამოსწყდა. და გაემარჯუა ქართველთა და გაიქცნენ ყიზილბაშნი, და სდიეს ვიდრე გატეხილ-ჴიდამდე, დაჴოცეს ურიცხჳ. ხოლო მაშინ ზურაბ ერისთავი შუბლზედ დაკოდილი იყო, თოფსა გარდაეკრა, და უსუსტდებოდა გული მეფემან და მოურავმან და სხუათა თავადთა ნახეს იგი და მოუცადეს.

მაშინ შაბადა-ხან თავისის ჯარითა წინწყაროს მდგარიყო და წარმოსრულიყო და მოვიდა ნაომარზედა, დახედა და ნახა, რომე ესე მცირედი კაცი ერთს ადგილს. შეყრილიყვნენ და იდგნენ ქართველთაგანი, და იცნა შაბადა-ხან. მაშინ შემოუტია და შეექნათ ბრძოლა ძლიერი, უმეტესი პირველისა, და ბრძოდენ ქართველნი ფიცხად. და მას დღესა ბატონმან თეიმურაზ დაამტურია ყოველი საბრძოლო იარაღი და აღარა შერჩომოდა რა და ბეჭდებიცა დაემტურია კაცზედა, და იმდღინდელი მოურავის ნაქმარი ომი და საქმეები პირველთა გმირთაგანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღეს მოურავმან სახელი და ომი ქმნა. და ძლიერად შეიბნენ მან აღათანგი ხერხეულიძე და კახი ასლანისშვილი დავით და ორნივე დაიჴოცნენ მუნ. და შემდგომად ამისა ძლიერად შეიბა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, ძმა ქაიხოსროსი, და მოკლეს იგიცა მუნ და რა მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი, დაიძახეს თეიმურაზ მოკლესო. და მაშინ რა ესმა ესე ქართველთა, ეგონათ თუ ბატონი თეიმურაზო მოკლესო, და მაშინღა დამაშვრალნი ქართველნი ივლტოდენ და გაიქცენ.

ხოლო ათაბაგი და ყმანი მისნი დიდად მჴნედ და ძლიერად ომობდენ. და ნახა ათაბაგმან ამირგუნა-ხან ერევნის ხანი, გამზრდელი თჳსი, შეუტია და დაჰკრა თავსა თაჯიანსა ჴრმალი, თაჯი გაუპო. თავსა დიდი შეჰკუეთა და ჩამოაგდო. შემოსძახა ამირგუნ[ა]-ხან: "ნამაქაფარმო, რასთჳს მომკლაო, ხომ მე გამიზრდიხარო". მაშინ, რა ესმა ათაბაგსა, გაუშვა, წარვიდა და ივლტოდა. და რა ეს ნახეს ყიზილბაშთა, მაშინღა გამობრუნდენ და თჳთ ყორჩიბაშიცა გამობრუნდა და მოვიდა პირველსავე მას ნაომარსა.

ხოლო ბატონი თეიმურაზ და ქართველნი შეიქცეს თჳს-თჳსად, და რა მივიდა მოურავი ნოსტევს. მაშინ შემოიყარა, რაღაც გარდარჩომოდა, ჯარი თჳსი. და მას ჟამსა გამოსულიყვნენ ქალაქის ციხიდამე მარბეველნი თარეშნი თათარნი და ლისი მოერბიათ. მაშინ წარვიდა მოურავი, რამეთუ ლისი იმისი იყო, ბატონის წყალობა, მივიდა მოურავიცა სამოცის კაცითა და შეება გულ-მესისხლედ, და ამოსწყჳტა. ღმერთმან გამარჯუება მისცა და მოსრა კაცი შჳდასი, გააქცია და ამოსწყჳტა და ცოლშვილს კაცი უჩინა და სამცხეს გაგზავნა. თჳთ განვიდა, წიწამურის გზები ჩახერგა და ღართის კარიცა შეუკრა თჳთ და მუნ მომავალნი ყიზილბაშნი დაჴოცა და ამოსწყჳტნა და ამის ცდაში იყვნენ ყიზილბაშნი, რათა, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი რომ არშას ციხეში იყო, ის ქალი ყაენის შვილისშვილი იყო, სჳმონ მეფის ცოლის დაჲ იყო, და იმისი გამოყვანა უნდოდათ და დაუწყეს ზურაბს ლაპარაკი, რომ ის ქალი მოგუეცო; რამეთუ მაშინ ის ქალი არშას ციხეში ჰყვანდათ, რომელ არს ციხე ჴევისა, და დაუწყო ყორჩიბაშმან ზურაბ ერისთავს ლაპარაკი: "გზა მომეცო, ჯარს გავგზავნი და იმ ქალს გამოვიყვან და წავალ ჩემთჳნაო". მაშინ საფიცარი მისცა ზურაბ ერისთავმან, რომ გზას დაგანებებ და არას დაგიმარცხებო, შევლით ჩემს მამულზედ შეიარეთო და ჩამოვლით ქსანზედ წამოდითო, რომ ჩემს მამულს დიაღ ძალი დაემართებაო.

მაშინ ყორჩიბაშმან უთავა ჯარს ხოსრო-მირზა, რომელი პირველ ვაჴსენეთ წარვიდენ, შევლეს. და გამოიყვანეს და გარდმოვლეს ლომისა და ენება ქსანზედ ჩამოვლა.

მაშინ პირობა მისცეს ზურაბ ერისთავმან, იესე ერისთავმან და მოურავმან გიორგ და ერისთავის ძმამან, და შეკრეს ქსანზე გზები, დაუხუდენ და მოსწყჳტეს ასე, რომე იმისთანა გამარჯუება არა თქმულ არს. მოსრეს ესრეთ, რომე ქსანი შეიღება სისხლითა და სისხლის ფერად დიოდა. და მაშინ კარგად იყო ხოსრო-მირზა: ხოლო ქალი ვერ წაართუეს, სხუანი ჯარნი და სპანი ამოსწყჳტნეს და სძლად წაართუეს სალარო და ბარგი. მოვიდა ხოსრო-მირზა და მოიყვანა ქალი ყორჩიბაშთანა.

მაშინ მოურავი წავიდა სამცხეს, ცოლსა და შვილს მიეპატრონა.

წარმოვიდა ყიზილბაშის ჯარი და მოიცვეს საბარათაშვილო და სომხითი, მოითარეშეს და იყვნენ.

ხანსა რაოდენსაეე უკანა გაგზავნა ყორჩიბაშმან ჯარი მოურავის თავს დასასხმელად. მაშინ მოურავი მთაზედ იყო სანადიროდ და გარდმოხედა და ნახა ყიზილბაშის ჯარი, რამეთუ ასპინძა ავსილიყო ჯარითა. მაშინ შემოუტივა მოურავმან და მისცა ძლევა ღმერთმან და ამოსწყჳტა თათრის ჯარი, მრავალი იმათიც დააყრევინა, თვარემ ამათი ვერა წაიღეს რა და წავიდნენ გაქცეულნი.

მაშინ ხერთვისის ციხე და სხუანი რაოდენნიმე სამცხის ციხენი ყიზილბაშთა ეჭირა, მივიდა მოურავი და აღიღო ციხე ხერთვისისა და სხუანი ციხეები და შინამყოფნი ყოველნივე ამოსწყჳტა, და მაშინ გაგზავნა ქავთარის შვილი გიორგი ხვანთქართანა და შეუთუალა, ვითარმედ: ესე ციხეები ყიზილბაშს ეჭირაო და აწ მე წამირთმევიაო, გამოგზავნეთ ჯარი თქვენი და დააყენეთ ციხეებსა ამას შინაო. ხოლო ხონთქარმან დიდად დაუმადლა და მრავალი წყალობა გამოუგზავნა და გამოგზავნა ენგიჩრები და დააყენა ციხეებსა მას შინა.

ხოლო ყორჩიბაშმან გაამაგრა ციხე ტფილისისა და და[ა]გდო მენ სჳმონ მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქკჱ, და თჳთ ყორჩიბაში გაბრუნდა, წარვიდა და წარიყვანა ქალი თანა. და ვითარცა წარვიდა ყორჩიბაში, სჳმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ციხიდამე და ვერცა პატრონობდა ქართლსა.

მაშინ კუალად მოვიდა მოურავი და ზურაბ ერისთავმან კუალად დაიპყრეს ქართლი და დასუეს კუალად მუხრანის ბატონი ქაიხოსრო უფროსად, და იგინივე პატრონობდენ და და უფროსობდენ ქართლსა.

და ამა ჟამში მოკუდა შააბაზ. მაშინ ხოსრო-მირზა, ქართლში რომ კარგად ყოფილიყო და ბევრს გარჯილიყო, მისად მაგიერად მიეცათ ყულარაღასობა და იყო ყულარაღასი, ხოლო, და შააბაზ მოკუდა მაშინ აირივნენ ყიზილბაშნი და კარის ბეგლარებს სწადოდათ ერანის აშლა. ხოლო ამა ხოსრო ყულარაღასმან გაამაგრა კარი და გამოიყვანა შვილი შააბაზისა შაჰ-სეფი დადასუა ყაენად, და მოუდგა თჳთ და გაუმაგრა კარი და დარჩა დიდად ერთგულად ყაენზედა. და იყო ყაენი მწყალობელი მისი.

ხოლო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა უდებდა მოურავსა თავსა და სიძეცა იყო ბატონის თეიმურაზისა, ამისთჳნცა დიდობდა. იწყინა მოურავმანმისი თავს-დაუდებლობა და ამანაც აღარა აჴსენა. და ამაში შეექნათ შური დიდი და მტერობა: ზურაბ ბატონს თეიმურაზს მიუდგა, და მოურავი ქაიხოსროს, გამგებელსა ქართლისასა, და ქართლი სულად შემოუყარა ქაიხოსროს მოურავმან. და არა მორჩილ ექმნეს ესე ორნი ერისთავნი ზურაბ და ამილახორი იოთამ, და იყო განდგომილება ურთიერთას შორის. ხოლო წარგზავნა მოურავმან კაცი და ითხოვა შეწევნა იმერეთის მპყრობელის გიორგისაგან. შემწე ექმნა და წარმოსცა გიორგი სპანი თჳსნი.

მაშინ საათაბაგოს საფარ-ფაშა იჯდა, რამეთუ მანუჩარ ათაბაგი ოდეს ქართლად იყო, მაშინ წარვიდა ხონოქართანა. და შეეწყალებინა ხონთქარსა და მიეცა საათაბაგო თავისის სულითა, და ოდეს გაბრუნებულიყო, მაშინ წინ დახდომოდა საფარ-ფაშა მანუჩარ ათაბაგსა, და იყო ნათესავიცა მანუჩარისა. ხოლო მალვით მოეწამლა და მოეკლა ათაბაგი და თჳთ წარსულიყო საფარ-ფაშა და გათათრებულიყო. და მოეცა საათაბაგო საფარ-ფაშისათჳს. წარმოვიდა და მოვიდა საათაბაგოში. რომელნიმე მაშინ თავადნი გათათრებულიყვნენ ათაბაგისანი, და, რა ესე საფარ-ფაშა მოვიდა, სრულიად გაათათრა, რანიცა თავადნი იყვნენ ქრისტიანენი. მიერითგან იყვეს თათრობა და ამას. საფარ-ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა.

მაშინ ბატონი თეიმურაზ და ზურაბ ერისთავი ერთად იყვნენ დუშეთს სახლსა ზურაბ ერისთავისასა. და შემოიყარა მოურავმან ჯარი, მივიდა დუშეთს ბატონს თეიმურაზზედ, რამეთუ იყვნენ კახნი სრულიად მუნ და ზურაბ ერისთვის ლაშქარი და საამილახორო. და შეიბნენ ბაზალეთს ფიცხელად ასრე, რომე არა დარჩა კაცი, რომ არ დაიჭრა, და მრავალნი თავადნი დაიჴოცნენ და თჳთ ბატონი თეიმურაზიცა დაიჭრა მას დღესა. და დაუმარცხდა მას დღესა მოურავსა და თჳთ მოურავიც დაიჭრა, წარმოვიდა ცოლი ქაიხოსროს გამგებელისა, ძმისა მისისა თეიმურაზისა, და ძე მათნი იმერეთს გავიდენ. ცოლი მოურავისა და ძენი მისნი სამცხეს გარდავიდნენ და თჳთ მოურავი და ქაიხოსრი, გამგებელი ხონთქართან წარვიდენ.

და უყო მოურავს ხონთქარმან წყალობა და მისცა სანჯახები. და დააყენა მოურავმან ცოლი და შვილი მისი იორამ მუნ სანჯახშია. ხოლო მოურავმან გმო სჯული თჳსი და იქმნა მაჰმადიან და სთხოვა ჯარი ხონთქარსა და დააპირა, რომ წავალ და დავიჭერ ქართლსაო და სულ გავათათრებო და დაგამონებ ყმათაო, ხონთქარი მაშინ ყაენის გარიგებული იყო და უთხრა ხონთქარმან: "ერთი ქუეყანა მაქუსო დამდგარიო და იმაზედ გაგაყენებო და, თუ იმაზედ გაგემარჯუება და დაიჭერო, მას უკან მაგასაც გაგირიგებო". გაგზავნა და გაატანა აზამ ვეზირი თანა დიდის ჯარითა. რა მივიდნენ, მუნცა დიაღ კარგად იყო მოურავი: შეება და გაიმარჯუა.

აზამ ვეზირს ხონთქრის დაჲ ჰყვანდა ცოლად, და, რა ესე ამბავი მოუვიდა ხონთქარსა, იამა დიდად და დიდი სახელი და ჴმა დაუვარდა მოურავს. მაშინ იწყინა ხონთქრის დამან, რომელი ედგა ვეზირსა, და მისწირა წიგნი: "როგორი საქმე არის და ან როგორ გეკადრებაო, სულ მოურავის სახელი მოდის და შენი არაო". მაშინ უღალატა ვეზირმან: დაჰპატიჟა და ღალატით მოკლა მოურავიცა და შვილებიცა და გამგებელი ქაიხოსრო და, რაცა ჰყვანდა, ყოველივე ამოუწყჳტა. ერთი შვილი ახლდა თანა ავთანდილ, მოუკლეს იგიცა მაშინ თან ახლდა გორგასალ და შვილი მისი ბეჟან, და წააყენეს ბეჟან სასიკუდილოდ. მაშინ შეეხუეწა და ქრთამი მისცა იასაულს, რომ მაგ ჩემს შვილს კი ნუ მოკლავ და მე მომკალო, ჩემი თავი ანგარიშში გაგეთულებაო და მაგას ნუ მომიკლავო. მაშინ ისმინა მტარვალმან და არღარა მოუკლა შვილი, თჳთ გორგასალ მოკლა: თავი მოსჭრა, მიიტანა და ანგარიშში გააროინა. ბეჟან მორჩა და წარმოვიდა.

ხოლო ცოლი მოურავისა და შვილი მისი იორამ დარჩა აზრუმს ქუეყანსა, ხოლო ძენი მუხრანის ბატონის თეიმურაზისანი და ქაიხოსროსანი წარმოვიდნენ იმერეთიდამე და მოვიდნენ. მუხრანს რა სცნა ბატონმან თეიმურაზ ამათი მოსვლა მუხრანს დაუწყო მტერობა და არა დაანებეს მშურანი, და იყვნენ ერთს გლახაკის კაცისა ღარიბად და გლახაკობითა. ამა ჟამსა შინა უფრო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და ამას შინა დაუწყო საქმობა სჳმონ მეფეს პატარასა და იყო სჳმონ მეფე ციხესა შინა ტფილისისასა. და მისცა ზურაბ ერისთავმან საფიცარი დიდი და გამოიყვანა ციხიდამე და მოუდგა ზურაბ ერისთავი და გააბატონა და მოუყენა ქართლი. და წამოიყვანა ზემო ქართლს და მუნ იყოფებოდა. მაშინ სჳმონ მეფე მამასა ეძახდა ზურაბს და იყო მისი მორჩილი და არას იქმოდა მის გარდაუალსა.

და რა ნახა ბატონმან თეიმურაზ საქმე და განდგომილება ერისთვის ზურაბისა, მოკლებულ იქმნა ძალისაგან და არა სადა ჰქონდა მისალტოლველი. მაშინ წინა. აღრჩევით განიგულა წარსვლა ყაენთანა, განემზადა და წარვიდა, და შთავიდა უფადარს, მუნითგან აღწერა ქარტასა ზედა წარმომთქმელმან ესრეთ: "არა ჯერ არს განწირვა სიძისა მიერ სიმამრისა, ვინათგან შვილი ხართ და სიძე ჩემი. და აწ მე წარვსრულვარ ყაენთან, ამიერითგან ვიხილო ერთობა თქუენი და მეფის სჳმონისა".

და ვითარცა ესმა ზურაბ ერისთავსა სიტყუა ესე და წარსვლა ბატონის თეიმურაზისა ყაენთანა, განიზრახა თჳსაგან, რამეთუ ესრეთ იყო წადილი ზურაბ ერისთვისა, რათამცა ბატონი თეიმურაზ კახეთსა ზედან უფლებდეს, და სჳმონ მეფე ქართლსა ზედა; და თჳთონ ორთავე ზედა კადრებდეს და ვერარას მოქმედებდენ თჳნიერ მისსა, და მოსწრაფე იყო წარმართებასა საქმისა თჳსისასა, და, უკეთუ რომელიმე არა იყოს ნებისმყოფელი მისდა, იგი მეორე მეტოქად ეპყრას, და, რომელიცა არს მორჩილ მისდა, იგიცა იყოს უფალ მისა და არს საქმე ესე წინააღმდგომი ბრძანებისა ღმრთისა, ვითაცა იტყჳს: "ვერ ჴელ ეწიფების ორთა უფალთა მონებად".

და ვითარცა სარწმუნო იქმნა წარსვლასა ბატონის თეიმურაზისასა, მაშინ იზრახა ზრახვა ბოროტი, წარსაწყმედელი თავისა თჳსისა, შურითა ეშმაკისათა, და აღდგა მკვლელდ მეფისა სჳმონისა: და მძინარე სარეცელსა ზედა ღალატად მოკლა იგი, წარკუეთა თავი და წარსცა ბატონს თეიმურაზს, და აქა დასრულდა თესლი დიდის მეფის ლუარსაბისა. ხოლო ზურაბ ერისთავმან, რა წარგზავნა თავი მისი, და მიიყვანა ბატონი თეიმურაზ და უფალ-ყო ქართლსა და კახეთსა ზედა.

და ვითარცა გამოჰჴდა, მცირედი ხანი რამე, მაშინ მოიჴსენა ძჳრი იგი წახეთისა სულთნისა ბატონმან თეიმურაზ, რამეთუ მას ჟამსა ოდეს შააბაზ ყაენი მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოჴრა სრულიად კახეთი, მაშინ თანა-მწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა. ამისთჳს იდუმალ მოუწოდა სპათა ქართლისა და კახეთისათა ბატონმან თეიმურაზ, განილაშქრა და წარემართა წახეთსა ზედა, და, ვითარცა მიიწია ალონსა შინა, უბრკმამჯდომარე იყო ბატონი თეიმურაზ, და იქმნა მომტეხელ ჴელისა და თჳთ ვერღარა ეძლო და უთავა ზურაბ ერისთავი და გაატანნა სპანი თანა. და წარვიდეს და მიიწივნეს უგრძნობელად და დაესხნეს თავსა სულთანსა წახეთისასა, და მოსრეს პირითა მახჳლისათა ყოველნი მუნ მყოფნი, მოაოჴრეს და იავარ-ყვეს ყოველივე სანახები და თემნი სულტანისანი და თჳთ იგიცა სულტანი შეიპყრეს და მოკლეს და წარმოიღეს. მრავალი ნატყუენავი და იავარი მათი, შემოიქცეს გამარჯუებულნი და მოვიდეს ბატონს თეიმურაზსა თანა. და იამა ბატონს თეიმურაზს და დიდად მხიარულ იქმნა.

და ამას შინა გამოჰჴდა ჟამი რამე და მოიქცნა პირველი ძჳრი ზურაბ ერისთვისა და ჰქონდა შურია მისთჳს ფრიად და იმარჯუებია ჟამსა, რათამცა ბოროტი რამე შაჩუენა და განიგულა სიკუდილი მისი, და არა რიდა სიყუარულსა სიძისასა და არც ქურიობასა ასულისა თჳსისასა დარეჯანისსა. მაშინ ბატონი თეიმურაზ [იყო] მუხრანსა და მუნ ლამობდა ღალატსა ზურაბ ერისთვისასა; მაშინ მოუწოდა ბატონმან თეიმურაზ სარწმუნოთა მონათა თჳსთა და განუცხადა საიდუმლო გულისა თჳსისა, წარმომთქმელმან ესრეთ: "ვინათგან ესრეთ განდიდნა ერისთავი ზურაბ და არავისი ნებავს უფლება ქართლსა და კახეთსა ზედა და, რომელი უნებს, დააყენებს და, რომლისაცა არა უნებს, რომელსამე მკვლელ ექმნების და რომელსამე განაძებს, და აწ მნებავს სიკუდილი მისი და თქუენ დაიდუმეთ საიდუმლო ესე და, რომელსა მე ჟამსა გამცნო სიკუდილი მისი თქუენ ნუ ურჩ მექმნებითო".

და ესრეთ განამტკიცნა მონანი თჳსნი და წარავლინა კაცი და უჴმო ზურაბ ერისთავსა. და მოვიდა იგი, იშუებდენ და ლხინობდენ, და ვერა აგრძნა ერისთავმან. და დღესა ერთსა მსხდომარე იყვნენ მონანი მისნი, მაშინ წამ-უყვნა ბატონმან თეიმურაზ. ხოლო მათ აღიღეს მახჳლები უგრძნობელად ერისთვისა და ინაჴით მჯდომარესა უღალატეს და მოკლეს. და აღსრულდა ბრძანება უფლისა მის ზედა, ვითარმედ: "რომელმან აღიღოს მახჳლი, მახჳლითაცა წარწყმდეს" და იძია შური ბატონმან თეიმურაზ, წარვიდა დუშეთს და წარმოიყვანა ასული თჳსი დარეჯან, მოვიდა და დადგა მუხრანს.

მაშინ განიზრახა მზახობა იმერეთის მპყრობელსა გიორგის ძის ალექსანდრესათჳს, რამეთუ გიორგის, იმერეთის მპყრობელს. ესსნეს სამნი ძენი: ალექსანდრე, მამუკა, და უმრწამესი იყო ბერი. და მისცა ასული თჳსი დარეჯან, ცოლყოფილი ზურაბ ერისთვისა, ალექსანდრეს, იმერეთის მპყრობელის ძესა. იჴმო იმერეთიდამე და მოიყვანა მუხრანს, სოფელსა ქინძარასა, და უკურთხა გჳრგჳნი მცირესა ეკლესიასა ქინძარისასა და გარდაიხადა ქორწილი. რამეთუ ამა ალექსანდრესა პირველად ედგა გურიელის ასული ცოლად, მაშინ დაეწამა ცილი რამე ქალსა მას გურიელისა და მისთჳს იგი განუტევა ალექსანდრე და ესე დარეჯან ისუა ცოლად მისცა და წარიყვანა იმერეთს.

ხოლო ჟამსა ამას მპყრობელი იმერეთისა გიორგი და დადიანი შურად ედგნენ ერთმანერთსა და იყო ჴდომა და შური ურთიერთას, აოჴრებდენ ქუეყანასა ურთიერთას.

მაშინ ბატონმან თეიმურაზას შემოიყარნა სპანი თჳსნი, წარვიდა და მიუჴდა ულიკოსორს ლეკსა, რამეთუ იგინი უჴდებოდენ კახეთს ავაზაკობდენ და სრვიდენ კაცთა და ტყუე-ჰყოფდენ და ჰყიდდენ, და ამისთჳს შური იძია ბატონმან თეიმურაზ, მიუჴდა და გაემარჯუა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველივე მუნ მკჳდრნი. და წარმოვიდნენ მუნითგან ეძლეველნი მტერთანი, შემოიქცეს კახეთს:

და ვინათგან არღარავინ ჰყვათ ქართველთა მკჳდრი არცა მეფე არცა ძენი მეფისანი, მცირედ ოდენ მორჩილ იყვნენ კახის ბატონის თეიმურაზისა და ჭმუნვიდენ უმკჳდროებისათჳს მეფისა საქართველოსათა. ამისთჳს არა მსასოებელნი მკჳდრობისა, არამედ ჟამადმდე მგებელნი საქმისა, ერჩდეს ლაშქარ-ნადირობასა შინა და არარას მზრუნველნი მკჳდრობისა მისისათჳს, თჳნიერ მისა მეტყუელნი: "დღეს არს და ხვალე არაო". და მას ჟამად დაეპყრა ქართლიცა კახს ბატონს თეიმურაზს და ამისთჳს ლაშქრობდა, ვინათგან ჰყვა სპათა სიმრავლე მით მძლავრობდა ყოველთა წინააღმდგომთა ოჳსთა და იძია შური პირველი მტერთაგან მისთა.

მაშინ კუალად მრუწოდა ქართველთა და კახთა, შემოეყარნეს ყოველნივე და წარვიდა წარტყუენვად და მოოჴრებად ყარაბაღისა და, უგრძნობელად თავსა დამსხმელთა, იავარ-ყვეს და მოაოჴრეს სრულიად ყარაბაღი, წარმოსტყუენვეს და წარმოიღეს მრავალი ნატყუენავი და შემოიქცეს ძლევა-მემოსილნი, მოვიდეს კახეთს.

ხოლო ჟამსა ამას იყო გუარეულად უნდილნძე სახელი[თ] დაუთხან, და ესე უფლებდა განჯას, თჳთ აღზრდილი ყიზილბაშსა შინა. და იყვნენ ძმანი და სახლეულნი მისნი მრავალგუარად ნამსახურნი და ცნობილნი შააბაზ ყაენისა მიერ და იყვნენ თანამდგომნი და ერთგულნი ყაენისა. და უყოფდა მრავალსა კეთილსა შააბაზ ყაენი მათ, არამედ კუალად სძლია ჩუეულებამან მიუნდობელობისა მათისამან და სიბოროტისამან, ვითარცა თქმულ არს: "ჩუეულება სჯულსა უმტკიცე არსო", და არ[ს]ცა ჭეშმარიტად ჩუეულება მათი სჯულსა მათსა უმტკიცე. ამან შა-სეფიმ შეიპყრა ძმა დაუთხანისა და წარკუეთა თავი და შვილსა მისსა დასთხარა თუალები და ექუსი ძმისწული მოუკლა.

და რა ესმა დაუთხანს საქმე, წარმოვიდა განჯიდამე და მოვიდა ბატონს თეიმურაზთანა კახეთს და თან ჰყვა ჯარი ყაჯრისა ცოლიან-შვილიანად და დაასახლა იორზედა. და რა ესმა ესე შა-სეფი ყაენსა, ძესა შააბაზისასა, საქმე ესე, ეწყინა დიდად. დასასრული წინა ნაწილი როსტომ მეფე

მაშინ იყო ვინმე სააკაძე როსტომ, რომელი აღზრდილიყო ყაენის კარზედა. და იყო ესე სააკაძე როსტომ კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან. და მისცა მას სპასალარობა და გამოაყენა ქართლსა ზედა და წარმოატანა თანა ბატონად ქართლისა ხოსრო-მირზა, ძე დაუთხანისა, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რამეთუ ამა ხოსრო-მირზას მისცა ყაენმან ქართლი და უწოდა როსტომ-ხან და წარმოგზავნეს ორნივე ზოგად როსტომ-სან და როსტომ სპასალარი სააკაძე.

ხოლო კახეთი მისცა სალიმ-ხანს და იგიცა თანა წარმოატანა. წარმოემართნეს და მოვიდეს ხუნანს და დაიბანაკეს მუნ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი. მაშინ ბატონმან თეიმურაზ, სცნა რა საქმე ესე, შემოიყარა სპანი თჳსნი, მოვიდა და დადგა საფურცლეს და მოუწოდა ბარათიანთა ცოლშვილიანად და მოასხა მუხრანს და იყვნენ მუნ. და რა სცნეს ბარათიანთა მოსვლა როსტომ მეფისა ხუნანს, დაუტევეს ცოლშვილი და წარვიდენ როსტომ მეფეს თანა. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ წასვლა ბარათიანთი, განრისხნა ფრიად და ინება ცხვირ-პირის დაჭრა ბარათიანთ ცოლშვილისა, ხოლო ხორეშან დედოფალმან აღარ დაანება. და ვეღარა დადგა ბატონი თეიმურაზ მუხრანსა და არცაღა ძალ-ედვა წინააღდგომა როსტომ მეფისა. მაშინ წარვიდა ცოლშვილით იმერეთს და თან წარყვნენ რომელნიმე კახნი.

და, რა ესენი წარვიდენ, მაშინ ეპყრა მუხრანი ვახტანგს, ძესა თეიმურაზისასა, წარვიდა ესე ვახტანგ და მივიდა როსტომ მეფეს თანა. და რა სცნეს ყიზილბაშთა წასვლა ბატონის თეიმურაზისა, გამოუყენეს უკანა თარეში. ბატონმან თეიმურაზ და რომელთამე კახთა გარდაასწრეს იმერეთს, ხოლო რომელთამე მოეწივნეს პერანგაზედა, რომელიმე მოსრეზ, რომელიმე შეიპყრეს და ტყუე-ყვეს ხიზანი, წარმოვიდნენ და მოვიდნენ როსტომ სპასალართანა.

ხოლო იყვნენ მრავალნი და ურიცხუნი ყიზილბაშნი,როსტომ მეფე ქართლში და შემოეხვივნენ ქართველნი, ხოლო სალიმ-ხან ჩაიყვანეს. და დასუეს კახეთშია. მაშინ აღაშენეს ციხე გორისა და შეაყენნეს მცველნი, და კუალად შეაყენნეს მცველნი სურამის ციხეშიაცა.

მაშინ როსტომ მეფეს მოსცეს მაშუელებლად ლორის ხანი, ყაზახის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სალიმ-ხანს უჩინნეს მაშუელებლად განჯის ჯარი და ყაჯარისა.

და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისთვის, რომ ყაენი აძლევდა მრავალსა და. იყო ყულარაღასი და ტარუღა ისპაანისა. და იყო დიდად მწყალობელი ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა.

ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყუარობდნენ მორთუასა. და ამა მცირედითა მისაცემითა დაიერთგულნა და შემოიყარნა ქართველნი, რამეთუ მაშინ იყვნენ ქართველნი გულწრფელნი და გამოუცდელნი ყიზილბაშის ჴერჴისა და ტყუილისაგან, და ესე როსტომ მეფე იყო კაცი ჴერჴიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა. და მას ჟამსა ვინცავინ ქართველნი იყვნენ ყიზილბაშში დატყუვებულ[ნ]ი და გათათრებულნი, ყოველნივე წარმოიყვანა ქართლში და სწადოდათ გათათრება ქართლისა. და იყო წესსა ზედა ყიზილბაშისასა და გაარიგა რიგი სახლისა თჳსისა ყიზილბაშურად და განაწესა მოჴელენი და გამრიგენი თათარნი, და არცა მოშალა ქართველი მოჴელე, და იქცეოდა დიდებულად.

და მაშინ მეფეთა ქართლისათა სასახლე იყო ციხესა შიგან,წმიდისა ნიკოლოზისა, და ამან როსტომ დაუტევა და მუნ დასუა მიმბაში ყიზილბაშისა, თჳთ გამოვიდა და დასახლდა პირსა მტკურისასა ანჩის საყდარსა და სიონსშუა. მუნ ციხეშიაც აღაშენა მეჩიტი აბანოს პირდაპირ და ჴევს გამოღმა და თჳსსა სასახლეშიაც აღაშენა მეჩიტი, და კუალად აღაშენა ბაღი სიშიტურტუქს ქუემორე და მუნცა აღაშენა მეჩიტი.

და ამა ჟამსა შინა იჯდა ერისთავად დათუნა ერისთავი არაგჳსა და არა უდებდა თავსა როსტომ მეფესა, და ესაქმებოდა ბატონს თეიმურაზს და როსტომ მეფესაც ემსახურებოდა. შეუტყო ჴერჴი ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და მივიდა მუხრანს, შეუთუალა დათუნა ერისთავსა: "პირობა მომეც, რომ ყაენთან წახვიდე, მოგიმართავ ჴელსა და გაგგზავნი, თუ არა და, შემოგიჴდები და შენს ქუეყანას ავაოჴრებო". და არა ძალ-ედვა წინააღდგომა მეფის როსტომისა და წარმოვიდა მეფეს თანა და მოვიდა. უღალატა მეფემან როსტომ და მოსჭრა თავი და გაუგზავნა ყაენსა, შეუთუალა, რომ ეს მჩხუბევდა ბატონს თეიმურაზთანა, და თჳთ საერისთოს შეუჴდა.

მაშინ იყო ძმა დათუნა ერისთვისა ზაალ შემოიყარა ამან ზაალ ჯარი თჳსიდა დაუხუდა წინა, გაემარჯუა და გამოაბრუნა, მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შეუთუალა ფიცი საშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: "მოდი და გაგაბატონებო". რა მიუვიდა ბატონს თეიმურაზს კაცი, მაშინ ვერ ძალ-ედვა ქართლზედ მოსვლ და წარვიდა იმერეთიდან დვალეთზედ, გარდმოიარა და მოვიდა ანანურს და მუნ დადგა.

მაშინ შემოუჩინეს კაცები და ემტერებოდენ როსტომს მეფესა, მაგრამე ვერსად მოაჴელეს: ფრთხილობდა და იყო ქალაქის ციხეშია. მაშინღა ერთგულად მოუდგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდენ.

სალიმ-ხან, რომელი იჯდა ქუეყანასა კახეთისასა, მოსაბრუნს, და მუნ აშენებდა სახლსა, და რა ნახეს ესე რომე როსტომ მეფეს ვეღარა უმტერეს, მაშინ მიუჴდენ სალიმ-ხანს, დაესხნეს თავსა. და თჳთ სალიმ-ხან გარდაუსწრა, ვერ დაიჭირეს და სხუანი, რომელნიც ყმანი მისნი თათარნი მოაჴელნეს, დაჴოცეს და ზოგი დაიჭირეს.

და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ და დაიჭირა კახეთი. მაშინ კახეთი დამცრობილი იყო და ვერ დადგა როსტომ მეფის შიშით, მივიდა და დადგა ანანურთან და მუნითგან ქართლსაცა ცდილობდა, ამა ჟამსა შინა ინება როსტომ მეფემან და დადიანმან ერთმანერთის მოყურობა. მაშინ დადიანი ლევან და იმერეთის მპყრობელი ერთმანერთს უჴდებოდენ და იყო შური დიდი ერთმანერთშია. და ამისთჳს მოინდომა დადიანმან როსტომ მეფის მოყურობა და როსტომ მეფემანც ამისთჳს მოინდომა დადიანის მოყურობა, რომე ბატონი, თეიმურაზ ამისი მტერი იყო და იმერეთში მაგრობდა და დადიანს იმისთჳს ემტერებინა.

მაშინ არა ჰყვანდათ რა, რომ ერთმანერთისათჳს მიეცათ. დადიანს ჰყვანდა დაჲ, სახელით მარიამ, ესე ესუა ცოლად სჳმონს გურიელს. ესე მარიამ იყო ნაშობი ათაბაგის ქალისა. მაშინ სჳმონ გურიელმან გმო ღმერთი, შურითა ეშმაკისათა აღბორგებულმან, მოკლა მამა თჳსი მამია გურიელი: სარეცელსა ზედა მწოლარეს უღალატა. და ვითარცა სცნა ლევან დადიანმან, მიზეზ-ყო საქმე ესე, შეუთუალა სჳმონ გურიელსა: "ვინათგან ჰყავ საქმე ეგე ბოროტი, მე ჩემს დას შენ აღარ მოგცემო". შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუჴდა ლანჩხუტს. შეიყარა იქიდამ სჳმონ გურიელმან ჯარი. ესე სჳმონ გურიელი იყო კაცი მჴნე და გულოვანი და მივიდა ესეც ლანჩხუტს, შეიბნენ, და გაემარჯუა ლევან დადიანსა, შეიპყრა სჳმონ გურიელი და დასწვა თუალები და გამოართუა დაჲ თჳსი მარიამ. და დასუა გურიელად ქაიხოსრო, გურიელის სახლისკაცი. და ესე ქაიხოსრო გურიელი იყო მარიამ დედოფლის დედით ძმა.

და წარმოუგზავნა როსტომ მეფეს კაცი და აღუთქუეს ქალის მიცემა. იამა როსტომ მეფესა და აემზადა წარმოსაყვანელად ქალისა. შემოიყარნა ქართველნი და წარმოემართა.

მაშინ იყო დადიანი ლევან დიდად მდიდარი საქონლითა და სპითა. აქედამ როსტომ მეფე წარვიდა სპითა მრავლითა და იქიდამ დადიანი წარმოვიდა შეყრილი და თანა წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, რამეთუ მაშინ ეშინოდათ იმერეთის მპყრობელისა გიორგისაგან და წარმოვიდა სამიქელაძეოზედა, გამოიარა ფოკე, გამოჴდა რიონს და ამოვლო საჩხეიძო და მოვიდა კაკას-ჴიდსა დადიანი. და წარმოვიდა როსტომ მეფეც სამცხეზედ და შეიყარნენ როსტომ მეფე და დადიანი კაკას-ჴიდსა დადადგნენ პირდაპირ სიახლოესა. მაშინ იმერეთის მპყრობელი გიორგი შეიყარა სპითა მისითა და წარვიდა იგიცა მათ ზედა, რამეთუ გაუბედა ჴრმალი და არა უტევებდა, მივიდა იგიცა სიახლოვესა მათსა და დადგა. არჩია გიორგიმ და განიზრახა თჳსგან, წარვალ სუბად და დავხედავ ჯარსა მათსა, და წარვიდა. ურჩიეს იმერელთ, მარტო ნუ წახვალო, და არა დაიშალა, და წარვიდა ათის კაცითა და დახედა მაღლიდამე ჯარსა მათსა. და შეუტყო საქმე ესე დადიანმან ლევან, წარმოგზავნა სპანი თჳსნი. და ნახეს გიორგი რომ სუბად იყო, შეუტივეს და შეიპყრეს და მ[ი]იყვანეს დადიანთანა. ამა ჟამს იყო ქრისტეს აქათ ჩ~ქლბ. ხოლო დადიანს იამა და გამხიარულდა დიდად და ტყუე-ყო, ხოლო მოსცა ქალი როსტომ მეფესა და წარმოვიდა როსტომ მეფე და წარმოიყვანა.

მაშინ გაბრუნდა დადიანი და წარიყვანა გიორგი თანა და დაატყუევა ციხეშია და ჰყვანდა ტყუეთა. ხოლო ძემან გიორგისმან ალექსანდრე დაიპყრა მამისა წილ თჳსისა.

და წარმოვიდა როსტომ მეფე მასვე გზაზე, რომელსაცა მისულიყო. მას ჟამსა თათრად იყო ათაბაგი და არღარა სახელსდებდენ ათაბაგად, არამედ ოსმალის ენითა ფაშად სახელსდებდენ. და მაშინ იჯდა ფაშად საფარ-ფაშის ძე უსუფ-ფაშა. ამან დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლსა და ქნა ქორწილი ჴელმწიფური და სახელოვანი. მაშინ სთხოვა ალექსანდრე, ძემან გიორგისამან, დადიანს მამათჳსი და შეუკუეთა საჴსარი. ხოლო დადიანმან სთხოვა ჩიხორსა და ჩხარს სომხები საჴსრად. აჰყარა და მისცა, რაც შემოუკუეთა, და გამოიჴსნა მამა თჳსი და მოიყვანა იმერეთს. და იცოცხლა გიორგი ხანსა რაოდენსამე შინა და მოკუდა. და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე.

ამიერითგან მძლავრობდა დიდად დადიანი იმერეთზედა: ესრეთ გაუჭირა საქმე ალექსანდრეს, რომე ქუთაისს გალავანი შემოივლო და იჯდა მას შინა და ვერა წინააღუდგებოდა დადიანს. ხოლო დადიანი მოუჴდებოდა ყოველს საუფლოს დღეს, შობასა, ახალწელიწადსა, ნათლისღებასა და აღდგომასა და აოჴრება ქუეყანასა იმერეთისასა: რომელსამე ჴოცდა და რომელსამე ტყუე-ჰყოფდა და ჰყიდდა და დაირჩენდა და თავს დააჴსნევინებდა. და ამას ჟამსა შემოიღო ლევან დადიანმან ტყჳს სყიდვა და თავის დაჴსნა, რამეთუ არა იყო მანამდი სყიდვა ტყჳსა. და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და ემორჩილებოდენ სრულად აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდენ და ულაშქრებდენ დადიანსა.

ხოლო როსტომ მეფე განდიდნა ფრიად და ვერღარა დააკლეს რა მტრებმან.

ამას შინა გარდაჴდა წელიწადნი სამნი. მაშინ უკუდგნენ არაგჳს ერისთავი ზაალ და ქსნის ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და აბატონებდენ კახეთსა შინა და ესენი ეკერძებოდენ მას. და იყო მას ჟამსა კახეთი გაოჴრებული, და ჩავიდნენ ლტოლვილნი კაცნიცა და რაც მუნ იყვნენ, მცირედ ოდენ იწყო შენობად და მოსახლეობად. მაშინ ზოგჯერ გაუგზავნის ყაენს ფეშქაში და შეურიგდებოდის ბატონი თეიმურაზ და ხან აეშლებოდა, იყო კახეთშია და ესრეთ ბატონობდა.

მაშინ ბატონმა თეიმურაზ იზრახა და განიგულა დაპყრობა დიდოეთისა და სწადდა იქიდამე რუსეთის გზის შოვნა და ზურგის მობმა რუსეთის ჴელმწიფისაგან და მუნითგან რუსის ჯარის მოსვლა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. შეიყარა ჯარი და წარვიდა დიდოეთზედა, ენება მოქცევა დიდოეთისა და მიუჴდა დიდოეთსა და აღიღო რომელიმე კოშკები და ალაგები.

ხოლო დიდოთა ითხოვეს შეწევნა ლეკთაგან, რამეთუ მაშინ დიდად ემტერებოდენ ლეკნი კახთა, რამეთუ ბატონი თეიმურაზ მიჴდომოდა და მრავალი ბოროტი შეემთხვია ლეკთათჳს, და პირველითგანაც მტერ იყვნენ, ამისთჳს მტერობდენ ლეკნი კახთა. მოეშუელნენ ლეკნი დიდოთა და შემწე ეყვნენ. და დახუდენ სიმაგრეშია ბატონს თეიმურაზს, დაუშინეს საგორავები, ქვა და ისარი, და ამოსწყჳტეს მრავალი. და გამოაქცივეს ბატონი თეიმურაზ, და, რომელნიცა ჰყვანდა გამოჩენილი ეპისკოპოზნი, დარბაისელნი, ყოველივე მუნ ამოსწყჳტეს. და ჩამოვიდა კახეთს და იტირა: "ვაი ეპისკოპოზ -- დარბაისელ -- ამოწყუეტილს".

ამაში გამოჴდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმანგიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთჳს, რომე ამისი ძმის ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იჴმეს: "კუალად მოდი ქართლში და გაგაბატონებთო". ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.

რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდანოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დაჴოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.

ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა მუნითგან, და დადგა ცხირეთს, და მუნ იჴმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ მუნ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო მუნვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან, ვითარმედ: ნოდარ" რომ წასულიყოს, მაგისთჳს საქმეს რატომ წააჴდენ და ან რატომ გაბრუნდი?" მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო".

მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თჳთცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და მუნ გამაგრდენ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახუდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.

ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თჳსისა ქუეყნიდამე, თჳნიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სიტკენაც დრო დააჴელის, იქითკენ იყვის.

და ამისგან რა მოიცალა როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი ქართველთა და, რომელნიცა ყიზილბაშნი იყვნენ მიჩენილნი ყაენისაგან, იგინიცა შემოიყარა, და წარვიდა კახეთს ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ მაღაროს იდგა სუბათა და კახნი თავ-თავისთჳს იყვნენ. მიუჴდა როსტომ მეფე, და დაუწყო სროლა ვიწროებში ბატონმან თეიმურაზ და, რაც ოდენ შეეძლო, იომა ბატონმან თეიმურაზ. და ვერღარა დაუდგა როსტომ მეფე, გაიქცა და წარვიდა ტფილისს. და აღარა დევნა უყო ბატონმან თეიმურაზ, იშოვა მრავალი ბარგი მისი, აიკლო და წამოიღო და წამოვიდა და მოვიდა თჳსსა სახლსა.

და რა ნახა ესე ზაალ ერისთავმან და იოთამ ამილახორმან, რომ ვეღარცა რა ამ დამარცხებით დააკლეს რა, დაუწყეს როსტომ მეფეს ლაპარაკი და ხუეწნა: "შეგჳრიგე და გჳმსახურეო". ხოლო როსტომ მეფემან ესე უპასუხა ზაალ ერისთავსა: "უკეთუ წარხვალ ყაენთან, შეგირიგებ და, უკეთუ არა წახვალ, ჩემთან ჴელი არა გაქუს". მაშინ დაჰყვა ზაალ ერისთავი: მოიყვანა და შეირიგა. და გაგზავნა ყაენთანა და მისწერა ყაენთანა კაი წიგნები.

და რა მივიდა ზაალ ერისთავი ყაენთანა, სცა პატივი დიდი და კეთილად მიიჩნივა სიტყჳთა როსტომ მეფისათა და უყო წყალობა მრავალი: გაუჩინა წელიწადში სამასი თუმანი ჯამაგირი, გაათათრა და გამოისტუმრა ქართლი. და მოვიდა როსტომ მეფესთანა და მიერითგან იყო ერთგული როსტომ მეფისა.

და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყუარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყუარება, ჯამაგირი და სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდენ და რაყმით იშოვნიდენ მამულებსა.

და თჳთ როსტომ მეფის წადილი და ნება ესე იყო, რომ უყაენოდ არავის რამისცემოდა, და, თუ ვინმე გასაკეთებლად უნდოდა, ყაენს შეეკითხვოდა. და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა.

ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები [შემოიღო] მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წყინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა.

კუალად ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლიერდენ თათარნი და კადნიერებდენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყუარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალ[ნ]ი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.

და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ: მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდენ ქართველნი დარბაისელნი, და მათცა ეგრეთვე იყოლიეს მუტრიბნი და მრავალნი მჴევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა. და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან, განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ და არარას ზრუნვიდენ შვილისათჳს.

და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყჳს სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ ობოლნი და ქურივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.

ხოლო სამღდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთჳს არღარას ზრუნვიდენ სამღდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხუანიცა რომელნიმე მოოჴრებულნი ეკლსიანი აღაშენნა.

და კუალად აღაშენა გატეხილი-ჴიდი.

და იყო სმისა და ჭამისა მოყუარე და გასცემდა [არა-]მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ, იყვნეს ფუფუნეულ და ჴორცთ-მოყუარე, რამეთუ თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.

ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ მეფემან წინასწარ აღრჩევითა თჳსითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა მღდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.

ესე ქრისტეფორე კათალიკოზი იყო კაცი მოყუარე სიმართლისა, მშჳდი, მდაბალი, გულ-ტკბილი, ყოველთათჳს მოწყალე, სიწმიდის მოყუარე, სახითა შუენიერ და ღირს ხარისხ-მპყრობელობისა თჳსისა, კუალად აღზრდილი და გამოცდილი საეროსა სამამაცოსა ლაშქარ-ნადირობასა შინა. და არა ჰქონდა გამოცდილობა წერილთა, მცირედ ოდენ წურთილ იყო. ხოლო განაგებდა კეთილად წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.

და ამან როსტომ მატა ყოველსა ფეშქაშსა და მეტადრე სიტყჳსასა. რაჟამს დაიდვა სჳმონ მეფემან, ამ წესით იქმოდა: ანუ ძესა ურიისასა, ანუ ნასყიდსა და ანუ ოსთასა გაგზავნიდა, ხოლო ამან გამოიყვანა ქართველთა გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა ასულნი და ძენი და მას გაუგზავნიდა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდენ, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე.

მაშინ დაიმორჩილა როსტომ მეფემან სრულიად ქართველნი და იყვნენ დიდად ერთგულნი, შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დადგა აფურცლეს და მუნითგან მოუწოდა ყიზილბაშის ხანებსა, რომელი იყო ყაენისაგან მი[ს] ზედა ჩენილი. მოვიდეს და შემოეყარნეს იგინიცა და წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა-რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს.

და ურჩია ბიძინა სუფრაჯმან ბატონს თეიმურაზს, ვითარმედ: "წარგზავნე ძე შენი დავით და მე თანა ვიახლები და რომელნიმე კახნიცა გამოგუატანე, წარვალთ ქისიყსა და ვემტერებით როსტომ მეფეს იქიდამე და უსმინა ბატონმან თეიმურაზ და წარგზავნა ძე თჳსი დავით. ხოლო რა ესმა როსტომ მეფესა, მანცა წარგზავნა ყიზილბაშის ჯარი იმათზედა, და თჳთ წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა. და უთავა სარდლად ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი და გაატანა სპანი ქართველთანი. მივიდნენ ესენი უღლისს, იქიდამ ბატონი თეიმურაზ მოვიდა და შეიქმნა ომი და თოფის სროლა ძლიერი.

მაშინ ჰკრეს თოფი რევაზ სახლთუხუცესსა ჩოლაყაშვილსა, რომელი იყო კაცი კეთილი და რჩეული სარდალი. ესე იყო ბატონის თეიმურაზის მოწინავე ამას ჰკრეს თოფი და დაკოდეს სასიკუდინედ. და რა სცნა სიკუდილი თჳსი, არა აშალა ჯარი და მუნცა დაუტევა ძენი თჳსნი, და თჳთ გაბრუნდა სახლთუხუცესი და მივიდა ბატონს თეიმურაზთანა. მაშინ დალოცა ბატონი თეიმურაზ ესრეთ, ვითარმედ: "მე მომკუდარვარ შენის სამსახურისა და ერთგულობისათჳს, ჩემი თავი თქუენის ჭირის სანაცვლო იყოს". გამოესალმა და აკოცა ლელსა და იტირეს ორთავე მრავალი. წარვიდა და მივიდა სახლთხუცესი მუნვე ადგილს, სადაც დავიდოდა, და მუნ მოკუდა.

და რა ნახეს სიკუდილი მისი კახთა მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნ იქცენ და წარვიდნენ, უკუნ იქცა ბატონი თეიმურაზცა და წარვიდა.

ხოლო მუნცა შებმულ იყვნენ ყიზილბაშნი და დავით, ძე ბატონის თეიმურაზისა, გამარჯუებოდა ყიზილბაშთა და მოეკლათ დავით და ჯარიცა მისი ამოეწყჳტათ. მაშინ ბატონი თეიმურაზ შეწუხდა დიდად: არას გზით ღონე აღარა ჰქონდა დადგომისა და შემაგრებისა. წარმოგზავნა ხორაშან დედოფალი, რომელი იყო მამის ძმის შვილისშვილი როსტომ მეფისა. ესე მოვიდა როსტომ მეფესთანა და შემოეხუეწა. ხოლო როსტომ მეფემანი რა სცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღუანა კათალიკოზი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გარდაუტანა იმერეთსა. ბატონმან თეიმურაზ გაუშუა კახეთი და ჩავიდა იმერეთს. მოეგება სიძე მისი ალექსანდრე, მპყრობელი იმერეთისა, ჩაუძღუა და დააყენა და ისტუმრა კეთილად. მაშინ განუმჟღავნეს ბატონს თეიმურაზს ძე მისი დავით და იქმნა მათ შორის ტირილი და გლოვა დიდი.

ხოლო როსტომ მეფემან დაიპყრა სრულიად კახეთი და პატრონობდა ქართლსა და კახეთსა, გაურზავნა თავი დათუნასი ყაენსა და მიულოცა გამარჯუება და არღარა ჰქონდა ფიქრი როსტომ მეფესა, იშუებდა, ლხინობდა.

ხოლო ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო სამცხეს უსუფ-ფაშა და იჯდა მის წილად ძე მისი როსტომ-ფაშა, ნაშობი მჴევლისა, მაშინ იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა, სიმრავლისათჳს ცოდვათა მათთა: გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და დაპატიჟეს სჯული მაჰმადისა ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო ქალსა მას რა ესმა, შეძრწუნდა ფრიად და ზარი დაეცა და განიგულა სიკუდილი თავისა თჳსისა და არა დატევება სჯულისა, და ენება გარდავარდნა თავისა თჳსისა კლდესა შინა, და არავინ უტევა. კუალად განიზრახა მოშთობა თავსა, და ვერცა იგი აღასრულა, რამეთუ ჰყვანდათ შეპყრობილი და სულს იქით ღონე აღარა ჰქონდა. და რა მისჭირდა ქალსა მას, მაშინ უთხრა: "უკეთუ ყოველსავე საათაბაგოში შინა-მყოფსა ქალსა და კაცსა, ყუელაკას გაათათრებ, მეცა გავთათრდებიო, და უკეთუ არა, თავს მოვიკლავო და არა ვიქო. მაშინ დაათათრეს ყოველივე და იგიცა გათათრდა: და ყოველთავე მუნ მყოფთა დაუტევეს სჯული ქრისტიანობისა და იქმნეს მაჰმადიან.

მიერითგან იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა: განირყუნა წმიდანი ეკლესიანი, შეირია და იავარ-ყვეს ყოველივე უსჯულოთა თათართა, დაიპყრეს და ყვესწმინდანი მონასტერნი სამროწლედ და ცხოვართა სადგურად და დაუტევეს მნეთა ეკლესიისათა და სამღდელოთა კრებულთა, ეპისკოპოზთა და მოწესეთა კაცთა, საყოფელი თჳსი, წარიღეს თანა წმიდანი ხატნი და ჯუარნი და ნაწილნი, და წარმოვიდეს რომელნიმე საქართველოსა შინა და რომელიმე გურიას და იმერეთს, და დაემკჳდრნენ იგინი სანახებთა ქართლისათა და იმერეთისათა. და რომელნიცა დაშთეს მუნ ნეშტნი ქრისტიანენი, იგინიცა მძლავრებით და იძულებით მიიზიდნეს თჳსათ და მცირედ-მცირედ ვიდრე აქამომდე მიდრკეს ქრისტიანობისაგან, და აწ სრულიად არღარა იპოებიან მუნ მორწემუნეთაგანი, თჳნიერ კლარჯეთისა მსხემთა, რომელ არს ჯავახეთი.

ხოლო როსტომ მეფესა არა ესუა ძე. ფრიად მზრუნველმან უძეობისამან, წინააღრჩევითა რომელთამე განმზრახთა თჳსთათა, წარავლინეს კაცი ისპაანს და მოიყვანესსპარსეთით ძისა ვახტანგისა თეიმურაზის ლუარსაბ, რომელი დაშთა სპარსთა შინა. ესე იყო სჯულითა მაჰმადიანი და ესე ისუა ძედ თჳსად მეფემან როსტომ. ხოლო იყო სულელ და ხელ და აღტაცებულ გონებითა, რომელი არა შუენის ძეთა მეფისა საქართველოსათა, და ზრდიდენ და სწურთნიდენ კეთილად, და საყუარელ იყო მეფისა მიერ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ იყოფოდა სანახებსა იმერეთისასა. მას ჟამსა იყო დადიანი ლევან მდიდარი საუნჯითა აურაცხითა და სპითა მრავლითა დიდად მძლავრობდა მპყრობელსა იმერეთისასა ალექსანდრე: ესრეთ იყოფებოდა ქუთათის[ს] აღმშენებელი ზღუდისა, და მჯდომარე იყო მას შინა თჳთ და ძმანი მისნი და თავადნი ჩინებულნი იმერთანი დედაწულითურთ, ყოველნივე თანა ჰყვეს გარე-შეზღუდვილსა მას შინა შიშისათჳს დადიანისა, რამეთუ ფრიად მძლავრობდა შურით მჴდომი და იავარ-მყოფელი სანახებსა იმერთასა ზემოთა და ქუემოთა; არასადა დაშთა დაბასი და შენობანი და სიმაგრენი. რომელ არა მიემძლავრა. და არარას ჟამსა მოქმედებდა, თჳნიერ დღესასწაულსა მას საუფლოსა შობა-ნათლისღებასა, ახალწელიწადსა.

ამათ შინა არა დასცხრებოდა მოოჴრებად ქუეყანისა, სრვიდა და ტყუე-ჰყოფდა მრავალთა და ჰყიდდენ ნაშოვართა ტყუეთა და დარჩენილთა კაცთა.

ეჰა, რისხვა ღმრთისა ულხინებელი მოქმედთა ამის ბოროტისათა, რამეთუ მან განაწესა ბოროტისა მის მტერისა მიერ წარმოთხეული გესლი იგი იუდაებრივი, რომელმან განყიდა ვეცხლად შემოქმედი და მოძღუარი თჳსი. მიერითგან განეთესა განსყიდვა უსჯულოთა-ზედა ტყუეთა ქრისტეს-ნათლისღებისათა და წინააღმდგომთა ღმრთისათა კაცთა მყოფთა სანახებთა იმერთა, ოდიშართა და გურიელთასა, რომელი ნუ ყოს ღმერთმან საქმე ქართლსა ზედა ბოროტი იგი. ხოლო მან უფროსად და უმეტესად განმრავლდა და გარდაემატა ცოდვა იგი ვიდრე დღეისამდე. ჵი ჩემდა, რამეთუ თჳთ მუნ-მყოფნი მღდელთ-მთავარნიცა და სამღდელოთაგანნი შეირინნეს ბოროტითა მით სენითა, რამეთუ არა იყო პირველ ლევან დადიანისა და ალექსანდრესა, ამათთა ჟამთა შინა შემოვიდა წარსაწყმედელად სულთა მათთა, რამეთუ ესე ესრეთ იქმნა და აწ მივილტოდეთ პირველსავე სიტყუასა ზედა.

ხოლო მიიმძლავრა დადიანმან ლევან სრულიად იმერეთი და ვერ ეძლო წინააღდგომა და შემთხუევა ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, და ვერცა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან.

ხოლო მამუკა, უმრწამესი ძმა მისი, იყო ყრმა ჰასაკად მიწევნული, შუენიერი და ახოვანი, მსგავსი მამისა თჳსისა, განთქმული რაინდობასა შინა, კისკასად და უებროდ მორბედი, რამეთუ კნინღა და ჟამსა მას არასადა აღზრდილ არს ესევითარი მოასაკეთაგანი ზნე-სრული და გულოვანი გოლიათებრივი. ესე მამუკა მცირედითა სპითა თჳსითა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან, განმსტრობელმან თარეშთამან სპათა მათ დადიანისათა შეემთხვევის მზირად მცირედითა სპითა და მრავალი მოსრის და მრავალი დარჩენით შეიპყრის და ტყუე-ყვის და შემოიქცის გამარჯუებული, და მსგავსად მათსა ჰყიდდენ დარჩენილთა კაცთა თათართა ზედა. და ვითარცა კუალად მოუჴდა დადიანი და მოაოჴრა ქუეყანა, დღესა ერთსა ჩუეულებრივ გაუჴდა მცირითა სპითა თარეშსა დადიანისასა, მიეტევა მჴნედ, და მაშინ წარმოექცა ცხენი სისწრაფისაგან და დაეცა ქუე. მაშინ შეუტივეს ოდიშართა და შეიპყრეს და წარიყვანეს და მიჰგუარეს დადიანს, და დადიანი მსიარულ იქმნა შეპყრობისა მისისათჳს, წარიყვანეს და ტყუე-ყვეს ოდიშს ციხესა შინა.

ხოლო რა ესმა ესე ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, დაუმძიმდა ფრიად, მოიპოვა ღონე ესევითარი და აწჳა ბატონი თეიმურაზ წარსვლად ოდიშად დადიანსა თანა. ხოლო მორჩილ ექმნა ბატონი თეიმურაზ სიძესა თჳსსა ალექსანდრეს და წარვიდა. და, ვითარცა მივიდა, მიეგება დადიანი ლევან წინა, ისტუმრა კეთილად, დაუმზადა სერი დიდი და ჴელმწიფური და მხიარულ იქმნეს ურთიერთას ხილვითა, რამეთუ მეყჳსნიცა იყვნეს ესრეთ: ძე იყო ლევან თეიმურაზის მამის დისა. დღეცა რაოდენსამე უკანა წარმოუთხრა მიზეზნი მისვლისა მისისა და მოქენე იყო გამოჴსნისათვის. მამუკასა და განტევებად მისა, და არღარა შურობდა და ჴდომად ურთიერთას.

ხოლო იყო მუნ წულუკიძე პაატა წუწკი, მკელობელი, მეყჳსი და თანა-განმზრახი დადიანის ლევანისა. და ესე, პირველვე განძებული მეფის ალექსანდრესაგან სამყოფთაგან თჳსთა, ლტოლვილი წარვიდა ოდიშსა და მიერთ დადიანსა ლევანსა და დიდად მტერ იყო იმერეთის მპყრობელისა ალექსანდრესი: რამეთუ ენება დადიანს პატივის დადება ბატონის თეიმურაზისა და განტევება მამუკასი, ხოლო იგი სავსე შურითა არა უტევებდა, რამეთუ ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა, თჳნიერ მისსა. მაშინ მოიმტკიცა დადიანი პაატა წუწკმან ენითა მზაკუარითა და უარყო დადიანმანცა არა განტევება მამუკასი აუწყეს ბატონს თეიმურაზსა მეტყუელთა ესრეთ: "ვერ ეგების ჩუენგან განტევება მისი". და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ ბატონი თეიმურაზ და არც ბატონმან თეიმურაზ დაუჟინა და წარმოვიდა, მოვიდა იმერეთს სიძესა თჳსსა თანა.

მაშინ არავე დასხრა ბოროტისაგან საქმისა და არცა შეიშინა რისხვისაგან ღმრთისა კუალად შესძინა შურსა თანა სიკუდილი მართლისა მის, წარავლინა კაცი და დასწვა თუალები მამუკას ციხესა შინა და მოკუდა. ხოლო ჟამსა მას მოკუდა და იქმნა დიდად სალმობიერ სენითა სასიკუდინეთა გიორგი შვილისშვილი თეიმურაზისა, რომელსა ზრდიდა ალექსანდრე, მოკუდა და მიიცვალა იგიცა და ყვეს გლოვა დიდი და მწუხარება და აღასრულეს წესი გლოვისა. და იყო მუნ ბატონი თეიმურაზ, ვიდრე შჳდ წლამდე.

ხოლო როსტომ მეფე მეფობდა მშჳდობით, არარას მზრუნველი, თჳნიერ ლხინისა და შუებისა და მოსუენებისა, და გარდაიჴდიდა დღეთა თჳსთა სიხარულით, ნადირობდა და შეექცეოდა. და მას ჟამსა მოვლო რომელნიმე სანადირონი და იყვნენ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი, და თანა ჰყვა ძედ მისა წოდებული ლუარსაბ. მაშინ დაეთხოვა როსტომ მეფესა ყარაიის სანადიროდ ხოლო მეფემან დართო ნება და წარვიდა. და გაჰყვნენ თანა ყრმანი, მსგავნი მისნი, ახლ-მოასაკენივითარცა მიიწივნეს მუნ, მოირკეს ტყე და მოვიდა ჯოგი ირემთა და შეექნათ სროლა ძლიერი. და აღირივნეს ურთიერთას და ისროდენ ურთიერთას ყოველნივე დიდნი და მცირენი, განირყუნეს სანადირონიცა. და სროლასა მას შინა მოხუდა თოფი ლუარსაბს. და მოკუდა მუნ. ვითარცა ესმა როსტომ მეფესა, მწუჴარე იქმნა და იყო გლოვა და ტირილი წესისებრ.

მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო მუნვე იმერეთს დიდად გლახაკად, უღონოდ საჭურჭლითა და საზრდელითა, მოუძლურებული წლისა სამოცდაათისა და ვერღარა ძალედვა წინააღდგომად როსტომ მეფისა ფრიადისა უძლურებისაგან. და დიდად მოკლებულ იქმნა საზრდელთა და საჭიროთა საჴმართაგან.

მაშინ წარგზავნა შვილისშვილი თჳსი ერეკლე რუსეთის ჴელწიფესთანა და შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრეს პირითა მახჳლისათა ყმანი ერეკლესნი და კნინღა თჳთ განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყულელად, და დასტაცეს მჴევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თჳთ რუსეთს, და მივიდა ჴელმწიფეს თანა. ამაში გამოჰჴდა ხანი რამე და თჳთ ბატონი თეიმურაზცა წარვიდა რუსეთს რამეთუ წლისა იყო სამოცდა თორმეტისა, მივიდა და დიდად პატივ-სცა რუსეთის ჴელმწიფემან. სთხოვა შეწევნა და ჯარი ქართლზედა, და უთხრა ჴელმწიფემან მიზეზი: "ჯერეთ მოცლა არა გუაქუსო". და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ, რომ შემწე არა ეყო, ხანსა რაოდენსამე უკანა დაეთხოვა და წარმოვიდა. და აჩუქა მრავალი ჴელმწიფემან. ამა ჟამსა შინა დიდად მოუძლურებულიყო ბატონი თეიმურაზ, წარმოემართა და მოვიდა ასტარხანს.

ხოლო ამა ჟამსა მომკუდარიყო იმერეთს შვილისშვილი მისი ლუარსაბ, ყრმა კეთილ-მოასაკე, შუენიერი და მჭურეტელთათვის სატრფიალო. მოვიდა კაცი ასტარხანს, და გაუმძღავნეს მუნ, და ყო გლოვა მუნ დიდი და მწუხარება. ხოლო ერეკლე დაუტევა რუსეთის ჴელმწიფესთანა.

და ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო დადიანი ლევან ხოლო შემოიყარა ალექსანდრე, მპყრობელმან იმერეთისამან, ჯარი, ჩავიდა ოდიშსა. და ვერა წინააღუდგენ, და დაიპყრა ოდიში და მრავალი ბოროტი მოაწივა ოდიშსა და იძია შური პირველი, რომელი ყო დადიანმან მათ ზედა, ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოსო თქუენ", და ზედა დაგერთოსო. აიკლო საქონელი დადიანისა და საუნჯენი მისნი ყოველნი მისნი ყოველნივე თჳთ დაიპყრა და ტყუედ ყო მრავალნი ოდიშარნი. მრავალნი იყვნეს სრულიად ოდიშიდამ იმერელთა. და გამოართვა დიდებულთა ოდიშართა შვილები მძევლად და თჳთ დიდებულნიცა შეიპყრნა, დააჴსნევინა თავი, ხოლო ძენი მათნი მძევლად წამოასხა და დასუა მუნ დადიანად ვამიყ, ძმისწული ლევან დადიანისა და წარმოვიდა ალექსნდრე ნაშოვნითა მრავლითა და მოვიდა იმერეთს.

ხოლო განუყო ქუეყანა დადიანს: დაიპყრა უნაგირას აქეთი ალექსანდრე და უნაგირას ჩაღმართი დადიანს მისცა.

ხოლო ესე ვამიყ დადიანი იყო კაცი შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი. კუალად იყვნენ დადიანის ძმისწულები მამუკა და ლიპარიტ, ესენი არა უდებდენ თავსა დადიანსა და არცა მორჩილებდენ. რამეთუ არა თავს იდვეს დადიანობა მისი, წარვიდენ და შეეხუეწნენ ათაბაგს როსტომს ფაშასა და კუალად როსტომ მეფესაცა დაუწყეს ლაპარაკი და შემწედ იჴმიეს, რამეთუ მარიამ დედოფალი ახლოს ნათესავი იყო ამათი, და სთხოვეს ჯარი.

ხოლო როსტომ მეფემან გაატანა ავალიშვილი და ციციშვილები და სხუანი ჯარნი მრავალნი და როსტომ ფაშამანც გაატანა საათაბაგოს ჯარი. წარმოვიდნენ და ჩავიდნენ გურიას, და წაჰყვა გურიელი ქაიხოსრო თანა ჯარითა და მივიდნენ ოდიშსა და შემოყარნეს ოდიშარნიცა.

და ვითარცა სცნა საქმე ესე იმერეთის მპყრობელმან ალექსანდრე, შემოიყარა სპანი თჳსნი, წარვიდა და განვიდა ცხენისწყალსა. ხოლო მიქელაძე და ჭილაძე უწინაც ლევანს დადიანს ახლდენ და წარვიდნენ და მივიდნენ მამუკასა და ლიპარიტ[ი]სა თანა, და მოვიდნენ იგინიცა. და შეიყარნენ ბანძას და შეიბნენ მენ და იქმნა ომი ძლიერი. და გაემარჯუა მპყრობელსა იმერეთისასა. ალექსანდრეს და დაჴოცნა მრავალნი ოდიშარნი თავადნი. და მაშინ დანირჩინეს ქართლის თავადები და აზნაურ[ებ]ი და მესხნი და ყოველთავე და[ა]ჴსნევინა თავები, და, რომელნიც იყვნენ ოდიშარნი განდგომილნი, ყოველივე დაიმორჩილა და შემოირიგა. და კუალად მტკიცედ დაიპყრა ოდიში და დასუა მუნვე ვამიყ დადიანად. და მიადგა ქაიხოსრო გურიელსა და ვეღარ დაუდგა ქაიხოსრო გურიელი, მოვიდა და შემოეხუეწა იგიცა ალექსანდრეს. და შეირიგა გურიელიცა და მისცა შვილისშვილი ბატონის თეიმურაზის, ქეთევან, ცოლად გურიელს ქაიხოსროს და მოიმოყურა.

ესე ქაიხოსრო გურიელი იყო კაცი მჴნე და ახოვანი და ბრძოლასა შინა გამოცდილი.

ამას შიგან მოვიდა ბატონი თეიმურაზსა, და მას ჟამსა მიცვლილიყო ბატონი დედოფალი ხორაშან და არღარა ჰყვანდა რა, რამეთუ ერეკლე რუსეთს გაეშუა.

და ამა ჟამსა მოკუდა მეფე როსტომცა.

და ამა როსტომ მეფესა, ლუარსაბის შვილი რომ მოუკუდა, მას უკან მუხრანის ბატონის ვახტანგისათჳს მოეკიდნა ჴელი და ეშვილებინა, და უყუარდა როსტომ მეფეს დიდად. და იყო საქმის ჴელ-გამომავალი, მჴნე და ახოვანი და გამარჯუებული. მას. ჟამსა მოუძლურდა როსტომ მეფეცა და არღარა ეძლო შემოვლა ქართლისა და მაშინ გაგზავნა ვახტანგ მუხრანის ბატონი ყაენთანა და მისწერა წიგნი ყაენს. და უჯერებდა ყაენი დიდად როსტომ მეფესა და უშოვნა ჯანიშინობა ქართლისა.

და რა ჩავიდა ყაენთანა ვახტანგ, სცა დიდი პატივი და დიდად მიიჩნივეს. და შეუკუეთეს სჯული მაჰმადისა. და უთხრა პირველად ბევრი უარი, და არღარა ღონე ჰქონდა, მაშინ მორჩილ ექმნა. გაათათრეს და წარმოგზავნეს ჯანიშინად ქართლისა და მოვიდა ქართლსა.

მაშინ მოუძლურებულ იყო როსტომ მეფე და არღარა ეძლო და სრულიად სარეცელზედ მწოლარე იყო, ლხინობდა და განისუენებდა, ქართლს ესე არიგებდა.

ესე ვახტანგ იყო თესლი კოსტანტინე მეფისა: თჳთ კოსტანტინედამ თავიმეოთხე, რამეთუ კოსტანტინემ შვა დავით მეფე, გიორგი, მეფე ალექსანდრე, ბაგრატ და მელქისედეკ კათალიკოზი. ამან მეფემან დავით მისცა მუხრანი ძმასა თჳსსა ბაგრატს. და ამან ბაგრატ შეიპყრა ავ-გიორგი, და ამან ბაგრატ შვა ვახტანგ, აშოთან, მამა მოწამის ქეთევან დედოფლის და დედისიმედისა, რომელი იყო ცოლი ათაბაგისა, არჩილ და ერეკლე. ხოლო სამნი ესე ძმანი უძეო ესნენ, და ვახტანგ შვა თეიმურაზ და ქაიხოსრო, გამგებელი ქართლისა, ხოლო თეიმურაზ შვა ვახტანგ, რომელსა სპარსთა უწოდეს შანავაზ, და კოსტანტინე.

ხოლო როსტომ მეფემან განვლო სოფელი ესე დიდითა შუებითა და განცხრომითა, და მაშინ მოუძლურდა სიბერითა და სალმობიერ იქმნა. ხოლო ვახტანგ ჯანიშინმან წარავლინა კაცი და ამცნო ყაენსა სალმობიერება და მოუძლურება მეფისა როსტომისა.

ხოლო მას ჟამსა მომკუდარიყო შა-სეფი ყაენი და დაჯდა მის წილად ძე მისი შააბაზ. ამან შააბაზ წარმოავლინა კაცი და მოვიდა ტფილის[ს] და ნახა როსტომ მეფე მოუძლურებული და სალმობიერი.

და ამა ჟამსა შინა მოკუდა როსტომ მეფე, წაიღეს და დამარხეს ყუმსა. v ხოლო დედოფალი მარიამ შეიყვანეს ტფილისის ციხეში ქრისტეს აქათ[...] ყაენის ბრძანებითა.

მაშინ მოვიდა ზაალ ერისთავი შეყრილი და დადგა ავლაბარში.

მას ჟამსა ეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა. და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავის შეუკითხავი არა იქნებოდა რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთის გამგებელად და ეპყრა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი.

ხოლო ქართლსა განაგებდა ვახტანგ, შანავაზ წოდებული, და ესე არიგებდა საქართველოსა.

ხოლო თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ და იყვნენ შიგა და სხუაცა მრავალი ადგილი კახეთისა დაეპყრათ, ბახტრიანი ციხედ ჰქონდათ. და მრავალი ელი ცოლშვილით ჩამოსახლდენ კახეთშია და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება. და ყარაღაჯში მურთუზული-ხან იჯდა.

და მას ჟამსა იდგა ზაალ ერისთავი შეყრილი ავლაბარში, რამეთუ ესე ვახტანგ მოყუარე იყო ზაალ ერისთვისა. ამა ვახტანგის ასული ზაალ ერისთვის ძის ზურაბისათჳს თხოვილი იყო, არამედ ვერცა მოყურობით მოიყენა და დიდად შურობდა და მტერ იყო საქართველოს გამგებლისა ვახტანგისა ზაალ ერისთავი.

ხოლო რაჟამს მიიცვალა როსტომ მეფე, გაგზავნა კაცი ვახტანგ, განმგებელმან საქართველოსმან, ყაენთანა და სთხოვა საქართველოს ბატონობა, მაშინ ზაალ ერისთავმანცა -- ძჳნად შურობდა მისა, -- წარგზავნა მანცა კაცი და ითხოვა თავისუფალ-ყოფა თჳსი ყაენისაგან, რამეთუ ჟამსა მას ფრიად მიემძლავრა საქართველო ყაენსა და ვერვის ძალ-ედვა თჳთფლობით პყრობა საქართველოსი, თჳნიერ ყაენისა.

ხოლო მოსცა ყაენმან ვახტანგს მეფობა საქართველოსი. ამას ჟამსა იყო ზაალ ერისთავი ფრიად განმდიდრბული და მორჭმული საუნჯითა. ამას შინა მოუვიდა ყაენისაგან რაყამი და ბატონობა ქართლისა შანავაზს. ხოლო რა ესმა საქმე ესე, წარვიდაჴევსა არაგჳსასა, განუდგა და არა მორჩილ ექმნა მეფესა შანავაზს.

შანაოზ მეფე

ხოლო ამა შანავაზ მეფესა ესუა ცოლად ასული ყაფლანისა, სახელით როდამ, ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოვლითავე საქმითა კეთილითა, სრული სწავლითა სამღთოთა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა. ხოლო ოდეს უბოძა ყაენმან ქართლი მეფეს შანავაზს, მაშინ მოსწერა შერთვა მარიამ დედოფლისა და ვერღარა ურჩ ექმნა ყაენსა და არღარა ღონე ჰქონდა: შეირთო მარიამ დედოფალი. და ქმნეს ქორწილი სახელოვანი და ესუა ორივე ცოლად. რამეთუ ესხნეს როდამთანა ძენი და ასულნი.

და გაბატონდა შანავაზ. თჳთ ესე შანავაზ მეფე იყო კაცი საკჳრველი, ძლიერი საქმითა და გამარჯუებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენ იყო უპოველი, ბედნიერ იყო საკჳრველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უცხოდ.

და მისცნა ღმერთმან ძენი და ასულნი მსგავსნი მისნი: არჩილ იყო უხუცესი. ესე იყო კისკას, შუენიერ, მობურთალი, მოისარი. ყოველის კაცის ისარზედ ერთი ჴელის დადება ისარი უგრძე ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი. მეორე შვილი გიორგი ძლიერი გოლიათებრ, სამჴედროთა საქმეთა სრული და ჴელგამომავალი. და ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყურად შეცვალის.

და ალექსანდრე გაეზარდა ყაენსა. ესეთი იყო, რომ ყოველნი ყმანი ყაენისანი. ვითარცა ყაენსა, ეგრეთ პატივს სცემდენ.

ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიეროთა წიგნითა. ლუარსაბ იყო მჴედრობის რიგის მცოდნე და სულეიმან კაცი პატიოსანი. მაგრამ ძმათა სიკეთე ჰფარევდა ასულთაგან: ანუკა ყაენმან ცოლად წაიყვანა და სულ ერანში მისი სიკეთე ასე განფენილიყო, რაც ქალი კარგს იქმოდა რასმე, იტყოდენ, ანუკა ბატონისშვილისაგან უსწავლიაო. და შუენიერი დიდად თამარი იყო მსგავსი დედისა, მოღუაწე, მართალი, ღმრთისა და კაცთა მოსაწონი, მაკეთებელი სამღთოსა და ეკლესიათა.

მაშინ, ვითარცა ესმა შანავაზ მეფის განძლიერება და წყალობა ყაენისაგან ზაალ ერისთავსა ეწყინა ფრიად და ყაენისაგანაც გულკლებულ იქმნა და შანაოზ მეფესაც შეუორგულდა, უკუდუდგა. და იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთო და განაგებდა კახეთსასა. და გული უთქმიდა მხოლოდ თჳთპყრობად კახეთისა, არა მრწმუნებელი მეფობასა შანავაზისასა. ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა მპყრობელი ალექსანდრე და მოიყვანეს ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ასულისა მიერ, რომელი ცილ-წამებულიქმნა მემრუშედ. ესე ბაგრატ იყო ოდიშს, მოიყვანეს იმერელთა და გააბატონეს.

ხოლო ბატონი თეიმურაზ დაშთა სკანდას ციხეში [...] ალექსანდრესი და დედის ნაცვალი ბაგრატისა. ამან დარეჯან მოიყვანა ძმიწული მისი ქეთევან, მამიდამან მისმან, და მისცა ბაგრატს, გერსა თჳსსა, და ისიძა. ამას ჟამსა შინა ქაიხოსრო გურიელი მოეკლა ყმასა მისსა მაჭუტაძესა, და გააბატონა განაყოფი მისი დიმიტრი გურიელი. და ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი ლტოლვილი წარვიდა ახალციხის ფაშას თანა და მუნ შეინახა ფაშამან და მისცა ბაგრატსა გერსა თჳსსა და იყვნენ მშჳდობით.

ხანსა რაოდენსამე უკანა მაშინ იმერლებმა დასჩხუბეს დარეჯან და გერი თჳსი ბაგრატ, და ჩამოუგდეს შური დიდი ურთიერთას. და რომელ[ნ]იმე იმერელნი მიერჩდეს დარეჯანს და რომელნიმე ბაგრატს, რამეთუ პირველად იმერელნი იყვნენ გულწრფელნი და ბატონისა თჳსისა ერთგული. და რაჟამს ჩავიდნენ კახნი იმერეთს, და იყოფოდეს მრავალჟამ მუნ. ხოლო კახნი ჩუეულებისაებრ იყვნენ ერთმანერთისა მეშურნენი და მტერნი და მრავლის ზაკჳსა და ჩხუბის მოქმედნი, ლაღნი და ამპარტავანნი, ტანთ-ჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყუარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველითგან ჩუეულება მათი. და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კადეც გარდაამატეს. მიერითგან დამკჳდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.

და ესრეთ დასჩხუბეს დარეჯან და გერი მისი ბაგრატ იმერელებმა, გმო ღმერთი დარეჯან. მოიპოვა ჟამი რამე, უღალატა გერსა და სიძესა თჳსა ბარგრატს: შეიპყრა და დასწვა თუალები. მოიყვანა შორეული ტომი ბატონის ალექსანდრესი ვახტანგ, რომელსა უწოდდენ ჭუჭუნასშვილად, და იგი შეირთო ქმრად.

ხოლო მას ჟამსა მოკუდა როსტომ ფაშა და დაჯდა ძე მისი ასლან ფაშა, რამეთუ ხონთქარი მით ჰკითხევდა და მათის შეკითხულობით იპყრობდა იმერეთს. და იგინი განაგებდენ და არიგებდენ. მაშინ წარმოემართა ასლან ფაშა ლაშქრითა და ჩამოვიდა იმერეთს. ვერვინ წინააღუდგა, წარმოიყვანა თანა ჭუჭუნაშვილი, ქეთევან და დარეჯან, მამიდა და ძმისწული. ესენი წარიყვანა ასლან ფაშამან და დააყენა ოლთის[ს] პატივითა დიდითა. ხოლო ბაგრატ თუალდამწვარი გააბატონა მუნვე იმერეთს.

და გამოჰჴდა ხანი რამე, მაშინ იმერლებმა დაუწყეს მეფეს შანავაზს ლაპარაკი და დადიანმანც, რამეთუ არა მორჩილ ექმნეს ბაგრატს, იქიდამ დადიანი მოუჴდა და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მეფე შანავაზ წარვიდა და მივიდა ფცისწყალზედა.

და მას ჟამსა ზაალ ერისთავი არა მორჩილებდა მეფესა შანავასს და იყო განდგომილ, ამისთჳს ვერღარა წარვიდა იმერეთს. ხოლო ძენი არაგჳს ერისთვის გიორგისა ოთარი ედიშერ და იასონ ახლდენ მეფეს შანავაზს თანა. ხოლო გიორგი, მამა ამ ოთარისა, ძმა იყო ზურაბ ერისთვისა. ესე გიორგი იყო კაცი ამაყი და უარშიო და არა მორჩილებდა ძმასა თჳსსა ხოლო შეიპყრა ზურაბ ერისთავმან და ბატონმან თეიმურაზ და დაკლებულ-ყო ორთავე თუალთაგან. ხოლო ამა გიორგის ესუა ცოლად და შანავაზ მეფის და ამა ქალისაგან ჰყვანდა გიორგის ძენი: ოთარი, ედიშერ, იასონ, პაპუა და დათუნა. ამათ მოაჴსენეს მეფეს შანავაზს: "ვინათგან ბიძა ჩუენი ესრეთ თქუენი ორგული დაურჩი არის და ჩუენთჳსაც მრავლის ავის მქნელი არის, დაგუჩაგრა და ჩუენის სამკჳდროს მამულის პური არ გუაჭამაო, გჳბოძე დასტური, წავალთ და მოვკლავთო. ხოლო მეფემან შანავაზ მისცა დასტური და მივიდნენ დუშეთს.

მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, მოაოჴრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი. მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თჳსსა კახეთში, ხოლო დამთხუევით შეემთხჳვა გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა. შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხჳეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: "შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოჴრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხჳვეს საქმე უშუერი და ჴელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშუერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან უძნდა რწმუნებულ არს კახეთი".

ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყომას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა ზურაბ, ძე თჳსი, და წარვიდენ ღამესა ერთსა. დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყჳტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ჴოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახჳლისათა. და ამოსწყჳტეს დედაწულითურთ და, აკუანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დაჴოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყჳტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდენ, თჳნიერ ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან, და გაემარჯუათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი ზაალ ერისთავთანა.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა მოსწერა წაჴდენა და სიკუდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა სისხლსა შინა, იგინიცა დაჴოცეთო.

მაშინ ოთარი და მისი ძმები იმარჯუებდენ საქმესა და ცდილობდენ ღალატსა ზაალ ერისთვისასა. დღესა ერთსა იყო ზაალ ერისთავი დუშეთს, სუბად ფანჩატურში იჯდა, არავინ ახლდა. მოიპოვეს დრო და მივიდნენ. ერისთავი ნარდს შეექცეოდა. მაშინ უღალატეს ოთარმან და ძმებმან მისმან და მოკლეს ზაალ ერისთავი, ხოლო ძენი მისნი ივლტოდეს და წარვიდენ სამცხეს. ხოლო მეფემან შანავაზ გაუყენა უკანა კაცები. მოეწივნეს ტბისყურზედა, კაცები დაუჴოცეს და ორნი ძმანი, ზურაბ და ნაბერალი, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მან გაუგზავნა ყაენსა.

ხოლო შალვა ერისთავი და ელისბარ, ძე მისი, და სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყასშვილი არა მივიდეს მეფესა შანავაზთანა, არამედ წარვიდეს ყარაღაჯში მურთუზალყულიხანთანა. მან შეიპყრა და ყაენს გაუგზავნა.

ხოლო ზურაბ ძემან ზაალ ერისთავისამან დაჰყო რამე მცირედი ხანი ისპაანს და მოკუდა. უმცროსი ძმა მისი გაათათრა ყაენმან და ამყოფა თჳსთა თანა.

მაშინ ჩოლაყაშვილი ბიძინა, სუფრაჯი შალვა და ელისბარ ესენი მისცეს მკუდრის პატრონთა, ვითარცა წესი და ჩუეულება არს თათართა, რამეთუ მკულელს ჴელში მისცემენ მოსისხარსა, და ყვეს სამართალი ჩუეულებისაებრ მათისა. ხოლო დაჰპატიჟეს სჯული მაჰმადისა ბიძინა სუფრაჯს ჩოლაყაშვილსა და შალვასა და ელისბარს. მაშინ დიდად მჴნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტესად ბიძინა ჩოლაყაშვილი სუფრაჯი წადიერად იღუწიდა წამებისათჳს: განბასრეს მათ და გინებულ ჰყვეს სჯული მაჰმადისა. მაშინ ბიძინა ჩოლაყაშვილი განამჴნობდა შალვასა და ელისბარს, და ეტყოდა: "ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩუენი ქრისტესთჳს სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილი უნებელად თანაგუაც და ვერვინ წინააღუდგების სიკუდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა" ერთჴმობით სამთავე აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება და უარჰყვეს სჯული მაჰმადისა, ხოლო მათ მახჳლებითა დაჭრეს იგინი ასოეულად და დაჴურიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე მახჳლებითა დაჭრნეს. და აღსასრული სარბიელი წამებისა მიიღეს და იქმნეს, ვითარცა სხუანი პირველნი მოწამენი, გჳრგჳნოსან და აწ იხარებენ ზეცისა სასურველსა შინა.

ხოლო რაჟამს მოკლეს ზაალ ერისთავი, მაშინ მისცა ერისთობა ოთარსა მეფემან შანავაზ და მსაჯულობა საქართველოსი მისცა ედიშერს, ხოლო ქსნის ერისთობა მისცეს იესეს. და დაიპყრა მეფემან შანავაზ მტკიცედ საქართველო და იყვნენ დიდად ერთგულნი ოთარ ერისთავი, ედიშერ ქართლის მსაჯული, ქსნის ერისთავი იესე და სრულიად ქართლის დიდებულნი, და დაიერთგულნა სრულიად ქართველნი და მრავალსა კეთილსა უყოფდა მათ.

და ამათ ჟამთა შინა შერიგდენ მეფე შანავაზ და ვამიყ დადიანი: ამათ განიყვეს იმერეთი და დაანება ბუჯას გაღმართი დადიანს ვამიყს, და ბუჯას გამოღმართი თჳთ მეფემან დაიპყრა. და მეფობდა მეფე შანავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა.

და განამდიდრნა ყოველნივე მკჳდრნი სამეფოთა თჳსთანი: უკეთუ ვინმე იყო გლახაკი და უპოვარი მონაგებთაგან, აღივსნეს უხუად წყალობითა და საჴმართა ბოძებითა მისითა, და უკეთუ იყო ვინმე ნაკლულოვან აგარაკთაგან, ანუ მონათაგან, ანუ საჭურჭლეთაგან, ყოველნივე განმდიდრდეს, და გარდაემატათ სიმდიდრე და მორჭმულობა მკჳდრთა საქართველოსათა.

და სადაცა იყო იატაკი მთათა შინა, ანუ ბართა უჴმად მყოფი, ყოველივე საჴმარად კაცთა შერაცხილ იქმნა: უშენნი აღშენდეს და მრავალნი დაბანი და დიდ-დიდნი თემნი შესძინნა სამეფოსა საქართველოსასა. და სადაცა იყვნენ თანამდებნი, მევახშეთაგან განათავისუფლნა.

და წმიდანი ეკლესიანი ზეშთა აღმატებულ-ყო შესაწირავითა აგარაკთა და ყოველთასამკაულთა მიერ განაშშენა, გლახაკთა და უღონოთათჳს ფრიად მოწყალე და ქველის-მოქმედი იყო: ტყუენი გამოჴსნილ იქმნეს.

ქურივთა და ობოლთა მოწყალე, მართლ-მსაჯულ და ძელის-ამპყრობელ, და იყო ყოველთათჳს მოსამართლე და მოწყალე, მსჯავრსა შინა პირ-უთნებელ, უქრთამო და სწორის სამართლის მოქმედ, უხჳ, უშურველ-უტყუარ, ერთგულთათჳს უხუად წყალობის მიმნიჭებელ, ურჩთა და ორგულთა ძლიერად შემრისხველ, დიდებისა და სახელის მეძიებელ, მტერთა მიმართ უძლეველ და ახოვნად წინა-განმწყობ, წინააღმდგომთა თჳთა უშიშრად შემმართველ, რაზმთა და წყობათა შინა კეთილად განმზრახი სარდალი, რაინდობათა შინა უებროდ მორბედი და ყოველსავე სამამაცოსა ზნეობასა შინა უსწორო. და ესრეთ კეთილად მართებდა სამთავე სამკჳდროთა სამეფოთა თჳსთა და თჳთ სუე-სრულობით მეფობდა და განაგებდა განსაგებელთა თჳსთა. v და ამა ჟამსა შინა მიიცვალა კათალიკოზი ქრისტეფორე და დასუა მის წილად ბიძაშვილი თჳსი დომე[ნ]ტი, კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა ეკლესი[ი]სასა.

ხოლო ეხსნეს ფრიად პატიოსნისა სჯულიერის მეუღლისა თჳსისა როდამისაგან ძენი ექუსნი და ასულნი ორნი. სახლი ასულთა მათ: ანუკა და თამარი, ხოლო ძეთა მათ სახელები: პირმშო და საყუარელი არჩილ, გიორგი, ლუარსაბ, ალექსანდრე, ლევან და სულეიმან.

აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი თჳსნი მრავლითა ფუფუნებითა და საჴელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-მეცნიერებითა. პირველად განსწავლნა სამღთოთა წერილთა სწავლა-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მჴედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა ესრედ სახედ, რომე არაოდეს არა აღზრდილ არს საქართველოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი.

რამეთუ ჟამთა შინა მეფისა როსტომისათა ფრიად მიდრკა ქუეყანა ქართლისა სწავლისაგან სამღთოთა წერილთასა, რამეთუ კნინღა და თჳთ სამღდელონიცა კრებულნი და დასნი არღარა მზრუნველ და მეძიებელ იქმნეს სამღთოთა სწავლათათჳს,არამედ უფროსღა და უმეტეს აღმრჩეველთა საქმეთა მსოფლიოთა და ჴორციელებრთა მიერ უჴმარ და უდებ ყვეს სრულიად ღ(ვ)თივ-სულიერნი და სამღთონი სწავლანი, რომელ ესე ფრიად უმეტეს ჯერ-იყო შეწყნარებად და აჰა დატევებად, რამეთუ ამათ ჟამთა შინა კუალად იწყეს მოქცევად ბოროტისაგან და ქუეყნად კეთილისა: სწავლად და გულს-მოდგინედ წურთად ღ(ვ)თივ-სულიერთა საქმეთა მოქმედებად. და განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისათა შანავასისათა ვითარმედ ესე სიტყუანი ძუელითგან თქმულ არს: "ჟამნი მეფენი არიანო". და დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან, იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ [...]

[თა]მაზ სარდალი და სხუანიცა მივიდეს და დაეგნეს ნაზარალიხანს. ხოლო ჟამსა ამას დიდად მძლავრობდეს ლეკნი კახეთს და მტერობდეს ური[ცხჳთა] ავაზაკობითა და პარვითა, ამისთჳსცა განილაშქრეს მათ ზედა კახთა. და მისცა ქალბალიხანცა ნება და შეკრა სრულიად მკჳდრნი კახეთისანი და შეუჴდეს ჭარსა, ხოლო ლეკნიცა განეწყუნეს სიმაგრეთა შინა და დიდად იზღვივნეს კაცნი ლეკთა მიერ: მოისრნეს მრავალნი თავადნი, აზნაურნი და უფროსად გლეხნი, მოსწყჳდნე[ს] პირითა მახჳლისათა და იოტნეს იგინი და იავარ-ყვეს ხვასტაგნი და ქონებანი მათნი, და ესრეთ ოტებულნი წარმოვიდეს.

მაშინ ნაზარალიხან განაზრახა ქალბალიხანს და წარგზავნეს წინაშე ყაენისა მუხრანის ბატონი პაპუა, ქსნის ერისთავი დავით და სარდალი თამაზ ძისა თჳსისა მამუკათურთ. ხოლო ოდეს შთავიდეს ისპაანს პაპუა მუხრანის ბატონი და თამაზ სარდალი დაჴსნის ერისთავი, პყრობილნი წარგზავნეს ქირმანს, ხოლო ქაიხოსროს, ძმისწულსა მეფისასა, არა კეთილად შემწყნარებელმან ნაზარალიხან მიუღო დაბანი და მამულნი, რომელნიც ეპყრა მას, და ამისთჳს აღარ დაიმდაბლა თავი და წარვიდა წინაშე ყაენისა, რამეთუ თანაშემწედ აქუნდა ქალბალიხან, და მემანდრითა და პატივითა წარგზავნა იგი. და ვითარცა შთავიდა ისპაანს ქაიხოსრო, განიხარა ყაენმან და პატივ-სცა მამასაცა მისსა და თჳთ მასცა, ხოლო ერევნის ხანი და ქალბალიხან მოშურნე იყვნეს ურთიერთას და ამისთჳს განიზრახა ერევნის ხანმან და მოსწერა წიგნი მეფესა გიორგის, რათა პირობითა და თავდებობითა მისითა დაეგოს იგი ყაენსა, რამეთუ ეტეოდა, ვითარმედ: "არარა ბოროტი გიქმნიესო სპათა მისთა ყიზილბაშთა ზედა, ამისთჳსცა მე ვიყო თავსმდები შენი, რათა არა გეყოს შენა ზღუევა, არამედ უფროსად სარგებელი და წყალობა და მრავალწილად კეთილის ყოფა ყაენის მიერ". კუალად ამასვე პირობასა აღუთქმიდა და დიდად წადიერებით ეზრახებოდა მეფესა ქალბალიხან და იღუწიდა პირითა მისითა დაგებასა ყაენისასა, არამედ არა ინება მეფემან მის მიერ, არამედ მიერჩდა ერევნის ხანსა და იქმნა მეგობარ მისსა. ხოლო ერევნის ხანმან აუწყა ესე ყაენსა და განიხარა სიხარულითა დიდითა შაჰსულთან უსეინ ყაენმან დაგებად მეფისა გიორგისა და მისცა ერევნის ხანსა წყალობად თოფანჩგიაღასობა, რომელ არს ყოვლის მეთოფის ბატონობა და უფროსობა, და წაიყვანეს კარსა ზედა ყაენისასა მაშინ მეფემან გიორგი წარავლინა ზურაბ ზურაბიშვილი ყაენთანა და მივიდა თოფანგჩიაღასთანა. და ვითარცა შთავიდა ისპაანს, განიხარეს თჳთ მან ყაენმან და ყოველთავე დიდებულთა მისთა შთასლვა მეფის გიორგისა და მსწრაფლ აღუსრულეს ყოველივე სათხოველი მეფესა: და მოსწერეს რაყმები და წყალობა და წარმოგზავნეს მალემსრბოლი. და მოვიდა იმერეთს სახლსა შინა წერეთლისასა საჩხერეს და ერევნის ნაიბი და სხუანიცა დიდებულნი ყაენის ბრძანებითა წარმოგზავნეს, რათა მრავლითა დიდებითა და პატივითა ჴელმწიფურად ჴელისა წარმართებითა მსახურ ექმნენ მეფესა და მიართვიდენ შემსგავსებულსა ულუ[ფ]თა და სანოვაგეთა განწესებითა. და განემზადა წარსლვად.

მაშინ იყო ვინმე იმერელ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი და მას მიერთნეს რომელნიმე თავადნი იმერელთანი და აუწყეს ხვანთქრის ვეზირ-აზამსა და ქრთამითა მოიმადლეს იგი. და მისცეს ბატონობა და შეამოიყვანეს იგი და გააბატონეს, რამეთუ იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა, ხოლო არჩილ მეფე გარდააგდეს. და მისცა აბაშიძემან გიორგი ცოლად ასული თჳსი, ცოლყოფილი ალექსანდრესი. და წარვიდა არჩილ მეფე ზრამა[გ]ას. ამას ზედა მოუვიდა მეფესა გიორგის მემანდარი ყაენისა და გარდავლო მთა და მივიდა ალს. მაშინ დაუტევა ქართლს სულაიმან ძმა თჳსი ცოლშვილითა და კათალიკოზი ნიკოლოზ, რამეთუ ჟამსა ამას შინა გარდაცვალებულიყო ამილახორი გივი, კაცი პატიოსანი ყოვლითურთ, იმერეთს, და ძე მისი ანდუყაფარ და ესენი ყაენის ბრძანებითია დააყენეს ქართლს, და წარიყვანა თანა ისპაანს არაგჳს ერისთავი გიორგი და წარვიდა მეფე და მოართუეს ყიზილბაშთა არმაღანი მრავალი და დიდისა დიდებითა შთავიდა ისპაანს.