შინაარსზე გადასვლა

ბარათაშვილი

ვიკიწყარო გვერდიდან
ბარათაშვილი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!
გრიალებს ქარი
უსაფართ თანამოხეტიალე -
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს...
ოჰ, სად, სად არი
სატრფო ან მოძმე და მეგობარი?
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -
შევიძლებ მკვდარი
მშვიდობიანად ატანას მიწის!
და მომავალის აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი,
აწ ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...
და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.