ბასკერვილების ძაღლი
თავი I
[რედაქტირება]მისტერ შერლოკ ჰოლმსი
[რედაქტირება]მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვეულებრივ გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი კარგა მოზრდილი ჯოხი, - ერთი იმგვარ საგანთაგანი, რომელსაც `საფუძვლიან საბუთს~ უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: `ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან~, მერე კი თარიღი: `1884~. უწინდელ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.
- აბა, უოტსონ, რას იტყვით მაგ ჯოხზე?
ჰოლმსი ზურგშექცევით იჯდა და მეგონა, რომ ჩემი მანიპულაციები მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.
- საიდან იცით, რას ვაკეთებ? კაცი იფიქრებს, რომ ზურგზედაც თვალები გაქვთ!
- ამაზე ადვილი რაა, როცა ჩემს წინ გაპრიალებული ვერცხლის საყავე დგას და შიგ ყველაფერი მოჩანს. - მიპასუხა შერლოკმა. - მართლა უოტსონ, რას იტყვით ჩვენი სტუმრის ჯოხზე, ყურადღებიდან სულ გამოგვეპარა, ვერც შევნიშნეთ და არც კი ვიცით, რისთვის მოვიდა. რაკი ასეთი მარცხი მოგვივიდა, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევით დარჩენილ ნივთს. შეისწავლეთ ჯოხი და სცადეთ ამის მიხედვით პატრონის პიროვნების დადგენა. მე კი მოგისმენთ.
- მე თუ მკითხავთ, - დავიწყე და თან ვცდილობდი ჩემი მეგობრის მეთოდს მივყოლოდი, ჯოხის პატრონი ექიმი მორტიმერი ასე, შუახნის კაცი უნდა იყოს, თანაც ყველასაგან პატივცემული, რაკი მეგობრები ასეთი ყურადღებით ეკიდებიან.
- კარგია! - თქვა ჰოლმსმა. - ჩინებულია!
- ამას გარდა ვფიქრობ, რომ სოფლის ექიმია და მაშასადამე ფეხით ბევრი ხეტიალი უხდება.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ ეს ჯოხი, ეტყობა, უწინ არცთუ ურიგო ყოფილა, ახლა კი ისეა გაცვეთილი, ვერც კი წარმომიდგენია, ქალაქელ ექიმს რანაირად უნდა ეჭიროს ხელში. რკინის ბურნუკი სრულიად მოსცვეთია, - ჩანს, ექიმ მორტიმერს ამის დახმარებით არა ერთი მილი გაუვლია.
- უაღრესად ჯანსაღი მსჯელობაა, - თქვა ჰოლმსმა.
- ამ წარწერისა კი: `მეგობრებისაგან ჩლკს-დან~ აი, რა გითხრათ: მე ვფიქრობ, რომ ასოები `კლს~ აღნიშნავენ კლუბს, უფრო მოსალოდნელია, რომ მონადირეთა კლუბს, რომლის წევრებსაც ალბათ, სამედიცინო დახმარებას უწევდა, რისთვისაც ეს პატარა სახსოვარი მიურთმევიათ.
- უოტსონ, თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ! - შესძახა ჰოლმსმა, სავარძელში გადაწვა და პაპიროსი გააბოლა. - არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი მცირე დამსახურების ჩვეული თავაზიანობით აღწერის დროს, საკუთარ შესაძლებლობას ამცირებთ. თუ საკუთრივ თქვენგან არ იფრქვევა სინათლის მოკაშკაშე სხივი, ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ სინათლის მეგზური. განა ცოტაა ისეთი ხალხი, რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით, მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ. ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია. მე თქვენგან უზომოდ დავალებული ვარ, ჩემო მეგობარო.
პირველად მესმოდა ჰოლმსისაგან ასეთი რამ და უნდა მოგახსენოთ, რომ მისმა სიტყვებმა განუზომელი სიამოვნება მომანიჭეს. რადგან, ცოტა არ იყოს, თავმოყვარეობას მიბღალავდა ჰოლმსის გულგრილობა ჩემს მიმართ. მე აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით და ვცდილობდი ამ კაცის მუშაობის მეთოდი საქვეყნოდ ცნობილი გამეხადა, ის კი ჩემს მოწადინებას ყოველთვის უხალისოდ ხვდებოდა. ამას გარდა, ვამაყობდი იმით, რომ შევძელი ჰოლმსის მეთოდის არა მარტო ათვისება, არამედ მისი პრაქტიკულად გამოყენებაც და ამით ჩემი მეგობრის ქება დავიმსახურე. ჰოლმსმა ჯოხი გამომართვა და მისი დათვალიერება შეუიარაღებელი თვალით დაიწყო. შემდეგ ეტყობა, რაღაცამ ძალიან დააინტერესა, პაპიროსი განზე გადადო, ფანჯარასთან მივიდა და ისევ განაგრძო ჯოხის დათვალიერება, ოღონდ უკვე გამადიდებელი მინით უკირკიტებდა.
- ღმერთმა უწყის, რა არის, მაგრამ მაინც საგულისხმოა, - თქვა და თავის საყვარელ ადგილზე დაბრუნდა, დივანის კუთხეში. - აქ რაღაც მონაცემები არის და მათ ზოგიერთი დასკვნებისათვის გამოვიყენებთ.
- ნუთუ რაიმე გამომეპარა? - ვკითხე, ცოტა არ იყოს, თვითკმაყოფილების გრძნობით. - იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი გამომრჩენია?
- სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დასკვნების დიდი ნაწილი მცდარია. როცა გითხარით, სინათლის მეგზური ხართ-მეთქი, იცით, ვგულისხმობდი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდია და თქვენი მარცხი და შეცდომა ზოგჯერ მეხმარება სწორი გზის პოვნაში. მაგრამ ამჯერად არც იმდენად შემცდარი აღმოჩნდით. ეს კაცი ნამდვილად არ ეკუთვნის ქალაქში მოსაქმეთა რიცხვს. იგი ფეხით მართლაც საკმაოდ ბევრს დადის.
- მაშ, მართალი ვყოფილვარ.
- ამ ერთში - კი.
- მაგრამ ეს ხომ ყველაფერია?
- არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს არ არის ყველაფერი, სულაც არ არის ყველაფერი. ასე, მაგალითად, მსგავსი საჩუქარი ექიმს ყველაზე უფრო ადვილად შეეძლო მიეღო რომელიმე სამკურნალო დაწესებულებიდან და არა მონადირეთა კლუბიდან, ხოლო როცა სამკურნალო დაწესებულების წინ ასოები `ჩკ~ სწერია, `ჩარინგ-კროსის~ სახელწოდება თავისთავად აგეკვიატება.
- შეიძლება, თქვენ მართალი ხართ.
- ყველა ნიშანი ასეთ ახსნას ითხოვს. და თუ ჩემს მოსაზრებას სამუშაო ჰიპოთეზად მივიღებთ, ჩვენი უცნობი სტუმრის პიროვნების დასადგენად დამატებითი მონაცემები გვექნება.
- კარგი. დავუშვათ, რომ `ჩკლს~ ნიშნავს `ჩარინგ-კროსის ლაბორატორია-საავადმყოფოს~. რა შემდგომი დასკვნები გამოდის აქედან?
- ნუთუ არაფერი მოგდით თავში? თქვენთვის ხომ ცნობილია ჩემი მეთოდი? სცადეთ, გამოიყენოთ.
- დასკვნა დღესავით ნათელია: ვიდრე სოფელში წავიდოდა, ეს კაცი ლონდონში მუშაობდა.
- ცოტა უფრო შორს რომ წავიდეთ? შეხედეთ, რა კუთხიდანაც გნებავთ: რისთვის მიეცა საჩუქარი ამ კაცს? როდის მიიჩნიეს საჭიროდ თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახატავად აი ამ ჯოხის მირთმევა? ეტყობა, მაშინ, როცა ამ ექიმმა მორტიმერმა სამკურნალო დაწესებულება მიატოვა და კერძო პრაქტიკაზე გადავიდა. მას რომ საჩუქარი მიართვეს, ეს ჩვენთვის ცნობილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საავადმყოფოში მუშაობას სოფლის პრაქტიკა ამჯობინა. მეტისმეტად გაბედული ხომ არ იქნება ჩვენი ვარაუდი, თუ ვიტყვით, რომ საჩუქარი სწორედ წასვლასთან დაკავშირებით მიართვეს?
ეს სავსებით შესაძლებელია.
ახლა შენიშნეთ, რომ ამ კაცს არ შეეძლო ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულების კონსულტანტების შტატში, რადგან ეს მისაწვდომია მხოლოდ საგრძნობი პრაქტიკის მქონე ლონდონელი მკურნალისათვის, ასეთი ექიმი კი ქალაქიდან ძნელად თუ წავიდოდა. მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო? თუ საავადმყოფოში მუშაობდა და შტატში არ ირიცხებოდა, მაშინ ის უმნიშვნელო კურატორი ყოფილა, რომელიც საავადმყოფოსთან ცხოვრობდა, ესე იგი, პრაქტიკანტზე ცოტა მეტი. საავადმყოფოდან კი ამ ხუთი წლის წინ წასულა - დახედეთ ამ თარიღს. ამრიგად, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დარბაისელი, ხნიერი შინაური ექიმი გაქრა, მის ნაცვლად კი ჩვენ წინაშე აღიმართა ოცდაათიოდე წლის უაღრესად სანდომიანი ახალგაზრდა კაცი, სულაც არაპატივმოყვარე, გულმავიწყი და ნაზად მოყვარული თავისი ძაღლისა, რომელიც, ჩემი აზრით, ტერიერზე დიდია, მაგრამ მასტიფზე პატარა უნდა იყოს.
უნდობლად გავიცინე, შერლოკ ჰოლმსი კი სავარძელში გადაწვა და ჭერისაკენ გაუშვა კვამლის წვრილი, ჰაერში ლამაზად დარხეული რგოლები.
- რაც შეეხება უკანასკნელ მოსაზრებას, აქ თქვენი შემოწმება არაფრით არ შეიძლება, - ვთქვი მე. - მაგრამ ამ კაცის ასაკსა და კარიერაზე ზოგიერთ ცნობას კი ახლავე ვიპოვით. ჩემი წიგნების თაროდან გამოვიღე სამედიცინო ცნობარი და გვარი მორტიმერი მოვძებნე. იქ რამდენიმე მორტიმერი აღმოჩნდა, მაგრამ მე მაშინვე მივაგენი იმას, ვინც წინა დღეს გვესტუმრა, და ხმამაღლა წავიკითხე ყველაფერი, რაც მას შეეხებოდა:
- `მორტიმერი ჯეიმს, 1882 წლიდან სამეფო ქირურგიული საზოგადოების წევრი. გრიმპენი, დარტმური, დევონშირის საგრაფო. 1882 წლიდან 1884 წლამდე - ჩარინგ-კროსის საავადმყოფოს კურატორი. მიღები აქვს ჯეკსონის პრემია შედარებით პათოლოგიაში შრომისათვის `ხომ არ ჩავთვალოთ სნეულებანი ატავისტური ხასიათის მოვლენად?~ შვეციის პათოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ავტორი სტატიებისა `ატავიზმის ანომალიური მოვლენები (`ლანცეტი~, 1882), `მივდივართ თუ არა პროგრესისაკენ?~ (`ფსიქოლოგიის მოამბე~, მარტი, 1883). გრიმპენის, ტორსლის და ჰაი-ბეროუს სამრევლოების სოფლის ექიმი~.
- სიტყვაც არ არის ნათქვამი მონადირეთა კლუბზე, უოტსონ, - ცბიერი ღიმილით თქვა ჰოლმსმა. - სამაგიეროდ ნამდვილი სოფლის ექიმია, როგორც მოხდენილად შენიშნეთ. ჩემი ვარაუდი გამართლებულია. რაც შეეხება ზედსართავებს, თუ არ ვცდები, ასეთები შევარჩიე: სიმპათიური, არაპატივმოყვარე და გულმავიწყი. ეს კი ვიცი გამოცდილებით - მხოლოდ სიმპათიური ადამიანები ღებულობენ გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს. ყველაზე უფრო არაპატივმოყვარენი ცვლიან ლონდონის პრაქტიკას სოფლისაზე, და მხოლოდ გულმავიწყი ადამიანები ტოვებენ სადარბაზო ბარათის ნაცვლად ჯოხს, მას შემდეგ, რაც მთელი საათი იცადეს თქვენს სასტუმრო ოთახში.
- ძაღლი?
- გაწვრთნილი ძაღლია, პატრონს დაჰყვება და პირით ნივთებს დაატარებს. ეს არც ისე მსუბუქი ჯოხია, ეტყობა, ძაღლი მას შუაადგილას ჰკიდებდა პირს, ამიტომ კბილების კვალი სავსებით გარკვევით ჩანს. ნაკბილევთა შორის მანძილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტერიერისათვის ასეთი ყბები მეტისმეტად ფართოა, მასტიფისათვის კი ძლიერ ვიწრო. შესაძლებელია, რომ ...ღმერთო ჩემო! ჰო, რა თქმა უნდა! თმახუჭუჭა სპანიელია.
ამას ამბობდა ჰოლმსი და თან ოთახში ბოლთას სცემდა, მერე სარკმლის ნიშთან გაჩერდა. მის უკანასკნელ სიტყვებში ისეთი მტკიცე რწმენა გამოსჭვიოდა, რომ გაკვირვებულმა გადავხედე.
- მომისმინეთ, ჩემო მეგობარო, საიდან ხართ ამაში დარწმუნებული?
- იმ უბრალო გარემოებიდან, რომ მე ვხედავ ძაღლს ჩვენს კართან და აი, მისი პატრონის ზარიც. არ წახვიდეთ, უოტსონ, გთხოვთ. თქვენ ხომ კოლეგები ხართ და თქვენი დასწრება დამეხმარება. აი, საბედისწერო წუთი, უოტსონ! თქვენ გესმით ნაბიჯების ხმა კიბიდან. ეს ნაბიჯები იჭრებიან თქვენს ცხოვრებაში და არ იცით, რა მოაქვთ - სიავე თუ სიკეთე. რა დასჭირდა მეცნიერ კაცს, ექიმ ჯეიმს მორტიმერს მაძებარ შერლოკ ჰოლმსისაგან?.. მობრძანდით.
ჩვენი სტუმრის გარეგნობამ გამაოცა, რადგან ტიპიური სოფლის ექიმის ნახვას ველოდი. ექიმი მორტიმერი აღმოჩნდა ძალიან მაღალი, გამხდარი კაცი. გრძელი ცხვირი ნისკარტივით ჰქონდა წამოშვერილი რუხ, ერთიმეორის ახლოს ღრმად ჩამჯდარ თვალებს შორის, სათვალის ოქროს ჩარჩოების მიღმა რომ ციმციმებდნენ. ჩაცმული ისე იყო, როგორც მისი პროფესიის ადამიანს შეეფერება, ოღონდ რამდენადმე დაუდევრად: ძლიერ გაცვეთილი პიჯაკი და დაცხავებული შარვალი ეცვა. თუმცა ახალგაზრდა იყო, უკვე მხრებში იხრებოდა და როცა კეთილისმსურველი მზერით გვათვალიერებდა, კისერს უცნაურად იგრძელებდა. როგორც კი ჩვენი სტუმარი ოთახში შემოვიდა, მისი მზერა მაშინვე იმ ჯოხს მისწვდა, რომელიც ჰოლმსს ეჭირა ხელში, და სიხარულის წამოძახილით მივარდა მას.
- რა ბედნიერებაა! მე კი ვერაფრით ვერ გავიხსენე, სად დავტოვე, აქ თუ სახომალდო კომპანიაში. ასეთი რამის დაკარგვა! ეს პირდაპირ საშინელება იქნებოდა!
- ნაჩუქარია? - ჰკითხა ჰოლმსმა.
- დიახ, სერ.
- ჩარინგ-კროსის საავადმყოფოდან?
- დიახ, იქაური მეგობრებისაგან, ჩემი ქორწილის დღეს.
- ვაი-ვაი, რა ცუდია! - შესძახა ჰოლმსმა თავის ქნევით.
ექიმმა მორტიმერმა თვალები გაოცებით დაახამხამა.
- რა არის აქ ცუდი?
- მხოლოდ ის, რომ თქვენ დაარღვიეთ ჩვენი დასკვნების მსვლელობა. მაშ, ეს საქორწინო საჩუქარი იყო?
- დიახ, სერ. მე დავქორწინდი და მივატოვე საავადმყოფო, და კონსულტანტის თანამდებობის მიღების ყველა იმედიც. საჭირო იყო საკუთარი სახლის მოწყობა, ოჯახის დაბინავება.
- აი, ხედავთ, არც ისე ძლიერ შევმცდარვართ. - თქვა ჰოლმსმა. - ახლა კი, დოქტორ ჯეიმს მორტიმერ...
- რას ბრძანებთ! მე არა მაქვს დოქტორის წოდება, მხოლოდ სამეფო ქირურგიული საზოგადოების უბრალო წევრი გახლავართ.
- და, უთუოდ, მეცნიერული გონების კაცი ბრძანდებით?
- მე მხოლოდ ზოგიერთი რამ მაკავშირებს მეცნიერებასთან, მისტერ ჰოლმს: ასე ვთქვათ, ნიჟარებს ვაგროვებ ცოდნის უკიდეგანო ოკეანის სანაპიროზე. თუ არ ვცდები, მაქვს პატივი ველაპარაკებოდე მისტერ შერლოკ ჰოლმსს და არა...
- არა, ჩემი მეგობარი უოტსონი, აგერ თქვენ წინა დგას.
- ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, სერ. თქვენი სახელი ხშირად იხსენიება თქვენი მეგობრის სახელის გვერდით: თქვენ მეტისმეტად დამაინტერესეთ, მისტერ ჰოლმს. სულ არ ველოდი, რომ ასეთი გრძელი თავის ქალა გექნებოდათ და ასე ძლიერ განვითარებული წარბზედა რკალები. ნება მიბოძეთ გაგისინჯოთ კეფის ნაკერი. ეგ თავის ქალის ტვიფარი, სერ, რომელიც გნებავთ იმ ანთროპოლოგიურ მუზეუმს დაამშვენებდა მანამ, სანამ თვით დედნის მიღებას მოახერხებდა. მლიქვნელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ პირდაპირ მშურს ასეთი თავის ქალა.
შერლოკ ჰოლმსმა ჩვენი უცნაური სტუმარი სავარძელში ჩასვა.
- როგორც ჩანს, ორივენი საკუთარი საქმის ენთუზიასტები ვართ, სერ, - უთხრა სტუმარს. - თქვენი საჩვენებელი თითი მეუბნება, რომ გახვეულ თამბაქოს ამჯობინებთ. ნუ გერიდებათ, მოსწიეთ.
მორტიმერმა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, თამბაქო, და განსაცვიფრებელი სიმარდით გაახვია პაპიროსი. გრძელი, ოდნავ მთრთოლავი თითები ისევე მკვირცხლად და მოუსვენრად მოძრაობდნენ, როგორც მწერის საცეცები.
ჰოლმსი მშვიდად იჯდა, მაგრამ მისი სწრაფი ანაზდეული მზერა, რომელსაც ესროდა ხოლმე ჩვენს თავშესაქცევ თანამოსაუბრეს, მოწმობდა, რომ ამ კაცმა ძლიერ დააინტერესა.
- არა მგონია, სერ, რომ თქვენი გუშინდელი და დღევანდელი სტუმრობა და ჩვენდამი პატივის დადება მარტო ჩემი თავის ქალის გამოკვლევის მიზნით მომხდარიყოს.
- არა, სერ, რა თქმა უნდა, არა! მართალია, მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შემთხვევა მომეცა, მაგრამ სულაც არ მოვსულვარ ამისათვის, მისტერ ჰოლმს, მე სულაც არა ვარ პრაქტიკული ყაიდის კაცი, ამასთან ჩემს წინაშე უეცრად აღიმართა ერთი უაღრესად სერიოზული და უცნაური ამოცანა. რამდენადაც თქვენ გთვლით მთელ ევროპაში მეორე მაძებრად...
- ეგრე გგონიათ! ნება მომეცით გკითხოთ, ვინ მიგაჩნიათ პირველ მაძებრად? - საკმაოდ მკვეთრი კილოთი იკითხა ჰოლმსმა.
- მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანებს მუსიე ბერტილიონის შრომები უფრო მეტ პატივისცემას უნერგავენ.
- მაშინ რატომ მას არ მიმართეთ?
- მე ვლაპარაკობდი, სერ, `აზროვნების მეცნიერულ ხასიათზე~, მაგრამ როგორც პრაქტიკოსს, თქვენ ტოლი არა გყავთ, ეს საერთოდ აღიარებულია. იმედი მაქვს, სერ, ზედმეტი არაფერი მიკადრებია...
- ისე, სულ ცოტა კი გამკენწლეთ, - მიუგო ჰოლმსმა. - მაგრამ მე ვფიქრობ, სერ მორტიმერ, რომ სრულიად სწორად მოიქცეოდით, თუ ახლავე მიუკიბ-მოუკიბავად მოყვებოდით იმ საქმის ვითარებას, რომლის გადასაწყვეტადაც ჩემთან მოსულხართ.
თავი II
[რედაქტირება]ბასკერვილების გვარის წყევლა
[რედაქტირება]- ჯიბეში ერთი ხელნაწერი მაქვს, - თქვა ექიმმა ჯეიმს მორგმა და ასეც მოიქცა
- ეს მაშინვე შევნიშნე, როგორც კი შემოხვედით, - მიუგო ჰოლმსმა.
- მეტად ძველი ხელნაწერია.
- ასე, მეთვრამეტე საუკუნისა, თუ ყალბი არაა.
- ეს საიდან იცით, სერ?
- ლაპარაკის დროს, რამდენჯერმე მოვკარი თვალი თქვენი ჯიბიდან ამოჩრილი ხელნაწერის კიდეს. აბა, ის ექსპერტი რას მიქვია, ვინც დოკუმენტის თარიღის ამოცნობაში ათ-ოც წელზე მეტს თუ შეცდება. შემთხვევით ხომ არ წაგიკითხავთ ჩემი პატარა შრომა ამ საკითხზე? მე თქვენს მანუსკრიპტს ათას შვიდას ოცდაათი წლით ვათარიღებ.
- ზუსტი თარიღი ათას შვიდას ორმოცდაორია, - თქვა ექიმმა მორტიმერმა და პიჯაკის გვერდის ჯიბიდან ხელნაწერი ამოიღო. - ეს საგვარეულო რელიქვია შესანახად გადმომცა სერ ჩარლზ ბასკერვილმა, რომლის უეცარმა ტრაგიკულმა სიკვდილმა ამ სამი თვის წინ ასე ააღელვა მთელი დევონშირი. მე თავს ვთვლიდი სერ ჩარლზის არა მარტო ექიმად, არამედ მის პირად მეგობრადაც. ეს იყო ძალაუფლების მოყვარული კაცი, ჭკვიანი, ფრიად პრაქტიკული, არა ფანტაზიორი, ისევე როგორც თქვენი მორჩილი მონა. და მაინც ამ დოკუმენტს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, მზად იყო კიდეც იმ დასასრულისათვის, რასაც ბედი უმზადებდა.
ჰოლმსმა ხელი გაიწოდა, ხელნაწერი გამოართვა და მუხლებზე გაასწორა.
- უოტსონ, დააკვირდით `დ~ ასოს დაწერილობას. ეს ერთი იმ თავისებურებათაგანია, რამაც დახმარება გამიწია თარიღის დადგენაში.
მაღლიდან დავხედე გაყვითლებულ ფურცელზე ნახევრად გადაშლილ სტრიქონებს. გვერდის დასაწყისში ეწერა: `ბასკერვილჰოლი~, ქვემოთ კი მსხვილი გაკრული ხელით იყო გამოყვანილი `1742~.
- ეს, ეტყობა, რაღაც ჩანაწერია.
- დიახ, ერთი გადმოცემისა, რომელიც ბასკერვილების გვარში დღემდე ცოცხლობს.
- მაგრამ, რამდენადაც მივხვდი, თქვენ ჩემთან მოხვედით უფრო პრაქტიკული და დროის მიხედვით უფრო ახლობელი საკითხის გამო რჩევის მისაღებად.
- დიახ, სასიცოცხლოდ ახლობელი საკითხისათვის! ის არ ითმენს გადადებას, ერთ დღე-ღამეში უნდა გადაწყდეს. ხელნაწერი ძალიან მოკლეა და მას უშუალო დამოკიდებულება აქვს საქმესთან. თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ.
ჰოლმსი სავარძელში გადაწვა, თითების ბოლოები ერთმანეთს მიაბჯინა და ბედისადმი მორჩილების გამომეტყველებით დახუჭა თვალები. ექიმი მორტიმერი სინათლისაკენ მიბრუნდა და მაღალი წრიპინა ხმით დაიწყო ძველი დროის საინტერესო მოთხრობის კითხვა:
- `მრავალი მოწმობა არსებობს ბასკერვილების ძაღლზე. მაგრამ რამდენადაც ვარ უშუალო შთამომავალი ჰუგო ბასკერვილისა და ძაღლის ამბავი გაგონილი მაქვს მამაჩემისაგან, მას კიდევ - პაპაჩემისაგან სმენია, ჩემს ვალად ვრაცხ ჩავწერო ესე ისტორია, რომლის ჭეშმარიტება საეჭვო არ არის. ამით მინდა იწამოთ, შვილნო ჩემნო, რომ უზენაეს მსაჯულს, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გვსჯის, ნებავს კიდევაც მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი მისთვის ჩვეული სათნოებით და რომ არ არსებობს ისეთი მძიმე წყევლა, რომლის გამოსყიდვაც არ შეიძლებოდეს ლოცვითა და მონანიებით. მაშ, მიეცით დავიწყებას საშინელი ნაყოფი წარსულისა, მაგრამ გაფრთხილდით მომავალში, ნუღარ შესცოდავთ, რათა ჩვენდა დასაღუპავად არ მისცეთ თავისუფლება ბნელ ვნებათა ღელვას, რამაც ამდენი ზიანი მოუტანა მთელ ჩვენს გვარსა და მოდგმას.
იცოდეთ, რომ დიდი ამბოხის ჟამს (რომლის ისტორიაც დიდად განსწავლულ ლორდ კლარენდონის მიერაა დაწერილი და, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გირჩევთ წაიკითხოთ) ბასკერვილების მამულის მფლობელი იყო ჰუგო ბასკერვილი და ამ ჰუგოს სრულიად სამართლიანად შეიძლება ეწოდოს აღვირახსნილი, უკაცური და უღმერთო კაცის სახელი. მეზობლები აპატიებდნენ ყველა შეცოდებას, რადგანაც ჩვენს მხარეში არასოდეს არ უცხოვრიათ წმინდანებს, მაგრამ ჰუ-გოს ბუნებით ჰქონდა მიდრეკილება განუსჯელი და სასტიკი ხუმრობისადმი, რამაც მისი სახელი აქცია საიგავოდ მთელ დევონის მხარეში. მოხდა ისე, რომ ჰუგოს შეუყვარდა (თუ შეიძლება მის ბნელ ვნებას ეწოდოს ეგზომ წმიდა სახელი) ერთი ფერმერის ქალიშვილი. ეს ფერმერი ბასკერვილების მამულის მეზობლად ცხოვრობდა. მაგრამ სიმწყაზარითა და წესიერებით ცნობილი ნორჩი ქალიშვილი ყოველნაირად გაურბოდა ჰუგოს და მისი სახელის გაგონებაც კი არ სურდა. და აი, ერთხელ - ეს იყო სწორედ წმიდა მაიკლის დღეს - ჰუ-გო ბასკერვილმა აიყოლია ექვსი ყველაზე უფრო თავზეხელაღებული, უწესო, ქარაფშუტა ამხანაგი, ისარგებლა ქალის მამის და ძმების შინ არყოფნით და გაიტაცა თავის სასურველი. ბასკერვილ-ჰოლში რომ დაბრუნდა, ტყვე ქალი ერთ-ერთ ზედა ოთახში დამალა, თვითონ კი ძველი ჩვეულების მიხედვით დაიწყო ქვედა სართულში მეგობრებთან ქეიფი. უბედური ქალი კინაღამ გაგიჟდა, როცა გაიგონა, როგორ ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ ქვედა სართულზე მყოფი გალეშილი არამზადები. იმ ადამიანების მოწმობით, რომლებიც იცნობდნენ ჰუგო ბასკერვილს, ნაბახუსევი ჰუგო ისე თავშეუკავებელი იყო, რომ იმ ღვთის საგმობი სიტყვებისაგან, რომელთა წარმოთქმითაც იგი თავის ბაგეებს ბილწავდა, ადამიანი შეიძლებოდა დამდნარიყო. ბოლოს ქალიშვილი შიშმა იქამდე მიიყვანა, რომ ჩაიდინა საქმე, რასაც ვერ გაბედავდა ყველაზე უფრო გამბედავი და მოხერხებული მამაკაცი, სახელდობრ: გამოვიდა ლავგარდანზე, ჩამოჰყვა სუროს, რომელიც გასულიყო (და გადის ახლაც) სიმაგრის სამხრეთ კედელზე და სირბილით გაუყვა ჭაობებზე გამავალ გზას მამის სახლისაკენ, რაც სამი მილის დაშორებით იდგა ბასკერვილების მამულიდან.
რამდენიმე ხნის შემდეგ ჰუგომ მიატოვა სუფრა, რათა თავისი ტყვე ქალიშვილისათვის საჭმელ-სასმელი მიეტანა, ან იქნებ მასთან დარჩენაც სურდა. უარესიც ჰქონდა აზრად, მაგრამ ნახა, რომ გალია ცარიელია და ჩიტი სადღაც გაფრენილა. მაშინ დაეუფლა ჰუგოს ეშმაკეული. რადგან შმაგივით ჩაირბინა კიბე, შევარდა სანადიმო დარბაზში, შეხტა მაგიდაზე, მიმოფანტა ბოთლები და კერძები, შემდეგ კი ყველას გასაგონად დაიფიცა, რომ სულსა და სხეულს მი-ჰყიდის ეშმას ოღონდ დაეწიოს გაქცეულს. ვიდრე მისი სიშმაგით გაოცებული თანამესუფრეები გაოგნებული იდგნენ, ერთმა მათგანმა, ყველაზე უფრო გულქვამ და გალეშილმა, დაიყვირა, საჭიროა ტყვე ქალის კვალზე ძაღლის გაშვებაო. ასეთი სიტყვები რომ გაიგონა, ჰუგო გარეთ გამოვარდა, მეჯინიბეებს უბრძანა შეეკაზმათ მისი შავრა ფაშატი, გამოეშვათ ძაღლები და ეყნოსებინათ მათთვის თავსაფარი, რაც ქალიშვილს დავარდნოდა. ამის შემდეგ ამხედრებული არამზადა ძაღლების ხროვასთან ერთად მთვარით გაშუქებული ჭაობის გზას დაადგა.
თანამეინახენი ერთ ხანს მდუმარედ თავდახრილნი იდგნენ და გონს ვერ მოსულიყვნენ, რისთვის ატყდა ასეთი არეულობა. მაგრამ აი, მათს ღვინით დაბნელებულ გონებას მისწვდა, თუ რა შავი საქმე მოხდებოდა ტორფის ჭაობებში. მაშინ ყველა აყვირდა: ზოგი ცხენს ითხოვდა, ზოგი დამბაჩას, ზოგიც ღვინოს. შემდეგ უფრო დალაგებით მოიფიქრეს, ყველანი, - სულ ცამეტი კაცი, - შესხდნენ ცხენებზე და მდევარს შეუერთდნენ. მთვარე კაშკაშებდა, მდევრები ერთ რიგად მისდევდნენ გზას, რომლითაც მათი აზრით უნდა ევლო ქალს, თუ მამის სახლში დაბრუნდებოდა.
ერთი-ორი მილი რომ გაიარეს, მწყემსი შემოხვდათ და ჰკითხეს, ხომ არ შეგხვედრიაო გაქცეული ან მდევარი. მწყემსმა, როგორც ამბობდნენ, შიშისაგან, ჯერ ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი მაინც აღიარა, მიდიოდა ერთი ქალიშვილი, რომელსაც ძაღლები ედგნენ კვალშიო. `მაგრამ მე ვნახე სხვა რამეც, - დასძინა მან, - ჰუგო ბასკერვილმა ჩამიქროლა გვერდით შავი ფაშატით, უკან კი ძაღლი მისდევდა, და ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენს კვალზე მავალი ასეთ ჯოჯოხეთის ქმნილების ხილვისაგანო~.
მთვრალმა სკვაირებმა შეაგინეს მწყემსს და ცხენები გააქროლეს, მაგრამ სულ მალე ტანში ყინულმა დაუარათ, რადგან ფლოქვების ხმა მოესმათ, შავი ფაშატიც მაშინვე დაინახეს უმხედროდ, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და სადავეები ძირს მოსთრევდა. თავგზადაბნეული მხედრები შეჯგუფდნენ, ყველა შიშმა და ელდამ აიტანა, მაგრამ მაინც განაგრძეს გზა ჭაობის სიღრმისაკენ, თუმცა ყოველი მათგანი, აქ რომ მარტო ყოფილიყო, სიამოვნებით მოაბრუნებდა ცხენს და შინ დაბრუნდებოდა. წყნარად განაგრძეს გზა და ბოლოს ნაპრალის პირას ძაღლებიც ნახეს. მთელი ხროვა, ძველთაგანვე განთქმული ჯიშის სიწმინდითა და სიაფთრით, შესაბრალისად ყმუოდა. ზოგიერთი ძაღლი ჩუმად გარბოდა განზე, სხვებს კი ბეწვი აბურძგნოდათ, თვალებს აბრიალებდნენ და იმის ცდაში იყვნენ, რომ როგორმე წინ გამოჩენილ ხვრელში გამძვრალიყვნენ.
მხედრები შეჩერდნენ, რაღა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფხიზელნი, ვიდრე გზაზე გასვლის წინ იყვნენ. ბევრი მათგანი ვერც ბედავდა წინ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სამმა, ყველაზე უფრო გაბედულებმა ან იქნებ ყველაზე უფრო შექეიფიანებულებმა, ცხენები ხრამის სიღრმეში შეიყვანეს. იქ თვალწინ გადაეშალათ ფართო კორდი, ზედ კი უხსოვარ დროს აღმართული ორი ქვის სვეტი იხილეს. ასეთი კორდები ჭაობებში დღესაც გვხვდება. მთვარე მკაფიოდ ანათებდა კორდს, რომლის შუაგულშიც ეგდო შიშსა და დაქანცულობისაგან მკვდარი ბედშავი ქალიშვილი. მაგრამ არც ქალიშვილის უსულო გვამის ხილვაზე, არც მის გვერდით დაგდებულ ჰუგო ბასკერვილის გვამის დანახვაზე არ უგრძნია სამ თავზე ხელაღებულ უსაქმურს, როგორ დაუდგათ თმა ყალყზე. არა! ჰუგოს თავს დასდგომოდა საზარელი ურჩხული - უზარმაზარი, შავი ნადირი, შესახედავად ძაღლის მსგავსი, მაგრამ უფრო მაღალი და დიდი ყველა ძაღლზე, რომელიც კი ოდესმე მოკვდავს უხილავს. აი, ამ ურჩხულმა გამოღადრა მათს თვალწინ ყელი ჰუგო ბასკერვილს, შემდეგ მათკენ შემოაბრუნა გასისხლიანებული დრუნჩი და მდევრებს ცეცხლოვანი თვალები შეანათა. შიშისაგან დაზაფრულმა მდევრებმა ყვირილი ატეხეს და ჭაობისაკენ თავქუდმოგლეჯილებმა მოჰკურცხლეს. ერთი მათგანი, როგორც ამბობენ, იმავე ღამეს მოკვდა, ვერ გადაიტანა ის, რაც იხილა, ორი დანარჩენი კი ისე წახდა, ასეთი მძიმე განსაცდელის ხილვის შემდეგ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეღარ გამოჯანმრთელდა.
ასეთია, შვილნო ჩემნო, თქმულება იმ ძაღლზე, რომელმაც მას შემდეგაც ბევრი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს გვარს. და თუ ყოველივე ეს ჩავწერე, მხოლოდ იმისათვის, რომ ცოდნა ნაკლებად გვაძრწუნებს ხოლმე, ვიდრე უთქმელობა და ვარაუდები.
განა საჭიროა იმის უარყოფა, რომ ჩვენს გვარში მრავალი კვდებოდა უეცარი, საშინელი და იდუმალი სიკვდილით? მაშ, დაე, ნუღარ დაგვტოვებს განგება თავისი უხვი წყალობის გარეშე და ნუღარ დასჯის უდანაშაულო მემკვიდრეებს, შობილთ მესამე და მეოთხე თაობის შემდეგ, რომელთაც ელით შურისგება, როგორც არის ნათქვამი სახარებაში. იმ განგებას ვანდობ თქვენ თავს, შვილნო ჩემნო, და გაფიცებთ: ერიდეთ ღამით ჭაობებში გასვლას, როცა ბოროტების ძალები თავისუფლად ბატონობენ.
(დაწერილია ჰუგო ბასკერვილის ხელით შვილების - როჯერისა და ჯონისათვის, და ვუბრძანებ მათ, შეინახონ ყოველივე ეს საიდუმლოდ თავიანთი დის ელიზაბეტისაგან)~.
როცა ეს უცნაური ამბავი წაიკითხა, ექიმმა მორტიმერმა სათვალე შუბლზე აიწია და მისტერ შერლოკ ჰოლმსს მიაჩერდა. ჰოლმსმა დაამთქნარა და სიგარის ნამწვი ბუხარში შეაგდო.
- მერედა, აქ რა არის ისეთი? - წარმოთქვა მშვიდად.
- თქვენი აზრით, ეს არ არის საინტერესო?
- საინტერესოა - ზღაპრების მოყვარულთათვის.
ექიმმა მორტიმერმა ჯიბიდან ამოიღო ოთხად დაკეცილი გაზეთი.
- კარგი, მისტერ ჰოლმს. ახლა გაგაცნობთ უფრო თანამედროვე ამბავს. აი `დევონშირის ქრონიკის~ ამა წლის თოთხმეტი ივნისის ნომერი. აქ დაბეჭდილია მოკლე ანგარიში იმ ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილთან, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა.
ჩემმა მეგობარმა ოდნავ წინ წაიწია, მის მზერაში მეტი ყურადღება შევნიშნე. მორტიმერმა სათვალე შეისწორა და დაიწყო:
- `სერ ჩარლზ ბასკერვილის, ლიბერალთა პარტიის მოსალოდნელი კანდიდატის უეცარმა სიკვდილმა მძიმე შთაბეჭილება მოახდინა მთელ შუა დევონშირზე. თუმცა სერ ჩარლზი შედარებით ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა ბასკერვილ-ჰოლში, მაგრამ თავისი გულკეთილობითა და სიუხვით უკვე მოასწრო ყველა იმ ადამიანის სიყვარულისა და პატივისცემის მოხვეჭა, ვისაც მასთან საქმე ჰქონია. ნუვორიშების ბატონობის ჩვენს დროში სასიამოვნოა ვიცოდეთ, რომ უკეთესი დროის მომსწრე ძველი გვარის შთამომავალმა საკუთარი ხელებით შეძლო შეექმნა დოვლათი და მიემართა ის თავისი გვარის ოდინდელი დიდების აღსადგენად. როგორც ცნობილია, სერ ჩარლზი აწარმოებდა ფრიად შემოსავლიან ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში. იმ ადამიანთა საპირისპიროდ, რომლებიც არ შეჩერდებიან მანამ, სანამ ფორტუნის ბორბალი მათივე საწინააღმდეგოდ არ შეტრიალდება, მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და გონების სიფხიზლით მოახდინა თავისი შემოსავლის რეალიზაცია და ინგლისში დაბრუნდა დიდძალი კაპიტალით. ბასკერვილ- ჰოლში სერ ჩარლზი დასახლდა სულ ამ ორი წლის წინ, მაგრამ ხმები სხვადასხვანაირ სრულყოფასა და მამულის ახლადგაშენებაზე, რაც მისმა სიკვდილმა შეაჩერა, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. უშვილომ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არა ერთხელ გამოამჟღავნა განზრახვა გაებედნიერებინა თავისი თანამემამულეები, და მრავალ აქაურ მცხოვრებს პირადი საფუძველი აქვს დასტიროდეს მის უდროოდ გარდაცვალებას. სერ ჩარლზის უხვ შეწირულობაზე საქველმოქმედო საჭიროებებისათვის როგორც ადგილობრივი მასშტაბით, აგრეთვე მთელი საგრაფოს მასშტაბითაც არა ერთხელ იყო ლაპარაკი გაზეთის ფურცლებზე.
ვერ ვიტყვით, რომ ძიებამ სავსებით გაარკვია სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილის გარემოებანი, თუმცა ბოლო კი მოუღო ადგილობრივ ცრუმორწმუნეთა შორის გავრცელებულ ხმებს. არავითარი საფუძველი არა გვაქვს ეჭვი გამოვთქვათ, რომ სიკვდილი გამოიწვია არაბუნებრივმა მიზეზმა. სერ ჩარლზი იყო ქვრივი და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა ახირებული. მიუხედავად თავისი დიდი შეძლებისა, ცხოვრობდა ძალიან თავშეკავებულად, და ბასკერვილ-ჰოლში მხოლოდ ორი მოსამსახურე ცოლ-ქმარი ბერიმორები ჰყავდა. ქმარი ასრულებდა ლაქიის მოვალეობას, ცოლი - მნისას. თავიანთ ჩვენებებში, რაც განსვენებულის მეგობრების ჩვენებებს ეთხვევა, ბერიმორებმა აღნიშნეს, რომ უკანასკნელ ხანებში სერ ჩარლზის ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუარესდა. მათი სიტყვით, განსვენებული უჩიოდა გულს, რასაც მოწმობდა მისი სახის ფერის ცვალებადობა, გახშირებული სუნთქვა და მძიმე სულიერი განწყობილება. ექიმმა ჯეიმს მორტიმერმა, განსვენებულის ახლო მეგობარმა და შინაურმა მკურნალმა, თავის ჩვენებაში იგივე დაადასტურა.
ფაქტიურად ყველაფერი სრულიად უბრალოდ დატრიალდა. სერ ჩარლზ ბასკერვილს ჩვეულებად ჰქონდა დაძინების წინ ბასკერვილ-ჰოლის ურთხელის განთქმულ ხეივანში გასეირნება. ცოლ-ქმარი ბერიმორები ადასტურებენ, რომ ამ ჩვეულებას არასოდეს არ ღალატობდა. 4 ივნისს სერ ჩარლზს განუცხადებია, რომ მეორე დღეს ლონდონს აპირებდა გამგზავრებას და ბერიმორისთვის უბრძანებია ნივთების ჩალაგება, საღამოს კი ჩვეულებისამებრ სასეირნოდ წასულა, რომლის დროსაც თურმე მუდამ სიგარას ეწეოდა. ამის შემდეგ სერ ჩარლზი შინ აღარ დაბრუნებულა. შუაღამისას, როცა უნახავთ, რომ ჰოლში კარი ჯერაც ღიად ყოფილა დარჩენილი, ბერიმორი შეშფოთებულა, ფარანი აუნთია და თავისი ბატონის საძებნელად გაუწევია. ნესტიანი დღე ყოფილა და ხეივანში ჩარლზის ნაკვალევი თურმე ძალიან კარგად ჩანდა. ამ ხეივნის შუაში არის პატარა ჭიშკარი, საიდანაც გზა გადის ტორფის ჭაობებისაკენ. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით სერ ჩარლზი აქ მდგარა რამდენიმე წუთს, შემდეგ კი წასულა... და ხეივნის სულ ბოლოში იპოვნეს მისი გვამი.
აქ ამოუხსნელი რჩება ერთი გარემოება. ბერიმორი ამბობს, რომ ჭიშკრის იქით სერ ჩარლზის კვალის ხასიათი იცვლება: ეტყობა, ფეხის წვერებზე მიდიოდაო. ამ დროს ხეივნის ახლოს ჭაობზე გაუვლია ბოშა-ჩარჩს, ვინმე მერფის. მას გაუგონია ძახილი, ოღონდ ვერ გაურკვევია, რა მხრიდან, რადგან მისივე თქმით, ძლიერ მთვრალი ყოფილა. არავითარი ძალადობის კვალი სერ ჩარლზის ტანზე არ აღმოჩნდა. მართალია, სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნავს განსვენებულის სახის შეცვლას ისე, რომ კაცი ვერა ცნობს - ექიმ მორტიმერს პირველად არც კი დაუჯერებია, რომ მის წინ ესვენა მისი მეგობარი და პაციენტი, მაგრამ ასეთი მოვლენა ხშირად ახლავს თან დახრჩობით ან სულის ხუთვით სიკვდილს, როცა გულის მოქმედება წყდება. ეს დადასტურდა გაკვეთით, რამაც ექსპერტიზას მისცა გულის დახანებული ორგანული მანკის სრული სურათი. სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებზე დამყარებული ძიება მივიდა უეცარი სიკვდილის დასკვნამდე, რაც საგრძნობლად ამსუბუქებს საქმის ვითარებას, რადგან სასურველია, რომ სერ ჩარლზ ბასკერვილის მემკვიდრე დასახლდეს ბასკერვილ-ჰოლში და განაგრძოს თავისი წინამორბედის ბრწყინვალე წამოწყება, შეწყვეტილი ეგზომ ტრაგიკული აღსასრულით. გამომძიებლის პროზაულად ზუსტმა დასკნებმა გაჰფანტა სერ ჩარლზის სიკვდილთან დაკავშირებული რომანტიკული თქმულებები, რომლებიც პირიდან პირში გადადიოდა და ბასკერვილ- ჰოლის პატრონის გამონახვა გააადვილა. როგორც ამბობენ, სერ ჩარლზის უახლოეს ნათესავად ითვლება მისტერ ჰენრი ბასკერვილი (თუ ცოცხალია), განსვენებულის უმცროსი ძმისშვილი. ჩვენს ხელთ არსებული უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ეს ახალგაზრდა კაცი ამერიკაში იმყოფება. ახლა მიღებულია ზომები მის მოსაძებნად, რათა გადაეცეს დიდი მემკვიდრეობა~.
ექიმმა მორტიმერმა გაზეთი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
- აი ყველაფერი, რაც იყო გამოცხადებული სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილზე, მისტერ ჰოლმს.
- ეგ საქმე მართლაც არაა მოკლებული ერთგვარ ინტერესს, და ძალიან დიდ მადლობას გიცხადებთ ამისათვის, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - თავის დროზე ეს ამბავი გაზეთებში მეც წავიკითხე, მარგამ მაშინ ისე მოუცლელი ვიყავი ვატიკანის კამეების ისტორიასთან დაკავშირებით და ისე ვცდილობდი მეამებინა პაპისათვის, რომ ყურადღებიდან გამომრჩა რამდენიმე საინტერესო საქმე, რაც ინგლისში მოხდა. მაშ, ეს არის ყველაფერი, რაც იყო გამოცხადებული სერ ჩარლზის სიკვდილზე?
- დიახ.
- ახლა იმ ფაქტებზე მიამბეთ, რომლებიც პრესაში არ გამოქვეყნებულა. - აქ ჰოლმსი სავარძელში გადაწვა, თითების ბოლოები ერთმანეთს მიაბჯინა და სასტიკი და მიუდგომელი მოსამართლის სახე მიიღო.
- ამაზე ჯერ არავისთან დამიძრავს სიტყვა, - დაიწყო მორტიმერმა აშკარა მღელვარებით. - საქმის ძიების დროს ბევრი რამე დავფარე იმ უბრალო მიზეზით, რომ მეცნიერ კაცს არ შეშვენის ცრუმორწმუნეთა მიერ დარხეული ჭორების აყოლა. მე მგონია, გაზეთის რედაქცია სწორად მოიქცა. ბასკერვილ-ჰოლის ისედაც ბურუსით მოცული რეპუტაციის გაღრმავება ნიშნავს მის უპატრონოდ გაპარტახებისათვის განწირვას. ამ მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდი და ზოგი რამის დამალვა ვამჯობინე, რადგან ზედმეტი გულახდილობა სარგებლობას მაინც ვერ მოიტანდა. მაგრამ თქვენ ყველაფერი მინდა გიამბოთ.
ტორფის ჭაობები - საკმაოდ უკაცური ადგილებია, მაგრამ შორეული თუ ახლობელი მეზობლები ცდილობენ უფრო ხშირ-ხშირად შეხვდნენ ერთიმეორეს. რაც შემეხება მე, საკმაოდ ბევრ დროს ვატარებდი სერ ჩარლზ ბასკერვილთან. ლეფტერჰოლელი მისტერ ფრენკლენდისა და ნატურალისტ მისტერ სტეპლტონის გარდა მთელს ჩვენს მიდამოებში რამდენიმე მილის მანძილზე ვერც ერთ განათლებულ ადამიანს ვერ შეხვდებით. სერ ჩარლზს უყვარდა განმარტოება, მაგრამ მისმა სნეულებამ დაგვაახლოვა. საერთო ინტერესებმა კი კიდევ უფრო განამტკიცეს ეს ურთიერთობა. სერ ჩარლზმა ბევრი ძვირფასი სამეცნიერო მასალა ჩამოიტანა სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენ ერთად მრავალი სასიამოვნო საღამო გავატარეთ ბუშმენებისა და ჰოტენტოტების შედარებით ანატომიაზე მსჯელობაში.
ბოლო ხანებში ჩემთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სერ ჩარლზის ნერვების დაძაბულობა უკანასკნელ საზღვარს უახლოვდებოდა. მას სწამდა ეს ლეგენდა, რაც ახლა წაგიკითხეთ და როცა თავის მამულში სეირნობდა, ღამღამობით ერიდებოდა ჭაობებში გასვლას. თქვენ ეს სისულელედ მოგეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს, მაგრამ სერ ჩარლზი დარწმუნებული იყო, რომ მის გვარს ტვირთად აწვა საშინელი წყევლა, და მართლაც, მაგალითები, რომლებიც მოჰყავდა თავისი გვარის წარსულიდან, არაფერ სანუგეშოს არ წარმოადგენდა. მას მოსვენებას არ აძლევდა აკვიატებული იდეა რაღაც აჩრდილის მსგავს არსებაზე და მუდამ მეკითხებოდა ხოლმე, ხომ არ ნახე რაიმე უცნაური, როცა ავადმყოფთა სანახავად დადიოდი, და ხომ არ გსმენია ძაღლის ყეფაო. უკანასკნელ კითხვას სერ ჩარლზი უფრო ხშირად იმეორებდა და ამასთან მღელვარებისაგან ხმა უთრთოდა.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, ტრაგიკულ შემთხვევამდე სამი კვირით ადრე საღამოს ეტლით მივედი ბასკერვილ- ჰოლში. შარაბანიდან გადმოვედი, მივუახლოვდი მას და უეცრად შევნიშნე, რომ სერ ჩარლზი ჩემს მხრებს უკან საითღაც იყურება და საზარელი შიში ჩასდგომია თვალებში; უეცრად მოვბრუნდი და თვალი მოვკარი ხეივნის ბოლოში რაღაც არსებას. რაც მოზრდილ შავ ხბოს ჰგავდა. სერ ჩარლზი ისე აღელვებული და შეშინებული იყო, რომ იძულებული გავხდი მივსულიყავი იმ ადგილას, სადაც ეს უცნაურობა გამოჩნდა, რათა გამერკვია, საით წავიდა იგი. მაგრამ იქ აღარაფერი ჩანდა. ამ შემთხვევამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს მეგობარზე. მთელი ის საღამო მასთან გავატარე. სწორედ მაშინ შეეცადა აეხსნა ჩემთვის თავისი შეშფოთების მიზეზი და მთხოვა ამ ხელნაწერის შენახვა, ახლა რომ გაგაცანით. ამ ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტზე მხოლოდ იმიტომ მოგახსენეთ, რომ ამან უკანასკნელ ტრაგედიაში რაღაც მნიშვნელობა შეიძინა, მაშინ კი ყველაფერი ეს წმინდა წყლის სისულელედ მეჩვენა, რაც ვერაფრით ვერ ამართლებდა ჩემი მეგობრის მღელვარებას.
სერ ჩარლზი ჩემი რჩევით ლონდონისაკენ გასამგზავრებლად ემზადებოდა. გული ვერა ჰქონდა კარგად, ხოლო შიში, რაც წუთითაც არ ასვენებდა, მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო აუარესებდა, თუმცა ჩემი აზრით, ამ შიშის მიზეზები უბრალოდ გამოგონილი იყო. იმედი მქონდა, რომ რამდენიმე თვით ქალაქში ყოფნა სერ ჩარლზზე გამაჯან-საღებლად იმოქმედებდა და უკან დაბრუნებული სულ სხვა ადამიანად იქცეოდა. იმავე აზრისა იყო მისტერ სტეპლტონი, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრის ჯანმრთელობაზე მუდამ დიდად ზრუნავდა. და აი, სულ უკანასკნელ წამს თავს დაგვატყდა ასეთი საშინელი უბედურება.
ლაქია ბერიმორმა, რომელმაც ღამით იპოვნა სერ ჩარლზის გვამი, დაუყოვნებლივ გამომიგზავნა მეჯინიბე პერკინსი. მე სამუშაოს ვუჯექი და ჯერ არ მეძინა, ამიტომ სწრაფად აღმოვჩნდი ბასკერვილ-ჰოლში, მომხდარი უბედურებიდან, სულ დიდი, ერთი საათის შემდეგ. ყველა ფაქტი, რაც აღნიშნული ჰქონდა ძიებას, შევამოწმე და ერთიმეორეს შევუდარე. სერ ჩარლზის ნაკვალევს გავყევი ურთხელის ხეივანში, დავათვალიერე ჭიშკართან ის ადგილი, სადაც ჩარლზი, როგორც ჩანს, დიდხანს იდგა, ყურადღება მივაქციე მის ფეხთა კვალის შეცვლილ ხასიათს, დავრწმუნდი, რომ მის გარდა მხოლოდ ლაქიის ფეხის კვალია რბილ მიწაზე და ბოლოს გულმოდგინედ გამოვიკვლიე გვამი, რასაც ჩემამდე არავინ შეხებოდა. სერ ჩარლზი პირქვე იწვა, ხელები გაშლილი ჰქონდა, თითებით მიწა ჩაებღუჯა და კრუნჩხვას ისე მოეშალა მისთვის სახე, რომ ერთბაშად ვერც კი ვიცანი. ფიზიკური ზიანი გვამს არ აჩნდა, მაგრამ ბერიმორმა გამომძიებელს არასწორი ჩვენება მისცა. მისი სიტყვით, მიწაზე გვამთან არავითარი კვალი არ ყოფილა. უბრალოდ, ვერ შენიშნა. სერ ჩარლზის გვამის სიახლოვეს ჩანდა სავსებით ახალი და მკაფიო...
- კვალი?
- კვალი.
- კაცის თუ ქალის?
ექიმმა მორტიმერმა რაღაც უცნაურად გადმოგვხედა და თითქმის ჩურჩულით გვიპასუხა:
- მისტერ ჰოლმს, ეს იყო უზარმაზარი ძაღლის თათების კვალი.
თავი III
[რედაქტირება]ამოცანა
[რედაქტირება]გამოგიტყდებით, რომ ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სერ მორტიმერს ხმა ისე უთრთოდა, რომ ჩანდა თავისივე მონათხრობი ამბავი აღელვებდა. ჰოლმსმა მთელი ტანით წინ წაიწია, და მის თვალებში გაღვიძებულმა ინტერესის მშრალმა, მსუსხავმა ნაპერწკალმა იელვა.
- თვითონ ნახეთ?
- სწორედ ისევე, როგორც ახლა თქვენ გხედავთ.
- და ამაზე არაფერი გითქვამთ!
- რისთვის უნდა მეთქვა?
- ნუთუ თქვენ გარდა კვალი სხვამ ვერავინ შეამჩნია?
- კვალი გვამიდან დაახლოებით ოცდაათი ნაბიჯით იყო დაცილებული და ალბათ ყურადღება არავინ მიაქცია. მე თვითონაც ვერ შევნიშნავდი, ლეგენდა რომ არ მომგონებოდა.
- ჭაობებში ალბათ ბევრსა ჰყავს ქოფაკი ძაღლები?
- რაღა თქმა უნდა. მაგრამ ის ქოფაკი არ გახლდათ.
- თქვენ ამბობთ, რომ ძალიან დიდი ზომის კვალი იყო?
- უზარმაზარი.
- მაგრამ სერ ჩარლზის გვამს არ უახლოვდებოდა?
- არა.
- როგორი ამინდი იდგა მაშინ?
- ნესტიანი, ცივი.
- წვიმა თუ იყო?
- არა.
- რას წარმოადგენს ეს ხეივანი?
- გარშემო მჭიდროდ ერთმანეთზე მიკრული ძველი ურთხელების მწვანე ღობე ევლება, შუაში გზა გადის, ასე რვა ფუტის სიგანისა.
- ბუჩქნარსა და გზას შორის არის რაიმე?
- კი, ორსავე მხარეს გადის გაზონების ზოლი - ბუსნო, რომლის სიგანე ექვსი ფუტი იქნება.
- თუ სწორად გაგიგეთ, ხეივანში არის პატარა ჭიშკარი?
- დიახ, ეს ჭიშკარი გადის ჭაობებისაკენ.
- სხვა გასასვლელი არ არის?
- არა.
- მაშასადამე, ხეივანში მოხვედრა შეიძლება ან პირდაპირ სახლიდან, ან ჭიშკრიდან?
- არის კიდევ ერთი გასასვლელი - ფანჩატურიდან, ხეივნის ბოლოში.
- სერ ჩარლზი მივიდა იმ ფანჩატურამდე?
- არა, ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე ეგდო იქიდან.
- ახლა, სერ მორტიმერ, მიპასუხეთ, გეთაყვა, ერთ ფრიად მნიშვნელოვან კითხვაზე: თქვენ კვალი შენიშნეთ არა ბალახზე, არამედ გზაზე?
- ბალახში კვალი ჩვეულებრივ არა ჩანს.
- იმავე მხარეს იყო კვალი, რა მხარესაც ჭიშკარია?
- დიახ, სულ კიდეში, ჭიშკართან ახლო.
- უაღრესად საინტერესოა! კიდევ ერთი კითხვა: ჭიშკარი დახურული იყო?
- არა მარტო დახურული, არამედ დაკეტილიც, ბოქლომით.
- რა სიმაღლისაა?
- ოთხიოდე ფუტის.
- მაშ, შეიძლება ზედ გადაძრომა?
- დიახ.
- თვით ჭიშკრის ახლოს იყო რაიმე შენიშნული?
- არა, ისეთი არაფერი.
- ღმერთო ჩემო! ნუთუ იქაურობა არ დაგითვალიერებიათ?
- დავათვალიერე.
- და ვერაფერი იპოვეთ?
- იქ ძნელი იყო რაიმეს შემჩნევა. სერ ჩარლზი, ეტყობა, ჭიშკართან მიწას ტკეპნიდა ასე ხუთი-ათი წუთი მაინც.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ, რომ მისი სიგარიდან ფერფლი ორჯერ დაცვივდა.
- ჩინებულია! აი, ასეთი თანაშემწე მესმის! ხომ მართალია, უოტსონ? ახლა, კვალი?
- ხრეშზე კარგად ჩანდა მისი ფეხის ნაკვალევი, სხვაგან კი არსად მინახავს.
შერლოკ ჰოლმსმა მოუთმენლად დაირტყა ხელი მუხლზე.
- ახ! მე რომ იქ ვყოფილიყავი! - შესძახა. - ეს, ეტყობა, უაღრესად საინტერესო საქმეა. რა მდიდრული შესაძლებლობანია სერიოზული სამეცნიერო კვლევა-ძიებისათვის! ხრეში - ისეთი მდიდარი მასალაა, რაზედაც ბევრი რამის ამოკითხვას შევძლებდი! ახლა კი გადარეცხილია წვიმით, გათელილია ცნობისმოყვარე ფერმერთა ფეხსაცმელებით! ახ, სერ მორტიმერ, ექიმო მორტიმერ! რატომ მაშინვე არ მიხმეთ? რა ცოდვა აწევს თქვენს სინდისს!
- მე არ შემეძლო თქვენთვის მომემართა, მისტერ ჰოლმს: მაშინ მომიხდებოდა ყველა ამ ფაქტის გამოცხადება, ახლა კი აგიხსენით, რა მაკავებდა ასეთი ნაბიჯებისაგან. ამას გარდა, ამას გარდა...
- რაღას ყოყმანობთ?
- არის ისეთი სფერო, სადაც უძლურია თვით ყველაზე უფრო გამჭრიახი და ყველაზე უფრო გამოცდილი მაძებარი.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ საქმე გაქვთ ზებუნებრივ ძალებთან?
- ამას არ ვამბობ.
- `არ ვამბობ~, მაგრამ `ვფიქრობ~?
- მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, მისტერ ჰოლმს, მე მიამბეს რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელთა დაკავშირება მოვლენათა ბუნებრივ განვითარებასთან ძნელია.
- მაგალითად?
- გამოვარკვიე, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯერ კიდევ სერ ჩარლზის სიკვდილამდე ნახა ჭაობებში რაღაც უცნაური ბასკერვილის დემონის მსგავსი არსება. ყველა, ვინც ის უცნაური არსება იხილა, ერთხმად ირწმუნება, რომ იგი არც ერთ სხვა ცხოველს არა ჰგავს, რომელსაც კი მეცნიერება იცნობს, ყველა, ვინც ის ნახა, ერთხმად ამტკიცებს: ესაა რაღაც უსაშველო სიდიდის მანათობელი მოჩვენებაო. მე დავკითხე ეს ადამიანები. ერთი მათგანი, ჩვენი მეზობელი, ძალიან ფხიზელი გონებისაა, მეორე იქაური მჭედელი და ერთიც ფერმერი. ყველანი ერთხმად ლაპარაკობენ რაღაც არაჩვეულებრივ მოჩვენებაზე და თითქმის სიტყვა სიტყვით იმეორებენ იმ ძაღლის აღწერას, რაზედაც ლაპარაკია ლეგენდაში. დამიჯერეთ, მისტერ ჰოლმს, მთელ ჩვენს მხარეში საშინელება მეფობს, ღამით ჭაობებში გამოსვლას ვერავინ ბედავს, ყველაზე უფრო უშიშარ მამაცთა გარდა.
- და თქვენ, მეცნიერ კაცს, გჯერათ, რომ ეს ზებუნებრივი მოვლენაა?
- თვითონაც აღარ ვიცი, რისი მჯერა და რისი არა.
ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.
- აქამდე ჩემი სამძებრო მოღვაწეობა მიმდინარეობდა სააქაოს ფარგლებში, - თქვა ჰოლმსმა. - მე ვებრძვი ბოროტებას, რამდენადაც ამის საშუალებას მაძლევს ჩემი მცირე ძალა და გარემოება, მაგრამ თვით ბოროტების მშობელი წინაპრის წინააღმდეგ ამხედრება ჩემის მხრით მეტისმეტი იმედის დამყარება იქნება საკუთარ თავზე. მაინც თქვენ ალბათ არ უარყოფთ, რომ კვალი ხრეშზე სავსებით რეალური ამბავია?
- ძაღლზე, რომელზედაც ლაპარაკია ლეგენდაში, ვერ ვიტყვით, რეალური არ არისო, თუ მან შეძლო ადამიანისათვის ყელი გამოეღადრა. და მაინც მასში იყო რაღაც დემონური.
- მე ვხედავ, თქვენ საბოლოოდ გადახვედით მისტიკოსთა მხარეზე, ექიმო მორტიმერ. რაკი ასეა, მაშინ ის გამაგებინეთ: თუ ამ თვალსაზრისზე დგახართ, რაში დაგჭირდათ ჩემი დახმარება? თქვენ მეუბნებით, რომ სერ ჩარლზის სიკვდილის გარემოებათა კვლევა უსარგებლო საქმეა, და ამავე დროს მთხოვთ ხელი მოვკიდო ამ საქმეს.
- მე არაფერი მაგდაგვარი არ მითხოვია?
- მაშინ რით შემიძლია გემსახუროთ?
- რჩევით. მითხარით, როგორ მოვიქცე სერ ჰენრი ბასკერვილთან, რომელიც ვატერლოოს სადგურზე ჩამოვა. - ექიმმა მორტიმერმა საათს დახედა, - ზუსტად ერთ საათსა და თხუთმეტ წუთში?
- ესაა მემკვიდრე?
- დიახ. სერ ჩარლზის სიკვდილის შემდეგ მალე გავიგეთ, რომ ჰენრი ბასკერვილი სამეურნეო საქმიანობას ეწევა თავის ფერმაში, კანადაში. დახასიათებათა მიხედვით, ესაა მშვენიერი, ღირსეული ახალგაზრდა კაცი. - ახლა გელაპარაკებით არა როგორც ექიმი, არამედ როგორც სერ ჩარლზის რწმუნებული და ანდერძის ამსრულებელი.
- მემკვიდრეობის სხვა პრეტენდენტები არ არიან?
- არა. ერთადერთი მეორე ნათესავი, რომელზედაც რაიმეს გაგება მოვახერხეთ, ესაა როჯერ ბასკერვილი, უბედური სერ ჩარლზის უმცროსი ძმა. სულ სამი ძმა იყო. შუათანა ახალგაზრდობაში მოკვდა - ამ ჰენრის მამა. უმცროსი როჯერი ოჯახში ნაბოლარად ითვლებოდა. მან მემკვიდრეობად მიიღო ბასკერვილების დესპოტიზმი და როგორც ორი წვეთი წყალი, ისე ჰგავდა თვით ჰუგო ბასკერვილის პორტრეტს. ინგლისში ვერ გაძლო და იძულებული გახდა თავი ცენტრალური ამერიკისათვის შეეფარებინა, სადაც მოკვდა კიდეც 1876 წელს ყვითელი ციებისაგან. ჰენრი - უკანასკნელი ნაშიერია ბასკერვილების გვარისა. ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ უნდა შევხვდე მას ვატერლოოს სადგურზე. გუშინ შემატყობინა დეპეშით, რომ დღეს დილით ჩამოდის საუთჰემპტონში. ჰოდა, მირჩიეთ, მისტერ ჰოლმს, როგორ მოვიქცე მასთან?
- რატომ. ჩამოსვლისთანავე თავის საგვარეულო მამულს არ უნდა მიაშუროს?
- დიახ. ასეთი გადაწყვეტილება თავისთავად იჩენს თავს. მაგრამ მოიგონეთ, რომ ყველა ბასკერვილი, რომელიც იქ დასახლდა, ტრაგიკულად დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, სერ ჩარლზს რომ სიკვდილის წინ ჩემთან დალაპარაკების საშუალება ჰქონოდა, ძველი გვარის უკანასკნელი შთამომავლის ამ საშინელ ადგილზე ჩამოყვანას ნამდვილად ამიკრძალავდა. ამავე დროს არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ ჩვენს უღიმღამო, მწირ მხარეში მცხოვრებთა მთელი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, უარს იტყვის თუ არა სერ ჰენრი თავის მამულში დასახლებაზე. თუ ბასკერვილ- ჰოლი დაცარიელდება და გაპარტახდება, სერ ჩარლზის ყველა წამოწყება დაიღუპება. მეშინია, ვაითუ ადგილობრივი საქმეებით ჩემმა პირადმა დაინტერესებამ გაიმარჯვოს ჩემში და ამიტომ მოგმართავთ რჩევისათვის.
ჰოლმსი ჩაფიქრდა.
- ორი სიტყვით რომ ვთქვა, საქმე ასეა, - თქვა ბოლოს. - თქვენ გგონიათ, რომ რაღაც ბოროტი ძალა დარტმურს საშიშ ადგილად ხდის ბასკერვილებისათვის. სწორად გაგიგეთ?
ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი საბუთი ასეთი საფრთხისათვის უკვე არსებობს.
- ასეა. მაგრამ თუ თქვენი თეორია ზებუნებრივ ძალებზე ნამდვილად სწორია, მაშინ ისინი ახალგაზრდა კაცს დაღუპავენ არა მარტო დევონშირში, არამედ ლონდონშიც. ძნელი წარმოსადგენია ასეთი ვიწრო ადგილობრივი ძალაუფლების მქონე ეშმაკი. ეს ხომ რომელიმე სამრევლო სამმართველოს წევრი არ არის!
- თვითონ რომ შეგხვედროდათ ასეთი ამბები, მისტერ ჰოლმს, ამგვარ ხუმრობას არ დაიწყებდით. მაშასადამე, თქვენი აზრით, ამ ახალგაზრდა კაცისათვის სულ ერთია, სად იქნება - ლონდონში თუ დევონშირში? ის ჩამოვა ორმოცდაათი წუთის შემდეგ. მირჩიეთ, რა ვქნა?
- მე გირჩევთ, სერ, უხმოთ კებს, აიყვანოთ თქვენი სპანიელი, შემოსასვლელთან რომ იქექება, და სადგურში სერ ჰენრი ბასკერვილის შესახვედრად გაეშუროთ.
- შემდეგ?
- შემდეგ დამელოდებით, ვიდრე მოვიფიქრებ საქმის ვითარებას, შევადგენ გეგმას, მანამდე კი არაფერი უთხრათ.
- რამდენი ხანი დაგჭირდებათ ამისათვის?
- ერთი დღე და ღამე. ძალიან დამავალებთ, სერ მორტიმერ, თუ ჩემთან მოხვალთ ხვალ ათ საათზე და თან მოიყვანთ სერ ჰენრი ბასკერვილს. მინდა გავეცნო.
- კარგი, მისტერ ჰოლმს.
რიცხვი და პაემანის დრო მანჟეტზე დაიწერა და მერე, თვალების ცეცებით გავიდა ოთახიდან. ჰოლმსმა კიბის საქცევიდან გადასძახა:
- კიდევ ერთი კითხვა, სერ მორტიმერ. თქვენ ამბობთ, რომ მოჩვენება ჭაობებში ადრეც უნახავთ?
- დიახ, ამას ადასტურებს სამი კაცი.
- სერ ჩარლზის სიკვდილის შემდგ აღარაფერი შეუნიშნავთ?
- არ ვიცი, არ გამიგონია.
- მადლობელი ვარ. გზა მშვიდობისა.
ჰოლმსი დივანის კუთხეში ჩვეულ ადგილზე დაჯდა და სახეზე იმ მშვიდმა, კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა, რომელიც ყოველთვის მაშინ გაუჩნდებოდა ხოლმე, როცა თავის შესაფერი ამოცანა ეგულებოდა.
- მიდიხართ, უოტსონ?
- დიახ, თუ ვერაფრით დაგეხმარებით.
- არა, ჩემო მეგობარო, თქვენი დახმარება მაშინ მესაჭიროება ხოლმე, როცა მოქმედებას ვიწყებ. მაგრამ რა ჩინებული საქმეა! პირდაპირ არაჩვეულებრივია! როცა ბრედლის ახლოს გაივლით, შეიარეთ და სთხოვეთ, ერთი გირვანქა ძალიან მაგარი თამბაქო გამომიგზავნოს. წინასწარ მადლობას გიხდით. ეცადეთ საღამომდე შინ აღარ დაბრუნდეთ. მაშინ კი სიამოვნებით გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები იმ უაღრესად საინტერესო ამოცანაზე, რაც ამ დილით მოგვცეს.
დაძაბული გონებრივი მუშაობის დროს განმარტოება და სიმშვიდე აუცილებელი იყო ჩემი მეგობრისათვის, როცა საქმის უწვრილმანესი დეტალების აწონ-დაწონა უხდებოდა. ერთიმეორის მიყოლებით რამდენსამე თეორიას აგებდა. ადარებდა მათ და წყვეტდა, რა ცნობები იყო მნიშვნელოვანი და რა უნდა უარეყო. ამიტომ მთელი დღე კლუბში გავატარე და ბეიკერსტრიტზე მხოლოდ საღამოს, დაახლოებით ცხრა საათისათვის დავბრუნდი.
სასტუმროს კარი შევაღე და პირდაპირ შემეშინდა - ხანძარი ხომ არ გაჩენილა-მეთქი! მართლაც, ოთახში ისეთი კვამლი იდგა, რომ სინათლე ძლივსღა ბჟუტავდა, მაგრამ ჩემი შიში ამაო იყო: ცხვირში მაგარი, იაფი თამბაქოს მკვეთრი სუნი მეცა და ერთბაშად ყელი დამწვა. კვამლის ბურუსში სავარძელში მოხერხებულად მჯდარი ჰოლმსი შევნიშნე. ხალათი ეცვა და კბილებში შავი თიხის ჩიბუხი გაეჩარა. გარშემო ქაღალდის რაღაც გრაგნილები ეწყო.
- გაცივდით, უოტსონ? - მკითხა ჰოლმსმა.
- არა, ამ შხამიანმა საკმეველმა პირდაპირ სუნთქვა შემიკრა.
- ჰო, თქვენ მგონი მართალი ხართ, აქ ცოტა თამბაქოს კვამლი დამდგარა.
- რაღა ცოტა! სული შემეხუთა!
- მაშინ ფანჯარა გააღეთ. გეტყობათ, მთელი დღე კლუბში მჯდარხართ.
- ჰოლმს, ჩემო ძვირფასო!
- მართალს ვამბობ?
- რა თქმა უნდა, მართალს ამბობთ, მაგრამ რანაირად...
ჩემს დაბნეულ სახეს შეხედა და გაიცინა.
- თქვენი გულუბრყვილობა, უოტსონ, ჭეშმარიტად აღტაცების ღირსია! რომ იცოდეთ, როგორ მსიამოვნებს თქვენზე ჩემი მცირე ძალების შემოწმება! ჯენტლმენი გადის სახლიდან საძაგელ, წვიმიან ამინდში. საღამოს კი ბრუნდება შინ კოხტა, გაკრიალებული, ისე რომ ერთი ლაქაც არსად ემჩნევა. ცილინდრი და ფეხსაცმელი უწინდებურად უციმციმებს. მაშასადამე, მთელი დღე სადღაც იჯდა ფეხმოუცვლელად. ახლო მეგობრები არა ჰყავს. სადღა წავიდოდა? განა აშკარა არ არის?
- დიახ, სრულიად გარკვეულია.
- ქვეყანა სავსეა ასეთი გარკვეული ამბებით, მაგრამ მათ ვერავინ ამჩნევს. როგორ ფიქრობთ, სად ვიქნებოდი მე?
- ჩემსავით მთელი დღე ფეხმოუცვლელად იჯექით?
- სულაც არა, მე მოვასწარი დევონშირის შემოვლა.
- წარმოსახვით?
- სრული სიმართლეა. ჩემი სხეული აქ დარჩა, სავარძელში, და რა სამწუხაროდაც არ უნდა გეჩვენოთ ეს ამბავი, მოასწრო ერთ დღეში ორი დიდი საყავის დაცლა და თამბაქოს განუზომელი რაოდენობის მოწევა. როგორც კი წახვედით, სტეფორდთან კაცი ვაფრინე დარტმურის ჭაობების რუკისათვის, და ჩემი სული მთელი დღე იქ დაეხეტებოდა. საკუთარ თავს ვაიმედებ, რომ ეს ადგილები ზედმიწევნით ავითვისე.
- რუკა დიდი მასშტაბისაა?
- დიახ, ძალიან დიდი. - მერე ამ რუკის ერთი სექტორი გაშალა და მუხლებზე დაიდო. - აი ის უბანი, რაც გვაინტერესებს. შუაში ბასკერვილ-ჰოლი დგას.
- ტყით გარშემორტყმული?
- ჰო, აგრეა. ურთხელის ხეივანი აქ აღნიშნული არ არის, მაგრამ ჩემი ვარაუდით ის მარჯვნივ გადის, ჭაობების გაყოლებით. აი, ეს ნაგებობათა ჯგუფი სწორედ ის პატარა სოფელი გრიმპენია, სადაც დგას შტაბი - ბინა ჩვენი მეგობრის, ექიმ მორტიმერისა. როგორც ხედავთ, ხუთი მილის მანძილზე გარშემო საცხოვრებელი ძალიან იშვიათად გვხვდება. აი, ესაა ლეფტერ-ჰოლი, ექიმი რომ ამბობდა. ეტყობა, აქ უნდა იყოს ნატურალისტ სტეპლტონის სახლი, თუ სწორად დავიმახსოვრე იმ კაცის გვარი. აი, ეს - ორი ფერმაა: `ქვის სვეტები~ და `დამპალი ჭაობი~. აქედან თოთხმეტ მილზე - პრინსტაუნის საკატორღო ციხეა. ამ ორ წერტილს შორის და მათ გარშემო გადაშლილია კუშტი, სიცოცხლის ნიშანწყალს მოკლებული ჭაობი. აი სცენა, სადაც გათამაშდა ეს ტრაგედია, და იქნებ ერთხელ კიდევ გათამაშდეს, ჩვენი დახმარებით.
- დიახ, უბედური ადგილებია.
- სცენა ისეა გამართული, უკეთესი არ შეიძლება. თუ ეშმაკმა ნამდვილად ისურვა ადამიანთა საქმეში ჩარევა...
- მაშ, თქვენც იქითკენ მიდიხართ, რომ ყოველივე რაღაც ზებუნებრივი ძალების მოქმედებით ახსნათ?
- მერე, განა ეშმაკის მოციქული არ შეიძლება ხორცშესხმული არსება იყოს? ამჯერად გადასაწყვეტი გვექნება ორი საკითხი. პირველი: იყო თუ არა აქ ჩადენილი ბოროტმოქმედება? მეორე: რაში გამოიხატება ეს ბოროტმოქმედება და როგორ მოხდა? რასაკვირველია, თუ ექიმი მორტიმერი მართალია და სწორად ივარაუდა, რომ აქ საქმე გვაქვს ძალებთან, რომლებიც ბუნების კანონებს არ ემორჩილებიან, მაშინ მოგვიხდებოდა იარაღის დაყრა. მაგრამ ვიდრე ამით დავკმაყოფილდეთ, ჯერ უნდა შევამოწმოთ სხვა ჰიპოთეზები. მოდით, დავხუროთ ფანჯარა, თუ წინააღმდეგი არა ხართ. უცნაური კია, მაგრამ ვფიქრობ, თამბაქოს ბოლის კონცენტრაცია ხელს უწყობს აზრის კონცენტრაციას. მე ჯერ არ მივსულვარ იქამდე, რომ ყუთში ჩავძვრე ფიქრის დროს, მაგრამ ლოგიკური დასკვნა ჩემი თეორიიდან ასეთია. როგორაა საქმე, მოასწარით ამაზე დაფიქრება?
- მთელი დღე თავში ეს საქმე მიტრიალებს.
- მერე, რა მოიფიქრეთ?
- ბუნდოვანი ისტორია გახლავთ.
- დიახ, ძალზე თავისებური ისტორიაა. განსაკუთრებით ზოგიერთ დეტალებში. მაგალითად, შეცვლილი კვალი. როგორ ახსნით ამას?
- მორტიმერმა თქვა, თითქოს გზის ეს ნაწილი სერ ჩარლზს ფეხის წვერებზე შემდგარს გაევლოს.
- მე მგონი, ექიმმა ვიღაც იდიოტის მიერ ძიების დროს წარმოთქმული სიტყვები გაიმეორა. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ადამიანს ხეივანში ფეხის წვერებზე სიარული?
- მაშ, რა მოხდა?
- გარბოდა, უოტსონ. თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, სიკვდილს გაურბოდა. ისე გარბოდა, რომ გულმა ვერ გაუძლო და ასე სირბილში დაეცა მკვდარი.
- გარბოდა? მერე ვის გაურბოდა?
- მთელი თავსატეხიც ეს არის. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ჩარლზ ბასკერვილმა შიშით თავგზა დაკარგა, ვიდრე გაიქცეოდა.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- ის, რამაც ჩარლზ ბასკერვილი დააფრთხო, ჭაობების მხრიდან მოდიოდა. თუ ეს მართალია და არა ვცდები, - ეტყობა კი, რომ არ უნდა ვცდებოდე, - მაშინ არა სახლისაკენ, არამედ სახლიდან გაქცევა მხოლოდ გონებადაკარგულ ადამიანს შეეძლო. ბოშამ ძიებას უჩვენა, რომ სერ ჩარლზი შველას ითხოვდა, თან კი იქით გარბოდა, სადაც შველა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. შემდეგ კიდევ ერთი გამოცანა: ვის ელოდა იმ საღამოს და რატომ უნდა შეხვედროდა მას არა სახლში, არამედ ურთხელის ხეივანში?
- თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმეს ელოდა.
- თვითონ განსაჯეთ. ხანში შესული ავადმყოფი კაცი საღამოს სასეირნოდ წავიდა - არაფერი გასაოცარი ამაში არ არის. მაგრამ იმ დღეს ხომ ნესტიანი, ცივი ამინდი იყო! რატომ დასჭირდა ტყუილად ჭიშკართან დგომა. ხუთი, იქნება მთელი ათი წუთიც, როგორც ამტკიცებს ექიმი მორტიმერი, რომელმაც ყურადღება მიაქცია პაპიროსის ფერფლს? სხვათა შორის, უცნაურია, მაგრამ არ შეიძლება არა ვცნოთ მისი დაკვირვების უნარი.
- სერ ჩარლზი ასე ყოველ საღამოს სეირნობდა.
- და ყოველ საღამოს ჩერდებოდა ჭიშკართან? არა მგონია. პირიქით, არსებული ცნობებით სერ ჩარლზს ჭაობებიდან თავი ყოველთვის შორს ეჭირა.
იმ საღამოს კი იქ ვიღაცას ელოდა. ტრაგედია მისი ლონდონს განზრახული გამგზავრების წინ მოხდა. ხედავთ, უოტსონ, როგორ ეწყობა ყველაფერი - რგოლი რგოლზე! ახლა კი მომეცით, გეთაყვა, ვიოლინო, და ჩვენ ამ საქმეზე ყოველგვარ ფიქრსა და ზრუნვას იმ იმედით გადავდებთ, რომ ხვალ ექიმ მორტიმერისა და სერ ჰენრი ბასკერვილის სტუმრობა ახალ საკვებს მოგვცემს ფიქრებისათვის.
თავი IV
[რედაქტირება]სერ ჰენრი ბასკერვილი
[რედაქტირება]ჩვენ ადრე ვისაუზმეთ და ხალათწამოსხმული ჰოლმსი მნახველთა მისაღებად გაემზადა. ჩვენმა კლიენტებმა არც ერთი წუთით არ დაიგვიანეს. როგორც კი საათმა ათი დაჰ-კრა, ექიმი მორტიმერი კაბინეტში ახალგაზრდა ბარონეტის თანხლებით შემოვიდა. ეს უკანასკნელი ოცდაათი წლისა იქნებოდა. შუატანის, ჯმუხი ახალგაზრდა კაცი ძალიან ცოცხალი და ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი სახის გამომეტყველება ჯიუტი მეჩვენა. ხშირი შავი წარბების ქვემოდან გამომზირალი მუქი თაფლისფერი თვალები გაბედულად გვაცქერდებოდნენ. სპორტული ყავისფერი კოსტიუმი და მუქი ქარდაკრული სახის კანი მოწმობდნენ, რომ ეს კაცი არ იყო შინ ჯდომას მიჩვეული, არ იყო აზიზი, ამავე დროს კი მშვიდი, შთამაგონებელი გარეგნობა ნამდვილი ჯენტლმენის იერს აძლევდა.
- სერ ჰენრი ბასკერვილი, - წარმოგვიდგინა ექიმმა მორტიმერმა.
- დიახ, სწორედ ის გახლავართ, - თქვა ბარონეტმა, - და ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, მისტერ ჰოლმს, რომ თუნდაც თქვენს მეგობარს არ წამოვეყვანე დღეს თქვენთან, მე მაინც საკუთარი ნებით მოვიდოდი. ამბობენ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ სხვადასხვა რებუსები, მე კი სწორედ ამ დილით შემემთხვა ისეთი გამოცანა, რომლის ამოხსნის უნარი არ შემწევს.
- დაბრძანდით, სერ ჰენრი. თუ სწორად გაგიგეთ, ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ თქვენ უჩვეულო რაღაც შეგემთხვათ.
- ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვაძლევ, მისტერ ჰოლმს. ეტყობა, ვიღაც გამეხუმრა. მაგრამ ამ დილით მივიღე აი ეს წერილი, თუ ამას წერილი შეიძლება ვუწოდოთ.
კონვერტი მაგიდაზე დადო და ჩვენ მისი დათვალიერება დავიწყეთ. სრულიად ჩვეულებრივი კონვერტი აღმოჩნდა, რუხი ქაღალდისა. მისამართი - `ოტელი ნორთემბერლენდი~, სერ ჰენრი ბასკერვილს~ - გამოყვანილი იყო მსხვილი ბეჭდური ასოებით, საფოსტო შტემპელზე კი ეწერა: `ჩარინგ-კროსი~, და გაგზავნის თარიღი - წინა დღის საღამო.
- ვინმემ იცოდა, რომ თქვენ გაჩერდებოდით ნორთემბერლენდის სასტუმროში? - ჰკითხა ჰოლმსმა ჩვენს სტუმარს და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- არავინ. მხოლოდ ექიმ მორტიმერთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, სად გავჩერდებოდი.
- მაშ, ეტყობა ექიმი მორტიმერი თვითონ გაჩერდა იქ?
- არა, მე ვცხოვრობ ნაცნობებთან, - თქვა ექიმმა მორტიმერმა, - და არავინ არ იცოდა, რომ ჩვენ სწორედ ამ ოტელში წავიდოდით.
- ჰმ! გამოდის, რომ თქვენი მიმოსვლით ვიღაც ძლიერ დაინტერესებულია.
ჰოლმსმა კონვერტიდან ოთხად დაკეცილი წერილი ამოიღო და მაგიდაზე გაშალა. ფურცლის შუა ადგილას ერთიმეორის გვერდით მიწებებული ნაბეჭდი ასოებისაგან შედგენილი ერთადერთი ფრაზა ჩანდა. ეს ფრაზა შემდეგს იუწყებოდა: `თუ თქვენთვის გონება და სიცოცხლე ძვირფასია, ტორფის ჭაობებისაგან შორს დაიჭირეთ თავი~. სიტყვები `ტორფის ჭაობებისაგან~ დაწერილი იყო ხელით, მელნით.
- აი, მისტერ ჰოლმს, - თქვა სერ ჰენრი ბასკერვილმა. - იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს და ვინაა ასე დაინტერესებული ჩემი საქმეებით?
- თქვენ რაღას იტყვით, ექიმო მორტიმერ? ამჯერად აქ, ეტყობა, არაფერი ზებუნებრივი არ არის?
- დიახ, სერ, მაგრამ იქნებ წერილი გამოგზავნილია ისეთი კაცის მიერ, რომელიც დარწმუნებულია, რომ მთელი ეს ისტორია ზებუნებრივია.
- რომელი ისტორია? - მკვახედ ჰკითხა სერ ჰენრიმ. - თქვენ, ჯენტლმენებო, ეტყობა, ჩემს საქმეებს უკეთ ხართ გაცნობილი, ვიდრე თვითონ მე?
- ყველაფერს გაგანდობთ, სერ ჰენრი. უამისოდ აქედან არ წახვალთ, ენდეთ ჩემს სიტყვას, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - ახლა კი მოდით, გავეცნოთ ამ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც შეადგინეს და საფოსტო ყუთში გუშინ საღამოს ჩაუშვეს. უოტსონ, გვაქვს თუ არა გუშინდელი `ტაიმსი~?
- აგერ, კუთხეში გდია.
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა შეგაწუხოთ, მომაწოდეთ, გეთაყვა, ის გვერდი, რომელზედაც დაბეჭდილია მოწინავე. - ჰოლმსმა სწრაფად გადაავლო თვალი გაზეთს - `ვაჭრობის თავისუფლება~... მშვენიერი მოწინავეა! ნება მომეცით წავიკითხო ერთი აბზაცი: `თუ ვინმე შეეცდება ჩაგაგონოთ, რომ მრეწველობის ის დარგი, რომლითაც თქვენ ხართ დაინტერესებული, საპროტექციო ტარიფების მფარველობის ქვეშ არის მოქცეული, შორს დაიჭირეთ თავი ასეთი ადამიანებისაგან, რადგან გონებამ უნდა გიკარნახოთ, რომ ასეთი სისტემა ბოლოს და ბოლოს მოშლის ჩვენს იმპორტს და დაარღვევს ნორმალურ ცხოვრებას ჩვენი კუნძულისას, რომლის ინტერესები თქვენთვის და ყოველი ჩვენგანისათვის ძვირფასია, როგორც სიცოცხლე~. რას იტყვით ამაზე, უოტსონ? - შეჰყვირა ჰოლმსმა და თან სიხარულით ხელები მოიფშვნიტა. - ბრწყინვალე აზრია, ხომ მართალია?
ექიმმა მორტიმერმა ჰოლმსს ისე გადახედა, როგორც მზრუნველმა ექიმმა მძიმედ სნეულ პაციენტს, ხოლო სერ ჰენრი ბასკერვილმა მე მომაპყრო თავისი თაფლისფერი თვალების გაურკვეველი მზერა.
- არც ისე კარგად ვერკვევი ისეთ საკითხებში, როგორიცაა სატარიფო სისტემა, - თქვა მან ბოლოს, - მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვენ თემიდან გადავუხვიეთ.
- პირიქით! ჩვენ ახლა კვალს მივყვებით, სერ ჰენრი. უოტსონი ჩემს მეთოდს უკეთ იცნობს, ვიდრე თქვენ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩემ მიერ წაკითხულის აზრი მასაც ისევე გამოეპარა, როგორც თქვენ.
- დიახ, გამოგიტყდებით, ვერავითარ კავშირს ვერა ვხედავ წერილსა და გაზეთის მოწინავეს შორის.
- ეს კავშირი კი, ჩემო ძვირფასო უოტსონ, იმდენად მჭიდროა, რომ არსებითად ერთი შედგენილია მეორისაგან. `თუ~, `თქვენთვის~, `შორს დაიჭირეთ თავი~, `გონება~, `სიცოცხლე~, `ძვირფასია~. ნუთუ ვერ გამოიცანით, საიდან არის აღებული ეს სიტყვები?
- აჰ, ეშმაკმა წაიღოს! რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ! რა ბრწყინვალედ მიხვდით! - შესძახა სერ ჰენრიმ.
- თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, შეხედეთ სიტყვებს `შორს დაიჭირეთ თავი...~ - მთლიანად არის ამოჭრილი გაზეთიდან.
- ჰო, დიახ... კი, ნამდვილად!
- იცით, მისტერ ჰოლმს, მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა! - თქვა ექიმმა მორტიმერმა, რომელიც გაოცებული შესცქეროდა ჩემს მეგობარს. - იმის გამოცნობა, რომ სიტყვები ამოჭრილია საგაზეთო ტექსტიდან, ჯერ კიდევ არაფერია. მაგრამ უშეცდომოდ რომ დაასახელოთ გაზეთი, და ამასთანავე - უჩვენოთ სტატია, საიდანაც არის ამოღებული, ეს უკვე ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება! როგორ გამოიცანით?
- ექიმო მორტიმერ, მე ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ზანგის თავის ქალა ესკიმოსის ქალასგან?
- რა თქმა უნდა, შემიძლია.
- რანაირად?
- ეს ხომ ჩემი საყვარელი საგანია! განსხვავება მათ შორის სავსებით ნათელია. წარბზედა რკალები, სახის კუთხე, ყბის აღნაგობა...
- მე კიდევ ჩემი ახირება მაქვს. ჩემი აზრით, განსხვავება ბორგესის ჩაშპონილი შრიფტისა, რომლებითაც იწყობა `ტაიმსის~ მოწინავე წერილები, იაფფასიანი საღამოს გაზეთების ბრმა შრიფტისაგან არა ნაკლებ აშკარაა, ვიდრე განსხვავება თქვენი ზანგებისა და ესკიმოსების თავის ქალებს შორის. შრიფტების ცოდნა მაძებრის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ელემენტარული მოვალეობაა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ახალგაზრდობაში ერთხელ ამერია `ლიდის მერკური~ და `დილის უწყებები~. მაგრამ `ტაიმსის~ მოწინავეს ვერაფერთან ვერ აურევ, ეს სიტყვები მხოლოდ იქიდან შეიძლებოდა ამოეჭრათ. ხოლო რამდენადაც წერილი გაგზავნილი იყო გუშინ, ყველაფერი იმის სასარგებლოდ ლაპარაკობდა, რომ გუშინდელ გაზეთში უნდა ჩაგვეხედა.
- მაშ, მისტერ ჰოლმს, - თქვა სერ ჰენრი ბასკერვილმა, - ვიღაცამ შეადგინა ეს წერილი სიტყვებისაგან, რომელიც მაკრატლით ამოჭრა.
- მანიკურის მაკრატლით, - შეაწყვეტინა ჰოლმსმა. - მიაქციეთ ყურადღება, რა მოკლე ბოლოები აქვს? იმისათვის, რომ ამოეჭრა სიტყვები `შორს დაიჭირეთ თავი...~ საჭირო გახდა ორი ჭრილის გაკეთება.
- სავსებით სწორია. ვიღაცამ ამოჭრა ეს სიტყვები მოკლებოლოებიანი მაკრატლით და ქაღალდზე დააწება...
- ჩვეულებრივი წებოთი, - ჩაურთო ჰოლმსმა.
- და დააწება ჩვეულებრივი წებოთი ქაღალდზე. მაგრამ რატომ არის ხელით დაწერილი `ტორფის ჭაობები~?
- იმიტომ, რომ წერილის ავტორმა ვერ იპოვნა ეს სიტყვები გაზეთში. ყველა დანარჩენი სიტყვა საკმაოდ ჩვეულებრივია, მათ შეხვდებით ყოველ ტექსტში, ეს დანარჩენები კი უფრო იშვიათად გვხვდება.
- ფრიად სარწმუნო ახსნაა. კიდევ რისი ამოკითხვა მოახერხეთ, მისტერ ჰოლმს?
- ცოტა რამ კიდევ მოვახერხე, თუმცა ავტორი ყოველნაირად ცდილა, რომ კვალი წაეშალა. როგორც თვითონვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, მისამართი დაწერილია ბეჭდური ასოებით. მაგრამ ისეთი გაზეთი, როგორიც `ტაიმსია~, იშვიათად მოხვდება უბრალო ხალხის ხელში. მაშასადამე, აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ წერილი შედგენილი იყო განათლებული კაცის მიერ, რომელიც ცდილობდა თავი გაესაღებინა გაუნათლებელ ადამიანად. ამ მიზნით განზრახ შეუცვლია ხელი, ალბათ ეშინოდა, რომ არ გეცნოთ, ახლა თუ არა, შემდეგ მაინც. ამას გარდა, მიაქციეთ ყურადღება, რომ სიტყვები მიწებებულია უსწორმასწოროდ, ზოგიერთი მათგანი სტრიქონიდან გამოდის. მაგალითად, სიტყვა `სიცოცხლე~ სულაც არა დგას თავის ადგილზე. ეს მოწმობს ავტორის დაუდევრობას, ან იქნებ მღელვარებას და აჩქარებას. მე, სიმართლე გითხრათ, უფრო იმას ვფიქრობ, რომ ყველაფერი მღელვარების და სიჩქარის ბრალია, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კაცს დაუდევრობა გამოეჩინა ასეთ სერიოზულ საქმეში. თუ ნამდვილად ჩქარობდა, საინტერესოა ვიცოდეთ, რატომ. გუშინ საფოსტო ყუთში ჩაშვებული წერილი სერ ჰენრის ხომ ისედაც მიუსწრებდა ოტელში? იქნებ ავტორს ეშინოდა რაიმე დაბრკოლებისა? მაგრამ ვისი?
- ჩვენ, მგონი, ვარაუდების სფეროში შევედით, - შენიშნა ექიმმა მორტიმერმა.
- უმჯობესია თქვათ - სფეროში, სადაც იწონება ყველა შესაძლებლობა იმ მიზნით, რომ შევარჩიოთ მათგან ყველაზე უფრო სარწმუნო. ასეთია მეცნიერული გამოყენება წარმოსახვის ძალისა, რაც სპეციალისტებთან ყოველთვის მტკიცე მატერიალურ საფუძვლებს ეყრდნობა. თქვენ, ცხადია, ამას უწოდებთ წმინდა ვარაუდს, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისამართი იწერებოდა რომელიმე სასტუმროში.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- უფრო ყურადღებით დაათვალიერეთ კონვერტი, და თქვენ ნახავთ, რომ დამწერს ბედმა უმტყუნა საწერ მოწყობილობათა შოვნაში. კალამი ორჯერ გაეყინა ერთ სიტყვაზე და საჭირო გახდა მისი სამჯერ ჩაწება სამელნეში, რათა ასე მოკლე მისამართი დაეწერა. მაშასადამე, მელანი ცოტა ყოფილა, ძლივს ფარავდა ძირს. საკუთარი კალამი და სამელნე იშვიათად მიიყვანს ადამიანს ასეთ მდგომარეობამდე, ხოლო ერთიც და მეორეც რომ გღალატობდეს, ეს უკვე სრულიად იშვიათი შემთხვევაა. მაგრამ, როგროც იცით, სასტუმროებში საწერ-კალამი და მელანი იშვიათად მოიძებნება. დიახ, მე, თითქმის უყოყმანოდ ვიტყვი, რომ თუ ყველა საქაღალდე კალათს გავსინჯავდით ყველა სასტუმროში ჩარინგ-კროსის სიახლოვეს და ვიპოვიდით `ტაიმსის~ დაჭრილ გვერდს, ამ უცნაურ წერილის ავტორს მაშინვე მივაგნებდით... თუმცა მოიცათ! ეს რა არის?
მან თვალებთან ახლოს მიიტანა ქაღალდი, რომელზედაც სიტყვები იყო დაკრული და ყურადღებით დააკვირდა.
- აბა, რა იყო?
- არა, არაფერი, - თქვა ჰოლმსმა და წერილი მაგიდაზე დადო. - ქაღალდი სრულიად კრიალაა, ჭვირნიშანიც არა ჩანს. არა, ჩვენ გამოვწურეთ ამ საინტერესო წერილიდან ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. ახლა კი გვიამბეთ, სერ ჰენრი, რაიმე არაჩვეულებრივი ხომ არ შეგმთხვევიათ იმ წუთიდან, რაც ლონდონში ჩამოხვედით?
- არა, მისტერ ჰოლმს, თითქოს ისეთი არაფერი შემხვედრია.
- არავინ გდარაჯობდათ, არავინ გზვერავდათ?
- როგორც ვატყობ, რაღაც დეტექტურ რომანში ამოვყავი თავი, - თქვა ჩვენმა სტუმარმა. - ვის მოუვიდოდა აზრად ჩემი დაზვერვა?
- მომეცით ვადა, ჩვენ ამაზედაც ვილაპარაკებთ. ჯერ კი დაფიქრდით: ნუთუ არაფერი გაქვთ საამბობი?
- გააჩნია, რას თვლით თქვენი ყურადღების ღირსად.
- ყველაფერს, რაც ასე თუ ისე ჩვეულებრივი ცხოვრების ჩარჩოებიდან გამოდის.
სერ ჰენრიმ გაიღიმა.
- თითქმის მთელი ჩემი ბავშვობა და ყრმობა შეერთებულ შტატებსა და კანადაში გავატარე, ამიტომ ცხოვრების ინგლისური წესი ჩემთვის ჯერ ახალია. მაგრამ, არა მგონია, თქვენში ნორმალურ მოვლენად ითვლებოდეს, როცა კაცი უეცრად ცალ ფეხსაცმელს დაკარგავს.
- განა თქვენ ცალი ფეხსაცმელი დაკარგეთ?
- ჩემო მეგობარო, - შესძახა ექიმმა მორტიმერმა, - თქვენი ფეხსაცმელი ალბათ უბრალოდ სადღაც მიაგდეს! მოინახება. განა შეიძლება მისტერ შერლოკ ჰოლმსის შეწუხება ასეთი წვრილმანი ამბით?
- მაგრამ აკი მეკითხება, უჩვეულო ხომ არაფერი შეგემთხვათო?
- სავსებით სწორია, - თქვა ჰოლმსმა. - მე მაინტერესებს ყოველი წრილმანი, რარიგ სულელურიც არ უნდა იყოს იგი. მაშ, თქვენ დაკარგეთ ფეხსაცმელი?
- დიახ, მაგრამ შეიძლება მართლა სადღაც მიაგდეს. საღამოს კართან დავტოვე, რომ გაეწმინდათ, დილით კი მხოლოდ ერთი ცალი დამხვდა. დერეფნის მსახურისაგან გონივრულ პასუხს ვერ ვეღირსე. უფრო საწყენი ის არის, მხოლოდ გუშინ ვიყიდე და ფეხის ჩადგმაც ვერ მოვასწარი.
- როგორ, ახალი ფეხსაცმელი გასაწმენდად მიეცით? ეს რისთვის?
- ღია ყვითელი ფერისა იყო. ამიტომ ვუბრძანე მუქი ფერის საცხით გაეპრიალებინათ.
- მაშ, ლონდონს ჩამოსვლისთანავე გასწიეთ ფეხსაცმელის შესაძენად?
- უბრალოდ დავდიოდი მაღაზიებში. ექიმმა მორტიმერმა ამფსონობა გამიწია. საქმე ის არის, რომ თუ ადამიანს დიდი მამულის გამგებლად გახდომა უწერია, ჩაცმაც შესაფერისად ჰმართებს, დასავლეთში კი ჩაცმულობას იმდენ ყურადღებას არ ვაქცევდი. სხვა ნივთებთან ერთად ეს ფეხსაცმელიც ვიყიდე ექვს დოლარად, ჩაცმა კი არ დამცალდა.
- თუ ეს ქურდობაა, საკმაოდ უაზრო გამოდის, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - მე, მართალი გითხრათ, ვიზიარებ ექიმ მორტიმერის აზრს: თქვენი ფეხსაცმელი მალე მოინახება.
- ახლა კი, ჯენტლმენებო, - გადაჭრით თქვა ბარონეტმა, - მეყოფა მსჯელობა იმაზე, რაც წესიერად არც ვიცი. დროა ამისრულოთ სიტყვა და ამიხსნათ, რა მიზანი აქვს მთელ ამ ლაპარაკს.
- კანონიერი მოთხოვნაა, - დათანხმდა ჰოლმსი. - ექიმო მორტიმერ, ჩემი აზრით, თქვენ თვითონვე ყოველივე უნდა უამბოთ სერ ჰენრის, რაც ჩვენ მოგვიყევით.
ამ თხოვნით გამხნევებულმა ჩვენმა სწავლულმა მეგობარმა მაშინვე ამოიღო ჯიბიდან ხელნაწერი, ის გაზეთი და სიტყვა სიტყვით გაიმეორა თავისი გუშინდელი მოთხრობა. სერ ჰენრი დიდი ყურადღებით უსმენდა ექიმს და დროდადრო გაოცების წამოძახილებით აწყვეტინებდა საუბარს.
- ჰმ! კარგი მემკვიდრეობა კი დამრჩენია! - თქვა მან, როცა გრძელი მოთხრობა დასრულდა. - ძაღლის ამბავი, რა თქმა უნდა, ბავშვობაშივე მსმენია. ამ ლეგენდის მოყოლა უყვარდათ ხოლმე ჩვენს ოჯახში, თუმცა დღემდე მას არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევდი. რაც შეეხება ბიძაჩემის სიკვდილს, ისე ამერია თავში ყველაფერი, რომ ჯერაც ვერ გავრკვეულვარ. ჩემი აზრით, თქვენ თვითონაც არ იცით, ვისთვის უნდა მიგემართათ - მოძღვრისთვის თუ პოლისმენისათვის.
- სავსებით მართალია.
- ახლა კიდევ ეს წერილი, მე რომ მივიღე. როგორც ეტყობა, ესეც მოვლენათა საერთო მსვლელობასთანაა დაკავშირებული.
- ჰო, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიღაცამ ჩვენზე ბევრად უკეთ იცის, რაც ტორფის ჭაობებში ხდება, - თქვა ექიმმა მორტიმერმა.
- და ეს `ვიღაცა~, ეტყობა, კეთილად არის განწყობილი თქვენდამი, - თქვა ჰოლმსმა, - რაკი გაცნობათ, საფრთხე მოგელითო.
- ან იქნება პირიქით არის - ვინმეს სურს ბასკერვილ- ჰოლს მომაცილოს და ჩემო ჩამოშორება მისთვის ხელსაყრელია?
- არც ეს არის გამორიცხული. დიდად დავალებული ვარ თქვენგან, ექიმო მორტიმერ, რომ შემომთავაზეთ ასეთი საინტერესო, რთული ამოცანა. ახლა, სერ ჰენრი, უნდა გადავწყვიტოთ მთავარი საკითხი. შეიძლება თქვენი წასვლა ბასეკრვილ-ჰოლში, თუ არა?
- რატომაც არ უნდა წავიდე?
- როგორც ჩანს, ეს საშიშია.
- საიდანღა მოდის ეს საფრთხე - ჩვენი ოჯახური საფრთხობელიდან თუ ხალხისაგან?
- აი, ეს უნდა ამოვხსნათ.
- როგორც უნდა იყოს, ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ვერც ჯოჯოხეთის ძალები, ვერც ადამიანთა ხრიკები აქ ვერ გამაჩერებენ. მე წავალ ჩემი წინაპრების სახლში. ეს საბოლოოდ გადაწყვეტილია. - აქ მისი შავი წარბები ერთ ხაზად შეერთდა, შავგვრემანი სახე შეუფაკლდა. ბასკერვილების შეუპოვრობა აშკარად იცნობოდა მათი გვარის ამ უკანასკნელ შთამომავალში. - მე ჯერაც ვერ მომიყრია თავი ყოველივე იმისათვის, რაც თქვენგან მოვისმინე. ადვილი როდია ყველაფრის მაშინვე მოფიქრება, ათვისება და გადაწყვეტილების გამოტანა, თუ ასეთ დროს როგორ მოიქცეს კაცი. მინდა ერთი საათით მარტო დავრჩე და თავისუფლად მოვიფიქრო ყველაფერი. იცით რა, მისტერ ჰოლმს? ახლა თორმეტის ნახევარია და მე პირდაპირ ოტელში მივდივარ. რა იქნება, თუ თქვენ და თქვენი მეგობარი ექიმი უოტსონი ჩემთან მოხვალთ სადილად, ასე ორ საათზე? ამ დრომდე რაიმეს მოვიფიქრებ.
- თქვენ თანახმა ხართ, უოტსონ?
- სავსებით.
- მაშინ მოვალთ. ვუხმოთ თქვენთვის კებს?
- არა, უმჯობესია გავისეირნო, ცოტა გონს მოვალ ჩვენი საუბრის მერე.
- სიამოვნებით გიერთდებით, - თქვა მისმა თანამგზავრმა.
- მაშ ასე, ორ საათზე ვხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის, მეგობრებო.
ჩვენ გვესმოდა, როგორ ჩავიდნენ ჩვენი სტუმრები კიბის საფეხურებზე და შემოსასვლელი კარი როგორი ხმაურით გაიხურეს. ჰოლმსი ანაზდად გარდაიქმნა - მისი მოთენთილობისგან კვალიც არ დარჩა, იმწამსვე თადარიგის დაჭერას შეუდგა.
- ჩაიცვით, უოტსონ, ჩქარა! წამის დაკარგვაც არ შეიძლება.
იგი თავისი ოთახისაკენ მიდიოდა და თან ხალათს იხდიდა. ორი-სამი წუთის შემდეგ უკვე სერთუკში გამოწყობილი დაბრუნდა. სირბილით ჩავყევით კიბეს და ქუჩაში გავედით. ექიმი მორტიმერი და ბასკერვილი ჯერ კიდევ მოჩანდნენ ჩვენს წინ, ასე ორას ნაბიჯზე. ისინი ოქსფორდსტრიტის მიმართულებით მიდიოდნენ.
- დავეწიოთ?
- არავითარ შემთხვევაში, ჩემო მეგობარო! თუ ჩემთან არ მოიწყენთ, მე თქვენთან - მით უფრო. ჩვენმა მეგობრებმა მართალი თქვეს: გასეირნება ასე მშვენიერ დილას პირდაპირ სიამოვნებაა.
ნაბიჯს მოუჩქარა და მანძილი ჩვენსა და ჩვენს წეღანდელ სტუმრებს შორის ნახევრად შემცირდა. შევინარჩუნეთ ეს დისტანცია და მათთან ერთად შევუხვიეთ ოქსფორდსტრიტისაკენ, შემდეგ რაჯენტსტრიტზე გავედით. ერთ მაღაზიასთან ექიმი მორტიმერი და სერ ჰენრი შეჩერდნენ და ვიტრინის თვალიერება დაიწყეს. ასევე მოიქცა ჰოლმსიც. ერთი წამის შემდეგ კმაყოფილებით დაუსტვინა და როცა მის დაჟინებულ მზერას თვალი გავაყოლე, დავინახე, როგორ ნელა დაიძრა ქუჩის მეორე მხარეს მდგომი კები, რომლის ფანჯარაში მგზავრი ჩანდა.
- აი, სწორედ ამისი აღმოჩენა გვჭირდებოდა, უოტსონ! წავიდეთ და ვეცადოთ, რომ როგორმე თვალი მაინც შევავლოთ იმ კაცს.
იმავე წამს ჩემ წინ კების გვერდით ფანჯარაში გაიელვა ხშირმა შავმა წვერმა, და ვიღაცის გამჭვალავმა მზერამ თავით ფეხამდე ჩაგვათვალიერა, თითქმის მაშინვე გაიღო ზედა სარკმელი, მგზავრმა რაღაც ასძახა კებმენს და კებიც ელვის სისწრაფით გაქანდა რიჯენტსტრიტისაკენ. ჰოლმსმა მოიხედა, თავისუფალი ეტლის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ - თავისუფალი ეტლი არ იყო. მაშინ პირდაპირ ხალხის ნაკადში შეიჭრა და დაედევნა კებს, რომელიც სწრაფად გვშორდებოდა.
- აჰ, ჯანდაბას! - ძლივს წამოიძახა ჯავრით ფერწასულმა და ქუჩის ტალღიდან ამოყვინთა. - აი, მარცხიც ამას ჰქვია - მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, უოტსონ! უოტსონ! თუ თქვენში არის წესიერების ნასახი, თქვენს ანალებში ამ დოყლაპიობასაც შეიტანთ ჩემი წარმატებების გვერდით.
- ვინ არის ის კაცი?
- წარმოდგენა არა მაქვს.
- მეთვალყურე?
- დიახ, ეტყობა, ბასკერვილს ვიღაცა ზვერავს იმ დღიდან, რაც ლონდონში ფეხი შემოდგა. თორემ აბა საიდან გაიგეს, რომ ის `ნორთემბერლენდის~ ოტელში ჩამოხდა? მე ასე განვსაჯე: თუ მას პირველ დღეს ზვერავდნენ, შემდეგაც დაზვერავენ. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ორჯერ მივედი ფანჯარასთან, ვიდრე ექიმი მორტიმერი კითხულობდა თავის ლეგენდას?
- კი, მახსოვს.
- მაინტერესებდა, ხომ არ დაბორიალობდა ვინმე სახლის ახლო, მაგრამ საეჭვო ვერავინ შევნიშნე. ჩვენ ჭკვიან ადამიანთან გვაქვს საქმე, უოტსონ. ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელია. და თუმცა ახლაც არ მესმის გარკვევით, რა ძალები მოქმედებენ სერ ჰენრის წინააღმდეგ - ბოროტი თუ კეთილი, - მაინც ვგრძნობ განუწყვეტლივ ვიღაც გარეშე პირის ჩარევას, ვიღაცის ზუსტ ანგარიშს. როცა ჩვენი ახალი მეგობრები წავიდნენ, მაშინვე დავედევნე, იმით დაიმედებული, რომ მათ მოუხელთებელ ჩრდილს აქ დავიჭერდი. ამ ეშმაკმა კი ფეხით წასვლა არ ინება და კები იქირავა, რათა საჭიროების მიხედვით გაუსწროს ან უკან ჩამორჩეს, თვითონ კი შეუმჩნეველი დარჩეს. მის მეთოდს კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ თუ დასაზვერავნიც კებში ჩაჯდებოდნენ, თვალთაგან არ დაკარგავდა. მაგრამ მის მეთოდს მაინც აქვს ერთი სუსტი ადგილი.
- კებმენი?
- სწორედ.
- რა სამწუხაროა, რომ მისი ნომერი ვერ შევნიშნეთ.
- ჩემო ძვირფასო უოტსონ! მართალია, ამჯერად სატრაბახო არაფერი მაქვს, მარგამ ნუთუ გგონიათ, რომ მე ნომერიც არ შემინიშნავს? ინებეთ: ორი ათას შვიდას ოთხი. თუმცა ამჯერად ეს არაფრად გვარგია.
- არ ვიცი, რა უნდა გექნათ კიდევ.
- როგორც კი შევნიშნე, მაშინვე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გავბრუნებულიყავი, აუჩქარებლად მექირავებინა კები და საპატიო მანძილზე გავყოლოდი. კიდევ უკეთესი იქნებოდა წავსულიყავი ოტელისაკენ და იქ დამეცადა მოვლენათა შემდგომი მსვლელობისათვის. ეს იდუმალი თანამგზავრი ბასკერვილს მიაცილებდა კარებამდე და ჩვენც მისივე საკუთარი მეთოდის დახმარებით შევძლებდით იმის გარკვევას, თუ საით გაქრებოდა. ახლა კი ჩვენმა მოწინააღმდეგემ განსაცვიფრებლად მარდად გამოიყენა ჩემი უადგილო აჩქარება, რამაც გაგვცა და კვალი დაგვაკარგვინა.
ამ ლაპარაკით ნელა მივყვებოდით რიჯენსტრიტს და უკვე აღარ ვხედავდით ექიმ მორტიმერსა და მის თანამგზავრს.
- ახლა აზრი აღარა აქვს თვალის დევნებას, - თქვა ჰოლმსმა. - მათი კვალი გაქრა და მეტად აღარ გამოჩნდება. ისღა დაგვრჩენია ვნახოთ, რა იარაღი გვაქვს ხელთ და გაბედულად მოვიხმაროთ იგი. კარგად მოასწარით კებში მჯდარი კაცის დანახვა?
- სახე ვერა, წვერი კი დავინახე.
- მეც... აქედან ჩანს, რომ წვერი ხელოვნური იყო. როცა ჭკვიანი კაცი მიდის ისეთ სარისკო საქმეზე, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს, მას ესაჭიროება წვერი ან ნიღაბი. შევიაროთ აქ, უოტსონ.
ჰოლმსი იმ რაიონის შიკრიკთა კანტორაში შევიდა, კანტორის უფროსი აღტაცებული შეეგება.
- აჰა, უილსონ, ვხედავ, არ დაგვიწყებიათ, რომ ერთხელ ბედმა გამიღიმა და შევძელი ერთ პატარა საქმეში დაგხმარებოდით.
- რასა ბრძანებთ, სერ, განა ამის დავიწყება შეიძლება? თქვენ გიმადლით, რომ სახელი არ გამიტყდა, შევინარჩუნე ავტორიტეტი და იქნება სიცოცხლეც.
- აზვიადებთ, ჩემო მეგობარო! სხვათა შორის, უილსონ, მაგონდება, ერთი ბიჭუნა გყავდათ, სახელად კარტრაიტი, რომელმაც დიდი საზრიანობა გამოიჩინა თქვენი საქმის გამოძიების დროს.
- დიახ, სერ, ახლაც ჩემთან მუშაობს.
- ხომ არ შეიძლება გამოიძახოთ? მადლობელი ვარ. აი, კიდევ რა: გეთაყვა, დამიხურდავეთ ეს ხუთგირვანქიანი.
უფროსის ძახილზე თოთხმეტი წლის ჭკვიანი გამომეტყველების ცოცხალი ყმაწვილი გამოჩნდა, შორიახლო დადგა და მოწიწებით დაუწყო ცქერა სახელგანთქმულ მაძებარს.
- მომეცით `სასტუმროების მეგზური~, - თქვა ჰოლმსმა. - გმადლობთ. შეხედეთ, კარტრაიტ, აი ეს - ჩარინგ-კროსის რაიონის ოცდასამი სასტუმროს სახელწოდებებია.
- დიახ, სერ.
- თქვენ ყველას მოივლით რიგრიგობით.
- მესმის, სერ.
- თავდაპირველად მეკარეებს მისცემთ თითო შილინგს. აი, ოცდასამი შილინგი.
- მესმის, სერ.
- ეტყვით, რომ გინდათ გასინჯოთ ნაგავი, რაც გუშინ კალათებიდან გადაყარეს. ასე აუხსენით: ერთი უაღრესად საჭირო დეპეშა გაგზავნილია შეცდომით სხვა მისამართზე და ნაბრძანები გაქვთ მისი პოვნა. გასაგებია?
- დიახ, სერ.
- მაგრამ, სინამდვილეში მოსძებნით გაზეთ `ტაიმსის~ გვერდს, საიდანაც მაკრატლით არის ამოჭრილი რამდენიმე გვერდი. აი `ტაიმსის~ ნომერი, გვერდი კი, აი, ეს არის. შეძლებთ გაზეთის სხვა ნომრებისაგან მის გარჩევას?
- დიახ, სერ.
- მეკარეები, რა თქმა უნდა, დერეფნის მსახურებთან გაგაგზავნიან, იმათაც თითო შილინგს მისცემთ. აი კიდევ ოცდასამი შილინგი. ოცდასამი შემთხვევიდან ოცი ალბათ ისეთი აღმოჩნდება, რომ კალათებიდან ნაგავი გადაყრილი იქნება და დამწვარი. მაგრამ სამ დანარჩენ სასტუმროში გიჩვენებენ ქაღალდების გროვას, რომელშიაც დასძებნით ამ გვერდს. წარმატება ნაკლებ მოსალოდნელია. ყოველ შემთხვევისათვის, გაძლევთ კიდევ ათ შილინგს. საღამოს დეპეშით შემატყობინებთ, რის გაკეთება შეძელით. ახლა, უოტსონ, მე და თქვენ ისღა დაგვრჩა, ტელეგრაფით ვიკითხოთ ორიათას შვიდას ოთხი ნომერი კებმენის ამბავი. შემდეგ რომელიმე სურათების გალერეაში შევიხედოთ ბონდსტრიტზე და საუზმობამდე დარჩენილი დრო იქ გავატაროთ.
თავი V
[რედაქტირება]სამი გაწყვეტილი ძაფი
[რედაქტირება]შერლოკ ჰოლმსს საკვირველი უნარი ჰქონდა, როცა მოესურვებოდა, შეეძლო თავიდან განედევნა საქმეებზე ფიქრი. იგი მთლიანად შთაინთქა თანამედროვე ბელგიელ მხატვართა ტილოების დათვალიერებაში და მთელი ორი საათის განმავლობაში ალბათ არც გახსენებია უცნაური ისტორია, რომელშიაც გარემოებათა ძალით ჩვენც ჩართულნი აღმოვჩნდით. მთელ გზაზე სურათების გალერეიდან `ნორთემბერლენდის~ ოტელამდე მხოლოდ მხატვრობაზე ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოდნა ამ დარგში უაღრესად პრიმიტიული იყო.
- სერ ჰენრი ბასკერვილი ზემოთ გელოდებათ, - გვითხრა ვესტიბულის მორიგემ. - გვთხოვა სტუმრები მაშინვე მიგვეყვანა მასთან.
- ნებას მოგვცემთ თქვენი სტუმრების სია გავსინჯოთ? - ჰკითხა ჰოლმსმა.
- სიამოვნებით, სერ.
`ბასკერვილების~ გვარის შემდეგ წიგნში იყო კიდევ ორი ჩანაწერი: `თეოფილიუს ჯონსონი ოჯახით, ნიუ-კასტლიდან~ და `მისის ოლდმორი მოახლითურთ, ელტონიდან~.
- ეს ის ჯონსონი ხომ არ არის, ოდესღაც რომ ვიცნობდი? -უთხრა ჰოლმსმა მორიგეს. - ადვოკატია, ჭაღარა, ცოტათი კოჭლობს.
- არა, სერ, მისტერ ჯონსონი - ნახშირის მაღაროების მფლობელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯენტლმენი, თქვენი ხნის იქნება.
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ადვოკატი არაა?
- დარწმუნებული ვარ, სერ. მისტერ ჯონსონი ჩვენი ხშირი სტუმარია. ამ კაცს დიდი ხანია ვიცნობთ.
- მართლა? აღარ გედავებით. მისის ოლდმორ... სადღაც გამიგონია ეს გვარი. მაპატიეთ ასეთი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ისედაც ხდება ხოლმე, ეძებ ერთ ნაცნობს, პოულობ კი მეორეს.
- მისის ოლდმორი სუსტი ჯანმრთელობის ქალია, სერ. მისი ქმარი ერთ დროს გლოსტერის მერი იყო. ეს ქალი მხოლოდ ჩვენთან ჩერდება, როცა ქალაქში ჩამოდის.
- გმადლობთ. ალბათ ამერია სხვა ლედისთან... ეს კითხვები დაგვეხმარნენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენაში, უოტსონ, - განაგრძო ჰოლმსმა ხმადაბლა, ვიდრე კიბეზე ავდიოდით. - ახლა ჩვენთვის ნათელია, რომ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენი მეგობრით, აქ არ გაჩერებულან. მაშასადამე, ისინი გულმოდგინედ აკვირდებიან მის ყოველ ნაბიჯს, რაშიაც უკვე დავრწმუნდით, და იმავე დროს ერიდებიან ბასკერვილის თვალში მოხვედრას. ეს კი ბევრს ნიშნავს.
- მაგალითად, რას?
- აი, თუნდაც იმას... ჰალლო! ჩემო მეგობარო! რა მოხდა?
როგორც კი ზედა სართულზე ავედით პირისპირ შევეფეთეთ სერ ჰენრი ბასკერვილს, რომელიც კიბის თავზე იდგა. ხელში ძველი დამტვერიანებული ფეხსაცმელი ეჭირა. მრისხანებას სახეზე ერთიანად წამოენთო. ენაც კი ებმოდა გაშმაგებისაგან, და როცა ბოლოს მეტყველების უნარი დაუბრუნდა, მაშინვე გადავიდა აშკარა ამერიკულ აქცენტზე, რაც დილით არ შეგვინიშნავს.
- ვინა ვგონივარ ამ ოტელში - სულელი? - დაიყვირა ჰენრიმ. - ჩემთან ხუმრობის ნებას არავის არ მივცემ! თუ ეს ხეპრე არ იპოვნის ჩემს ფეხსაცმელს, სკანდალს ავტეხ! მეც მაქვს იუმორის გრძნობა, მისტერ ჰოლმს, მაგრამ აქაურმა ხუმარებმა ცოტა გადაამლაშეს.
- ჯერ კიდევ ეძებთ თქვენს დაკარგულ ფეხსაცმელს?
- დიახ, ვეძებ და არ დავმშვიდდები, ვიდრე არ ვიპოვი.
- მაგრამ, მე როგორც მახსოვს, თქვენ ახალ ფეხსაცმელზე ლაპარაკობდით, ახალ, ღია ყვითელ ფეხსაცმელზე.
- დიახ. სერ. ახლა იგივე ამბავი დაემართა შავსაც.
- როგორ! ნუთუ უკვე...
- დიახ! მე სულ სამი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს: ახალი - ღია ყვითელი, ძველი შავი და ლაქის ფეხსაცმელები, რომლებიც ახლა მაცვია. გუშინ საღამოს დამეკარგა ერთი ყვითელი ფეხსაცმელი, დღეს წაიღეს შავიც. აბა, იპოვეთ? მიპასუხეთ, რას მომჩერებიხართ? - მიუბრუნდა იგი დაბნეულ გერმანელ მსახურს, რომელიც ის იყო დერეფანში გამოჩნდა.
- არა, სერ. ყველას ვკითხე. არავინ არაფერი იცის.
- მაშ, მომისმინეთ: ან იპოვით საღამომდე ჩემს ფეხსაცმელს, ან წავალ მმართველთან და ვეტყვი, რომ დაუყოვნებლივ მივდივარ აქედან.
- ფეხსაცმელი მოინახება. სერ... სიტყვას გაძლევთ, რომ მოინახება... ცოტა მოითმინეთ, სერ.
- მხედველობაში იქონიეთ, ეს უკანასკნელი იქნება. მე აღარ დავუშვებ, რომ ასე გამქურდონ ამ ავაზაკთა ბუნაგში! მისტერ ჰოლმს, მაპატიეთ, გეთაყვა, რომ ასეთი წრილმანებით გაწუხებთ...
- ასეთი წვრილმანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ადამიანი შეწუხდეს.
- თქვენ ძალიან სერიოზულად ეკიდებით მათ!
- თქვენ თვითონ რას მიაწერთ ყოველივე ამას?
- არც კი ვცდილობ ავხსნა. ჩემს სიცოცხლეში ასეთი სულელური და უცნაური შემთხვევა არ მქონია.
- უფრო უცნაური? ჰო, სწორედ რომ უცნაურია, - თქვა ჩაფიქრებულმა ჰოლმსმა.
- თქვენ თვითონ რაღას იტყოდით ამაზე?
- მე, სიმართლე რომ ითქვას, ჯერ არაფერი გამეგება. ძალიან დახლართული ამბავია, სერ ჰენრი. თუ მას კავშირი აქვს ბიძათქვენის სიკვდილთან, მაშინ იმ ხუთასი ძალზე სერიოზული საქმიდან, რომელთა გახსნაც მე მომიხდა დღემდე, ეს ყველაზე რთული იქნება. მაგრამ მე ხელთა მაქვს რაღაც ძაფები, და ერთმა მათგანმა უსათუოდ უნდა მიგვიყვანოს კვანძის გახსნამდე. შესაძლოა ზედმეტი დრო დავკარგოთ, ხელი ჩავავლოთ არა იმ ძაფს, რომელიც საჭიროა, მაგრამ ადრე თუ გვიან საჭიროსაც მივაგნებთ.
ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო საუზმეზე, მხოლოდ გაკვრით შევეხეთ იმ საკითხებს, რომელთა გამო ჩვენ ოთხნი ერთად შევიყარეთ. ჰოლმსი მხოლოდ მაშინ გაეცნო ბასკერვილის შემდგომ გეგმებს, როცა მთელი ჩვენი კომპანია მასთან ერთად შევიდა მის ნომერში.
- მე წავალ ბასკერვილ-ჰოლში.
- როდის?
- კვირის ბოლოს.
- თქვენი გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია, - თქვა ჰო-ლმსმა, - ახლა აღარავითარი ეჭვი არა მაქვს, რომ ლონდონში თქვენ მზვერავები მოგიჩინეს. მაგრამ ასეთ დიდ ქალაქში ძნელი დასადგენია, რა ხალხია ისინი და რა უნდათ თქვენგან. თუ ბოროტი განზრახვით მოქმედებენ, მაშინ საფრთხე გვემუქრება, რისი თავიდან აცილებაც არ შეგვიძლია. სერ მორტიმერ, იცით თუ არა, რომ დღეს, როცა ჩვენგან წახვედით, თქვენ გზვერავდნენ?
ექიმი მორტიმერი ადგილზე შეხტა.
- გვზვერავდნენ? ვინ?
- აი ეს, სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ. თქვენ მეზობლებსა და ნაცნობებს შორის დარტმურში ხომ არავინ გეგულებათ ისეთი, ხშირ, შავ წვერს რომ ატარებდეს?
- არა... თუმცა, მომითმინეთ... ჰო, რა თქმა უნდა! სერ ჩარლზის ლაქიას, ბერიმორს აქვს ხშირი, შავი წვერი.
-ჰმ! ახლა სად არის?
- ბასკერვილ-ჰოლში. სახლი მის მეურვეობაშია დარჩენილი.
- უნდა შევამოწმოთ, ნამდვილად იქ არის, თუ ლონდონშია.
- როგორ გავაკეთოთ ეს?
- მომეცით დეპეშის ბლანკი. `მზად ხართ თუ არა სერ ჰენრის ჩამოსვლისათვის~? მისამართი ასეთია: `ბასკერვილ-ჰოლი, მისტერ ბერიმორს~. სად არის იქ უახლოესი ტელეგრაფი? გრიმპენში? ჩინებულია! მეორე დეპეშას ვგზავნით გრიმპენში, კანტორის უფროსის სახელზე: `ბერიმორის მისამართით გაგზავნილი ტელეგრამა გთხოვთ გადასცეთ პირადად. არყოფნის შემთხვევაში გამოგზავნეთ უკანვე ნორთემბერლენდის ოტელში სერ ჰენრი ბასკერვილის სახელზე~. აი, ასე. საღამოს გვეცოდინება, არის თუ არა ბერიმორი თავის ადგილზე დევონშირში.
- შესანიშნავია, - თქვა ბასკერვილმა. - სხვათა შორის, ექიმო მორტიმერ, რას წარმოადგენს ეს ბერიმორი?
- იგი მამულის განსვენებული მმართველის შვილია. ეს უკვე ბერიმორების მეოთხე თაობაა, რომელიც ბასკერვილ-ჰოლში ცხოვრობს. რამდენადაც ვიცი, ის და მისი ცოლი სავსებით პატივსაცემი ადამიანები არიან.
- მიუხედავად ამისა, - თქვა სერ ჰენრიმ, - ჩემთვის ცხადია, რომ ვიდრე ბასკერვილ-ჰოლი უპატრონოა, ეს ადამიანები იქ უზრუნველად და გაურჯელად ცხოვრობენ.
- დიახ, მართალია.
- მიიღო თუ არა ბერიმორმა რამე სერ ჩარლზისაგან სამემკვიდრეოდ? - იკითხა ჰოლმსმა.
- მას და მის ცოლს განსვენებულმა თითქოს ხუთასი გირვანქა უანდერძა.
- ჰმ! და ეს ბერიმორებმა იცოდნენ?
- დიახ. სერ ჩარლზს უყვარდა ლაპარაკი თავის განკარგულებებზე სიკვდილის შემთხვევაში.
- საინტერესო ფაქტია.
- იმედი მაქვს, - თქვა ექიმმა მორტიმერმა, - რომ ყველას ეჭვის თვალით არ შეხედავთ, ვისაც სერ ჩარლზმა რაიმე უანდერძა? მეც დამიტოვა ათასი გირვანქა.
- აი, რა ყოფილა. კიდევ ვის დაუტოვა?
- ანდერძში ნაჩვენები იყო რამდენიმე წვრილი თანხა სხვადასხვა პირებისათვის და დიდი შეწირულობანი საქველმოქმედო დაწესებულებებისათვის. მემკვიდრეობა ხომ მთლიანად გადავიდა სერ ჰენრის ხელში.
- რა თანხას შეადგენს ეს მემკვიდრეობა?
- შვიდას ორმოცი ათას გვირვანქას.
- ეჭვიც არ მქონდა, რომ საქმე ასეთ უზარმაზარ კაპიტალს ეხებოდა, - თქვა მან.
- სერ ჩარლზი მდიდარი კაცი იყო, მაგრამ მისი შეძლების ნამდვილი რაოდენობა გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფასიან ქაღალდებს გავეცანით. მემკვიდრეობის საერთო თანხა მილიონს უახლოვდება.
- ღმერთო ჩემო! ასეთი უზარმაზარი თანხისათვის კი ღირს თავის გაწირვა. კიდევ ერთი კითხვა, ექიმო მორტიმერ. დავუშვათ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეგობარს რაიმე მოუვიდა... არც ისე სასიამოვნო ჰიპოთეზაა, მაგრამ მაპატიეთ... ვინღა იქნება მაშინ მამულის მფლობელი და მემკვიდრე?
- ვინაიდან სერ ჩარლზის უმცროსი ძმა, სერ როჯერი, უცოლშვილოდ მოკვდა, ბასკერვილ-ჰოლი გადავა შორეული ნათესავების დესმონდების ხელში. ჯეიმს დესმონდი უკვე ხანში შესული კაცია, მღვდელია და ვესტმორლენდში ცხოვრობს.
- მადლობელი ვარ. მეტად საინტერესო წვრილმანებია. ხომ არ შეხვედრიხართ მისტერ ჯეიმს დესმონდს?
- კი, ერთხელ შემოიარა სერ ჩარლზთან. ძალიან დარბაისლური შესახედაობის კაცია და უძრახველ ცხოვრებას ეწევა, როგორც პატიოსან ადამიანს შეეფერება. მახსოვს, სერ ჩარლზს უნდოდა მისი უზრუნველყოფა, მაგრამ თვითონვე გადაჭრით უარჰყო ის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სთხოვეს.
- და ასეთ მორიდებულ კაცს უნდა დარჩეს სერ ჩარლზის მთელი ქონება?
- მხოლოდ მამული გადავიდოდა მის ხელში, რადგან საგვარეულოდ ითვლება, ხოლო ფულს მიიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ახლანდელი მფლობელი სხვა განკარგულებას არ გასცემდა, რაც სავსებით შესაძლებელია, რადგან სერ ჰენრის უფლება აქვს ისე მოექცეს მემკვიდრეობას, როგორც მოესურვება.
- თქვენ უკვე შეადგინეთ ანდერძი, სერ ჰენრი?
- არა, მისტერ ჰოლმს, ამისი თავი არა მქონდა. ამასთანავე ვფიქრობ, რომ ფულის გათიშვა მამულისა და ტიტულისაგან არ შეიძლება. სწორედ ასეთი აზრისა ყოფილა უბედური ბიძაჩემიც. განა ბასკერვილ-ჰოლის პატრონი შეძლებს აღადგინოს თავისი გვარის ოდინდელი დიდება, თუ საამისო საშუალება აღარ ექნება? არა, სადაც სახლი და მიწაა, იქ უნდა იყოს ფულიც.
- სავსებით სწორია. ამრიგად, სერ ჰენრი, მეც ასე მგონია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავროთ დევონშირში, ოღონდ ერთი პირობით: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქ თქვენი მარტო გაშვება.
- ექიმი მორტიმერი ჩემთან ერთად ბრუნდება.
- მაგრამ ექიმ მორტიმერს ბევრ დროს ართმევს პრაქტიკა. გარდა ამისა, ის ბასკერვილ-ჰოლიდან რამდენიმე მილის დაშორებით ცხოვრობს, დიდი სურვილის მიუხედავად, ექიმი ვერას დაგეხმარებათ. ერთგული ადამიანი უნდა იახლოთ, სერ ჰენრი, ისეთი, რომელიც სულ მუდამ თქვენთან იქნება.
- მისტერ ჰოლმს, ნუთუ დათანხმდებით, რომ თვითონ გამყვეთ?
- თუ საქმე კრიზისამდე მივა, როგორმე ჩამოვაღწევ თქვენამდე, მაგრამ თვითონაც მოგეხსენებათ, ჩემი ფართო პრაქტიკა და განუწყვეტელი მოთხოვნები, რომელთაც ყოველის მხრიდან მაყრიან, საშუალებას არ მაძლევს ლონდონიდან განუსაზღვრელი დროით გავემგზავრო. ახლა, მაგალითად, ინგლისის ერთი ყველაზე უფრო პატივცემული ადამიანთაგანი შანტაჟისტის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება და მოსალოდნელი კატასტროფის არიდება მხოლოდ მე შემიძლია. არა, პირადად არაფრით არ შემიძლია დარტმურში გამგზავრება.
- ვიღას მირჩევთ, რომ წავიყვანო თქვენ მაგიერ?
ჰოლმსმა ხელი მხარზე დამადო.
- თუ ამას იკისრებს ჩემი მეგობარი, აი, ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოთ მძიმე წუთებში, რაშიაც საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი.
ეს წინადადება მეხივით დამეცა თავში, მაგრამ ბასკერვილს ჩემი პასუხისათვის არც კი დაუცდია, უკვე მხურვალედ მართმევდა ორივე ხელს.
- ექიმო უოტსონ! რა თავაზიანობაა ეს თქვენი მხრით! - შესძახა მან. - ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში ვარ, ხოლო საქმის ვითარება თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. თუ წამოხვალთ და ბასკერვილ-ჰოლში იცხოვრებთ ჩემთან, ამას არასოდეს არ დავივიწყებ!
თავგადასავლებში მუდამ იფარება რაღაც განსაკუთრებული მომხიბვლელობა ჩემთვის, ხოლო ჰოლმსის სიტყვებმა და აღტაცებამ, რითაც ბარონეტი გამოეხმაურა მის წინადადებას, პირდაპირ მომინადირეს.
- სიამოვნებით გავემგზავრები ბასკერვილ-ჰოლში, - ვუპასუხე მე, - და იქ გატარებულ დროს დაკარგულად არ ჩავთვლი.
- გამომიგზავნით დაწვრილებით ანგარიშებს, - მითხრა ჰოლმსმა. - ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში - ეს გარდუვალია - ხელმძღვანელობას გავუწევ თქვენ მოქმედებას. ვფიქრობ, გამგზავრების დღედ შეიძლება დაინიშნოს შაბათი, არა?
- ხელს გაძლევთ ეს, ექიმო უოტსონ?
- სავსებით.
- მაშასადამე, თუ ვადა არ შეიცვლება, მივემგზავრებით შაბათს, მატარებლით, თერთმეტის ნახევარზე, პედინგტონის სადგურიდან.
ავდექით, და ის იყო, გამომშვიდობებას ვაპირებდით, რომ უეცრად ბასკერვილმა შეჰყვირა და კუთხეში მდგარი კარადის ქვეშიდან ერთის ამბით გამოათრია დაკარგული ფეხსაცმელი.
- აი, ის ფეხსაცმელი, მე რომ დავკარგე!
- დაე, ყველა სხვა თავსატეხიც ასე იოლად აიხსნას! - თქვა შერლოკ ჰოლმსმა.
- მაგრამ ეს მაინც მეტისმეტად უცნაურია, - შენიშნა ექიმმა მორტიმერმა. - მე ჯერ კიდევ საუზმის წინ გადავჩხრიკე მთელი ოთახი.
- მეც, - თქვა ბასკერვილმა. - ყველა კუთხე გადავქექე. ფეხსაცმელი არსად არ იყო.
- მაშასადამე, დერეფნის მსახურმა დადო აქ, ვიდრე ვსაუზმობდით.
გერმანელის დასაძახებლად გაიქცნენ, მაგრამ იმან ვერაფერი გვითხრა, ვერც შემდგომმა კითხვებმა მოგვცეს რაიმე შედეგი. ისედაც სწრაფად ცვალებადსა და აშკარად სულელურ თავსატეხთა სერიას მიემატა კიდევ ერთი. სერ ჩარლზის ტრაგიკულ სიკვდილზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ წინ გადაიშალა სულ რაღაც ორ დღეში მომხდარ ამოუხსნელ მოვლენათა მთელი ჯაჭვი: გაზეთიდან ამოჭრილი სიტყვებისაგან შედგენილი წერილი, კებში მჯდომი წვეროსანი უცნობი, ჯერ სრულიად ახალი ფეხსაცმლის, მერე კი ნახმარი შავი ფეხსაცმლის დაკარგვა და ახლა მისი მოულოდნელი გამოჩენა.
ბეიკერსტრიტისაკენ მიმავალ კებში ჰოლმსი ჩუმად იჯდა. მოღუშულ შუბლსა და დაძაბულ მზერაზე ეტყობოდა, ისიც ჩემსავით ცდილობდა სისტემაში მოეყვანა ეს უცნაური ფაქტები, რომელთაც ერთიმეორესთან, ჩანდა, არავითარი კავშირი არა ჰქონდათ. მთელი დანარჩენი დღე და საღამო თავის კაბინეტში გაატარა, ფიქრებსა და თამბაქოს კვამლში ჩაფლულმა.
სწორედ სადილის წინ ორი დეპეშა მივიღეთ. პირველი გვაუწყებდა:
`ესაა შემატყობინეს, ბერიმორი შინაა. ბასკერვილი~.
მეორე:
`დავიარე ოცდასამი სასტუმრო. სამწუხაროდ `ტაიმსის~ დაჭრილი გვერდი ვერ ვიპოვე. კარტრაიტი~.
- აი, უეცრად გაწყდა ორი ძაფი, უოტსონ. არაფერი არ ჯობია ისეთ საქმეებს, რომლებშიაც ყველაფერს თითქოს ჩვენ წინააღმდეგ შეუკრავს პირი. მაშინ შედიხარ აზარტში. რა გაეწყობა, სხვა კვალს უნდა მივყვეთ.
- თქვენ გაქვთ კიდევ ერთი ვერსია, `მეეტლე~, რომელსაც მიჰყავდა ის უცნობი.
- სავსებით სწორია. მე მოვიკითხე იმისი გვარი და მისამართი სარეგისტრაციო კანტორაში და ახლა არც გამიკვირდება, თუ ჩემს კითხვაზე პასუხს მივიღებთ.
ზარის წკრიალმა გვაუწყა ის, რამაც თვით ჰოლმსის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კარებში გამოჩნდა ტანმაღალი ყმაწვილი, ეტყობოდა, თვითონ კებმენი იყო.
- კანტორაში მითხრეს, რომ სწორედ ამ მისამართით იკითხეს ორი ათას შვიდას ოთხი ნომერი კები, - დაიწყო ახლადმოსულმა. - უკვე შვიდი წელია კებმენად ვარ და არავითარი საჩივარი არ ყოფილა. ვიფიქრე, მოდი, თვითოვე მივალ, ვიკითხავ, რა დავაშავე-მეთქი.
- თქვენ არაფერი არ დაგიშავებიათ, გეთაყვა, - თქვა ჰოლმსმა. - პირიქით, მე ნახევარ სოვერენს გაჩუქებთ, ოღონდ მიპასუხეთ პირდაპირ ჩემს კითხვაზე.
- აი, კაცმა არ იცი, სად იპოვი და სად დაკარგავ! - ჩაიცინა კებმენმა. - აბა, რა გნებავთ, სერ?
- უპირველეს ყოვლისა თქვენი გვარი და მისამართი იმ შემთხვევისათვის, თუ დაგვჭირდებით.
- ჯონ კლეიტონი, ბოროუში ვცხოვრობ, ტრაპისტრიტზე, სამ ნომერში. კები დგას შიპლი-იარდზე, ვატერლოოს სადგურთან.
- ახლა კი, კლეიტონ, მიამბეთ თქვენს მგზავრზე, რომელიც ზვერავდა აი, ამ სახლს დღეს დილის ათ საათზე, შემდეგ კი უთვალთვალებდა ორ ჯენტლმენს რიჯენსტრიტზე.
კებმენმა გაკვირვებით შეხედა ჰოლმსს და, ეტყობოდა, ცოტა შერცხვა.
- რა გითხრათ, როცა თვითონვე ყველაფერი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. - გვიპასუხა სტუმარმა - მგზავრმა მითხრა, მაძებარი ვარო, და მიბრძანა, ლაყბობა არ იყოსო.
- აი, ხედავთ, ძვირფასო, აქ სერიოზული საქმეა, და თუ რაიმეს დამიფარავთ, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩავარდეთ. მაშ, იმ კაცმა თავს მაძებარი უწოდა?
- დიახ, სერ.
- და როდის გამოგიცხადათ ეს?
- როცა ფულს იხდიდა.
- კიდევ გითხრათ რამე?
- თავისი გვარი მითხრა.
ჰოლმსმა გამარჯვებულის მზერა მესროლა.
- თავისი გვარი? მეტისმეტი გაუფრთხილებლობააა მისი მხრით! არ გვარია?
- მისი სახელია, - თქვა კებმენმა, - მისტერ შერლოკ ჰო-ლმსი.
კებმენის პასუხმა პირდაპირ თავზარი დასცა ჩემს მეგობარს. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს მის სახეზე ასეთი განცვიფრებული გამომეტყველება. მთელი ორი წუთი სიტყვის დაძვრა ვერ მოახერხა. შემდეგ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- დარტყმაა, უოტსონ! ზუსტი დარტყმა! - თქვა მერე. - ჩემს მოპირდაპირეს ხელში დაშნა უჭირავს და არც სისწრაფეში ჩამომრჩება, არც სიზუსტეში. ამჯერად გამაცურა. მაშ, მისი სახელია შერლოკ ჰოლმსი, არა?
- დიახ, სერ, თვითონ ასე თქვა.
- ჩინებულია! ახლა მითხარით, სად აიყვანეთ ეს მგზავრი და რა მოხდა შემდეგ?
- დილის ათის ნახევარზე დამიძახა ტრაფალგარსკვერზე. მაძებარი ვარო, მითხრა, ორ გინეას დამპირდა, თუ ზუსტად შევასრულებდი მის ყველა ბრძანებას და არაფერს არ შევეკითხებოდი. რა გაეწყობოდა, ასეთ ფულზე უარს ვინ იტყვის. ოტელ ნორთემბერლენდთან მივიყვანე და იქ შევჩერდი. მერე იქიდან გამოვიდა ორი ჯენტლმენი, ბირჟიდან კებს დაუძახეს და სადღაც აქეთ წამოვიდნენ, თქვენი ქუჩისაკენ.
- აი, ამ სახლისაკენ, - თქვა ჰოლმსმა.
- შესაძლებელია. მაგრამ უკეთესი იქნება თუ ჩემს დამქირავებელს ჰკითხავთ. მან მიბრძანა ეტლი ქუჩის შუაგულში გამეჩერებინა და იქ დაახლოებით საათ-ნახევარს ვიდექით. შემდეგ იმ ორმა ჯენტლმენმა გვერდით ჩამოგვიარეს და ჩვენც ბეიკერსტრიტზე გამოგვემგზავრეთ. შემდეგ შევუხვიეთ...
- ეს უკვე ვიცი, - შეაწყვეტინა ჰოლმსმა.
- როგორც კი რიჯენსტრიტზე გავედით, ზედა სარკმელი ასწია და დამიყვირა: `გარეკეთ ვატერლოოს სადგურისაკენ~. ცხენს შოლტი გადავკარი და ათი წუთის შემდეგ ადგილზე ვიყავით. ორი გინეა მომცა, არ მოუტყუებივარ! - და სადგურისაკენ წავიდა. შემდეგ მობრუნდა და მითხრა: `იქნებ გაინტერესებთ, ვის დაატარებდით? შერლოკ ჰოლმსს~. აი, როგორ მოხდა ყველაფერი.
- გასაგებია. და მეტად აღარ გინახავთ?
- არა, მეტად აღარ მინახავს.
- ახლა ამიწერეთ მისტერ შერლოკ ჰოლმსის გარეგნობა.
კებმენმა კეფა მოიფხანა.
- არც ისე ადვილია. ასე, ორმოცი წლისა იქნება, საშუალო ტანის, თქვენზე ორიოდე დუიმით დაბალი, სერ. სუფთად აცვია, შავ წვერს ატარებს, ნიჩბისებურს, სახე ფერმკრთალი აქვს. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.
- თვალები რა ფერისა აქვს?
- აი, ეს არ მაგონდება...
- მეტი ვერაფერი დაიმახსოვრეთ?
- ვერაფერი, სერ.
- ჰო, კეთილი. აი თქვენი ნახევარი სოვერენი. მეორე ნახევარს კი მიიღებთ მაშინ, როცა ამ კაცზე კიდევ რაიმეს გამიგებთ. ნახვამდის.
- ბედნიერად ბრძანდებოდეთ, სერ. მადლობელი ვარ.
ჯონ კლეიტონმა ჩაიცინა და გავიდა. ჰოლმსმა კი მხრები აიჩეჩა და იმედგაცრუებულის ღიმილით მომიბრუნდა.
- გაწყდა მესამე ძაფიც, - თქვა მან. - ახლა კეთილი უნდა ვინებოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. აი ცბიერი მხეცი! გაიგო ჩვენი სახლის ნომერი, გაიგო, რომ სერ ჰენრი ბასკერვილი აქ რჩევის მისაღებად მოვიდა, მნახა რიჯენსტრიტზე, მოისაზრა, რომ კების ნომერი შენიშნულია, კებმენს იპოვნიან და გადაწყვიტა ჩემი გამასხარავება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, უოტსონ, ამჯერად საქმე გვაქვს ღირსეულ მოწინააღმდეგესთან. ლონდონში დავმარცხდი. იმედი ვიქონიოთ, რომ დევონშირში სამაგიეროს თქვენ მიუზღავთ. და მაინც ეს ამბავი ძლიერ მაწუხებს.
- რა?
- აი, თქვენი გამგზავრება. ძალიან ცუდი საქმეა, უოტსონ. ცუდი და საშიში. და რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ნაკლებად და ნაკლებად მომწონს. იცინეთ, მეგობარო, იცინეთ, მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ბეიკერსტრიტზე საღი და უვნებელი დაბრუნდებით.
თავი VI
[რედაქტირება]ბასკერვილ-ჰოლი
[რედაქტირება]სერ ჰენრი ბასკერვილმა და ექიმმა მორტიმერმა დანიშნული დღისათვის ყველა თავიანთი საქმე დაამთავრეს და ჩვენ პირობისამებრ დევონშირისაკენ გავემგზავრეთ. სადგურზე რომ გვაცილებდა, მისტერ შერლოკ ჰოლმსი სათანადო რჩევა-დარიგებებს მაძლევდა და გზას მილოცავდა.
- არ დაგიწყებთ იმაზე ლაპარაკს, ვისზე მაქვს ეჭვი და რას ვფიქრობ, უოტსონ, რომ თავს ჩემი აზრი არ მოგახვიოთ, - მეუბნებოდა ჰოლმსი. - მე მესაჭიროება ფაქტები, დაწვრილებითი ანგარიშები, ხოლო მათს ერთმანეთთან დაკავშირებას მე თვითონ მოვახდენ.
- რა გაინტერესებთ? - ვკითხე მე.
- ყველაფერი, რაც ასე თუ ისე ეხება ამ საქმეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბასკერვილისა და მისი მეზობლების ურთიერთობა, ხოლო თუ რამეს გაიგებთ სერ ჩარლზის სიკვდილზე ახალსა და საგულისხმოს, ესეც აღნიშნეთ. უკანასკნელ დღეებში რაღაც ცნობები შევკრიბე, მაგრამ, სამწუხაროდ, დასაკვეხნი არაფერი მაქვს. მოვახერხე მხოლოდ ერთი რამის დადგენა: უახლოესი მემკვიდრე, მისტერ ჯეიმს დესმონდი, ნამდვილად მშვენიერი ადამიანია, მხცოვანი, ასე რომ ეს მზაკვრობა მის საქმედ არ მიმაჩნია. ვფიქრობ, თამამად შეიძლება ამიერიდან მას თავი მივანებოთ. მაშასადამე, რჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყრიან თავს სერ ჰენრი ბასკერვილის გარშემო.
- ხომ არ ჯობია ახლავე მოვიშოროთ თავიდან ცოლ-ქმარი ბერიმორები?
- არავითარ შემთხვევაში! უფრო უხეში შეცდომის დაშვება ძნელი იქნებოდა. თუ არაფერში არ არიან დამნაშავე, მაშინ ეს მეტისმეტი უსამართლობა იქნებოდა მათ მიმართ, ხოლო თუ დამნაშავეები არიან, შემდეგ მათ ვეღარ იპოვნი. არა, არა! დე, იყონ ასე ეჭვმიტანილნი. მერე, თუ არ ვცდები, იქ არის მეჯინიბე, ორი ფერმერი, ჩვენი მეგობარი ექიმი მორტიმერი, ეტყობა, უზადო პატიოსნებით აღსავსე კაცი და მისი ცოლი, რომელზედაც ჩვენ არაფერი ვიცით. არ დაივიწყოთ არც ნატურალისტი სტეპლტონი და მისი და - როგორც ამბობენ, ფრიად მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი. არც ლეფტერჰოლელი მისტერ ფრენკლენდი - აგრეთვე უცნობი პირი, და ორი-სამი სხვა მეზობელი. აი ხალხი, რომელიც თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.
- ვეცდები თავი არ შევირცხვინო.
- იარაღი მიგაქვთ?
- მე მგონი, ზედმეტი არ იქნება.
- უდავოდ. რევოლვერი დღისით და ღამითაც თან იქონიეთ. ნურც ერთი წამით ნუ შეასუსტებთ სიფხიზლეს.
ჩვენს მეგობრებს უკვე მოესწროთ პირველი კლასის ბილეთების შეძენა და პლატფორმაზე გველოდნენ.
- არა, ახალი არაფერია, - თქვა ექიმმა მორტიმერმა ჩემი მეგობრის კითხვის პასუხად. - შემიძლია მხოლოდ დავიფიცო, რომ უკანასკნელ ორ დღეს ჩვენ არავინ გვზვერავდა. სულ გვახსოვდა ეს და ყურადღებიდან არავინ გამოგვრჩენია.
- იმედი მაქვს, ამ დღეებში განუყრელად ერთად იყავით?
- დიახ, გუშინდელის გარდა. ასეთი წესი მაქვს: ქალაქში რომ ჩავდივარ ხოლმე, ერთ დღეს მთლიანად ვწირავ გართობას, და გუშინაც ქირურგიული კოლეჯის მუზეუმში ვიყავი.
- მე კი პარკში წავედი და მოსეირნე ხალხს ვათვალიერებდი, - თქვა ბასკერვილმა. - ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენის მხრით ეს იყო წინდაუხედავად გადადგმული ნაბიჯი, - უთხრა მოღუშულმა ჰოლმსმა და თავი გააქნია. - გთხოვთ, სერ ჰენრი, უგამყოლოდ ნურსად გახვალთ, სხვაგვარად უბედურება არ აგცდებათ. იპოვნეთ მეორე ცალი ფეხსაცმელი?
- არა, სერ, უკვალოდ გაქრა.
- მაშ ასე? საინტერესოა! ჰო, გზა მშვიდობისა, - დასძინა ჰოლმსმა, როცა მატარებელი დაიძრა. - სერ ჰენრი! დაიმახსოვრეთ დარიგება უცნაური ლეგენდიდან, რასაც გვიკითხავდა ექიმი მორტიმერი, და ერიდეთ ღამღამობით ტორფის ჭაობებზე გასვლას. როცა ბოროტი ძალები თავისუფლად დანავარდობენ.
ფანჯრიდან გავიხედე და შორს ჩემი მეგობრის მაღალ, გამხდარ ტანს მოვკარი თვალი. იგი უძრავად იდგა პლატფორმაზე და მიმავალ მატარებელს თვალს არ აშორებდა.
სწრაფად მივიწევდით წინ და თავს ისე ვგრძნობდი, უკეთესად არ შეიძლებოდა. თვალყურს ვადევნებდი ჩემს თანამგზავრებს და თავს ექიმ მორტიმერის პატარა სპანიელთან თამაშით ვიქცევდი. რაღაც ორი-სამი საათის შემდეგ მიწის მუქი ელფერი წითლად შეიცვალა, აგურმა ადგილი დაუთმო გრანიტს, ხოლო მობიბინე, შემოღობილი საძოვრები, რომელზედაც ჟღალი ძროხები ცვრიან ბალახს ძოვდნენ, მოწმობდნენ, რომ ამ ადგილებში, სინესტის მიუხედავად, უკეთესი ჰავაა, ვიდრე აღმოსავლეთში. ახალგაზრდა ბასკერვილი ფანჯარას არ შორდებოდა და როცა დევონშირის მშობლიურ პეიზაჟებს ხედავდა, სიხარულის წამოძახილი აღმოხდებოდა ხოლმე.
- სად არ მოვხვედრილვარ მას შემდეგ, რაც აქედან წავედი, მისტერ უოტსონ! - თქვა მან. - და მაინც ამ ადგილს ვერაფერი შეედრება.
- გვიჩვენეთ ისეთი დევონშირელი, რომელიც აღტაცებული არ იქნება თავისი დევონშირით.
- აქ საქმე იმდენად თვითონ დევონშირის სარგაფოში არაა, რამდენადაც ადამიანებში, რომლებითაც ისაა დასახლებული, - თქვა ექიმმა მორტიმერმა. - ჩვენი მეგობრის მრგვალი თავის ქალის ერთხელ დანახვაც საკმარისია, რომ მასში შევიცნოთ კულტურული რასის წარმომადგენელი, თავისი აღფრთოვანებითა და ძლიერი განცდებისადმი მიდრეკილებით. განსვენებულ სერ ჩარლზს ჰქონდა სრულიად გამორჩეული იშვიათი აღნაგობის თავის ქალა - ნახევრად გალური, ნაბევრად იბერიული. სერ ჰენრი, თქვენ ხომ, რამდენადაც ვიცი, ბავშვობის მერე არ გინახავთ ბასკერვილ- ჰოლი?
- არასოდეს არ მინახავს, რადგან ჩვენ ვცხოვრობდით პატარა კოტეჯში, სამხრეთ სანაპიროზე. როცა მამა გარდამეცვალა, მეცამეტე წელში ვიყავი და მაშინვე ჩვენს მეგობრებთან ამერიკაში წავედი. ეს ადგილები ჩემთვის თითქმის ისევე ახალია, როგორც ექიმი უოტსონისათვის, და მე პირდაპირ გული მელევა, ვიდრე ტორფის ჭაობები გამოჩნდება.
- ხედავთ? თუ ასეა, თქვენი სურვილი ასრულებულია - შეგიძლიათ დატკბეთ მათი ხილვით, - თქვა ექიმმა მორტიმერმა და ფანჯარაში გაგვახედა.
საძოვრების მწვანე კვადრატების მიღმა, ტყიანი ბორცვების იქით შორეული, ფანტასტიკური სიზმარეული ჩვენების მსგავსად, ნაღვლიანი, რუხი, დაკბილული გორაკი გამოჩნდა. ბასკერვილი იქით იცქირებოდა და სანახაობას თვალს არ აცილებდა. მისი ხარბი მზერა იმაზე ლაპარაკობდა, თუ რა ბევრს ნიშნავდა მისთვის პირველი გაცნობა იმ კუშტ მხარესთან, სადაც დროთა მანძილზე მისი სისხლით მონათესავე ადამიანები ბატონობდნენ და ღრმა ნაკვალევს ტოვებდნენ. სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი, აშკარა ამერიკული აქცენტით მოლაპარაკე ახალგაზრდა კაცი, ჩემს გვერდით იჯდა ჩვეულებრივ სარკინიგზო ვაგონში. მის შავგვრემანსა და მეტყველი სახის ხილვაზე დაუცხრომელ და ძალაუფლების მოყვარულ ბასკერვილთა შთამომავალს ვჭვრეტდი. ხშირი წარბები, თხელი ნესტოები და დიდი თაფლისფერი თვალები მეტყველებდნენ სიამაყეზე, სიმამაცესა და ძალაზე. თუ პირქუში ტორფის ჭაობები მძიმე და საშიში ამოცანის პირისპირ დაგვაყენებენ, ასეთი ადამიანის გულისათვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რადგან იგი თქვენს ყოველგვარ რისკს გაბედულად გაიზიარებს.
მატარებელი ერთ პატარა მიყრუებულ სადგურზე გაჩერდა და ჩვენ ვაგონიდან ჩამოვედით. დაბალი თეთრი ღობის იქით იდგა ეტლი, რომელშიაც ორი ტანმორჩილი ღონიერი ცხენი იყო შებმული. ჩვენი ჩამოსვლა აქ, ეტყობოდა, მოვლენა იყო, რადგანაც თვით სადგურის უფროსი გამოგვეგება. მტვირთავებიც ჩვენ შემოგვეხვივნენ და თავიანთ სამსახურს გვთავაზობდნენ. ეს იყო პატარა წყნარი სოფელი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად პლატფორმის გამოსასვლელთან ორი ჯარისკაცი შევნიშნე. მუქი სამოსელი ეცვათ, კარაბინებზე დაყრდნობილი იყვნენ და დაჟინებით გვიცქეროდნენ. უშნო, გაურანდავი სახის პატრონმა მეეტლემ ქუდი მოიხადა, სერ ბასკერვილს მიესალმა. და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ უკვე თეთრ ფართო გზაზე მივქროდით. თემშარის ორივე მხარეს საძოვართა მწვანე ფერდობები მოჩანდა. ხშირი ფოთლებიდან პატარა სახლების წვეტიანი სახურავები გაიელვებდა ხოლმე, მაგრამ წინ, ამ მშვიდი, მზით გაჩირაღდნებული მხარის მიღმა, საღამოს ცის ფონზე მუქად და პირქუშად მოჩანდა ტორფის ჭაობების უღიმღამო ზოლი, დასერილი შავბედითი ბორცვების წვეტიანი მწვერვალებით. ჩვენმა ეტლმა მთავარი გზიდან გადაუხვია და აღმართს შეუყვა. ახლა ასეული წლების მანძილზე ვეება მიწაყრილებს შორის გაკვალულ და ღრმად დაღარულ გზაზე მივდიოდით, რომლის ორივე მხარე ხორცოვან შვიტას და ნესტიან ხავსს დაეფარა. ბრინჯაოსფრად მოციმციმე გვიმრა და მაყვლის ფოთლები ჩამავალ მზეში ლივლივებდნენ. აღმართ-აღმართ განვაგრძობდით გზას, ქვის ვიწრო ხიდით გავედით პატარა მდინარეზე, რომელიც რუხ ლოდებს შორის ზათქითა და ღრიალით მიედინებოდა. მდინარეც და გზაც მუხნარითა და ფიჭვნარით დაფარულ ველზე მიიკლაკნებოდნენ. ყოველ ნაბიჯზე ისმოდა ბასკერვილის აღტაცებული წამოძახილი. ცნობისმოყვარეობით ატანილი იხედებოდა გარშემო და უთვალავ კითხვას გვაყრიდა. მისი აზრით აქ ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ მე ვერასგზით ვერ დამეძლია ის კაეშანი, რომელიც ბორცვიდან ბორცვამდე გადაშლილი შემოდგომის დაღდასმული საძოვრების ხილვამ აღმიძრა. ყვითელი ფოთლები ფარფატით ცვიოდნენ ძირს და მიწას ფიანდაზად ეფინებოდნენ. ჩვენი ეტლის თვლების გრიალი თანდათან მიწყდა, რადგან ოთხივე ბორბალი უკვე ნახევრად დამპალი ბალახის სქელ ფენაში ჩაიძირა. `ნაღვლიან საჩუქრებს უფენს ფეხქვეშ ბუნება ბასკერვილ-ჰოლის ახალ მფლობელს!~ - გავიფიქრე ჩემთვის. - შეხედეთ! - უეცრად შესძახა დოქტორმა მორტიმერმა. - ეს რა არის? ჩვენ წინ აღმართულიყო მანანით დაფარული ფრიალო ბორცვი, - ტორფის ჭაობთა სიახლოვის პირველი ნიშანი. ამ გორაკის თავზე, თითქოს კვარცხლბეკზე აღმართული ცხენის ქანდაკიაო, ისე მკვეთრად ისახებოდა შაშხანით ხელში მდგარი მხედარი. ის აკვირდებოდა გზას, რომლითაც ჩვენ მოვდიოდით.
- პერკინს, რას ნიშნავს ეს? - იკითხა ექიმმა მორტიმერმა.
კოფოზე მჯდარი მეეტლე მოგვიბრუნდა:
- პრინსტაუნის ციხიდან პატიმარი გაიქცა, სერ. აი უკვე მესამე დღეა, რაც დაეძებენ. ყველა გზაზე გუშაგი დააყენეს, ყველა სადგურზე, მაგრამ სულ ამაოდ. აქაური ხალხი ამით ძალიან უკმაყოფილოა, სერ.
- რატომ? ვინც კვალს იპოვის, ხომ ხუთ გირვანქას დაჰ-პირდნენ.
- ეს ასეა, სერ, თუმცა ხუთი გირვანქის იმედი ნაკლებია, მაგრამ გაქცეული რომ ყველა შემხვედრის ყელის გამოღადვრას არ მოერიდება, ეს უფრო დასაჯერებელია. ასეთი კაცი არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან, ეს რომელიმე პატარა ბაცაცა როდია.
- ვინ არის ასეთი?
- სელდენი, რომელმაც ნოტინგჰილში ჩაიდინა მკვლელობა.
კარგად მახსოვდა სელდენის საქმე, რადგან თავის დროზე ამ საქმეს შერლოკ ჰოლმსი აწარმოებდა. იგი დაინტერესებული იყო იმ სისასტიკით, რითაც ეს მკვლელობა გახმაურდა და უმიზნო მხეცობით, რითაც აღინიშნებოდა ამ ურჯუკის ყველა მოქმედება. დანაშაული იმდენად არაადამიანური იყო, რომ მოსამართლეებს ეჭვი შეეპარათ სელდენის გონების სისაღეში და ამიტომაც სიკვდილის განაჩენი ციხით შეუცვალეს.
ეტლი გორაკის თავზე ავიდა, და ჩვენ თვალწინ გადაიშალა ტორფის ჭაობთა უზარმაზარი სივრცე, სადაც აქა-იქ კლდის ლოდები და ქვის სვეტები მოჩანდა. ცივი ქარი, ჭაობების მხრიდან რომ უბერავდა, ძვალსა და რბილში ატანდა. სადღაც აქ, ამ ჭაობთა სევდისმომგვრელ ზედაპირზე, კაცის-სახა ეშმაკი სოროში იწვა და გულის სიღრმეში ინახავდა სიძულვილს ადამიანების მიმართ, რომელთაც იგი თავიანთი საზოგადოებიდან განდევნეს. მხოლოდ ამით გამძაფრებაღა აკლდა იმ გაორკეცებულ, პირქუშ შთაბეჭდილებას, რომელსაც ჩვენ წინ გადაშლილი უკაცრიელი უდაბნო, მოვარდნილი ქარი და მოქუფრული ზეცა ტოვებდნენ. თვითონ ბასკერვილიც კი გაყუჩდა და უფრო ძლიერ გაეხვია პალტოში.
ნაყოფიერი ადგილები უკან მოვიტოვეთ. როცა განვლილ გზას გავხედეთ - ჩამავალი მზის სხივები ხნულებსა და ხშირ ბუჩქნარში წვებოდა და სწრაფ ნაკადულებს ოქროსფრად აელვარებდა. გზა, რომელიც უზარმაზარი კაჭრებით მოფენილ მუქ-მოწითალო გადასასვლელებზე გადიოდა, სულ უფრო გაპარტახებული და ძნელად სავალი ხდებოდა. დროდადრო ჩვენ წინ მოჩანდა ქვის ზღუდეებით გარშემორტყმული კოტეჯები, რომელთა ძუნწი მოხაზულობა სუროთიც კი არ იყო დაფარული. შემდეგ ჩვენს თვალწინ გადაიშალა მუხნარითა და ფიჭვით დაფარული ველი, რომელიც უღრან ტყეს წააგავდა, თუმცა ნახევრად გამხმარი და შემოძარცული ხეები ამ მიდამოებში ადამის ჟამიდან მქროლავ ქარს ერთიანად დაეღვლარჭნა და დაეჩიავებინა. ხეების თავზე ორი მაღალი კოშკი იყო აღმართული. ჩვენმა მეეტლემ შოლტით მიგვითითა მათზე და რიხიანად წარმოთქვა:
- ბასკერვილ-ჰოლი.
მამულის პატრონი ეტლში წამოდგა, ლოყები შეუფაკლდა და თვალებში ცეცხლმა გაუელვა. რამდენიმე წუთის შემდეგ მივაღწიეთ ჩუქურთმიან თუჯის ჭიშკრამდე, რომლის ფათალოთი დაფარულ ორ სვეტს ბასკერვილების ღერბი - ტახის თავები ამშვენებდა. მეკარის პატარა ქვის სახლიც ისევე დაძველებულ-დახავსებული იყო, ნივნივები გაშიშვლებოდა, მაგრამ მის წინ იდგა ახალი, ჯერაც დაუმთავრებელი ნაგებობა - სერ ჩარლზის მიერ აფრიკიდან ჩამოტანილი ოქროს პირველი ნაყოფი.
ჭიშკრის მიღმა ძველი მაღალი ხეების ორი მწკრივი იწყებოდა. მათი ტოტები კუშტ თაღად გვადგა თავზე. ბორბლების ხმაური ისევ ჩაინთქა ფოთლების შრიალში. ბასკერვილი შეკრთა, როცა დაინახა გრძელი ჩაბნელებული ხეივანი, რომლის ბოლოშიც სახლის მოხაზულობა ბუნდოვნად მოჩანდა.
- ეს აქ მოხდა? - წყნარად იკითხა ბარონეტმა.
- არა, არა, ურთხელის ხეივანში, იქითა მხარეს.
ახალგაზრდა მემკვიდრემ გარემოს მოღუშული მზერა მოავლო:
- სულაც არ მიკვირს, რომ ასეთ ადგილას ბიძაჩემი ყოველ წუთს უბედურებას მოელოდა, - თქვა ბოლოს. - აქ ვისაც გნებავთ, იმას შეიპყრობს შიში და ძრწოლა. მოიცადეთ, ნახევარი წელიც არ გაივლის, რომ აქ ელექტრონს გავიყვან, და მაშინ აქაურობას ვერ იცნობთ! შესასვლელთან ედისონისა და სვანის ათასსანთლიანი ნათურები იციმციმებენ.
ხეივანს უკან ფართო გაზონი იყო. შემოვუარეთ მას და სახლს მივადექით. ბინდბუნდში შევნიშნე მხოლოდ ფასადი და ყათარი. ყველაფერი ერთიანად სუროს დაეფარა. ღია რჩებოდა მხოლოდ ფანჯრები და ღერბებისათვის განკუთვნილი ოვალები. შენობის ამ მხარეზე ორი ძველებური დაკბილული სათოფურებიანი კოშკი იყო აღმართული. მარჯვნიდან და მარცხნიდან მათთვის შავი გრანიტის ორი ფრთედი მიედგათ. ეტყობოდა, გვიანდელი მინაშენები უნდა ყოფილიყო. მრავალი ალათით დახლართული ფანჯრიდან გაზონს მკრთალი ნათელი ეფინებოდა. წვეტიან სახურავზე მაღალი საკვამლე მილებიდან ასული კვამლი წვებოდა.
- კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, სერ ჰენრი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბასკერვილ-ჰოლში!
ჩრდილიდან მაღალი კაცი გამოვიდა და ეტლის კარი გამოაღო ჰოლის განათებულ კარებში გამოჩნდა ქალის სილუეტი. ისიც მოვიდა ეტლთან და კაცს ჩემოდნების ჩამოღებაში დაეხმარა:
- სერ ჰენრი, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, თუ პირდაპირ სახლში წავალ? - თქვა ექიმმა მორტიმერმა, - ცოლი მელოდება.
- დარჩით, ჩვენთან ისადილეთ!
- არა, ნამდვილად არ შემიძლია. ალბათ საქმეც ბევრი დამიგროვდა. სიამოვნებით დაგათვალიერებინებდით თქვენსავე სახლს, მაგრამ ბერიმორი ამას ჩემზე უკეთ შეასრულებს - შესანიშნავი გიდია. ბედნიერად! და გახსოვდეთ, რა დროსაც არ უნდა დაგჭირდეთ ჩემი თავი, დღისით თუ ღამით, ნუ მომერიდებით, კაცი გამომიგზავნეთ.
ბორბლების ხმაური თანდათან მიწყდა ხეივნის სიღრმეში, და ჩვენს ზურგს უკან მძიმე კარი მიიხურა.
ჰოლი, რომელშიაც ჩვენ აღმოვჩნდით, ძალიან ლამაზი იყო - ფართო, მაღალი, მძიმე და დროისაგან ჩამუქებული მუხის ნივნივებიანი. ძველებურ ბუხარში, რომელსაც თუჯის ცხაური ჰქონდა, კუნძები ტკაცუნებდნენ და შიშინებდნენ. ეტლში ხანგრძლივი ჯდომით შეცივნულმა მე და სერ ჰენრიმ ხელები ცეცხლს მივუფიცხეთ. შემდეგ ჰოლის მუხით მოპირკეთებული კედლების თვალიერებას მოვყევით. მაღალ, ვიწრო ფანჯარაში ფერადი მინები ჩაესვათ. ირმის თავები და ღერბები, რომლებიც ჭაღის მკრთალ შუქზე ძლივს მოჩანდნენ, კედლებს კიდევ უფრო უმატებდნენ მშვენებას.
- სწორედ ასე მქონდა წარმოდგენილი ყველაფერი, - თქვა სერ ჰენრიმ. - ნამდვილი საგვარეულო ბუდეა, ხომ მართალია? აბა წარმოიდგინეთ, ჩემი წინაპრები ხომ აქ ცხოვრობდნენ ხუთი საუკუნის განმავლობაში! ამას რომ გაიხსენებ, ძალაუნებურად საზეიმო გუნებაზე დადგები.
მისი შავგვრემანი სახე ბავშვური სიხარულით ბრწყინავდა. ის იდგა სინათლის წრეში, რაც ჭაღიდან ეცემოდა, ხოლო ჩრდილები კედლებზე წვებოდნენ და მის თავზე შავ ფარდად ეშვებოდნენ. ბერიმორმა ჩვენი ჩემოდნები ოთახებში გაიტანა, მერე უკან დაბრუნდა და ისე მოწიწებით დაგვადგა თავს, როგორც კარგად გაწვრთნილ მსახურს შეეფერება. არაჩვეულებრივი გარეგნობის პატრონი გახლდათ - მაღალი, წარმოსადეგი, მკრთალსა და სასიამოვნო სახეს ფართო შავი წვერი უჩრდილავდა.
- სადილი მოგართვათ, სერ?
- მზად არის?
- რამდენსამე წუთში იქნება, სერ. ცხელი წყალი ოთახებში გაქვთ. მე და ჩემი ცოლი ბედნიერი ვიქნებით, სერ ჰენრი, თუ პირველ ხანებში აქ დაგვტოვებთ, მაგრამ ახალ წესებთან დაკავშირებით თქვენ ხომ დიდი შტატი დაგჭირდებათ!
- რა ახალ წესებთან დაკავშირებით?
- მე მინდა ვთქვა, რომ სერ ჩარლზი მარტოხელად ცხოვრობდა და ჩვენ ორს სავსებით შეგვეძლო დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი სამსახურით, თქვენ კი, სერ, ალბათ უფრო ხელგაშლილად იცხოვრებთ და ყველაფრის ახლებურად მოწყობა მოგიხდებათ.
- მაშასადამე, თქვენ და თქვენს მეუღლეს წასვლა გინდათ?
- თუ ეს რაიმე წყენას არ მოგაყენებთ, სერ.
- მაგრამ თქვენი წინაპრების რამდენიმე თაობა ხომ ბასკერვილ-ჰოლში ცხოვრობდა! სულაც არ ვისურვებდი ჩემი აქ ყოფნის პირველსავე ნაბიჯებთან იყოს დაკავშირებული ძველებური ოჯახური ურთიერთობის დარღვევა.
ლაქიის ფერმკრთალ სახეზე მღელვარების კვალი შევნიშნე.
- ეს მე და ჩემს მეუღლესაც გვიმძიმს, სერ. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან მიჩვეულები ვიყავით სერ ჩარლზს და მისი სიკვდილის შემდეგ დღემდე წელში ვერ გავმართულვართ. გვიმძიმს აქ დარჩენა. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი ბასკერვილ-ჰოლში, ისე, როგორც უწინ ვგრძნობდით.
- რას აპირებთ?
- იმედი მაქვს, სერ, რაიმეს მოვახერხებთ. სერ ჩარლზმა ხომ ჩვენზე უხვი წყალობა მოიღო. ახლა კი ნება მომეცით გიჩვენოთ თქვენი ოთახები.
ძველებური ჰოლის ზედა ნაწილს მოაჯირიანი გალერეა გასდევდა, სადაც ორმალიანი კიბით შეიძლებოდა ასვლა. აქედან მთელ შენობას ჰქონდა ორი გრძელი დერეფანი, რომლებშიაც ყველა საწოლი ოთახიდან კარი გამოდიოდა. ჩემი და ბასკერვილის ოთახები ერთ ფრთედზე იყო, თითქმის ერთმანეთის პირისპირ კარი კარზე. ესენი უფრო თანამედროვედ გამოიყურებოდნენ, ვიდრე სახლის ცენტრალური ნაწილი. ოთახებში გაკრული ნათელი ფერის შპალერი და მრავალი მოციმციმე სანთელი ამსუბუქებდნენ მძიმე შთაბეჭდილებას, რაც ბასკერვილ-ჰოლში ჩამოსვლისთანავე შემექმნა.
მაგრამ, ქვედა სართულზე მოთავსებულმა სასადილომ, თავისი პირქუში იერით, მაშინვე შეგვაძრწუნა. ეს იყო გრძელი ოთახი, რომლის ერთ ბოლოში იდგა ოჯახის უფროსის მაგიდა. ეს ადგილი ერთი საფეხურით იყო ამაღლებული ოთახის იმ ნაწილთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დაბალი წოდების პირთათვის. შორეულ კიდეში იყო ქანდარა მენესტრელთათვის. ჩვენს თავს ზემოთ შავად ჩანდნენ უზარმაზარი კოჭები, უფრო მაღლა კი ჭვარტლიანი ჭერი ზიმზიმებდა. ადვილი შესაძლებელია, რომ მოგიზგიზე ჩირაღდნები, და შმაგი მხიარულება ამსუბუქებდნენ ამ ოთახის პირქუშ იერს, მაგრამ ახლა, როცა ერთადერთი შუქფარიანი ლამპის შუქზე იჯდა შავებში გამოწყობილი ორი ჯენტლმენი, მათი ხმა როგორღაც თავისთავად ყრუდ გაისმოდა. განწყობილებაც დამძიმებული გვქონდა. სრულიად ნაირნაირ კოსტიუმებში გამოწყობილ წინაპართა მთელი წყება - დაწყებული ელისაბედ დედოფლის დროის კარისკაცებით და გათავებული რეგენტობის დროინდელი სალუქებით - კედლიდან დაგვცქეროდა და სულს დუმილით გვიმძიმებდა. საუბარი როგორღაც არ ეწყობოდა და ოდნავ შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა სადილის შემდეგ საბილიარდოში - სრულიად თანამედროვე ოთახში თამბაქოს მოსაწევად გავედი.
- ვერაფერს იტყვი, მოწყობილობა სრულიადაც არ არის სახარბიელო და გამამხიარულებელი, - თქვა სერ ჰენრიმ. - ყოველივე ამას კაცი ალბათ თანდათანობით შეეჩვევა, მაგრამ ახლა თავს საკუთარ ტყავში ვერა ვგრძნობ. არ მიკვირს, რომ ბიძაჩემი, რომელიც ასეთ სახლში მარტო ცხოვრობდა, ნერვიულობდა. რას იზამ, იქნებ ძილმა გვიშველოს და დილით აქაურობა არც ისე მოსაწყენი გვეჩვენოს.
ვიდრე დავწვებოდი, ფანჯრის ფარდა გადავწიე და გარეთ გავიხედე. ფანჯარა სადარბაზო კარის წინ გაზონს გადა-ჰყურებდა. გაზონის უკან მაღალი ხეები ქარში ირხეოდნენ და კვნესოდნენ. სადღაც გამალებით მიმავალ ღრუბლებს შორის მთვარე გამოკრთა. მის ცივ შუქზე ჩანდა კლდეთა უსწორმასწორო გრეხილი და კუშტი ჭაობების გრძელი ზოლი. დარწმუნებულმა, რომ ბასკერვილ-ჰოლზე ჩემი ახლანდელი შთაბეჭდილება სრულიადაც არ ეწინააღმდეგებოდა პირველს, ფარდა დავუშვი.
მაგრამ არც ეს შთაბეჭდილება აღმოჩნდა უკანასკნელი. დაღლილობის მიუხედავად, დაძინება არ შემეძლო, ვტრიალებდი ლოგინში და ამაოდ ვუხმობდი ძილს. სადღაც შორს ყოველ თხუთმეტ წუთში საათი რეკავდა და მთელ სახლში გამეფებულ მკვდარ დუმილს სხვა არაფერი არღვევდა. უეცრად შუაღამის ყრუ სიჩუმეში ჩემს სმენას მოსწვდა სრულიად მკაფიო ხმა. არა, ამის მოჩვენება არ შეიძლებოდა. ეს იყო ქვითინი, გულამოსკვნილი ქვითინი ქალისა, რომლის გული დარდისაგან იმსხვრევა. ლოგინიდან წამოვიწიე და სმენად ვიქეცი. ტირილი სადღაც ახლოს ისმოდა, თვითონ სახლში. დავიცადე ასე ნახევარი საათი, მთელი არსებით გულისყურად ქცეულმა, მაგრამ გარდა საათის რეკვისა და კედელზე მიტმასნილი სუროს შრიალისა, მეტი აღარაფერი გამიგონია.
თავი VII
[რედაქტირება]მერიპიტჰაუსელი სტეპლტონები
[რედაქტირება]დილის მაცოცხლებელმა მშვენიერებამ ჩვენი ხსოვნიდან ამოშალა ის შთაბეჭდილება, რაც ორთავეს ბასკერვილ- ჰოლთან პირველი გაცნობის შემდეგ დაგვრჩა. როცა მე და სერ ჰენრი სასაუზმოდ დავჯექით, მზის ცხოველი ნათელი იფრქვეოდა ვიწრო ფანჯრიდან, რომლის მინებზე გამოსახული ფერადი ღერბები მრავალფერ სხივთა კიაფით იატაკს დასთამაშებდა. მუქი, მუხით მოპირკეთებული კედლები მზის სხივებზე ბრინჯაოსფრად ბზინავდა, და ახლა კიდევაც გვიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ სულ ახალხან, წინა საღამოს ამავე ოთახმა ასეთი კაეშნით აგვივსო გულები.
- სახლი აქ არაფერ შუაშია. ალბათ თვითონ ჩვენა ვართ ყველაფერში დამნაშავე, - თქვა ბარონეტმა. - გზაში დავიღალეთ, გავითოშეთ, და აი, ყველაფერი მუქად მოგვეჩვენა. ღამით დავისვენეთ, სული მოვითქვით, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, და გარშემო ყველაფერი უფრო მხიარულად გვეჩვენება.
- მაგრამ ყველაფერს ჩვენს წარმოდგენას ვერ გადავაბრალებთ, - ვუპასუხე ბასკერვილს. - მითხარით, მაგალითად, ღამით არ გაგიგონიათ ვიღაცის, მგონი, ქალის, ტირილი?
- მართლა, ბურანში წასულს მეც მომელანდა რაღაც ამნაირი. დიდხანს ვუსმენდი და მერე გადავწყვიტე, რომ ყოველივე სიზმარი იყო.
- არა, მე სრულიად გარკვევით გავიგონე ყველაფერი და დარწმუნებულიც ვარ, რომ ქალი ტიროდა.
- ახლავე უნდა მოველაპარაკოთ ბერიმორს.
მან ზარი დააწკარუნა, ლაქიას უხმო და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მე მომეჩვენა, რომ ბერიმორს ისედაც ფერმკრთალი სახე, სულ გაუფითრდა, როცა ბატონისაგან ასეთი კითხვა მოისმინა.
- სახლში სულ ორი ქალია, სერ ჰენრი, - მიუგო ბერიმორმა. - ერთი ჭურჭლის მრეცხავია, იქითა ოთახში იძინებს, მეორე - ჩემი ცოლია, მაგრამ გარწმუნებთ, ის არ ტიროდა.
და მაინც ამ კაცმა სიმართლე არ გვითხრა. სადილის შემდეგ მე უცაბედად შევხვდი მისის ბერიმორს დერეფანში, დღისით, მზისით. ეს იყო მაღალი, ძალიან მშვიდი, თავდაჭერილი ქალი, მრგვალი სახე და მკაცრად მოკუმული ბაგეები ჰქონდა. მაგრამ თვალებმა - წითელმა, წამოსივებულმა ქუთუთოებმა გასცეს ბერიმორის მეუღლე. მაშასადამე, ღამით ამ ქალს უტირია, ხოლო თუ ეს ასე იყო, ქმარს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. ამ კაცმა კი გაბედა და უარზე დადგა, თუმცა შეიძლებოდა, სიცრუეში დაეჭირათ. რისთვის? რატომ ტიროდა ქალი ასე გულამოსკვნით? ამ ფერმკრთალსა და კეთილსახიერ, შავწვერა კაცს, რაღაც იდუმალი და პირქუში ნისლი ებურა. მან პირველმა აღმოაჩინა სერ ჩარლზის გვამი, და მოხუცი ბასკერვილის სიკვდილის გარემოებანი ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ ამ კაცის სიტყვებიდან. ნუთუ ეს ბერიმორი ვიხილეთ კებში რიჯენსტრიტზე? ყოველ შემთხვევაში, წვერი სწორედ ამისი ჰქონდა. კებმენი ლაპარაკობდა შუა ტანის კაცზე, მაგრამ ეს შთაბეჭდილება შეიძლებოდა მცდარი ყოფილიყო. როგორღა დავადგინო ჭეშმარიტება? უპირველეს ყოვლისა, ცხადია, უნდა ვნახო საფოსტო კანტორის უფროსი გრიმპენში და გავიგო მისგან, უშუალოდ ბერიმორს მისცეს თუ არა ხელში ჩვენი დეპეშა. ისედაც და ასედაც, ყოველ შემთხვევაში, შერლოკ ჰოლმსისათვის შესატყობინებელი მასალა ხელში მექნება.
სერ ჰენრი საუზმის შემდეგ საქმიანი ქაღალდების სინჯვას შეუდგა, და მე სრულიად თავისუფალი დრო მომეცა. ოთხიოდე მილი გავიარე კარგ გზაზე, ჭაობის გაყოლებით და ერთ პატარა, ულაზათო სოფელში შევედი. თვალში მომხვდა ორი შედარებით უფრო წარმოსადეგი შენობა - სასტუმრო და ექიმ მორტიმერის სახლი. საფოსტო კანტორის უფროსს, რომელიც ამასთანავე აქაური მედუქნეც აღმოჩნდა, ჩვენი დეპეშა დაემახსოვრებინა.
- ცხადია, სერ, - მითხრა მან, - დეპეშა პირდაპირ მიერთვა მისტერ ბერიმორს, როგორც იყო მითითებული.
- ვინ წაიღო?
- ჩემმა ბიჭმა. ჯეიმს, შენ არ წაუღე დეპეშა ბასკერვილ-ჰოლში მისტერ ბერიმორს?
- ჰო, მამა.
- და პირადად მას გადაეცი?
- არა, მისტერ ბერიმორი სხვენზე იყო, დეპეშა მივეცი მის ცოლს, ასე დამპირდა, ახლავე გადავცემო.
- თვითონ მისტერ ბერიმორი ნახე?
- არა, სერ, აკი მოგახსენეთ, სხვენზე იყო-მეთქი.
- საიდან იცი, სად იყო, თუკი თვითონ არ გინახავს?
- აბა, რა საკადრისია, ცოლმა ხომ იცოდა, სადაც იყო მისი ქმარი! - თქვა გაბრაზებულმა ფოსტის უფროსმა. - დეპეშა ხომ ჩაბარებულია? ხოლო თუ რაიმე შეცდომა მოხდა, თვითონ მისტერ ბერიმორმა იჩივლოს.
დაკითხვის გაგრძელებას აზრი აღარა ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჰოლმსის ეშმაკური ხერხი ფუჭი აღმოჩნდა, და ჩვენ მაინც არ ვიცოდით, გაემგზავრა თუ არა ბერიმორი მაშინ ლონდონს. დავუშვათ, რომ გაემგზავრა. დავუშვათ, რომ მან უკანასკნელმა ნახა ცოცხალი სერ ჩარლზი და პირველმა მიაკვლია მის მემკვიდრეს, როგორც კი იმან ინგლისში ფეხი შემოდგა. რა გამოდის აქედან? ბერიმორი ვინმეს შეგონებით მოქმედებს, თუ თვითონ აქვს თავისი საკუთარი ვერაგული გეგმები? რა აზრი აქვს მისთვის ბასკერვილების დევნას? მე გამახსენდა გაზეთიდან ამოჭრილი სიტყვებისაგან შედგენილი უცნაური გაფრთხილება. ნუთუ ეს ბერიმორის ნახელავია? ან იქნებ სხვა ვინმემ გამოაგზავნა, ვინც მისი ხელის შეშლას ცდილობს. ერთადერთი დამაჯერებელი ახსნა ამ ამბებს მისცა სერ ჰენრიმ, როცა თქვა, რომ თუ ბასკერვილთა საგვარეულო მამულიდან ბასკერვილების განდევნა მოხერხდა, მაშინ ცოლ-ქმარი ბერიმორები სიკვდილამდე უზრუნველად იცხოვრებენო. მაგრამ განა ეს რამენაირად ამართლებს ღრმა და დახვეწილ ინტრიგას, რომელიც უხილავ ქსელში ხვევს ახალგაზრდა ბარონეტს? ჰოლმსმა თვითონვე აღიარა, რომ მის ყველა სენსაციურ კვლევათა შორის ეს ყველაზე უფრო დახლართული და რთული საქმეა. მოვდიოდი, მოვყვებოდი უკაცურ, პირქუშ გზას და ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემი მეგობარი რაც შეიძლებოდა მალე განთავისუფლებულიყო, ჩამოსულიყო და ჩემთვის ეგზომ სამძიმო პასუხისმგებლობა მოეხსნა.
ჩემი ფიქრი ანაზდად შეწყვიტა სწრაფი ნაბიჯის ხმამ, რაც ზურგიდან მომესმა. ვიღაცამ სახელი დამიძახა. მოვიხედე, მეგონა ექიმ მორტიმერს დავინახავდი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად უკან ვიღაც მაღალი, ოცდათხუთმეტ-ორმოცი წლის ქერა გამხდარი კაცი მომდევდა. იგი სუფთად იყო გაპარსული. ვიწრო გრძელი ნიკაპი ჰქონდა და, ცოტა არ იყოს, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. რუხი კოსტიუმი ეცვა და ჭილის ქუდი ეხურა. მხარიღლივ გადაკიდებული ჰქონდა თუნუქის ბოტანიკური კოლოფი, ხელში კი პეპლების საჭერი მწვანე ბადე ეჭირა.
- მომიტევეთ ჩემი სითამამე, ექიმო უოტსონ, - დაიწყო უცნობმა ისე, რომ რიგიანად სულის ამოთქმაც ვერ მოასწრო. - აქ ასეთი მოურიდებელი ხალხი ვართ და არ ველოდებით ხოლმე ოფიციალურ წარდგენას. ალბათ გაგონილი გექნებათ ჩემი სახელი ჩვენი საერთო მეგობრის მორტიმერისაგან. მე მერიპიტჰაუსელი სტეპლტონი ვარ.
- თქვენ ადვილად გიცნობთ კაცი კოლოფითა და ბადით, - ვთქვი მე, რადგან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მისტერ სტეპლტონი ნატურალისტია, მაგრამ თქვენ როგორღა გამოიცანით, ვინა ვარ მე?
- მორტიმერთან ვიჯექი და ფანჯრიდან დამანახა თქვენი თავი, როცა მის სახლს ჩაუარეთ. ერთი გზა გვაქვს და გადავწყვიტე დაგწეოდით, თვითონ წარმომედგინა თქვენთვის ჩემი თავი. იმედი მაქვს, სერ ჰენრი ძალიან არ დაიღლებოდა ხანგრძლივი მოგზაურობით.
- არა, ჩინებულად გრძნობს თავს, გმადლობთ.
- ჩვენ ყველას გვეშინოდა, რომ განსვენებული სერ ჩარლზის სავალალო აღსასრულის შემდეგ ახალი ბარონეტი აღარ ისურვებდა აქ ცხოვრებას. ძნელია მოსთხოვო შეძლებულ კაცს, რომ თავი ცოცხლად დაიმარხოს ასეთ მიყრუებულ მხარეში, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რა დიდი მნიშვნელობა ექნება მის აქ ყოფნას მთელი ოლქისათვის. მე მგონია, აქ მომხდარმა ამბავმა ცრუმორწმუნესავით შიში ვერ ჩაუნერგა სერ ჰენრის.
- არა, არ მგონია.
- თქვენ, რა თქმა უნდა, იცით ლეგენდა საზარელ ძაღლზე, რომელიც თითქოს ბასკერვილების გვარს დევნის.
- დიახ, ვიცი.
- რა ცრუმორწმუნე ხალხია აქაური ფერმერები! პირდაპირ გასაოცარია! თითქმის ყველანი მზად არიან დაიფიცონ, რომ თავიანთი თვალით ნახეს ეგ ძაღლი ჭაობებში. - სტეპლტონი ღიმილით ლაპარაკობდა, მაგრამ მის თვალებში ამოვიკითხე, რომ თავის ნათქვამს ბევრად უფრო სერიოზულად ეკიდება. - ლეგენდამ სრულიად მოიცვა სერ ჩარლზის არსება და ამან მოიყვანა ასეთ ტრაგიკულ აღსასრულამდე.
- რანაირად?
- როცა ადამიანს ასე დაძაბული აქვს ნერვები, ყოველი ძაღლის გამოჩენა შეიძლება საბედისწეროდ გათავდეს სუსტი და სნეული გულისათვის. მე ვფიქრობ, რომ იმ საღამოს სერ ჩარლზმა ნამდვილად ნახა რაღაც მსგავსი ურთხელის ხეივანში. ძალიან მიყვარდა მოხუცებული კაცი, ვიცოდი, რომ ავადმყოფი გული ჰქონდა და ვგრძნობდი, რაღაც უბედურება მოხდებოდა.
- საიდან იცოდით, რომ სნეული გული ჰქონდა?
- ჩემი მეგობრის მორტიმერისაგან მქონდა გაგებული.
- მაშასადამე, თქვენ გგონიათ, რომ სერ ჩარლზს მართლა თავს დაესხა რაღაც ძაღლი და ამის შედეგად მოკვდა?
- იქნება თქვენ გაქვთ რაიმე უფრო სარწმუნო ცნობები?
- არა, მე ჯერ კიდევ ვერ მივსულვარ გარკვეულ დასკვნებამდე.
- მისტერ შერლოკ ჰოლმსი?
ერთი წამით სუნთქვა შემეკრა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ ჩემი თანამოსაუბრის მშვიდი სახე და მტკიცე გამოხედვა იმაზე მეტყველებდნენ, რომ სულაც არ ფიქრობდა მოულოდნელად დავებნიე თავისი კითხვით.
- ექიმო უოტსონ, რა საჭიროა თავის მოკატუნება, თითქოს არ გიცნობდეთ? - მითხრა ახალმა ნაცნობმა. - სახელგანთქმული მაძებრის ამბავი ჩვენს მხარესაც მოედო, და განა შეგიძლიათ იგი ისე განადიდოთ, რომ თვითონ ჩრდილში დარჩეთ? ექიმმა მორტიმერმა აშკარად თქვა, რომ თქვენ სწორედ ის ექიმი უოტსონი ბრძანდებით. და რაკი თქვენ აქ გამოჩნდით, მაშასადამე, მისტერ შერლოკ ჰოლმსი დაინტერესებულია ამ ამბით, და მეც, ბუნებრივია, ცნობისმოყვარეობა მძლევს, მინდა გავიგო მისი თვალსაზრისი.
- სამწუხაროდ, მე არ შემიძლია გიპასუხოთ კითხვაზე.
- მაშინ ნება მომეცით, გკითხოთ: ხომ არ დაგვდებს პატივს თავისი ჩამოსვლით მისტერ შერლოკ ჰოლმსი?
- ახლა მას არ შეუძლია ლონდონიდან გასვლა, სხვა საქმეები აქვს.
- რა საწყენია! ის შუქს მოჰფენდა იმას, რაც ჩვენთვის ბინდით არის მოცული. მაგრამ თქვენც ხომ აწარმოებთ ძიებას, ექიმო უოტსონ? და თუ შემიძლია თუნდაც რაიმეთი ხელი გაგიმართოთ, მიმსახურეთ ისე, როგროც გენებოთ. ერთი მინიშნებაც მეყოფა, თუ ვისზე გაქვთ ეჭვი, და მაშინვე შევუდგები საქმეს. იქნებ ისედაც იყოს, ახლავე გამოგადგეთ რჩევით ან მითითებით.
- გარწმუნებთ, მე მხოლოდ სტუმრად ჩამოვედი ჩემს მეგობართან, სერ ჰენრისთან, და არავითარი დახმარება არ მესაჭიროება.
- ჩინებულია! - შესძახა სტეპლტონმა. - სრულიად მართებულად იქცევით: სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სავსებით დავიმსახურე ასეთი მკვახე პასუხი ჩემი აბეზარობით და გპირდებით, მეტად აღარ შევეხები ამ საკითხს.
იმ ადგილამდე მივედით, სადაც გზის მარჯვენა მხარეს იწყებოდა ბალახით დაფარული ბილიკი და ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ ზოლად გადიოდა ჭაობებში. მარცხნივ აღმართულიყო ფრიალო, კაჭრებით მოფენილი ბორცვი, რომელზედაც ძველად გრანიტს ამუშავებდნენ, ციცაბო ფერდობის გზისპირა მხარე ხშირი გვიმრით და მაყვლით იყო დაფარული. შორს ჰორიზონტზე კვამლის მუქი ბოლქვები ტაატით მიიწევდნენ ზეცისაკენ.
- ამ ბილიკს თუ გავყვებით, მერიპიტჰაუსი არც ისე შორსაა, - თქვა სტეპლტონმა. - გასწირეთ ერთი საათი დრო, და მექნება სასიამოვნო შემთხვევა ჩემს დას წარვუდგინო თქვენი თავი.
პირველ წამს გავიფიქრე, სერ ჰენრის ახლო უნდა ვიყო-მეთქი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ანგარიშები და ქაღალდები, რომლებიც ზვინად ეყარა მის მაგიდაზე. ამ საქმეში ვერაფერს დავეხმარებოდი. ჰოლმსი კი მთხოვდა გავცნობოდი ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ბასკერვილ-ჰოლის მეზობლად ამიტომ მივიღე სტეპლტონის მიწვევა და ჩვენ ერთად შევუხვიეთ მარჯვნივ.
- შესანიშნავი ადგილებია აქ, - მითხრა თანამგზავრმა, რომელიც გასცქეროდა მწვანე ბორცვების ტალღოვან ხაზს, რომლის თავზეც გრანიტის მთაგრეხილის ფანტასტიკური მოხაზულობა ზღვის ზვირთებივით აღმართულიყო. ეს ჭაობები მზერას არასოდეს არ ღლიან. მერე, რამდენ საიდუმლოებას შეიცავენ - უნაპირონი, უდაბურნი, გამოუცნობელნი!
- კარგად იცნობთ ამ ჭაობებს?
- სულ მეორე წელია, რაც ამ მიდამოებში ჩამოვსახლდი. ძველი ადგილობრივი მცხოვრებლები ალბათ ჯერაც ახალბედას მეძახიან. სერ ჩარლზის ჩამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ გადმოვედით, მაგრამ ჩემი მოწოდების წყალობით მოკლე ხანში მოვასწარი აქაურობის გამოკვლევა, ყოველ კუთხე-კუნჭულს ვიცნობ. იმასაც გეტყვით, რომ ტორფის ჭაობებს ჩემზე უკეთ არავინ არ იცნობს.
- განა ეს ასე ძნელი საქმეა?
- სრულიადაც არ არის ადვილი. აი, მაგალითად, დააკვირდით იმ ვაკეს, აქა-იქ აღმართული უცნაური გორაკებით. თქვენი აზრით, ეს ადგილი რით არის შესანიშნავი?
- ცხენის საჭენებლად არის კარგი.
- თქვენს ადგილზე ყველა ასე იტყოდა, მაგრამ ბევრს სიცოცხლედ დაუჯდებოდა ასეთი შეცდომა. ხედავთ, რამდენი ღია მწვანე ფერის მდელოა?
- ჰო, ეს ალბათ უკეთესი მიწებია?
სტეპლტონმა გაიცინა:
- თქვენს წინაშეა გრიმპენის უზარმაზარი ჭანჭრობი, - თქვა ნატურალისტმა. - ამ ჭაობში მოხვედრილი კაცი თუ ცხოველი დაღუპულია. საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და მორჩა. აი, გუშინ ვნახე, როგორ შეხეტიალდა იქ ვიღაცის პონი და, რა თქმა უნდა, დაიღუპა. დიდხანს ჩანდა პონის თავი ჭანჭრობის ზედაპირზე. საბრალო, ისე ფართხალებდა, კისერს იგრძელებდა, ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ბოლოს ლიამპალმა შთანთქა. გვალვაშიაც საშიშია იქ სიარული, შემოდგომის წვიმების შემდეგ კი ეს ნამდვილად სასიკვდილო ადგილია. ამის მიუხედავად არა ერთხელ შევსულვარ გრიმპენის ჭანჭრობის შიგ შუაგულში და იქიდან ცოცხალი მოვბრუნებულვარ. შეხეთ! კიდევ ერთი უბედური პონი!
მწვანე ლელიანში რაღაც მოშავო საგანი კოტრიალობდა და ფართხალებდა. შემდეგ შამბნარში გაიელვა ტანჯვით წინ წამოწეულმა კისერმა, და ჭაობები შესძრა საშინელმა შეძახილმა. მე შიშით გამაცივა, მაგრამ ჩემს თანამგზავრს, ეტყობა, ჩემზე ძლიერი ნერვები ჰქონდა.
- რა თქმა უნდა! - თქვა მან, - ჩაითრია. ეს მეორეა ამ ორ დღეში, მარტო მე რაც ვნახე. რამდენი ისე დაიღუპა, ვინ იცის! წავლენ გვალვაში და შემოდგომამდე იქა რჩებიან. ვიდრე არ დაიღუპებიან. დიახ, გრიმპენის ჭაობი - საზარელი ადგილია.
- და თქვენ მაინც დადიხართ იქით?
- ჰო, იქ ორი-სამი ბილიკია, მარდი კაცი იოლად გავა. ყველა ვიპოვე და გვარიანადაც შევისწავლე.
- მაინც რა გინდათ ასეთ საშიშ ადგილებში?
- აგერ, ხედავთ იმ შორეულ ბორცვებს? ეს ნამდვილი კუნძულებია გაუვალ საფლობებს შორის, რომელთაც თანდათან გარემოიცვეს ეს კუნძულები ყოველი მხრიდან. გაიკვლიეთ მათ შორის გზა და თქვენ ნახავთ, რა იშვიათი მცენარეებია იქ, რა პეპლები!
- როდისმე ვეცდები.
სტეპლტონმა გაოცებით შემომხედა.
- ღვთის გულისათვის, თავიდან მოიშორეთ ეგ აზრი! - შესძახა ნატურალისტმა. - თქვენი დაღუპვა ჩემს სინდისს დააწვება. უკან ვეღარ დაბრუნდებით, დამიჯერეთ. მე თვითონ მხოლოდ იმისათვის ვბედავ იქით წასვლას, რომ მაქვს ნიშანთა რთული სისტემა.
- შეჩერდით! - შევძახე უცებ. - ეს რა არის?
ჭაობებიდან ხმადაბალი, გაბმული და გამოუთქმელად ნაღვლიანი ყმუილი გაისმა, ჰაერი გაიჟღინთა ამ ხმით, მაგრამ საიდან ისმოდა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. გაურკვეველი კვნესით დაწყებული, თანდათან გადავიდა ყრუ ღმუილში და ისევ დაეშვა გულის გამგმირავ გოდებამდე. სტეპლტონმა რაღაც უცნაურად გადმომხედა.
- საიდუმლოებით მოცული ადგილებია ეს ჭაობები, - თქვა წყნარად.
- რა არის ეს?
- ფერმერები ამბობენ, ასე ბასკერვილების ძაღლი ყმუის, როცა მსხვერპლს დაინახავსო. ადრეც მსმენია, მაგრამ დღეს რაღაც ძალიან ხმამაღლა ყმუის.
ელდის ცახცახით ატანილმა, თვალი მწვანე შამბნარით დაფარულ ჰორიზონტისაკენ გაზიდულ დაბლობს მოვავლე. არავითარი შრიალი, არავითარი ნიშანი სიცოცხლისა - მხოლოდ ორი ყორანი იჯდა ქვის სვეტზე ჩვენს უკან და ყრანტალებდა.
- თქვენ ხომ ნასწავლი კაცი ხართ! ასეთი სისულელით თქვენი გაბრიყვება ძნელია, - ვთქვი მე, - როგორ ახსნით ამ ყმუილს?
- ჭანჭრობი ხშირად გამოსცემს ძალიან უცნაურ ხმებს. იქნება შლამი წვება, იქნება წყალი მატულობს, იქნებ, ვინ იცის კიდევ, რა.
- არა, არა! ეს იყო ცოცხალი არსების ხმა.
- შეიძლება. არასოდეს მოგისმენიათ წყლის ბუღას ძახილი?
- არა, არ მომისმენია.
- ინგლისში ახლა ეს ფრინველი იშვიათია, არსებითად ყანჩის ეს სახე გადაშენდა, მაგრამ ასეთ ჭაობებში ყველაფერია მოსალოდნელი. სულაც არ გამიკვირდებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ჩვენ მოგვესმა ამ ფრინველის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენლის ხმა.
- ჩემს სიცოცხლეში არ გამიგონია უფრო უცნაური და შემაძრწუნებელი ხმები!
- რა სალაპარაკოა, იდუმალებით მოცული ადგილებია. შეხედეთ იმ გორაკს. როგორ ფიქრობთ, ეს რა უნდა იყოს?
ციცაბო ფერდობი თითქოს რუხი ქვის რგოლებით იყო დაფარული. ოცამდე ასეთი რგოლი დავთვალე.
- ეს რაღაა? ფარეხები?
- არა, ეს ჩვენი პატივცემული წინაპრების საცხოვრებლებია. წინაისტორიული ადამიანი მჭიდროდ იყო დასახლებული ტორფის ჭაობებში, ხოლო რაკი მათ შემდეგ აქ აღარავის უცხოვრია, ეს შინაური მყუდრო ბუდე მთელი და ხელუხლებელი დარჩა. მხოლოდ სახურავებია გადახდილი. ვისაც სურს, შეუძლია მივიდეს და ნახოს მათი ბინები და საწოლი.
- მთელი პატარა ქალაქია! როდის იყო ეს ადგილი დასახლებული?
- ნეოლითის ხანაში. უფრო ზუსტი დრო არ არის დადგენილი.
- რა საქმიანობას ეწეოდა მაშინდელი ადამიანი?
- ჯოგებს აძოვებდა აქვე, ამ ფერდობებზე, ხოლო როცა ქვის ნაჯახმა თანდათან დაუთმო ადგილი ბრინჯაოს კეტს, კალის მოპოვება ისწავლა. ხედავთ იმ თხრილს მოპირდაპირე გორაკზე? ეს მისი მუშაობის კვალია. დიახ, ექიმო უოტსონ, ჩვენს ჭაობებში თქვენ იპოვნით საგულისხმო თავისებურებას. აჰ! მომიტევეთ, გეთაყვათ ეს, ალბათ, ციკლოპიდესია!
პატარა ფარვანამ ჩაგვიქროლა, და სტეპლტონი განსაცვიფრებელი სიმარდითა და სისწრაფით დაედევნა დასაჭერად. თავზარდაცემულმა შევნიშნე, რომ პეპელა პირდაპირ ჭანჭრობისაკენ გაფრინდა, ჩემი ახალი ნაცნობი კი, თითქოს აქ არაფერიაო, ბელტიდან ბელტზე ხტომით დაედევნა, ბადით აღჭურვილი. რუხი კოსტიუმი და მკვეთრი მოძრაობა თვითონ მას რომელიღაც უზარმაზარ პეპელას ამსგავსებდა, ვიდექი და რაღაც აღტაცებისა და შიშის ნარევი გრძნობით შევცქეროდი. სულ მეჩვენებოდა, რომ სადაც არის ფეხი დაუცდება და მუხთალ ჭანჭრობში ჩაინთქმება-მეთქი. უეცრად ფეხის ხმა მომესმა. მოვიხედე და თითქმის ჩემ გვერდით ქალი დავინახე. იქითა მხრიდან მოსულიყო, სადაც კვამლი ჩანდა, მერიპიტ-ჰაუსის სიახლოვის მაჩვენებელი, მაგრამ აქამდე არ შემეძლო მისი დანახვა, რადგან ბილიკი, რომლითაც მოვიდა, იქვე დაღმართში იკარგებოდა.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს იყო მის სტეპლტონი, რადგან ამ ადგილებში სხვა ქალის ხილვის მოლოდინი ნაკლებად უნდა მქონოდა. ამას გარდა, ამ ქალზე გაგონილი მქონდა, მშვენიერი არსებააო, და მართლაც, ბილიკით მომავალი ქალი გასაოცარი სილამაზის პატრონი იყო - უჩვეულო სილამაზისა. უფრო მეტი განსხვავება და-ძმას შორის ძნელი წარმოსადგენი იყო. ძმა შეუხედავი, ქერა, ჭროღათვალებიანი, ეს კი - შავგვრემანი, რომლის მსგავსი ინგლისში არც მინახავს. პირდაპირ ცეცხლი იყო, მერე რა მოხდენილი, მოყვანილი, მაღალი. ამ ქალის ნატიფი, ამაყი ნაკვთები იმდენად სწორი იყო, რომ მრავლისმეტყველი ტუჩები და მშვენიერი შავი თვალების ელვისებური მზერა რომ არა, მისი სახე უსიცოცხლო გეგონებოდათ.
ძვირფას კაბაში მოხდენილად გამოკვალთული ასეთი იდეალური აღნაგობის არსების ხილვა უჩვეულო და მოულოდნელი იყო უკაცურ ბილიკზე, რომელიც ტორფის ჭაობებში მიიკლაკნებოდა. როცა მოვიხედე, ამ ქალის მზერა სტეპლტონისაკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ მაშინვე მოუჩქარა ნაბიჯს და ჩემთან მოვიდა. ქუდი მოვიხადე, გავემზადე, რომ ამეხსნა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, მაგრამ უეცრად მისმა სიტყვებმა ჩემი ფიქრები სულ სხვა მხარეს წარმართეს.
- მიატოვეთ აქაურობა! - მითხრა ქალმა, - და დაუყოვნებლივ გაემგზავრეთ ლონდონს.
ამის პასუხად სხვა ვერაფერი მოვახერხე, მხოლოდ შეძრწუნებული მზერა მივაპყარი. ქალმა მოუთმენლად და-ჰკრა ფეხი მიწას, მის თვალებში ნაპერწკალმა გაიელვა.
- რისთვის უნდა გავემგზავრო? - ვკითხე.
- ნუ ითხოვთ ახსნა-განმარტებას. - ქალი ლაპარაკობდა წყნარად, სწრაფად და ოდნავ ენამოჩლექით. - ღვთის გულისათვის, დამიჯერეთ! გაემგზავრეთ, რომ მეტად თქვენი ფეხი აღარ იყოს ამ ჭაობებში!
- კი მაგრამ, მე ხომ ეს არის ჩამოვედი!
- ღმერთო ჩემო, - შესძახა ქალმა, - ნუთუ არ გესმით, რომ თქვენთვის სიკეთე მინდა? გაემგზავრეთ ლონდონს! დღესვე! თქვენი აქ დარჩენა არ შეიძლება! ჩუ! ჩემი ძმა მოდის! სიტყვა არ დაძრათ მასთან... გეთაყვათ, მომიწყვიტეთ აი ის ჯადვარი. აქ ჩვენთან ბევრი ორქიდეაა, მაგრამ თქვენ ცოტა დაგაგვიანდათ: შემოდგომაზე ისინი უკვე ჭკნობას იწყებენ.
სტეპლტონმა თავი ანება პეპელას დევნას და ჩვენთან ერთიანად გაწითლებული და აქოშინებული მოვიდა.
- აჰ, ეს შენა ხარ, ბერილ! - თქვა მან, მაგრამ ამ მისალმებაში განსაკუთრებული გულთბილობა ვერ შევნიშნე.
- როგორ გირბენია, ჯეკ!
- ჰო, ციკლოპიდესის იშვიათ ეგზემპლარს დავედევნე. გვიან შემოდგომაზე აქ მათი ნახვა არც ისე ადვილია. წარმოიდგინე, რა საწყენია, ვერ დავიჭირე!
მშვიდი, დაუდევარი კიოლთი ლაპარაკობდა და თან თავისი პატარა ჭროღა თვალებით ხან მე შემომხედავდა, ხან დას.
- მგონი, გაცნობა უკვე მოგისწრიათ?
- დიახ, მე ვეუბნებოდი სერ ჰენრის, ახლა უკვე გვიან არის ჩვენი მიდამოების სილამაზით თვალის შექცევა - ჯადვარი უკვე ჭკნება-მეთქი.
- რაო? როგორ ფიქრობ, ვინ დგას შენ წინ?
- სერ ჰენრი ბასკერვილი.
- არა, არა - წარმოვთქვი მე. - ნუ მაჯილდოვებთ სხვისი ტიტულით. მე მხოლოდ სერ ჰენრის მეგობარი ვარ - ექიმი უოტსონი.
ქალის მეტყველ სახეს წყენის სიწითლემ დაუარა.
- მაშასადამე, ისე ვლაპარაკოდით, ერთიმეორისა არა გვესმოდა რა, - თქვა მან.
- არც ამდენი დრო გქონდათ სალაპარაკოდ, - თქვა სტეპლტონმა ისე, რომ გამომცდელი მზერა დისთვის არ მოუშორებია.
- ექიმი უოტსონი ჩვენს მეზობლად მივიჩნიე, - თქვა ქალმა. - მაგრამ, როგორც ვატყობ, მისთვის სულ ერთია, ჰყვავის ჯადვარი თუ ჭკნება. ისე ხომ მაინც შემოივლით ჩვენსას მერიპიტ-ჰაუსში?
რამდენიმე წუთში ჩვენ მივაღწიეთ შესახედავად პირქუშ ფერმას. შორეულ წარსულში ეს შენობა რომელიღაც შეძლებული მესაქონლის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი უფრო თანამედროვე ყაიდაზე გადაეკეთებინათ. ფერმას გარშემო პატარა ბაღი ერტყა. აქაც, ისევე როგორც მთელ ჭაობებზე, დაბალი, ჯუჯა, ჩია ხეები იზრდებოდა. მსახური, რომელმაც კარი გაგვიღო, ისეთივე იყო, როგორიც ამ სახლს შეეფერებოდა - მოხუცი, მთლად დანაოჭებული, ჩაყვითლებულ სერთუკში გახვეული. მაგრამ ოთახებმა თავიანთი სიდიდითა და მოხდენილობით გამაკვირვეს. ეს უკანასკნელი, ეტყობა, დიასახლისის გემოვნებას უნდა მიეწეროს. ფანჯრიდან გადავხედე უნაპირო, გრანიტის ლოდებით მოფენილ ჭაობს, რაც ჰორიზონტის ხაზამდე აღწევდა, და გავიფიქრე: `რამ მოიყვანა ამ მიყრუებულ მხარეში ეს განათლებული ადამიანი და მისი მშვენიერი და?~
- უცნაური ადგილი აგვირჩევია სამოსახლოდ, არა? - თქვა სტეპლტონმა თითქოს ჩემი ფიქრების პასუხად. - და მაინც აქ საუცხოოდ ვგრძნობ თავს. ხომ მართალია, ბერილ?
- ჰო, ძალიან კარგად, - მიუგო ქალმა, მაგრამ მის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდა.
- მე მკოლა მქონდა ჩრდილოეთის ერთ-ერთ საგრაფოში, - თქვა სტეპლტონმა. - ჩემი ტემპერამენტის ადამიანისათვის ასეთი საქმე ცოტა მშრალი და უინტერესოა, მაგრამ მე მიზიდავდა მჭიდრო კავშირი ახალგაზრდობასთან. რა ბედნიერებაა გადასცე მათ შენი ცოდნა, შენი იდეები, ხედავდე, როგორ ყალიბდებიან შენ თვალწინ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები! მაგრამ ბედმა გვიმუხთლა. სკოლაში ეპიდემიამ იფეთქა და სამი ყმაწვილი მოკვდა. ასეთი დარტყმის შემდეგ ვერ იქნა, ვერ გამოვასწორეთ საქმეები, ჩემი კაპიტალის მეტი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა. და მაინც, ჩემს საყვარელ ბავშვებთან განშორება რომ არა, მოხარულიც ვიქნებოდი ამ მარცხისა, რადგან ჩემსავით ბოტანიკით და ზოოლოგიით გატაცებული ადამიანისათვის აქ სამუშაოდ ხელუხლებელი და მდიდარი მხარეა. ამას გარდა, ჩემი დაც ბუნების არა ნაკლებ მოყვარულია. ეს აღსარება, ექიმო უოტსონ, თვითონვე დაიტეხეთ თავს: რა გრჯიდათ, რომ ასე ნაღვლიანად გადახედეთ ფანჯრიდან ჩვენს ჭაობებს!
- დიახ, არ უარვყოფ, მართლა მეჩვენა, რომ აქ ცხოვრება მოსაწყენია, თქვენთვის იმდენად არა, რამდენადაც თქვენი დიასახლისისათვის.
- არა, სულაც არა ვარ აქ მოწყენილი, - სწრაფად მომიგო ქალმა.
- ჩვენ მეცნიერულ მუშაობას ვეწევით, გვაქვს დიდი ბიბლიოთეკა და გვყავს ძალიან საინტერესო მეზობლები. ექიმი მორტიმერი თავის დარგში ფრიად ნაკითხი კაცია. უბედური სერ ჩარლზი აგრეთვე მშვენიერი თანამოსაუბრე იყო. ძალიან ახლოს ვიყავით ერთიმეორესთან, და არც კი შემიძლია გადმოგცეთ, როგორ გვიმძიმს ეს დანაკლისი. რას იტყვით, თუ დღეს ვინახულებ სერ ჰენრის? ხელს ხომ არ შევუშლი?
- დარწმუნებული ვარ, თქვენი გაცნობა ძალიან გაუხარდება.
- მაშინ სიკეთე მიყავით და შეატყობინეთ წინასწარ. იქნებ პირველ ხანებში, ვიდრე ახალ ადგილს არ შეეჩვევა, რამეში გამოვადგეთ. ახლა კი, ექიმო უოტსონ, ამობრძანდით ზევით, ფრთაქერცლოვანთა კოლექციას გიჩვენებთ. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ ასეთ სრულ კოლექციას ინგლისის ამ ნაწილში ვერსად ნახავთ. ხოლო იმ დროისათვის, როცა დათვალიერებას დავასრულებთ, საუზმეც მზად იქნება.
მაგრამ მე უკვე მიმეჩქარებოდა ჩემს მეურვეობაში მყოფ სერ ჰენრისთან. ჭაობების ნაღვლიანობამ, უბედური პონის დაღუპვამ, გამოუცნობმა ყმუილმა, რაც უეჭველად რაღაც კავშირში იყო შავბნელ ლეგენდასთან, ბასკერვილების გვარში რომ არსებობდა, - ფრიად ნაღვლიან გუნებაზე დამაყენა. ხოლო ამ მეტნაკლებად ბუნდოვან წარმოდგენებს თუ მის სტეპლტონის არცთუ ორაზროვანი სიტყვები დაემატებოდა, რომელთაც ისეთი დამარწმუნებელი ძალა ჰქონდა, რომ მათ სიმართლეში ეჭვიც არ მეპარებოდა, მაშინ ჩემი მოწყენისა და აჩქარების მიზეზი ადვილი ასახსნელი გახლდათ. უარი ვთქვი საუზმეზე, თუმცა დაჟინებით მეპატიჟებოდნენ, და იმავე ბილიკით შინისაკენ გავეშურე.
მაგრამ ამ ბილიკის გარდა აქ, ეტყობა, იყო მეორეც, უფრო მოკლე, რადგან გზაზე გასვლაც ვერ მოვასწარი, რომ მის სტეპლტონი დავინახე, პირდაპირ ჩემს თვალწინ აღიმართა, აწითლებული ლოყები კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ჰმატებდნენ. იჯდა გზის პირას ქვაზე, მძიმედ სუნთქავდა და მკერდზე ხელს იჭერდა.
- მინდოდა დაგწეოდით, ექიმო უოტსონ, და მთელი გზა სირბილით გამოვიარე, - თქვა ჩემს მიახლოებაზე. - ქუდის დახურვაც კი ვერ მოვასწარი. დაყოვნება არ შემიძლია, რადგან ძმა ჩემს არყოფნას შენიშნავს. მინდა მხოლოდ პატიება გთხოვოთ ჩემი უგუნური შეცდომისათვის: მე ხომ სერ ჰენრი მეგონეთ. გთხოვთ დაივიწყოთ ყველაფერი, რაც გითხარით, თქვენთან ამას არაფერი საერთო არა აქვს.
- როგორ შემიძლია ამის დავიწყება, მის სტეპლტონ! ჩემი მეგობრის, სერ ჰენრის ბედი ძალიან მაწუხებს. მითხარით, რატომ ითხოვდით ასე დაჟინებით მის გამგზავრებას ლონდონში?
- ქალის კაპრიზია, ექიმო უოტსონ! როცა უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს, თქვენ დარწმუნდებით, რომ ყოველთვის არ შემიძლია ავხსნა ჩემი სიტყვები და საქციელი.
- არა, არა! მე მახსოვს, რა აღელვებული იყავით. მახსოვს თქვენი თვალები. მის სტეპლტონ, გთხოვთ უფრო მეტი გულახდილობა გამოიჩინოთ, როგორც კი ამ ადგილებში ფეხი შემოვდგი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩემ გარშემო რაღაც ლანდები გროვდებიან. ისე დავდივარ, თითქოს გრიმპენის ჭანჭრობში ვიყო და ყოველ წუთს მემუქრებოდეს მწვანე შამბნარში ჩანთქმა. ამიხსენით, რას მანიშნებდით. და მე გადავცემ თქვენს გაფრთხილებას სერ ჰენრის.
გაურკვეველი გაუბედაობის ჩრდილმა გადაუქროლა სახეზე მის სტეპლტონს, მაგრამ წამიც არ გასულა, რომ მისი მზერა ისევ მკაცრი გახდა, და ასე მიპასუხა:
- მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას აძლევთ ჩემს სიტყვებს, ექიმო უოტსონ. სერ ჩარლზის სიკვდილმა შეგვაძრწუნა მე და ჩემი ძმა. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით განსვენებულს, რადგანაც ამ ბილიკზე უყვარდა სეირნობა, ჩვენი სახლისაკენ რომ მოდის. ლეგენდა იმ წყევლაზე, რაც ტვირთად აწევს ბასკერვილების გვარს, სერ ჩარლზს სულს უმძიმებდა. როცა კატასტროფა მოხდა, მე გავიგე, რომ მისი შიში არ იყო უსაფუძვლო. ახლა ძალიან მაწუხებს სერ ჩარლზის მემკვიდრის ჩამოსვლა, და საჭიროდ მივიჩნიე მისი გაფრთხილება, რათა დროზე გაერიდოს საფრთხეს, რაც თავს დასტრიალებს. აი, სულ ეს არის, სხვა არაფერი მქონდა სათქმელი.
- მაინც რა საფრთხეა ეს?
- გაგიგონიათ თქმულება ძაღლზე?
- ამ სისულელის არ მჯერა!
- მე კი მჯერა. თუ გაქვთ თუნდაც მცირეოდენი ზეგავლენა სერ ჰენრიზე, დაუყოვნებლივ წაიყვანეთ აქედან. ეს ადგილი საბედისწეროა ბასკერვილებისათვის. ქვეყანა დიდია. რატომ უნდა იცხოვროს სერ ჰენრიმ მაინცდამაინც აქ, სადაც საფრთხე ემუქრება?
- აი, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა აქ დასახლება. ასეთი ხასიათი აქვს ამ ადამიანს, და თუ უფრო გარკვევით არ მეტყვით, ძალიან გამიჭირდება მისი აქედან წაყვანა.
- არ შემიძლია უფრო გარკვეული ცნობების მოცემა იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი არ გამაჩნია.
- მაშინ, მის სტეპლტონ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი რამ გკითხოთ. თუ ეს ყველაფერია, რისი თქმაც გინდოდათ, რატომღა გეშინოდათ, რომ ძმას არ გაეგონა? ჩემი აზრით, აქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლებოდა არ მოსწონებოდა მას, ან ვინმე სხვას.
- ჩემს ძმას არაფრით არ უნდა, რომ ბასკერვილ-ჰოლი დაცარიელდეს. ეს ზიანს მიაყენებს საბრალო ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს, ამ ჭაობებში. საშინლად გაბრაზდებოდა ჩემზე, რომ გაეგო, როგორ ვცდილობ სერ ჰენრიზე ზეგავლენის მოხდენას. მაგრამ მე ჩემი ვალი მოვიხადე და მეტს ჩემგან ვეღარაფერს გაიგონებთ. ახლა კი უნდა წავიდე, თორემ ეჭვს აიღებს, რომ თქვენ გესაუბრებოდით, მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
ამ სიტყვებზე შებრუნდა და კაჭრებს შორის გაქრა, მე კი, რაღაც გაურკვეველი შიშით ატანილი, ბასკერვილ-ჰოლისაკენ გავეშურე.
თავი VIII
[რედაქტირება]ექიმ უოტსონის პირველი ანგარიში
[რედაქტირება]ამ დღიდან დაწყებული, საქმეების მსვლელობას გადმოგცემთ შერლოკ ჰოლმსისადმი მიმართული ჩემი წერილებით, რომლებიც ჩემ წინ აწყვია მაგიდაზე. ყველა წერილი შენახულია, ერთი დაკარგული ფურცლის გარდა, და ისინი ყველა ჩემს აზრსა და ეჭვს უკეთ გადმოსცემენ, ვიდრე ამას თვითონ მოვახერხებდი, მარტოოდენ მეხსიერებას რომ დავყრდნობოდი, თუმცა არც მეხსიერებიდან წაშლილა იმ დღეების ტრაგიკული მოვლენები.
ბასკერვილ-ჰოლი
13 ოქტომბერი
ძვირფასო ჰოლმს!
ჩემი ადრინდელი წერილებისა და დეპეშების მიხედვით თქვენ იცით, რაც მოხდა უკანასკნელ ხანს ქვეყნიერების ამ ყველაზე უფრო მიყრუებულ კუთხეში. რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობთ ამ მიდამოებში, მით უფრო მეტად და მეტად ღრღნის სულს ნაღვლიანობა ამ ჭაობთა, ამ უსაზღვრო სივრცეებისა, რომლებიც, სხვათა შორის არ არიან მოკლებულნი თავისებურ კუშტ მომხიბვლელობას. საკმარისია გარეთ გავიდე, ამ სივრცეებს გავხედო და უეცრად ვგრძნობ, რომ თანამედროვე ინგლისი სადღაც უკან რჩება, მის ნაცვლად კი გარშემო ხედავ მხოლოდ საცხოვრებელთა კვალს, წინაისტორიული ადამიანის ნახელავსა და ნამუშევარს. ეს დიდი ხნის წინ გამქრალი ტომი თავის თავს მოგვაგონებს ყველგან - აი, მისი ქოხები, აი საფლავები, აგერ უზარმაზარი ქვის ლოდები, დარჩენილნი იმ ადგილას, სადაც ალბათ მათი საკერპეები იყო. შესცქერი პრიმიტიული იარაღით დასერილ გორაკთა ფერდობებს, სადაც მიტმასნილან რუხი ქოხები და გავიწყდება, რომელ საუკუნეში ცხოვრობ. უეცრად რომ ერთ-ერთი ქოხის დაბალ კარში გამოჩნდეს მხეცის ტყავიანი ბანჯგვლიანი არსება, მშვილდი მოზიდოს და ისარი ისროლოს, უთუოდ იგრძნობთ, რომ აქ მისი ყოფნა უფრო ბუნებრივია, ვიდრე თქვენი. ყველაზე უფრო უცნაური ისაა, რომ ეს ადამიანები ასე მჭიდროდ დასახლებულან აქაურ უნაყოფო მიწებზე. არქეოლოგი არა ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ მეომარ ხალხს არ უცხოვრია, უფრო მგონია, რომ ეს იყო დაჩაგრული ტომი, რომელიც კმაყოფილდებოდა იმით, რაზედაც უარს ამბობდნენ სხვები.
მაგრამ ყოველივე ამას არაფერი საერთო არა აქვს ამ მიდამოებში ჩემს ყოფნასთან, და ალბათ სულაც არ არის საინტერესო ისეთი ჭეშმარიტად პრაქტიკული ადამიანისათვის, როგორიც თქვენ ხართ. აქამდე არ შემიძლია დავივიწყო თქვენი გულგრილობა საკითხისადმი, მზე ტრიალებს დედამიწის გარშემო თუ პირიქით, დედამიწა მზის გარშემო. მაშ, გადავიდეთ ფაქტებზე, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ სერ ჰენრი ბასკერვილთან.
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ ჩემგან არ მიგიღიათ არავითარი ცნობა იმ უბრალო მიზეზებით, რომ მოსათხრობი არაფერი მქონდა. მაგრამ შემდეგ მოხდა ერთი უცნაური ამბავი, რასაც თავის დროზე შეგატყობინებთ, ახლა კი გავარკვიოთ სხვა გარემოებები, რომელთაც არცთუ ისე მცირე მნიშვნელობა აქვთ ჩვენი საქმისათვის.
ერთი ამ გარემოებათაგანი - ფრიად არსებითი, თუმცა სულაც არ მომიხსენებია ჩემს წერილებში - ესაა კატორღელი, რომელიც ჭაობებში იმალება. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მან მიატოვა აქაურობა. მარტოხელა ფერმერთა საბედნიეროდ და სასიხარულოდ. ორი კვირაა, რაც გაიქცა და მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი კაციშვილმა არ იცის. ძნელი წარმოსადგენია, ამ ხნის განმავლობაში აქაურ ჭაობებში ადამიანს როგორ უნდა ეარსება. მართალია, დასამალი ადგილი ბევრია, ყოველი ქვის ქოხი გამოადგებოდა თავშესაფრად, მაგრამ უჭმელად ხომ ვერ გაძლებდა! იქნებ ცხვრებს კლავს და ჭამს, არა! კატორღელი უდავოდ წავიდა ამ ჭაობებიდან, ამიტომაც შორეული ფერმების მცხოვრებნი ახლა დამშვიდებით იძინებენ.
ჩვენ, ოთხი ჯანმრთელი, ღონიერი ვაჟკაცი, რომლებიც ბასკერვილ-ჰოლში ვცხოვრობთ, თუ გაჭირდა, ვალში არ დავრჩებით არავის, მაგრამ, გამოგიტყდებით: სტეპლტონებზე რომ ვფიქრობ, მოსვენება მეკარგება. ახლო მეზობლები მათ არა ჰყავთ, ასე რომ, რაიმე დახმარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. მოსამსახურე ქალი, მოხუცი ლაქია, და და-ძმა, - ეს უკანასკნელი კი, ეტყობა, სულაც არაა ძალგულოვანი, - აი, მერიპიტ-ჰაუსის მთელი მოსახლეობა. ესენი სრულიად უმწეონი აღმოჩნდებიან ამ ნოტინგჰილელი მკვლელის წინაშე, თუ მათ სახლში შეიჭრება. მე და ჰენრი ძლიერ ვწუხდით მათზე და კიდევაც გვინდოდა, რომ მეჯინიბე პერკინსს ღამეები მერიპიტ-ჰაუსში გაეთია, მაგრამ სტეპლტონმა ამისი გაგონებაც არ ისურვა.
საქმე ის არის, რომ ჩვენი მეგობარი ბარონეტი ძლიერ ინტერესს ამჟღავნებს ჩვენი მშვენიერი მეზობლის მიმართ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასეთ ცოცხალ ადამიანს მოწყენილობა აწუხებს ამ მიყრუებულ მხარეში, ხოლო ეს ქალი, უნდა სიმართლე ითქვას, მომაჯადოებელი, მშვენიერი არსებაა. არის მასში რაღაც ეგზოტიკური სიფიცხე, თავისი სრულიად გულგრილი და თითქოს ვნებადამცხრალი ძმის საწინააღმდეგოდ. თუმცა მის ძმაშიც იგრძნობა რაღაც დაფარული ცეცხლი. ყველაფრიდან ჩანს, რომ დაზე ერთობ ძლიერი ზეგავლენა აქვს. არა ერთხელ დამიჭერია ქალიშვილის მზერა, როცა ძმას შეჰყურებს ხოლმე და თავის ნათქვამზე მისი კვერის დაკვრას ელოდება. მინდა იმედი მქონდეს, რომ ერთმანეთს შორის თანხმობა აქვთ. ასეთი მშრალი სხივი თვალებში და ასეთი თხელი, მოკუმული ბაგეები ხშირად მოწმობენ მტკიცე, შესაძლოა მკაცრ ხასიათზეც. ყოველ შემთხვევაში, ეს ნატურალისტი, საინტერესო ტიპია. თქვენს ცნობისმოყვარეობას უსათუოდ აღძრავდა.
სტეპლტონმა სერ ჰენრი ჩამოსვლის დღესვე ინახულა. მეორე დღეს კი წაგვიყვანა იქ, სადაც მოხდა ამბავი, დაკავშირებული უზნეო ჰუგოზე არსებულ ლეგენდასთან. რამდენიმე მილი გავიარეთ ჭაობების სიღრმეში და აღმოვჩნდით პატარა ველზე, ისეთ ნაღვლიანსა და დუხჭირ ადგილას, რომ თავისთავად შეიძლებოდა ასეთი ლეგენდის ჩასახვისათვის ხელი შეეწყო. ვიწრო გასასვლელმა ორ დაფშვნილ ქვის სვეტს შორის გაშლილ მდელოზე გაგვიყვანა, მოლი ჭაობის ბალახით იყო დაფარული. შუაში ეგდო ორი უზარმაზარი ლოდი, რომლებსაც თავები წამწვეტებული ჰქონდათ და რომელიღაც ურჩხულის გიგანტურ დამპალ ეშვებს მოგვაგონებდნენ. აქ ყველაფერი ზუსტად შეესატყვისება იმ სცენის აღწერილობას, რომელზედაც ეს ძველი ტრაგედია მოხდა. სერ ჰენრი ცნობისმოყვარეობით იხედებოდა აქეთ-იქით და სულ ეკითხებოდა სტეპლტონს, ნუთუ მართლა გჯერათ ადამიანთა საქმეებში ზებუნებრივი ძალების ჩარევის შესაძლებლობისო. დაუდევარი კილო ჰქონდა, მაგრამ ვატყობდი, ყოველივე ამას ძლიერ სერიოზულად ეკიდებოდა. სტეპლტონი თავშეკავებულად პასუხობდა, ბევრ რამეს არ ამბობდა ბოლომდე და აშკარად უფრთხილდებოდა ახალგაზრდა ბარონეტის გრძნობებს. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გვიამბო, როცა ესა თუ ის გვარი თაობიდან თაობამდე განიცდიდა რაიმე უკეთური ძალების ზეგავლენას, და მთელი ამ მოთხრობების მოსმენის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სტეპლტონს ბევრი სხვა ადგილობრივი მცხოვრების მსგავსად სწამს ლეგენდა ბასკერვილების ძაღლზე.
უკან რომ ვბრუნდებოდით, სასაუზმოდ მერიპიტ-ჰაუსში შევუხვიეთ და სერ ჰენრი მის სტეპლტონს მაშინ გაეცნო. პირველსავე გაცნობაზე გაიტაცა ამ ქალმა, და ვგონებ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს ორმხრივი გრძნობაა. როცა შინ ვბრუნდებოდით, ერთთავად იმ ქალიშვილზე ლაპარაკობდა, და მას შემდეგ არ გასულა თითქმის არც ერთი დღე, რომ არ ვინახულოთ სტეპლტონები. დღეს ისინი ჩვენთან სადილობენ, ხოლო სერ ჰენრი უკვე მომავალ კვირას მათთან წასვლაზე ლაპარაკობს.
ერთი შეხედვით სტეპლტონი დისათვის უკეთეს ქმარს ვერც ინატრებდა. მიუხედავად ამისა, არა ერთხელ შემინიშნავს, რომ იგი შუბლს იკრავს, როცა სერ ჰენრი მისი დის მიმართ ყურადღებას იჩენს. სტეპლტონი, ეტყობა, ძლიერ მიეჩვია თავის დას, ალბათ მარტოობა აშინებს, მაგრამ ეს ხომ ეგოიზმის უმაღლესი სახეა! - ხელი შეუშალო ასეთ ბრწყინვალე წყვილს - ეს ხომ დანაშაულია? ამის მიუხედავად ფაქტი ფაქტია - სტეპლტონს აშკარად არ სურს, რომ ეს მეგობრობა გადაიქცეს სიყვარულად, და, ჩემი დაკვირვებით, ყოველნაირად ცდილობს მარტო არ დატოვოს ისინი. სხვათა შორის, თუ საქმე ძლიერ გატაცებამდე მივა, მდგომარეობა გართულდება და მაშინ თქვენი დარიგების შესრულება, სერ ჰენრის თვალს ნუ მოაცილებო, თითქმის შეუძლებელი გახდება. ხოლო თუ მკაცრად მივყვები ჩემთვის მოცემულ ბრძანებას, თვითონვე განსაჯეთ, როგორ შეარყევს ეს აქ ჩემს რეპუტაციას.
ამ დღეებში, უფრო ზუსტად ხუთშაბათს, ჩვენთან ისაუზმა ექიმმა მორტიმერმა. მან `გრძელ დაბლობად~ წოდებულ ყურღანში გათხრების შედეგად იპოვა წინაისტორიული ადამიანის თავის ქალა, რამაც აუწერელი სიხარული მოჰგვრა. თავისი საქმის მეორე ასეთ ენთუზიასტს, ვგონებ, ვერც იპოვით. საუზმის შემდეგ მოვიდნენ სტეპლტონები, და სერ ჰე-ნრის თხოვნით კეთილმა ექიმმა ყველანი ურთხელის ხეივანში წაგვიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოხდა ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს. ეს ხეივანი კარგა გრძელია. სანახავად პირქუში და ჩაბნელებული. ორივე მხრიდან მჭიდრო კედლად გასდევს შეკრეჭილი ურთხელების რიგი და ბუსნოს ვიწრო ზოლები. მის ბოლოში დგას ნახევრად დანგრეული საჩრდილობელი. სწორედ შუაში ჭაობებზე გამავალი ჭიშკარია. ამ ჭიშკართან დაცვივნულა მოხუცი ბასკერვილის სიგარის ფერფლი. ჭიშკარი ხისაა, თეთრად შეღებილი და ურდულით დაკეტილი. მის იქით გადაჭიმულია უნაპირო ჭაობები. მე გავიხსენე თქვენი თეორია აქ მომხდარ ამბებზე და შევეცადე წარმომედგინა, როგორ მოხდა ყოველივე ეს. ჭიშკართან მდგომმა ბასკერვილმა შენიშნა, როგორ უახლოვდებოდა ჭაბებიდან რაღაც და ისე შეეშინდა ამ ჩვენებისა, რომ თავგზა დაკარგა, და მანამ გარბოდა, ვიდრე ელდისა და დაქანცულობისაგან მკვდარი არ დაეცა. იგი გრძელ, დაბურულ ხეივანში გარბოდა, მაგრამ რამ ან ვინ გააქცია? რომელიმე მეცხვარის ქოფაკმა, რომელიც ჭაობებში დაძრწოდა? თუ უზარმაზარი ძაღლის შავმა, უხმო ლანდმა? ან იქნებ ამაში ადამიანის ხელი ურევია? იქნებ ფერმკრთალი, ფრთხილი ბერიმორი ნაკლებს ლაპარაკობს, ვიდრე იცის? გაურკვევლობის ბურუსითა და ნისლითაა მოცული ყველაფერი და ვფიქრობ, დანაშაული ამის იქით იფარება.
მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გწერდით, მოვახერხე კიდევ ერთი აქაური მეზობლის - დეფტერ-ჰოლის მკვიდრის - მისტერ ფრენკლენდის გაცნობა, რომელიც, სამხრეთ მხარეზე, ჩვენგან ოთხი მილის დაშორებით ცხოვრობს. ეს ჭაღარა, მწითური მოხუცი მეტად ღვარძლიანია. მისტერ ფრენკლენდი გადარეულია ბრიტანეთის კანონმდებლობაზე. მას მთელი ქონება ყოველნაირ საჩივრებზე გაუნიავებია. სასამართლო პროცესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის მართავს. ხან მოსარჩელის როლში გამოდის, ხან მომჩივანისა, და ასეთი გართობა, თვითონაც მოგეხსენებათ, ცოტა ძვირი ჯდება. უცბად თავში მოუვა და თავის მამულზე გავლას აკრძალავს - დე, სამრევლო საბჭომ დაამტკიცოს, რომ ეს სწორი არ არისო. შემდეგ საკუთარი ხელით დაამტვრევს ვინმეს ჭიშკარს და განაცხადებს, აქ ადამის ჟამიდან საქვეყნო გზა იყოო, - კეთილი ინებოს ადგილის პატრონმა და უჩივლოს სხვისი მიწის საზღვრების დამრღვევს. ზეპირად იცის ძველი სათემო სამართალი და თავის ცოდნას ზოგჯერ მეზობელი სოფლის - ფერნვორსის ინტერესებისათვის იყენებს, ზოგჯერ კი მის საწინააღმდეგოდ, ასე რომ, სოფლის მცხოვრებნი ხან ზეიმით დაატარებენ ქუჩებში, ხანაც სიმბოლურად წვავენ კოცონზე. ამბობენ, რომ ახლა მისტერ ფრენკლენდი ერთად აწარმოებს შვიდ საჩივარს, რომლებიც უეჭველად შთანთქავენ მისი ქონების დარჩენილ ნაწილს. ამრიგად იგი დაკარგავს შხამიან ნესტარს და სრულიად უწყინარ, მშვიდობიან მოხუცად იქცევა. სხვა მხრივ ეს არის გულჩვილი, თვინიერი კაცი და მე მხოლოდ იმისათვის ვახსენებ, რომ თქვენვე ითხოვთ ჩემგან ყველა მეზობლის აღწერას. ახლა მისტერ ფრენკლენდმა მეტად უცნაური თავშესაქცევი საქმე იპოვა. როგორც ასტრონომ-მოყვარულს, მას მშვენიერი ჭოგრიტი აქვს და მთელი დღეები თავისი სახლის სახურავიდან ჭაობებს აკვირდება, იმ იმედით, რომ გაქცეულ კატორღელს იპოვის. მისტერ ფრენკლენდს რომ თავისი ჯერაც დაუხარჯავი ენერგია მარტო ამ საქმისათვის მოეხმარებინა, ყველაფერი საუცხოოდ იქნებოდა, მაგრამ დადის ხმები, თითქოს განზრახული აქვს პასუხისგებაში მისცეს ექიმი მორტიმერი იმისათვის, რომ ვიღაცის საფლავი გათხარა ისე, რომ ახლო ნათესავების ნებართვაც არ აუღია. როგორც უკვე ხვდებით, ლაპარაკია ნეოლითის ადამიანზე, რომლის თავის ქალაც იპოვა ექიმმა გრძელი დაბლობის ყურღანის გათხრის დროს. დიახ, მისტერ ფრენკლენდს ერთგვარი ნაირფეროვნება შეაქვს ჩვენს ცხოვრებაში, რაც ახლა ჰაერივით გვესაჭიროება.
ახლა, როცა შეგატყობინეთ ყველაფერი, რაც შემეძლო - გაქცეულ კატორღელზე, სტეპლტონებზე, ექიმ მორტიმერზე და მისტერ ფრენკლენდზე ლეფტერ-ჰოლიდან, თქვენთვის ყველაზე უფრო საყურადღებო საგანზე გადავდივარ და მოგიყვებით ბერიმორებზე, კერძოდ იმ ამბებზე, რომლებიც წუხელის ღამით მოხდა.
დავიწყებ იმ დეპეშიდან, რომელიც ლონდონიდან გამოვაგზავნეთ იმ მიზნით, რომ დავრწმუნებულიყავით, იმ დღეს ბერიმორი ადგილზე იყო, თუ არა. თქვენ უკვე იცით ჩემი საუბრის შინაარსი ფოსტის უფროსთან, საიდანაც გამოირკვა, რომ თქვენმა შემოწმებამ არაფერი არ მოგვცა და საჭირო ცნობა ვერ მივიღეთ. ეს ამბავი სერ ჰენრის ვუთხარი, მან მისთვის ჩვეული უშუალობით იმწამსვე დაიბარა ბერიმორი და დეპეშის ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა. ბერიმორმა თქვა, რომ დეპეშა ნამდვილად გადასცეს.
- ბავშვმა თავისი ხელით ჩაგაბარათ? - ჰკითხა სერ ჰენრიმ.
ბერიმორმა გაკვირვებით შეხედა და ერთი წუთი ჩაფიქრდა.
- არა, - თქვა მან. - მაშინ სხვენზე ვიყავი და დეპეშა ცოლმა გადმომცა.
- პასუხი თქვენ დაწერეთ?
- არა, ცოლს ვუთხარი, როგორ უნდა დაეწერა, ისიც ჩავიდა სხვენიდან და დაწერა.
საღამოს ბერიმორი თვითონვე დაუბრუნდა ამ თემას.
- სერ ჰენრი, კარგად ვერ გავიგე, რისთვის მეკითხებოდით იმ დეპეშაზე, - ნუთუ რაიმე დავაშავე და თქვენი ნდობა დავკარგე?
სერ ჰენრი შეეცადა ბერიმორი დაერწმუნებინა, რომ მისდამი კეთილად იყო განწყობილი და საკმაოდ ბევრი ძველი ნივთი აჩუქა, რადგან ყველაფერი, რაც ლონდონში შეიძინა, უკვე ბასკერვილ-ჰოლში იყო ჩამოტანილი.
ძალიან დამაინტერესა მისის ბერიმორმა. ამ წარმოსადეგ, პატივსაცემ მანდილოსანს პურიტანული სიწმინდისაკენ მიდრეკილება ეტყობა, არცთუ ბრწყინვალე ჭკუისაა. ერთი შეხედვით ძნელია უფრო აუღელვებელი არსების წარმოდგენა. მაგრამ თქვენ უკვე იცით, რომ აქ პირველსავე ღამეს გავიგონე მწარე ქვითინი, და მას შემდეგ არა ერთხელ შემინიშნავს ცრემლის კვალი მის სახეზე. ამ ქალს ღრღნის რაღაც მძიმე კაეშანი. ზოგჯერ თავში ასეთი ფიქრი მომდის: ეს შებღალული სინდისის ქენჯნა ხომ არ არის-მეთქი? მერე ეჭვი მეპარება, რომ ბერიმორი ოჯახში ტირანია. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ეს საეჭვო პირია, უცნაურია, ხოლო წინა ღამის მოვლენებმა საბოლოოდ გააძლიერეს ჩემი ეჭვი.
თუმცაღა, თავისთავად ეს მოვლენა არც ისე მნიშვნელოვანია. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მე ფხიზელი ძილი ვიცი, ხოლო აქ, ბასკერვილ-ჰოლში, სადაც ასი ყური უნდა გამოვისხა, განსაკუთრებით ფხიზლად მძინავს. გუშინ ღამით, ასე ორ საათზე, ჩემი ოთახის ახლოს ფრთხილი ნაბიჯების ხმა მომესმა. ავდექი, კარი გავაღე და დერეფანში გავიხედე. ვიღაცის გრძელი შავი ჩრდილი დავლანდე. ეს იყო ჩრდილი ადამიანისა, რომელიც სანთლით ხელში ძლივს გასაგონი ნაბიჯებით მიჰყვებოდა დერეფანს. ფეხშიშველა იყო, შარვალი ეცვა და თხელი პერანგი. მხოლოდ სახის ბუნდოვანი მოხაზულობა დავინახე, მაგრამ სიმაღლის მიხედვით გავარკვიე, რომ ბერიმორი იყო. ნელა მიდიოდა, წყნარად, და მის ყოველ მოძრაობაში იყო რაღაც ქურდული, დაძაბული, სიფრთხილის მანიშნებელი.
ჩემი წერილებიდან უკვე იცით, რომ ორივე დერეფანს გალერეა ჰკვეთს, რომელიც ჰოლს გარს ევლება. დაველოდე, ვიდრე ბერიმორი თვალს მიეფარებოდა და მერე მივყევი. როცა გალერეაში გავედი, უკვე გრძელი დერეფნის სულ ბოლოში იყო გასული, შემდეგ ერთ-ერთი ღია ოთახის კარში შუქმა იელვა - მაშასადამე, იმ ოთახში შევიდა. უნდა გითხრათ, რომ ეს საცხოვრებელი ოთახები არაა და მათში ავეჯიც კი არ დგას, მაშასადამე, ბერიმორის საქციელი სრულიად ამოუხსნელი ხდებოდა. ოთახში შესული, ეტყობა, უძრავად იდგა, რადგანაც სანთლის ალი არ ირხეოდა. რაც შეიძლება უხმაუროდ გავიარე დერეფანი და ოთახში შევიჭვრიტე.
ბერიმორი განაბული იდგა ფანჯარასთან, თითქოს სარკმელს ზედ მიჰკვრიაო, სანთელიც ზედ მინასთან მიეტანა. პროფილში დავინახე - დაძაბულ მოლოდინში გაშეშებული სახე, მზერა ჭაობთა კუნაპეტი სიბნელისათვის მიეპყრო; ასე იყურებოდა ფანჯრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. მერე წყნარად დაიკვნესა და მოუთმენელი მოძრაობით ჩააქრო სანთელი. მაშინვე დავბრუნდი ჩემს ოთახში და მალე გავიგონე იმავე ფრთხილი ნაბიჯების ხმა დერეფნიდან. რულმორეულს დიდი ხნის შემდეგ მომესმა, როგორ გადატრიალდა სადღაც გასაღები, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ხმა, ვერ გავარჩიე. რას ნიშნავს ყოველივე ეს, არც ამის თქმა შემიძლია, მაგრამ ამ პირქუშ სახლში ხდება რაღაც ბნელი საქმეები, რომელთა არსს დღესა თუ ხვალ გავარკვევთ. არ მინდა შეგაწუხოთ ამაზე საკუთარი თეორიებით, რადგან ჩემგან ითხოვდით მხოლოდ ფაქტების შეტყობინებას. დღეს დილით მე და სერ ჰენრიმ დიდხანს ვილაპარაკეთ და შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა, რომელიც ჩემს ღამის დაკვირვებებს ემყარება. მაგრამ ამაზე შემდეგ წერილში გიამბობთ, რადგან საქმისათვის ასე სჯობია.
თავი IX
[რედაქტირება]ექიმ უოტსონის მეორე ანგარიში
[რედაქტირება]ბასკერვილ-ჰოლი
15 ოქტომბერი
ძვირფასო ჰოლმს!
თუ თქვენი დესპანი აქ ჩამოსვლის პირველ ხანებში არ განებივრებდათ ახალი ამბებით, აღიარეთ, რომ ახლა ამ ხარვეზს ერთიორად ანაზღაურებს, რადგან მოვლენები სწრაფად მისდევენ ერთიმეორეს. ჩემი უკანასკნელი ანგარიში ცარიელ ოთახში ფანჯარასთან მდგარ ბერიმორის დრამატული აღწერით დავასრულე. მას შემდეგ შევკრიბე ახალ მოვლენათა მთელი კრიალოანი, რაც უეჭველად გაგაოცებთ. სულ არ ველოდი, თუ საქმის ვითარება ასე შემოტრიალდებოდა. უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში მდგომარეობას ერთი მხრივ საგრძნობლად მოეფინა შუქი, მეორე მხრივ - კიდევ უფრო დაიხლართა. მაგრამ ჯობს ყოველივე დაწვრილებით მოგითხროთ, რომ თვითონვე შეგეძლოთ განსჯა.
ჩემი ღამის თავგადასავლის შემდეგ, მეორე დილით, საუზმის წინ ოთახი დავათვალიერე, ღამით ბერიმორი რომ შევიდა. ფანჯარას, რომელშიაც ის დაჟინებით იხედებოდა, ყველა სხვა ფანჯრებთან შედარებით აქვს ერთი უპირატესობა: აქედან ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ იშლება მთელი ჭაობების მიდამო. ორ ხეს შორის სივრცეში მთელი ჭაობი ხელისგულივით მოჩანს. სხვა ფანჯრებიდან კი თითქმის ვერაფერი დაინახება. მაშასადამე, ბერიმორმა ეს ფანჯარა იმისათვის აირჩია, რომ დაენახა ვინმე ან რამე ტორფის ჭაობებში. თუმცა, ღამე ბნელი იყო და მე არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა. ამიტომ აზრად მომივიდა: ხომ არ არის ეს რაიმე სასიყვარულო ინტრიგა-მეთქი? მაშინ ყველაფერი გასაგები გახდება - სიფრთხილე, რითაც ბერიმორი მოქმედებს და მისი ცოლის ტანჯვაც. ასეთი გარეგნობის პატრონს თავისუფლად შეუძლია დაატყვევოს რომელიმე სოფლელი ქალიშვილის გული, ასე რომ, ეს ვარაუდი არცთუ უსაფუძვლოა. მაშინ, ოთახში რომ დავბრუნდი, ხომ კარის გაღების ხმა გავიგონე. ალბათ ბერიმორი საიდუმლო პაემანიდან დაბრუნდა. ასეთი აზრები ყოველ დილით მოსვენებას მიკარგავდნენ. შემდეგისათვის ჩემი მოსაზრება შეიძლება უსაფუძვლოც გამოდგეს, მაგრამ ამის მიუხედავად, აუცილებლად მიმაჩნია მათი თქვენთვის შეტყობინება.
ვიდრე ბერიმორის მოქმედების მოტივებს მეტი შუქი მოეფინება, ვგრძნობ, მეტისმეტად დიდ პასუხისმგებლობას ავიღებდი ჩემს თავზე, თუ იმღამინდელ ამბებზე არაფერს მოგწერდით. საუზმის შემდეგ მე და ბარონეტი კაბინეტში შევედით და მას ყოველივე ვუამბე. ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამას სერ ჰენრი საკმაოდ გულგრილად შეხვდა.
- მე ვიცი, რომ ბერიმორი ღამღამობით დასეირნობს, და დიდი ხანია ვემზადები მასთან მოსალაპარაკებლად, - თქვა მან მშვიდად. - არა ერთხელ გამიგონია მისი ნაბიჯის ხმა დერეფანში, დაახლოებით იმავე საათებში, როცა თქვენ ამბობთ.
- იქნება ყოველ ღამე მიდის იმ ფანჯარასთან?
- შეიძლება. ხოლო თუ ასეა, უნდა დავზვეროთ და გავიგოთ რას აკეთებს იქ. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში თქვენი მეგობარი ჰოლმსი?
- დარწმუნებული ვარ, ისიც ამასვე გააკეთებდა, - ვუპასუხე მე. - ჩუმად გაედევნებოდა და გაიგებდა, რას საქმიანობდა ბერიმორი ოთახში ფანჯარასთან.
- მაშინ მოდით. ეს ერთად გავაკეთოთ.
- ასე ხომ გაგვიგებს!
- ვერა. ბერიმორს ცოტა ყურს აკლია, ესეც არ იყოს, რისკი ხომ უნდა გავწიოთ. ჩემთან დაველოდოთ ოთახში და მერე უკან მივყვეთ.
- სერ ჰენრიმ სიამოვნებისაგან ხელები დაისრისა, ალბათ იმით გახარებულმა, რომ რაღაც ნაირფეროვნება მაინც შეგვეძლო შეგვეტანა ჩვენს მოსაწყენ ცხოვრებაში.
ბარონეტმა უკვე მოასწრო მოლაპარაკება იმ ხუროთმოძღვართან, რომელმაც სერ ჩარლზისათვის ახალი მშენებლობის გეგმა მოამზადა, ლონდონიდან მენარდე მოიწვია, ასე რომ მოკლე ხანში აქ მოსალოდნელია დიდი ცვლილებები. პლიმუტიდან ჩამოვიდნენ დეკორატორები და მეავეჯეები. ყველაფრიდან ჩანს, რომ ჩვენი მეგობარი ფართო ნაბიჯებით მიდის წინ და არ დაზოგავს არც შრომას, არც ფულს, რათა თავისი გვარის ოდინდელი დიდება აღადგინოს. როცა სახლს ახლებურად მოაწყობს, ბარონეტს ცოლის შერთვაღა დასჭირდება და სურათიც დასრულებული იქნება. ჩვენ შორის რომ ითქვას, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ საქმის მოგვარება არ გაჭირდება, რადგან სერ ჰენრი ისეა გატაცებული მომაჯადოებელი მის სტეპლტონით, რომ მეტი აღარ შეიძლება. თუმცა რომანი არც ისე იოლად ვითარდება, როგორი მოლოდინიც მსგავს გარემოებაში შეიძლებოდა გვქონოდა. მაგალითად, დღეს მათ ურთიერთობას ოდნავ შესამჩნევი ბზარი დაეტყო, რამაც ჩვენი მეგობარი ძლიერ გააოცა და შეაწუხა.
ბერიმორზე საუბრის შემდეგ სერ ჰენრიმ ქუდი მოიხადა და სადღაც წასასვლელად გაემზადა. მეც, რა თქმა უნდა, იგივე გავაკეთე.
- ჩემთან მოდიხართ, უოტსონ? - მკითხა და რაღაც უცნაურად შემომხედა.
- ეს დამოკიდებულია იმაზე, საით მიდიხართ. თუ ჭაობებში - კი, - ვუპასუხე მე.
- ჭაობებში.
- ხომ იცით, რა განკარგულებები მაქვს მიღებული? არ მინდა ხელი შეგიშალოთ, მაგრამ ჰოლმსს ჩემთვის თქვენი მარტო დატოვების უფლება არ მოუცია, მეტადრე ჭაობებში. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცით.
სერ ჰენრიმ კეთილი ღიმილით დამკრა ხელი მხარზე.
- ძვირფასო მეგობარო, - მითხრა მან, - მთელი თავისი გამჭრიახობისა და საზრიანობის მიუხედავად ჰოლმსს არ შეეძლო წინასწარ დაწვრილებით გამოეცნო, როგორ წარიმართებოდა აქ ჩემი ცხოვრება. გამიგეთ? სხვა ვინმესი რა მოგახსენოთ და თქვენ კი არა მგონია, ხელი შემიშალოთ. გემუდარებით, გამიშვით მარტო.
თვითონვე განსაჯეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა, ამასობაში კი სერ ჰენრიმ აიღო თავისი ჯოხი და წავიდა.
მაგრამ საკმარისი იყო ცოტა მოსაზრება და უკვე სინდისის ქენჯნა ვიგრძენი - რატომ დავრთე ნება უჩემოდ წასულიყო! ერთიც ვნახოთ, ლონდონს ჩამოსვლის შემდეგ იძულებული გავხდე ვაღიარო თქვენს წინაშე, რომ ჩემმა უყურადღებობამ უბედურებამდე მიგვიყვანა? მარტო ამის გაფიქრებაზეც კი ცეცხლი მომეკიდა. ჯერ კიდევ არ იყო გვიან, შეიძლებოდა დავწეოდი და მეც მაშინვე მერიპიტ- ჰაუსისაკენ გავეშურე.
სწრაფად მივყვებოდი გზას, სერ ჰენრის ვერ ვხედავდი. რამდენიმე წუთში მივაღწიე იმ ადგილს, სადაც ჭაობებში მიმავალი ბილიკი იწყება. აქ ამორჩეული გზის სისწორემ დამაეჭვა და გორაკზე ავედი, საიდანაც ჭაობი ხელისგულივით ჩანდა. ეს სწორედ ის გორაკია, სადაც ერთ დროს ქვის სამტეხლო იყო. იქიდან მაშინვე დავინახე ბარონეტი. იგი ჩემგან მეოთხედი მილის დაშორებით ბილიკს მიჰყვებოდა, გვერდით კი მის სტეპლტონი მისდევდა. აშკარად ჩანდა, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი და დღევანდელი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. საუბრით გართულნი ძალიან ნელა მიდიოდნენ. მის სტეპლტონის ჟესტიკულაციიდან ჩანდა, რომ ცდილობდა რაღაცაში დაერწმუნებინა სერ ჰენრი, რომელიც ყურადღებით უსმენდა და დროგამოშვებით უარის ნიშნად თავს აქნევდა. ლოდებს შორის ვიდექი და არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. რომ დავწეოდი და ეს ინტიმური საუბარი შემეწყვეტინებინა, უაზრობა იქნებოდა. მაგრამ ჩემი მოვალეობა ხომ ისაა, რომ ერთი წამითაც არ დავტოვო უმეთვალყუროდ სერ ჰენრი. მეგობრის ზვერვა - ძალიან არასახარბიელო საქმეა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და მეც განვაგრძე ჩემი დაკვირვება გორაკის მწვერვალიდან, იმ განზრახვით, რომ შემდეგ სინდისის დასამშვიდებლად ყველაფერს სერ ჰენრის ვუამბობდი. მართალია, რაიმე საფრთხეში რომ ჩავარდნილიყო, ვერაფერს დავეხმარებოდი, რადგან მეტისმეტად შორს ვიყავი, მაგრამ თვითონვე დამეთანხმებით - აქ საქმე არჩევანზე არ იყო.
რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარეს, საუბრით გატაცებული სერ ჰენრი და ქალიშვილი შეჩერდნენ, და აქ უეცრად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მე არა ვარ მათი შეხვედრის ერთადერთი მოწმე. ლოდებს შორის რაღაც მწვანემ გაიელვა. უფრო დაკვირვებით შევხედე და დავრწმუნდი, რომ ეს იყო ჯოხზე წამოცმული მწვანე ნაჭერი, ჯოხი კი ბილიკზე მომავალ კაცს ეჭირა. ეს იყო სტეპლტონი, პეპლების დასაჭერი ბადით. იგი ჩემზე ბევრად ახლოს იყო მათთან და გეზიც პირდაპირ მათკენ ჰქონდა აღებული. იმ წუთას სერ ჰენრი მის სტეპლტონს გადაეხვია, მაგრამ ქალი მიბრუნდა, ხელიდან გასხლტომას შეეცადა. კაცი მისკენ დაიხარა, ქალმა სახე მოარიდა... უეცრად ერთმანეთს მოსწყდნენ და უკან მიიხედეს. მათი შეშფოთების მიზეზი გახლდათ სტეპლტონი, რომელიც მთელი ძალით მათკენ გამორბოდა, და თან სულელურად აქნევდა პეპლების საჭერ ბადეს. იგი სასოწარკვეთით იქნევდა ხელებს და როცა შეყვარებულებს გაუსწორდა, საშინლად აღელვებული აწრიალდა, ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ყოველივე ეს, მაგრამ ჩემი აზრით, სტეპლტონი რაღაცაში ბრალს სდებდა სერ ჰენრის, ის კი თავს იმართლებდა და თანდათან მოთმინებიდან გამოდიოდა. ქალიშვილი იქვე იდგა და ქედმაღლურად დუმდა. ბოლოს, სტეპლტონი მკვეთრად მობრუნდა, მბრძანებლურად დაუქნია ხელი დას და იმანაც ჯერ გაუბედავად შეხედა სერ ჰენრის, მერე კი უსიტყვოდ გაჰყვა ძმას. სტეპლტონი ხელებს ისე იქნევდა, რომ ეტყობოდა, ნატურალისტის რისხვა დასაც არ ასცდა. ბარონეტმა მათ მზერა გააყოლა, შემდეგ კი თავი ჩაჰკიდა და წყნარი ნაბიჯით უკან გამობრუნდა.
ჩემს თვალწინ გათამაშებული სცენიდან ვერაფერი გავიგე, ძალიან შემრცხვა, რომ ასეთი სურათის მოწმე შევიქენი. სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ გორაკიდან ჩამერბინა და ბარონეტს გზაში შევხვედროდი. გაჯავრებისაგან სახე გასწითლებოდა, წარბი შეეკრა, ჩანდა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა ექნა.
- ჰელლოუ, უოტსონ! საიდან, რა ქარმა მოგიტანათ? ნუთუ მაინც გამოჰყევით ჩემს კვალს?
ყველაფრის ახსნა მომიხდა: როგორ ვიგრძენი, რომ არ შემეძლო მისი მარტო გაშვება, როგორ წავედი მის კვალზე, როგორ გავხდი მათი შეხვედრის მოწმე. სერ ჰენრიმ თვალები დააკვესა, მაგრამ ჩემმა გულახდილობამ ფარ-ხმალი დააყრევინა, და მართალია, მხიარულად არა, მაგრამ მაინც გაიცინა.
- ჰო, ასეთ უდაბნოში მეგონა შეიძლებოდა განმარტოების იმედი მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა! თითქოს ყველანი შეთანხმდნენ იმის ცქერით დამტკბარიყვნენ, თუ როგორ ვეარშიყებოდი ქალიშვილს. არშიყობა კი საკმაოდ მარცხიანი გამომივიდა. სად იყავით ჩასაფრებული?
- აი, იმ გორაკზე.
- ესე იგი, ქანდარაზე. მისი ძმა კი პირველ რიგებში მოეწყო. ნახეთ, როგორ დაგვესხა თავს?
- ვნახე.
- არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეგ სტეპლტონი სრული ჭკუისა არ არის?
- არა, არ მიფიქრია.
- არც მე. დღევანდელ დღემდე სტეპლტონს ყველაზე უფრო ნორმალურ ადამიანად ვთვლიდი, ახლა კი ვერ გამიგია, ვის უნდა ჩააცვას კაცმა დამამშვიდებელი პერანგი - იმას თუ მე. ნუთუ ასე უხეირო ვარ? უოტსონ, მიპასუხეთ, რა მიშლის ხელს, რომ კარგი ქმარი ვიყო იმ ქალისა, რომელიც მიყვარს?
- მე თუ მკითხავთ, არაფერი არ გიშლით.
- ჩემს საზოგადოებრივ მდგომარეობას ვერ დაიწუნებს, მაშასადამე, მიზეზი თვით ჩემშია საძიებელი. რა აქვს სტეპლტონს ჩემი საწინააღმდეგო? ჩემს სიცოცხლეში ადამიანისათვის ზიანი არ მიმიყენებია. ამ კაცს კი არ უნდა თავის დას გამაკაროს.
- ასე თქვა?
- დიახ, და კიდევ დაუმატა რაღაც-რაღაცეები. იცით, უოტსონ, მე ეს ქალი სულ რამდენიმე კვირის წინ გავიცანი, მაგრამ პირველი შეხვედრისთანავე ცხადი გახდა, რომ იგი ჩემთვისაა შექმნილი და მასაც... მასაც... თვითონაც კარგად გრძნობდა თავს ჩემთან, შემიძლია დავიფიცო! ქალის თვალები სიტყვებზე უკეთ მეტყველებენ. მაგრამ ის ჩვენი დაახლოების წინააღმდეგი იყო, მე მხოლოდ დღეს მომეცა მასთან ცალკე მოლაპარაკების შესაძლებლობა. ქალი სიამოვნებით დათანხმდა ამ შეხვედრაზე, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რისთვის? რომ ჩვენს სიყვარულზე გველაპარაკნა? არა, მისი ნება რომ ყოფილიყო, მაიძულებდა ამაზე გავჩუმებულიყავი. ენაზე ერთი რამ აკერია: აქ საშიშიაო, და მანამდე ვერ დავმშვიდდები, ვიდრე არ წახვალ ბასკერვილ-ჰოლიდანო. მე ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ აქედან წამსვლელი არა ვარ, ხოლო თუ ეს აუცილებელია, თვითონაც ჩემთან უნდა წამოვიდეს. ერთი სიტყვით, წინადადება მივეცი, მაგრამ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, ისე დაგვაცხრა თავს მისი შეშლილი ძმა. ბრაზისაგან ერთიანად გაფითრებულიყო, მისი უფერული თვალები კი პირდაპირ ცეცხლს აფრქვევდნენ. რისი უფლება მივეცი თავს! როგორ ვბედავ ჩავაცივდე და საშველი არ მივცე ქალს ჩემი არშიყობით, ამით ხომ თავს ვაზიზღებ. იქნება მგონია, რომ ბარონეტს ყველაფერი ეპატიება? მისი ძმა რომ არ ყოფილიყო, ვუჩვენებდი სეირს! მაგრამ ისღა ვუთხარი, რომ არაფერი სამარცხვინო ჩემს გრძნობებში არ არის და იმედი მაქვს, ოდესმე მექნება პატივი, ვუწოდო მის სტეპლტონს ჩემი ცოლი-მეთქი. მაგრამ ამან არ მიშველა და ბოლოს მეც გამოვედი მოთმინებიდან, გავცხარდი, თუმცა თავის შეკავება მმართებდა, რადგან ჩემს გვერდით ქალიშვილი იდგა. ამის შემდეგ სტეპლტონი, თავისი დის თანხლებით წავიდა, მე კი დავრჩი მარტო, როგორც ნახეთ, სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში. ახლა, უოტსონ, ამიხსენით, რას ნიშნავს ყოველივე ეს, და საუკუნოდ დავიმახსოვრებ თქვენს სამსახურს!
თავი ვიტეხე, ხან ასე ვიფიქრე, ხან ისე, მაგრამ მთელმა ამ ამბავმა მეც არანაკლებ საგონებელში ჩამაგდო. ჩვენი მეგობრის ტიტული, მისი სიმდიდრე, ახალგაზრდობა, ხასიათი, გარეგნობა - ყველაფერი მის სასარგებლოდ ლაპარაკობს, და მე არ ვიცი რა ამ კაცზე ცუდი და ურიგო, გარდა ერთი ბნელი ბედისწერისა, რაც მართლა ტვირთად აწევს მის გვარს.
დიახ! უცნაურია, რომ სერ ჰენრის წინადადება უარყოფილია ასე უხეშად, და ქალიშვილის სურვილის გაუთვალიწინებლად. უცნაურია ისიც, რომ თვით ქალიშვილი ყოველივე ამას ასე გულგრილად შეხვდა. თუმცა ჩვენი ეჭვები იმავე საღამოს გაფანტა სტეპლტონმა. მოვიდა, უხეშობისათვის ბოდიში მოიხადა, დიდხანს საუბრობდა სერ ჰენრისთან მის კაბინეტში და ისე იქცეოდა, თითქოს კამათი არც მოსვლოდათ. მომავალი პარასკევისთვის კი მერიპიტ-ჰაუსში სადილად დაგვპატიჟა.
- მე ჯერ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეგ კაცი სრული ჭკუისაა, - თქვა სერ ჰენრიმ. - ახლაც თვალწინ მიდგას იმავე სახით, დილით რომ თავს დაგვესხა. მაგრამ მართალი უნდა ითქვას, ბოდიში ამომწურავი იყო, ვერ დაიწუნებდი.
- როგორ ახსნა თავისი გაცხარება?
- თქვა, რომ მის სტეპლტონი მისთვის ყველაფერია. ეს გასაგებია, და მე ძალიან მიხარია, რომ იცის თავისი დის ფასი. მთელი სიცოცხლე ერთად გაუტარებიათ, მასთან განშორების ფიქრიც კი თავზარს სცემს. აქადე თავი ისე ეჭირა, თითქოს ვერ ხვდებოდა ჩემს გრძნობებს თავისი დის მიმართ, მაგრამ როცა საკუთარი თვალით ნახა და დარწმუნდა, რომ შეიძლება სამუდამოდ წავართვა, მარტო ამის გაფიქრებაზეც კი თავი ვეღარ შეიკავა. ძალიან ნანობს თავის საქციელს და აღიარებს, რომ ეგოისტური და სულელურია მისი მხრით იმის ფიქრი, თითქოს შეიძლება თავის გვერდით შეინარჩუნოს ისეთი ლამაზი ქალი, როგორიც მის სტეპლტონია. თუ მასთან განშორება გარდუვალია, ბარემ განმაშორებელი შენ იყავი, ჩვენი მეზობელიო. ასეა თუ ისე, მისთვის ეს დიდი დარტყმაა, და ადვილად ვერ შეეგუება ამ ამბავს. ასე მითხრა: თუ დამპირდით, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში თქვენს სიყვარულზე არას იტყვით და ჩემს დასთან მარტო მეგობრობით დაკმაყოფილდებით, ხელს აღარ შეგიშლითო. დავპირდი და საქმე ამით დამთავრდა.
როგორც ხედავთ, ერთი ჩვენი პატარა საიდუმლო ამოიხსნა. ხოლო ფეხით იმ ჭანჭრობის ფსკერი მოსინჯვა, რომელშიაც ვფართხალებთ, სახუმარო საქმე არ გახლავთ. ახლა ჩვენთვის ცნობილია, რატომ ეკიდებოდა ასე მტრულად სტეპლტონი თავის დის თაყვანისმცემელს და ისეთ სასურველ სასიძოს, როგორიცაა სერ ჰენრი.
ახლა კი გავყვეთ კვალს მეორე ძაფისა, რომლის ერთი ბოლო ამ რთულ გორგალში როგორც იქნა ვიპოვე. მინდა გიამბოთ ღამის საიდუმლო ქვითინზე, მისის ბერიმორის ნამტირალევ სახეზე და ლაქიის გამოუცნობ მოგზაურობაზე იმ ფანჯრისაკენ, რომელიც ჭაობებს გადასცქერის. მომილოცეთ, ძვირფასო ჰოლმს, და თქვით, რომ თქვენი თანაშემწე ბუზებს არ ყლაპავს. ნდობა ჩემდამი, რაც იმაში გამოიხატა, რომ აქ გამომაგზავნეთ, სავსებით გამართლებულია. ეს მორიგი ამოცანა რომ გამოგვეცნო, სულ ერთი ღამე დაგვჭირდა.
მე ვთქვი `ერთი ღამე~, მაგრამ ნამდვილად უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა `ორი ღამე~, რადგან პირველ ღამეს ვერაფერი გამოვარკვიეთ. მე და სერ ჰენრი თითქმის დილამდე ვისხედით ოთახში, მაგრამ გარდა საათის რეკვისა, კიბეზე არაფერი გაგვიგონია. ეს მომქანცველი სიფხიზლე იმით დასრულდა, რომ სერ ჰენრის და თქვენს მორჩილ მსახურს ორთავეს ჩაეძინათ თავიანთ სავარძლებში. მართალია, ამ მარცხმა ვერ შეგვაშინა, გადავწყვიტეთ ხელახლა გვეცადა ბედი. მომდევნო ღამეს პატრუქს დავუწიეთ და ვისხედით სრულიად უხმაუროდ, თან პაპიროსს პაპიროსზე ვეწეოდით. დრო არაჩვეულებრივად ნელა მიიზლაზნებოდა, მაგრამ გვამხნევებდა იგივე აზარტი, რომლითაც მონადირე მოთმინებით ელოდება ხაფანგთან ნადირის მისვლას, დაჰკრა პირველმა, ორმა, და უკვე ვკარგავდით იმედს, როცა უეცრად დაღლილობა სადღაც გაქრა - მე და სერ ჰენრი ორთავე ერთდროულად გავიმართეთ წელში. დერეფნიდან იატაკის ჭრიალი მოისმა, ქურდული ნაბიჯი ჩვენს ოთახს უახლოვდებოდა, მერე ჩაგვიარა და თანდათან სადღაც შორს მიწყდა. ბარონეტმა უხმაუროდ გააღო კარი. ნადირს მივყევით, მას უკვე მოესწრო ტალანის გავლა. დერეფანში სრული სიბნელე სუფევდა. ყოველნაირი სიფრთხილის დაცვით მივედით უშორეს ფრთამდე, იქ კი ჩვენს თვალწინ გაიელვა მაღალი შავწვერა კაცის ფიგურამ, რომელიც მხრებში მოხრილიყო და ფეხის წვერებს ძლივს აკარებდა იატაკს. ნაცნობ კარში გაუჩინარდა, სანთელმა წამით გაანათა იქაურობა და შემდეგ ბნელ დერეფანში მხოლოდ წვრილი მოყვითალო სხივი დარჩა. ფრთხილად ვუახლოვდებოდით ამ სხივს, წინასწარ გულდასმით ვსინჯავდით ყოველ ფიცარს, ვიდრე ფეხს დავადგამდით. ფეხშიშველი ვიყავით, მაგრამ ძველი იატაკის ფიცრები ისე ჭრაჭუნობდნენ ყოველ მიკარებაზე, თითქოს კვნესიანო. ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა ეს ხმაური არ გაეგონა კაცს, მაგრამ ჩვენდა ბედად ბერიმორს მართლაც ყურს აკლდა, ამას გარდა, მეტისმეტად გართული იყო თავისი საქმით. ბოლოს მივაღწიეთ კარამდე და ოთახში შევიჭვრიტეთ. ლაქიას სანთელი ეჭირა, სარკმელთან იდგა და სახით მინას მიჰკვროდა. ისევე, როგორც ორი ღამის წინ ვიხილე.
წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა არა გვქონდა, მაგრამ ბარონეტი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც უეცარი გადამწყვეტი მოქმედება ყველაზე უფრო ბუნებრივად მიაჩნიათ. იგი თამამად შევიდა ოთახში. ბერიმორი ნახტომით მოსცლიდა ფანჯარას, სულ ძლივს ითქვამდა და მკვდარივით გაფითრებული, მთელი სხეულით აკანკალებული დადგა ჩვენ წინ. თვალებში ელდა ჩასდგომოდა. შეშინებული გვაცქერდებოდა ხან მე, ხან სერ ჰე-ნრის.
- ბერიმორ, რას აკეთებთ აქ?
- არაფერს, სერ, - მღელვარებისაგან ენას ძლივს იბრუნებდა. ხელში სანთელი უცახცახებდა და უსწორმასწორო ჩრდილები კედლებსა და ჭერზე დალიცლიცებდნენ. - ფანჯარა, სერ... მე ყოველ ღამე ვამოწმებ ხოლმე, ყველაფერი დაკეტილია თუ არა.
- მეორე სართულზეც კი?
- დიახ, სერ, მთელ სახლში.
- მომისმინეთ, ბერიმორ, - მკაცრად თქვა სერ ჰენრიმ. - ჩვენ გადავწყვიტეთ გავიგოთ თქვენგან სიმართლე. ასე რომ, რაც უფრო მალე აღიარებთ ყოველივეს, მით უკეთესი იქნება. აბა! კმარა თავის მოკატუნება! აქ რა გინდათ?
ლაქიამ უმწეოდ შემოგვხედა და სრულიად დაბნეულმა ხელები მოკუმშა.
- ცუდს არაფერს ვაკეთებდი, სერ. ფანჯარასთან მხოლოდ სანთელი მეჭირა.
- რისთვის გეჭირათ სანთელი, ვის უნათებდით?
- ამას ნუ მკითხავთ, სერ ჰენრი... ნუ მკითხავთ! გეფიცებით, ეს ჩემი საიდუმლო არ არის, სერ, და მე არ შემიძლია მისი გაცემა. მარტო მე რომ მეხებოდეს, არაფერს დაგიმალავდით.
უეცრად თავში მოულოდნელმა აზრმა გამიელვა და ავიღე სანთელი, რომელიც ბერიმორს ფანჯრის რაფაზე დარჩენოდა.
- ეს ალბათ პირობითი ნიშანია. ვნახოთ, იქნება რაიმე პასუხი, თუ არა.
სანთელი ზედ მინასთან მივიტანე, ისევე როგორ ბერიმორი აკეთებდა. და ღამის უკუნეთ წყვდიადში გავიხედე. მთვარე ღრუბლებს იყო მოფარებული, და პირველ წამს შევნიშნე მხოლოდ ხეების რიგი, რაც ჭაობის მუქ ზედაპირს ჩრდილავდა. უეცრად გამარჯვების წამოძახილი აღმომხდა, როცა ფანჯრის შავ კვადრატში დავინახე ღამის წყვდიადში მოკიაფე პატარა ყვითელი წერტილი.
- აგერ, ნახეთ!
- არა, არა, სერ... - წაილუღლუღა ლაქიამ. - გარწმუნებთ, სერ...
- სანთელი მარჯვნივ გადაიტანეთ, უოტსონ! - შესძახა ბარონეტმა. - ხედავთ? იქაც გადაინაცვლა ცეცხლმა. აბა, არმზადავ, შენ ისევ ჯიუტობ? ეს ხომ ნიშანია! აღიარე: ვინ არის შენი თანამზრახველი და რას აპირებთ?
ლაქიამ აშკარად გამომწვევი მზერა ესროლა.
- ეს ჩემი საქმეა, თქვენ ის არ გეხებათ. მე არაფერს არ ვიტყვი.
- მაშინ შეგიძლია თავი დათხოვნილად ჩათვალოთ.
- მესმის, სერ. ჩანს, არაფერი გაეწყობა.
- თავლაფდასხმულს გაგიშვებთ! გრცხვენოდეთ! ჩვენი წინაპრები ას წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, თქვენ კი რაღაც შეთქმულებას აწყობთ ჩემს წინააღმდეგ.
- არა, არა, სერ! თქვენს წინააღმდეგ არა!
ეს სიტყვები წარმოთქვა ქალის ხმამ. მოვიხედეთ. კარებში იდგა სიკვდილივით ფერმიხდილი მისის ბერიმორი, რომელიც ფერწასულობით ქმარს არ ჩამოუვარდებოდა. მის სახეზე აღბეჭდილი შიში რომ არა, ეს ზონზროხი დედაკაცი პერანგისა და შალის ამარა ფრიად კომიკურ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
- ჩვენ დაგვითხოვეს, ელიზა. აი, რით დამთავრდა ყველაფერი, წადი, ჩაალაგე ნივთები, - უთხრა ბერიმორმა.
- ჯონ, ჯონ, სადამდე მიგიყვანე! ეს სულ ჩემი ბრალია, სერ ჰენრი, მხოლოდ ჩემი გულისთვის დათანხმდა ამაზე... მხოლოდ ჩემი გულისათვის!
- ბოლოს და ბოლოს მითხარით, რა ხდება!
- რომ არ დავეხმაროთ, ჩემი უბედური ძმა ჭაობებში შიმშილისაგან დაიღუპება. ხომ ვერ დავუშვებთ, რომ ის დაიღუპოს ჩვენს კარზე. ჯონი ნიშანს აძლევს, რომ საჭმელი მზადაა, ის კი გვიჩვენებს, სად მივიტანოთ.
- მაშ, თქვენი ძმაა ის...
- ...გაქცეული კატორღელი, სერ... კაცის მკვლელი სელდენი.
- სრული სიმართლეა, სერ, - დაუმოწმა ბერიმორმა. - აკი მოგახსენეთ, სხვის საიდუმლოს ვერ ვიტყვი-მეთქი, ახლა კი თვითონვე გაიგონეთ და იცით, რომ თქვენ წინააღმდეგ არაფრის მოწყობას არ ვაპირებთ.
აი, როგორ ამოიხსნა ამ სანთლების საიდუმლოება და ღამის მოგზაურობათა თავსატეხი გამოცანა! მე და სერ ჰენრი განცვიფრებული შევცქეროდით მისის ბერიმორს. ნუთუ ეს ფლეგმატური პატივცემული ქალიც იმავე სისხლისა იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე უფრო საშიშ დამნაშავის ძარღვებში ჩქეფდა?
- დიახ, სერ. ჩემი ქალწულობის გვარი სელდენია. კატორღელი კი ჩემი უმცროსი ძმაა. ბავშვობიდანვე გავანებივრეთ, ყველაფრის ნებას ვაძლევდით, თითქოს მისთვის ყველაფერი დასაშვები იყო, თითქოს ქვეყნიერება მხოლოდ მისი გულისათვის იყო შექმნილი. შემდეგ გაიზარდა, მოხვდა ცუდ ამხანაგებში და თითქოს ქაჯი ჩაუსახლდაო სულში. მან გადაიყოლა დედაჩემი და ტალახში ამოსვარა ჩვენი სახელი. რაც დრო გადის, სულ უარეს და უარეს დანაშაულს სჩადის. რამ იხსნა სახრჩობელისგან? მხოლოდ ღვთის წყალობამ. მაგრამ ჩემთვის, სერ, ის ისეთივე თმახუჭუჭა ბიჭუნაა, რომელთანაც ვთამაშობდი, და რომელსაც, როგორც უფროსი და, მზრუნველად ვადექი. ამიტომაც გამოიქცა ციხიდან - ჩვენ აქ ვეგულებოდით და იცოდა, დახმარებაზე უარს ვერ ვეტყოდით. როცა აქ ღამით მოლასლასდა, დაღლილი და მშიერი და მდევარი კი კვალდაკავალ მოსდევდა, რაღას ვიზამდით? შემოვუშვით, დავაპურეთ, ყველაფერში დავეხმარეთ, რაც შეგვეძლო. მერე ის იყო, თქვენ მოხვედით, და ისევ ჭაობებში ყოფნა ამჯობინა, ვიდრე ორომტრიალი მიწყდება. ასეა ახლაც, იცდის და დღესაც იქ იმალება. ჩვენ კი ყოველ ღამე ვამოწმებთ, ხომ არ წავიდა, ვუნათებთ ფანჯარაში, ხოლო როცა საპასუხო ნიშანს გვაძლევს, ჩემს ქმარს მიაქვს დანიშნულ ადგილზე პური და ხორცი. სულ იმას ვფიქრობთ, წავიდოდაო, მაგრამ ვიდრე იქ არის, ბედის ამარა ვერ მივატოვებთ. მე მორწმუნე ქალი ვარ და ტყუილებს არ მოვყვები. თუ ამაში არის ცუდი რამ, ჩემი ქმარი არაფერ შუაშია: ამას მხოლოდ ჩემი გულისათვის აკეთებს.
ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა, არ შეიძლებოდა მისთვის არ დაგეჯერებინათ.
- ეს მართალია, ბერიმორ?
- დიახ, სერ ჰენრი, ჭეშმარიტება გახლავთ.
- რა გაეწყობა, ცოლისადმი ერთგულებისათვის ვერ გაგკიცხავთ. დაივიწყეთ ის, რაც გითხარით. წადით თქვენს ოთახში, დილით კი ყველაფერს განვსჯით, როგორც საჭიროა.
როცა წავიდნენ, ისევ გავიხედეთ ფანჯარაში. სერ ჰენრიმ მთლიანად გამოაღო სარკმელი და სახეში გვეცა ღამის ცივი ნიავი. შორს, სიბნელეში ჯერ კიდევ კიაფობდა პატარა ცეცხლი.
- მიკვირს, როგორ არ ეშინია! - თქვა სერ ჰენრიმ.
- ეტყობა, მხოლოდ აქედან ჩანს.
- შეიძლება. თქვენი აზრით, სად უნდა იყოს?
- სადმე გრანიტის სვეტებთან.
- ასე, ორ მილზე, არა?
- ამდენიც არ იქნება.
- ჰო, რაკი ბერიმორს საჭმელი დაჰქონდა, მაშ, შორს არ ყოფილა. ახლა ელის, როდის მივლენ მის ნიშანზე. უოტსონ, წავალ და შევიპყრობ იმ არამზადას.
მეც იმავე აზრმა გამიელვა. ბერიმორებმა ხომ თანამზრახველებად არ გაგვიხადეს. ჩვენ ვაიძულეთ გაეცათ თავიანთი საიდუმლო. ის კაცი საშიში იყო საზოგადოებისათვის. ამნაირი ადამიანისა არც შებრალება შეიძლება, არც გამართლება. შემთხვევით უნდა გვესარგებლა და ისეთ ადგილას დაგვებრუნებინა, საიდანაც ზიანის მოტანა აღარ შეეძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დაუდევრობა იქნებ სხვებს ძვირად დასჯდომოდათ, - მაგალითად, სტეპლტონებს, რომელთაც ყოველღამე ელოდათ თავდასხმის საშიშროება. ალბათ ეს აზრი აქეზებდა სერ ჰენრისაც, როცა ასეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
- მეც თქვენთან წამოვალ.
- მაშინ რევოლვერი აიღეთ და ფეხსაცმელი ჩაიცვით. უნდა ვიჩქაროთ, თორემ შუქს ჩააქრობს და დაიმალება.
ხუთი წუთი არ გასულა, რომ მთელი სისწრაფით მივყვებოდით ხეივანს, უსიტყვოდ ვუსმენდით შემოდგომის ქარის ერთფეროვან ღმუილს და ხმელი ფოთლების შრიალს. ჰაერში სიდამპლისა და სინესტის სუნი იდგა. მთვარე მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე ღრუბლებიდან, რომლებიც ზოლად მიჰყვებოდნენ ცის თაღს, ხოლო როცა ჭაობზე გავედით, წვრილი წვიმა წამოვიდა. ყვითელი ცეცხლი ისევ ისე კიაფობდა წინ.
- თქვენ წამოიღეთ რამე? - ვკითხე ჰენრის.
- კი, შოლტი.
- რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ, რომ გონს მოსვლის დრო არ დარჩეს და წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწროს. - აკი ამბობენ, თავზე ხელაღებული კაციაო. თავს მოულოდნელად უნდა წავადგეთ.
- უოტსონ! - უეცრად წამოიწყო ბარონეტმა. - ნეტავ რას იტყოდა ამაზე ჰოლმსი? გახსოვთ? `ღამით, როს ქვეყნად ბატონობენ ქვესკნელის ძალნი...~
და თითქოს მისი სიტყვების პასუხად, სადღაც შორს, ჭაობთა პირქუშ სივრცეში, ის უცნაური ხმა გაისმა, რამაც ასე გამაოცა რამდენიმე დღის წინ გრიმპენის ჭანჭრობში. ქარს ჯერ ყრუ ღრენა მოჰყვა, მერე ღმუილი, რომელიც ბოლოს თანდათან ნაღვლიან ყმუილში გადაიზარდა. იგივე ველური, მრისხანე ხმები განმეორდა ერთიმეორის მიყოლებით და ზარდამცემმმა ბგერამ აავსო ჰაერი. ბარონეტმა სახელოში ჩამავლო ხელი, და მე წყვდიადშიც კი შევნიშნე, რა მკვდრის ფერი ედო სახეზე.
- ღმერთო ჩემო, უოტსონ, ეს რა არის?
- არ ვიცი. ამბობენ, რომ ასეთი ხმები იშვიათი არ არის ამ ჭაობებში. მე უკვე მომისმენია ეს ყმუილი.
ხმა ისევ შეწყდა. სრული სიწყნარე ჩამოვარდა. ვიდექით, ვუსმენდით ყურდაცქვეტილნი, დაძაბულნი, მაგრამ მეტად აღარაფერს დაურღვევია ჭაობებში გამეფებული მდუმარება.
- უოტსონ, - თქვა ბარონეტმა, - ეს ძაღლის ყმუილი იყო.
სისხლი გამეყინა ძარღვებში, რადგან სერ ჰენრის ხმა შიშმა გაბზარა.
- რას ამბობენ ამ ხმებზე? - იკითხა მან.
- ვინ?
- აქაური მცხოვრებლები.
- ესენი ხომ სრულიად უმეცარი ხალხია! განა სულ ერთი არ არის, რას ამბობენ აქაურები?
- უოტსონ, მითხარით, რას ლაპარაკობენ ამაზე?
ერთი წუთით შევყოყმანდი, მაგრამ კითხვა ისე იყო დასმული, რომ გვერდის ავლა აღარ შემეძლო.
- ამბობენ, ბასკერვილების ძაღლიაო.
სერ ჰენრიმ ამოიგმინა.
- დიახ, ასე ყმუილი მხოლოდ ძაღლს შეუძლია, - თქვა დიდი ხნის დუმილის შემდეგ. - მაგრამ ის შორსაა. ჭანჭრობის იქითა მხარეს.
- რა მოგახსენოთ, ვერ გავიგე, სად ყმუოდა?
- ქარმა მოიტანა. გრიმპენის ჭანჭრობი სადღაა? იქით?
- დიახ.
- ხმაც იქიდან მოდიოდა. გეყოფათ, უოტსონ! აკი თვითონვე თქვით, რომ ძაღლი ყმუოდა. მე ხომ ბავშვი არა ვარ. მითხარით სიმართლე, ნუ გეშინიათ.
- მაშინ ჩემთან ერთად სტეპლტონი იყო და თქვა, რომელიღაც ფრინველი იძახის ასეო.
- არა, ეს ძაღლიაო. ღმერთო ჩემო! ნუთუ მთელ ამ არაკებში არის თუნდაც სიმართლის ნატამალი? ნუთუ მართლა უჩინარი საფრთხე მემუქრება? თქვენ როგორ ფიქრობთ, უოტსონ?
- არა, არა!
- ასეთ სისულელეებზე სიცილი ლონდონში ადვილი საქმეა, მაგრამ სულ სხვაა ბნელ ჭაობებში ამ ყმუილის გაგონება. მერე, ბიძაჩემი? მის გვამთან ხომ ძაღლის კვალი ნახეს? ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. სულაც არა ვარ მხდალი, უოტსონ, მაგრამ ძარღვებში სისხლი მეყინება ამ ხმის გაგონებაზე. აი, ნახეთ ჩემი ხელი.
- არა უშავს, ხვალ ყველაფერი გაივლის.
- არა, ამ ყმუილს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. ახლა რა ვქნათ?
- შინ დავბრუნდეთ?
- არაფრის გულისათვის! თუ დაჭერაა ამ არამზადისა, დაჭერა იყოს. მე და თქვენ კატორღელზე ვნადირობთ, ხოლო სულთამხუთავი ძაღლი ალბათ ჩვენზე ნადირობს. წავიდეთ, უოტსონ! თუნდ მთელი ჯოჯოხეთის ძალები აქ გაჩნდნენ, ჭაობებში, უკან დახევა მაინც არ შეიძლება.
ყოველ ნაბიჯზე ბორძიკით მივიწევდით წინ. მარჯვნივ და მარცხნივ ბნელში კლდოვანი ბორცვები მუქ სილუეტებად აზიდულიყვნენ. წინ კი, უწინდებურად, ყვითელი შუქი შუქურასავით მოჩანდა. არაფერი არ არის ისე მაცდური, როგორც პატარა შუქი უკუნეთ სიბნელეში. სინათლე ხან შორს ჰორიზონტზე ციმციმებდა, ხანაც სულ ახლოს გაიელვებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დავინახეთ სინათლის წყარო და დავრწმუნდით, რომ შორს აღარ ვიყავით. - ეს იყო ქვებს შორის ნაპრალში დამაგრებული ჩამწვარი სანთელი. ლოდები შუქს ქარისა და გარეშე თვალისაგან იცავდნენ. ღიად მხოლოდ ის მხარე რჩებოდა, საითაც ბასკერვილ-ჰოლი მდებარეობდა. ჩვენ შეუმჩნევლად ვუახლოვდებოდით სინათლეს, რადგან გრანიტის დიდი ლოდი გვფარავდა. ფრთხილად ამოვეფარეთ ლოდს და გარემოს ზვერვა დავიწყეთ. უცნაური სანახავი იყო სანთელი ამ შუაგულ ჭაობში! ერთი ყვითელი ენა ალისა, ქვაზე მოციმციმე, და სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი გარშემო.
- ახლა რაღა ვქნათ? - ჩურჩულით იკითხა ჰენრიმ.
- დავიცადოთ აქ. ალბათ სადმე ახლოს იქნება. სადაცაა გამოჩნდება.
ვერც კი მოვასწარი ამის თქმა, რომ კიდევაც დავინახეთ იგი. ნაპრალში, სადაც სანთელი ენთო, გამოჩნდა საშინელი, დამღუპველი ვნებებით დაღარული სახე, რომელსაც არავითარი ადამიანურის ნიშანწყალი არ აჩნდა. სწორედ ასეთი ჭუჭყით დაფარული, ბანჯგვლიანი სახე და გაჩეჩილი ჯაგარა თმა ექნებოდა ერთ-ერთ პირველყოფილ ველურს, რომელიც თავს აფარებდა ამ ბორცვის ფერდობებს. სანთლის ალი ირეკლებოდა პატარა ცბიერ თვალებში, რომლებსაც ბოროტად აბრიალებდა. ეს თვალები იმ მხეცის თვალებს წააგავდა, რომელმაც სიბნელეში მონადირის ნაბიჯის ხმა გაიგონა. ეტყობოდა, სელდენი რაღაცამ დააეჭვა, ალბათ მასა და ბერიმორს ჰქონდათ ჩვენთვის უცნობი რაიმე პირობითი ნიშანი, ან იგრძნო, რომ კარგი საქმე არ არის მის თავს, რადგან მის საზიზღარ სახეზე შიშის კვალი შევნიშნე, ყოველ წამს შეეძლო ჩაექრო შუქი და სიბნელეში მიმალულიყო. წინ გავიჭერი, სერ ჰენრიც გამომყვა. კატორღელმა ერთი შეჰღმუვლა და გვესროლა ქვა, რომელიც ჩვენს გვერდით ლოდზე დაიმსხვრა. მხოლოდ ეს შევნიშნე, ტანდაბალი იყო, ბეჭგანიერი. საბედნიეროდ, ამ დროს ღრუბლებიდან სავსე მთვარე გამოცურდა. სირბილით შევყევით გორაკს, კატორღელი კი მის ფერდობზე მეორე მხრიდან ჩარბოდა, გარეული თხის სიმარდით ხტებოდა ქვიდან ქვაზე. მარჯვე სროლით შეიძლებოდა მისი დაჭრა, მაგრამ რევოლვერი მხოლოდ თავდაცვისათვის მქონდა წამოღებული და არა იმიტომ, რომ შეუიარაღებელი კაცისათვის ზურგში მესროლა.
მე და სერ ჰენრი გვარიანი მორბენლები ვიყავით, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ კატორღელს ვერ დავეწეოდით. იგი დიდხანს ჩანდა წინ, მთვარის შუქზე, და თანდათან პატარა წერტილად იქცა, რომელიც შორეულ ბორცვის ფერდობზე მიცოცავდა. მზერას ძლივს ვაწვდენდით. მანძილი ჩვენს შორის სულ უფრო იზრდებოდა. ბოლოს, სრულიად გამოგველია ძალ-ღონე, ქვაზე ჩამოვსხედით და შევცქეროდით კატორღელის ფიგურას, რომელიც თვალთაგან გვეკარგებოდა.
და აი, სწორედ ამ დროს მოხდა რაღაც უცნაური და მოულოდნელი. ის იყო გადავწყვიტეთ, მიგვეტოვებინა უსარგებლო დევნა და წამოვდექით, რომ უკან გამოვბრუნებულიყავით. მთვარე ჩვენგან მარჯვნივ იყო. გრანიტის უსწორმასწორო მწვერვალი მკვეთრად იხატებოდა მის ვერცხლისფერ დისკოზე. და ამავე დისკოზე დავინახე უძრავად მდგარი ადამიანის ფიგურა, თითქოს შავი ხისაგან გამოკვეთილი ქანდაკებააო. არ იფიქროთ, ჰოლმს, რომ ეს იყო ჰალუცინაცია! შემეძლო, როგორც არასოდეს, ჩემს მზერას დავნდობოდი! რამდენადაც შემეძლო დამენახა, ეს იყო მაღალი, გამხდარი კაცი. იდგა, ოდნავ ფეხებგადგმული, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, თავჩაქინდრული, თითქოს დაფიქრებული გასცქეროდა ტორფისა და გრანიტის სამეფოს, რომელიც მის წინაშე გადაჭიმულიყო. აი, ასეთად მყავდა წარმოდგენილი აქაური ჭაობების სული! ეს არ იყო კატორღელი. შორს იდგა იმ ადგილიდან, სადაც კატორღელი მიიმალა. სიმაღლითაც მეტი იყო. მოულოდნელობისაგან დავიყვირე და ბარონეტს ხელი წავავლე. წამი, რაც ამისათვის დამჭირდა, საკმარისი გახდა - ადამიანი გაქრა. გრანიტის სვეტის წვეტიანი წვერი უწინდებურად ჩამჯდარიყო მთვარის დისკოში, მაგრამ უძრავი, უტყვი ფიგურა იქ აღარ იყო.
მაშინვე გადავწყვიტე, რომ საჭიროა მისვლა და ამ სვეტის დათვალიერება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ შორს ვიყავით, ხოლო ბარონეტს თავგადასავლების თავი აღარა ჰქონდა. - ჯერაც ვერ დამშვიდებულიყო საშინელი ყმუილის გაგონების შემდეგ, რამაც ბნელით მოცული საგვარეულო გადმოცემა მოაგონა. ამას გარდა, თვითონ არაფერი დაუნახავს და მაშასადამე, ისე ვერც ააღელვებდა ეს საკვირველი სანახაობა.
- ალბათ გუშაგია. კატორღელის გაქცევის შემდეგ ჭაობი სავსეა დარაჯებით, - თქვა გულგრილად.
შეიძლება სერ ჰენრი მართალი იყო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა ამაში საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი. დღესვე შევატყობინებთ პრინსტაუნის ხელისუფალთ, სად იმალება კატორღელი. მაგრამ მაინც საწყენია, რომ თვითონ ვერ მოვახერხეთ მისი შეპყრობა და ხელახლა ციხეში ზეიმით დაბრუნება!
ასეთია უკანასკნელი ღამის ამბები, და თქვენ, ძვირფასო ჰოლმს, უნდა აღიაროთ, რომ გაქვთ ამის თაობაზე სრული ანგარიში. ჩემი მოთხრობების მეტ ნაწილს, რა თქმა უნდა, არაფერი საერთო არა აქვს ჩვენს საქმესთან, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია შეგატყობინოთ ჩემს წერილებში ყველა ფაქტი, - ამოარჩიეთ მათგან ისეთები, რომლებიც სამსახურს გაგიწევენ. რაღაც წარმატებანი მაინც გვაქვს. ამოვხსენით ბერიმორების უცნაური ქცევის მიზეზი, ამან კი ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. მაგრამ ტორფის ჭაობების საიდუმლო, მის უცნაურ ბინადართა საიდუმლო უწინდებურად ამოუხსნელია. იქნებ მომდევნო წერილში ოდნავ მაინც შევძლო ჭანჭრობში ჩამოწოლილ უკუნეთში სინათლის შეტანა. ყველაზე უკეთესი კი ის იქნებოდა, რომ აქ თვითონ ჩამოსულიყავით.
თავი X
[რედაქტირება]ნაწყვეტები ექიმ უოტსონის დღიურიდან
[რედაქტირება]აქამდე სრულიად იოლად ვართმევდი თავს იმ ამბების გადმოცემას, რომელთაც ბასკერვილ-ჰოლში ჩემი გამგზავრების პირველ დღეებში შერლოკ ჰოლმსს ვწერდი. ახლა კი იძულებული ვარ ეს ხერხი მივატოვო, ისევ ჩემს მეხსიერებას დავენდო და ამბები საკუთარი დღიურიდან ამონაწერებით დავამოწმო. ქვემოთ მოყვანილ ორ ნაწყვეტს მივყავართ იმ მოვლენებთან, რომლებიც საუკუნოდ ჩამებეჭდა ტვინში.
მე კატორღელის უშედეგო დევნასა და იმ ამბებზე შევჩერდი, რაც ამ დევნას მოჰყვა. განვაგრძობ თხრობას მომდევნო დილიდან.
16 ოქტომბერი. ნისლიანი უღიმღამო დღეა, ცრის. ბასკერვილ-ჰოლზე მძიმედ ჩამოწვნენ ღრუბლები, რომლებიც დროდადრო ცრიატდებიან და მაშინ შორს მოჩანს ტორფის ჭაობების პირქუში სივრცეები. აქა-იქ ვერცხლისფრად იელვებენ ხოლმე გორაკთა ფერდობები და სველი კაჭრები. შინაც და ღია ცის ქვეშაც ერთნაირი მოწყენილობაა. იმის შემდეგ, რაც ღამით განიცადა, ბარონეტი უხასიათოდაა. მე თვითონაც რაღაც სიმძიმე მაწევს გულზე და გარდუვალი უბედურების წინათგრძნობა სულს მიხუთავს - ეს წინათგრძნობა მით უფრო საშინელია, რომ მისი ახსნა არ შემიძლია.
და განა მოუსვენრობის საფუძველი არა გვაქვს? საკმარისია გავიხსენოთ ჯაჭვი იმ მოვლენებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქ არსებობენ და მოქმედებენ ბნელი ძალები. ბასკერვილ-ჰოლის უკანასკნელი მეპატრონის სიკვდილი, რაც ზუსტად ემთხვევა ოჯახურ გადმოცემას; ფერმერთა შორის მოარული ხმები უცნაურ არსებაზე, რომელიც დროგამოშვებით გამოჩნდება ხოლმე ჭაობებში... მე თვითონაც ხომ საკუთარი ყურით ორჯერ მოვისმინე ძაღლის შორეული ყმუილის მსგავსი ხმები. ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება, რომ ყოველი აქ მომხდარი ამბავი ბუნების კანონთა გარეშე გამოვაცხადოთ! თქვენ თვითონ განსაჯეთ! მოჩვენება და ლანდია ძაღლი, რომელიც კვალს ტოვებს მიწაზე და ხმამაღლა ყმუის? არა, ეს აუტანელია! სტეპლტონს და თუნდაც მორტიმერს შეეძლოთ აჰყოლოდნენ საერთო განწყობილებას, მაგრამ მე თუ რაიმე ღირსება გამაჩნია, ესაა საღი აზრი, და ვერასოდეს ვერ დავემორჩილები ცრურწმენას! ამისათვის საჭიროა აქაურ ფერმერთა განვითარების დონეზე დაშვება - ფერმერთა, რომლებიც არ კმაყოფილდებიან გადმოცემით რაღაც სასტიკ ძაღლზე და მონაყოლს ცეცხლის ალსაც უმატებენ, რასაც ის არნახული საშინელება თურმე პირიდან და თვალებიდან აფრქვევს. ჰოლმსი ყურსაც არ მიაპყრობდა მსგავს ბოდვას, მე კი მისი პიროვნების წარმომადგენელი ვარ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მე ორჯერ მოვისმინე ეს ყმუილი. ხომ შეიძლება, რომ ჭაობებში მართლაც დარბოდეს რომელიმე უზარმაზარი ძაღლი? მაშინ ხომ ყველაფერი ნათელი გახდება! მაგრამ სად იმალება, რას ჭამს, საიდან მოვიდა, რატომ ვერავინ ხედავს მას დღისით? უნდა ვაღიარო, რომ თუ ყოველივე ამას დამაჯერებელ ახსნას მივცემთ, არანაკლები სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდებით. მაგრამ თუნდაც ძაღლი განზე დავტოვოთ - როგორ ავხსნათ ის, რაც ლონდონში მოხდა? უცნობი კებში. წერილი, რომლის ავტორი აფიცებდა სერ ჰენრის არ გამოჩენილიყო ჭაობებში? ამაში ხომ არაფერია ზებუნებრივი, თუმცა ერთიც და მეორეც შეიძლება მიეწეროს როგორც მეგობრულ, ასევე მტრულ ძალებს. მაგრამ სად არის ახლა ეს მტერი თუ მოყვარე? ლონდონში დარჩა თუ აქეთ გამოგვყვა? ნუთუ... ნუთუ სწორედ ის ვიხილე გრანიტის სვეტის თავზე?
მართალია, მხოლოდ თვალი შევასწარი, მაგრამ ზოგი რამ მაინც გარკვევით შევნიშნე და მზად ვარ ეს ფიცით დავამტკიცო. აქაური მცხოვრები არაა - ახლა სერ ჰენრის ყველა მეზობელს ვიცნობ. სტეპლტონზე მაღალია და ფრენკლენდზე საგრძნობლად გამხდარი. შეიძლებოდა ეს კაცი ბერიმორად მიგვეღო, მაგრამ ბერიმორი მე და სერ ჰენრიმ შინ დავტოვეთ, გარდა ამისა, ვერც შეძლებდა შეუმჩნევლად გამოგვყოლოდა. მაშასადამე, აქაც, ისევე როგორც ლონდონში, ჩვენი კვალის მიგნებას ვიღაც უცნობი ცდილობს. დღემდე ვერ შევძელით მისგან თავის დაღწევა. რომ შემეძლოს ამ კაცის დაჭერა, ყველა ჩვენს გაუგებრობას ფარდა აეხდებოდა. აი ჩემი მიზანი, და მთელ ჩემს ძალ-ღონეს ვიხმარ, რომ ამას მივაღწიო.
ჩემი პირველი წადილი იყო საკუთარი გეგმები სერ ჰენრისათვის გამეზიარებინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე თამაში დამოუკიდებლად განმეგრძო და რაც შეიძლება ნაკლები მელაპარაკა ამაზე. ბარონეტი სიტყვაძვირი და თავის ფიქრებში გართული კაცია. ყმუილმა, რაც ჭაობებში გაიგონა, მასზე ძალიან იმოქმედა. მეც უმჯობესად ჩავთვალე აღარ გამეღრმავებინა მისი მოუსვენრობა, მაგრამ იარაღს არა ვყრი, ჩემი პასუხისმგებლობით მინდა ვიმოქმედო.
დღეს საუზმის შემდეგ ჩვენთან პატარა სცენა გათამაშდა. ბერიმორმა სთხოვა სერ ჰენრის, ნება მომეცით ცალკე მოგელაპარაკოთო, და ორივენი კაბინეტში გავიდნენ. საბილიარდოში ვიჯექი, მესმოდა მათი აწეული ხმა და მშვენივრად ვხვდებოდი, რაზედაც იყო ლაპარაკი. მალე კაბინეტის კარი გაიღო და ბარონეტმა დამიძახა.
- ბერიმორი ნაწყენია ჩვენზე, - მითხრა სერ ჰენრიმ. - წარმოიდგინეთ, რომ დევნა მისი ცოლისძმისა, რომლის საიდუმლო თავისი ნებით გაგვანდო, ჩვენის მხრივ უპატიოსნობა ყოფილა.
- შეიძლება მე გავცხარდი, სერ ჰენრი, გთხოვთ მაპატიოთ. მაგრამ მე მაინც ძალიან გავოცდი, როცა განთიადისას თქვენი ნაბიჯის ხმა გავიგონე და შევიტყვე, რომ სელდენის შეპყრობა გქონდათ გადაწყვეტილი. მაგ უბედურს ისედაც ცუდი დღე ადგას და ისღა აკლია, რომ კვალში ჩავუყენო ვინმე.
- სელდენი რომ ნამდვილად საკუთარი სურვილით გაგეცათ, ეს სულ სხვა საქმე იქნებოდა, - თქვა ბარონეტმა. - მაგრამ თქვენ, უფრო სწორად თქვენმა ცოლმა აღიარა სიმართლე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გაიძულეთ. სხვა გზა არც გქონდათ.
- არ მეგონა, თუ სიტყვაზე დამიჭერდით, სერ ჰენრი. არაფრით არ მეგონა.
- სელდენი საშიშია საზოგადოებისათვის. ეს ხომ ისეთი კაცია, არაფრის წინაშე უკან რომ არ დაიხევს. ამას მისი გამომეტყველება თვალნათლივ ადასტურებს. გაიხსენეთ, რა მწირედ არის აქაურობა დასახლებული. აიღეთ თუნდაც მისტერ სტეპლტონი - თავდასხმის შემთხვევაში რისი იმედი უნდა ჰქონდეს, მხოლოდ საკუთარ მკლავს თუ დაენდობა. არა! ვიდრე ამ კაცს ბორკილს არ დაადებენ, თავს უშიშრად ვერ ვიგრძნობთ.
- სელდენი ხელსაც არავის ახლებს, გეფიცებით! აქაური მცხოვრებლებისათვის ახლა იგი არ არის საშიში. დამიჯერეთ, სერ ჰენრი, რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება, ის სამხრეთ ამერიკაში წავა. გევედრებით, ნუ შეატყობინებთ პოლიციას, რომ სელდენი აქ იმყოფება, ჭაობებში. მას უკვე აღარ ეძებენ და შეუძლია გემს დამშვიდებით დაელოდოს. თუ პოლიციას შეატყობინებთ, მე და ჩემს ცოლს ავი საქმე დაგვემართება. გთხოვთ, სერ, ნუ მიმართავთ პოლიციას!
- უოტსონ, რას იტყვით ამაზე?
მხრები ავიჩეჩე.
- თუ ეს კაცი ამერიკაში წავა, გადასახადის გადამხდელები უფრო თავისუფლად ამოისუნთქავენ.
- ვთქვათ, რაიმე უბედურება მოახდინა გამგზავრების წინ?
- არა, სერ! გიჟი ხომ არ არის! ჩვენ მივეცით ყველაფერი, რაც საჭიროა. ახალი დანაშაული კი ხიფათში ჩააგდებს.
- ეს მართალია, - თქვა სერ ჰენრიმ. - კარგი, ბერიმორ...
- უფალმა დაგლოცოთ, სერ! რა მადლობელი ვარ! თუ სელდენი კიდევ დაიჭირეს, ჩემი ცოლი ამ დარდს ვეღარ გადაიტანს.
- ისე გამოდის, უოტსონ, რომ მე და თქვენ სისხლის სამართლის დამნაშავეს ვფარავთ. მაგრამ ახლა ალბათ გამბედაობა აღარ მეყოფა, რომ ის კატორღელი გავცე. კეთილი, ამით დავასრულოთ. შეგიძლიათ წახვიდეთ, ბერიმორ.
ლაქიამ კიდევ წაილუღლუღა მადლობის ნიშნად ორიოდე სიტყვა და წავიდა კარისაკენ, მაგრამ ზღურბლზე უეცრად შეჩერდა.
- თქვენ ისე კარგად მომექეცით, სერ, რომ მინდა როგორმე მადლობა გადაგიხადოთ, - დაიწყო გაუბედავად. - მე ცოტა რამ ვიცი, სერ ჰენრი... შეიძლება აქამდე ტყუილად ვდუმდი, მაგრამ ეს გამოირკვა მაშინ, როცა ძიება უკვე დამთავრებული იყო. ჯერ კიდევ არავისთან არ მილაპარაკია ამაზე... ლაპარაკია სერ ჩარლზის სიკვდილზე.
მე და ბარონეტი ადგილზე შევხტით.
- თქვენთვის ცნობილია სიკვდილის გარემოებანი?
- არა, სერ.
- მაშ, რა იცით,?
- მე ვიცი, რატომ იდგა ჭიშკართან ასე გვიან ღამით - პაემანი ჰქონდა ქალთან.
- პაემანი ქალთან! სერ ჩარლზს!
- დიახ, სერ.
- ვინ არის ის ქალი?
- სახელს ვერ გეტყვით, სერ, ვიცი მხოლოდ პირველი ასოები: ლ. ლ.
- სერ ჰენრი, იმ დილით ბიძათქვენმა წერილი მიიღო. მის სახელზე ჩვეულებრივ მრავალი წერილი მოდიოდა, ცნობილი კაცი იყო და თავისი სიკეთით სახელი ჰქონდა განთქმული. ყველა შესჩიოდა თავის დარდს. მაგრამ იმ დილით მხოლოდ ერთი წერილი მოვიდა, ამიტომაც დავიმახსოვრე. მისამართი ქალის ხელით იყო დაწერილი, ბეჭედზე კი აღნიშნული იყო `კუმბ-ტრესი~.
- მერე?
- არც მომაგონდებოდა მერე ეს წერილი, ჩემი ცოლი რომ არა. სერ ჩარლზის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, ჩემმა მეუღლემ მისი ყოფილი კაბინეტის დალაგება დაიწყო. ბუხრის სიღრმეში რაღაც ქაღალდის ფურცელი იპოვა. ფურცლის მეტი ნაწილი ფერფლად იყო ქცეული, მაგრამ ერთი პატარა ნაგლეჯი - სწორედ ბოლო - გადარჩენილიყო და კაცი სიტყვებს გაარჩევდა, თუმცა მელანი მხურვალებისაგან გაუფერულებულიყო და ქაღალდიც სანახევროდ გარუჯული აღმოჩნდა. ჩანდა, მხოლოდ მინაწერი გვეჭირა ხელში. აი, რა წავიკითხეთ: `გთხოვთ, როგორც ჯენტლმენს, დაწვით ეს წერილი და იყავით ჭიშკართან საღამოს ათ საათზე~. დაბლა ეწერა ორად ორი ასო: `ლ. ლ.~.
- ეს ნაგლეჯი შენახული გაქვთ?
- არა, სერ, ხელში შემომეფშვნა.
- მანამდე თუ იღებდა სერ ჩარლზი იმავე ხელით ნაწერ წერილებს?
- არ ვიცი, სერ. არ მიმიქცევია ყურადღება. ეს წერილიც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ერთადერთი იყო იმ დღეს.
- და თქვენ არ იცით, ვინ არის ეს `ლ. ლ.~?
- არა, სერ, წარმოდგენა არა მაქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ლედი რომ გვეპოვა, გავიგებდით ზოგიერთ წვრილმანს სერ ჩარლზის სიკვდილზე.
- პირდაპირ არ მესმის თქვენი, ბერიმორ! როგორ შეიძლებოდა აქამდე დაგემალათ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობები?
- იცით, სერ, ამის შემდეგ ანაზდად დაგვატყდა თავს უბედურება. გარდა ამისა, მე და ჩემს ცოლს ძალიან გვიყვარდა სერ ჩარლზი და ვერ ვივიწყებდით მის სიკეთეს. ვიფიქრეთ, რატომ უნდა გავქექოთ ძველი ამბავი-თქო? ჩვენს ბატონს ეს სულ ერთია უკვე აღარ უშველის, ხოლო როცა საქმეში ჩარეულია ქალი, საჭიროა ფრთხილად მოქმედება. აკი თვით ყველაზე უფრო ღირსეული ადამიანებიც...
- თქვენი აზრით, ეს შეურაცხყობს მის ხსოვნას?
- დიახ, სერ, გადავწყვიტე, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა. მაგრამ თქვენ ისეთი სიკეთე გამოიჩინეთ ჩვენდამი... აღარ შემიძლია დაგიფაროთ ის, რაც ვიცი.
- კარგი, ბერიმორ, შეგიძლიათ წახვიდეთ.
როცა ლაქია გავიდა, სერ ჰენრი მე მომიბრუნდა:
- აბა, უოტსონ, რას იტყვით სინათლის ამ ახალ სხივზე?
- ჩემი აზრით, ამ სხივმა კიდევ უფრო დააბნელა ყველაფერი.
- ჰო. მართალია. მაგრამ ეს `ლ.ლ.~ რომ გვეპოვა, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქალი, რომელმაც ბევრი რამ იცის, ხოლო ეს უკვე სერიოზული მიღწევაა! საჭიროა მხოლოდ მისი მიგნება. ახლა როგორ მოვიქცეთ?
- დაუყოვნებლივ შევატყობინოთ ყოველივე ჰოლმსს. იქნებ ამან დააყენოს სწორ კვალზე. დარწმუნებული ვარ, მაშინვე აქ გაჩნდება.
ჩვენს ოთახში შევედი და იმდღევანდელ ამბებზე დაწვრილებითი ანგარიში დავწერე. შევატყობინე, თუ რა მოხდა იმ დილით. ჩემი მეგობარი ბოლო დროს, ეტყობა, ძალიან მოუცლელია, რადგან ბეიკერსტრიტიდან იშვიათი და მოკლე პასუხები მოდის. მათში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ჩემს ანგარიშებზე, ხოლო ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანზე - მხოლოდ გაკვრით. შანტაჟის იმ საქმემ, ეტყობა, მთლიანად შთანთქა ჰოლმსი, მაგრამ უკანასკნელი მოვლენები უსათუოდ მიიპყრობენ მის ყურადღებას და ისევ გაუღვიძებენ ინტერესს ჩვენი ძიებისადმი, როგორ მინდა, რომ აქ იყოს!
17 ოქტომბერი. დღეს მთელი დღე წვიმს. მძიმე წვეთები აშრიალებენ ხშირ ფათალოს, ეცემიან ლავგარდანს და მიედინებიან დაბლა. მომაგონდა ღია ცის ქვეშ ტორფის ჭაობების სიღრმეში დამალული კატორღელი. საბრალო! რა მძიმეც არ უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ახლანდელი ტანჯვა რამდენადმე მაინც გამოისყიდის ყველა შეცოდებას. მერე მომაგონდა ის, მეორე ადამიანიც... კების ფანჯარაში გაელვებული სახე, თითქოს მთვარის დისკოზე ამოკვეთილი ბნელი ფიგურა. ნუთუ ის ბნელეთის თანამგზავრი, მოუხელთებელი მზვერავი, ამ დელგმაში დაეხეტება?
საღამოს საწვიმარი წამოვიგდე მხრებზე და ჭაობების სიღრმისაკენ გავემართე. საშინელი სურათები მესახებოდა, წვიმა სახეში მცემდა, ქარი ყურებში მიწიოდა. ვინც ახლა გრიმპენის ჭანჭრობში დაეხეტება, ღმერთი იყოს მისი მფარველი. ასეთ ამინდში აქ გორაკებიც კი ერთიან საფლობად იქცევიან. ვიპოვე გრანიტის სვეტი, რომელზედაც იდგა ის მარტოხელა მჭვრეტელი, და მისი უსწორმასწორო დაკბილული თავიდან დავათვალიერე ძირს გადაშლილი პირქუში ჭაობები. ამ ჩამუქებულ დაბლობს კოკისპირულად აწვიმდა. მძიმე, ტყვიისფერი ღრუბლები დედამიწაზე ეშვებოდნენ, ხოლო მათს ნაგლეჯებს სვეტებად შესდგომოდნენ გორაკების უცნაური მოხაზულობანი. შორს მარცხნივ, ხეების კენწეროების ზემოთ ნისლში ძლივს ჩანდა ბასკერვილ-ჰოლის ვიწრო კოშკები. მხოლოდ ისინი მეტყველებდნენ ამ მიდამოებში ადამიანის არსებობაზე, თუ არ ჩავთვლით წინაისტორიულ ქოხმახებს გორაკთა ფერდობებზე. და არსად არავითარი კვალი იმ უცნობისა, ამავე სვეტზე ორი ღამის წინ რომ ვნახე.
უკან რომ ვბრუნდებოდი, ექიმი მორტიმერი წამომეწია, რომელიც თავისი ეტლით მოდიოდა დამპალი საფლობის მხრიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ექიმი ჩვენს მიმართ ძალიან გულისხმიერი იყო, და თითქმის დღეც არ გავიდოდა, რომ არ შემოევლო ბასკერვილ-ჰოლში იმის გასაგებად, თუ როგორ ვიყავით. ექიმმა ეტლში ჩამსვა და შინ გაცილება შემომთავაზა. ძალიან შეწუხებული იყო თავისი სპანიელის დაკარგვის გამო. ჭაობებისაკენ წასული ძაღლი უკან აღარ დაბრუნებულიყო. ვანუგეშებდი ექიმს, როგორც შემეძლო, თვითონ კი ვიგონებდი, როგორ ჩაიძირა გრიმპენის ჭანჭრობში პონი, და ვფიქრობდი, რომ მორტიმერი ძნელად თუ იხილავდა თავის პატარა ძაღლს.
- სხვათა შორის, ექიმო, - ვუთხარი მე და თან მასთან ერთად ვხტოდი ოღროჩოღრო გზაზე, - თქვენ ალბათ ყველას იცნობთ, ვინც კი ამ არემარეში ცხოვრობს.
- ვფიქრობ, რომ ყველას.
- მაშინ, იქნება მითხრათ სრული გვარი და სახელი ქალისა, რომლის ინიციალებია `ლ. ლ.~?
მორტიმერი დაფიქრდა და მერე თქვა:
- ვერ გეტყვით. მართალია, ბოშებსა და ფერმის მუშებზე თავდებობას ვერ ვიკისრებ, მაგრამ თვით ფერმერებსა და ჯენტრის შორის ასეთი ინიციალები თითქოს არავის არ უდგება. თუმცა მოითმინეთ, - დასძინა პაუზის შემდეგ, - არის ერთი ლაურა ლაიონსი - ესეც თქვენი `ლ.ლ.~, მაგრამ ის კუმბ-ტრესიში ცხოვრობს.
- ვინ არის ეს ქალი?
- ფრენკლენდის ქალიშვილი.
- როგორ! ამ ახირებული მოხუცის?
- სავსებით სწორია! მხატვარს გაჰყვა ცოლად, გვარად ლაიონსს, რომელიც აქ ეტიუდებისათვის ჩამოდიოდა. ის არამზადა გამოდგა და მიატოვა ქალი, თუმცა, როგორც გამიგონია, ყველფერში მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულება არ შეიძლება. მამამ თავის ასულზე ხელი აიღო, რადგან ქმარს უნებართვოდ გაჰყვა. ისიც შეიძლება, რომ მიზეზი მარტო ეს არ იყოს. ერთი სიტყვით, ორთავე ცოდვილმა - მოხუცმაც და ახალგაზრდამაც - ამ ქალს სიცოცხლე გაუმწარა.
- მერე, როგორღა ცხოვრობს?
- მოხუცი ფრენკლენდი, ალბათ, ცოტა რამეს აძლევს, რაღა თქმა უნდა, ძალიან ცოტას, რადგან საქმე თვითონაც ვერა აქვს კარგად. მაგრამ რა მძიმე ცოდვაც არ უნდა ჩაედინა, საკუთარი შვილის ასე გაწირვა მაინც არ შეიძლებოდა. როცა ეს ისტორია ცნობილი გახდა, მეზობლები - სტეპლტონი და სერ ჩარლზი - დაეხმარნენ ქალს და საშუალება მისცეს პატიოსნად ეცხოვრა. ამ საქმეში ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის. გვინდოდა მანქანაზე ბეჭდვა შეესწავლა.
მორტიმერმა მკითხა, რატომ გაინტერესებს ეს ამბავიო და მეც დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა, თანაც შევეცადე არ გამემხილა ყველა წვრილმანი, რადგანაც სრულიადაც არ არის საჭირო ჩვენი საიდუმლოებანი უცხო ადამიანებს გავუზიაროთ.
ხვალ დილით კუმბ-ტრესიში გავემგზავრები, და თუ მოვახერხე ამ მეტად საეჭვო რეპუტაციის ქალის, მისის ლაიონსის ნახვა, ამით გადავდგამთ წინ დიდ ნაბიჯს. რათა ჩვენი თავსატეხების რიცხვი ერთით შემცირდეს.
სხვათა შორის, თქვენი მორჩილი მსახური ნელ-ნელა გველივით ბრძენი ხდება. როცა მორტიმერმა მეტისმეტად დაწვრილებით დამიწყო გამოკითხვა, მე სიტყვა ბანზე ავუგდე: რომელ ტიპს ეკუთვნის-მეთქი ფრენკლენდის თავის ქალა, ამან გადამარჩინა: გზის მთელი დანარჩენი ნაწილი კრანიოლოგიის ლექციას მიეძღვნა. შერლოკ ჰოლმსთან გატარებულ წლებს ჩემთვის ამაოდ არ ჩაუვლიათ.
ამ ნაღვლიანი წვიმიანი დღის აღწერა რომ დავასრულო, კიდევ ერთ საუბარს გავიხსენებ, ამჯერად ბერიმორთან. ამ საუბარმა კიდევ ერთი კვანძის წვერი მომცა ხელში, რასაც საჭირო შემთხვევაში გავყვები.
მორტიმერი ჩვენთან დარჩა, და სადილის შემდეგ მან და ბარონეტმა ეკარტეს თამაში წამოიწყეს. ლაქიამ ყავა ბიბლიოთეკაში მოგვართვა და აქ შემთხვევა მქონდა მისთვის რამდენიმე კითხვა დამესვა.
- აბა, ბერიმორ, რას აკეთებს თქვენი კეთილი ნათესავი? გაემგზავრა, თუ ჯერ კიდევ იმალება ჭაობებში?
- არ ვიცი, სერ. ნეტავი, მალე წავიდოდეს! რამდენ ხიფათს გადაგვკიდა. მას შემდეგ, რაც უკანასკნელად წავუღე საჭმელი, მისი არა ვიცი რა. ეს კი ამ სამი დღის წინათ გახლდათ.
- მაშინ კი ნახეთ?
- არა, სერ, მაგრამ შემდეგ შევამოწმე - საჭმელი ადგილზე არ იყო.
- რაკი საჭმელი ადგილზე არ აღმოჩნდა, მაშასადამე, ჯერაც ჭაობებშია.
- თითქოს ასეა, სერ, თუ მეორე კაცმა არ აიღო.
ხელი, რომლითაც ფინჯანი მეჭირა, შუა გზაზე გამიშეშდა, და მე მთელი გულისყურით ბერიმორს დავაშტერდი.
- მაშ, თქვენ ამბობთ, რომ იქ კიდევ მეორე ადამიანიც იმალება?
- დიახ, სერ, ჭაობებში კიდევ ერთი ადამიანი უნდა იყოს.
- თქვენ ნახეთ?
- არა, სერ.
- მაშ, აბა საიდან იცით მისი ამბავი?
- ამ ერთი კვირის წინ თვითონ სელდენმა მითხრა, ვიღაც კაცი კიდევ იმალებაო ჭაობებში, მაგრამ ჩემი ფიქრით, სერ უოტსონ, ის მეორე კატორღელთაგანი არ უნდა იყოს... არ მომწონს ეს ამბავი, სერ უოტსონ, სულაც არ მომწონს! - მოულოდნელი ძალით წამოსცდა ბერიმორს.
- ჩემო მეგობარო! აქ მე ვმოქმედებ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბატონის სასარგებლოდ. მხოლოდ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ სერ ჰენრის დავეხმარო. პირდაპირ მითხარით: სახელდობრ რა არ მოწონთ?
ერთი წუთით ბერიმორი ყოყმანობდა, თითქოს ნანობდა თავის აფეთქებას ან იმას, რომ თავისი მშფოთვარე გრძნობების გამოსახატავად შესაფერი სიტყვები ვერ იპოვა.
- არაფერი, რაც იქ ხდება, სერ! - შესძახა ბოლოს და ხელი გაიშვირა წვიმის ნაკადებით დაფარული ფანჯრებისაკენ, რომლებიც ჭაობებს გადაჰყურებდნენ.
- ეს რაღაც კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს. იქ, ჩემი აზრით, შავ-ბნელ საქმეს იზრახავენ, მერწმუნეთ! ახლა მხოლოდ ეს მინდა: რომ სერ ჰენრი რაც შეიძლება მალე წავიდეს აქედან ლონდონში!
- ასე რამ შეგაშინათ?
- გაიხსენეთ სერ ჩარლზის სიკვდილი! იმას ნუ უყურებთ, რა თქვა იმ გამომძიებელმა! ყური მიუგდეთ, რა ხდება ღამით ჭაობებში! ადამიანები ხომ არაფრის გულისათვის არ დათანხმდებიან დაღამების შემდეგ იქ გასვლაზე... ახლა ის კაცი, ჭაობებში რომ დადის და ვიღაცას ზვერავს, - ვის ზვერავს? რას ნიშნავს ყოველივე ეს? არა! მათთვის, რომელნიც ბასკერვილების გვარს ატარებენ, ეს საქმე კარგად არ გათავდება, და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა სერ ჰენრის ახალი მსახური მოვა. ჩემს ადგილს დაიჭერს და მე შემეძლება აქაურობას გავეცალო!
- მიამბეთ იმ კაცის ამბავი, - ვუთხარი ლაქიას. - რა იცით იმ ადამიანზე? რა თქვა სელდენმა? ხომ არ იცის, სად იმალება და რისთვის?
- სელდენმა ორჯერ ნახა, მაგრამ ფრთხილი და ეშმაკი ყოფილა. ჯერ პოლიციელად მიიღო, მაგრამ მერე დარწმუნდა, რომ სულ სხვა ვინმეა. გარეგნობით ჯენტლმენია, მაგრამ რა უნდა ამ ჭაობებში, ძნელი სათქმელია.
- მაინც სად იმალება?
- სელდენი ამბობს, ძველ ქოხებში, ფერდობზეო. იცით, იქ გორაკებზე გამოქვაბულებია, სადაც ძველ დროს ადამიანებს უცხოვრიათ.
- მერე, რას ჭამს?
- სელდენს შეუნიშნავს, რომ მასთან ვიღაც პატარა ბიჭი დადის, ალბათ ის თუ უზიდავს საჭმელსა და ყველაფერს, რაც ესაჭიროება. კუმბ-ტრესიდან უნდა დადიოდეს.
- კეთილი, ბერიმორ. როგორმე სხვა დროსაც მოვილაპარაკებთ ამაზე. - როცა ლაქია გავიდა, ფანჯარასთან გავჩნდი და დაბინდულ მინაში გავხედე ცაზე მსრბოლ ღრუბლებსა და ქარში მოქანავე ხეებს. თუ ასეთ ამინდში სახლშიც კი არ არის მყუდროება, რა გუნებაზე უნდა იყოს ჭაობებში ქვის ქოხმახში მყოფი ადამიანი? რა სიძულვილი უნდა გენთოს გულში, რომ ადამიანს ჩაუსაფრდეთ ასეთ ადგილას და ისიც ასეთ ამინდში! ან რამ აამხედრა ეს კაცი, რომ თავს ასეთი სასტიკი ტანჯვა არგუნა?
ჭაობის ერთ-ერთ ქოხში იფარება თვით არსი იმ გამოცანისა, რაც ასე მტანჯავს. ვფიცავ, ერთი დღეც არ გაივლის, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ადამიანს ძალუძს და ამ საიდუმლოებას მაინც ამოვხსნი!
თავი XI
[რედაქტირება]კაცი გრანიტის სვეტზე
[რედაქტირება]ჩემი დღიურის უკანასკნელ თავში აღწერილმა ამბებმა 18 ოქტომბრამდე მიგვიყვანეს, ეს ის რიცხვია, საიდანაც ზემოთ მოთხრობილი ყველა დაუჯერებელი ამბავი სწრაფად დაიძრა საშინელი დასასრულისაკენ. უკანასკნელი დღეების მოვლენები ისე ჩამეჭედა მეხსიერებაში, რომ შემიძლია ჩანაწერების დაუხმარებლად მოგითხროთ.
ამრიგად, დავიწყოთ იმ დღიდან, რომლის კვირაძალზე გამოვარკვიე პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ორი გარემოება. პირველი: რომ მისის ლაურა ლაიონსმა კუმბ-ტრესიდან წერილი მისწერა სერ ჩარლზ ბასკერვილს და პაემანი დაუნიშნა სწორედ იმ ადგილას, სადაც ამ უკანასკნელმა სიკვდილი ჰპოვა (ამასთან დათქმულ საათს), და მეორე: რომ ადამიანი, რომელიც ჭაობებში იმალება, უნდა ვეძიოთ ქვის ქოხებში, ბორცვის ფერდობზე. ვგრძნობდი, რომ ახლა გაუბედაობასა და მოუსაზრებლობას მხოლოდ ხელის შეშლა შეეძლო ამ ორი გამოცანის გადაწყვეტაში.
იმ საღამოს ვერ მოვახერხე მისის ლაიონსზე მეთქვა რამე ბარონეტისათვის, რადგან მორტიმერი გვიანობამდე შეჰყვა მასთან ბანქოს თამაშს. მაგრამ მეორე დღეს საუზმეზე ჩემი აღმოჩენა გავუზიარე და ვთხოვე, კუმბ-ტრესიში წამომყევი-მეთქი. პირველად სიამოვნებით დამეთანხმა, მაგრამ როცა დავფიქრდით და კარგად ავწონ-დავწონეთ, გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მარტო მე წავიდოდი. ჩვენი აზრით, რაც უფრო ოფიციალურად იქნებოდა მოწყობილი ეს გამგზავრება, მით უფრო ნაკლებ წარმატებას მივაღწევდით. ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე დავტოვე შინ სერ ჰენრი, თვითონ კი ამ ახალ სამძებრო საქმეზე გავწიე.
კუმბ-ტრესიში რომ ჩავედი, პერკინსს ვუბრძანე, ცხენებს მიხედე-მეთქი და მაშინვე ვიპოვე ლედი, რომელიც უნდა დამეკითხა. მისი სახლის პოვნა არ გამჭირვებია - სოფლის შუაგულში იდგა. მოსამსახურემ, რომელმაც კარი გააღო, ზედმეტი ცერემონიის გარეშე შემიყვანა სასტუმრო ოთახში, სადაც საწერ მანქანასთან მჯდარი ქალი დამხვდა. იგი სასიამოვნო ღიმილით ადგა, რომ მომგებებოდა, მაგრამ როცა უცნობი კაცი დამინახა, მოიღუშა, ისევ მაგიდას მიუჯდა და მოსვლის მიზეზი მკითხა.
ერთი შეხედვით მისის ლაიონსი განსაცვიფრებელი სილამაზის ქალი გახლდათ. ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა, წაბლისფერი თმა, ვარდისფერ ღაწვებზე ოდნავ ჭორფლი ეყარა, მაგრამ სახეზე ისეთი მომხიბვლელი ელფერი დაჰ-კრავდა, როგორიც თეთრი ვარდის გულში გვინახავს. ვიმეორებ, პირველი შთაბეჭდილება ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ როცა კარგად დავაკვირდი და უფრო კრიტიკული თვალით შევხედე, მის პიროვნებაში რაღაც არასასიამოვნო, იქნებ უხეშიც აღმოვაჩინე. არ ვიცი, რა ჩრდილავდა ამ სრულყოფილ სილამაზეს - პირის ორსავე მხარეს არსებული ნაკეცები, თუ მკაცრი გამოხედვა. მაგრამ ეს აზრი თავში უფრო გვიან მომივიდა. პირველ წუთს კი უბრალოდ ვიგრძენი, რომ ჩემს წინ ზის ძალიან ლამაზი ქალი, და ეს ქალი მეკითხება, რისთვის მოხვედიო. მხოლოდ ახლა მივხვდი, რამდენად საჩოთირო იყო ჩემი ვიზიტის მიზანი.
- მაქვს პატივი ვიცნობდე თქვენს მამას, - ვუთხარი პასუხად.
დასაწყისი საკმაოდ უხეირო გამოდგა და ლედიმ ეს დაუყოვნებლივ მაგრძნობინა.
- მე არაფერი საერთო არა მაქვს ჩემს მამასთან, - თქვა ქალბატონმა. - არაფრით არა ვარ მისგან დავალებული და მის მეგობრებს არა ვთვლი ჩემს მეგობრებად. იგი ჩემზე ზრუნვით თავს არ იწუხებს. სერ ჩარლზ ბასკერვილი და ზოგიერთი სხვა გულშემატკივარი რომ არა, შიმშილი მელოდა.
- მე სწორედ განსვენებულ სერ ჩარლზ ბასკერვილზე მინდა გელაპარაკოთ.
ფერწასულ სახეზე ჭორფლი ნათლად გამოეხატა.
- სახელდობრ, რა გაინტერესებთ? - იკითხა და თითები ნერვულად შეათამაშა მანქანის კლავიშებზე.
- იცნობდით?
- აკი გეუბნებოდით, ბევრით ვარ-მეთქი დავალებული მისგან. თუ მოვახერხე ფეხზე დადგომა, ეს უფრო იმის წყალობით, რომ იმ კაცმა ჩემდამი გულისხმიერება გამოიჩინა.
- მიწერ-მოწერა გქონდათ მასთან?
ლედიმ სწრაფი მზერა მტყორცნა და მის თაფლისფერ თვალებში ბოროტმა ნაპერწკალმა გაიელვა.
- ამიხსენით ამ დაკითხვის მიზანი, - მკაცრად თქვა ქალმა.
- მიზანი ერთია: გადარჩეთ თქვენთვის არასასიამოვნო გახმაურებას. მოდით, ახლავე მოვილაპარაკოთ, თორემ ეს საქმე ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული და შედეგი უარესი იქნება.
მისის ლაიონსს კიდევ უფრო გაუკრთა ფერი და დიდხანს დუმდა, მერე უეცრად შემომხედა და თავხედური, გამომწვევი კილოთი მითხრა.
- კარგი, მე თანახმა ვარ. რა გნებავთ იცოდეთ?
- გქონდათ თუ არა მიმოწერა სერ ჩარლზთან?
- დიახ, მივწერე ორჯერ, დიდსულოვნება და თავაზიანობა დავუმადლე.
- ამ წერილების თარიღები გახსოვთ?
- არა.
- პირადად შეხვედრიხართ?
- სულ რამდენჯერმე, კუმბ-ტრესიში მისი ჩამოსვლის დროს. სერ ჩარლზი ძალიან თავმდაბალი კაცი იყო, არ უყვარდა თავისი ქველი საქმეების გამომზეურება.
- იშვიათად სწერდით, იშვიათად ხვდებოდით და ამის მიუხედავად იმდენად ახლო იცნობდა თქვენს საქმეებს, რომ კიდევაც გეხმარებოდათ! რანაირად?
ჩემს ხრიკიან კითხვაზე დაუფიქრებლად მიპასუხა:
- საერთო ძალით მეხმარებოდნენ სხვა ჯენტლმენებიც, რომელთაც იცოდნენ ჩემი სამწუხარო ისტორია. ერთი მათგანი იყო მისტერ სტეპლტონი, სერ ჩარლზის მეზობელი და ახლო მეგობარი. ამ კაცმა ჩემდამი განსაკუთრებული სიკეთე გამოიჩინა და მისი საშუალებით გამეცნო სერ ჩარლზი.
უკვე ვიცოდი, რომ სერ ჩარლზ ბასკერვილს არა ერთხელ დაუვალებია სტეპლტონისათვის ეწარმოებინა მისი საქველმოქმედო საქმეები, ამიტომაც ასეთი ახსნა სავსებით დამაკმაყოფილებელი მეჩვენა.
- ახლა მითხარით: თქვენს წერილებში სერ ჩარლზს არ სთხოვდით პირად შეხვედრას?
ქალი რისხვით აენთო.
- ასეთ კითხვას უადგილოდ ვთვლი, სერ!
- მაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ მე იძულებული ვარ გავიმეორო ეს კითხვა.
- კარგი, გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, არა!
- სერ ჩარლზის სიკვდილის დღესაც კი?
ღაწვებზე ვარდის ფერი გაუქრა და სახე მკვდარივით გაუფითრდა. გამშრალი ტუჩები აუცახცახდა, და მე უფრო დავინახე, ვიდრე გავიგონე კიდევ ერთი `არა~.
- აშკარად გღალატობთ მეხსიერება. შემიძლია კიდევაც გაგიმეოროთ თქვენი წერილის ერთი ფრაზა. იქ ნათქვამია: `გევედრებით, როგორც ჯენტლმენს, დაწვით ეს წერილი და იყავით ჭიშკართან საღამოს ათ საათზე~.
მომეჩვენა, კიდევ ერთი წამიც და მისის ლაიონსი გრძნობას დაკარგავს-მეთქი, მაგრამ ნებისყოფის უზარმაზარი დაძაბვით თავს მოერია.
- მაშასადამე, არ არსებობენ ქვეყნად წესიერი ჯენტლმენები? - აღმოხდა მას.
- თქვენ უსამართლო ხართ სერ ჩარლზის მიმართ. მან შეასრულა თქვენი თხოვნა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დამწვარი წერილის წაკითხვაც. ახლა აღიარებთ, რა მისწერეთ იმ დღეს?
- დიახ, მივწერე, უარზე აღარ დავდგები! - შესძახა ქალმა და თავის სიტყვაში ჩააქსოვა მთელი გრძნობა. - არაფერს სამარცხვინოს არ ვხედავ იმ წერილში. დახმარებას ვითხოვდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მოველაპარაკებოდი, უარს არ მეტყოდა.
- მაგრამ რატომ დანიშნეთ შეხვედრა ასე გვიან?
- გავიგე, რომ მეორე დღეს ლონდონს მიემგზავრებოდა, იქნებ რამდენიმე თვითაც. ამაზე ადრე კი არ შემეძლო მისვლა, მქონდა მიზეზები.
- რატომ მაინცდამაინც პარკში დაუნიშნეთ შეხვედრა? განა არ შეიძლებოდა ეს სახლში მომხდარიყო?
- თქვენი აზრით, შეიძლება ასე გვიან ქალი უცოლო კაცის სახლში მივიდეს?
- კარგი. რა მოხდა მაშინ, როცა პაემანზე მიხვედით?
- მე არსად არ წავსულვარ.
- მისის ლაიონს!
- გეფიცებით ყველაფერს, რაც ჩემთვის წმიდაა, არ წავსულვარ! ხელი შემიშალეს.
- რამ და ვინ შეგიშალათ?
- ეს ჩემი პირადი საქმეა. არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.
- მაშასადამე, თქვენ დაუნიშნეთ პაემანი სერ ჩარლზს იმ ადგილზე, სადაც სიკვდილი ჰპოვა, თანაც იმავე საათს, თვითონ კი არც მისულხართ.
- სრული სიმართლეა.
მთელმა ჩემმა შემდგომმა ცდამ ამაოდ ჩაიარა. ქალი ჯიუტად იდგა თავისაზე.
- მისის ლაიონს, - წარმოვთქვი ამ გრძელი და უშედეგო დაკითხვის დასასრულს, - თქვენ არ გსურთ გულახდილად ლაპარაკი და ამით იღებთ თქვენს თავზე დიდ პასუხისმგებლობას. თქვენი მდგომარეობა ფრიად საჩოთიროა. თუ დახმარებისათვის პოლიციას მივმართე, მაშინ ნახავთ, როგორ გაიტეხთ ამით სახელს. დავუშვათ, რომ თვითონ არაფერში არა ხართ დამნაშავე, მაგრამ მაშინ რატომ განაცხადეთ უარი თქვენს წერილზე, რაც სერ ჩარლზს სიკვდილის დღეს გაუგზავნეთ?
- მეშინოდა, რომ აქედან მცდარ დასკვნებს გააკეთებდნენ და არასასიამოვნო საქმეში ჩამითრევდნენ.
- რატომ ითხოვდით ასე დაჟინებით, რომ სერ ჩარლზს მოესპო თქვენი წერილი?
- თუ წაიკითხეთ, თვითონვე უნდა იცოდეთ ეს.
- არ ვამბობ, რომ მთელი წერილი წავიკითხე.
- თქვენ მთელი ფრაზა მითხარით ზეპირად.
- მხოლოდ პოსტსკრიპტუმი, წერილი დაიწვა, მთლიანად წაკითხვა შეუძლებელი იყო. ისევ გიმეორებთ კითხვას: რატომ ითხოვდით ასე დაჟინებით, რომ სერ ჩარლზს მოესპო თქვენი წერილი?
- ეს მეხება მხოლოდ მე.
- მაშინ მით უფრო უნდა მოერიდოთ საქვეყნო გამოძიებას და თავის მოჭრას.
- კეთილი, ყველაფერს გეტყვით. თუ ჩემი მწარე ხვედრის ამბავი თქვენამდე მოვიდა, გეცოდინებათ, რომ დაუფიქრებლად გავთხოვდი და ყველა საფუძველი მაქვს ამას ვნანობდე.
- კი, ზოგი რამ გამიგონია.
- ქმარი, რომელიც მძაგს, ქორწინების დღიდან მოყოლებული განუწყვეტლივ მდევნის, ლამობს ხელში ჩამიგდოს, მემუქრება. კანონი მის მხარეზეა, და მე ყოველდღე საფრთხე მომელის. იგი მექადნება, რომ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ. ვიდრე სერ ჩარლზს წერილს მივწერდი, გავიგე, რომ მოძალადისაგან თავის დაღწევას შევძლებდი, თუ საჭირო თანხა მექნებოდა. თავისუფლება მომცემდა სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას, საკუთარი თავის პატივისცემას, ქვეყნად ყველაფერს! სერ ჩარლზის დიდსულოვნება კარგად იყო ცნობილი, და მე ვფიქრობდი, რომ თუ ვუამბობდი ჩემს მდგომარეობას, დახმარებაზე უარს არ მეტყოდა.
- მაშ, რატომ არ წახვედით პაემანზე?
- იმიტომ, რომ ამასობაში დახმარება სხვისგან მივიღე.
- მაშინ მეორე წერილით უნდა შეგეტყობინებინათ, რატომ არ შეგეძლოთ მისვლა!
- ასედაც მოვიქცეოდი, რომ მეორე დღეს დილით მისი სიკვდილის გამო დაბეჭდილი ნეკროლოგი არ წამეკითხა.
საკმაოდ დალაგებული მოთხრობა გამოვიდა, და ჩემს კითხვებს აღარ შეეძლოთ შეერყიათ მისი სიმართლე. ყოველივე ამის შემოწმება შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ხერხით: უნდა გამეგო, მისის ლაიონსმა განქორწინების საქმე სერ ჩარლზის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო თუ არა.
პაემანზე არ ვყოფილვარო, ამგვარ ტყუილის თქმას ეს ქალი ძნელად თუ გაბედავდა, რადგან ბასკერვილ-ჰოლში მხოლოდ შარაბანით შეეძლო წასულიყო და კუმბ-ტრესიში განთიადისას თუ დაბრუნდებოდა. ასეთ მოგზაურობას საიდუმლოდ ვერ შეინახავ. მაშასადამე, ან სიმართლეს ამბობდა, ან, ყოველ შემთხვევაში, სიმართლის ნაწილს. საგონებელში ჩავარდნილი და მარცხით შეწუხებული წამოვედი ამ ქალის სახლიდან. ჩემ წინ იგივე ყრუ კედელი იყო, რაც დასახული მიზნისაკენ მიმავალ ყველა გზაზე მეღობებოდა. როცა მისის ლაიონსთან ჩემი საუბარი მახსენდებოდა და მისი სახის გამომეტყველებასა და საქციელზე ვფიქრობდი, სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ბევრი რამ არ გამიმხილა. რატომ წაუვიდა ფერი? რატომ ვხდებოდი იძულებული ყოველი სიტყვა მაჯაგანით ამომეგლიჯა მისთვის? რატომ არ წავიდა პაემანზე, რომელიც სერ ჩარლზ ბასკერვილს დაუნიშნა? რაღა სწორედ დანიშნულ საათზე ჰპოვა სიკვდილი ჩარლზ ბასკერვილმა? ალბათ, ყოველივე ამის მიზეზი არც ისე უბრალო უნდა იყოს, როგორც მისის ლაიონსი ლამობდა ჩემთვის ჩაეგონებინა. დიახ. ამ გზით ვერაფერს გავხდებოდი, საჭირო იყო ჭაობების ქვის ქოხმახებისაკენ მიმავალი კვალის მიყოლა.
მაგრამ ეს კვალი უაღრესად ბუნდოვანი იყო, ამაში უკან დაბრუნებისას დავრწმუნდი, როცა წინაისტორიული ადამიანების საცხოვრებლებით დასერილ გორაკებს ჩავუარე. ბერიმორმა თქვა, ის მეორე კაცი ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში იმალებაო, მაგრამ ასეთი ქოხები ხომ აქ ყოველ ნაბიჯზეა! თუმცა, ბერიმორის მითითებების გარდა, ჩემი საკუთარი მოსაზრებაც მქონდა, რადგან გრანიტის სვეტზე მდგარი ადამიანი საკუთარი თვალით ვიხილე. მაშასადამე, იქიდან უნდა დავიწყოთ ძებნა. ყოველ ქოხს გამოვიკვლევ და ბოლოს და ბოლოს ვიპოვი იმას, ვინც მესაჭიროება. თუ უცნობი ვიპოვნე, ვაიძულებ თავისი სახელიც მითხრას და აღიაროს, რისთვის გვდევნის ასე დაჟინებით, თუნდაც ამისათვის რევოლვერით დამუქრება დამჭირდეს. იგი ხალხმრავალი რიჯენტსტრიტიდან გაექცა ჰოლმსს, მაგრამ აქ, უბედურ ჭაობებში, ისე ადვილად ვეღარ გაიპარება. თუ მის საცხოვრებელ ქოხს მივაგენი და თვითონ შინ არ დამიხვდა, იმდენ ხანს დაველოდები, ვიდრე არ მოვა. ჰოლმსს ლონდონში გაუსხლტა, მაგრამ, თუ მისი ხელში მოგდება მოვახერხე და ჩემს მასწავლებელს ვაჯობე, მაშინ ნახეთ, როგორ ვიზეიმო!
ბედნიერებამ ბევრჯერ გვაქცია ზურგი ამ ძიების გზაზე, მაგრამ ახლა თვითონვე შემობრუნდა ჩემკენ, და წარმატების მაუწყებლად თმაჭაღარა, ღაჟღაჟა მისტერ ფრენკლენდი მომივლინა.
იგი გზატკეცილის პირად მდებარე თავის ბაღის ჭიშკართან შემომეყარა.
- გამარჯობათ, ექიმო უოტსონ! - შესძახა მისთვის უჩვეულო თავაზიანობით. - დაასვენეთ ცხენები! შემობრძანდით, მოილხინეთ, თითო ჭიქა ღვინო გადავკრათ.
ყოველივე იმის შემდეგ, რაც საკუთარი ასულისადმი მისტერ ფრენკლენდის დამოკიდებულებაზე მსმენია, ამ კაცის მიმართ არ შემეძლო რაიმე განსაკუთრებული მეგობრული გრძნობა მქონოდა. მაგრამ მინდოდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, პერკინსი შინ გამეგზავნა, და ასეთი საბაბი ძალზე დროული გამოდგა. ეტლიდან გადმოვედი, მეეტლეს ვუბრძანე, სენ ჰენრისათვის გადაეცა, რომ სადილობამდე დავბრუნდებოდი და ფრენკლენდს პირდაპირ სასადილო ოთახში შევყევი.
- დღეს სადღესასწაულო დღე მაქვს, სერ, ნამდვილი დღესასწაული! - განაცხადა ფრენკლენდმა და მხიარულად ჩაიხითხითა. - ორი პროცესი მოვიგე. ახლა აქაური ხალხი გაიგებს, რომ კანონი არის კანონი და რომ ჩემი სახით საქმე აქვთ ადამიანთან, რომელიც არ მოერიდება ურჩთა თავებზე რისხვის დატეხვას. მე მოვიპოვე მოხუც მიდლტონის პარკში თავისუფლად გავლის უფლება - ზედ შუაგულ პარკში, სერ! - მისი კარის წინ, რაღაც ას ნაბიჯზე, ეტლს გავაგრიალებ! აბა, რას იტყვით ამაზე? მოიცადონ, ჭკუას ვასწავლით ჩვენს მაგნატებს, წყეულიმც იყოს მათი თავი! დე, გაიგონ, რომ არავინ არ დართავს ნებას შელახონ სათემო უფლებები! ამას გარდა, იმასაც მივაღწიე, რომ გზა ჩავკეტე იმ ტყისაკენ, სადაც აქაური ხალხი პიკნიკებს მართავს. ამ არამზადებს თავი ისე უჭირავთ, თითქოს კერძო საკუთრების უფლებები აღარ არსებობდეს! ასე ჰგონიათ, რომ ყველგან შეუძლიათ დატოვონ ცარიელი ბოთლები და ქაღალდის ნაგლეჯები. ორივე საქმე დასრულებულია, ექიმო უოტსონ, და ორივე სასამართლო პროცესი მოვიგე. ასეთი სასიხარულო დღე მას შემდეგ არ გამთენებია, რაც საკუთარ მამულში კურდღლებზე მონადირე სერ ჯონ მორლენდს ბრაკონიერობისათვის პასუხი ვაგებინე.
- ეს როგორღა მოახერხეთ?
- მიმართეთ სასამართლოს არქივებს, სერ. დაკარგული დრო არ დაგენანებათ. `ფრენკლენდი მორლენდის წინააღმდეგ~. საქმე გაირჩა ლონდონში. ორასი გირვანქა დამიჯდა, სერ, მაგრამ მაინც მოვიგე!
- მერე, რა მოგცათ ამან?
- არაფერი, სერ, სრულიად არაფერი! მე ვამაყობ იმით, რომ მთელ ამ საქმეებში არავითარი პირადი დაინტერესება არა მაქვს. ამით მხოლოდ ჩემს საზოგადოებრივ მოვალეობას ვასრულებ. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ფერნვორსის მცხოვრებნი ამ საღამოს ჩემს ფიტულს კოცონზე დაწვავენ. როცა ასეთი რამ მოიგონეს, მოვითხოვე, რომ პოლიციას ბოლო მოეღო ამ უმსგავსოებისათვის. მაგრამ პოლიციის ხელისუფალთ ჩვენს საგრაფოში ძალზე სამარცხვინოდ უჭირავთ თავი, სერ! მე უფლება მაქვს იმედი ვიქონიო მათი დახმარებისა, ისინი კი არ მეხმარებიან! მოიცადეთ, საქმე `ფრენკლენდი პოლიციის წინააღმდეგ~ მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ვაფრთხილებდი, რომ ადგილობრივ ხელისუფალთ ძვირად დაუჯდებოდათ თავიანთი აღმაშფოთებელი დამოკიდებულება ჩემდამი. და აი, ასრულდა ჩემი სიტყვა.
- რანაირად? - ვკითხე მე.
მოხუცმა ბევრის მთქმელი მზერა მესროლა.
- საშინლად უნდათ ერთი ამბის გაგება, ჩემთვის კი ცნობილია ზოგი რამ. მაგრამ მაგ არამზადებს არაფრის გულისათვის არ დავეხმარები.
უკვე დიდი ხანია ვეძებდი საბაბს, რომ რაც შეიძლებოდა მალე დავშორებოდი ამ ყბედს, მაგრამ მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა დამაინტერესეს, თუმცა, ამ ინტერესის გამოჩენა არას მარგებდა, რადგან ჩემთვის ცნობილი იყო ცოდვილი მოხუცის ჭირვეული ხასიათი - საკმარისი იყო შეენიშნა, რომ მისგან რაიმეს გაგებას ვცდილობ და მაშინვე გაჩუმდებოდა. ამიტომ სრულიად გულგრილი კილოთი ვკითხე:
- ალბათ ისევ ბრაკონიერობის ამბავია, არა?
- ჰა-ჰა! არა, მეგობარო, აქ ბევრად უფრო სერიოზული საქმე გახლავთ. რას იტყვით, თუ ეს ეხება გაქცეულ კატორღელს?
მოულოდნელობისაგან შევკრთი.
- განა თქვენ იცით, ის სად იმალება?
- შეიძლება ადგილი ზედმიწევნით სწორად არ ვიცოდე, მაგრამ პოლიციის დაყენება მის კვალზე ნამდვილად შემიძლია. ნუთუ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ამ კაცის შეპყრობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხერხდეს, თუ გავიგებთ, ვინ უზიდავს საჭმელს და მის კვალს მივყვებით.
მოხუცი იმდენად ახლო იყო ჭეშმარიტებასთან, რომ სულის სიმშვიდე დავკარგე.
- დიახ, მართალია, - ვთქვი გუნებაშეცვლილმა, - მაგრამ რატომ გგონიათ, რომ კატორღელი ჯერ კიდევ ჭაობებშია?
- იმიტომ, რომ საკუთარი თვალით დავინახე კაცი, რომელიც მას საჭმელს უზიდავს.
გული შემეკუმშა, როცა ბერიმორი მომაგონდა, თუ ამ ბოროტი, გაიძვერა ბებრუცუნას ხელში მოხვდა, მისი საქმე ძალიან ცუდად წავა.
მაგრამ, რაც შემდეგ მითხრა, იმან ერთგვარი შვება მომგვარა.
- თქვენ წარმოიდგინეთ, საჭმელი ბავშვს დააქვს! - განაგრძო ფრენკლენდმა. - იმ პატარა ბიჭუნას ჩემი სახლის სახურავიდან ჭოგრით ყოველდღე ვხედავ. ერთხელ ამორჩეული გზით დადის, ერთსა და იმავე დროს. ვისთან? - ისმება კითხვა. - რა თქმა უნდა, კატორღელთან!
აი, დაბოლოს, წარმატებაც! მაგრამ მე ფრენკლენდს არ ვაგრძნობინე, რამდენად ვიყავი ამ საქმით დაინტერესებული. ბავშვიო! ბერიმორი ამბობდა, უცნობს ვიღაც ბავშვი ემსახურებაო. გამოდის, რომ ფრენკლენდმა მიაგნო ამ კაცის კვალს, ხოლო კატორღელი აქ არაფერ შუაშია. რომ შემძლებოდა მოხუცისაგან ყოველივე იმის გაგება, რაც იცოდა, ეს გამათავისუფლებდა ხანგრძლივი და მომქანცველი ძიებისაგან, მაგრამ ჩემი იარაღი ამ თამაშში უწინდებურად ურწმუნობა და სრული გულგრილობა გახლდათ.
- მე მგონია, რომ ეს რომელიღაც აქაური მწყემსის შვილია. ალბათ მამასთან სადილი დააქვს.
ძალაუფლების მოყვარე მოხუცს მცირეოდენი წინააღმდეგობაც კი თვალთაგან ნაპერწკლებს აფრქვევინებდა. ამჯერადაც თვალები ბოროტად დამიბრიალა და, როგორც გააფთრებული კატა, ისე აიფხორა.
- ასე გგონიათ, სერ? - მკითხა და ხელი ჩვენ თვალწინ გადაშლილ ჭაობებისაკენ გაიშვირა, - აი, იმ გრანიტის სვეტს ხედავთ? ასე! ახლა მის უკან აღმართულ დაბალ გორაკსა და კვრინჩხნარს? ეს ყველაზე უფრო ქვიანი ადგილია მთელ ჭაობებში. რა უნდა ქნან იქ მწყემსებმა? თქვენი ვარაუდი პირდაპირ უაზროა, სერ!
მორჩილად დავეთანხმე, ვერ გავითვალისწინე ასეთი გარემოება-მეთქი. ჩემი დამყოლი ხასიათი ფრენკლენდს ძალიან მოეწონა და შეუჩერებელი ლაქლაქი განაგრძო.
- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სერ, რომ ნაჩქარევ დასკვნებს არასოდეს არ ვაკეთებ. ამ ყმაწვილს, რომელსაც ხელში ფუთა უჭირავს, პირველად როდი ვხედავ. ყოველდღე, დღეში ორჯერაც კი ზოგჯერ... მოიცათ, ექიმო უოტსონ!.. თვალი მატყუებს, თუ იმ ბორცვის ფერდობზე რაღაც მოძრაობს?
და მართლაც, რამდენიმე მილის მანძილზეც კი შევნიშნე პატარა მუქი წერტილი, მომწვანო ბორცვის ფერდობზე რომ ჩანდა.
- წავიდეთ, სერ, წავიდეთ! - შესძახა ფრენკლენდმა, და სირბილით აჰყვა კიბეს, - თქვენი საკუთარი თვალით ნახავთ!
ბრტყელ სახურავზე სამფეხზე დამაგრებული კარგა მოზრდილი საჭვრეტი მილი იდგა. ფრენკლენდი ამ მილს მივარდა და საზეიმო კილოთი შესძახა:
- ჩქარა, ექიმო უოტსონ, ჩქარა! თორემ მალე ბორცვს მიეფარება!
მართლაც, ზურგზე ფუთამოკიდებული ყმაწვილი ფერდობს მიჰყვებოდა. როცა ბორცვის თავზე ავიდა, მე ცის ლურჯ ფონზე სრულიად ნათლად დავინახე მისი ძონძებში გახვეული უშნო ფიგურა. ყმაწვილმა ფრთხილად მიმოიხედა გარშემო, უთუოდ შეამოწმა, ხომ არ მითვალთვალებენო, და გორაკს მიეფარა.
- აბა, რას იტყვით, მართალი ვარ, თუ არა?
- მართლაც, ყმაწვილია, და ალბათ მიზეზიც აქვს, რომ იქ საიდუმლოდ იაროს.
- რა საიდუმლო მიზეზიც აქვს, ამას უბრალო პოლიციელიც გამოიცნობდა. მაგრამ მე მათ ერთ სიტყვასაც არ გავუმხელ. თქვენც, ექიმო უოტსონ, გთხოვთ, იყუჩოთ. გესმით? არც ერთი სიტყვა!
- როგორც ინებებთ.
- ისინი ყოვლად აღმაშფოთებლად უგულებელყოფენ ჩემს პიროვნებას. როცა მზის სინათლეზე გამოვა საქმე `ფრენკლენდი პოლიციის წინააღმდეგ~, ქვეყანას გადაუვლის აღშფოთების ტალღა. არა, ნუ ექნებათ ჩემი დახმარების იმედი! თითსაც არ გაანძრევდნენ, რომ ამ არამზადებს ჩემი ფიტულის ნაცვლად თვითონ მე დავეწვი... როგორ! თქვენ უკვე მიბრძანდებით? ნუთუ ამ საზეიმო მოვლენასთან დაკავშირებით სურის დაცლაში არ დამეხმარებით?
მაგრამ მე მის მუდარას ყური არ ვათხოვე, ხოლო როცა ბერიკაცმა განაცხადა, მინდა სახლამდე მიგაცილოთო, ამ განზრახვაზეც ხელი ავაღებინე. ვიდრე ჩემი დანახვა შეეძლო, გზას მივყვებოდი, შემდეგ კი პირდაპირ იმ ქვიანი ბორცვისაკენ შევუხვიე, რომლის იქითაც ბავშვი მიიმალა. ყველაფერი ისე მოეწყო, რომ უკეთესად აღარ შეიძლებოდა, და გულში დავიფიცე, რომ თუ ვერ მოვახერხებდი იმ ბედნიერი შემთხვევის გამოყენებას, რაც ბედმა მიბოძა, ამისი მიზეზი ჩემი ენერგიის ნაკლებობა ან უყურადღებობა მაინც არ იქნებოდა.
როცა მწვერვალზე ავედი, მზე უკვე ჩადიოდა. და ბორცვის დამრეცი ფერდობები ერთ მხარეს მომწვანო-ოქროსფერი იყო, მეორე მხარეს კი მუქ ჩრდილში იძირებოდნენ. შორს, ზედ ჰორიზონტთან, მიწამდე ეშვებოდა ნისლი და ამ ნისლში გამოკრთოდა მელიის სვეტის ფანტასტიკური მოხაზულობა. ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა, მხოლოდ რომელიღაც დიდი, რუხი ფრინველი - თოლია თუ კრონშნეპი - დანავარდობდა, მაღლა, ლურჯ სივრცეში. მე და ეს ფრინველი ვიყავით ერთადერთი ცოცხალი არსებანი უზარმაზარ ცის თაღსა და მის ქვეშ გაწოლილ უდაბნოს შორის. ჭაობების შიშველი სივრცეები, უკაცურობა, ამოუხსნელი საიდუმლოება და ჩემ მიერ დასახული ამოცანები - ყველაფერი ეს ყინავდა ჩემს გულს. ბავშვი არსად ჩანდა. მაგრამ ბორცვებს შორის მიკუნჭულიყვნენ ძველებური ქვის ქოხები, და მათ შორის იყო ერთი, რომლის გადარჩენილ სახურავს შეეძლო ავდრისაგან ადამიანის დაცვა. გულმა რაღაც მიგრძნო, როცა ქოხი დავინახე. ტანმა მიაზრა, რომ უცნობი სწორედ იმ სოროში უნდა მეძებნა და ბოლოს ასე ვიფიქრე: ფეხს გადავდგამ თუ არა მისი თავშესაფრის ზღურბლზე, იმწამსვე ხელში ჩავიგდებ-მეთქი.
ქოხისაკენ შეუმჩნევლად მივიპარებოდი - ზუსტად ისე, როგორც სტეპლტონი, როცა ბადეს პეპელას უმიზნებდა! როცა ახლოს მივედი, ჩემდა სასიამოვნოდ დავრწმუნდი, რომ გუმანმა არ მიმტყუნა და აქ ადამიანი ცხოვრობდა. კედელში დატოვებულ ხვრელამდე, რომელიც შესასვლელის მაგივრობას ეწეოდა, ქვებს შორის ოდნავ შესამჩნევი ბილიკი გადიოდა. თვით ქოხიდან ჩქამიც არ ისმოდა. უცნობი ან შიგნით იყო დამალული, ანდა ჭაობებში დაძრწოდა. სახიფათო შეხვედრის მოლოდინში ნერვები უკიდურესად დამეძაბა. პაპიროსი განზე ვისროლე, რევოლვერის სახელურს ხელი მოვუჭირე, სწრაფად მივედი ქოხის შესასვლელთან და შიგნით შევიხედე. ქოხი ცარიელი იყო.
მაგრამ ალღომ არ მომატყუა. აქ ნამდვილად ვიღაც ცხოვრობდა. ქვის საწოლზე, რომელზედაც ოდესღაც ნეოლითურ ადამიანს სძინებია, ახლა წყალგაუვალ მოსასხამში გახვეული საბნები ელაგა. პრიმიტიულ კერაზე ნაცრის გროვა ჩანდა. მის გვერდით სამზარეულოსათვის განკუთვნილი რამდენიმე ნივთი იდო და ნახევარი სათლი წყალი იდგა. კონსერვის ცარიელი ქილები მოწმობდნენ, რომ აქ არა ერთი დღე უცხოვრიათ. როცა თვალები ბინდბუნდს მივაჩვიე, კუთხეში შევნიშნე რკინის ტოლჩა და ვისკის ბოთლი. ქოხის შუაგულში იდო ბრტყელი ქვა, რაც ალბათ მაგიდის მაგივრობას სწევდა. ზედ კი პატარა ფუთა მოჩანდა, სწორედ ის, მე რომ საჭვრეტი მილით დავინახე ყმაწვილის ზურგზე. ფუთაში იყო პური და კონსერვის ორი ქილა, ერთ ქილაში ბოლში გამოყვანილი ენა შევნიშნე, მეორეში კი ვაჟინში ჩადებული ატმები დავლანდე, ყოველივე ეს გავსინჯე, მინდოდა ბოხჩა თავის ადგილზე დამედო, რომ უეცრად გული შემიფრთხიალდა - ქვაზე ეგდო ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც რაღაც ეწერა. ავიღე და ძლივს გავარჩიე ფანქრით გამოყვანილი ბატიფეხური:
`ექიმი უოტსონი კუმბ-ტრესიში გაემგზავრა~.
მთელი წუთი უძრავად ვიდექი. წერილი ხელში მეჭირა და ამ მოკლე ბარათის შინაარსზე ვფიქრობდი. ლოგიკურად ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა: უცნობი ნადირობდა არა სერ ჰენრიზე, არამედ ჩემზე და თვით კი არ მზვერავდა, არამედ ვიღაც სხვა მომიჩინა - იქნება ეს ყმაწვილი? აქ იყო მისი უკანასკნელი ცნობაც. მას შემდეგ, რაც აქ ვცხოვრობ, ალბათ ჩემს ყოველ ნაბიჯს ზვერავდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხომ განუშორებელი გრძნობა მქონდა, რომ აქ რაღაც უხილავი ძალები მოქმედებენ და ჩვენ გარშემო ფრთხილად და მარჯვედ ხლართავენ უწვრილეს ბადეს, რომლის მსუბუქ შეხებას ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტებში ვგრძნობდით.
ეს არ იქნება ერთადერთი ბარათი-მეთქი, გავიფიქრე. ქოხს თვალი მოვავლე, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. ვერც რაიმე კვალი აღმოვაჩინე, რომ იმის მიხედვით მემსჯელა ადამიანზე, რომელმაც საცხოვრებლად ასეთი უცნაური ქოხი აირჩია, ან მის ზრახვებზე. მხოლოდ იმის თქმა შეიძლებოდა, რომ უცნობი თავისი ჩვეულებებით სპარტანელს მიაგავდა და ცხოვრების მოხერხებულად მოწყობას ალბათ არავითარ მნიშვნელობას არ აძლევდა. უკანასკნელი დღეების კოკისპირული წვიმები რომ მომაგონდა და პირდაღებულ სახურავს ავხედე, ვიგრძენი, რამდენად გართული იყო ეს კაცი თავისი საქმით, რაკი მისი გულისათვის ასეთ სადგომსაც კი ურიგდებოდა. ვინ არის? მოსისხლე მტერი, თუ მფარველი ანგელოზი? და მე თავს ფიცი მივეცი არ გავსულიყავი ამ ქოხიდან, ვიდრე ყველაფერს ბოლომდე არ გავიგებდი.
მზე უკვე ჩადიოდა და ცა დასავლეთისკენ ოქროსფრად ბრწყინავდა. ჩამავალი მნათობის ათინათი მოწითალო ზოლებად წვებოდა გრიმპენის ჭანჭრობის შორეულ გუბეებში. შორს აღმართულიყვნენ ბასკერვილ-ჰოლის კოშკები, ხოლო მათგან დაშორებით ძლივს ჩანდა კვამლი, რაც გრიმპენის სახურავებიდან ადიოდა. ამ კვამლსა და ბასკერვილ-ჰოლს შორის, გორაკის იქით, სტეპლტონების სახლი იდგა. საღამოს ოქროსფერი შუქი ყოველივეს ისეთ მშვენიერ სახესა და იერს აძლევდა, ისეთ უშფოთველ სიმშვიდეს, რომ თვალი ტკბებოდა, მაგრამ ჩემი გული ბუნებაში გამეფებულ სიმშვიდეს ვერ ერწმუნებოდა. უცნობი გარემო, რომელშიაც იფარებოდა რაღაც გარდუვალი, ყოველ წამს სულ უფრო მოახლოებული შეხვედრის მოლოდინი ჩემს აფორიაქებულ გულს ერთიანად აცახცახებდა. ნერვები დაძაბული მქონდა, მაგრამ ვიჯექი მტკიცე გადაწყვეტილებით ბნელ ქოხში და პირქუში ჯიუტობით ველოდი მისი ბინადრის დაბრუნებას.
დაბოლოს, მომესმა კიდევაც ავისმანიშნებელი ხმაური. აი, მისი ფეხსაცმლის ქუსლი ქვას მოხვდა. ერთხელ კიდევ... კიდევ... სულ უფრო ახლოვდება.. უბნელეს კუთხეს მივაშურე და რევოლვერის ჩახმახი ფეხზე შევაყენე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ვიდრე უცნობს წესიერად არ დავათვალიერებდი, არც გამოვჩენილიყავი. გარეთ ყველაფერი მიწყნარდა. ეტყობოდა, შეჩერდა. მერე ნაბიჯის ხმა ისევ გაისმა, და ქოხის შემოსასვლელი ვიღაცის ჩრდილმა დაფარა.
- დღეს საუცხოო ამინდია, ძვირფასო უოტსონ, - თქვა ჩემთვის კარგად ნაცნობმა ხმამ. - რისთვის ზიხართ დახუთულ ქოხში, განა სუფთა ჰაერზე ყოფნა არ სჯობია!
თავი XII
[რედაქტირება]სიკვდილი ჭაობებში
[რედაქტირება]მთელი ორი წუთი მაინც ვიდექი და საკუთარ ყურს არ ვუჯერებდი. მოულოდნელობისაგან სულის მოთქმა არ შემეძლო. შემდეგ მეტყველების უნარი დამიბრუნდა და ვიგრძენი, რა უზარმაზარი სიმძიმე მომეხსნა მხრებიდან. ეს ცივი, გესლიანი, გამქირდავი ხმა დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს.
- ჰოლმს! - შევძახე. - ჰოლმს!
- გამოდით, - მითხრა, - ცოტა ფრთხილად, გეთაყვა, რევოლვერთან ხუმრობა როდი ვარგა!
ვიწრო ხვრელში გავძვერი და დავინახე იგი. ჰოლმსი ქვაზე იჯდა. რუხ თვალებში კადნიერი შუქი ჩასდგომოდა და შემცბარს ასე მიყურებდა. ამ ხნის განმავლობაში ძლიერ გამხდარიყო, მაგრამ მხნე, მშვიდი სახე ჰქონდა, მზით დამწვარი და ბრინჯაოსფერი. სპორტულ ყაიდაზე გამოჭრილი კოსტიუმი ეცვა, ტურისტის კეპი ეხურა და ასე დასეირნობდა ჭაობებში! აქაც ერთგული დარჩენილიყო თავისი ჭეშმარიტად კატისებური გულმოდგინებისა სიკოხტავესა და სისუფთავეში - სახე ჩინებულად ჰქონდა გაპარსული, პერანგს ერთი ლაქაც არ ეტყობოდა. თითქოს ყველაფერი ეს ბეიკერსტრიტზე ხდებოდა!
- სხვას ვის შეეძლო თავისი გამოჩენით ასე გავეხარებინე, - ვთქვი მე, როცა ხელს ვართმევდი.
- და ამავე დროს ასე გაეკვირვებინეთ?
- დიახ, მართალი ხართ!
- მაგრამ გარწმუნებთ, მარტო თქვენ არ გაგკვირვებიათ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მოახერხებდით ჩემი დროებითი თავშესაფრის მიგნებას, და არც ველოდი აქ თქვენთან შეხვედრას. ეს გაირკვა მხოლოდ ქოხიდან ოც ნაბიჯზე.
- ჩემი კვალი იცანით?
- არა, უოტსონ! ვშიშობ, რომ თქვენი კვალის გარჩევა იმ სხვა მრავალთა ნატერფალისაგან, რომლებიც ქვეყნად არსებობენ, დაუძლეველი ამოცანა იქნებოდა. თუ მომავალში ჩემს მოტყუებას მოინდომებთ, პირველად გირჩევთ გამოიცვალოთ თამბაქოს მაღაზია, რადგან საკმარისია დავინახო პაპიროსი `ბრედლი ოქსფორდსტრიტის~ მარკისა, რომ მაშინვე გამოვიცნო, ჩემი მეგობარი უოტსონი სადმე მახლობლად იმყოფება-მეთქი. აი, თქვენი პაპიროსის ნამწვი, გზის მახლობლად ეგდო. ალბათ მაშინ გადააგდეთ, როცა ჩემი ქოხის იერიშით აღება გადაწყვიტეთ?
- სრული სიმართლეა.
- მეც ასე ვფიქრობდი... თანაც თქვენი გამობრძმედილი ხასიათი რომ ვიცი, მივხვდი, ქოხში იქნებოდით ჩასაფრებული, ამასთანავე რევოლვერმომარჯვებული და მის ბინადართა დაბრუნებას დაელოდებოდით. ამრიგად, ნამდვილად დამნაშავედ მიმიღეთ, ხომ?
- არ ვიცოდი, ვინ იყავით, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, გამომერკვია.
- ჩინებულია, უოტსონ! ჩემი საცხოვრებელი როგორღა იპოვეთ? ალბათ მაშინ დამინახეთ, როცა ჩემი დაუდევრობით მთვარისაკენ ზურგშექცევით ვიდექი და თქვენ კი კატორღელს მიდევდით?
- სწორედ მაშინ დაგინახეთ.
- და თანმიმდევრობით ყველა ქოხის თვალიერებას მოჰ-ყევით, ვიდრე არ მიპოვეთ, არა?
- არა, თქვენს კვალზე იმ ყმაწვილმა დამაყენა, საჭმელს რომ გიზიდავდათ. ზოგიერთებმა მას უკვე ზვერვაც დაუწყეს.
- აჰ! მოხუცი ჯენტლმენი საჭვრეტი მილით? მე ვნახე, როგორ ციმციმებს მზის სხივებზე მისი ლუპა, და პირველად ვერც მივხვდი, თუ რა უცნაურობა იყო ეს! - ადგა და ქოხში შეიხედა. - აჰა! კარტრაიტი აქ უკვე ყოფილა. ეს რა ქაღალდია? მაშ, თქვენ იყავით კუმბ-ტრესიში?
- დიახ.
- მისის ლაურა ლაიონსის სანახავად?
- სავსებით სწორია.
- ჩინებულია! ჩვენს ძიებაში მე და თქვენ, ეტყობა, პარალელური გზებით მივდიოდით, რაღას ვაყოვნებთ, ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ მოპოვებული ცნობები, და მაშინ ამ საქმეზე მეტნაკლებად სრული წარმოდგენა გვექნება.
- ყველა იმ საიდუმლოებისა და პასუხისმგებლობის სიმძიმე, რაც მძიმე ტვირთად მეწვა, თქვენი გამოჩენით ერთბაშად მომეხსნა და ძალიან მოხარული ვარ. ახლა ის მაინტერესებს, აქ როგორ მოხვდით და რას აკეთებთ? მე კი ვფიქრობდი, რომ ჰოლმსი უწინდებურად ბეიკერსტრიტზეა და შანტაჟის საქმეზე მუშაობს-მეთქი.
- მე მინდოდა, რომ სწორედ ასე გეფიქრათ.
- მაშ, თქვენ სარგებლობთ ჩემი დახმარებით და იმავე დროს არ მენდობით! - გავბრაზდი მე. - ეს არ დამიმსახურებია, ჰოლმს!
- ჩემო მეგობარო, ამ საქმეშიაც და ბევრ სხვაშიც თქვენი დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო. თუ გეჩვენებათ, რომ მოგატყუეთ, გევედრებით, ნუ გეწყინებათ! გულახდილად რომ გითხრათ, ახლა თუ აქა ვარ, ეს ნაწილობრივ თქვენივე გულისათვის ჩავიდინე. ვგრძნობდი, რომ თავს საფრთხეში იგდებდით და ძიება რომ პირადად მეწარმოებინა, იმისათვის ჩამოვედი. მე რომ თქვენი და სერ ჰენრის გვერდით ვყოფილიყავი, ჩემი თვალსაზრისი არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული თქვენი მოსაზრებებისაგან და ჩვენი მოწინააღმდეგეებიც უფრო ფხიზლად იქნებოდნენ. ბასკერვილ- ჰოლში ჩამოსვლა ძალიან შემბოჭავდა. ასე კი თავისუფლად შემეძლო მოქმედება, რადგან კულისებში ვრჩებოდი და სცენაზე გამოსასვლელად მხოლოდ ყველაზე უფრო გადამწყვეტ წამს ველოდი.
- მაგრამ რაში დაგჭირდათ ჩემგან დამალვა?
- თქვენ რომ გცოდნოდათ, მე აქ ვიყავი, ეს ვერაფერში დაგეხმარებოდათ და ამ ამბავს, შესაძლოა, ჩემი აქ ყოფნის გამომჟღავნებაც კი გამოეწვია. ალბათ მოგინდებოდათ მოგეთხროთ ჩემთვის ზოგი რამ, ან თქვენთვის ჩვეული გულკეთილობით აქ ჩემს უკეთ მოწყობასა და მომარაგებას მოისურვებდით. რა საჭიროა ზედმეტი რისკის გაწევა? მე თან წამოვიყვანე ყმაწვილი კარტრაიტი. გახსოვთ, შიკრიკების კანტორაში რომ ბავშვი მუშაობს? - აი, სწორედ ის, და შესანიშნავ სამსახურსაც მიწევს. თქვენ კარგად იცით, რომ მე დიდი მოთხოვნილების კაცი არა ვარ. ერთი ნაჭერი პური და სუფთა საყელო, სხვა რაღა უნდა ადამიანს? გარდა ამისა, კარტრაიტი ერთი ზედმეტი წყვილი თვალია, ერთი ზედმეტი წყვილი ფეხი, და ისიც ძალზე სწრაფი. ერთიც და მეორეც ჩემთვის მეტად საჭირო აღმოჩნდა, პირდაპირ საუნჯეა!
- მაშასადამე, ყველა ჩემი ანგარიში ტყუილად იწერებოდა! - ვთქვი შემკრთალმა, როცა გამახსენდა, რამდენი შრომა და სიამაყე იყო მათში ჩაქსოვილი.
ჰოლმსმა ჯიბიდან წერილების დასტა ამოიღო.
- აი, თქვენი წერილები, ჩემო მეგობარო, შესწავლილი უაღრესი გულმოდგინებით, რაშიაც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. ყველაფერი ისე მოვაწყვე, რომ ეს წერილები ჩემთან მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით მოდიოდა. მიიღეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. შეუპოვრობა და დაკვირვების უნარი, რაც თქვენ ამ არაჩვეულებრივად რთულ საქმეში გამოამჟღავნეთ, ყოველგვარ ქებას აღემატება.
ჯერაც ვერაფრით შევრიგებოდი იმ ამბავს, რომ ასე მოხერხებულად პირში ჩალა გამომავლეს, მაგრამ ჰოლმსის გულთბილმა სიტყვებმა გაფანტეს ჩემი ეჭვები. ამას გარდა, გულის სიღრმეში ვგრძნობდი ჩემი მეგობრის სიმართლეს და ვაღიარებდი, რომ საქმის ინტერესები მოითხოვდნენ არ მცოდნოდა ჰოლმსის აქ ჩამოსვლის ამბავი.
- ჰოდა, ასე! - თქვა ჰოლმსმა ჩემი განათებული სახის დანახვაზე. - ახლა კი მომიყევით მისის ლაურა ლაიონსთან შეხვედრის ამბავი. მაშინვე მივხვდი, რომ ამ ქალთან გაემგზავრეთ, რადგან ახლა ჩემთვის უკვე ცხადია, კუმბ-ტრესიში იგი ერთადერთი ადამიანია, რომლისგანაც შეგვიძლია რაიმე გავიგოთ. გულახდილად გეტყვით, თქვენ რომ მასთან ამ დილით არ შეგევლოთ, ალბათ ხვალ დილით თვითონ ვესტუმრებოდი.
მზე უკვე ჩასული იყო, ჭაობებში ბინდი ჩამოწვა. ჰაერში სუსხი ტრიალებდა და ჩვენ ქოხში შევედით. იქ ნახევრად ბნელში მოვუყევი ჰოლმსს მისის ლაიონსთან ჩემი საუბრის შინაარსი და იგი ისე დაინტერესდა, რომ ბევრი რამის გამეორება დამჭირდა.
- ყველაფერი ეს ძალზე საყურადღებოა, - თქვა ჰოლმსმა, როცა თხრობა დავასრულე. - საქმე მეტისმეტად რთულია და მასში იყო ერთი ხარვეზი, რისი შევსებაც აქამდე არაფრით არ შემეძლო. თქვენ ალბათ იცით, რომ სტეპლტონი მისის ლაიონსთან მეგობრობს?
- არა, მეგობრობაზე არა ვიცი რა.
- ეს ფაქტია. ერთმანეთს ხვდებიან, მიწერ-მოწერაც აქვთ. საერთოდ მათ შორის სრული თანხმობაა, რაც შეგვიძლია საჭირო მომენტში გამოვიყენოთ. მათი მეგობრობა შეიძლება სტეპლტონის ცოლზე ზემოქმედებისათვის გამოგვადგეს...
- სტეპლტონის ცოლზე?
- ახლა, თქვენი აღმოჩენების სამაგიეროდ, მეც ზოგიერთ რამეს გაგიზიარებთ. ქალი, რომელსაც სტეპლტონი მის სტეპლტონს უწოდებს, სინამდვილეში მისი ცოლია.
- ღმერთო ჩემო! ამაში დარწმუნებული ხართ? მერე, სტეპლტონმა როგორ მოუყრუა ყური და დაიბრმავა თვალი, როცა სერ ჰენრი ცოლს ეკურკურებოდა?
- სერ ჰენრის რომანტიკული გრძნობები უბედურებით მხოლოდ სერ ჰენრისავე ემუქრებიან. როგორც შენიშნეთ, სტეპლტონი ყოველნაირად ცდილობს მოარიდოს ქალი ბარონეტის არშიყობას. ვიმეორებთ, ეს ლედი და კი არა, სტეპლტონის ცოლია.
- მაგრამ რისთვის დასჭირდა ასეთი ქამანდები?
- აი რისთვის: სტეპლტონმა გაითვალისწინა, რომ ეს ქალი მეტ სამსახურს გაუწევდა თავისუფალი ქალიშვილის როლში.
ყველა ჩემი გაურკვეველი ეჭვი, ალღოთი ნაკარნახევი, ყველა წინათგრძნობა ზედაპირზე ამოტივტივდა და ნატურალისტის გარშემო შეიკრა. ამ მშვიდი, უფერული კაცისაგან, რომელსაც ჩალის ქუდი ეხურა და ხელში პეპლების საჭერი ბადე ეჭირა, რაღაც სახიფათო ქარი ქროდა. თავშეკავებულსა და და მომთმენს, თურმე ბაგეებზე ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა, გულში კი ღვარძლი ედო...
- მაშასადამე, ის არის ჩვენი მოწინააღმდეგე! მაშასადამე, ეს კაცი გვზვერავდა ლონდონში?
- დიახ, ასე ავხსენი ეს გამოცანა.
- ხოლო გაფრთხილება... იმ ქალმა გამოგზავნა?
- სავსებით სწორია.
წყვდიადიდან, რომელშიაც აქამდე ვეხეტებოდი, გამოჩნდა ნახევრად დანახული, ნახევრად კი ჩემ მიერ გამოცნობილი საზღაპრო ბოროტმოქმედების კონტურები.
- ნუთუ ეს სიმართლეა, ჰოლმს? საიდან გაიგეთ, რომ ის ქალი სტეპლტონის ცოლია?
- თქვენთან პირველი შეხვედრისას სტეპლტონი ისე გაიტაცა ლაპარაკმა, რომ თავისი ავტობიოგრაფიის ნაწილი გაგანდოთ, რასაც ალბათ დღესაც ნანობს. მას ნამდვილად ჰქონდა სკოლა ჩრდილოეთ ინგლისში. მასწავლებლის პოვნა კი ყველაზე იოლი საქმეა. სასკოლო სააგენტოები რომელ მასწავლებელზეც გინდათ ცნობებს უცებ მოგაწვდიან. ვიკითხე და მალე გავიგე, რომ ერთ სკოლაში ნამდვილად მოხდა ძალიან არასასიამოვნო ამბები და დირექტორი - რომლის ნამდვილი გვარიც სულ სხვაა და არა სტეპლტონი - ცოლთან ერთად მიიმალაო. ყველა გარეგნული ნიშანი ზუსტად დაემთხვა სტეპლტონის აღწერას, ხოლო როცა გავიგე მისი ენტომოლოგიით გატაცება, უკვე ყოველგვარი ეჭვი გამეფანტა და დავრწმუნდი, რომ ეს გაქცეული დირექტორი სწორედ სტეპლტონია.
წყვდიადი, რითაც გარემოცული ვიყავი, თანდათან იფანტებოდა, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებოდა.
- თუ ეს ქალი მისი ცოლია, მაშინ რა შუაშია მისის ლაურა ლაიონსი? - ვკითხე ჰოლმსს.
- ესაა ამ ამბის ბნელით მოცული კუნჭული, რასაც ნაწილობრივ თქვენ მოჰფინეთ შუქი. კუმბ-ტრესიში თქვენი გამგზავრების შემდეგ, ბევრი რამ გაირკვა. მე, მაგალითად, არ ვიცოდი, რომ მისის ლაიონსს ქმართან გაყრა უნდოდა. ალბათ იმედი აქვს, რომ სტეპლტონი ითხოვს - ამ ქალმა ხომ არ იცის, რომ სტეპლტონი ცოლიანია!
- მაგრამ, როცა გაიგებს სიმართლეს?
- მაშინ ეს ლედი შეიძლება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შეიქნეს. ხვალვე უნდა ვინახულო. ახლა კი, უოტსონ, როგორ ფიქრობთ, დრო არ არის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდეთ? თქვენი ადგილი ხომ ბასკერვილ-ჰოლშია?
ჩამავალი მზის უკანასკნელი წითელი ანარეკლი ჩაქრა დასავლეთით და ჭაობებზე ბინდი ჩამოწვა. ჩამუქებულ ცაზე კანტიკუნტად აციმციმდნენ ვარსკვლავები.
- კიდევ ერთი, უკანასკნელი კითხვაც, ჰოლმს, - ვუთხარი და ავდექი. - ერთმანეთთან დასამალი ხომ არაფერი გვაქვს. რას ნიშნავს ყოველივე ეს? რას აწყობენ?
ჰოლმსმა ყრუ ხმით მიპასუხა:
- მკვლელობას, უოტსონ... გულგრილად მოფიქრებულ მკვლელობას. ნუ მკითხავთ დაწვრილებით. სტეპლტონი თავის ბადეში ხვევს სერ ჰენრის, მე კი ჩემს ბადეში მინდა თვითონ სტეპლტონი გავაბა. თქვენი დახმარებით იგი თითქმის ჩემს ხელთაა, ახლა გვემუქრება მხოლოდ ერთი საშიშროება - მას შეუძლია დაგვასწროს და პირველმა დაგვკრას. კიდევ ერთი დღე, შეიძლება ორიც, და ყველაფერი მზად მექნება, მანამდე კი გაუფრთხილდით სერ ჰენრის, როგორც მოყვარული დედა უფრთხილდება ავადმყოფ ბავშვს. თქვენი სხვაგან ყოფნა დღეს სავსებით ბუნებრივია და საპატიო, მაგრამ მე კი, გეტყვით, რომ ვამჯობინებდი, არ მიგეტოვებინათ... გესმით?
ტანჯვითა და საშინელებით აღსავსე საზარელმა გამბულმა გმინვამ შესძრა უეცრად მდუმარე ჭაობები. ვუსმენდი და ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა სისხლი ძარღვებში.
- ღმერთო ჩემო! რა უნდა იყოს?
ჰოლმსი წამოვარდა ადგილიდან და მისმა ათლეტურმა ტანმა ქოხში შემოსასვლელი დაფარა. იგი ოდნავ დაიხარა, კისერი წაიგრძელა, მთელი ყურადღებით მიაშტერდა სიბნელეს, და მხოლოდ ამის თქმა მოასწრო ჩურჩულით:
- ჩუმად! ჩუმად!
ეს გულისგამგმირავი ყვირილი, რამაც ასე გაგვაოცა, ჭაობების უკუნეთი სიღრმიდან მოდიოდა. მაგრამ აი, უფრო ახლოდან მოისმა და უფრო მკაფიოდაც...
- ეს რა ხმაა, ან საიდან მოდის? - ჩურჩულით თქვა ჰო-ლმსმა, და იმის მიხედვით, თუ როგორ გაებზარა ხმა ამ რკინის ნერვებიან ადამიანს, მივხვდი, რომ ეს გოდება ჰოლმსს სულის სიღრმემდე ჩასწვდა. - სად ყვირიან, უოტსონ?
- მგონია, იმ მხარეს, - ხელი გავიშვირე სიბნელეში.
- არა, აი იქ!
მტანჯველი ყვირილი ისევ გაისმა მდუმარე ღამეში, მაგრამ ახლა უფრო ახლოს, უფრო ხმამაღლა. ამჯერად მას თან ერთვოდა რაღაც სხვა ხმებიც - ყრუ, ხმადაბალი ბდღვინვა, გაბმული ზმუილი, რაც ზღვის ერთფეროვან ბუბუნსაც წააგავდა.
- ეს ძაღლია! - შეჰყვირა ჰოლმსმა. - გავიქცეთ, უოტსონ, გავიქცეთ! ღმერთო ჩემო! ოღონდ არ დაგვაგვიანდეს!
ამ სიტყვებზე ბნელში გადახტა, მეც უკან მივყევი. და უეცრად სადღაც წინ, კაჭრების იქით, ადამიანის სასოწარკვეთილი ამოძახილი გაისმა, რომელსაც ყრუ დარტყმების ხმა მოჰყვა. შევჩერდით. ყური მივუგდეთ. მაგრამ მეტად აღარაფერს დაურღვევია უქარო ღამის მძიმე დუმილი.
მე ვნახე, როგორ გიჟივით იტაცა ჰოლმსმა თავში ხელი და ფეხი მიწას დაჰკრა.
- დაგვასწრო, უოტსონ! დავაგვიანეთ!
- არა! ეს შეუძლებელია!
- რას ვაყოვნებდი, მე სულელი! თქვენც კარგი ვინმე ხართ, უოტსონ! მიატოვეთ ბასკერვილი მარტო, და აი, რით გათავდა ყველაფერი! არა! თუ არაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება, სულ ერთია, იმ არამზადას მწარედ გადავუხდი.
გზას ვინღა დაეძებდა, პირდაპირ იქით გავვარდით, საიდანაც საშინელი ყვირილი მოგვესმა. ხან ფერდობზე მივბობღავდით, ხან დაბლა ვეშვებოდით, ბნელში ლოდებს ვეჯახებოდით, შამბნარს მკერდით მივარღვევდით. ყოველივე ბორცვის თავიდან ჩემი მეგობარი სწრაფად ათვალიერებდა გარემოს, მაგრამ ჭაობებზე გამეფებულიყო სრული წყვდიადი და მათს პირქუშ ზედაპირზე ვერავითარ მოძრაობას ვერ შენიშნავდით.
- ხედავთ რამეს?
- ვერაფერს.
- მოითმინეთ! ეს რა არის?
ყრუ კვნესა შემოგვესმა. მარცხნიდან მოდიოდა ეს ხმა. ქვიანი ბორცვის იქით უეცრად იწყებოდა კაჭრებით მოფენილი ფერდობი, და იქ დიდრონ ლოდებს შორის რაღაც შავი საგანი მოჩანდა. ახლოს მივირბინეთ და შავმა საგანმა უფრო გამოკვეთლი მოხაზულობა მიიღო. ეს იყო ადამიანი, რომელიც მიწაზე პირდაღმა ეგდო. თავი რაღაც სასწაულებრივად მოქცეოდა, მხრები წამოეწია და ზურგიც ამოზნექილი ჰქონდა. ამ არაბუნებრივი სანახაობით შეძრწუნებული, პირველად ვერ მივხვდი, რომ კვნესა, რომელიც შემოგვესმა, მომაკვდავის უკანასკნელი გაბრძოლება იყო. თავდახრილნი ვიდექით და არც ხროტინი გვესმოდა, არც რაიმე ჩქამი. ჰოლმსი შეეხო უძრავ სხეულს, შეჰყვირა და მაშინვე ხელი მოაშორა. ასანთი გავკარით, სუსტმა შუქმა გაანათა გასისხლიანებული თითები და ის საშინელი გუბე, რასაც მიცვალებულის დამსხვრეული თავის ქალიდან გადმონადენი სისხლი აყენებდა. გული შეგვეკუმშა, - როცა ასანთის შუქზე ჩვენ წინაშე სერ ჰენრი ბასკერვილი ვიხილეთ.
განა შეიძლებოდა ამ არაჩვეულებრივი მოწითალო-ყავისფერი კოსტიუმის დავიწყება - სწორედ იმ კოსტიუმისა, რომლითაც პირველად გამოჩნდა ბარონეტი ბეიკერსტრიტზე! ერთი წამიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ გვეცნო დაღუპული, შემდეგ კი ასანთი ჩაქრა, როგორც ჩვენი უკანასკნელი იმედი. ჰოლმსმა დაიკვნესა და მე ბნელშიაც კი დავინახე, რა მკვდრის ფერი დაედო სახეზე.
- არამზადა! არამზადა! - ხელები თავისთავად შემეკუმშა მუშტებად. - ჰოლმს! არასოდეს არ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ სერ ჰენრი ბედის ანაბარა მივატოვე.
- ჩემი დანაშაული მეტია, უოტსონ. მე შევიწირე კლიენტი, ვიმსხვერპლე მხოლოდ იმისათვის, რომ შემეჯამებინა, ასე ვთქვათ, მომემთავრებინა ეს საქმე. მთელი ჩემი მუშაობის მანძილზე არ მახსოვს ასეთი მძიმე დარტყმა მოეყენებინოს ვისმეს, მაგრამ ვის შეეძლო ეთქვა, ვის შეეძლო სცოდნოდა, რომ მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, იგი რისკს გასწევდა და ჭაობებში მარტო გამოვიდოდა.
- ჩვენ გავიგონეთ მისი ყვირილი, ღმერთო ჩემო, რანაირი ყვირილი! გავიგონეთ და ვერ მივეშველეთ! მაგრამ სად გაქრა ის სულთამხუთავი ძაღლი - მისი სიკვდილის მიზეზი? იქნებ ახლაც აქ არის სადმე? ან სად არის სტეპლტონი? ყველაფრისათვის მივუზღავ სამაგიეროს!
- დიახ, ის აგებს პასუხს ყველაფრისათვის, ამაზე მე ვიზრუნებ. ბიძაც და ძმიწულიც - ორივე მკვდარია. ერთი შიშით მოკვდა, როცა თავის თვალწინ დაინახა ურჩხული, რომელსაც ზებუნებრივ არსებად სთვლიდა, მეორე კი მოკვდა მაშინ, როცა გაქცევით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. მაგრამ ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ იმ ძაღლსა და მის მსხვერპლს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. მართალია, ყმუილი გავიგონეთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბუთი, სერ ჰენრიმ შეიძლება დაცემის დროს გაიტეხა თავი. მე მაინც ვფიცავ, რა ცბიერიც არ უნდა იყოს ჩვენი მოწინააღმდეგე, ხვალ ის ჩემს ხელთ იქნება!
უეცარი და გამოუსწორებელი უბედურებით შეძრწუნებულნი, დასახიჩრებული გვამის წინ ვიდექით. რა ცუდად დასრულდა ჩვენი ხანგრძლივი და მძიმე შრომა. როცა ღრუბლებიდან მთვარემ გამოიხედა, ქვის გროვაზე ავედით, საიდანაც ჩვენი უბედური მეგობარი გადმოვარდა და იქიდან შევათვალიერეთ მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მბზინავი ჭაობები. შორს, გრიმპენის მხარეს ჩანდა ყვითელი ცეცხლი. ეს შუქი შეიძლებოდა მხოლოდ სტეპლტონების განმარტოებულ საცხოვრებელში ნთებულიყო. წყევლა-კრულვა აღმომხდა და იმ მხარეს მუშტით დავემუქრე.
- რაღას ვუცდით? დაუყოვნებლივ უნდა შევიპყროთ!
- საქმე ჯერ არ არის დამთავრებული, ის კი ისეთი ფრთხილი და ცბიერი კაცია! მერე რა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით? აბა სცადეთ და დაუმტკიცეთ! ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და არამზადა ხელიდან გაგვისხლტება.
- მაშ რა ვქნათ?
- ხვალ საზრუნავი ყელამდე გვექნება. დღეს კი ისღა დაგვრჩენია, უკანასკნელი სამსახური გავუწიოთ სერ ჰენრის.
შვეულ ფერდობზე დავეშვით და მთვარის სხივებზე ვერცხლისფრად მოელვარე ქვებს შორის დაგდებულ უფორმო შავ სხეულთან მივედით. ტანჯვით მოკრუნჩხული სხეულის დანახვაზე გული შემეკუმშა და სიმწრისაგან თვალები ცრემლით ამევსო.
- დავუძახოთ ვინმეს, ჰოლმს. მარტო ჩვენ გვამს სახლამდე ვერ მივიტანთ. ღმერთო ჩემო, რა მოგდით? ხომ არ შეიშალეთ?
ჰოლმსმა შეჰყვირა და სერ ჰენრის გვამზე დაიხარა. უეცრად ცეკვას მოჰყვა, ხარხარით ჩამავლო ხელში ხელი და ნჯღრევა დამიწყო. ნუთუ ეს ჩემი სასტიკი, მუდამ თავშეკავებული მეგობარია? აი თურმე რა ხდება, როცა დაფარული ალი გარეთ გადმოხეთქავს ხოლმე!
- წვერი აქვს! წვერი!
- წვერი?
- ეს სერ ჰენრი არ არის... ღმერთო, ეს ჩემი მეზობელია, - კატორღელი! - ელვის სისწრაფით ვეცით გვამს, გადავაბრუნეთ გულაღმა და გასისხლიანებული წვერი ახლა პირდაპირ ცივ, ნათელი მთვარის ბადრ სახეს მიაჩერდა. საეჭვო აღარაფერი იყო! დაბალი შუბლი, მაიმუნივით ღრმად ჩამჯდარი თვალები, - ეს იგივე სახე იყო, რომელმაც ჩემ თვალწინ იმ ღამეს ნაპრალში გაიელვა.
მოკლული ბოროტმოქმედი სელდენი გახლდათ. აქ კი ყველაფერს მივხვდი. მომაგონდა, რომ ბერიმორს ბარონეტმა თითქმის მთელი თავისი სამოსელი აჩუქა. მაშასადამე, ბერიმორმა ეს ტანსაცმელი მისცა სელდენს, რათა წასასვლელად გამზადებულიყო. ფეხსაცმელი, პერანგი, კეპი - ყველაფერი ერთ დროს სერ ჰენრის ეკუთვნოდა. მართალია, ტრაგედია ტრაგედიად რჩებოდა, მაგრამ სელდენმა, ასე თუ ისე, მაინც დაიმსახურა სიკვდილი. სიხარულით აღარ ვიყავი, ისე ვუამბე ჰოლმსს, თუ როგორ მოხდა ყველაფერი.
- მაშასადამე, ეს უბედური კოსტიუმმა დაღუპა, - თქვა ჰოლმსმა. - ძაღლს, რა თქმა უნდა, სერ ჰენრის რაიმე ნივთი აყნოსეს - უთუოდ სწორედ ის ფეხსაცმელი, ოტელში რომ მოიპარეს - და მერე კატორღელის კვალზე მიუშვეს, აუხსნელი რჩება მხოლოდ ერთი რამ: როგორ დაინახა სიბნელეში სელდენმა, რომ ვიღაც მისდევდა?
- ალბათ, მოესმა.
- მოესმა ძაღლის ხმა ჭაობებში და მშველელს უხმო ისე, რომ დაჭერის საფრთხეს არ მოერიდა? არა, კატორღელს ამით ვერ შეაშინებ. აი, რა: როგორ დაინახა სელდენმა, რომ ძაღლი მისდევს?
- მე მგონია, ამაზე საკვირველი ამბებიც არის. თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ყველა ვარაუდი სწორია, მაშინ ეს ძაღლი...
- მე არაფერს არ ვვარაუდობ.
- კეთილი. რატომ გაუშვეს ეს ძაღლი ჭაობში ამ ღამით. არა მგონია, ყოველთვის ასეთი თავისუფლებით სარგებლობდეს. სტეპლტონი ალბათ ელოდა, რომ სერ ჰენრი დღეს ჭაობებისაკენ გამოივლიდა.
- ჩემი ამოცანა უფრო რთულია. თქვენსაზე პასუხს მალე მივიღებთ, ჩემი კი ალბათ ისევ ამოუხსნელი დარჩება. ახლა კი გადავწყვიტოთ ამ უბედურს რა ვუყოთ. ხომ არ შეიძლება მელიებისა და ძერების საძიძგნად აქ დავტოვოთ?
- რომელიმე ქოხში დავასვენოთ, ვიდრე პოლიციას შევატყობინებთ.
- მართალია, ქოხამდე, ყოველ შემთხვევაში, მივიტანთ. შეხედეთ, უოტსონ! ეს რა არის? ნუთუ თვითონ ისაა? არა, რა კადნიერებაა! არც ერთი სიტყვა ჩვენს ეჭვებზე, არც ერთი სიტყვა! თორემ ყველა ჩემი გეგმა ჩაიფუშება.
ჭაობების სიღრმიდან ადამიანი გვიახლოვდებოდა. მისი სიგარის მკრთალი კვამლი შორიდან გამოჩნდა. მოკაშკაშე მთვარე დასციმციმცებდა და მაშინვე ვიცანი სწრაფად, ხტუნვა-ხტუნვით მომავალი ნატურალისტის კაფანდარა სხეული. დაგვინახა, შეჩერდა, მერე ისევ ჩვენკენ წამოვიდა.
- ექიმო უოტსონ! ნუთუ ეს თქვენა ხართ? არაფრით არ ველოდი, რომ ამ ჭაობებში გნახავდით! ღმერთო ჩემო! ეს რა არის? რა მოხდა? არა! შეუძლებელია! ნუთუ ეს ჩვენი მეგობარი სერ ჰენრია!
სტეპლტონმა ჩამიარა და გვამზე დაიხარა...
უეცრად სიგარა ხელიდან გაუვარდა:
- ეს... ეს ვინ არის? - ბორძიკით ჩაილაპარაკა.
- სელდენია, კატორღელი, პრინსტაუნის ციხიდან გაქცეული.
სტეპლტონმა მკვდარივით გაფითრებული სახე მოგვაპყრო. ნებისყოფის უჩვეულო დაძაბვით სძლია თავს, არაფრით არ გაუცია თავისი გაოცება და სასოწარკვეთილება. ჯერ ჰოლმსს მიაშტერდა, მერე მე.
- ღმერთო ჩემო! რა საშინელებაა! როგორ მოხდა?
- ეტყობა, აი იმ ფერდობიდან გადმოვარდა და კისერი მოიტეხა. მე და ჩემი მეგობარი ჭაობებში ვსეირნობდით და ვიღაცის ყვირილი გავიგონეთ.
- მეც ამ ყვირილმა გამომიყვანა სახლიდან. მაწუხებდა სერ ჰენრის ბედი.
- რაღა სახელდობრ სერ ჰენრის ბედი გაწუხებდათ? - ვერ მოვითმინე მე.
- დღეს საღამოს ჩვენსა უნდა შემოევლო და რატომღაც არ მოვიდა. ამან ძალიან გამაოცა, ხოლო როცა ჭაობებში ყვირილი გავიგონე, ბუნებრივია, სერ ჰენრი მომაგონდა და შევწუხდი. სხვათა შორის, - სტეპლტონმა მზერა ჩემგან ისევ ჰოლმსზე გადაიტანა, - ამ ყვირილის გარდა არაფერი გაგიგონიათ?
- არა, - თქვა ჰოლმსმა. - თქვენა?
- არც მე.
- მაშინ რისთვის გვეკითხებით?
- თქვენ ხომ იცით, რომ აქ ძაღლის აჩრდილზე და სხვა მსგავს სასწაულზე ლაპარაკობენ! აქაური ფერმერები ყვებიან, ღამღამობით ძაღლი ჭაობებში დაძრწისო. აი, მეც მაინტერესებს: იქნებ თქვენც გაიგონეთ?
- არა ძაღლი ყეფა არ გაგვიგონია, - ვთქვი მე.
- მაშ, ამ უბედურის დაღუპვას როგორღა ხსნით?
- დარწმუნებული ვარ, გამუდმებული შიშისაგან გონება დაუბნელდა და სულ იმას ფიქრობდა - ვაითუ დამიჭირონო. ალბათ სიგიჟის შემოტევის დროს ჭაობში დარბოდა, ბოლოს ფერდობზე დაგორდა და კისერიც მოიტეხა.
- ჰო, ეს ნამდვილად დასაჯერებელია, - თქვა სტეპლტონმა და აშკარად შეეტყო, რომ თავისუფლად ამოისუნთქა. - თქვენ რაღას ფიქრობთ ამაზე, მისტერ შერლოკ ჰოლმს?
- ძალზე მიხვედრილი ადამიანი ყოფილხართ! - თქვა ჩემმა მეგობარმა და მდაბლად დაუკრა თავი.
- რაც აქ ექიმი უოტსონი გამოჩნდა, იმ დღიდან ყოველ ცისმარე დღე თქვენს მოლოდინში ვიყავით. სწორედ რომ კარგ დროს ჩამოხვედით, ტრაგედიას პირდაპირ სულზე მოუსწარით.
- მართლაც აგრეა! მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობარი მომხდარ ამბებს სწორად გაარკვევს და ამიტომ ხვალ ლონდონს მივემგზავრები. ამ უსიამოვნო ამბებმა გული ჩამწყვიტეს, მაგრამ ლონდონს წასვლას მაინც არ გადავდებ.
- როგორ! ხვალვე მიემგზავრებით?
- ვაპირებ.
- მაგრამ თქვენი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, შუქს მოჰ-ფენს ყველა იმ მოვლენას, რომელთაც პირდაპირ ჩიხში მოგვაქციეს.
ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.
- წარმატება მუდამ იოლად როდი მოდის. გამოკვლევის დროს ფაქტებს უნდა დავემყაროთ და არა ლეგენდებს. ამ საქმეს ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო მივადევნე.
ჩემი მეგობარი სრულიად ბუნებრივი და მშვიდი კილოთი ლაპარაკობდა. სტეპლტონი კი ყურადღებითა და დაჟინებით შესცქეროდა. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა:
- სიამოვნებით შემოგთავაზებდით გვამის ჩემს სახლში გადატანას, მაგრამ ჩემი და ისე შეშინდება, რომ უმჯობესია ამაზე ხელი ავიღოთ. მოდით, სახეზე რაიმე გადავაფაროთ და აქვე დავტოვოთ. დილამდე არაფერი მოუვა.
ასეც გავაკეთეთ. მე და ჰოლმსმა უარი ვუთხარით სტეპლტონს მერიპიტ-ჰაუსში მიპატიჟებაზე, შინ მარტო გავუშვით და ბასკერვილ-ჰოლისაკენ გავეშურეთ. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, უკან მივიხედეთ და ჭაობების სიღრმისაკენ ნელ-ნელა მიმავალი სტეპლტონი დავლანდეთ. იქით კი, მის უკან მთვარით განათებულ ფერდობზე - ერთადერთი შავი ლაქა მოჩანდა, იმ ადგილას, სადაც ასეთი საშინელი სიკვდილით დაღუპული ადამიანი ეგდო.
- როგორც იქნა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავებით! - თქვა ჰოლმსმა, რომელიც ჩემს გვერდით მოაბიჯებდა. - მაგრამ რა სიმტკიცეა! რა სწრაფად მოეგო გონს და როგორ შეიკავა თავი! დარტყმა კი ჭეშმარიტად თავბრუდამხვევი იყო - დანახვა იმისა, რომ შენი მსხვერპლია არა ის, ვისაც უმიზნებდი, არამედ სხვა. უოტსონ, ლონდონშიაც მითქვამს და ახლაც გიმეორებთ: უფრო ღირსეული მოწინააღმდეგე ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია.
- მაინც ვნანობ, რომ დაგინახათ!
- პირველად ეს მეც ვინანე. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა!
- როგორ ფიქრობთ, თქვენთან შეხვედრა მის გეგმებზე იმოქმედებს?
- დიახ. უფრო ფრთხილად მოიქცევა, ან რაიმე გადამწყვეტსა და სახიფათო ნაბიჯს გადადგამს. როგორც არაჩვეულებრივ დამნაშავეთა უმრავლესობა, სტეპლტონიც ალბათ მეტიმეტად დიდ იმედს ამყარებს თავის ეშმაკობაზე და ფიქრობს, რომ პირში ჩალა გამოგვავლო.
- რატომ არ გინდათ მისი შეპყრობა?
- ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენ სწრაფი მოქმედება გიყვართ. თქვენი ინსტინქტები ყველაზე უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებას გკარნახობენ: აბა, დავუშვათ, რომ ღამით ეს კაცი დავიჭირეთ. რას მოგვცემს ეს? ვერაფერს ვერ დავუმტკიცებთ. აი, სად არის მისი ჩანაფიქრის მთელი ჯოჯოხეთური ეშმაკობა! სტეპლტონის თანამზრახველი რომ ადამიანი ყოფილიყო, საბუთებს მოვაგროვებდით, კვალს მივაგნებდით, მაგრამ აბა სცადეთ სამსჯავროზე უზარმაზარი ძაღლის გამოყვანა! განა ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მის პატრონს კისერზე სახრჩობელას საბელი ჩამოვაცვათ?
- მაგრამ დანაშაულის შედგენილობა ხომ სახეზეა?
- სრულებითაც არა! ჯერ ყველაფერი მხოლოდ სავარაუდოა. სასამართლოში თუ ასეთი ფანტასტიკური ისტორიების მოყოლა დავიწყეთ, მასხარად აგვიგდებენ.
- სერ ჩარლზის ამბავი?
- მკვდარი იპოვეს. ძალადობის კვალი არ აღმოუჩენიათ. მე და თქვენ ვიცით, რომ შიშით მოკვდა, ვიცით ისიც, თუ რამ შეაშინა. მაგრამ როგორ დავარწმუნოთ ამაში ის თორმეტი დამთხვეული, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა როლში იქნებიან? რა საფუძველზე დავასკვნით, რომ ამ საქმეში გარეულია ძაღლი? სადაა მისი კბილების კვალი? მე და თქვენ ისიც ვიცით, რომ ძაღლები მკვდრებს არ კბენენ და რომ სერ ჩარლზი მოკვდა უმალ, ვიდრე ძაღლი თავს დაესხმოდა. მაგრამ ამას ხომ დამტკიცება უნდა, ჩვენ კი ვერაფრით ვერ დავამტკიცებთ.
- მერე, დღევანდელი ღამე?
- არაფერი განსაკუთრებული მას არ მოუცია. მიზეზობრივი კავშირი ძაღლსა და კატორღელის დაღუპვას შორის მაინც არ არის. არავის არ უნახავს ეს ძაღლი. მართალია, ყმუილი გავიგონეთ, მაგრამ ის ხომ არ გვინახავს, რომ ძაღლი კატორღელს გამოედევნა. საბუთები არ გვყოფნის! არა, მეგობარო, ფაქტი ფაქტად რჩება: დანაშაულის შედგენილობა ვერ დავადასატურეთ და დამამტკიცებელი საბუთების თავმოყრაც ვერ შევძელით, მაგრამ დამნაშავეს რომ ბრალდება დავუმტკიცოთ, ყოველნაირი რისკი უნდა გავწიოთ.
- რას აპირებთ?
- მე დიდ იმედს ვამყარებ მისის ლაურა ლაიონსზე. როცა მისთვის საქმის ნამდვილი ვითარება გახდება ცნობილი, ეს ქალი სერიოზულ სამსახურს გაგვიწევს. გარდა ამისა, მე მეორე, საკუთარი გეგმაც მაქვს, მაგრამ წინასწარ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ ხვალ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.
ჰოლმსისაგან მეტი ვერაფერი გავიგე. ფიქრებში ჩანთქმულს ბასკერვილ-ჰოლის კარებამდე ხმა აღარ ამოუღია.
- შემოხვალთ?
- დიახ. ახლა უკვე აღარა აქვს აზრი დამალვას. მაგრამ კიდევ ერთი სიტყვა, უოტსონ. სერ ჰენრის ძაღლზე არაფერი უთხრათ. დე, სელდენის სიკვდილი იმავე მიზეზებს მიაწეროს, რომელთა ჩაგონებასაც სტეპლტონი ჩვენთვის ლამობდა. სერ ჰენრი ასე უფრო იოლად გადაიტანს ამ განსაცდელს, რაც ხვალ მოელის, როცა მერიპიტ-ჰაუსში წავა სადილად - თუ სწორად გავიგე თქვენი უკანასკნელი ანგარიში.
- მაგრამ იქ მეც ვარ მიწვეული.
- მაშინ თქვენ მიწვევაზე უარის თქმა მოგიხდებათ. სერ ჰენრი მარტო უნდა წავიდეს. ამისი მოწყობა ადვილი საქმეა. ...დიახ, ასეა. სადილზე დავაგვიანეთ, მაგრამ ვახშამს კი სწორედ დროზე შევესწარით.
თავი XIII
[რედაქტირება]მახე დაგებულია
[რედაქტირება]ახალი სტუმრის ხილვა სერ ჰენრის ისე არ გაჰკვირვებია, როგორც გაუხარდა. მას ღრმად სჯეროდა, რომ როცა შერლოკ ჰოლმსი უკანასკნელი დღეების ამბავს გაიგებდა, ლონდონში აღარ გაჩერდებოდა. ამის მიუხედავად, როცა გამოირკვა, რომ ჩემი მეგობარი უხელბარგოდ იყო ჩამოსული და არც ცდილობდა ეს ამბავი აეხსნა, ბარონეტმა გაოცებით ასწია წარბები. ჰოლმსი მაშინვე მოამარაგეს ყველაფრით, რაც ესაჭიროებოდა, და გვიანი ვახშმის შემდეგ ბარონეტს გავუმხილეთ ჩვენი თავგადასავლის ის ნაწილი, რისი ცოდნაც მისთვის საჭირო იყო. მაგრამ მანამდე ერთი მეტად მძიმე მოვალეობის შესრულება მომიხდა - ბერიმორსა და მის მეუღლეს შევატყობინე სელდენის დაღუპვა. ლაქიას თითქოს ზურგიდან ძალიან მძიმე ტვირთი მოხსნესო, ისე თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ მისის ბერიმორმა სახე წინსაფრით დაარა და მწარედ ატირდა. მთელი ქვეყნის თვალში სელდენი საშინელი ბოროტმოქმედი იყო, რაღაც საშუალო ეშმაკსა და ნადირს შორის, დას კი, ეტყობოდა, იგი უწინდებურად ოინბაზ ბავშვად მიაჩნდა, რომელიც პატარაობაში ხელზე ებღაუჭებოდა. ჭეშმარიტად, ურჩხული უნდა იყოს სიცოცხლეში ადამიანი, თუ სიკვდილის დროს მდუღარე ცრემლით დამტირებელი ქალი არ გამოუჩნდება.
- მას შემდეგ, რაც თქვენ გაემგზავრეთ, უოტსონ, სულ შინ ვზივარ და მოწყენილობისაგან გავთავდი. - თქვა ბარონეტმა. - იმედი მაქვს, ასეთი მორჩილება ჩამეთვლება? თქვენთვის მოცემული სიტყვა რომ არა, ცხვირს გარეთ არ გამოვყოფ-მეთქი, ამ საღამოს ბევრად უფრო მხიარულად გავატარებდი ჭაობებში, რადგანაც სტეპლტონმა დამპატიჟა.
- დიახ, საღამოს ბევრად უფრო მხიარულად გაატარებდით, - ცივად თქვა ჰოლმსმა. - სხვათა შორის, თქვენ ალბათ არც დაგვიფასებთ იმ დამსახურებას, რომ როცა წეღან კისერმოტეხილ კაცს დავცქეროდით, თქვენ დაგტიროდით?
სერ ჰენრიმ თვალები დააჭყიტა.
- ეს რატომ?
- იმიტომ, რომ ბედშავი კატორღელი თქვენს კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ბერიმორს, რომელმაც კოსტიუმი მისცა სელდენს, ამის გამო სერიოზული უსიამოვნებანი მოელის პოლიციისაგან.
- არა მგონია, რამდენადაც მახსოვს, ტანისამოსზე არავითარი ნიშანი არ იყო.
- ჰო, მაშ მისი ბედი ყოფილა - და თქვენიც, რამდენადაც ყველანი გარეული ხართ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებაში. კაცმა რომ თქვას, მე, როგორც კეთილსინდისიერ მაძებარს, ყველანი უნდა დამეჭირეთ, თქვენს თანამზრახველებთან ერთად. მამხილებელ დოკუმენტად უოტსონის წერილები გამომადგებოდა.
- უმჯობესია ის გვიამბოთ, როგორ არის საქმე? - უთხრა ბარონეტმა. - მოახერხეთ თუ არა ამ დახლართულ საქმეში თავის და ბოლოს გარჩევა? მე და უოტსონმა, რაც ვიცოდით, იმაზე მეტი ვერა გავიგეთ რა.
- მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში ბევრი რამ გაირკვევა. ეს საქმე ერთობ რთული და დახლართულია. ჩემთვისაც კი ზოგი რამ აქამდე ბურუსითაა მოცული... მაგრამ ბურუსი გაიფანტება და ყოველივე კეთილად დასრულდება.
- უოტსონმა ალბათ გიამბოთ ის, რაც ჭაობებში გავიგონეთ. ასე რომ, ეს ცარიელი ცრუმორწმუნეობა არ არის. მე მქონია ისეთი საქმეები, რომლებშიაც ძაღლებიც იყვნენ გარეულნი და ამიტომ ჩემი მოტყუება ძნელია - ძაღლის ყმუილი არ შეიძლება ვერ გაარჩიო. თუ თქვენ იმ ქოფაკს პირზე ალიკაპს გაუკეთებთ და ჯაჭვით დააბამთ, დედამიწის ზურგზე უდიდეს მაძებრად ჩაგთვლით.
- თუ დამეხმარებით, ალიკაპსაც გავუკეთებ და ჯაჭვითაც დავაბამ.
- რასაც მიბრძანებთ, ყველაფერს გავაკეთებ.
- ჩინებულია! მაგრამ მე ვითხოვ ბრმა მორჩილებას, ყოველგვარი `რატომ~ და `რისთვის~ ზედმეტი იქნება.
- როგორც გენებოთ.
- თუ ამაზე მეთანხმებით, მაშინ გადავჭრით ამ ამოცანას. ეჭვი არ მეპარება, რომ...
ჰოლმსი შუა სიტყვაზე შეჩერდა და ჩემს თავს ზემოთ რაღაცას დააშტერდა. ლამპა პირდაპირ ჰოლმსს ანათებდა. სახე ისეთი უძრავი და გაქვავებული გაუხდა, თითქოს კლასიკური ქანდაკებააო. მთელი თავისი არსებით შეშფოთებასა და დაძაბულობას გამოხატავდა.
- რა მოხდა? - ერთხმად შევძახეთ მე და სერ ჰენრიმ.
ჰოლმსმა მზერა ჩვენზე გადმოიტანა და ვიგრძენი, რომ მღელვარების დაფარვას ცდილობდა. მისი სახე უწინდებურად არაფერს არ გამოხატავდა, მაგრამ თვალები საზეიმოდ უიმციმებდა.
- მაპატიეთ, მაგრამ არ შემეძლო აღტაცების შეკავება, - თქვა და მოპირდაპირე კედელზე ჩამწკრივებულ სურათებზე მიგვითითა. - უოტსონი ამტკიცებს, რომ მე მხატვრობაში არაფერი გამეგება, მაგრამ ეს ჩემი ჯიბრთ მოსდის, რადგან ხელოვნების სფეროში ჩვენი აზრები ერთმანეთისას არ ემთხვევა. ეს პორტრეტები კი ნამდვილად ჩინებულია.
- მოხარული ვარ, - თქვა სერ ჰენრიმ და გაოცებულმა შეხედა ჩემს მეგობარს. -სურათებისა ბევრი მეც არაფერი მესმის. აი, ცხენი ან ხარი სხვა საქმეა. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ თქვენ ხელოვნებით დატკბობისათვის დროს შოულობთ.
- თქვენ მაგის დარდი ნუ გაქვთ, კარგ საგანს ყოველთვის შევნიშნავ. სანაძლეოს ვდებ, რომ ის მანდილოსანი, ცისფერი აბრეშუმის კაბა რომ აცვია, ნელერის ფუნჯის ნაყოფი უნდა იყოს. ხოლო სქელი, პარიკიანი ჯენტლმენი უეჭველად რეინოლდსის დახატული იქნება. ეს ალბათ საგვარეულო პორტრეტებია?
- დიახ, ყველანი.
- მათი სახელები თუ იცით?
- ბერიმორი დიდხანს მავარჯიშებდა ამ დარგში და ვგონებ, გაკვეთილს წაუბორძიკებლად გიპასუხებთ.
- ვინ არის ის ჯენტლმენი, ჭოგრიტი რომ უჭირავს?
- ესაა კონტრ-ადმირალი ბასკერვილი, რომელიც ოსტ-ინდოეთში მსახურობდა. ეს კი, ლურჯსერთუკიანი, ხელში რომ გრაგნილი უჭირავს, სერ უილიამ ბასკერვილია, უილიამ პიტ უფროსის დროს თემთა პალატის კომისიის თავმჯდომარედ ყოფილა.
- აი, ეს კავალერი ჩემ პირდაპირ, შავი ხავერდის ბაფთებიანი კამზოლი რომ აცვია?
- ო! ამას კი უნდა გაეცნოთ. ესაა ყველა უბედურების მიზეზი - სერ ჰუგო. ბოროტმოქმედი, რომელმაც დასაბამი მისცა ლეგენდას ბასკერვილები ძაღლზე. ალბათ ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე მას დავივიწყებთ.
პორტრეტს დიდი ინტერესითა და ცოტა შეშფოთებული შევცქეროდი.
- ღმერთო ჩემო! - თქვა ჰოლმსმა. - სახე კი ისეთი აქვს, მშვიდი, წყნარი. მართალია, თვალებში ჯოჯოხეთური ნაპერწკალი უელავს, მარგამ მე თქვენი ჰუგო რაღაც გოლიათად წარმომედგინა, რომელსაც ყაჩაღის გამომეტყველება უნდა ჰქონოდა.
- პორტრეტი ნამდვილად მისია. ამაში შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროთ. უკან ტილოს აწერია მისი სახელი და თარიღი - ათას ექვსას ორმოცდაშვიდი წელი.
მთელი დანარჩენი საღამო ჰოლმსმა მეტწილად მდუმარედ გაატარა, მაგრამ გარყვნილი ჰუგოს პორტრეტმა თითქოს მოაჯადოვა, და ვახშამზე სურათისათვის თითქმის თვალი არ მოუცილებია. მაგრამ ჰოლმსის აზრთა მსვლელობა ჩემთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ნათელი, როცა სერ ჰენრი დასაძინებლად წავიდა თავის ოთახში. ჰოლმსმა ღამის პატარა მაგიდიდან სანთელი აიღო, სანადიმო დარბაზისაკენ წამიძღვა და დროისაგან ჩაშავებულ პორტრეტთან მიმიყვანა.
- ვერაფერს ამჩნევთ?
დიდხანს შევცქეროდი ფართოფარფლებიან ქუდს, თეთრ ბაფთიან საყელოს და გრძელ კულულებს, რომლებიც სასტიკსა და ვიწრო სახეს თითქოს ჩარჩოდ შემოვლებოდნენ. ამ სახეს ვერავინ დასწამებდა ვერც ნაკვთების უხეშობას, ვერც გამომეტყველების სიმკაცრეს, მაგრამ მის მოკუმულ თხელ ბაგეში, ცივსა და შეუპოვარ მზერაში იყო რაღაც გულქვა, სასტიკი და ქედმაღლური...
- არავის არ მოგაგონებთ?
- სახის ქვედა ნაწილი სერ ჰენრის მიუგავს.
- სრული ჭეშმრიტებაა. მაგრამ ცოტა მოიცადეთ!
ჰოლმსი სკამზე შედგა, მარცხენა ხელში სანთელი ეჭირა, მარჯვენათი კი სურათს ქუდის ფარფლები და გრძელი კულულები დაუფარა.
- ციურო ძალნო! - შევძახე გაოცებისაგან ჭკუადაკარგულმა.
ტილოდან სტეპლტონის სახე შემომცქეროდა.
- აჰა! ნახეთ? ჩემი თვალები ხომ მიჩვეულნი არიან თვით სახის გამოყოფას იმისგან, რაც გარშემო აკრავს. მზერით ნიღბის სიღრმეში ჩაწვდომა - მაძებრის მთავარი თვისებაა.
- განაცვიფრებელია! თითქოს სტეპლტონის პორტრეტი იყოს!
- დიხ, სულიერად და ფიზიკურად წარსულისაკენ დაბრუნების საგულისხმო ცდაა. თუ საგვარეულო პორტრეტების შესწავლას შევუდგებით, სულთა ჩასახლება-გადასახლებას ვიწამებთ. ისიც ბასკერვილია, ეს სავსებით აშკარაა.
- და მემკვიდრეობისათვის იბრძვის.
- უთუოდ. ეს შემთხვევით თვალში მოხვედრილი პორტრეტი დამეხმარა ერთი ყველაზე უფრო რთული ხარვეზის შევსებაში. ახლა კი ჩვენს ხელთაა, უოტსონ, ახლა კი დავიჭირეთ ეს სტეპლტონი! და გეფიცებით, ხვალ ამ დროს უკვე ჩვენს ბადეში იფართხალებს, როგორც პეპლები ფართხალებენ მის ბადეში. ქინძისთავი, საცობი, იარლიყი და ბეიკერსტრიტის კოლექცია კიდევ ერთი ეგზემპლარით შეივსება.
ჰოლმსმა ხმამაღლა გადაიხარხარა და პორტრეტს მოშორდა. იგი იშვიათად იცინოდა, მაგრამ გავიგონებდი თუ არა მის სიცილს, ვიცოდი, რომ ვინმეს დიდი უბედურება ელოდა.
მეორე დღეს, დილით რომ ვდგებოდი, სარკმლიდან ჰოლმსს მოვკარი თვალი, ჩემზე ადრე ამდგარიყო, სადღაც წასულიყო და უკან დაბრუნებაც მოესწრო.
- დიახ, დღევანდელი დღე ჩემთვის ცოტა დავიდარაბიანი იქნება, - თქვა მხიარულად ჰოლმსმა და ხელები მოიფშვნიტა, თითქოს წინასწარ გრძნობდა მთელ ამ დავიდარაბას. - მალე საქმეს შევუდგებით. მახე დაგებულია. საღამოს კი ვნახავთ, ეს კბილბასრი ღლავი გაება, თუ ხელიდან დაგვისხლტა.
- უკვე მოასწარით ჭაობების მონახულება?
- გრიმპენამდე მივედი და იქიდან პრინსტაუნში სელდენის სიკვდილი დეპეშით ვაცნობე. ვფიქრობ, ამ საქმეზე არც ერთს აღარ შეგაწუხებენ. ამას გარდა, მე დავუკავშირდი ჩემს ერთგულ კარტრაიტს, რომელიც ჩემი დარდით აღარ იყო. იგი ისეთი ერთგულია, რომ მზად იყო ქოხის ზღურბლზე მომკვდარიყო, როგორც ძაღლი დააკვდება ხოლმე თავის პატრონის საფლავს.
- საიდან დავიწყებთ დღეს?
- უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ სერ ჰენრი. აი, თვითონ ბარონეტიც.
- დილა მშვიდობისა, ჰოლმს! - თქვა სერ ჰენრიმ. - თქვენ იმ გენერალს მომაგონებთ, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ შტაბის უფროსს ესაუბრება.
- ასედაც არის. უოტსონი ბრძანებების მისაღებად მოვიდა.
- მეც მაგიტომ გეახელით.
- ჩინებულია! თუ არა ვცდები, სტეპლტონებმა დღეს სადილად მიგიპატიჟეს, სერ?
- იმედი მაქვს, თქვენც წამოხვალთ? სტუმართმოყვარე ხალხია და თქვენი მისვლა ძალიან გაახარებთ.
- სამწუხაროდ, მე და უოტსონი ლონდონს უნდა გავემგზავროთ.
- ლონდონს?
- დიახ. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ უმჯობესია იქ ვიყოთ.
ბარონეტს თითქოს სახე მოექცაო.
- მე კი მეგონა, რომ ბოლომდე არ მიმატოვებდით! გულახდილად რომ გითხრათ, ბასკერვილ-ჰოლი ერთი ადამიანისათვის არც ისე სასიამოვნო სამყოფელია.
- ჩემო მეგობარო, თქვენ უნდა დამემორჩილოთ უსიტყვოდ და გააკეთოთ ყველაფერი, რასაც თქვენგან მოვითხოვ. უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ სიამოვნებით ვეწვეოდით, მაგრამ გადაუდებელი საქმეები ლონდონისაკენ გვიხმობენ. თუმცა დევონშირში ისევ მალე დავბრუნდებით. ხომ არ დაგავიწყდებათ ამისი თქმა?
- რაკი თქვენ ითხოვთ.
- გარწმუნებთ, სხვა გამოსავალი არ არის.
იმის მიხედვით, როგორ შეიკრა ამის გაგონებაზე ბარონეტმა შუბლი, მივხვდი, რომ განაწყენდა და ჩვენი გამგზავრება დეზერტირობად მიიჩნია.
- როდის აპირებთ გამგზავრებას? - ცივად იკითხა სერ ჰენრიმ.
- როგორც კი ვისაუზმებთ. ცხენებით გავემგზავრებით კუმბ-ტრესიმდე. უოტსონი თავის ნივთებს დატოვებს წინდად, რომ უკანვე დაბრუნდება. უოტსონ, ბარათი მისწერეთ სტეპლტონს და მიპატიჟებაზე უარის თქმისათვის ბოდიში მოუხადეთ.
- მეც მინდოდა ლონდონს წამოსვლა, - თქვა ბარონეტმა. - რა უნდა ვაკეთო აქ მარტო?
- თქვენი ადგილსამყოფელი და მამული ბასკერვილ-ჰოლია. თქვენ სიტყვა მომეცით დამემორჩილოთ საქმის დამთავრებამდე და, ჩემი ღრმა რწმენით, ბასკერვილ-ჰოლში უნდა დარჩეთ.
- კარგი, დავრჩები.
- კიდევ ერთი თხოვნა. მერიპიტ-ჰაუსში ეტლით გაემგზავრეთ. ეტლი გაისტუმრეთ და სტეპლტონებს უთხარით, რომ შინ ფეხით დაბრუნდებით.
- ფეხით, ჭაობებში?
- დიახ, მაგრამ აკი თქვენ თვითონ არა ერთხელ გამაფრთხილეთ, რომ ასე არ მოვქცეულიყავი.
- ახლა კი სრულიად დამშვიდდით და ისე გაემგზავრეთ სტეპლტონებთან. მე მოვითხოვ ამას იმიტომ, რომ თქვენი ვაჟკაცობის იმედი მაქვს.
- კარგი, ასე მოვიქცევი.
- და თუ ოდნავ მაინც რამედ გიღირთ სიცოცხლე, არ გადაუხვიოთ იმ ბილიკიდან, რომელიც მერიპიტ-ჰაუსიდან ბასკერვილ-ჰოლამდეა გატკეპნილი. მით უმეტეს, რომ ეს არის უმოკლესი გზა.
- ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მეუბნებით.
- აი, ეს კარგია. ჩვენ კი შევეცდებით საუზმის შემდეგ მაშინვე გავემგზავროთ, რათა სადილობისას უკვე ლონდონში ვიყოთ.
მოქმედების ასეთმა პროგრამამ ძალიან გამაოცა, თუმცა მახსოვდა, როგორ აფრთხილებდა წინა საღამოს ჰოლმსი სტეპლტონს თავის გამგზავრებაზე. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ იგი ჩემთან ერთად ირჩევდა გამგზავრებას და ისიც ისეთ დროს, რომელსაც თვითონვე სთვლიდა კრიტიკულ მომენტად! მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, მეგობრის ნება-სურვილს უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდი. მალე დავემშვიდობეთ კიდეც შეწუხებულ ბარონეტს. ორი საათის შემდეგ ეტლი უკანვე გავაგზავნეთ და კუმბ-ტრესის სადგურის პლატფორმაზე გავედით. იქ ტანმორჩილი ყმაწვილი გველოდა.
- რას მიბრძანებთ, სერ?
- კარტრაიტ, ჩაჯექი მატარებელში და ლონდონში გაემგზავრე. როგორც კი ჩახვალ, სერ ჰენრი ბასკერვილს ჩემი სახელით დეპეშა გამოუგზავნე. მოსწერე, ხომ არ უპოვია სადმე ჩემი უბის წიგნი, რომელიც დავკარგე. თუ იპოვა, ბანდეროლით ბეიკერსტრიტზე გამომიგზავნოს.
- მესმის, სერ.
- ახლა კი სადგურის კანტორაში იკითხე, ჩემს სახელზე ხომ არაფერია მოსული.
იმწამსვე უკან მობრუნებულ ბიჭს ხელში დეპეშა ეჭირა. ჰოლმსმა წაიკითხა თუ არა, მე გადმომცა. ტექსტს თვალი გადავავლე და შემდეგი ამოვიკითხე:
`დეპეშა მივიღე. მოვდივარ დაპატიმრების ორდერით. ვიქნები ხუთსა და ორმოცზე... ლესტრეიდი~.
- ეს ჩემი დილანდელი დეპეშის პასუხია. ლესტრეიდი საუკეთესო პროფესიონალი მაძებარია, შეიძლება მისი დახმარება დაგვჭირდეს. აბა, უოტსონ, დრო გვაქვს, და სწორედ ახლა უნდა ვესტუმროთ თქვენს ნაცნობ მანდილოსანს, მისის ლაურა ლაიონსს.
ჰოლმსის მიერ შედგენილი ძიების გეგმა ჩემთვის ყოველ წამს უფრო ნათელი ხდებოდა. ალბათ, ბარონეტის საშუალებით დაარწმუნებს სტეპლტონს, რომ ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, ნამდვილად კი დავბრუნდებით უკან იმ დროისათვის, როცა ჩვენი დახმარება ყველაზე უფრო საჭირო იქნება. თუ სერ ჰენრი ჰოლმსისაგან ლონდონიდან გამოგზავნილ დეპეშას ახსენებს, ეს ხომ სრულიად გაფანტავს სტეპლტონის უკანასკნელ ეჭვს და ის იქნება, მე გონების თვალით უკვე ვჭვრეტდი, როგორ თანდათანობით ეხვეოდა ჩვენს ბადეში კბილბასრი ქარიყლაპია.
მისის ლაურა ლაიონსი თავის სამუშაო ოთახში იჯდა. შერლოკ ჰოლმსმა ისეთი პირდაპირობითა და ისე გულღიად დაიწყო ლაპარაკი, რომ ქალს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა.
- მე სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილის გარემოებებს ვარკვევ, - დაიწყო ჩემმა მეგობარმა. - უოტსონმა გადმომცა ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით მას გაუმხილეთ და ისიც, რაზედაც დუმილი ამჯობინეთ.
- რაზე ვამჯობინე დუმილი? - იკითხა ქალმა.
- თქვენ აღიარეთ, რომ სერ ჩარლზი საღამოს ათი საათისათვის ჭიშკართან დაიბარეთ. როგორც ვიცი, ის მოკვდა სწორედ იმ დროს და იმავე ადგილას. თქვენ დაფარეთ კავშირი, რაც ამ ორ ფაქტს შორის არსებობს.
- მათ შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
- ასეთ შემთხვევაში ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ჭეშმარიტად განსაცვიფრებლად დაემთხვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კავშირს დავადგენთ. მე თქვენ წინაშე სრულიად გულახდილი ვიქნები, მისის ლაიონს... ლაპარაკია მკვლელობაზე, ხოლო საბუთები კი ამ საქმეში ისეთი ხასიათისაა, რომ შეიძლება ძიებაში მოხდეს არა მარტო თქვენი მეგობარი სტეპლტონი, არამედ მისი ცოლიც.
მისის ლაიონსი სავარძლიდან წამოიჭრა.
- ცოლი!
- ეს უკვე აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო. ქალი, რომელზეც სტეპლტონი გაიძახოდა, ჩემი და არისო, სინამდვილეში მისი ცოლია.
მისის ლაიონსი ისე ჩაჯდა სავარძელში და ისეთი ძალით ჩასჭიდა ხელები მის სახელურებს, რომ ფრჩხილები გადაუთეთრდა.
- მისი ცოლი! მისი ცოლი... მაგრამ ის ხომ უცოლოა!
შერლოკ ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.
- დამიმტკიცეთ! დამიმტკიცეთ! თუ შეძლებთ... - ქალის თვალთა მძვინვარე ელვარება ყოველგვარ სიტყვაზე უკეთ მეტყველებდა.
- დამტკიცება არ გაჭირდება, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა და ჯიბიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო. - აი, ამ ცოლ-ქმრის ფოტოსურათები, იორკში გადაღებული ამ ოთხიოდე წლის წინათ, უკანა მხარეს წარწერაა: `მ-რ და მ-ს ვანდელერები~. მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, ამოიცნობთ სტეპლტონს და იმ ქალსაც, თუ ოდესმე შეხვედრიხართ. შემდეგ იხილეთ ეს სამი დოკუმენტი, რომლებიც ხელმოწერილია იმ ადამიანების მიერ, ვინც ღირსნი არიან ყოველგვარი ნდობისა. ეს გახლავთ აღწერა მისტერ და მისის ვანდელერებისა, რომელთაც ოდესღაც კერძო სკოლა `სენტ-ოლივეტი~ ჰქონდათ. წაიკითხეთ და თქვენ უეჭველად მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად თქვენთვის ნაცნობი ადამიანები არიან.
მისის ლაიონსმა სწრაფად გადაავლო თვალი ქაღალდებს და მზერა ჩვენზე გადმოიტანა. სასოწარკვეთილებამ მისი სახე უძრავ ნიღბად აქცია.
- მისტერ ჰოლმს, - წამოიწყო მისის ლაიონსმა, - ამ არამზადამ სიტყვა მომცა, ცოლად შეგირთავ, თუ ქმარს გაეყრებიო. მაშასადამე, არ შეიძლება ვენდო მის არც ერთ სიტყვას? მაშასადამე, ყოველთვის მატყუებდა? რისთვის? რისთვის? მე მეგონა, ჩემთვის იდაგებოდა, ნამდვილად კი, მხოლოდ იარაღი ვყოფილვარ მის ხელში. რისთვის შევუნახო საიდუმლო იმას, ვინც ასე ტყუის? რისთვის უნდა დავაფარო ხელი? დე, პასუხი აგოს თავისი ბოროტმოქმედებისათვის! მკითხეთ, რაც გნებავთ, აღარაფერს დავფარავ. ისე კი ფიცით შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემს წერილს თუ ჩემი საუკეთესო მეგობრის სერ ჩარლზის დაღუპვა შეეძლო, ვერ წარმომედგინა.
- ყოველი თქვენი სიტყვა მჯერა, ქალბატონო, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - ალბათ ძალიან გიმძიმთ ამაზე ლაპარაკი. მოდით, ასე გავაკეთოთ. მე თვითონ ვილაპარაკებ, და თუ რაიმე არსებითი შემეშალოს, შემისწორეთ. წერილი მისტერ სტეპლტონის კარნახით დაიწერა, არა?
- სწორედ ასე გახლავთ.
- ალბათ გეუბნებოდათ, სერ ჩარლზი თვითონ გაიღებს ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებული იქნება განქორწინებასთანო?
- დიახ.
- შემდეგ როცა წერილი გაიგზავნა, დაგარწმუნათ, რომ პაემანზე არ უნდა წასულიყავით?
- მითხრა, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა სრულიად დამეკარგება, თუ პროცესისათვის საჭირო თანხას სხვა ვინმე გადაიხდისო. იფიცებოდა, მთელი ჩემი სიღარიბის მიუხედავად, უკანასკნელ პენის გადავიხდი, ოღონდ მოვსპო ის დაბრკოლება, რაც ჩვენ ერთმანეთს გვაშორებსო.
- საქციელში ეტყობა, ძალიან თანმიმდევრული ადამიანია! ამრიგად, სხვა ამბებისა თქვენ არა გეცოდინებათ რა და სერ ჩარლზის სიკვდილი მხოლოდ გაზეთებიდან შეიტყვეთ?
- დიახ.
- და სტეპლტონმა პირობა ჩამოგართვათ, რომ სიტყვას არავისთან დასძრავდით პაემანზე?
- დიახ. მითხრა, სერ ჩარლზის სიკვდილი უაღრესად გაურკვეველ გარემოებაში მოხდა, და თუ წერილის არსებობას გაიგებენ, შენზე შეიძლება იეჭვიანონო. შემაშინა და მეც დუმილი ვარჩიე.
- მესმის. მაგრამ მცირე ეჭვი ხომ მაინც გქონდათ?
მისის ლაიონსმა თვალები დახარა, ეტყობოდა, პასუხის გაცემა უჭირდა.
- მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანს, - თქვა ბოლოს. - მაგრამ რომ არ მოვეტყუებინე, არ გავცემდი.
- საერთოდ, კარგად გადარჩით. - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - სტეპლტონი თქვენს ხელთ იყო, თვითონაც მშვენივრად იცოდა ეს და მაინც ცოცხალი დარჩით. უკანასკნელ თვეებში თქვენ შეიძლება უფსკრულში გადაჩეხილიყავით. ახლა კი, მისის ლაიონს, ნება მომეცით ყოველივე კარგი გისურვოთ. მაგრამ ჩვენ ალბათ კიდევ მოგვიხდება შეხვედრა.
- ამრიგად, საქმეს ნელ-ნელა ეფინება შუქი, - თქვა ჰოლმსმა, როცა ლონდონის ექსპრესის შესახვედრად ისევ გამოვედით სადგურის პლატფორმაზე. - მალე შევძლებ სრული თანმიმდევრობით აღვადგინო ბოროტმოქმედების მთლიანი სურათი. ვგონებ, ეს იქნება ჩვენი დროის ყველაზე უფრო სენსაციური ბოროტმოქმედება: კრიმინალისტები ალბათ იტყვიან, რომ რაღაც მისი მსგავსი უკვე მომხდარია და, რა თქმა უნდა, გაიხსენებენ 1866 წ. უკრაინაში, გროდნოში მომხდარ მკვლელობას, ანდა ჩრდილო კაროლინაში ანდერსონის მოკვლასთან დაკავშირებულ ფაქტებს, მაგრამ ახლანდელ ჩვენს საქმეში არის სრულიად თავისებური ნიშნები. ჩვენ ჯერაც ვერ წავუყენებთ პირდაპირ დამამტკიცებელ საბუთებს ამ ვერაგსა და ცბიერ ეშმას. მაგრამ გახსოვდეთ ჩემი სიტყვა, უოტსონ: იმ დროისათვის, როცა დასაძინებლად დაწვებით, ყველაფერი გარკვეული იქნება.
ლონდონის ექსპრესი გრიალით მოადგა სადგურის პლატფორმას, და პირველი კლასის ვაგონიდან ბაქანზე გადმოხტა ბულდოგის მსგავსი, პატარა ჯმუხი კაცი, რომელსაც დიდის ამბით მივესალმეთ. იმ მოკრძალებამ, რითაც ლესტრეიდი ჩემს მეგობარს ექცეოდა, ჩემთვის ნათელი გახადა, რომ ეს პროფესიონალი მაძებარი ბევრ რამეს მიმხვდარიყო იმ დროიდან, რაც ჰოლმსთან ერთად მუშაობა დაიწყო. საუცხოოდ მახსოვდა, ოდესღაც როგორ აგდებულად უცქეროდა ლესტრეიდი ჩვენი თეორეტიკოსის დედუქციურ მეთოდს, ლოგიკურ დასკვნებს და მსჯელობებს.
- აბა, რას იტვით, დიდი საქმეა? - იკითხა ლესტრეიდმა.
- ასეთი რამ კარგა ხანია არ მომხდარა, - თქვა ჰოლმსმა.-ორი საათი თავისუფალი დრო გვაქვს. მოდით, ვისადილოთ, შემდეგ კი, ლესტრეიდ, ჩვენ გაგიმასპინძლდებით დარტმურის უწმინდესი ჰაერით და დაგეხმარებით, რომ ლონდონის ნისლისაგან ყელი გაისუფთავოთ. აქ არასოდეს არ ყოფილხართ? მაშინ დიდხანს დაგამახსოვრდებათ თქვენი პირველი გაცნობა ამ ადგილებთან.
თავი XIV
[რედაქტირება]ბასკერვილების ძაღლი
[რედაქტირება]შერლოკ ჰოლმსის ერთ-ერთი ნაკლი - თუ შეიძლება ამას ნაკლი ეწოდოს - ის იყო, რომ იგი არასოდეს არავის არ უზიარებდა თავის გეგმებს მანამ, ვიდრე მათი აღსრულების ჟამი არ დაჰკრავდა. ასეთი გულჩახვეულობა აიხსნებოდა, ნაწილობრივ, ამ კაცის ძლიერი ბუნებით, ბრძანებლობის სიყვარულითა და სურვილით განეცვიფრებინა ადამიანები, ნაწილობრივ კი პროფესიონალური სიფრთხილით. ასე იყო თუ ისე, შერლოკ ჰოლმსის ხასიათის ეს თვისება ბევრ უსიამოვნებას აყენებდა მათ, ვინც მასთან მუშაობდნენ, როგორც აგენტები და თანაშემწეები. მე თვითონაც ხშირად ვუწვალებივარ, მაგრამ ის, რაც იმ ბნელში მოგზაურობის დროს გადამხდა, ყველა ჩემს წინანდელ ტანჯვას აღემატებოდა. მძიმე გამოცდა გველოდა, მზად ვიყავით გადამწყვეტი იერიშისა და უკანასკნელი დარტყმისათვის, ჰოლმსი კი ჯიუტად დუმდა, და მე მხოლოდ ვარაუდით შემეძლო მის გეგმებს ჩავწვდომოდი. ჩემმა ნერვულმა დაძაბულობამ უკიდურეს საზღვარს მიაღწია, როცა უეცრად სახეში ცივი ქარი გვეცა. ბნელში მიმოვიხედე და გზის ორსავე მხარეს გადაჭიმული უდაბური სივრცე რომ შევიგრძენი, მაშინ მივხვდი, ისევ ჭაობებში ვიყავით. ცხენების ყოველი ნაბიჯი, ბორბლების ყოველი გადატრიალება ამ მოვლენათა კვანძის გახსნასთან გვაახლოებდა.
კუმბ-ტრესიში დაქირავებული მეეტლის თანდასწრებით არ შეიძლებოდა ლაპარაკი და ამიტომ მთელი ჩვენი მღელვარების მიუხედავად, მხოლოდ რაღაც წვრილმანებზე ვსაუბრობდით. თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა გზის იქით გამოჩნდა ფრენკლენდის კოტეჯი, საიდანაც სულ რაღაც ორი-სამი მილი რჩებოდა ბასკერვილ-ჰოლსა და იმ ადგილამდე, სადაც ტრაგედიის უკანასკნელი, შემაჯამებელი სცენა უნდა გათამაშებულიყო. მთავარ შესასვლელთან არ გავჩერებულვართ, ისე გავედით ურთხელის ხეივნის პატარა ჭიშკართან, მეეტლეს ანგარიში გავუსწორეთ. კუმბ-ტრესიში დავაბრუნეთ, ჩვენ კი მერიპიტ-ჰაუსის მიმართულებით წავედით.
- იარაღი თან გაქვთ, ლესტრეიდ?
ტანმორჩილმა მაძებარმა გაიღიმა:
- რაკი შარვალი მაცვია, მაშასადამე, უკანა ჯიბეც ექნება, ის კი ცარიელი არ იქნება.
- ძალიან კარგი! მე და უოტსონიც მზადა ვართ ყველა მოულოდნელობისათვის.
- როგორც ვხედავ, ძალიან სერიოზული ამბავი უნდა იყოს. მისტერ ჰოლმს? მინდა ვიცოდე, ჩვენ ორს რაღა მოგვეთხოვება ამ თამაშში?
- მოგეთხოვებათ მოთმინება. უნდა ვიცადოთ.
- მართალი გითხრათ, არც ისე მხიარული ადგილია! - მხრები აიჩეჩა მაძებარმა და ბორცვების პირქუშ ფერდობებსა და გრიმპენის ჭანჭრობზე გაწოლილ ნისლს თვალი გააყოლა. - აგერ, სადღაც ცეცხლი ანთია.
- ეს მერიპიტ-ჰაუსია - ჩვენი მოგზაურობის უკანასკნელი მიზანი. ახლა გთხოვთ, რაც შეიძლება ფრთხილად იაროთ და ჩურჩულით ილაპარაკოთ, - გვირჩია ჰოლმსმა.
ქურდულად მივაბიჯებდით იმ ბილიკზე, რომელიც სახლისაკენ მიდიოდა, მაგრამ მისგან ორასი იარდის მანძილზე ჰოლმსი შეჩერდა.
- უფრო იქით წასვლა აღარ არის საჭირო, - თქვა ჰოლმსმა. - აი, ეს კაჭრები მშვენივრად გაგვიწევენ საფრის მაგივრობას.
- აქ დავიცდით?
- დიახ, ჩავსაფრდებით. აი, აქ დადექით, ლესტრეიდ. უოტსონ, თქვენ ხომ ნამყოფი ხართ მაგ სახლში? ოთახების განლაგება იცით? აი, ეს ხლართიანი ფანჯარა რომ ჩანს - რა არის?
- მგონი, სამზარეულო.
- მომდევნო, კარგად განათებული?
- ეს სასადილოა.
- ფარდები აწეულია. ჩემზე კარგად იცით, როგორ შეიძლება იქ მისვლა. შეიხედეთ ფანჯარაში და ნახეთ რას აკეთებენ. ოღონდ, ღვთის გულისათვის, წყნარად! არაფერი გაიგონონ.
ფეხის წვერებზე მივედი იმ ქვის ყორესთან, რომელიც სტეპლტონის მწირ ბაღს ერტყა გარს და მის ჩრდილს გავყევი იმ ადგილამდე, საიდანაც ფარდაგადაწეულ ფანჯარაში შეიძლებოდა შეხედვა.
ოთახში ორნი იყვნენ - სერ ჰენრი და სტეპლტონი. სახე ორთავეს ჩემკენ ჰქონდა მოქცეული, ერთიმეორის გვერდით ისხდნენ მრგვალ მაგიდასთან, რომელზეც ყავა და ღვინო იდგა, და სიგარებს ეწეოდნენ. სტეპლტონი გაცხოველებით ლაპარაკობდა რაღაცაზე, მაგრამ ბარონეტი ფერწასული იჯდა და უყურადღებოდ უსმენდა. ეტყობოდა, მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო და საბედისწერო ჭაობებზე გაევლო.
უეცრად სტეპლტონი წამოდგა და ოთახიდან გავიდა, სერ ჰენრიმ კი ჭიქაში ღვინო დაასხა, სავარძელში გადაწვა და სიგარა მოქაჩა. მე გარკვევით გავიგონე კარის ჭრიალი, შემდეგ კი ბილიკზე დაყრილი ხრეშის ხმაური. ნაბიჯის ხმა მიახლოვდებოდა. კედლის იქიდან დავინახე, რომ ნატურალისტი ბაღის კუთხეში პატარა ფარდულთან შეჩერდა. კლიტეში გასაღები აჩხაკუნდა და ფარდულიდან რაღაც ფუსფუსის ხმა მომესმა. სტეპლტონმა იქ სულ ორი წუთი დაჰყო, ისევ გადაატრიალა გასაღები, გვერდით ჩამიარა და სახლში შევიდა. ვნახე, რომ თავის სტუმართან დაბრუნდა, ფრთხილად გამოვბრუნდი ამხანაგებისაკენ და ყველაფერი ვუამბე.
- მაშ, ქალი მათთან არ არის? - იკითხა ჰოლმსმა, როცა თხრობა დავასრულე.
- არა.
- მაშ, სად უნდა იყოს? სამზარეულოსა და სასადილოს გარდა ხომ ყველა ფანჯარა ჩაბნელებულია?
- სწორედ არ ვიცი.
მე უკვე ვთქვი, რომ იმ საღამოს გრიმპენის ჭანჭრობზე თეთრი ნისლი იყო ჩამოწოლილი, ნელა მოიწევდა ჩვენს მხარეს, და დაბალ, მაგრამ სქელ ტალღად გვერტყმოდა ირგვლივ. მაღლიდან დაღვრილი მთვარის შუქი ამ ნისლს აქცევდა მოციმციმე ყინულის ველად, რომელზედაც შავი პიკებივით აღმართულიყვნენ შორეული გრანიტის სვეტების კენწეროები. ჰოლმსი იმ მხარეს შებრუნდა, საიდანაც ნისლის კედელი გვიახლოვდებოდა და მოუთმენლად აბუტბუტდა:
- შეხედეთ, უოტსონ, ნისლი პირდაპირ ჩვენკენ მოდის.
- ეს ცუდია?
- უარესი რა უნდა იყოს! ნისლი ერთადერთი რამ არის, რასაც შეუძლია ჩემი გეგმა ჩაშალოს. მაგრამ სერ ჰენრი იქ არ დააყოვნებს. უკვე ათი საათია. ახლა ყველაფერი - ჩვენი წარმატებაც და მისი სიცოცხლეც კი - იმაზეა დამოკიდებული, გამოვა თუ არა სახლიდან, ვიდრე ნისლი ბილიკამდე მოაღწევდეს.
ცა ისე იყო მოკრიალებული, რომ ღრუბლის ნასახიც არ ჩანდა. ვარსკვლავები ცივად ციმციმებდნენ მაღალ ტატნობზე. მთვარე ჭაობებს სუსტ, მქრქალ სხივებს აფრქვევდა... პირდაპირ ჩვენს წინ ბუნდოვნად ჩანდა წვეტიანი სახურავის კონტურები, რომელზეც საკვამლე მილები ყალყზე შემდგარი ფაფარივით ამოჩრილიყვნენ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე. ქვედა სართულის ფანჯრებიდან ბაღს და ჭაობს ფართო ოქროსფერი ზოლები ეცემოდა. სამზარეულოდან მსახურები გამოვიდნენ. ახლა ლამპა მხოლოდ სასადილოში ენთო, სადაც ორნი - მკვლელობის განზრახვით შეპყრობილი მასპინძელი და სტუმარი, რომელსაც არაფრის ეჭვი არა ჰქონდა - სიგარებს ეწეოდნენ და საუბრობდნენ.
თეთრი საფარველი, რამაც თითქმის მთელი ჭაობი დაფარა, სახლს ყოველ წამს უახლოვდებოდა. პირველი გამჭვირვალე ქულები უკვე ოქროსფრად განათებულ ფანჯარასთან დაფარფატებდნენ. ბაღის შორეული კედელი სრულიად ჩანთქმულიყო ბოლქვებად დაშვებულ ბურუსში, რომლის თავზედაც მხოლოდ ხეთა კენწეროები მოჩანდა, აი, მოთეთრო რგოლები გამოჩნდა სახლის ორსავ მხარეს და ნელ-ნელა მჭიდრო რკალად შეერთდა. ზედა სართული სახურავიანად ამოცურდა ამ რკალის ზედაპირზე, როგორც ჯადოსნური ხომალდი მოლანდებული ზღვის ტალღებზე. ჰოლმსმა გაშმაგებით დაჰკრა მუშტი ქვაზე, რომლის უკანაც ვიდექით, და მოთმინებადაკარგულმა ფეხი დააბაკუნა.
- თუ თხუთმეტ წუთში არ გამოჩნდა, ბილიკი ნისლით დაიფარება, ნახევარი საათის შემდეგ ამ სიბნელეში საკუთარ ხელებსაც ვეღარ დავინახავთ.
- ცოტა უკან დავიწიოთ, და იქ მაღლობზე დავდგეთ.
- მართლა, ასე აჯობებს.
რაც უფრო გვიახლოვდებოდა ნისლი, ჩვენც უკან-უკან ვიხევდით, ვიდრე სახლიდან ნახევარ მილზე არ აღმოვჩნდით. ერთიანი მღვრიე თეთრი ზღვა, რასაც ზემოდან მთვარის ნათელი ეფრქვეოდა, დაჟინებით გვიტევდა.
- მეტისმეტად შორს წავედით, - თქვა ჰოლმსმა. - ეს უკვე საშიშია: შეიძლება, ვიდრე აქამდე მოაღწევს, დაეწიონ, რაც იქნება, იქნება, აქ შევჩერდეთ.
მუხლებზე დაეშვა და ყური მიწას დაადო.
- მადლობა ღმერთს, მგონი მოდის!
ჭაობის დუმილში სწრაფი ნაბიჯის ხმა გაისმა. ლოდებთან დახრილნი შევცქეროდით უფერულ-ვერცხლისფერ კედელს, რომელიც ჩვენკენ დინჯად მოიწევდა... ნაბიჯის ხმა ახლოვდებოდა, და აი, ნისლიდან, თითქოს ფარდა გადასწიაო, ისე გამოჩნდა ის, ვისაც ველოდით. მოწმენდილი ვარსკვლავიანი ცა რომ დაინახა, გაოცებულმა მიმოიხედა. შემდეგ სწრაფად განაგრძო გზა, ჩაგვიარა და ფერდობს შეუყვა, იქვე კაჭრებთან რომ იწყებოდა. გზადაგზა გამუდმებით უკან იხედებოდა, ეტყობოდა, ზურგიდან თავდასხმისა ეშინოდა.
- ჩუ! - წაიჩურჩულა ჰოლმსმა და ჩახმახი შეაყენა. - შეხედეთ! ძაღლი!
მოახლოებული ნისლის შიგ შუაგულში ზომიერი, აჩქარებული ფეხის ხმა გაისმა. თეთრი კედელი ჩვენგან უკვე ორმოცდაათ იარდზე იქნებოდა, და ჩვენ სამთავემ იქით მივაპყარით მზერა, ის კი არ ვიცოდით, რა ურჩხული გამოჩნდებოდა იქიდან. ჰოლმსის გვერდით ვიდექი და უეცრად შევხედე - ფერმკრთალი და აღელვებული ჩანდა, მთვარის შუქზე თვალები ცეცხლივით უელავდა. მაგრამ აი, ჩემი მეგობრის სახე მოულოდნელად გარდაიქმნა... მზერა უფრო მკაცრი და დაკვირვებული გაუხდა, გაოცებისაგან პირი გააღო. იმავე წამს ლესტრეიდმა შეჰყვირა და ელდანაკრავი პირდაღმა დაეცა. მე წელში გავიმართე და სანახაობით თითქმის გაქვავებულმა, აკანკალებული ხელი რევოლვერისაკენ წავიღე. დიახ! ეს იყო უზარმაზარი, კუპრივით შავი ნაგაზი. მაგრამ ასეთი ძაღლი ჩვენ, მოკვდავთ, არასოდეს არ გვინახავს. დაღებული ხახიდან ცეცხლს აფრქვევდა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა, დრუნჩსა და ფაფარზე მოციმციმე ცეცხლი უელავდა. ვერა სულდგმულის ვერავითარი ცეცხლოვანი ფანტაზია ვერ წარმოიდგენდა უფრო საზარელ, უფრო ზარდამცემ სანახაობას, ვიდრე ეს ჯოჯოხეთის ქმნილება იყო, რომელიც ნისლიდან გამოვარდა და ჩვენკენ გამოეშურა.
ურჩხული ბილიკზე უზარმაზარი ნახტომებით მოჰქროდა და თან ჩვენი მეგობრის კვალს ყნოსავდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვედით, როცა უკვე გვერდით ჩაგვიქროლა. მაშინ მე და ჰოლმსმა ერთდროულად გავისროლეთ და გულგამგმირავმა ღმუილმა, რაც ამას მოჰყვა, დაგვარწმუნა, რომ ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთის ტყვია მიზანს მოხვდა. მაგრამ ძაღლი არ შეჩერებულა და წინ სრბოლას განაგრძობდა. ჩვენ მთვარის შუქზე დავინახეთ, როგორ მობრუნდა სერ ჰენრი, როგორ გადაჰკრა მკვდრის ფერმა, ელდანაკრავმა როგორ ასწია ხელები და ასე უმწეო მდგომარეობაში გაქვავდა, თანაც თვალს არ აშორებდა ურჩხულს, რომელიც უკვე ეწეოდა.
მაგრამ ტკივილისაგან აღმუვლებულმა ძაღლმა ჩვენი შიში თანდათან გაფანტა. რაც მოწყვლადია, მოკვდავიც არის! და თუ დაჭრილია, მაშ მისი მოკვლაც შეიძლება. ღმერთო! როგორ გარბოდა იმ ღამეს ჰოლმსი! ყოველთვის კარგ მორბენლად ვითვლებოდი, მაგრამ გამისწრო ისეთი მანძილით, რამდენითაც მე გავუსწარი პატარა მაძებარ ლესტრეიდს. სირბილით მივყვებოდით ბილიკს და გვესმოდა სერ ჰენრის განუწყვეტელი ყვირილი და ძაღლის ყრუ ღმუილი. სწორედ იმ წამს მივუსწარი, როცა მხეცი თავის მსხვერპლს მივარდა, მიწაზე დასცა და ყელში ჩაფრენას ცდილობდა. მაგრამ ჰოლმსმა ზედიზედ ხუთი ტყვია დაახალა გვერდში. ძაღლმა უკანაკნელად დაიღმუვლა, გაშმაგებით დააღრჭიალა კბილები, ზურგზე დაეცა, ოთხივე ფეხი უმწეოდ გაასავსავა და მოკვდა. სირბილისაგან აქოშინებული, საზარელ მანათობელ დრუნჩს რევოლვერის ლულით შევეხე, მაგრამ აღარ გამისროლია - ბუმბერაზი ძაღლი მკვდარი იყო.
სერ ჰენრი უგრძნობლად იწვა იქვე, სადაც ძაღლი წამოეწია. საყელო მოვგლიჯეთ და ჰოლმსმა ბედს მადლობა შესწირა, დარწმუნებულმა, რომ დაჭრილი არაა და დახმარებამ დროზე მიუსწრო. შემდეგ სერ ჰენრიმ წარბები შეარხია და თვითონაც სუსტად შეირხა. ლესტრეიდმა კბილებს შორის პატარა ბოთლიდან კონიაკი ჩააწვეთა, ერთი წამის შემდეგ წყვილი შეშინებული თვალი მოგვაჩერდა.
- ღმერთო ჩემო! - წაიჩურჩულა ბარონეტმა. - რა იყო ეს? სადაა?
- უკვე აღარ არის, - თქვა ჰოლმსმა. - მოჩვენებასთან, რომელიც სდევნიდა მთელ თქვენს გვარს, ერთხელ და სამუდამოდ გასწორებულია ანგარიში.
საზარელი მხეცი, რომელიც ჩვენს წინ ეგდო, ჭეშმარიტად თავისი ზომითა და ძალით ყოველ ცოცხალ არსებას შეაშინებდა. ეს არც წმინდა სისხლის მეძებარი იყო და არც წმინდა სისხლის მასტიფი, არამედ, ეტყობა, ნარევი - გამხდარი, საშინელი ძაღლი, ახალგაზრდა ძუ ლომის სიდიდისა. მისი უზარმაზაირ ხახა ჯერ კიდევ ანათებდა მოცისფრო ალით. ღრმად ჩამჯდარი ველური თვალების გარშემო ცეცხლოვანი რგოლები ევლებოდა. ხელი შევახე ამ მანათობელ თავს, და როცა მოვაცილე, შევნიშნე, რომ ჩემი ხელიც ანათებდა.
- ფოსფორი, - ვთქვი მე.
- დიახ, და რაღაც განსაკუთრებული პრეპარატია, - დაადასტურა ჰოლმსმა, ცხვირი ახლოს მიიტანა და დაყნოსა. - სუნი არა აქვს, რომ ძაღლს გეში არ დაეკარგა. მაპატიეთ, სერ ჰენრი, რომ ასეთი სასტიკი გამოცდა მოგიწყვეთ. მე ძაღლის სანახავად მომზადებული ვიყავი, მაგრამ არაფრით არ მეგონა, რომ ასეთ ურჩხულს ვიხილავდი. ამასთან, ნისლმაც შეგვიშალა, და ჯეროვანი შეხვედრა ვერ მოვუწყვეთ.
- თქვენ იხსენით ჩემი სიცოცხლე.
- ჯერ კი საფრთხეში ჩავაგდეთ, აბა, როგორა ხართ, შეგიძლიათ ადგომა?
- ერთი ყლუპი კონიაკიც შემასვით, და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ასე! ახლა თქვენი დახმარებით ავდგები. ამის შემდეგ რაღას აპირებთ?
- ჯერ აქ დაგტოვებთ, - დღეისათვის გეყოფათ ის, რაც განიცადეთ! - შემდეგ კი რომელიმე ჩვენგანი სახლში მიგაცილებთ.
ბარონეტმა სცადა ადგომა, მაგრამ ვერ შეძლო. თეთრი ტილოს ფერი ედო და მთელი ტანით ცახცახებდა, კაჭართან მივიყვანეთ, იქ დაჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
- ახლა კი წასვლა მოგვიხდება, - თქვა ჰოლმსმა. - უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმე. ყოველი წუთი ძვირფასია. დანაშაულის შედგენილობა ხელთა გვაქვს, რჩება მხოლოდ დამნაშავის შეპყრობა.
სანაძლეოს ვდებ, სახლში აღარ იქნება, - განაგრძობდა ჰოლმსი, რომელიც სწრაფად მიაბიჯებდა ჩვენთან ერთად ბილიკზე. - რევოლვერის ხმას გაიგონებდა, იმწამსვე მიხვდებოდა, რომ თამაში წააგო და სახლიდან გაიპარებოდა.
- რას ამბობთ! სახლიდან კარგა მანძილით დაშორებულნი ვიყავით, როცა ვისროლეთ, თანაც ნისლი აყრუებს ხმას.
- ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ძაღლის კვალზე სტეპლტონიც გამოიქცეოდა - გვამისათვის ხომ უნდა მოეცილებინა! არა! შინ უკვე ვეღარ მივაგნებთ. მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის, ყველა კუთხე უნდა გადავჩხრიკოთ.
შესასვლელი კარი ყურთამდე ღია დაგვხვდა, და როცა სახლში შევედით, მიხრწნილი მსახურის გასაოცრად, რომელიც დერეფანში შემოგვხვდა, ოთახების თვალიერებას მოვყევით. შუქი მხოლოდ სასადილოში ენთო, მაგრამ ჰოლმსმა იქიდან ლამპა აიღო და ასე ლამპით ხელში დაიარა სახლის ყველა კუნჭული. ადამიანი, რომელსაც ვეძებდით, უკვალოდ გამქრალიყო. მაგრამ ზედა სართულზე ერთ-ერთი საწოლი ოთახის კარი მაინც დაკეტილი აღმოჩნდა.
- ოთახში ვიღაცაა! - შესძახა ლესტრეიდმა.
გაისმა სუსტი კვნესა და შრიალი. ჰოლმსმა ფეხი ჰკრა კლიტის ოდნავ ზემოთ, და კარი მთლიანად გაიღო. რევოლვერებმომარჯვებულნი შიგ შევიჭერით.
მაგრამ თავხედი არამზადა, რომელზედაც ვნადირობდით, არც აქ აღმოჩნდა. მის ნაცვლად იმდენი უცნაური და მოულოდნელი სურათი ვიხილეთ, რომ ადგილზე გავშეშდით.
ეს ოთახი პატარა მუზეუმს წარმოადგენდა. კედლებს მინის ყუთების რიგები ფარავდა. ყუთებში ინახებოდა პეპლების კოლექცია - ამ რთული და ბოროტმოქმედი ადამიანის საყვარელი პირმშო. შუაში აღმართული იყო მსხვილი ბიჯგი, რომელიც ჭერის დამპალ ძელებს ამაგრებდა. ამ ბიჯგზე ზეწრებით მიკრული იყო ადამიანი. ზეწრები თავიდან ფეხებამდე ისე ჰქონდა შემოხვეული, რომ პირველად ვერც კი გაარჩევდით, ვინ იყო ეს - ქალი თუ კაცი. ერთი ზეწარი ყელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორე სახის ქვედა ნაწილს უფარავდა, ისე რომ ღიად ჰქონდა მხოლოდ თვალები, რომლებიც მუნჯურად რაღაცას გვეკითხებოდნენ. სირცხვილი და ელდა ჩამდგარიყო ამ თვალებში. სახვევები იმწამსვე მოვხსენით, პირიდან, ჩვარი გამოვუღეთ, და ჩვენს ფეხებთან მისის სტეპლტონი დაეცა. თავი მკერდზე ჩამოუვარდა და მის კისერზე წკეპლის წითელი ნაკვალევი დავინახე.
- არამზადა! - შეჰყვირა ჰოლმსმა. - ლესტრეიდ, მისის სტეპლტონი სკამზე დასვით, სადა გაქვთ კონიაკი? ასეთი წამება გულს ვისაც გნებავთ, იმას შეუღონებს.
მისის სტეპლტონმა თვალები გაახილა.
- გადარჩა? - იკითხა. - გაიქცა?
- ჩვენ ის ვერსაით გაგვექცევა, ქალბატონო.
- არა, არა, ქმარზე კი არ გეკითხებით. სერ ჰენრი... გადარჩა?
- დიახ.
- ძაღლი?
- მოკლულია.
ქალმა ღრმად და შვებით ამოისუნთქა.
- მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს! არამზადა! ნახეთ, რა მიყო! - ორთავე სახელო დაიკაპიწა, და ჩვენ დავინახეთ, რომ ხელები მთლად დალურჯებული ჰქონდა. - მაგრამ ეს კიდევ არაფერი... ეს არაფერი! გამაწამა, ჩემი სული იმ არამზადამ შებილწა. ვიდრე ჩემს გულში იმედი ბჟუტავდა და ვფიქრობდი, ვუყვარვარ-მეთქი, კიდევ ყველაფერს ვიტანდი, ყველაფერს - უდიერ მოპყრობასაც, მარტოობასაც, სიცრუით აღსავსე ცხოვრებასაც... მაგრამ თურმე მატყუებდა. მე იარაღი ვიყავი მის ხელში. - ქალმა ვეღარ მოითმინა და აქვითინდა.
- დიახ, ქალბატონო, ჩვენ აღარავითარი საფუძველი არა გვაქვს, რომ სიკეთე ვუსურვოთ, - თქვა ჰოლმსმა. - მაშ, გაგვანდეთ, სად უნდა ვეძიოთ. თუ თქვენ მისი თანამზრახველი იყავით, ისარგებლეთ შემთხვევით, შეამსუბუქეთ თქვენი დანაშაული და დაგვეხმარეთ.
- მას მხოლოდ ერთ ადგილას შეუძლია დამალვა, სხვაგან თავს ვერსად შეაფარებს, - გვიპასუხა ქალმა. - ჭანჭრობის შიგ შუაგულში არის ერთი პატარა კუნძული, სადაც ოდესღაც საბადო ყოფილა. იქ ჰყავდა დამალული თავისი ძაღლი, იქვე ჰქონდა მომზადებული ყველაფერი იმ შემთხვევისათვის, თუ გაქცევა მოუხდებოდა.
ჰოლმსმა ფანჯარას ლამპა მიანათა. ნისლი თეთრ ბამბასავით ეკვროდა მინას.
- შეხედეთ, - თქვა. - ამაღამ ვერავინ გავა გრიმპენის ჭანჭრობში.
მისის სტეპლტონმა გაიცინა, ხელი ხელს შემოჰკრა, და მის თვალებში ავმა ნაპერწკალმა იელვა.
- იქით კი იპოვის გზას, მაგრამ აქეთ ვეღარ გამოვა! - შესძახა მან. განა ასეთ ღამეში ვინმე გაარჩევს სანიშნეებს? ჩვენ ერთად ჩავსვით ისინი მიწაში, რათა ჭანჭრობის ბილიკი დაგვენიშნა. ახ! რატომ ვერ მოვისაზრე დღეს მათი ამოძრობა! მაშინ თქვენს ხელთ იქნებოდა!
ასეთ ამინდში დევნაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. მერიპიტ-ჰაუსის სრულუფლებიან მბრძანებლად დავტოვეთ ლესტრეიდი, ჩვენ კი სერ ჰენრისთან ერთად ბასკერვილ-ჰოლში დავბრუნდით. სტეპლტონების ისტორიის დაფარვას მისგან აზრი აღარ ჰქონდა. როცა საყვარელ ქალზე მთელი სიმართლე შეიტყო, სერ ჰენრიმ ვაჟკაცურად გადაიტანა ყოველივე.
მაგრამ ბარონეტისათვის ღამის მღელვარებამ უკვალოდ ვერ ჩაიარა. დილით იგი უგრძნობლად იწვა ხურვებისაგან და თავს ექიმი მორტიმერი ადგა. შემდგომში მათ ერთად იმოგზაურეს ქვეყნის გარშემო. და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა სერ ჰენრის ის მხიარულება და სიჯანსაღე, რომლითაც გამოირჩეოდა, ვიდრე ინგლისში ჩამოვიდოდა და ამ ავბედით მამულს დაეპატრონებოდა.
ახლა კი ჩემი უცნაური მოთხრობა სწრაფად უახლოვდება დასასრულს. როცა ვწერდი, მინდოდა მკითხველსაც გაეზიარებინა მთელი ჩვენი შიში და ბუნდოვანი ვარაუდები, რომლებიც დიდხანს აბნელებდნენ ჩვენს ცხოვრებას და ასეთი ტრაგედიით დასრულდნენ.
დილით ნისლი გაიფანტა და მისის სტეპლტონმა მიგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც ჭანჭრობში მიმავალი ბილიკი იწყებოდა. ეს ქალი ისეთი ხალისითა და სიხარულით მიგვიძღოდა ქმრის კვალზე, რომ მხოლოდ მაშინ გახდა ჩვენთვის ნათელი, რა საშინელი ცხოვრება ჰქონია. ჩვენ მას ტორფის ვიზრო ზოლთან დავშორდით, ნახევარკუნძულივით რომ იჭრებოდა ჭანჭრობში. პატარა წკნელები, ხან აქ რომ ერჭო მიწაში და ხან იქ. სანიშნედ მიჰყვებოდნენ დაკლაკნილ ბილიკს, რომელიც გადიოდა კოლბოხიდან კოლბოხამდე, ბელტიდან ბელტამდე, მწვანე გუბეებს შორის. ეს გუბეები გადაუღობავდნენ გზას ყველას, ვინც ამ ადგილებს არ იცნობდა. ჩამპალი ლელისა და შლამით დაფარული წყალმცენარეებისაგან ჭანჭრობში მძიმე ანაორთქლი იდგა. წამდაუწუმ გვიცდებოდა ფეხი, მუხლამდე ვეფლობოდით შავწებოვან ლიაში, რაც ზედაპირზე რბილ ტალღებად ირწეოდა. ბლანტი წუმპე ფეხს ეკვროდა და ისე გვიჭერდა, თითქოს ვიღაცის მარწუხივით ხელი გვეწეოდა ამაზრზენ სიღრმეში. თვალში მოგვხვდა მხოლოდ ერთადერთი საბუთი იმისა, რომ პირველნი არ მოვდივართ ამ სახიფათო გზით. ჭაობის ბალახით დაფარულ ბელტზე რაღაც შავი საგანი ეგდო. ჰოლმსმა იქით გაიწია და წელამდე ჩაეფლო წუმპეში. ჩვენ რომ არა, ძნელად თუ ოდესმე იხილავდა ფეხქვეშ მაგარ მიწას. ხელში გაცვეთილი წაღა ეჭირა. შიგნით ნიშანი ვნახეთ: `მეიერსი. ტორონტო~.
- ასეთი ნაპოვნისათვის ღირდა ტალახის აბაზანის მიღება. აი, ჩვენი მეგობრის დაკარგული წაღა!
- აჩქარებაში სტეპლტონის მიერ დაკარგული?
- სწორედ ასეა. ძაღლს აყნოსა, როცა სერ ჰენრის კვალზე უშვებდა. მერე გაიქცა და ფეხსაცმელი ჭაობში დააგდო. ახლა, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ ამ ადგილამდე მშვიდობით მოაღწია.
მაგრამ მეტი ვეღარაფერი გავიგეთ, თუმცა ბევრი რამ შეიძლებოდა გვევარაუდა. ბილიკზე კვალის დანახვა შეუძლებელი იყო - მაშინვე ასწორებდა ლია. იმედი გვქონდა, რომ უფრო მშრალ ადგილზე ვნახავდით, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა. თუ მიწა სიმართლეს ამბობდა, სტეპლტონს ვერ უნდა მიეღწია კუნძულამდე, საითაც იმ ჩვენთვის სამახსოვრო ღამეს მიიჩქაროდა. ეს გულცივი, სასტიკი ადამიანი საუკუნოდ ჩაიმარხა გრიმპენის უძირო ჭანჭრობის აყროლებულ წიაღში.
წუმპით გარშემოზღუდულ პატარა კუნძულზე, სადაც თავის საშინელ თანამონაწილეს მალავდა, კიდევ ვნახეთ სტეპლტონისაგან დანატოვები კვალი. უზარმაზარი ოწინარი და სანახევროდ ღორღით ამოვსებული ღრმული მოწმობდა, რომ აქ ოდესღაც მაღარო უნდა ყოფილიყო. იქვე იდგა მადნისმთხრელთა ნახევრად დაქცეული ქოხმახები, საიდანაც ადამიანები, ეტყობა, ჭაობის შხამიანმა ოხშივარმა განდევნა. ერთ ასეთ ქოხში ვიპოვეთ კედელზე მიჭედებული რგოლი, ჯაჭვი და უამრავი გამოხრული ძვლები. ალბათ აქ ჰყავდა სტეპლტონს დამალული თავისი ძაღლი. ნაგავში აღმოვაჩინეთ ძაღლის ჩონჩხი, რომელსაც მოწითალო ბეწვით დაფარული ტყავის ნაგლეჯი შერჩენოდა.
- ღმერთო ჩემო! - შეჰყვირა ჰოლმსმა. - ეს ხომ სპანიელია! საბრალო მორტიმერი ვეღარასოდეს ვერ იხილავს თავის საყვარელ ძაღლს. ახლა კი, ვფიქრობ, ამ კუნძულმა უკვე გაგვიმხილა ყველა თავისი საიდუმლო. ძაღლის დამალვა ადვილი იყო, მაგრამ აბა, სცადეთ მისი გაჩუმება! აქედან მოდიოდა ეს ყმუილიც, რომლის გამგონე ადამიანებს დღისითაც კი ელეთმელეთი მოსდიოდათ. აუცილებელ შემთხვევაში სტეპლტონს შეეძლო ძაღლის გადაყვანა ფარდულში, სახლთან უფრო ახლოს, მაგრამ ასეთი რისკის გაწევა შეიძლებოდა მხოლოდ უკიდურეს კრიტიკულ წუთში იმ ანგარიშით, რომ საქმე მალე მოთავდებოდა. ხოლო ეს პასტა, კოლოფში რომ არის - სწორედ ის მანათობელი შემადგენლობაა, რასაც თავის ძაღლს უსვამდა. ამ აზრამდე იგი ბასკერვილების საზარელ ძაღლზე არსებულმა ლეგენდამ მიიყვანა და განიზრახა სერ ჩარლზს ამ გზით გასწორებოდა. ახლა გასაკვირი არ არის, რომ ის უბედური კატორღელი ღრიალითა და გოდებით გაიქცა ზარდაცემული, როცა სიბნელიდან ასეთი მხეცი გამოვარდა. ასევე მოიქცა ჩვენი მეგობარი სერ ჰენრი და კარგი დღე არც ჩვენ დაგვადგებოდა, რომ მარჯვე გასროლით არ მოგვეკლა ის ურჩხული. სტეპლტონმა ვერაგულად მოიფიქრა ყველაფერი! ძაღლი დაეხმარა მას თავისი მსხვერპლის მოკვლაში, და მე გარწმუნებთ, უოტსონ, რომ არც ერთი აქაური ფერმერი არ ისურვებდა იმ ურჩხულის ახლოს გაცნობას. ასეთ არსებასთან ერთი შეხვედრაც საკმარისია. ეს ძაღლი ხომ ბევრმა ნახა ჭაობებში! ამაზე ლონდონშიაც მითქვამს, უოტსონ, და აქაც ვიმეორებ: არასოდეს გვქონია საქმე უფრო საშიშ ადამიანთან, ვიდრე სტეპლტონი იყო, რომელიც ახლა მშვიდად განისვენებს იქ, - და ხელით გვიჩვენა რუხ-მწვანე ჭანჭრობი, რომელიც შორს, ტორფის ჭაობების დამრეცი ფერდობებისაკენ იშლებოდა.
თავი XV
[რედაქტირება]წარსულის თვალის გადავლება
[რედაქტირება]ნოემბრის მიწურული იდგა. ერთ ცივ, ნისლიან საღამოს მე და ჰოლმსი მოგუგუნე ბუხართან ვისხედით მის კაბინეტში ბეიკერსტრიტზე. იმ ტრაგედიის შემდეგ, რითაც ჩვენი დევონშირში გამგზავრება დასრულდა, ჩემმა მეგობარმა ორი ძალიან სერიოზული საქმე გამოიკვლია. პირველი საქმით ამხილა პოლკოვნიკი ეპვუდი, რომელიც გარეული იყო `პატრიცის~ კლუბში ბანქოს მაგიდის გარშემო ატეხილ აურზაურში. მეორე საქმით კი სავსებით გაამართლა უბედური მადამ მონპენსიე, რომელსაც ბრალად სდებდნენ თავისი გერის, ახალგაზრდა მადმუაზელ კარერის მკვლელობას. ეს კარერი, როგორ ცნობილია, ნახევარი წლის შემდეგ გამოჩნდა ნიუ-იორკში და ბედნიერადაც გათხოვდა. ასეთი რთული და სერიოზული საქმეების წარმატებით გამოკვლევის შემდეგ ჰოლმსი საუცხოო ხასიათზე იყო, მეც ამით ვისარგებლე და ბასკერვილების საიდუმლოებით მოცული ისტორიის ზოგიერთი წვრილმანი ვათქმევინე. მოთმინებით ვუცდიდი ამ ხელსაყრელ დროს. ვიცოდი, რომ ჰოლმსს არ უყვარდა თავში ერთდროულად რამდენიმე საქმის შენახვა და რომ მისი ნათელი, ლოგიკურად მოაზროვნე გონება წარსულის მოსაგონებლად მიმდინარე სამუშაოს არ მოწყდებოდა.
სწორედ იმ დღეებში ლონდონში იმყოფებოდა სერ ჰენრი და დოქტორი მორტიმერი. ისინი შორეული მოგზაურობისათვის ემზადებოდნენ. ექიმებმა ურჩიეს ბარონეტს ემოგზაურა და შერყეული ნერვული სისტემა გაემაგრებინა. დილით გვინახულეს კიდეც, ისე რომ, კარგი შემთხვევა მქონდა სიტყვა საჭირო თემაზე ჩამომეგდო.
- იმ კაცის თვალთახედვით, რომელიც თავს სტეპლტონს უწოდებდა, მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ უკეთესს ვერ ინატრებდი, სრულიად დალაგებულად და თანმიმდევრობით, - დაიწყო ჰოლმსმა. - მაგრამ ჩვენ ყოველივე ეს უაღრესად რთულად გვეჩვენებოდა, რადგანაც ოდნავი წარმოდგენაც არა გვქონდა იმაზე, თუ რით ხელმძღვანელობდა იგი თავის მოქმედებაში და მხოლოდ ცალკეული ფაქტები ვიცოდით. მას შემდეგ ორჯერ მქონდა საუბარი მისის სტეპლტონთან, და ყველაფერი გაირკვა. ვფიქრობ, ახლა გამოცანები აღარ დარჩენილა. ამ საქმეზე ჩემი შენიშვნები შეგიძლიათ ბარათსაცავში ასო `ბანზე~ მოსძებნოთ.
- იქნებ ამბავთა მსვლელობა უბრალოდ მეხსიერებით აღადგინოთ?
- სიამოვნებით, თუმცა არა მგონია ყველა წვრილმანი გავიხსენო, როცა ყურადღებას რაიმე ერთ საგანზე შეაჩერებ, წარსული ამბები გონებიდან ქრებიან. დამცველი, რომელმაც თავისი ხუთი თითივით იცის მორიგი საქმე და მისთვის სასამართლოში თავს შეაკლავს, რომ თავისი გაიტანოს, ორიოდე კვირის შემდეგ სრულიად ივიწყებს მას. მეც ასე ვარ: ყოველი მომდევნო კვლევა შლის გონებიდან წინა საქმეს და მადმუაზელ კარერმა თავისი პიროვნებით დაჩრდილა ჩემს თავში ბასკერვილ-ჰოლი. ხვალ ჩემ წინაშე დადგება ალბათ ახალი საქმე, გამოცანა, რომელიც თავის მხრივ დაჩრდილავს მომხიბლავ ფრანგ ქალს და გაიძვერა ეპვუდს. მაგრამ მე მაინც შევეცდები გადმოგიშალოთ მთელი ეს ისტორია, ხოლო თუ რაიმე დამავიწყდეს, მომაგონეთ.
ახალმა ცნობებმა სავსებით დამარწმუნეს, რომ საგვარეულო პორტრეტი არ ტყუოდა და ეს კაცი ნამდვილად ბასკერვილების გვარიდან იყო. ის როჯერ ბასკერვილის შვილი აღმოჩნდა. სერ ჩარლზის უმცროსი ძმისა, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში გაქცევა მოუხდა. როჯერი იქ დაქორწინებულა და დარჩენია შვილი, რომელიც მამის გვარს ატარებდა. ეს გახლდათ თქვენთვის არცთუ უცნობი სტეპლტონი, რომელიც კოსტარიკელ მზეთუნახავზე დაქორწინებულა, შეურთავს ვინმე ბერის გარსია, გაუფლანგავს სახელმწიფო თანხები, გამოუცვლია გვარი და, ვანდელერად მონათლული, ინგლისში გამოქცეულა. აქ იორკშირის აღმოსავლეთ ნაწილში სკოლა გაუხსნია. სამოღვაწეოდ ეს დარგი იმიტომ აურჩევია, რომ გზაში გამოცდილი და მცოდნე მასწავლებელი ფრებერი გაუცვნია. მისი განსწავლულობა და პრაქტიკა ვანდელერს დრომდე კარგად გამოუყენებია. მაგრამ კომპანიონი ჭლექით დაავადებული ყოფილა და მალე გარდაცვლილა, რის შემდეგაც სკოლის საქმე სულ უკან და უკან წასულა. ცოლ-ქმარ ვანდელერებს კიდევ ერთხელ მიუჩნევიათ საჭიროდ გვარის გამოცვლა და იმ დროიდან სტეპლტონებად ქცეულან. გასულა ხანი და სტეპლტონი თავისი დარჩენილი ქონებით, ახალი გეგმებითა და ენტომოლოგიით გატაცებული, სამხრეთ ინგლისში დასახლებულა. მე ვიკითხე ბრიტანეთის მუზეუმში და გამოვარკვიე, რომ ვანდელერი თავის დარგში ითვლებოდა აღიარებულ ავტორიტეტად და მისი სახელი ერთ-ერთი ღამეული პეპელისათვის მიუკუთვნებიათ, რომელიც ჯერ კიდევ იორკშირში აღუწერია.
ახლა მივედით მისი ცხოვრების იმ მომენტამდე, როცა იგი ჩვენთვის საინტერესო გახდა. ამ კაცმა, ეტყობა, გაიგო, რომ მას შეუძლია, თუ ორ ადამიანს სიცოცხლეს მოუსწრაფებს, დიდი მამულის პატრონი შეიქნეს. დევონშირში რომ მიემგზავრებოდა, მის გეგმებს ალბათ ჯერ კიდევ მეტად ბუნდოვანი სახე ჰქონდათ, მაგრამ ბოროტი განზრახვა მწიფდებოდა - შემთხვევითი ხომ არ არის, რომ საკუთარი ცოლი თავიდანვე დად გაასაღა! ქალის მახედ გამოყენება, როგოც ჩანს, წინასწარ განჭვრიტა, თუმცა შეიძლება ჯერ კიდევ ნათლად არ იცოდა, საქმე როგორ წაუვიდოდა. მისი მიზანი იყო მამულის ხელში ჩაგდება, ამის გულისათვის არ ერიდებოდა არავითარ საშუალებებს და ყოველგვარ რისკს ეწეოდა. ამრიგად, პირველ რიგში საჭირო იყო ბასკერვილ-ჰოლთან რაც შეიძლება ახლოს დასახლება, შემდეგ კი მეგობრული ურთიერთობის დამყარება სერ ჩარლზ ბასკერვილსა და სხვა მეზობლებთან.
ბარონეტმა თვითონ უამბო გადმოცემა ძაღლზე და ამრიგად საკუთარი ხელით გაითხარა სამარე. სტეპლტონმა, მე მას უწინდებურად ამ სახელით მოვიხსენიებ, იცოდა, რომ სერ ჩარლზ ბასკერვილი გულით ავადმყოფი იყო და ძლიერ მღელვარებას შეეძლო მისი მოკვლა. ყველაფერი ეს გაგონილი ექნებოდა დოქტორ მორტიმერისაგან. გარდა ამისა, იცოდა, რომ სერ ჩარლზი ცრუმორწმუნე კაცია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ბნელ ლეგენდას. გაქნილმა გონებამ მაშინვე უკარნახა ხერხი ბარონეტის თავიდან მოშორებისა, ისე რომ თვითონ უვნებლად დარჩენილიყო.
მოქმედების გეგმა რომ შეიმუშავა, სტეპლტონი მის განხორციელებას შეუდგა მთელი იმ გაწაფულობით, რაც მისი ბუნებისათვის იყო დამახასიათებელი. ჩვეულებრივი მკვლელი ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ავი ძაღლით დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ სტეპლტონს თავში მოუვიდა გენიალური აზრი - ექცია ეს ძაღლი ჯოჯოხეთის მოციქულად. იგი გაემგზავრა ლონდონს და იქ ფულჰემროუდზე, როსისა და მენგლსისაგან იყიდა ყველაზე უფრო დიდი ავი ძაღლი. შემდეგ ჩამოვიდა დევონშირში ჩრდილოეთის გზით და კარგა დიდი მანძილი ჭაობებში ფეხით იარა, რათა ძაღლი შინ ყველასაგან შეუმჩნევლად ჩაეყვანა. პეპლებზე ნადირობის საბაბით მოწყობილი ექსკურსიების დროს იპოვა გზა გრიმპენის ჭანჭრობის სიღრმეში, უფრო საიმედო ადგილის პოვნა კი ძაღლისათვის შეუძლებელი იყო. იქ დააბა ჯაჭვით და დაიწყო ხელსაყრელი დროის ლოდინი.
მაგრამ ასეთი შემთხვევა დიდხანს არ გამოჩნდა. სერ ჩარლზს ღამით თავისი მამულის საზღვრებს გარეთ კაცი ვერ გამოიტყუებდა. სტეპლტონი არა ერთხელ დარაჯობდა მოხუცებულს ძაღლის თანხლებით, მაგრამ ამაოდ. ჭაობებში ამ უნაყოფო ხეტიალის დროს სტეპლტონი, უკეთ მისი თანამონაწილე - ძაღლი - თვალში მოხვდა ორიოდე ადგილობრივ ფერმერს, და ლეგენდამ საზღაპრო ძაღლზე მიიღო ახალი დასაბუთება. მაშინ სტეპლტონმა მთელი თავისი იმედები დაამყარა ცოლზე, მაგრამ ამჯერად ქალმა ხასიათის არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოიჩინა. მისის სტეპლტონმა გადაჭრით უარი თქვა მოხუცის მოჯადოების ცდაზე, რადგან იცოდა, რომ ამით სერ ჩარლზს დაღუპავდა. საქმეს ვერ უშველა ვერც მუქარამ, ვერც - სავალალოდ - ცემამ. ქალმა არ ისურვა ქმრის ხრიკების მონაწილედ გახდომა და სტეპლტონი დროებით ჩიხში მოექცა.
მაგრამ ჩიხიდან გამოსავალი მაინც იპოვა. სერ ჩარლზი მეგობრული გრძნობით განიმსჭვალა სტეპლტონისადმი და იგი შუამავლად მიუგზავნა მისის ლაურა ლაიონსს. სტეპლტონმა უცოლო კაცად გაასაღა თავი და სრულიად დაიპყრო ამ უბედური ქალის გული, დაარწმუნა, რომ ითხოვდა, თუკი ქმარს გაეყრებოდა. უეცრად აღმოჩნდა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედების დაწყება. ვინაიდან დოქტორ მორტიმერის დაჟინებითი რჩევით სერ ჩარლზი ლონდონს წასასვლელად ემზადებოდა, რაზედაც მოსაჩვენებლად სტეპლტონიც დათანხმდა. სტეპლტონმა იგრძნო, რომ წუთის დაკარგვაც არ შეიძლებოდა, თორემ მსხვერპლი ხელიდან გაუსხლტებოდა. და მან აიძულა მისის ლაიონსი მიეწერა სერ ჩარლზისათვის წერილი, რომლითაც მოხუცს ევედრებოდა შეხვედროდა ლონდონს გამზავრების წინ ბასკერვილ-ჰოლში. შემდეგ საპატიო მიზეზით თვითონვე გადააფიქრებინა მისის ლაიონსს პაემანზე მისვლა, და აი, დიდი ხნის ნანატრი შემთხვევაც მიეცა.
საღამოს კუმბ-ტრესიდან რომ დაბრუნდა, სტეპლტონმა მოასწრო გაქცევა ძაღლის მოსაყვანად, წააცხო რაღაც ჯოჯოხეთური ნივთიერება და მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც უნდა მისულიყო მოხუცი ბასკერვილი. პატრონის მიერ დაგეშილი ძაღლი ღობეზე გადახტა და უბედურ ბარონეტს დაედევნა. ბარონეტი ღრიალით გაიქცა ურთხელის ხეივანში. წარმოდგენილი მაქვს, რა სანახაობა იქნებოდა! გარშემო ბნელა და ამ სიბნელეში მოგდევს რაღაც საშინელება, რომელიც ხახიდან ცეცხლს აფრქვევს და ცეცხლოვან თვალებს აბრიალებს. ბარონეტს გულმა ვერ გაუძლო და ხეივნის ბოლოში დაეცა. ძაღლი მისდევდა ბალახის ვიწრო ზოლზე და ამიტომაც გზაზე არაფერი აჩნდა, ადამიანის ნაკვალევის გარდა. როცა სერ ჩარლზი დაეცა, ძაღლმა ალბათ იყნოსა, მაგრამ პირიც არ ახლო მკვდარს და გაიქცა. აი, ეს კვალი შენიშნა დოქტორმა მორტიმერმა. სტეპლტონმა დაუძახა თავის ძაღლს და საჩქაროდ წაიყვანა უკანვე, გრიმპენის ჭანჭრობის სიღრმეში. ასეთია ის თავსატეხი, რამაც დააბნია პოლიცია, შეაშფოთა ყველა მეზობლად მცხოვრები და, ბოლოს, გამოსაკვლევად ჩვენს ხელში მოხვდა.
აი, ყველაფერი, რაც შეეხება სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილს. თქვენ გესმით, რა ჯოჯოხეთური ეშმაკობით მოაწყო ყველაფერი ამ კაცმა! დამნაშავის მხილება ხომ შეუძლებელი იყო! თანამონაწილე მხოლოდ ერთი ჰყავდა, თანაც ისეთი, რომ არ გასცემდა. ხოლო მთელი ჩანაფიქრის ფანტასტიკური, წარმოუდგენელი ხასიათი მთლად აბნევდა ძიებას. საქმეში ჩარეული ორი ქალი, მისის სტეპლტონიცა და მისის ლაურა ლაიონსიც, ეჭვით თუ ხვდებოდნენ, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი. მისის სტეპლტონმა იცოდა, რომ მისი ქმარი რაღაც ხრიკებს აწყობს მოხუცის წინააღმდეგ, იცოდა ძაღლის არსებობაც. მისის ლაიონსს არავითარი წარმოდგენა არა ჰქონია არც ერთზე და არც მეორეზე, მაგრამ ის შეაძრწუნა იმ ამბავმა, რომ სერ ჩარლზის სიკვდილი ზუსტად დაემთხვა ჭიშკართან მის მიერ დანიშნულ პაემანს. ეს პაემანი ჩაიშალა, და არც არავინ არ იცოდა, სტეპლტონის გარდა. მაგრამ ორივე ქალი მთლიანად ბოროტმოქმედის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული და არაფერს არ ამხელდნენ. ამრიგად, ამოცანის პირველი ნახევარი წარმატებით იქნა შესრულებული, რჩებოდა მეორე - ბევრად უფრო რთული.
ადვილი შესაძლებელია, რომ სტეპლტონს სულაც არაფერი სცოდნოდა იმაზე, რომ კანადაში იმყოფებოდა მეორე მემკვიდრე. მაგრამ ეს მალე გაიგო თავისი ნაცნობის, ექიმ მორტიმერისაგან, რომელმაც სერ ჰენრი ბასკერვილის ჩამოსვლის დღეც კი შეატყობინა. პირველად თავში იმ აზრმაც გაუელვა, ხომ არ მოხერხდებოდა იმ კანადელთან ანგარიშის გასწორება თვით ლონდონში. სტეპლტონი ცოლს აღარ ენდობოდა, რადგან ახსოვდა, რომ თავის მახეში მოხუც ბასკერვილის გაბმაზე მტკიცე უარი უთხრა. ქალის დიდი ხნით მარტო დატოვებაც არ უნდოდა - შეიძლებოდა მასზე სულაც დაეკარგა ძალაუფლება. როგორ შემდეგ გავარკვიე, ისინი გაჩერდნენ ოტელში `მეკსბორო~, კრევენსტრიტზე. სხვათა შორის, კარტრაიტი აქაც ყოფილიყო, `ტაიმსის~ დაჭრილი გვერდის საძებრად. სტეპლტონი ცოლს დაკეტილ ნომერში ტოვებდა, თვითონ კი ყალბ წვერს იკეთებდა და ექიმ მორტიმერს კვალდაკვალ დასდევდა ბეიკერსტრიტზე, რკინიგზის სადგურზე, ოტელ `ნორთემბერლენდში~. მისის სტეპლტონს ეჭვი ჰქონდა, ქმარი რაღაც გეგმებს აწყობსო, მაგრამ ქალს ისე ეშინოდა თავისი ქმრისა - ეს შიში შედეგი იყო მისი სისასტიკისა, - რომ ვერც კი გაბედა მიეწერა სერ ჰენრისათვის, საფრთხე გემუქრებაო. წერილი რომ სტეპლტონის ხელში მოხვედრილიყო, ვინ იყო თავდები მისი სიცოცხლისა? ბოლოს და ბოლოს, როგორ უკვე ვიცით, ეშმაკობას მიმართა: ამოჭრა საჭირო სიტყვები გაზეთებიდან და მისამართი შეცვლილი ხელით დააწერა. წერილი მივიდა ბარონეტამდე და გამოადგა პირველ გაფრთხილებად.
სტეპლტონს აუცილებლად უნდა ეშოვა რაიმე ნივთი სერ ჰენრის ჩაცმულობიდან იმ შემთხვევისათვის, თუ დასჭირდებოდა, რომ ძაღლი მის კვალზე მიეშვა. მოქმედებდა, როგორც ყოველთვის, სწრაფად და გაბედულად, არც ახლა დააყოვნა, და ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ოტელის მსახურებმა გაწეული სამსახურისათვის უხვი გასამრჯელო მიიღეს. მაგრამ აი, უბედურება! - პირველი წაღა ჩაუცმელი აღმოჩნდა და, ამრიგად, გამოუსადეგარი. სტეპლტონმა ის დააბრუნა და სამაგიეროდ მიიღო მეორე. ამ ფაქტიდან გავაკეთე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. აშკარა გახდა, რომ საქმე გვაქვს ნამდვილ ძაღლთან, რადგანაც მხოლოდ ამით აიხსნებოდა სტეპლტონის ცდა, მიეღო უთუოდ ძველი ფეხსაცმელი. რაც უფრო სულელური და უაზრო ჩანს რაიმე დეტალი, მით უფრო მეტი ყურადღების ღირსია. ის გარემოებები, რომლებიც პირველად მხოლოდ ართულებენ საქმეს, ყველაზე უფრო ხშირად საქმის გასაღებად იქცევიან ხოლმე. საჭიროა მხოლოდ შესაფერისად, არა დილეტანტურად მიდგომა და გარჩევა.
მეორე დღეს ჩვენმა მეგობრებმა გვინახულეს, ხოლო კებში მჯდარი სტეპლტონი მათ შორიახლოდან ზვერავდა. ბევრი ნიშნით, და სხვათა შორის იმითაც, რომ სახით მიცნობდა, იცოდა ჩემი მისამართიც, მისი კარიერა არ განისაზღვრებოდა მხოლოდ ბასკერვილების საქმით, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ასე, მაგალითად, უკანასკნელ სამ წელიწადში დასავლეთის საგრაფოებში მოხდა ოთხი დიდი ძარცვა, ხოლო დამნაშავეთა პოვნა არ მოხერხდა. უკანასკნელ მათგანს, რომელიც მაისის თვეში მოხდა ფოლკსტაუნკორტში, სისხლის ღვრაც კი მოჰყვა. მძარცველმა რევოლვერის გასროლით დასცა ყმაწვილი მოსამსახურე, რომელიც წამოეწია. ახლა ეჭვიც არ მეპარება, რომ სტეპლტონი ამ გზით გამოასწორებდა ხოლმე თავის წამხდარ ფინანსურ მდგომარეობას და უკვე დიდი ხანია საშიში დამნაშავე იყო.
ამ კაცის საზრიანობასა და თავხედობაში დავრწმუნდით იმ დილით, როცა ასე მოხერხებულად დაგვისხლტა ხელიდან და მერე თავი შერლოკ ჰოლმსად გაასაღა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ კებმენს ვიპოვნიდი. შემდეგ დარტმურში გაემგზავრა და ბარონეტის ჩამოსვლას დაუცადა.
- მოითმინეთ! - შევაწყვეტინე ჰოლმსს. - თქვენ სავსებით სწორად გადმოეცით საქმის მთელი მსვლელობა, მაგრამ ერთი მუხლი ჩემთვის მაინც ბუნდოვანია. რა იქნა ძაღლი, როცა მისი პატრონი ლონდონს წავიდა?
- კითხვა ფრიად არსებითია, ამით თვითონაც დავინტერესდი. სტეპლტონს, ცხადია, ჰყავდა თანამზრახველი, თუმცა საეჭვოა, რომ ყველა გეგმა მისთვის გაენდო - ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი თავი მთლიანად სხვის ხელში ჩაეგდო. გახსოვთ მოხუცი ანტონი, მსახური, მერიპიტ-ჰაუსში რომ ვნახეთ? ეს ბერიკაცი რამდენიმე წელი ცხოვრობდა სტეპლტონების სახლში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლა ჰქონდათ, და რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ისინი და-ძმა კი არა, ცოლ-ქმარი იყვნენ. ჰოდა, აი ეს ანტონი უკვალოდ გაქრა, ინგლისში არ იმყოფება. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ სახელი ანტონი საკმაოდ იშვიათად გვხვდება ჩვენში, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში კი ამ სახელს ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ. მოხუცი ინგლისურად მისის სტეპლტონზე ცუდად როდი ლაპარაკობდა, მაგრამ მასაც უცნაური აქცენტი ჰქონდა. მე თვითონ ვნახე, როგორ მიდიოდა გრიმპენის ჭანჭრობის სიღრმეში, ბილიკზე, რომელიც სტეპლტონს დაენიშნა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ პატრონის არყოფნის დროს ძაღლს კვებავდა მოხუცი ანტონი, თუმცა, შესაძლებელია, არც კი იცოდა, რა მიზნით ჰყავდათ ეს ძაღლი.
ამრიგად, სტეპლტონები დაბრუნდნენ დევონშირში, მალე იქ თქვენ და სერ ჰენრი ჩახვედით. ახლა რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ჩემს თავზე. ალბათ გახსოვთ, რომ როცა წერილს ვათვალიერებდი, რომელიც სერ ჰენრის გამოუგზავნეს, დავინტერესდი, იყო თუ არა მასზე ჭვირნიშანი. ფურცელი თვალებთან მივიტანე და შევნიშნე, რომ `თეთრი იასამნის~ სუნამოს სუნი უდიოდა. არსებობს სუნამოს სამოცდაცამეტი სახეობა, რომელთა ერთიმეორისაგან გარჩევა გამოცდილ მეძებარს უნდა შეეძლოს. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ძიების წარმატება ხშირად ამაზეა დამოკიდებული. თუ იასამნის სუნი აქვს, მაშასადამე ავტორი ქალია, ხოლო იმ დროისათვის სტეპლტონები უკვე მაინტერესებდნენ. ამრიგად, მე დავრწმუნდი, რომ ძაღლი ნამდვილად არსებობს, და დევონშირში ჩემს ჩამოსვლამდე უკვე გამოვიცანი, თუ ვინ იყო დამნაშავე.
საჭირო იყო სტეპლტონზე თვალყურის დაჭერა. მაგრამ ეს რომ თქვენთან ერთად აშკარად ყოფნის დროს გამეკეთებინა, გაფრთხილდებოდა. ამიტომ მომიხდა ყველას მოტყუება, მათ შორის თქვენიც. ვთქვი, ლონდონში დავრჩები-მეთქი, სინამდვილეში კი თქვენ გამოგყევით. გაჭირვება, რაც გამოვიარე, სულაც არ იყო ისე საშიში, როგორც გეგონათ. საერთოდ, ასეთმა წვრილმანებმა არც უნდა შეგვიშალოს ხელი მუშაობაში, ასეთია ჩვენი საქმე. არსებითად, კუმბ-ტრესიში ვცხოვრობდი, ხოლო ქოხს ჭაობებში მაშინ მივაკითხავდი, როცა საჭირო ხდებოდა მოქმედების ადგილთან ახლოს ყოფნა. კარტრაიტი დევონშირში ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ყველგან დადიოდა, როგორც სოფლელი ბიჭი, და დიდი სამსახურიც გამიწია. ამას გარდა, მამარაგებდა საჭმლითა და სუფთა თეთრეულით, ამავე დროს თვალყურს გადევნებდათ თქვენ, როცა თვითონ სტეპლტონით ვიყავი გართული. ასე რომ, როგორც ხედავთ, ყველა რგოლი ჩემს ხელთ იყო.
თქვენ უკვე იცით, რომ თქვენი ანგარიშები დაუყოვნებლივ იგზავნებოდა ბეიკერსტრიტიდან კუმბ-ტრესიში. მათგან ძალიან ბევრი რამ გამოვიყენე. განსაკუთრებით ის, რომელშიაც სტეპლტონების ბიოგრაფიის ერთადერთი სწორი ეპიზოდი მაცნობეთ. ამის შემდეგ ჩემთვის უკვე ადვილი გახდა ორივე პიროვნების ვინაობის გარკვევა, და გავიგე კიდევაც, ვისთან მქონდა საქმე. მაგრამ კვლევას ართულებდა ერთი მეორეხარისხოვანი, გვერდითი გარემოება - კატორღელის გაქცევა და მისი კავშირი ბერიმორებთან. მაგრამ თქვენ ეს კვანძიც გახსენით, თუმცა მე იმავე დასკვნამდე ჩემი საკუთარი დაკვირვებით მივედი.
იმ დროისათვის, როცა თქვენ მიპოვეთ ქოხში ჭაობებს შორის, დანაშაულის სურათი სავსებით ნათელი იყო, მაგრამ ამ საქმის გამოტანა სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა წინაშე, ნაადრევი იქნებოდა. თვით სერ ჰენრის მოკვლის ამაო ცდა, რაც ბედშავი კატორღელის სიკვდილით დამთავრდა, უშუალო მამხილებელ საბუთად არ გამოდგებოდა. რჩებოდა ერთადერთი გზა: ბოროტმოქმედის შეპყრობა დანაშაულის ადგილზე. მოსატყუებლად კი სერ ჰენრის გამოყენება. ბარონეტი მარტო უნდა წასულიყო, თითქოს არავინ იცავდა. ასედაც მოვიქეცით, და მძიმე ნერვული ძრწოლის ფასად, რაც ჩვენმა მეგობარმა გადაიტანა, არა მარტო დავასრულეთ ძიება, არამედ სტეპლტონი დაღუპვამდე მივიყვანეთ. თუმცა საქმის ცუდად წარმართვის გამო საყვედური დავიმსახურე, მაგრამ აბა, ვის შეეძლო სცოდნოდა წინასწარ, რა საზარელი, ზარდამცემი სანახაობა წარმოსდგებოდა ჩვენ წინაშე. ვის შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ღამით ნისლი ჩამოწვებოდა და ძაღლი პირდაპირ იქიდან მოგვვარდებოდა! მიზანს მძიმე განსაცდელის ფასად მივაღწიეთ, მაგრამ ორივე - ნერვულ სნეულებათა სპეციალისტიც და ექიმი მორტიმერიც მარწმუნებს, რომ სერ ჰენრი მალე გამოკეთდებაო. მოგზაურობა დაეხმარება ჩვენს მეგობარს არა მარტო შერყეული ნერვების გამაგრებაში, არამედ გულის ჭრილობის გამთელებაშიც. საბრალო ხომ ასე მოტყუვდა მისის სტეპლტონში, რომელიც გულწრფელად და ღრმად უყვარდა! ეს ყველაზე მეტად აწუხებს.
ახლა მოსათხრობი დამრჩა, თუ რა როლი ითამაშა ამ ქალმა მთელ სამწუხარო ისტორიაში. არ მეეჭვება, რომ სტეპლტონმა სრულიად დაუმორჩილა ის თავის ზეგავლენას. რით ავხსნათ ეს? უყვარდა ის კაცი, თუ ეშინოდა მისი? თუ ორთავე ერთად? ეს გრძნობები ხომ სავსებით შეიძლება შეუთავსდნენ ერთიმეორეს! ყოველ შემთხვევაში, სტეპლტონი უტყუარად მოქმედებდა. მისის სტეპლტონი დათანხმდა, რომ თავი მის დად გაესაღებინა, მაგრამ მკვლელობაში თანამზრახველობაზე კი გადაჭრით უთხრა უარი, ქმარი იძულებული გახდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ძალაუფლება განუსაზღვრელი არ არის. ქალი არა ერთხელ ცდილა გაეფრთხილებინა სერ ჰენრი, საშიშროება მოგელისო, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ ქმარს არ იმეტებდა. სტეპლტონი ალბათ არ იყო მოკლებული ეჭვიანობის უნარს, და როცა ბარონეტმა ნაზი გრძნობების გამომჟღავნება დაიწყო თავისი გულის რჩეულისადმი, თავი ვერ შეიკავა, თუმცა, ეს მის გეგმაში არ შედიოდა, აენთო და გასცა თავისი ბუნების მთელი სიფიცხე, რასაც აქამდე გულმოდგინედ ფარავდა. ამის მიუხედავად, იგი სერ ჰენრის აქეზებდა და არშიყობაში ხელს აღარ უშლიდა. სტეპლტონს იმედი ჰქონდა, რომ სერ ჰენრი ხშირად ივლიდა მათთან და ადრე თუ გვიან კლანჭებში ჩაუვარდებოდა. მაგრამ გადამწყვეტ წუთში ცოლმა გაუწია წინააღმდეგობა. გაქცეული კატორღელის დაღუპვის ამბავი შეეტყო და გაეგო, რომ სწორედ იმ საღამოს, როცა სერ ჰენრი ჰყავდათ დაპატიჟებული, ძაღლი ჭანჭრობიდან ფარდულში გადაიყვანეს. ამას მოჰყვა მშფოთვარე სცენა. მისის სტეპლტონმა ქმარს ბოროტმოქმედი უწოდა და პირველად გაიგონა მისგან, რომ ჰყოლია მეტოქე. წინანდელი ერთგულება სიძულვილით შეიცვალა. სტეპლტონი მიხვდა, რომ ცოლი გასცემდა და შებოჭა, რათა სერ ჰენრის დაღუპვაში ხელის შემშლელი თავიდან მოეცილებინა. ყველა მისი ვარაუდი ემყარებოდა იმას, რომ ბარონეტის სიკვდილის ამბავს რომ გაიგებდნენ, საგრაფოში გაიხსენებდნენ წყევლას, რაც ბასკერვილების გვარს აწვა ტვირთად. მაშინ ისევ მიაღწევდა ცოლის მორჩილებას და აიძულებდა გაჩუმებულიყო. სტეპლტონი აქაც შეცდა. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო ჩვენი ჩარევის გარეშეც. ქალი, რომლის ძარღვებშიც ესპანური სისხლი სჩქეფს, ღალატს არ აპატიებდა...
აი ყველაფერი, ჩემო ძვირფასო უოტსონ. ხოლო თუ გნებავთ უფრო დაწვრილებითი ანგარიში ამ არაჩვეულებრივ საქმეზე, მომიხდება ჩემს ჩანაწერებში ჩახედვა. მაგრამ, მგონი, არსებითი არაფერი გამომიტოვებია.
- ნუთუ სტეპლტონს იმედი ჰქონდა, რომ სერ ჰენრიც მოკვდებოდა ამ საფრთხობელას დანახვაზე?
- ძაღლი სრულიად ველური იყო, ამას გარდა, ნახევრად მშიერი ჰყავდა. თუ სერ ჰენრი ადგილზევე არ მოკვდებოდა, ყოველ შემთხვევაში, საშინელი სანახაობა ძალ-ღონეს გამოაცლიდა და წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა.
- დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი კითხვა მრჩება. თუ სტეპლტონი დაამტკიცებდა თავის უფლებას ბასკერვილ- ჰოლის ადგილ-მამულზე, როგორღა ახსნიდა იმ ფაქტს, რომ ის, მემკვიდრე, ცხოვრობდა სხვისი გვარით, და ისიც ასე ახლო თავისი მამულიდან? ნუთუ ეს არ აღძრავდა ეჭვს?
- ამ კითხვაზე პასუხის მოცემა გამიჭირდება - თქვენ მეტად ბევრს ითხოვთ ჩემგან. ჩემი მოქმედების სფერო - წარსული და აწმყოა, ხოლო რას აპირებს ადამიანი მომავალში, ამის ახსნას არ ვკისრულობ. ცოლის სიტყვებით, მისი ქმარი ამაზე ხშირად ფიქრობდა. ხედავდა სამ გამოსავალს. პირველი: გამგზავრებულიყო სამხრეთ ამერიკაში, იქ თავისი ვინაობა დაედგინა ბრიტანეთის საკონსულოში და იქიდან მემკვიდრეობა გამოეთხოვა, ინგლისში ჩამოუსვლელად. მეორე: ყოველივე ეს გაეკეთებინა ლონდონში, ისე რომ პირველად სახე შეეცვალა და ვერავის ეცნო. ბოლოს, მესამე: გაესაღებინა მემკვიდრედ გარეშე პირი. წინასწარ მოემარაგებინა ყველა საჭირო დოკუმენტით, თავისთვის კი უზრუნველეყო შემოსავლის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ვიცნობთ სტეპლტონს და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამა თუ იმ გამოსავალს ის გამონახავდა.
ახლა კი, მეგობარო, მივაპყროთ ყურადღება უფრო სასიამოვნო საგნებს. რამდენიმე კვირის ასეთი მძიმე საქმიანობა უფლებას გვაძლევს საღამო მხიარულად გავატაროთ. მე ლოჟის ბილეთები ავიღე ოპერაში. მოგისმენიათ დე-რეცკესათვის `ჰუგენოტებში~? ჰოდა, გეთაყვა, კეთილი ინებეთ და ნახევარ საათში მოემზადეთ, რომ შევძლოთ გზად მარცინისთან შევუხვიოთ და იქ აუჩქარებლად ვისადილოთ.