შინაარსზე გადასვლა

ბიბლიური ისტორია

ვიკიწყარო გვერდიდან
ბიბლიური ისტორია
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი



ქვეყნის შექმნა

[რედაქტირება]

ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება, ცხოველები ცხოველებისაგან ჩნებიან, მცენარეები მცენარებიიდან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა გაჩნდა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა დაიბადნენ ქვეყანაზედ? ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყველაფერი, რასაც კი ქვეყნიერებაზედ ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან არ შექმნილა და არავისგან არ დაბადებულა. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას. კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალასა ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ასოებს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელსა. უფალს შეეძლო ყველაფერი ერთ წამში გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.

რიგი ქმნილებათა

[რედაქტირება]

(დაბ. 1,1 – 27) თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანერთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე. მაშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: “იქმნას ნათელი” და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს ღამე. მეორე დღეს უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და ერთს თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა დედამიწას მოლურჯო გუმბათივით. მესამე დღეს – წყალი. ღვთის ბრძანებით წყალი გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე. მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა მნათობნი ცისანი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი ჰაერში. მეექვსე დღეს უფალმა გააჩინა ნადირნი და ყველა ცხოველნი ხმელეთზედ მცხოვრებნი, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი.

ადამიანის შექმნა

[რედაქტირება]

(დაბ. 1,1 – 26; 2,2,7,18,20 – 21 3,20) ყველა სხვა ქმნილებანი ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაფრივ ინება; ჯერ სთქვა: “შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა!”; მერე აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას უკვდავი სული. ასე დაიბადა ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი. ადამმა დაათვალიერა ყველა ცხოველი და ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი თანასწორი. მისთანა გონიერი და მეტყველი არ ერია ცხოველებში არცერთი და ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვისთვისმე განეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე, მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი – ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა. მერე აკურთხა ორივე და უთხრა: აღორძინდით, გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უგალობდით მასზედა. დადგა მეშვიდე დღე და უფალმან განისვენა საქმისგან.

სამოთხე

[რედაქტირება]

(დაბ. 2,8 – 17) ადამს და ევას საცხოვრებლად ღმერთმა მოამზადა ერთი უმშვენიერესი ბაღი, რომელსაც ერქვა სამოთხე, შეიყვანა შიგ ისინი და დაასახლა. მთელი სამოთხე სავსე იყო მრავალგვარი ხეხილითა, საამური იყო მათი ცქერა, უფრო კიდევ სასიამოვნო იყო აქ ორი ხე, რომელიც იდგა შიგ შუა სამოთხეში. ერთს ერქვა ხე სიცოცხლისა, მეორეს ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფს იმისთანა ძალა ჰქონდა, რომ იმის მჭამელი სულ მუდამ ცოცხალი იქნებოდა და სიკვდილი მას ვერ მიეკარებოდა. მეორე ხეზე კი აი რა უბრძანა უფალმა ადამსა: ნება გაქვს სჭამო სამოთხის ყველა ხეხილის ყველა ნაყოფი, მაგრამ ამ ხილის ჭამა კი შენთვის ამიკრძალნია. თუ ჩემ მცნებას შენ დაარღვევ და სჭამ აკრძალულ ხილსა, იმავ დღეს მოკვდები. ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამსა და ევას სამოთხეში. არაფერი არ აკლდათ, ავადმყოფობა იმათ არ იცოდნენ, დარდი იმათ არ ჰქონდათ და მუდამ სიხარულში იყვნენ, გონება მათი გართული იყო ახლად შექმნილი მშვენიერი ქვეყნის შესწავლით, გული მათი იყო სავსე ღვთის, ერთმანერთის და ყოველის ქმნილების სიყვარულით, სინდისი ჰქონდათ წმინდა და უცოდველი. ღმერთს ისინი უყვარდა, როგორც თავისი შვილები და ღმერთსაც ისინი შეჰხაროდნენ, როგორც თავის კეთილ მამასა, უფალი მალიმალ მიდიოდა მათთან სამოთხეში, უმართავდა საუბარსა და ასწავლიდა ყველაფერს, რასაც თავისი გონებით ვერ სწვდებოდნენ. . .მაგრამ საუბედუროდ, ეს ნეტარება დიდ ხანს არ შერჩათ მათ და მერე სრულიად დაჰკარგეს.

ეშმაკის შური

[რედაქტირება]

ადამ და ევას ჰყავდა ერთი დაუძინებელი მტერი. მას უნდოდა მოეკლო ისინი ნეტარი ცხოვრებისათვის და დაეღუპა საუკუნოდ. ეს მტერი იყო ეშმაკი. ვინ იყო ეშმაკი? საიდან გაჩნდა და როდის იყო შექმნილი? ეშმაკი უწინ იყო ერთი ანგელოზთაგანი, რომელნიც ღმერთმა ხილული ქვეყნის გაჩენამდე შექმნა. სხვა ანგელოზებსავით იგი იყო უსხეულო, უხილავი, გონიერი, თავისუფალი წმინდა სული და ემსახურებოდა თავის შემოქმედსა. მაგრამ შემდეგ გაამპარტავნდა, მოინდომა ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა მისი დამორჩილებაა, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო თავისაკენ და წინ აღუდგა უფალსა. ამისათვის უფალმა ის თავის მომხრეებით დასწყევლა და ციდან ჩამოჰყარა უფსკრულში. შემდეგ ამისა ეშმაკი გახდა სული ბოროტი, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებას ემტერება; დაუძინებლივ ცდილობს, რომ ადამიანს ცუდი აზრები, ბოროტი განზრახვა ჩაუდოს გულში და მავნე საქმეები ჩაადენინოს. ეშმაკს შურდა ადამ და ევას ნეტარება და ამიტომ მოინდომა მათი შეცდენა და გაუბედურება. თავისი განზრახვის აღსასრულებლად იგი შეძვრა გველში და შევიდა სამოთხეში.

შეცოდება ადამ და ევასი

[რედაქტირება]

(დაბ. 3,1 – 7) გველმა, რომელშიც ეშმაკი იყო, იპოვა სამოთხეში აკრძალული ხე და მის გვერდით ხეზე ავიდა. ერთხელ ევა სამოთხეში დასეირნობდა და როცა ამ ადგილს მიუახლოვდა, ეშმაკი, გველში მყოფი, მიცოცდა მასთან და ტკბილი ხმით ჰკითხა: ღმერთმა თქვენ მართლა აგიკრძალათ სამოთხის ყველა ხილი? ევა კარგად ხედავდა, რომ მასთან უბრალო გველი არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყური მაინც არ მოარიდა და უპასუხა: არა, ჩვენ ყველა ხილის ჭამის ნება გვაქვს; მარტო ერთი ხის ნაყოფი, რომელიც შუა სამოთხეში დგას, აგვიკრძალა უფალმა და გვითხრა: რა დღესაც თქვენ იმ ხილსა სჭამთ, იმავე დღეს დაიხოცებითო. ტყუილია, _ მტკიცედ უთხრა ეშმაკმა; ღმერთმა კარგად იცის რომ იმ ხილის ჭამით არამც თუ მოკვდებით, არამედ აგეხსნებათ თვალნი, შეიქმნებით ღმერთებად და გეცოდინებათ ყველაფერი, კეთილიცა და ბოროტიცა. საუბედუროდ, დაუჯერა ევამ ეშმაკსა, გადუდგა ღვთის მცნებასა, მოსწყვიტა აკრძალული ხილი და ჭამა.შემდეგ ადამს შესთავაზა და უთხრა თუ ამ ნაყოფს შეჭამდნენ თვალები აეხსნებოდათ და კეთილის და ბოროტის გარჩევას შეძლებდნენ. ადამმაც ველ უძლო ცდუნებას და ნაყოფი შეჭამა. შემცდარნი მალე მოვიდნენ გონზედ და იგრძნეს, რომ ღმერთს საშინლად აწყენინეს და შეიქმნენ მის წინაშე ცოდვილნი. თვალნი მათ მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ, იმათ დაინახეს თავიანთი სიტიტვლე და ერთმანერთისა შერცხვათ. მანამდისინ კი, თუმცა უტანისამოსონი იყვნენ, სიტიტვლეს არა გრძნობდნენ, არც სირცხვილი იცოდნენ, იმიტომ, რომ იყვნენ უმანკონი, უცოდველნი და ნათლით შემოსილნი. სიტიტვლის დასაფარავად მათ დაგლიჯეს დიდი ფოთლები ლეღვისა, გადააბეს ერთმანერთზედ და ტანზედ აიფარეს.

დასჯა ცოდვისათვის

[რედაქტირება]

(დაბ. 3,8 – 24) საღამო ჟამს სამოთხეში გამოცხადდა ღმერთი. მან, რასაკვირველია, კარგად იცოდა ადამ და ევას შეცოდება. უწინ, რომ შეიტყობდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ადამ და ევა სიხარულით ეგებებოდნენ მას. ახლა კი შიშისგან ძაგძაგი დაიწყეს და არ იცოდნენ, სად დაკარგულიყვნენ. დაივიწყეს, რომ ყოვლისმხილავ ღმერთს კაცი ვერსად დაემალება და შეიმალნენ ხეებს შუა. სახიერ ღმერთს უნდოდა, რომ ადამ და ევას მოენანიებინათ. ამიტომ დაუძახა: ადამ, ადამ, სადა ხარ? ადამმა უპასუხა: გავიგონე შენი ხმა, უფალო, შემეშინდა და დავიმალე, რადგანაც ტიტველი ვარ. საიდან გაიგებდი შენს სიტიტვლესა, რომ არ გეჭამა შენ ნაყოფი იმ ერთადერთი ხისა, რომელიც მე შენ აგიკრძალე? ადამს რომ მაშინვე წრფელი გულით ეღიარებინა თავისი ცოდვა, შეენანებინა იგი და შევედრებოდა ღმერთსა მის მიტევებას, ადვილად გადარჩებოდა. მაგრამ მან სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო და თითქმის თვით ღმერთს აბრალებდა თავის ცოდვასა: შენგან მოცემულმა ცოლმა მომცა მოწყვეტილი ხილი და მე იგი მიტომ ვჭამე. მაშინ ღმერთი მიუბრუნდა ევასა და ჰკითხა: რად ჰქმენი შენ ესა? ევამაც მონანიების მაგივრად თავის მართლება დაიწყო: შენგან შექმნილმა გველმა შემაცდინა და მაჭამა აკრძალული ხილი. მაშინ უფალმა უთხრა გველსა: რადგანაც შენ ეს ჰქმენი, იყავ წყეული ნადირთა შორის, მუცელზე ხოხავდე და სჭამდე მიწასა მთელ შენ სიცოცხლეში და ჩამოვაგდებ მტრობასა დედაკაცსა და შენ შუა, შენსა და იმის თესლს შუა; შთამომავალი მისი გაგიჩეხავს შენ თავსა, ხოლო შენ უკბენ მას ქუსლში! ევას კი უბრძანა უფალმა: ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლესა, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვითა; იყო ქმრის მორჩილებაში და იგი უფლობდეს შენზედა. ხოლო ადამს უთხრა: რადგან შენ გაუგონე ცოლსა შენსა და სჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, იყოს წყეული წყეული დედამიწა შენის გულისათვის, ნარი და ეკალი მოჰყავდეს შენთვის მას, ოფლითა შენითა სჭამდე პურსა, მანამ არ ჩახვალ მიწაში, საიდანაც ხარ ამოღებული, ვინაიდან შენ მიწა ხარ და მიწად იქცევი. ამის შემდეგ მისცა მათ ტყავის ტანისამოსი და გამორეკა სამოთხიდან, რომლის მცველად დააყენა ქერობინი. იგი ელვარე ხმლით იდგა სამოთხის კარებში, რათა ადამ და ევა არ მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთანა, არ ეჭამათ მისი ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი.

კაენი და აბელი

[რედაქტირება]

(დაბ. 4,1 – 8) ადამ და ევა დასახლდნენ სამოთხის ახლოს. მათთვის დაიწყო ის მწარე, ტანჯვით და წვალებით სავსე ცხოვრება, რომელიც მათ ღმერთმა სასჯელად დაუნიშნა. დარდი, ვარამი, ავადმყოფობა, ოფლით შრომა, სიღარიბე, სულ ერთად დაატყდათ თავზედ. მალიმალ იგონებდნენ ისინი თავის უწინდელ ბედნიერ ცხოვრებასა, მწარედ ნანობდნენ თავის შეცდომას და მდუღარე ცრემლსა ღვრიდნენ. უბედურებაში იმათ ჰქონდათ ერთადერთი იმედი: ისინი იგონებდნენ ღვთის აღთქმასა, რომ დედაკაცის შთამომავალი დათრგუნავს ეშმაკსა და გამოიხსნის მათ ცოდვისგან. ისინი მოელოდნენ გამომხსნელსა, მაცხოვარსა. ამ დროს ევას ეყოლა ორი ვაჟიშვილი: კაენი და აბელი. კაენი იყო მხვნელ-მთესსველი, აბელი – მეცხვარე. ერთხელ მოინდომეს მათ მსხვერპლის შეწირვა. კაენმა შესწირა ღმერთს მიწის ნაყოფი, აბელმა პირველ – შობილი კრავი. უფალმა მიიღო მხოლოდ აბელის შესაწირავი, კაენისა კი უარჰყო იმიტომ, რომ აბელმა წმინდის გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირი, კაენის გული კი იყო უწმინდური და ღვარძლით სავსე. ამის გამო კაენი შურით აივსო, მოუვიდა ბრაზი, სახეზედ შეიშალა ბოროტებისაგან. გულთამხილავმა ღმერთმა იცოდა, რა ცუდი განზრახვა იბადებოდა კაენის გულში, უნდოდა გაეფრთხილებინა იგი, მიტომ გამოეცხადა მას და უთხრა: რადა ხარ, კაენ, გაჯავრებული? და რად შეგშლია და აღგშფოთებია სახე? გაფრთხილდი, თორემ ცოდვა კარებზე მოგადგა, ნუ დაგეუფლება და ეცადე, დასჯაბნო იგი!; მაგრამ, საუბედუროდ, კაენს ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი გულში შური, სიძულვილი თავისი ძმისა, მან არა შეისმინა რა ღვთისა, გაიყვანა მოტყუებით მინდორში თავისი ძმა, მივარდა უცებ, დაარტყა თავში კეტი და მოჰკლა.

კაენის დასჯა და სეითის შობა

[რედაქტირება]

(დაბ. 4,9 – 12, 25) საშინელი ცოდვა ჰქმნა კაენმა, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთს არ უნდოდა საუკუნოდ დაღუპვა ამისთანა ბოროტი კაცისაც კი. მას სურდა სინანულში ჩაეგდო კაენი, ამიტომ გამოეცხადა და ჰკითხა: კაენ, სად არის შენი ძმა აბელი? კაენმა სინანულის მაგივრად ბრიყვულად და ამაყად მიუგო: რა ვიცი, ჩემი ძმის ყარაული ხომ არა ვარ? მაშინ უფალმა მრისხანედ უთხრა: ეს რა ჰქმენი, შენა? ხმა სისხლისა ძმისა შენისა მიწიდან ამოჰკივის ჩემამდე! იყავ წყეული ქვეყანაზედ, თრთოდე შიშითა და ვერ ჰპოებდე მოსვენებას მთელს შენს სიცოცხლეში! საშინელ ვაებაში ჩავარდნენ საწყალი ადამ და ევა, კაენი შეიქმნა თავისი ძმის მკვლელი და დაწყევლილი ღვთისაგან. გაანება დედ-მამას თავი და შორეულ ადგილას დასახლდა. დარჩა უბედური დედ-მამა უნუგეშოდ, მაშინ ღმერთმა შეიცოდა ისინი და ნუგეშად მისცა მათ მესამე შვილი სეითი, რომელიც იყო ღვთისმოყვარე, სათნო და უწყინარი.

კაენისა და სეითის შთამომავალნი

[რედაქტირება]

(დაბ. 5,3 – 32) კაენისგან და სეითისაგან მეტად ჩქარა გამრალდა ხალხი ქვეყანაზედ, ეს სწრაფი გამრავლება მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ადამიანები იყვნენ მეტად დღეგრძელნი. ბევრი მათგანი ცხრაას წელიწადზე მეტს ცოცხლობდა. სეითის შთამომავალნი იყვნენ მეტად სათნონი და კეთილნი. მათ დაერქვა სახელად “ძენი ღვთისანი” იმიტომ, რომ ღმერთი მუდამ ახსოვდათ, ერთგულად თაყვანს სცემდნენ მას და ასრულებდნენ მის ნებასა. აგრეთვე დიდი სიყვარული და ხათრი ჰქონდათ ერთმანერთისა და ერიდებოდნენ ყოველ ბოროტ საქმესა. მამები და პაპები თავის შვილებს და შვილიშვილებს ყოველ კეთილს ასწავლიდნენ და კეთილ მაგალითს უჩვენებდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად ენოქმა, ისე აამა უფალსა თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ უფალმა სიკვდილს წაართვა მასზედ ძალა და ზეცაში ცოცხალი აიტაცა. კაენის შთამომავალნი კი, ცხადია, კაენს დაემსგავსნენ და იყვნენ ბოროტნი. იმათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი, სძულდათ ერთმანერთი, ახსოვდათ მარტო თავისი თავი და ბიწიერებით ცხოვრობდნენ. მათ შორის გავრცელდა შური, სიცრუე, ცილისწამება, გარყვნილება, შფოთი, მკვლელობა და სხვა ბოროტება. ამიტომ მათ სახელად დაერქვათ “ძენი კაცისანი”.

ადამიანთა გარყვნა

[რედაქტირება]

(დაბ. 6,1 – 7) ჯერ სეითის შთამომავალნი ცალკე ცხოვრობდნენ, ერიდებოდნენ კაენის შთამომავლებს და არა ჰქონდათ მათთან მისვლა-მოსვლა, ნაცნობობა ან სხვა რამე კავშირი. მაგრამ შემდგომში, როცა გამრავლდა ნათესავი კაცთა, კაენისა და სეითის შთამომავალებმა დაიწყეს ერთმანერთში მეგობრობა, მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და მოყვრობა. სეითის შთამომავალნი ირთავდნენ ცოლებს კაენის შთამომავალთაგან და მათგან იძენდნენ ცუდ ხასიათსა და ბიწიერ ცხოვრებას. მალე სეითის შთამომავალნი სრულიად დაემსგავსნენ კაენის შთამომავლებს და გაირყვნენ სრულიად. ღმერთი აღარავის ახსოვდა, კეთილი სძულდათ, ბოროტი უყვარდათ, სირცხვილი და შიში აღარაფრისა ჰქონდათ. მათ შორის გამოჩნდნენ გმირნი, რომელნიც ყველა სუსტ და უღონო ადამიანებს სჩაგრავდნენ, ტვინსა სწოვდნენ და სიცოცხლეს უმწარებდა. აივსო ქვეყანა ბოროტებითა და ცოდვითა. ყველამ დაჰკარგა ადამიანობის ნიშანწყალი და მთელი კაცობრიობა დაემსგავსა მხეცების გროვას.

(დაბ. 6,3,7 – 8,13 – 22; 1-9) მთელს მაშინდელ კაცობრიობაში მხოლოდ ერთი კაციღა ერია კეთილმსახური და ღვთისმოყვარე, ეს იყო ნოე, სეითის შთამომავალთაგანი, შვილისშვილისშვილი ენოქისა. როცა ღმერთმა ნახა, რომ მთელი კაცობრიობა გაირყვნა, გადასწყვიტა მისი დაღუპვა წარღვნით, ნოეს გარდა. მაგრამ თავისი ქმნილების ასე სასტიკი დასჯა ეძნელებოდა და ამიტომ უნდოდა ნოეს შუამავლობით მოექცია ისინი კეთილ გზაზე. გამოუცხადა: ას ოცი წელიწადი კიდევ ვუცდი თქვენს მოქცევასაო. და თუ ამ ვადის გასვლამდის არ შეინანეთ თქვენი ცოდვანი და არ დაადექით კეთილ გზას, უთუოდ წარღვნით გავწყვეტ თქვენს სახსენებელს დედამიწის ზურგზედაო. მაგრამ ღვთის ამ მუქარას ყურიც არ ათხოვეს, უფრო უარესს სჩადიოდნენ და იქნება ნოეს კიდევაც დასცინოდნენ. მაშინ ნოეს უბრძანა უფალმა: გააკეთე შენთვის დიდი კიდობანი ფისიანი ხისა, სიგრძით სამასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა და სიმაღლით ოცდაათი წყრთა; შედი შიგ მთელი შენი სახლობითა, შეიყვანე შიგ თითო წყვილი უწმინდური ცხოველებისა და შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა, რამეთუ მე მოვავლენ წარღვნასა და მოვსწმენდ პირსა ქვეყნისასა ადამიანთა გარყვნილი ტომისგან. ნოემ შეასრულა ღვთის ნება, გააკეთა კიდობანი, შევიდა თვითონ შიგა, შეიყვანა თავისი ცოლი, სამი თავისი შვილი, თავიანთი ცოლებითა და შეასხა ცხოველებიც. ამ დროს ნოე იყო ექვსასი წლისა.

წარღვნა

[რედაქტირება]

(დაბ. 7,7 – 2,4; 8,1 – 22; 9,11 – 24) გაზაფხული იყო, როცა ნოე მოექცა კიდობანში. დაიხურა თუ არა კიდობნის თავი, იგრიალა საშინელმა წვიმამ და დაეშვა დედამიწაზე, ორმოცი დღედაღამე იდინა შეუწყვეტლივ ნიაღვარმა. ზღვები, ტბები, წყაროები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან და მთლად წალეკა დედამიწა. წყალი თანდათან მაღლა ადიოდა და ბოლოს დამალა თვით უმაღლესი მთების წვერებიცა, მთელი კაცობრიობა და სულდგმულობა დაიხრჩო წყალში. გადარჩა მარტო ნოე და ყველა მყოფნი კიდობანში, რომელიც მაღლა მოტივტივებული უვნებლად დაცურავდა წყალზე. გავიდა ხუთი თვე წარღვნის დაწყებიდან. ღმერთმა მოავლინა ქარი, რომელმაც ღრუბლები სრულიად გაფანტ-გამოფანტა. შესწყდა წვიმა და დედამიწიდან წყალმა დაიწყო დენა ზღვებსა და მდინარეებში. წყალმა თანდათან ძირს დაიწია. მალე მთის წვერებიც გამოჩნდნენ. ნოეს კიდობანი წყალმა მიიტანა სომხეთის მთის არარატის წვერზედ და იქ გააჩერა. ნოემ იგრძნო შიგნით, რომ კიდობანი დადგა. ამის შემდეგ დაიცადა ორმოცი დღე და გამოუშვა ყორანი; უნდოდა შეეტყო, მოშორდა წყალი მიწას თუ არაო, მაგრამ ყორანი აღარ დაბრუნდა; მეორედ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ბევრი იფრინა, მაგრამ მშრალი ადგილი ვერსად ნახა და დაბრუნდა უკანა. შვიდი დღის შემდეგ ხელმეორედ გაუშვა მტრედი. ახლა კი მტრედი ცარიელი არ მობრუნდა, ნისკარტით მოიტანა ზეთისხილის შტო, ახალი ფოთლებით შემოსილი. კიდევ გავიდა შვიდი დღე და ნოემ მესამედ გამოუშვა მტრედი, მაგრამ ის აღარ დაბრუნდა კიდობანში. მაშინ ნოემ ახადა თავი კიდობანსა, გადმოხედა ძირსა და ნახა, რომ მიწას სრულიად მოშორებოდა წყალი, მაგრამ კიდობნიდან მაინც ჯერ არ გამოვიდა, ღვთის ბრძანებას უცდიდა. როცა დედამიწა სრულიად გაშრა, Yღმერთმა უბრძანა ნოეს გამოსულიყო კიდობნიდან და გამოესხა ყველა შიგ მყოფი. სწორედ ერთი წელიწადი დაჰყო ნოემ კიდობანში და გამოვიდა მეორე წლის თავს. მაშინვე სამადლობელი მსხვერპლი შესწირა ღმერთსა. ღმერთმა კეთილად მიიღო ნოეს მსხვერპლი და აღუთქვა, რომ ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნებაო. თავისი აღთქმის ასრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.

ნოეს შვილები

[რედაქტირება]

(დაბ. 9,17 – 27) ნოეს სამი შვილიდან წარმოსდგნენ ყველა ადამიანები. უფროსს ერქვა სემი, შუათანას ქამი, და უმცროსს იაფეთი. მათშიც ერთი ცუდი კაცი გამოდგა. წარღვნის შემდეგ ნოემ ისწავლა ვაზის დარგვა და დააყენა ღვინო. ჯერ ღვინის ძალა გამოცდილი არა ჰქონდა, არ იცოდა, თუ ღვინომ დათრობა იცოდა და ამიტომ ცოტა ჭარბად მოუვიდა დალევა. ხამად ღვინომ ძალიან მოკიდება იცის, ამიტომ ნოე დათვრა, კარავში დაეძინა და ძილის დროს ტანისამოსი გაიხადა. ამ ყოფაში ნახა იგი მისმა შვილმა ქამმა. ყველა კეთილ შვილს ეწყინებოდა მამის ამგვარი მდგომარეობა, აიღებდა ტანისამოსს, მამას მოკრძალებით დაახურავდა და არ გაამჟღავნებდა ამ შემთხვევას. ქამს კი გაეხარდა, გაიქცა თავის ძმებთანა და მამას დაცინვა დაუწყო, მაგრამ სემმა და იაფეთმა ამ დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღეს, წყნარად მივიდნენ კარავში და ისე დაახურეს ტანისამოსი, რომ მამის სიტიტვლე არ დაუნახავთ. როცა ნოემ გაიღვიძა და შეიტყო ქამის უმსგავსოება და სხვა თავისი ორი შვილის მშვენიერი მოქცევა, დასწყევლა ქამი და უთხრა, რომ მისი შთამომავლობა იქნება უკანასკნელი, ხოლო სემი და იაფეთი კი აკურთხა და იწინასწარმეტყველა, რომ იაფეთის შთამომავლობა გამრავლდება და სემის შთამომავალთაგან კი მაცხოვარი დაიბადებაო.

ბაბილონის გოდოლი

[რედაქტირება]

(დაბ. 11,1 – 9) ნოეს სამივე შვილის შთამომავალნი თავდაპირველად ერთად ცხოვრობდნენ, ერთი ქვეყანა ეჭირათ, ერთ ენაზედ ლაპარაკობდნენ, ერთ ხალხს შეადგენდნენ. მაგრამ რადგანაც მაშინ ადამიანები მეტად დღეგრძელნი იყვნენ, ამიტომ ხალხი ძალიან გამრავლდა და ერთად აღარ ეტეოდა. დღეს თუ ხვალ უნდა დაყოფილიყვნენ ცალ-ცალკე თემებადა და აქეთ-იქით გაფანტულიყვნენ საცხოვრებლად. მაშინ მათ ერთად მოიყარეს თავი და სთქვეს: მოდით, მინამ ერთად ვართ და ჯერ კიდევ არ წავსულ-წამოვსულვართ, ისეთი რამე ავაშენოთ, რომ ჩვენი სახელის სახსოვრად და სადიდებლად საუკუნოდ დარჩეს და როცა მას შეხედავენ ჩვენი შთამომავალნი, განცვიფრებულებმა თქვან ჩვენზედ: რა მრავალნი, მძლავრნი და ხელოვანნი ყოფილანო. სთქვეს და ასრულებასაც შეუდგნენ. გამოწვეს უთვალავი აგური და დაიწყეს ბაბილონში აშენება ერთი უშველებელი სვეტის, ანუ გოდოლისა. რომელსაც, მათი განზრახვით, ცისთვის უნდა მიებჯინა წვერი. მაგრამ ღმერთს არ მოეწონა მათი განზრახვა და საქმე. უფალს ძალიან სძულს უგუნური და ყველასათვის უსარგებლო შრომა და მეტადრე ზვიადობა ამგვარი გამოუსადეგარი შრომითა, ამიტომ მან აურია მშენებელთ ენა: უცებ სხვადასხვა ენაზე იწყეს მათ ლაპარაკი, ერთმანერთისა აღარა ესმოდათ რა და იძულებულნი დაიყვნენ თემებად, აქეთ-იქით გაიფანტნენ, ცალ-ცალკე ადგილები ამოირჩიეს საცხოვრებლად და სხვადასხვა ხალხები წარმოშვეს. ასე დაბადა უფალმა სხვადასხვა ენები და ამით ყოველ კაცს აჩვენა, რომ მას უნდა უყვარდეს თავისი დედაენა, როგორც უფლისაგან მოპოვებული საუნჯე და ძვირად უნდა აფასებდეს მას. ამინ

კერპთთაყვანისცემა

[რედაქტირება]

რაკი ადამიანები გაიფანტნენ დედამიწის ზურგზე სხვადასხვა კუთხეებისაკენ და მოსპეს ერთმანერთში კავშირი და მისვლა-მოსვლა, თანდათან დაივიწყეს მათ, რაც გაეგონათ და ესწავლათ ღმერთზე თავისი წინაპრებისაგან. ჭეშმარიტი ღმერთის მაგივრად მათ დაუწყეს თაყვანისცემა სხვადასხვა ზეციურ და ქვეყნიურ ქმნილებებს: ზოგმა ღმერთად ამოირჩია მნათობნი ცისანი - მზე, მთვარე და ვარსკვლავები; ზოგმა თაყვანისცემა დაუწყო ცხოველებს - ხარსა, გველსა, მაიმუნსა და სხვებსა; ზოგმა მუხლი მოუდრიკა მდინარეებსა, ზღვებსა, ტბებსა, ცეცხლსა, ქარსა და კიდევ მრავალ საგანსა, რომ ხშირად მოეგონებინათ თავიანთი ღმერთები, ადამიანებმა იწყეს მათი გამოხატვა ხეებზედ, ქვებზედ, სპილენძზედ, ვერცხლზედ, ოქროზედ და დაუწყეს ამ გამოხატულებათ თაყვანისცემა როგორც ღმერთსა. რადგამ ამნაირ გამოხატულებას ჰქვიან კერპი, ამიტომ მათ ლოცვასა და ვედრებასაც სახელად დაერქვა კერპთთაყვანისცემა. როცა კერპთთაყვანისცემა მოედო მთელი დედამიწის ზურგსა და ყველა ხალხმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, უფალმა ინება, რომ ქვეყანაზედ ყოფილიყო ერთი ხალხი მაინც, რომელსაც ეცოდინებოდა იგი, თაყვანს სცემდა მას, ეხსომებოდა აღთქმა მაცხოვრის მოსვლისა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება. ღმერთმა გადასწყვიტა წარმოეშვა ასეთი ხალხი ერთი ღვთისნიერი და კეთილმსახური კაცისგან, რომელსაც ერქვა აბრამი.

ღმერთის მოწოდება აბრამისადმი

[რედაქტირება]

(დაბ. 11,27 – 28,31; 12,1 – 5) აბრამი დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქვეყანაში, ამ ქვეყნის მცხოვრებლებიც დიდით პატარამდის კერპთთაყვანისმცემლები იყვნენ. თვით აბრამის მამაც, რომელსაც ერქვა თარა, კერპებს ემსახურებოდა. მარტო აბრამსღა ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ადიდებდა მას. რომ ესეც არ შერყეულიყო თავის სარწმუნოებაზედ ნათესავების წაბაძვით, ღმერთმა მოინდომა მისი გადასახლება სხვა ქვეყანაში, ამიტომ ერთხელ გამოეცხადა მას უბრძანა: დასტოვე შენი სამშობლო ქვეყანა, დაანებე თავი შენს ნათესავებსა, შენს სახლ-კარსა და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შენ გიჩვენებ. მე წარმოვშობ შენგან დიდ ხალხსა, გაკურთხებ და მოგანიჭებ დიდებასა; ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებენ და დავწყევლი მათ, ვინც შენ დაგწყევლიან. ერთი შენი შთამომავლის მიერ კურთხეულ იქნებიან მთელი ქვეყნის თემნი. აბრამი დამორჩილდა ღვთის ბრძანებასა, გავიდა თავისი სამშობლოდან და გაემგზავრა სამხრეთისაკენ, იმიტომ, რომ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მას უფალმა მისცა საცხოვრებლად, იყო სამხრეთისაკენ ქალდეველთა ქვეყანიდან. თან წაიყვანა აბრამმა ცოლი თავისი სარა და ძმისწული ლოტი, მისის სახლობითა, ამ დროს აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა.

აბრამისა და ლოტის გაყრა

[რედაქტირება]

(დაბ. 13,1 – 12) ქანაანს გადასახლების შემდეგ აბრამს და ლოტს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად. მათ მალე მოუხდათ გაყრა და ერთმანერთის განშორება. ამის მიზეზი გახდა შემდეგი შემთხვევა: ლოტს ჰქონდა თავისი საკუთარი კარვები და ჰყავდა აუარებელი საქონელი; აბრამიც აგრეთვე მდიდარი იყო ძროხითა, ცხენითა და ცხვარითა. ამდენი საქონელი არ თავსდებოდა გარშემო იალაღზედ და ამის გამო განხეთქილება ჩამოვარდა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შუა, რომელიც ერთმანერთს ეცილებოდნენ საძოვარ ადგილებს. აბრამს ეშინოდა, რომ ამ შემთხვევას არ ჩამოეგდო სიძულვილი მასა და ლოტს შორის, ამიტომ მოუწოდა თავის ძმისწულსა და უთხრა: ნუ იქნება უთანხმოება შენსა და ჩემს შუა, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანერთის ძმები ვართ, უკეთესია ერთმანერთს გავეყარნეთ და ცალ-ცალკე ვიცხოვროთ; ქვეყანა დიდია, რომელი მხარეც გინდა, ის ამოირჩიე... თუ მარცხნივ ირჩევ, მარჯვნივ მე წავალ, თუ მარჯვნივ ამჯობინებ, მარცხნივ გავემგზავრები. ლოტს ჭკუაში მოუვიდა აბრამის სიტყვები და საცხოვრებლად ამოირჩია ერთი ფართო ველი, დაფენილი მშვენიერი იალაღებით, რომელსაც მდინარე იორდანე რწყავდა. იგი გაემგზავრა იქითკენ და თავისი კარვები დადგა ერთი ქალაქის გვერდით, რომელსაც სახელად ერქვა სოდომი.

აბრამის სარწმუნოება

[რედაქტირება]

(დაბ. 13; 14-17; 15,9-3-5; 17,19) რადგანაც უფალს განსაკუთრებით უყვარდა აბრამი მტკიცე სარწმუნოებისთვის, ამიტომ მრავალჯერ ეცხადებოდა ძილშიაც, ღვიძილშიაც და ესაუბრებოდა მას, როგორც კეთილი მამა; უმეორებდა თავის აღთქმათა და მრავალთა მოწყალებათა შესახებ, რომელნიც განემზადა მას, და არწმუნებდა, რომ იგი შეიქმნება მამად მრავალთა შთამომავლობისა. ერთხელ სიზმარში აბრამს მოესმა ღვთის ხმა: ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ შენი მფარველი და დიდი ჯილდოც მოგელის ჩემგან. აბრამმა უპასუხა: უფალო, რაცა მაქვს, ისიც არ მახარებს, იმიტომ რომ უშვილო ვარ და მთელი ჩემი სარჩო ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა დარჩეს ჩემს სახლისწულს, დამასკოელ ელიეზერს. მაშინ უფლის ხმამ დაარწმუნა აბრამი, რომ უმემკვიდროდ არ დარჩება. ამ ხმამ გამოიყვანა ის ტრიალ მინდორზე და უთხრა: აიხედე მაღლა და დათვალე ვარსკვლავნი ცისანი, არ შეგიძლია, განა? ეგრეთვე უთვალავი იქნება თესლი შენი, რომელსაც მე დავუმკვიდრებ ქვეყანას, სადაც ეხლა შენ ცხოვრობ. მაგრამ გავიდა დიდი ხანი და უფლის აღთქმა ჯერ კიდევ არ ასრულებულიყო. აბრამი გადადგა მეასე წელწადში, სარა _ ოთხმოცდამეათეში და შვილი კიდევ არ ეძლეოდათ, მაშინ უფალი ახლად გამოეცხადა აბრამსა და უთხრა: მე ვარ შენი ღმერთი, კეთილად მემსახურე და იყავ უბიწო! მე დავდებ შენთან აღთქმას და ვაქცევ შენს შთამომავლობას დიდ ხალხად. ცოლი შენი სარა შობს შვილსა, და მისგან წარმოდგებახალხი, რომელიც იქნება ერი ღვთის რჩეული. მე ვიქნები ღმერთი შენი შვილისა და მისი შთამომავლობისა. მეტის სიხარულით აბრამს გაეცინა და ღმერთმა უბრძანა მას, რომ სამახსოვროდ ამ სიხარულისა თავის შვილისთვის დაერქმია ისაკი.

ლოტის ტყვეობიდან დახსნა

[რედაქტირება]

(დაბ.114,1-23) ლოტისგან ამორჩეული ადგილი საცხოვრებლად ვერ გამოდგა სახეირო. არ გასულა დიდი ხანი მას უკან, რაც იგი გაშორდა აბრამსა, რომ მას შეემთხვა დიდი უბედურება, სოდომს და სხვა ახლო ქალაქებს დაესხნენ უცხო მეფენი, სძლიეს სოდომის მცხოვრებლებს, დაარბიეს და წაასხეს ტყვეებად. ტყვეებში ერია თვით ლოტიცა. შეიტყო თუ არა აბრამმა თავისი ძმისწულის უბედურება, მაშინვე შეკრიბა თავისი სახლიდან სამას თვრამეტი კაცი, მიიწვია საშველად ზოგიერთი მეზობელი, გამოუდგა გამარჯვებულებსა, დაეწია და უცებ დაესხა თავსა. შეეწია ღმერთი და აბრამმა დასძლია მტრები. აბრამმა მათ დააყრევინა არა მარტო ტყვეები, რომელთა შორის ლოტიც იყო, არამედ მთელი დავლაცა. როცა აბრამი შინისაკენ დაბრუნდა, გზაზედ მას გამოეგება მეფე, სახელად მელქიზედეკ. ამ მეფეს სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას. მას ჰქონდა გაგებული აბრამის სათნო ცხოვრება და ნიშნად პატივისცემისა მიაგება პური და ღვინო და აკურთხა იგი. თავის მხრივ აბრამმაც მიართვა მას მეათე ნაწილი დავლისა. აბრამმა დაუბრუნა სოდომის მეფეს ყველა ტყვე და მთელი სარჩო. სოდომის მეფემ დაუწყო თხოვნა აბრამსა, რომ მას დაებრუნებინა მისთვის მარტო ტყვეობიდან გამოხსნილი ხალხი და მათი სარჩო კი თავისთვის დაენარჩუნებინა, მაგრამ აბრამმა ცივი უარი სთქვა, თავისი კეთილი საქმისთვის ჯილდოს ანუ ფასის მიღება მას არ უნდოდა, რადგანაც იყო უანგარო კაცი. მან ამგვარად უპასუხა: აღვაპყრობ ხელსა ჩემსა ზეცისკენ და შემოგფიცავ, რომ ერთ ბეწვსაც არ ვინდომებ მათი ქონებიდან! ამის შემდეგ ლოტი ქალაქ სოდომთან ცხოვრობდა, მაგრამ კინაღამ სრულიად არ დაიღუპა ერთი საშინელი უბედურებისგან, რომელიც ამ ქალაქს ეწია. სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ, უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორე გზაზედ მოქცევა, ხოლო ცოდვანი მათნი იყვნენ ისეთი მძიმე, რომ მათი ქვეყანაზედ დარჩენა საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაჰბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა. ამიტომ უფალმა გადასწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი. რაში მდგომარეობდა ეს საშინელი სასჯელი, გამოჩნდება შემდეგი ორი მოთხრობიდანა.

უფლის სტუმრობა აბრამთან

[რედაქტირება]

(დაბ. 18,1-32) აბრამი და მისი ცოლი სარა გახდნენ ღირსი მეტად დიდი პატივისა, როდესაც მათ კარვები ედგათ მამბრეს დიდ მუხასთან, მათ თავის სადგომში სტუმრად მიიღეს თვით უფალი ღმერთი. იგი გამოეცხადა მათ შემდეგი უბრალო სახით: შუადღე იყო და აბრამი იჯდა თავის კარვის კარებთან, მაღლა აიხედა და მახლობლად დაინახა ს ა მ ი მგზავრი, წამოდგა მაშინვე, მიეგება მათ წინ, მიწამდის თავი დაუკრა და მიმართა თხოვნით მას, რომელიც უფროსს ჰგავდა: უფალო, თუ მე ღირსი ვარ შენი მოწყალებისა, ნუ ამიქცე გზასა, მიკადრე, მობრძანდი, დაისვენე ამ ხის ძირში და დანაყრდი ცოტაოდენი საჭმლით. მგზავრები დათანხმდნენ და მივიდნენ ჩრდილქვეშა. აბრამი გაეშურა კარავში და უთხრა სარასა: ჩქარა მოზილე და გამოაცხვე ხმიადები. მერე გაიქცა თავის ფარაში, თავისი ხელით ამოარჩია უკეთესი ხბო და უბრძანა, საჩქაროდ მოემზადებინათ. როცა ყველაფერი დამზადდა, აბრამმა მიართვა თავის სტუმრებსა პური, რძე, კარაქი და ხბოს ხორცი. ის თვითონ სთავაზობდა საჭმელსა და ემსახურებოდა სტუმრებსა. მაშინ ერთმა სტუმართაგანმა უთხრა აბრამსა: მერმისს, სწორედ ამავე დროს გეწვევით, შენ და შენს ცოლს მაშინ შვილი ნაშობი გეყოლებათ. სარა ამ დროს კარებში იდგა და რომ გაიგონა ეს სიტყვები, გულში ჩაიცინა. მაშინ სტუმარმა სთქვა: რად გაიცინა სარამა და იფიქრა თავის გულში: სიბერის დროს შვილი როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რამე ძნელი? სარამ და აბრამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც იცოდა, რასაც კაცი გულში იფიქრებდა და უწყოდა მომავალი. მაშინ იმათა სცვნეს ვინც იყვნენ მათი სტუმრები. სადილის შემდეგ საოცარი სტუმრები ადგნენ და წავიდნენ სოდომისაკენ. გახარებული აბრამი გასაცილებლად თან გაჰყვა მგზავრებსა. ორნი დაწინაურდნენ, უფროსი კი აბრამთან დარჩა და გამოუცხადა აბრამსა, რომ სოდომელების ცოდვანი აღწევდნენ ზეცამდე და მე გადავწყვიტე მათი სახსენებელი ამოვაგდო ქვეყნაზედაო. აბრამს შეეშინდა, ჩემი ძმისწულიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალსა, რომ მან დაიფაროს უსჯულო ქალაქი, თუ მასში ცოტაოდენი მართალნი მაინც იქნებიან: უფალო შენ ხარ მართლმსაჯული, და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან დაღუპავ? თუ იქ ორმოცდაათი მართალი ადამიანი იპოება, ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქსა?; უფალმა უპასუხა, რომ: მე ვაპატიებ ყველას, თუ მაგდენი მართალი ადამიანი მათ შორის ერევაო. აბრამმა კიდევ გაბედა და ჰკითხა: ორმოცდახუთი რომ იყოსო? ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთ მართალის დაკლებისათვის?; უფალმა მიუგო, რომ: არც მაშინ დავსჯიო. მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრამმა თანდათან დააკლო მართალთა რიცხვსა: თუ ორმოცი იქნება?; თუ ოცდაათი?; თუ ოცი?; თუნდ ათიც რომ იყოს?; უფალმა ბოლოს უპასუხა: არ დავღუპავ ათი მართალი კაცის გულისთვისაცაო.

სოდომის დასჯა

[რედაქტირება]

(დაბ. 19,1-28) საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოტი, ერთად-ერთი მართალი კაცი იყო მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულითა სთხოვა, რომ ისინი მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ. ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოტის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა. ამ დროს მათ კარს მიადგა ბიწიერი და აბეზარი სოდომელები და მოითხოვეს ლოტისგან, რომ მას მიეცა მათთვის სტუმრები შეურაცხყოფისთვის. ლოტმა ხვეწნა დაუწყო: ძმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტსა. მაგრამ სოდომელებმა მუქარით დაუყვირეს: როგორ, შენ უცხო კაცი ხარ, სხვა მხრიდან მოთრეული და ჭკუა ჩვენ უნდა გვასწავლო? ახლა გიჩვენებთ სეირს! - სთქვეს ეს და გაექანნენ ლოტისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოტი გამოაცალეს ხელითგან ხალხსა, შეიყვანეს შინა და მოკეტეს კარები. სოდომელებს უნდოდათ, კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვერ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა. ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოტსა: ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილ ქალაქის აღმოსაფხვრელად. თუ შენ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან. ლოტს სოდომში ჰყავდა დანიშნული სასიძონი თავის ქალებისათვის. შეატყობინა მათ ეს ამბავი და სთხოვა, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს თავიანთ სასიმამროსა და მასხრადაც აიგდეს. მეორე დღეს, სისხამზედ, მზის ამოსვლამდის, ანგელოზებმა უბრძანეს ლოტსა, რომ ის თავისი ცოლით და ქალებით საჩქაროდ გაქცეულიყო ქალაქიდან. რადგანაც ლოტი იგვიანებდა, ამიტომ ანგელოზებმა წაავლეს ხელი, გამოიყვანეს იგი სახლობით სოდომიდან და უთხრეს: უშველე ჩქარა თავსა, გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზედ, თორემ დაიღუპები!; ლოტმა გაუგონა ანგელოზებსა და გაიქცა თავის სახლობით. ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებსა: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებსა, მათ გარშემო არემარესა და მთლად გადაბუგა, შემდეგ გასკდა დედამიწა, ქალაქი ჩავარდა ძირსა და მის ადგილას გაჩნდა საშინლად მტუტე და მწარე ზღვა. ლოტის ცოლმა არ აასრულა ღვთის ბრძანება, წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი გზაზედ გაჩერდა, მიიხედა უკან და თითქოს ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარილის სვეტად. აბრამმა თავის ბინიდან დაინახა უშველებელი სვეტი კვამლისა, რომელიც სოდომიდან მაღლა ადიოდა, და ამით გაიგო, რომ მართლმსაჯულ უფალს ვერ უპოვნია ამ წაბილწულ ქალაქში ის ათი მართალი კაცი, რომელთა გულისთვის მისი დაფარვა აღუთქვა აბრამს.

ისაკის დაბადება და მსხვერპლად შეწირვა მისი

[რედაქტირება]

(დაბ. 21,1-3; 22,1-18) ბოლოს აღსრულდა უფლის აღთქმა. სარას, აბრამის ცოლს, მიეცა ძე, რომელსაც თანახმად ღვთის ნებისა, დაარქვეს სახელად ისაკი. ეს მოხდა სწორედ უფლისგან დანიშნულ დროსა, მაშინ აბრამი იყო სრული ასი წლისა, სარა - ოთხმოცდაათისა. გამოუთქმელ სიხარულს მისცა დედ-მამა ღვთის ამ მოწყალებამა, ახალშობილ ძეს შეჰხაროდნენ ისინი, როგორც უძვირფასეს საუნჯეს; ზრდიდნენ მას დიდი სიფრთხილით და ასწავლიდნენ კეთილმსახურებასა, ღვთის მორჩილებასა, კაცთმოყვარებასა და დედ-მამის პატივისცემასა. თვით ისაკიც იყო მეტად საყვარელი ბავშვი: წყნარი, ხათრიანი, მორჩილი, უწყინარი და მეცადინე. მაგრამ ერთხელ უფალი გამოეცხადა აბრამსა და გამოსაცდელად მოსთხოვა ამისთანა მსხვერპლი: აბრამ, წაიყვანე ძე შენი საყვარელი, დედისერთა ისაკი, ადი ერთ მთაზედ, რომელსაც მე შენ გიჩვენებ, და იქ შემომწირე მე იგი მსხვერპლად. აბრამს ისე მტკიცედ უყვარდა ღმერთი, რომ ერთ წუთსაც არ შეყოყმანებულა ამ მოულოდნელი ბრძანების აღსასრულებლად. მეორე დილითვე ადგა აბრამი, შეკაზმა სახედარი, გაიყოლა თან ორი თავისი მონა, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზასა. მესამე დღეს მივიდნენ მთასთანა, რომელიც უფალმა უჩვენა აბრამსა. თავისი ორი მონა, სახედრით, მთის ძირში დატოვა, ისაკს კი აჰკიდა ზურგზე მსხვერპლის დასაწვავი შეშა, თვითონ აიღო ხელში დანა და ცეცხლი და შეუდგა მთასა. გზაზედ ისაკმა ჰკითხა: მამილო, ეს მარტო ცეცხლი და დანა რომ მიგვაქვს მსხვერპლის შესაწირავადა, ბატკანი სადღაა?; ღმერთი თვითონ გვიჩვენებს შესაწირავ ბატკანსა, შვილო, - უთხრა მამამა. ბოლოს ავიდნენ მთის წვერზე. აბრამმა ააშენა სამსხვერპლო, დააწყო ზედ შეშა, მერე შეჰკრა ისაკი და დასდო შეშაზე. მშვიდი კრავივით ისაკი მამას ყველაფრის ნებას აძლევდა. აბრამმა აიღო ხელში დანა და უნდა დაეცა შვილისათვის. ამ დროს ზეციდან მოისმა ანგელოზის ხმა: აბრამ, ნუ შეახებ ხელსა ყრმასა მაგას, ნურას დაუშავებ მას. ეხლა ცხადად გამოჩნდა, რამდენად გიყვარს შენ ღმერთი, რადგანაც არ დაიშურე მისთვის ერთადერთი საყვარელი ძე შენი. აბრამი სიხარულით ცას ეწია და მაშინვე ახსნა ისაკი. მიიხედ-მოიხედა აბრამმა და დაინახა იქვე ახლოს ცხვარი, რომელიც რქებით გახლართულიყო ჯაგებში, აიყვანა ეს ცხვარი აბრამმა და შესწირა მსხვერპლად უფალსა ისაკის მაგიერად, და მასთან გადაუხადა მხურვალე მადლობა უფალს, რომელმაც ისაკის დაბრუნებით დიდი მოწყალება უჩვენა მას. როგორც დიდი იყო სარწმუნოება და სიყვარული აბრამისა ღვთისადმი, ისეც დიდ ჯილდოს ეღირსა იგი ღვთისგან. აი, რა ხმა მოესმა ზეციდან აბრამს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ: რადგანაც შენ არ დაიშურე ჩემთვის შვილი შენი საყვარელი, ამიტომ გაკურთხებ შენ დიდითა კურთხევითა და ისე გავამრავლებ შთამომავლობასა შენსას, როგორც მრავალნი არიან ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშანი ზღვისანი. და ერთი შენი შთამომავლის მეოხებით მიიღებენ უფლის კურთხევას ყოველნი ერნი ქვეყანისანი.

სარას სიკვდილი და ცოლის შერთვა ისაკისა

[რედაქტირება]

(დაბ. 23,1-20; 24,1-67; 25,1-10) უფალმა აბრამს და სარას დღეგრძელი ცხოვრება მიანიჭა. სარამ იცოცხლა ასოცდაშვიდი წელიწადი და მოკვდა ღრმა მოხუცებულებაში. აბრამმა რომ გამოიტირა თავისი ერთგული ცოლი, დაასაფლავა ერთ გამოქვაბულ კლდეში, მახლობლად იმ ადგილისა, სადაც იმან სტუმრად მიიღო უფალი სამი მოგზაური ანგელოზის სახითა. ეს გამოქვაბული გარშემო ადგილებით ეკუთვნოდა ახლო ქალაქის, ქებრონის, ერთ მცხოვრებელსა. აბრამმა ეს ადგილი თავის სასაკუთროდ იყიდა პატრონისაგან და მონიშნა საოჯახო სასაფლაოდ. სარას სიკვდილის შემდეგ აბრამმა დააჩქარა ისაკის ცოლის შერთვა, რადგან ქანაანელნი იყვნენ წარმართნი, ამიტომ მათგან ქალის თხოვნა არ ინდომა. მოუწოდა თავის ერთგულ მონას ელიეზერს და გაგზავნა იგი შუამდინარეთში, სადაც სცხოვრობდნენ შვილნი და შვილისშვილნი აბრამის ძმისა, და უბრძანა, რომ ამ გვარეულობაში ამოერჩია ისაკისთვის საცოლე. მონამ აასრულა თავისი ბატონის ბრძანება, შეკაზმა აქლემები და გაუდგა გზასა. კაი ხნის მოგზაურობის შემდეგ იგი მიახლოვდა საღამო ჟამზედ ნაქორის ქალაქსა, სადაც სცხოვრობდა ნათესაობა აბრამისა. ქალაქის გარეთ ელიეზერმა ნახა ჭა, სადაც წყლისთვის საღამოზედ ქალაქის ქალები გამოდიოდნენ, ჩამოხტა ამ ჭასთან და თავის გულში ღმერთს შეევედრა ამ ლოცვითა: უფალო, ღმერთო, გამოიხედე მოწყალე თვალით ჩემს ბატონზედ, მიჩვენე მე ის ქალი, რომელიც ისაკისთვის საცოლედ დაგინიშნია ამ სახითა: მე ვთხოვო მას, რომ წყალი დამალევინოს და მან ასე მიპასუხოს: შენც დალიე და შენს აქლემსაც ასვი. გაათავა თუ არა ეს ლოცვა, ჭას მიუახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და წყლის ამოღება დაიწყო. ელიეზერი მივიდა მასთან და სთხოვა: შვილო, დამალევინე მე წყალი დოქით. ამაზედ ქალმა მიუგო: შენც მიირთვი, ბატონო ჩემო, და შენს აქლემსაც დავალევინებ. ელიეზერი განცვიფრებაში მოვიდა, რა სწრაფად აუსრულა უფალმა თხოვნა. მან ქალს საჩუქრად მისცა ოქროს საყურები და ძვირფასი სამკაულები და ჰკითხა: ვისი ქალი ხარ? ქალმა უპასუხა: მე ვარ ასული ბათოელისა ნაქორის შვილისა. ხოლო ნაქორი იყო აბრამის ძმა. ელიეზერმაც უთხრა ქალს თავისი ვინაობა. მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთს ელიეზერმა, რომ მან პირდაპირ მოიყვანა აბრამის ნათესავებთანა და ცხადად უჩვენა ისაკის საცოლე. რებეკა გაიქცა შინ გახარებული და დედას უთხრა, აბრამის მონა ვნახე და ეს საჩუქრები მომცაო. მაშინვე ელიეზერს გაეგება რებეკას მამა და მიიწვია სახლში. ელიეზერმა დაწვრილებით უამბო, თუ რისთვის არის გამოგზავნილი და როგორ უჩვენა უფალმა რებეკა, როგორც მისგან არცეული საცოლე ისაკისათვის; ბოლოს ჰკითხა: თანახმანი ხართ, გამოუშვათ ჩემთა რებეკა, რათა გახდეს ცოლი ისაკისა? დედ-მამა მაშინვე დათანხმდა, თვითონ რებეკამაც გამოაცხადა ამაზედ თავისი თანხმობა. ამის შემდეგ დედ-მამამ დალოცა, აკურთხა თავისი შვილი რებეკა და გაისტუმრრა შორ გზაზე. როცა ქანაანის ქვეყანაში მივიდნენ, რებეკა გახდა ცოლი ისაკისა. ამის შემდეგ აბრამმა ცოტა ხანიღა იცოცხლა და გარდაიცვალა ასსამოცდათხუთმეტი წლისა, იგი დამარხა ისაკმა იმავე გამოქვაბულში, სადაც განისვენებდა სარას გვამი.

ესავი და იაკობი

[რედაქტირება]

(დაბ. 25, 20-34; 27,1-46; 28,1-5) ისაკი იყო ისეთივე კეთილმსახური კაცი, როგორც აბრამი. ღმერთს იგი თავის მფარველობის ქვეშ ჰყავდა და უმეორებდა იმ აღთქმებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მისცა აბრამსა, მაგრამ ისაკიც, თავის მამასავით, დიდხანს დარჩა უშვილოდ. ორმოცდასამი წლისა იყო, როცა მან რებეკა შეირთო, და მამა მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც სამოცი წლისა გახდა. ამ დროს რებეკას მიეცა ტყუპი ვაჟი. რომელიც პირველად იშვა, იმას ესავი დაარქვეს, მეორედ ნაშობს კი უწოდეს იაკობი. ესავი როცა მოიზარდა, მონადირეობა არჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა და გახდა მწყემსი. ესავი იყო გულსწრაფი, გულჩქარი და უზრუნველი თვისებებისა, ხოლო იაკობს ჰქონდა მშვიდი, ხათრიანი და უწყინარი ხასიათი. პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი _ დედას უფრო უყვარდა. ერთხელ ესავი, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ, მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა. მოიტა, გამაძღე ერთი მაგ შენი შეჭამანდითა, უთხრა ესავმა იაკობს. შენი პირველობა ახლავე მე დამითმე და ბატონი ბრძანდები, უპასუხა იაკობმა. რა თავში ვიხლი პირველობას, როდესაც შიმშილითა ვკვდები, მოუფიქრებლად მიუგო ესვმა. ასე წინდაუხედავად დაუთმო ესავმა პირველობა თავის უმცროს ძმასა და შეჰფიცა კიდეცა, რომ მასში თავის დღეშიაც არ შეეცილება. ესავს, როგორც დაუდეგარ კაცსა, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა საპირველო კურთხევა. მაგრამ ეს კურთხევა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს _ იაკობსა. საქმე იაკობს გაურიგა რებეკამა, რომელსაც იგი თავიდანვე უყვარდა უფროს შვილზედ მომეტებულადა. რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვასა, ადგა და გააგზავნა იაკობი მამასთან კურთხევის მისაღებად, მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა. ისაკი ამ დროს ძალიან მოხეცებული იყო და ვერაფერსა ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დალოცვის მისაღებად, ისაკს ეგონა, ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზედ. ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი ყვირილი და ტირილი მორთო და დაუწყო ხვეწნა მამას, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ ინდომა, რადგანაც იფიქრა: უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდა უფროსობაო. ამიტომ ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, მოკვდება თუ არა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ ვაცოცხლებო. რებეკამ გაიგონა ეს მუქარა, შეეშინდა საყვარელი ძის მოკვლის და უბრძანა იაკობსა, რომ იგი გაქცეულიყო მის ძმასთან, ლაბანთან, შუამდინარეთს და იქ ეცხოვრა ბიძასთან, სანამ ესავი გულს მოიბრუნებდა ძმაზე. იაკობი დათანხმდა. როცა მოხუცებული მამა კვდებოდა, უბრძანა იაკობსა, რომ მას ცოლი შუამდინარეთიდან მოეყვანა და ბოლოს უთხრა: და მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა შენ და შენთა შთამომავალთ ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც მისცა აბრამსა, მამასა ჩემსა. იაკობმა ახსენა ღმერთი და გაუდგა გზასა.

იაკობის მოგზაურობა

[რედაქტირება]

(დაბ. 28,10-22; 29,1-5; 30,1-43; 31,1-55) იაკობმა გასწია ჩრდილოეთისაკენ, რადგან შუამდინარეთი ამ მხარეს იყო ქანაანის ქვეყნიდან. კარგა გზა გაიარა პირველსავე დღეს. ღამემ ტრიალ მინდორზე მოუსწრო. დაღალულმა იაკობმა დაიდო ქვა და დაიძინა მინდორში. ძილში ნახა საკვირველი სიზმარი. ვითომ ამართულიყო დედამიწაზედ მაღალი, თვალუწვდენელი კიბე და თავი მიბჯენილიჰქონდა ცაზე. ამ კიბეზე მრავალნი ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაღლა, კიბის თავზე კი იდგა თვით უფალი და ეუბნებოდა იაკობს: მე ვარ ღმერთი აბრამისა და ისაკისა, ნუ გეშინიან, მაგ ქვეყანას, სადაც ეხლა შენ სწევხარ, დაგიმკვიდრებ შენ და შენთა შთამომავალთა, რომელთაც გავამრავლებ, როგორც ქვიშასა ზღვისასა. ერთი შენი შთამომავლის შუამავლობით ვაკურთხებ მე ყოველთა მცხოვრებთა ქვეყანისათა. არასოდეს თავს არ დაგანებებ, დაგიცავ ყველგან, სადაც უნდა წახვიდე და მშვიდობით დაგაბრუნებ ამავე ქვეყანაში. იაკობმა რომ გამოიღვიძა, სთქვა: საშიში არს ადგილი ესე; აქ არის სახლი უფლისა; აქ არის კარები ცისა, გადაუხადა უფალს მადლობა და გასწია თავის გზაზედ. კაი ხნის მოგზაურობის შემდეგ იაკობი მივიდა ხარანში თავის დედის ძმასთან, ლაბანთან. ნათესავები სიხარულით მიეგებნენ და დააბინავეს თავისთან. რადგანაც ლაბანს ბევრი საქონელი ჰყავდა და იაკობმაც მშვენივრად იცოდა მწყემსობა, ამიტომ ბიძამ თავისი დისწული მეცხვარედ დაიყენა. გასამრჯელოს ლაბანი ფულის მაგივრად ცხვრებით იხდიდა. მოეწონა აქ ყოფნა იაკობს და ცოლიც აქ შეირთო, თანახმად ისაკის სურვილისა.იაკობი ძალიან გამდიდრდა თავისი წილი ცხვარითა. უფალმა აკურთხა მისი შრომა და მოთმინება და ხელი მოუმართა. თავისი საკუთარი ცხვარი საკვირვლად გაუმრაავლდამას და შეადგინა მრავალი ფარა. ამიტომ ლაბანმა და მისმა შვილებმა შურის თვალით დაუწყეს ყურება იაკობის სიმდიდრესა. იაკობმა ეს რომ შენიშნა, სთქვა: მე აქ აღარ მედგომება, დროა, პირი შინისაკენ ვქნაო. ადგა და წავიდა მთელი თავისი სახლობით, მრავალი მონით და საქონლით ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა ბიძასთან, ოცი წლის წინ.

იაკობის დაბრუნება

[რედაქტირება]

(დაბ. 32,1-31; 33,1-16; 35,5-29) იაკობს რთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა; მას ეგონა, რომ ესავს ისევ ბოროტი გული ექნება ჩემზედაო.მაგრამ უფალმა ერთის მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობსა, რომ მას შიში არაფრისა არ უნდა ჰქონოდა. იაკობმა გზაზედ ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად იყვნენ, დაეცვათ იგი ყოველივე ბოროტისაგან. იმედმოცემულმა იაკობმა გააგზავნა ძმასთან რამდენიმე თავისი მონა, რომ შეეტყობინებინათ: შენი ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო. გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობსა, მათ უთხრეს: შენი ძმა, ესავი, თვითონ მოდის შენთან შესახვედრად, მრავალი შეიარაღებული კაცითაო. იაკობი ძალიან შეშინდა და შესთხოვა ღმერთს შემწეობა შემდეგი ლოცვითა: უფალო, თუმცა ღირსი არა ვარ ამდენს შენს მოწყალებასა და სიკეთესა, მაგრამ მაინც გევედრები, დამიხსნა მე ჩემი ძმის ხელიდანა. მე მეშინია, რომ მან მეც არ მომკლას და ცოლ-შვილიც არ გამიწყვიტოს. თავის მხრივ იაკობმა მოისაზრა, ეჩვენებინა თავისი ძმისათვის თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამითი მოეგო მისი გული. თავის საქონელში აარჩია საუკეთესო ძვირფასი პირუტყვი და გაუგზავნა ესავს ძღვნადა ანუ საჩუქრადა. მაგრამ იაკობი მაინც კიდევ იჭვნეულობდა ძმაზედა და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად, იმ შემთხვევისთვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას. ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დუწყო ლოდინი ძმის შეხვედრასა დიდის მღელვარებითა და შფოთითა. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა გასაოცარი გამოცხადებითა: ღამე იყო. იაკობი თავის ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა მასთან ე რ თ ი ვ ი ნ მ ე და დაუწყო ჭიდაობა. ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა განთიადმა მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა იაკობსა: ახლა გამიშვი. კმარაო. იაკობმა უპასუხა: არ გაგიშვებ, მინამ არ მაკურთხებ. მაშინ მოჭიდავემ ჰკითხა იაკობს სახელი და უთხრა: ამის შემდეგ შენი სახელი უნდა იქნას ისრაელი, იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს იჭიდავე ღმერთთან, და მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ. ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა. იაკობმა კარგად შეიტყო, ვინც იყო მისი მოჭიდავე და იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ღმერთმა უთხრა, შიში სრულიად გაუქრა მას და ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებასა. ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდებოდა და ეწოდება აქამდე ისრაელი ხალხი. სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს მთავარი ძარღვი თეძოსი დაუშავდა და მთელი სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა. მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა მრავალი კაცითა. იაკობი რომ მიოახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა, შვიდჯერ დაუკრა ძმას თავი მიწამდის. ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმურის სიყვარულით მოეხვია ყელზედ, ჰკოცნიდა და თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვასა. ტიროდა აგრეთვე თვით იაკობიცა. მერე ესავი ალერსიანად მიესალმა იაკობის ცოლ-შვილსა და დიდით პატარამდის სიყვარულით მოიკითხა. უწინდელი უკმაყოფილების ხსენებაც არსად იყო. საჩუქრების მიღებაზედ, რომლებიც იაკობმა წინდაწინ გაუგზავნა, ესავი უარზედ იდგა და ეუბნებოდა; ძმაო, ჩემი დოვლათიც ბევრი მაქვს, ღვთის მოწყალებით; დაიბრუნე ისევ უკან ჩემთვის გამოგზავნილი, მაგრამ იაკობმა ძალიან გულით სთხოვა, რომ ესავს მიეღო საჩუქრები და ამით ეჩვენებინა მისთვის თავისი სიყვარული და ძმური მეგობრობა, მაშინ ესავი დაჰყვა მის ნებასა. როცა დრო მოვიდა წასვლისა, ესავი ძმურად გამოეთხოვა იაკობსა და შინისაკენ წავიდა. იგი კაი ხანი განშორებული იყო მამისაგან და ცხოვრობდა სხვა ადგილასა. იაკობი კი გაეშურა თავის მოხუცებული მამისაკენ. გზაზედ მან გადახედა იმ ადგილს, სადაც კიბე ნახა სიზმარში და შესწირა უფალსა სამადლობელი მსხვერპლი მშვიდობით დაბრუნებისათვის. აქ ერთხელ კიდევ გამოეცხადა მას უფალი და გაუმეორა თავისი კურთხევა და აღთქმანი. მოხუცებული ისაკი სიხარულით ცას ეწია, როცა ოცი წლის წასული იაკობი ნახა მშვიდობით დაბრუნებული, გამდიდრებული და ცოლ-შვილით გაბედნიერებული. იაკობი დასახლდა თავის მამასთანა და მის სიკვდილამდე არ მოშორებია. როცა ისაკი გარდაიცვალა, იაკობმა და ესავმა დამარხეს მამა იმ ადგილას, სადაც ემარხნენ აბრამი დასარა.

იაკობის შვილები

[რედაქტირება]

(დაბ. 29,32-25; 30,8-24; 37,3-10) იაკობსა ჰყავდა თორმეტი შვილი. სხვაზედ მომეტებულად მას უყვარდა უმცროსი შვილი, სახელად იოსები. ეს იმიტომ, რომ იოსები იყო მეტად კეთილი ბავშვი, მართლისმთქმელი, გულწრფელი და თავის მამას არაფერს არ უმალავდა. მამაც მას უფრო ალერსიანად ექცეოდა და ჭრელ ტანისამოსს აცმევდა. ძმებმა ამიტომ ძვირი გული ჩაიდვეს იოსებზედა, შურის თვალით უცქეროდნენ მას და შეიძულეს სრულიად. მათი სიძულვილი იქამდის მივიდა, რომ თავის უმცროს ძმასთან ლაპარაკსაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ თვითონ იოსებს კი ძვირი გული არ ჰქონდა ძმებზედ, უყვარდა ისინი და გულწრფელად ექცეოდა. რადგან გულში მას ეშმაკობა სრულიად არ ედო, ამიტომ ძმებს არ დაუმალა თავისი სიზმრები, რომელნიც მოასწავებდნენ, რომ იგი გახდება მომეტებული თავის ძმებზედ. აი, რა სიზმრები იყო: მე მესიზმრა, _ ეუბნება იოსები ძმებსა, _ ვითომ ჩვენ ყველანი ყანაში ვიყავით და ვკრავდით ძნებსა, უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს, ჩვენზედ მეფობა ხომ არ მოგდომია? _ უთხრეს გაჯავრებით ძმებმა, როცა ეს სიზმარი მოისმინეს. შემდგომ იოსებმა მეორე სიზმარი უთხრა: მე მესიზმრა, თითქოს შუაში ვიდექი და გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ, როცა იოსებმა ეს სიზმარი სთქვა, მამაც კი გაუჯავრდა: ნუთუ მეცა, დედაშენიცა და შენი ძმებიცა შენ უნდა გიკრავდეთ თავს?! თუმცა კი იაკობი გაუჯავრდა იოსებსა, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაირჩინა გულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო. ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.

იოსების გაყიდვა

[რედაქტირება]

(დაბ. 3,14-35) ერთხელ იაკობმა გაგზავნა იოსები მინდორში თავის ძმებთან, რომელთაც საქონელი შორს წაესხათ და რამდენიმე დღე მამამ მათი არა იცოდა რა. იოსები წავიდა, ბევრი ეძება და ბოლოს მიაგნო თავის ძმებსა. ძმებმა რომ შორიდან დაინახეს იოსები, ერთმანერთს უთხრეს: აგერ, ჩვენი სიზმრად მნახველი მოდის; მოდით, მოვკლათ იგი და მამას ვუთხრათ, მხეცს გაეგლიჯა და შეეჭამა-თქო; მაშინ ვნახოთ, როგორ ასრულდება მისი სიზმრები. მარტო ყველაზედ უფროსი ძმა, რუბენი, არ იყო თანახმა და სხვას ურჩევდა ძმებსა: ისა სჯობიან, რომ ძმის სისხლში ხელი არ გავისვაროთ და ჩავაგდოთ ღრმა ხაროში. მას განზრახვა ჰქონდა, მერე ჩუმად ამოეყვანა იოსები ორმოდან და გაეპარებინა მამასთანა. გაუგონეს უფროს ძმასა, გახადეს იოსებს ტანისამოსი და ჩააგდეს ღრმა ხაროში. შემდეგ დასხდნენ და სადილს დაუწყეს ჭამა. ამ დროს გამოჩნდნენ მათკენ მომავალი უცხო ქვეყნის ვაჭრები, რომლებიც დატვირთული აქლემებით ეგვიპტეში მიდიოდნენ და ერთმანერთში რჩევა დაიწყეს: რა სარფას მოვიგებთ ძმის მოკვლით, უფრო სჯობია, მივყიდოთ ამ ვაჭრებსა, მინამ მისი მკვლელები შევიქმნეთ; რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი ძმაა. სთქვეს და აასრულეს კიდეცა. ამოიყვანეს იოსები ხაროდან და მიჰყიდეს უცხო ვაჭრებსა ოც ვერცხლადა. ამ დროს უფროსი რუბენი სხვაგან იყო წასული და არ იცოდა, რა უყვეს ძმებმა იოსებს. როდესაც მობრუნდა უკანა და ხარო ცარიელი დახვდა, გულს ელდა ეცა და დიდის სიმწუხარით უთხრა ძმებსა: ბავშვი აქ აღარ არის, ახლა რაღა მეშველება?!; როგორც უფროს შვილს, იაკობი მას მოჰკითხავდა თავის უმცროსი შვილის დაკარგვასა და ამიტომ სწუხდა რუბენი. მოხუცებული მამა რომ მოეტყუებინათ, ძმებმა დაჰკლეს თიკანი, მის სისხლში გასვარეს იოსების ტანისამოსი, მოუტანეს მამასა და ჰკითხეს: ეს შენი შვილის ტანისამოსი ხომ არ არის, ჩვენ მინდორში ვიპოვნეთო?; იაკობმა იცნო თავისი საყვარელი შვილის ტანისამოსი, იფიქრა, უთუოდ შეუბრალებელმა ნადირმა გამიგლიჯა გზაზედაო და მორთო მწარე ტირილი და გოდება. შვილები ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ, მაგრამ იაკობი საშინლად წუხდა, მათ ნუგეშს არც კი ისმენდა და ამბობდა: სამწუხაროთა ჩემითა ჩავალ საფლავსაო.

იოსების მიყვანა ეგვიპტეში

[რედაქტირება]

(დაბ. 37,36-39; 37,1-2; 39,4-23; 40,1-23) ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მიჰყიდეს მონად ერთ დიდკაცსა, რომელსაც სახელად ერქვა პეტერფე, იოსები ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლისა. ღმერთმა თავის მოწყალება არ მოაკლო აქ იოსებსა. რასაც საქმეს კი ჩააბარებდნენ, იოსები აკეთებდა სწრაფად, მოხერხებით და სინდისიანად. ყოველ საქმეში მას ღმერთი ხელს უმართავდა და სხვებში ისე ერჩეოდა, როგორც დღე ერჩევა ღამიდან. პეტეფრე რომ დარწმუნდა იოსების მხნეობაში და პატიოსნებაში, მოუწოდა მას თავისთან და ჩააბარა მოურაობა მთელი თავისი სახლისა და ქონებისა. ამის შემდეგ ღმერთმა კეთილად წარმართა ყოველი საქმე პეტეფრესი. მაგრამ, საუბედუროდ, პეტეფრეს ჰყავდა ცოლი მეტად ცუდი, ბოროტი და ღვარძლიანი დედაკაცი. ყველა ცუდ ადამიანს სძულს კეთილი, სინდისიანი ადამიანი, ამიტომ რომ, როცა თავის თავს მასთან ადარებს, იგი საძაგლობას უფრო ცხადად გრძნობს. პეტეფრეს ცოლმაც შეიძულა უმანკო იოსები და მოინდომა იმისი გაძევება თავის სახლიდანა. დასწამა რაღაც ცილი იოსებს თავის ქმრის წინაშე და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში. მაგრამ მართალმა და უმანკო იოსებმა თავისი მშვენიერი ყოფა-ქცევით საპყრობილეშიაც მალე მოიპოვა ნდობა და პატივისცემა თავისი უფროსისა, რომელმაც დააყენა იგი პყრობილთა ზედამხედველად. ამ პყრობილთა შორის ერია ორიკაცი, რომლებიც უწინ იყვნენ დაახლოვებულნი მსახურნი ეგვიპტის მეფისა. ერთი იყო მეპურე, მეორე მეღვინე. ერთხელ იოსებმა ნახა, რომ ორივენი ძალიან დაღონებულნი იყვნენ და ჰკითხა. რადა ხართ ადრე მწარედ დაღონებულნიო?; იმათ მიუგეს: ჩვენ ორივემ სიზმრები ვნახეთ და არ ვიცით, რას მოასწავებენო. ხოლო იოსებს ღვთისგან ჰქონდა მიცემული იმისთანა ნიჭი, რომ შეეძლო გაეგო ღვთისგან იყო სიზმარი, თუ არა. და თუ ღვთისგან იყო, რას მოასწავებდა. იოსებმა სთხოვა ეთქვათ სიზმრები. მეღვინემ უთხრა: მე ვნახე სიზმრად, ვითომც წინ ვიდექი, ხელში მეჭირა სამი მტევანი ყურძნისა, ვწურავდი მათგან წვენსა ჯამში და ვასმევდი ხელმწიფესა. მეპურემ უთხრა: მე მეჩვენა, ვითომც თავზე სამი კალათა მედგა _ ერთიერთმანერთზედ, მაღლა კალათაში ეწყო სხვადასხვა საჭმელი, ფრინველები ასხდებოდნენ და ჰკენკავდნენ. როცა იოსებმა მოისმინა ეს სიზმრები, მეღვინეს უთხრა: შენი სიზმარი კაი რამეს მოასწავებს: შენ მეფე ისევ დაგაბრუნებს სასახლეში, და უწინდელსავე თანამდებობას ჩაგაბარებს. მეპურე უთხრა: სამწუხაროდ, შენი სიზმარი დიდ უბედურებას ნიშნავს: სამი დღის განმავლობაში შენ მეფის ბრძანებით გაგიყვანენ აქედან, ჩამოგახრჩობენ და ფრინველნი დაუწყებენ შენს სხეულს გლეჯასა. როცა სიზმრების ახსნა დაამთავრა, იოსები მიუბრუნდა მეღვინეს და სთხოვა: იმდენი სიკეთე მიყავ, რომ გამიხსენე, როცა მეფემ ისევ დაგიახლოვოს, შეაბრალე მას ჩემი თავი და დამიხსენ აქედან. მე აქ სრულიად უდანაშაულოდ ვარ დამწყვდეული. რაც იოსებმა უწინასწარმეტყველათ, ყველაფერი ისე ასრულდა: მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი ისევ დაუბრუნეს. როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არასდროს დაივიწყებს მართალ ადამიანს.

ფარაონის სიზმრები

[რედაქტირება]

(დაბ. 41,1-57) ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს ფარაონმა ნახა ორი სიზმარი, რომლებიც უბრალო სიზმრებისაგან ცხადად განირჩეოდნენ და თითქოს, რაღაც დიდ უბედურებას მოასწავებდნენ. ფარაონმა ამიტომ დიდი ყურადღება მიაქცია ამ სიზმრებს და შეჰყარა მთელი ეგვიპტის მეცნიერნი მათ ასახსნელად. მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო, თუ რას მოასწავებდნენ ისინი. მაშინ მეღვინეს მოაგონდა იოსები,წარსდგა ფარაონის წინაშე და მოახსენა: საპყრობილეში გახლავთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელმაც ორი წლის წინათ მე და მეპურეს საკვირველად სწორედ აგვიხსნა სიზმრები: რაც გვითხრა, ყველაფერი ისე მოხდა. თქვენი სიზმრების ახსნა იმის მეტს არავის შეუძლიან. მაშინვე გაგზავნეს კაცები საპყრობილეში და წარმოადგინეს იოსები ფარაონის წინაშე. ფარაონმა უთხრა იოსებსა: მე ვნახე სიზმრები და მათი ახსნა ვერავინ შეძლო. მე მითხრეს, რომ შენ გაიგონებ თუ არა სიზმარსა, მაშინვე ახსნი, თუ რას მოასწავებსო. იოსებმა მიუგო: უღვთოდ ფარაონის პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ არის ღმერთი ცაში, რომელიც თავის ერთგულთ უცხადებს საიდუმლოთა, მაშინ ფარაონმა უთხრა იოსებს თავისი სიზმრაბი: მე ვნახე, ვითომც მდინარის პირას ვიდექი, უცებ წყლიდან გამოვიდა შვიდი მშვენიერი და მსუქანი ძროხა და მიდიოდა ბალახის საძოვნელად, მათ უკან მოჰყვა შვიდი გამხდარი და ისეთი მჭლე ძროხა, რომ მთელს ჩემს სახელმწიფოში მათი მსგავსი არ მინახავს; ამ გამხდარმა ძროხებმა მთლად დაჭამეს მსუქანი ძროხები და მაინც ამის შემდეგ დარჩნენისეთივე გამხდრები, როგორნიც იყვნენ. აქ მე გამომეღვიძა. მერმე რომ ისევ დავიძინე, სხვა სიზმარი ვნახე. მესიზმრა, ვითომც ერთი პურის ღეროზედ ამოვიდა შვიდი სრული და მსხვილი თავთავი, მერე ამათ მოჰყვა შვიდი ფშუტე და ხმელი თავთავი; და ამ შვიდმა ფშუტა თავთავმა ჩაყლაპა შვიდი სრული თავთავი და არაფერი კი მოიმატა. იოსებმა მოახსენა ფარაონსა: ორივე სიზმარი ერთსა და იმავე რამეს მოასწავებს. ამ სიზმრებით უფალი ატყობინებს ფარაონს მომავალსა. შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სრული თავთავი ნიშნავს შვიდ მოსავლიან წელიწადსა, ხოლო შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი ფშუტე თავთავი მოასწავებს შვიდ შიმშილობის წელიწადსა. აი დადგება ახლა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და გაივსება ეგვიპტე დოვლათითა, მაგრამ ამ დალოცვილ დროს მოჰყვება შვიდი საშინელი შიმშილის წელიწადი. ეს რომ უთუოდ აცხადდება და არ დაიგვიანებს, იქიდან ჩანს, რომ ერთსა და იგივე ფარაონს უნახავს ორჯერ. ამიტომ, _ გააგრძელა იოსებმა, _ ფარაონმა უნდა ინებოს ბრძენი და საზრიანი კაცის პოვნა და დაადგინოს იგი მთელი ეგვიპტის მზრუნველად. ამ მზრუნველმა უნდა შვიდი წლის განმავლობაში აკრიფოს მთელ სახელმწიფოში მეხუთედი ნაწილი ყოველგვარი მოსავლისა და შეინახოს დიდ ბეღლებში, რომ შემდგომ მშიერ წელიწადებში მთელი ქვეყანა შიმშილით არ დაიღუპოს. ფარაონს მეტად ჭკუაში მოუვიდა სიზმრების ახსნა და ძალიან მოეწონა იოსების წინადადება. ამიტომ სთქვა: სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცსა, როგორიც შენა ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი, და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის ქვეყნის უფროსადა. ყველა შენ სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი არ გაკეთდება ჩემ საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენზედ უფროსი. ეს რომ სთქვა ფარაონმა, გამოიძრო ბეჭედი ხელიდან და გაუკეთა იოსებსა. აგრეთვე ჩამოჰკიდა კისერზედ ოქროს ძეწკვი და ბრძანა, ჩაეცმიათ ძვირფასი ტანისამოსი, ჩაესვათ მდიდრულ ეტლში, ეტარებინათ და თავი ყველას დაეკრა მისთვის, იოსები ამის შემდეგ გახდა მეორე კაცი მთელ ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოსა. როგორც იოსებმა სთქვა, ყველაფერი სწორედ ისე ასრულდა. შემდგომი წლიდან დაიწყო მშვენიერი მოსავალი და მთელ ეგვიპტეში და მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ შემცირებულა. ამ დროს იოსებმა მოწეული დიდძალი პური და ყველა ჭირნახული შეკრიბა ბეღლებში. შემდეგ დადგა მტკნარად მშიერი, სრულიად უმოსავლო დრო და გასტანა მთელი შვიდი წელიწადი. გარეშემო ქვეყნებში პირველსავე შიმშილობის წელიწადს შემოაკლდა ხალხს პურიდა რომ შეიტყვეს, ეგვიპტეში ბევრი Qჭირნახულია შეგროვებულიო, იწყეს აქეთკენ დენა პურის სასყიდლად. იოსები უარს არავის ეუბნებოდა, რადგან ჭირნახული იმდენი ჰქონდა მოგროვილი, რომ ეყოფოდა ეგვიპტესაც და სხვა ქვეყნებსაცა. ასე გადაარჩინა იოსებმა ეგვიპტე შიმშილისგან დაღუპვას და მასთან გაამდიდრა ფარაონის ხაზინა.

იოსების ძმების მისვლა ეგვიპტეში

[რედაქტირება]

(დაბ. 42,1-38) შიმშილობა მარტო ეგვიპტეში როდი დადგა. იგი მოედო ქანაანის ქვეყანასაც, სადაც ცხოვრობდა იაკობი თავის შვილებთან ერთად. იაკობმა რომ გაიგო, ეგვიპტეში პურსა ჰყიდიანო, გაგზავნა თავის შვილები პურის სასყიდლად. ათი უფროსი ძმა გაუდგა გზასა, მეთერთმეტე კი, სულ უმცროსი, რომელსაც სახელად ბენიამენი ერქვა, შინ, მამასთან დარჩა. როცა ეგვიპტეში მივიდნენ, ათივე ძმა გამოცხადდა იოსებთან, როგორც მთელი იმ ქვეყნის უფროსთანა და თავი მდაბლად მიწამდის დაუკრეს. ვერც ერთმა ძმამ იოსები ვერ იცნო, იმიტომ, რომ კაი ხანი გავიდა, რაც მათ იგი გაყიდეს და იოსები მასუკან გადაიქცა სრულ, წარმოსადეგ კაცადა. ამის გარდა, ძმებს სრულიადაც ვერ მოუვიდოდათ ფიქრადა, თუ იმათი ძმა, მონად გაყიდული, ამისთანა დიდებას მოეწეოდა. იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი და მოიგონა ის სიზმრები, რომლებიც მან პატარაობაში ნახა, მაგრამ ძმებს სრულიად არ აჩვენა, თუ ისინი იცნო. იოსებს სურდა, ჯერეთ გაეგო, ძმები გრძნობდნენ და ნანობდნენ თავიანთ ცოდვასა, თუ არა. ამ განზრახვით იოსები მოექცა მათ შემდეგის სახით: ძმები მიიღო მან, როგორც უცხონი, მისთვის სრულიად უცნობი. და ლაპარაკიც ეგვიპტურ ენაზე დაუწყო. სადაურები ხართ? _ ჰკითხა იოსებმა მთარგმნელის პირით. ქანაანის ქვეყნიდან გახლავართ, _მიუგეს მათ, _ და პურის სასყიდლად მოვსულვართ. დამზვერავნი ხართ თქვენა და არა ვაჭარნი! _ მრისხანედ უთხრა მათ იოსებმა და მოსულხართ ჩვენი ქვეყნის გზების გასაგებად. ძმებს შიშის თავზარი დაეცათ: არა, ბატონო, _ მოახსენეს მათ, _ ჩვენ ალალმართალი კაცები გახლავართ. ჩვენს ვინაობას ახლავე შეგატყობინებთ: ჩვენ ვართ თორმეტი ძმანი, ერთი დედ-მამის შვილნი, სულ უმცროსი შინ დარჩა მამასთანა, ერტი კი დიდი ხანია აღარ არის. იოსებმა ამ გამოკითხვიდან შეიტყო, რომ მისი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც ყველაზე მომეტებულად უყვარდა, ცოცხალნი არიან, მაგრამ ისე აჩვენა თავი, ვითომც მათი სიტყვები არა სჯეროდა და უთხრა: მაშ კარგი, მალე შევიტყობთ, მართალს ამბობთ თუ ტყუილსა: ერთი თქვენგანი გააგზავნეთ თქვენს ქვეყანაში და მან მოიყვანოს თქვენი უმცროსი ძმა; სხვანი კი აქ უნდა დარჩეთ ტყვედ, მანამ არ დაამტკიცებთ, რომ თქვენ ტყუილს არ მეუბნებით. ამის შემდეგ გაგზავნა ისინი საპყრობილეში და სამი დღე დამწყვდეული ჰყავდა. მესამე დღეს ბრძანა, რომ ძმები მეორედ მოეყვანათ მასთან და უთხრა მათ: მე მეშინიან ღვთისა და არავის წყენა არ მინდა. დეე, მარტო ერთი თქვენგანი დარჩეს საპყრობილეში და სხვანი კი წადით და მიიტანეთ თქვენს ოჯახობაში ნასყიდი პური. მაგრამ უმცროსი ძმა კი უთუოდ უნდა მომგვაროთ; თუ ამას არ იქმთ, სიკვდილი მოგელით. მაშინ ძმებმა ერთმანერთში დაიწყეს ებრაულ ენაზე ლაპარაკი: შევცოდეთ ჩვენ, რომ დავღუპეთ უმცროსი ძმა. არ შევიბრალეთ მისი ხვეწნა და ტირილი გაყიდვის დროსა და აგერ, ჩვენ მისი ცოდვა გვეწია და გვსჯის. რას მოიფიქრებდნენ, თუ მათი ლაპარაკი კარგად ესმოდა იოსებსა, რომელმაც გული ვეღარ შეიმაგრა, წავიდა მეორე ოთახში და ატირდა. გული რომ მოიბრუნა, იოსები დაბრუნდა უკანვე და უბრძანა, ერთი მათგანი, სახელად სვიმონი, შეეკრათ მის თვალწინ და უკანვე საპყრობილეში წაეყვანათ, სხვებისთვის კი მიაცემინა პური და გაისტუმა. როცა ძმები დაბრუნდნენ შინა და უამბეს მამას თავიანთი თავგადასავალი, იაკობი ძალიან შეწუხდა და თქვა: თქვენ გინდათ, რომ მე სრულიად უშვილოდ დამაგდოთ. იოსები დამეღუპა, სვიმონიც არსადა სჩანს და ბენიამენიც გინდათ წამართვათ? არა, არასდროს ბენიამენს თქვენ არ გაგატანთ, გზაზედ მას ხიფათი რამე შეემთხვევა და სიმწრით ჩამიყვანთ საფლავში.

მეორედ მოსვლა იოსების ძმებისა ეგვიპტეში

[რედაქტირება]

(დაბ. 43,1-34) ნასყიდი პური დაიხარჯა და შიმშილობა კი გრძელდებოდა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იაკობის შვილები ხელმეორედ უნდა წასულიყვნენ ეგვიპტეში პურის სასყიდლად. მოხუცებული იაკობისთვის დიდი სამძიმო საქმე იყო ბენიამენის მოშორება, მაგრამ უიმისოდ მის შვილებს არ შეეძლოთ ეგვიპტის უფროსს სჩვენებოდნენ. ბოლოს, როგორც იყო, შვილებმა დაიყოლიეს თავიანთი მამა ბენიამენის გატაცებაზედ. იაკობმა გაამზადა ყველა თავისი შვილი სამგზავროდ. დაულოცა მათ გზა მშვიდობისა, ტირილით გამოესალმა და გაისტუმრა. იოსებმა მეორედ თავისი ძმები ძალიან ალერსიანად მიიღო. როცა იმათი მოსვლა მოახსენეს, თავის მოსამსახურეთ უბრძანა, მის საკუთარ სახლში დაებინავებინათ, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ. შემდეგ იოსებიც გამოვიდა მათთან და მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა: მამათქვენი ხომ კარგად არის? თქვენ თქვით, მოხუცებულიაო, ხომ ისევ ცოცხალია? ეს არის თქვენი პატარა ძმა? ნუ მოგაკლოს, შვილო, ღმერთმა თავისი მოწყალება. სთქვა თუ არა ეს სიტყვები, საჩქაროდ გაბრუნდა და გავიდა მეორე ოთახში. მას ძალიან უყვარდა ბენიამენი, სიხარულისგან გული ამოუჯდა, თავი ვეღარ შემაგრა და დაიწყო ტირილი. მერე, პირი რომ დაიბანა და გული გაიმაგრა, ისევ შევიდა თავის ძმებთანა, მიიპატიჟა სუფრაზედ და უბრძანა, საჭმელი მიერთმიათ. თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელსა, მეტადრე ბენიამენსა. ამასთან ერთმა გარემოებამ ძალიან გააკვირვა იოსების ძმები: მან ისინი დასხა წლოვანების რიგზედ, თითქოს იცისო, რომელი უფროსია და რომელი უმცროსიო. სადილზედ იოსების ძმები ძალიან გამხიარულდნენ, რადგან სრულიად არ მოელოდნენ მეგობრულ მოქცევასა და ალერსს. სადილის შემდეგ უბრძანა, მიეცათ პური და გაისტუმრა ყველანი შინა.

იოსები უცხადებს ძმებს თავის ვინაობას

[რედაქტირება]

(დაბ. 44_11_34; 45,1 _ 24) იოსები ჯერ კიდევ არ გაუტყდა თავის ძმებსა, იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, შური ჰქონდათ თუ არა უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა, მზად იყვნენ თუ არა გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცებული მამა. ამიტომ ამ განზრახვით იოსებმა თავის მსახურთ უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ იოსების ვერცხლის აზარფეშა. როცა ძმები წავიდნენ თავის გზაზედ, იოსებმა გამოუყენა უკან თავისი სახლის გამგებელი; როდესაც დაეწია, და გააჩერა გზაზედ, ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანერთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, რას ეუბნებოდა ის კაცი. რად მოიპარეთ აზარფეშა ჩემი ბატონისა, ის აზარფეშა, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს? რას ბრძანებთ, ბატონო? _ მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, _ ჩვენ ამისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ. თუ ჩვენგანს ვისმეს ის აზრფეშა უპოვნოთ, სიკვდილით დასაჯეთ და ჩვენც ყველანი შენი ბატონის მონებად გვაქციეთ. კარგი, აგრე იყოს, ვისაც ვუპოვნით აზარფეშას, ის უნდა ჩვენი მონა გახდეს. ეს რომ თქვა, დაუწყო გახსნა ყველა ტომარასა და გაუჩხრიკა ყველს, უფროსიდან დაწყებული უმცროსამდის. აზარფეშა აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში. საშინელი თავზარი დაეცათ ძმებსა, სიმწრით ტანისამოსი გაიგლიჯეს და სახედრებს უკან აქნევინეს პირი. როცა ისინი წარსდგნენ იოსების წინაშე, მან მიიღო ძმები სასატიკი საყვედურითა. მაშინ იუდა წარსდგა წინა და მოახსენა: რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავსა? ღმერთი უწინდელი შეცოდებისათვის გვსჯის ჩვენა. აი, ეხლა ჩვენ ყველანი შენს მონებად ვრჩებით. არა, _ მიუგო იოსებმა, _ მე მაგას არა ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვისაც ტომარაში უპოვეს აზარფეშა, თქვენ კი ყველას შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთანა. მაშინ იუდამ დაუწყო ხვეწნა და ვედრება, რომ ეს არ ექნა მათთვის. მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღის სიცოცხლე არ შეუძლიან უბენიამენოდ. თუ იგი მაგას დაჰკარგავს, ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენოთ მოხუცებულ მამასა? რა უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა ვუცქიროთ მის საცოდაობას? არა, დამარჩინე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინათავის ძმებთანა. მაშინ იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა გარეთ თავისი მსახურნი და როცა ძმებთან მარტო დარჩა, წასკდა მდუღარე ცრემლები და დაიძახა. მე იოსები ვარ, ცოცხალია კიდევ მამაჩემი?; ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან, მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ. სირცხვილმა და შიშმა მოიცვა ისინი და იდგნენ მის წინაშე გაქვავებულნი. მაშინ იოსებმა უთხრა: ახლო მოდით ჩემთან. მივიდნენ, მაგრამ ჯერ სიტყვა ვერ ამოიღეს: მე იოსები ვარ, თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც თქვენ გაჰყიდეთ. მაგრამ ნუ სწუხხართ, თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადარჩენისათვის. გაეჩქარენით მამაჩემისაკენ და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვარეთ აქა. მერე გაექანა, მოეხვია ყელზედ ბენიამენსა, ჰკოცნიდა და სიხარულით ორივე სტიროდა. მერე დაჰკოცნა თვალცრემლიანმა ყველა სხვა ძმებიც, რომლებიც აგრეთვე სტიროდნენ და მათი ცრემლები ერთმანერთში ერეოდა. მხოლოდ ახლა აეხსნა მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი. ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და ბრძანა, რომ მისი სახელითაც მიეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა თავისი ძმები მრავლის საჩუქრითა და გაატანა მამის გადმოსაყვანად მდიდრული ეტლები.

იაკობის გადასახლება ეგვიპტეში

[რედაქტირება]

(დაბ.45,26 _ 28; 46,5 _ 30; 47,7 _ 28; 49,1 _ 32: 50,1 _ 25) იოსები ისევ ცოცხალია და უფლობს მთელს ეგვიპტეზედ! _ ეს სიტყვები ახარეს იაკობს მისმა შვილებმა, როდესაც შინ დაბრუნდნენ ეგვიპტიდან და მამას ყელზედ ეხვეოდნენ. მოხუცებული მამის გული ძლიერ შეჩვეული იყო მწუხარებას საყვარელი შვილის დაკარგვით და ამიტომ იაკობი არ ერწმუნებოდა მათ სიტყვას. მაგრამ როცა შვილებმა იოსების ყველა სიტყვა უთხრეს, დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და აჩვენეს იოსებისგან გამოგზავნილი ეტლები, იაკობი გაცოცხლდა სულითა და სთქვა: ოჰ, ბედნიერებავ! ნუთუ იოსები კიდევ ცოცხალია? ახ! წამიყვანეთ და მაღირსეთ მისი ნახვა, მინამ სიკვდილს არ უსწვრია ჩემთვის! იაკობი საჩქაროდ მოემზადა ეგვიპტეში წასასვლელად. ჩააბარგა მთელი თავისი ქონება, განძეულობა და შვილებით და შვილიშვილებით გაუდგა გზასა. იოსებმა რომ გაიგო მამის მოახლოვება, ჩაჯდა ეტლში და გამოეგება გზაზედ. დაინახა თუ არა მამა, გაექანა, მოეხვია ყელზედ და დიდხანს სტიროდა გულში ჩაკრული. ახლა კი მშვიდად მოვკვდები, შვილო, _ ეუბნებოდა მამა, _ ვინაიდან ვნახე სახე შენი და დავრწმუნდი, რომ ისევ ცოცხალი ხარ. იოსებმა თავისი მამა წარუდგინა ფარაონსა. რამდენი წლისა ხარ? ჰკითხა იაკობს ხელმწიფემ. ასოცდაათი წელია, რაც მე ქვეყანაზედ სტუმრადა ვარ, _ მიუგო იაკობმა, _ მცირე და მოკლენი არიან დღენი ხნისა ჩემისანი და ბევრით ძირს ჩამოუვლენ დღეგრძელობასა ჩემი მამა-პაპისასა. ფარაონმა მისცა იაკობს საცხოვრებლად ერთი, ყველაზედ უკეთესი კუთხე ეგვიპტისა, სადაც იაკობი დაბინავდა მთელი თავისი სახლობითა. ეგვიპტეში იაკობმა ჩვიდმეტი წელიწადი კიდევ იცოცხლა. სიკვდილის წინ იოსების ორი შვილი აკურთხა და შერაცხა ისინი მემკვიდრეობის უფლებით, მერე დაიბარა თავისი შვილები, დალოცა ისინი და აკურთხა. ამასთან, ერთ იმათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ შენს შთამომავლობაში არ გამოილევიან თავადნი და მეფენი, მანამ არ მოვა ქვეყანაზედ მაცხოვარი, რომელიც იქნება შენივე შთამომავლობისაო. ამის შემდეგ იაკობმა სთხოვა თავის შვილებსა, რომ მათ მისი გვამი წაეღოთ ქანაანის ქვეყანაში და დაესაფლავებინათ პაპასთან და მამასთან, ბოლოს შეევედრა ღმერთსა და მშვიდობით განუტევა სული ას ორმოცდაშვიდი წლისამ. იოსებმა და სხვა შვილებმა მამის ანდერძი აასრულეს და დაასაფლავეს იგი აბრამთან და ისაკთან. როცა დასაფლავების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნდნენ, იოსების ძმები შეფიქრიანდნენ, ვაითუ ჩვენმა ძმამ ახლა სამაგიერო გადაგვიხადოს იმ ბოროტისათვის, რომელიც ჩვენ მას დავმართეთო. მივიდნენ ერთად იოსებთანა, მდაბლად დაუკრეს თავი და მოახსენეს: გვაპატიე ჩვენი შეცოდება შენს წინაშე, ჩვენ ეხლა შენი მონანი ვართ. იოსებმა დაამშვიდა ისინი: ნუ გეშინიათ, რაც თქვენ მე მიყავით, ღმერთმა კეთილად გადამიქცია. მე არამც თუ ცუდი არა მსურს თქვენთვის, არამედ ვიქნები თქვენი მზრუნველი და მფარველი ჩემ სიკვდილამდე. დამშვიდებული ძმები დაბრუნდნენ თავის ბინაზედ და კეთილად ცხოვრობდნენ იოსების მფარველობის ქვეშა, როცა იოსები კვდებოდა, თავის ძმებს ანდერძად დაუგდო, როცა თქვენ უფალმა გაგიყვანოთ აქედან ქანაანის ქვეყანაში, ჩემი ძვლები ამოიღეთ საფლავიდან, წაიღეთ თანა და დამარხეთ ჩემს მამა-პაპასთანაო.

ისრაელთა მდგომარეობა ეგვიპტეში იოსების სიკვდილის შემდეგ

[რედაქტირება]

(დაბ. 46,2 _ 3; გამ. 1,1 _ 22; 5,5 _19) როდესაც ისრაელი გადასახლდა ეგვიპტეში, ღმერთმა მისცა მას ამისთანა აღთქმა: მე წარმოვადგენ შენგან დიდ ხალხსა. მართლაც, გავიდა რამდენიმე ასი წელი და იაკობის თორმეტი შვილის შთამომავალთაგან შესდგა დიდი ისრაელის ერი, რომელიც განიყოფებოდა თორმეტ ტომად, თანახმად თორმეტი წინაპრისა. სანამ იოსები ცოცხალი იყო, იაკობის შთამომავლობა კარგად ცხოვრობდა, მისი შევიწროება არავის შეეძლო, მაგრამ რაკი იოსები მოკვდა და ისრაელთ მოაკლდათ მძლავრი მფარველი, მათი მდგომარეობა თადათან უფროდაუფრო გაცუდდა. ბოლოს ეგვიპტეში გამეფდნენ იმისთანა ფარაონები, რომლებსაც სრულიად არ ახსოვდათ იოსების სიკეთე და ღვაწლი. ამიტომ მათ დაუწყეს ბოროტის თვალით ყურება ისრაელთა. ისინი ასე ფიქრობდნენ:ეს ხალხი საკვირველად მრავლდება და ჩვენზედ ძლიერი ხდება. რომელსამე უცხო ქვეყანასთან რომ ომი მოგვიხდეს, შეიძლება ისრაელნი ჩვენი მტრის მხარეზე გადავიდნენ, დაგვამარცხონ, მტრის ხელთ მიგვცენ, თვით დანებონ ჩვენ სახელმწიფოს თავი და თავის ქონებიანად წავიდნენ თავის ქვეყანაში. ფარაონები ასე ფიქრობდნენ, რადგან გაგებული ჰქონდათ, რომ ისრაელნი ეგვიპტეს დროებით ბინადა სთვლიდნენ, თავის სამშობლოდ მიაჩნდათ ქანაანის ქვეყანა და განზრახვა ჰქონდათ მომავალში მოხერხებული შემთხვევით ესარგებლათ, გასულიყვნენ ეგვიპტიდან და გადასახლებულიყვნენ თავის უწინდელ ქვეყანაში. ფარაონები ჯერ ეცადნენ ეგვიპტელებთან შეერწყათ ისრაელნი და ერთი ხალხი გაეხადათ. დაუწყეს დევნა მათ ენასა, სარწმუნოებასა და მათ ჩვეულებათა. სურდათ, რომ ისრაელთ დაევიწყებინა თავიანთი ენა, სარწმუნოება, ხალხი, დაეწყოთ ლაპარაკი ეგვიპტურ ენაზედ, მიეღოთ ეგვიპტელების სარწმუნოება, მაგრამ ისრაელთ საკვირვლად უყვარდა თავისი დედაენა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზედ. დევნამ უფრო მომეტებულად შეაყვარა ერთიც და მეორეცა. მართალია, მათ შორის გამოჩნდნენ ზოგიერთი მოღალატენი, რომელნიც ფულის გულისთვის და ჯამაგირიანი ადგილების მიღებისათვის გადაუდგნენ თავის ხალხს, მაგრამ ესენი იყვნენ სულით მდაბალნი, წუწკნი არსებანი, რომლების მოსხლეტა და განშორება ისრაელთათვის სასარგებლოც იყო, როგორც გადამდები ავადმყოფობით დასნეულებულის კაცის მოშორებაა კარგი ჯანსაღებისათვის. ეს მოღალატენი ეზიზღებოდათ, არამც თუ ისრაელთა, არამედ თვით პატიოსან ეგვიპტელთაცა, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ მხარეს გადადიოდნენ ფულის გულისათვის და არა იმიტომ, რომ ეგვიპტელობა მათ მოსწონდათ და უყვარდათ. როცა ისრალთა გაეგვიპტელება ვერასგზით მოახერხეს, ფარაონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი როგორმე დაესუსტებინათ, შეემცირებინათ და დაეუძლურებინათ. ამიტომ იმათ მეტად მძიმე და აუტანელი ხარჯი დაადეს: ისრაელებს ათხრევინებდნენ თიხასა, აწვევინებდნენ აგურსა, აშენებინებდნენ ვეებერთელა შენობებსა და აკეთებინებდნენ ყოველგვარ საქმესა ეგვიპტელებისასა. ერთი სიტყვით, მთელი ხალხი მონებად, ეგვიპტელების ყურმოჭრილ ყმებად გადააქციეს. მათ დაუყენეს ზედამხედველები, რომლებიც მუშაობის დროს ერთი წუთის დასვენების ნებას არ აძლევდნენ, განუწყვეტლივ ამუშავებდნენ და წამდაუწუმ მათრახებით და შოლტებით თავპირს ამტვრევდნენ, რატომ უფრო ბევრს არ მუშაობთო. ამ მდგომარეობაში ყველა სხვა ხალხი ამოწყდებოდა, მაგრამ ისრაელნი კი თანდათან საკვირველად მრავლდებოდნენ და მატულობდნენ. მაშინ ფარაონმა გამოსცა ერთი უდიერი ბრძანება: სადაც კი ისრაელის ვაჟი დაიბადოსო, წაართვით და წყალში გადააგდეთო. ვაჟიშვილის დაბადება ყოველთვის და ყველგან ბედნიერება იყო და სასიხარულო საქმეს შეადგენდა. ფარაონის ბრძანებამ კი ვაჟიშვილის ყოლა დიდ უბედურებად გადააქცია. ყოველი დედ-მამა, რომელსაც ვაჟიშვილი მიეცემოდა, მგლოვიარად უნდა გადაქცეულიყო და ეტირნა შვილის უდროოდ დაღუპვა. ამ საშინელთა უბედურებათა სრულიად მიაქციეს ღვთისაკენ გული, სული და გონება ისრაელთა. მარტო ერთი ღვთის იმედიღა ჰქონდათ, მარტო მასზე სასოებდნენ, მარტო მისგან მოელოდნენ გამოხსნასა და ამიტომ მხურვალე გულით ევედრებოდნენ უფალსა შველას. უფალმა შეიწყნარა მათი მწარე ტირილი, მიიღო მათი მხურვალე ვედრება და მათსავე შორის გააჩინა გამომხსნელი.

მოსეს დაბადება და აღზრდა

[რედაქტირება]

(გამ. 2,1 _ 10) იმ დროს, როდესაც ფარაონის ბრძანებით ისრაელთ უხოცავდნენ ახალდაბადებულ ვაჟიშვილებს, ერთ ისრაელის დედაკაცს დაებადა ვაჟი, რომელსაც იგი სამი თვის განმავლობაში მალავდა. ბოლოს ცხადად დაინახა, რომ მეტი დამალვა ყმაწვილისა აღარ შეიძლებოდა, დღეს თუ ხვალ ეგვიპტელები შეიტყობდნენ, წაართმევდნენ და წყალში გადაუგდებდნენ ბავშვს დასახრჩობად. დაწნა იმ ქალმა ლერწმის კალათა. კარგა ღონივრად გაფისა გარშემო, რომ წყალი არ შესულიყო, ჩააწვინა მძინარე ბავშვი შიგ, დილა-ღამიანად ჩაიტანა დიდი მდინარის პირას და ლერწმებში ჩადგა. ამასთან თავის ქალს, მარიამს, უთხრა, რომ ახლომახლო დამალულიყო და თვალი ჩუმად ედევნებინა, რა მოუვიდოდა ყმაწვილსა. დილით მდინარეზე ჩამოვიდა საბანაოდ თვით ფარაონის ქალიშვილი, თავისი მოახლეებითა. ფარაონის ასულმა ლერწმებში თვალი მოჰკრა კალათასა, და ერთს თავის მოახლეს უბრძანა გამოეტანა. როცა მოახლემ კალათა მოუტანა და ახადა, შიგ ხელმწიფის ქალმა ნახა მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც ის იყო გამოღვიძებოდა და ტიროდა: ახ, ეს უთუოდ ისრაელთა ბავშვია, _ სთქვა შებრალებით ფარაონის ქალიშვილმა. მაშინ ამ ბავშვის დამ, რომელიც მოფარებით იქვე ახლოს იდგა და ამ სცენას უთვალთვალებდა, მოირბინა, ვითომც უცხო ვინმემ და ხელმწიფის ქალიშვილს მოახსენა, ხომ არ გნებავთ, რომ მე მოგგვაროთ ძიძა მაგ ბავშვისათვის ებრაელთაგანო?; კარგი, მოიყვანე, _ უთხრა ფარაონის ასულმა. მარიამი გაიქცა და საჩქაროდ მოიყვანა თავისი დედა, რომელსაც ხელმწიფის ქალმა გასაზრდელად ჩააბარა ნაპოვნი ყმაწვილი. ასე გახდა ღვიძლი დედა ამ ბავშვისა მისივე ძიძა. როცა ბავშვი მოიზარდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა იგი და დაარქვა მას მოსე. და წაიყვანა მეფის სასახლეში გასაზრდელად. აქ მოსეს ინახავდნენ და ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ მეფის შვილსა და ასწავლეს მთელი სიბრძნე ეგვიპტელებისა, რომელნიც მაშინდელ დროში განათლებით ყველაზე წინ იდგნენ.

მოსეს გაქცევა ფარაონის სახლიდან

[რედაქტირება]

(გამ. 2,11 _ 15) ბედნიერ მდგომარეობაში ჩავარდა ყმაწვილი მოსე ფარაონის სასახლეში, რასაც კი გული ინატრებდა, იმის ხელქვეით იყო, რადგან ისე ჰყავდა ყველას მიჩნეული, როგორც ნამდვილი შვილი მეფისა. ამისთანა მდგომარეობაში სხვა უიმისო მიეცემოდა განცხრომით ცხოვრებასა, შეიქმნებოდა გულგრილი და ზურგს შეაქცევდა თავის ხალხსა. მაგრამ მოსესრულიად არ მოიქცა ასე იმას დედის ძუძუსთანავე ჰქონდა ჩანერგილი გულში სიყვარული თავისი ხალხისა, მისი ტანჯვა მას თავის ტანჯვად მიაჩნდა, მისი გული კვდებოდა, როცა ებრაელების ჩაგვრას ხედავდა, ან ესმოდა მათი წვალება. თავისი ხალხის გამოხსნა და განთავისუფლება იყო უმთავრესი, პირველი საგანი მოსეს ფიქრისა. მან კარგად იცოდა, რომ უსწავლელი კაცი ბევრს ვერაფერს არგებს თავის ხალხსა, თუნდაც ძალიან გულითაც უნდოდეს მისი ბედნიერება. ამიტომ მოსე ძალიან ბეჯითი იყო სწავლაში. რაც კი მაშინდელმა ეგვიპტელებმა იცოდნენ მეცნიერებისა, ყველაფერი მშვენივრად ისწავლა და მტკიცედ შეითვისა. იგი საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი თავისი მოქმედებისათვის. აგერ მოსემ დაასრულა სწავლა და შეიქმნა ვაჟკაცი. მის წინ იდო ორი გზა: თუ იგი ეგვიპტელებს მიემხრობოდა და უღალატებდა თავის თანამემამულეებს, მას მოელოდა პატივი, დიდი ადგილი, სიმდიდრე, განცხრომით ცხოვრება, ერთი სიტყვით, ბედნიერება. ხოლო თუ კი იგი შეიქმნებოდა თავისი ხალხის ერთგული მფარველი და მოსარჩლე, მაშინ იმას არ ასცდებოდა წვალება, ტანჯვა, სიღარიბე და, იქნებ სიკვდილიცა ებრაელების ხელითა. მოსემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ თავის ხალხთან ერთად მას ათასჯერ ერჩივნა ტანჯვა, ვიდრე სიამოვნება ეგვიპტელებთან, თავისი ხალხის გულისათვის სიკვდილს იგი ათასჯერ ამჯობინებდა ბედნიერ სიცოცხლეს ეგვიპტელების სამსახურში. მოსე შეიქმნა ერთგული მოსარჩლე თავისი ხალხისა, რომელსაც მეტად სჩაგრავდნენ ეგვიპტეში. იგი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ შვება მიეცა ისრაელთათვის: მალიმალ დასტოვებდა ხოლმე სასახლესა; დადიოდა ისრაელთა ქოხებში, ნუგეშსა სცემდა დაჩაგრულებსა, გულს უკეთებდა დაცემულებსა, ზოგს ფულითა შველოდა, ზოგს რჩევითა, ყველას ამხნევებდა, უქადაგებდა, რომ ერთი პირი ჰქონოდათ, ერთმანერთისათვის ზურგი მაგრად მიეცათ, ერთიმეორისათვის ეშველნათ, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტი ღმერთი, სძულებოდათ კერპები და ამ გზით მოემზადებინათ თავისითავი გამოხსნისათვის. ბევრჯერ ამ დროს თავისი თვალით ხედავდა, როგორ ურჯულოდ ექცეოდნენ ეგვიპტელები ებრაელებს, როგორ უწყალოდ სცემდნენ მათ უმიზეზოდ და მიწასთან ასწორებდნენ, გული ვერ უთმენდა მოსეს და ეგვიპტელებს სამაგიეროს უხდიდა. ბოლოს ფარაონმა შეიტყო, რრომ მოსეს ძალიან უყვარს ებრაელები, რომელთა ამოწყვეტასაც ის ცდილობდა. ესარჩლება მათ, უმართავს ხელსა, სძულს ეგვიპტელები, როგორც მჩაგვრელნი და ყოველთვის ისრაელთა მხარე უჭირავს. შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილითა. მოსემ რომ გაიგო, ადგა და გაიქცა ეგვიპტიდან უცხო ქვეყანაში. ამ დროს იგი იყო ორმოცი წლისა.

მოსეს მისვლა იოთორთან

[რედაქტირება]

(გამ. 2,15 _21) იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მოსე გაიქცა, აბრამის შთამომავალნიც ცხოვრობდნენ. აქაც პირველი მისი მოქმედება გახდა უძლურთა დახსნა ძლიერთა ბრიყვობისაგან. მოსემ ნახა ერთი ჭა და მასთან დაისვენა. ჩქარა იქ მირეკა ნახირი შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, რომელნიც მამის საქონელს მინდორში აძოვებდნენ. მათ უნდოდათ წყალი დაელევინებინათ საქონლისათვის, მაგრამ ამ დროს სხვა მწყემსებმაც მორეკეს საქონელი, ქალებს ნახირი იქით გაურეკეს და არ ანებებდნენ წყალსა. საწყალმა ქალებმა არ იცოდნენ რა ექნათ. ამ დროს მოსე მივიდა, შეარცხვინა ისინი, გამოესარჩლა ქალებს და უშველა მათ წყლის დალევინება სქონლისათვის. ქალები მეტად მადლობელნი დარჩნენ და როცა საღამოზედ საქონელი შინ მირეკეს, თავიანთ მამას, იოთორს, უთხრეს თუ რა შემწეობა გაუწია მათ ერთმა ზრდილმა ეგვიპტელმა. სად არის ის კაცი? რატომ არ მოიწვიეთ ჩვენსას? _ ჰკითხა მამამ და გაგზავნა თავისი ქალები, რომ მოსე სახლში მოეწვიათ. მოსე მოვიდა. მას მოეწონა იოთორი, როგორც კეთილმსახური კაცი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, მოეწონა აგრეთვე მთელი მისი კეთილი სახლობა და ამიტომ დარჩა მათთან. შემდგომ მოსე ნათესავი შეიქმნა ამ სახლობისა: იოთორის ქალი შეირთო, გახდა იოთორის სიძე და ამასთან თავის სიმამრის საქონლის მწყემსი. ბედი ძალიან ცუდად მოექცა მოსეს. მეფის სახლში გაზრდილი, ნაშვილები მეფის ქალისა, სწავლული კაცი, რომელიც ღირსი იყო პირველი ადგილისა სახელმწიფოში, შეიქმნა მოჯამაგირე და გახდა უბრალო მწყემსი. ამ ყოფაში ჩააგდო მოსე თავისი ხალხის სიყვარულმა, მისმა ერთგულებამა. სხვა უიმისო გაიტეხდა გულსა, შეაქცევდა ზურგს თავის ხალხსა, დაივიწყებდა მას და დაადგებოდა სხვა გზასა, მაგრამ მოსე ასეთი სულმოკლე არსება არ იყო. მის გულში ისეთი ძლიერი ცეცხლი ენთო თავისი ხალხის სიყვარულისა, რომ მას უხაროდა კიდეც, რომ ისრაელთა გულისათვის ეწვალებოდა და იტანჯებოდა. ახლაც მისი ფიქრი და დარდი იყო თავისი ხალხის გამოხსნა ეგვიპტელების ხელიდან. ხორცით იგი დასდევდა საქონელსა, მაგრამ სულით კი ებრაელებთან იყო. ის ნატრობდა იმ დროს, როდესაც ღმერთი აღადგენდა ებრაელთა შორის მძლავრ კაცსა და იგი გამოიხსნიდა თავის ერს ეგვიპტლების მონობიდან. თავის თავს მოსე არ რაცხდა ღირსეულად გამომხსნელობისათვის. როგორც ყველა გონებით მძლავრი კაცი, იგი იყო თავმდაბალი, მას სურდა მხოლოდ ყოფილიყო თანაშემწე გამომხსნელისა, მიეღო მონაწილეობა წმინდა საქმეში და თავი დაედო თავისი ხალხის ბედნიერებიათვის.

მოწოდება მოსესი ღმერთის მიერ

[რედაქტირება]

(გამ. 3,1 _ 15; 4,1 _31) ერთხელ მოსე საქონელს აძოვებდა ერთი მთის ახლოს, რომელსაც ერქვა ქორები. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ხალხის უბედურ მდგომარეობაზედ. ამ დროს უცებ მთაზედ დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა კი. გაკვირვებულმა მოსემ თქვა: წავალ ერთი და ვნახავ, რატომ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. როცა მიახლოვდა, მაყვლის ბუჩქიდან მოესმა ძახილი: მოსე, მოსე!; რაო, უფალო? _ მიუგო მან. ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა. და მერე დაუმატა: მე ვარ ღმერთი აბრამის, ისაკისა და იაკობისა. მაშინ მოსე აღივსო მოკრძალებითა და შიშითა, მოიხარა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა. უფალმა უთხრა: მე ვხედავ ტანჯვასა ჩემი ხალხისასა ეგვიპტეში, მსურს გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ უნდა ახლავე წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი. მოსე უარზედ დადგა. იგი ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის ასრულება მე როგორ შემიძლიანო. უფალს უპასუხა: განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი? უფალმა აღუთქვა თავისი შემწეობა და რომ მოსე ამაში უფრო დაერწმუნებინა, უთხრა: აი, იმ მთაზედ გადიხდის წირვასა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. მოსემ ჰკითხა: რო მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? მე ვარ არსი, ასე უთხარი: მე გამომგზავნა არსმა ე. ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება-თქო. ეს არის ჩემი სახელი. რომ არ დაიჯერონ და მითხრან, იქნებ შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყვეო, რა ვუთხრა მაშინა? ჰკითხა უფალს მოსემა. უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ იგი მიანიჭებს მას თავის ძალასა. და ამ ძალით იგი იმისთანა საქმეებს მოახდენს, რომლების მოხდენა არა კაცს არ შეუძლიან, მაშინ, უთხრა უფალმა, _ყველა დარწმუნდება, რომ შენ ხარ გამოგზავნილი ჩემგან და ჩემის ძალით ახდენ სასწაულთ. მოსე მაინც კიდევ უარზე იდგა. უფალო, _ უთხრა მან, _ მჭერმეტყველი კაცი მე ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან ბლუცა ვარ. უფალმა მიუგო: ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი? ვინა ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ? მე ხომ? მაშ, წადი: მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა სთქვა, შე ძმას, აჰრონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხსა, რასაც იმას ჩააგონებ. ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებასა, გამოესალმა თავის სახლობასა და გასწია ეგვიპტეში. გზაზედ შეხვდა მას უფროსი ძმა აჰრონი და ერთად მივიდნენ ისრაელებთან. აქ მათ შეჰყარეს ებრაელთა მთავრები, გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და განკარგულება. ებრაელებმა დაიჯერეს მოსეს ნათქვამი და სიხარულით მადლობდნენ მოწყალე უფალსა, შემდგომ მოსე და აჰრონი წავიდნენ ფარაონთანა.

მოსე ფარაონის წინაშე

[რედაქტირება]

(გამ. 5,1 _ 23; 6,11 _ 13; 7,9 _21; 8,2 _ 24; 9,1 _18; 19,4 _29; 11,8) მოსე და თავისი ძმა აჰრონი წარსდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს: ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადიხადოს წირვა და შემომწიროს მსხვერპლი. ფარაონმა ამაყად მიუგო: ვინ არის ეგ ღმერთი თქვენი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის ერს გავუშვებ აქედან. მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი: ეტყობა, ისრაელის ერს საქმე არა აქვს, რომ მაგისთანა რამეებზედ ფიქრობს, _ სთქვა ფარაონმა, _ მოუმატეთ მას სამუშაო! ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე ალიზის გასაკეთებლად. თვIთონვე აგროვონ ბზე და ალიზიც იმდენივე აკეთონ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ. ხელმწიფის ბრძანების თანახმად ზედამხედველები აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსავე ითხოვდნენ იმათგან, რამდენსაც წინათ, რადგანაც ებრაელები ვერ ასწრებდნენ ალიზის დაწესებული რაოდენობის გაკეთებას, ამიტომ ზედამხედველები უდიერად სცემდნენ. აუტანელ ტანჯვაში ჩავარდნენ ებრაელები და დაუწყეს ყვედრება მოსეს და აჰრონსა: ღმერთმა მოგკითხოთ თქვენა, რომ გახდით მიზეზი ჩვენი წვალების მომატებისა. მაშინ მოსემ მიმართა ღმერთს ლოცვითა: უფალო, რად გამომგზავნე ტყუილად ფარაონთანა? მე იმას ვუთხარი, რაც შენ ბრძანე და იმან უფრო უარესი გვიყო. მაშინ უფალმა უბრძანა მოსეს, რომ იგი ახლად წასულიყო აჰრონითურთ ფარაონთანა და მეორედ მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. თუ ფარაონმა გითხრათ, აბა დამიმტკიცე რითიმე, რომ შენ სწორედ ღმერთმა გამოგგზავნაო, უბრძანე აჰრონს ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი (ჯოხი) და იგი გველად გადაიქცევა. მოსე სწორედ ასე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუგონა. ეს იმიტომ, რომ გრძნეულმა ეგვიპტელებმა, რომელთაც ფარაონმა მოუხმო თვალთმაქცობით იგივე გააკეთეს, რაც მოსემ. ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა მოსე და აჰრონი ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული. ამის შემდეგ განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მიაყენა მრავალი სასჯელი. აი, ეს სასჯელნიც: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში ყველგან იქცა სისხლად და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ. მერე გაჩნდნენ უთვალავი, საძაგელი მიწის ბაყაყები, რომელთაც აავსეს მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და დაუკარგეს ეგვიპტელებს მოსვენება. შემდეგ დაეცა მთელ ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომელიც არავის მოსვენებას არ აძლევდა; გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და მთელი ქვეყანა მოჰფინა. ამის შემდეგ საქონელი დაავადდა ჭირითა და მთლად გაწყდა. ადამიანებს მუწუკმა გამოაყარა და ხოცავდა მათ. მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე. სეტყას მოჰყვა კალია, რომელმაც მოსვლიპა ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი იყო. სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო წყვდიადი ღამე. ყველა ეს სასჯელი დაწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვითა და მისივე სიტყვით თავდებოდა, მაგრამ არც ერთი სასჯელი არ შეხებია იმ კუთხეს ეგვიპტისას, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები. ამიტომ ფარაონი და ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით მათ სჯიდა ებრაელთა უფალი იმ ტანჯვისათვის, რომელიც მათ მიაყენეს მის ერსა. როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე ეგვიპტელებსა, ფარაონი იბარებდა ხოლმე მოსეს და ეუბნებოდა: მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ შენ ერს ეგვიპტიდანო. მაგრამ რაწამს სასჯელი მოშორდებოდა, ფარაონი თავის აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიქობდა, არ უშვებდა ებრაელებს და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავსა. ბოლოს მრისხანებით უთხრა მოსესა: აღარ დამენახო თვალითა, თუ კიდევ მოხვალ ჩემთანა, იცოდე, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩები! მოსემ მიუგო: როგორც ბრძანე, ისე იქნება. მე შენ ვეღარა მნახავ, თვით შენი ეგვიპტელი მონები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ებრაელი ერი, ვინაიდან თქვენი ჯიუტობით განრისხებულია ღმერთი, იგი საშინელებას მოგაყენებთ და მთელს ეგვიპტეში ატყდება საშინელი კვნესა და ტირილი.

გასვლა ისრაელთა ეგვიპტიდან

[რედაქტირება]

(გამ. 12,3 _ 37; 13,18 _ 22) ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი: როგორც ისინი უხოცავდნენ ისრაელებს ახალნაშობ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაჰკარგეს უფროსი ვაჟიშვილები. ერთ ღამეს სიყრმის ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში: ფარაონიდან დაწყებული უკანასკნელ გლეხამდის. ხოლო ისრაელებს აგრეთვე ჰქონდათ ნათქვამი ღვთისაგან მოსეს პირით, რომ ამ ღამეს ისინი სრულიად ყოფილიყვნენ მომზადებულნი ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და აბარგულნი. ამასთან უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მომეტებული არ უნდა უნდა ყოფილიყო და არც რაიმე წუნი ჰქონოდა, მისი სისხლი ჯვარედინად უნდა წაესვათ კარების თავზე გარედან, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ; ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და არც დაემტვრიათ და რაც კი შეუჭმელი დარჩებოდათ, უნდა ცეცხლში დაეწვათ როგორც წმინდა რამე. ამ წესის შესრულებას დაერქვა “პასექი უფლისა” შემდეგი მიზეზის გამო; როცა იმ ღამეს სიკვდილის ანგელოზმა ჩამოიარა ეგვიპტელების უფროსი ვაჟების დასახოცად, მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ, რომლების კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის სახლობათა. ბატკანი, რომელიც მოამზადეს ებრაელებმა და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა პასექის ბატკნად. ებრაელებმა სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა. იმავე ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელ ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება. ყველა სახლში უცებ მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი. შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აჰრონს და ნება მისცა ეგვიპტიდან გასვლისა მთელი ებრაელი ერითა, ეგვიპტელები თავის მხრივ აჩქარებდნენ ებრაელებს და ეუბნებოდნენ: გაგვეცალენით ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ ამოვიჟლიტებით. ებრაელები გაუდგნენ გზასა. მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი თავისი ნივთეულობა, სარჩო და სიმდიდრე. თან მიჰყავდათ საქონელი. იმათ გასწიეს ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც აღთქმის, ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო. მათ თან წაიღეს იოსების ძვლებიცა, თანახმად მისი ანდერძისა, ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს. მოსე წინ მიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით უფალი: იმათ წინ, მაღლა ცაში, მიდიოდა ღრუბლით ანგელოზი უფლისა; დღისით ეს ღრუბელი უჩრდილებდა მათ და იფარავდა უდაბნოს სიცხისაგან, ხოლო ღამე ცეცხლის სვეტად იქცეოდა და უნათებდა გზასა.

ებრაელების გასვლა ზღვაში

[რედაქტირება]

(გამ. 14,6 _32; გამ. 15,1 _ 22) ებრაელთა ერი ეგვიპტიდან რომ გავიდა, ფარაონმა მეორე დღესვე ინანა, რად გავუშვი ამდენი მუშა კაცი ჩემი საბრძანებლიდან, ვინღა დაადგება ახლა იმ საქმეებს, რომელთაც ებრაელები მიკეთებდნენო? არა, იმათი გაშვება არ შეიძლება, უთუოდ უკანვე უნდა დავაბრუნოო. საჩქაროდ შეკრიბა თავისი ჯარი, შეაბმევინა ეტლები და დაედევნა ებრაელებს. იგი საღამო ჟამს წამოეწია მათ. ამ დროს ებრაელი ერი ისვენებდა წითელი ზღვის პირად. ფარაონის უთვალავი ჯარი რომ დაინახეს, ებრაელთ თავზარი დაეცა. საით უნდა გაქცეულიყვნენ? წინ უდგას გაუზომელი ზღვა, უკანიდან ორივე მხრით მიადგა მათ ფარაონის აუარებელი ჯარი. ებრაელნი მიადგნენ მოსესა და დაუწყეს საყვედური: ეს რა გვიყავი შენა? რად გამოგვიყვანე გასაჟლეტად ამ უდაბნოში? განა ეგვიპტეში კი ვერ ვიშოვიდით დასამარხავ ადგილსა? მოსე გულს უმაგრებდა მათ: ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, ნახეთ, როგორ გადაგარჩენთ უფალი. ამ ეგვიპტელებს თვალით ვეღარ ნახავთ თქვენა. თვით უფალი იომებს თქვენს მაგივრადა. ხოლო თვითონ მოსე მიიქცა უფლისადმი მხურვალე ლოცვითა. უფლის შემწეობამაც არ დააგვიანა: რას მევეწები? _ უთხრა უფალმა მოსესსა, უთხარი ებრაელთა, გასწიონ წინ, ხოლო შენ აიღე შენი კვერთხი, დაჰკარ ზღვასა და გაყავ იგი. რომ ეგვიპტელები არ დასცემოდნენ, ღამითვე ებრაელთა ღმერთი თავის ღრუბლის სვეტითა მათ შუა ჩადგა, ებრაელთ უნათებდა და ეგვიპტელთ კი სიბნელეს ღამისას უხშირებდა. მოსემ ღვთის ბრძანებით დაჰკრა ზღვას თავისი კვერთხი და მოახდინა გასაოცარი სასწაული: ზღვა ორად გაიყო, შუაში გამოჩნდა ხმელეთი, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ წყალი კედლებივით ედგა. ებრაელები შევიდნენ ამ გასაოცარი ზღვის ორღობეში და გასწიეს იქითა ნაპირსა. ეგვიპტელებს თვალები აებათ, იფიქრეს, ისრაელნი ხმელეთის უბრალო გზაზედ მიდიანო და იმავე გზით დაედევნენ უკან. რადგანაც იმ ადგილას ზღვა ვიწრო იყო, ამიტომ ებრაელებმა მოასწრეს ერთ ღამეს გასვლა და მეორე დილაზედ, ადრიან, იქითა ნაპირას მოექცნენ. ეგვიპტელები კი სადილაოდ მარტო ზღვაში იყვნენ შესულნი, რადგანაც გზაზედ ეტლების თვლები მალიმალ ემტვრეოდათ, ცხენები უგიჟდებოდათ და სხვა უცნაური დაბრკოლებანი უჩნდებოდათ. მხოლოდ დილას, სინათლეზედ დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ზღვაში მოქცეულიყვნენ. საშინელი შიშის თავზარი დაეცათ, ალმურმა აიტანა, აირივნენ და იწყეს ყვირილი: უკან, უკანვე დავბრუნდეთ, ვანებოთ თავი ამ შეჩვენებულ ისრაელთა, თორემ მათი ღმერთი სრულიად ამოგვწყვეტს! მაგრამ გვიანღა იყო. ამ დროს მოსემ, იქითა ნაპირას მდგომმა, ღვთის ბრძანებით ხელმეორედ დაჰკრა თავისი კვერთხი ზღვასა, წყლის კედლები ერთმანერთისკენ გაექანენ, შეერთდნენ და ეგვიპტელები მოჰყვნენ ზღვის ფსკერზე. ფარაონი მთელი თავისი ჯარით მთლად დაიღუპა ზღვაში, ასე რომ ერთი კაციც არ გადარჩა. ასე სასტიკად დასაჯა უფალმა ეგვიპტელები ისრაელი ერის დაჩაგვრისათვის. უფალს მომაკვდავ ცოდვად მიაჩნია ჩაგვრა, მეტადრე მთელი ხალხისა, და თავის რისხვას ადრე თუ გვიან არ ააცილებს მჩაგვრელთა! ახლა კი ებრაელებმა ცხადად დაინახეს ყოვლად ძლიერება თავისი ღმერთისა. მათი გული აივსო მხურვალე მადლობითა, დამწკრივდნენ ერთადა და ადიდეს იგი შემდეგი საგალობელითა: ვუგალობდეთ უფალსა, რამეთუ მან საკვირველად ისახელა თავი, უფალი არს ჩემი ძალა და დიდება, იგი არს მაცხოვარი ჩემი და ღმერთი ჩემი, ვუგალობდეთ მას! მარიამი, მოსეს და, და სხვა ქალები მეორე პირად იდგნენ და იმეორებდნენ იმავე საგალობელსა. კაი სანახავს წარმოადგენდა ეს მთელი ერის გალობა; ტრიალ მინდორზედ, ზღვის პირად, ლაჟვარდი ცის ქვეშ, უთვალავს ერსა, კაცად და ქალად დაყოფილსა, გაჰქონდა ქების გუგუნი. აღიარებდა თავის ღრმა სიხარულსა და ადიდებდა უფალსა მაღალი ხმითა, და მათ ბანს აძლევდნენ ტალღები ზღვისანი დაფრინველნი ცისანი.

მგზავრობა ისრაელთა სინას მთამდის

[რედაქტირება]

(გამ. 15,22 _ 25; 16,1 _31; 19,1 _13) ქანაანის ქვეყნის გზა წითელი ზღვიდან მიდიოდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ, მაგრამ ებრაელებმა ამ გზას მხარი აუქციეს. მათ სურდათ ელოცათ უფალი და მადლობა შეეწირათ იმ მთაზე, სადაც მოსეს გამოეცხადა Yღმერთი. ამიტომ მათ დაუხვიეს აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ. ისინი გაუდგნენ დიდ შიშველ უდაბნოსა, სადაც არ იყო არც ნახნავ-ნათესი, არც მწვანე, არც მდინარეები, არც წყაროები, არც ადამიანისშვილის ჭაჭანება; ცხელი ქვიშის მეტი გარშემო არა მოჩანდა-რა. ზღვაში გასვლის შემდეგ სამი დღე უწყალოდ იყვნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ წყაროსა, მაგრამ წყალი შიგ მეტად მწარე იყო დასალევად სულ არ ვარგოდა. მაშინ ხალხმა დაიწყო მდურვა და ყვედრება. მოსემ შესთხოვა შველა უფალსა და მან უჩვენა წამლად ერთი ხე. ეს ხე ღვთის ბრძანებით, მოსემ ჩააგდო წყაროში; წყალი დატკბა, სასიამოვნო გემოსი შეიქმნა და ხალხმა მოიკლა წყურვილი. ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთ გამოელიათ საგზალი პური, რომელიც მათ წამოღებული ჰქონდათ ეგვიპტიდანა; იმის მაგიერ, რომ უფლისათვის ეთხოვათ შველა და შეწევნა, ისინი მიადგნენ მოსეს და აჰრონსა და დაუწყეს საყვედური: თქვენ აქ დასახოცად წამოგვიყვანეთ, ის არა სჯობდა, ისევ ეგვიპტეში მოგვღებოდა ბოლო. იქ ჩვენ ხორცი და პური თავზედ საყრელად გვქონდა. აქ კი ყველაფერს მოკლებულნი ვართ. მოსე მიიქცა ლოცვით უფლისადმი და მან მისცა საზრდო მშიერ ხალხსა. ჯერ მოუვლინა მრავალნი გუნდნი მწყრისა და მეორე დილაზედ ისრაელთ გარშემო მიწა დაჰფინა რაღაც თეთრი და მრგვალი მარცვლითა. რა არის ესა? _ ჰკითხავდნენ ერთმანერთს ისრაელნი. ეგ არის ზეციური პური, მანანა, რომელიც თქვენ საზრდოდ ღმერთმა მოგანიჭათ, _უპასუხა მოსემ. ეს მრგვალი მარცვლები იყო ისეთი ტკბილი, როგორც თაფლი და ისეთივე ნოყიერი, როგორც საუკეთესო პური. ამის შემდეგ მანანა უცვიოდათ ციდან ისრაელთა ყოველდღე, გარდა შაბათისა, მანამ ქანაანის ქვეყანაში არ შევიდნენ და არ დაემკვიდრნენ. მალე წყალი კიდევ შემოაკლდათ. ხელახლა ატყდა მათ შუა მდურვა. მოსემ შესთხოვა უფალს შემწეობა და მან უბრძანა, კლდეს კვერთხი დაჰკარიო. მოსემ დაჰკრა თავისი კვერთხი და კლდემ შადრევანივით გადმოსხა. მწყურვალე ხალხი სიჩქარით დაეწაფა და მოიკლა წყურვილი. ამის შემდეგ ისრაელთ თავს დაესხა ერთი ავაზაკი ხალხი, ამალეკნი, რომელნიც იმ უდაბნოში ცხოვრობდნენ. მოსემ საომრად თავისი თანაშემწე ისო გაგზავნა, თვითონ კი მთაზე ავიდა და აღაპყრნო ხელნი მაღლა და ევედრებოდა უფალსა. როცა მოსე ხელს მაღლა ასწევდა, ისრაელნი სძლევდნენ მტერსა, როცა დაუშვებდა, მტერი სძლევდა მათ. ეს რომ შენიშნეს აჰრონმა და ერთმა სხვა კაცმა, რომლებიც მოსესთან იყვნენ, მოსეს ორივე მხრივ დაუჭირეს მაღლა აპყრობილი ხელები და მანამ არ ჩამოუშვეს, სანამ ისრაელთ სრულიად არ დასძლიეს თავისი მტერი.

სჯულის მიცემა სინას მთაზე

[რედაქტირება]

(გამ. 19,1 _20; 20, 21, 22, 23) სამი თვის შემდეგ ისრაელნი მიადგნენ უფლისაგან დანიშნულ მთასა, ამ მთას ჰქონდა ორი მწვერვალი. უფრო დაბალ მწვერვალს ერქვა ქორები, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა, და უფრო მაღალს სინა ეწოდებოდა. თანახმად ღვთის ნებისა, ისრაელნი ჩამოხდნენ და დასცეს კარვები სინას მთის ძირსა. მოსე უფალმა მაშინვე ზევით, თავისთან, მოიხმო. იქ მას უბრძანა ციურმა ხმამა: მოამზადე ხალხი, ვინაიდან მესამე დღეს სინას მთაზედ ჩამოვა თვით უფალი ღმერთი, ხალხი გარს შემოარტყი მთასა და ყველას კი აუკრძალე, რომ მთაზედ ფეხი არავინ არ შესდგას და არ შეეხოს მას, რადგანაც ვინც მას შეეხება, უთუოდ მოკვდება. მოსემ აასრულა ღვთის ნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი. მესამე დღე რომ დადგა, სინას მთა შეიმოსა შავი ღრუბელითა, გაჩნდა ჭექა-ქუხილი, იწყო საშინელი ელვა და მოისმა საყვირის ხმა. მოსე ამ დროს იდგა მთაზედ წინაშე ღვთისა, მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი დაიბინდა, დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე. ამ დროს მთიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე! და უფალმა ამ სახით თავისი პირით წარმოსთქვა ისრაელთა წინაშე ათი მცნება. მთელი ხალხი კრძალვით გაკავებული ისმენდა ღვთის სიტყვას. ჭექით და ელვით უფლის გამოცხადებამ მეტად შეაშინა ხალხი, ამიტომ მათ სთხოვეს მოსეს: უფალს მარტო შენ ელაპარაკე, ჩვენ ნუღარ გველაპარაკება პირდაპირ, თორემ შიშით დავიხოცებით; და რასაც შენ უფალი გეტყვის, ჩვენ ყველას ავასრულებთ. მოსემ უპასუხა: არ დაიხოცებით, უფალი ეხლა იმიტომ გამოგეცხადათ ამ მრისხანე სახითა, რომ გქონდეთ მისი შიში და არ გაბედოთ დარღვევა მისი ნებისა და ბრძანებისა. შემდგომ მოსე ავიდა სინას მწვერვალზე, და შევიდა შიგ ღრუბელში. აქ უფალმა მის წინ გამოთქვა სხვადასხვა კანონი სჯულისა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი ისრაელთ, როგორ უნდა თაყვანს სცემდნენ მას, რომელი საქმენი არიან მათთვის საამონი და რომელი საწყინონი, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანერთი, როგორი სასამართლოები უნდა დაწესდეს ისრაელთა შორის და სხვანი. მთიდან რომ ჩამოვიდა, მოსემ ეს ყველაფერი გამოუცხადა ხალხსა, გააგებინა, აუხსნა, ჩასწერა ცალკე წიგნში და ისრაელთ ფიცი ჩამოართვა, რომ ისინი იქნებიან ერთგულნი აღმასრულებელნი ღვთისაგან მოცემული სჯულისა და კანონებისა.

კარავი კრებულისა

[რედაქტირება]

(გამ. 40,1 _36; დევ. 8,1 _13) აქამდის ისრაელთ არ ჰქონდათ არც საყდარი, სადაც სალოცავად ერთად შეიკრიბებოდნენ და არც მღვდლები ჰყავდათ წირვა-ლოცვის შესასრულებლად. წირვა-ლოცვას ასრულებდნენ ყოველ სახლში უხუცესნი. ახლა კი უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მას მოეწყო საზოგადო საყდარი, სადაც უნდა შეკრებილიყო მთელე ხალხი სალოცავად. მოსეს უნდა დაენიშნა ცალკეულნი პირნი წირვა-ლოცვის შესასრულებლად. საყდრის ასაშენებლად მოსემ მოსთხოვა ებრაელებს შესაწევარი. მათ დიდი სიხარულით მიიტანეს მრავალი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და ძვირფასი ქვები საყდრის მოსაწყობად და მოსართავად. მოსემ პირველად გააკეთებინა მოძრავი საყდარი, რომელიც ისეთნაირად მოაწყობინა, რომ როცა სურდათ, დაშლიდნენ და თან ადვილად წაიღებდნენ და როცა სურდათ, ისევ დასდგამდნენ ერთს ადგილსა. ამ საყდარს ერქვა კარავი კრებულისა. იგი ფარდით გაყოფილი იყო ორად: ფარდის ერთ განყოფილებას ერქვა “წმინდა წმინდათა”, მეორეს _ “საწმინდაო”. წმინდა წმინდათაში იდგა ოთხკუთხედი სკივრი, რომელშიაც იდვა ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით წარწერილნი. ამ სკივრს ერქვა კიდობანი სჯულისა. როცა კარავი კრებულისა სრულიად დამზადდა, მოსემ აკურთხა იგი. მაშინ ღრუბლის სვეტი ჩამოვიდა მასზედ და შემოერტყა გარსა, ეს იყო იმის ნიშანი, რომ თვით უფალმა დასახა იგი წმინდა ადგილად და თავის სახლად. ამის შემდეგ ეს სვეტი ღრუბლისა მუდამ ადგა თავზედ კარავსა, მანამ ისრაელნი აღთქმის ქვეყანაში შევიდოდნენ. როცა ეს სვეტი დაიძვრებოდა და მაღლა ავიდოდა, ისრაელნი აიშლებოდნენ და გაუდგებოდნენ გზასა; როცა იგი გაჩერდებოდა და კარავზედ ჩამოეშვებოდა, ისინი დადგებოდნენ და დროებით ბინავდებოდნენ წირვა-ლოცვისთვის. მოსემ დანიშნა მთელი შთამომავლობა იაკობის ერთი შვილისა, სახელად ლევისა, საყდრის მსახურად. თვითონ მოსე და აჰრონიც მისივე შთამომავალნი იყვნენ. მოსემ თავისი ძმა აჰრონი დანიშნა მღვდელმთავრად. მღვდლებად დააყენა მისი შვილები; ხოლო მომსახურეობა საყდარში, კარვის დაშლა-გამართვა, მისი გადატან-გადმოტანა, ჩააბარა დანარჩენ ლევიტელთ. ეს თანამდებობანი მათ საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა. აჰრონის შთამომავლობაში უფროსი შვილი მღვდელმთავარი იყო ხოლმე, სხვანი იყვნენ მღვდლები, მოსმსახურობა საყდრისა ლევიტელთ დაუკვიდრათ სამუდამოდ. მარტო მღვდელმთავარი და მღვდლები შედიოდნენ “საწმინდაოში”. ხალხს კი იქ შესვლის ნება სრულიად არ ჰქონდა: იგი ისმენდა წირვა-ლოცვას ფართო ეზოში, რომელიც გარს ერტყა კარავსა. “წმინდა წმინდათა” კი შეუვალი იყო ყველასათვის. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება წელიწადში ერთხელ შესულიყო შიგა მაშინ, როდესაც შესწირავდა ხოლმე მსხვერპლსა მთელი ხალხის შეცოდებათა მიტევებისთვის.

ფიცის დარღვევა ისრაელთაგან

[რედაქტირება]

(გამ. 31, 18; გამ. 32,33, 34) სულმოკლე ისრაელთა მეტად ჩქარა დაარღვიეს თავისი ფიცი, გადაუდგნენ ღვთის ნებასა და საშინლად განარისხეს უფალი. მოსე, თანახმად ღვთის ბრძანებისა, ისევ ავიდა სინას მთაზედ. აქ მან გაატარა ორმოცი დღე, ესაუბრებოდა უფალსა; ისმენდა მისგან დარიგებათა და ბოლოს მიიღო მისგან ორი ქვის დაფა, რომლებზედაც თვით უფლისაგან იყო დაწერილი ათი მცნება. მოსეს დაგვიანებამ საშინელ ცოდვაში ჩააგდო ისრაელნი: როდესაც ნახეს, რომ მოსე დიდხანს აღარ ჩამოვიდა მთიდან, მათ იფიქრეს, ჩვენთან იგი აღარ დაბრუნდებაო და გადაწყვიტეს ღვთის გამოხატულების გაკეთება, რომ შემდეგ ის გაემძღვარებინათ წინა და ისე წასულიყვნენ თავის გზაზედა. კერპის გასაკეთებლად ყველამ მოიტანა რაც კი ოქროს ნივთეულობა ჰქონდათ: ბეჭდები, საყურეები და სხვანი. ოქრო ჩაყარეს ცეცხლში, დაადვნეს, გამოიყვანეს ხბოს თავის სახე, დაასვენეს იგი ცალკე მაღალ ადგილზედ. დაუწყეს თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა; დღესასწაულობდნენ, ევედრებოდნენ და ამბობდნენ: “აი, ღმერთი, რომელმაც ჩვენ ეგვიპტიდან გამოგვიყვანა”. გაჯავრებულმა უფალმა მთაზედვე უთხრა ეს ამბავი მოსესა და დაემუქრა: მაგ საშინელი შეცოდებისათვის ამოვხოცავ მთელ ხალხსაო. მოსე გამოეჩქარა მთიდან, შორიდანვე დაინახა ურჯულო საქმე თავისი ხალხისა, მეტად შეწუხდა და გაჯავრებულმა იქვე დაახეთქა და დაამტვრია ჩამოტანილი ქვის დაფები. მოსე როცა ებრაელებთან მივიდა, კერპიც დაამსხვრია, მერე უბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ამ საქმის წამომწყებნი და მოთავენი; შემდეგ ხალხს გამოუცხადა, რომ: უფალი თქვენ აღარ გაგიწევთ თავის მფარველობასა, აღარ გიჩვენებთ შემწეობასა და მიიქცევს იქით პირსა თვისსაო. ამის შემდეგ მოსე ახლად შედგა სინას მთასა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მთის მწვერვალზე უჭმელ-უსმელი, მტკნარად მშიერი მარხულობდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთსა, რათა მას მოეტევებინა ისრაელთათვის მათი მძიმე შეცოდება: უფალო, მე დამსჯე იმათ მაგიერ და იმათ კი აპატივე, _ ეხვეწებოდა ღმერთსა მოსე, რომელსაც თავისი ხალხი თავის თავზე ბევრად მომეტებულად უყვარდა და მზად იყო მისი ბედნიერებისათვის თავი გაეწირა. ამ დროს თვით ისრაელის ერიც, უფლის მუქარისაგან გონზე მოსული, მწარე ცრემლსა ღვრიდა და წმინდის გულით ნანობდა თავის მძიმე შეცოდებასა უფლის წინაშე. უფალმა ნახა წრფელი სინანული ისრაელთა, მიიღო მოსეს ვედრება და აპატია შეცოდება მათი. მან უბრძანა მოსეს, ხელმეორედ გაეკეთებინა ორი ქვის დაფა, დამტვრეულების მაგივრად, და ასულიყო კიდევ მაღალ მთაზედ და აეტანა თან ეს ქვები. მოსემ მთაზედ კვლავ დააგვიანა ორმოცი დღე, იყო მარხულობაში და ლოცვაში, ესაუბრებოდა უფალსა და მიიღო მისგან იგივე მცნებანი, დაწერილი მისგან ატანილ ქვის დაფებზედ. ბოლოს ჩამოვიდა ძირს ერთან და ახარა მათ მიტევება მათი შეცოდებისა და ხელმეორედ დააფიცა ხალხი, რომ იგი მტკიცედ იდგება უფლის რჯულზედ და არასდროს აღარ უღალატებს მას.

საფლავი მსუნაგობისა

[რედაქტირება]

(რიცხ. 11,1 _ 34) სინას მთასთან ისრაელებმა გაატარეს მთელი წელიწადი. აქვე იდღესასწაულეს წლისთავი თავისი გამოსვლისა ეგვიპტიდან, მეორე წლის დამდეგს ღრუბლის სვეტი, რომელიც მათ მოძრავ საყდარს ადგა თავსა, დაიძრა და გასწია წინ. მთელი ხალხი აიბარგა და გაჰყვა მას. ძალიან უხაროდათ, ახლა კი მალე მივალთ აღთქმულ ქვეყანაშიო, მაგრამ ეს მისვლა თვითონვე დააგვიანეს თავის მოუთმენლობით, სულმოკლეობით და აბეზრობით. სამი დღე უდაბნოში მშვიდობიანად იარეს, მაგრამ მეოთხე დღეს კი ასტეხესAჩივილი და ტირილი: რატომ ხორცეული საჭმელი არა გვაქვსო? ვინ გაგვაძღობს აქ ხორცითა? _ ამბობდნენ ტირილით ისრაელნი. ეგვიპტეში პატიოსნად ვიყავით, რა გვრჯიდა, რად წამოვედით? თევზი თავზე საყრელი გვქონდა, არ გვაკლდა არც კიტრი, არც ნესვი, არც სხვა და სხვა მწვანილი. აქ კი გაგვიჭირა საქმე მარტო მანანის ჭამამ და მოგვაძულა თავი! მწარედ მოედებოდა ხოლმე გულზედ მოსეს როდესაც მისი საყვარელი ერი იჩენდა ამისთანა მოუთმენლობასა და სულმოკლეობასა. იგი მიიქცა ახლაც უფლისადმი მხურვალე ლოცვითა: მომბეზრდა, უფალო, ხელით ტარება ამ ერისა, აღარა მაქვს თავი მისი დაუდეგარობის ატანისა! უკეთესია, სიკვდილი მომივლინო და მომარჩინო მათ! სად ვუშოვნო ეხლა მათ ხორცი? ისინი სტირიან და მთხოვენ მას! მაშინ უფალმა უთხრა ერსა: დაიცადეთ, ხვალვე სჭამთ თქვენ ხორცსა და იგი თავზედ საყრელი გექნებათ არა ერთს დღესა, არც ორსა, არც ხუთსა, არც ათსა და არც ოცსა, არამედ მთელ თვესა, მანამდე იგი არ გაწყენთ და საშინლად მოგაბეზრებთ თავსა. მაგრამ მოსემ უთხრა: უფალო, აქ ექვსასი ათასი მარტო მამაკაცია, საიდან უნდა ვაჭამო მათ მთელი თვე ხორცი? თუ ჩვენ საქონელს მთლად დავხოცავთ და შევკრიბავთ მთელი ზღვის თევზსა, თორემ სხვა მხრით როგორ დავიოკებთ ამ ხალხს. ხოლო უფალმა მიუგო: განა მძლავრი არ არის ხელი ჩემი? აბა, დაინახავ შენ, ასრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა! უცებ ამოვარდა ქარი ზღვის მხრიდან და მოიტანა თანა უთვალავი გუნდნი მწყრისა. ეს გემრიელი ფრინველი აუარებელი რაოდენობით დაედო მიწასა, ისრაელთ ბინის გარშემო ერთი დღის სავალზედ სრულიად დაჰფინა დედამიწა. ხალხი დაფაციცებული დაეხვია მწყრებსა და მრავალს იჭერდა. ჯერ შესაჭმელი მწყრები კიდევ ბევრი იყო დარჩენილი, როცა მსუნაგ ხალხს გაუჩნდა საშინელი ავადმყოფობა, რომელმაც მრავალი გაწყვიტა. იმ ადგილას, სადაც დახოცილები დამარხეს, ხალხმა შეარქვა "საფლავნი მსუნაგობისა”.

გაგზავნა დამზვერავთა

[რედაქტირება]

(რიცხვ. 13,1 _ 34; 14,1 _ 37) ბოლოს ისრაელნი მიუახლოვდნენ იმ ქვეყანას, სადაც ისინი მიჰყავდა ღმერთსა. შესვლამდის მოსემ, ღვთის ბრძანებით, გაგზავნა თორმეტი კაცი ისრაელის თორმეტი ტომიდან იმ ქვეყნის დასაზვერად და გასასინჯადა, მათ ჩუმად უნდა დაეარნათ ეს ქვეყანა და შეეტყოთ: როგორი მიწაა, რამდენად ნაყოფიერია, რამდენი მცხოვრებია, რამდენად მამაცნი და მძლავრნი არიან ისინი. თორმეტმა გაგზავნილმა დამზვერავმა მშვიდობიანად შეასრულა მინდობილი საქმე და ორმოცი დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა. თან მათ მოიტანეს იქაური ხილი საჩვენებლად და უთხრეს ხალხსა: მარტო იმ მიწას გამოსდის რძე და თაფლი, ე. ი. იგი არის მდიდარი, მშვენიერი და ნაყოფიერი იალაღებით და სავსე ფუტკრითა, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი არის მეტად მძლავრი და ცხოვრობს დიდ და ძალიან გამაგრებულ ქალაქებში. ამასთან ათმა მზვერავთაგანმა თავისი დაუკვირვებელი ლაპარაკით ხალხში შიში ჩააგდო: ჩვენ იქ ისეთი გოლიათები ვნახეთ, რომ მათთან ჩვენ გამოვჩნდით ქინქლებადა. ამ სიტყვებმა აღძრა ხალხში საშინელი ყვირილი, კივილი, კვნესა _ ჩივილი მოსეზედ და ღმერთზედ: ჩვენ ღმერთს იქ სწორედ დასახოცად მივყევართ და ჩვენი ცოლ-შვილის დასატაცებლად ქანაანელთა ხელით! ის არა სჯობიან, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ? _ ერთმანერთში იწყეს მოლაპარაკება, დაჰკრავდნენ პირობასა, რომ ამოერჩიათ ახალი წინამძღვარი და დაბრუნებულიყვნენ ისევ ეგვიპტეში. მოსე, აჰრონი, ისო ნავე და ქალევი ძალიანა სწუხდნენ ამ ხალხის უგუნურებას და ეხვეწებოდნენ: ღმერთი მოწყალეა ჩვენი; იგი შეგვიყვანს იმ ქვეყანაში, ნუ ხართ მისი წინააღმდეგი; ნუ გეშინიათ ქანაანის მცხოვრებლებისა, მათ მშველელი არავინა ჰყავთ, ჩვენთან კი არს ღმერთი! მაგრამ ხალხი უფრო გაცეცლდა და იწყო ყვირილი: ჩავქოლოთ ეგენი ქვითა! მაგრამ ამ დროს ღრუბლის სვეტმა, რომელიც კარვის თავზე იდგა, საშინლად გაანათა _ ეს უფალი გამოცხადდა. შფოთი იმწამსვე დამშვიდდა. უფალმა უთხრა მოსეს: რამდენი ხანი უნდა მაჯავროს მე მაგ ხალხმა? რამდენი ხანი უნდა იყვნენ ჩემი ურწმუნო? გავაწყობ მაგათ დედამიწის ზურგიდან და შენგან წარმოვშობ უფრო მრავალს და ძლიერ ხალხსა. მოსემ დაუწყო ხვეწნა და ვედრება ღმერთსა: უფალო, მიუტევე ამ ხალხს ეს შეცოდებაც შენი დიდი მოწყალების გამო, როგორც აქამდე მიგიტევებია მისთვის სხვა შეცოდებანი. უფალმა უპასუხა: მომიტევებია შენი ლოცვის გამო. მაგრამ ამსთან ხალხს გამოუცსადე: არ ეღირსება ქანაანის ქვეყანას ეგ ბოროტი და სულმოკლე ერი, რადგანაც მრავალჯერ წინ აღმიდგნენ მე; ორმოც წელიწადს იწანწალებენ უდაბნოში, მანამ არ ამოიხოცებიან ყველანი, ოც წელიწადზე უფროსნი. მე მხოლოდ მათ შვილებს შევიყვან აღთქმულ ქვეყანაში და დავუმკვიდრებ მათ. ხვალვე დაბრუნდით წითელი ზღვის პირას. აჯანყების მოთავენი, ათნი დამზვერავნი, მაშინვე იქმენ დასჯილნი: ისინი უცებ დაეცნენ მიწაზე და დაიხოცნენ. მეტად დაღონებულ-დაძმარებული ისრაელნი გაბრუნდნენ უკანა და ორმოცი წელიწადი დაეხეტებოდნენ უდაბნოში: გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

სპილენზის გველი

[რედაქტირება]

(რიცხ. 21,6 _9) ვერავითარმა საშინელმა სასჯელმა ვერ ასწავლა ჭკუა ისრაელთა და ვერ გადააჩვია ისინი ღვთის ურწმუნოებას და წინააღმდეგობასა. წამდაუწუმ ასტეხდნენ ხოლმე ისინი ჩივილს და საყვედურს ღმერთისა და მოსეს მიმართ და ღვთის რისხვას დაიმართებდნენ ხოლმე. ყოველ ამისთანა შემთხვევაში მოსე იყო მათი მოსარჩლე, შუამავლობდა უფლის წინაშე, შეევედრებოდა ხოლმე და აპატიებინებდა ურჩობასა და წინააღმდეგობასა. ერთ ადგილას ღმერთმა დაახვედრა ისრაელთა მათი ურჩობის და კერპობის გამო შხამიანი გველები. ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა. ისრაელნი შეიკრიბნენ მოსესთანა და სთხოვეს: დამნაშავენი ვართ, გთხოვთ, გვაპატიო და შეევედრო ჩვენთვის ღმერთსა; რომ მან დაგვიხსნას ამ შხამიანი გველებისაგან. მოსე შეეხვეწა ღმერთსა და მან მიუტევა ისრაელთ შეცოდება და უშველა ამგვარად: უბრძანა მოსეს გაეკეთებინა სპილენძის გველი და ჩამოეკიდნა მაღალ სარზედ. ვინც დაშხამული იქნება გველისაგან, უნდა ამ გველის სახეს შეხედოს და გადურჩება სიკვდილსა, _ უთხრა უფალმა მოსესა. მოსემ შეასრულა მაშინვე ღვთის ბრძანება და მას უკან ვინც კი დაშხამული შეხედავდა ამ სპილენძის გველს, ყველანი უვნებელნი ხდებოდნენ. ეს სპილენძის გველი ისრაელთ მას უკან შენახული ჰქონდათ თავის კარავში სახსოვრად სასწაულისა.

მოსეს სიკვდილი

[რედაქტირება]

(რიცხვ. 20,1 _ 29; 2 სჯ. 3,24 _ 27; 4,1; 34,1 _7) ორმოცი წლის მოგზაურობის მანძილზე უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსული ყველა მოზრდილი ებრაელი დაიხოცა, გარდა ისო ნავესი და ქალევისა. ღმერთმა არ აღირსა მათ შესვლა და ნახვა ქანაანის ქვეყნისა მრავალი შეცოდების გამო. არ ეღირსნენ აღთქმის ქვეყანაში შესვლასა არც აჰრონი და არც მოსე. არ ეღირსნენ იმიტომ, რომ ერთს შემთხვევაში სწორედ არ აასრულეს მათ ღვთის ნება და ეჭვის სიტყვა გააგონეს ხალხს. საქმე მოხდა ამგვარად: მიახლოებულნი იყვნენ ისრაელნი ქანაანის ქვეყნის საზღვარსა, როდესაც მათ წყალი შემოაკლდათ; სულმოკლე ხალხმა მაშინვე დაუწყო ჩივილი მოსეს: რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან ამისთანა უდაბურ ადგილას, სადაც არც ნაყოფია რამე და არც წყალი მოიძიება დასალევადო?! შეწუხებული მოსე და აჰრონი შევიდნენ კარავში და იწყეს ლოცვა უფლისადმი. უფალმა უბრძანა: შეჰკრიბეთ მთელი ხალხი ერთად და ყოველთა წინაშე უბრძანეთ კლდესა წყლის გამოდენა. მოსემ აიღო თავის კვერთხი, მიიყვანა ხალხი კლდის ძირსა და გაჯავრებით უთხრა: თქვე ურჩნო, რომ ყვირით წყალი-წყალიო, საიდან გავაჩინოთ ჩვენ იგი თქვენთვის? განა ამ კლდიდან შეიძლება გამოვადინოთ ჩვენ წყალი? და გაჯავრებულმა ორჯელ ზედიზედ დაჰკრა კლდეს კვერთხი და კლდიდან მაშინვე წყალმა უხვად დაიწყო დენა და ხალხი დაეწაფა მას. აქ მოსეს სამი შეცდომა მოუვიდა და ღმერთს ამით ძალიან აწყენინა: ჯერ ეჭვით უთხრა ხალხსა, განა ჩვენ შეგვიძლია ღვთის ძალით აქედან წყალი გადმოვიყვანოთო? ამ სიტყვებით მან თავისი ეჭვი გამოაცხადა ხალხის წინაშე ღვთის შემძლეობაზედ, როდესაც რომ იგი ვალდებული იყო მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება და იმედი ღვთისა ეჩვენებინა ხალხისათვის, რომელიც უიმისოდაც ბევრჯერ იჩენდა ურწმუნოებასა; მეორე: მოსეს, ღვთის ბრძანების თანახმად, კლდისათვის უნდა ებრძანებინა წყლის გამოდენა და არა ჯოხი დაეკრა; მესამე: ერთის მაგივრად, ორჯერ დაჰკრა ჯოხი, თითქო ერთის დაკვრით ღმერთს არ შეეძლო წყალი გამოედინა კლდიდან. ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აჰრონს: რადგანაც თქვენ ხალხს ჩემს შემძლეობაზედ ეჭვის სიტყვა გააგონეთ და მაგალითი არ აჩვენეთ, თუ როგორ მტკიცედ უნდა ვწამდე, ამიტომ თქვენ არ შეიყვანთ ამ ხალხსა აღთქმულ ქვეყანაში. აჰრონი მოკვდა მოსეზე ადრე. აჰრონი იყო მღვდელმთავარი ისრაელთა. სიკვდილის წინ იგი, ღვთის ბრძანებით, ავიდა ერთ მთაზედ მოსესთან და თავის უფროს შვილთან ერთად. იქ მოსემ, მთელი ხალხის თვალწინ, გაჰხადა აჰრონს მღვდელმთავრის ტანისამოსი და ჩააცვა მის შვილს, რომელსაც მამის თანამდებობა ჩააბარა. ცოტა ხანს უკან ამ მთაზედ მოკვდა აჰრონი. მეორმოცე წელიწადი რომ თავდებოდა, ისრაელნი მიადგნენ ქანაანის ქვეყნის საზღვარს. ამ ქვეყნიდან მათ ჰყოფდათ მარტო მდინარე იორდანე. მოსე ევედრებოდა ღმერთსა, რომ მას ეღირსებინა მისი საყვარელი ხალხის შეყვანა ამ ქვეყანაში, მაგრამ უფალმა უბრძანა: ნუ მთხოვ მაგას, ადი ახლო მთაზედ, იქიდან გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ხალხსა, და მოკვდი, იქ შენ ვერ შეხვალ. მოსემ დაიწყო მომზადება სასიკვდილოდ. იგი გამოესალმა მთელ ხალხს, შეეხვეწა ყველას, რომ ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორჩილნი ღვთისანი, არ დაევიწყებინათ მისი სიკეთე და მზრუნველობა და წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები და ბრძანებები. ბოლოს მოსემ აკურთხა მთელი ხალხი, ავიდა ახლო მთაზედ, დახედა აღთქმის ქვეყანსა და მიაბარა უფალს თავისი ღვაწლით სავსე სული. მისი უკანასკნელი სურვილი და ვედრება იყო თავისი ხალხის ბედნიერება, რომელსაც მან ყველაფერი შესწირა. მის სიკვდილს არავინ დაესწრო, ასეთი იყო ნება ღვთისა. მოსეს გვამი დამარხეს ანგელოზებმა და მისი საფლავი უცნობი დარჩა ყველასათვის. მოსე მოკვდა ას ოცი წლისა. მოსემ თავის შემდეგ დატოვა ხუთი წიგნი. ამ წიგნებში მან ჩასწერა ყველაფერი, რაც კი ღმერთმა ჰქმნა ადამინთათვის ქვეყნის შექმნიდან დაწყებული მოსეს სიკვდილამდის; აგრეთვე შიგ მოაქცია რაც კი უფალმა სხვადასხვა დროს ასწავლა ადამიანებს და გამოხატა შიგ სჯულნი და კანონნი, რომელიც ღმერთმა ისრაელის ერს მისცა. რაც აქამდის გვიამბნია, ყველაფერი ამ წიგნებიდან არის ამოღებული. მოსე თვითონ როდი სთხზავდა, ის სწერდა მას, რასაც ღმერთი აგონებდა და ასწავლიდა. ამიტომ მის დაწერილწიგნებს ჰქვიათ “სიტყვა ღვთისა” ანუ “საღმრთო წერილი”.

შესვლა ისრაელის ერისა აღთქმის ქქვეყანაში

[რედაქტირება]

(ისო ნავ. 1,1 _17: 4,18 _23; 5,12) მოსეს სიკვდილის შემდეგ ისრაელის ერის წინამძღვრად გახდა ისო ნავე, თანახმად ღვთის ბრძანებისა.როგორც მოსეს დროს, ისე ეხლა, უფალი შველიდა თავის ერსა ჩაიბარა თუ არა ისო ნავემ წინამძღვრობა, ღმერთმა მაშინვე უბრძანამას იორდანეში გაეყვანა ხალხი. იმ დროს გაზაფხული იდგა, წყალი _ ადიდებული და დიდ მანძილზე იყო მოდებული. ღვთის ბრძანების თანახმად ისო ნავემ უთხრა მღვდლებსა: აიღეთ ხელში სჯულის კიდობანი, გაუძეხით წინ ხალხსა, შესტოპეთ იორდანეში და გაჩერდით შიგაო. რაწამს მღვდლებმა შესდგეს ფეხი მდინარეში, მაშინვე მათ ზევით რომ წყალი იყო, გაჩერდა და მათ ქვევით მყოფი წყალი კი წავიდა. როცა გამოჩნდა ფსკერი, ხალხმა დაიწყო გასვლა იქითა ნაპირზე; ამ დროს მღვდლები სჯულის კიდობნით ერთსა და იმავე ადგილას უძრავად იდგნენ, მანამ მთელი ხალხი არ გავიდა. მერე თვითონაც გავიდნენ იქითა ნაპირზე. დადგეს თუ არა მღვდლებმა იქითა ნაპირს ფეხი, გაჩერებულმა მდინარემ იგრიალა და დაეშვა ჩვეულებრივ ქვევით. მანამ ეს მოხდებოდა, ისო ნავემ ამოაღებინა მდინარის დამშრალი უფსკრულიდან თორმეტი ქვა და ააგებინა მდინარის პირას პატარა ძეგლი. როცა თქვენი შვილნი და შვილიშვილნიგკითხავენ, _ უთხრა ისო ნავემ, _ რად არის ეს ქვის ძეგლი აშენებულიო, თქვენ მათ ეტყვით: იგი არის აგებული იმის სახსოვრად, როცა იორდანეს წყალი გაიპო სჯულის კიდობნის წინაშე და გზა მისცა მათ. ამ სასწაულმა ცხადად დაანახვა ხალხს, რომ მათ ახალ წინამძღვარსაც ღმერთი ისე შეეწევა, როგორც შეეწეოდა მოსესა. რაკი მდინარე იორდანეს იქით მოექცნენ ისრაელნი, ღმერთმა ცის მანანა მოაკლო, რადგან ახლა ამ ქქვეყნის ნაყოფით შეეძლოთმათ თავის გამოკვება.

დამორჩილება აღთქმის ქვეყნისა ისრაელთაგან

[რედაქტირება]

(ისო ნავ. 6,1 _ 24; 10,12 _ 14; 13,7 _ 14; 24,1 _ 33) ქანაანის მცხოვრებნი იყვნენ მრავალნი და ძლიერნი, მაგრამ მათ შორის ძლიერ გავრცელებული იყო აბეზრობა და გარყვნილება. ამიტომ ღმერთმა გადასწყვიტა დაესაჯა ისინი, მან დააძლევინა ისინი ისო ნავეს. პირველ ქალაქს, რომელსაც მიადგა ისო ნავე ასაღებად, ერქვა იერიქონი. იერიქონი იყო დიდი და გამაგრებული ქალაქი. მის აღებას ისრაელნი ვერ შეძლებდნენ უფალი რომ არ დახმარებოდათ. დაფიქრებულ ისო ნავეს გამოეცხადა უფალი და უთხრა: ნუ გეშინია, მე ჩაგაგდებინენ შენ ხელში იერიქონსა და მის მეფესა. ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლენ. სჯულის კიდობანს უკან მისდევდენ მღვდლები და ჯარი. ასე უარეს გარშემო ექვს დღესა. ბოლოს, როც მეშვიდე დღეს მეშვიდედ შემოუარეს, მღვდლებმა საყვირები დაუკრეს და მთელმა ხალხმა საშინლად დაჰკივლა. იმავე წამს ქალაქის კედლები დაიქცა, თავზარდაცემულმა მცხოვრებლებმა ვეღარა გააწყვეს რა, ისრაელნი დაუბრკოლებლივ შევიდნენ იერიქონში და დაიმორჩილეს ის. იერიქონის აღების შემდეგ ისო ნავემ მალე დასძლია და დაიმორჩილა ოცდაათ სამეფოზედ მეტი. თუ რა ცხადად ეხმარებოდა მას ღმერთი, გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა: ერთი ბრძოლის დროს ისო ნავეს საღამო ჟამმა მოუსწრო. მზის ჩასვლამდის ისე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, რომ მტრის დამარცხებას ვერ მოასწრებდა. მაშინ ისო ნავემ, ღვთის იმედით სავსემ, აიხედა ზეცაში და შესძახა: დადექი, მზეო და ნუღარ იძვრი, მთვარევ! იმავ წამსვე მზეც გაჩერდა ერთ ადგილასა და მთვარეც შედგა მანამ ისო ნავემ არ გაიმარჯვა და არ დაამარცხა მტერი. ბოლოს მთელი ქანაანის ქვეყანა დაიმორჩილეს. მაშინ ისო ნავე შეუდგა მის გაყოფას. მთელი ქვეყანა გაჰყო თერთმეტ ნაწილად და მერე წილი აყრევინა იაკობის თერთმეტი შვილის შთამომავლებს. რომელსაც რა ნაწილი ხვდა წილად, იქ დაბინავდა. იაკობის მეთორმეტე შვილის, ლევის, შთამომავალს კი არა რგებია ცალკე საცხოვრებელი ადგილი, რადგანაც ისინი იყვნენ საყდრის მსახურნი და ყველგან უნდა ჰქონოდათ წილი. როდესაც ისო ნავე შეიქმნა ას ათი წლისა, მან იგრძნო სიკვდილის მოახლოვება და მოინდომა ხალხთან გამოსალმება. მოუწოდა თავისთან მთელ ხალხს, აკურთხა და დალოცა ისინი მერე მოაგონა მათ ყოველივე სიკეთე და შეწევნა ღვთისა და ურჩია მტკიცედ დაეცვათ სჯული ღვთისა და ყოფილიყვნენ მისი ერთგულნი. გეშინოდეთ ღვთისა და აღასრულებდეთ ყოველსა, რაიცა დაწერილი მოსეს რჯულში. ნუ დაუმეგობრდებით სხვა ხალხებსა, ნუ ემსახურებით მათ ღმერთებს, არამედ იყავით ერთმანერთის ერთგულნი და თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი ღმერთისა. მთელმა ხალხმა დაიფიცა ისო ნავეს წინაშე, რომ ისინი არასდროს არ გადუდგებიან თავის ყოვლად მოწყალე ღმერთსა და არ სცემენ თაყვანსა უცხო ხალხების ღმერთებს.

დრონი მსაჯულთანი

[რედაქტირება]

(მსაჯ. 4,4 _ 15; 11,29 _ 40) ისო ნავეს სიკვდილის შემდეგ ისრაელნი ჩქარა გადაუდგნენ თავის აღთქმას და ფიცსა; ერთმანერთში ხშირად ჩამოუვარდებოდათ ხოლმე განხეთქილება და სიძულვილი, იჭერდნენ მეგობრობას კერპთაყვანისმცემელ ხალხებთან. თაყვანს სცემდნენ მათ ღმერთებსა და ივიწყებდნენ თავის ჭეშმარიტ ღმერთს. ჭკუაზედ მოყვანისათვის და მორჯულებისათვის ღმერთი ისრაელთ მისცემდა ხოლმე დროებით ბატონად სხვა ხალხს, რომლებიც ქანაანის ქვეყნის გარშემო ცხოვრობდნენ. ეს ხალხები დაეცემოდნენ ხოლმე ისრაელთ, სძლევდნენ მათ და არბევდნენ. უბედურება უხელდა თვალს ისრაელის ხალხსა თავის შეცოდებაზედ და აგონებდა ჭეშმარიტ ღმერთსა. მტრებისაგან ილაჯგაწყვეტილი ისრაელნი მიიქცეოდნენ ხოლმე უფლისაკენ და ევედრებოდნენ, რათა მას ეშველა და გამოეხსნა მტრების ხელიდან. მაშინ უფალი მათ შორის ამოარჩევდა ხოლმე რომელსამე ღირსეულ კაცსა, რომლის ხელითაც ათავისუფლებდა მთელ ხალხს მტრებისაგან. ეს ღვთისგან დადგენილი პირნი არამც თუ წინამძღოლნი იყვნენ ხალხისა, არამედ მართავდნენ მას, სამართალს უჭრიდნენ, ანუ ყოველ საქმეს განსჯიდნენ ხოლმე. ამიტომ მათ დაერქვათ სახელად მსაჯულნი. სულ გამოიცვალა ისრაელის ერში თორმეტი მსაჯული. მათ შორის ერთ-ერთი იყო ქალი, დებორა, ცოლი ლაფიჭუდისი, რომელიც მამულის დიდი სიყვარულით, ხალხის ერთგულებით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემით ყველა მამაკაცებზედ მაღლა იდგა და ამიტომაც იგი ღმერთმა მსაჯულად დანიშნა ისრაელთა შორის. ამ მსაჯულთა დროს ერთმა გასათხოვარმა ქალმა გამოიჩინა მეტად დიდი სიყვარული და თავგანწირულობა თავისი სამშობლოს გულისათვის…... მისი მამა იეფთაე, რომელიც ამ დროს მსაჯულად იყო, ომში მიდიოდა და ღმერთს ამისთანა აღთქმა დაუდო: თუ მე ამ ომში გამარჯვებას მომანიჭებ და ჩემს სამშობლოს გამოვიხსნი, რაც პირველად წინ შემხვდება ომიდან შინ დაბრუნებულს, მსხვერპლად შემოგწირავო. მოუმართა ღმერთმა ხელი და მტერი დაამარცხა. გამარჯვებული მსაჯული დიდის სიხარულით მოდიოდა შინ. ამ დროს ყველაზე პირველად მას გამოეგება წინ სიმღერით დედისერთა გასათხოვარი ქალი. მამას საშინელი ელდა ეცა, როცა თავისი ერთადერთი საყვარელი ქალი დაინახა ყველაზედ წინ მოგებებული და მოაგონდა თავისი აღთქმა. ქალმა ჰკითხა მამას ვაების მიზეზი და როცა იგი გაიგო, უპასუხა: ნუ ყოყმანობ და ნუ სწუხარ: მე მზადა ვარ, ჩემი ხალხის ბედნიერებისათვის თავი შევწირო უფალსა, მხოლოდ ამასა გთხოვ, ორი თვე მადროვო, რომ ჩემს ერთგულ ამხანაგებთან გამოვიტირო ჩემი ქალწულობა. მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთმა არ გაიმეტა ქალი მსხვერპლად შეწირვისათვის და მის მამას ჩააგონა, რომ ქალი საყდრისათვის მსახურად შეეწირა.

გედეონი და სამსონი

[რედაქტირება]

(მსაჯ. 6,11 _ 40; 7,1 _24; 8,22 _23; 14; 15; 16) ყველაზე შესანიშნავი მსაჯული ისრაელთა შორის იყო გედეონი, ერთხელ ისრაელნი, თავისი ურწმუნოების და ღმერთის დავიწყების გამო, ჩაცვივდნენ საშინელ საშინელ ტანჯვაში. ერთი ახლო მცხოვრები ხალხი დაესხმოდა ხოლმე თავსა, აწიოკებდა, არბევდა, ნახნავ-ნათესს უნადგურებდა, სტაცებდა საქონელსა და ბევრსა კიდევ სხვა ვაი-ვაგლახს აყენებდა მათ. შვიდ წელიწადს იყვნენ ამისთანა უბედურებაში ისრაელნი. როცა ბოლოს ილაჯი გაუწყვიტა შიშმა და შიმშილმა, მოიგონეს ღმერთი და მხურვალე გულით შესთხოვეს შველა. მაშინ ღმერთმა მათ შორის აღადგინა მსაჯულად და ხალხის გამომხსნელად გედეონი. ზაფხული იყო და გედეონი,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, თავის მამის კალოზედ პურის ლეწვას ეჩქარებოდა, რადგანაც უნდოდა, სადმე ტყეში გაქცეოდა მტრებსა, რომლებიც ის იყო, შემოესივნენ ასაკლებად ისრაელთა ქვეყანას. უცებ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: ღმერთი არს შენთან, მამაცო კაცო! გედეონმა ვერ იცნო ანგელოზი და მიუგო: ახ, ჩვენთან რომ ღმერთი იყოს, ხომ ამისთანა უბედურება არ დაგვემართებოდა! არა, ეტყობა უფალმა სრულიად დაგვივიწყა. ადექი, წადი და იხსენ ისრაელნი ამ უბედურებისაგან, მე გაგზავნი შენა! _ უთხრა ანგელოზმა. გედეონმა უპასუხა: სად შემიძლიან ისრაელთა გამოხსნა, ერთი უკანასკნელთაგანი ვარ ისრაელთა შორის. ანგელოზმა მიუგო: მე ვიქნები შენთანა და შენ დასძლევ მტერსა. გედეონმა იფიქრა, ეს უთუოდ წმინდა კაცი ვინმეა, უფლისგან გამოგზავნილიო, დაპატიჟება მოინდომა, გაიქცა შინა, მოარბენინა ხორცი და პური და მოიპატიჟა. ანგელოზმა გედეონს მოტანილი საჭმელი ქვაზედ დააწყობინა და თავისი კვერთხით შეეხო მას; უცებ ქვიდან გამოტყვრა ცეცხლი და დასწვა, რაც ზედ იდვა. ამ დროს ანგელოზი გაქრა. გედეონმა ახლა კი შიშით დაინახა, თუ რა არსებასთან ჰქონდა მას საუბარი. ანგელოზის გამოცხადებამ და მისმა სიტყვებმა ცხადად დაარწმუნა გედეონი, რომ იგი ღვთისგან იყო ამორჩეული თავისი ხალხის გამოსახსნელად. ამიტომ მან გაგზავნა სხვადასხვა ქალაქებში კაცები და დაიბარა ისრაელნი თავისთან მტერზედ გალაშქრებისათვის. მსურველნი ბევრი გამოჩნდნენ და გედეონთან მოიყარა თავი ოცდაათიათას კაცზედ მომეტებულმა, რომელნიც კიდევაც მომზადებულნი იყვნენ საომრად. გედეონი შეეხვეწა უფალსა: რაიმე ნიშნით მაცნობე, დავძლევ მტერს ამ ჯარით თუ ვერაო: აი, ჩემს კალოზედ გავშლი მატყლსა, _ ეუბნებოდა უფალს გედეონი ლოცვაში, _ და თუ ამაღამ მარტო იგი დაინამება, სხვა კი ყველაფერი დედამიწაზედ მშრალი იქნება, მაშინ დავრწმუნდები, რომ შენი მეშვეობით უთუოდ გამოვიხსნი ისრაელთა. უფალმა მისცა გედეონს ეს ნიშანი. მეორე დილაზედ მთელი დედამიწა მშრალი იყო და მატყლი კი სულ ნამით იყო სველი. გედეონს უნდოდა, რომ უფრო მტკიცედ დარწმუნებულიყო ღვთის შეწევნაში და ამიტომ ისევ შეეხვეწა: უფალო, ნუ გამირისხდები, ერთხელ კიდევ მომეცი ნიშანი ამ მატყლზედ შენი შემწეობისა; ამაღამ კიდევ დავდებ კალოზედ და დაე, იგი მშრალი დარჩეს და მთელი დედამიწა კი დაინამოს. სწორედ ისე მოხდა, როგორც სთხოვა გედეონმა. ამის შემდეგ, იმედით სავსე გედეონი თავისი ჯარით წავიდა პირდაპირ მტერთან საბრძოლველად, მაგრამ უფალმა ნება არ მისცა გედეონს ამოდენა ჯარი წაეყვანა თანა. შესაძლებელია, _ ეუბნებოდა უფალი გედეონსა, _ ისრაელნი გაამპარტავდნენ მტრის დამარცხების შემდეგ და სთქვან, ეს ჩვენ საკუთარი ძალით და სიმარჯვით გამოვიხსენით თავი, ამიტომ უფალმა უბრძანა გედეონსა, რომ ამოეჩია ამ ჯარიდან მარტო სამასი კაცი და სხვანი კი დაეთხოვა სახლებში. მაშინ ცხადი გახდებოდა ყველასათვის, რომ მხოლოდ ძალმა ღვთისამ გამოიხსნა ისრაელნი მტრის ხელიდან. ამ ერთიბეწო ჯარით მიუახლოვდა ღამით მტრის ჯარის ბინასა გედეონი და მის დასამარცხებლად იხმარა შემდეგი ხერხი: ყველა თავის ჯარისკაცს მისცა საყვირი, ანთებული მაშხალა და ქოთანი, სადაც ეს მაშხალა უნდა დაემალათ, მერე ყველას უბრძანა, გარს შემორტყმოდნენ ჩუმად მტრის ბანაკსა და უთხრა: როცა მე საყვირს დავუკრავ, დაუკარით თქვენ ყველამ ერთბაშადა და დაჰკივლეთ: მახვილი ღვთისა და გედეონისა თქვენს თავზედ! ყველა სწორედ ისე მოემზადა, როგორც გედეონმა უთხრა: როცა გაიგონეს თავისი წინამძღოლის საყვირის ხმა, ჯარისკაცებმა ერთბაშად დააყვირეს საყვირნი, დაამსხვრიეს ქოთნები, აიშვირეს მაღლა საყვირები და საშინელი ხმით დაიძახეს: მახვილი უფლისა და გედეონისა! ამ ხმამ უცებ გამოაღვიძა მტრის ჯარი, ისინი წამოცვივდნენ ფეხზედ თავზარდაცემულნი, გულგახეთქილები, ეგონათ, უმრავლესი ჯარი დაგვესხაო, აირივნენ, დაიბნენ სრულიად და ბნელაში გაიქცნენ მინდვრისაკენ. ერთმანერთისას ვეღარას იგებდნენ, თავისი ამხანაგებიც ისრაელნი ეგონათ და ერთმანერთს ხოცავდნენ. გედეონმა დიდ მანძილზედ სდია მათ და დაატყვევა ყველა უფროსი და მეფეები ჯარისა. თითქმის მთელი ჯარი მტრისა დაიღუპა ამ ბრძოლის დროს. ამის შემდეგ ისეთი შიში ჩამოვარდა იმ უცხო ქვეყანაში, რომ ისრაელთა შეწუხება ფიქრადაც აღარავის მოსდიოდა. მტრისგან განთავისუფლებულ ისრაელის ერს უნდოდა თავის მეფედ გაეხადა გედეონი და ამით გადაეხადა მისთვის სიკეთე, მაგრამ გედეონმა უარყო და თქვა: თვით უფალი ღმერთი ჩვენი მეფობდეს თქვენზედ. ყველა მსაჯულებს სიმამაცით გადააჭარბა სამსონმა, რომელიც განთქმული იყო გასაოცარი ღონითა. ამ ღონეს იგი ხმარობდა ფილისტიმელების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დროს ძალიან აწუხებდნენ ისრაელის ხალხსა. ერთხელ სამსონი მარტოდმარტო დაერია ფილისტიმელების ჯარს და გამხმარი ვირის ყბით ათასი კაცი მოჰკლა. ერთხელ ფილისტიმელებმა სამსონი ღამით მოიმწყვდიეს თავის ქალაქში, დაუკეტეს კარები და მეორე დღეს უნდა დაეჭირათ და შეებოჭათ, მაგრამ სამსონმა ალაყაფის კარები ქალაქისა მთლად აგლიჯა ღამით, აიკიდა მხრებზედ, აიტანა მაღლა მთაზედ და იქ დააყუდა. მესამედ, მინდორში ლომი დახვდა სამსონსა და გაექანა მის გასაგლეჯად, სამსონი მივარდა, ჩაავლო თავისი მძლავრი ხელები ყბებში, გასწია აქეთ-იქით, ყბები გაუხლიჩა ლომსა და მოჰკლა. მაგრამ სამსონი ბოლოს შესცდა და ცოლად ფილისტიმელი ქალი შეირთო. ქალმა უღალატა და ძილის დროს დაასხა თავსა ფილისტიმელების ჯარი. მათ მძინარე სამსონი შებოჭეს და თვალები დასთხარეს. ბოლოს სამსონმა მაინც სამაგიერო გადაუხადა თავისი მამულის მტრებსა. ერთხელ ის მიიყვანეს ფილისტიმელებმა ერთს უშველებელ დარბაზში, სადაც მათ გამართული ჰქონდათ დღესასწაულის გამო დიდი ლხინი. გამხიარულებულმა ხალხმა მასხრად აიგდო უსინათლო სამსონი. სამსონს ჯავრით ყელში მოებჯინა სისხლი, იპოვა დედაბოძი დარბაზისა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოსწია, გამოაცალა სახლსა, დასცა იგი ძირსა და მის ქვეშ თავისთან ერთად დამარხა მრავალი ფილისტიმელი.

რუთის ამბავი

[რედაქტირება]

(რუთ. 1; 2; 3; 4) მსაჯულების დროს, ერთხელ, საისრაელოში შიმშილი გაჩნდა მოსავლიანობის გამო. ერთი ისრაელთაგანი სახელად ეღიმელექი, თავისი სახლობით, ცოლით და ორი ვაჟით გადასახლდა თავისი ქვეყნიდან მოაბის ქვეყანაში _ თავი რომ ერჩინათ. აქ ის მალე მოკვდა. ორივე მისი შვილი იქვე დაქორწინდა და ცოლად შეირთეს წარმართი ქალები. ცოტა ხნის შემდეგ ორივე ძმები უშვილოდ დაიხოცნენ. მათი მოხუცებული უბედური დედა, სახელად ნოომინ, დარჩა უცხო ქვეყანაში, თავის ორი ახალგაზრდა რძალთან. როცა ნოომინმა შეიტყო, რომ საისრაელოში მოსავლიანი დრო ისევ მობრუნდაო, ადგა, აიბარგა და წავიდა თავის სამშობლოში; თან გაჰყვნენ მას ახალგაზრდა ქვრივი რძლებიცა. დედამთილს ეცოდებოდა თავისი რძლები, არ უნდოდა, რომ ისინი მისი გულისთვის უცხო ქვეყანაში ჩაცვივნულიყვნენ სიღარიბეში და ამიტომ გზაზედ გულამომჯდარმა უთხრა: დაბრუნდით, შვილებო, თქვენს დედ-მამასთანა; ღმერთმა ნუ მოგაკლოთ თავისი მოწყალება ჩემი და ჩემი გარდაცვალებული შვილების ერთგულებისათვის და სიყვარულისათვის. რძლები ატირდნენ და დაუწყეს დედამთილს ხვეწნა, რომ თან წაეყვანა ისინიცა. დედამთილი მაინც ურჩევდა დაბრუნებულიყვნენ თავის დედ-მამასთანა: მე გული ძლიერ მეწვის თქვენზედა, შვილებო, _ ეუბნებოდა დედამთილი, _ ბედმა მძიმე უბედურებაში ჩამაგდო; რა გინდათ ჩემთანა? ტანჯვის და წვალების მეტს ჩემთან ვერასა ნახავთ. ერთმა რძალმა გაუგონა თავის დედამთილსა, ბევრი იტირა, გამოესალმა და დაბრუნდა თავის სამშობლო სახლში. მაგრამ მეორე რძალმა კი, სახელად რუთმა, გადაჭრით უთხრა თავის დედამთილსა: ნუ მომაშორებ შენს თავსა! საითაც შენ წახვალ, მეც იქით წამოვალ; შენი ხალხი შეიქმნება ჩემი ხალხი და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი; გეფიცები, რომ სიკვდილის მეტი ვერა გამყრის რა შენთან, სადაც შენ დაგმარხავენ, ჩემი საფლავიც იქ იქნება. გულამომჯდარი და თვალცრემლიანი დედამთილი გადაეხვია თავის მოსიყვარულე რძალსა და აღარ უთხრა უარი თან წაყვანაზედ. ჩქარა რძალ-დედამთლი მივიდნენ ბეთლემს. ნოომინი ბეთლემში რომ მოვიდა, არც ფული ჰქონდა და არც საზრდო. ამიტომ ის ან მათხოვარი უნდა გამხდარიყო, ან შიმშილით მომკვდარიყო, მაგრამ მოსიყვარულე რუთმა დაიხსნა იგი სირცხვილისაგანაც და უბედურებისაგანაც, ამ დროს შუა ზაფხული იდგა და მკა გაჩაღებული იყო, ამიტომ რუთი გადიოდა მინდვრად, შედიოდა ერთ დიდ ხოდაბუნში, სადაც მრავალი მუშა მკიდა ყანასა, და ნამკალში ჰკრეფდა დაბნეულ თავთავსა. ერთხელ ყანაში მოვიდა მისი პატრონი, სახელად ბოოსი და რომ დაინახა რუთი, ჰკითხა თავის მოსამსახურეს, მომკელების თავმდგომსა: ეს ყმაწვილი ქალი ვინ არის? მოსამსახურემ მოახსენა: ეს ქალი გახლავთ უცხო ქვეყნიდან, რომელსაც მოხუცებული დედამთილის გულისათვის დაუტოვებია თავისი სამშობლო და წამოჰყოლია აქ მას. მან ნება მთხოვა დაბნეული თავთავის აკრეფისა. და აი, მთელი დღე შრომობს დილიდან მოკიდებული საღამომდის ლუკმა-პურის საშოვნელად. ბოოსი იყო მდიდარი და გულკეთილი კაცი, მას გაუკვირდა ამისთანა სიყვარული დედამთილისადმი, გაუკვირდა მხნეობა მისი, მიუახლოვდა რუთსა და უთხრა: მომისმინე, შვილო, ნუ ივლი თავთავებისათვის სხვის ყანებში, აგრეთვე აგროვე რამდენიც გინდა ჩემს ყანაში და ჩემს მოახლეებთან ერთად იყავი. მე იმათ ვეტყვი, კარგად მოგექცნენ და არ დაიშურონ შენთვის არც საჭმელი და არც სასმელი. რუთმა მდაბლად დაუკრა თავი და მოახსენა: რითი დავიმსახურე ეგ შენი მოწყალება? მე ვარ ერთი უბრალო, უცხო ქალი. ბოოსმა მიუგო: მე მიამბეს, თუ რა კარგად მოქცევიხარ მოხუცებულ და უბედურ დედამთილსა; დაგიტოვებია მისთვის სამშობლო ქვეყანა და ნათესავნი და წამოსულხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში; ღმერთმა გადაგიხადოს, შვილო, სამაგიერო მაგ კეთილი საქმისათვის. პატარა ხანს უკან მომკელებს სადილი მოუტანეს. ბოოსმა რუთიც მიიწვია, სადილის დროს რუთმა თავისი კერძი ორად გაჰყო: ნახევარი დედამთილს შეუნახა და ნახევარით კი თვითონ ისადილა. საღამოზედ იქვე დაბეგვა შეგროვილი თავთავი, გამოანიავა პურის მარცვლები, ჩაჰყარა პარკში და მოუტანა დედამთილსა, აგრეთვე ვახშმად მიართვა სადილიდან მისთვის შენახული კერძი და უამბო, ვის ყანაში ჰკრიფა მთელი დღე თავთავი და როგორი მოწყალე იყო მასთან პატრონი ყანისა. რუთი ამის შემდეგ ყოველდღე დადიოდა ბოოსის ყანაში და პაპანაქება დღეებში მუშაობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდის, სანამ მკა გათავდებოდა. თავისი სიყვარულით და ხათრიანობით იგი იყო დიდი ნუგეში მოხუცებული დედამთილისა. შენი რძალი სჯობია შვიდ ღვიძლ ვაჟსა, _ ეუბნებოდნენ ნოომინს მეზობლები. ჯილდოც კარგი მიიღო თავისი გულკეთილობისათვის რუთმა უფლისაგან, რომლის თაყვანისმცემელის შეიქმნა იგი თავისი წარმართი ღმერთების დატოვების შემდეგ. ეს უბრალო და ღარიბი ქვრივი მდიდარმა და კეთილმა ბოოსმა შეირთო ცოლად, რადგან მას ძალიან მოეწონა მისი კეთილი გული და მხნეობა. რუთის შთამომავლობიდან წარმოსდგნენ შემგომში მეფენი ისრაელისანი და ბოლოს თვით მაცხოვარიცა.

სამოელის დაბადება და აღზრდა

[რედაქტირება]

(მეფ. 1,1 _ 28; 2,11) სამსონის შემდეგ მსაჯულის თანამდებობა ჩაიბარა ელი მღვდელმა. იგი სცხოვრობდა ქალაქ სელომში, იმიტომ რომ კარავი კრებულისა აქ ედგათ ისრაელთა ქანაანის ქვეყანის დაჭერის შემდეგ. სელომი შეიქმნა ხალხის კრების ადგილადა. აქ ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ ისრაელნი, სალოცავადაც და სამართლის გადასაჭრელადაც. ერთხელ, დღესასწაულის დროს, მლოცველ ერს მოჰყვა თან ერთი ხნიანი კეთილმსახური დედაკაცი, რომელსაც სახელად ერქვა ანნა. სხვასავით იგი მხიარულად არ მიდიოდა სალოცავადა. იგი იყო დაღონებული და შეწუხებული, ამიტომ, რომ გულზედ ედო ლოდი დიდი დარდისა _ ისრაელნი დიდი უბედურებად სთვლიდნენ უშვილობასა. უშვილობა მათ ღვთის რისხვის ნიშნად მიაჩნდათ _ საწყალი ანნა იყო დიდი ხნის უშვილო. ბევრი დარდი და ნაღველი გამოატარა ამ უშვილობამა და ბევრი ცრემლი დააღვრევინა. ბოლოს მან განიზრახა წასულიყო სალოცავად სელომში და იქ შევედრებოდა ღმერთსა ამ უბედურებიდან თავის დასახსნელად. მივიდა თუ არა სელომში, ანნა მაშინვე გაეშურა კრებულისა კარვისაკენ, დაიჩოქა მის კარებთან და დიდხანს ლოცულობდა ცხარე ცრემლითა. ყოვლად შემძლებელო უფალო, _ ამბობდა თავის ლოცვაში, _ გადმოხედე მოწყალებით შენს მონას და მიხსენ ამდენი ხნის უბედურებისაგან. მომანიჭე ვაჟიშვილი და მე მას სამუდამოდ შევსწირავ მსახურად შენს წმინდა სახლსა, კრებულის კარავსა. დიდხანს და მხურვალად ლოცულობდა ანნა. მხოლოდ ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სიტყვები კი მისი პირიდან არ ამოდიოდა, რადგანაც გულში ლოცულობდა. ამ ლოცვის დროს ანნა დაინახა ელი მღვდელმა და ეგონა, ეს დედაკაცი ღვინონასმია და ამიტომ არის ხმა გაკმედილიო. მივიდა ახლო და ეს საწყენი სიტყვები უთხრა: წადი აქედანა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე ილოცე! ანამ თავმდაბლად და პატივისცემით უპასუხა: არა, ბატონო, მე ჩემს დღეშიაც არ დამილევია ღვინო, ნუ მსახავ ცუდ დედაკაცად. მე ვარ მხოლოდ უბედური და ჩემს ნაღველს ვუცხადებ მოწყალე უფალსა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: მშვიდობით წადი; უფალი აგისრულებს შენს თხოვნასა. ამ სანუგეშო სიტყვებმა მღვდელმთავრისამა დიდი იმედი მისცა ანნასა და იგი დაბრუნდა შინ დამშვიდებული და გამხიარულებული. მალე აუხდა ელის სიტყვები ანნას, უფალმა აუსრულა ვედრება და წლის თავზედ მისცა ვაჟიშვილი, რომელსაც დაარქვა სამოელი. მოიზარდა თუ არა ბავშვი, დედამ აასრულა თავისი აღთქმა უფლის წინაშე, წაიყვანა იგი სელომს, მიიყვანა მღვდელმთავართან და უთხრა: ბატონო ჩემო, მე ის დედაკაცი გახლავარ, რომელიც ერთი წლის წინათ აქ ლოცულობდა. მე მაშინ ვთხოვდი უფალსა აი, ამ ვაჟის მოცემასა. მოწყალე უფალმა ამისრულა ვედრება ჩემი და აგერ ახლა მე ვსწირავ ამ ყმაწვილსა ღმერთსა. იგი მთელი თავისი სიცოცხლე უნდა იყოს აქ და ემსახურებოდეს ღმერთსა. სამოელი დარჩა ელისთან და გახდა ერთგული მოსამსახურე კრებულისა კარვისა. ამასთან, იგი შეიქმნა მოწაფე სკოლისა, რომელიც ჰქონდა მღვდელმთავარსა, მშვენივრად სწავლობდა ყველაფერსა და ისე კარგად იქცეოდა, რომ ყველასათვის საყვარელი იყო. როცა დედა სალოცავად მიდიოდა სელომში და მიჰქონდა ახალი ტანისამოსი თავისი საყვარელი ვაჟისათვის, ქების მეტი არაფერი ესმოდა თავის შვილზედ, რომელიც როგორც სწავლით, ისე ზნეობით, იყო ჩინებული, უპირველესი მოწაფე თავის ამხანაგებში.

ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები

[რედაქტირება]

(1 მეფ. 2,12 _ 25; 27 _ 36; 3; 3 _18) მღვდელმთავარსა და მსაჯულს ელის ჰყავდა ორი შვილი, რომელნიც კრებულის კარავს მღვდლად ემსახურებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ღვთის შიშით, მოყვასის სიყვრულით, სათნოებით და კეთილი საქმით მთელ ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი იყვნენ უმსგავსონი ყოველის მხრივ. ღვთის პატივისცემა და კრძალვა არა ჰქონდათ, უფლის ტაძარში ახდენდნენ უწესრიგობას; ცხოვრება ჰქონდათ მეტად საძრახისი. ხალხს მომეტებით ართმევდნენ. თავისი უმსგავსი ქცევით ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულის და წესის გაქარწყლებასა და აშორებდნენ ღმერთსა. ელის გაგონილი ჰქონდა თავისი შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მათი მამა და როგორც მათი უფროსი, იგი ვალდებული იყო სასტიკად დაესაჯა თავისი შვილები და კეთილ გზაზედ დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევასა, უნდა მაშინვე გადაეყენებინა მღვდლობიდან. მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ ამისთანა შენიშვნებს აძლევდა მათ: რად იქცევით აგრე? ეგ კარგი არ არის, შვილებო, ცოდვაა მაგრე მოქცევა. რასაკვირველია, ამისთანა რბილ სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ. უფალმა გადასწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც, იმის გამო, რომ მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ერიდებოდა, ვიდრე ღვთის წყენას. სამოელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან ცხოვრობდა, სრულიად არა ბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ და ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ადამიანთაც სხვებზე მომეტებულად უყვარდათ. ერთხელ სამოელს კრებულის კარვის კარებთან ეძინა და უცებ შემოესმა თავისი სახელის ძახილი. სამოელს ეგონა, ეს უთუოდ მღვდელმთავარი მეძახის თავის კარვიდანაო, ადგა, მიირბინა და უთხრა: აგერ, გეახელით, რად მეძახდით? მე შენთვის არ დამიძახია! წადი შინ, დაწექ და დაიძინე, _ უპასუხა ელიმ. მეორედაც ასეთი საკვირველი საქმე დაემართა სამოელს. ელის გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა, კიდევ რას მოასწავებდა ეს ძახილი. მხოლოდ როცა მესამედაც მიირბინა სამოელმა მასთან და ჰკითხა: რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ ელიმ ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც ეძახდა სამოელს, უფლისა უნდა ყოფილიყო და ასე დაარიგა იგი: როცა კიდევ დაგიძახონ, შენ უპასუხე: ბრძანე, უფალო, მონა შენი ისმენს, უფალმა კიდევ დაუძახა სამოელს, სამოელმა მიუგო ისე, როგორც ასწავლა ელიმ. მაშინ უფალმა გამოუცხადა: ელის და მის შვილებს მოელით სასტიკი დასჯა და ისინი ამ სასჯელს ვერ აიშორებენ თავიდან ვერა შესაწირვითა, რამეთუ ცოდვანი მათნი არიან მძიმენი. დილით მღვდელმთავარმა დაუძახა სამოელსა და ჰკითხა: რა გითხრა შენ უფალმა? ნურას დამიმალავ, ყველაფერი მითხარი! სამოელმა ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზედ სთქვა: იყოს ნება ღვთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას სწადიან. მის შვილებს იმ მუქარამ უფლისამ ყურიც არ გააბერტყინა. ისინი უწინდებურადვე არღვევდნენ სჯულსა და ატარებდნენ თავის ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში.

რისხვა უფლისა ელის ოჯახზე

[რედაქტირება]

(1 მეფ. 4,1 _18; 5,1 _12; 6,1 _ 14; 7,7 _ 16) დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმეები ხდებოდა. საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა. ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა). რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? _ იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში. ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან, ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა. წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა. ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა. ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტერზედა. სამოელი მართავდა ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა. იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა.

საულის ამორჩევა მეფედ

[რედაქტირება]

(1 მეფ. 8,1 _ 10; 9,1 _ 27; 10,1 _ 27) სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამებს იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანებს ამართლებდნენ ფულის გულისათვის. ბოლოს ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და წინამძღოლიც მტერთან ომის დროსა. სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი, რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ისრაელთ და ბევრი ურჩია მათ, რომ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზედ, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა. მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. სამოელმა გამოუცხადა შეკრებილ ხალხს, რომ იგი აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო, მოჯამაგირემ უთხრა საულსა: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე შეხვდა მათ სამოელი. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელსა: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზედ, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? _ ჰკითხა საულმა სამოელსა. მე თვითონა ვარ წინასწარმეტყველი, _ მიუგო სამოელმა, და დაუმატა, _ დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ეხლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს. სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზედ და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილაზედ გასაცილებლად გაჰყვა. ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ, სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა, დაასხა თავზედ ნაკურთხი მირონი, აკოცა საულსა და უთხრა: აი, უფალი გხდის შენ თავისი ხალხის მეფედა. საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზედ დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სული წმინდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად. საული რომ შინ დაბრუნდა, არავის არ ეუბნებოდა, რაც მას გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ თვითონ იმან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო, როცა იგი იპოვნეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე და როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: გაუმარჯოს ჩვენს მეფეს! მართალია, ზოგნი ამბობდნენ: რა შეუძლია, როგორი მეფე უნდა იყოს ვიღაც უბრალო ტეტიას შვილიო, მაგრამ საულმა მათ ბოდვას ყურიც არ ათხოვა და ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. ჩქარა საული შეიქმნა ხალხის საყვარელი მეფე. საქმეების გარჩევაში მან დაამკვიდრა სიმართლე, ქრთამი სრულიად ამოკვეთა; მამულის მტრები ყველანი დაამარცხა; მართლაც დიდი ხანი იყო, რაც ხალხს ასე მშვიდობიანად აღარ ეცხოვრა. მაგრამ საუბედუროდ საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, თავი დიდ რამედ ჩათვალა და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას ასდევდა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულსა: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად დასტოვა იგი.

მეფედ მირონცხება დავითისა

[რედაქტირება]

(1 მეფ. 16,1 _ 13; 16; 18) სამოელი ჯავრობდა საულზედ. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბეედ, რომელსაც პირვივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოეცხადა მას და უთხრა: სამოელ, რამდენი უნდა იტირო შენ საულზედ? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთანა; მე ამოვარჩიე სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; მე გიჩვენებ შენ მას და შენ სცხებ მირონსა. სამოელი მივიდა ბეთლემში და მოხუცთთაგან მათ ქალაქთა უთხრა: მე მოვალ აქა იმ განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთსა; შეიკრიბენით და მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს. როცა ყველანი შეიკენ და სამოელმა დაინახა იესეს უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთოდ ეს უნდა იყოს მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, მე ვუყურებ სულს კაცისას. იესემ, სამოელის სურვის თანახმად, რიგ-რიგად წარუდგინა მას ყველა თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზედ ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო. სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი კიდევ მყავს, ყველაზედ უმცროსი, რომელიც ეხლა ცხვრად არის მთაში, გაიგნე და ახლავე მოიყვანე, _ უთხრა სამოელმა. ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა სახელად დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელსა: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზედ დაასხა მირონი. მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზედ და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან. რასაკვირველია, ჯერ სრულიად არავინ იცოდა, თუ დავითი მეფედ იყო ღვთისგან დანიშნული, არც საულმა, არც სხვებმა და არც დავითის ნათესავებმა. სამოელმა არავის უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითსა. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის. ხორცით მშვენიერი დავითი იყო მშვენიერი სულითაც. იგი იყო მომთმენი, თავმდაბალი, ათასი სიკეთის და მქონე მაგრამ ყველაზე მეტად იგი იყო ერთგული ლოცვისა. ვედრება ღმრთისა, მის წინაშე ამოთქმა თავისი სიხარულისა და დარდისა, თხოვნა ყველასათვის სიკეთისა იყო ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე დავითისათვის. ღმერთმა ამიტომ განსაკუთრებით შეიყვარა დავითი. მწყემსობის დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი საკრავის, ქნარის გაკეთება და მშვენივრად ისწავლა მასზე დაკვრა. თავის ვედრებას უფალთან დავითი ლექსადა სთხზავდა და უკრავდა ამ საკრავზედ. ამ ლექსებიდან შესდგა “დავითნი” ანუ “ფსალმუნნი”. დავითი იყო შვილისშვილისშვილი ბოოსია და რუთისა, იაკობის შვილის, იუდას შთამომავლობიდან, რომლისგანაც, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, უნდა გამოსულიყვნენ მეფენი; ჯერ მანამ ისრაელის ერის მეფობას ჩააბარებდა ღმერთი დავითსა, იგი გახდა გამოჩენილი კაცი საულისა და ერისა. ღმერთმა შემდეგ მას გამოაცდევინა არაერთი უბედურება და თავგადასავალი, რომ უფრო კარგად მოემზადებინა იგი მეფობისათვის და ერის სამართლიანი მართვისათვის.

დავითის გამარჯვება გოლიათზე

[რედაქტირება]

მას უკან რაც საული მიატოვა უფალმა, იგი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. საშინელი დარდი და ვარამი შემოაწვა საულს გულზედა. აღარაფერი მას აღარ ახარებდა და არ ანუგეშებდა. მგლოვიარესავით იგი შეიპყრო აუტანელმა მწუხარებამ. საულის ახლობლებმა არ იცოდნენ, რა ექნათ და რითი განექარვრბინათ მისი მწუხარება. ბოლოს ურჩიეს მას, ეშოვა კარგი დამკვრელი და მომღერალი. სიმღერა, გალობა და საკრავის დაკვრა გულიდან დარდს გადაგიყრისო, _ ეუბნებოდნენ შინაურები საულსა. დაუწყეს ძებნა ამისთანა კაცსა და მიაგნეს დავითსა, რომელიც მთელ თავის ქვეყანაში განთქმული იყო მშვენიერი ქნარის დაკვრით, საამური გალობით, ჩინებული ლექსებით და სიმღერით. დავითი ამ დროს ცხვარში იყო. იგი მაშინვე გამოჰყვა მეფის კაცებს და მოვიდა საულის კარზე. საულს ძალიან მოეწონა მშვიდი, ლაზათიანი, მახვილგონიერი დავითი, დასტოვა თავისთან მგალობლად და მომღერლად და დანიშნა თავის მეაბჯრედ. ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და წავიდა რამდენიმე თვით თავის დედ-მამასთან. ამ დროს უეცრად საისრაელოს შემოესია მრავალი ჯარი ფილისტიმელთა. საულმა საჩქაროდ შეჰყარა თავისი ჯარი და გავიდა მტერთან საბრძოლველად. მოწინააღმდეგე ჯარები დაუახლოვდნენ ერთმანერთს ერთ გრძელ ველზედ და იდგნენ ერთი-ერთმანერთის პირდაპირ გაჩერებულნი; ორივე მხარე ბრძოლისათვის ემზადებოდა. ამ დროს ფილისტიმელების ჯარიდან გამოვიდა ერთი უშველებელი ტანის კაცი, სახელად გოლიათი და გაჩერდა ორ ჯარს შუა. მას თავზე ეხურა რკინის ქუდი, ხელში ეჭირა ვეებერთელა ფარი და შუბი და ტანზედ ეცვა ჯაჭვის პერანგი. გოლიათმა დაუძახა ისრაელთა: რად უნდა ვიომოთ ყველამ? ამოარჩიეთ თქვენში ერთი კაცი და შემებრძოლოს მე. თუ იგი დამძლევს და მომკლავს, ჩვენ ყველანი დაგემორჩილებით თქვენ, თუკი მე ვაჯობებ, მაშინ თქვენ ყველანი უნდა დაგვმორჩილდეთ ჩვენ. საულის ჯარში ცოტანი არ იყვნენ მამაცნი და ღონიერნი ვაჟკაცნი, მაგრამ ამისთანა გმირთან შებმა კი ვერავინ გაბედა. გოლიათი ასე გამოდიოდა ყოველდღე და ითხოვდა საბრძოლოდ ისრაელთა, მაგრამ თვით ჩინებულნი ვაჟკაცნი შიშით უკან გაიქცეოდნენ ხოლმე, როცა გოლიათი უახლოვდებოდა ხოლმე ისრაელის ჯარსა. გადიდგულებულმა გოლიათმა დაუწყო დაცინვა ისრაელთა და არცხვენდა მათ. სწორედ ამ დროს მოვიდა დავითი ისრაელის ჯარში, იგი მამამ გააგზავნა თავის შვილებთან, რომლებიც ჯარში ერივნენ, თან გაატანა საზრდო მათთვის და დააბარა, რომ მათი ამბავი შეეტყო და მიეტანა შინ. გოლიათის კვეხნა და დაცინვა რომ გაიგონა, დავითმა სთქვა: მე გავალ და შევებრძოლები მაგასო. მისი სიტყვები მიუტანეს საულს, საულმა დაიბარა, და რომ შეხედა დავითს, უთხრა მას: შენ როგორ შეძლებ ამ გოლიათთან ბრძოლას? შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი ომში გამოცდილი გმირია. დავითმა მოახსენა: მე, ჩემო ბატონო, მეცხვარე გახლდი მამაჩემის სახლში, როგორც მოგეხსენება, როცა ლომი ან დათვი მომტაცებდა ხოლმე ცხვარსა, მივეწეოდი და პირიდან გამოვტაცებდი; თუ მხეცი მე მომვარდებოდა, კისერში ჩავავლებდი ხელს, წავუჭერდი ღონივრად და ვაღრჩობდი. როგორ ბედავს ეგ უფლის ჯარის დაცინვას? უფალი დამაძლევინებდა ხოლმე ნადირთა, დამაძლევინებს მაგ მტერსაც. მაშინ საულმა უთხრა: გადი, ღმერთი იყოს შენი შემწე. და ამასთან უბრძანა, რომ რკინის ქუდი დაეხურათ, ჯაჭვის პერანგი ჩაეცმიათ და მახვილი მიეცათ ხელში, დავითმა გაიარ-გამოიარა ამ ტანისამოსით და სთქვა: მე ყველა ეს მეჩოთირება, დაჩვეული არა ვარ ამისთანა რამეს. გაიხადა საომარი ტანისამოსი, ჩაიცვა თავისი საკუთარი, გაავსო პარკი ქვებით, დაიჭირა ხელში შურდული და გავიდა გოლიათის პირდაპირ. გოლიათმა რომ დაინახა პატარა, ლამაზი მოწინააღმდეგე, უიარაღოდ გამოსული, დაუძახა: ქვებით და ჯოხით გამოდიხარ ჩემთან? ძაღლი ხომ არა ვარ, რომ მაგითი შემაშინო. მოდი ახლო, და მე შენს თავს შევაჭმევ დღესვე მინდვრის ნადირთა და ცის ფრინველთა. დავითმა მიუგო: შენ მოდიხარ ჩემზედ მახვილით და ფარით, მე კი მოვდივარ ძალითა ღვთისათა. ყოვლადშემძლებელი ღმერთი თქვენ ყველას ჩვენს ხელში ჩაგყრით. მაშინ ყველანი ცხადად დაინახავენ, რომ უფალი იხსნის კაცსა არც ხანჯლითა და არც ფარითა. როცა გოლიათი მიუახლოვდა დავითს, ამან ისე მძლავრად ესროლა ქვა შურდულით, რომ შუბლი შეუტეხა და გოლიათი მიწაზე დასცა. დავითმა მიირბინა და მისივე მახვილით მოჰკვეთა გოლიათს თავი. ფილისტიმელების ჯარმა რომ ეს გასაოცარი უბედურება დაინახა, საშინლად შეშინდა და ზურგი იბრუნა. ისრაელის ჯარი გამოუდგა უკან, დაამარცხა მტერი და ბევრი ზარალი მისცა. საულმა მაშინვე ჯარის ერთი ნაწილის უფროსობა ჩააბარა დავითს, რომელსაც ეკუთვნოდა მთელი გამარჯვების პატივი. უფროსს შვილს საულისას, იონათანს, ამ დროს ძალიან მოეწონა დავითი, თავისი სულივით შეიყვარა იგი და გაუხდა გულითადი მეგობარი. ორივემ ერთმანერთს ფიცი მისცა, რომ სიკვდილამდე მეგობრები იქნებოდნენ. მეგობრობის ნიშნად მეფის შვილმა იონათანმა უბრალო მწყემსს აჩუქა თავისი საომარი ტანისამოსი, ძვირფასი ქამარი, მშვიდ-ისარი და მახვილი.

დავითის დევნა საულისაგან

[რედაქტირება]

გოლიათზე გამარჯვებამ ძალიან ასახელა დავითი, მაგრამ იგივე გამარჯვება გახდა მიზეზი ბევრი მისი მძიმე უბედურებისა. როცა საული დავითთან ერთად შინ ბრუნდებოდა, ისრაელთა ქალაქებიდან გამოდიოდნენ ქალები, წინ უხვდებოდნენ ჯარს და თავის სიმღერებში საულზედ მომეტებულად აქებდნენ დავითს. საულმა დაამარცხა ათასნი, ხოლო დავითმა ათი ათასნი, _ მღეროდნენ ისინი ლექსად. საულის დარდიან გულს ესღა აკლდა. მას ჩაუვარდა გულში შური დავითისა, მოეჩვენა, რომ დავითი თვითონ ეძებს მეფობასა და ხალხსაც იგი სურსო და შეეშინდა, მეფობა არ წამართვასო. საული გახდა მისი მოსისხლე მტერი და ეძებდა შემთხვევას, რომ როგორმე დაეღუპა იგი. რამდენჯერმე სცადა დავითი მოეკლა: ერთხელ, როცა იგი საულის წინ იჯდა და ქნარს უკრავდა, აიღო ლახვარი საულმა და დაჰკრა დავითსა, მაგრამ დავითმა მშვიდობით აიცდინა და გაიქცა.ერთხელ საულმა უთხრა დავითს რომ მიათხოვებდა მას თავის უფროს ქალიშვილ,მერობს,ხოლო ამითი ის ვაჟკაცურად უნდა შებრძოლოდა მტერს მაგრამ მერე საულმა ის სხვას მიათხოვა.დავითს შეუყვარდა საულის უმცროსი ქალიშვილი მელქოლას ეს გაიგო საულმა და უთხრა დავითს:~თუ შენ მოკლავ 100 ფილისტიმელ მე მოგათხოვებ ჩემს ქალიშვილსო დავითმ ამოკლა200 და საულმა მიათხოვამას თავისი ქალიშვილი.მაგრამ საულს დავითისადმი სიძულვილი უფრო ემატებოდა.საულმა დავითი მრავალჯერ გაგზავნა ომში, ეგება მტრებმა მოკლანო, მაგრამ დავითი გამარჯვებული დაბრუნდა ყოველთვის. ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და შინ წავიდა. საულმა შეაგულიანა რამდენიმე კაცი, გაგზავნა იესეს სახლში და უბრძანა, როგორმე მოეკლათ დავითი, მაგრამ დავითმა შეუტყო მას ბოროტი განზრახვა, სახლიდან გაიქცა და საერთოდ აღარ ეჩვენებოდა საულს. ხანი რომ გავიდა, საულმა ჰკითხა თავის შვილს იონათანს, ვითომც არაფერი იცოდა: სადილზე რატომ აღარ ვხედავ დავითსაო? იონათანს არ უნდოდა პირდაპირი პასუხით გაეჯავრებინა გაბოროტებული მამა და ამიტომ უთხრა: სადღესასწაულოდ დედ-მამასთან დამეთხოვაო. აი, შენ უმსგავსო! _ დაუყვირა საულმა იონათანს, _ განა მე არ ვიცი, რომ დავითის მეგობარი გახდი ჩემს შემარცხვენად. განა არ იცი, რომ მანამ ის ცოცხალია, შენ მეფე ვერ გახდები? ეხლავე აქ მოიყვანე, იგი უთუოდ უნდა მოვკლა! იონათანმა გამოსარჩლება დაუწყო დავითსა: რისთვის უნდა მოკლა შენ იგი? რა უქნია ცუდი ან შენთვის, ან სხვისათვის? საული ისე გააცეცხლეს ამ სიტყვებმა, რომ წამოავლო ხელი ლახვარს და ესროლა იონათანს გულში, მაგრამ იონათანმა მშვიდობით აიცდინა ნასროლი ლახვარი, გამოვიდა სახლიდან და წავიდა დავითის საძებნელად. მას უნდოდა დავითისათვის შეეტყობინებინა, რომ საულს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ერჩია, უცხო ქვეყანაში გაქცეულიყო, იონათანმა იცოდა, რომ ამისთანა მოქმედებით მამას შეეძლო იგი მოეკლა, მაგრამ მას დავითის ისეთი Yღრმა სიყვარული ჰქონდა გულში ჩავარდნილი გულში, რომ მისი გულისათვის თავის თავსაც არ დაიშურებდა. ბევრი ძებნის შემდეგ იონათანმა იპოვა დავითი, რაც სათქმელი ჰქონდა უთხრა, გამოსალმების დროს გადაეხვია, ბევრი იტირეს ორივემ და ბოლოს განშორდნენ. ამის შემდეგ დავითი საულის სიკვდილამდის ხან უცხო ქვეყანაში დაეხეტებოდა, ხან თავის ქვეყანაში ემალებოდა საულს ტყეებში, მთებში, უდაბნოებში და სხვა მიუვალ ადგილებში. დავითის მტრობით საულმა დაუწყო ჩაგვრა და წვალება მის ნათესავებსა და მეგობრებს და ყველას, ვისაც დავითისათვის სიკეთე უნდოდა და რითიმე შველა. მისი ბოროტება იქამდის მივიდა, რომ მოაკვლევინა მაშინდელი მღვდელმთავარი აქიმელაქ და ამოაწყვეტინა მთელი მისი გვარი ამ უბრალო მიზეზით: როცა დავითი საულისგან გარბოდა, გზაზედ პური შემოაკლდა, მივიდა მღვდელმთავართან და სთხოვა პური და გოლიათის მახვილი, რომელიც კრებულის კარავში იდო. მღვდელმთავარმა ჯერ არ იცოდა საულის სიძულვილი დავითისადმი და ამიტომ მისცა საყდრის პურები და გოლიათის მახვილი. აი, რა მიზეზით ამოაბუგვინა საულმა მთელი გვარეულობა, მთელი ნათესაობა აქიმელექისა. საულისგან დევნილნი, გაიქცნენ დავითთან და მასთან ერთად იმალებოდნენ. ხანდახან საულის ჩუმად, დავითი თავის მომხრეთა დახმარებით იცავდა ისრაელთა ქალაქებს მტრების დაცემისაგან. თუმცა საული დავითს დასდევდა მოსაკლავად, როგორც ნადირსა, მაგრამ თვითონ დავითს კი დიდი პატივისცემა ჰქონდა საულისა და ერთ წუთსაც არ დაუვიწყნია, რომ იგი იყო მეფე და მამა გულითადი მეგობრისა. ეს პატივისცემა მან თვითონ საულს ორჯერ ცხადად დაუმტკიცა. ერთხელ საულს მიასწავლეს ის უდაბური ადგილი, სადაც დავითი იმალებოდა, საულმა წაასხა მრავალი ჯარისკაცი და წავიდა დავითის საპოვნელად. დავითი შეიმალა რამდენიმე კაცით ერთ მეტად ღრმა გამოქვაბულში. საულს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, თუ დავითი ამ გამოქვაბულში იქნებოდა და ამიტომ არხეინად შევიდა მასში მარტოდმარტო დასასვენებლად. დავითი ჩუმად მიეპარა მძინარე საულსა და შეაჭრა კაბის კალთა. როცა საული გამოვიდა გამოქვაბულიდან, დავითი გადადგა მაღლობ ადგილზედ და დაუძახა საულსა: ხემწიფევ ჩემო! ნუ უჯერებ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, ვითომც მე ბოროტი განზრახვა მქონდეს შენს წინააღმდეგ. მე რომ შენთვის ცუდი მდომოდა, აი, ახლა გიზამდი. გამოიხედე აქეთა, ჩემო მამავ! აი, შენი კაბის კალთა! ამით მაინც დარწმუნდი, რომ შენზედ მე ძვირი გული არა მაქვს და არც ბოროტი მსურს! საული დავითის ამ საქციელმა გრძნობაზედ მოიყვანა, დაიწყო ტირილი და დაუძახა დავითსა: დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მე შენ ბოროტს გიშვრები, შენ კი კეთილით მიხდი ბოროტსა; მე ახლა შენს ხელში ვიყავი, მაგრამ შენ არც კი შემეხე. უფალმა მოგანიჭოს სამაგიერო სიკეთე შვილო! შერცხვენილი საული დაბრუნდა შინ, მაგრამ მალე ისევ გაუცრუვდა გული დავითზედ და ხელახლა წავიდა მის საძებნელად. მაგრამ დავითმა ახლა უფრო მომეტებულად შეარცხვინა საული უსამართლო ბოროტებისათვის: საულს ღამემ მოუსწრო უდაბნოში, მან დასცა იქვე კარავი და დაწვა დასაძინებლად, დაიძინეს იმის მხლებლებმა კარისკაცებმაც; დავითმა ეს ყველაფერი დაინახა, წამოიყვანა ერთი თავისი კაცი და შუაღამისას ჩუმად შევიდა მეფის კარავში. ამხანაგმა უთხრა დავითს: შენი მტერი ეხლა შენს ხელთ არის, ნება მომეცი და მე ერთი დაკვრით მოვკლავ მას. ღმერთმა დაგვიფაროს უფლისაგან ცხებული მეფის ხელი ხლება! განა დაუსჯელად დარჩება, ვინც მაგისთანა ცოდვასა იქმს? აიღე და თან წამოიღე ეს მახვილი, რომელიც თავთით უძევს და წყლით სავსე სურაც. სრულიად ვერავინ გაიგო მათი ყოფნა კარავში და გამოსვლა, ისე მაგრად დააძინა ისინი ღმერთმა. როცა დავითი ავიდა ახლო მთაზედ, იქიდან მაღალი ხმით დაუწყო ძახილი საულის ჯარის უფროსს. უფროსმა უცებ გამოიღვიძა და დაუყვირა: ვინ აწუხებს ამ შუაღამისას მეფეს? დავითმა მიუგო: განა აგრე უნდა მეფეს დაცვა? ეხლა მანდ ვიღაც იყო მეფის მოსაკლავადა. აბა ნახე, სად არის მახვილი მეფისა ან წყლის სურა! ცუდად ემსახურებით მეფესა, მოსაკლავნი ხართ ყველანი მაგისათვის. ეს სიტყვები გამოღვიძებულმა საულმაც გაიგონა, იცნო დავითი ხმაზედ და უთხრა: შენა ხარ, შვილო დავით? მე გახლავარ, ჩემო ხელმწიფევ! _მიუგო დავითმა, _ რისთვის მდევ, რა მიქნია ცუდი? განა შესაფერია მეფისათვის მთა-მთა სდიოს ჩემისთანა უკანასკნელ კაცსა, როგორც უსაქმო მონადირე დასდევს გარეულ ფრინველსა? საულმა ახლაც ცხადად იგრძნო თავისი უსამართლობა და დაუძახა დავითსა: დაბრუნდი ჩემთან, შვილო ჩემო, სრულიად აღარას გერჩი, ცხადად ვხედავ, რომ ჩემს სიცოცხლეს შენ ზოგავ: ბევრი დანაშაული მაქვს შენთანა, მაგრამ დავითმა იცოდა, რომ საული მალე დაივიწყებდა თავის დაპირებასა და ამიტომ დაბრუნება არ მოინდომა. იმან დაუძახა საულის ერთ მონას, მისცა მახვილი და სურა და გაეცალა იქაურობას.

სიკვდილი საულისა

[რედაქტირება]

(1 მეფ. 31,1 _ 4; 2 მეფ. 1,1 _ 27) საულს დიდი ხანი აღარ უმეფია. უბედური სიკვდილი მალე ეწვია მას. ფილისტიმელები კიდევ შემოესივნენ საისრაელოს. საული გრძნობდა, რომ ღმერთი მას აღარ შველოდა და ამიტომ შიშით გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველზედა. აქ ისრაელნი სასტიკად დამარცხდნენ. ნახევარი ჯარი გაწყდა ომში, ნახევარი გაიქცა და დაიქსაქსა. საული თავის შვილებით მეტად მხნედ იბრძოდა, მაგრამ ვერა გააწყეს რა. სამი შვილი, რომელთა შორის იყო იონათანიც, მოუკლეს თვალწინ და თვითონ საულიც დასჭრეს. საული ხედავდა, რომ მტერს ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა და უთხრა თავის მეაბჯრეს: დამეცი გულში მახვილი, რომ მტრებმა ტყვედ არ წამიყვანონ და არ შევიქმნე სამასხარაო წარმართებისა. მეაბჯრემ ეს ვერ გაბედა და მაშინ საული თვითონ დაეცვა თავის მახვილს წვერზედ და მოკვდა. საულის სიკვდილის ხმამ დავითამდისაც მიაღწია. საშინლად ეწყინა დავითსა, სიმწრით პერანგი შემოიფლითა და ცხარე ცრემლით ატირდა. იგი სტიროდა საულს და თავის ერთგულ მეგობარს იონათანს, თავისი მწუხარება და გლოვა იონათანზე მან გამოხატა მშვენიერი ლექსით. ისრაელთ ახლა გაიხსენეს, რომ დავითი მათ მეფედ იყო ცხებული სამოელ წინასწარმეტყველის მიერ. რადგანაც თვითონ ხალხსაც უყვარდა და მოსწონდა დავითი, ამიტომ ჩქარა მთელმა ერმა აღიარა იგი მეფედ.

მეფობა დავითისა

[რედაქტირება]

(2 მეფ. 5,6 _9; 6,1 _17; 7,1 _16) დავითმა საცხოვრებლად არც ერთი მაშინდელი ქალაქი არ ამოირჩია, რადგანაც არ უნდოდა, რომ ამის გამო შური და ცილობა ჩამოვარდნილიყო სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლებს შორის. მან განიზრახა ახალი ქალაქის აშენება. საისრაელოში ერთ მთაზედ იყო აშენებული ციხე-ქალაქი, რომელიც წარმართებს ჰქონდათ დაპყრობილი; ამ ციხე-ქალაქს ერქვა იერუსალიმი. დავითმა აიღო ეს ციხე, დაისაკუთრა, გააფართოვა, გაამშვანიერა, ააშენა თავისთვის სასახლე და დასახლდა შიგა. ებრაელთა სატახტო ქალაქი გახდა იერუსალიმი. კეთილმსახურ დავითს უნდოდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქი გამხდარიყო, ამიტომ მან ააშენა ახალი, ძველზედ უფრო დიდი და მშვენიერი კრებულის კარავი, დასდგა იგი იერუსალიმში სიონის მთაზედ და სელომიდან გამოიტანა მასში დასასვენებლად სჯულის კიდობანი. მაგრამ ერთგულებამ უფლისამ უფრო კაი საქმე მოაწადინა დავითს. დავითს ეთაკილებოდა, რომ თვითონ მდიდარ სასახლეში ცხოვრობდა და ღვთის სახლს კი უბრალო კარავი შეადგენდა, ამიტომ მან მოინდომა მშვენიერი ტაძრის აშენება. მაგრამ, ღვთის ბრძანებით, ერთი წინასწარმეტყველი მივიდა დავითთან და უთხრა: ამ წმინდა საქმეს შენ არ შეუდგები, მას შეასრულებს შენი შვილი, რომელიც შენს შემდეგ გამეფდება. ამასთან წინასწარმეტყველმა განუცხადა დავითს დიდი მოწყალება ღვთისა: შენი შთამომავალნი იქნებიან განუწყვეტლივ მეფეებად ისრაელისა, მანამ არ დაიბადება შენსავე შთამომავლობაში მაცხოვარი, რომელსაც ერქმევა შენი ძე და საუკუნო მეფე. უფალმა ყოველ საქმეში წარუმართა ხელი დავითსა და ყოველი მისი წამოწყება აკურთხა და კეთილად დაასრულა. მისი სამეფო მის სიცოცხლეში გახდა დიდი, ძლიერი და სახელგანთქმული. გარშემო ხალხები ყველანი დავითის მორჩილების ქვეშ იყვნენ და მტრებს მისი დიდი შიში ჰქონდათ, რადგანაც მათზედ დავითმა ბევრჯერ გაიმარჯვა ღვთის შემწეობით და არც ერთხელ არ დამარცხებულა.

შეცოდება დავითისა

[რედაქტირება]

(2 მეფ. 11, 2 _ 27; 12, 1 _23) მაგრამ ამისთანა მართალი კაციც კი, როგორიც იყო დავითი, მძიმე შეოდებაში ჩავარდა. ეტყობა, რომ დიდება, ბედნიერება და განცხრომით ცხოვრება წმინდა კაცსაც კი აფუჭებს. დავითმა მოინდომა ერთი უბრალო კაცის ცოლის შერთვა. იმ კაცს ურია ქეტელი ერქვა. რადგანაც წართმევა არ შეიძლებოდა, ამიტომ მან იხმარა შემდეგი ბოროტი ხერხი: ქმარი გაგზავნა ჯარში და თან გაატანა თავის სარდალთან წიგნი, რომელშიც ეწერა შემდეგი: ამ წერილის მომტანი ისეთ ადგილას დააყენე, რომ უთუოდ მოკლან მტრებმა. სარდალმა აასრულა დავითის ბრძანება. დაქვირვებული ქალი დავითმა შეირთო ცოლად. განცხრომით ცხოვრებამ ისე გამოცვალა დავითი, რომ სინდისი სრულიადაც არ აწუხებდა ამ ბოროტების ჩადენისათვის. ღმერთმა მთელი წელიწადი უცადა დავითის სინდისის გაღვიძებას, მაგრამ ტყუილად, მაშინ, მისი ბრძანებით გამოცხადდა დავითთან ნათან წინასწარმეტყველი და უთხრა: _ მეფევ, გამისამართლე შემდეგი საქმე: ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა _ ერთი მეტად მდიდარი, მეორეღარიბი. მდიდარს ჰყავდა მრავალი ცხვარი და სხვა შინაური საქონელი. ღარიბს კი არა ებადა რა ერთი ცხვრის მეტი, რომელიც მას უყვარდა და ეფერებოდა; ცხვარს აჭმევდა თავის ჯამში, ასმევდა თავის საწყლედან და აძინებდა თავის მუხლებზედ. ერთხელ მდიდარ კაცს ეწვია სტუმარი, მან დაინანა თავისი ცხვრის ფარებიდან საკლავის დაბარება, წაართვა ღარიბს ის ერთადერთი ცხვარი, დაჰკლა და აჭამა თავის სტუმარს. დავითმა რომ მოისმინა ბოლომდის, გაბრაზდა იმ მდიდარ კაცზედ, გაცეცხლდა და თქვა: მაგისთანა უსამართლობის ჩამდენი სწორედ სიკვდილის ღირსია. მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა დავითს: ედ კაცი შენა ხარ, _ და დაუმატა, _ ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: მე შენ გაგხადე მირონცხებული მეფე, მე შენ გამოგიხსენ საულის ხელიდან. რად გადაუდეგ მცნებას ღვთისასა და რად ჩაიდინე ბოროტება ჩემს თვალქინ? შენ მოჰკალი საწყალი ურია ქეტელი მტრის ხელით და მისი ქვრივი დაისვი ცოლად. დავითმა ცხადად იგრძნო ახლა კი თავისი შეცოდება, მისმა სინდისმა გაიღვიძა და გულითადი სინანულით აღიარა თავისი ცოდვა წინასწარმეტყველის წინაშე. შევცოდე მე უფლის წინაშე, _ უთხრა დავითმა ტირილით წინასწარმეტყველსა. წინასწარმეტყველმა მიუგო: უფალი ხედავს შენს სინანულს და გაპატიებს ცოდვას. შენ თვითონ არ მოკვდები, მაგრამ რადგანაც ამ საქმით დაამცირე შენი ღმერთი მტრის თვალში, ამიტომ მოკვდება შვილი შენი, შობილი ბერსაბესგან. ეს რომ თქვა, გაბრუნდა წინასწარმეტყველი და განშორდა დავითს. დავითი იყო მეტად მოსიყვარულე მამა და ძალიან უყვარდა ბერსაბესაგან შობილი შვილი, ამიტომ ძლიერ ემწარებოდა მისი სიკვდილი, მეტადრე გული ძალიან ეთუთქებოდა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ეს უმანკო ყმაწვილი უნდა სიკვდილით დასჯილიყო მამის შეცოდების გულისათვის. დავითი დაემხო მიწაზედ, გოდებდა, სტიროდა და მარხული რამდენსამე დღეს ცხარე ცრემლით სთხოვდა უფალსა, მისი ჩვილი შვილი გადაერჩინა სიკვდილისაგან. თავისი ღრმა სინანული ამ დროს მან გამოხატა ლექსად იმ მშვენიერ ფსალმუნში, რომლითაც ეხლა ყველა ცოდვილი ხელმძღვანელობს სინანულის დროს: “მიწყალე მე ღმერთო, _ ტირილით შესთხოვდა დავითი უფალსა, _დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი; უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე, რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ . . . გული წმინდა დაბადე ჩემთან, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა” . . მაგრამ სიტყვა ღვთისა შეურყეველია: საყვარელი, უმანკო შვილი დავითს მაინც მოუკვდა. მაშინ დავითი ადგა, დაიბანა პირი, დაივარცხნა თავი და წავიდა ტაძარში ღვთის თაყვანისცემისათვის. ტაძრიდან გამოსულმა დავითმა მოლხენა დაიწყო. შინაურებს გაუკვირდათ ასეთი ქცევა დავითისა და უთხრეს: მანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ სტიროდი და მარხულობდი, და ახლა კი, როცა მოკვდა, მოიმხიარულე და მარხვასაც დაანებე თავი. მაგრამ დავითმა მიუგო: მე ვსტიროდი და ვმარხულობდი, სანამ მეგონა რომ უფალს შევაბრალებდი ჩემს ბავშვს. ახლა კი, როდესაც ნება ღვთის ასრულდა და ბავშვი მოკვდა, მე იმას ტირილით და ცრემლით ვეღარ დავიბრუნებ. მე შემიძლია სიმწუხარით მას თან გადავყვე, მაგრამ ამით ვეღარაფერს ვუშველი…. . . მაგრამ შვილის სიკვდილით არ გათავდა დავითის უბედურებანი.

აბესალომის ამბავი

[რედაქტირება]

(2 მეფ. 14,25; 15,2 _ 30; 16,5 _ 12; 18,1 _ 33; 19,1 _ 4; 8 _ 23; 2 მეფ. 5,4; 3 მეფ. 2,1 _ 11) დავითის ერთმა შვილმა, სახელად აბესალომმა, განიზრახა მეტად ბრიყვული და ბოროტი საქმე. მან მოინდომა მამის ტახტიდან ჩამოგდება და მეფობის დასაკუთრება. წინათაც თავისი ცუდი ყოფაქცევით მამას ბევრს აჯავრებდა და უთუოდ ფიქრობდა, რომ მამა მას არ დანიშნავდა თავის მემკვიდრედ, ამიტომ მან ძალით და ეშმაკობით მოინდომა მეფობის ჩაგდება ხელში. აბესალომი იყო მეტად მშვენიერი ვაჟკაცი და ბევრს მოსწონდა ის. რომ უფრო მომეტებულად შეეყვარებინა ხალხისათვის თავისი თავი, მან იხმარა მარჯვე ეშმაკობა: ყოველ დილით ადრე გამოდიოდა სასახლის კარებთან და ალერიანად ჰკითხავდა ყველას, ვინც იმის მამასთან რაიმე თხოვნით მოდიოდა: რა საქმისათვის გარჯილხართ?; როცა საქმეს გააგებინებდნენ, აბესალომი შებრალებით ეტყოდა: შენი საქმე მართალი, სწორი საქმეა, მაგრამ რა, მეფე შენ არ მოგისმენს; მე რომ ვიყო მეფე, მაშინ სხვა იქნებოდა: ყველა თავისი თხოვნით პირდაპირ შემოვიდოდა ჩემთან და სამართლიანად გადავიწყვეტდი საქმეს. ამის გარდა, როცა წინ შეხვედრის დროს პატივისცემით თავს უკრავდნენ აბესალომს, როგორც მეფის შვილს, იგი ალერსიანად ხელს ართმევდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა მათ. ზოგმა კარგად იცოდა, რისთვის ჩადიოდა ამ პირმოთნეობას მეფის შვილი, მაგრამ ზოგს კი მოწონდა მისი თავმდაბლობა, ტკბილი სიტყვები და ხალხში აქებდა მას. ბევრნი იყვნენ იმისთანანიც, რომელნიც დავითს ემდურებოდნენ, რადგანაც იგი მათ სასტიკად ექცეოდა; როცა აბესალომმა ნახა, რომ მომხრეები ბევრი იშოვა და ესენი მზად იყვნენ, ეშველათ მისთვის მამის ჩამოგდებაში ტახტიდან, დაეთხოვა თავის მამას ერთ ქალაქში წასასვლელად ვითომ სალოცავად. მამამ სრულიად არაფერი იცოდა და ამიტომ დაუბრკოლებლივ გაუშვა თავისი შვილი. ამ ქალაქში აბესალომმა შეკრიბა ყველა თავისი მომხრე და მეფედ გამოაცხადა თავი; მერე საჩქაროდ გაგზავნა აქეთ-იქით ქალაქებში თავისი მეგობრები გამოსაცხადებლად საყოველთაოდ, რომ აბესალომი გამეფდაო. თვითონ აბესალომი კი თავისი ჯარით გაეშურა იერუსალიმისაკენ. მას უნდოდა აეღო ეს ქალაქი, დაეტყვევებინა თავისი მამა და მოეკლა. დავითმა რომ ეს შეიტყო, საჩქაროდ გაიქცა იერუსალიმიდან თავისი სახლობით, გუშაგებითა და მოსამსახურებითურთ. მომზადებული ჯარი აჯანყებულების დასამშვიდებლად მაშინ არ ჰყავდა დავითს სრულიად, რადგანაც აბესალომის ღალატი მისთვის მოულოდნელი იყო. იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტირილით გააცილეს დავითი, რომელიც ფეხშიშველი მიდიოდა და მწარედ სტიროდა. გზაზედ დავითს შეხვდა ერთი საძაგელი კაცი, საულის გვარისა. დაუწყო გინება, ქვების სროლა და ეძახდა: გასწი, გასწი, შე ურჯულო! ჰე, ჩავარდი, უბედურებაში! გეწია, თუ არა საულის ცოდვა! დავითთან მიმავალ კაცებს უნდოდათ მოეკლათ ეს ბრიყვი და უსირცხვო კაცი, მაგრამ დავითმა დაუშალა: ანებეთ თავი, _ უთხრა დავითმა, _ დეე მლანძღოს და მწყევლოს, ალბათ ღვთის ნება სრულდება ჩემზედ. თუ ჩემი ღვიძლი შვილი ჩემზედ აღსდგა, მაგ უცხო კაცს რაღად უნდა დავემდურო. ეგებ უფალმა სიკეთე მომაგოს მაგის ლანძღვის სამაგიეროდ. აბესალომი შევიდა იერუსალიმში, და დაიჭირა სამეფო ტახტი, მას ეგონა, ეს არის მთელი სამეფო დამრჩაო, მაგრამ ამ დროს დავითის გარშემო მთელ მის სამეფოდან შეიკრიბა მრავალი ჯარი. აბესალომი გავიდა იერუსალიმიდან თავისი მომხრეებით და მოემზადა მამის ჯართან საომრად. დავითს თვითონ არ უნდოდა ომში გარევა და შვილის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ სხვას ჩააბარა სარდლობა. მამის გული მაინც ვერ იმეტებდა აჯანყებულ შვილს და ამიტომ ომის წინ დავითმა უთხრა ჯარის მეთაურებს: დაზოგეთ ჩემი შვილი აბესალომი და ნუ მოჰკლავთ მას. გაიმართა ომი. დავითის გამოცდილმა და გაწყობილმა ჯარმა მალე საშინლად დაამარცხა ომში გამოუცდელი აჯანყებულები. მრავალი მათგანი დაიღუპა ბრძოლის ველზედ, დანარჩენნი გაიფანტნენ. გაიქცა თვითონ აბესალომიც; მას დაედევნენ დასაჭერად უკან დავითის კაცები, აბესალომი თავის ბაჩა ცხენით შევარდა ტყეში და ტყე-ტყე გარბოდა, ამ დროს მისი მეტად გრძელი თმა, ქარისაგან გაშლილი, შემოეხვია ხის ტოტს, აბესალომი დაეკიდა ხეზედ და ცხენი კი ქვეშ გაუძვრა და გაიქცა; ამ დროს წამოეწივნენ მას დავითის ჯარისკაცნი; მათმა მეთაურმა, მეფის თხოვნის საწინააღმდეგოდ, სამი ისარი ესროლა შიგ გულში აბესალომს და ხეზედვე მოკლა. როდესაც დავითს ახარეს გამარჯვება, ყველაზე უწინ ეს ჰკითხა: ჩემი შვილი აბესალომი რაღა იქნა? ხომ კარგად არის? დავითს რომ შეატყობინეს უბედური ბოლო თავისი შვილისა, იწყო მწარედ ტირილი და ოხვრით ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო! ნეტავ მე მოვმკდარიყავ და შენ კი ცოცხალი მყოლოდი, შვილო!; დიდხანს სტიროდა და იმეორებდა ამ სიტყვებს. იერუსალიმში და სხვა ქალაქებში კი ხალხი ძალიან გაახარა დავითის გამარჯვებამ. ხალხი ეგებებოდა წინ დავითს დიდის ამბით და ულოცავდა გამარჯვებას. დავითმა, როგორც გულკეთილმა კაცმა, არ დასაჯა არც ერთი მომხრე აბესალომისა, ყველას აპატია და სრულიად დაივიწყა ღალატი მათი. ის კაცი, რომელიც დავითს ლანძღავდა და სწყევლიდა იერუსალიმიდან გაქცევის დროს, ყველაზე უწინ მივიდა გამარჯვებულ დავითთან და სთხოვა, ეპატიებინა მისთვის მძიმე დანაშაული. დავითმა არამც თუ აპატია, შეჰფიცა კიდეც, რომ მის დანაშაულობას სრულიად დაივიწყებს და ძვირ გულს მასზედ არ იქონიებს. დავითმა ორმოც წლამდე იმეფა. როცა შეატყო სიკვდილის მოახლოვება, შეჰკრიბა წარჩინებულნი და მათ წინაშე დანიშნა თავის მემკვიდრედ სოლომონი. სიკვდილის წინ მან აკურთხა სოლომონი, დაულოცა მეფობა. დაარიგა, რომ წმინდად და შეურყევლად დაეცვა ბრძანებანი უფლისა, კეთილგონიერად მოქცეულიყო და ანდეძად დაუგდო დიდი ტაძრის აშენება იერუსალიმში. მეფე დავითი წინასწარმეტყველიც იყო. სული წმინდის ჩაგონებით მან სთქვა ბევრი საღმრთო ლექსი, რომლებსაც ჩვენ “ფსალმუნებს” ვეძახით, ხოლო წიგნს, რომელიც მას შეიცავს, ვუწოდებთ “დავითნსა”.

სოლომონის სიბრძნე და დიდება

[რედაქტირება]

(3 მეფ. 3,5 _ 28; 19,1 _ 9; 4,24 _ 25) თავდაპირველად სოლომონი იყო ისეთივე კეთილმსახური, სათნო და ერთგული ღვთისა, როგორც დავითი, მამა მისი. ამიტომ მას ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა. ერთხელ სოლომონმა დიდხანს ილოცა მხურვალედ და გულმოდგინედ კრებულის კარავში. იმავე ღამეს უფალი გამოეცხადა სოლომონს სიზმარში და უთხრა: მთხოვე, რაც გინდა, და მოგანიჭებ. სოლომონი მეტად გონივრულად მოიქცა ამ შემთხვევაში, მან მიმართა ღმერთს შემდეგი თხოვნით: უფალო! შენ დამაყენე მრავალი ხალხის მეფედ, ხოლო მე ჯერ ყმაწვილი და გამოუცდელი ვარ; მისი კეთილად მართვა მიძნელდება ძალიან. ამისათვის გევედრები. მომანიჭო მე გონება და სიბრძნე, რათა შემეძლოს სწორედ განსჯა ხალხისა, მისი მოვლა და მართვა, შეუცდენლად ვარჩევდე ბოროტს კეთილისაგან და ვიდგე სწორ გზაზედ. ღმერთს მეტად ეამა ამგვარი გონიერი თხოვნა. მან უპასუხა სოლომონს: რადგან შენ არ მთხოვე არც დღეგრძელობა, არც სიმდიდრე და არც დიდება, ამისთვის აგისრულებ სურვილს: მოგანიჭებ ინისთანა გონებას და სიბრძნეს, რომ შენი ბადალი მთელ ხმელეთზედ არ იყოს; ამასთან მოგცემ შენ იმასაც, რაც არა მთხოვე _ გაგამდიდრებ და აგავსებ დიდებითა. და თუ შეურყევლად იდგები შენს სიცოცხლეში ჩემს მცნებებზე, მოგანიჭებ დღეგრძელობასაც. სოლომონმა დიდის ამბით გადაუხადა მადლობა ამისთანა უხვი მოწყალებისათვის. პირველად სოლომონმა თავისი სიბრძნე ასე გამოიჩინა: მასთან ორი დედაკაცი მოვიდა საჩივლელად. ერთმა დაიწყო: ხემწიფევ, ჩვენ ორივენი ერთად ვცხოვრობთ და ორივეს თითქმის ერთდროულად მოგვეცა თითო ვაჟი; ერთ ღამეს ამ დედაკაცს მოუკვდა ვაჟი; აიღო, თურმე, მკვდარი ბავშვი, ჩემს გვერდით ჩუმად დასდო, ჩემი ცოცხალი ვაჟი კი მომპარა და დაიჩემა. მეორე დილაზედ, ერთიც ვნახოთ ჩემთან წევს მკვდარი ბავშვი; დავხედე, ჩემი არ არის. მეორე დედაკაცი ამბობდა: სტყუის, ჩემო ხელმწიფევ, სულ სტყუის. მკვდარი ვაჟი მაგისი იყო. ეს ცოცხალი კი ჩემია. შეება ერთი-ერთმანერთს ეს ორი დედაკაცი სოლომონის წინ და ცილობდნენ ცოცხალ ბავშვზედ: “არა, ჩემია, _ ამბობდა ერთი, არა, ჩემია, _ უპასუხებდა მეორე. საქმე გაჭირდა, ამიტომ რომ მოწმე არავინა ჰყავდათ. მაშინ სოლომონმა სთქვა: თქვენ ორივე იჩემებთ ამ ვაჟსა, მოიცა, შუაზე გაგიყოფთ, მოიტანეთ მახვილი! როცა მახვილი მოიტანეს, ბრძანა: გასჭერით შუაზედ ეგ ბავშვი და ნახევარ-ნახევარი მიეცით მაგ დედაკაცებს. მაშინ ჭეშმარიტმა დედამ დაიკივლა: ხელმწიფევ, ნუ მოაკვლევინებ ბავშვს. დაე მისცენ ამ დედაკაცს ჩემი ვაჟი! მეორემ კი სიხარულით სთქვა: დაე, არც მე მერგოს ბავშვი და არც შენა, გააპეთ შუაზედ. სოლომონსაც ეს უნდოდა: აი, ვაჟის ნამდვილი დედა, _ სთქვა სოლომონმა პირველ დედაკაცზე, რომელმაც სთქვა, არ მოკლათ ბავშვიო _ მაგას მიეცით ვაჟი! ისრაელთ ცხადად დაინახეს თავისი ახალგაზრდა მეფის სიბრძნე და უფრო მომეტებული პატივი და სიყვარულიმიაგეს მას. დიდი ჭკუის გარდა, უფალმა მისცა სოლომონს დიდი სიმდიდრეც, მისი ხომალდები ბევრს შორეულ ქვეყნებში დასცურავდნენ და მოჰქონდათ იქიდან ათასნაირი ძვირფასეულობა. მთელ ხმელეთზედ გავარდა ხმა სოლომონის სიბრძნისა და სინდიდრისა. ბევრნი უცხო მეფენი ეძებდნენ მის მეგობრობას; სხვანი თვითონ მიდიოდნენ მის კარზე, რომ გაეგონათ თავისი ყურით მისი გონიერი საუბარი და ენახათ მისი აუარებელი სიმდიდრე. თან მიჰქონდათ ძვირფასი საჩუქრები, რომ სოლომონის გული მოეგოთ. ერთმა დედოფალმა, რომელიც სოლომონს ეწვია და ნახა მისი ავლადიდება, განცვიფრებით სთქვა: უწინ მე არ მჯეროდა, რასაც შენს გონიერებაზედ და საქმეებზედ მეუბნებოდნენ, ახლა კი ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ ჩემთვის შენზედ ნახევარიც არ უთქვამთ. ბედნიერია შენი ხალხი, ბედნიერნი არიან შენი ქვეშერდომნი, იდიდოს სახელი უფლისა, რომელმაც მისცა მათ შენისთანა მეფე. მართლაც არასდროს ისრაელის ხალხს არა ჰქონია იმისთანა ბედნიერი ცხოვრება, როგორიც ჰქონდა სოლომონის მეფობის დროს. ორმოცმა წელმა სოლომონის მეფობისამ ისე გაიარა, რომ ერთი ომიც არ მომხდარა. ებრაელი ხალხი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობდა მშვიდობიანად.

ტაძრის აშენება

[რედაქტირება]

(3 მეფ. 5; 6; 7; 8; 9; 10; 11) გამეფდა თუ არა სოლომონი, მაშინვე შეუდგა მშვენიერი ტაძრის აშენებას იერუსალიმში, თანახმად თავისი მამის ანდერძისა. დავითმა სიკვდილის შემდეგ სოლომონს დაუტოვა მომზადებული არა მხოლოდ გეგმა და გარე სახე ეკლესიისა, არამედ აუარებელი მასალა. მარტო ოქრო და ვერცხლი, ტაძარზედ მოსახმარებელი, დაუტოვა დავითმა ასოცდახუთი ათასი ფუთი; დამზადებულ სპილენძს, რკინას, ხე-ტყეს და თლილ მარმარილოს ხომ რიცხვი არ ჰქონდა. სოლომონმა ამ მასალას თავის მხრითაც მიუმატა. დაიბარა უცხო ქვეყნებიდან საუკეთესო ოსტატები და მეოთხე წელიწადს თავისი გამეფების შემდეგ Dჩააგდო საძირკველი. შვიდ წელიწადს უკან უკვე დასრულებული იყო უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ბადალი მთელ ხმელეთზედ არ მოიპოვებოდა. წმინდა, თლილი მარმარილოს კედლები შიგნიდან იყო შემკული ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ყოველი ნივთეულობა ტაძრისა გაკეთებული წმინდა ოქროთი; ტაძარი ისევე იყო მოწყობილი როგორც კრებულის კარავი , ე. ი. იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ნაწილს შეადგენდა “წმინდა წმინდათა”, ხოლო მეორეს “საწმინდაო”, გარშემო ტაძარს ერტყა ფართო ეზო, მშვენიერი გალავნით შემოზღუდული. კურთხევა ტაძრისა სოლომონმა ჩაატარა მეტად დიდი ამბით. ტაძრის კურთხევაზედ დაიბარა უხუცესნი და მოთავენი ხალხისანი, აგრეთვე უთვალავი ხალხი მოაწყდა ყოველი ქალაქიდან. ჯერ დიდძალი მსხვერპლი შეამზადეს, შემდეგ მღვდლები შევიდნენ კრებულის კარავში, აიღეს სჯულის კიდობანი და გალობით გადმოიტანეს ტაძარში. დადგეს თუ არა ახალ ადგილას სჯულის კიდობანი, იმწამსვე მთელი ტაძარი გაივსო ღრუბლით, ასე რომ მღვდლები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ წირვა. ამით ღმერთმა ყველას ცხადად დაანახა, რომ ახლად აგებული ტაძარი მან ჰქმნა წმინდა ადგილად და დასახა თავის სმყოფელ სახლად. ამ დროს სოლომონმა Dდაიჩოქა, აღაპყრო მაღლა ხელები და ხმამაღლა წარმოსთქვა შემდეგი ლოცვა ტაძარზედ და ხალხზედ: უფალო, ისმინე ყოველ ჟამს ლოცვა ამ წმინდა ადგილს მომსვლელთა და მიანიჭე ყოველი წყალობა, რაიც კი გთხოვონ, არათუ ისრაელთა, არამედ წარმართაც. ამ ლოცვის პასუხად უფალმა სოლომონს აჩვენა ახალი ნიშანი თავის წყალობისა. უცებ ზეციდან გაჩნდა ცეცხლი და დასწვა მომზადებულნი მსხვერპლნი. ხალხმა რომ ეს დაინახა, დაემხო პირქვე და ადიდებდა უფალსა. დღესასწაულმა გასტანა მთელი კვირა. უთვალავი მსხვერპლი დაჰკლა ამ დროს სოლომონმა, მარტო შეწირული ხარების რიცხვი ავიდა ოცდაორ ათასამდის, ხოლო ცხვრებისა _ ას ოც ათასამდის. ტაძრის აგების შემდეგ სოლომონი შეუდგა იერუსალიმის გამშვენიერებას, ააშენა სასახლები, გაამშვანიერა დიდი ბაღები, გააკეთებინა შიგ ქალაქში პატარ-პატარა გზები და ისე მორთო თავის სატახტო ქალაქი, რომ მასზედ უკეთესი შეუძლებელი იყო. მაგრამ ბოლოს ეს დიდი სიბრძნის პატრონიც შესცდა და იმისთანა ღვთის საწინააღმდეგო საქმეები ჩაიდინა, რომ უკანასკნელი უგუნური კაცი არ იზამდა: მას ცოლებად ჰყავდა წარმართი ქალები და მათი ჩაგონებით იერუსალიმის ახლოს ააშენა საკერპო საყდრები, შიგ დაასვენებინა კერპები და მისცა ნება თავის ცოლებს და სხვა წარმართებს ევლოთ იქ და ელოცათ. ესეც არ იკმარა. მალე თვითონაც დაიწყო ამ საკერპოში სიარული, ლოცულობდა, თაყვანს სცემდა, მსხვერპლს სწირავდა და დღესასწაულებს უმართავდა კერპებს. ხალხი რომ უყურებდა თავისი მეფის ამნაირ ქცევას, გული უცრუვდებოდა თავის სარწმუნოებაზედ და ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდა. ამიტომ, ღვთის ბრძანებით, გამოეცხადა სოლომონს ერთი წინასწარმეტყველი, ამხილა მას მისი უგუნურება და Uუთხრა, რომ: შენი შეცოდების გამო შენი სახელმწიფო შენი სიკვდილის შემდეგ დაირღვევა და ორად გაიყოფაო. სოლომონი ბოლო ჟამს მოდიოდა გონზედ, შეინანა წრფელი გულით თავისი შეცოდებანი და სიბრძნე გამოხატა რამდესამე წიგნში, რომლებიც ძველ აღთქმაში არიან მოქცეულნი.

ისრაელთა სამეფოს ორად გაყოფა

[რედაქტირება]

(4 მეფ. 12,1 _ 33) სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელთა შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა. ამის მიზეზი იყო შემდეგი: სოლომონის მეფობის უკანასკნელ წლებში ხალხი დიდ გასაჭირში ჩავარდა; სოლომონს გამოელია იმ დროისათვის მამისაგან დარჩენილი სიმდიდრე. რადგან მდიდრულ ცხოვრებას დიდი ხნიდან მიჩვეული იყო, ამიტომ ხალხს ხარჯი ერთი ორად მოუმატა, რომ უწინდებურად ეცხოვრა და ემოქმედნა. ხალხს დიდი გაჭირვება დაადგა. მაგრამ რადგანაც თავისი მოხუცებული და ბრძენი მეფის წყენა არ უნდოდა, ამიტომ მოითმინა და მაშინ ხმა არ ამოიღო, ხალხმა ხარჯის შემცირებაზედ ზრუნვა გადასდო სოლომონის სიკვდილამდის. მოკვდა თუ არა სოლომონი, ხალხისაგან ამორჩეულნი უხუცესნი მოგროვდნენ ერთ ქალაქში და სოლომონის უფროს შვილს რობუამს მოახსენეს: დიდ გაჭირვებაში ჩავარდით ამ ბოლო ხანს, ამდენი ხარჯის ძლევა აღარ შეგვიძლიან; უნდა როგორმე ტვირთი შეგვიცირო და შეგვიმსუბუქო. მაგრამ წინდაუხედავმა რობუამმა უპასუხა: თუ მამაჩემმა დიდი ტვირთი დაგადოთ კისერზედ, მე ამ ტვირთს ერთი-ორად დაგიმძიმებთ. ამისთანა უდიერი სიტყვებით რობუამს თავის ჭკუაში ხალხი უნდა შეეშინებინა, მაგრამ მოტყუვდა: ხალხი საშინლად აღელდა, გაცეცხლდა და ზოგიერთმა სთქვა: რას ჩავციებივრათ ამ დავითის გვარეულობას? ამოვირჩიოთ სხვა გვარიდან ჩვენი გულის კაცი მეფედ და დავსვათ ტახტზედ, ხარჯიც მოგვაკლდება და ცხოვრებაც გაგვიადვილდება. ეს აზრი ძალიან მოეწონათ იაკობის ათი შვილი შთამომავლებს და მაშინვე გამოაცხადა ყველა მათგანმა თავისი თანხმობა, მაგრამ იუდას შთამომავალნი, რომელთაგანაც იყო Dდავითის სახლობა წინ აღუდგნენ ამ აზრსა და მტკიცე ერთგულება გამოიჩინეს დავითის სახლობისა. ამათივე მხარე დაიჭირეს ბენიამენის შთამომავალთაცა. მაშინ იაკობის ათი შვილის შთამომავალთა თქვეს: შინ დავბრუნდეთ თავთავის სახლებში და ამოვირჩიოთ ცალკე მეფე. ესენი კი რამდენ ხანსაც უნდოდეთ, იმდენ ხანს ემონენ დავითის სახლობასა; სთქვეს და აასრულეს: მეფედ ამოირჩიეს ერთი თავიანთ შორის გამოჩენილი კაცი, სახელად იერობუამი. სოლომონის უფროს შვილს რობუამს ხელქვეითად დარჩა მარტო იუდას და ბენიამენის შთამომავალნი. რობუამს უნდოდა ძალით დაემორჩილებინა განდგომილი ისრაელნი, შეჰკრიბა დიდი ჯარი იერუსალიმში და გასწია საომრად, მაგრამ გზაზედ შეხვდა მას ერთი ღვთის კაცი, წინასწარმეტყველი, და თანახმად ღვთის ბრძანებისა, უთხრა რობუამს: ღმერთს არ ნებავს, რომ თქვენ იომოთ თქვენს ძმებთან, დაბრუნდით უკანვე თქვენს სახლებში. რობუამი და მისი ჯარი დაემორჩილნენ ღვთის სიტყვასა, ბრძოლაზედ ხელი აიღეს და დაბრუნდნენ შინა. ასე გაიყო ორ სამეფოდ ღვთისგან არჩეული ისრაელის ერი, იერობუამის სახელმწიფოს ეწოდა უწინდელივე სახელი: ი ს რ ა ე ლ ი ს სამეფო, ხოლო რობუამისას დაერქვა ი უ დ ა ს სამეფო.

ბედი ისრაელის სამეფოსი

[რედაქტირება]

(3 მეფ. 12,26 _ 33; 13,1 _ 6; 33 _ 34; 18,9 _ 12) იერობუამი მანამ მეფობას მიიღებდა, იყო უბრალო კაცი, რომელსაც სოლომონმა ჩააბარა მშენებელთა ზედამხედველობა. ამისთანა კაცს დიდი მადლიერება მართებდა უფლისა, რომელმაც მას მიანიჭა ასეთი დიდი პატივი, მაგრამ იერობუამი გამოდაგა ცუდი, უმადური კაცი და ავი მეფე. გამეფების შემდეგ მან მაშინვე ზურგი შეაქცია უფალს და თავისი ხალხიც გადაიბირა. იერობუამი ასე ფიქრობდა: მთელს ჩვენ ქვეყანაში მარტო ერთი იერუსალიმის ტაძარია; ჩემი ხალხი რომ დარჩეს ერთგული თავისი სარწმუნოებისა, სალოცავად ისევ იერუსალიმის ტაძარში უნდა იაროს, იქ შეიძლება დაუახლოვდეს, დაუმეგობრდეს იუდევლებს, შეუორგულდეს და ხელმეორედ რობუამის ქვეშერდომობა მოინდომოს. ამიტომ საჭიროა, რომ ჩემ ხალხს დავავიწყო მისი ღმერთი და იერუსალიმის ტაძარი და შევაჩვიო იგი წარმართ სარწმუნოებას. ასე იფიქრა და ასეც მოიქცა: იერობუამმა ჩამოასხმევინა ორი ხბოს ქანდაკება, ერთი თავის თავის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დაადგმევინა, მეორე _ დასავლეთ ნაწილში და გამოუცხადა ხალხსა: ახლა იერუსალიმში სიარული თქვენთვის საჭირო აღარ არის; აი, აქვე გყვანან თქვენ ღმერთი, რომელთაც გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან; ილოცეთ ესენი და თაყვანი ეცით მათ. შემდეგ დააწესა დღეობა ამ კერპებისა, შეჰკრიბა ხალხი და Yყველაზედ პირველად თვითონ შესწირა მსხვერპლი ახლად აშენებულ სამსხვერპლოს, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოცხადდა მასთან წინასწარმეტყველი, მთელი ხალხის წინაშე ამხილა იერობუამს უგნურება და უსჯულოება და ბოლოს, დასამტკიცებლად იმისა, რომ იგი ასრულებს ღვთის ბრძანებას და არა თავის ნებას, უბრძანა სამსხვერპლოს: დაიშალე ახლავ და იქეცი მტვრადა! სამსხვერპლო მაშინვე მტვრად იქცა. გაბრაზებულმა მეფემ ხელი გაიშვირა წინასწარმეტყველისაკენ და დაიძახა: დაიჭით ეგა! მაგრამ ხელი იმწამსვე გაუშეშდა და ვეღარ დაძრა. შეშინებულმა იერობუამმა დაუწყო ხვეწნა წინასწარმეტყველს: კაცო ღვთისაო, მაპატიე დანაშაული და ილოცე ჩემთვის, რომ ისევ მომირჩეს ხელი. წინასწარმეტყველმა სთხოვა უფალს გაშეშებული ხელის მორჩენა და ღმერთმაც აუსრულა თხოვნა: იერობუამს ხელი ისევ გაუსაღდა. მაგრამ ამის შემდეგაც იერობუამი თავის უმსგავს საქმეებს არ იშლიდა: ავრცელებდა ხალხში კერპთაყვანისმცემლობას; უშენებდა კერპებს საყდრებს და ცრუ ღმერთებს უყენებდა მღვდლებს; ვინც მის ნებაზე არ დადიოდა და ჭეშმარიტ ღმერთს არ ღალატობდა, სდევნიდა, აწვალებდა და თავის სამეფოდან აძევებდა. საუბედუროდ, იერობუამის შემდეგი მეფენი ამაზედ კიდევ უარესნი გამოდგნენ. ამიტომ უსჯულოებამ და წარმართობამ ისრაელის სამეფოში თანდათან უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. ჭეშმარიტი ღმერთი თითქმის ყველამ დაივიწყა. მის მაგივრად თაყვანს სცემდნენ კერპებს. ყოველ სერზედ, ყოველ ჩრდილოვანი ხის ქვეშ ისრაელთ ედგათ კერპები, მართავდნენ მათ წინაშე მსხვერპლთშეწირვებს, დღესასწაულებს და ადიდებდნენ მათ. ათი მცნება და სხვა უფლის სჯულის კანონი ხალხმა სრულიად დაივიწყა. ამიტომ ზნეობა დაეცა, გარყვნილება გავრცელდა და სხვადასხვა ბიწიერებას შეეჩვია ხალხი. ბევრგვარი ღონისძიება იხმარა უფალმა ისრაელთა მოქცევისათვის, მაგრამ ტყუილად; მრავალმა რჩევამ, ხშირად მუქარამ წინასწამეტყველთა პირით, ბევრჯერ სასტიკმა დასჯამ ფუჭად ჩაიარა და ვეღარ მოაქცია სწორე გზაზედ წარმართობისაკენ გადაბირებული ხალხი. მაშინ განსისხებულმა უფალმა სრულიად აიღო ხელი ისრაელის სამეფოზედ, მოაკლო მას თავის შემწეობა და მთლად ააოხრებინა მტრებს. ეს მტრები იყვნენ ა ს უ რ ე ლ ნ ი, რომელნიც წარმართები იყვნენ; ასურელნი დაეცნენ ისრაელის სამეფოს და ადვილად დაამარცხეს მისი ჯარი, რადგანაც უფალი აღარ იყო ისრაელთა შემწე. ჯარის დამარცხების შემდეგ ისინი შეესივნენ ისრაელთა სახელმწიფოს, მრავალი ხალხი გაწყვიტეს, ქალქები, სოფლები მთლად გადაბუგეს და ააოხრეს და რაც ხალხი ცოცხალი გადაურჩათ, მოხვიეს ხელი და წაასხეს ტყვედ თავის ქვეყანაში.… ისრაელთა ნაცვლად ასურელებმა გადმოასახლეს აქ სხვადასხვა ქვეყნიდან წარმართი ხალხი; ეს ხალხი შეერია იმ ისრაელებში, რომლებიც აქა-იქ მიმალულ ადგილებში გადაურჩნენ ტყვეობას და ცხოვრობდნენ თავის სამშობლო ქვეყანაში. მათგან წარმოსდგნენ სამარიტელნი, რომელთაც ეს სახელი დაერქვათ იქიდან, რო სატახტო ქალაქს ისრაელის სამეფოსას იმჟამად ერქვა ს ა მ რ ი ა. სამარიტელთ გაიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი თავის მეზობელ იუდეველთაგან, მაგრამ თავიანი კერპებიც ისევ სწამდათ.

ბედი იუდეველთა სამეფოსი

[რედაქტირება]

(4 მეფ. 24,25) იუდეველთა სამეფოს ადვილად შეეძლო დაეცვა ერთგულება ღვთისა. აქ იყო დარჩენილი მთელი საღმრთო საგნები, რომლებიც ხალხს ყოველ ჟამს აგონებდნენ ღმერთს, წარსულში მის მფარველობას და მზრუნველობას. ამ სამეფოს მცხოვრებლებს თვალწინ ედგათ უმშვენიერესი ტაძარი სოლომონისა _ ბრწყინვალე და წმინდა სახლი ჭეშმარიტი ღვთის მსახურებისა. მასში ესვენა სჯულის კიდობანი, რომელიც ცხადად აგონებდა მათ ღვთის სჯულს. აქვე იყო ძველი კარავი კრებულისა, მოწამე მრავალი სიკეთისა და საკვირველი საქმისა, რომელნიც უფალმა უყო ისრაელთ ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და ჟამს უდაბნოში მოგზაურობისა. მაგრამ, საუბედუროდ, ამდენმა წმინდა სახსოვარმა ღვთისამ ხალხი ვერ დაიფარა უსჯულოებისგან. იგი არ დარჩა ერთგული ღვთისა და მიჰყო ხელი წარმართობას. ეს მოხდა იმიტომ, რომ ორად გაყოფამ ისრაელის ერი მარტო ღონით და შეძლებით არ დასცა ძირსა; ამ განცალკევებამ იგი დაბლა დასწია ჭკუითაც; შეუმცირა და დაასუსტა თვით გნებაცა; ხალხის დაცემულ გონებას მაღალი, უხილავი ღმერთის წარმოდგენა ეძნელებოდა და უადვილდებოდა სამსახური და თაყვანისცემა კერპებისა, რომელთაც იგი თვალითა ხედავდა. აი, რისთვის აქაც ჭეშმარიტი ღმერთი თანდათან დავიწყებას მისცეს და ჩაიფლნენ კერპთთაყვანისცემაში. უსჯულოება ხალხისა იქმდის მივიდა, რომ თვით უფლის ტაძარს ხშირად ბილწავდნენ კერპების დადგმით და მათი თაყვანისცემით. ზოგირთი მეფენი ცდილობდნენ ეს საძაგელი უსჯულოება მოესპოთ თავის სახელმწიფოში; ჰგზავნიდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლებს ხალხში, ჰყრიდნენ კერპებს იერუსალიმის ტაძრიდან და მართავდნენ სჯულიერ ღვთისმსახურებას. მაგრამ, საუბედუროდ, ამისთანა კეთილმსახურნი მეფენი ძალიან ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ასი წლის განმავლობაში სულ სამი მეფე გამოდგა ღვთისნიერი; ესენი იყვნენ იოსაფატი, ეზეკია და იოსია. სხვა მეფენი კი ყველანი წარმართობაში იყვნენ ჩაფლულნი და ხელს უმართავდნენ კერპთთაყვანისმცემლობას ხალხში. როგორც ისრაელის სამეფოში, ისე აქაც, ღმერთი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ ხალხი და მეფენი მოერჯულებინა, სწორე გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ტყუილად, ესენი ვერ მოაშორა უგუნურებას, გარყვნილებას და უსჯულოებას. მაშინ უფალმა გადაწყვიტა იმედი ამ ხალხის მოქცევისა, აიღო მასზედ ხელი და მისცა მტრებს. ბაბილონის მეფე, სახელად ნაბუქოდონოსორი, თავისი ჯარით შემოესია იუდეველთა სამეფოს, დაარბია, გააოხრა ქალაქები და სოფლები, სოლომონის ტაძარი სრულიად დაწვა, მისი ძვირფასი საღმრთო ნივთეულობა თან წაიღო და ხალხიც ტყვედ წაასხა ბაბილონში დასასახლებლად, მხოლოდ მცირეოდენნი მცხოვრებნი გადაურჩნენ დახოცვას და ტყვეობას, მაგრამ ამათაც ვეღარ გასძლეს თავის აოხებულ და ატიალებულ ქვეყანაში და აქეთ-იქით უცხო ქვეყნებში დაიქსაქსნენ. ასე სასტიკად დაისაჯა იუდეველთა სამეფო უსჯულოების და გარყვნილების გამო. წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველნი იყვნენ შუამავალნი ღმერთსა და ხალხს შორის. ისინი უქადაგებდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სათნო ცხოვრებას, კეთილმსახურებას; არიდბდნენ ცუდ საქმეებს და უცხადებდნენ ნებას ღვთისას. ამ წმინდა თანამდებობისათვისუფალი ირჩევდა იმისთანა პირთ, რომელთაც მკიცედ სწამდათ იგი, ჰქონდათ წმინდა, უმანკო საქციელი და მხურვალე გულით უყვარდათ ხელი. თვით უფალი შთაგონებდა წინასწარმეტყველებს, რა და როგორესწავლებინათ ხალხისათვის და რა უნდა გამოეცხადებინათ მისთვის. წინასწარმეტყველნი ხალხს ცხადად უნტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ ელჩები ღვთისა და ქადაგებდნენ სული წმინდით ჩაგონებულს და არა თავის მოგონილსა. ყოველი მათი სიტყვა სრულდებოდა,, მათგან მომავალზედ ნათქვამი მუდამ აცხადდბოდა ხოლმე; თავისი ლოცვით იმისთანა საკვირველს საქმეებს ახდენდნენ, რომელნიც მარტო ღვთისთვის არის შესაძლები, და არა კაცისათვის. საკვირველ თავგანწირვას იჩენდნენ წინასწარმეტყველნი. მათ თავისი თავი სრულიად დავიწყებული ჰქონდათ. იმათ არ ებადათ არც ბინა საკუთარი და არც სარჩო-საცხოვრებელი, ხშირად ითმენდნენ სიცივესაც და შიმშილსაც, მაგრამ გასაჭირს არაფრად აგდებდნენ. ღვთისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა იყო უპირველესი საგანი მათი მზრუნველობისა. თავისი ხლხის გაუმჯობესებას, მათ ამაღლებას გონებით და ზნეობით და მის ბედნიერებას სწირავდნენ ისინი ყველაფერს. ყოველი მათი წუთი ეკუთვნოდა ხალხზედ მზრუნველობას, ყოველი მათი ნაბიჯი გადადგმული იყო ხალხის ამაღლებისათვის, თავის თავისთვის ისინი იყვნენ მკვდრები, ცოცხლობდნენ და მოქმედებდნენ მხოლოდ ხალხის სიკეთისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის. მათ არ ჰქონდათ საკუთარი დარდი და სიხარული, მათი დარდი და სიხარული იყო მხოლოდ ხალხი. ხალხის გონებით და ზნეობით დაცემა ავსებდა მათ გულს ვარამით, მისი ამაღლება და დიდება აძლევდა მათ სიხარულს. კიდეც ამ მხურვალე სიყვარულის გულისათვის მამულისადმი და ხალხისადმი იახლოებდა მათ ღმერთი და ირჩევდა თავის კაცებად. არავითარ ღონისძიებას არ ზოგავდნენ წინასწარმეტყველნი თავის ხალხის ამაღლებიათვის. ისინი მუდამ დადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ქადაგებდნენ და ცდილობდნენ გაენათლებინათ ხალხის გონება ჭეშმარიტი სწავლით, რომ ეჩვენებინათ ხალხისათვის სარგებლობა ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულებისა, წინასწარმეტყველნი მისთვის ხშირად გამოსთხოვდნენ ხოლმე უფალს სხვადასხვა წყალობასა. როცა ხალხი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა უბედურების გამო, წინასწარმეტყველნი ამხნევებდნენ მას და უწინასწარმეტყველებდნენ მაცხოვრის მოსვლას, რომელსაც უნდა გამოეხსნა ისრაელის ერი ყოველგვარი ტანჯვისაგან და აემაღლებინა იგი როდესაც ხალხი, წინააღმდეგ წინასწარმეტყველთა ქადაგებისა, ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მისდევდა კერპთთაყვანისმცემლობას, ისინი უქადაგებდნენ მას ღვთის რისხვას და მძიმე სასჯელს და ცდილობდნენ შიშით ემოქმედათ ხალხზედ და მოერჯულებინათ იგი; როდესაც ხალხს უსჯულოების და გარყვნილობის გამო სასჯელი მიადგებოდა ხოლმე და სინანულში შეიყვანდა, წინასწარმეტყველნი თავის ლოცვით და შუამდგომლობით უფლის წინაშე აცილებდნენ მას თავიდან სასჯელს და აშორებდნენ უბედურებას. . . ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველნი ზრუნავდნენ თავის ხალხზედ, ისე, როგორც მოსიყვარულე დედა ზრუნავს თავის ძვირფას შვილებზედ. ესენი იყვნენ აგრეთვე ხალხის მოსარჩლენი მეფეთა წინაშე. იმ მეფეებს, რომლებიც ხალხს ამდაბლებდნენ და რყვნიდნენ კერპთთაყვანისმცემლობით, ხშირად გამოეცხადდებოდნენ ხოლმე განრისხებული წინასწარმეტყველნი, დაურიდებლად ამხელდნენ მათ უსჯულოებას და უქადოდნენ სასჯელს ღვთისას. წინასწრმეტყველთ მეფენი ამისთანა პირდაპირობისათვის სტანჯავდნენ, ჰყრიდნენ საპყრობილეებში, ზოგს კიდევაც ჰკლავდნენ; მაგრამ ამით ისინი ვერ აშინებდნენ მათ. ტანჯვაში და სიკვდილის დროს წინასწარეტყველთ ანუგეშებდათ და ამხნევებდათ ის ნათელი აზრი, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მათ შესწირეს ღვთისა და ერის ერთგულებას. ეს საკვირველნი პირნი უმეტეს ნაწილად იყვნენ მდაბიო, უბრალო ხალხის შვილები და ამიტომაც იჩენდნენ ასეთ მხურვალე სიყვარულს ხალხისას. მათ შორის ერივნენ მეფის შთამომავალნიც, მაგრამ მათი რიცხვი უფრო მცირე იყო. წინასწარმეტყველნი უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ისრაელი ორ სახელმწიფოდ გაყოფის შემდეგ, რადგანაც ამ დროს ხალხს წარმართობა მოერია და უფრო საჭიროებდა წინასწარმეტყველთა ქადაგებას.

ელია წინასწარმეტყველი

[რედაქტირება]

(3 მეფ. 16,28 _ 34; 17,1 _ 22; 18,1 _ 45; 19,1 _ 21) 4 მეფ. 2,1 _ 14) ყველაზე ძლიერი და დიდებული წინასწარმეტყველი იყო ელია, შვილი უბრალო კაცისა. იგი ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში. ამ დროს აქა მეფობდა აქაბი, მეტად უსჯულო და გარყვნილი მეფე. მისი ცოლი, ერთი წარმართი მეფის ქალი, ძალიან ცდილობდა თავისი წარმართი სარწმუნოება გაევრცელებინა ისრაელის ხალხში. მან კერპებს აუშენა ერთი დიდი და მშვენიერი საყდარი, დადგა შიგ კერპები, დააყენა ოთხაზედ მომეტებული ქურუმი და გამართა შიგ კერპთმსახურება. ხალხმა დაიწყო აქ სიარული, დაივიწყა სრულიად ჭეშმარიტი ღმერთი, სცემდა თაყვანს კერპებს და ირყვნებოდა. კეთილმორწმუნენი ცოტაღა დარჩნენ იმ სამეფოში; წინასწარმეტყველნი ბევრი აღადგინა უფალმა, რომ ხალხი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ, მაგრამ მეფე და ხალხი მათ არაფერს უგონებდნენ და წარმართი დედოფლის ჩაგონებით აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და ხოცავდნენ. ამ გარყვნილ და უსჯულო დროს წინასწარმეტყველება დაიწყო ელიამ, რომელსაც გულში უტრიალებდა ცეცხლივით მხურვალე სიყვარული ღვთისა და ერისა. იგი ხედავდა, რომ ხალხი გადააბირებული იყო და ამიტომ იფიქრა, რომ მხოლოდ სასტიკ დასჯას შეუძლია მოიყვანოს იგი გონზედ და მოაქციოს ჭეშმარიტ გზაზედ. ამიტომ უცებ გამოეცხადა აქაბსა და უფლის მაგიერ მრისხანედ უთხრა მას: ცხოველ არს უფალი, ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაელისა, რომელსაც მე ვემსახურები! ამიერიდან შეიკვრის ცა და ვეღარ იხილავთ ვეღარც წვიმასა და ვეღარც ნამს ცისასა, ვიდრემდის ჩემი სიტყვა არ გახსის ცასა. წარმოსთქვა ეს მრისხანე სიტყვები, გამობრუნდა მაშინვე უკან და დატოვა აქაბი თავზარდაცემული. ელია გავიდა აქაბის სამეფოდან უდაბნოში და იქ დაბინავდა ერთი მთის ნაკადულთან. აქ უფალმა უბრძანა ყორანს, რომ ეზიდა ელიასათვის საჭმელი ყოველ დილიით და ყოველ საღამოთი. წინასწარმეტყველის მუქარა ასრულდა _ შეიკრა ცა და აღარ ეღირსა მთელ საისრაელოს არც წვიმა და არც ნამი დილისა. საშინელი გვალვისაგან დაშრნენ მდინარენი და ჩამოვარდა შიმშილობა. ბოლოს დაშრა მთის ის ნაკადულიც, რომლიდანაც ელია სვამდა წყალს. მაშინ უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო უცხო ქვეყანაში, სახელდობრ ქალაქ სარეფათში და იქ ეცხოვრა ერთ ღარიბ ქვრივთან. ელია მაშინვე გაუდგა გზას. როცა ქალაქის ალაყაფის კარებთან მივიდა, ელიამ დაინახა ქვრივი, რომელიც შეშას ჰკრეფდა. ელიამ სთხოვა ქვრივს, რომ წყალი გამოეტანა თავის სახლიდან და დაელევინებინა. ქვრივი წავიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს ელიამ კიდევ მიაძახა: ცოტაოდენი პურიც წამომიღე. ქვრივმა მოიხედა უკან დაუთხრა ელიას: ღმერთია მოწამე, რომ პური სრულიად არა მაქვს, მარტო ერთი მუჭა ფქვილი ამრჩენია საფქვილეში და ერთი ბეწო ერბო ქილაში. აი, ახლა უნდა მოვაგროვო ერთი იღლია შეშა და გამოვაცხო ხმიადი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, მერე კი შიმშილით უნდა დავიხოცნეთ. ელიამ უთხრა ქვრივს: ნუ გეშინიან, წადი, ჯერ ჩემთვის გამოაცხე პატარა ხმიადი და მომიტანე, შენთვის და შენი შვილისათვის გამოცხობას მერეც მოესწრები, ვინაიდან ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: არ მოაკლდეს ფქვილი შენს საფქვილეს და არ გამოილიოს ერბო შენს ქილაში მანამ, სანამ შიმშილობა იყოს საისრაელოში. თუმცა ქვრივი წარმართი იყო, მაგრამ ღვთის კაცის სიტყვები დაიჯერა, მიართვა მას თავისი უკანასკნელი ლუკმა-პური, მიიღო თავის სახლში და ეფერებოდა, როგორც ძვირფას სტუმარს. ამიტომაც უფალმა არ გამოულია ამ კეთილი გულის ქვრივს არც ფქვილი საფქვილეში და არც ერბო ქოთანში მთელი წლის განმავლობაში, სანამ ელია მის სახლში ცხოვრობდა. უფალმა უფრო დიდი მოწყალება მოიღო ამ ქვრივზედ: მას გაუხდა ავად ერთადერთი შვილი და მოუკვდა. ქვრივმა მწარე ცრემლით შესტირა წინასწარმეტყველს და უთხრა: კაცო ღვთისაო, ეტყობა შენთან დამნაშავე ვარ, რომ შვილი ხელიდან გამომეცალა; მითხარ, ცუდი რა დამიშავებია შენთვის?! ელიას შეეცოდა საწყალი ქვრივი, გამოართვა ხელიდან მკვდარი შვილი, შეიტანა თავის ოთახში, დასდო ლოგინზედ და ასე შეევედრა ღმერთსა: უფალო, ნუთუ ამ საწყალ ქვრივსა არ ააცილებ ამ უბედურებას და წაართმევ ერთადერთ შვილსა? უფალო, შეიბრალე ეს უბედური, დედაკაცი და დაუბრუნე სული ამ ბავშვსა! უფალმა შეისმინა ლოცვა თავის წინასწარმეტყველისა და გააცოცხლა მკვდარი ბავშვი. სამ-წელიწად-ნახევარს იდგა საშინელი გვალვა მთელს საისრაელოში. შიმშილმა და წყურვილმა შეაწუხა ხალხი. ამ უბედურებამ და სასტიკმა სასჯელმა მოაგონა მას თავისი ღმერთი და ჩააგდო სინანულში. ხალხმა ამასთან დაიწყო ჩივილი და სამდურავი თავის მეფეზედ, რომელმაც კერპთთაყვანისმცემლობა გაავრცელა თავის სახელმწიფოში და გაარისხა ღმერთი. მაშინ უფალმა უბრძანა უბრძანა ელიას: წადი და უთხარი აქაბსა, რომ ახლა მოვიყვან ქვეყანაზე წვიმას-თქო. გზაზედ წინასწარმეტყველი შეხვდა მეფეს. დაინახა თუ არა აქაბმა ელია, დაუძახა: შენ ხარ, ხალხის გამრყვნელო? სულ შენგან მოგვდის ამდენი ამდენი უბედურება. ელიამ მიუგო: ჩემგან კი არა, შენგან არის ჩავარდნილი ტანჯვაში მთელი ხალხი, შენ დაავიწყე მას მცნებანი ღვთისა, გამოუდექი კერპთაყვანისმცემლობას, გარყვენი ხალხი და გაარისხე მასზე ღმერთი. ბოლოს ელიამ უთხრა აქაბსა: რამდენ ხანს უნდა აცდინო შენი ხალხი წარმართობით. თუ ჩემი ღმერთია ჭეშმარიტი, მას უნდა ემსახუროთ, და თუ უსულო კერპები მიგაჩნია ნამდვილ ღმერთებად, მათგან უნდა მოელოდე შემწეობას და უბედურებისაგან დახსნას. შეჰკრიბე კარმელის მთაზედ ხალხი, მოიყვანე იქ ყველა მღვდელი შენი ცრუ ღმერთებისა, მეც მოვალ იქ და ვნახოთ, ვინ მართალი გამოდგება და ვინ მტყუანი. აქაბს იმედი ჰქონდა, მთელი ხალხის წინ შევარცხვენ ელიასო და ამიტომ სიხარულით დათანხმდა მის სიტყვას, როცა დანიშნულ ადგილას შეგროვდა ხალხი და ქურუმები და მოვიდა თვით მეფეცა, ელიამ უთხრა: გამოვცადოთ და ვნახოთ, რომელი ღმერთია ჭეშმარიტი ღმერთი, ის რომელსაც მე ვემსახურები, თუ ის მთავარი კერპი, რომელსაც თაყვანს სცემთ თქვენ ყველანი? მერე მიუბრუნდა ქურუმებს და უთხრა: თქვენ ბევრნი ხართ, მე კი ერთი ვარ; დავამზადოთ მსხვერპლები და ვილოცოთ. თქვენ შეევედრენით თქვენს კერპებს და მე შევეხვეწები ჩემს უფალს; ვისიც ღმერთმა გაიგონოს ლოცვა და ზეციდან გამოგზავნოს ცეცხლი მსხვერპლის დასაწვავად, იგი ვაღიაროთ ჭეშმარიტ ღმერთად. და მარტო მასა ვცეთ თაყვანი. ხალხმა რომ მოისმინა ელიას სიტყვები, ერთხმად დაიძახა: კარგი, ასე იყოს!; ჯერ წარმართმა ქურუმებმა მოამზადეს მსხვერპლი და მოჰყვნენ თავისი ღმერთების ვედრებას, დიდხანს ილოცეს, უძახეს, ურბინეს გარს შEწირულ მსხვერპლს, იცემდნენ გულში ხელებს, ისერავდნენ დანებით ტანსა და ისისხლიანებდნენ ერთგულების გამოჩენისათვის, მაგრამ ვერას გახდნენ, ვერაფერი პასუხი ვერ მიიღეს თავისი ცრუ ღმერთებისაგან. მერმე შეუდგა მსხვერლის შეწირვას ელია; მან საჩქაროდ გააკეთა სამსხვერპლო თორმეტი ქვისაგან და ზედ დასდო დაკლული ხბო და მსხვერპლზე სამჯერ გადაასხმევინა წყალი, რომ არავის ეფიქრა, იქნება ცეცხლი ქვეშ ჩუმად იყო შედებულიო. ბოლოს დაიჩოქა და ისე შეევედრა ღმერთსა: უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, მოავლინე ზეცით ცეცხლი და აჩვენე ამ ხალხს, რომ მარტო შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი. გაათავა თუ არა ელიამ ლოცვა, უცებ წამოვიდა ზეციდნ ცეცხლი, დაეცა მსხვერლს და დასწვა იგი. მაშინ შეშინებული ხალხი დაემხო პირქვე და დაიძახა: ჭეშმარიტ არს ელიას ღმერთი! ამ სასწაულის შემდეგ ელია ავიდა კარმელის მთის წვერზედ, დაემხო პირქვე და ევედრებოდა ღმერთს, რომ მას მოევლინა წვიმა ქვეყნად. შემდეგ გაგზავნა თავისი მსახური, რომ ზღვაზედ გადაეხედა და შეეტყო, გამოჩნდა ღრუბელი თუ არაო, და შვიდჯერ ზედიზედ ილოცა; ბოლოს გამოჩნდა პაწაწა ღრუბელი, რომელიც ჩქარა გადიდდა, გადაეკრა მთელ ცას, დაეშვა ხშირი წვიმა და გვალვისაგან დამწვარ მიწაზედ და გააცოცხლა მთელი დედამიწა. მაგრამ ხალხმა მალე დაივიწყა ღვთის რისხვაც, თავისი სასჯელიც, ელიას სასწაულმოქმედებენიცა და მიეცა ისევ უწინდელ უსჯულო ცხოვრებას. თვითონ ელიაც მალე გახდა იძულებული, გაქცეულიყო შორს ქვეყანაში ისრაელის სამეფოდან, რადგანაც მას მოსაკლავად სდევდა აქაბი. ხალხის უსჯულოებამ და უსამართლო დევნამ დიდი დარდი ჩაუგდო გულში ელიასა. ამიტომ მან უდაბნოში სთხოვა უფალს სიკვდილი. ამ დროს მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და უბრძანა, რომ იგი წასულიყო იმ მთაზედ, რომელზედაც ღმერთი პირველად გამოეცხადა მოსეს. ელია წავიდა და მივიდა ქორების მთასთან. აქ უფლის წინაშე აღიარა თავისი გულის დარდი და ვარამი. უფალმა უბრძანა ელიას, მთის წვერზე ადი და იქ დაუცადე ჩემს გამოცხადებასააო. ელია ავიდა მთაზედ და დადგა. ჯერ მის წინ გამოიქროლა ისეთმა საშინელმა ქარაშოტმა, რომ მთას ჭახაჭუხი დააწყებინა და ზოგან კლდეც მოანგრია; მერე შეიქმნა საშინელი მიწისძვრა; შემდგომ გაჩნდა ცეცხლის ვეებერთელა სვეტი და დაიწყო ჰაერში ტრიალი, კუდიანი ქარივით; ბოლოს ელიამ იგრძნო წყნარი, საამური ნიავი და გაიგონა უფლის ხმა: რად მოსულხარ, აქ ელიავ?; ელიამ უპასუხა: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ მთელმა ისრაელის ერმა დასტოვა შენი მცნებანი, დაანება თავი შენს თაყვანისცემას, შეუდგა წარმართობას და დახოცა შენი ერთგული წინასწარმეტყველნი, დავრჩი მარტო მე, მაგრამ მეც დამდევენ მოსაკლავად. უფალმა დაამშვიდა ელია შემდეგი სანუგეშო სიტყვებით: ნუ გეშინიან, მეგობარნი კიდევა გყვანან ჩემს ერში, მთელი ხალხი არ არის გარყვნილი, როგორც შენა გგონია, იქ იპოვება შვიდი ათასი კაცი, რომელთაც ჩემთვის ჯერ არ უღალატნიათ და არ მოუდრეკიათ მუხლი კერპთა წინაშე. ბოლოს უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო თავის ქვეყანაში და წინასწარმეტყველად დაეყენებინა ერთი ისრაელი, სახელად ელისე. თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდა, ელიამ ელისე ნახა მინდორში გუთანზე ხვნის დროს. მიუახლოვდა, მოიხადა თავისი წამოსასხამი და ელისეს გადააგდო მხარზედ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელისე მან წინასწარმეტყველად აირჩია. ელისემ იმ წამსვე ყველაფერს თავი დაანება და გაჰყვა ელიას. საოცარი სახით დატოვა ელიამ ქვეყანა. მან თავისი უკანასკნელი წუთის მოახლოება იგრძნო მაშინ, როდესაც ელისესთან ერთად მიდიოდა გზაზედ. ელისეს უთხრა: დარჩი აქა, მე უფალი მიბრძანებს, წავიდე წინ. ელისემ შეიტყო, რომ ელიას ამაღლება ზეცას მოახლოებულიყო და ამიტომ უთხრა: არასგზით თავს არ დაგანებებო. სამჯერ გაუმეორა ელიამ თავისი თხოვნა ელისეს, მაგრამ მან სამჯერვე უპასუხა: ღვთის წინაშე გეუბნები, რომ თავს არას გზით არ დაგანებებ. ამ ლაპარაკის დროს მიადგნენ მდინარე იორდანეს. ელიამ მოიხსნა თავის წამოსასხამი, შეკეცა, დაჰკრა მდინარეს და გაჰყო წყალი. ორივე წინასწარმეტყველი დამშრალ მდინარეზედ გავიდნენ. ამ დროს ელიამ უთხრა ელისეს: მთხოვე, რისი მიღებაც ჩემგან გსურს, მანამ უფალი თავისთან ამიტაცებდეს. ელისემ მიუგო: სხვა არა მინდა არა, მომენიჭოს ერთი ორად ის წინასწარმეტყველური ძალა, რომლითაც შენა ხარ სავსე. ძნელ რასმე ითხოვ, _ მიუგო ელიამ, _ მაგრამ მოგენიჭება, თუ დამინახავ, როცა უფალი აღმიტაცებს ზეცას და თუ ვერ დამინახავ, არ გეღირსება მოცემა ნათხოვარისა. როცა ასე ლაპარაკით მიდიოდნენ, უცებ გაჩნდა ცეცხლის ეტლი, ცეცლის ცხენშებმული, მოჰქროდა წინასწარმეტყველთ შუა და გააშორა ისინი ერთმანერთისგან. ელია უცებ მოექცა ამ ამ ცეცხლის ეტლში, წავიდა მაღლა და გაჰქრა ზეცაში. განცვიფრებულმა ელისემ მალე დაჰკარგა თვალიდან ამაღლებული ელია, საშინლად დაღონდა და სთქვა: დაჰკარგა ისრაელის ერმა ეს უკანასკნელი მფარველიცა. და სიმწუხარის ნიშნად პერანგი შემოიფხრიწა. ამ დროს ნუგეშად მას ზეციდან ჩამოუვარდა წინ ელიას მოსასხამი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელიას წინასწარმეტყველური ნიჭი ელისეზედ გადავიდა. ამაში მალე დარწმუნდა ელისე, როცა იორდანესთან მივიდა და დაჰკრა ელიას წამოსასხამი: წყალი გაიყო და ელისე გავიდა იწითა ნაპირზე.

ელისე წინასწარმეტყველი

[რედაქტირება]

(4 მეფ. 2,15; 4,1 _37; 6,24 _25; 33; 7,1 _30; 4 მეფ. 5; 1 _ 27; 13,20 _ 21) ელიას ამაღლების შემდეგ მისი ძლიერების მემკვიდრე შეიქმნა ელისე. ამის ხელით და პირით უფალმა ბევრი სასწაული უჩვენა ისრაელთა, რომ იგინი წარმართობისაგან და უსჯულოებისაგან დაეხსნა, ცხადად დაენახვებინა თავისი ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ მოექცია. ერთხელ ელისესთან მივიდა ერთი დედაკაცი და ითხოვდა მისგან შემწეობას: ქმარი მომიკვდა და დამიტოვა ვალი. შენ თვითონ იცი, რომ იგი იყო ღვთის მოშიშარი კაცი, ეხლა ამ ვალში ორ შვილსა მთხოვენ ყმად. ელისემ უთხრა: ახლა როგორ გიშველო შენ? გაქვს რამე სახლში თუ არა? არაფერი არა მაქვს, გარდა ერთ კოკა ზეთისა, _ მიუგო ქვრივმა. წინასწარმეტყველმა უთხრა: წადი, სთხოვე შენს მეზობლებს და რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი მიიტანე სახლში, ჩაიკეტე კარები და შენი შვილების დახმარებით შენი კოკიდან გადაასხი ზეთი იმ ცარიელ ჭურჭლებში, მანამ პირთამდე არ აივსებოდეს. ქვრივმა გაუგონა წინასწარმეტყველს, წავიდა და ისე მოიქცა, როგორც მან უბრძანა: შვილები აძლევდნენ ცარიელ ჭურჭელს და ის ასხამდა ზეთს, როცა ყველა ჭურჭელი გაივსო, შვილებს უთხრა: კიდევ მომეცითო. შვილებმა უთხრეს: ამის მეტი აღარა გვაქვსო და ზეთმაც იკლო კოკიდან. ის დედაკაცი მივიდა ელისესთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. მაშინ წინასწარმეტყველმა უბრჩანა, რომ გაეყიდა მას ზეთი; რაც იმ ზეთში ფული აიღო, იმით ვალი მოიშორა და სარჩენადაც ბევრი დარჩა. ელისე ხშირად მიდიოდა და დადგებოდა ხოლმე ერთ ღვთისმოყვარე ებრაელთან. ეს დიდი სიამოვნებით მიიღებდა ხოლმე და იმისთვის კიდეც ააშენა პატარა ოთახი, შიგ დადგა ტახტი, მაგიდა, სკამი და შანდალი. იმ ებრელს ჰყავდა ერთი შვილი. ერთხელ ყმაწვილი თავის მამასთან მინდორში იყო და უეცრად თავი ასტკივდა, მაშინვე მიიყვანეს დედასთან და დედას კალთაში მოუკვდა შვილი. დედამ აიღო და ელისეს ქვეშაგებზედ დასდო და დაკეტა კარები. მერე არავის სახლში მყოფს არ უთხრა ეს უბედურება და საჩქაროდ მიირბინა წინასწარმეტყველთან, დაეცა მის ფეხებთან და მოეხვია. ელისემ გაიგო მაშინვე, რა ამბავიც იყო მის თავს და უთხრა თავის მოსამსახურეს: აიღე ჩემი ყავარჯენი, ჩქარა წადი და შეახე ყმაწვილს. მაგრამ დედაკაცი არ შორდებოდა ღვთის კაცს და ეხვეწებოდა, რომ თვითონ წამოსულიყო. ელისე წავიდა და შევიდა თუ არა ოთახში, სადაც მკვდარი ყმაწვილი იდო, ჩაკეტა კარები და შეევედრა ღმერთს, შემდეგ დაიხარა ყმაწვილისაკენ. ყმაწვილმა თვალები გაახილა. ელისემ დაუძახა მის დედას და მისცა ცოცხალი შვილი. ისრაელებს შეემთხვათ ომი სხვა ხალხთან. მტრები დიდძალი ჯარით შემოესივნენ და გარს შემოერტყნენ მათ სატახტო ქალაქს, სამარიას. ამ ქალაქში იყო ელისეც. რაც ქალაქში პური იყო სულ გამოელიათ და იმისი შოვნა და მოტანა მტრების შიშით შეუძლებელი გახდა. დადგა საშინელი შიმშილი. ისრაელების მეფემ თავისი კაცების პირით ჰკითხა ელისეს: რა ვქნა მე ასეთ გაჭირვებაში? წინასწარმეტყველმა შეუთვალა: უფალმა მითხრა, რომ ხვალ ალაყაფის კარებთან გაიყიდება პური უფასოდ. ერთმა ხელმწიფის ახლობელმა კაცმა არ დაუჯერა და უთხრა: ეგ შეუძლებელიაო, თუნდ ციდან რომ ცვიოდეს პურიო; ელისემ უთხრა: შენ თვითონ დაინახავ, რომ ჩემი სიტყვა ასრულდება, მაგრამ პურს კი ვერ სჭამ. იმ ღამეს მტრებმა გაიგონეს რაღაც ხმაურობა, თითქოს დიდი ჯარი მოდის მათზეო, შიშისაგან ყველაფერი იქ დატოვეს და გაიქცნენ. მეორე დღეს ისრაელებმა ნახეს, რომ მტრები აღარ იყვნენ, მისცვივდნენ იმათგან დარჩენილ საჭმელებს და ნივთეულობას. იმ დღეს პური იყიდებოდა ძალიან იაფად. ის კაცი, რომელმაც არ დაუჯერა ელისეს, ხელმწიფემ ყარაულად დააყენა კარებში, მაგრამ იმ არეულ-დარეულობაში გაჭყლიტეს და ამნაირად ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა. ასურასტანის მეფის ერთი ერისთავი, სახელად ნეემანი, ავად იყო საშინელი ავადმყოფობით. ერთხელ მას უთხრა მსახურმა: ახ, ბატონო, შენ რომ ისრაელის ქვეყანაში იყო, ელისე წინასწარმეტყველი მალე მოგარჩენდა მაგ ავადმყოფობისგან. ერისთავმა დაუჯერა ამ ქალს და დიდი საჩუქრებით წავიდა ისრაელთა ქვეყანაში. მივიდა თუ არა ელისეს სახლის კარების წინ, წინასწარმეტყველმა შემოუთვალა მოსამსახურის პირით, რომ ის შვიდჯერ უნდა გაებანოს იორდანეს წყალში და ავადმყოფობა გაივლის სრულიადო. ნეემანი ჯერ გაჯავრდა ამგვარი პასუხით და სთქვა: მე მეგონა რომ წინასწარმეტყველი მოვა ჩემთან, შეევედრება ღმერთს, შეეხება თავისი ხელით მტკივნეულ ალაგებს და ამნაირად გავთავისუფლდები სატკივარისგან; წყალში გაბანვა მეც შEმეძლო ჩვენს ქვეყანაში, განა ჩვენი ქვეყნის წყლები ისრაელების წყლებზე უხეირონი არიან?!; ერისთავმა გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ მსახურები სთხოვდნენ, რომ შეესრულებინა წინასწარმეტყველის სიტყვა და უთხრეს: რა ძნელად შესასრულებელ საქმეს გიბრძანებს წინასწარმეტყველი, რომ უარს ამბობ, მართლა რომ ძნელად აღსასრულებელი საქმე მოეცა, განა არ შეასრულებდი?; ნეემანი წავიდა, იორდანეს წყალში გაებანა შვიდჯერ და განთავისუფლდება სატკივარისაგან, მერე დაბრუნდა დიდის მადლობით ღთის კაცთან და უთხრა: ეხლა მე გავიგე, რომ ისრაელების ღმერთი მართლა ერთად ერთი ღმერთია, მიიღე ჩემგან საჩუქარი. ელისემ მისი საჩუქრები უარყო. მაშინ ერისთავმა უთხრა ელისეს: ნება მაინც მომეცი, აქედან წავიღო მიწა, გავაკეთებ სამსხვერპლოს და მარტო ერთადერთ ისრაელთა ღმერთს შევწირავ მსხვერპლს და სხვა ღმერთებს სრულებითაც არ ვემსახურები. ელისემ გაუშვა იგი მშვიდობით. ელისეს მოსამსახურე შეცდა საჩუქრებით, რომლებიც იმისმა ბატონმა არ მიიღო ერისთავისაგან და ფიქრობდა ელისესგან ჩუმად გამოერთმია, წამოეწია გაზედ ერისთავს და უთხრა: ჩემს ბატონს მოუვიდა ორი სტუმარი და გამომგზავნა შენთან ფულისათვის და ორი ხელი ტანისამოსისათვის. ნეემანმა სიხარულით მისცა უფრო მეტი, რასაც ის სთხოვდა. როცა შინ დაბრუნდა, გეეზმა დამალა უწესოდ ნაშოვნი საჩუქრები. ელისემ შეუტყო მას სიმტყუვნე და გაუმაძღრობა. სად იყავი შენ? _ ჰკითხა თავის მოსამსახურეს. არსად! _ მიუგო მან. წინასწარმეტყველმა უთხრა: იქნება შენ გგონია, რომ მე ვერ გავიგებდი, როდესაც გამოუდექი ნეემანს? გადაგედება მისი სატკივარი შენ და გეეზი მართლაც დაავადდა იმავე სატკივრით, რომელიც ჰქონდა ნეემანს. წინასწარმეტყველის ენით საკვირველი ღვთის ძალა მოქმედებდა როგორც მისი სიცოცხლის დროს, აგრეთვე მისი სიკვდილის შემდგომაც. ერთხელ მარხავდნენ მკვდარს იმ საფლავის მახლობლად, რომელშიც ელისე იყო დამარხული. ამ დროს ისრაელებს დაენენ მტრები. მესაფლავეებმა გაიფეს თუ არა მტერი მოდისო, სიჩქარით აიღეს მიცვალებული და ჩააგდეს ელისეს აკლდამაში; მიცვალებული შეეხო თუ არა ელისეს ძვლებს, მაშინვე გაცოცხლდა.

წინასწარმეტყველი ესაია

[რედაქტირება]

(ეს. 6,1 _ 11; 4 მეფ. 18,1 _ 6; 13 _35; 19,1 _ 36’ 20,1; ეს. 38,1 _ 8; 11; ეს 7,14) ზოგიერთი წინასწარმეტყველნი უფლის შეგონებებს ასწავლიდნენ ხალხს, როგორც ზეპირი ქადაგებებით, აგრეთვე წიგნებითაც. ამისთანა წინასწარმეტყველთა წიგნები სული წმინდის შთაგონებით არიან დაწერილნი და ეკუთვნიან იმ წიგნების რიცხვს, რომელთაც ჩვენ ვეძახით “საღმრთო წერილს” ანუ “ღვთის სიტყვას”. ამგვარ წინასწარმეტყველებებში მეტად შესანიშნავია წინასწარმეტყველი ესაია. როგორ მოუწოდა უფალმა ესაიას და როგორ დააყენა ის წინასწარმეტყველად, ყველა ამ ამბებს მოგვითხრობს თვითონ ესაია თავის წიგნში ამგვარად: ერთხელ ვიხილე მე უფალი, როგორც დიდი და დიდებული მეფე; ის იჯდა ციურ ტაძარში სამეფო ტახტზედ, სამეფო ტანისამოსში, მის წინ იდგნენ სერაფიმნი, თითოსა ჰქონდა ექვს-ექვსი ფრთა: ორით პირისახეს იფარავდნენ, ორით _ ფეხებს და ორით ფრინავდნენ, ყოველი მათგანი მორიგეობით გალობდა მაღალი ხმით: წმიდა არს, წმიდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ქვეყანა დიდებითა მისითა (ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაზედ ყველაფერზედ სჩანს ღვთის დიდება, ე. ი. ყოვლადშემძლეობა, სიკეთე, სიბრძნე ღვთისა, ყველგან ის ღირსია დიდებისა). სერაფიმთა ხმისაგან ღვთის ტაძრის სვეტები ირხეოდნენ. მაშინ მე ვთქვი: ოჰ, მე საწყალი! უწმინდური კაცი ვარ, ვცხოვრობ ცოდვიან ხალხში და ეხლა ჩემის თვალით ვხედავ უფალსა. ამ დროს მოირბინ ჩემთან ერთმა სერაფიმმა, რომელსაც ხელში ნაკვერჩხალი ეჭირა. იმ ნაკვერჩხლით ჩემს ბაგეებს შეეხო და სთქვა: უფალი გაშორებს უწმინდურებას, გპატიებს შენს ცოდვებს. შემდეგ ამისა მე გავიგონე, რომ ღმერთი ამბობდა: ვინ გავაგზავნო იმ ხალხთან (იუდევლებთან); ვინ წავა მათთან ჩემის გულისათვის? მაშინ მე ვუთხარი: მე მზადა ვარ წავიდე, გამგზავნე! უფალმა მიბრძანა, წავსულიყავი და მეთქვა მათთვის, რომ ისინი გულგრილი ხალხნი არიან, მათი სული გაქვავებულია; ისინი იხედებიან და ვერ ხედავენ, ისმენენ და არ ესმით, რასაც უფალი ეუბნება მათ და აკეთებს მათთვის; არა სურთ მიმართონ უფალსა და მიიღონ მისგან მოწყალება. მაშინ მე ვკითხე: უფალო! დიდხანს იქნებიან ისინი ამისთანა კერპნი? უფალმა მითხრა: იქამდე იქნებიან ისინი ამნაირნი, სანამ იმათი ქალაქები არ აოხრდებიან და უდაბნოდ არ იქცევიან. ამის შემდეგ ესაია გულმხურვალედ ემსახურებოდა უფალსა თავისი ხელობით. როგორც ღმერთი უბრძანებდა ხოლმე, ისე მტკიცედ და უშიშრად მთელს ხალხს ამხელდა მათს უსამართლობაში და უსჯულოებაში და მაღალსაც და მდაბალსაც ევედრებოდა, მოქცეულიყვნენ და წინდაწინ აფრთხილებდა, რა უბედურებაც მოეწეოდა იუდეველთა სამეფოს უსჯულოების გამო. ღვთისმოყვარულ ხალხს ნუგეშად კი წინასწარმეტყველი ეუბნებოდა, რომ უფალი დასჯის თუ არა უსჯულოებას, მაინც კიდევ შეიწყალებს თავის ხალხს, თუ ისინი თავიანთ ცოდვებს მოინანიებენ, დააბრუნებს ტყვეობიდან და კიდევ მისცემს კეთილმდგომარეობას. ესაია წინასწარმეტყველის ენით უფალი უგზავნიდა თავის მოწყალებას და გასაკვირველ შEმწეობას აძლევდა ერის ღვთისმოყვარულ იუდეველთა მეფეს, ეზეკიას, _ მთელი ქვეყნის და სხვა ხალხის მეფეების სამაგალითოდ. იუდეველთა სამეფო დაიპყრეს მოძალადეებმა. ასურასტანელთა მეფე სენაქერიმი მიმართავდა იუდეველთ: ნუ იმედოვნებთ თქვენ ღმერთზე, ნუ უჯერებთ ეზეკიელსა, რომ გეუბნებათ, ვითომც ღმერთი დაგიფარავთ თქვენ, სხვა ხალხებიც ვერ დაიფარეს ღმერთებმა ჩვენი ხელიდან, განა თქვენი ღმერთი დაგიხსნით ჩვენგან? ეზეკია განარისხეს ამ თავხედურმა სიტყვებმა ღვთის წინააღმდეგ, ის წავიდა ტაძარში და ითხოვა ღვთისგან შემწეობა. ამ დროს ღვთის ბრძანებით ესაია წინასწარმეტყველმა შეუთვალა ეზეკიას, რომ უფალი მტრებს არ მიუშვებს, რომ დაიპყრონ იერუსალიმი და გარეკავს მათ ისევ იმ გზით, რომლითაც მოვიდნენ. წინასწარმეტყველის სიტყვ მართლაც ასრულდა. მტრების მეფემ მოულოდნელად გაიგო თავისი ქვეყნის ცუდი მდგომარეობა და საჩქაროდ გაიქცა, გზაზედ ბევრი მეომარი დაეხოცა უეცარი სიკვდილით. ამნაირად, ღმერთმა უჩვენა იუდეველებს, რომ თუ ისინი შესთხოვენ მას წმინდა გულით, ის დაიფარავს მათ ყოველგვარი უბედურებისაგან. შემდეგ ეზეკია ძალიან ავად გახდა. წინასწარმეტყველი ესაია მივიდა მასთან და უთხრა, რომ მომზადებულიყო სიკვდილისათვის. ეზეკიამ ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი და ევედრებოდა ღმერთსა: უფალო, მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც შენ გინდოდა! უფალმა შეიწყალა ეზეკია და ესაიას პირით უთხრა: ღმერთი ხედავს შენს ცრემლებს, გაძლევს შენ დღეგრძელობას და გიმატებს კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლეს. ნიშნად ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებისა ამ შენს მზის საათზედ ჩრდილი უკან ათს მუხლს დაიწევს. როგორც სთქვა ესაიამ, ისე მოხდა. წინასწარმეტყველმა უბრძანა მეფისათვის მტკივნეულ ადგილებზე ლეღვი დაედოთ. დაადეს თუ არა ლეღვი, ხელმწიფე მორჩა და მესამე დღეს ტაძარში მადლობა შესწირა უფალს მორჩენისათვის. ეზეკიას სიკვდილის შემდეგ, მისი უწმინდური შვილი, მანასე, არ უსმენდა ესაიას, როდესაც ის წინასწარმეტყველთა თვალწინ ამხელდა მას ბიწიერებაში და წინასწარ აფრთხილებდა, ამ ბიწიერებისათვის ღმერთი დაგსჯისო, მანასემ უბრძანა დაესაჯათ წინასწარმეტყველი საშინელი სიკვდილით: ცოცხლად შუაზე გაეხერხათ. შემდეგ მანასე ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის ტყვედ ჩაიგდეს ასურასტანელებმა, ბაბილონში ბორკილდადებული წაიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. მაშინ მანასემ მოინანია ყველა ცოდვა და ღმერთმაც შეიწყალა ის; მანასე გამოუშვეს საპყრობილედან და ისევ ხელმწიფედ დადგა. წინასწარმეტყველები მაცხოვარზედ ხალხს ბევრ რასმეს ეუბნებოდნენ. მომეტებულად კი წინასწარმეტყველი ესაია ქადაგებთა მაცხოვრის _ მხსნელის მოსვლას. წინასწარმეტყველი იონა

წინასწარმეტყველები ღვთის ნებას უცხადებდნენ როგორც იუდეველებს და ისრაელებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ხალხსაც. ისრაელთა ერთი წინასწარმეტყველი იონა, გაგზავნილი იყო ქალაქ ნინევში. უფალმა უთხრა იონას: წადი დიდ ქალაქში ნინევში და გამოუცხადე, რომ მათ მე გამაჯავრეს, თავისი ბიწიერებით. წინასწარმეტყველს არ უნდოდა, რომ ნინევის მცხოვრებლებს მოენანიებინათ ცოდვები და ღმერთს შეეწყალებინა ისინი, რადგანაც ისინი იყვნენ მტრები ისრაელისა. იონას არ უნდოდა დაეჯერებინა ღვთის სიტყვა და დააპირა გაქცევა ზღვის გაღმა სხვა ქვეყანაში. იონამ ნახა ერთი გემი, იმ ქვეყანაში წამსვლელი და გაჰყვა იმ გემს. უფალმა ზღვაზე ააყენა დიდი ქარი და გემი კინაღამ დაიღუპა. მეზღვაურებს შეეშინდათ და დაუწყეს ლოცვა თავიანთ ღმერთს (ისინი სხვა რჯულისანი იყვნენ) და თანაც ჰყრიდნენ ზღვაში ბარგს, რომ შეემსუბუქებინათ გემი. ამ დროს იონას ეძინა. მეზღვაურებმა გააღვიძეს და უთხრეს: რასა გძინავს? ადექ, შეევედრე შენს ღმერთს! იქნებ იმან გადაგვარჩინოს დაღუპვას. მაინც ვერა უშველეს რა. ბოლოს უთხრეს ერთმანერთს: წილი ვყაროთ, იქნებ ჩვენგანს დიდი ცოდვა აქვს ვინმეს. მართლაც წილი ჰყარეს და იონას კი შეხვდა მეზღვაურებმა ჰკითხეს: ვინ ხარ? იონამ ყველაფერი უამბო: მე ვარ ისრაელთა ქვეყნიდან, ვლოცულობ ერთადერთ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს; გავაჯავრე ღმერთი და მინდა გაქცევა. ახლა რა გიყოთ შენ? _ ჰკითხეს მეზღვაურებმა. იონამ უთხრა: ზღვაში ჩამაგდეთ და ქარი ჩადგებაო. მე ვიცი, რომ ეგ ქარი ჩემი გულისთვის ქრისო. ბევრი იყოყმანეს მეზღვაურებმა, შეევედრნენ ღმერთს: უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ ერთი კაცის გულისათვის და ცოდვად ნუ მოგვცემ! აიღეს იონა და ჩააგდეს ზღვაში. ქარიც ჩადგა და ზღვამაც ღელვა იკლო. გაუკვირდათ მეზღვაურებს და ილოცეს ის ღმერთი, რომელზედაც იონამ უთხრათ. ღმერთმა უბრძანა ვეშაპს, ჩაეყლაპა იონა და უვნებლად შეენახა კიდეც მუცელში. იონამ ამნაირი შეწყალებისათვის მადლობა შესწირა უფალს და მესამე დღის უკან ვეშაპმა, ღვთის ბრძანებით, ცოცხლად გამოაგდო ზღვის ნაპირას იონა. ამის მერე ღმერთმა მაინც გაგზავნა იონა ნინევიაში. მივიდა ქალაქს იონა, დადიოდა და იძახდა: ორმოცი დღის შEმდეგ ქალაქი დაინგრევაო. ხალხმა დაიჯერა იონას სიტყვა, ჩაიცვა შავები და იწყლო გლოვა ისე, რომ ძროხებსაც კი არ მისცეს საჭმელი და თანაც ღმერთს ეხვეწებოდნენ შველას. იონა კი ქალაქს გარეთ იყო, პატარა ქოხი აიშენა და ელოდა ქალაქის დაღუპვას; მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ნინევის მცხოვრებნი და აღარ დაღუპა ქალაქი: გავიდა ორმოცი დღე თუ არა, დაიწყო იონამ ჯავრი, რომ ღმერთი ბოროტ ხალხსაც კი ფარავდა და იბრალებდა: ამისათვის არ მინდოდა მე წამოსვლა, _ ეუბნებოდა ღმერთს იონა და ეხვეწებოდა, _ მე სიკვდილი მირჩევნია სიცოცხლესაო. ღმერთმა შთააგონა იონას, რომ არ გაჯავრებულიყო ხალხზედ, თუნდ მისი მტრები ყოფილიყვნენ. აი, როგორ შთააგონა ეს: ქალაქს გარეთ რომ ქოხი ჰქონდა, იქ არც ხე იყო, არც ჯაგი, მზე კი ცხარე იდგა. მაშინ ღმერთმა უბრძანა ხეს ქოხის ახლოს აღმოცენება და ამ ხის ქვეშ იონა თავს იგრილებდა ხოლმე ცხარე მზისაგან. ერთ ღამეს ღმერთმა უბრძანა ჭიებს, გაეფუჭებინათ ის მცენარე და გახმა ის ხე. მზე უწინდებურზე უფრო ცხარე იყო. მაშინ იონამ დაიწყო ჯავრი და ევედრებოდა ღმერთს, მოეკლა. უფალმა უთხრა: კარგია, რომ იმ ხის გულისათვის ჯავრობ. ძალიან მინდა სიკვდილიო, _ მიუგო იონამ. ეხლა შენ გებრალება ხე, რომელიც შენ არ დაგირგავს, არც მოგივლია და მე როგორ არ შემეცოდოს ქალაქი, რომელშიც არის ათასობით ბავშვი, რომელთაც არ იციან მარცხენა ხელი რომელია და მარჯვენა რომელი და ამას გარდა რამდენი კიდევ პირუტყვია? ყველა, რაც იონას თავს გადახდა, ნიშნავდა, ნიშნავდა იმას, რაც მაცხოვარს დაემართა: როგორც იონა სამი დღე და სამი Fღამე უვნებელი იყო ზღვაში, ისე მაცხოვარი _ ქრისტე Yღმერთი სამი დღე და ღამე იყო დამარხული და მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით. წინასწარმეტყველი დანიელი და მისი სამი მეგობარი

(დანიელი)

[რედაქტირება]

იუდევლებს ეწვიათ უბედურება და იწყეს მონანიება და ამბობდნენ: რატომ წინასწამეტყველების დარიგებას და შთაგონებას არ ვუგონებდითო, რატომ ყურს არ ვუგდებდით იმათ მუქარას?; როდესაც ხელს იღებდნენ ხოლმე უწინდებურ უწმინდურობაზე და შეცდომაზედ, მაშინ უფალიც უმსუბუქებდა უბედურებას და მტრების წინააღმდეგ შემწეობას აძლევდათ. ამისთანა მოწყალება მან გამოუცხადა წინასწარმეტყველ დანიელს და მის ამხანაგებს: ანანიას, მიქაელს და აზარიას. ბაბილონელთა მეფემ ბრძანა, რომ მოეყვანათ ტყვეობაში მყოფი ისრაელთა მეფის შთამომავლები. ამ ამორჩეულ ყმაწვილებს შორის იყვნენ დანიელი, ანანია, მიქაელი და აზარია. საჭმელი ეძლეოდათ ხელმწიფის სუფრიდან, მაგრამ მოსეს რჯული უკრძალავდა მათ ზოგიერთი საჭმელების ჭამას. ხელმწიფის სუფრაზე კი მრავალი იყო ამგვარი საჭმელი. ამიტომ დანიელმა და მისმა ამხანაგებმა ხელმწიფის მიერ მიჩენილ კაცს სთხოვეს, რომ არ ეჭმია ის საჭმელები, რომლებიც ეკრძალებოდათ მოსეს რჯულით. ხელმწიფის კაცს ეშინოდა, ვაითუ ცარიელი პური და მწვანილი რომ ვაჭამოთ, გახდნენ ყმაწვილები და ხელმწიფე გამიჯავრდესო. როგორც იყო, მაინც დააჯერეს დანიელმა და მისმა ამხანაგებმა, რომ არ გავხდებითო. მართლაც სცადეს და არამც თუ გახდნენ, უფრო გამშვენიერდნენ და თავის ამხანაგებს დაემჯობინენ. მოსეს სჯულის დაცვის გამო ღმერთმა დანიელი და მისი ამხანაგები: ანანია, აზარია და მიქაელი დაასაჩუქრა ყოველგვარი სიბრძნით. ასე რომ, სხვა თავის ამხანაგებს სჯობნიდნენ სწავლაში. ხშირად ხელმწიფე თვითონ გამოსცდიდა ხოლმე სწავლაში დანიელს და მის სამ ამხანაგს და უკვირდა მათი გონიერება. ღმერთმა დანიელი უფრო მეტად შეიყვარა მისი რჯულის ერთგულებისათვის და გარდა გონებისა, ის დაასაჩუქრა წინასწარმეტყველების ნიჭით. ნაბუქოდონორმა შენიშნა ამისთანა ნიჭი დანიელისა და უფრო დაიახლოვა და მისი თხოვნით ანანია, მიქაელი და აზარია ბაბილონის უფროსებად დააყენა. უფალმა ამისთანა ბედი იმიტომ არგუნა მათ, რომ ეშველათ თავისი დატყვევებული ხალხისათვის _ ისრაელთათვის და მათი ენით ადიდა თავი თვისი უსჯულო ბაბილოვნელთა შორის და აჩვენა მათ, რომ მარტო ის არის ერთი ჭეშმარიტი დ ყოვლად შემძლებელი ღმერთი. ერთხელ მეფე ნაბუქოდონოსორმა ჩამოასხმევინა ოქროს კერპი, დადგა ბაბილონის ახლოს მინდორზე, შეკრიბა ყველა თავისი ქვეშერდომი და უბრძანა, ელოცათ მის წინაშე. ამასთანავე ბრძანა, ვინც ზეიმზე მის წინ მუხლს არ მოიდრეკდა და თაყვანს არ სცემდა კერპს, ცეცხლით დაიწვებოდა, დაუკრეს თუ არა სარიტუალო მუსიკა, ანანიას, აზარიას და მიქაელის გარდა, ყველამ მუხლის მოდრეკით თაყვანი სცა იმ კერპს; მაშინვე ხელმწიფეს მიუტანეს ანანიას, აზარიას და მიქაელის ამბავი (დანიელი იქ არ იყო). ხელმწიფე გაჯავრდა და მოიხმო ისინი თავისთან და უთხრა: რატომ არ ეცით თაყვანი კერპს? თუ თაყვანს არა სცემთ მას, ცეცხლში ჩაგყრით. მათ მოახსენეს: ჩვენი ღმერთი ძლიერია, თუნდაც ჩაგვყარო, მაინც დაგვიფარავსო. მაშინ ხელმწიფემ ბრძანა, შვიდჯერ უფრო ძლიერ აღენთოთ ცეცხლი და შიგ ჩაეყარათ სამივენი. მართლაც ასე მოიქცნენ. ამ დროს ნაბუქოდონოსორიც იქ იყო. მივიდა ახლოს ცეცხლთან და ნახა, რომ სამის მაგიერ ოთხნი იყვნენ, მეფემ ჰკითხა მსახურებს: ჩვენ სამნი ჩავყარეთ და მეოთხე ვიღააო? მეფის ბრძანებით ცეცხლი ჩაყრილები გამოიყვანეს და ნახეს, რომ ტანისამოსიც კი არ დაწვოდათ, თმებიც კი არ შეტრუსოდათ. ნაბუქოდონოსორმა ნახა თუ არა ეს ამბავი, ადიდა ის ღმერთი, რომელმაც ისინი დაიფარა ცეცხლისაგან და გასცა ბრძანება: ვინც გაბედავს ცუდს რამეს ლაპარაკს იმ ღმერთზედ, რომელსაც ანანია, აზარია და მიქაელი ემსახურებიან, სიკვდილით დაისჯებაო. ამის შEმდეგ მეფემ ისევ ის თანამდებობა მისცა მათ, რაც უწინ ეჭირათ. მალე ბაბილონელთა სამეფო დაიპყრეს სპარსელებმა. დანიელმა მათ დროს უფრო დიდი გავლენა მიიღო. მეფე დარიოსმა დაიჭირა თუ არა ბაბილონელთა სამეფო, დანიელი პირველი სამეფოს უფროსად დააყენა. ამისათვის ყველამ საშინლად მოიძულა დანიელი და ცდილობდნენ, როგორმე ხელმწიფის წინაშე დამნაშავედ გმოეყვანათ. ბევრს ეცადნენ, ბევრი იშრომეს, მაგრამ ვერა მოუხერხეს რა. ბოლოს მოიგონეს ერთი სივერაგე. მივიდნენ გამოჩენილი კაცები და მეფეს მოახსენეს, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის ძალითაც ნება არავის ექნებოდა, ეთხოვა რამე თავის ღმერთისთვის; უნდა ელოცათ ერთი თვის განმავლობაში და მხოლოდ ხელმწიფესთან მისულიყვნენ სათხოვნელად. ვინც ამას არ აასრულებდა, ის ჩაეგდოთ ლომებით სავსე ხაროში. ხელმწიფემაც ხელი მოაწერა ამგვარ ბრძანებას. რასაკვირველია, დანიელი ამას არ იზამდა და არასოდეს არ მოიშლიდა დღეში სამჯერ ღვთის ლოცვას და ვედრებას. გამოჩენილმა კაცებმა მიუტანეს ხელმწიფეს ამბავი, რომ დანიელმა არ მოიშალა ღვთის ლოცვაო. მეფეს დანიელი თუმც კი უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ მაინც ბრძანა, ჩაეგდოთ ის ლომებით სავსე ხაროში. დანიელი ჩააგდეს და მეფის ბეჭდით დაბეჭდეს ქვის სარქველი ხაროსი. მეორე დღეს მივიდა დარიოსი და ჩასძახა დანიელს, გადაგარჩინა შენმა ღმერთმა თუ არა? მეფევ, მე ცოცხალი ვარ და ტყუილად დამსაჯეთ, ჩემმა ღმერთმა ანგელოზი ჩამომიგზავნა და მით დამიფარაო, _ უთხრა დანიელმა მეფეს. მაშინვე ხელმწიფის ბრძანებით, ამოიყვანეს დანიელი ხაროდან უვნებელი. ნახა რა დანიელის ღმერთის ყოვლისშემძლეობა დარიოსმა, ისევ დაიახლოვა თავისთან და ის ადგილი მისცა რაც უწინ ეჭირა. მისი მოწინააღმდეგე კაცები კი იმ ხაროში ჩაყარა და ლომებს შეაჭამა. როცა ხელმწიფემ დაინახა ამისთან ჭეშმარიტი ღვთის ძალა, გამოსცა ბრძანება, ყველას თაყვანი ეცა და ელოცა ის ღმერთი, რომელსაც დანიელი ემსახურებოდა, იმიტომ, რომ ის ღმერთი არისო უკვდავი, მფლობელი მთელი ქვეყნიერებისა და შემძლებელი დიდი სასწაულებისა. ისრაელთ და სხვა ხალხების სანუგეშოდ, რომელნიც ელოდნენ მაცხოვარს, ღმერთმა დანიელის პირით გამოაცხადა, რომ სანამ მაცხოვარი მოვა, ცოტა დრო არის დარჩენილი, სულ 490 წელიწადი და მაცხოვარი ხალხის ცოდვის გულისათვის მოკლული და წვალებული იქნებაო. იმის მოსვლამდის ისრაელნი ტყვეობიდან დაბრუნდებიან და იერუსალიმს მეორედ ააშენებენო. ყოველივე ეს დანიელის პირით გაიგეს როგორც ბაბილონელმა სწავლულებმა, ისევე სხვა წარმართმა ხალხებმაც. მართალი ტობი

უფალი იმ სასჯელით, რომლითაც სჯიდა ისრაელთა გარყვნილ ხალხს, ბევრჯერ დასჯიდა ხოლმე მართალს და გულმოდგინე ღვთის ადამიანებსაც, იმისთვის კი არა, რომ ისინი ამის ღირსნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ხალხისათვის ეჩვენებინა მათი ერთგული ღვთისმსახურება, ეჩვენებინა მათი ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოთმინება. ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ისრაელთა შორის თავისი მართალი ცხოვრებით შესანიშნავი იყო ერთი კაცი, სახელად ტობი. ობოლი ტობი, ბებიამ გამოზარდა კეთილგონიერი დარიგებებით, იგი მას მუდამ ეუბნებოდა, რომ წმინდა გულით ელოცა ღმერთი, შეესრულებინა მისი ნება და მოწყალე ყოფილიყო. ტობი თავის სიცოცხლეში არ ივიწყებდა ბებიის დარიგებას და რიგიანადაც ასრულებდა. სანამ ისრაელებს დაატყვევებდნენ უცხო ტომები და ესენი მიეცემოდნენ კერპთმსახურებას, ტობი ყოველ დღესასწაულზე დადიოდა იერუსალიმში და თაყვანს სცემდა უფალსა. სხვა ისრაელთა შორის ისიც ტყვედ წაიყვანეს მაგრამ თავისი კეთილი ცხოვრება და მოწყალება იქაც არ მოიშალა: პირველი ხელმწიფის გულიც კი მოიგო; სადაც თავის თანამოძმეს დაუმარხავს ნახავდა, მარხავდა და ღარიბ ხალხსაც შემწეობას აძლევდა. მაგრამ როცა სალმანასარ ხელმწიფე მოკვდა და მის წილ მისი ძე სენაქერიმი გამეფდა, ტობიმ ვეღარ მოახერხა ამის გაკეთება, რადგანაც სენაქერიმი ძალიან გადაემტერა. რაც იმ პირველი ხელმწიფის დროს სარჩო იშოვა, სულ ღარიბ ხალხს მოახმარა. მეორე ხელმწიფე ისეთნაირად გაჯავრდებოდა ხოლმე, რომ უბრძანებდა, დახოცილი ისრაელები ნადირებისა და ფრინველების შესაჭმელად გადაეყარათ მინდორში. ტობი კი მაინც მალვით მარხავდა მკვდრებს. აკი ერთხელ გაუგეს და ხელმწიფეს ამბავი მიუტანეს. ხელმწიფე ძალიან გაბრაზდა და ბრძანა, მოეკლათ ტობი. ტობის შეეშინდა და გაიქცა სხვა ქვეყანაში, მისი ქონება სულ წაიღ-წამოიღეს. მალე სენაქერიმი მოკლეს და მისი შვილი ასარდინი გამიფდა. მან შეიწყალა ტობი და ნება მისცა დაბრუნებისა. ტობი დაბრუნდა ნინევიაში და მაინც არ მოიშალა თავისი კეთილი საქმე. ის მკვდრებს მარხავდა ხოლმე და მეზობლები დასცინოდნენ: მაგის გულისთვის იყო დამალულიო და მაინც არ მოიშალა მკვდრების მალვით მარხვაო. ერთხელ ტობიმ სადილი მოამზადა და თავისი შვილი ტობია გაგზავნა ღარიბი ხალხის სადილზე მოსაწვევად. ტობიამ, ბევრი სიარულის, ვერავინ ნახა და მამას ამბავი მოუტანა, რომ გზაზედ ერთი მათი ტომის კაცი მკვდარი გდია. გაიგო თუ არა ტობიმ, დღესასწაული და სიხარული დარდად გადაექცა; წავიდა, მოიტანა მკვდარი შინ და საღამო ხანზედ ჩუმად დამარხა. დამარხვის შემდეგ ტობი სახლში არ შევიდა და გარეთ ტახტზე წამოწვა. ამ დროს მაღლიდან ჩამოვარდა ფრინველის უწმინდურება (სკინტლი), ზედ თვალებზე დაეცა და თვალი დაუშავდა. ამას გარდა, ტობი თავისი ცოლის, ანნას ყვედრებას ვეღარ აუდიოდა. ის დადიოდა ხოლმე მატყლის სართველად სხვასთან, რომ თავი ერჩინათ. ერთხელ ფასიც მისცეს და ციკანიც. გაიგო ციკნის ბღავილი ტობიმ და უთხრა: ხომ არ მოგიპარავს სადმეო? თუ მოიპარე, წაიყვანე და ისევ პატრონს მიეციო. მაშინ ტობის ცოლი ანნა ძალიან გაჯავრდა და უთხრა ქმარს: შენი კეთილი საქმისათვის რა მიიღე? ასე მოგივა შენ! ტობიმ იტირა ბევრი სიმწუხარისაგან და სთხოვა ღმერთს, მოეკლა. მაგრამ ღმერთმა ნუგეში სცა და ხანგრძლივი და უწყინარი ცხოვრება მისცა. სანამ ტობი მდიდრულად ცხოვრობდა, ერთ ისრაელს მისცა შესანახად ფული. ეს ისრაელი, იმჟამად ძალიან შორს იყო და ეხლა მოაგონდა ის ფულები; დაუძახა თავის შვილს, ტობიას, და უთხრა, რომ ეშოვნა მგზავრი, წასულიყო და გამოერთმია იმ კაცისათვის ის ფულები. ტობია წავიდა, იშოვა ერთი იქ წამსვლელი მგზავრი და მოიყვანა დედ-მამასთან. ტობიმ დალოცა შვილი თავის მგზავრით, რომ კეთილად ემგზავრათ და კეთილი ანგელოზი შეხვედროდათ. ტობის ცოლი ანნა კი ჯავრობდა და ეუბნებოდა ქმარს: ფული რად გვინდა, თუ შვილი არ გვეყოლება? ჩვენი სიცოცხლე მაგაზედ არის დამყარებული. მაგრამ ტობიმ დააშოშმინა და უთხრა, შვილი მშვიდობით დაბრუნდება, ფიქრი ნუ გაქვსო. მოგზაურები წავიდნენ და მათ გაჰყვა პატარა ძაღლიც. იმ საღამოს მივიდნენ ერთ დიდ წყალთან და ღამე იმ წყლის ნაპირას დადგნენ. მივიდა ტობია წყალთან დასაბანად და ამ დროს გამოვიდა წყლიდან ერთი დიდი ყბადაღებული თევზი. იმისმა ამხანაგმა უთხრა: დაიჭირე და გამოიყვანეო. ტობიამ დაიჭირა ის თევზი და იმათ იმ ღამეს შეწვეს და ჭამეს; ტობიას ამხანაგმა კი უთხრა, შეენახა თევზის ნაღველი. მეორე დღეს ისინი მივიდნენ იმ ქალაქში და ამხანაგმა უთხრა ტობიას: შენს ნათესავთან დავდგეთო ამაღამ, იმას ერთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავს და იმას შეგრთავო. ტობია დაეთანხმა. მივიდნენ ისინი იმ ისრაელთან და მასპინძლები ძალიან კეთილი გულით დახვდნენ. ტობიას ამხანაგმა ლაპარაკი ჩამოუგდო სახლის პატრონს, რომ მიეცა თავისი ქალი ტობიასათვის. სახლის პატრონს ძალიან ეამა ეს გულში და როცა გაიგო, რომ ტობია ტობის შვილი ყოფილა, მაშინ უფრო მომეტებულად გაიხარეს და პატივი სცეს. მამამ თავისი ქალი სარა დალოცა და ამნაირად ქორწილიც მოხერხდა. რომ არ დაგვიანებოდათ, ტობიამ უთხრა თავის ამხანაგს მოვალესთან წასვლა. მაშინ ის კაცი დაიბარეს, ფულიც გამოართვეს და ქორწილზეც აწვიეს. ტობია ძალიან ჩქარობდა შინ წასვლას, რომ გაეხარებინა თავისი მოხუცი დედ-მამა: სარას მშობლებმა სიხარულით გაუშვეს ისინი და თანაც დალოცეს სარა, რომ თავისი ქმრის და დედამთილ-მამამთილის მორჩილი ყოფილიყო და ბევრი ქონებაც გაატანეს. ამხანგმა უთხრა ტობიას, რომ თევზის ნაღველი შეენახა და სახლში რომ მივიდოდნენ, თვალზე მოესვა მამისათვის. ტობიას დედ-მამა დღეებს ითვლიდა, როდის დაუბრუნდებოდათ შვილი. მომეტებულად დედა დარდობდა, აყვედრიდა თავის ქმარს და ეუბნებოდა: შვილი დავკარგრ; ქმარი კი ანუგეშებდა, ჩვენი შვილი მშვიდობით მოვაო. მაშინ ცოლმა უთხრა: არა, არა, ნუ მატყუებ, ჩემი შვილი დაღუპულია. ტობის ცოლი, ანნა, ხშირად ჭიშკართან დაჯდებოდა ხოლმე და იყურებოდა გზისაკენ. ერთ საღამოს გაიხედა და დაინახა თავისი შვილი ტობია, ამხანაგით. ტობიამ ცოლი უკან დატოვა და თვით წინ წამოვიდა. მოვიდა ტობია თუ არა კარებთან, დედა მოეხვია შვილს, დაჰკოცნა და სიხარულისაგან ტირილი დაიწყო. გაიქცა მაშინვე ქმართან და ახარა შვილის მოსვლა. ტობი გამოვიდა გარეთ, მაგრამ კარებში წაიქცა და ტობიამ ხელი შეაშველა, მოუსვა თევზის ნაღველი და თვალები აეხილა მამას. ტობი მოეხვია თავის ტობიას და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ მშვიდობით მაჩვენე შვილიო. ახლა ტობიას ცოლს სარას მიეგებნენ. მას უკან ტობიას ქორწილი გადაუხადეს და ბევრი ნათესაობა და მეზობლები მიიწვიეს. ახლა უნდა დაესაჩუქრებინათ ტობიას მეგზური. მივიდა ტობია მამასთან და უთხრა: მამავ! ამ კაცმა გადამარჩინა და მშვიდობით მომიყვანა შინ, ცოლიც, ფულიც და ქონებაც სულ ამან მიშოვა და არ იქნება მეტი, რომ ნახევარი ამ ქონებისა, რაც იქიდან მოვიტანე, ამას მივცეთ. ტობი დათანხმდა შვილს, დაუძახეს და უთხრეს, რომ წაეღო ქონება, რაც ერგებოდა. ტობიას ამხანაგმა უთხრა: თქვენ მარტო ღმერთი ადიდეთ და პატივი ეცით მას. მოწყალე იყავით ღარიბ ხალხთან, ნუ დაივიწყებთ ღმერთს: თქვენ რომ კეთილ საქმეს შვრებოდით, როცა მარხავდით მკვდრებს, მე თქვენთან ვიყავი. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ ანგელოზთაგანი, რომელთაც წმინდა კაცების ლოცვა მიაქვთ უფალთან; მე უფალმა გამომგზავნა და იმასთან მივალ. ტობი და ტობია პირქვე დაეცნენ. ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინიათ, ღმერთი ყოველთვის ადიდეთ. და მაშინვე გაჰქრა. ტობიმ ყველას უამბო ეს ამბავი და წიგნიც დაწერა ამის შEსახებ.

იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნება და იუდა მაკაბელი

[რედაქტირება]

(1 ეზრა 1,1 _ 11; 4,1 _24; 6,1 _ 22; 1,2 მაკაბ.) იუდეველთ სამეფო უფალმა ისე არ გასწირა, რომ სრულიად დაღუპულიყო. სამოცდაათი წელი გავიდა მას აქეთ, რაც იუდეველთა სამეფო აოხრებულ იქმნა და სპარსელთა მეფემ, კიროსმა, ნება მისცა მათ, ვისაც სურდა, დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში და კვლავ გაეშენებინათ დანგრეული ღვთის ტაძარი. ბევრი იუდეველი დაბრუნდა ტყვეობიდან და ბევრი ისრაელიც. მეფემ მათ მისცა ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი, ნაბუქოდონოსორის მიერ წამოღებული იერუსალიმის (სოლომონის) ტაძრიდან. ბაბილონში დარჩენილმა ებრაელებმაც მრავალი ფული გაიღეს ტაძრის ასაშენებლად. იუდევველთა პირველი საქმე ის იყო, რომ ტაძრის განადგურებულ ალაგას გაეკეთებინათ სამსხვერპლო, თუმცა ბევრს უშლიდნენ მტრები გარშემორტყმულ იუდევლებს, მაგრამ ისინი მაინც აშენებდნენ ტაძარს და არ ეპუებოდნენ მათ ძალმომრეობას. ტაძარი, როგორც იყო, ააშენეს და აკურთხეს კიდეც. თუმცა კი იმნაირი არ იყო, როგორც უწინდელი, სოლომონისაგან აშენებული. მაგრამ იმ დროს მცხოვრები წინასწარმეტყველნი კი ამბობდნენ, ტაძარი უფრო დიდებული იქნებაო, სანამ უწინდელი, რადგან ამ ტაძარში ხალხი მაცხოვარს იხილავსო. ტაძრის შენების დროს იუდეველნი იერუსალიმსაც აშენებდნენ და გარს გალავანიც შემოავლეს, რომ მტრები არ დასცემოდნენ. ასე რომ, ზოგი ტაძარს აშენებდა და ზოგს ხელში იარაღი ეჭირა. ცოტ-ცოტაობით იუდეველთა სამეფო განახლდა, უწინდებური ქალაქები ისევ გაკეთდნენ. მათ თავიანთ შორის აქ რჩეული წინამძღვრები და მსაჯულები ჰყავდათ და ხალხს განსჯიდნენ მოსეს სჯულისამებრ, მაგრამ თავისი მეფე კი იუდევლებს არ ჰყავდათ და სპარსელების მეფის მორჩილნი იყვნენ. სპარსელები მათ არაფერში არ აწუხებდნენ და ამისათვის იუდეველები ტკბილად და სიამოვნებით ცხოვრობდნენ (1 და 2 მაკაბელთა). სპარსელთა და იუდეველთა სამეფო დაიპყრეს ბერძნებმა. ამ ხალხის ხელში იუდევლებმა ბევრი წვალება და ვაი-ვაგლახი გამოიარეს თავისი სარწმუნოებისა და ღვთის რჯულის გულისათვის. ერთმა მეფემ, სახელად ანტიოქოს ეპიფანემ, მოინდომა რომ იუდეველები არ გამორჩეულიყვნენ სხვა ხალხისგან და ამიტომ გამოსცა ბრძანება, რომ იუდეველთა ქვეყანაში ყველგან კერპები დაესხათ და სამსხვერპლოები აეგოთ მათთვის. იუდეველებს აკრძალული ჰქონდათ თავისი ღვთის ლოცვა. მათ უნდა ედღესასწაულათ უსჯულოების რჯულზედ და მსხვერპლი მიეტანათ მათი ღმერთებისათვის. ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, იმას აწვალებდნენ და ჰკლავდნენ. ბევრი იუდეველი სიკვდილს რჩეობდა, ვიდრე თავისი რჯულისაგან გადადგომას; ბევრნი კიდევ იმისთანანი იყვნენ, რომლებიც სარგებლობის გულისათვის, ან ხელმწიფის საამებლად, გადაუდგნენ თავიანთ რჯულს და მიიღეს უსჯულოების სარმუნოება. მრავალი იუდეველი შეუპოვრად იცავდა თავის სარწმუნოებას; ერთ იუდეველ ქალს, სოლომონიას, ჰყავდა შვიდი შვილი და მოხუცი ქმარი, ელიაზარი, 90 წლისა. ისინი სამაგალითონი იყვნენ დაისეთ ტანჯვას და უსიამოვნებას იტანდნენ თავიანთი რჯულის დასაცავად, რომ გასაკვირი იყო. ამ ჩინებულ მოხუცს ძალას ატანდნენ, რომ გადამდგარიყო თავის რჯულიდან და ამით ეჩვენებინა ღალატის მაგალითი თავის მოძმეთათვის. ერთხელ მას ბერძნებმა მიუტანეს ღორის ხორცი, რომ ეჭამა და თუ არ სჭამდა, ისე მაინც ეჩვენებინა, ვითომ სჭამს, რომ ამის მიხედვით სხვასაც ეჭამა და ამით რჯული დაერღვია, მაგრამ მან მაინც არ ჭამა. ის იძახოდა: მე მოხუცმა რომ ვჭამო, ჩემი შემხედვარე ახალგაზრდები უფრო არ სჭამენო? მე ფარისეველი არა ვარ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინო; მე არ წავწყმედ ჩემს მოხუცებულობას ფარისევლობითაო. ეგ რომ ჩავიდინო, მე სააქაოს კი გადავრჩები წვალებას და ტანჯვას, მაგრამ საიქიოს ხომ ვეღარ ამცდებაო. ამ სიტყვების შემდეგ დაიჭირეს ეს მოხუცი და შეუბრალებლად მოკლეს. სოლომონია თავის შვილებიანად მიიყვანეს თვით ხელმწიფესთან. ამათ ისე მოექცნენ, როგორც მოხუც ელიაზარს, მაგრამ ვერცარა იმათთან გააწყვეს. საშინელი სასჯელით დასაჯეს ჯერ ექვსი უფროსი შვილი და მერე უმცროსი და ბოლოს დედაც. მაგრამ მაინც ვერ გადააყენეს თავიანთი რჯულისაგან; ჯერ ექვს უფროს შვილს ხელები დააჭრეს, მერე ფეხები, ყურები; გააძრეს ტანიდან ტყავი და ბოლოს დედის თვალწინ გახურებულ ტაფაზე დაწვეს. დარჩნენ უმცროსი შვილი და დედა. რადგანაც პატარა იყო, ხელმწიფეს ეგონა, სხვადასხვა საჩუქრებით და ტკბილი სიტყვით შესცდებაო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. დედას უთხრეს, დაერიგებინა თავისი შვილი, რომ გადამდგარიყო საკუთარი რჯულისაგან; მაგრამ აი, დედა რას ეუბნებოდა: შვილო! მაგრად იყავ შენს სარწმუნოებაზე და როგორმე გაუძელ მაგ წვალებას. როცა ვერას გახდნენ, ის ყმაწვილი უფრო დატანჯეს და გააწვალეს, ვიდრე უფროსები. ამის შემდეგ მათი დედა, სოლომონიაც, ისევე მოკლეს. ამისთანა უბედურების დროს ღმერთმა გაუგზავნა იუდეველებს გამოსახსელად კაცები. ერთმა იუდეველმა მღვდელმა, მატათიამ იკისრა მათი ტყვეობიდან დახსნა. ერთხელ ამ მღვდელმა გამოუცხადა მთელ ხალხს; ვისთვისაც ძვირფასია ღვთის სჯული, ის ჩემთან წამოვიდესო! და წავიდა თავის ოჯახობით ერთ უდაბნოში. თან გაჰყვნენ მას სხვა იუდეველებიც. და ამნაირად მას დიდი ჯარი შეუგროვდა. იმ მღვდელის შვილი, იუდა მაკაბელი, ძალიან მარჯვე და მხნე კაცი იყო, იმ შეკრებილ ჯარის უფროსად იუდა მაკაბელი დადგა და ეომებოდა მტრებსა. თუმცა მტრები ძალიან ძლიერნი, ხერხიანები და გაწვრთილნი იყვნენ, მაგრამ ღვთის ძალით და განგებით, იუდა მაკაბელი თავისი ცოტაოდენი და გაუწვრთნელი ჯარით მაინც სძლევდა მტერს. იუდა მაკაბელი ამნაირი სიტყვებით ამხნევებდა თავის მეომრებს: მტრების ძლევა გვეძლევა ჩვენ ღვთით; ღმერთისათვის სულ ერთია, თუნდ ბევრნი ვყოფილვართ, თუნდ ცოტა. მტრები მოდიან აქ, რომ ჩვენი ქვეყანა და ოჯახობა აამტუტონ და ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენი რჯულისათვის და ღვთისათვის. მეფე ანტიოქოს ეპიფანემ გაიგო თუ არა იუდა მაკაბელის გამარჯვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და გაგზავნა იუდეველთა სამეფოს ასაოხრებლად და თანაც ეს სიტყვები უთხრა: სულ ამოწყვიტეთ და მიწის პირიდან აღგავეთო. გაიგო იუდამ, რომ მათზე ჯარი მოდის, შეკრიბა იმანაც ცოტაოდენი ჯარი, მივიდა თავის ამხანაგებით ერთ ქალაქში (მასეფთაში), სადაც ჯერ კიდევ სამოელის დროიდან ისრაელები ინანიებდნენ ცოდვებს და იმარხულეს, ჩაიცვეს შავები და ტირილით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მას დაეფარა ისინი მტრებისაგან: უფალო, თუ შენ არ გვიშველი, ჩვენ ვერ დავძლევთ მტრებსო. მოიტანეს იქ საღვთო წერილის წიგნები, საყდრის შესამოსელი და მსხვერპლიც. დაინახა ესენი იუდა მაკაბელმა, შესტირა ღმერთს, რომ სულ უსჯულოებისაგან არის წაბილწული აქაურობაო. ამნაირად გული ლოცვით და ვედრებით გაიმაგრეს და გასწიეს მტრისაკენ. იუდა თავის მეომრებს ეუბნებოდა ამგვარ სიტყვებს: ჩვენთვის უმჯობესია სიკვდილი, მანამ მტრებისაგან ამისთანა უპატრონობას და მამულის აოხრებას ვნახავთ. მართლაც, ჯარი გაამხნევა, გაიმართა ბრძოლა, მტრები დაამარცხეს და უკან გააქციეს. ამის შემდეგ იუდამ დაიმორჩილა ტაძარი და შეუდგა მის გამშვენებას. გამოიტანა, რაც რამ უსჯულოებისაგან იყო გაკეთებული და გაუწმინდურებული და გადაყარა. მათ ნაცვლად შეიტანა ახალი ნივთეულობა. ამნაირად გამშვენიერებული და განახლებული ტაძარი აკურთხეს. იუდა მაკაბელმა ვერც კი გაათავა ომები, რომ სრულიად გამოეხსნა თავისი მამული, როცა მოკლეს ერთ ომში. ამ ომში იუდას ჰყავდა 800კაცი. მტერს კი – 22000. მოვკვდეთ ჩვენი ძმებისათვის და ნუ შევარცხვენთ ჩვეს თავს გაქცევით! _ უთხრა იუდამ, როცა მას ურჩიეს, გაიქეციო. ხალხმა ძალიან იგლოვა იუდა. მის მაგივრად ჯარის სარდლებად იმისი ძმები დადგნენ; ისინი იმარჯვებდნენ ღვთის შემწეობით. ამნაირად გამოიხსნეს მათ მტრებისაგან თავი.


იუდეველებმა ერთმანერთში ჩხუბი მაინც არ მოიშალეს. გაიყვნენ ორად და ერთმა მათგანმა მოიწვია სხვა ძლიერი ხალხი, რომაელნი. რომაელებს გაუხარდათ კიდეც, რადგან მთლად დაიპყრობდნენ იუდეველთა ქვეყანას. მოვიდა იუდეველების ქვეყანაში რომაელების ჯარი, ძალით დაიმორჩილა ისინი და ხარკი დაადო. ამის შემდეგ რომაელები თავიანთ მეფეს აყენებდნენ იუდეველთა ქვეყანაში. მაგრამ იუდეველები ახლა კი ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც საუკუნო მეფე იქნებოდა, არამც თუ მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა. დრო იმის ქვეყნად მოსვლისა, მართლაც მოახლოებული იყო.