შინაარსზე გადასვლა

ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი

ვიკიწყარო გვერდიდან
ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი,
გათეთრებული თოვლიან მხრებით,
და იყო ცხრაას ჩვიდმეტი წელი
თავის ქარიშხლით და ამბოხებით.
უდგა თეთრ წვიმას, ჰქროდნენ ეტლები
და ტრამვაების მძიმე ტივები.
ნისლში სახლები და გამვლელები
მოჩანდნენ, როგორც ნეგატივები.
თოვლქვეშ კი, როგორც ქსოვილი ბადის,
მრავალ მიუვალ გზებით ფარული
ათი ათასი ნაკადი გაჩნდა,
მჩქეფი, ანკარა და მოხარული.
მიწის ქვეშ გზები ვიდოდნენ წყნარად
და იქ, სხვადასხვა ადგილას რგული,
ერთიმეორეს ეძებდა მარად
ასი ათასი მდინარის გული.
გადათეთრება ზამთრის დროული!
ყველას სწყუროდა ზეცა მზიური
და, აი, როგორც გადანათოვლი,
მიწით აღმოსკდა, ხმა მაგიური.
გზებიც დაიხსნა მაშინ, ჰიალა!
ჰაიდა, გასწი! მკაცრი, ულევი -
მეწყერად, რღვევა და ხეტიალად
ამოიღვარა ნაკადულები!
რა ხანა იყო! რა უკმარობას
ქუხდა და გმობდა გააფთრებული,
რასაც მიწის ქვეშ ჰფარავდა გრძნობას
ასი ათასი მდინარის გული.
არა მისტიურ ფრთებით ფარული,
არა ოცნება და ზეფირები,
არამედ ნაღდი და რეალური
დაქანდა ხიდი და ჯებირები.
იყო მაშინ იქ და ახლაც არის
გრძნობა, რომელსაც ჰფარავს პოეტი,
მთელი სიმძიმე ეპოქის ქარის,
ყველა მდინარე და ოქროეთი.
რა დაჟინებით, რა უკმარობით
გაიძახოდა გააფთრებული,
რასაც იდუმალ ჰფარავდა გრძნობას
ასი ათასი ნათელი გული.
და მაისის დღეს მაშინ და დღესაც
და მომავალის ბედნიერ დროშიც
უძლეველ გრძნობით ფრიალებს ალი
ასი ათასი ნათელი დროშის.
ბოძთან რომ ვაგონს უცდიდა მგზავრი,
გათეთრებული თოვლიან მოხრით,
ამ გაზაფხულის დღეს იმავე მგზავრს,
ირონიულად და ამოოხვრით, -
უფლება აქვს, რომ შეხვდეს ძველს რუსეთს,
წლების სხვა წლებთან გადამწინდველი,
იმის კითხვაზე: ის დრო სად არის? -
სთქვას: სადაც თოვლი შარშანწინდელი.

1928 წ.