შინაარსზე გადასვლა

გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო

ვიკიწყარო გვერდიდან
გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო
ავტორი: ტერენტი გრანელი


აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ "მე, როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება. გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, "ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.

გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.

ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა.