შინაარსზე გადასვლა

გამზრდელი

ვიკიწყარო გვერდიდან
გამზრდელი
ავტორი: აკაკი წერეთელი


ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს

I

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,

მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;

თვალთ ისარი, შენატყორცნი,

ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.


ის ფაცხაა, მღვიმის პირად

მიწნული და მიგრეხილი,

დრო და ჟამის შესაფერად -

ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.


როდესაც მთა ბარს და ვაკეს

ემუქრება წარღვნა-ღელვას, -

ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,

ეკრძალება ჭექა-ელვას.


მაგრამ, როცა დაჰქათქათებს

თავზე იქვე მზე და მთვარე

და თვალის წინ ფიანდაზად

ეფინება არემარე,


მაშინ ფაცხა უბრალობით

მომხიბლავად ლამაზია

და იმასთან ყველა ტყუის,

რაც-კი ციხე-დარბაზია.


გზა მიუძღვის საცალფეხო,

მიხვეული, მოხვეული;

მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს

მარჯვე თვალი, მტკიცე გული;


ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,

მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:

კლდიდან კლდეზე გადამფრენი,

უშიშარი და თან ფრთხილი.


ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს

ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?

და საამო კარ-მიდამოს

ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?


ერთი ვინმე ახალგაზრდა

აფხაზია, ამ მთის შვილი,

რთულ ცხოვრების უარმყოფი,

მცირედითაც კმაყოფილი.


კარგი თოფი, კარგი ხმალი,

კარგი ცხენი და ნაბადი!…

რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,

კაცი, მისებრ დანაბადი?


მხოლოდ ერთს კი… და ის ერთიც

არის მარტო სიყვარული,

რითაც მხოლოდ ქვეყნიური

ნეტარება არის სრული.


ბედმა ესეც არ დააკლო,

განასხვავა, ვით რჩეული…

სიყვარულსა, მის მონაშუქს,

მიაშუქა სიყვარული:


ერთი თვეა, რაც რომ ცოლად

მიიყვანა ვინც უყვარდა,

ვისაც გულში ცასქვეშეთი

შეუწონა, შეუფარდა…


ნაზიბროლა - სახელია,

სამეგრელოს ასულია,

მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი

ედემს ალვად ასულია!…


ელფერობით ვარდი არის,

სინაზით-კი - მორცხვი ია…

ტრფობისათვის ჯერ პირველად

გულის კარი გაუღია.


ცა და ქვეყნის შუამავლად

მიაჩნია მას აფხაზი!…

გულში გულს სდებს, სულში სულს ცვლის,

ხორცს ეწმახვნის სურო-ვაზი!…


ნეტავი მათ!… მათ სიყვარულს

და მათ უხმო აღსარებას!…

ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე

სასუფევლის ნეტარებას…


მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი

გაახარებს ვისმე განა?

თაფლში ურევს მწარე ნაღველს…

მტრისას მისი გამოცანა!…


II


ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს

თითი, თვალთან მიტანილი!…

ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ

ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!…


ქარი ზუის გულსაკლავად,

წვიმა უშვებს კოკის პირად;

ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში

გავარდება მეხი ხშირად.


თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს

აუშვია ქვეყნად ზარი!

აიტანა შიშის ქარმა

თანასწორად მთა და ბარი!


ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც

ეძებს ძრწოლით თავშესაფარს,

მაგრამ, დახეთ, ვიღაც მგზავრი

სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს!…


დაურეკა და ხმა მისცა:

“გამომხედეთ!… ვინ ხართ შინა?

სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,

ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!”


გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:

“ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!”

შეუკიდა ცეცხლს და უცბად

გამოაღო ფაცხის კარი.


გავიდა და შემოუძღვა

ფეხებამდე დასველებულს,

მიიყვანა ცეცხლის პირად,

უდგამს სამფეხს სკამს - დაღალულს.


ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,

ნაბდის თასმებს ნელა იხსნის…

თავ-პირი აქვს შებუდნული

ყაბალახით და იცინის!…


ჯერ ნაბადი მიაყუდა,

ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა

და, ბაშლიყი რომ გადიძრო,

მოტრიალდა უკან ჩქარა:


“მასპინძელო! - სიცილით სთქვა -

წახდა ჩემი ხუმრობაო!…

ვერ მიცანი, თუ გეწყინა

ეს უდროვო სტუმრობაო?”


- საფარ, შენ ხარ?… ენაცვალოს

ძიძის შვილი მაგ შენს თავსო…

ეს თვალები რაღას ნახვენ

შენს უკეთეს სანახავსო?


მოეხვია, გადაკოცნა,

როგორც ძმა და თვისი ტოლი,

და მერე კი გააღვიძა

შიგნით მწოლი მისი ცოლი.


შეეხვეწა: აბა ჩქარა

მოამზადე ვახშამიო:

შორი გზა აქვს გამოვლილი,

არ ექნება ნაჭამიო.


- არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,

არ მცალია იმისთვისო!

მე სხვა მადა მაქვს აშლილი,

სხვანაირი გულისთქმისო…


უპასუხა და მოუყვა:

“მინდა გითხრა ჩემი ჭირი:

დღემდის მტკიცე პირიანსა,

დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!


“ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,

თავმომწონე ინალიფას?

მის ცხენსა და მის იარაღს

ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.


“ვაჟკაცია თვალ-ტანადი,

ცხენოსანი უებარი!…

მეტოქეა ჩემი მხოლოდ,

ერთადერთი საშიშარი.


“შორს გაისმის მისი ქება,

ჩვენიც ხშირი სტუმარია;

ბიჭობით და სილამაზით

ქალებიც კი გადარია.


“ერთი მხოლოდ ზია-ხანუმ

არად აგდებს, არც უყურებს,

რადგან იცის, რომ სხვებსავით

იმას ის ვერ იმსახურებს.


“ზია-ხანუმ, შენც კი იცი,

რომ მშვენებით განთქმულია;

ბევრი კარგი ახალგაზრდა

მისი ეშხით დაბმულია;


“მთვარესავით ხელუხლები, -

სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;

მომხიბლავი შორეულად

თანასწორად ყველას ატკბობს.


“ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,

დაიმონებს, იგდებს ხელში,

მერე უნდა გამოსცადოს:

აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!..


“მეც მომხიბლა ჯადოსანმა,

დამამარცხა, დამიმონა!…

და, თუ ქალი მაჯობებდა,

არ ვფიქრობდი, არ მეგონა…


“დამაჩემა: “თუ გიყვარვარ

და ხარ ჩემი მოგვარეო,

ინალიფას ლურჯი ცხენი

ამ სამ დღეში მომგვარეო!”


“ინალიფა მის ბედაურს

არ დაუთმობს ნებით გამჩენს

და, თუ ვინმე ძალას იხმარს,

შეაკვდება, არ შეარჩენს!


“სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა

მხოლოდ ერთადერთი ღონე,

თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს

ამას კაცი თავმომწონე.


“აი, რისთვის მოვსულვარ აქ,

ჩემო კარგო მეგობარო!

მე მინდა, რომ ალმასხიტის

ლურჯი ლაფშა მოვიპარო”.


მოუსმინა ძიძიშვილმა,

ყველა კარგად გაიგონა,

მაგრამ საქმემ უკუღმართმა

შეაწუხა, დააღონა.


უთხრა: “ვწუხვარ, რომ ეგ საქმე

უკადრისი გიკისრია,

მაგრამ, რადგან სიყვარულის

ტკბილი სენი შენც შეგყრია,


“გზა აღარ გაქვს!… უნდა გული

აკაკი წერეთლის პოემები

გამზრდელი · თამარ ცბიერი · თორნიკე ერისთავი · ნათელა ·