გოგოთურ და აფშინა
გოგოთურ და აფშინა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
(ძველი ამბავი)
I
ამბობენ: ბლოელ აფშინა
მინდოდაურის გვარისა,
სცარცვავს რჯულიან ურჯულოს,
მარჯვედ მომხმარე ფარისა,
ჭერხო აავსო უნჯითა,
როგორც სალარო ხანისა.
თანაც იტყვიან: გოგოთურს
ჯანით ვერ შაედრებაო,
ნეკით გასტყვარცნის, აფშინა
ხე და ქვათ შაეცხებაო.
მეფესაც უთქვამ: “გოგოთურ
ათასს კაცთანო ვადარე,
ათასგანა მყავს ნაცადი,
ათასგან ომში ვატარე;
გოგოთურს რკინის გული აქვ,
მკლავი ხო გადამეტია,
რამდენჯერ მარტო შაბერტყის
მტერი ქვიშაზედ მეტია.
ომში სიკვდილს ჰგავ გოგოთურ,
შეუბრალები, უკვდავი,
მტერსაც ზარსა სცემს უზომოს,
როგორაც სულთამხუთავი...
ისე აგორებს მტრის რაზმებს,
როგორც ნავს ტალღთა დენანი,
ალბათ სწყალობენ ვაჟკაცსა
ის ანგელოზნი ზენანი!”
რამდენჯერ სთხოვა ბატონმა
დარჩომა მეფის კარადა,
მაგრამ ვაჟკაცი ეტყოდა:
- მეფევ, ვერ გავძლებ ბარადა.
თუ მთის ნიავი არა მცემს,
გული ქალებურ ტირისა,
არ მინდა პური, არც წყალი,
აღარც გაღება პირისა!
მამეხიბლება გუნება,
ვერა ვარ გამძლე ჭირისა.
გოგოთურ ამაზედა სწუხს,
ხმა აღარ ისმის ომისა,
მიწურვილია, - თავდება
ჟამი ზაფხულის ორისა.
შინაც ხომ უქმად არ არი,
მუშაობს, მიწის მხვნელია. -
ამბობს: “ომის დროს ვიომოთ,
არა-დ - ვიქნიოთ ცელია,
ნადავლით, ნაყაჩაღარით
კაცის დარჩომა ძნელია!”
არავის ახსოვს, ფშავშია
ხმა მაღლა ასძრახდომოდეს,
განაღამც საცარცვავადა
გზად ვისმე გადასდგომოდეს.
ვეება ჭანდარს აიღებს,
წიწკრად გაიდებს მხარზედა,
ყალიონს პირით არ უშვებს,
მიიტანს თავის კარზედა;
ირმებსაც დაედევნება
ყოფჩის გადაღმა კვალზედა.
შემოღამდება, შინ მოდის,
ჩამაუჯდება კერასა,
დაიწყებს შესაქცევრადა
დიდის ყალივნის წევასა,
ფანდურსაც შააჟღარუნებს,
თითს ააჩქამებს ბერასა.
ხანდახან დაიბუბუნებს,
ჭერი დაიწყებს ნძრევასა,
თან ფეხს დაუცემს ვაჟკაცი,
მიდამო იწყებს ნთქრევასა.
II
ძველადგანვეა ნათქომი,
რო დედაკაცი ყბედია,
მიჰყვება გულის ძრახვასა -
ვნებიანობით რეტია,
წაიტყვის უგვანს სიტყვასა
მოუფიქრელი, ცეტია.
ქმრისად სახელის მძებნელი,
სხვას არ დაგიდევს არასა;
მტყუანი იყოს მის ქმარი,
თუნდ ხალხს სცარცვიდეს შარასა,
ოღომც იქნევდეს ფრანგულსა,
არ ჰღალატობდეს ხარასა,
ცოლსაც სწყალობდეს, აცმევდეს
წითლის დარაის კაბასა.
ცოლი აუტყდა გოგოთურს:
- რად გინდა დიდი სხეული,
თუკი ზღუბლს არ გასცილდები,
როგორც სახადით სნეული?!
რად გინდა თოფ-იარაღი,
ბასრი ფრანგული, წყეული,
ათასგან სისხლში ნათრევი,
კაცების ჟლეტას ჩვეული!
აბა, დაჰკვლიე, უტირნავ,
ცრემლი აქვ პირზე მცვრეული!
წადი, შენც ვინმე გაცარცვე,
არ გინდა სარჩო ნეტარა?
ქისტებს თავები გაჰბალთე,
ხევსურთ დაადევ ბეგარა.
ამბობენ, აფშინაის ცხენს
ტანი სრულ ვერცხლით ეფარა.
- ნეტავ რას ამბობ, დიაცო,
ჭკვას რად არ ატან სიტყვასა?
საქმე თუ გამოგლევია,
რატუ არ იტყვი იმასა?!
რად მინდა მაშინ სიცოცხლე,
ლუკმასა ვსჭამდე სხვისასა?
შენ ვინა გკითხავს, უჯიშოვ,
თოფისასა და ხმლისასა?..
შენ უნდა საჩეჩელს ეჯდე,
ან არა, - ჰქსოვდე წინდასა...
ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვ,
როცა ხმალს ჰხედავ მტრისასა!
ჯერ მეფის სიტყვა არა სჩანს: -
“შემოგვესია მტერიო,
ფშავით მოიდეს ლაშქარი,
ჩემი ერთგული ერიო,
წინ გამაუძღვეს გოგოთურ,
ჯერ არ-ოთ არი ბერიო”.
მითც არ მოჰსვლია ჩემს ხმალსა
სისხლით შეღებვის ჯერიო.
ჩემი ფრანგული მტერსა ჰკლავს,
ძმაზედ არა აქვს ხელიო.
უწინ შინ როდის დამდგარვარ,
როსც დაგვცემია თათარი,
მტერს წინ მე მივგებებივარ,
როგორაც ჯერნებს აფთარი.
ომში რვა ხმალი გავცვითე,
მეცხრე თეთრ-ტარა ხანჯარი.
თუკი ავსული არა ხარ,
ეგ საყვედური რა არი?!
- მე იმას ვამბობ, ბეჩავო,
სახლისადა ხარ ურგები;
რა სარჩოდ გამოგადგება
თათრების დაჭრილ ზურგები?
ლაშქრობით რა მოგიტანავ,
ტანზე წყლულების მეტია?
მარტო სახელი რას გიზამს,
თუ სარჩოც არა ჰხვეტია?!
დაღონდა მეტად გოგოთურ,
ხმალს მიაწვადა ხელია;
ლაფნის საბმურით შაიბა,
მაგრა შაიკრა წელია;
მარცხნისას ფარი გადიგდო,
მარჯვნით - სიათა ჭრელიო, -
უზარმაზარი, ძელსა ჰგავ,
კაცის საზიდად ძნელიო.
დედაკაცს დაათათბირებს:
- უნდა მიმოვვლო ხმელიო,
რასაც შენა მთხოვ, იმისა,
წავალ, ვიქნები მქნელიო.
მოყვრებში გამაემართა
ამის დაცინვით მთქმელიო.
III
გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდენ იანი,
მწვანის ქათიბით კოხტაობს
მთების კალთები ტყიანი;
ბექ-ბუქში თოვლი დამდნარა,
მიწა გამხდარა წვნიანი,
მწვანეს ეწვდება ფოთოლსა
ხარი-ირემი რქიანი.
გალაღებულან ფრინველნი,
ისედაც ლაღი-ზნიანნი;
არაგვიც მოჰქუხს მრისხანედ,
ამ დროს შავფერად მდინარე,
იღვიძებს, იფშვნეტს თვალებსა
მის არე-მარე მძინარე,
კლდეებიც წყალსა ჰჟონავენ,
სრულად დამდნარა მყინვარე...
კოპალის ქვასთან გამოჩნდა
კაცი მთასავით მძვინვარე,
მაიზლაზნება ზოვივით,
პირქუში, არა-მცინარე.
ზენაით მეორე მოსჩანს,
იმღერის, - მთანი ხვივიან,
მააქევქევებს ლურჯასა, -
ნალნი რიყეზე წივიან;
მაეზაყება ცხენზედა
გამარჯვებასა ჩვეული,
უხდება წითელს ჩოხაზე
ფარი და დაშნა რწეული.
გოგოთურს ჰხედავს აფშინა,
გულშიაც ჩაეცინება,
ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,
უდივრად შაიგინება, -
აფშინას ბაწარაულის
შუქი შორს გაიფინება:
- იარაღნ მამცენ, ფშაველო,
რად გი, არ იცი ხმარება! -
პირდაპირია აფშინა,
ვაჟკაცს არ უყვარს პარება.
რა გაკვირვებით მიყურებ?
აფშინას მეძახიანო!
ჰა, თორო შავთხოვ ფრანგულსა,
ხმალო, გამიჭერ, ფხიანო!
გოგოთურ ჰფიქრობს: ვეჩვენო,
აცა, აფშინას საწყლადა;
ვეხვეწო, თავი ვიდაბლო,
ამის რას მიზამს ნაცვლადა?
აქებენ, შამიბრალებსა,
თუ გადამაქცევს ნაცრადა.
- რადა, ძმობილო, - რად აგრე?
გან დიაცი ვარ ორსული?
დედამ გამზარდა მენაცა,
ნეხვჩი არა ვარ მოსული!
თუ მართლა აფშინაი ხარ,
იარაღთ რად მყრი, ძმისაო?
უიარაღო გამიშვა,
ხათრი არა გაქვ ღვთისაო?!
მიწაზე როგორ ვიარო,
მზე როგორ ვსინჯო ცისაო?
ჯალაფნი არ მეტყვიანა:
“ჰაი, შე ტყლაპო მტრისაო?!”
სუ, თუ ღმერთი გწამ, აფშინავ,
სირცხვილს ნუ მაჭმევ, ძმობასა,
ქუდმოხდილს ქვეყნად ნუ მავლევ,
პირში ნუ მიმცემ გმობასა.
კაცი ხარ სახელიანი,
რად მიწევ ეგრე მტრობასა?
ოღომც იარაღთ ნუ ამყრი,
რა ვქნა, გაგიწევ ყმობასა.
- ნუ მაგვიანებ, ფშაველო,
ჩქარა შაიხსენ ხმალია,
სიათაც გადმამაწვადე,
კარგი ექნება ძალია;
ერთი კვირაა, შენს მეტსა
ვერავის დავკარ თვალია.
ჩქარა მაიხვენ აბჯარნი,
არა-დ, - გალოკებ ქვიშათა,
მიგცემ, გათრიონ ყუნჭივით
ტალღთა არაგვის წყლისათა.
მისცა ხმალი და სიათა,
ფარი, ნაჭრევით ფარული.
ცხენის აღვირსაც უსწორდა
მოყმე, დისწული ყვარული.
აფშინამ ლურჯას დეზი ჰკრა,
იგიც გაფრენას ლამობდა;
გოგოთურს თმენა გაუწყდა,
გამოცხადებით ჯავრობდა:
- მაშ მიგქონ ჩემნ იარაღნი,
კიდევ არ შაირცხვინია?
დადეგ, შე უნამუსოვო,
ქვაზედ გინაყო ტვინია!
გაწყრა, გაჯავრდა გოგოთურ,
გულში აეძრა ჟინია.
ხელი გაავლო აფშინას,
დადვა, დაბეგვა ძალიან;
გადაფითრებულს აფშინას
სატირლად აღარ სცალიან;
მაგრა შაკონა ბეჩავი,
ისე დააგდო გზაზედა.
ჩაეუბნება ჭკვიანად:
- შენ გაგერშილხარ სხვაზედა.
გინდოდა გოგოთურსაცა
წამასჯდომიყავ თავზედა?
შენ რო ჭკვიანად მოგექე,
გვედრე, არ შამიბრალია,
ეხლა მე მერტყას წელზედა
შენი ზიკზიკა ხმალია;
ცხენიც მე მყვანდეს - ლურჯაი,
თანაც ეს შენი ფარია;
ჩაჩქანი, რკინის პერანგი
შენზედ არამი არია.
- რა ვქნა, - ამოთქვა აფშინამ
წვერმოტეხილის ენითა,
თან დნება ლურჯად, შავადა,
გულში ბოროტის კბენითა, -
რა ვქნა, გავბრიყვდი, ვერ გიცან,
თუმც-კი გიცნობდი შორითა;
ბეჩავსა ვისღაც გამსგავსე,
დონდლედ აგებულს ყორითა.
გაქებდნენ, კარგი ყოფილხარ,
კარგი გქონია მარჯვენა,
ფიც-ვერცხლი ვჭამოთ, გოგოთურ,
ჩემნ იარაღნიც მამცენა.
მრცხვენიან, ამას რო ვამბობ,
მიძმე და მომეც აბჯარი,
თუ არა, ბევრად მირჩევნავ,
რო გულში დამცე ხანჯარი.
- კი ყოფილაა ადვილი
სხვისად მიცემა აბჯრისა,
სხვის წელზედ სინჯვა თვალითა
თავის ხმლისა და ხანჯრისა!
კაცისად იარაღისა
აყრა სიკვდილთან სწორია.
ეხლა-ღა მოხვედ ჭკვაზედა,
ეხლა მაიეც გონია?
ხომ იცი, საქართველოა,
ყველა კუთხიდან მტრიანი,
მგზავრს მიშვებ უიარაღოს,
კაცი არა ხარ ღვთიანი?
რას დასწრწი, რას დაეთრევი,
შე უნამუსოვ, ფაფხურა,
რო წისქვილებში მსუნაგი
ქურდი, ქოფაკი, შავყურა?
გშიოდა, რატუ არ მითხარ,
გაჭმევდი, გაგაძღებდია,
იარაღს როგორა მყრიდი,
ღმერთი არ არის შენშია?
თუ არა, რაად გინდარის
ვერცხლი, ნადები ქვევრშია?
თუ მაინც გიყვარს ხმლის ქნევა,
ქროლვა, ქორებულ ტევება,
მე სამ გამამყევ, გაჩვენო
მტერი საჟლეტად ვეება;
დაგეცეს მარტოს ათასი,
გცემდენ, მოგიგდონ შუაში,
მაჯა დნებოდეს შრომითა,
ხმალი ტყდებოდეს ყუაში.
გასძელ, სხვა ხმალი იშოვე,
მტერი დააფრთხე თხებურა,
მარტომ მისდიე მრავალსა
პიროფლიანმა მგლებურა.
მაშინის ვიტყვი, ღირსი ხარ
წელზე ხმლის, თავზე - ქუდისა;
არა-დ - გეხუროს ჩიქილა
თავზე დიაცის ცუდისა!
შენ გიცარცვია, ვინაცა
საბრალო არი, ბეჩავი,
თვის დღეში ომ-უნახველი,
დიაცთ ნალახის მხვეტავი;
არ შაგხვედრია შავფერა,
მკლავ-მსხვილი, რკინის მკვნეტავი.
მე შენ იარაღნ რად მინდან,
სიმრუდის გზაზე ნავალი?
შინაცა აქვის გოგოთურს
ფარი და ხმალი მრავალი.
აჰა, აბჯარნი, ცხენიცა,
წადი, მშვიდობით ვლიდია,
საცა შენი სთქვა ბიჭობა,
იქავე ჩემიც სთქვიდია.
გარისხებ ხახმატის ჯვრითა,
აი, კოპალაც ეს არი.
რო ყველა სიმართლითა სთქვა,
რაც რო დაგედვა ბეგარი...
თანაც გაუხსნა ხელები,
წამააყენა მხედარი.
ადგა ბეჩავი აფშინა
თვალ-მოცრემლვილი, ლურჯია.
- მეგონა თავი, ამბობდა,
გაუტეხელი ბურჯია;
ეხლა სჯობს სახჩი ვიმალო,
თავზე დავირტყა გურჩია.
მოდი, გაკოცო, გოგოთურ,
სიკეთისათვის შუბლჩია.
ხელი მაჰხვიეს ერთმანეთს
გულახდით, არა ძალადა;
აფშინას ხურჯინშიითა
ტიკჭორა მააქვ ჩქარადა.
მიიპატიჟა გოგოთურ,
დასხდნენ ვაჟკაცნი ხის ძირა;
აფშინამ ყანწი აავსო
და ილოცება წინ-წინა:
- სანამ იცოცხლე, გოგოთურ,
სანამ ცასა სდის ნამია,
სანამ მზე ათბობს ქვეყანას,
დილა-საღამოს ჟამია;
სანამ ტყეს ესხმის ფოთოლი,
მიწა ამცენებს მწვანილსა,
სანამ ჯინჭველა ქალაქით
ზურგით მაიტანს მარილსა;
მიგწიოს ლაშარის ჯვარმა
მუდამაც გულის წადილსა!
ახლა გოგოთურმ დალოცა:
- გწყალობდეს, ძმისავ, ხატია,
შენც ჯანიანი ჰყოფილხარ,
როგორც წეღანის გცადია.
ღმერთმა გაშოროს ბოროტი,
ავ საქმე, ავი წადილი...
ნუ მოგვიშალოს უფალმა
ძმობა და ერთად ხადილი!
აფშინამ ხანჯრის ბუნისა
ვერცხლი არაყში ჩათალა,
ორთავ დალიეს ერთადა,
ორივემ ყანწი დაცალა.
იფიცნეს. ეხლა ძმანია,
ვით ერთის დედის შვილები...
ახლა უმღერეს ზედაცა
ერთურთს სამღერი ტკბილები,
მემრე წავიდნენ ცალკ-ცალკე
თავ-თავის გზაზე გმირები.
IV
უკუნეთია. არ ისმის
კრინტი არსითგან არ-რისა.
სუდარჩაცმულნი მთანი დგან,
ფიქრის მზიდველნი მწარისა,
სუ მუდამ ყინულიანნი,
არ-როს მნახველნი მწვანისა;
ცხადად ერჩევა საჯიხვე,
ქმნილი კლდისაგან სალისა.
ჩქაფუნი მოდის მწყრომარე
იქ ხევსურეთის წყალისა
და განაპირად სოფლისა
ისმის რაკუნი კარისა;
თან ხმაც გაისმა მწუხარე
გადმონადენის ჯავრისა!
- გაგიწყრეს ჩემი გამჩენი,
მადლი ხახმატის ჯვარისა!
რა დროს ძილია, ბედმწარევ,
შე უდავლათოს გვარისა?!
აფშინას ვერ შაეწონვი,
როგორც მზეს შუქი მთვარისა.
აჰა, წაიხვენ აბჯარნი,
ცხენს ნუ დაუყრი თივასა;
ვინც ხვალ პირველად მოიდეს,
ყველა ეს მიეც იმასა;
ჩემ ცხენიც იმასა ჰყვანდეს,
ფასს არ ვსთხოვ, არცა ქირასა.
ხო გესმის, რას გეუბნები,
თავს რასა ჰკიდებ ძირასა?!
მე კარჩი ვეღარ გამუალ,
ძმად უნდა ვყვანდე ჯინასა;
ჭირი შამყრია უწამლო,
კაცს, ხევსურთ ბადალს, წინასა.
აგერ სამი თვე სრულდება,
არა სცილდება ბინასა,
ლოგინად ჩავარდნილია,
უნდება კვნესას, გმინვასა.
მალა და ვეღარ დამალა
აფშინამ წყლული გულისა,
არ ეთქვა, აღარ შაეძლო
ვაჟკაცს მობრუნვა სულისა.
ცხენი, აბჯარნი სხვას მისცნა,
გახდა ერთგული რჯულისა.
V
მოგროვილიყვნენ ხახმატსა
ხევსურთ ვაჟები ხმლიანნი;
სალუდის კარზედ მოჩანან:
მინდი, მამუკა მტრიანნი;
ხირჩლაიც მოდგა ხატის კარს, -
ვაჟკაცი სახელიანი.
განს, მოშორებით დამდგარან
დიაცნი მანდილიანნი.
ლუდის სმა არი, ღრეობა,
ცხვრის თავები ჰყრავ ყორედა;
ხევის-ბრის დიდება ისმის, -
აფშინა არის სწორედა!
ხალხს ხატს ახვეწებს ტკბილის ხმით,
იწვევს მფარველად ქვეყნისა:
“მწყალობელ იყოს გიორგი,
ხალხო, ოჯახის თქვენისა;
მტერზედამც გაგემარჯვებათ,
სიკვდილს გაშოროსთ მწარესა.
გამარჯვებითამც გივლიათ
ყოვლგნივ ხმელეთის მხარესა!..”
ამბობენ: ქვითინი მოდის
ღამ-ღამ ბლოს თავით კაცისა:
“ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო,
ცოცხლად დამარხვავ თავისა!”
1887 წ.
ვაჟა-ფშაველას პოემები | |
---|---|
ალუდა ქეთელაური · ბახტრიონი · გველის მჭამელი · გოგოთურ და აფშინა · ეთერი · კოპალა · მოხუცის ნათქვამი · სტუმარ-მასპინძელი · ძაღლიკა ხიმიკაური |