გული
იერსახე
გული ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთაგან ცრემლები მდივა:
მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!
ფარულ ჯადოთი გზას რკალავენ, როგორც ეკვდერი
დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი - ოცნებას სცვივა
გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი,
დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი,
ოჰ, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში დავდივარ!
აღმოხდა მთვარე, გაანათა უსივრცო ბაღი,
მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,
მაგრამ მის გაშლას სიყვარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,
თეთრი ძეგლები და იმათ ქვეშ ობლად მარხია
გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია.