გულს
იერსახე
გულს ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1892 წელი |
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს…