დგება შემოდგომა
იერსახე
დგება შემოდგომა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1919 წელი |
გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.
რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით.
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.
სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,
ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.
შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,
რომ გაიფანტონ მოგონებები.