ეგ არის და გორის ციხე!
იერსახე
ეგ არის და გორის ციხე! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ყოველ ახალ გამარჯვების
შემდგომ წესად შემოვიღე,
აღტაცებით შემოვძახო:
ეგ არის და გორის ციხე!
ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები
ინგრეოდა, როგორც რიყე,
დღეს რომ სახლი აგვიგია -
ეგ არის და გორის ციხე!
ამბობდნენ თუ: რის სინათლე,
ყურთა სმენა ნუ წაიღე.
მაგრამ აქ რომ სინათლეა -
ეგ არის და გორის ციხე!
ომში ვიყავ, მტერს ბერლინი
მივუგრიხე, მოვუგრიხე,
ცხრა მაისით შემოვძახე:
ეგ არის და გორის ციხე!
ომს აქეთაც დიდი შრომის
დღე დღეებზე ვათარიღე.
გადახედეთ ქართლის ბაღებს
ეგ არის და გორის ციხე!
მაშ, წინ გასწი, მშენებელო,
გზას მიჰხედე, მამულს მიჰყე.
ეგ არას და ჩვენი ძმობა,
ეგ არის და გორის ციხე!
1949 წ.