შინაარსზე გადასვლა

ელინური მითები/ორფევი და ევრიდიკე

ვიკიწყარო გვერდიდან
ფაეტონთი ელინური მითები - ორფევი და ევრიდიკე
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე
დედალე და იკარი


"ორფევი და ევრიდიკა", ფრედერიკ ლეიტონი.

წყლის ღმერთის ეაგრის შვილი ორფევი ძველ დროში სახელგანთქმულ მომღერლად ითვლებოდა, ორფევის სამშობლო თრაკია სამართლიანად ამაყობდა თავისი სახელოვანი მომღერლით, ორფევის ნაზი, ნარნარი ხმა მთელ ქვეყანას ხიბლავდა. მთელი თრაკია სულგანაბული ყურს უგდებდა, როცა ორფევი სიმებს ჩამოკრავდა და გასაოცრად ააჟღერებდა ჩანგს.

ორფევის მეუღლე ევრიდიკე მთელ თრაკიაში შესანიშნავი ლამაზი და ხასიათით სათნო ქალი იყო. ცოლ–ქმარს ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდათ. ერთხელ ევრიდიკე ამხანაგ ქალებთან მინდორში ყვავილებს აგროვებდა. უეცრივ მან ფეხი დაადგა ბალახებში ჩამალულ გველს, რომელმაც თავისი შხამიანი ენით დაკბინა ორფევის საყვარელი მეუღლე. ევრიდიკე მყისვე გარდაიცვალა. ამხანაგები გულამოსკვნით დასტრიალებდნენ უდროოდ გარდაცვალებულს და საცოდავი ქვითინით აწუხებდნენ ცასა და ბარს. ორფევის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ძვირფასი მეგობრის დაკარგვით ზარდაცემული ორფევი სრულიად განმარტოებულ ცხოვრებას შეუდგა და თავის უსაზღვრო მწუხარებას მხოლოდ ჩანგის სიმებს ამცნობდა. ყოველდღე, დილიდან დაწყებული საღამომდე, საღამოდან დილამდე, განმარტოებით იჯდა მდინარის ნაპირას საცოდავი მომღერალი და უნუგეშო მწუხარებას ჩანგის სიმებზე იქარვებდა ისეთი ნაზი და გულსაკლავი კილოთი, რომ მხეც–ნადირნი, ფრინველთა გუნდი და თვით პიტალო კლდეებიც კი მწუხარებას ეძლეოდნენ.

კარგმა ხანმა განვლო, მაგრამ ორფევიმ სულის სიმშვიდე ვერ მოიპოვა, მას უევრიდიკეოდ სიცოცხლე შეუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ საბრალო მომღერალმა გადაწყვიტა თავისი უსაზღვრო მწუხარება „საიქიოს“ მბრძანებლისათვის შეეჩივლა და ძვირფასი მეგობარი „სააქაოს“ დაებრუნებინა. მართლაც, ორფევიმ თავისი განზრახვა სულ მოკლე ხანში შეასრულა. დიდის დაბრკოლებით და გაჭირვებით განვლო ორფევიმ „საიქიოს“ სახიფათო გზები და „მიცვალებულთა სამეფოს“ მბრძანებლის წინაშე სათხოვნელად გამოცხადდა.

„ყოვლად შემძლებელო ღმერთო და „საიქიოს“ დიდებულო მპყრობელო! – დაბალის ხმით დაიწყო ორფევიმ: – გევედრებით, დამიბრუნეთ ჩემი გულითადი მეგობარი, ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი ევრიდიკე, რომელიც გველის გესლიანმა ენამ უდროოდ გამოასალმა სიცოცხლეს! სული და გული მეხუთება, გონება მეხშვის, სინათლე სიბნელედ მეცვლება, სულიერად ვიტანჯები, სიცოცხლე მეწამლება! გევედრებით შემიბრალოთ და დამიბრუნოთ ჩემი ძვირფასი მეგობარი, ჩემი ჭმუნვისა და მწუხარების თანამოზიარე ევრიდიკე!“ ამ სიტყვებით ემუდარებოდა ორფევი „საიქიოს“ მბრძანებელს და თან ჩანგის სიმებს საცოდავად აკვნესებდა, მიცვალებულთა აჩრდილები სიბრალულით აღივსნენ და უცეცხლოდ იწვოდნენ ორფევის მწუხარებით. „საიქიოს“ თვითმპყრობელი და მისი მეუღლე პერსეფონე გულამოსკვნით ტიროდნენ, ცრემლების ღაპაღუპით ისმენდნენ ორფევის ჩანგის სიმთა ჟღერის სამგლოვიარო ხმას. ღმერთებმა შეიბრალეს ორფევი და ნება დართეს ევრიდიკე წაეყვანა, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ვიდრე იგინი „სასინათლო სამეფოში“ არ გავიდოდნენ, ორფევის უკან არ უნდა მოეხედა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთების წყალობა სამგლოვიაროდ შეიცვლებოდა, ევრიდიკე ისევ სიცოცხლეს გამოესალმებოდა.

ორფევი და ევრიდიკე გახარებულნი დაბრუნდნენ „სააქაოსკენ“. ორფევი წინ მიუძღოდა სახიფათო ბილიკზე თავის საყვარელ ევრიდიკეს. მთელი გზა სახელოვან მომღერალს ფიქრიდან არ განუშორებია ღმერთებისათვის აღთქმული პირობა.

მგზავრები ის იყო „სასინათლოში“ უნდა გამოსულიყვნენ, ორფევიმ ვერ მოითმინა და თავისი საყვარელი მეგობრისაკენ მოიხედა. ევრიდიკე მყისვე გარდაიცვალა. ორფევის ტანჯვასა და მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. საბრალო მომღერალმა გადაწყვიტა ხელმეორედ ჩასულიყო „საიქიოს“, მაგრამ, საუბედუროდ, ღმერთებმა ეს არ ინებეს და „საიქიოს“ ჩასვლა ორფევის აუკრძალეს. ამნაირად ორფევი სამუდამოდ განშორდა საყვარელ მეგობარს, ძვირფას ევრიდიკეს. უსაზღვრო მწუხარებით მოცული ორფევი თრაკიაში დაბრუნდა და მთელი დღეები განმარტოებით თავს აფარებდა დაბურულ ტყეებს, სადაც ერთადერთი მანუგეშებელი იყო ჩანგი, რომლის სიმების საცოდავი გმინვა არემარეს ატყვევებდა. მთა, ბარი, კლდე და ღრეები მუდამდღე იხიბლებოდნენ ორფევის ჩანგის სიმთა საცოდავი ჟღერით. ერთხელ ორფევი ჩვეულებრივ იჯდა განმარტოებულ ბექობზე და მწუხარე ხმით აჟღერებდა სიმებს. ხეები ერთიანად იხიბლებოდნენ ჩანგის ნარნარი ხმებით და თავის ჩრდილს უხვად აწვდიდნენ დიდებულ მომღერალს. პიტალო კლდეები გულჩათხრობილნი შეჰყურებდნენ საცოდავი მომღერლის სიმთა ჟღერას. ფრინველთა გუნდებმა დატოვეს ბუდეები და დიდებულ მომღერალს გულნატკენად თავს დასტრიალებდნენ. მხეცებიც განშორდნენ თავის ხვრელებს და სულგანაბულნი ყურს უგდებდნენ საკვირველ ხმებს.

ამ დროს მახლობელ მთებში თრაკიელი ქალები დიონისე ღმერთის პატივსაცემლად დღეობას იხდიდნენ.

როგორც კი ორფევის ჩანგის სიმთა სამწუხარო ჟღერა შემოესმათ, მოდღესასწაულენი მოგროვდნენ და უშვერი სიტყვებით დაუწყეს ლანძღვა დიდებულ მომღერალს.

თრაკიის ქალები მეტად გაჯავრებულნი იყვნენ, რომ ევრიდიკეს სიკვდილის შემდეგ არცერთი მათგანი დიდებული მომღერლის სიყვარულისა და მეგობრობის ღირსი არ გახდა.

ორფევი თრაკიის ქალების ლანძღვათრევას ოდნავაც ყურადღებას არ აქცევდა. საბრალო თავისი ჭმუნვის განმაქარვებელ ჩანგის სიმებს მწუხარედ განუწყვეტლივ აჟღერებდა და ირგვლივ მთელ ბუნებას ერთიანად ხიბლავდა.

თრაკიის ქალები კი უფროდაუფრო ბრაზდებოდნენ, ასეთი გულგრილობითა და უყურადღებობით გაჯავრებულებმა ბოლოს ძალმომრეობასაც მიმართეს და საბრალო მომღერალს ქვები დაუშინეს.

ორფევი არც ახლა შედრკა, იგი ისევ საუცხოვო სიმთა ჟღერით თავისი საყვარელი, ძვირფასი ევრიდიკეს ხსოვნას შესტრფოდა და შეჰხაროდა. ქალები გარს შემოერტყნენ დიდებულ მომღერალს და შეუბრალებლად სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, ჯოხებს თავზე ამსხვრევდნენ, არაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ, მისთვის არ იშურებდნენ.

ორფევი სიმებს ხელს მაინც არ აშორებდა და თავისი საყვარელი ევრიდიკეს ხსოვნას მწუხარე ჰიმნებს უგალობდა. გააფრთებული თრაკიის ქალები კი განგაშითა და საოცარი ხმაურით თანდათან უფრო შეუპოვრად გარს ერტყმოდნენ, თავსა და პირისახეს უსისხლიანებდნენ და შეუბრალებლად განუწყვეტლივ ტანჯავდნენ ისედაც უსაზღვროდ მწუხარე დიდებულ მომღერალს. უდიერი ცემისაგან დაუდუმდა დიდებულ მომღერალს ის ბაგენი, რომელნიც სულ ერთიანად ატყვევებდნენ მთელ მეტყველ და უტყვ ბუნებას.

ორფევიმ სამუდამოდ დახუჭა თვალები და განუტევა მრავალტანჯული სული.

ორფევის სიკვდილმა დედამიწა მწუხარებით შეიპყრო. ფრინველთა გუნდი საცოდავად დასტიროდა უდროოდ გარდაცვალებულს. მხეცები თავჩაკიდულნი გლოვობდნენ საყვარელი მომღერლის დაკარგვას, პიტალო კლდეები ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ დაობლებულ ჩანგის სიმებზე. თრაკიის ქალები კი ამ დროს უსირცხვილოდ ჰგვემდნენ და ამახინჯებდნენ ორფევის უგრძნობ გვამს. დაობლებული ჩანგი და ორფევის სხეულისაგან განშორებული თავი გააფთრებულმა თრაკიის ქალებმა მდინარე ჰებრის ზვირთებს შეუერთეს. მაგრამ მდინარის ზვირთებში მცურავი ჩანგი თავისთავად აჟღერებდა სიმებს, ნაზსა და გულის ჩამთუთქველ ხმებს წყლის ნაპირებს აწვდიდა. ენა კი მოკვეთილ თავში ოდნავ გასაგები ხმით ბუტბუტებდა და მომღერლის მწუხარებას ქვეყანას ამცნობდა. მდინარის ნაპირები მწუხარებით ბანს აძლევდნენ ზვირთებში ამონაკვნეს ჩანგის ჟღერას.

ამნაირად, დაობლებული ჩანგი და ორფევის მოკვეთილი თავი განუყრელად მოგზაურობდნენ მდინარე ჰებრის ზვირთებში, ხოლო მრავალტანჯული მომღერლის სული გადასახლდა „საიქიოს“, სადაც შეუერთდა თავისი ძვირფასი მეგობრის ევრიდიკეს სულს და მას შემდეგ ერთმანეთს არ განშორებიან.