შინაარსზე გადასვლა

ვალერი ბრიუსოვი (ესე)

ვიკიწყარო გვერდიდან
ვალერი ბრიუსოვი (ესე)
ავტორი: ტიციან ტაბიძე


ალექსანდრე ბლოკის სიკვდილით და ვალერი ბრიუსოვის იუბილეთი საბოლოოდ შემოირკალა რუსეთის სიმბოლიზმის ისტორია. მართალია, დიდი ხანია მას შემდეგ, რაც რუსეთის სიმბოლისტების სკოლამ დაკარგა მებრძოლი ხასიათი და შეიქნა აკადემიად, მაგრამ ამ დრომდე ალბათ სხვა სკოლათა სისუსტის გამო მწერლობის სადავე მაინც მათ ხელში იყო, ვალერი ბრიუსოვი უეჭველი მეთაურია რუსეთის სიმბოლისტების.

ძვირად ყოფილა რუსეთში ისეთი პოეტი, რომელსაც სიცოცხლეშივე რგებოდეს იმდენი გამარჯვების მწვერვალები და დაცემის ხრამები, როგორც ვალერი ბრიუსოვს. მისი პოეტური კარიერა ყოველთვის ორმაგი იყო. შინაურებს და ამასთან დიდ პოეტებსაც - ანდრეი ბელის და სერგეი სოლოვიოვს ის წარმოდგენილი ჰყავდათ ჯადოქრად. მაგალითად, მათ ლექსებში ჰყავთ ასახული აფთარის სახე ვალერი ბრიუსოვის, რომელიც უკანასკნელი სიგიჟით აღბეჭდა მიხაილ ვრუბელმა. მეორეს მხრივ, მთელი მეშჩანური გვარდია კრიტიკოსებისა და უბრალო „ობივატელები” მასში უარყოფდა პოეტსაც კი აიხენვალდის მეთაურობით. ნამდვილად ვალერი ბრიუსოვი ორივე უკიდურესს ფრთისათვის იძლეოდა მასალებს. უნივერსალობა და დიდი ერუდიცია, რომელიც უჩვეულოა რუსეთის მწერლისათვისაც კი (თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთს საქვეყნო რეკორდი აქვს აღებული, რასაც ამოწმებს ე. ვერჰარნი), რასაკვირველია, ვერ ეგუებოდა ამ ტრადიციულ „ლირიკის წყალს“, რომელიც ჩაეთესლა რუსულ პოეზიას ნადსონისა და ფოფანოვისაგან (საკმაო ხარკი მისცეს ამ სიმჩატეს კ. ბალმონტმა და ა. ბლოკმაც). „ვალერი ბრიუსოვმა იმთავითვე ლექსის ოსტატობა გამოაცხადა პრიმატათ და უნდა ითქვას, რომ ვალერი ბრიუსოვისათვის ეს არ იყო მარტო დეკლარაცია. ამ მხრივ ვ. ბრიუსოვის განვლილი გზა რუსულ პოეზიაში ნამდვილი დევის ნაფეხურია“... არავინ რუსეთში ისე არ იცის ლექსის მაგია და ალგებრა, როგორც ვ. ბრიუსოვმა. მან ინკუბუსის სიმძაფრით ამოსწოვა პუშკინის ლექსი და ქიმიურად ახსნა თ. ტიუტჩევი. ვ. ბრიუსოვს გადაუტანია არა იოლი ომები რუსეთის ნამდვილ აკადემიკოსებთან. მისი „პუშკინის ლიცეის პერიოდის ლექსები” ნამდვილი შედევრია ჭკუისა, დაკვირვებისა და ცოდნის.

უეჭველია, ვ. ბრიუსოვს არ აინტერესებდა ლექსი მარტო მეცნიერულად, მან გამოსწოვა და შეიდნო რუსეთის ლექსის ყოველივე შესაძლებლობა და შეშლილი ინჟინერივით მიუყენა სამყაროს.

არ არის არც ერთი თემა, რომელიც ვ. ბრიუსოვს არ ეცადოს, და არ აქვს მას არც ერთი ლექსი, სადაც თემა არ ეძლიოს. ამ მხრივ ყველაზე უფრო შესანიშნავია მისი გაგრძელება „პუშკინის ეგვიპტის ღამეების”... მან დაათავა პუშკინის ეს პოემა პუშკინის ლექსით და გვაჩვენა ეროტიკის უკანასკნელი ხრამები.

ეს არის გათენებული ღამეები კლეოპატრასი.

არა მარტო ამ მხრივ, ვალერი ბრიუსოვი ნამდვილი იოანე კალიტაა რუსული პოეზიის, მან შეკრიბა, შეამრთელა და შეჭედა რუსული ლექსი ლათინური ფოლადით. შეიძლება ითქვას, რომ მის გაჭედილ სონეტს „ასარგადონს“ ტოლი არ ჰყავს მთელ რუსეთის პოეზიაში.

იქნებ ეს მიკერძოება ლათინურისადმი იწვევდეს მასში იმას, რომ მან ერთმა მისცა რუსეთის პოეზიას ყველა ფრანგული პოეტების თარგმანები: დაწყებული ვოლტერიდან და გათავებული ვილდრაკამდე, ვერჰარნი და ჟიულ ლაფორგი მთლიანად. ამ შემთხვევაში მან მართლა გაამართლა თავისი ღერბი გამწევი ხარის, რომელსაც ტვირთის ქვეშ ოფლი მოსდის: იქნება ის მეტიჩარა, ვინც გაბედავს ასეთი ტვირთის აწევას და ოფლს მოერიდება. საზოგადოდ შრომას, პროლეტარულ პოეტებზე ადრე ვალერი ბრიუსოვმა მისცა გამართლება: ეს არის მისი ოდები ადამიანზე და შრომისმოყვარეობაზე.

უეჭველია, ასეთი გადამეტება ცოდნისა და რეფლექსის აჩენს თავის უარყოფით ნიშანს წმინდა პოეზიისას და იწყებს გადახრას.

ასეთია ვ. ბრიუსოვის შეხედულება რენეგილის მეცნიერული პოეზიის ინსტრუმენტალიზმზე, რომელსაც პოეზიასთან მიახლოებითი კავშირიც არა აქვს. რუსეთში საჭირო იყო ასეთი გადამეტება, რადგან ფოფანოვის ცხენის ფაფარივით დაუვარცხნელი თმა იღებდა კანონიზაციას. შეიძლება სწორედ ასეთი რეაქციის ბრალი იყო ვალერი ბრიუსოვის გადამეტებაც. მაგრამ, როგორც ერთხელ ვალერი ბრიუსოვმა ტიუტჩევს უწოდა პოეტებისთვის პოეზიის მასწავლებელი, ისე თვითონ შეიქნა პოეტების მასწავლებელი. ნამდვილი ხაზი რუსეთის სიმბოლიზმისა გამართულია ვალერი ბრიუსოვისაგან; მისი მოწაფეები არიან ასე თუ ისე თვალსაჩინო რუსი პოეტები: მ. ვალოშინი, მ. კუზმინი, ნ. გუმილოვი, რამდენადმე ინოკენტი ანენსკიც, ო. მანდელშტამი და თვითონ მაიაკოვსკი. ვალერი ბრიუსოვამდე რუსეთის პოეზია იყო ბუკოლიკური, რუსეთის სოფლის, პუშკინის გადახვევით და ა. ფეტის დასრულებით. ვალერი ბრიუსოვი პირველი ქალაქის პოეტია რუსეთში, მისი „ქალაქი“ და „დემონი თვითმკვლელობის“ ნამდვილი შედევრებია.

შედევრები საზოგადოდ სახელია ბრიუსოვის ერთი წიგნისა; ამაში არის გადამეტება, მაგრამ ბრიუსოვი-ოსტატისთვის ეს მაინცადამაინც არ არის ჰიპერბოლა. ვალერი ბრიუსოვმა გადაიტანა შინაგანი ბრძოლა თვითონ რუს სიმბოლისტებთან, რომელთაც უნდოდათ პოეზია გადაეთრიათ მისტიკაში და რუსულ ხლისტობაში: ანდრეი ბელი, ვიაჩესლავ ივანოვი და ალ. ბლოკი. ბრიუსოვმა ბრწყინვალედ დაამტკიცა, რომ პოეზიისთვის ზედმეტია როგორც ტენდენცია „მქადაგებლისა“, ასევე თეურგია, რელიგია და ხლისტობა ანარქისტულ ინდივიდუალისტებისა (კამათი „აპოლონში“). მის მხარეზე გადავიდა ბალმონტიც, რომელმაც განაცხადა:


Вы пророки! - Я поэт!


ვალერი ბრიუსოვს გარდა პირადი პოეტის თვისებისა უშლიდა ისიც, რომ ის იყო მეთაური მებრძოლი სკოლისა. ამიტომ ყველა ახალი მიმართულება და ხელმოცარული პოეტები (неудачники) პირველად ვალერი ბრიუსოვს ეძგერებოდნენ, მაგრამ მას, ხარის ღონეს გარდა, მაგარი რქებიც ჰქონდა.

ამას წაიკითხავს ყველა, ვინც დაინტერესდება ჟურნალ „Весы“-თ. ათასი ფსევდონიმით ბრიუსოვი ებრძოდა ათას შინაურ და გარეულ მტრებს და ლარივით მიჰყავდა თავისი ხაზი. ეს ეპოპეა ბევრ პოეტს შთააგონებდა ლექსებსაც. როგორც ახალი რკინის დემონი იდგა ვალერი ბრიუსოვი თავის მეტროპოლში და კანონმდებლობდა პოეზიას. არ ყოფილა არც ერთი საინტერესო ჟურნალი აქამდის, რომ სამხატვრო ნაწილის რედაქტორი არ ყოფილიყო ბრიუსოვი და ის თითქმის იჩენდა ლეკონტ დე ლილის სისასტიკეს და შეუძლებელს ხდიდა ლიტერატურულ განყოფილების წარმოებას. ვ. ბრიუსოვმა იცოდა, რომ თანამედროვე პოეტი, ვერასდროს ვერ გაამართლებს თავის თავს, თუ ის არ იქნება ცხოვრებითაც პოეტი. ამიტომ მის ბიოგრაფიაში ზედმეტია ბიოგრაფიული გადამეტებები: პუშკინის „დონ ჟუანური სია“ სონეტების გვირგვინად, რომელზედაც წინათ ამბობდა „Еще не настало время, писать о моих романах“...

...აქ ხშირი იყო კიდეც სიკვდილის დანაშაულიც... ეს წინგაზომილობა, შეგნებული დემონიურობა ჩრდილს ჰფენს კიდეც მის პიროვნებას.

ადრინდელმა გამარჯვებამ ვალერი ბრიუსოვი მიაჩვია სინებივრეს, ის თითქმის ათი წელია, რაც თავისთავის გადამღერებით კმაყოფილია პეტრონივით... ამ ათ წელში მოიშხამა რუსული პოეზია ფუტურისტების იეზუიტ კრუჩიონიხის სახით. ამ დახსნის შემდეგ ვ. ბრიუსოვის რიტორიკა სულ სიყალბეში გადადის და თავის მოსაგრეხი ლიტერატურა ხდება: და ვალერი ბრიუსოვი ემსგავსება ჯამბაზს: სიბერის დროს ჯამბაზობა უფრო ტრაგიულია. ერთში პირდაპირი იყო ვ. ბრიუსოვი: მას არასდროს ქედი არ მოუხრია. ასე რომ, თუ მას აგინებენ, მას თავის სიამაყით შეუძლია თავის მართლება. ფუტურისტებმა კი არ იციან დაზოგვა; მათი პლაკატი კაფეში ალ. ბლოკის სიკვდილზე: Умер бар... поэт, არ იყო დამსახურებული ბლოკის მიერ... რომელიც ყოველთვის უღიმოდა მემარცხენეობას: ვალერი ბრიუსოვი იუბილემდეც პოეზიის ისტორიას ეკუთვნოდა. არ იქნება დღეს არავინ ისეთი შემოქმედი პოეტი, რომელიც ვ. ბრიუსოვით არ იყოს აღტაცებული: მართალია ის არ არის კბილის ექიმი, ქალების პოეტი, მაგრამ ის მაინც წარსულია. და ამას გარდა, იმ ლიტერატურას შმორის სუნი არ უდის: არა თუ მემარცხენე პოეტები, ვალერი ბრიუსოვს არ ზოგავენ მისი თანამედროვენიც. ანდრეი ბელი თავის მოგონებაში ალ. ბლოკზე იძლევა ბრიუსოვის სასტიკ დახასიათებას. ასეთივე დახასიათებას იძლევა მისი მეორე მოწაფე ბორის სადოვსკი, რომელმაც მას სალიერი დაარქვა პოეზიაში... ბრიუსოვის დახასიათებისათვის საკმაო არ არის ერთი მოხსენება, არ არის არც ერთი მხარე ხელოვნების, რომ მას არ ეხებოდეს გათავებული ატლანტიდებით და სომხეთის „ბიბლიით“, როგორც დაარქვა ალი არსენიშვილმა მის სომეხი პოეტების თარგმანის წიგნს. მაგრამ დასაფასებელია ის, რომ დღემდე ვალერი ბრიუსოვი სერჟანტივით დგას პოეზიის ფრონტზე და წურბელასავით არ ეშვება მას. ეს არის მისი სტიქია, მისი დაწყევლა და მისი ბედიც... მას კიდევ ესიზმრება: и замыслов незавершенных тени...

ასეთ აღტაცებულს მოუსწრებს მას სიკვდილი. ბრიუსოვის უკანასკნელი პორტრეტი ერთი წერილის საგანია. ბრიუსოვი აფთარიდან დამსგავსებია საწყალ ვერლენს... პოეზიამ მაინც იცის ატირება... საუკუნეობით ანიშნულია გზა დამასკოში.


1924