შინაარსზე გადასვლა

ვეფხისტყაოსანი/ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

ვიკიწყარო გვერდიდან
წიგნი ტარიელისა ხატაელთანა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად



391

“დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული”.

392

«მონააო ასმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

393

“ბაღჩა შევვლე, არა დამხდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: «ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი».

394

“ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

395

“დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
«აწ წადიო, ვერას გითხრობს», მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

396

“ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
ვთქვი: «საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?»

გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

397

“ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი;
მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი».

398

“მე ვუთხარ: «დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,
ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;
თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა».

399

„შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”