ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი
ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ვით არ მიყვარდეს სამშობლო - ლამაზ
და სურნელოვან ველებით სავსე!
ნანგრევი, რაიც სცდება აკლდამას
დაუცხრომელი მდინარის ხმაზე!
ვეტრფიალები მაისის საფლობს,
კორდებს საირმეს, ველებს სათაფლოს,
აფერადებით რომ სცდება დაბლობს,
მიდის თანდათან და ადის მთაზე!
მუდამ ხმაურობს დაუღალავად
ჩემთვის მყინვარის გიჟი მდინარე,
მასთან ყრმა ვიყავ, და აწცა ყრმა ვარ,
მოუსვენარი, დაუძინარე.
თავს შემოვევლე გაშლილს უვრცესად,
უმშვენიერეს ჭალას და ტყესა,
ასე რომ ელავს იმათი ზეცა,
იმათი ზეცა პირმოცინარე!
ვით არ მიყვარდეს, ვით არ მათრობდეს
მობიბინეთა ამ არეთ ბედი?
ეს არის ღვიათ, ეს არის ვარდთა,
ეს არის შქერთა უსაზღვრო ტბეთი!
თვალს როგორ მოვწყვეტ, თუ ვით მუხა შორს
დაფიქრებული გასცქერის მთა-გორს,
როგორ გადახსნის თვალწინ ჰორიზონტს,
შორს გამოჩნდება მოლურჯო ქედი!
მე მუდამ ვიგრძნობ, ვით მშვენიერ ფრთებს,
აღაგზნებს ვერხვებს ჩრდილ-ფერიები,
და დაეცემა ყანებს და ვაზებს
უულურჯესი ფერი იების.
როგორ არ გავყვე ფრენად ცვლილ რონინს,
მოგონებების ტალღათა მკრეფი,
როს დავინახო კავკასიონის
უამაყესი ბრგე რელიეფი?
ვით არ მაგზნებდეს დაბლიდან ნელი,
სიამეთ მგვრელი შეხება ქროლვის,
დასაბამიდან უარმყოფელი
ყოველნაირთა კვდომათა ჟრჟოლის?
მშობლიურია, გარს რომ მევლება,
ხალისიანთა ნიავთ ჭევლება,
თავბრუდახვევა და სურნელება
გადასარევად ცოცხალ ფოთოლის.
კარგი მიდამო, აღმართ-დაღმართით,
ვინმე იმნაირს ვერ ნახავს ეზოს,
რომ ხე არ ერგოს და ია-ვარდი
და სილაჟვარდე გარს არ ეთესოს!
ახლაც იქ ვდგავარ, სადაც მრავალ ხის
ჰაეროვანი თრთის ძოწეული
და იღუშება წარბი ძველ ციხის,
კედელს ხშირ-ხშირად სუროხვეული.
ახლაც იქ ვდგავარ ხორხზე, ხევებზე,
მწვანით დაბურულ მოსახვევებზე,
სად ყოველ ბიჯზე მდგარ ნანგრევებზე
აფეთქებული ჩქეფს ბროწეული.
ახლაც იქ ვდგავარ... ფეხგადადგმაზე
რაც კი წუთია და ნაბიჯია,
თითქო ამ წმინდა, სპეტაკ დაბაზე
თანდაყოლილი რამე ნიჭია.
დგას დილდილობით შეურხეველი,
უნარნარესი ალვათა წელი,
მუხები ძველი, ცაცხვები ძველი,
ძელქვები ძველი და გლედიჩია.
როგორ დავტოვო ყოველივე ეს,
რაც უჩვეულო მშვენებას ახვევს
ამ საოცარი მიდამოს ისეც
უბურუსო ღა უღრუბლო სახეს?!
ოდეს ფერი ცის ამ საყვარელ გზებს
გადეფინება და დაანათებს,
კიდევ უფრო მეტ მშვენებას მატებს,
მეტ სიდიადეს და სიამაყეს.
მე არ გავცვლი გზას, რომლის წარსული
თვალუწვდენელი წელიწადთ ტყეა,
უხსოვარ ხნიდან, დროგადასული
აქ დარჩენილი მისი სახეა.
ამბობენ, თითქო სამი ათას წლის,
და იქნებ მეტთა მანძილთა მწვდომის,
მომსწრეა იგი მრავალი რისხვის,
მრავალი ცეცხლის, მრავალი ომის.
ამბობენ, თიოქო ამ გზების წინა,
აწ დანგრეული ზღუდე და ბინა,
უფრო ძველია, ვიდრე ათინა
და უფრო ძველი, ვიდრე თვით რომი.
როგორ დავტოვო და წაიღოს დრომ,
რომელიც გზნებათ მრავალთ საწყია,
იქ რომ კორდია და იმ კორდზე რომ
გადარჩენილი სამი ცაცხვია?!
ის სამი ცაცხვი! მათ ქვეშ შთენილთა
აღფრთოვანებათ, იმედთა შლილთა
და ოცნებათა გადახდენილთა,
ჩემთა ოცნებათ გროვა აწყვია.
აქ ძველისძველი, უხსოვარ ხნობის,
რაც კი ბილიკი და ნანგრევია,
მას ჩემი ყრმობის, საოცარ ყრმობის,
უნელებელი ოხვრა ჰხვევია.
ნანგრევი!.. როგორ მიყვარდა მე ის...
რამდენი სევდის, რამდენ სიამის,
მე, დაფიქრებულს, ვინ უწყს, რა წვაში
მღელვარე ღამე აქ მითევია!
როგორ არ მიყვარს! გაშლილი ფარად,
კედლებზე, კარად, ფერფლზე იმ დროის,
ღელავს მთელი ტყე, მთელი ზღვა მარად
მწვანე ხეების, მწვანე სუროის.
იგი მკვიდრია, რაც მათ შრიალა
ჩემს სიყმაწვილეს შთაბერეს ძალა,
ჟამმა ხელით ვერ გამომაცალა
იგი, ტკბილი თუ მწარე ფიალა.
მედგრად! გრძნებამ წინ რომ გაიწიოს,
მეშინის ვისი, მეკრძალვის რაის?
აქ მე შეგხარი მშობლიურ სიოს,
მარად უჭკნობელს შევხარი მაისს.
და მგზნებარ ხელით ჩართულ-გადართულს,
რაც ოცნებისკენ ამ გულს წაიღებს.
ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,
ის პოეზიას ჩემსას გაიგებს!