ვინა სთქვა?!
ვინა სთქვა?! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
დაბლა ყრია ქვა და გუნდა,
ხმელი ნეშო, რკო და წაბლი,
მაღლა მთაა, სადაც უნდა
გადაფრინდეს დირიჟაბლი.
გაოცებით მწყემსი წყნარი
ისმენს ციურ დაირასა;
ვინა სთქვა, რომ ზეცის კარი
სამუდამოდ დაირაზა?
ქვევით სახნის-კავის მდელო
მიაქვს დროთა უხსოვრებას,
ახალს აგებს საქართველო
ბედნიერს და მძლე ცხოვრებას.
მაღაროდან მადნის სრული
ფენა შუქად დაირაზმა, -
ვინა სთქვა, რომ მიწის გული
სამუდამოდ დაირაზა?
მზეა მშრომელების ტომის
და დიდებით მიდის დიდით,
სოციალისტური შრომის
სასწაულთა მაგალითით.
სავსე რწმენით და იმედით
ხალხი მიდის ახალ გზასა,
ვინა სთქვა, რომ მუშის ბედი
სამუდამოდ დაირაზა?
მოლოდინმა მტრების თვალებს
იმედები დაულია, -
ჩვენი დროშა დაფრიალებს,
ჩვენი დღესასწაულია!
გავარღვიეთ კლდე და ზღვარი
და მსოფლიოს ვაწვდით ხმასა;
ვინა სთქვა, რომ ქვეყნის კარი
სამუდამოდ დაირაზა?
მხარეს ვხედავთ მდიდართ-მდიდარს
მას დოვლათი არ ელევა -
და თავდასხმას არავითარს
აღარ ძალუძს მისი ძლევა.
მასა - მამულია მძლავრი,
და მამული არის - მასა,
ვინა სთქვა, რომ სიბრძნის კარი
სამუდამოდ დაირაზა!