შინაარსზე გადასვლა

ზღაპრებიდან

ვიკიწყარო გვერდიდან
ზღაპრებიდან
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ქართული ოდის აივნის გვერდით
მე მახსოვს მუხა, -
მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდად,
ვერხვები სწუხან.
ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,
ახლოა მოლი.
ამოდის მთვარე, და ძველი ოდის
იშლება ზოლი.
დგას აივანზე ლამაზი ქალი:
მოწყენით ნუ ხარ!
ტყე შრიალებდა, - იყო ტყის ძალი,
შრიალებს მუხა.
პირიმზე, ჰაა? ხედავ, პირიმზე!
ამოდის მთვარე.
ტყე განათდება ქედზე -
ირემზე,
ვერცხლდება არე.
რა საოცარი, რა საუცხოო
ღამეა, გესმის?
ვერხვის შრიალი, ამო და უცხო
შრიალი გესმის?
ო, ვარსკვლავებო, ო, თეთრო მთვარევ,
მამა და დედა,
გესმით თუ არა ჩემი მწუხარე
ოხვრა დღეზედა?
ო, დამიბრუნე მე ჩემი გული,
მშფოთვარე ქარო,
ჩემო მძლავრო ძმავ, შენი ერთგული
ვიქნები მარად.
ო, გაიგონეთ ჩემი წუხილი
ვარდებში რგული,
ო, დამიბრუნეთ საბრალო გული,
მოკლული გული.
აღმოსავლეთო და დასავლეთო -
ზღვებო, მიწებო,
შენ სამხრეთო და შენც ჩრდილოეთო -
ჩემო ბიძებო.
ხედავთ თუ არა წამებას ჩემსას
დაღლილ თვალებით?
ო, შემიცოდეთ, ო, შემიცოდეთ,
არ გებრალებით?
ოკეანენო, მდინარევ, ზღვებო,
შორო და ახლო,
მოსიყვარულე ნათესავებო,
მე მინდა ვნახო...
ველ-მინდვრებისა და მთების ზოლო,
ველი ნელებას.
მომეცით გული, მოეღოს ბოლო
საშინელებას.