თქვი, ჭიამარია!
იერსახე
თქვი, ჭიამარია! ავტორი: ანა კალანდაძე |
1945 წელი |
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
. . . . . . . .
ვარდთ შემორჩენიათ წვეთები წვიმის
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არი?