შინაარსზე გადასვლა

იავნანამ რა ჰქმნა?/ქეთო საშინლად იტანჯება

ვიკიწყარო გვერდიდან
მდევარი იავნანამ რა ჰქმნა?
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
იავნანამ რა ჰქმნა?
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და მთიელთა და ქართველთა ურთიერთობა.


ვაშლოვანის ნახევარუდაბნო

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით; სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო, შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: - აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, - ეუბნებოდა მაგდანი ქეთოსა... აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აი შენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდე იჯექი, - მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანეს წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც პატარაობისას ის ხშირად თამაშობდა; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისი დედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

დედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა ყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი...

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებას ნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

- არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლსა. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, - უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა.

ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.