შინაარსზე გადასვლა

ივერია (1894, N42-43)

ვიკიწყარო გვერდიდან
გაზეთი ივერია,N42-43; მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესია რაჭაში
ავტორი: ქართველი ოსებში, იგივე ნესტორ ბაკურაძე
1894 წელი


სოფ. მრავალ-ძალი დაბა ონზედ ოც-და-ერთის ვერსით არის მოშორებული, მთა ალაგია; ზამთარი ძლიერ დიდი იცის; მცხოვრებთა რიცხვი სულ 100 კომლი იქნება; ქერის მეტი არა მოდის-რა, ისე მწირია მამული მაგრამ, სამაგიეროდ მცხოვრებნი ჯან-მრთელნი არიან და აქვთ სულ-მნათის თამარ დედოფლის აშენებული ეკკლესია, წმ. დიდის მოწამესი და ძლევა მოსილის გიორგის სახელობაზედ. ამ ეკკლესიაშივეა თამარისვე შეწირული წმ. გიორგის ვერცხლის ხატი, ძვირფასის თვლებით მოჭედილი, რომელსაც ერთი ალაბი სიმაღლე ექნება და სიგანე - სამი ჩარექი; ეკკლესიის თაღში დატანებულია, როგორც გადმოცემა ამბობს, თვით თამარ დედოფლის თმა.

ეკკლესია ძვირფასის თლილის ქვით არის აგებული მაღალ გორაზედ, სოფლიდან ვერს ნახევარზედ. ზეპირ-გარდმოცემა მოგვითხრობს - თუ რად ეძახიან ამ სოფელს მრავალძალს; ერთხელ, თამარის მეფობის შემდეგ, როდესაც ოსმალოს ჯარს, ჩვეულებისამებრ, საქართველოზედ გამოელაშქრა, მრავალძალის მთასაც მოხვედრია მისი უწმინდური ფეხი; გადმოევლოთ მთაზედ, და სურდათ თურმე სოფ. მრავალძალში ჩასვლა და მისი აკლება. მაგრამ, ღვთის განგებამ ღირსი არ გაჰხადათ, რო მათს უწმინდურს ფეხს შეემუსრა მრავალძლის წმინდა ადგილი.

როდესაც ოსმალოს ჯარი დაუახლოვდა თურმე ამ სოფელს ორის ვერსის მანძილზედ, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა იმ არე-მარეს, და ჯარი ვეღარაფერს ჰხედავდა; აერიათ გზა-კვალი; დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, და გადაადგნენ, უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთ ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც იმიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული ამ სოფელს და, სიმაღლით ორმოც-სამოცი საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარის-კაცი კაციგადაცვივდნენგადაცვივდნენ, და რადგანაც თვალით ვეღარას ჰხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთიერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარის კაცნი მიდიან და სადღაც სცვივიან; ერთბაშად შესდგნენ და დაუწყეს გზას ფთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო იფიქრეს; აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა, ”დაგვიხსენ, ამ განსაცდელისაგან, ვევედრებით შენს დიდებას, დავსდებთ აღთქმას, და სადამდინაც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იაღწევსიქ ჩიტსაც არ ავაფრენთო”. ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არე-მარესაც მოეფინა ჩვეულებრივი, დღის სინათლე. ჯარის კაცთ გადაიხედეს, და, დაინახეს რა ცოტა მოშორებით საყდარი, დაბრუნდნენ, კლდიდან და მივიდნენ ეკკლესიაზედ. ერთი დღე და ღამე ამ ეკკლესიის გალავანში დაჰყვეს ჯარის კაცთ და შესთხოვეს: <წმ. გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთ მოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვან ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.> ძროხა და ხარი გარეულნი ყოფილიყვნენ, საშინელი უზარმაზარნი, რომელთაც თუმცა ჰხედავდნენ, ვერავინ ჰბედავდა მათ დახოცვას ამით უნდოდა გამოეცადნათ ძლიერება ხატისა. უფლის განგებით, ოსმალოს ჯარის თხოვნა აღსრულდა. მეორე დღეს ხარი და ძროხა მართლაც მოსულიყვნენ და ეკკლესიის კარებს მოსდგომოდნენ. ოსმალოს ჯარის კაცნი უფრო მეტად გააკვირვა და გააცვიფრა ამ სასწაულმა; ეს ხარი და ძროხა ადვილად დაჰნებდა ჯარს დასაკლავად; იმათაც დაჰკლეს იქვე გალავანში და სახსოვრად ამ სასწაულისა მარჯვენა რქები ძროხისა და ხარისა ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკკლესიას შესწირეს; ეს რქები დღესაც ამ ეკკლესიაში ინახება ძველის ვერცხლით შეჭედილი.

ყოველ ამის გამო მრავალ სასწაულის მნახველთ ოსმალოს ჯარის კაცთ უწოდეს ამ ეკკლესიას: ”მრავალძალი.” - ანუ მრავალძლიერი.” - ეკკლესიის წყალობით სოფელსაც ეს სახელი ეწოდება. ზემოხსენებულ ყანწებს ხმარობენ ეკკლესიის დღეობაში, აგრეთვე ქორწილში. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არის. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის ასე წითელი, წამლით თუ არის შეღებილიო. ყანწებში ჩადის თითოში თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც ი ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს; თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო. ეკკლესიაში, როგორც ამბობენ, ოსმალოს ჯარის კაცთაგან არის შემოწირული უწინდელი მათ გამოჩენილ მეომარისა და ჯარის კაცის ვეებერთელა რკინის ქუდი, ჩაფხუტი და ხმალი, რომელსაც უწოდებენ ხვარასნის ხმალს, აგრეთვე შუბი და სხვა...

მრავალძლის ეკკლესიაში დიდძალი მლოცავი მიდის 23-ს აპრილს, როგორც რაჭის მაზრის ყველა მხრიდგან, ისე იმერეთიდგან და საქართველოს სხვა ადგილებიდანაც. ამ სოფელზედ ცოტა მოშორებით არის ერთი პატარა გორა, რომელსაც უწოდებენ ”საცხენის გორას”. ამ გორაზედ ცხენებს აბამენ მლოცავნი და ისე მიდიან ეკკლესიაში; ხალხის აზრით, ცხენის მიყვანა ეკკლესიასთან ყოვლად შეუძლებელია. აქაურ მცხოვრებთ დღესაც წმინდათ სწამთ ის აზრი, რომ ამ სოფლიდან გადასახლება საცხოვრებლათ სხვა სოფელში, არ შეიძლება, რადგანაც სალოცავი დაჰმიზეზავს და არ უყაბულებს სხვაგან გადასახლებას.

ერთხელ ვითომ ერთს გლეხს გახდომოდა შვილი ავად და ყოველივე თავისი მეცადინეობა შვილის მოსარჩენად, უნაყოფოდ დარჩენოდა. ბოლოს მრავალძლის ეკკლესიისათვის შეეთქვა, შენს კარს მოვალ სალოცავადო და სამის წლის მოზვერსაც კურატად მოგართმევო. ასეთის აღთქმის შემდეგ, როგორც ხალხი ამბობს განთავისუფლებულ იყო ავადმყოფი სნეულებისაგან, ხოლო კურატი დაკარგულიყო შინ აღარ მოსულიყო მთაში ნადირივით თურმე დადიოდა. პატრონს-კი ეგონა, უთუოდ ნადირმა შეჭამა სადმეო და აღთქმა გაგვიტყდება ხატთანაო. ერთის წლის შემდეგ, წმინდა გიორგის დღესასწაული რომ ახლოვდებოდა, გლეხი კაცი, თუმცა კურატი დაჰკარგა, მაინც მოემზადა ხატში წასასვლელად, და შეთქმულ კურატის მაგივრათ სხვა მოამზადა წასაყვანათ; კაცი ნავახშმევს, გამოსულიყო გარეთ და დაენახა რომ მისი შეთქმული კურატი მოსულიყო, საქონელში გარეულიყო და, არხეინად იცოხნებოდა. კაცი ძლიერ გაჰკვირდა, შებრუნდა სახლში, სახლობასაც უთხრა და ყველამ ერთად ღმერთს მადლობა შესწირეს ასეთი სასწაულისთვის. მეორე დილას ადრე, როდესაც სახლის პატრონი გზას დაადგა სალოცავში წასასვლელად გამოვიდა თურმე და წინ წაუძღვა მლოცავთ მრავალძლის ეკკლესიამდე.

ამ ეკკლესიას ხარკს, ე.ი. საზედაშო და სასეფისკვრეს აძლევენ შემდეგი სოფლები: სარეკი, ბარი, კრიხი, და კვაცხუთი, კომლზედ, თითო თუნგს ღვინოს და თითო ლიტრა პურის - ხორბალს. როგორც მოგვითხრობს ხალხური ზეპირგადმოცემა; სოფ. მრავალძალი, უწინ მონასტერი ყოფილა. დასამტკიცებლად ამ გარდმოცემისა, თვით ამ სოფელში, ამ ჟამათაც სხცოვრობენ, ოც-კომლამდე გლეხნი, რომელთაც უწოდებენ ”ბეროსიანთ” რამდენსამე კომლს ”ხატის კაცებს”, ეს ხატის კაცები, ყოფილან ერთ დროს ჯრუჭის მონასტრის ყმები. უწინ, ბატონ-ყმობის დროს, უკანონოდ თურმე ეპყრობოდენ ბატონები თავიანთ ყმებს, მაშასადამე არც ამ გლეხებს აკლდათ ამ ნაირი პატივისცემა მონასტრის უფროსისაგან. ეს მონასტრის ყმები მივიდნენ თურმე თავიანთ მოძღვართან - მამა გიორგი ხუცესთან (გვარად სხირტლაძესთან) და შესთხოვეს, გვიშველე რამეო. გიორგი ხუცესმა გლეხთ თანაგრძნობა განუცხადა და შუამდგომლობა გაუწია მისს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას დავით მიტროპოლიტის (უკანასკნელი მიტროპოლიტი იმერეთისა) წინაშე, ესა და ეს ყმები ჯრუჭის მონასტრისა გაათავისუფლეო. ყოვლად სამღვდელომ გიორგი ხუცესის თხოვნა უსაბუთოდ სცნა და თხოვნაზედ უარი უთხრა. გიორგი ხუცესი თურმე პირდაპირი და სიმართლის მოყვარე კაცი იყო; მან შეჰკრიბა საჭირო საბუთები, გლეხთ თურმე დროებით ჰქონდათ დადებულ-დავალებული მონასატრისათვის ხარკის ძლევა, ვადა უკვე გასულიყო, მაგრამ მაინც არ ანთავისუფლებდენ და კვალად იჩივლა. როცა გიორგი ხუცესი ქუთაისში ჩავიდა თივის საქმის შესატყობად, მოულოდნელად შეეფეთა თურმე ქუჩაში დავით მიტროპოლიტს. გიორგი ხუცესმა მოიგლიჯა ქუდი - და შენდობა მოითხოვა ყოვლად-სამღვდელოსაგან. მიტროპოლიტმა ლოცვა-კურთხევა უბოძა და თან უთხრა: ”რა ქენი, ბეჩა, გიორგი ხუცესო? შე საწყალო, არ გაგიგონია, რომ კამბეჩის მორქენალს ხარს რქა არ შერცენიაო?” გიორგი ხუცესმა გაბედვით უპასუხა თურმე მიტროპოლიტს: ”მეუფეო, თქვენმა მადლმა, არ ვიცოდი, თუ თავს კამბეჩათ ჩაიგდებდით, თვარა არ ვიჩივლებდიო”. ახლა მიტროპოლიტმა თურმე უბრძანა: ”ჰო, კარგი, ეცადე, ბეჩა, ეცადე, რომ საქმე მოიგოვო”. ”თქვენმა მადლმა, მეუფეო, ვედები და კიდევაც მოვიგებო”. მართლაც, გიორგი ხუცესმა საქმე მოიგო და გაანთავისუფლებინა ის გლეხები მონასტრის ხარკის ძლევისაგან. აი მასუკან ეს რამდენიმე კომლი ”ხატის კაცებად” იწოდებიან.

მრავალ-ძლის ეკკლესია ძალიან მდიდარი უნდა იყოს. მისი შემოსავალი წელიწადში ას თუმნ. ავა. ისეთი შაბათ-კვირა არ გათენდება, რომ აქ მლოცავი არ იყოს და ცხვარი ან კურატი არ დაიკლას. ვინ იცის, აქამდე რამდენი ფული მოგროვდებოდა, რომ ცალკე გადადებულიყო რომელსამე კეთილის საქმისათვის. ამისთანა შემოსავლიან ეკკლესიას სამრეკლოც-კი არა აქვს; ორი მისი პაწია ზარი სადღაც მოშორებით ხეზედა ჰკიდია.

ქართველი ოსებში