შინაარსზე გადასვლა

იმიტომ ხდება რევოლუცია

ვიკიწყარო გვერდიდან
იმიტომ ხდება რევოლუცია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


იმიტომ ხდება რევოლუცია,
და დაგრიალებს მსოფლიოს თავზე,
ჯვარედინებზე მყოფი პოეტი
ახალ სიცოცხლით შეიქნეს სავსე.
იმიტომ ხდება რევოლუცია,
რომ მოიტანოს დიადი რწმენა,
გვჯეროდეს საქმე და სიხარული,
აღფრთოვანება და აღმაფრენა!
იმიტომ ხდება რევოლუცია,
მისთვის გაისმის ტყვიის ზუზუნი,
რომ პოეტების არ გაისმოდეს
უიმედობა, კვნესა, წუწუნი!
იმიტომ ხდება რევოლუცია,
იყოს ოჯახიც ახალით სრული
და არა ძველის-ძველი რუტინით
შებორკილი და შეწუხებული.
სასოწარკვეთა, უსასოობა,
ძველ ხანას ჩვენთვის რომ მოუცია,
უნდა გადიწვას და აღიგავოს,
ამიტომ ხდება რევოლუცია!
იმიტომ ხდება რევოლუცია,
რომ ამიერით არ გვეფერება
მწუხარე ხანა დეკადანსისა:
დაცემა, გახრწნა, გადაგვარება.
პოეტი ახლა გამდგარი განზე
დროგადასული და მოხუცია,
უნდა შეერთო მასობრივ ტალღებს,
ამიტომ ხდება რევოლუცია!