ისევ შენ, ისევ, ქალაო
იერსახე
ისევ შენ, ისევ, ქალაო ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1886 წელი |
ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
ქვეყნისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულ-სალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას...
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ-მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.