შინაარსზე გადასვლა

იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე

ვიკიწყარო გვერდიდან
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მიცურავს, როგორც ხომალდი ზღვაზე,
აცურებული იფნიან მთაზე
შუქი... სხვა ასე, ლამაზი ასე,
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
რა მზიანია ბანაკის ბაღი.
ორი არწივი ცურავს ფრთალაღი.
ძვირფასი ბაღი, საამო ბაღი,
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
ისმის ბავშვების ხმა კმაყოფილი.
მათით დატვირთულ-გადაყოფილი
მიჰქრის ცისფერი ავტომობილი
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
ხელთ გეპყრა შოთა, შექსპირი, ფედრა,
სახლის კარებში ერთხელ შეხვედრა,
დაუვიწყარი გვქონდა შეხვედრა
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.