იქით ნუში, აქეთ ნუში...
იერსახე
იქით ნუში, აქეთ ნუში… ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
იქით ნუში, აქეთ ნუში,
დახეთქილი ბროწეული,
ისევ ალუჩების ბუში
და ატმების ძოწეული.
გადაუგდე ნიავს ყელი,
სიო მოჰქრის შებინდების.
მოისმინე წინანდელი
გაჟრჟოლება სიმინდების.
შორით ელავს ჩვენი თეთრი
კოშკის ძველი გალავანი,
წინაპართა ჩვენთა ხვედრი -
მათი მიწა და სავანე.
დავუბრუნდეთ… უნდობარ სულს
თითქო კარი დარაზოდეს,
შენ ნუ მკითხავ მაინც წარსულს,
არც მე გკითხავ არასოდეს.