შინაარსზე გადასვლა

კოლხიდის ცის ქვეშ (1921)

ვიკიწყარო გვერდიდან
კოლხიდის ცის ქვეშ (1921)
ავტორი: ტიციან ტაბიძე


(ნაწყვეტი მოგონებიდან, კაფე „ქიმერიონი“)


აპრილის პირველი შეხედვა


რაც არ უნდა მოაბრუნოს ვალერიან გაფრინდაშვილმა უკუღმა პეიზაჟი, ვერავინ ვერ იტყვის, რომ იყოს მეტი სიხარული გარდა აპრილის სითეთრისა. ჩემთვის აქამდე აუხსნელი ფაქტია, აზიის პოეტებმა რატომ გააღმერთეს მაისი. გოლოვინის პროსპექტს მაშინ უკვე ერქვა რუსთაველის, როცა ერთმა მოსკოველმა ჟურნალისტმა და თეატრალმა ი. ლვოვმა პირველად გაგვაცნო სერგეი სუდეიკინი. ყველა იმ ხელოვანთაგან, რომელნიც რუსეთის სამოქალაქო ომმა ჩამოიყვანა საქართველოში, უთუოდ საინტერესო დარჩა ს. სუდეიკინი. სუდეიკინმა ჯერ რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი. ავადმყოფი და ნერვებგანადგურებული, ის მაინც მოხვდა მობილიზაციაში და მსახურობდა არმიაში, შემდეგ კი თითქმის ერთი წელიწადი იწვა ყირიმის სანატორიუმში. მისმა მეგობრებმა და ყველაზე უფრო თვითონ მან დაჰკარგა იმედი გადარჩენის. მე არასდროს არ მიგრძვნია სიკვდილის მეტაფიზიკა ისე დაჯერებით, როგორც სუდეიკინთან საუბარში. მისმა მეგობარმა, პეტერბურგელმა მხატვარმა საველი სორინმა, მისცა მას პირველად აზრი საქართველოში წამოსვლის. არის რაღაც აუხსნელი სუდეიკინის და სორინის მეგობრობაში - ეს შეუძლებელი შემთხვევაა მოცარტის და სალიერის დამეგობრების. სუდეიკინში ნამდვილი არტისტის სულია, რომელიც მხატვრის სახით დადის ქვეყანაზე - სორინი აძლევს მის ცხოვრებას მიწიერ აზრს, რაც საჭიროა, რომ შიმშილით არ მოკვდეს არტისტი. არ ვიცი, დარჩა თუ არა ვისმეს აწერილი რუსეთი სამი წლის წინ: იყო რაღაც ფანტასმაგორია, მართლა ასტრალური მტვერი გაყინული სიცივით თოვდა მაშინ რუსეთში, იყო სამოქალაქო ომი, ჩრდილო პოლუსის ოკეანის სიცივე და შიმშილი მისტერიამდე.

კულტურული ადამიანები კოცნიდნენ მიწას ჩვენი თვალის წინ თბილისში და ტიროდნენ, როცა ხედავდნენ ელექტრონის სინათლეს, თითქო საფლავიდან გამოღვიძებული ხალხი ვერ იტანდა ჰაერს და სინათლეს.

ყველაზე უფრო ბოგემა და გაბედული პოეტი, თითქოს სტენკა რაზინის ტემპერამენტით, ვასილი კამენსკი ტიროდა კაფეში, როცა გრძნობდა სითბოს ჟრუანტელს და დაუსრულებლად, რუსული სიმართლით ჰყვებოდა ამბებს მოსკოვის სიცივეზე.

მაშინ ჩვენ გვესმოდა ფრაზა, რომელიც შემდეგ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა ჩამოიტანა პრაღიდან. აკადემიკოსი პოეტი ივ. ბუნინი ამთქნარებს და ამბობს: ღმერთო, დამსვა ერთი მაინც საქართველოშიო.

აქედან წარმოდგა ლეგენდა საქართველოს ოაზისობისა, აქედან განმეორდა ბიბლიური ლეგენდა, რომ სამოთხე უნდა ყოფილიყო ევფრატის გადმოღმა.

ერთი შეხედვით გრძნობთ უთუოდ დიდ არტისტს.

ღია ცისფერი თვალები, რომელსაც შეხვდები მხოლოდ რუს არისტოკრატიაში.

ტანი ასტრალის სიმჩატით და ანტიური ფორმებით.

ორმოც წელზე მეტი, ვინ იტყვის, რომ ის კიდევ არ იყოს ლიცეისტი.

ნამდვილი გამართლება დორეან გრეის.

ღია თვალები მაინც ინახავენ ახალგაზრდობასა და შემოქმედებასთან ერთად რაღაც დიდ დაწყევლას.

სუდეიკინს მარტოს ვერავინ წარმოიდგენს.

მას თან დაჰყვება თავისი მუზა.

ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავია საუკუნო არტისტული სიყვარულისა, ვერა არტუროვნა ლური-სუდეიკინისა, გრეტხენის თვალებით, რომელიც აჩერებდა ერთ დროს ტფილისში ყველა გამვლელს, ვისაც ჰქონდა რაიმე ესთეტიკური.

ამ ქალმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა სუდეიკინს.

მაგრამ ამ თავგანწირვას ჰქონდა და აქვს გამართლება. ეს ალბათ ყველაზე უფრო შეყვარებული ცოლ-ქმარია ყველა არტისტებში.

სუდეიკინის ყველა სურათები ვარიაციაა ერთი სახის, რომელიც აგავს თანამედროვე მადონას, და ამ გამეორებაში სრულიად არ არის ერთსახეობა. ძლიერი სიყვარული ანათებს უთვალავი სხივებით.

პირველი შეხვედრა, როგორც ყოველთვის, იყო პაოლო იაშვილი. წვიმიან აპრილის დღეს ჩვენ მოვხვდით კაფე „დარბაზში“... პირველი გრძნობა, რომელიც შეიძლება შენიშნო - სუდეიკინის აღტაცება პაოლო იაშვილით. ეს არც ტრადიციის სტუმართმოყვარეობაა - ეს არის პაოლო იაშვილის ახალგაზრდა სიხარული - მისი პირველი სახე პუშკინის მეგობრებში: გაბედვა, პათოსი, მოცარტობა. სუდეიკინი გრძნობს ამას, როგორც არტისტი. მეორე. სუდეიკინისთვის საქართველო პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის კავკასიაა.

ს. სუდეიკინმა ნ. მიწიშვილს პირველად იმ დღეს დაარქვა ნაპოლეონი, და ამ დღის შემდეგ ყოველთვის იკითხავდა მას, როგორც ჭინკას. მე მგონია, პირველად სუდეიკინმა იგრძნო პოეტური სახე ნ. მიწიშვილის.

სუდეიკინმა მთხოვა მივსულიყავი მასთან ბინაზე, რომ მენახა ყირიმის ეტიუდები - გრიბოედოვის ქუჩა, ლვოვის ბინის ქვეშ, თითქმის სარდაფის ოთახი, ოთახი სავსე სურათებით. მე იმ დღეს პირველმა ვიგრძენი, რომ სუდეიკინი არის მუსაიფის გენია, როგორც უაილდი.

პირველი აზრი იყო დაგვეწერა დიალოგი მხატვრობაზე და კერძოდ ქართულ გამოფენაზე, რომელიც იყო მოწყობილი მთავრობის ხარჯით დიდების ტაძარში.

მე გულახდილად ვუთხარი, რომ ვერ მივიღებდი დიალოგის ფორმას, რადგან ის თვითონ გენიალურად ლაპარაკობდა მხატვრებზე. მე ჩავწერე მაშინ მისი წერილი ქართველ მხატვრებზე და დავბეჭდე გაზეთ „საქართველოში“, და მგონია ეს ერთადერთი წერილია საქართველოში ნამდვილი ოსტატის, დაწერილი ცოდნით და სიტყვის უჩვეულო ეკონომიით. პირველი გაკვირვება ეს იყო ნიკო ფიროსმანი, გენია აუხსნელი და საქართველოს გამმართლებელი, პური და ღვინო... ქეიფი და სიხარული.

თუ ნიკო ფიროსმანს კახეთში არ უცხოვრია, კახეთში მაინც უმოგზაურია. ამბობენ, ყოფილა ერთ დროს ობერკონდუქტორი. არის ირონია ბედის.

სხვა ყველა აპოკრიფული სიტყვები, თუნდაც რომელსაც ავრცელებს მოსე თოიძე - მხოლოდ მოგონილი ამბებია.

ჩვენ, „ცისფერყანწელებმა“, პირველად ტფილისში გავხსენით სეზონი კაფეში. ბევრი ალბათ მოიგონებს კაფეს, რომელსაც მაშინ „დარბაზი“ არ ერქვა, დიასახლისებში გვახსოვს პოეტესა განდეგილი და იუსტიციის მინისტრის შალვა მესხიშვილის ცოლი ქეთო. მოულოდნელად დაიწყებოდა ლექსების თქმა: პირველად დაიწყებდა და შემდეგ სხვა გამოსვლებს დირიჟორობდა პაოლო იაშვილი. ლექსებს ამბობდნენ: ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ლექსი უთქვამს კ. ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ი. ზდანევიჩს და ბევრ სხვას.


მეგობრებო, არის დრო,

რომ წარმოდგეს არისტო -


არისტო ჭუმბაძე - რომელიც ამ დროს ემზადებოდა დიპლომატად სკანდინავიაში. მაშინ ჩვენ მოვინდომეთ გვქონოდა ჩვენი საკუთარი კაფე. ბინა აღმოჩენილი იყო, მაგრამ იყო სიძნელე. ქართული მთავრობა ერიდებოდა რეკვიზიციას, ისე კი ვინ დასთმობდა ბინას. მაშინ ქართველ არტისტებისათვისაც არ იყო თეატრი.

დავიწყეთ ფიქრი კაფეს მოწყობისათვის გრანდიოზულ ფორმებში. სამი თვის შემდეგ, როცა ბინა გადაცემული ჰქონდა მწერალთა კავშირს, და მისი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი ელოდა ვინმეს, ვინც ამ კაფეს მოაწყობდა, უცებ გამოჩნდა ივანე მაჩაბელი. საქართველოში ვერავინ დაიჩემებს მეტ თეატრალობას, ვიდრე ი. მაჩაბელი. ბევრს მოიგებდა მაშინ ტფილისის ოპერა და დრამა, რომ ი. მაჩაბელი ყოფილიყო ანტრეპრენიორი. მას აქვს გამბედაობა და არტისტებისთვის საჭირო დიქტატორის ხელი. აქ პირდაპირ იწყება ისტორია „ქიმერიონისა“.

მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა, რომ კაფესთვის დაერქვა სახელი. იყო აუარებელი წინადადება ყველა პოეტის, მაგრამ შერიგება მაინც არ მოხდა.

უკანასკნელი კრება მოხდა „ნაკადულის“ რედაქციაში, მწერალთა კავშირს მაშინ არ ჰქონდა თავისი ბინა. „ცისფერი ყანწელი“ პოეტები გაჩერდნენ „ქიმერაზე“. იყო წინადადება „ქიმერეთის“ - პაოლო იაშვილი, „ქიმერია“ - ტიციან ტაბიძე. გაიმარჯვა წინადადებამ: - „ქიმერიონი“ - სიტყვა აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ მიმართეს ს. სუდეიკინს დაეხატა დეკორაცია „ქიმერიონისა“.

ს. სუდეიკინი, ლ. გუდიაშვილი და დ. კაკაბაძე შეუდგნენ „ქიმერიონის“ მოხატვას.

ცალ-ცალკე ყოველი ამათგანი ცდილობდა დაეხატა ორდენი „ცისფერი ყანწების”. როცა პირველად გუდიაშვილი და კაკაბაძე შევიდნენ ბინაში და წარმოიდგინეს მისი დახატვა, ორივეს ფერი ეცვალა... დეკორაციას არც ერთი მათგანი არ იყო ნაჩვევი და ორივე შეაშინა გრანდიოზულმა შენობამ.

მაგრამ საკმაო იყო გამოჩენილიყო ნამდვილი ოსტატი-დეკორატორი რუსეთის საიმპერატორო თეატრის და პარიზის დიაგილევის სეზონის გამტარებელი, სუდეიკინი, რომ ყველაფერი გამოეცვალა. ქართველმა მხატვრებმა იგრძნეს, რომ მათ თავს დაადგათ ღმერთი. მხატვარმა ა. ზალცმანმა თეატრიდან გამოაგზავნა ორი მღებავი - მალიარი, გუდიაშვილმა იმათ დაარქვა მალარმე, და ქიმერიონის დარბაზში აიმართა ორი მაღალი კიბე ერთი სუდეიკინისთვის და მეორე გუდიაშვილისთვის. გუდიაშვილის მეორე კედელი შედევრია ქართული ხელოვნების. ეს სუდეიკინმაც იწამა. პირველი კედელი დაიწყო სუდეიკინმა.

შესავალ კარებთან რომის კეისრის წამოსასხამში დგას პოეტი. მისი მეორე სახე იხედება ალაყაფის კარის სარკმელში. მის წინ დგანან ქალები: განსაკუთრებით ყველაში უფრო გამოირჩევა ერთი ქალი მარგო, ნამდვილი პროტოტიპი ფრანსუა ვიიონის კაბატჩიცა მარგოსი. ესპანური ქუდით და წამოსასხამით, ყანწებით ხელში დახატულია პაოლო იაშვილი, თავს ახვევია მტრედები და სახე უბრწყინავს, როგორც ილია წინასწარმეტყველს... ფონი - ცისფერი მტრედები ცისფერ ყანწებში აღნიშნავენ მის გულკეთილობას.

შემდეგ სუდეიკინის ავტოპორტრეტი. ხელში უჭირავს სარკე, რომელშიაც იყურება ამური, და როგორც მადონა - დგას ვერა არტუროვნა, ეს არის ახალი მისტერია. ეს სახეები გადაღებულია ორიგინალიდან. შემდეგ ხეზე მიყუდებული, რომელიც აღნიშნავს ხე ცნობადისას, დგას ტიციან ტაბიძე პიეროს წამოსასხამში, ქვევით ტრაგიკული ბალაგანი; არღანი და თუთიყუში - ფონი მეწამული ქალდეასი, შემდეგ, როგორც საიდუმლო სერობა, ნინა მაყაშვილი კოლომბინას კოსტიუმში და ნიღაბით; და კიდევ ქართული სამება მხატვრების: ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე.

ერთი ეპიზოდიც:

იმ დღეებში დიდების ტაძარში გამართული იყო გამოფენა. ლ. გუდიაშვილი ეუბნება სუდეიკინს: მემარცხენე მხატვრებმა, ფუტურისტებმა მე და ზდანევიჩი აგვირჩიეს ჟიურიში, მემარჯვენე მხატვრებმა - თქვენ, და კრებას დაესწარითო. გუდიაშვილს არ გაეთავებია სიტყვა, რომ მას თავს დაეცა საღებავის ვედრო მალარმესი და სუდეიკინი გაბრაზებული მზად იყო ხელით მივარდნილიყო: მე თქვენ გიჩვენებთ მემარცხენეობას; თქვენ დაბადებული არ იყავით, რომ მე ვიყავი ნოვატორი და ფუტურისტიო. ამ სცენას ჩვენ არ დავსწრებივართ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გუდიაშვილი ძლივს შევგზავნეთ ქიმერიონში, რადგან ეშინოდა სუდეიკინი მომკლავსო. ლადო თავის შიშს გამოთქვამდა ისეთი ეთნოგრაფიული კინტოური აქცენტით, რომ ჩვენ ვერ ვიკავებდით სიცილს. შემდეგ სუდეიკინი ჩავიდა მთავარ დარბაზში. ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“.

ბევრი დიდი მარკის მხატვარი ყოფილა აღტაცებული ამ ახალი ბაიარეტით, სადაც საუბედუროდ თუმცა იყო ნ. ევრეინოვი და დიდი პოეტებიც, მაგრამ ვერ დაიდგა პოეზიის სიმფონია.

საჭირო იყო სუდეიკინისათვის გენიალური ცოდნა პარიზის კაფეების, რომ ასე შთაგონებულიყო. აქ არიან ძველი კოკოტკები, ახლად შესული კაფეში, მხატვრები, პოეტები: რემბო, ანდრეი ბელი და ულამაზესი ქალები.

... უკვე სეზონის სამზადისია. არც ერთ რეჟისორს ქვეყანაზე არ უფიქრია ისე ტანჯულად სეზონზე, როგორც სუდეიკინს. მაშინ თბილისში იყო ნიკოლაი ევრეინოვი, ერთი ხუთთაგანი მსოფლიო რეჟისორებში, მაგრამ იმასაც აკვირვებდა სუდეიკინი.

ერთ ფელეტონში არ აიწერება ყოველი დღე და მოგონებები ვიჩესლავ ივანოვზე, კუზმინზე, მაქ. ვოლოშინზე, ბალმონტზე, სოლოგუბზე, ვრუბელზე, ყველა ამ მხატვრებსა და ლამაზ ბალერინებზე...

სუდეიკინის ალბომი სავსეა ლექსებით: პეტერბურგი, ყირიმი; საქართველოს ყველა პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი, არტისტი.

ყველა ამ მუშაობისთვის სუდეიკინმა აიღო 10. 000 მანეთი.

მან უარი თქვა, როცა ჩვენ შეძლება გვქონდა მიგვეცა ნახევარი მილიონი პარიზში წასვლის წინ. მაშინ ფრანკი ღირდა 15 მანეთი. მან ტფილისში დატოვა ყველა თავისი სურათი და მათ შორის ავტოპორტრეტი, რომელიც ამშვენებდა ხელოვნების სასახლეს „ცისფერ ყანწების“ რედაქციაში.

„ქიმერიონის“ გახსნის დღეს, როცა ას უცხოელ სტუმარში მხოლოდ სამი რუსი იყო: სერგეი სუდეიკინი, ნიკოლოზ ევრეინოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი, მან წააკითხა თავის ცოლს პოემა ორმოც სტრიქონში, სადაც იყო ნამდვილი აპოლოგია რუსული გენიის.

პარიზში წასვლის წინ, თბილისის ვაგზალზე სუდეიკინები და სორინი გააცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.

სუდეიკინები გულწრფელად სტიროდნენ საქართველოზე. რკინიგზის მოსამსახურეებმაც იგრძნეს, რომ მიდიოდნენ პატიოსანი სტუმრები და იყვნენ თავაზიანი, როგორც არასდროს.

შავ ზღვაზე მათ წამყვან გემს თავს დაესხნენ პირატები. ყველა მგზავრი გაძარცვეს, სუდეიკინებს არტისტის გულს ვინ წაართმევდა.

ყოველღამ „ქიმერიონში“ სადღეგრძელოს და მოგონებას თავადი მიშკინისას, რომელიც ჩვენთვის სუდეიკინი იყო, იმეორებდნენ გამტყდარი სარკეები და უთვალავი ქიმერები.


1921 წ.