ლანდი−არა-ქვეყნიური
ლანდი−არა-ქვეყნიური ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
როცა შუქი ვარდისფერი, ვარდისფერი, მორცხვი, ნაზი,
დაიღვარა განთიადზე,
როცა სხივმა ოქროსფერად მთა აანთო ბუმბერაზი,
და ბაღს ახლად აყვავებულს გადააჭდო ოქროს ხაზი,
და ყვავილებს, მორცხვ ყვავილებს მოახვია ოქროს მტვერი
და წერწეტა ხის მწვერვალებს ფრთა შეახო ოქროსფერი,
და ტოკავდა დილის ხმებზე წვეთ-ანკარა ოქროს ჩქერი,
მაშინ, ტურფავ, გადაბურულ ხის რტოებში ისე სჩანდი,
ო, საოცრად შემიყვარდა შენი ლანდი, შენი ლანდი.
ვერ ვარჩევდი, სიცოცხლეო, მე იმ გვარად გარდაგქმენი,
რომ მეგონა თუ ხორცსხმული იყო ლანდი იგი შენი.
მაგრამ რისთვის გამჭვირვალედ გახდა ლანდი, ჩრდილი, ან და
რისთვის შორად, ზეციურად, მიუწვდომლად მომელანდა?
ხელუხებელს, ჰაეროვანს სხეულს ხელი ვერ შევახე
და ვიგრძენი, რომ თანდათან იშლებოდა ლანდის სახე
და ვიგრძენი, რომ როდესაც მომეხვია მსურდა ხელი,
მხოლოდ ეთერს უსხეულოს ჩრდილი რთავდა შეუცვლელი.
დნება, დნება ოქროს ლანდი!
დნება ლანდი,
ჰქრება ლანდი,
ვდგევარ გრძნობა მორეული,
მოგონება სევდას მაქსოვს,
მაგრამ მახსოვს, მუდამ მახსოვს
ლანდი წმინდა, მოწყენილი,
ლანდი არა-ქვეყნიური, ლანდი უცხო შორეული!