შინაარსზე გადასვლა

მესტიის ხიდი

ვიკიწყარო გვერდიდან
მესტიის ხიდი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მესტიის ხიდი, ო, ჩელტის ხიდი!
ცის მშვიდი რიდი ედება უშბას.
ცეკვის ალერსით უუკვდავესით
ხენი თავისით აბამენ შუშპარს.
მესტიის მთები, მესტიის მთები!
ჭიანჭველები აგებენ ციხეს.
თევზნი ადრიან, ვით ინატრიან,
მინდვრად დადიან, სტოვებენ რიყეს.
მესტიის ღობე, მესტიის ღობე!
ყარაულობენ ყველებს კატები,
თაგვები დათვებს აჭრიან თათებს,
დღეა მკათათვის გზის დამატებით.
მესტიის ხიდი, მესტიის ხიდი!
თხას მატყლს სთხოვს დიდი ბამბურა ცხვარი.
ნუთუ არ გჯერათ, ორბს დასაჭერად
დასდევს ამჯერად ბეღურა ცხარი.
მესტიის ზარი, მესტიის ზარი!
მშვიდი და წყნარი ხეზე ზის მწყერი.
ამბავი ესე, აღვნიშნოთ დღესვე -
მგლები ცხვრებს მწყემსვენ მხნედ, წესიერად.
მესტიის ხიდი, მესტიის ხიდი!
აქ აღმა მიდის წყალი ჩქარ-ჩქარი.
მეორე ნაპირს ვხედავ პირდაპირ -
ძროხას უნაგირს ადგამს მაყარი.
მესტიის ქედი, მესტიის ქედი!
მზე დასავლეთით ამოდის გვიან,
მართლაც ზღაპარი უფრო ის არი.
რომ ქალთა ჯარნი ჩუმად არიან!
ყვავილთა თოვის, გრძნობათა თოვის.
და სიახლოვის შემშლის სიახლე.
ძვირფასი იგი მიდის ბილიკი,
და ხიდს იქეთა, ჰა, შენი სახლიც!
ეს ხიდი ჩელტის - ხსნა არის ჩემთვის!
მგზავრი ძლივს ელტვის, წუხს: აი, გიდი!..
მე კი ცხენის ძვრით, სწორ ისარივით,
სწრაფად, ქარივით გადავჭერ ხიდი!