შინაარსზე გადასვლა

მეწყერი

ვიკიწყარო გვერდიდან
მეწყერი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მეწყერი გარინდებულა, არ იძვრის, გინდა შესწყერი!
მე მინდა ვუთხრა უძრავებს: წინ წყალი, უკან მეწყერი!
ეს უძრაობა დროდადრო მეც მიშლის - შრომა მჩვევია,
მაგრამ წრფელ ხმაში არასდროს ყალბი არ გამირევია.
მეწყერი მთიდან დაეშვა, მეწყერი ღრიან-კლდოვანი.
თან მოაქვს მთას მოწყვეტილი ტყეები - სამოცწლოვანი
სამოც წელს ვუახლოვდები, სიბერის ხანა მწვევია.
მეტყვიან: ერთი ღერი თმა კაცს თეთრი არ გირევია.
მეწყერი მთიდან დაეშვა, ხეობას აღარ დაჯერდა;
მაგრამ წყალს შეხვდა მდინარეს, და იმწუთშივე გაჩერდა.
რა არის წყალი ლხინისთვის, ან - დარდი როცა გწვევია?
მე კი, ჩემს თასში არასდროს წყალი არ გამირევია!