შინაარსზე გადასვლა

მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე

ვიკიწყარო გვერდიდან
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მკათათვის მზე ამწვანებულს უვლის ველს,
აქა-იქ ჩანს დაშთენილი კიდევ ძნა,
გაენთები მოგონებებს უდარდელს,
დავიწყება არ იქნა და არ იქნა.
ხავერდივით ამწვანებულ მდელოზე
ცხენით მივქრი, გული იწვის და დნება.
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე.
იმ მინდვრებზე, ხვალ რომ დაიბადება.