მთას ვიყავ
იერსახე
მთას ვიყავ ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1890 წელი |
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.
საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მეორე რჯულადა.
ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.
მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,
რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად?!