შინაარსზე გადასვლა

მივარდნილი აივანი

ვიკიწყარო გვერდიდან
მივარდნილი აივანი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,
მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა - კაკაბი.
სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.
გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.
რა უბედური ქარია!
წამოველ… ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია…
ვამაყობ საქართველოთი!
ოქტავებით ვწერ პოემას,
ესეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.
და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!
სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.
რა უბედური ქარია!
წამოველ… ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია…
ვამაყობ საქართველოთი!